Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

სიტყვა კე-სა კვირიაკესა, ვინ არს მოყვას ჩემდა? წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ქაბრიელ ეპისკოპოსი

ქაბრიელ ეპისკოპოსი

ვინ არს მოყვას ჩემდა? (ლუკ. ი, კთ.)

ესრედ ჰკითხა უფალსა ერთმა სჯულის-მეცნიერმა. მას სურდა შეტყობა: ვინ არს მისი მოყვასი, ვინ უნდა შეიყვაროს მან, ვითარცა თავი თვისი? იგი ჰგონებდა უთუოდ, რომელ არა ყოველი კაცი არის მისი მოყვასი და ყოველს კაცს იგი ვერ შეიყვარებს, ვითარცა თავსა თვისსა. რისთვის ჰფიქრობდა, ძმაო ქრისტიანენო, ეს სჯულის-მეცნიერი ამ სახით? გარნა სჯულის-მეცნიერმა ის არ იცოდა, რომ კაცის მოყვასი არის ყოველი სხვა კაცი? გარნა მის სჯულში, რომელიც მან კარგად იცოდა, არ ამოეკითხა მას, რომელ ყოველნი ტომნი და თესლნი კაცთანი შთამომავლობენ ერთისა წინაპარისა ადამ და ევასაგან, მაშასადამე არიან ძმანი და მოყვასნი? მართალია, ძმანო, ეს უთუოდ იცოდა იმ სჯულის-მეცნიერმა, გარნა სჩანს, რომ ამ სოფლის ჩვეულებამან დაავიწყა მას სწავლა სჯულისა. შჯული ასწავლიდა მას, რომელ ყოველნი კაცნი არიან მისნი მოყვასნი, გარნა იმ ჟამად, როდესაც იგი ამას ჰკითხავდა, ურიათა შორის იყვნენ მრავალნი განყოფილებანი და განწვალებანი, რომელთა მათ თითქმის დაივიწყეს: რა არის მოყვსობა და ვინ არის მოყვასი. ურიანი არა თუ უცხო ტომის კაცს არ სთვლიდნენ მოყვასად, არამედ თვით მათ შორის იყვნენ ისრეთნი განყოფილებანი, რომ ზოგჯერ ერთი მეორეს არ მიაჩნდა მოყვასად, მაგალითებრ, თვით იგი სჯულის-მეცნიერი და მისნი ტომნი ფარისეველნი და სადუკეველნი შეურაცხ-ჰყოფდენ და მოყვსად აღარ სთვლიდენ დაბალსა უსწავლელსა ხალხსა; მღვდელნი და ლევიტელნი იყვნენ განშორებულნი სხვა წოდების კაცთაგან, ერთი მხრის ანუ ერთი მაზრის მცხოვრებნი ემტერებოდნენ მეორე მაზრის მცხოვრებთა; გალილეველთა სხვა მაზრის მცხოვრებნი ეცინოდენ და შეურაც-ჰყოფდენ; სამარიტელთა ურიანი არც კი შეეხებოდენ; ვინაიდგან მიაჩნდათ იგი უწმიდურად.

ამ სახით დაკარგული იყო ურიათა შორის მოყვრობა და სიყვარული. დასამოძღვრებლად მათდა და გასასწორებლად მათისა ცრუ აზრისა და მათისა მავნებელისა ჩვეულებისა მაცხოვარმა სთქვა ის მშვენიერი იგავი, რომელი გესმათ თქვენ დღეს სახარებითგან და რომელსა შინა არცა მღვდელმა, არცა ლევიტელმა არ აჩვენა მოყვსური სიყვარული თვით მათის ტომის და შთამომავლობის კაცსა, ავაზაკებისაგან დაჭრილსა და გზაზედ მიგდებულსა. გარნა სამარიტელმა ურიათაგან შეურაცხოფილმა და მოძულებულმა კი იხსნა იგი სიკვდილისაგან.

