წმინდა მეფე თეოდოსი დიდის პარაკლისი
წმიდა იმპერატორმა თეოდოსი დიდმა თავისი ზეობის დროს (379-395) გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა წარმართობას. გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც კერპების ყოველგვარი მსახურება დანაშაულად ითვლებოდა. კეთილმსახური მეფე ერთგულად იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ერეტიკოსებთან ჭიდილში. მან მოიწვია II მსოფლიო კრებაც (381 წ).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
მღდელმან: კურთხეულ არს–ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომაადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 8
მოღუაწე იქმენ კეთილმსახურებისა, დიდო მეფეო თეოდოსი, და სამეუფოითა ძალმოსილებითა აღმოფხუერ რაი საცთურნი მწვალებელთა და წარმართთა, დაამტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოებაი, და მრავალი ერი მიჰგვარე ღმერთსა, მას ევედრე აწ ჩუენთვისცა, რაითა მოგვანიჭოს შენდობაი ცოდვათაი.
დიდებაი… ტროპარი (იგივე) აწდა…
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩვენ ესოდენთა ჭირთაგან, ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობა 1, უგალობდითსა, ხმაი 2
ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთაი, და ღაღადებდა: მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო თეოდოსი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ქებით შეგამკობთ შენ, ჰოი, მეფეო წმიდაო და რჩეულო, და გევედრებით: მიითუალე სავედრებელი ესე გალობაი, შეწირული შენდა და გვითხოვე ღმრთისაგან შენდობაი ცოდვათაი.
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო თეოდოსი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
შეიყუარე რაი ღმერთი, წმიდაო თეოდოსი, ღმერთმანცა შეგიყუარა, გვირგვინოსან-გყო და გადიდა, ვითარცა საწუთროსა ამას შინა, ეგრეთცა საუკუნოდ ცათა შინა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მსგავსად მზის თუალისა გამოჰბრწყინდი, პატიოსანო მეფეო, და განანათლენ ყოველნი ცის კიდენი საღმრთოითა მით ნათლითა და ეკლესიაი დაიცევ მწვალებელთაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბჭეო აღმოსავალისა საღმრთოისაო, განმიხვენ მე კარნი სინანულისანი და ბჭეთაგან სიკუდიდ-შემოსილისა ცოდვისათა, შუამდგომელობითა შენითა მიხსენ მე, ყოვლადწმიდაო ქალწულო.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაი შენებრ, კაცთ-მოყუარე.
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო თეოდოსი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
რაჟამს იყო ურვასა შინა უმწყემსოებისასა ერი იგი ჰრომისაი, მოვიდა მათდა კაცი ღმრთისაი, და განსწავლიდა, რაითა მწყემსისა კეთილისა მოცემაი ევედრონ ღმერთსა.
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო თეოდოსი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
იწყეს რაი მარხვად და ლოცვად მორწმუნეთა, ერთობითა ხმობდენ ქრისტეის მიმართ: მოჰხედე, მხსნელო, ვენახსა ამას შენსა, რომელი დაასხი ხელითა პირველ მეფისა კოსტანტინეისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ესმა რაი უფალსა ხმაი მორწმუნეთა თვისთა ვედრებისაი, მოსცა მათ სარწმუნოი და გონიერი თეოდოსი მართალი, სათნოდ მეფედ და წინამძღურად, ვითარცა დავით ისრაელთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და ყოვლითურთ დასჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დასჯისა მიხსენ და მაცხოვნე მე.
გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის და ყოვლადუსამღდელოესისა (მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი… განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომაი, ხმაი 4
იხარებს ერი მორწმუნეი წმიდასა ხსენებასა შენსა და ეკლესიასა შინა აქებს სათნოებათა შენთა და სიმდაბლესა, წმიდაო თეოდოსი, რამეთუ სახე ექმენ შემდგომთა მათ მეფეთა, და რომელნი გემსგავსნეს, შენ თანა იშუებენ ედემსა შინა, აწ ჩუენთვისცა ევედრე ღმერთსა, მოცემად სინანული და მოტევებაი ცოდვათაი.
გალობა 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაი, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო თეოდოსი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
არა ხვიდოდი მდიდართა თანა, და არცა იქცეოდი უღირსთა თანა, თეოდოსი, არამედ დამდაბლდი და აღგამაღლა ქრისტემან საყდართა ზედა ქალაქსა სამეუფოსა.
