7 ივლისი. იოანე ნათლისმცემლის შობა

დღეს ეკლესია უდიდესი წინასწარმეტყველის – იოანე წინამორბედის შობას დღესასწაულობს. ჩვეულებრივ, წმინდანთა სადიდებელ დღესასწაულებს ეკლესია ადგენს მათი გარდაცვალების, ან მათი განდიდების დღეს, რადგან წმინდანის ცხოვრება არის გზა, აღსავსე მწუხარებით, არის მოწამეობა და ჯვარცმა, ხოლო სიკვდილი – ღვაწლისგან განსვენება და სამარადისო სიხარულის დასაბამი. უფალი იესო ქრისტესა და ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის შობის გარდა ეკლესია იხსენიებს მხოლოდ იოანე ნათლისმცემლის შობას.

   იოანე, წინასწარმტყველთა შორის უდიდესი, უფლის წინამორბედი და ნათლისმცემელი, ქვეყნიერებას მოევლინა, რათა მისთვის განეცხადებინა უდიდესი საიდუმლო დედამიწაზე მესიის, მაცხოვრის გარდამოვლინებისა. მის შესახებ გვაუწყებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმტყველები – ესაია და ზაქარია. წმინდა წერილი გვამცნობს: „აჰა, ესერა, მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა ჩემსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენნი წინაშე პირსა შენსა. ხმა მღაღადებელისა უდაბნოსა: განმზადენით გზანი უფლისანი, და წრფელ-ჰყუენით (გაასწორეთ) ალაგნი მისნი” (მრ. 1. 2); „ყოველი ხევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი და ბორცვნი დამდაბლდენ, და იყოს გულრძნილი (მრუდე) იგი მართალ, და ფიცხელი იგი გზად წრფელად” (ლკ. 3. 5).

   რას ნიშნავს ეს სიტყვები? წმინდა წერილი იოანე ნათლისმცემელს უწოდებს ანგელოზს, რომელიც უფლის გზას განამზადებს.

   ღმერთისკენ სავალი გზა ადამიანისა, და პირიქით, უფლის გზა ადამიანებისკენ, ჩვენს გულზე მიემართება. მთები და ბორცვები ამ გზაზე ჩვენი ამპარტავნება და ამაო მედიდურობაა. ამპარტავნება კლდესავით აღმართულა და ზეგარდამოსულ მადლს გულისკენ მიმავალ გზას უღობავს. ხევები, ფლატეები ამ გზაზე ნიშნავს ჩვენს ცოდვებსა და ცოდვით დაცემებს; მრუდე – ორგულობას, სიცრუეს, თვალთმაქცობასა და სხვა ცოდვებსა და მანკიერებებს.

   ძველ დროს მეფე თავისი სამფლობელოს დათვალიერებას რომ მოისურვებდა, მისი ხელქვეითები წინასწარ ასუფთავებდნენ, აფართოებდნენ გზებს, აგებდნენ გზატკეცილებს, ხიდებს – ხელმწიფეს თავისი სამეფოს ყოველი კუთხე უნდა შემოევლო.

   ღმერთის სამეფო ადამიანის გულია. როგორ უნდა მოვასწოროთ გულისკენ სავალი სულიერი გზები? – მხოლოდ და მოლოდ მონანიებით. იოანე ნათლისმცემელი სინანულის ნათლისღებას ქადაგებდა ცოდვების მოსატევებლად. იგი ამბობდა, რომ არ არსებობს ზეცათა სასუფევლისკენ სავალი სხვა გზა, გარდა სინანულისა.

   ნათლისღების მსურველები იოანეს მდინარე იორდანეში შეჰყავდა და თვითონაც წყალში შედიოდა. მოსანათლი თავის ცოდვებს აღიარებდა მის წინაშე, ნათლისმცემელი კი მისი ცოდვების მოტევებას ევედრებოდა ღმერთს. წმინდა საეკლესიო გარდამოცემა გვაუწყებს, რომ აღსარების მიღების შემდეგ უფლის წინამორბედი წარმოთქვამდა: „ნათელს გცემთ ჩემს შემდგომად მომავალი მესიის სახელით”.

