Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

სადღესასწაულო წეს-განგება წმიდისა მამისა ჩუენისა იმერეთის ეპიკოპოსისა გაბრიელისა

გაბრიელ ქიქოძე

სადღესასწაულო წეს-განგება წმიდისა მამისა ჩუენისა იმერეთის ეპიკოპოსისა გაბრიელისა

 

დიდ მწუხრსა ზედა

მოვედით თაყვანის – ვსცეთ~ – იგალობება.

აკურთხევს სული ჩემი სული უფალსა~ (103 ფსალმუნი) – იგალობება.

_ ნეტარ არს კაცი~ – I კანონის I ანტიფონი.

_ ,,უფალო ღაღად – ვჰყავ~ (იგალობება V ხმაზე).

 

ყოვლად ქებულო გაბრიელ მღდელთმთავარო, აღმოცენდი რაჲ ძირთაგან ღმრთისმსახურთა, სიყრმითგან იქმენ შენ, ვითარცა ხჱ დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა, და ჟამსა თჳსსა გამოეც ნაყოფი შუენიერი და ღირსი ზეცისა საუნჯეთაჲ, აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ყოვლად ქებულო გაბრიელ მღდელთმთავრო, მოგეცა რაჲ საღმრთოჲ მღჳძარებაჲ, მსწრაფლ დაისწავლე ყოველივე საეკლესიო წესნი და გალობაჲ, და საზრდელ და საშუებელ შენდა იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ, აწ გვიოხე მისა მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ყოვლად ქებულო გაბრიელ მღდელთმთავრო, დაემტკიცე რაჲ ქრისტეს მცნებათა შეურყეველსა ლოდსა ზედა, ღმრთისმეტყუელებისა სწავლაჲცა სრულყავ პეტერბურღსა, და წარემატე საეროთა და საფილოსოფოსოთა მეცნიერებათაცა შინა, ხოლო ოდეს მოიქეც მამულადვე თჳსსა, ღმრთისა მიერ მოცემული მადლი განამრავლე სიბრძნითა, და დაუცხრომელად იღუწიდი აღზრდად სულთა და გონებათა ყრმათასა, აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ყოვლად ქებულო გაბრიელ მღდელთმთავრო, სჯულიერებისა და სიმდაბლისა შენისათჳს, რომელ მოგეგო, იყავ შენ საყუარელ ყოველთაგან, გარნა მოწოდებული მსახურებად ღმრთისა ხელდასხმულ იქმენ რაჲ მღდელად, მამაო, არცაღა დაუტევე მოწაფენი შენნი და ვითარცა მიწისმოქმედი ბრძენი, განჰმზადებდი გონებასა მათსა შეწყნარებად ღმრთისმეცნიერებისა წმიდისა თესლისა, აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ყოვლად ქებულო გაბრიელ მღდელთმთავრო, გიხილა რაჲ მხურვალედ შესრული მოღუაწებასა, ურიცხვი განსაცდელი შეგამთხვია შენ ეშმაკმან, რაჲთა განაქარვოს მგზებარებაჲ შენი, ნეტარო, და მიუშვა იგი ღმერთმან, ვითარ იობსა ზედა მართალსა, და მოისრნა რაჲ სახლეული შენი ერთბამად, ნაცულად შვილთა საკუთართა, მოგმადლა საღუაწად ერი ქართველთაჲ, რომელსაცა მწყსიდი სიბრძნითა და სიყუარულითა, აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ყოვლად ქებულო გაბრიელ მღდელთმთავრო, დაღათუ იყავ უცხო კაცობრივისაგან დიდებისა, სცან ნებაჲ უფლისაჲ, რაჲთამცა იყო შენ მწყემს ერისა შენისა, და ებისკოპოზად გაკურთხეს რაჲ იმერეთ-გურია, და რაჭა-სვანეთისა, მსგავს იქმენ შენ სათნოებითა ქრისტჱს ღმრთისა მოციქულთა, და ვითარცა ორღანოჲ, აღმოადენდი რაჲ მაცხოვნებელთა მათ ტკბილთა სწავლათა, გამოსჩნდი სუეტად და სიმტკიცედ სარწმუნოებისა, აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

სხუაჲ დასდებელიმაჲ 2

ეჰა გჳრგჳნნო

ვითარი-მე ქებისა გჳრგჳნი შეგითხზნათ ქართველთა ეკლესიისა სიმტკიცესა და ყოველთა განმაბრწყინვებელსა სწავლითა, ლამპარსა ყოვლადბრწყინვალესა და მნათობსა ყოვლისა საქართველოჲსასა; დიდსა შემწესა, მწყემსსა და მოძღუარსა, რომელი იღუწიდი რაჲ განსანათლებლად ერისა შენისა, განსწავლიდი ღმრთისა და მამულის სიყუარულსა შინა, და განაბრწყინვებდი ჟამთა თჳსთა ძლიერად მოღუაწებითა, რომლისა მიერ აღძრვანი მტერთანი დაამხუნა ქრისტემან ღმერთმან, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.

ვითარითა ქებისა საგალობელითა უგალობდეთ მადლითა და სიბრძნითა ღმრთისაჲთა აღსავსესა; ყოველთა შუამდგომელსა და შემწესა, ჭირვეულთა ნუგეშინისმცემელსა და განსაცდელსა შინა მყოფთა შესავედრებელსა, კეთილმსახურებისა სუეტსა, მორწმუნეთა წინამბრძოლსა და და განმანათლებელსა ერისა ჩუენისასა, წმიდასა მღდელთმთავარსა დიდსა გაბრიელსა, რომლისა მიერ აღძრვანი მტერთანი დაამხუნა ქრისტემან ღმერთმან, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა: დღესასწაულობს ქართველთა ეკლესიაჲ ხსენებასა შენსა და გჳწესს შესხმად ღუაწლისა შენისა, ეკლესიისა შუენებაო გაბრიელ საკჳრველო, ანგელოზთა თანა შეერთებულო ტაძარო საიდუმლოთაო, უფსკრულო გულისხმისყოფისაო, მხილველო გამოუთქმელთაო, მამაო მამათაო დ მღდელთმოძღვარო კეთილმსახურთაო, სიქადულო მონაზონთაო და წინამძღუარო მართლმადიდებელთაო, რომელი წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა იხარებ მრავლითა ბრწყინვალებითა განათლებული და შემწე ხარ მვედრებელთა შენთათჳს, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ. (ხმაჲ 6).

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ: ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძჱ მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოჲსა გამოვიდა გამოუთქმელად ხორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთჳს კაც-იქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.  (ხმაჲ 6).