თუმცა ჩვენ ქრისტიანენი ვართ, თუმცა სახარება გვასწავლის ჩვენ, რომელ ამ სოფლის ჩვეულებანი და განყოფილებანი არ უნდა გააუქმებდეს მოყვსობის სიყვარულსა და რომელ ქრისტიანე სიყვარულსა თვისსა მოყვსისადმი არ უნდა დააფუძნებდეს ამ სოფლის კავშირსა ანუ ანგარიშსა ზედა, არამედ ყოველი კაცი უყვარდეს მისთვის, რომელ იგი არის კაცი, ადამიანი; საუბედუროდ, ჩვენ ხშირად გულში გავარჩევთ, ვინ არს მოყვას ჩვენდა და ვინ არა; ზოგი კაცი მიგვაჩნია მოყვასად და ყოველ შემთხვევაში მივსცემთ შემწეობასა, და ზოგიერთ კაცზედ ხშირად ვფიქრობთ, რომ ის არ არის მოყვასი და მისი სიყვარული ჩვენ არ გვმართებს; ესრედ რომელ მოყვსურსა სიყვარულსა ჰმართავს ჩვენს გულში არა საღმრთო სჯული სახარებისა, არამედ უბრალო მსოფლიური ანგარიში. როგორადაც ძველი ებრაელნი იყვნენ განსწავლულნი სხვათა და სხვათა წოდებათა შორის, აგრეთვე აწინდელიცა ჩვენი ქრისტიანული საზოგადოება არის განყოფილი მრავალ-წოდებად, მაგალითებრ: არის წოდება კეთილშობილთა, სასულიერო და საერო, წოდება სამოქალაქო, სამხედრო, წოდება ვაჭართა და გლეხთა. საუბედუროდ ესრეთნი განყოფილებანი ქრისტიანეთა შორის, ხშირად გარდაიქცევიან მიზეზად განშორებისა, უკმაყოფილებისა და სიძულვილისა მათ შორის მით და დაარღვევენ საღმრთოსა სჯულსა სიყვარულისასა.

მაშასადამე, არ უნდა იყოსა საზოგადოებასა შინა სხვა და სხვა წოდება? ცოდვა არისა ესრეთი განყოფილება ქრისტიანეთა შორის? არა, ძმანო ჩემნო! მე ამას არ გეტყვი. განყოფილება წოდებათა არიან დაწესებულნი სამოქალაქო სჯულითა მისთვის, რომელ ამ სოფლის მდგომარეობა და ქვეყნის მართვა მიუცილებელად მოითხოვეს ესრეთთა განყოფილებათა; მე მსურს მხოლოდ მივაქციო თქვენი ყურადღება, ძმანო ჩემნო, მას ზედა, რომელ იგინი არიან დროებითნი, წარმავალნი და ქრისტიანული მოყვასთა სიყვარული არ უნდა იყოს მოკიდებული მათ ზედა. მოციქული პავლე გვასწავლის: შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებაი,მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა; სადა იგი არა არს წარმართი, და ურია, წინადაცვეთილობა, და წინადაუცვეთელობა. არბაროს, სკვითელ, მონება, აზნაურება: არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე (კოლას გ, ია.) ჩვენ ერთბაშად ქრისტიანენი იესო ქრისტეს მიერ და იესო ქრისტეს შინა ვართ ძმანი, თანასწორნი. დიდი ცოდვა არ იქმნება, რომ კეთილ-შობილმა ვინმე სთქვას: ჩემი არ მოყვასი უნდა იყოს გლეხი კაცი; დიდი ცოდვა არ იქმნება, ერთი სიტყვით, რომ ქრისტიანემ შეიყვაროს მხოლოდ თვისი წოდების კაცი, ყოველს საქმეში მას მიუდგეს, სიმართლით და უსამართლოდ მისი მხარე დაიჭიროს. წმიდა მოციქული პავლე ეპისტოლესა შინა თვისსა ეფესელთა-მიმართ ქრისტიანულს საზოგადოებასა დაამსგავსებს კაცის გვამს, ანუ სხეულს. როგორადაც კაცის სხეულში არის მრავალნი ასონი, გარნა ისინი შეადგენენ ერთსა სხეულსა; როდესაც ერთი რომელიმე ასო ასტკივდება კაცს, მაშინ მრთელი კაცის სხეული ავად არის; როდესაც რომელიმე ასო არის დიდებული, მაშინ მრთელი კაცის სხეული არის გახარებული, -სწორედ ამისი მსგავსი ერთობა უნდა იყოს ქრისტიანეთა შორის. გარნა, საუბედუროდ, ჩვენს ქვეყანაში ეს არავის არ ახსოვს, ჩვენში არ სუფევს ქრისტიანული მოყვსობა. ნაცვლად ამისა ჩვენში კიდევ ჰსუფევს მტერ-მოყვრობა, ყოველივე დამოკიდებულია მტერ-მოყვრობაზე; როგორადაც ძველ დროებაში ქრისტეს სოფლად მოსვლამდე არ იყო ძმობა და მოყვსობა, ანუ მტერობა, აგრედვე ჩვენში. თუ მოყვარე არ არის ვინმე შენი, ის ანუ მტრად მიგაჩნია, ან არც იცნობ, არც გიყვარს. დასამტკიცებლად მისა, თუ რა სუსტი ვართ ჩვენ ამ მცნების აღსრულებაში, სხვა მაგალითსა შორის გამოვარჩევ ერთსა უმეტესსა სამწუხაროსა მაგალითსა.