   წმინდა მამები განგვიმარტავენ, რომ სულიწმიდის პირველი ნიჭი არის ცოდვის ხედვა. როდესაც მადლი სწვდება ადამიანის გულს, მაშინ იგი გრძნობს, რამდენად განშორებულია ღვთისაგან.

   მონაზვნების მოძღვარს, ანტონი დიდს სიკვდილის წინ უთქვამს: „მთელი ჩემი ცხოვრება სხვა არა იყო რა, თუ არა გლოვა ცოდვათა სამარადისო”. ზოგიერთი ადამიანისთვის გუგებარია, მოღვაწეები რად ატარებენ მთელ ცხოვრებას გლოვასა და სინანულში. ერისკაცთაგან ბევრი მძიმე ცოდვებს სჩადის, მაგრამ ამის გამო სრულებით არ წუხს და თავს ცოდვილადაც არ თვლის.

   წმინდა მამებს ასეთი მაგალითი მოჰყავთ: მღვრიე წყალში არაფერი სჩანს, მაგრამ ჭურჭელს თუ გავავსებთ ამ წყლით და რამდენიმე ხანს დავდგამთ, ის დაიწმინდება, და მასში არათუ პატარა კენჭები, ქვიშაც კი გამოჩნდება. ასევე, ბნელ სარდაფში სიბინძურეს ვერ ვხედავთ, ხოლო მზის შუქი თუ შეაღწევს მასში, სხივის ნათელში მტვრის ათასობით ნაწილაკი გამოჩნდება. რაც მეტად იწმინდება ადამიანის სული, მით უფრო ცხადად ხედავს იგი თავის ცოდვებს.

   სინანული არის ადამიანის მიერ თავის თავის ემოციური განსჯა საშინელ სამსჯავრომდე.

   სამოქალაქო სასამართლოზე: მოსამართლე რაც უფრო მკაცრად განსჯის დამნაშავეს, მით მეტად მძიმეა მისი განაჩენი. აქ კი პირიქით: რაც უფრო მკაცრად ამხელს სინდისი ადამიანს, მით უფრო ახლოსაა მისი ცოდვების მოტევება, მისი ცხონება.

   იმისათვის, რომ სინანული ჭეშმარიტი იყოს, შემდეგი პირობები უნდა დავიცვათ: ჯერ ერთი, ცოდვებს უნდა განვიცდიდეთ, ვნანობდეთ;

   მეორე, გულწრფელად ვაღიაროთ ყველაფერი სასულიერო პირის – იმ ადამიანის წინაშე, რომელსაც მინიჭებული აქვს განსაკუთრებული უფლება ცოდვების მოტევებისა და დახსნისა. ოღონდ, აღსარება უნდა იყოს არა მარტო საუბარი ცოდვების შესახებ, არამედ სულიერი ტირილიც. ხშირად ხომ ასეც ხდება: ადამიანი თავის დანაშაულის შესახებ საუბრობს ყოვლგვარი სინანულის გარეშე, ზოგჯერ კი ამაყობს კიდეც ცოდვით;

   მესამე, მტკიცედ გადავწყვიტოთ: აღარ გავიმეოროთ ძველი ცოდვები, საცდურს ისევ ვუფრთხილდეთ, როგორც სიკვდილს;

და ბოლოს, მეოთხე, ვეცადოთ, ცოდვის წინააღმდეგ, სიკეთე ვაკეთოთ.

თუკი ყოველივე ამას დავიცავთ, უფალი შეიწყნარებს ჩვენს აღსარებას.

სინანული ქრისტიანის სულიერი ცხოვრების საფუძველია. რატომ ვართ გულგანფიცხებულები დიდ დღესასწაულებზე? რატომ ვერ ვგრძნობთ, ზიარების დროს როგორ შემოდის ჩვენს გულში ცეცხლი და ნათელი? მხოლოდ იმიტომ, რომ გული არ განგვიწმნდავს, არ გაგვიფხიზლებია და მოგვიდრეკია სინანულით, მოუნანიებელი გული კი კლდესავით ფიცხელია. მოუნანიებელი გული ქრისტეს წინაშე დაკეტილი კარია. უფლისთვის არ არსებობს სიხარული იმაზე მეტი, ვიდრე ცოვდილი კაცის მოქცევა და სინანულის გზაზე დადგომა.