 

საკჳრველ არიან საიდუმლონი შენნი, ქრისტე ღმერთო, რამეთუ ესე ღირსი ხსენებისაჲ – ყოვლად ქებული მამაჲ ჩუენი და მწყემსი კეთილი აღმოაცენე რაჲ მხარესა მას გურიისასა, შვილი კეთილმსახურისა მღდლისაჲ, მოშურნედ იქცა დიდთა მათ მთაწმინდელთა, ეფთჳმისა და გიორგისა – მარხვითა და ღუაწლითა გაბრწყინებულთა, და ყოველსა დღეთა ცხორებისასა განჰლევდა მოღვაწებასა და მღჳძარებასა შინა.

 

უბრალოჲ ცხორებაჲ შენი და წესისა სიმარტივე და სიწმიდჱ და ყოვლითურთ მისა მიმართ საკუთრებაჲ იხილა რაჲ ღმერთმან, სანატრელო, წარჩინებულ გყო ფრიად და მოგანიჭა საყდარი მღდელმოძღურებისაჲ, ხოლო იქმენ რაჲ სარწმუნოჲ განმგებელ, ღირსო, განამტკიცებდი მართლმადიდებელთა აღმსაარებლობასა და გარეგან ცხოვართაჲთა მოსილთა და შინაგან მგელ-ღმრთისმსახურთა დაამხობდი და განიოტებდი და შერისხავდი სიწმიდისა შემრყუნელთა და მამულისა მაოხართა.

სანთელად ცეცხლმთებარედ გამოუჩნდი ბნელსა შინა უმეცრებისა შთავრდომილთა სულთა და დაუღამებელისა ნათლისა მიმართ წინამძღუარ ექმენ მათ, ხოლო უმდიდრესითა მადლითა ღმრთისაჲთა აღსავსე ლოცვაჲ შენი და სიტყუაჲ და სწავლაჲ ექმნა საჭეთმპყრობელ და მმართებელ სამღდელოთა და ერთა, რამეთუ ყოველთა მოუწოდე მეცნიერებად და დიდებად ღმრთისა და გამოჩნდი კანონად მღდელთმთავართა და საღმრთოჲ სიხარული მოჰფინე ეკლესიასა და ერსა ქართველთასა.

მოღუაწედ და მლოცველად, და დიდებად და ხატად სიწმიდისად მოგიგო შენ ერმან შენმან, რამეთუ ლოცვითა მხურვალითა საღმრთოდ შეჭურვილი მოვლიდი დაბა-სოფლებთა, და სიყუარულითა განსწავლიდი ყოველთა, რაჲთა ბოროტსა განეშორონ და სულისა თჳსისათჳს ზრუნვიდენ მოწყალებითა, მარხვითა, და ლოცვითა, ეგრეთვე აწ დაამშჳდე გული ჩემი სოფლისა ღელვათაგან შერყეული და შეგინებული და აღმავსე მღჳძარებითა საღმრთოჲთა.

იყავ რაჲ ფიცხელსა მას ღუაწლსა შინა, არა ელტვოდი დიდებასა და მონაგებსა, არამედ ლმობიერებითა გულისაჲთა მარადღე იღუწიდი მშჳდობით დაცვისათჳს ქურივთა და ობოლთასა; ნუგეშსა-სცემდი ურვეულთა და სნეულთა, და იდუმალ შეეწეოდი ყოველთა უპოვართა და პყრობილთა, ხოლო ხარბთა და ანგართა ამხილებდი და ასწავებდი გლახაკთა მოწყალებასა, აწ ჩუენცა წარგვიმართე სლვად კეთილ სახედ სოფელსა ამას შინა, რაჲთა არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი, და მარადის ღირს-ვიქმნეთ დიდებად ღმრთისა.

ფრიად მოშურნე იყავ რაჲ განსწავლისათჳს ერისა, სახარებისა სიღრმისა ძალსა საკჳრველითა სიბრძნითა მიწვთომილი და რიტორი ეგე დიდად ხელოვანი, ღმრთივსულიერად და მარტივად გამოიტყოდი საღმრთოთა ქადაგებათა შენთა, ნუგეშინის-საცემელად და სარგებელად ყოველთა – დიდთა და მცირეთა, სწავლულთა და უწიგნურთა, და ასწავებდი რაჲ საღმრთოთა წეს-განგებულებათა განუხრელად დაცვასა, მრავალნი მოისწრაფდენ ეკლესიად, რაჲთა არა დააკლდენ სმენად სიტყუათა შენთა, თაფლისა უტკბილესთა, და სიხარულითა ხმობდენ: `მადლი ღმერთსა, რომელმან ერსა ჩუენსა ახალი ოქროპირი გამოუჩინა~.

ფრიად ზრუნვიდი რაჲ საქმესა საეკლესიოსა, იღუწიდი დაცვისათჳს ენისა ჩუენისა და აღორძინებისათჳს ქართულისა გალობისა, და განმართავდი რაჲ უგუნურთა მიერ შერყვნილთა სწავლებათა, ცრუმორწმუნეობისა საცთურსაცა აღხოცდი და ყოველთა განამტკიცებდი წმიდათა მამათა მიერ გარდამოცემულსა მართლმადიდებლობასა შინა, ხოლო დიდისა ღუაწლისა შენისა მხილველთა და თანადამსწრეთა განაცვიფრებდი შენ, კეთილმსახურებისა ხატო ბრწყინვალეო, ღირსად საკჳრველო გაბრიელ, და აღძრვიდი ქებად შენდა და დიდებად ღმრთისა.

,,დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა~.

სიწმიდითა გულისაჲთა იქმენ რაჲ სამკჳდრებელ სულისა წმიდისა, აღიღე ჯუარი შენი, ყოვლად სამღდელოო, და შეუდეგ გზასა მას იწროსა და საჭირველსა, რომელსაცა ზედა დაგადგინა ყოველთა მწყემსმთავარმან ქრისტემან ღმერთმან, და განგამტკიცა ყოვლადწმიდამან დედამან მისმან, მარიამ ღმრთისმშობელმან, და აწ მადლითა მით, რომელ გაქუს წინაშე მათსა, ითხოვე ხსნაჲ ივერიისაჲ ზედამოსვლათაგან მტერისა და შეურყეველად დაცვაჲ ეკლესიისაჲ ყოვლისაგან წუალებისა და განხეთქილებისა.

,,აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ~.

გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო; გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა წმიდაო ღმრთისა საყოფელო; გიხაროდენ, უქორწინებელო სულითა, ზესთა ბუნებათა მიდგომილო; გიხაროდენ, თჳნიერ თესლისა მშობელო, და თჳნიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო; გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო.

მუხლი. ,,ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად იღეთ ყოველთა რომელნი დამკვიდრებულ ხართ სოფელსა“

ბაგეთა შენთა მიერ წყაროჲ მადლისაჲ აღმოსცენდა თაფლისა უტკბილესი, ყოვლად სამღდელოო გაბრიელ, და ეკლესიაჲ ქრისტჱსი განაშუენე რაჲ საღმრთისმეტყველოთა წერილთა მიერ სახედ სამკაულისა სამეუფოჲსა, შვილთა თჳსთა თანა შეიმკუების ბრწყინვალედ სწავლებათა შენთა სიმრავლითა, და გჳწესს ყოველთა მორწმუნეთა ქებად და შესხმად საკჳრველისა ღუაწლისა შენისა.

მუხლი. ,,პირი ჩემი იტყოდეს სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისხმის ყოფასა“

სიტყჳთა და საქმით ადიდე ღმერთი დიდებული და მცნებათა მისთა იწურთიდ მარადის, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, და ვითარცა სუეტი ნათლისაჲ, ბრწყინვალე ლოცვაჲ შენი აღიწეოდა ზეცას, ღმრთივგანბრძნობილო მამაო, გჳთხოვე ქრისტჱსგან დიდი წყალობაჲ.

,,დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა~: გუნდნი ანგელოზთანი განაკჳრვნა ზეგარდამო შენდამი ბოძებულმან მადლმან ღმრთისმსახურებისამან, და ჩუენცა ვადიდებთ ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, რომელმან არა უგულებელს-ყო ერი ჩუენი საზეპუროჲ, მეოხებითა დედისა თჳსისაჲთა, და ჟამსა მას წმიდათა მოკლებისასა გამოგაბრწყინა ეგევითარი მწყემსი და მოღუაწჱ  საწურთელად და გულისხმის-საყოფელად ნათესავისა ჩუენისა.

,,აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ~: უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაჲ მონათა შენთაჲ შეიწირე, ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, ჩუენიცა ვედრებაჲ შეიწირე და გჳთხოვე ჩუენ დიდი წყალობაჲ.

 

 

 

დიდი ცისკარი:

 

ცხორებაჲ კეთილმსახურებით ქუეყანასა ზედა აღასრულე, ყოვლად ნეტარო გაბრიელ მღდელთმოძღვარო, და გამოსჩნდი კანონად მონაზონთა და ბრწყინვალე მნათობად ყოვლისა სოფლისა, აწ გამოაბრწყინვე გულსა ჩუენსა ნათელი ჭეშმარიტი და მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა დაუცხრომელად.   2-გზის.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზსა, მითხრობად ძრწოლით ქალწულისა მიმართ, ხოლო იგი ახარებს კურთხეულსა დედათა შორის, რომლისა-თანა ვხმობდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.

იქების მარადის მართლმადიდებელთა ქრისტჱსმოყუარეთა მიერ, საღმრთონი სათნოვებანი შენნი, სიწმიდჱ, სიმშვიდჱ, და სიმდაბლჱ და გლახაკთა მოწყალებაჲ. აწ ჩუენცა პატივსა გცემთ, წმიდაო,  სამ-გზის სანატრელო მღდელთმთავარო გაბრიელ, და გაქებთ, ახოვან ქმნილნი ღუაწლითა შენითა.  2-გზის.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო, საღმრთოჲსა სულისა მიერ მუცლად იღე და უხრწნელად ჰშევ, რომლისათჳსცა გადიდებთ შენ და გიგალობთ, ქალწულო, ვითარცა ყოველთა მეუფისა პალატსა და სოფლისა შემწესა.

_ ,,სადიდებელი~ მე19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ ,,გადიდებსა~ მღდელთმთავრისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით – დავითნიდან).

_ ,,წარდგომა~ შემდგომად ,,სადიდებელისა~: სიბრძნე  მაჲ 8.

უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან დაგადგინა რაჲ მღდელთმოძღურად და განმანათლებელად ერისა ამის, დედისა თჳსისა წილხვედრისა, მრავალთა საცთურთაგან დაბრკოლებულისა და უდებებასა შინა შთაფლულისა, მისითა მადლითა იცევდი ყოველთაგან საფრხეთა: კუერთხითა სარწმუნოებისაჲთა განიოტებდი რაჲ ბოროტთა მგელთა, ძალითა სამებისაჲთა განძლიერებულმან უვნებელად დაიფარე სამწყსოჲ შენი ტაცებათაგან მათთა, აწცა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, სურვილით პატივის-მცემელთა ხსენებისა შენისასა. 2-გზის

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაჲ განზრქებოდის, ხოლო ძჱ ღმრთისაჲ ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწვთომელი ესე საიდუმლოჲ, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე.

სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები: შემწე-მეყავ და მიჴსენ სახიერ. რომელთა გძულთ სიონი, სირცხჳლეულ-იქმნენით უფლისა მიერ, და ვითარცა განჴმული თივაჲ შეგჭამნესთ გეენიამან.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცჴოველ-იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და განჰბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.

 

მუხლი. ,,რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე~.

ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისსა მიმართ ჰურიათა: მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი, იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

გუნდი: დიდებაჲ შენდა უფალო, დიდება შენდა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა დიდისა მღდელთმთავარისა გაბრიელისაჲთა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

საუნჯჱ იგი რომელი მიართუ ეკლესიასა ღმრთისასა – დაუცხრომელნი ღუაწლნი და საღმრთონი ქადაგებანი შენნი, ვითარცა ოქროჲსა სამკაულნი, ბრწყინვალედ შეუმოსიან და, ვითარცა გჳრგჳნი სამეუფოჲ, შემკული ბრწყინვალედ თუალთაგან მრავალსასყიდლისათა, დაუდგამს თავსა თჳსსა, რაჲთა ჰნათობდეს ყოველთა, რომელნიცა სიხარულითა შევლენან მას შინა, და გევედრებიან შეწევნასა.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა).

იკითხება 2 კანონი.

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა, ხმაჲ 2

 

ძლისპირი: ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განხორციელდა ჩუენ ცოდვილთათჳს, რომელსა უგალობთ: ღმერთო დიდებულო, დიდებულ-ხარ.