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო თეოდოსი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ვითარცა სამოელ წინაისწარმეტყუელმან სცხო დავითს მწყემსობასა შინა, ეგრეთცა გცხო სულმან წმიდამან საღმრთოი გულისხმისყოფაი, გარდასცვალა გული შენი და მეფედ-გყო მრავალთა ერთა ზედა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
საყდართა სამეუფოთა ღირს იქმენ რაი დაჯდომად, თეოდოსი, მფარველ ექმენ მართლმადიდებელთა, და განაქარვებდი მწვალებელთა და კერპთმსახურთა კადნიერებასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან ჰშევ მზეი სიმართლისაი, მარადის ქალწულო, და ძლევაი მოჰმადლე მართლმადიდებელთა ერთა.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: განგუანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაი შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყვარე.
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო თეოდოსი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მხნეი იყავ, მეფეო თეოდოსი, და ახოვნად ბრძოდი რაი ურიცხუთა მტერთა, ჟამსა მას კონსტანტინეპოლეს წარსლვაი ებრძანა ზეგარდამო გრიგოლი ღმრთისმეტყუელსა, რაითა იხსნას მკვიდრნი მისნი წვალებათაგან.
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო თეოდოსი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ბარბაროზთა ზედა განგიმარჯვა რაი უფალმან, დიდებითა შეხვედ სამეუფოსა მას ქალაქსა, და განდევნე რაი მწვალებელნი, სიყუარულითა შეიტკბე მათ მიერ დევნული ღირსი გრიგოლი და წარუძეღ სამოციქულოსა მას ტაძარსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
შებრძანდა რაი საკურთხეველსა ღირსი იგი მღდელთმთავარი, განბრწყინდა გარემოი საკვირველად და განცვიფრებულმან ხმა-ყავ: aჰა ესერა, მამაო საწადელო, ჩემ მიერ მოგცემს შენ ღმერთი კონსტანტინეპოლის საყდარსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განსწმიდე სული ჩემი, ღმრთისმშობელო ქალწულო, შეგინებული სიტკბოებითა ხორციელითა, ზაკუვათა მიერ გუელისაითა და მიხსენ სნეულებისგან ხორცთაისა.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა.
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო თეოდოსი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ვითარცა ებანი ღმრთისმეტყუელი, ჰქუხდა რაი ღმრთისა დიდებასა გრიგოლი, არქიებისკოპოსი კონსტანტინეპოლისაი, აღგძრა შენ შეკრებად ასერგასთა მათ მამათა, ქრისტეის მოყუარეო მეფეო, და ქმენ იგი თავ და განმაჩინებელ მსოფლიოისა მის კრებისა.
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო თეოდოსი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მწვალებლობანი შეაჩვენეს და ჭეშმარიტი სარწმუნოებაი დაამტკიცეს რაი ნიკიისა კრებასა მამათა, მრავალნი კანონნი განსაზღვრეს და სულიწმიდისა მიმართ მოციქულთა სწავლებაი შთაწერეს განჩინებათა შინა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ღმრთეებრივნი დოღმატნი სარწმუნოებისაი დაადგინეს რაი ღირსთა მათ მამათა, თანასწორად ცნეს პატივი ჰრომისა და კონსტანტინეპოლის ებისკოპოსთა, და შენცა დასვი ბეჭედი, წმიდაო მეფეო თეოდოსი, განჩინებასა მას კრებისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განჰკურნე უკურნებელი და უძლური გული ჩემი, ღმრთისმშობელო, დაპყრობილი ვნებითა და სიბოროტითა, და შენმიერსა კურნებასა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო ქალწულო.
მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი, ხმაი 8
ვითარცა ეკლესიასტეი იყავ რაი სიბრძნითა სავსეი, გონებასა შენსა განწმედდი საღმრთოითა ცნობითა და განჩინებათა მიერ შენთა დაუყვენ რაი პირნი მწვალებელთა, მით დაუმტკიცე მართალი სარწმუნოებაი ეკლესიათა, და ქრისტეის მადიდებელნი შეჰკრიბენ მას შინა.
