სავედრებელი პარაკლისი მიძინებისათვის ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა.
მიძინება – მარიამობა
მღდელმან: კურთხეულ არს-ი.
უკეთუ ერისკაცია, იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი
შობასა ქალწულებაი დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედაი ეგე ცხორებისაი, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.
დიდება ტროპარი (იგივე) აწდა…
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩვენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩვენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 3
ძლისპირი: რომელმან წამისყოფით შეკრიბნა წყალნი შესაკრებელსა ერთსა, მან განუპო მეწამული ზღუაი ერსა ისრაელისასა, ესე არს ღმერთი ჩუენი, დიდებული და ქებული, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
უგალობდეთ უფალსა, რომელმან გარდასცვალა ყოვლადუხრწნელი დედაი თვისი, ქალწული, საფლავით სამარადისოსა ცხორებასა, და ესე გამოაჩინა ყოველთა უზესთაეს ზეცისა ძალთა, შეამკო რაი ნათლითა ღმრთეებისაითა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
სახლი, რომელ იშენა ღმრთისა სიბრძნემან – დედაი თვისი, წმიდაი ქალწული უბიწოი, სულიერი სადგური ცათა მობაძავი, წმიდათა უწმიდესი, ბუნებათა უაღრესი, აღიყვანა იგი ნათლად ღმრთეებისა თვისისა, და მიანიჭა მადლი ხსნისა და შეწევნისაი.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ზეცისა უსხეულოთა კრებულნი, ქუეყანისათა თანა უგალობდენ გარდაცვალებასა დედოფლისა ჩუენისასა, ხოლო ჩუენ დიდების-მეტყუელებასა და ქებასა შევსწირავთ ღმერთსა, რომელმან განადიდა სახსენებელი მისი კიდეთა ქუეყანისათა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ეჰა, სასწაულნი უზესთაესნი, რამეთუ გეთსამანია სამოთხედ შეიცვალა დადგმითა მის შორის კიდობნისა წმიდისა დედისა ღმრთისაისა, რომელიცა აღტაცებულ იქმნა – ზეცისა კამარათა სასუფეველად, ვითარცა მშობელი ცათა მეუფისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვითარცა ჭეშმარიტად ღმრთისმშობელ ხარ, ყოველნი მორწმუნენი გიგალობთ შენ, რომელმან უთესლოდ მუცლად-იღე მოწყალე, და გვიშევ ჩუენ ხორცითა გამოუთქუმელი ღმრთეებაი ორითა ბუნებითა მხსნელად ჩუენ განწირულთა.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: ეჰა, ბერწო სულო ჩემო და ნაყოფთაგან ცუდო, აყუავენ ღმრთისა მიერ და ნაყოფიერი ესრეთ ღაღადებდ: არავინ არს წმიდაი, არავინ არს მართალ შენებრ, უფალო.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
მოიწია რაი ჟამი ხორცთაგან განსლვისა შენისაი, კრებული მოციქულთაი მსხდომარეი ღრუბელთა ზედა, კიდით ქუეყანისაით სიონდ მოიწივნეს მსახურებად შენდა, ვითარცა დედოფლისა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
შემოკრბეს რაი ღმრთისმეტყუელნი საღმრთოითა ეტლითა სიონსა შინა ყოვლად უბიწოსა დაძინებასა შენსა, აქუნდა ქნარი იგი დავითისი იოანე მახარებელსა, და ანგელოსებრ ხმა ტკბილად შეგასხმიდა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
დასნი უხორცოთანი მოიწინეს რაი წარყვანებად სულისა შენისა, უბიწოო, სძალო წმიდაო მარიამ, არა მიეც სული მოლოდებისათვის ძისა და ღმრთისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ილოცვიდეს რაი მოციქულნი შენ თანა, ყოვლად უხრწნელო მარიამ, გამოჩნდა ურიცხვი სიმრავლეი ანგელოსთაი და უფალი მჯდომარეი ქერობინთა ზედა ძალითა დიდითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მსგავსებაი უცვალებელი უხილავისა მამისაი წიაღსა შენსა იტვირთე და ხორციელად ჰშევ, ქალწულო უსძლოო, რომელმან ახოცნა პატიჟნი პირველნი სულთა ჩუენთანი.
გვიხსენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ყოვლისა სავნებელისა, და ჭირისა და იწროებისაგან, რომელნი ყოვლითა სულითა შევუვრდებით სასწაულმოქმედსა ხატსა მიძინებისა შენისასა.
მოიხილე, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, ფიცხელსა ამას სხეულისა ჩემისა დახსნილობასა ზედა და კურნებულ-ყავ ტკივილი სულისა ჩემისაი.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასი და ყოვლადუსამღუდელოესისა (მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომა
გნატრის შენ ყოველი თესლები, ღმრთისმშობელო, რამეთუ შენ შორის დაუტევნელმან ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან დატევნაი ნებსით სათნო იჩინა, და ნეტარ ვართ ჩუენცა, რომელთა მეოხად შენ გვივი, და დღე და ღამე გუფარავ ჩუენ, და განამტკიცებ კუერთხსა მორწმუნეთა მეფეთასა, ამისთვის მთავარანგელოსისა ხმასა გიღაღადებთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა!
გალობა 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: მოსლვისა შენისა საიდუმლოი მესმა დიდებული, შემეშინა და დამიკვირდა და სიხარულით ვღაღადებთ: დიდებაი ძალსა შენსა უფალო.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ნათელი გამობრწყინდა შენ ზედა მოსლვითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, ყოვლადწმიდაო, და შეგივრდეს და თაყუანის-გცეს ყოველთა ძალთა ზეცისათა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
გეტყოდა რაი უფალი წმიდასა დედასა თვისსა: აწ გადიდო შენ ჩემ თანა მარადის, სიხარულითა მიუგებდი: გევედრები შენ, კაცთმოყუარეო, რაითა მარადის იხსნიდე მოყუარეთა ჩემთა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ვითარცა დედამან რქვი ძესა შენსა: უფალო, მეუფეო ხილულთა და უხილავთაო, რომელი განჰკაცენ ჩემ მიერ, შეიწყალენ, რომელნი აღმიარებენ მე ღმრთისმშობელად.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
გამოუთქუმელითა ნათლითა განათლდა ღმრთისმშობელი, რაჟამს მოვიდა თვით მაცხოვარი და საუფლოთა მათ ნებთა შეიწყნარა დღეს სული მშობელისა თვისისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მარიამ, შენ ხარ სასაკუმევლე იგი ოქროისაი, რომელმან ერთი განუყოფელი სამებისაი მუცლად-იღე და მან სურნელ ყო ყოველი სოფელი.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: ჩუენებით ესაია იხილა რაი უფალი, საყდართა მჯდომარე და გარე-შეცვული ანგელოზთა მიერ, ღაღატ-ყო: ვაი უბადრუკსა, რამეთუ ვიხილე ღმერთი ხორცითა, ნათელი ბრწყინვალე და მთავარი მშვიდობისაი.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
დედათა სიქადული და ქალწულთა გვირგვინი და სასოი მამათაი, და ყოვლისა კეთილისა წინამძღუარი, ყოვლადუბიწოი მარიამ ღმრთისმშობელი განხვედ ხილულისაგან მის აგებულებისა, და მიიცვალე უხილავთა საღმრთოთა კეთილთა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ქებულსა და დიდებულსა გარდაცვალებასა დედისა და ქალწულისასა უსხეულონი აგრილობდენ რაი შიშით ფრთითა მათითა, გალობით ესრეთ ხმობდეს: ალილუია, და გიღაღადებდეს: გიხაროდენ, ღირსო, სასუფეველსა!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
დედაკაცი ეგე, მომკუდარი უზეშთაეს ბუნებისა, დედად ღმრთისად აღგიარეს წმიდათა მოციქულთა, და შიშით ზარგანხდილნი შემურვიდეს გუამსა შენსა, ყოვლადუბიწოო ქალწულო, ვითარცა სადგურსა ღმრთივ-შემწყნარებელსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ცეცხლებრნი იგი სულნი, უნათლესნი ნათელსა მზისასა ჰნათობდეს გარემოის გუამსა მას წმიდასა დედოფლისა მათისასა, და ხმობდეს: გიხაროდენ, უცხოდ მშობელო მეუფისა ჩუენისაო, გიხაროდენ, სასუფეველსა ძისა შენისასა!