მოღუაწებამან შენმან, წმიდაო, აღაორძინა ივერთა ეკლესიაჲ და განამტკიცა ერი ჩუენი სარწმუნოებასა შინა, იმეოხე აწ ღმრთისა მიმართ, რაჲთა განწმიდოს გულნი და გონებანი ჩუენნი და აღგვავსოს მღჳძარებითა საღმრთოჲთა.

ჭურად რჩეულად გამოგირჩია რაჲ ქრისტემან ღმერთმან, ყოვლად სამღდელოო გაბრიელ, აღგავსო სიბრძნითა საღმრთოჲთა, და მადლი გულისხმისყოფისაჲ უხუად მოგანიჭა. აწ განაშორენ სილაღჱ და ამპარტავნებაჲ გონებისაგან ჩემისა და მაუწყე გზაჲ კეთილად მსახურებისაჲ.

იწროსა მას გზასა მავალ-ჰყვენ რაჲ ფერხნი შენნი, ფრიად განჰმდიდრდი სათნოებითა, ყოვლად სანატრელო გაბრიელ, და მოძღურებათა და ქადაგებათა სიმაღლითა განთქმულ იქმენ მღდელთმთავართა შორის და საკჳრველ – მამათა შორის, ღმრთივსულიერო.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა: იყავ შენ მწყემსი კეთილი,  ღმრთისმშობლისა მიმართ დიდად მვედრებელი სამწყსოჲსათჳს შენისა და ფრიად მოყუარული წიხვედრისა მისისა – ივერიისა, და მლოცველი ივერიელთათჳს და კეთილად წარმართებისათჳს მათისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ: ყოვლად წმიდაო სძალო, უხრწნელო, განანათლე და წმიდა ჰყავ გულისსიტყუაჲ და სული ჩემი, გევედრები, და განსდევნე არმური უგუნურებისა ჩემისაჲ და წყუდიადი ცოდვათა მათ ჩემთაჲ, რაჲთა ჯეროვნად გიგალობდე შენ.

გალობაჲ 3, განძლიერდასა

ძლისპირი: კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე და განავრცე პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა და ახარე სულსა ჩემსა, რაჲთა ხმა-ვჰყო შენდა მიმართ, მხოლოო, რამეთუ არავინ არს წმიდაჲ შენსა გარეშე, ღმრთისა ჩემისა.

ელიასაებრ აღეგზე ცეცხლად საღმრთოდ ღმრთისმბრძოლთა ზედა, და შესწუენ ენანი მათნი და დღითი დღე იღუწიდი სადიდებელად ღმრთისა, აწცა ევედრე ჩუენთჳს, ყოვლად ქებულო გაბრიელ მღდელთმთავრო, რომელნი პატივს ვსცემთ დღესასწაულსა შენსა, წმიდაო.

ქადაგებდი რაჲ მართლმადიდებლობისა ყოვლად-უბიწოსა სარწმუნოებასა, განსწავლიდი სამწყსოსა შენსა და ასწავებდი დამარხვად მცნებათა ღმრთისათა. მას ევედრე აწ, ნეტარო, გჳხსნნეს რწმენისაგან არა-ცხოველისა და ნელ-ტფილისა.

საცთურისა ვერ დამთმენელი და ფრიად მოყუარჱ ერისა შენისაჲ,  განსწავლიდი ყოველთა წყობასა მტერთა მიმართ უხილავთა და ხილულთა, რაჲთამცა არა მოიწიოს მათ ზედა სასჯელი ღმრთისაჲ, და განაკრძალებდი ლოცვასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა: სიბრძნითა საღმრთოჲთა საკჳრველად აღვსილი იყავ რაჲ ფიცხელსა მას ღუაწლსა შინა, არა დადუმნებოდი ყოველსა ჟამსა ლოცვისა-ყოფად, და ღმრთისა მიმართ ღაღადებდი რაჲ მოუწყინებელად, ქადაგებანი საღმრთონი შეთხზნე სულისა მიერ წმიდისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ: განჰკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი, და გონებაჲ ჩემი,  დაბნელებული უდებებითა, განანათლე, ღმრთისმშობელო, რაჲთა გიგალობდე: არავინ არს წმიდაჲ შენებრ, უბიწოო, და უხრწნელ შენსა გარეშე, დედოფალო.

წარდგომაჲ, ხმაჲ 4

მამად და მოძღურად გყო რაჲ ქრისტემან მტერთაგან მიმძლავრებულისა ერისა, ღმრთისმშობლის წილხვედრისა, უძღოდი, ვითარცა მოსჱ ისრაელთა, და სიმხნითა და სიბრძნის-მოყუარებითა, და მტერთა მათ უხილავთა ახოვნად წყობითა და ხორცთა თჳსთა უწყალოდ განკაფითა მრავალთა ექმენ კარ და გზა ზეცისა იერუსალჱმსა. აწ ევედრე ღმერთსა, მოგუმადლოს ჩუენ ღირსნი მამანი და ბრძენნი წინამძღუარნი მასწავლელ სიწმიდით ცხორებისა, რაჲთა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა და ვაქებდეთ ღმერთსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა მზჱ ბრწყინვალეჱ, ჰნათობდი რაჲ ქართველთა ეკლესიისა სამყაროსა, ღირსო მღდელთმთავარო იმერთაო, სამწყსოსა შენსა უჩუენებდი გზასა მას მართალსა და საცხოვნებელსა, და ვითარცა იოანე ოქროპირი უშიშად ამხილებდი რაჲ წარჩინებულთა, და სამღვდელოთა, ურიცხვი სული იხსენ დანთქმისაგან ცოდვათასა, აწცა იმეოხე წინაშე ღმრთისა, მოჰხედოს ვენახსა ამას თჳსსა, რომელი დაასხა ხელითა ანდრია მოციქულისაჲთა, და გამოავლინოს ღირსნი მოღუაწენი და მოქმედნი, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა, რაჲთამცა თავს-იდვან მწყსაჲ და მოქცევაჲ ქართველთაჲ გზისაგან ბოროტისა, სწავლითა და კუერთხითა მხილებისაჲთა, და ყოველნი აღძრან დიდებად და მადლობად ღმრთისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგჳფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და გჳხსნენ ყოველნი, უბიწოო, ბოროტისა მის გარე-მოდგომილებისაგან, რომელთა გვაქუს ყოველი სასოებაჲ შენ ზედა, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი, საღმრთოჲთა ვედრებითა შენითა.

გალობაჲ 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მოხვედ ჩუენდა ქალწულისაგან, არა ანგელოზი, არამედ თჳთ უფალი, განხორციელებული ღმერთი, და მიხსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაჲ ძალსა შენსა.