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4
და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა
მუხლი: ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან ჩუენმან.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინე წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
სახარება იოანესი (თ. 10. 9-17)
ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა, მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი ჰპოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდეს, არამედ რაითა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაითა ცხორებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის. ხოლო სასყიდელით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი, იხილის-რაი მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ, და არარაი სჭირნ მას ცხოვართათვის. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყუანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა ღმრთივგვირგვინოსანისა მეფისა თეოდოსი დიდისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: მოიღე რაი პატივი და ნიჭი მეფობისაი, სიბრძნითა, კეთილმოქმედებითა და მხნეობითა განამტკიცებდი მართლმადიდებელთა და დაამხობდი რაი მტერთა მათთა, აწ ჩუენცა გვითხოვე ქრისტეის მიერ შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი, და მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა, სიმტკიცეი მორწმუნეთა და ამაღლებაი რქისა მათისაი მწვალებელთა ზედა, მშვიდობაი სოფლისათვის და წყალობაი სულთა ჩუენთა.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა–სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისაითა და აბიათარ მღდელისა და სიდონიაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა, და წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა, და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაითა; წმიდისა არქიმანდრიტისა, ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა და წმიდისა ღმრთივგვირგვინოსანისა მეფისა თეოდოსი დიდისაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო თეოდოსი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ღმრთისა შიშმან უშიშ გყო რაი სულთა მიმართ ბოროტთა, სული ძლიერებისაი დაადგრა შენთანა, ჰოი, მეფეო საკვირველო, და განაქარვებდი უხილავთა და ხილულთა მტერთა მრავალ-საფრხეთა.
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო თეოდოსი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ქრისტემან მიგცა რაი მწყემსად სამწყსოთა თვისთა, ყოველთა აღაორძინებდი სულიერითა და ხორციელითა კეთილითა, აწ ჩუენცა წარგვიმართე გზასა მართალსა და დაგვიფარე ყოვლისაგან ჭირისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
იყავ რაი მართლ-განგებითა მსაჯული, ობოლთა მწყალობელი, შემწეი დაწუნებულთაი და მსაჯული ქურივთაი, ვითარცა ტკბილი და მოწყალეი მამაი, კეთილად განაგებდი ქუეყანასა შენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩუეულებისაგან უჯეროისა, მოწყალებისა მომართ შენისა მოვივლტი განწირული, და გევედრები: მაცხოვნე მე, ყოვლადწმიდაო.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შვიდწილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის, გულისწყრომითა და რისხვითა, და ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო თეოდოსი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ფრიადი სიმხნეი მოგანიჭა რაი ღმერთმან, ჰოი, ჰოი, წმიდაო ღმრთივგვირგვინოსანო მეფეო თეოდოსი, დახსნიდი ძალსა მტერისასა, და იცავდი რაი ერსა შენსა ზედა-დასხმისაგან მათისა, აწ ჩუენცა გვითხოვე ქრისტეის მიერ ხსნაი განსაცდელთაგან, და ძლევაი ურიცხუთა მტერთა და წინააღმდგომთა მისთა ზედა.
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო თეოდოსი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ეჰა, სასწაული ღმრთეებრივისა მადლისაი, დაგამორჩილნა რაი მდინარენი, სამებისათვის მოღუაწეო, საკვირველთმოქმედო მეფეო, რამეთუ მიუწერე შენ ნილოსსა და მოუწოდე, რაითა მორწყოს ქუეყანაი წყურიელი, აწ ჩუენცა მეოხად მოგიგებთ ღმრთისა მიმართ, რაითა გვიხსნას სიყმილისაგან ხორცთაისა და სული ჩუენი გამოზარდოს პურითა გულისხმის-ყოფისაითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ღმერთმან მხოლომან აღამაღლა მეფობაი შენი, და ვითარცა დავით ესროდი რაი სიტყვისა შურდულითა მწვალებელთა, ჭეშმარიტი სარწმუნოებაი განავრცე ყოველსა ქუეყანასა, აწ ჩუენცა ვესავთ შეწევნასა შენსა ღმრთისა მიმართ, რაითა წარმოავლინოს ჩუენდა ბრძენნი განმგებელნი და ღირსნი მამანი, მასწავლელნი საღმრთოისა სიტყვისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმშობელო, ყოვლად საგალობელო, შენ ყოველნი ძალგიძს, პირველ საუკუნისა ძისა შენისა თანა, ევედრე უკუე მას, ვითარცა მოწყალეი დედაი, რაითა ამაო ჰყვოს საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურთა იღუწიან სავნებელად ჩუენდა, და გვიხსნას სასჯელთაგან საუკუნეთა.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: განკვირდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოი შენი უმაღლეის ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო თეოდოსი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ვითარცა პირველ მოსე ზღუაი განაპო და დაანთქა ერი იგი ფარაოისი, ეგრეთვე შენ წარმართულნი ტაძარნი და საკერპონი დაარღვიე და პყრობილ-ყავ ჯადოქარნი და დახსნენ მანქანებანი მათნი, აწცა ძალითა ქრისტეისითა მტერთა ჩუენთა მზაკუვარებანი განაქარვე და დახსენ წინა-აღდგომაი მათი.
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო თეოდოსი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ქრისტეის მხსნელისა იქმენ ერთგულ-მოწაფეი, ჰოი, ღმერთშემოსილო თეოდოსი, და სოფელსა შინა ჰქადაგე რაი ერთღმრთეებაი სამებით დიდებული, სწავლისა შენისაებრ აღვიარებთ ჩუენცა, და გევედრებით: რაითა ცოდვანი ჩუენნი მოგვიტევოს უფალმა და განანათლოს გულნი და გონებანი ჩუენნი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
დაღათუ გაქუნდა სიმაღლეი ქუეყნიერი, ქრისტემოყუარეო მეფეო თეოდოსი, გარე წარჰხედ საწუთოისა საცთურთა, და სულითა დამდაბლებული ჰმსახურებდი ღმერთსა, მას ევედრე, აწ მომადლებისათვის ჩუენდა სინანულისა, რაითა საწუთოიცა ცხორებაი ჩუენი კეთილად განვვლოთ და განვერნეთ საუკუნეთა მათ სატანჯველთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, მდგომარეი ხარ მარჯვენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, და აწ მეცა შემეწიე წინაშე მისა, რაითა ნაწილისაგან მარცხენისა მიხსნნეს მე, დღესა მას შინა სასჯელისასა და აღმრაცხოს მარჯვენითთა ცხოვართა თანა.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელმან აკმიოს:
მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
ვითარცა ნაძვი ლიბანისაი, აღმაღლდა სახელი შენი, ჰოი, მეფეო ქრისტესო შედგომილო, და ვითარცა დანიელ პირველ ლომთა დაუყვნა რაი პირნი ჯურღმულსა შინა, ეგრეთვე არა შეიწყნარებდი შენცა ღუარძლსა მას წვალებისასა, და აღავსებდი რაი ეკლესიათა მადლითა, წმიდათა შორის შეგრაცხა და გვიწესს სამწყსოსა თვისსა, რაითა მარადის გაქებდეთ შენ, წმიდაო თეოდოსი, ვითარცა ჭეშმარიტებისა მცველსა და და გევედრებოდეთ ლხინებასა.
ქმნულნი შენნი, დიდო მეფეო თეოდოსი, არცა-ღა დაინთქა სიღრმესა დავიწყებისასა, რამეთუ ძუელნი მატიანენი გვაუწყებენ, თუ ვითარ ვიდოდი გზასა მას ჭეშმარიტებისასა, და კეთილმსახურებითა თვისითა განამტკიცებდი რაი მორწმუნეობასა ერისასა, აწ იშვებ სასუფეველსა და განიცდი რაი სამებისა დიდებასა, ზეცით გარდამო მოგუხედენ, საწადელო მეფეო, და დაგვამტკიცე მართლ-სარწმუნოებასა ზედა.
ქრისტემან მოგცა მადლი სასწაულთაცა საქმედ და პატივ გცა რაი საწუთროსა ამას შინა, შემდგომად სიკუდილისა ამაღლდი წინაშე მისა, და გვირგვინოსან-გყო რაი დიდებითა და პატივითა, აწ გაქუს კადნიერებაი წინაშე მისა, დაგვიცვას უბიწოდ წვალებისაგან, რაითა წრფელითა გულითა ღაღადვჰყოთ: არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, და არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო, და ვაქებდეთ ღმერთსა.
ვაი, ერსა ზედა ჩუენსა მოწევნულსა ურვასა, რამეთუ დავმდაბლდით, და შევმცირდით და განვიბნინენით ყოველსა ქუეყანასა, გარნა მოქენე ვართ შეწევნისა შენისა ღმრთისა მიმართ, რაითა გარე წარაქციოს ურიცხუნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელნი ბოროტად შეთქუმულ-არიან ერსა ჩუენსა ზედა, და აღგვიდგინოს მამული ჩუენი პირველსავე დიდებასა, რაითა არა სთქუან ყოველთა, სადა არს ღმერთი იგი მათი, რომელთა მიმართ აქუთ სასოებაი.
მტკიცესა მას შენსა შეწევნასა შევრდომილნი, დიდებულო მეფეო თეოდოსი, შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, ყოვლადწმიდასა ქალწულსა ღმრთისმშობელსა, რაითა შეგვეწიოს ყოველსავე ჭირსა და საცთურსა შინა და აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა, რაითა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა და წმიდა არსითა და ალილუიათი უგალობდეთ სამებასა განუყოფელსა და შეურყვნელსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო–თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, წმიდაო კეთილმსახურო მეფეო თეოდოსი, დიდო მნათობო ეკლესიისაო და სიბრძნითა განმგებელო სამეფოისა შენისაო, წარმართულთა ცდომათა აღმომფხურელო და დამამტკიცებელო მართლისა სარწმუნოებისაო, მეფეთა სიმტკიცეო, მთავართა დიდებაო, უძლურთა ძლიერებაო, გლახაკთა მწყალობელო, ობოლთა გამომზრდელო და მსაჯულო ქურივთაო, სიტყვიერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და დიდო მეოხო ჩუენო და ურცხვენელო შესავედრებელო წინაშე მაცხოვრისა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისაო!
ჰოი, მწყემსო კეთილო საღმრთოთა სამწყსოთაო, დიდო მეფეო თეოდოსი, ფრიადი სიბრძნეი მოგანიჭა რაი ქრისტემან ღმერთმან, ერჩდი ნებასა მისსა, და კეთილმსახურებითა თვისითა განამტკიცებდი რაი მორწმუნეობასა ერისასა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა ეკლესიაი ჩუენი შეურყეველად დაიმარხოს ყოვლისაგან წუალებისა, და ერი ჩუენი, წილხვდომილი დედისა თვისისაი დაიცვას მტერისა საფრხისა და ძმათა შორის მტერობისგან, ხოლო ჩუენ მოგუმადლოს სიყუარული ღმრთისა და მოყუასისაი, და აღგვიდგინოს ცხებული ღმრთისაი, რომელიცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძალავს სამზღუართა საქართუელოისათა, და აღამაღლებს და აღადგენს ღირსებასა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და მსახურებასა შინა განაძლიერე დიდი მეუფეი ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართუელოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარ-ეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, წინამძღუარნი მონასტერთანი, მწყემსნი და მოძღუარნი, მოღუაწენი და აღმსარებელნი, მონაზონთა სიმრავლენი და ყოველნი ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი; განანათლენ ქრისტეისმოყუარენი მთავრობანი და მხედრობანი; დაიცვენ კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, სკიპტრისმპყრობელთა შორის უსაჩინოესო მეფეო თეოდოსი, მწყემსად ჭეშმარიტად დაგადგინა რაი სიტყუამან ჭეშმარიტებისამან, კიდეთა სოფლისათა განსთქვი სარწმუნოებაი მისი და გადიდა რაი ხორციელთა შორის, შემდგომად მიცვალებისაცა უხორცოთა თანა დაგამკვიდრა, და მოგანიჭა მადლი შეწევნისა და ეშმაკთა განსხმისაი, აწ ჩუენცა შეგვეწიე მისა მიმართ, რაითა აღმოგვიყვანოს სიღრმეთაგან ცოდვათასა და გვიხსნას სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, განმხრწნელისა ქარისა, მახვილისა და ზედა დასხმისაგან მტერთაისა, უცნაურისა სიკუდილისა და ყოვლისაგან ბოროტისა, რაითა ვსცხონდეთ, და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ქრისტეის ღმრთისა ჩუენისაისა, რამეთუ მეუფებაი მისი კურთხეულ არს და დიდებულ, თანა დაუსაბამოთ მამით მისით და ყოვლად-წმიდით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელი: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.
მღდელი: ჩამოილოცოს…
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და წმიდისა ღმრთივგვირგვინოსანისა მეფისა თეოდოსი მორწმუნისა, სასწაულთმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:
შეიწირე აწ ქებაი მადიდებელთა შენთაი, ქრისტეისმოყუარეო მეფეო, სანატრელო თეოდოსი, და ნუ მოიხსენებ ძვირთა ჩუენთა, არამედ შეგვეწიენ მხურვალითა შუამდგომელობითა წინაშე ღმრთისა, ვინაი ესე შეუვრდებით პატიოსანსა ხატსა შენსა, დაგვიცვას ხორციელთა სენთა და საეშმაკოთა ვნებათაგან, რაითა ჟამსა მას შინა განსჯისასა განვერნეთ საუკუნეთა მათგან მწარეთა სატანჯველთა და მარადის შენთანა ვადიდებდეთ მას ზეცათა იერუსალეიმსა შინა.
ყოველთა შეცოდებულთა სასოო და შემდგომად ღმრთისა შესავედრებელო და მფარველო ყოველთა ქრისტეანეთაო, უმეტესად კურთხეულო დედაო ქრისტეის ღმრთისა ჩუენისაო, მარადის ქალწულო მარიამ, მოხედენ ვედრებასა ჩუენსა და გვიხსენ ყოველთა ურვათა და ვნებათაგან.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა