Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

დიდი პარასკევი

კონდაკი: „რომელი ჯუარს-ეცვა ჩუენთვის, მოვედით ერნო, უგალობდეთ მას, იხილა იგი მარიამ ჯვარსა ზედა და სთქვა: დაღაცა თუ ჯვარსა ზედა გიხილე, შენ ხარ ძე ჩემი და ღმერთი ჩემი, ყოვლადძლიერი, კაცთმოყვარე და მაცხოვარი“.

 

 

 

დიდი პარასკევის მთელი მსახურება მაცხოვრის ჯვარზე ვნების გახსენებას ეძღვნება და უდიდესი მწუხარებით არის განმსჭვალული.

ცისკრის ჟამნზე თორმეტი ვნების სახარება იკითხება. ამასთან, დღის მსახურების თითოეული ჟამნი ნათლად წარმოაჩენს მაცხოვრის ვნების სხვადასხვა სახეს, გეთსამანიის ბაღში სისხლით განზავებული ოფლით დაწყებული, გოლგოთაზე მისი ჯვარზე აღსრულებით დამთავრებული. თითოეული საგალობელი თუ საკითხავი სინანულის ცრემლითაა აღსავსე, გულის შემძვრელია და ცოდვის შემმუსვრელი, ამავე დროს იმედის ჩამსახველიც.

დიდ პარასკევს, მაცხოვრის ვნებასთან დაკავშირებით, უსისხლო მსხვერპლშეწირვა – წმიდა წირვა არ აღესრულება, ნიშნად იმისა, რომ თვით უფალი იყო უკანასკნელი სისხლიანი მსხვერპლი ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების აღსრულებისას.

მწუხრის ჟამნის ბოლოს საკურთხევლიდან შუა ტაძარში წმიდა გარდამოხსნას გამოაბრძანებენ, რომელსაც წინდაწინ გამზადებულ ლუსკუმაზე დაასვენებენ.

ამ დღეს მთელი გულის შემუსვრილებით ასე უნდა ვლოცულობდეთ:

ტროპარი: „მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან ჰსჯულისა პატიოსნითა სისხლითა შენითა, ჯვარსა ზედა რა დაემსჭვალე, და ლახვრითა განიგმირე, და უკუდავება აღმოუცენე კაცთა, მაცხოვარო ჩუენო, დიდება შენდა“.

 

დავით გურამიშვილი

მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,

მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,

ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;

მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;

ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,

ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო,

ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო;

დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!

ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;

წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;

მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.

თავს კრეტსამბელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.

ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:

დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?

მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო;

ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.

უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო,

პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, – ჭამე, სვი ესო.

ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!

მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!

განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;

რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!

ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.

ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

Exit mobile version