იყავ რაჲ ფრიად მღჳძარჱ, შეჭურვილი მარხვითა, ლოცვითა და მუშაკობითა, დღითი დღედ იტყოდი სიტყუათა ღმრთისათა უშიშად, მწყემსო სულიერო, და უმეცრებისა ბნელითა დანთქმულთა უძღოდი სლვად გზასა მას საღმრთოსა.

ყოვლისა სოფლისათჳს და უფროჲს ქართველთათჳს აღავლენდი ვედრებასა, რაჲთა წინააღმდგომთა მათ ჭეშმარიტებისათა სძლევდეს მართლითა სარწმუნოებითა და მარადის მოიხვეჭდეს განმარჯვებასა მზაკუვარსა მტერსა ზედა.

ჰაეროვნებაჲ პირისა შენისაჲ და სიმჭლჱ გუამისაჲ წამებდა სულიერთა სიმხნით შრომათა შენთა, ხოლო სიმდაბლითა ქცევაჲ შენი უბიწოებასა შინაგანისა გონებისასა, და  ქრისტჱს მსგავსად ასწავებდი ყოველთა, რაჲთა განუყონ სიმდიდრჱ გლახაკთა და შეეწიონ ნაკლულევანთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა: თჳთ მღდელთმთავარი ეგე, დიდი და ფრიად განსწავლული, ფიცხელთა შრომათა თავსდებითა, და უპოვარებისა შეყუარებითა შეესწორე ძუელთა მამათა, და გხედვიდენ რაჲ შეურაცხითა სამოსელითა და ბერისა კუნკულითა, ყოველნი განცვიფრებულნი გნატრიდენ შენ, წმიდაო, და აქებდენ ღმერთსა, მდაბალთა აღმამაღლებელსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ: ღმრთისმეტყუელთა სიღრმე საიდუმლოთა შენთა ჰქადაგეს ყოვლად მიუწთომელად, უხრწნელო, რამეთუ გარე-შეუწერელი, განორციელებული ჰშევ გამოუთქმელად.

გალობაჲ 5, ღამითგანსა

ძლისპირი: შენ, მნათობთა ნათლისა მომცემელო და განწირულთა მაცხოვარებაო, ქრისტე, მხსნელო ყოველთაო, შენდა აღვიმსთობთ, მეუფეო მშჳდობისაო, განგუანათლენ ჩუენ ნათლითა მით შენითა, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ, სხუაჲ ღმერთი არაჲ ვიცით.

ვითარ სარწმუნოსა მწყემსმთავარსა მოგანიჭეს რაჲ სამწყსოჲცა აფხაზეთ-სამეგრელოჲსა, სიყუარულითა ჰმწყსიდი და ასწავებდი დამარხვად მართლისა სარწმუნოებისა. აწცა გჳხსენ ურთიერთსიძულილისაგან, რაჲთა კუალად აღდგეს ერთობაჲ ქუეყნისა ჩუენისაჲ და სამწყსოჲ შენი შევმტკიცდეთ სიყუარულითა ქრისტჱსითა.

ტალანტი იგი, რომელ გერწმუნა, ღმერთშემოსილო, არა დაჰფარე ქუეყანასა, არამედ განამრავლე ვითარცა სარწმუნომან მონამან და ბევრწილად მიართუ ღმერთსა, მას ევედრე აწ, რაჲთა გარე წარგუხადოს განსაცდელნი და ეშმაკთა კუეთებანი მოსავთა შენთა.

განუზომელი მოწყალებაჲ და უაღრესი სიტკბოებაჲ და სიმდაბლჱ გექმნა რაჲ წინამძღვრად გზასა ჭეშმარიტსა, ღმრთისა მიერ შენდა მოცემული მადლი განუწილე ყოველთა, აწ ხსენებისა შენისა აღმასრულებელთა ხსნაჲ გჳთხოვე შეცოდებათა, ვითარცა წინაშე ღმრთისა მდგომარემან.

შური გაქუნდა შენ მართლისა სარწმუნოებისა და განვრცობისათჳს სიყუარულისა, და სამწყსოსა შენსა გადასცემდი რაჲ სწავლასა სჯულისასა, აღსძარცჳდი ზრქელსა საბურველსა თუალთაგან სულისათა და მრავალთა შეუძლეს შენ მიერ ცნობად ჭეშმარიტებისა. აწ მოგუეც ჩუენცა გული გონიერი და ბრძენი, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა: დიდი ღუაწლი და შრომაჲ თავს იდევ განმარტებისათჳს წმიდათა წიგნთაჲსა და ქუეყანაჲ შენი აღავსე კეთილმსახურებისა წერილითა, რომელთა მიერ განაშუენე ეკლესიაჲ ქართველთაჲ და შჳლთა თჳსთა თანა  ბრწყინვალედ შეამკვე სწავლითა საღმრთოჲთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ: ახლად ყრმად გჳშევ, ქალწულო, პირველ ჟამთა შობილი მამისაგან, სიტყუაჲ მხოლოჲ დაუსაბამოჲ, მას ევედრე, ვითარცა ძესა და ღმერთსა შენსა, რაჲთა შეგჳწყალნეს, რომელნი აღგიარებთ განწმედილითა გულითა ღმრთისმშობელად, ღმრთისა დედაო, ყოვლად წმიდაო.

გალობაჲ 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოჳვლტი: აღმომიყუანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები.

იყავ რაჲ მოძღვარი სულიერი და წინამძღვარი ქართველთაჲ, იღუწიდი, რაჲთა აღორძინდენ სულიერითა და ხორციელითა კეთილითა, და დააფუძნებდი რაჲ სამკითხველოთა და სასწავლებელთა, საფასითა შენითა განსწავლიდი მრავალთა ყრმათა სამშობლოსა შინა და უცხოეთსაცა.

მოშურნე იყავ რაჲ მსახურებად ღმრთისა და განსანათლებლად ერისა შენისა, აღაგებდი მრავალთა ეკლესიათა, და განაახლებდი და შეამკობდი ძუელთა ტაძართა და მონასტერთა, ვიდრე აქამომდე ჰგიან რაჲ საცხოვნებლად სულთა და სადიდებელად ღმრთისა, მას ევედრე აწ ხსნად ჩუენდა ყოველთა ჭირთა და ვნებათაგან, რომელნი აღვასრულებთ სახსენებელსა შენსა.

