მეათე მცნება: არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა

მეათე მცნება: არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

1. საღმრთო სჯულის მეათე მცნების მიხედვით ჩვენ გვეკრძალება მანკიერი გრძნობები, აზრები და სურვილები. ესენია: ტკბობისმოყვარეობა, ანგარება, თავმოყვარეობა, ამპარტავნება და ხორციელი სიტკბოება. ჩვენ ყველანი დაპყრობილნი ვყავართ ამ ცოდვებს.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

2. ამ მცნების საწინააღმდეგო ცოდვაა შური. შეინანეთ, თუ ვინმეს გშურთ მოყვასის სიმდიდრე, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ნიჭი, სილამაზე, წარმატება.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

3. ხომ არ გაგხარებიათ სხვისი უბედურება, შეამოწმეთ თქვენი თავი, ხომ არ ნეტარებდით, როცა თქვენი მტერი გაუბედურდა?

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

4. ხომ არ გისურვებიათ თქვენი მაჭირვებლისათვის ავადმყოფობა ან სიკვდილი?

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

5. გული ხომ არ გწყდებათ, როდესაც სხვას ბედნიერს ხედავთ, თქვენი აზრით კი ისინი ამ დროს უნდა იღუპებოდნენ?

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ყველა ცოდვილი აზრის, სურვილისა და საქციელის ფესვი თავმოყვარეობაა, ხოლო მისი შედეგი მწარეა – ჩვენი სულის მისწრაფება უსასრულოდან სასრულისაკენ, ღმერთიდან საკუთარი თავისაკენ. ესაა ჩვენი სულის სამი მთავარი ძალის – გონების, ნებისა და გულის მოძრაობა უკუღმართი მიმართულებით, როცა ისინი დაკმაყოფილებას ეძებენ გრძნობისმიერ ცხოვრებაში, ნაცვლად იმისა, რომ ღმრთისაკენ იყვნენ მიმართულნი. ჩვენი თავმოყვარეობა გამოიხატება ოცნებისმიერ ყოვლისმცოდნეობაში, თვითამაღლებასა და სიამაყეში, ეგოიზმსა და ხორციელ ტკბობაში. აქედან კი მომდინარეობს ყველა ცოდვილი მიზანი, სურვილი, სიტყვა და საქმე… უფალო, მოგვიტევე, ჩვენ ყველანი თავმოყვარენი ვართ!

ჩვენ უკმაყოფილონი ვართ ჩვენი ხვედრით, შეგნებულად და შეუგნებლად გვინდა ყველაფერი, რასაც ვხედავთ და ვიგებთ. გვინდა – საჭმელი, სამოსელი, სახლი, ავეჯი, ყველაფერი, რაც ფუფუნებას წარმოადგენს და რასაც სხვის სახლში ან მაღაზიაში ვხედავთ. უსაშველოდ გვწყდება გული იმაზე, რაც არა გვაქვს, მზადა ვართ საყვედური ვთქვათ ჩვენს ხვედრზე და თავს უბედურს ვუწოდებთ. ისე გვშურს სხვისი ქონება, რომ ბევრჯერ ავადაც კი გავმხდარვართ. სამარცხვინოა და მტკივნეული ყოველივე ამის გახსენება.

ჩვენ ვტკბებით მრუშული ფიქრით, როდესაც ბილწი თვალით ვუყურებთ სხვის ლამაზ ცოლს ან ქმარს.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ყოველივე ამას ისიც ემატება, რომ ზემოთჩამოთვლილ აზრებს, სურვილებსა და გრძნობებს ცოდვად არც კი ვთვლით: ხომ არაფერი ჩაგვიდენია, მხოლოდ გავიფიქრეთ, ვიოცნებეთ, სული დავიტკბეთ და ამიტომაც არც ვინანიებთ, რითაც ჩვენს სულს მარადიული დაღუპვისათვის ვამზადებთ.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ჩვენ მეტისმეტად თავქარიანები ვართ და ამიტომ უშიშრად ვცოდავთ, რითაც გამოვცდით უფლის დიდ მოთმინებას და უსასრულოდ გადავავადებთ საკუთარი გამოსწორებისათვის ძალისხმევას.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

უფალო, ბევრი ჩვენგანი მოუცლელობის საბაბით იშვიათად ამბობს აღსარებას. არადა რაოდენ საჭიროა ხშირი სინანული. რამდენჯერ მომხდარა, რომ სულიერი კრიზისის ჟამს იმის ნაცვლად, რომ სასწრაფოდ მიგვემართა სულიერი მკურნალისათვის, მოუცლელობის მიზეზით სინანული გადაგვიდია, მერე კი ყველაფერი დავიწყებას მისცემია…

შენ, უფალო, ითხოვ ჩვენგან აღსარებისას განვაგდოთ ყოველივე ბილწი, შევიძულოთ ცოდვა, მოვიკრიბოთ ძალა, რათა ამიერიდან აღარ შევცოდოთ. ყოველივე ეს კი ვიცით, მაგრამ პრაქტიკულად ვერ ვახორციელებთ.

შენ, უფალო, მოუწოდებ თითოეულ ჩვენგანს, მწარედ დაიტიროს თავისი ცოდვები, ტანჯვა განიცადოს მათ გამო, გულისტკივილით აღიაროს ისინი და საბოლოოდ შეიძულოს. ჩვენ კი მოვდივართ, მოგეახლებით უგრძნობლად და ასეთებივე მივიდვართ შენგან…

საშინელებაა ამაზე ფიქრი: ნუთუ ჩვენ ყოველთვის მიუტევებელნი და შეუნდობელნი მივდიოდით შენგან?

უფალო, თითოეულმა ჩვენგანმა ახლა მტკიცე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ უარყოფს, შეიძულებს ცოდვას, გარდაქმნის თავის ცხოვრებას… და ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს აღთქმით: ემთხვევა ჯვარსა და სახარებას.

უფალო, ჩვენ გულწრფელად გვინდა ეს და გევედრებით, შეგვეწიე, დავიცვათ აღთქმა. ჩვენ შორის განსაკუთრებით ეშინია მას, ვისაც ხშირად ჰქონდა სურვილი ეთქვა თავისი ცოდვა მოძღვრისათვის და სირცხვილის გამო შეუნანებელი დარჩენილა! შეგვეწიე, უფალო, რათა დღეს გავთავისუფლდეთ ამ ფარული, შეუნანებელი ცოდვებისაგან! გვაკმარე ფუჭი სირცხვილის გამო სულიერი სიმძიმის ზიდვა და მოუნანიებლობით მისი მეტად დამძიმება!