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ქალწულო დიდებულო, ღმრთისმშობელო მარიამ, შენგან გამოგვიბრწყინდა ნათელი ბრწყინვალე დაუღამებელი, რომელმან განმანათლნა ჩუენ, მსხდომარენი ბნელსა და აჩრდილთა, და ესრეთ უღაღადებთ: უფალო, დიდებაი შენდა.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: დამკვიდრებაი იონაისი სიღრმესა მას შინა სახედ ბუნებისა ჩუენისა მოესწავებოდა ჯოჯოხეთს შინა, რომლისაგან მიხსენ, მრავალ-მოწყალე.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
შეგრაგნიდეს რაი ღმრთისმეტყუელნი გუამსა შენსა უბიწოსა, უხილავისა ღმრთისა სიტყვისა სიწმიდითა დამტევნელსა, გარემოის დგეს ქერაბინნი და ხმა-ტკბილად ადიდებდეს და გალობდეს მის ზედა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
განუმზადეს რაი საფლავი გუამსა ღმრთისა შემწყნარებელსა, ვითარცა მკუდარი, წარიღეს დაფლვად სამარესა, და ღმერთმან დაიცვა პატივი კიდობნისაი მის სულიერისაი დიდებითა საღმრთოითა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
შურისგებაი მიეწიფა ხელთა მათ კადნიერთა ურწმუნოისა მგმობარისათა, და საღმრთოითა რისხვითა მიიღეს რაი მოკუეთაი, კუალად ეგნენ მხარსა-ვე ზედა მისსა, შემდგომად სინანულისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოციქულთა და მოწაფეთა ეტვირთა ცხედარი შენი, ყოვლად უბიწოო მარიამ, და წარემართნეს რაი გეთსამანიად, წინა-უძღოდა ხატი მაცხოვრისაი და მგზავრ ღაღადებდეს მიცვალებისა გალობასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სიღრმეთაგან ცოდვათაისა და მოქცევისაგან ბრალთაისა აღმომიყვანენ ჩუენ, ქალწულო მარიამ, რამეთუ შენ ხარ მყუდროი ნავთსაყუდელი მოსავთა შენთაი.
გვიხსენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ყოვლისა სავნებელისა, და ჭირისა და იწროებისაგან, რომელნი ყოვლითა სულითა შევუვრდებით სასწაულმოქმედსა ხატსა მიძინებისა შენისასა.
მოიხილე, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, ფიცხელსა ამას სხეულისა ჩემისა დახსნილობასა ზედა და კურნებულ-ყავ ტკივილი სულისა ჩემისაი.
მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი, ხმაი 8
მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოებაი, ღმრთისმშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერა დაგაბრკოლეს, არამედ, ვითარცა დედაი ეგე ცხორებისაი, ცხორებად მიგცვალა, რომელმან დაიმკვიდრა საშოი მარადის ქალწულისაი.
იკოსი
დღეს დიდი სიხარული არს ცათა შინა ანგელოსთა მიერ, ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ქუეყანაი დაუტევე და ზეცისა ძალთა უზესთაეს გამოსჩნდი, რომლისათვისცა ანგელოსნი განკვირვებულ იყვნეს, ვითარ-იგი არა მიეც სული შენი, ვიდრემდე არა მოვიდა შობილი შენი და წარგიყვანა შენ შეერთებად ანგელოსთა და ძალთა ზეცისათა. მარიამ, დედაო და ქალწულო, ითხოვე სულთა ჩუენთათვის დიდი წყალობაი.
მღდელმან: მოხედენ. სიბრძნით.
წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 4
მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.
მუხლი: ისმინე, ასულო, და იხილე და მოყავ ყური შენი.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
სახარებაი ლუკასი
მათ დღეთა შინა აღდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაისა. და შევიდა სახლსა ზაქარიაისსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაი მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაი იგი მუცელსა მისსა და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ხმა-ყო ხმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი. და ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ხმაი მოკითხვისა შენისაი ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაი ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაი თქმულთაი მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე, და წარვიდა სახით თვისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოწყალებითა შენითა, მრავალმოწყალეო ღმერთო, აღხოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: გარდაცვალებასა შენსა, უბიწოო, ადიდებენ ზეცისა ძალნი და იხარებენ ქუეყანისანი, დიდებითა შენითა საღმრთოითა, და აწ ჩუენცა ერთობითა გიგალობთ და აღგძრავთ შეწევნად ძისა და ღმრთისა მიმართ შენისა, რაითა მოჰმადლოს ძლევაი მტერთა ზედა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიათაი, და მადლი და წყალობაი სულთა ჩუენთა.
მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; ჯუარისა ნინოისითა და ჯუარისა მცხეთისაითა, ზეგარდამოქსოვილისა კუართისა უფლისაითა და ღმრთივბრწვინვალისა სუეტისა ცხოველისაითა მირონმდინარისა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისაითა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთ-მოქმედისა და წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისმძლეთა მეფთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაითა; წმიდისა არქიმანდრიტისა, ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ვითარცა სამთა ყრმათა პირველად განუქარვე ალი იგი სახუმუილისაი მის, ჩუენცა განგუანათლენ ღმრთეებისა ნათლითა და ღირს მყვენ ღაღადებად: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ვითარცა მიიწივნეს გესმანიად, მიუძღუანნეს საფლავსა ხორცნი შენნი, უბიწოო დედაო, და საფლავსა ზედა დაგისვენეს ხატი მაცხოვრისაი, აწ ჩუენცა შეგვეწიე, და განგვარინე უმეცრებისაგან და სჯულისაგან უცხოისა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
განლიეს რაი ღამეი იგი ლოცვითა მოციქულთა, მიერულათ და ჟამსა ცისკრისასა განჰკრთეს ძილისაგან ძრვასა ქუეყანისასა, რამეთუ ქერობინ-სერაბინნი შიშით დაემორჩილნეს ძესა შენსა, და განგეხუნეს რაი ბჭენი ცათანი, ხორცნი შენნი ზეცად აღიტაცნეს უხილავად.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
მაშინ განკვირდენ ძალნი ანგელოსთანი და შიშით ურთიერთას იტყოდეს: აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და შეიწყნარეთ მშობელი ცათა და ქუეყანის შემოქმედისა, და გალობით ვადიდებდეთ პატიოსანსა და უხრწნელსა გუამსა, რომელმან უფალი ჩუენი დაიტია.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რაი სადა ხილულ არს მშობელი და კუალად ქალწული, არცაღა გუამი მკუდრისაი ზეცად აღსლვად სამარისაგან, არამედ ბუნებათა წარჰხედ შენ, ღმრთისმშობელო, ძისა მიერ შენისა, აწ გვიოხე წინაშე მისა, რაითა მოგვანიჭოს ხსნაი და მშვიდობაი ყოველთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სულსა მას სახიერსა მამისა თანა და ძისა თაყუანის-ვჰსცემთ განუყოფელად, სამგუამოვნებასა, და უგალობდეთ ერთღმრთეებასა, რაითა მოგუცეს სინანული და სლვაი კეთილ-სახედ სოფელსა ამას შინა მორწმუნეთა.