Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

30 ნოემბერი. წამება და ღუაწლი წმინდა დიდ-მოწამე მიქაელ-გობრონისა და მისთანა წამებულთა 133 მხედართა (+914)

მიქაელ-გობრონი

ტროპარი: მოწამეთა შენთა უფალო, ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

 

არაბობა საქართველოში, ანუ არაბთა ფეოდალური სახელმწიფოს (სახალიფოს) მიერ საქართველოს დაპყრობის შედეგად დამყარებული რეჟიმი, რომელიც მეტნაკლები სიძლიერითა და მოცულობით VII საუკუნის შუაწლებიდან XI საუკუნის შუაწლებამდე გრძელდებოდა. მათ უკანასკნელი დიდი ლაშქრობა სამხრეთ კავკასიაში. 908-914 წწ. მოაწყვეს. ხალიფა ამირმუმნის ურიცხვ ლაშქარს სარდლობდა ატრპატაკანის მმართველი, ანუ აზერბაიჯანის ამირა საჯიდების დინასტიიდანდინასტიის დამაარსებლის აბუსაჯის ძე იუსუფ იბნ აბუ საჯი, რომელსა ჰმონებდა სამეოცი ქალაქი დიდდიდი და შვიდნი მეფენი ჰმორჩილებდეს ძლიერნი~, იგი საქართველოში ცნობილია, როგორც აბუ კასიმი. შემოსევის მიზანი იგივე იყო, რაც არაბთა ადრეული ლაშქრობებისა: ხარკის აკრება და არაბთა პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა დამორჩილება. „ესე აღიჭურა ერითა მრავლითა, კაეტებითა რჩეულითა, რომელთა ჰყვანდა ათასეული და ბევრეული“, და დიდძალი ჯარით დაიძრა აატრპატაკანიდან. ცეცხლითა და მახვილით მოახრეს სარკინოზებმაყოველი სომხითი, სიგნეთი, ვაეძორი, ასფურაგანი“, „და ვითარ მოსძლევდა სარკინოზი იგი და არა იპოვა ღონეი წინააღმდგომისა სომეხთა მეფისაი, არცა განრინებისაი, რამეთუ ღმერთსა განეხეთქა მეფობაი იგი მისი. მაშინ მიივლტოდა იგი მთათა ზედა აფხაზეთისათა, რომელიიგი უკუანაისკნელსა სიკუდილსა ვერ განერა, ხოლო ხელმწიფეი იგი შეუდგა მას ძიებად სასჯელსა სიკუდილისასა მრისხანებითა დიდითა“. აფხაზეთს შეფარებული სომეხთა მეფის დევნაში აბულ კასიმი ,,სპითა დიდითა და ურიცხვითა, რომელთა არა იტევდა ქუეყანაი“ სომხეთიდან საქართველოში შემოიჭრა. იგი ჯერ თბილისში მივიდა, სადაც ამირად იჯდა ჯაფარ, ძე ალისი. მან კეთილად მიიღო მრისხანე თანამემამულე. აბულკასიმი აქედან კახეთს გადავიდა და უჯარმას ალყა შემოარტყა. იმ დროს უჯარმის ციხეს სამასი ქართველი მეციხოვნე იცავდა. განუწყვეტლივ მიჰქონდათ იერიში მასზე, თუმცა უშედეგოდ. მერე თვითონ მიატოვეს უჯარმა მისმა დამცველებმა, რადგან შეატყვეს, რომ ურიცხვ მტერს ვეღარ გაუმკლავდებოდნენ. ეს რომ გაიგეს ბოჭორმელებმაც დატოვეს ციხე და გაერიდენ. არაბებმაპოვეს იგი უკაცური და დაბანაკდენ მასში, უჯარმის გალავანი კი მოარღვიეს. კახეთის ერისთავმა კვირიკე ქორეპისკოპოსმა დაზავება შესთავაზა აბულკასიმს. სარდალმა მიიღო სარფიანი გარიგება და განაგრძო გზა ქართლისაკენ. იქ მას უფლისციხის ზღუდეები თვით მცხოვრებთაგან მორღვეული დახვდა, რათა მტერს არ ჩავარდნოდა ხელში. სარკინოზები სამცხეს და ჯავახეთს მოედვნენ, თმოგვის ციხეზე მიიტანეს იერიში, მაგრამ ვერ აიღეს და უკან გაბრუნებულებმა, ყველის ციხეს შემოარტყეს ალყა. გაჩაღდა ფიცხელი ბრძოლა