ჟამსა მას დევნულებათა შინა ყოვლისავე საქმისა ქართულისა, დამხობილ იყო  რაჲ საყდარი ივერთა პატრეარქისა და მეფისაჲ, გამოსჩნდი ნუგეშად ერისა შენისა, და არცაღა დასცხრებოდი დაცვისათჳს ენისა ჩუენისა და აღორძინებისათჳს ქართულისა გალობისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა: განმაძლიერებელმან შენმან ქრისტემან ღმერთმან გამოაცხადნა სიმხნენი ღუაწლთა შენთანი და განჰფინნა ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა; ამისთჳსცა ვიქადით შენთჳს და განსწავლულნი წმიდათა წიგნთა შენთაგან განვსცხრებით სიხარულითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ: ცათა უვრცელეს იქმნა საშოჲ შენი, რამეთუ ღმერთი დაიტიე,  უსძლოო სძალო, რომელი დაუტევნელ არს და გარეშეუწერელ დაბადებულთაგან.

კონდაკი, ხმაჲ 3

მოციქულთა თანამოსაყდრჱ და მღდელთმთავართა შუენიერებაჲ იქმენ, გაბრიელ, გაბჰრწყინდი რაჲ, ვითარცა მზჱ, და განანათლებ ყოველთა და განსდევნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა. ამისთჳს პატივს გცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა ჭეშმარიტსა მღდელსა, მესაიდუმლესა ქრისტჱსსა.

იკოსი

ხორცთა დააჭკნობდი რაჲ იწროებითა და შრომითა, ღმერთშემოსილო, აღაორძინებდი სულსა მოღუაწებითა და ლოცვითა, და მძლე ექმნებოდი რაჲ ყოველსავე მანქანებასა ეშმაკთასა, ვითარცა მწყემსი მღჳძარჱ, იღუწიდი სამწყსოთა შენთა კეთილად, გამოჰზარდენ რაჲ მრავალნი სწავლითა შენითა და განარინენ უსჯულოებასა და ცოდვასა, ჩუენთჳსცა ევედრე აწ კაცთმოყუარესა ღმერთსა, მოგუმადლოს სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ და დაგვიცვას განსაცდელთაგან უხილავთა და ხილულთა მტერისათა.

გალობაჲ 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ბრძანებამან უშჯულოჲსა მძლავრისამან უფროჲსად მოტყინარე აღაგზნა სახუმილი ყრმათათჳს და ღმერთმან ყოველთამან ასხურა ცუარი ზეცით სამთა მათ მგალობელთა, რომელ იგი არს კურთხეულ უკუნისამდე.

სილტოლვითა ანგარებათა და ფუფუნებათაგან უარჰყავ თავი თჳსი, და გვიჩვენე რაჲ სიმაღლჱ სიმდაბლისაჲ, სახჱ ექმენ ერსა შენსა, ვითარცა მობაძავი მწყემსთმთავრისა ქრისტჱსა, აწცა გვითხოვე ხსნაჲ საფრხისაგან ეშმაკთაჲსა და ბოროტებისაგან კაცთაჲსა.

არა ხოლო თუ თჳსნი ოდენ ნაყოფნი შეწირნე ღმრთისა მსხუერპლად სულნელად, ვითარცა აბელ მართალმან, არამედ სხუანი-ცა ურიცხუნი სულნი შეწირნე, და მხსნელ ექმენ ავაზაკსაცა, რომელ მოგიხდა მარტოებითა მავალსა, და ეტყოდი რაჲ სახელსა შენსა, სირცხვილეულ-იქმნა, და წარიყვანე რაჲ თჳს თანა, ღირსო, წარგზავნე სასწავლებელსა და იქმნა იგიცა მოსწავლელ ყრმათაჲ.

არცაღა ჰრიდებდი მძლავრთა მხილებასა, და მართლ-ქადაგებითა შენითა განიმრავლებდი რაჲ მოძულეთა, გბრძოდენ, მამაო, და ეშმაკთაებრ ურცხვად გწამებდენ ცილსა, ხოლო ეწადათ რაჲ მოკუდინებაჲ შენი, წმიდაო, დაცულ იყავ ძალისა მიერ საღმრთოჲსა.

მფარველ ხარ შენ არა მხოლოჲ იმერთ მხარისაჲ, სანატრელო, არამედ სრულიად საქართველოჲსა, და მლოცველი და მსწრაფლშემწჱ, და ყოვლად ძლიერი მეოხი ყოველთა ქართველთა. აწ ურვათა შინა მყოფნი ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა, რაჲთა ჩვეულებისაებრ წინაპართა ჩუენთასა ვმსახურებდეთ ერსა, და მარადის ვადიდებდეთ ღმერთსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა: სიწმიდითა მოხუცებულმან გულისმა-ყავ-რაჲ განსლვაჲ შენი ხორცთაგან, შეჰვედრე სამწყსოჲ და ერი ჩუენი უფალსა, და განაგე რაჲ ყოველივე სარგებელი სულისა თჳსისაჲ, ანდერძითა თჳსითა ყოველივე შრომითა მონაგები განუყავ სასწავლებელთა და სკოლათა – აღსაზრდელად უქონელთა ყრმათა და ასულთასა, და სამზრუნველოთა მათ – ქურივ-ობოლთათჳს სამღდელოთასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ: ტევანი ცხორებისაჲ გამოიღე, ვითარცა რაჲ ვენახმან დაუსხმელმან, ღმრთისა დედაო, რომელმან გვიწდიე ღჳნოჲ წმიდა-მყოფელი, და მახარებელი გონებათაჲ, სიმთრვალისა ბოროტისა დამხსნელი.

გალობაჲ 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: სახუმილი იგი ცეცხლისაჲ ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

კეთილის მოძულენი იგი ეშმაკნი, ვერცაღა დაითმენდეს რაჲ ღუაწლსა შენსა, წმიდაო, აღიძრნეს და ზედა-მოგიხდეს  ხორციელად უძლურსა, და იწყეს ბრძოლად მრავლითა და თითოსახითა მანქანებითა, გარნა ვერ შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა, რამეთუ ლოცვითა მჴურვალითა განჴდიდი სიმრავლესა მათსა, აწ ჩუენზედაცა დააცხრვენ აღძრვანი უხილავთა და ხილულთა ვნებათანი.

იქმენ რაჲ უსისხლოდ, ვითარცა მოწამჱ ქრისტჱსი, ღმერთშემოსილო გაბრიელ, თჳთცა მიმტევებელი ყოველთათჳს ბრალთა, უკანაჲსკნელ ყოველთაგან ითხოვდი შენდობასა, და ღაღადებდი აღმოსლვასა მას სულისასა: `მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა~. აწ ჩუენთჳსცა ევედრე ღმერთსა, რაჲთა გჳჴსნნეს ყოვლისაგან ჭირისა და საცთურისა.

დაუტევე რაჲ წარმავალი ესე ცხორებაჲ, მიეც წმიდაჲ სული თჳსი საწადელსა შენსა ქრისტესა, და მის მიერ აღიტაცე ნათელსა მას დაუსრულებელსა, ხოლო მოგანიჭა რაჲ სასყიდელი შრომათა შენთაჲ, წმიდაჲ ნეშტი შენი უჴრწნელებითა განადიდა, რამეთუ პირი შენი მრავალთა დღეთა იყო ბრწყინვალჱ, ღირსო, ვითარცა მზჱ, სავსჱ დიდებითა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა: შეამკო რაჲ დიდებული გელათი შეწყნარებამან უჴრწნელისა ნეშტისა შენისამან, მოჰკრბა სამწყსოჲ შენი ყოვლითგან, და გეთხოვებოდენ ცრემლთა დინებითა, ხოლო მოჭირნახულენი ერისანი ქებასა შეგასხმიდენ შენ, წმიდაო, და გიწოდდენ განმანათლებელად და მამად ერისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ: ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, ყოვლად საგალობელო, დაამშჳდე ცხოვრებაჲ და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა, დედოფალო, რაჲთა მარადის გაკურთხევდე შენ.

გალობაჲ 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: დაუსაბამოჲსაგან მამისა ძე ღმრთისაჲ გამოსჩნდა, ქალწულისაგან მჴსნელად ჩუენდა განხორციელდა, განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რაჲთა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ.

შეერთე რაჲ სიმრავლესა მას წმიდათასა, დაგფლეს გელათის მონასტერსა, და დაღაცათუ წმიდაჲ ნეშტი შენი საფლავმან შეიცვა, ნეტარო, არამედ უმაღლეს საყვირისა ოხრიან განსაკრთომელნი ღუაწლნი შენნი, რომელთა მიერ სულნელ-ჰყოფ მორწმუნეთა ერსა, და განაბრწყინვებ ყოველთა ცისკიდეთა.

ჰხედვიდენ რაჲ საღმრთოსა მას მოქალაქობასა შენსა და მდინარეთა უმდიდრესთა სწავლათა და ნიშთა და სასწაულთა დიდთა, შენ მიერ აღსრულებულთა, ესე ყოველი შემდგომად სიკუდილისა შენისა აღწერნეს მოწაფეთა შენთა და კეთილქებისა გალობითა გნატრიდენ შენ, ვითარცა ჭეშმარიტად ახოვანსა ქრისტეს მხედარსა.

ქრისტემან მოგცა შენ მადლი სასწაულთაცა საქმედ და ესრეთ პატივ გცა საწუთროსა ამას, არამედ შემდგომად სიკუდილისა უფროჲს იდიდე წინაშე მისსა, და ვიდრე აქამომდე არცაღა განგეშორა პატივი სიწმიდისაჲ, რამეთუ სამარხოჲ შენი იქმნა უძლურთათჳს, ვითარცა საუნჯჱ მადლისაჲ და წყაროჲ კურნებათაჲ.

ყოველნი მოსავნი შენნი და მოყუარენი ვიდრე აქამომდე ისწრაფვიან სავანესა მას, რომელსა შინა მდებარე ნაწილთა შენთა წმიდაჲ სამარხოჲ, ვითარცა წყაროჲ დაუწყვედელი, მდიდრად აღმოაცენებს მადლთა სურნელებასა და კურნებასა მიჰმადლებს პატივისმცემელთა მისთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა: ზღუდედ საღმრთოდ, და კეთილად შესავედრებელად მოგიგო შენ ეკლესიამან ჩუენმან და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა, რაჲთა გნატრიდეთ შენ, მოშურნესა მჴურვალესა და ვნებათა თჳთმპყრობელსა, გლახაკთა გამომზრდელსა და ცოდვილთა სულთა მძღუანსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ: საიდუმლოჲ დიდი, დიდებულისა შობისა შენისაჲ განაკჳრვებს ანგელოზთა, ღმრთივმიმადლებულო, და წმიდათა გუნდსა მოწყლავს სიყუარულითა და აღსძრავს მამათა საღმრთოდ გალობად შენდა _ ყოვლისა სოფლისა სასოჲსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა (იგივე)

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ: ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამჴსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თჳსდა მიმართ მიმზიდველი ღირსთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.

იქების დღესასწაული შენი მოყუარეთა შენთა მიერ, ნეტარო, და ჩუენცა სარწმუნოებითა ვადიდებთ და თაყუანის-ვჰსცემთ ყოველთა მწყემსმთავარსა ქრისტესა, რომელმანცა განგამტკიცა შენ, სანატრელო, და აღგძრავთ მეოხებად ყოვლადწმიდისა დედისა მიმართ მისისა, მარიამ ღმრთისმშობლისა, რაჲთა მზაკუვარებაჲ მტერთა ჩუენთაჲ განჴადოს და გჳჴსნნეს საცთურისაგან ბოროტისა, რაჲთა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და ჴმითა მაღლითა მარადის ვადიდებდეთ წმიდასა სამებასა.

ღმერთმან ინება რაჲ წყალობაჲ და ცხორებაჲ ერისა ჩუენისაჲ, ჟამსა მას უწინამძღურობისასა გამოგარჩია მამად და წინამძღურად მისა, და სრულ ყავ რაჲ ქადაგებაჲ ჭეშმარიტებისაჲ, ვითარცა რიტორმან საღმრთომან მართლსწავლითა აღავსენ ყოველნი კიდენი ქუეყანისა ჩუენისანი და მიეც მორწმუნეთა საზრდელი უკუდავებისაჲ, აწ ჩუენცა გვექმენ წინამძღუარ ცხორებისა და მეოხად ქრისტჱს მიმართ, მაცხოვრისა ჩუენისა, რაჲთა მოგვიტევნეს მან უსჯულოებანი ჩუენნი და მოგუმადლოს შენებრი მჴურვალებაჲ სარწმუნოებისაჲ, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაჲ და საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ, ხოლო ქუეყანაჲ ჩუენი დაიფაროს მტერისა საფრჴისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან.

ჵ, ნიჭთა შენდა მოცემულთა, სანატრელო, რომლისა მიერ არცხვინე ბოროტთა ეშმაკთა და გამოსჩნდი კანონ მღდელთმთავართა და სიქადულ მართლმადიდებელთა, დამატკბობელ და ბრწყინვალე მნათობ ყოვლისა სოფლისა და უძლურთა უგამოცდილეს და პატიოსან მკურნალ, რომელსა გაქუს მადლი მორწმუნეთა შეწევნისაჲ, აწ მოგუხედენ მაღლით, ღმერთშემოსილო, და დაარღვიე ყოველივე უღმრთოებისა საცთური და დაამჴე მტერნი და მბრძოლნი ქრისტეანობისაჲ.

იქადის აწ მხარჱ გურიისაჲ, წმიდაო, რამეთუ მის მიერ აღმოსცენდი მწყემსი კეთილი, და წინამძღვარი განსამტკიცებლად ერისა ჩუენისა ღმრთისმსახურებასა შინა, და განსცხრების კრებული მორწმუნეთაჲ მომხსენებელი ღუაწლისა შენისაჲ და ითხოვს მეოხებასა შენმიერსა ღმრთისა მიმართ, რაჲთა ცოდვისამიერი წყუდიადი უმეცრებისაჲ განდევნოს ჩუენგან, და უვნებლობითა, რწმენითა და სიხარულითა შეჰმოსოს ყოველი, ღირსო, ვინაჲცა პატივსა მიაგებს სახელოვანსა ხსენებასა შენსა.

იხარებს აწ ერი ჩუენი და იშვებს წმიდაჲ სავანჱ გელათისაჲ, რომელი იუნჯებს წმიდათა ნაწილთა შენთა, რამეთუ მრავალი მორწმუნჱ მოისწრაფვის დღესა ამას წიაღსა მისსა, რაჲთა კრძალვითა მიეახლონ წმიდასა საფლავსა შენსა და გადიდონ ქართველთა დიდი სამკაული, ტკბილი მამაჲ და მოძღუარი ერისა ჩუენისაჲ – მრავალთა სულთა შინა კეთილზნეობისა დამნერგველი, და სწრაფ-მკურნალი ყოველთა სნეულთა და შეპყრობილთა, და ღაღად-ყონ ჴმითა მაღლითა: `ჰყავ ჩუენ ზედა მართლ-მსაჯული იგი უფალი, წმიდაო, რაჲთა განვსძლიერდეთ და განვცხოველდეთ სულითა და ჴორცითა, და შემძლებელ ვიქმნეთ წინააღმდგომად ყოვლისა ბოროტისა~.

სიტყუათა სულიერთა და წესთა შჯულისათა ასწავებდი რაჲ ერსა შენსა, საღმრთონი ქადაგებანი შენნი თარგმანებათა მიერ განეფინა მრავალსა ქუეყანასა, მოღუაწეო და მუშაკო სათნოებისაო გაბრიელ, და განვლე რაჲ სოფელი ესე ღირსად, დიდებულო, აწ შუებასა სამოთხისასა შეერთებული, ანგელოზთა თანა იხარებ, და უკუნისამდე ჰსუფევ ქრისტჱს თანა, მას ევედრე აწ, რაჲთა განაშოროს ყოველი სილაღჱ და ამპარტავნებაჲ დაბნელებულისაგან გონებისა ჩემისა და ერი ჩუენი, ქრისტეს მოსახელჱ მოაქციოს ყოვლისაგან გზისა უკეთურისა, რაჲთა წყალობისა წილ არა მოვიღოთ სასჯელი კადნიერებისაჲ.

შემოკრბით, ჵ, ერნო ქართველთანო, და შესხმითა სულიერითა უგალობდეთ წმიდასა და ახოვანსა ქრისტჱს მხედარსა, წმიდასა და დიდსა მღდელთმთავარსა გაბრიელსა, ერისა ჩუენისათჳს ფრიად დამაშურალსა წინაშე ღმრთისა, ჴსნად განსაცდელთაგან და განრინებად ყოვლისაგან ვნებისა და საცთურისა, და ვევედროთ, რაჲთა კუალად დაიფაროს მამული თჳსი _ საქართველო _  ყოვლისაგან ჭირისა და თანამბრძოლ გუეყოს ჩუენ მარადის წინააღმდგომად მბრძოლისა, ჩუენ ზედა აღბორგებულისა და დაგვიცვას უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან.

,,დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა~: დავბეროთ საყჳრსა გალობათასა და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა წმიდისა გაბრიელ ებისკოპოსისასა და ვაქებდეთ სანატრელსა მას, ვითარცა სწავლისა მდინარეთა აღმომდენთა ჩუენდა და უგალობდეთ: უძლურნი _ სენთა მკურნალსა, ჭირვეულნი _ მჴსნელსა, შეცოდებულნი _ მჴურვალესა მეოხსა, მწუხარენი _ მლხინებელსა, შორიელად მავალნი _ თანა მოგზაურსა, მენავენი _ მმართებელსა და ყოველნი ყოვლით კერძო, ყოველთა-ვე სასოსა სარწმუნოებით ვადიდებდეთ და ვიტყოდეთ: მეოხ-გუეყავ, სანატრელო, რაჲთა ლოცვათა შენთა მიერ შეგვჭურნეს უფალმან ღმერთმან ძალითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთა ზედა და გუაცხოვნნეს ჩუენ. (ჴმაჲ 6).

,,აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ~: ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე ტევანი ცხორებისა, შენ გევედრებით, მიმადლებულო, მოციქულთა თანა მეოხ გვეყავ ცხორებისათჳს სულთა ჩუენთასა.

I, III და VI ჟამნებზე:

 

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

 

`მომიხსენენი~ – 8 მუხლად:

 სამოციქულო – მღვდელთმთავართა. – ებრაელთა XIII 17-25;

სახარება –  ლკ.6. 43 დას. XI, 27-30.

 

შესვლად.

 

ტროპარი – მღვდელთმთავრისა

კონდაკები ,,დიდება~ – მღვდელთმთავრისა

,,აწ და~ – ,,სასოო და შესავედრებელო…~

 

 

 

წარდგომა: ,,პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა~. (მაჲ 7).

მუხლი. ,,რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე~.

,,ალილუია~: ,,მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ~.(ჴმაჲ 2).

განიცადე: ,,საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი. ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის~.

 

 

წესგანგება შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა

 

წმინდა გაბრიელ ეპიკოპოსის წეს-განგებას ვუძღვნი გარდაცვლილი დის – მედავითნე თამარის, დედ-მამის – ქეთევანისა და მიხეილის, და ბაბუა-ბებიის – შალვასა და ნატალიას ხსოვნას, გთხოვთ მოიხსენოთ წმინდა გაბრიელის სადღესასწაულო წირვა ლოცვაში.

 

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა გაბრიელისა, იმერეთის ეპისკოპოსისა

Exit mobile version