ვგონებ, ყოველი კაცი დამეთანხმება ამაზე, რომელ ჩვენი სულიერი წარმატება და განათლება მოითხოვს, რომ დიდი ერთობა და მინდობილობა იყოს სასულიერო და საერო წოდებათა შორის, ანუ მღვდელთა და ერთა შორის. ყოველმა კაცმა იცის, რა სანატრელი და სასიხარულო არის ერთგულობა მღვდელსა და მისსა სამწყსოსა შორის; გარნა საუბედუროდ აქ ჩვენი სულიერი მტერი ჰცდილობს, რომ დაარღვიოს ერთობა და დასთესოს უკმაყოფილება. მართალი კი არის და პირუთვნელად უნდა აღიარო, რომელ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის ეგოდენი განშორება, არცა უკმაყოფილება სასულიერო და საერო წოდებათა შორის, როგორადაც სხვა, ჩვენზე უფრო განათლებულთა ქვეყანათა შინა. ამაზე ჩვენ მადლობა უნდა შევწიროთ ღმერთსა და კიდეც უნდა ვეცადოთ, რომ არ გაძლიერდეს ესრეთი განშორება და უკმაყოფილება ჩვენშიაც. სამწუხაროდ, არის ჩვენს ქვეყანაში მრავალნი ერისაგანნი პირნი, რომელთ ფრიად უყვართ გამტყუნება, დაწუნება და განკითხვა სამღვდელო პირთა, ხოლო დაბალსა ხალხსა ერთობ უყვარს უმართლო ჩივილი მღვდელთა ზედა. ის კი მართალია, ძმანო ჩემნო, რომელი სამღვდელოთა პირთაგანნიცა არიან დასაწუნებელნი და გასამტყუნებელნი, გარნა ძმაო, როდესაც ნახავ ესრეთსა მღვდელსა, რა უნდა სთქვა და რა უნდა ჰქმნა? მაშინ შენ უნდა შესწუხდე და თითქმის უნდა სტიროდე მისთვის, რომელ ეს არის დიდი უბედურება და სირცხვილი ქვეყნისათვის, რომელსა სახარება გამოჰხატავს ამ იგავით: ბრმა ბრმასა წინა რომ უძღვის, ორნივე მთხრებლსა შინა შთაცვივიან; ნაცვლად ამისა მესმის, რომ შენ ხმამაღლა განიკითხავ მრთელსა სასულიერო წოდებასა; ვხედავ, რომ შენ არა თუ არ სწუხხარ, არამედ თითქოს გიხარია და თითქოს შენს თავს ამართლებ მღვდლის სიცუდითა. ნეტავი მარტო ცუდსა და დასაწუნარს მღვდელსა განიკითხავდნენ ზოგიერთნი ერის კაცნი! წინააღმდეგ და განსაცვიფრებელად ჩვენდა, არა ერთ-გზის შენიშნულ არს, რომელ ზოგიერთ სოფლებში კარგი, პატიოსანი და სასარგებლო მღვდელი არის დაწუნებული და დევნული, ხოლო ავი და მავნებელი მღვდელი პატივ-ცემული და შეყვარებული. რა მიზეზით უნდა მოხდეს ესრეთი განსაცვიფრებელი საქმე? ვგონებ იმ მიზეზით, რომ ზოგიერთს ერის-კაცს, ეგრედვე ზოგიერთს გაუნათლებელ საზოგადოებას ის მღვდელლი უმეტესად უყვარს, რომელსაც იგი ყოველს საქმეში დაიმორჩილებს, აიყოლიებს და დაითანხმებს. ეს მღვდელი ძალიან ჩვენი მორჩილია და კარგი არისო, გაგვიგონია ზოგიერთთა სოფლის მცხოვრებთაგან. და თუ მღვდელი არ დაემორჩილა მას ყოველს საქმეში, თუ მღვდელმა თვით იმეცადინა დამორჩილება სამწყსოისა თვისისა, როგორადაც სჯული მოითხოვს, მაშინ იგი არ მოსწონს მას. არ აჰხსოვს ზოგიერთს ერის კაცს, რომ მოწაფე მოძღვარს უნდა უგონებდეს და ემორჩილებოდეს და არა მოძღვარი მოწაფესა. ნუ იქმნება ამიერითგან, ძმაო, ესრედ! მღვდელი ყოველთა მოყვასთა უმახლობელესი უნდა იყოს შენზე.

ნუ იყოფინ აგრეთვე, რომ მარტო მოყვარე და მონათესავე გიყვარდეს და სხვა არა. ვისაც მარტო ნათესავი ანუ მოყვარე უყვარს და სხვა არა, მას დიდი მადლი არა აქვს. ნათესავის და კეთილის-მყოფელის სიყვარული პირუტყვთაც კი აქვსთ, ნათესავის სიყვარულს ბუნებითი გრძნობა მოითხოვს და აიძულებს.

ღმერთო! მოგვეც ჩვენ ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისა, რათა არა ვკითხულობდეთ მსგავსად სჯულისა-მეცნიერისა; ვინ არს მოყვას ჩემდა?

 

Exit mobile version