IX ის ბოლოსა და X ის პირველ ნახევარში ყველის ციხეს ფლობდა ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარმომადგენელი, გურგენ I ის შვილიშვილი, და ადარნასეს ძე, დიდი ერისთავთერისთავი გურგენ IV (918-. 14 თებერვალი, 941), რომელმაც  ბიძის, „ერისთავთაერისთავის აშოტ კუხის“ გარდაცვალების შემდეგ მიიღო ერისთავთერისთავობა. წყაროები გურგენს მოიხსენიებენ როგორც დიდ ერისთავთერისთავს, რომელმაცუმეტესნი სიმხნენი და ბრძოლანი ქმნა ყოველთა მამათა მისთასა და დაიმორჩილნა ყოველნი გარემოსნი“. მან ტაოს გარდა მთელიქართველთა სამეფო“, ფაქტობრივად, გააერთიანა, ჯავახეთსაც ფლობდა და ქვემო ქართლის სომეხთაგან წაღებასაც ცდილობდა. იოანე დრასხანაკერტელის ცნობით, მას დროებით სამშვილდეც კი უგდია ხელთ, თუმცა მალევე დაუკარგავს. გურგენ IV- დაასრულა ხანძთის ახალი ეკლესიის მშენებლობაც.

ყველის ციხე მდებარეობს ისტორიულ სამცხეში. მდ. ფოცხოვისა და ჯაყის წყლის შესართავთან, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლ. ყალა ბოინის ტერიტორიაზე, თურქეთი). იგი სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზასაყარზე მდებარეობდა და აკონტროლებდა ერთი მხრივ სამცხეშავშეთის დამაკავშირებელ გზას, მეორე მხრივაჭარასა და არტაანში (ერუშეთში) გარდამავალს. . ბაგრატიონის მიხედვით: „წურწყუმს ზეით, ჯაყის წყალზედ, არს ყუელის ციხე, მრავალჯერ შემუსრვილი და აწ ოხერი“ (ქც 4: 665,17-19). მასზე გადიოდა ახალციხეარტაანის გზის ერთი შტო, რომელიც იმერხევის ხეობაში შედიოდა. IX-X სსში ტაოკლარჯეთში ბაგრატიონთა სამთავროების ჩამოყალიბების შემდეგ, ყველისციხე საერისთავოს ცენტრი და სამცხის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრე გახდა. ამჟამად ის დაზიანებულია

ყველისციხე კარგად იყო გამაგრებული, მაგრამ მეციხოვნენი იყვნენ ცოტანი. მათ სათავეში ედგა ახალგაზრდა მხედარი გობრონი, რომლის სიმამაცესა და სიმხნევეს მტერი და მოყვარეც განეცვიფრებინა. „ძალი ბრძოლისა მისისაი ყოველსა მას სიმრავლესა ზედა საცნაურ იყო“. წმინდა გობრონის ნათლობის სახელი მიქაელი ყოფილა, მამაცობისათვისაც მასგობრონი“, უწოდეს, რაც არაბულად უშიშარ ვაჟკაცს ნიშნავს.

ოცდარვა დღე გაგრძელდა ბრძოლა. ხან სარკინოზებს მიჰქონდათ იერიში ციხეზე, ხან მეციხოვნენი გამოუხდებოდნენ მტერს გობრონის წინამძღვრობით, რისხვას დაატეხდნენ მას თავს და კვლავ ციხეს უბრუნდებოდნენ. „ბრძოლასა მას ფიცხელსა მხნე იქმნნეს ციხოანნი იგი და დახოცეს მბრძოლთა მათ და დაჰყრიდეს ხორცთა მათთა, ვითარცა სკორეთა ქუეყანისათა“