* * *

   თუკი სიკვდილი ამქვეყნიური სიცოცხლის შედეგია და დასრულება, მაშ, რატომ არის წმინდა იოანე ნათლისმცემლის თვით შობა დიდი გაკვეთილი ყოველი ჩვენგანისათვის? უფლის წინამორბედის მშობლები – ზაქარია და ელისაბედი, როგორც სახარებაში წერია, „იყვნეს ორნივე ესე წინაშე ღმრთისა მართალ და ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისასა უბიწონი” (ლკ. 1. 6), ანუ ისინი ასრულებდნენ წმინდა წერილის ყველა მცნებას, რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანისათვის. ისინი უკვე ხანში შესულები იყვნენ და შვილი არ ჰყავდათ, ამიტომ მხცოვანებისას შეძენილი შვილი – იოანე მათი მრავალწლიანი მხურვალე ლოცვის ნაყოფი იყო.

   ზაქარია ჩვეულებრივ მღვდელმსახურებას რომ აღასრულებდა და საკმევლის საკმევად შევიდა ტაძარში, მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ შვილი შეეძინებოდა. ეს მოხდა სწორედ ღვთისმსახურების აღსრულებისას თითქოს ნიშნად იმისა, რომ ზაქარიას და ელისაბედს ცხოვრება (წმინდა წერილი საგანგებოდ გვამცნობს, რომ ელისაბედი სამღვდელო მოდგმიდან იყო – „ასულთაგან აჰრონისთა” (ლკ. 1. 5) განუყრელად იყო დაკავშირებული ტაძართან და მათი შვილი სწორდ ამიტომ იქცა სულიწმიდის ტაძრად.

   ბევრი ჩვენგანი მწარედ წუხს და ჩივის თავის შვილებზე. რა ხშირად ამბობენ დედები: „ყველაფერი მოვიკელი და რაც გამაჩნდა, მას მივეცი. რამდენი უძილო ღამე გავატარე მის ლოგინთან? ის კი გაიზარდა და საშინელი უმადურობით გადამიხადა სამაგიერო”. სინამდვილეში მშობლებმა შვილს მოაკლეს ყველაზე მთავარი:

   ბავშვი ჯერ კიდევ დედის მუცელში ყოფნისას შეერთებულია მასთან და მშობლების ყოველგვარი სულიერი განცდა, აზრი, მისწრაფება, სურვილი, სიტყვა და მოქმედება აღიბეჭდება მისი სულის სიღრმეში. ჩვეულებრივ ბავშვი გარეგნობით თავის მშობლებს ჰგავს. ესეც იმის ნიშანია, რომ ის სულითაც ჰგავს მამას და დედას. და რა ფრთხილად უნდა იყვნენ მშობლები! მათმა ცხოვრებამ შეიძლება საბედისწეროდ განსაზღვროს მათი შვილის მომავალი. 

