პარაკლისი ღმრთისმშობლის ხატისა „მომნიჭებელი გონებისა“

სავედრებელი პარაკლისი

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა

„მომნიჭებელი გონებისა“

 

მღდელი: კურთხეულ არს.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი

გუნდი: ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი ხმაი  4

ყოვლადდიდებულო დედაო ყოველთა კეთილთა მომნიჭებელისა ქრისტეს – ღმრთისა ჩუენისაო, წმიდაი ხატი შენი „მომნიჭებელი გონებისაი“ გვივის რაი მსწრაფლ-შემწედ და მეოხად ურცხვენელად, საფარველსა ქუეშე მისსა შევრდომილნი აღგვადგინენ უფსკრულთაგან ცოდვათასა, და განანათლენ გონებანი ჩუენნი ნათლითა მეცნიერებისაითა, სლვად გზასა ქრისტეს მცნებათასა.

დიდებაიტროპარი (იგივე) აწდა

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისაი და განუპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, განანათლენ დაბნელებული გონებაი ჩუენი!

ქებით შეგამკობთ ტაძარსა მაგას საუფლოსა, ღმრთისა სიბრძნისა მიერ სახლად ღმრთისად აღშენებულსა, და გევედრებით, ყოვლადწმიდაო, რაითა განავრცნო გულნი და გონებანი ჩუენნი შეწყნარებად საღმრთოისა სიბრძნისა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, განანათლენ დაბნელებული გონებაი ჩუენი!

ენება რაი კაცთმოყუარესა ღმერთსა ხსნაი ჩუენი უმეცრებისაგან და ვნებისა, მოგუმადლა საკვირველი ხატი შენი `მომნიჭებელი გონებისაი~, რომლისა მიერ მადლმოსილსა შეწევნასა გარდამოგვივლინებ და განაცხოველებ სულთა და ხორცთა ჩუენთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ანგელოზთა დასნი კრძალვითა გმსახურებენ ცათა შინა, და ქუეყანასა ზედა კაცთა ნათესავი შემოგწირავს ქებასა, ხოლო ჩუენ ხატსა შენსა სურვილით შეუვრდებით და გიღაღადებთ: მოგვეც სიბრძნე გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა დავსდუმნე გალობად უმცხინვარესისა დიდებულებისა შენისა, ღმრთისმშობელო, რამეთუ უკეთუ არამცა ყოფილ იყავ შენ მეოხ ჩუენთვის ძისა მიმართ შენისა, ვინმცა სადა მიხსნა მე, ესე ვითართა შფოთთაგან ბოროტთა განსაცდელთა.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო, კაცთ-მოყუარე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, განანათლენ დაბნელებული გონებაი ჩუენი!

სახლი იგი, სადაცა იშევ, ყოვლადმოწყალეო, და მიიღე მთავარანგელოსისა ხარებაი, განგებულებითა საღმრთოითა წარიღეს ლორეტოსა, და მრავალნი მიივლტოდენ ხილვად წმიდისა მის სამკვიდრებელისა შენისა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, განანათლენ დაბნელებული გონებაი ჩუენი!

ყოველნი მორწმუნენი თაყუანს-სცემდენ ხისაგან ქანდაკებულსა სახებასა შენსა, ძისა შენისა თანა ფილონსა გამოხვეულსა, და გევედრებოდენ რაი ხსნასა და შეწევნასა, მსწრაფლ შეისმენდი კეთილთა სათხოვართა, და მისცემდი მადლსა და ლხინებასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

აღმოსავალით დასავლადმდე განითქუა რაი „ლორეტოს ღმრთისმშობელი“, ურიცხვნი ერნი მოისწრაფდენ შევრდომად მისდა, და ვითარცა ქრისტეს დედასა და დედოფალსა, მხურვალედ ავედრებდენ ცხორებასა მათსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტსა ღმრთისმშობელსა აღგიარებ შენ, დედოფალო, აღმხოცველსა სიკუდილისა სიმტკიცისასა, რამეთუ შენ უკუე მაცხოვარმან მაგან საკრველით ჯოჯოხეთისაით ცხორებად აღმიყუანე მე შთამავალი ესე ქუეყანად.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომა

შემწედ და მფარველად მოჰმადლე რაი სოფელსა სასწაულთმოქმედი ხატი შენი „მომნიჭებელი გონებისაი“, განაბრწყინვე იგი ნიშ-სასწაულთა სიმრავლითა, და ყოველთა მორწმუნეთა ექმნა წყაროდ მადლისა და წყალობისა, აწ ჩუენცა შეუვრდებით საფარველსა მისსა და შევსწირავთ შენდა ვედრებასა, რაითა განწმიდო გონებაი ჩუენი ცოდუილთა ზრახუათაგან, და განგვამტკიცო სარწმუნოებასა შინა ჭეშმარიტსა.

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისაი, რომელმან არა დააცარიელენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთვის წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმისა თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაი, კაცთ-მოყუარე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, განანათლენ დაბნელებული გონებაი ჩუენი!

ესმნეს რაი ძლიერებაი „ლორეტოს ქალწულისა“ რუსთა მთავარსა ვასილისა, წარგზავნა ელჩნი იტალიას, და მოიხილენეს რაი წმიდაი სახლი და სახებაი დედისა ღმრთისაი, ყოველივე იგი აღწერნეს დიდითა გულსმოდგინებითა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, განანათლენ დაბნელებული გონებაი ჩუენი!

ყოველნი ეკლესიანი და ხატნი იავარ-იქმნა რაი ჟამსა მას მოსკოვის ხანძრისასა, მოიწვია ხატმწერნი ივანე მრისხანემან, და მრავალთა ხატთა შორის გამოსახეს რაი მიმსგავსებული ხატი „ლორეტოს ღმრთისმშობლისაი“, დაბრძანებულ არს სოფელსა პესოჩინსა, გარემოსილი სიყუარულითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გაქუს რაი გულმოწყალებაი დედობრივი, ხსნად მოუწოდ კაცთა ნათესავსა, და ვითარცა მშობელი ნუგეშინის-სცემ, და უვნებელად იცევ ქუეშე საფარველსა ხატისა შენისასა, რომელსაცა კრძალვით ამბორს-უყოფთ და გევედრებით, რაითა მოზღუდნო ერი ჩუენი ამაოთა და განმხრწნელთა სწავლებათაგან.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვითარ შეუძლო თქმად ჯერისაებრ უზომოთა მოწყალებათა შენთა, ჰოი, დედოფალო, რომელნი ბოროტად ურვილსა სულსა ჩემსა ვითარცა წყალი, მარად გარე მოადგანნ, ეჰა, განგებასა და ქუელის მოქმედებასა შენსა, რომელიცა უგუნურად წარვწყმიდენ, უბადრუკმან.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რაისათვის განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, განანათლენ დაბნელებული გონებაი ჩუენი!

გენება რაი სახელდებაი წმიდისა ხატისა შენისაი, ღმრთისმშობელო, მხსნელად მოევლინე ღმრთისმოყუარესა და მოღვაწესა ხატმწერსა, ჟამსა მას გონებაშერყეულსა, და უბრძანე გამოსახვაი ხატისა შენისა, მსგავსად ლორეტოს ქანდაკისა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, განანათლენ დაბნელებული გონებაი ჩუენი!

ვითარ აჩვენებდი შენ ხილვასა შინა ხატმწერსა, ყრმისა შენისა თანა გამოგსახა ფილონსა შინა ერთსა, და სრულიად განიკურნა რაი მადლითა შენითა, დედოფალო, საკვირველთმოქმედსა ხატსა მას შენსა უწოდა „მომნიჭებელი გონებისაი“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

განდიდნა რაი ხატი ეგე შენი და ძისა შენისაი, ვითარ წყაროი სიბრძნისა და გონიერებისაი, მხურვალედ შეუვრდებოდენ მორწმუნენი და ითხოვდენ განათლებასა და მეცნიერებასა. აწ ჩუენცა გვიხსენ სულთა წარწყმედელთა ვნებათა და ბოროტთა საცთურთაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვითარიმე ძღუენი შევსწიროთ შენდა მადლობისა, სიტკბოებისათვის ნიჭთა შენთაისა, დედოფალო, ამისთვის უკუე ვადიდებ და გალობისვმეტყველებ და განვადიდებ გამოუთქუმელსა მას ჩემდამო წყალობასა შენსა.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, განანათლენ დაბნელებული გონებაი ჩუენი!

