აღვედით მთასა ზედა და მოჰკვეთენით ხენი, და აღაშენეთ სახლი

ასე თქვა საბაოთ უფალმა: „ერი ესე იტყვის: არა მოსრულ არს ჟამი აღშენებად სახლი უფლისაი“. და იყო სიტყვა უფლისა: „უკეთუ ჟამ ვიდრემე არს თქუენდა აღშენებად სახლთა, ხოლო სახლი ესე ჩემი მოოხრებულ არს?“ (ანგ. 1,2-4).

ვის მიმართ არის მიმართული უფლის ეს სიტყვები? ქრისტეშობამდე დიდი ხნით ადრე, ასე მიმართავდა უფალი იერუსალიმში, ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულ იუდეველებს წინასწარმეტყველ ანგიას მეშვეობით. უფლის ეს მიმართვა ზედმიწევნით ეხება სან-ფრანცისკოს მართლმადიდებელ სამწყსოს. დღესაც იგივე სიტყვები არ გაისმის? „არა მოსრულ არს ჟამი აღშენებად სახლი უფლისაი“, – ამბობენ ადამიანები. ბევრი მათგანი თავისთვის სახლს ყიდულობს, შეძლებულად ცხოვრობს, უკეთესი სახლის შეძენით არის დაკავებული და თავის ქონებას სულ უფრო მეტად ზრდის. გასაგებია, როდესაც ამგვარი სიტყვები ურწმუნოთა ბაგეებიდან ისმის, გასაგებია, როდესაც უღმერთოები ჩვენი კეთილმორწმუნე წინაპრების მიერ აშენებულ ტაძრებს ანგრევენ, მათ ხომ სძულთ ყველაფერი, რაც ღმერთის შესახებ შეახსენებთ. მაგრამ როგორ შეუძლიათ ეს გაიმეორონ მორწმუნე ადამიანებმა, რომლებიც ტაძარში დადიან? ტაძარი კურთხეული, წმიდა ადგილია, იქ მარადიულად დავანებულია ღმრთის მადლი. სოლომონის ტაძრის კურთხევისას, უფლის დიდებამ ღრუბლის სახით აავსო ღმრთის სახლი. ამგვარად იყო ძველი აღთქმის ტაძარში. რამდენად უფრო მოქმედებს ღმრთის მადლი ახალი აღთქმის ტაძრებში, სადაც ჭეშმარიტად მოგვემადლება ცოდვათაგან განწმენდა, სადაც ვეზიარებით ქრისტეს ხორცსა და სისხლს, სადაც სულიწმიდა საღმრთო ლიტურღიის დროს მარადის გარდამოდის წმიდა ძღვენსა და იქ მყოფ ადამიანებზე? ლოცვა ყველგან შეიძლება და უფალიც ნებისმიერი ადგილიდან შეისმენს ლოცვას. მაგრამ გაცილებით იოლია ტაძარში ლოცვა, სადაც ყველაფერი ლოცვისათვის განგაწყობს. იქიდან ჩვენი ლოცვები ღმერთთან ადის და ჩვენზე ღმრთის მადლს გარდამოავლენს. ტაძრის აშენება ღმრთისათვის შეწირული მსხვერპლია. ეს გულისხმობს: ღმრთისმსახურებისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფას, პირადი ქონების გარკვეული წილის ღმრთისათვის გაღებას, და, რაც მთავარია, უფლისათვის სიყვარულისა და გულმოდგინების შეწირვას. ტაძრები სხვადასხვა პირობებში შენდებოდა, სიხარულისა და მწუხარების ჟამს მთელი ერის სახელით დანთებულ სანთელს ემსგავსებოდა.

კიევის მიტროპოლიტმა წმიდა პეტრემ, იმ დროს მცირე ქალაქის, მოსკოვის მონახულებისას, მთავარ იოანე კალიტას უთხრა აეშენებინა „დედა ღმრთისმშობლის ტაძარი“. რა საჭირო იყო ახალი ტაძარი – იკითხავს დღეს ზოგიერთი, მცირე მოსკოვში ისედაც ხომ ბევრი ტაძარი იყო – კალიტას მამის ღირსი მთავრის დანიელის მიერ აგებული?! კალიტამ მაინც ყოყმანის გარეშე დაიწყო ღმრთისმშობლის მიძინების ტაძრის შენება და მისი დასრულებისთანავე, მოსკოვი აღზევდა და მთავრებმა მის ირგვლივ მთელი რუსული მიწა გააერთიანეს.

ტაძარი ღმერთს არ ესაჭიროება, მისი ტახტრევანი ხომ ზეცაა, კვარცხლბეკი კი დედამიწა. ტაძარი ჩვენ გვჭირდება. ჩვენს მიერ გაღებული შემოწირულობა ჩვენთვისვეა სასარგებლო, მაგრამ უფალი ნივთიერს იმდენად არ შეიწირავს, რამდენადაც ჩვენს მიერ გამოვლენილ გულმოდგინებას. ქრისტემ ქვრივის ორი მწვლილი შეიწირა და თქვა, რომ მან ყველაზე მეტი გაიღო. მდიდრები ფასის საცავში შემოწირულობას თავიანთი სიჭარბისაგან დებდნენ, ქვრივმა კი რაც გააჩნდა, ისიც გასცა – „საცხოვრებელი თვისი“. ღმრთის სახელით გაღებულ მსხვერპლს, თვით უფალს ვაძლევთ. სულიერი თვალსაზრისით ჩვენი შემოწირულობა ზეციერ, უფლის კუთვნილ საგანძურებში მიდის. იქიდან მას ვერავინ წარიტაცებს. თუკი ვინმე ეკლესიის ქონებას ეხება, ის თვით ღმერთს ჰპარავს და მასზე ღმრთის მსჯავრი აღესრულება.

ტაძრის აღმშენებლებს ყოველი ღმრთისმსახურების დროს იხსენიებენ. დედამიწაზე ტაძრის შენებით ჩვენთვის ზეცაში მარადიულ სამყოფელს ვიშენებთ. გავა წლები, გაიხრწნება ჩვენი სხეულები, იქნებ ჩვენი ძვლებიდანაც აღარაფერი დარჩეს, ჩვენი სულები კი მარად ცოცხალი იქნება. ნეტავი მას, ვინც თავისი სულისათვის ზეცაში სამყოფელი გაიმზადა! აშენებული ტაძრები თუნდაც დაინგრეს, სიცოცხლის წიგნში ჩაიწერება მათი აღმშენებლების სახელები და ჩაიბეჭდება იქ აღვლენილი ლოცვები.

ასე ამბობს საბაოთ უფალი: „დაისხენით გულთა თქვენთა გზათა მიმართ თქუენთა. აღვედით მთასა ზედა და ამოჰკვეთენით ხენი, და აღაშენეთ სახლი, და სათნო ვიყო მის შორის, და შორის ვიდიდო მე“.

„მე თქუენ თანა ვარ, იტყვის უფალი“ (ანგ. 1,7-13).

წმ. იოანე მაქსიმოვიჩი  შანხაისა და სან-ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსი.

1964 წ.