ბავშვის დაბადებამდე დედა ფიქრობს განა, რომ მისი შვილის გაჩენა საღმრთო მადლის მიერ უნდა იკურთხოს ჯვრისწერის საიდუმლოს მეშვეობით? და თუ არ ფიქრობს, მისი შვილი დამჭკნარ მცენარეს მიემსგავსება, რომელიც ტანს არ იღებს, ხმება და კვდება. ან განა ბევრი დედა და მამა იღებს კურთხევას ეკლესიისგან ისეთ უმნიშვნელოვანეს საქმეზე და დიდ ქრისტიანულ ღვაწლზე, როგორიც ოჯახის შექმნაა? ან ფიქრობენ კი მშობლები ღვთის მცნებების აღსრულებაზე? უფრო ხშირად ისინი საერთოდ არ კითხულობენ სახარებას, არ დადიან ტაძარში, არ ემორჩილებიან ღმერთს და შვილისგან მიეზღვებად მისაგებელი: ბავშვი არ ემორჩილება თავის მშობლებს და მოგვიანებით მათი მსაჯული ხდება თითქოს. ძალზედ ხშირად ფეხმძიმე დედა სრულებით არ ფიქრობს თავის ფეხმძიმობაზე, ყველაზე საძაგელ, უწმაწურ სიტყვებს ამბობს და თავის მეუღლეს ეჩხუბება. მას არ ესმის, რა ემართება ამ დროს მისი ჯერ კიდევ არშობილი შვილის სულს, რამსისქე ზნეობრივი ლაფი ილექება მის გულში, როდესაც სახლში ველური სცენები იმართება ზოგჯერ, მრისხანებისა და ღვარძლის შხამი იღვრება ამ დროს დედის სახლში, ეს შხამით მოწამლული სისხლი კი ჯერ არდაბადებულ ბავშვს კვებავს და ზნეობრივად წარწყმედს. იციან კი მამამ და დედამ, რომ მათი შვილი როცა გაიზრდება, მისი პირველი მსხვერპლი საკუთარი მშობლები შეიძლება გახდნენ? ბავშვს მუცელში ყოფნისას ჯერ არაფერი გაეგება იმ ბილწი სიტყვებისა, რომლებიც ოჯახში წარმოითქმება, მაგრამ ის მამის ან დედის მდგომარეობას განიცდის და თითქოს უშუალოდ, ინტუიციურად გრძნობს. ბავშვის ცნობიერება დედის მუცელშივე იწამლება. მასში სიმხეცეა ჩანერგილი და იგი შემდგომში გამოვლინდება. ფიქრობენ განა დედა ან მამა, რომ ყველა ცხოველი, გარდა ადამიანისა, ჩასახვის შემდეგ უბიწოდ, უმანკოდ ცხოვრობს? ადამიანები კი რას სჩადიან? და ამ ვნებიან მდგომარეობას, რასაც ისინი განიცდიან, ბავშვიც განიცდის დედის მუცელში. ამიტომ, საშინელი სათქმელია, ჯერ არდაბადებული ბავშვი უკვე გარყვნილია. რამდენიმე წლის შემდეგ კი შეძრწუნებული მამა და დედა ამბობენ: „როგორ გავზარდეთ და ეს ვინ გამოვიდა?!” განვითარდა ის, რაც თვითონ მათ დანერგეს.

   ძველ დროს ერთი მნიშვნელოვანი ჩვეულება არსებობდა და მას წარმართებიც კი ასრულებდნენ. როდესაც დედა მუცლად იღებდა, მისგან განაშორებდნენ ყოველგვარ უშვერებას და მასთან მიჰქონდათ ლამაზი სურათები, ქანდაკებები, ქალი ბუნების წიაღში მიჰყავდათ. ოღონდ, რა თქმა უნდა, წარმართები არა სულის სიმშვენირეზე, არამედ ხორციელ სილამაზეზე ფიქრობდნენ. რას აკეთებენ დედები ჩვენს დროში? როგორ სურათებს უცქერენ? რა უნდა ითქვას თანამედროვე კინოფილმებზე, ვიდეოფილმებზე? რაზე ესაუბრებიან ქალები ერთმანეთს? მათ არ ესმით და ვერ ხვდებიან, რომ მათ მუცელში ჩასახულ ბავშვს მათი საუბარი უკვე ესმით. მას არ ესმის სიტყვები, მაგრამ იგი სხვა, უფრო სრულყოფილი, უშუალო აღქმით აღიქვამს იმას, რაც მისი დედის სულში ხდება ამ დროს. ასე ირყვნება ბავშვი და ნაყოფი მოწამლული იბადება, მომავალში კი მშობლებს დამსახურებული საზღაური მიეგებათ. ამას ისინი ვერ ხვდებიან, ღმერთზე დრტვინავენ და ამბობენ: „რა უსამართლობაა! რამდენი ძალა შევწირეთ ჩვენს შვილს, ის კი, მადლიერების ნაცვლად, ასე დაუნდობლად გვექცევა!”

  ამჟამად ძალიან გავრცელებულია საშინელი ცოდვა – ცოდვა ბავშვის მკვლელობისა დედის მუცელში. დედა და მამა ვერ სწვდებიან გონებით, რომ მათ მკვლელის კომპლექსი ექმნებათ, ისინი მკვლელები ხდებიან და ამ საშინელ კომპლექსს თავიანთ შვილებს გადასცემენ. წმინდა მამები, მაგალითად, თეოდორიტე, გვიხსნის, რომ ჩვილის სულის შექმნაში მონაწილობენ მისი მამისა და დედი სულები. ქალმა, რომელმაც ე.წ. აბორტი გაიკეთა, შვილს უკვე გადასცა მიდრეკილება პირდაპირ დანაშაულში არ გამოვლინდეს, მაგრამ ის აუცილებლად იჩენს თავს სხვა რამეში: დაუნობლობასა და სადიზმში ადამიანების, და თვით საკუთარი მშობლების მიმართ. როცა დედა ფიქრობს, წყვეტს საკითხს: მოკლას თუ არა თავისი შვილი, ჩვილი თითქოს ხვდება, გრძნობს ამას. მას გულისცემა უძლიერდება, რადგან წინასწარ გრძნობს საფრთხეს. ეს უკვე დადასტურებულია თანამედროვე მედიცინაში. და თუკი ეს უბედური ბავშვი მინც დაიბადება, მას მშობლები არ ეყვარება.

   სახარება, რომელიც იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს იკითხება ეკლესიაში, გვიხსნის: რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრებათ მშობლებს, განსაკუთრებით დედას, – მათი შვილების მომავალზე. ზოგიერთი ჩვენგანი იტყვის: „ახლა რა ვქნათ, უკვე გვიან არის?” ყოველივე შესაძლებელია უფლისათვის. უპირველეს ყოვლისა, როცა ვხედავთ, რომ ჩვენი შვილები ამაზრზენად, დანაშაულბრივად იქცევიან, ამაში ჩვენი თავი უნდა დავადანაშაულოთ და მონანიება თავის თავისგან დავიწყოთ. ჩვენ კი მათ სხვადასხვაგვარი ზნეობრივი სწავლებებით მივმართავთ. რომელ ზნეობრივ სწავლებაზეა ლაპარაკი, როცა მათ გულში ჯოჯოხეთის ცეცხლი ანთია? მშობლებმა უნდა მოინანიონ მათ მირ ჩადენილი ცოდვები მთელი თავიანთი სიცოცხლის განმავლობაში. ბავშვის სული, როგორც უკვე ვთქვით, დედის სულთანაა შეერთებული და ეს კავშირი არ იკარგება. ამიტომ, ცოდვების გულწრფელად მონანიებას თუ შეუდგებით, ნათლის სხივები თქვენი შვილის სულსაც გააცისკროვნებს.

   სახარებაში უფალი ამბობს, რომ ყველაზე მაღალი და პირველი მცნებაა: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა”, ხოლო მეორე მცნება, მსგავსი ამისი – „შეიყვარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი” (ლკ. 10. 27).

   ჩვენთვის ბუნებრივი იყო ღმერთის სიყვარული ისევე, როგორც ბავშვისთვის – მშობლების სიყვარული. მაგრამ ჩვენ ღმერთი არ გვიყვარს. რატომ? ამ კითხვას სახარება ასე პასუხობს: „განმრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყუარული მრავალთა” (მთ. 10. 24). ჩვენი ცოდვების გამო დაშრეტილია ჩვენი სიყვარული, განფიცხებულია ჩვენი გული. ამიტომ სიყვარულის მოპოვების ერთადერთი გზა არის გზა სინანულისა.

   წმინდა მამები განგვიმარტავენ, რომ ქრისტე სახეა სიყვარულისა, ხოლო იოანე ნათლისმცემელი – სინანულისა. მთელი საეკლესიო განწყობილება ყველა დღესასწაულზე, თვით წმინდა აღდგომის დღესაც კი სინანულითაა განზავებული. სინანულის გარეშე შეუძლებელია ნამდვილი სულიერი სიხარულისა და ღმერთთან მიახლების სიტკბოების განცდა.

   დაე, სინანულის მოძღვარმა, წმინდა იოანე ნათლისმცემელმა გასწავლოთ ჭეშმარიტი სინანული და სულიწმიდის მადლის თანაზიარნი გაგხადოთ.

   როგორც იოანე ნათლისმცემელია ქრისტეს წინამორბედი, ასევე სინანულია წინამორბედი სიყვარულისა.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)  

Xareba.net – ის რედაქცია