რომელნი სურვილითა შეუვრდებოდენ საკვირველმოქმედსა ხატსა შენსა, და გევედრებოდენ ყრმათა განბრძნობასა და განათლებასა, არცა ვის დაუტევებდი შეუწევნელად და წარუმართებდი მათ გზასა საღმრთოსა და უცთომელსა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, განანათლენ დაბნელებული გონებაი ჩუენი!

ნიშ-სასწაულთა მიერ განბრწყინდა რაი ძალმოსილებაი ხატისა შენისაი, განამრავლეს პირნი მისნი სამღდელოთა და ერთა, შეამკობდენ რაი ტაძართა და სახლთა თვისთა, სადაცა უხუად აღმოაცენებდი მადლთა და განიოტებდი ეშმაკთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გმადლობთ შენ ყოველთა ქველისმოქმედებათა შენთათვის, რომელთა იქმ ხატისა მიერ შენისა, უძლურებითა გონებისაითა შეპყრობილთა მიჰმადლებ გონიერებასა, და იხსნი ყოვლისაგან განსაცდელისა საეშმაკოისა და კაცობრივისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გარე მომადგეს მე ღელვანი სოფლისანი, ვითარცა იგი ფუტკარნი გოლსა,  ქალწულო ყოვლადწმიდაო, და ისარნი ჭირთანი მოსწყლვენ გულსა ჩემსა, არამედ იქმენ მსწრაფლ-შემწე, ხელისაღმპყრობელ, და მხსნელ ჩემდა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.              

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                       

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                                 

გუნდი: ამინ.

კონდაკი, ხმაი 4

ვითარცა ერთარსისა სამებისა სიბრძნითა განმანათლებელსა ჩუენსა, გაქებთ შენ, ყოვლადწმიდაო დედაო სოფლის მპყრობელისაო და ღმრთისა მამისა სიბრძნისაო, რომელმან მოგუმადლე წმიდაი ხატი შენი `მომნიჭებელი გონებისაი~, რომლისა მიერ განწმედ ცოდვით დაბნელებულთა გონებათა, და აღხოცავ მძაფრთა სნეულებათა სულთა და ხორცთასა.

მღდელიმოხედენ. სიბრძნით.

წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 4: მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.

მუხლი: ისმინე, ასულო, და იხილე და მოყავ ყური შენი.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                              

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

სახარებაი ლუკასი

მათ დღეთა შინა აღდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაისა. და შევიდა სახლსა ზაქარიაისსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაი მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაი იგი მუცელსა მისსა და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ხმა-ყო ხმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი. და ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ხმაი მოკითხვისა შენისაი ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაი ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაი თქმულთა მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე, და წარვიდა სახით თვისა.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მოწყალებითა შენითა, მრავალმოწყალეო ღმერთო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: მრავალთა სასწაულთმოქმედთა ხატთა შენთა შორის ბრწყინავს დიდებული ხატი შენი `მომნიჭებელი გონებისაი~, და ჩუენცა წარდგომილნი წინაშე მისსა, ვჭურეტთ ხელთა ზედა შენთა მხოლოდშობილსა ძესა შენსა, უფალსა ღმერთსა ჩუენსა, იესუ ქრისტესა, და გევედრებით, გვიმეოხე მისა მიმართ, რაითა მოჰმადლოს სოფელსა მშვიდობაი და ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიისაი და წყალობაი სულთა ჩუენთა.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისამძლისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულმოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანეოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისამძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესა და კონსტანტინე მთავრისა; თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, ბიძინა დაჭრილისა და შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა; ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრედამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანესი და გიორგიიოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და ყოველთა წმიდათა შენთაითა; ძლიერებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა ხატისა `გონებისა მომნიჭებელისაისა~, და ყოველთა სიწმიდეთა შენთაითა, გევედრებით შენ მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.   

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                                

გუნდი: ამინ.

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს, ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, განანათლენ დაბნელებული გონებაი ჩუენი!

მფარველ და შუამდგომელ გვექმენ საკვირველთმოქმედსა მას ხატსა შენსა შევრდომილთა, რაითა ცოდვილნი ესე მიგვამთხვიო მშვიდობითსა და უვნებელსა ცხორებასა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, განანათლენ დაბნელებული გონებაი ჩუენი!

ეჰა, დიდად შუენიერებასა ხატისა ამის შენისასა, რომელსაცა პატივს-ვჰსცემთ მორწმუნენი და გევედრებით, რაითა ძალითა შენითა დაამტკიცენ გონებანი ჩუენი მართლმადიდებლობასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარ ძუელ-ოდესმე შეეწეოდი და განსწავლიდი ხატისა მიმართ შენისა მოლტოლვილთა, ეგრეთვე აწ აღხოცენ და დახსენ ყოველნი მწუხარებანი ამბორისმყოფელთა მისთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოიხილე ჩუენ ზედა, და მოხედე განსაცდელსა ჩუენსა, რომელი მაქუს, ღმრთისმშობელო, და ყოველთა ვნებათა, ღელვათა, და ურვათაგან მიხსენ მე, უზომოითა მაგით წყალობითა შენითა.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანა-მზრახვალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, განანათლენ დაბნელებული გონებაი ჩუენი!

გაქუს რაი გამოუთქუმელი სიმდიდრე მოწყალებისაი, ღმრთისა დავიწყებითა დაბნელებულნი სულნი ჩუენნი განანათლენ და გარდამოგვივლინე კურთხევაი ზეციერი ყოველსა საქმესა ზედა კეთილსა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, განანათლენ დაბნელებული გონებაი ჩუენი!

ხილვად საკვირველ არს ყოვლად დიდებული ხატი ეგე შენი, დედოფალო, რომელსაცა თაყუანის-ვჰსცემთ და შევავედრებთ ყრმათა ჩუენთა, რაითა არა დაინთქენ წყუდიადსა უსჯულოებისასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ჭირსა შინა მყოფნი და განსაცდელთა შინა დანთქმულნი შეუვრდებით ყოვლად დიდებულსა ხატსა შენსა, რაითა მოგვმადლო ჩუენ სიბრძნე და ძალი დაცვად სჯულისა და მამულისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, საყდარო ცეცხლ-ხატედო უფლისაო; გიხაროდენ, ტაკუკო, საღმრთოო, შემწყნარებელო მანანაისაო; გიხაროდენ, ოქროისა სასანთლეო, სანთელო დაუშრეტელო; გიხაროდენ, ქალწულთა დიდებაო, და დედათა შუენიერებაო და სიქადულო.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: განკვირდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი განკვირვებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და წიაღი შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, განანათლენ დაბნელებული გონებაი ჩუენი!

განდიდნა რაი დიდებული ხატი შენი, ვითარცა სიმართლისმოყუარე და წარმმატებელი ცხორებისაი, ურიცხვი ერი მოივლტოდა შევრდომად მისა, და შეისმენდი რაი ლოცვასა მათსა, უბიწოო, ეშმაკისა მახეთაგან იფარვიდი, და იცევდი ბოროტთა განსაცდელთაგან.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, განანათლენ დაბნელებული გონებაი ჩუენი!

ჰოი, დედაო ღმრთისაო, გარდამოიხილე მაღლით ჩუენზედა, რომელნი სიყუარულითა მოვილტვით წმიდისა ხატისა მომართ შენისა, და გევედრებით: აწ განანათლე გონებაი ჩუენი, ამაოითა ზრახვათა მიერ დაბნელებული, და მოგუმადლე განმართებაი ცოდვილისა ცხორებისა ჩუენისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მარადის გვივი რაი სასოდ და მეოხად ყოვლადძლიერად, დედოფალო, შეგვედრებთ მრავალგუართა ვნებათა და ცოდუათა მიერ მოწყლულსა ერსა ჩუენსა, რაითა მადლითა მით ხატისა შენისაითა იხსნნე ურწმუნოებისაგან და სწავლათაგან სულთა განმხრწნელთა, და დაიცვა ურიცხვთა მტერთა საფრხეთაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გლახაკი ვედრებაი ესე ჩემი შეიწირე და ნუ უგულებელს-ჰყოფ სულთქმათა ჩემთა, არამედ შემეწიე მე, ვითარცა სახიერ ხარ, და შემძლებელ ყოვლისავე, ვითარცა დედაი მეუფისა ღმრთისაი, რაითა სიბრძნით ვიდოდე შენ მიერ გზასა მას საღმრთოსა და ჭეშმარიტსა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

ვითარცა შესაძლებელ არს ყოველი მეოხებისა შენისათვის წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა, აწ ჩუენცა დაგვიფარე პატიოსნითა მით საფარველითა ხატისა შენისაითა, ურცხვენელო ზედამდგომელო ჩუენო, ღმრთისმშობელო, რამეთუ ვერ შემძლებელ ვართ ძლევად, რომელნი მოეტევებიან ჩუენ ზედა, ხოლო შენ შემძლებელ ხარ განრინებად ჩუენდა ყოველთაგან მხდომთა.

გარდამოგვივლინე მაცხოვნებელი მადლი შენი, პატიოსანისა ხატისა მიერ შენისა, რომელნი ვვალთ ბნელსა მას შინა ცოდვათა და ვნებათასა, რაითა ჭეშმარიტისა ნათლისა ხილვაი შევუძლოთ, ჰოი, სასოო ჩუენო ღმრთისმშობელო, და დავხსნიდეთ ყოველსა ძალსა უხილავთა და ხილულთა მტერთასა.

ფრიად გვახარებს რაი საკვირველი გულმოწყალებაი შენი, დედოფალო, შევუვრდებით წმიდასა ხატსა შენსა – „გონების მომნიჭებელსა“, და გევედრებით, განფიცხებულნი გულნი ჩუენნი ლმობიერ-ყვენ და გონებანი ჩუენნი აღამაღლე ღმრთისა მიმართ, რაითა ყოველთა ღაღადვჰყოთ:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                 

გუნდი: ამინ.   

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედაო ღმრთისაო, დედოფალო ჩუენო, ყოვლადსახიერო, ამაოისა ბრძნობისა მამხილებელო და ცოდვათა შინა შთაფლულთა ნათელსა შინა ღმრთისასა აღმომყვანებელო; სწავლის მნებებელთა განმანათლებელო და გონებათა ჩუენთა ქუეყანით ზეცად აღმამაღლებელო!

ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, სასოო ქრისტეანთაო და ნავთსაყუდელო ცოდვილთაო, უგალობთ გამოუთქუმელსა დედობრივსა მოწყალებასა შენსა ჩუენდა მომართ, რომელნი შევრდომილ ვართ წმიდასა ხატსა შენსა `გონების მომნიჭებელსა~, და გევედრებით: გვიმეოხე წინაშე ღმრთისა, რაითა მოჰმადლოს მთავრობათა ჩუენთა სიბრძნე და ძლიერებაი, მსაჯულთა – სიმართლე და თუალუხვავობაი, მღდელთა – სულიერი სიბრძნე, საღმრთოი მოშურნეობაი და მღვიძარებაი სულთა ჩუენთათვის, მოძღუართა ჩუენთა – სიმდაბლე, ყრმათა – მორჩილებაი, და შეცთომილთა ნათელი ჭეშმარიტებისაი, ხოლო ჩუენ მოგვანიჭოს სიბრძნე და გონიერებაი, რაითა სინანულითა  განწმენდილთა კეთილად განვვლოთ დღენი ცხორებისა ამის ჩუენისა, და მომავალსაცა მას საუკუნესა ღირს ვიქმნნეთ ხილვასა შენსა ნათელსა შინა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა, რამეთუ მეუფებაი მისი კურთხეულ არს და დიდებულ, თანა დაუსაბამოით მამით მისით და ყოვლად-წმიდით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

გუაკურთხენ.

მღდელი: ჩამოილოცავს…   

გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვაი მთხვევნასა ზედა ხატისასა:

დაუცხრომელად გიგალობთ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, და სიყუარულითა თაყუანის-ვჰცემთ წმიდასა ხატსა შენსა `მომნიჭებელსა გონებისასა~, რომლისა მიერ სიბრძნესა და გულისხმისყოფასა მიჰმადლებ მოსავთა შენთა, და გევედრებით: უვნებელად დაგვიცევ ჩუენ, კურთხეულო, და განგვიხუნე გონებაი და განგვსწავლე ჩუენ, თუ ვითარ განვვლოთ ქუეყნიერი ცხორებაი ესე ჩუენი უცოდველად.

 ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გარეშემოუწერელისა ღმრთისა წიაღსა შენსა დამტევნელო, შეიწირე ვედრებაი ესე ჩუენი, და გვითხოვე განხსნაი ცოდვათა საკრველთაგან, და ხსნაი საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა