პარაკლისი წმიდისა მეფისა სოლომონ მეორისა

სავედრებელი პარაკლისი

წმიდისა მეფისა სოლომონ მეორისა

სამშობლოსათვის თავდადებულისა

 

მღდელი: კურთხეულ არს-ი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი

საწუთოისა ბრძოლისა აღმასრულებელი ზესთმბრძოლ ექმენ ქართველთა, და ერისა შენისათვის სულისა დამდებელი დიდებად საუკუნოდ აღიწიე, ქართველთა სიქადულო მეფეო სოლომონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

დიდებაი… ტროპარი (იგივე) აწდა…

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობა 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განხორციელდა  ცოდვილთათვის, რომელსა უგალობთ: ღმერთო დიდებულო, დიდებულ-ხარ.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ზეცით მოგვხედნე, მეფეო, ყოველთა მაქებელთა შენთა, და გვითხოვე ქრისტეს მიერ ლხინებაი ცოდვათა ჩუენთაი, და ხსნაი განსაცდელთაგან, სოლომონ დიდებულო, და მართლმადიდებელსა ერსა ჩუენსა ძლევაი მხდომთა და წინააღმდგომთა ზედა.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მორჩად კეთილად აღმოსცენდი რაი ძირთაგან კეთილმსახურთა მეფეთასა, აღზრდილი სიყრმითგან მართლმადიდებლობისა მოძღურებითა, ფრიად სასოებდი ღმრთისა მიმართ, და წადიერად აღასრულებდი მცნებათა მისთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ბაგრატოვანთა შორის საჩინოი მეფედ გაკურთხეს რაი იმერეთსა, ჭაბუკი ეგე, ვითარცა მხცოვანი და ბრძენი კეთილად განაგებდი სამეფოსა შენსა, აწ ჩუენცა შეგვავედრე ღმერთსა, მოსცეს მეფე კეთილმსახური მწყემსად და წინამძღურად ქართველთა ერსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლად წმიდაო სძალო, განანათლე და წმიდა ჰყავ გულისსიტყუაი და სული ჩემი, გევედრები, და განსდევნე არმური უგუნურებისა ჩემისაი და წყუდიადი ცოდვათა მათ ჩემთაი, რაითა ჯეროვნად გიგალობდე შენ, უხრწნელო.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ  სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარე.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მოიღე რაი პატივი და ნიჭი მეფობისაი ქრისტესგან, შემოიკრიბე ერთგულნი სპანი, და მძლედ გამოჩნდი მბრძოლთა და ორგულთა ზედა, აწ ჩუენცა შეგვეწიე ღმრთისა მიმართ, განაქარვოს ბოროტნი განზრახვანი ურიცხუთა მტერთა და მაჭირვებელთა ჩუენთა.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ფრიადი სიბრძნე მოგანიჭა რაი ღმერთმან, ახოვანო, ერჩდი ნებასა მისსა, და კეთილმსახურებითა თვისითა განამტკიცებდი მორწმუნეობასა ერისასა. აწ ჩუენთვისცა ევედრე სახიერებასა მისსა, რაითა ყოველი ცხორებაი ჩუენი განაგოს ნებისაებრ თვისისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იყავ რაი მეცნიერ წმიდისა წერილისა და საღმრთოისა სჯულისა, გულსმოდგინე ლოცვაი შენი და კეთილი საქმე, ვითარცა ნათელი დაუღამებელი უძღოდა მეფობასა შენსა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, რაითა კეთილად განვვლოთ გზაი ესე საწუთოისა ცხორებისა ჩუენისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განჰკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი, და გონებაი ჩემი, დაბნელებული უდებებითა, განანათლე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, რაითა გიგალობდე: არავინ არს წმიდაი შენებრ, უბიწოო, და უხრწნელ.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი, ხმაი 4

კლდემან ცხოვრებისამან, ქრისტემან მეუფემან, დაგადგინა რაი  მეფედ და წინამძღურად იმერთა, უძღოდი მათ, სოლომონ დიდებულო, ვითარცა დავით ისრაელთა, აწ ჩუენცა დაგვიფარე გარე მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთაგან და მოგვანიჭე სიბრძნე, სიმხნე და მძლეველობაი დაცვად მამულისა და სჯულისა ჩუენისა.