დიდი მცდელობის შემდეგ არაბებმაგანხვრიტნეს კლდე“, რომელზეც ციხე იდგა დაგანარღვიეს ზღუდეი“ და შეაღწიეს ციხეში. გობრონი ისევ წინ გამოიჭრა. ქართველებმა ფიცხელი მეომრებით შეევსო. განსაკუთრებით კი გობრონს დაადგა თვალი და მისი ვაჟკაცობით გაოცებულმა ბრძანა მას პატივით მოპყრობოდნენ. „ნეტარისა გობრონისი უმეტეს ყოველთასა კრძალვით პყრობაი“ და დროებით საპყრობილეში განამწესა, ხოლო მასთან ერთად შეპყრობილთ სიმდიდრისა და პატივის სანაცვლოდ ქრისტეს სარწმუნოების უარყოფა და მაღჰმადიანობის მიღება შესთავაზა, თუმცა არც ერთი მეომარი მის ბილწ ნებას არ დაჰყვა. მაშინ განრისხებულმა ამირამ ისინი დასასჯელად დიდ მოედანზე გაიყვანა. სარკინოზთა ჩვეულება ასეთიაო, წერს წმინდა გობრონის მეისტორიე სტეფანე ტბელი, როცა ქვეყნის დაპყრობის შემდეგ გასცემდნენ ქრისტიანის სიკვდილით დასჯის ბრძანებას, აღიჭურვებოდნენ, როგორც ბრძოლის დღეს, ალესავდნენ მახვილს, ერთმანეთს უსწრებდნენ, თითქოსდა ქრისტიანის მოკვლით რაღაც დიდი საფასური უნდა მიიღონო. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. „ვითარცა მხეცნი ბოროტნი განძვინებულნი შეერინეს აღრეულად და ურთიერთსა უსწრებდეს, რომელნიმე მახვილითა სცემდეს, რომელნიმე ჰოროლებითა და ისრითა შესჩხუეპდეს და დასჭრიდეს, ხორცთა მათთა დანებითა განაპებდეს და ღვიძლები იგი მათი, ვითარცა ძაღლთა, პირითა განეტაცა. და ესრეთ დასთხინეს სისხლნი მათნი, და ესრეთ სრულ იქმნა წამებაი მათი ქრისტეს მიერ“.

ქართველთა მეფემ (888-923) და ტაოკლარჯეთის სამეფოს გამგებელმა ადარნასე II- დიდძალი საფასის გადახდის შემდეგ შეპყრობილთა ცოცხლად გადარჩენილის ნაწილი გამოიხსნა, თუმცა მათ შორის არ იყო გობრონი, რადგან არაბებმა მის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს. მზაკვარმა ამირამ სცადა მისი მიწიერი სიკეთეებით ცთუნება: `მეწყალის მე სიკეთე სახელოვან ხარ წინაშე ჩუენსა და აწ ვითარცა შვილსა საყვარელსა გასწავებ შენთა და აღიარე ჭეშმარიტი შჯულიხელმწიფებისა ჩუენისაი“უთხრა მან ნეტარს. სამაგიეროდ სარდლობას, სასახლეებს, დარბაზებს და მონებს შეჰპირდა. დიდებულმა ქართველმა განჭვრიდა თავისი მომავალიგანუმზადა თავი თვისი ქრისტესთვის სატანჯუელთა, და მშვიდად მიუგო ამირას: გევედრები, ხელმწიფეო, ნუ მაიძულებ მე დატევებად ქრისტეანობისა, რომლითა აღმზარდეს მე მშობელთა ჩემთა და აღბეჭდულ ვარ სულითა წმიდითაჭეშმარიტად უწყოდე შენ, რამეთუ არცა კეთილთა შენთა აღთქუმითა, არცა ძვირძვირთა ბოროტთა შენთა ჩემ ზედა მოწევნითა შემეძლო განყენებად უფლისა ჩემისა იესო ქრისტესა“.

წმიდანის პასუხით განრისხებულმა აბულკასიმმა ბრძანა, რომ გარეთ გაეყვანათ გობრონი და ეჩვენებინათ ცალკერძ დახოცილი თანამებრძოლები, ცალკერძაღთქმული სიმდიდრენი: „ვინ უწყის, უკუე შიშმან სიკუდილისამან, ანუ შესაძინელმან კეთილისამან მოდრიკოს გული მისი“. უკან მობრუნებულმა გობრონმა ამირას შეკითხვაზე – „რაი გამოირჩიე თავისა შენისაი“უპასუხა: „მე პირველადვე გითხარ შენ არა მიდრეკად ქრისტეს უფლისა ჩემისაგან“. მაშინ ამირამ უარესი განსაცდელი მოუმზადა წმიდანს: „არა იცის მაგან ჭირი სიკუდილისაი, წარიყვანეთ ეგე და წარწყმიდენით მაგის წინაშე დარჩომილნი ქრისტეანენი და მცირედ წყალით ეგე და კუალად მოიყვანეთ“. ამ მიზნით ცოცხალად დარჩენილი მეციხოვნენი მოედანზე გამოიყვანეს, წმიდა მიქაელგობრონიც მათ შორის დააყენეს და მის თვალწინ ნამდვილი სასაკლაო მოაწყვესთითქმის ყველა მისი თანამებრძოლი ჩახოცესზოგი ისრით, ზოგი შუბით, და ზოგიც მახვილით. არცერთ ქართველს სიკვდილისას პირზე ღიმილი არ მოშორებია. ეცემოდნენ და ეხლებოდნენ განგმირულ თანამოძმეთა და თანამებრძოლთა გვამები გობრონს, ქართველთა თავები გორავდნენ მის ფეხებთან, დახოცილთა სისხლი ესხურებოდა მის ტანს და სახეს, მაგრამ საშინელებამ ვერ შეაძრწუნა მისი გული, იგი კვლავ ურყევად იდგა. მაშინ სარკინოზებმა თმაში ჩაავლეს ხელი, ქედი დაადრეკინეს და ორჯერ მსუბუქად სცეს ხმალი. სისხლმა იფეთქა გობრონის კისრიდან. მან ხელი შეიღება თვისსავე სისხლში (და სისხლითვე) შუბლზე ჯვარი გამოისახა და მადლობა შესწირა უფალს, რომ მისთვის წამების ღირსი გახდა და ღაღადყო: „გმადლობ შენ, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩემო, ძეო და სიტყუაო თანადაუსაბამოო დაუსაბამოისა მამისაო, რამეთუ ღირსმყავ მე, ცოდვილი ესე და უღირსი, შენთვის ვნებასა და წყლულებასა და ზიარებასა ცხოველსმყოფელთა ტკივილთა შენთასა. გარნა, ყოვლად სახიერო მეუფეო, სრულჰყავ მოწყალებაი, სახიერებაი და სიტკბოებაი შენი ჩემდა და თავსა საწადელისა ჩემისასა აღმიყუანე და ნუ დამაკლებ მე რიცხვისაგან მოყუასთა ჩემთა მოწამეთა შენთასა. მოვედ, ყოვლად სახიერო მეუფეო, შეწევნად ჩემდა და ნუ დამაბრკოლებნ მე მიზეზი რაივე და სივერაგეეი მძლავრისა ამის უსჯულოისა, ნუცა მეწევის მე ხელი მთავრისა ამის სოფლისა შთახდად ჩემ ცოდვილისა უფსკრულად ჯოჯოხეთისა, არამედ წარმადგინე მე და მექმენ მაცხოვარ და ხელისაღმპყრობელ, რამეთუ ხორციელნი ეს ტანჯუანი სიხარულ არიან მონათა შენთათვის. შენ ხელისაღმპყრობელ და შემწყანრებელ ექმენ სულსა ჩემსა, რომელი მხოლო ხარ მოწყალე თანა მამით და ყოვლად წმიდით სულით, რომელთა თანა თაყუანის გცემ, გადიდებ და გაქებ შენ, ღმერთსა ჩემსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“. როდესაც იქ მყოფმა ქრისტიანებმა დაინახეს მის შუბლზე დაწერილი ცხოველსმყოფელი ჯვარი, მოწამედ სახელსდებდენ, და უფალს ადიდებდენ

სარკინოზებმა კვლავ ამირა აბულკასიმს მიჰგვარეს წმიდა გობრონი, და მანაც უკანასკნელად სცადა მისი მოდრეკა ტკბილი სიტყვით: „იცოდე რომ თუ არ დამემორჩილები, სიკვდილს ვერ აცდები. დამიჯერე, შენ კეთილის მსურველს, და ნუ დაიღუპავ თავს, მე ვუბრძანებ მკურნალებს შენი პატარა ჭრილობის განკურნებას და რაც დაგპირდი ყველაფერს შეგისრულებ~-, თუმცა უშედეგოდ დაშვრა. ,,რაც გინდა ის ქენი, მე ქრისტიანი ვარ და არასოდეს ვუარყოფ ამასო!უთხრა გობრონმა. განრისხებულმა აბულ კასიმმა ბრძანა მისი მოკვლა. წმინდა მიქაელგობრონს თავი მოჰკვეთეს და მოკლულებთან დააგდეს. „ესრეთ სრულ იქმნა წამებაი მისი თუესა ნოენბერსა ჩვიდმეტსა“, ამირას ბრძანებით სამი დიდი საფლავი გათხარეს, მოწამეთა გვამები ჩაყარეს, და მიწა მიაყარეს. ერთერთში გობრონიც იწვა, თუმცა ქრისტიანებს საფლავთან მიახლოება აუკრძალეს. უფალმა განადიდა მათი ღვაწლი და მათ საერთო საფლავებს ყოველ ღამე, როგორც ანთებული ლამპრები, ბრწყინვალე ნათელი ადგა.

წმინდა მიქაელი ქართულმა ეკლესიამ გობრონ წამებულის სახელით წმინდანად შერაცხა, წმინდანთა დასში შერაცხა ასევე მასთან ერთად ვნებული 133 მხედარი და მათი ხსენების დღედ 17 (30) ნოემბერი დაადგინა.

წმინდა გობრონმიქაელის გმირობისა და მარტვილობის ამბავი აღწერილია მისი თანამედროვე სტეფანე მტბევარის (X . ქართველი საეკლესიო მოღვაწეტბეთის ეპისკოპოსი, მწერალი, განსწავლული თეოლოგი და მწიგნობარი) მარტვილოლოგიურ თხზულებაშიწამებაი წმიდისა მოწამისა გობრონისი, რომელი განიყვანეს ყუელის ციხით“. თხზულება, რომელიც 914 წლის ამბებს მოგვითხრობს, სტეფანე მტბევარს აღუწერია „ბრძანებითა აშოტ ერისთავთაერისთავისაითა“ გობრონის წამება, რომელიც მხოლოდ XVIII . ხელნაწერებით არის მოღწეული, დაიწერა 914-918 წწ.-ში. „აშოტ ერისთავთაერისთავმან, ძემან გურგენ კურაპალატისამან, რომელსა ეწოდა კუხი, აღაშენა ტბეთი შავშეთს და განასრულა იგი ყოვლითა განგებითა, და დასუა პირველად ეპისკოპოსად სანატრელი სტეფანე უწყებითა სულისა წმიდისათა და გარდაიცვალა ესე აშოტ კუხი ქრონიკონსა ~~ (. 918  . ტბეთს), და არა ესუა შვილი. გრაფინია უვაროვას ექსპედიციის დროს შავშეთში, ტბეთის ეკლესიის აღწერისას შეეცადნენ გაეხსნათ აშოტ კუხის საფლავი, მის მიერვე აშენებულ ტბეთის ეკლესიაში. თედო სახოკიას ცნობით – „ტაძრის გარშემო ადგილები, თვით ეკლესიის საძირკვლებიც კი, სულ გადათხრილი იქნა. დიდძალი ნივთები უპოვნიათ, ჩვენი არქეოლოგიისათვის ძვირფასნი, და წააღებინეს. აშოტ კუროპალატის საფლავის ჯერ გათხრა უნდოდათ, მაგრამ საფლავის ქვა ისეთი მძიმე გამოდგა, რომ ორმოცმა მუშამ დაძვრა ვერ უყო. მაშინ, როგორცა ვთქვით, ბერძენ ოსტატებს უბრძანეს, ნაღმით დაამტვრიეთ და ისე ამოვიღოთ საფლავში რაც ნივთები იქნებაო. ოსტატები გაკვირვებულები იყვნენ, რომ მარმარილოს ქვა ისეთი მაგარი გამოდგა, რომ ნაღმითაც ვერა დააკლეს რა.

სტეფანე მტბევარი, როგორც აგიოგრაფი, უმთავრეს ნაწილს მიქელგობრონის თავგადასავლის აღწერას უთმობს, მაგრამ, სამწუხაროდ, დაწვრილებით არაფერს გვაწვდის მისი წარმომავლობისა და ვინაობის შესახებ. მიქელგობრონის შესახებ არც სხვა ისტორიულ წყაროებში მოიპოვება დაწვრილებითი ცნობები. იგი გვაუწყებს, რომ გობრონმასახელი იცვალა, ვითარცა ყოველთა წმიდათა, ვითარცა პეტრეს კლდე და სავლეს პავლე, ამას ეწოდა პირველად მიქელ და მერე გობრონ“ (მტბევარი მოწამის სახელის ცვლილებაზე ხაზგასმით მიანიშნებს მნიშვნელოვან სულიერ ფერისცვალებაზე“ – „მიქელი“ ღვთის სწორი, ღვთაებრივი უნდა იქცეს სიკვდილზე გამარჯვებულ მარტვილად, ანუ დამადასტურებლად, მოწმედ, სისხლისა და სიცოცხლის ფასად რომ დაამოწმებს ჭეშმარიტებას). ქართველ წმინდანთა მოსახსენებლებში მიქაელგობრონი გობრონის სახელით იხსენიება.

ნიკოლოზ ორბელიანის (1672-1732), სულხანსაბა ორბელიანის ძმის მიერ ხუთსტრიქონიან იამბიკოებად დაწერილ ცისკრისაქებდითსა ზედა დასდებელთა“ უკანასკნელ მუხლში სხვა მრავალ წმინდანთა შორის გობრონიც მოიხსენიება: „ნინო, რაჟდენ პირველმოწამე, ესტატე მცხეთელი, შუშანიკ დედოფალი, იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი, დავით გარეჯელი, ისე წილკნელი, აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, არჩილ მეფე, აბო თბილელი, დავით და კონსტანტინე, ილარიონ ქართველი, გობრონი, იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელები, დავით აღმაშენებელი, ერისთავნიშალვა, ბიძინა და ელიზბარი, ლუარსაბ მეფე და ქეთევან დედოფალი“.

ანტონ I კათალიკოსსგობრონის წამების“ ძველი თხზულების სიუჟეტზე რიტორიკულიშესხმა“ შეუქმნია და თავისმარტირიკაში“ (XV თავი) შეუტანია. ამ თხზულების სრული სათაურიაშესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა დიდისა მოწამისა მიხაილგობრონისთა და მოყუასთა მისთა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპოსისა ყოვლისა ზემოისა საქართუელოისა, დავითიანბაგრატოვანისა“. წმ. გობრონს, რომელსაც ადრე მიქაელი ერქვა, ავტორი მხოლოდ თხზულების სათაურში უწოდებს მიხაელგობრონს, ტექსტში კიგობრონს. ამ თხზულებას წინ უძღვის ეს პატარა სადიდებელი – „მზეობს მიხაილ, ვარსკვლავებენ მოყუასნი, სფერასა ზედა ვნებისასა ბრწყინუალედ, სადა სქეტ ქრისტე სიბრძნე ღმრთისა მამისა, ეჰა, საკვირვო, საიდუმლო წყალობის, ვითარ მონანი ზიარ იქმნეს უფლისა. 

სომხური წყაროები მიქალგობრონს მიქაელგუგარელს უწოდებენ. გუგარები (გოგარენე) იყო ქვემო ქართლის ბერძნული სახელწოდება, სომხური წყაროებითგუგარქი. იბერიის პროვინცია, რომელიც ძვ. . II საუკუნეში სომხეთის სამეფომ შეიერთა. ძვ. . I საუკუნეში აქ იქმნება საპიტიახშო. I-II საუკუნეებში გოგარენე ქართლის შემადგენლობაშია, მოგვიანებით ისევ სომხეთმა შეიერთა. საბოლოოდ კი IV საუკუნის II ნახევარში გოგარენე ქართლის სამეფომ დაიბრუნა. გუგაქრის პიტიახშს სომხურ წყაროებში ქართლის პიტიახშიც ეწოდება. ტერიტორიულად გოგარენეს პროვინცია არსებითად მდ. ალგეთის, ქციისა და დებედის აუზებით ისაზღვრებოდა, თუმცა გუგარქის საპიტიახშოს ტერიტორია სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოცულობისა იყო.

 IX-X სს. სომეხი ისტორიკოსი იოანე დრასხანაკერტეცი წერს: „ყრმა ერთი მხიარული და ლამაზი სახისა, სახელად მიქაელი, გუგართა ქვეყნიდან“. ამასვე იმეორებს X-XI სს. სომეხი ისტორიკოსი სტეფანოს ტარონეციც. სომხურ სვინაქსარში მოკლედ გადმოცემულია მიქაელგობრონის ისტორია და მოსახსენებელ დღედ დადებულია 16 აპრილი. სომეხთა მეფე სუმბატ ბაგრატუნიშემდგომად მარტვირობისა წმიდისა გობრონისა, ვითრ სხუაი ღონე ვერა იპოვა, შევიდა იგი ციხესა კაპოეტისა. და მეფე იგი მრავლისა ტანჯვისა შემდგომად მოკლა და თავმოკუეთილი ჩამოჰკიდა ძელსა, საშუალ ქალაქსა დვინისასა“. 

აბულკასიმის ლაშქრობა სომხეთსა და საქართველოში, არაბთა მიერ ამიერკავკასიის დამორჩილების უკანასკნელ ცდად შეიძლება ჩაითვალოს. სამხედრო წარმატების მიუხედავად მან დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. ხალხის შეუპოვარმა ბრძოლამ აიძულა საქართველოს გასცლოდა.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

Exit mobile version