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: ცეცხლი იგი შემწველი უსხეულომან შეაცურია და ღმერთ-შემოსილი ყრმანი ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ყოველსა ჟამსა მოელოდენ რაი თომა მოციქულსა, ჰინდოეთსა ნათელს-სცემდა ძესა მეფისასა და ამცნო რაი სულმან წმიდამან: წარვედ გეთსამანიად, მიიცვალების დედაი მხსნელისა შენისაი. მას ზედა დადრკა ღრუბელი ნათლისაი და აღიტაცა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
მოიწია თომა ძრვასა ქუეყანისასა, და ესმოდა რაი გალობაი ზეცისა ძალთაი, ეწადა შენგან მოღებაი კურთხევისაი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, და ცხოველს-მყოფელსა საფლავსა შენსა მიმთხვევაი.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
შეისმინეს რაი ბრძანებითა სულისა წმიდისაითა, პეტრე და იაკობ, ძმამან უფლისამან, განაღეს საფლავი შიშითა დიდითა და ნაცვლად გუამისა შენისა, დედოფალო, პოვეს ცარიელნი სახუეველნი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მაშინ გულისხმაყვეს მოციქულთა, მიზეზი იგი თომაის ნელიად მოსლვისა, რაითა იქმნეს განღებაი საფლავისაი და უწყებაი წმიდისა დედოფლისა სულითა და ხორცითა ზეცად მიცვალებისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სარწმუნოებით ვჰმონებთ სამებასა ერთარსებასა, უგალობთ მორწმუნენი და ვღაღადებთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: წერილთა მიერ შჯულისათა მოგუესწავა ჩუენ, მორწმუნეთა, ვითარმედ ყოველი წული, პირველ საშოისა განმღებელი, წმიდა უფლისა იწოდოს. აჰა, დღეს ვიხილეთ ჩუენ პირმშოი ზეცით და ქუეყანით და სარწმუნოებით ვადიდებთ.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ხორცითა საფლავისაგან უჩინოდ აღიტაცე და მკვიდრ იქმენ რაი ზესთა მკვიდრობისა, იდიდები კრებულისაგან ცათაისა, ვითარცა უმაღლესი შემდგომად ღმრთისა, აწ ჩუენცა მათ თანა გადიდებთ, რამეთუ მეოხ ხარ ჩუენთვის დაუცხრომელად.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ბუნებათა უზესთაესმან, უაღრესმან ქერობინთაისა – მარიამ, უსძლომან და უქორწინებელმან დედამან აღავსნა სიხარულითა ანგელოზნი და კაცნი ევმანუველისა შობითა და მის თანა მიცვალებითა, ხოლო ჩუენ გვაჩუენა ღმრთისად მიმყვანებელი გზაი ცხორებისაი.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
აღაპყარ ხელნი ძისა მიმართ შენისა, დედოფალო, და ილოცვიდი მორწმუნეთათვის: უფალო, მეუფეო ხილულთა და უხილავთაო, რომელი განჰკაცენ ჩემ მიერ, შეიწყალენ ყოველნი, რომელთა ღირსად შეგიწყნარნეს და მე აღმიარებენ ღმრთისმშობელად.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ნეტარ არს დაძინებაი შენი, მშობელო ღმრთისა სიტყვისაო, რამეთუ გონებათაგან მოუგონებელთა კეთილთა, თუალით უხილავსა ნათელსა, სადაცა თვით ღმერთი არს, მუნ დამკვიდრებულ ხარ და აწ ნუ დამივიწყებ მონათა შენთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აღმოსავალით ბჭედ დახშულად გიწოდა შენ წინაისწარმეტყუელმან, რომელსა შევიდა ღმერთი განუღებელად და გამოვიდა და ბჭე იგი ეგო დახშულად, ქალწულებაი უხრწნელად შემდგომად შობისა შენგან, დედაო ღმრთისა მაღლისაო.
ღირს არსის ნაცვლად იგალობება (ან იკითხება)
ანგელოსთა მიცვალებაი ყოველადწმიდისაი იხილეს და უკვირდათ, ვითარ ქალწული აღვალს ქუეყანით ზეცას.
ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი შენთვის, ქალწულო უბიწოო, ქალწულებრივი შობაი და სიკუდილი ცხორების მომცემელი და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე და მოკუდავი ცხოველ ხარ, ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ.
მღდელმან აკმიოს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს
მივიწინეთ გონებითა აწ გეთსამანიად და ყოველნი სარწმუნოებითა ვხმობდეთ ყოვლადწმიდისა დედისა მიმართ, ღმრთისმშობლისა: ნეტარ არს დაძინებაი შენი, ჰოი, მშობელო ღმრთისა სიტყვისაო, რამეთუ გონებათაგან მოუგონებელთა კეთილთა, თუალით უხილავსა ნათელსა, სადაცა თვით ღმერთი არს, მუნ დამკვიდრებულ ხარ, და აწ ნუ დამივიწყებ მოსავთა შენთა და განგვიმრავლე კეთილნი მწყემსნი, რაითა ჯეროვნად მსახურებდენ ეკლესიასა, და სამწყსოსა თვისსა, და ყოვლითურთ განწმენდილი და განათლებული მიუძღუნან უფალსა.
შენ, ქერობინთა და სერაბინთა უმაღლესო, ვითარ გიგალობდეთ შენ, ქალწულო, რამეთუ შემდგომად შობისა კუალად ქალწულადვე ეგე და საფლავსა შინა არავე განიხრწნა ხორცნი შენნი, არამედ რომელი-იგი შენგან ხორციელ იქმნა, არა დაგიტევა შენ ქუეყანასა ზედა, არამედ სასუფეველსა ცათასა დაგამკვიდრა, და აწ გაქუს რაი კადნიერებაი მისა მიმართ, გვითხოვე, რაითა დაგვიცვას მტერთა ხდომისა და ეშმაკის მძლავრებისგან.
ეჰა საიდუმლოსა შენსა, ყოვლადწმიდაო ქალწულო, რამეთუ მაღლისა საყდრად გამოსჩნდი, დედოფალო, და ქუეყანით ზეცად მიიცვალე, და დიდებაი შენი საკვირველ არს და გამოაბრწყინვებს რაი ნათელსა, მადლსა მას საღმრთოსა, აწ ჩუენცა ნუ დაგვივიწყებ წინაშე მისსა, ხსნად ჩუენდა ურიცხუთა მტერთა და ორგულთაგან, რომელთა განიგდეს წილი სამკვიდრებელსა ჩუენსა ზედა და მამული ჩუენი აღადგინე პირველსავე დიდებასა.
დღესასწაულსა მიძინებისა შენისასა სიხარულითა აღვასრულებთ, ჰოი, დედაო მხსნელისაო, და არა დავსცხრებით ვედრებად შენდა: გარდამოიხილე ჩუენზედა, ყოვლად უხრწნელო დედოფალო, და გვითხოვე ძისა შენისაგან, რაითა დაგვიფაროს ჩუენ ჭირთა და ურვათაგან, რისხვისა და სულთქმათაგან, და მშვიდობაი მოანიჭოს გულთა ჩუენთა.
უფლის ყოვლადწმიდისა დედისა მიცვალებასა სიონსა შინა უგალობენ ერნი სამღდელოთა თანა, და ადიდებენ დღესასწაულსა ამას ყოვლად-ბრწყინვალესა, ხოლო ჩუენ აღგიარებთ დედად მხსნელისა და ქებით ვადიდებთ პატიოსანსა მიძინებასა შენსა, რაითა უღმრთოთა ნებისაებრ არა მივიდრიკნეთ უშჯულოებისადმი, და სამწმიდაარსობისა გალობითა მარადის ვადიდებდეთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედოფალო, დედაო კაცთმოყუარისა ღმრთისაო, რომელმან მშობელი თვისი შობასა დაგიცვა ქალწულად და უვნებელად, ეგრეთცა სასუფეველსა შინა დაამკვიდრა გუამი შენი უხრწნელად და გადიდა რაი მიცვალებითა მით საკვირველითა, ვითარცა უმაღლესი ყოველთაი, იდიდები კრებულისაგან ცათაისა, და მათ თანა იხარებს ქრისტეს წმიდაი ეკლესიაი დღესასწაულსა მიძინებისა შენისასა და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა ქებად და დიდებად, მადლობად, თაყუანის-ცემად და კურთხევად, გალობით შესხმად და უფროისად აღმაღლებად სასოისა და სიქადულისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, რომელი მარადის ცრემლითა ითხოვ ჩუენთვის წყალობასა და ცოდვათა შენდობასა.
ჰოი, მხოლოო დედათა შორის კურთხეულო, ყოვლად დიდებულო ღმრთისმშობელო, რომელი მიიცვალე ძისა და ღმრთისა – მეუფისა შენისა ნათელსა საღმრთოსა სამარადისოსა, აწ ნუ დაგვივიწყებ წინაშე მისსა, რაითა აღამაღლოს რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთა და დაიფაროს წილხვედრი ესე ქუეყანაი შენი ივერიაი მძლავრებისაგან ბოროტისა, ხოლო მთავრობათა და მხედრობათა ჩუენთა შთაუნერგოს გულსა შინა თვისთა სიყუარული ღმრთისაი და მამულისაი, და დაგვიფაროს ანტიქრისტეს ხიბლისაგან და საცთურისა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე დიდი მეუფე ჩუენი – უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზნო წესნი. კეთილმორწმუნენი, მხედართმთავარნი, და ქალაქმთავარნი, და ყოველნი ქრისტეისმოყუარე მხედრობანი და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, ყოვლადუბიწოო ქალწულო, მარიამ ღმრთისმშობელო! შენ მიერ ხრწნილებაი განქარდა და სიკუდილი განიხრწნა, განეშორა რაი გუამისაგან შენისა, და არცაღა უბიწონი ხორცნი შენნი საფლავსა განიხრწნა, არამედ ამაღლდი სავსეი, ვითარცა ტაძარი და საყდარი, ღირსი შენგან შობილისა ღმრთისა, რომლისა მიმართ, ვითარცა დედაი, ყოვლად წმიდაო, ნუ დასცხრები ოხად მოსავთა შენთათვის, რაითა ყოველნი წმიდათა მამათა მიერ გარდამოცემულსა სარწმუნოებასა შინა განვმტკიცდეთ, ვიდრე აღსასრულადმდე ცხორებისა ჩუენისა, და ყოველთა მცნებათა მიმართ უფლისათა უბრკოლველად ვიდოდეთ და ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა ვსცხონდებოდეთ სიწმიდითა და ღმრთისმოსავობითა, რაითა სათნო ვეყუნეთ შენგან შობილსა და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა მისსა, რომელი განუმზადა მოყუარეთა თვისთა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სული წმიდითურთ, აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვიისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი.. აწდა…
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.
მღდელმან: ჩამოილოცოს
ერისკაცმან: დიდებაი… აწდა..
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ლოცუაი მთხვევნასა ზედა ხატისასა:
აღიძრვიან ყოველნი ერნი ზეცისა და ქუეყანისანი, დიდებად და გალობად შენდა, ჰოი, დედაო მხსნელისაო, ხოლო ჩუენ სიყუარულით თაყუანის-ვჰსცემთ მადლმოსილსა ხატსა შენსა მიძინებისასა, და სარწმუნოებითა გევედრებით: შეგვაწყნარე მხოლოდშობილსა ძესა შენსა, და მაცხოვარსა ჩუენსა, ქრისტესა, რაითა მართლაღსარებითა დამტკიცებული ეკლესიაი თვისი და ყოველნი შვილნი მისნი დაიცვას შეუძრველად, ხოლო ჩუენ მოგვიტევოს ცოდვანი ჩუენნი, და დაგვიფაროს ყოველთა ჭირთა, განსაცდელთა და სნეულებათაგან.
სარწმუნოებითა პატივს-ვჰსცემთ ქუეყანით ზეცად ამაღლებისათვის მიცვალებასა შენსა, და გევედრებით: კურთხეულო დედათა შორის მარიამ, შეგვეწიე, და ღირს-გვყვენ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა
იოანე მინჩხის ღმრთისმშობლის მიძინების დასდებლების გამოყენებით