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მთისაგან უხელოდ ლოდი გამოეკუეთე ქრისტე, ქალწულისაგან დედისა, ამისთვისცა წინაისწარმეტყუელმან გიხილა და ღაღადყო: ხსნად ერისა შენისა მოხუედ, დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

იყავ ტკბილი, ღმრთის-მოშიში და მოწყალე, სოლომონ დიდებულო, და უხუებითა ზრდიდი ქურივ-ობოლთა და გლახაკთა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, მეფეო სანატრელო, რაითა მოგუმადლოს მწყემსნი კეთილნი და მუშაკნი გონიერნი ქრისტემან, ღმერთმან ჩუენმან.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ერისა შენისათვის იღუწიდი რაი სულიერად წინაშე ღმრთისა, ხსნად განსაცდელთაგან და განრინებად ყოვლისაგან უსჯულოებისა, აწ ჩუენცა გვიმეოხე წინაშე მისსა, რაითა ანგელოზთა მიერ განხადოს ჩუენგან ყოველივე ბოროტი და წარგვიმართოს მცნებათა თვისთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უშიშ იყავ, მეფეო, ვითარცა უხორცოი, და ურიცხუთა მტერთა ბრძოდი მცირედითა მით ლაშქრითა, რომელი მოიმტკიცე ფიცითა ერთგულობისაითა, აწ ჩუენცა გვითხოვე ქრისტეს მიერ, რაითა მოგვანიჭოს სიმხნე და ძალი დაცვად ერისა ჩუენისა და მამულისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმეტყუელთა სიღრმე საიდუმლოთა შენთა ჰქადაგეს ყოვლად მიუწთომელად, უხრწნელო, რამეთუ გარე-შეუწერელი, განხორციელებული ჰშევ გამოუთქმელად.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: დამხსნელი ბნელისა მის წესთა მათ წერილისა, პირველისა ჰსჯულისათა, და მომცემელი მორწმუნეთა მადლთა მისთა, ქალწულისაგან იშუა ქრისტე და მიმიძღუა  ნათლად, ღმრთეებისა თვისისა.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ფრიად ზრუნვიდი რაი სამღდელოთათვის, ჰოი, მეფეო დიდებულო, ყოველსა სახმარსა მისცემდი ეკლესიათა და მონასტერთა, ხოლო  იერუსალემსა – ქრისტეს საფლავსა დაუმტკიცე შესაწირავი დიდი და მამული იმერეთსა.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ვითარცა იყავ შენ კეთილმსახური და მართლმსაჯულ, მეფეო, და განმკითხველი გლახაკთა და მოჩივართა, აწ ჩუენცა გვითხოვე ღმრთისა მიერ, ნუ მიგვცემს ჩუენ ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთათვის ხელთა შინა მზაკუვართა მთავრობათასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

შეეწიე რაი პაპასა შენსა ერეკლესა იმერთა ლაშქრითა, მხარდამხარ მისა ჰკაფდი უსჯულოთა მათ სპარსთა კრწანისსა, და ყოველნი განაკვირვე ერთგულებითა და მხნეობითა, აწ ჩუენცა შეგვეწიე ღმრთისა მიმართ, რაითა აღადგინოს ერთობაი ერისა ჩუენისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ახლად ყრმად გვიშევ, ქალწულო წმიდაო, პირველ ჟამთა შობილი მამისაგან, სიტყუაი მხოლოი დაუსაბამოი, მას ევედრე აწ, ვითარცა ძესა და ღმერთსა შენსა, რაითა შეგვიწყალნეს, რომელნი განწმედილითა გულითა აღგიარებთ ღმრთისმშობელად.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ღმრთისა მიმართ ვღაღადებთ მწუხარებით ყოველნი, ვითარცა იგი, იონა წინაისწარმეტყუელი, აღმომიყუანენ ღელვათაგან განმხრწნელთა, მხოლოო სახიერო, გევედრებით.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ეწადათ რაი რუსთა ხელთ-გდებაი სამეფოისა შენისა, მსგავსად ქართლ-კახეთისა და ოდიშისა, გიწვევდენ ქუეყანასა თვისსა, გარნა უქმ ყავ განზრახვაი მათი, არად შეჰრაცხე რაი პატივი უცხოებასა.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

განარისხა რუსთა ხელმწიფე სიმტკიცემან შენმან, და ერთმორწმუნეობისა არარად შემრაცხველმან, წარმოგზავნა ლაშქარი, რაითა დაიპყროს სამეფოი შენი და შერთოს ქუეყანასა თვისსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა მეფე მდაბალი და ერთგული ერისაი, შეყუარებულ იქმენ რაი ყოველთა ქართველთაგან, ვერცაღა-ვინ პოვეს განმცემელი შენი რუსთა, და პყრობილ გყვეს სიცბილითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცათა უვრცელეს იქმნა წიაღი შენი, რამეთუ ღმერთი დაიტიე, უსძლოო სძალო, რომელი დაუტევნელ არს და გარეშეუწერელ დაბადებულთაგან.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.              

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                       

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.             

გუნდი: ამინ.

კონდაკი

სოლომონ მეფე ვადიდოთ – სახელმოდგამი მეფეთა შორის უბრძნესისა, ახოვნად მღაღადებელი მბრძოლთა მიმართ ივერიისათა: `ესე არს ქუეყანაი წილხდომილი ყოვლადწმიდისა დედოფლისაი, და ვერვინ შემძლებელ ხართ ვნებად მისსა~.

მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4

და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაი ჩემი.

მუხლი: ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,             

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

გუნდი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელი: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელი: მოხედენ.

სახარება იოანესი

ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა, მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი ჰპოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდეს, არამედ რაითა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაითა ცხორებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის. ხოლო სასყიდელით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი, იხილის-რაი მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ, და არარაი სჭირნ მას ცხოვართათვის. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყუანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა მეფისა ჩუენისა სოლომონისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ელვარებაი ღუაწლისა შენისაი, და მცხინვარებაი სიმხნეთაი ცისკროვან-ჰყოფს გულთა ჩუენთა და გევედრებით, დიდებულო მეფეო ჩუენო, გვითხოვე აწ ქრისტესგან მშვიდობაი ყოვლისა სოფლისაი, შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი, სარწმუნოებასა შინა განძლიერებაი ერისა ჩუენისაი, და სულთა ჩუენთა წყალობაი.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა პეტრესა და პავლესითა; ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თომასი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა, და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდ-მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა და კონსტანტინე მთავრისა, ბიძინა დაჭრილისა და შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა, შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა, ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, და თამარისითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანესი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა, და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა, (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და წმიდისა მეფისა ჩუენისა სოლომონისა, სამშობლოსათვის თავდადებულისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: მაყუალი მოტყინარე და სახუმილი ქალდეველთა მათ, შეცურეული, ჭეშმარიტად მოგასწავებდა შენ, ღმრთისმშობელო, რამეთუ შეიწყნარე ცეცხლი ღმრთეებისაი წიაღსა შენსა უვნებელად, რომელსა უღაღადებთ და ვიტყვით: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ფარულად გიხსნეს რაი ტყუეობითგან ერთგულთა შენთა, განივლტე ახალციხისა საფაშოსა, და მუნითგან იღუწიდი გამოხსნისათვის სამეფოისა შენისა, აწ ჩუენცა მოგვიხსენე წინაშე ღმრთისა, მეფეო, რაითა მოგუანიჭოს გამოხსნაი უღლისაგან მტერთაისა და ერსა ჩუენსა მოჰმადლოს ძლევაი ყოველთა მბრძოლთა ზედა.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ყოველსავე ურვასა და ბრძოლასა შინა მყოფი გარდახვედ რაი ოსმალეთსა, იწყე მზადებაი დიდისა ჯანყისაი, და აღძარ იმერნი ბრძოლად და წინააღდგომად რუსთა ლაშქრისა, აწ ჩუენცა მოგუანიჭე მადლი ერთობისაი, და განგვიცოცხლე სახე ჩუენისა სულიერისა ღონისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

შემოიკრიბნე რაი ერთგულნი ერნი, მკლავითა ლომებრივითა ბრძოდი მხდომთა, გარნა გძლეს სპათა სიმრავლითა, და მოლაშქრენი შენნი მოსწყვიდეს უწყალოებითა, აწ კარნი წყალობისანი განგვიხუენ ლოცვითა შენითა, და გვიხსენ ზედამოსლვათაგან უცხო-თესლთა და კუეთებისაგან ბოროტისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოგვიახლენ, დედოფალო, ანგელოსნი და მთავარანგელოსთა გუნდნი, და წინაისწარმეტყველნი, მოციქულნი და წმიდანი მოწამენი, და ერთხმობითა ევედრეთ ძესა შენსა და ღმერთსა

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: სახუმილი იგი ცეცხლისაი ბაბილონსა პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გარდახვეწილი უცხოებად მხლებელთა თანა დაემკვიდრე რაი ტრაპეზუნტსა, ლოცვითა, მარხვითა და მღვიძარებითა განაკვირვებდი ყოველთა, ხოლო მოძღუარი შენი იესე გექმნა შემწე და თანამზრახველ კეთილისა მის ღუაწლისა.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

დასნეულდი რაი ფრიად ტანჯული ეგე გვირგვინოსანი, წმიდაო, ვერცაღა მიწევნული მხცოვანებასა, წინაითვე გულისხმაყავ განსლვაი შენი ხორცთაგან, და ლოცვითა შეიწევდი სარწმუნოსა და ღმრთივ სათნოსა იესეს – მოძღუარსა შენსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სამეფოსა შენსა და სულსა შეჰვედრებდი რაი ქრისტესა, სასყიდელად შრომათა შენთა შეგრთო სიმრავლესა მას წმიდათასა,  და მხურვალითა ცრემლითა დაგიტირეს რაი ლაზთა, ფრიად ღვაწლმრავალი ნეშტი შენი დაკრძალეს ეკლესიისა სამრეკლოსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობელო, ყოვლად საგალობელო, შენ ყოველნი ძალგიძს, პირველ საუკუნისა ძისა შენისა თანა, და ვითარცა მოწყალე დედაი ევედრე მას, ხსნად ჩუენდა ყოველთა ბოროტთაგან, რაითა დაუცხრომელად გადიდებდეთ შენ.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: რომელმან ჰშევ მთიები, მზისა უბრწყინვალესი ღმერთი, ხორციელ-ქმნული, მოსრული და საშოისაგან შენისა ხორციელად, გამოგვიჩნდა გამოუთქმელად სიმდაბლითა, ამისთვის ღმრთისმშობელო, სარწმუნოებითა გადიდებთ შენ.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

აღასრულა რაი ანდერძი შენი მღდელმან, ეკლესიათა და უპოვართა შესწირვიდა საფასეთა შენთა, და არცაღა დასცხრებოდა რაი ლოცვად და ღუწად სულისათვის შენისა, მიუთხრნა შრომანი შენნნი და ჭირნი და ღუაწლნი მეუღლესა შენსა.

წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ვერა შეუძლო ჟამთა ცვალებამან დავიწყებად ღუაწლთა შენთა, და წარმოიხუნეს რაი ნეშტი შენი პატრიარქისა კურთხევითა ქართველთა, სიხარულითა მიეგებნეს სამღდელონი მორწმუნეთა თანა, და დიდითა პატივითა დაკრძალეს გელათს, მეფეთა საძვალესა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

განადიდა რაი ღუაწლი შენი ეკლესიამან, მეფეო ყოვლად ღირსო, წმიდათა თანა შეგრაცხა, და აჰა, სამარხოი შენი იქმნა, ვითარცა საუნჯე მადლისაი, და ჩუენცა მოვისწრაფით შევრდომად მისა, რაითა ვითხოვოთ შენ მიერ ხსნაი ყოვლისაგან ძვირისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მსწრაფლ-შემწე ხარ შენ ყოველთა მვედრებელთა, მსგავსად-ვე სახიერისა მის მეუფისა და ძისა შენისა, და მიგავლენთ მეოხად წინაშე მისსა, რაითა ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნეთა უვნებელად დაიცვას ივერიაი და ერი ივერიისაი.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღვდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

მართალ იყავ და მოშიში ღმრთისაი, ჰოი, მეფეო სანატრელო, და არცაღა წარხოცა რაი საქმენი შენნი ჟამთა მდინარებამან, გამოსჩნდი შეუძრველ სიმტკიცედ ერისა შენისა, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე ღმრთისა: მოგვანიჭოს გული გონიერი და ბრძენი, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, და განგვარინოს ჩუენ საფრხეთაგან ეშმაკისაითა და მზაკუვარებათაგან კაცთაისა.

საკვირველებათა აღმობრწყინვებითა ელვარობ რაი გელათითგან, მოვისწრაფვით ნაწილთა შენთა საყოფელსა, და სულთქუმითა შეგვედრებთ მრავალჭირნახულსა მამულსა ჩუენსა, რაითა შეაწყნარო ქრისტესა ღმერთსა, გარე წარაქციოს რისხვაი აღდგომილი  ჩუენ ზედა, სიმრავლისათვის ცოდვათა ჩუენთასა, და ლაზარესაებრ აღგვიდგინოს ქუეყანაი ჩუენი პირველსავე დიდებასა.

განათლდების რაი ივერთა ეკლესიაი დიდებითა შენითა, ვიხარებთ კრებული მორწმუნეთაი მომხსენებელი ღუაწლისა შენისა, და გევედრებით: გვიმეოხე წინაშე ღმრთისა, რაითა ბარბაროზნი და წარმართნი, მამულსა ჩუენსა დამკვიდრებულნი მზაკურებითა, უკუნ აქციოს ქუეყანათა თვისთა, და ფრიად შეჭირვებული ერი ჩუენი დაიცვას შეურყვნელად.

შენ, სანატრელსა მეფესა იმერთასა და ბაგრატოვანთა შორის ახოვანსა, მადლობისა ხმითა გიგალობთ და გევედრებით: შეგვაწყნარე მფარველსა ჩუენსა ღმრთისმშობელსა,  თქმულნი თვისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან, და ნუ განგვაშორებს მეოხებასა მისსა წილხვედრთა თვისთა, რაითა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა, და ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმო-ყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                                      

გუნდი: ამინ.  

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, წმიდაო და ღუაწლითა შემოსილო სოლომონ სანატრელო,   დიდებაო ქართველთა ერისაო და სიმტკიცეო ეკლესიისა ჩუენისაო; მეფეთა სიქადულო და სიმხნეო მხედართაო, ჭირთა შინა მყოფთა მსწრაფლშემწეო და ყოველთა სარწმუნოებითა შენდა მოლტოლვილთა შესავედრებელო და საფარველო!

ჰოი, დიდებულო მეფეო და კაცთა შორის საკვირველო მოღუაწეო, სოლომონ! კეთილმსახურებრითა კადნიერებითა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, წყალობითა მოხედოს დედისა თვისისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა, და აღგვიდგინოს მეფე მირონცხებული ნათესავითგან ბაგრატოვანთასა, რაითა კეთილად მსახურებდეს მამულსა და ერსა, ჰყოფდეს სამართალსა და წყალობასა სწორად ყოველთა ზედა, ძალითა ჯუარისაითა უკუნ-აქცევდეს ყოველთა მტერთა, და დაამშვიდებდეს აღშფოთებულსა ქუეყანასა ჩუენსა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და მსახურებასა შინა განაძლიერე დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი, და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, სამშობლოსათვის თავდადებულო ახოვანო მეფეო ჩუენო სოლომონ დიდებულო! სრულ ყავ რაი სრბაი ღუაწლისა შენისაი, აღიწიე წინაშე ღმრთისა, და მოგანიჭა რაი გვირგვინი დიდებისაი და მადლი ჭირვეულთა შეწევნისაი, აწ ჩუენცა გვიმეოხე წინაშე მისსა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი, დედათა კრძალულებაი და შვილთა კეთილ-ზრდილობაი, ხოლო ჩუენ მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი, საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, სათნოებასა შინა წარმატებაი, წმიდათა თანა გვირგვინოსნებაი და ცათა სასუფეველისა დამკვიდრებაი, რაითა შენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

გუაკურთხენ.

მღდელი: ჩამოილოცავს…

გუნდი: ამინ. 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა კეთილმსახურისა სოლომონ მეფისა, სამშობლოსათვის თავდადებულისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვა ჟამსა მას ხატის მთხვევისასა:

ყოველთა მოგვიგიე შენ უფლისა მიმართ მვედრებელად, ჰოი, სოლომონ, ახოვანო მეფეო ჩუენო, და სიღრმით გულისაით გიღაღადებთ: მამობრივითა კადნიერებითა მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა, რაითა გვიხსნნეს ჩუენ ყოველთა ძვირთა, იწროებათა და სალმობათაგან, და  განგვარინოს საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან.

დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებითა თაყუანის-მცემელთა და სურვილითა ამბორის-მყოფელთა პატიოსანისა ხატისა წმიდისა სოლომონ მეფისაისა და მადლი მისი და წყალობაი შენი თანა-მავალ-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა