Categories
წმინდანთა ცხოვრება

18 ოქტომბერი. წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა (I)

წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. იგი განათლებულ ბერძენთა წრეს ეკუთვნოდა და პროფესიით ექიმი იყო. ქრისტეს შესახებ რომ ესმა, ლუკა პალესტინაში ჩავიდა და აქ თავად უფლისგან ეზიარა მაცხოვნებელ სწავლებას. ჯერ კიდევ მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს წმიდა ლუკა, როგორც ერთი სამოცდაათ მოციქულთაგანი, უფლის მიერ ცათა სასუფევლის შესახებ პირველი ქადაგებისთვის გაიგზავნა (ლკ. 10, 1-3). აღდგომის შემდეგ უფალი იესო ქრისტე ემაუსში მიმავალ ლუკას და კლეოპას გამოეცხადა.

ლუკა თან გაჰყვა წმიდა მოციქულ პავლეს მეორე მისიონერულ მოგზაურობაში, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს არ განშორებიან. უფლის რჩეული პავლეს გვერდით დარჩა მაშინაც, როცა იგი ყველა თანაშემწემ მიატოვა (2 ტიმ. 4,10). მოციქულთა თავის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა ლუკამ რომი დატოვა და ქადაგებით მოიარა აქაია, ლიბია, ეგვიპტე და თებაიდა; ამქვეყნიური ცხოვრება მან მოწამეობრივი ღვაწლით დაასრულა ქალაქ თებეში.

გადმოცემის მიხედვით, წმიდა ლუკა ღვთისმშობლის პირველი ხატების დამწერიცაა. „მადლი ჩემგან შობილისა ჩემითა მეოხებითა იყოს ამა ხატთანა!“ – უბრძანებია ყოვლადწმიდა ქალწულს თავისი წმიდა გამოსახულების ხილვისას. გადმოცემა აწყურის ღვთისმშობლის ხატსაც ლუკა მახარებლის სახელთან აკავშირებს. წმიდა მოციქულს ეკუთვნის თავთა მოციქულთა – პეტრეს და პავლეს ხატებიც.

სახარება ლუკას 62-63 წლებში პავლე მოციქულის ხელმძღვანელობით დაუწერია რომში. როგორც თვითონვე გვამცნობს პირველივე მუხლებში, მისი მიზანი ყოფილა, უფრო სრულად და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღეწერა ყველაფერი, რაც იესო ქრისტესა და მისი სწავლების შესახებ იყო ცნობილი და ამით ქრისტიანული სასოებისათვის მტკიცე ისტორიული საფუძველი დაედო (ლკ.1, 1-4).

ლუკა მახარებელს ეკუთვნის „საქმე მოციქულთა“. იგი ოთხთავის გაგრძელებაა და მოგვითხრობს წმიდა მოციქულთა შრომასა და ღვაწლზე მაცხოვრის ამაღლების შემდეგ. როგორც უდიდეს საეკლესიო მოვლენას, თხრობისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოციქულთა კრებას (51 წ. ქრისტეს შემდეგ), რომელმაც დოგმატური საფუძველი დაუდო იუდაიზმისგან ქრისტიანობის გამიჯვნას და მსოფლიოში მისი დამოუკიდებელი გავრცელების საწინდარი შეიქნა (საქმე. 15, 6-29).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

Categories
დღესასწაულები

26 ოქტომბერი. ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული.

ქრისტეს შობიდან მეცხრე საუკუნეში, ხატმებრძოლი მწვალებლობის სენით შეპყრობილი იმპერატორის თეოფილეს მეფობის დროს მძვინვარებდა პატიოსანი ხატების სასტიკი დევნა. ხატთა თაყვანისცემის აღმსარებელ კეთილმორწმუნე ქრისტიანებს აწამებდნენ, ხოლო თავად წმიდა გამოსახულებებს იღებდნენ ტაძრებიდან და წვავდნენ. ყველა ქალაქსა და სოფელში წარგზავნილი იყო საიდუმლო მზვერავები, რათა მოეძიათ ფარულად შენახული ხატები და მეფის მკაცრი ბრძანების თანახმად გაენადგურებინათ ისინი.

იმ დროს მცირე აზიის ქალაქ ნიკეასთან ცხოვრობდა ერთი მდიდარი, კეთილმსახური და ქველისმოქმედი ქვრივი, თავის ჭაბუკ ვაჟთან ერთად. მას ჰქონდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატი, რომლის მიმართ განსაკუთრებული რწმენა და კეთილმოწიწება გააჩნდა. მან თავისი სახლის მახლობლად ააგო ეკლესია, სადაც მოათავსა ხატი და ხშირად მხურვალედ ლოცულობდა მის წინაშე. ერთხელაც, ქვრივის სახლში მივიდნენ მეფის მზვერავები და თვალი მოჰკრეს ტაძარში დასვენებულ ღვთისმშობლის ხატს. ერთ-ერთმა მათგანმა განრისხებით ხატს მახვილი ჰკრა და წამსვე ქალწულის ლოყიდან, ვითარცა ცოცხალი სხეულიდან, სისხლი გადმოედინა და ჯალათს გულზე მიესხა. დედაკაცმა დაუჩოქა მათ და სთხოვა, დაენდოთ ხატი და მოეთმინათ გათენებამდე, სანამ იგი გამოსასყიდ თანხას შეაგროვებდა, რაზეც მეფის ანგართმოყვარე მსახურთაგან თანხმობა მიიღო.

მათი განშორებისთანავე ქვრივი თავის ძესთან ერთად ეკლესიაში შევიდა, მუხლმოდრეკილი, ცად აღპყრობილი ხელებით დიდხანს ევედრა ღმრთის დედას, ცრემლითა და ოფლით დაალტო მიწა, და ბოლოს დიდი მოკრძალებით ხატი ზღვის ნაპირას წააბრძანა. იქ კვლავ დავარდა წმიდა ხატის წინაშე და ლმობიერად შეჰღაღადა მარადის ქალწულს: „დედოფალი, შენ ვითარცა ღმრთისმშობელს ძალგიძს გვიხსნა ჩვენ უკეთური მეფისაგან და შენი ხატი დანთქმისაგან!“ ამ სიტყვებით ქვრივმა სანატრელი სიწმიდე ზღვაში ჩაუშვა, და იხილა სასწაული: ხატი არ დაეცა წყალზე ბრტყლად, არამედ ზეაღიმართა და ტალღებთან ერთად დასავლეთისკენ გასცურა. ამის ხილვით ნუგეშინისცემულმა დედაკაცმა მადლობა შესწირა უფალს და მის ყოვლადუბიწო დედას, მერე მიუბრუნდა თავის ძეს და უთხრა: „აღსრულდა ჩვენი წადილი და იმედი, ამაო არ ყოფილა ჩვენი მსახურება ღმრთისადმი და კეთილმოწყალება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა. ახლა მისი სიყვარულისთვის მე მზად ვარ მოვკვდე მტანჯველთა ხელით, შენი სიკვდილი კი არ მნებავს. მე არ შემიძლია აქედან წასვლა, შენ კი გთხოვ და გევედრები, რათა გაიქცე“. შვილმა მორჩილებით მიიღო დედის ნება, გამოეთხოვა მას დაუყოვნებლივ წავიდა თესალონიკეში, მცირე ხანში კი გადავიდა ათონის მთაზე და დამკვიდრდა იმ ადგილას, სადაც მოგვიანებით ივერთა მონასტერი აიგო. აქ მან მიიღო მონაზვნობა, ღმრთის სათნო ღვაწლში განვლო ცხოვრება და კეთილად აღესრულა. უეჭველია, რომ უფლის განგებით მოხდა წმიდა მთაზე მისი გადასვლა, რადგან სწორედ მისგან შეიტყვეს ათონის მეუდაბნოე მამებმა ქვრივის მიერ წმიდა ხატის ზღვაში ჩაშვების შესახებ. თუ სად იმყოფებოდა ამ ხნის მანძილზე ღმრთის დედის საკვირველთმოქმედი ხატი, უწყის მხოლოდ უფალმა, ყოვლის მეცნიერმა…

„ყველა შეიტყობს თქვენი სავანისადმი ჩემს სიყვარულსა და წყალობას“

ერთხელ, XI საუკუნის დამდეგს, დიდ მარხვაში, ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი, რომელიც ბწყინავდა ღამის წყვდიადში და არ ქრებოდა დღის შუქზე. ნათელი მოდიოდა ზღვის ტალღებზე მდგომი ღმრთისმშობლის ხატიდან. მამები შეეცადნენ ნავით მიახლოებოდნენ  ხატს, მაგრამ სიწმინდე განეშორა მათ და მისი ნათელი იხილეს ჰორიზონტზე, სადაც ზღვა უერთდება ცას. ათონის ყველა მოღვაწე ზღვასთან შეიკრიბა, თითოქსდა მტრედების გუნდმა დაჰფარაო მისი ნაპირი. ბერები პარაკლისებს უხდიდნენ ზეციურ დედოფალს, მონასტრებში არ წყდებოდა ფსალმუნთა კითხვა. დადგა ვნების შვიდეული. მთელმა წმინდა მთამ გლოვის ძაძები შეიმოსა. უკვებლივ ყველა ბერი ინანიებდა თავის ცოდვებს – მონასტრის წინამძღვრებიც, წლების მანძილზე დაყუდებული მამებიც და წუთისოფლიდან ახლად მოსული მორჩილებიც. მათ იცოდნენ, რომ სინანულის ცრემლებით განუბანელი ცოდვები, ვითარცა კედელი, გზას უღობავდა ზეციურ დედოფალს.

იმხანად ივერთა სავანის მიდამოებში, მიუვალ მთაზე, განმარტოებულ სენაკში კაცთა მზერას მოშორებულ ღმრთის სათნო ღვაწლში ატარებდა განდეგილ ცხოვრებას ღირსი გაბრიელი, ტომით ქართველი. ზეციური ნათლით შემოსილი ღმრთისმშობელი ძილში გამოეცხადა ღირს გაბრიელს, რომელიც თავისი სენაკის სიმაღლიდან ჭვრეტდა ზღვით მობრძანებულ პატიოსან ხატს ღმრთის დედისა, და უთხრა: „აუწყე წინამძღვარსა და ძმებს, რომ მნებავს, მივანიჭო მათ ჩემი ხატი შემწედ და მფარველად. ნიშნად ამისა შემოდი ზღვაში, რწმენით გაიარე მის ტალღებზე და მაშინ ყველა შეიტყობს თქვენი სავანისადმი ჩემს სიყვარულსა და წყალობას“.

წმიდა ბერმა ამ ხილვის შესახებ წინამძღვარს გამოუცხადა. მეორე დღეს, განთიადზე ივერთა მონასტრის მამები გალობით, საკმევლის კმევითა და ლიტანიობით გამოვიდნენ ნაპირზე. გაბრიელმა ილოცა ღმრთისმშობლისადმი, მერე ფეხი შედგა ზღვის ტალღებზე, როგორც პეტრემ გალილეის ზღვაზე, საკვირველად განვლო წყალი, როგორც ხმელეთი, და ხელში აიღო ფასადაუდებელი საუნჯე. ათრთოლებული და შეძრწუნებული გაბრიელი მოაბრძანებდა ღმრთის დედის საკვირველთმოქმედ ხატს, რომლის მადლი უხილავად იჭერდა მას წყლის ზედაპირზე. ბერებმა სიხარულით მიიღეს ხატი, ვითარცა თავად ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, იქვე სამლოცველო აუგეს და სამი დღე-ღამის განმავლობაში ჰმადლობდნენ უფალს და მის ყოვლადუბიწო დედას. იმ ადგილას, სადაც წმიდა გაბრიელმა ხატი გამოასვენა, ამოსჩქეფა საკვირველთმოქმედმა წყარომ, რომელიც დღემდე მოედინება და ყოველგვარ ხორციელ და სულიერ სნეულებათა მკურნალია.

ეს ამბავი მოხდა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. სამი დღის შემდეგ ხატი გადაიტანეს მონასტრის მთავარ ტაძარში, ანუ კათოლიკონში, და დააბრძანეს საკურთხეველში. მეორე დღეს, ცისკრის ლოცვის წინ კანდელების ასანთებად ეკლესიაში შესულ ბერს ხატი ადგილზე აღარ დახვდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ ბერებმა იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს და კვლად უწინდელ ადგილას დააბრუნეს. სასწაული რამდენჯერმე განმეორდა. ბოლოს ღმრთისმშობელი ისევ გამოეცხადა ძილში გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმებს, რომ მეტად აღარ გამომცადონ, რადგან არ მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ მსურს ვუყო თქვენი მფარველიცა და მცველიც, არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალშიც. დაე ყველა ბერი, ვინც ამ მთაზე კეთილად და ღვთის შიშით იღვაწებს, სასოებდეს ჩემი ძისა და მეუფის მოწყალებას, რამეთუ მე გამოვითხოვე მისგან ეს ნიჭი და აჰა, იყოს თქვენდა სასწაულად: ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი, არ მოგაკლდებათ თქვენ ჩემი ძის მადლი და წყალობა“.

ამის მოსმენამ ძმებს გამოუთქმელი სიხარული მოჰგვარა. მათ ყოვლადწმიდა ქალწულის სადიდებლად სავანის კარიბჭესთან მცირე ტაძარი ააგეს და მისი საკვირველთმოქმედი ხატიც იქ დაასვენეს. მას შემდეგ ხატი ღმრთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც იწოდება „პორტაიტისად“ ანუ „კარიბჭისად“ და, რადგანაც მან ივერთა სავანე აირჩია თავის სამყოფელად, ეწოდება „ივერიის ღმრთისმშობელი“. მას ძველთაგანვე კიდევ ერთი სახელი შეარქვეს – „მწყალობელი“. იგი ყველა მართლმადიდებელ ერში დაემკვიდრა და ამიტომაც ივერთა მონასტერს მსოფლიოში ასზე მეტი დიდი მეტოქი, ანუ ქვემონასტერი ჰქონდა. არსებობს გადმოცემა, რომ სანამ კარიბჭის საკვირველთმოქმედი ხატი ივერთა სავანეში იმყოფება, ათონის მთა მთელს ქვეყნიერებას მოჰფენს მართლმადიდებლობის წმიდა ნათელს და ჯოჯოხეთის ძალები ვერ მოერევიან მას. მაგრამ დადგება დრო და ხატი გაუჩინარდება ისეთივე იდუმალი გზით, როგორც მოვიდა. მაშინ ბერებმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ წმიდა მთა, როგორც ქრისტიანებმა მიატოვეს იერუსალიმი ტიტუსის დროს. სოფლის აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ეს იქნება. ათონზე იყო ჩვეულება: ყოველ კვირას ივერთა სავანის კარიბჭესთან მოდიოდნენ ყველა მონასტრის წარმომადგენლები, რათა გაეგოთ, იყო თუ არა ხატი თავის ადგილას; თაყვანს სცემდნენ მას როგორც წმიდა მთის იღუმენიას და ბრუნდებოდნენ თავიანთ მონასტრებში სასიხარულო ამბით, რომ ღმრთისმშობელს არ მიუტოვებია ათონი, რომ წმიდა მთაზე მართლმადიდებლობის სული კვლავინდებურად ნათელი და წმიდაა.

„გმადლობ, რომელმან ღირს მყავ უღირსი ესე მოჭედასა და შემკობასა წმიდისა ხატისა შენისა…“

გადმოცემის თანახმად, ივერიის ღმრთისმშობელი ლუკა მახარებლის მიერ არის დაწერილი. ხატის ზომა (სიგრძეში 1,37 მეტრი, ხოლო სიგანეში 0,9 მეტრი), ისევე როგორც ქალწულის ღმრთაებრივი სახის ფერწერა დიდებულია და მასზე დედა მოწყალებისა და ნუგეშინისცემისა წარმოგვიდგება დედად პირუთვნელი მსაჯულისა. მისი სახე იმდენად მეტყველია, რომ ასე საგონებელში ჩამგდები და შიშის აღმძრველი ხატი არ მოიპოვება მთელს წმიდა მთაზე. ხატზე სჭარბობს მოშავო-მონაცრისფრო ტონები, და სახეზე დღემდე ამჩნევია სისხლიანი ჭრილობა. საკვირველთმოქმედი ხატი მთლიანად მოჭედილია ოქროცურვილი ვერცხლით და შემკულია სხვადასხვა მეფეთა, დიდებულთა და ღმრთის დედის მადლიერ თაყავანისმცემელთა მიერ შეწირული ოქროს მონეტებით, ძვირფასი ქვებითა და სამკაულებით. ხატის წინ ჰკიდია დიდი, ვერცლის ან მოოქროვილი ვერცხლის 12 უქრობი კანდელი. ტაძრის მოვლა-პატრონობა და ხატის მსახურება ევალება ღვთისმოსავ და კეთილმსახურ მღვდელ-მონაზონს, რომელსაც ირჩევს მთელი საძმო. იგი ყველა სხვა საქმისაგან თავისუფალია და დღე და ღამ ტაძარში იმყოფება, სადაც აღავლენს წირვა-ლოცვასა და პარაკლისებს ღვთისმშობლის სადიდებლად. ამჟამად ამ საპატიო მოვალოებას ასრულებს მღვდელ-მონაზონი იერემია (1999 წ.).

ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ქაიხოსრო ჯაყელის საფასითა და სამცხის ეპისკოპოს ამბროსის ღვაწლით ქართველ ოსტატს მოუჭედავს. ხატის პერანგის ქვედა ნაწილზე შემდეგი წარწერაა ქართულ ენაზე: „ჰოჲ, დედუფალო, დედაო კაცთ მოყვარისა ღმრთისაო, ყოვლად უბიწოო ქალწულო მარიამ! შეიწყალე სული პატრონისა ჩემისა, დიდისა ყვარყვარეს შვილისა ქაიხოსროსი და მე, მონა შენი და ყოვლითურთ უღონო ქმნილი, საბრალო ამბროსი გმადლობ, რომელმან ღირს-მყავ უღირსი ესე მოჭედასა და შემკობასა წმიდისა ხატისა შენისა პორტაიტისა (კარისა). აჰა, დედუფალო, შეიწირე მცირე ესე, ჩემ ცოდვილისა მიერ კადრებული და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა უცოდველად და, ჟამსა საწყალობლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, შემეწიე და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი, და წარმადგინე ცოდვილი საყდართა მისსა და ღმრთისა შენისათა დიდებად ძისა შენისა და თანადაუსაბამოჲსა მამისა მისისა და ყოვლად წმიდისა სულისა მისისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“.

ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ათონელ მამათა მოწმობით „ყველაზე დიდი სახალხო სიყვარულით სარგებლობს“ წმიდა მთაზე. მისი დღესასწაული აღინიშნება ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. საკვრიველთმოქმედ ხატს ლიტანიობით მიასვენებენ ზღვის ნაპირას, სადაც იგი პირველად გამოაბრძანა ღირსმა გაბრიელმა და იქვე მდგომ ღმრთისმშობლის ეკლესიაში აღასრულებენ საღმრთო ლიტურღიას. წარსულში, როდესაც მოგზაურობა ძალზე ძნელი იყო, უთვალავი მლოცველი მოისწრაფოდა ივერთა სავანეში – ერთნი ფეხით, სხვანი ჯორებზე ამხედრებულნი, ზოგიერთები კი ნავებითა და ხომალდებით. საუკუნეებმა ვერ შეარყია ივერიის ხატისადმი პატივისცემა. დღესაც დღესასწაულზე ათასობით მორწმუნე ავსებს  მონასტერსა და მის ეზოს, ნავმისადგომსა და მთელს სანაპიროს. აურაცხელია სახიერი მეკარის ხატიდან მომდინარე კურნებანი და საკვირველებანი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყველას, სარწმუნოებითა და სასოებით მისდამი მოლტოლვილთ უშურველად და უხვად მიანიჭებს სწრაფ შეწევნას, არავის ტოვებს უნუგეშოდ, ყველას შეიტკბობს და თავის დედობრივ კალთას გადააფარებს.

„ივერიის ღმრთისმშობლის ხატი“, თბილისი, 1999 წ.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

19 ოქტომბერი. წმიდა და ყოვლადქებული მოციქული თომა (I)

წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად – დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში,რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ – ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სათავეში, იქ, სადაც მთავრდებოდა ნეფთალემის ტომის სამკვიდრებელი.

როცა უფალი ჩვენი ქრისტე ამქვეყნად ადამიანთა შორის საზოგადო მსახურებისას გალილეა-იუდეის ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებს მოვვლიდა, ასწავლიდა რა ერს და განკურნავდა რა ყოველგვარ სნეულებათ, თომამაც მოისმინა მისი ღვთებრივი ქადაგება და იხილა საკვირველი სასწაულები. ამის გამო იგი მთელი არსებით მიეკრა უფალს და აღარასოდეს მოსცილებია. სხვა უახლოეს მოწაფეებთან ერთად, თომაც დასტკბებოდა იესო ქრისტეს სიტყვებით და მისი ყოვლად წმიდა პირისახის ჭვრეტით, იგიც განუყრელად დაჰყვებოდა უფალს და ღირს-იქმნა თორმეტ მოციქულს შორის შერაცხილიყო. იგიც თვითმხილველი მოწმე იყო უფლის ყველა ქვეყნიური საქმისა, მისი ჯვარზე ვნებისა დანებაყოფლობითი სიკვდილისა. იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდა თომამ, თავისი დაუჯერებლობით სხვა მოციქულთა სიტყვებისა, კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის რწმენა უფლის მკვდრეთით აღდგომაში. რამეთუ როცა ქრისტეს სხვა მოწაფეები ეუბნებოდნენ – „ვიხილეთ ჩვენ უფალი“-ო, თომას არ უნდოდა ამის დაჯერება და ასე ეუბნებოდა მოციქულებს:

– „უკეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი და დავსხენ თითნი ჩემნი ადგილსა მასსა მსჭვალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გვერდსა მისსა, არასადა მრმწმენეს“ (იოანე 20, 25). იმდენად დიდია უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო, რომ თომას ეს „ურწმუნოებაც“ საღმრთო განგებულებით იყო დაშვებული, რათა ჩვენ ყველას ღრმად და შეუეჭვებლად გვერწმუნა უფლის ადამიანური ბუნების მკვდრეთით აღდგომა და ამ ადამიანური ბუნების ზეცად ამაღლება და მამის მარჯვენით დაჯდომა სამარადისოდ. ამ საღმრთო საიდუმლოს დასტურად, რითაც ყოველ ადამიანს მოენიჭა განღმრთობის და ზეცად დაბრუნების შესაძლებლობა, რვა დღის შემდეგ თავისი ბრწყინვალე მკვდრეთით აღდგომიდან, უფალი კვლავ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, რომელთა შორის ამჯერად თომაც იყო და უთხრა მათ:

– „მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი ჩემნი და მოიღე ხელი შენი და დამდევ გვერდსა ჩემსა, და ნუიყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ!“ (იოანე 20, 27).

მაშინ, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს დანახვაზე, როცა მის ცხოველმყოფელ გვერდსაც შეეხო და ხელსაც,თომამ შეჰღაღადა:

– „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ (იქვე, მუხლი 28).

ეს მოვლენა ცხადზე უცხადესაც გვარწმუნებს ჩვენ ყველას უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებაში, რამეთუ იგი თავის მოწაფეებს აჩრდილივით კი არ გამოეცხადა და არც სხვა რამ სხეულით,არამედ სწორედ იმ სხეულით, რომლითაც ჯვარზე ევნო ჩვენი ხსნისათვის.

უფლის ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ, მათ, როგორც ცნობილია, წილი ჰყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში ექადაგა ღვთის სიტყვა. წმიდა თომას წილად ინდოეთი შეხვდა, რათა აზიის ამ შორეულ მხარეში განენათლებინა წარმართობით დაბნელებული პართიელები და მიდიელები, სპარსელები და გირკანელნი, ბაქტრიელები და ბრაჰმანები და ინდოეთის ყველა უშორესი კუთხის მკვიდრნი (ძველად ინდოეთს უწოდებდნენ სამხრეთ აზიის ყველა ქვეყანას, საკუთრივ დღევანდელი ინდოეთის ჩათვლით).

თომა ძალზე წუხდა, რომ ესოდენ შორეულ ქვეყნებში და ველურ ხალხებთან უხდებოდა წასვლა, მაგრამ ჩვენებაში მას უფალი გამოეცხადა, განამტკიცა და უბრძანა, ყოველთვის მხნედ იყავი და ნურაფრის გეშინის,რადგან მეც მარადის შენთან ვიქნებიო. მალე თომამ ისიც შეიტყო უფლისაგან, თუ როგორ უნდა მიეღწია ამქვეყნამდე…

იმავე ხანებში შემდეგი მოვლენა მოხდა:

ინდოეთის მეფემ გუნდაფორმა დიდი, ბრწყინვალე სასახლის აშენება ისურვა თავისთვის და ერთ-ერთი ვაჭარი, სახელად ავანი, პალესტინაში გაგზავნა – წადი იქ და ისეთი გამოცდილი ხელოვანი ხუროთმოძღვარი მომინახე, ვისაც შეეძლება რომის იმპერატორთა მსგავსი სრა-სასახლე ამიგოსო. სწორედ ამ ვაჭარ ავანთან ერთად გაგზავნა უფალმა თავისი მოციქული: როცა ავანი პალესტინაში ხელოვან ხუროთმოძღვარს ეძებდა, მას თომა შეხვდა და უთხრა, მე სამშენებლო ხელოვნებაში დიდად გამოცდილი კაცი ვარო. ავანმაც მაშინვე დაიქირავა იგი, ხომალდზე აიყვანა, და მალე, ზურგის ქარის ამოვარდნისთანავე, ისინი ინდოეთისაკენ გაემგზავრნენ.

რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთი ქალაქის ნავთსაყუდელს მიადგნენ, სადაც მეფის ასულის ქორწილი იყო და მეფე განურჩევლად ყველასიწვევდა ქორწილში. ავანი და თომაც მივიდნენ საქორწინო ნადიმზე. აქ თომამ ერთ-ერთ მის შეურაცხმყოფელს ღვთისგან სასჯელი უწინასწარმეტყველა. ეს წინასწარმეტყელება საოცარი სიზუსტით აღსრულდა იმავე დღეს, რამაც ხალხს შიშის ზარი დასცა. მეფესაც აუწყეს მომხდარის შესახებ. მეფემ თავისთან მოუწოდა თომას და უთხრა:

– შემოდი ჩემს სასახლეში  და აკურთხე დღეს გათხოვილი ჩემი ასული!

მოციქულიც შევიდა სასახლეში და კეთილკრძალულებაში დაუწყო დამოძღვრა ახლად დაქორწინებულთ – დაიმარხეთ ქალწულება, შეურყვნელად შეინახეთ უმაკოება და ასეთი ხვედრი ბევრად უმჯობესი იქნება თქვენთვისო. ბოლოს ილოცა ქალ-ვაჟისათვის, აკურთხა ისინიდა განეშორა. ძილში ახლადდაქროწინებულებმა იესო ქრისტე იხილეს, რომელიც თომას სახით გამოეცხადა მათ და სიყვარულით იკრავდა გულში. მეფის ასულის ქმარმა, რაკი იფიქრა თომა დაბრუნებულაო, ჰკითხა:

– შენ ყველაზე ადრე გახვედი ჩვენგან, როგორღა აღმოჩნდი ისევ აქ?

უფალმა კი მოუგო:

– მე თომა კი არა, მისი ძმა ვარ! და ყველა, ვინც უარყოფს ამა ქვეყანას და მე გამომყვება თომასავით, მხოლოდ ჩემი ძმა კი არ იქნება მომავალ დაუსრულებელ ცხოვრებაში, არამედ ჩემი მემკვიდრეც, რადგან მთელს ჩემს სამეუფოსაც დაიმკვიდრებს! ჰოდა, თქვენც, შვილნო ჩემნო, ნუ დაივიწყებთ ყოველივე ამას, რაც ჩემმა ძმამ თომამ გირჩიათ. და თუკი მისი რჩევისამებრ უმანკოდ დაიმარხავთ თქვენს ქალწულებას, მაშინ უხრწნელი გვირგვინების მიღების ღირსნი გახდებით ჩემს ზეციურ სრა-სასახლეში!

(ქალწულების და უქორწინებელი ცხოვრების ამგვარი განდიდება სულაც არ მოწმობს იმას, თითქოს ცოლ-ქმრული ცხოვრებით შეუძლებელი იყოს ადამიანთა ხსნა. მაგრამ ეკლესიის ძველი წმიდა მამების სწავლებით, ქალწულების დამმარხველნი უმაღლეს საზღაურს მიიღებენ ცათა სასუფეველში, რასაც იოანეს გამოცხადებაც მოწმობს (14, 1-5). ამიტომაც ყოვლის წინასწარმხედველი უფალი, რომელმაც უწყის ამახალდაქორწინებულთა სულიერი ძალები, მოუწოდებს კიდეც მათ ქალწულებრივი ცხოვრებისაკენ, რათა მთელი ცხოვრება ღმერთის სამსახურს მიუძღვნან. აღსანიშნავია, რომ ბერძნულენოვანი დედნის ამ ადგილას თომას ცხოვრებისა, უფალი იმასაც ეუბნება ქალ-ვაჟს, რომ თუკი ისინი შვილებს გააჩენენ, ისინი სნეულნი, ბოროტნი და უბედურნი იქნებიანო.)

ამის თქმაზე უფალი უხილავი გახდა; მათ კი, ძილისაგან აღდგომილებმა, ერთმანეთს აუწყეს სიზმრისეულ ჩვენებაში ნახული. როცა მიხვდნენ, რომ ერთი და იგივე უნახავთ, წამოდგნენ და მთელი ღამის განმავლობაში გულმოდგინედ ლოცულობდნენ ღვთის წინაშე, ხოლო უფლისაგან მოსმენილი სიტყვები ღრმად დაიმარხეს გულში, როგორც ძვირფასი მარგალიტები.

დილით მეფე შევიდა ახალდაქორწინებულთა საძილე ოთახში და ერთმანეთისაგან მოშორებით მსხდომნი ნახა ისინი. გაკვირვებულმა იკითხა, რატომ ხართ ასე მოშორებულნი ერთმანეთსო.

მათ კი პასუხად მიუგეს:

– ჩვენ ვლოცულობთ და ვევედრებით ღმერთს ძალა მოგვანიჭოს იმისთვის, რომ სიცოცხლის ბოლომდე შევძლოთ სრული კეთილკრძალულების დამარხვა, როგორც ახლა ვინარჩუნებთ, რათა ზეციურ სასახლეში ვიქნათ შემკულნი უხრწნელი გვირგვინებით. ასე აღგვითქვა ჩვენ უფალმა, რომელიც აქ  გამოგვეცხადა!

მაშინ მეფე მიხვდა, რომ უმანკოების დაცვა მათ სწორედ იმ უცხო კაცმა ჩააგონა, რომელიც გუშინ იყო სასახლეში. ამის გამო ხელმწიფე განრისხდადა მაშინვე გაგზავნა მსახურნი, რათა შეეპყროთ თომა და მასთან მიეყვანათ. მაგრამ ისინი ამაოდ დაეძებდნენ წმიდა მოციქულს, რადგან იგი ავანთან ერთად უკვე ხომალდზე ასულიყო და ინდოეთისაკენ გამგზავრებულიყო…

ინდოეთს ჩასულნი, ისინი მეფე გუნდაფორს წარუდგნენ და ვაჭარმა ავანმაც უთხრა ხელმწიფეს:

– აი, მეფეო, მოგიყვანე კიდევ პალესტინიდან ხელოვანი ხუროთმოძღვარი! იგი აგიგებთ თქვენ სრა-სასახლეებს, როგორიც თქვენს უდიდებულესობას მოენებება!

მეფეს გაუხარდა და ის ადგილიც უჩვენა თომას, სადაც სასახლის აგება სურდა, მისი ზომებიც განუსაზღვრა და დიდძალი ოქრო მისცა მშენებლობისთვის, თვითონ კი სადღაც გაემგზავრა.

როცა მეფისგან ესოდენი ოქრო მიიღო, თომამ ღარიბ-გლახაკთათვის დაიწყო მისი დარიგება, ამასთან, დაუღალავად დაშვრებოდა სახარების ქადაგებაში, მრავალთ მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და წმიდა ნათელსაც სცემდა მათ სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.

ამასობაში იმ ჭაბუკმა, რომელმაც თავის ახლადშერთულ მეფის ასულთან ერთად წმიდა მოციქულის რჩევით, აღთქმა დადო უმანკოებადაემარხა, შეიტყო, რომ თომა ინდოეთში ქადაგებდა ქრისტეს და მეუღლითურთ ჩამოვიდა მასთან. წმიდა თომამ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრა ისინი და წმიდა ნათელიც სცა. ნათლობის სახელად ქალიშვილმა პელაგია მიიღო და შემდგომში თავისი უმანკო სისხლიც დაღვარა ქრისტეს რწმენისათვის, ჭაბუკს კი ნათლობის სახელად დიონისე ეწოდა და შემდგომში ეპისკოპოსის წოდების ღირსიც გახდა. მოციქულისაგან კურთხევის მიღების შემდეგ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ, სადაც ღვთის სახელის დიდებას განავრცელებდნენ, მრავალ ურწმუნოს მოაქვევდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ქრისტეს ეკლესიებსაც აფუძნებდნენ ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებში…

რამდენიმე წლის შემდეგ ინდოეთის მეფემ მსახურნი გააგზავნა წმიდა თომა მოციქულთან, რათა შეეტყო მალე დასრულდებოდა თუ არასამეფო სასახლის აგება. მანაც დააბარა მსახურთ, გადაეცათ ხელმწიფისთვის, რომ მხოლოდ სახურავის დადგმაღა იყო დარჩენილი. მეფეს ძალზე გაუხარდა, რადგან ეგონა, თომა მართლაც დიდებულ სასახლეს უშენებდა ამქვეყნად. ამიტომ კიდევ გამოუგზავნა დიდძალი ოქრო დაუბრძანა, რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინა სასახლის მშენებლობა და უმშვენიერესი სახურავი დაედგა მისთვის.

როცა თომამ კვლავ მიიღო მეფისაგან დიდძალი ოქრო, თვალნი და ხელნი ზე-აღაპყრო ცისკენ და მადლობა შესწირა ღმერთს:

– გმადლობ შენ, კაცთმოყვარეო უფალო, რამეთუ სხვადასხვა საშუალებებით განაგებ კაცთა ხსნას!

და მიღებული ოქრო კვლავ იმათ დაურიგა, ვინც შემწეობის სათხოვნელად მიდიოდა მასთან, თვითონ კი კვლავ გულმოდგინედ განაგრძობდა ღვთის სიტყვის ქადაგებას. რამდენიმე ხნის შემდეგ მეფემ შეიტყო, რომ თომას, თურმე, ჯერ არც დაუწყია მშენებლობა და რომ მთელი ოქროც ღარიბ-გლახაკთათვის დაურიგებია; რომ იგი ხელმწიფის ბრძანების აღსრულებაზე კი არ ფიქრობს, არამედ ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებშიდადის, რომელიღაც ახალ ღმერთს უქადაგებს ადამიანებს და მრავალ სასწაულსაც აღასრულებს. ამის გამო მეფე დიდად განრისხდა და უმალვე მსახურნი გაგზავნა მოციქულის შესაპყრობად. და როცა იგი მეფეს მიჰგვარეს, ამ უკანასკნელმა ჰკითხა:

– თუ ააშენე ჩემი პალატნი?

წმიდა თომამ მიუგო:

– დიახ, ავაშენე, თანაც ყველაზე მშვენიერნი და დიდებულნი!

მაშინ მეფემ უთხრა:

– აბა, მაშ წავიდეთ და ვნახოთ შენს მიერ აშენებული სასახლე!

– ამქვეყნიურ ცხოვრებაში შენ ვერ შესძლებ იმ სასახლის ნახვას! – მიუგო მოციქულმა. – მხოლოდ როცა განეშორები ამა ქვეყანას, მაშინღა შესძლებ მის ხილვას, სიხარულით დასახლდები მასში და სამარადისოდ იცხოვრებ იქ!

მეფემ იფიქრა, დამცინისო და შეურაცხყოფად მიიღო თომას სიტყვები. ამიტომ ბრძანა იგიც და მისი ჩამომყვანი დიდვაჭარი ავანიც საპყრობილეში ჩაეგდოთ, სადაც ორივე ტანჯვა-წამებით სიკვდილის მოლოდინში უნდა ვნებულიყო. მეფეს განზრახული ჰქონდა ოთხში ამოეღო ისინი, ანუ ცოცხლად გაეტყავებინა და შემდეგ კოცონზე დაეწვა. საპყრობილეში ყოფნისას ავანმა უსაყვედურა მოციქულს და უთხრა:

– შენ მეც მომატყუე და მეფეც გააწბილე, როცა ხუროთმოძღვრად გაგვაცანი თავი. და აი, ახლა შენ უსარგებლოდ დაგიხარჯავს მეფის ოქრო და ჩემი სიცოცხლეც წაგიწყმედია! შენი გულისთვის ვევნები მე, უდანაშაულო კაცი, და საშინელი სიკვდილითაც უნდა მოვკვდე! მეფე გულსასტიკიკაცია და მოგვაკვდინებს!

წმიდა მოციქულმა დაამშვიდა ავანი და შემდეგი სიტყვებით ანუგეშა:

– ნუ გეშინია! ჩვენი სიკვდილით დასჯის დრო ჯერ არ დამდგარა! ჩვენ ცოცხალნი დავრჩებით და თავისუფლებიც ვიქნებით, მეფე კი დიდ პატივს მოგვაგებს იმ პალატთათვის, რომლებივ მე მისთვის ზეციურ სამეფოში ამიგია!

იმავე ღამეს მეფის ძმა მძიმედ დაავადდა, მეფესთან მსახურები გაგზავნა და შეუთვალა:

– შენი ურვისაგან მეც დავსევდიანდი, და აი, ახლა ამ სევდისაგან მძიმე სნეულებამ შემიპყრო, რომლისაგანაც აწ ვკვდები!

და მართლაც, სულ მალე ამის შემდეგ მეფის ძმა აღესრულა კიდეც. მეფეს დაავიწყდა უწინდელი წყენა და კიდევ უფრო დიდმა მწუხარებამ შეიპყრო: უნუგეშოდ იურვოდა და მწარედ დასტიროდა საყვარელი ძმის სიკვდილს. ხოლო უფლის ანგელოზმა, რომელმაც აღიტაცა მომკვდარის სული, ზეციურ სამკვიდრებელში აღიყვანა იგი, მოატარა ყოველივე და მრავალრიცხოვანი დიდებული, საუცხოოდ ნაგები და ბრწყინვალე სრა-სასახლე აჩვენა, რომლთა ერთი განსაკუთრებით გამორჩეული და ისეთი მშვენიერი იყო, რომ მისი აღწერა ვერ ძალ-ედვა ადამიანის ენას.

და მაშინ ჰკითხა უფლის ანგელოზმა მომკვდარის სულს:

– ამ სასახლეთაგან რომელში ირჩევდი ცხოვრებას?

მეფის ძმის სულმა იმ, ყველაზე მშვენიერ სასახლეს შეხედა და მიუგო:

– მე რომ ნება დამრთონ თუნდაც რომელიმე კუნჭულში ვიცხოვრო ამ სასახლისა, მეტს არაფერს ვისურვებდი!

მაშინ ანგელოზმა უთხრა:

– შენ არ ძალგიძს ამ სასახლეში იცხოვრო, რადგან იგი შენს ძმას ეკუთვნის, რომლის ოქროთიც აუგია იგი შენთვის ცნობილ უცხოტომელს – თომას!

– გევედრები, ბატონო! – მიმართა სულმა უფლის ანგელოზს, – გამიშვი ჩემს ძმასთან, და მე ვიყიდი ამ სასახლეს მისგან, რადგან მან ჯერ არ უწყისმისი სიმშვენიერე. და როცა ვიყიდი, მერე კვლავ დამაბრუნე აქ!..

მართლაც, ანგელოზმა დააბრუნა სული სხეულში, და მომკვდარი ძმაც ხელმწიფისა უმალ გაცოცხლდა, თითქოსდა ძილისაგან გამოიღვიძაო. როგორც კი თვალი გაახილა, საოცრად გაკვირვებულ გარშემო მყოფთ სთხოვა, სად არის ჩემი ძმა, სასწრაფოდ ჩემთან მოვიდესო. ძმის გაცოცხლების ამბავი რომ შეიტყო, მეფემ უზომოდ განიხარა, სასწაფოდ მასთან გაეშურა, და როცა პირისპირ იხილა იგი, ცოცხალი და სრულიადჯანსაღი, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მკვდრეთით აღმდგარმა კი ასე მიმართა:

– მეფეო! დარწმუნებული ვარ, რომ გიყვარვარ როგორც ღვიძლი ძმა! ვიცი ისიც, რომ უნუგეშოდ დამტიროდი, როცა აქ უსულოდ ვესვენე, და შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჩემი გათავისუფლება სიკვდილისაგან, შენი სამეფოს ნახევარსაც კი გაიღებდი ამისთვის!

– დიახ, ეს სრული სიმართლეა! – მიუგო მეფემ.

– მაშინ, თუკი ასე გიყვარვარ, – უთხრა ძმამ, – მხოლოდ ერთ საბოძვარს გთხოვ, და გევედრები, უარს ნუ მეტყვი!

მეფემ უპასუხა:

– ყოველივეს, რაც კი მაბადია ჩემს სახელმწიფოში, შენ გიბოძებ, ჩემს საყვარელ ძმას! – და ფიცითაც დაუდასტურა თავისი დაპირება.

მაშინ მკვდრეთით აღდგარმა ძმამ სთხოვა:

– მომეცი მე შენი სასახლე, რომელიც ცათა შინა გაქვს, და მისი სანაცვლოდ მთელი ჩემი ქონება მიიღე!

ამ სიტყვების გაგონებაზე მეფე გაოგნდა და დიდხანს უსიტყვოდ იდგა, რადგან გაკვირვებისაგან მეტყველების უნარიც კი წაერთვა. ბოლოს კიესღა თქვა:

– საიდან უნდა მქონდეს მე ცათა შინა სასახლე?!

– ჭეშმარიტად, რომ გაქვს! – წამოიძახა ძმამ. – შენ ნამდვილად გაქვს ცათა შინა ისეთი სასახლე, რომლის შესახებაც არაფერი უწყი და როგორიც არასოდეს გინახავს ამ მზის ქვეშეთში! ეს სასახლე შენთვის თომამ ააგო, რომელიც საპყრობილეში ჩაგიგდია და სასიკვდილოდ გაგიწირავს! მე ვნახე ეს სასახლე და გაოცებული დავრჩი მისი ენით უთქმელი სიმშვენიერითა და დიდებულებით. მე ვითხოვე, თუნდაც მის რომელიმე კუნჭულში დამასახლეთ-მეთქი, მაგრამ ამის ნება არ მომცეს, რამეთუ ჩემმა წინამძღვარმა ანგელოზმა მითხრა:

– შენთვის შეუძლებელია აქ ცხოვრება, რადგან ეს სასახლე შენს ძმას ეკუთვნის, რომელსაც იგი შენთვის ცნობილმა თომამ აუგოო.

და მე ვევედრე ანგელოზს, გამოვეშვი შენთან, რათა მეყიდა შენგან სასახლე. და აი, ახლა შენს წინაშე ვარ და გევედრები: თუკი გიყვარვარ, მომყიდე შენი ზეციური სასახლე და მის სანაცვლოდ მთელი ჩემი ქონება-სამკვიდრებელი მიიღე!

მაშინ მეფემ დიდად განიხარა ყველაფრის გამო – ძმის ამქვეყნად მობრუნებისთვისაც და იმ სასახლისთვისაც, რომელიც მისთვის, თურმე, უცხოტომელ თომას აუგია. ამიტომ ასე უთხრა მკვდრეთით აღმდგარ ძმას:

– საყვარელო ძმაო! მე დავიფიცე, რომ არაფრისთვის გეტყოდი უარს, რაც ამქვეყნად ჩემს ხელმწიფებას ექვემდებარება. მაგრამ არ აღმიქვია შენთვის ის სასახლე, რომელიც ზეცაში ყოფილა აგებული. ამიტომ თუკი ასე გსურს, შეგიძლია მიიღო ის ხუროთმოძღვარი, რომელიც ჩვენ გვყავს და რომელსაც ძალუძს შენთვისაც ააგოს ასეთივე სასახლე!

თქვა ეს და უმალვე საპყრობილეში გაგზავნა მსახურნი, რათა წმიდა თომა და მისი ჩამომყვანი ვაჭარი ავანი ხელმწიფისათვის მიეგვარათ. და როცა ისინი მოიყვანეს, მეფე სასწრაფოდ შეეგება მოციქულს და ფერხთ შეუვრდა ვედრებით, შემინდე ჩემი ცოდვა შენს წინააღმდეგ, რადგან არ ვუწყოდი, რას ვიქმოდიო.

წმიდა მოციქულმა თომამ კი მადლობა შესწირა უფალ ღმერთს ასეთი წყალობისათვის და ორივე ძმის დამოძღვრა დაიწყო ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. ისინი გულმხურვალედ იღებდნენ მოციქულის სიტყვებს და განათლდებოდნენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენით. მალე თომამ წმიდა ნათელიც სცა მათ და ასწავლა ქრისტიანული ცხოვრება, ძმებმა კი მრავალრიცხოვან წყალობათა გაღებით საუკუნო სამკვიდრებელი შეიძინეს ცათა შინა.

წმიდა მოციქულმა თომამ ერთხანს მეფესთან და მის ძმასთან დაჰყო, განამტკიცა ისინი წმიდა რწმენაში, და შემდეგ კი გარემო ქალაქებსა და დაბა-სოფლებში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და ქმედითადაც იღვწოდა ადამიანთა ხსნისათვის.

და იმ დროს, როცა თომა მოციქული სახარების ქადაგენით ინდოეთის ქვეყნებს განანათლებდა, დადგა ჟამიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აღსრულებისა, და უფლის ყველა მოციქული სხვადასხვა ქვეყნებიდან სულიწმიდის მიერ იქნა ზეცად აღტაცებულნი და ერთ წამზედ გეთსიმანიის ბაღში გადმოყვანილნი ყოვლადკურთხეული მარადის ქალწული მარიამის სარეცელთან (საეკლესიო გადმოცემით, ეს მოხდა მე-15წელს უფლის ზეცად ამაღლებიდან), ანუ 48 წელს ქრისტეს შობიდან, როცა ღვთისმშობელი 64 წლისა იყო. მაშინ თომა ინდოეთში მყოფი მოციქულიც იქმნა აღტაცებული ზეცად სულიწმიდის მიერ და გადმოყვანილი იერუსალიმში, მაგრამ მან მაინც ვერ ჩამოუსწრო ღვთისმშობლის წმიდა სხეულის დაკრძალვას. ეს საღმრთო განგებულებით აღსრულდა იმისთვის, რომ მორწმუნენი ცხადლივ დარწმუნებულიყვნენ ღვთის დედის ზეცად აყვანაში სხეულითაც. რამეთუ როგორადაც უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაში ჩვენ კიდევ უფრო მტკიცედ დავრწმუნდით სწორედ წმიდა თომა მოციქულის მაშინდელი „ურწმუნოებით“, ასევე ამ შემთხვევაშიც, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის – მარადქალწულ მარიამის ზეცად აყვანაც სწორედ თომა მოციქულის დაგვიანების შედეგად შევიტყვეთ.

წმიდა თომა ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა და დიდად მწუხარებდა იმის გამო, რომ არ იმყოფებოდა გეთსიმანიის ბაღში დაკრძალვის დღეს, რათა სხვა მოციქულებთან ერთად საფლავამდე მიეცილებინა უფლის დედის სხეული და ამქვეყნად უკანასკნელად ეხილა მისი ყოვლადნეტარი პირისახე. მაშინ წმიდა მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს გაეხსნათ თომასათვის ღვთისმშობლის საფლავი, რათა მას ენახა მისი ყოვლადპატიოსანი სხეული, თაყვანი ეცა მისთვის და ნუგეშ-ცემულიყო თავის მწუხარებაში. მაგრამ, აი, როცა საფლავი გახსნეს, ვერაფერი ნახეს იქ ღვთისმშობლის მოსასხამის გარდა. ამით ყველანი მტკიცედ დარწმუნდნენ იმაში, რომ დედა ღვთისა, თავისი ღვთაებრივი ძის მსგავსად, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და სხეულით იქნა აყვანილი ზეცად, სადაც ჰგიებს აღმატებულად ყოველთა ზეციურ ძალთა ზედა და ილოცავს უფლის წინაშე ჩვენთვის ყველასათვის…

ამის შემდეგ წმიდა მოციქული თომა კვლავ ინდოეთის ქვეყანაში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და მრავალთ მოაქცევდა იქ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ნიშნებისა და სასწაულების აღსრულებით. ქალაქ მელიაპორში ჩასული (ინდუსტანის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე), იგი იქაურ მცხოვრებთაც განანათლებდა სახარების ქადაგებით. აქ მან შემდეგი სასწაულით განამტკიცა ადამიანები ქრისტეს რწმენაში:

მელიაპორში, ერთგან, უჩვეულო სიდიდის ხე იდო, რომლის დაძვრაც ადგილიდან არათუ ადამიანებს, ვეება სპილოებსაც კი არ შეეძლოთ. წმიდა თომამ თავისი სარტყელი მოაბა ხეს და ნახევარიოდე საათის სავალზე წაიღო, სადაც უფლის ტაძრის მშენებლობაში გამოსაყენებლად გადასცა. ამის ხილვაზე მორწმუნენი კიდევ უფრო განმტკიცდნენ, ხოლო ურწმუნოთაგან მრავალნი მოიქცნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და მოინათლნენ. წმიდა მოციქულმა აქ სხვა სასწაულიც აღასრულა, პირვანდელზე უდიდესი. ერთხელ ვინმე წარმართმა ქურუმმა საკუთარი ძე მოკლა და ბრალი ამაში წმიდა მოციქულს დასდო – თომამ მომიკლა ვაჟიშვილიო.

ხალხი ძალზე აღელდა. შეყრილმა ბრბომ შეიპყრო თომა როგორც მკვლელი და ქალაქის სამსჯავროს მოსთხოვა ტანჯვა-წამებით მოეკვდინებინათ იგი. და რაკი არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც დაუდასტურებდა მის უდანაშაულობას, წმიდა მოციქულმა თომამ თავად მიმართა მსაჯულსაც და ხალხსაც შემდეგი თხოვნით:

– გევედრებით, გამიშვით! მე მივალ მოკლულთან, ვკითხავ მოკლულს და ჩემი უფლის სახელით ვათქმევინებ, თუ ვინ მოჰკლა იგი!

ყველას გაუკვირდა ეს, და დათანხმდნენ ქურუმის მოკლულ ძესთან გაჰყოლოდნენ. როცა იქ მივიდნენ, წმიდა თომამ თვალები ზეცად აღაპყრო, ილოცა და შემდეგ მოკლულს მიმართა:

– ჩემი უფლის – იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, ჭაბუკო, თქვა: ვინ მოგკლა?

და მიცვალებულმაც მაშინვე ხმა გასცა:

– მამამ ჩემმა მომკლა მე!

მაშინ ყველანი დიდად გაოცდნენ და ღაღადი იწყეს:

– დიდ არს ღმერთი, რომელსაც თომა ქადაგებს!

მოციქული გაათავისუფლეს, წარმართი ქურუმი კი, ამგვარად, თვითონ აღმოჩნდა იმ ორმოში, რომელიც თომასთვის ამოეთხარა. ამ სასწაულის შემდეგ დიდძალი ხალხი მოიქცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და წმიდა ნათელიც მიიღო მოციქულისაგან.

ამის შემდეგ თომა უფრო შორეულ მხარეში, ქალამიდის ქვეყანაში გაეშურა ღვთის სიტყვის საქადაგებლად, სადაც მეფე მუზდი ზეობდა. როცა ქრისტეს რწმენას ახარებდა იქ, მოციქულმა ერთი დედაკაცი მოაქცია, სახელად სინდიკია, რომელიც მეფის რჩეული მეგობრისა და ქვისლის ქარიზეს ცოლის, მიგდონიას ძმისშვილი იყო. სინდიკია მიგდონიასაც შეაგონებდა ჭეშმარიტების შეცნობას და ერთი ღმერთის რწმენას, რომელმაც შეჰქმნა მთელი სამყარო და რომელსაც წმიდა თომა ქადაგებდა. მაშინ მიგდონიამ უთხრა სინდიკიას:

– მე ვისურვებდი თვითვე მენახა ის კაცი, ჭეშმარიტ ღმერთს რომ ქადაგებს, და მისგან მომესმინა ქრისტეს მოძღვრება!

სინდიკიამ მიუგო:

– თუ ღმერთის მოციქულის ნახვა გსურს, ძველმანები ჩაიცვი, ვითომც უბრალო, ღარიბი დედაკაცი ხარ, რათა არავინ გიცნოს, და მერე მე წამომყევი!

მიგდონია ასეც მოიქცა და სინდიკიას გაჰყვა. წმიდა თომა მათ უბრალო და ღარიბ ადამიანთა შორის ნახეს, რომელთაც იგი ღვთის სიტყვას უქადაგებდა. ქალებიც ხალხს შეერივნენ და თომას საუბარს მიუგდეს ყური, რომელიც ბევრს ლაპარაკობდა უფალ იესო ქრისტეზე, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სიკვდილზე, განკითხვის დღეზე, გეჰენიის ცეცხლსა და ცათა სასუფეველზე. ყოველივე ამას მიგდონია წრფელი გულით იღებდა და ირწმუნა კიდეც ქრისტე. სახლში დაბრუნებული, იგი სულ მოციქულის სიტყვებზე ფიქრობდა, თავის ძმისშვილ სინდიკიასაც სულ ქრისტეზე ელაპარაკებოდა, და ბოლოს უკვე მთელი არსებით შეიყვარა ქრისტე. ამ დროიდან მოყოლებული მიგდონია ყოვლგვარ ურთიერთობას გაურბოდა ურწმუნოებთან, როგორც უფლის მტრებთან, არც ესაუბრებოდა, არც წვეულებაზე მიდიოდა მათთან და, საერთოდ, უარს ამბობდა ყველანარი ამქვეყნიურ სიამეზე. მეტიც, მან გადაწყვიტა მეუღლეობრივი თანაცხოვრება შეეწყვიტა ქმართან. ამ გარემოებამ ღრმად დაამწუხრა მისი ქმარი, და რაკი ვერ შესძლო ეიძულებინა მიგდონისათვის გადაწყვეტილების შეცვლა, თვით მეფესთან მივიდა და სთხოვა მუზდის, იქნებ შენმა ცოლმა – ტერტინიამ მოახერხოს მისი დაყოლიებაო (ტერტინია და მიგდონია ღვიძლი დები იყვნენ). მართლაც, დედოფალი მიგდონიასთან მივიდა და ჰკითხა, რა მიზეზია, რომ შენს ქმარს არ ემორჩილებიო.

– ის წარმართია, – მიუგო მიგდონიამ, – ღმერთის მტერი, მე კი ერთი ჭეშმარიტი ღმერთის – იესო ქრისტეს მხევალი ვარ, და არ მსურს, რომ წავიბილწო ურწმუნო და არაწმინდა ადამიანთან თანა-ცხოვრებით! (წმიდა პავლე მოციქულის სწავლებით ეს გარემოება ხელს არ უნდა უშლიდეს ქრისტიანი ცოლისა და წარმართი ქმრის (ანდა პირიქით) თანაცხოვრებას (იხ. 1 კორინთ. 7, 12-14), რადგან ქრისტიან მეუღლესთან ცხოვრებით ურწმუნო ადამიანი განიწმინდება და შეიძლება მოიქცეს კიდევ. მიგდონია კი თვითვეა მკაცრი საკუთარი თავისადმი და უფლებაც აქვს ამისა.)

ტერტიანემაც, ამის გაგონებაზე, ისურვა შეეტყო, თუ ვინ არის იესო ქრისტე, რომელაც მიგდონია ჭეშმარიტ ღმერთად ხმობდა. მაშინ მიგდონიამ თომას მთელი ქადაგების შინაარსი მოუთხრო და შეაგონებდა – შენც ირწმუნე ჭეშმარიტი ღმერთიო. ტერტიანემაც, რაკი სურდა, უფრო მეტი შეეტყო იესო ქრისტეზე და უმჯობესად დამოძღვრილიყო ჭეშმარიტ სარწმუნოებაში, სთხოვა მაგდონიას, მანახე თომა, რათა თვით მისგან მოვისმინო ყველაფერიო. მიგდონიას რჩევით, მან ფარულად გაგზავნა მსახურნი მოციქულთან და თავისთან მოუწოდა. დედოფალთან მოსულ წმიდა თომას ორივე დედაკაცი მხურვალედ ევედრა, ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დაგვმოძღვრეო. მანაც ქრისტე უქადაგა დებს, რწმენის სინათლით განანათლა, ნათლობის ემბაზშიც განბანა და ღვთის მცნებათა აღსრულება და სათნო ცხოვრება ასწავლა. დედაკაცებმა ღრმადაღიბეჭდეს გულში ყოველივე ეს, რაც წმიდა მოციქულისაგან მოისმინეს, და გადაწყვიტეს მთელი ცხოვრება უფლისათვის მიეძღვნათ დამისთვის ემსახურათ სიწმიდითა და უმანკოებით, ისე, რომ არც თავიანთ მეუღლეებთან თანა-ეცხოვრათ, როგორც ურწმუნო ადამიანებთან.

წმიდა თომა კი საღმრთო ძალით განაგრძობდა მრავალრიცხოვანი სასწაულების აღსრულებას და ყოველგვარი სნეულების განკურნებას. მისი ქადაგების მოსმენით და საკვირველმოქმედების ხილვით ბევრნი მოიქცნენ არა მხოლოდ უბრალო მოქალაქეთაგან, არამედ თვით მეფის კარისკაცთაგანაც. მეფის ერთადერთმა ძემაც, სახელად აზანმა, ირწმუნა ქრისტე და წმიდა ნათელიც მიიღო მოციქულისაგან, რამეთუ თავის მოციქულთა მეშვეობით თვით უფალი იესო ქრისტე მოქმედებდა, განამრავლდებდა თავის ეკლესიას და ყველგან განავრცობდა თავისი სახელის დიდებას!

სასახლეში დაბრუნებული დედოფალი ტერტინია მარხვასა და ლოცვას მიეცა და უარს ეუბნებოდა ქმარს ხორციელ თანაცხოვრებაზე. მეფე გაკვირვებული იყო თავისი ცოლის ცხოვრებაში მომხდარი ასეთი ცვლილებით და ერთხელაც ასე უთხრა მეგობარსა და ქვისლს ქარიზეს:

– შენთვის მინდოდა ცოლი დამებრუნებინა და აი, ჩემიც დავკარგე! ესეც ისე მექცევა, როგორც მიგდონია – შენ!

ამის გამო მეფემ და ქარიზემ გულდაგულ გამოიკვლიეს მეუღლეთა ასეთი შეცვლის მიზეზი და შეიტყვეს, რომ, თურმე, ვიღაც გადამთიელმა, სახელად თომამ, ქრისტეს რწმენა ასწავლა დედაკაცებს და ჩააგონა მეუღლეობრივი თანაცხოვრება შეეწყვიტათ საკუთარ ქმრებთან. ისიც შეიტყვეს, რომ თომას ქადაგებების შედეგად მეფისწულსაც – აზანსაც ურწმუნია ქრისტე, სამეფო კარის ბევრ მსახურსაც და დიდ მოხელესაც, უბრალო ხალხში კი ახალი რწმენის მიმდევართა რიცხვი ხომ უზომოდ დიდი ყოფილა. ამის გამო მეფეცა და მისი ქვისლიც დიდად განრისხდნენ და უბრძანეს მსახურთ, შეეპყროთ თომა და საპყრობილეში ჩაეგდოთ. მალე კი მეფის სამსჯავროს წარუდგინეს.

ხელმწიფემ ჰკითხა:

– ვინა ხარ შენ – მონა თუ თავისუფალი კაცი?

თომამ მიუგო:

– მე იმის მონა ვარ, ვისზეც შენ არა გაქვს ხელმწიფება!

– ვხედავ, რომ მზაკვარი მონა ყოფილხარ! – უთხრა მეფემ. – ალბათ, გამოქცეული საკუთარ ბატონს და ამ ჩვენს მიწა-წყალზე მოსული ხალხის წასახდენად და ჩვენი ცოლების შესაშფოთებლად… მაშ, თქვი, ვინ არის შენი ბატონი?

– ჩემი ბატონი არის უფალი ცათა და ქვეყნისა! – უპასუხა წმიდა მოციქულმა. – ღმერთი და შემოქმედი ყოველი ქმნილებისა. მან წარმომგზავნა აქ თავისი სახელის საქადაგებლად და ადამიანთა მოსაქცევად ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მათი უწინდელი შეცთომილებიდან.

მეფე განრისხდა:

– შეწყვიტე, შე ცრუ კაცო, მზაკვრული საუბარი და მოისმინე ჩემი ბრძანება: როგორადაც შეაცდინე ჩვენი ცოლები შენი ცბიერობით და ჩვენზე ხელი ააღებინე, აი, ამგვარადვე ახლა ისევ დაგვიბრუნე მეუღლეები, თორემ განანებთ! რამეთუ თუკი არ იქმ იმას, რომ ჩვენი ცოლები კვლავ უწინდელი სიყვარულითა და ერთობით ცხოვრობდნენ ჩვენთან, მაშინ სასტიკი სიკვდილით მოგაკვიდებთ!

მეფის მკაცრ სიტყვებზე თომამ მკაცდრადვე მიუგო:

– არა ჯერ-არს ქრისტეს მხევლებისათვის მეუღლეობრივი თანაცხოვრებით ჰგიებდნენ უსჯულო ქმრებთან! არა ჯერ-არს მორწმუნეთათვის შეგინებულ და შებილწულ იქმნენ უკეთურ ურწმუნოთაგან.

ამის გაგონებაზე მეფე მუზდი საშინლად განრისხდა და ბრძანა წმიდა მოციქულის ტანჯვა-წამება დაეწყოთ. ჯერ გავარვარებული რკინის დაფები მოიტანეს, რათა თომა ფეხშიშველა შეეყენებინათ მათზე. მაგრამ როგორც კი მოციქულმა ფეხი შედგა მათზე, ანაზადად წყალი გაჩნდა მის ფეხქვეშ და განაგრილა რკინა. შემდეგ იგი გახურებულ ღუმელში შეაგდეს და მთელი ღამე მის მგზნებარე ცეცხლში დატოვეს, მაგრამ მეორე დღეს, როცა ღუმელის კარი გააღეს, თომა ცოცხალი და სრულიად უვნებელი გამოვიდა იქიდან.

ამ სასწაულებმა ვერ შეაგონეს მეფე და ქარიზე, რომელმაც ასეთი რჩევით მიმართა ხელმწიფეს:

– აიძულე მას თაყვანი სცეს და მსხვერპლი შესწიროს ჩვენს „ღმერთს“ – მზეს, რათა ამით განარისხოს თავისი ღმერთი, რომელიც აქამდ ეუვნებლად იცავდა სატანჯველთაგან!

მაგრამ როგორც კი წმიდა მოციქული მზის კერპთან მიიყვანეს, იგი მაშინვე ცვილივით გადნა. მორწმუნენი უსაზღვროდ განიხარებდნენ შემოქმედი ღმერთის ასეთი ძლიერების ხილვის გამო, და ურწმუნოთაგანაც დიდი სიმრავლე შეეძინებოდა უფალს. კერპის მსახურნი კი ძალზე დრტვინავდნენ თომაზე მათი „ღვთაების“ მოსპობისათვის და მეფისაგან მოციქულის მოკვდინებას მოითხოვდნენ. მეფეც საგონებელში იყო ჩავარდნილი და აღარ იცოდა, რა საშუალება მოეფიქრებინა მის დასაღუპად; თუმცა ხალხის ეშინოდა, აგრეთვე თავისი მსახურებისაც დადიდმოხელეებისაც, რომელთაგან უკვე მრავალს ერწმუნა ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად.

მაშინ მეფემ წაიყვანა თომა და თავის მხედრებთან ერთად ქალაქგარეთ გავიდა. ყველას ეგონა, მეფეს რაღაც სასწაულის ხილვა სურს მოციქულისაგანო. მაგრამ ხელმწიფემ, როგორც კი ნახევარიოდე საათის სავალით დასცილდნენ ქალაქის გალავანს, ხუთ მხედარს გადასცა თომა და უბრძანა, მთაზე აეყვანათ და იქ შუბებით განეგმირათ. თვითონ კი მეზობელ ქალაქ აქსიუმს წავიდა. ამასობაში მეფისწული აზანი და ერთი სხვა ქრისტიანი, სახელად საფორი, ქალაქიდან გამოსულიყვნენ, მოციქულის კვალდაკვალ წამოსულიყვნენ და ახლა, როცა მხედრების ხელში სასიკვდილოდ განწირულს ხედავდნენ, ცხარედ დასტიროდნენ მას. მაშინ თომამ ნებართვა სთხოვა მხედრებს ლოცვის აღსრულებისა, და როცა ილოცა, სიფორს მღვდლად დაასხა ხელი, აზანს კი დიაკვნად და უანდერძა, მორწმუნეთა გამრავლებისათვის და ქრისტეს ეკლესიის განვრცობისათვის ეზრუნათ. ამის შემდეგ მხედრებმა ხუთი შუბით განგმირეს წმიდა მოციქული თომა.სიფორი და აზანი დიდხანს დასტრიალებდნენ მოძღვარს და შემდეგ დიდი პატივით დაკრძალეს მისი წმიდა სხული (მოციქულის მოწამეობრივი სიკვდილის ადგილს დღესაც უჩვენებენ კალურმინში, ექვსიოდ კილომეტრზე ქალაქ მალიპურიდან, სადაც წმიდა თომა ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე ლოცვისათვის).დაკრძალვის შემდეგ ისინი დიდხანს ისხდნენ მოციქულის საფლავთან ღრმად დამწუხრებულები. და აი, წმიდა თომა გამოეცხადა მათ ჩვენებაში და უბრძანა ქალაქში დაბრუნებულიყვნენ და რწმენაში განემტკიცებინათ ძმები. ისინიც დაბრუნდნენ და, წმიდა თომას ლოცვა-კურთხევით გაძლიერებულნი, წარმატებით განაგებდნენ ქრისტეს ეკლესიას.

მეფე მუზდი და ქარიზე დიდხანს ტანჯავდნენ თავიანთ ცოლებს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ და ვერ დაიყოლიეს მეუღლეობრივ თანაცხოვრებაზე. და როცა მიხვდნენ, ვეღარ დავიმორჩელებთო, იძულებულნი გახდნენ თავისუფალი ცხოვრების ნება მიეცათ მათთვის, რადგან ხედავდნენ, რომ დედეკაცები უმალ სიკვდილს არჩევდნენ, ვიდრე მათთან ცხოვრებას. ასე, რომ ღვთისნიერი დები გათავისუფლდნენ ცოლ-ქმრული ცხოვრების უღლისაგან და მკაცრ, სათნო ცხოვრებას მიეცნენ: მარადის ლოცულობდნენ, მარხულობდნენ და ერთგულად ემსახურებოდნენ უფალს, რითაც უდიდესი სარგებლობა მოჰქონდათ ეკლესიისათვის.

რამდენიმე წლის შემდეგ მეფე მუზდის ერთ-ერთი ძე ბოროტი სულისაგან იქმნა შეპყრობილი და მისი განკურნება ვერავინ შეძლო, რადგან მასში მეტად  სასტიკი დემონი დაბუდებულიყო. ხელმწიფე ძალზე შეურვებული იყო თავისი ძის სნეულებით, და რაკი სმენოდა, წმიდა თომას სიცოცხლის ჟამს მრავალი ბოროტი სული განუდევნია ადამიანთაგანო, გადაწყვიტა გაეხსნა მისი საფლავი, აეღო მოციქულის ერთი ძვალთაგანი და ყელზე შეება თავისი ვნებული ძისათვის, რათა ამგვარად გაეთავისუფლებინა ეშმაკისმიერ ქენჯნისაგან. და როცა ის იყო, დააპირა კიდეც განზრახულის შესრულება, რომ სიზმრისეულ ჩვენებაში წმიდა თომა გამოეცხადა და უთხრა:

– ცოცხალი არ გწამდი, და ახლა მკვრისგან გინდა შეწევნის მიღება? გარნა ნუ დარჩები შენს ურწმუნოებაში, და უფალიც ჩემი იესო ქრისტე მოწყალე იქნება შენდამი.

ამ ჩვენებამ კიდევ უფრო განაძლიერა მეფის სურვილი გაეხსნა მოციქულის საფლავი და განზრახული შეესრულებინა. მართლაც, გაემართა მეფე მუზდი წმიდა თომას დაკრძალვის ადგილას, გახსნა საფლავი, მაგრამ ვერაფერი ნახა იქ, რადგან ერთ ქრისტიან კაცს ფარულად აეღო მოციქულის წმიდა ნაწილები და მესოპოტამიაში გადაესვენებინა შესაფერის ადგილას. მაშინ ხელმწიფემ ერთი მუჭა მიწა აიღო იმ ადგილიდან, ნაჭერში გაახვია და თავის ძეს ჩამოჰკიდა ყელზე. ამასთან, ლოცვა-ვედრებით მიმართავდა უფალს:

– უფალო იესო ქრისტე! გევედრები, გენკურნე ჩემი ძე შენი წმიდა მოციქულის თომას ლოცვით! და მაშჲნ მეც გირწმუნებ ჭეშმარიტ ღმერთად!

და როგორც კი დაასრულა ამ სიტყვების წარმოთქმა, ეშმაკმა მაშინვე დასტოვა მეფისწული და ყრმაც სრულიად განიკურნა. მეფე მუზდიმ ამისგამო ირწმუნა ქრისტეს და თავის ყველა დიდებულთან და მსახურთან ერთად წმიდა ნათელიც მიიღო მღვდელ სიფორისაგან. მაშინ უდიდესი სიხარულით აღვისო მორწმუნეთა გულები, რამეთუ კერპები ყველგან დაამხეს და მათი ტაძრებიც დაანგრიეს, ხოლო მათს ადგილას ქრისტიანული ეკლესიები ააგეს. ღვთის სიტყვა ყველგან იქადაგებოდა და ჭეშმარიტი სარწმუნოებაც წმიდა თომა მოციქულის ლოცვითი მეოხმყოფელობით მთელს ინდოეთში განმტკიცდებოდა.

ნათლობის მიღების შემდეგ მუზდი გულწრფელად ინანიებდა თავის უწინდელ ცოდვებს და ყველას ევედრებოდა ლოცვით შეწევნას. სიფორ ხუცესიც ყველა მორწმუნეს მოუწოდებდა, დახმარებოდნენ ხელმწიფეს:

– ილოცეთ მეფე მუზდისათვის, რათა მას წყალობით მოხედოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ და ყველა ცოდვაც მიუტევოს!..

მართლაც, მთელი ეკლესია ლოცულობდა მეფისათვსი, და მას ცოდვათა შენდობა მოემადლა: მოქცეული მეფე ღვთის სათნოდ ცხოვრობდა დადიდად შეეწეოდა ქრისტეს ეკელსიას. ხოლო იმ ადგილას, სადაც წმიდა თომა მოციქულის ნაწილები ესვენა, მისი ლოცვით მრავალი სასწაულიდა საკვირველი კურნება აღესრულებოდა.

საეკლესიო მწერლების მოწმობით თომა მოციქულის წმიდა ნაწილები შემდგომში (385 წელს) ქალაქ ედესოში გადაასვენეს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინდოეთშიც დარჩა მისი ზოგიერთი ნაწილი. ედესოში ამ წმიდა ნაწილებზე დიდებული ეკლესიაც ააგეს, სადაც შორეული ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ მლოცველები. იმპერატორ ანასტასის ზეობისას (490-518) თომა მოციქულის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლს გადაასვენეს, სადაც მის სახელზე ტაძარიც იქნა აგებული. ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის დროს (1204) უნგრეთის მეფემ ანდრია მეორემ წმიდა თომას მარჯვენა თავის სამშობლოში გადაასვენა. თომა მოციქულის თავის ქალა კი საქართველოში, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული. უფლის ამ წმიდა მოციქულის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა და კვლავაც აღესრულება შეწევნად ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანთა და პატივად და სადიდებლად ჩვენი უფლისა და ღმერთის იესო ქრისტესი, რომელსა შვენის თაყვანისცემათანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნოდ. ამინ.

წიგნიდან „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

9 ოქტომბერი. მიცვალება წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღვთისმეტყველისა.

წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი (98-117)

ტროპარი: ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯუარსა მდგომარესა, რომელსა გიწოდა ძმად თვისად მეუფემან და შეგვედრა უბიწოდ მშობელი თვისი, ჰოი ღვთისმეტყველო იოანე, მეოხ-გვეყავნ ჩუენ.

ტროპარი: მოციქულო ქრისტეს ღმრთისაო საყუარელო, მსწრაფლ გუეწიე და გვიხსენ შეცოდებული ერი, რამეთუ გაქვს შენ კადნიერება მისსა მიმართ, რომლისა მკერდსა მიეყრდენ, რომელსაცა ევედრე, ღმრთისმეტყველო, რაითა ნისლი ცოდვათა ჩუენთა განაქარვოს და მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაი.

კონდაკი: დიდებულბანი შენნი, ქალწულო, ვინმე მიუთხრნეს, რამეთუ აღმოადინებ საკვირველებათა და აღმოაცენებ კურნებათა, და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათვის, ვითარცა ღმრთისმეტყუელი და მეგობარი ქრისტესი.

წმიდა მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი თავდაპირველად წმიდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. იესო ქრისტეს გამოჩენამ, რომელშიც უფლის წინამორბედმა მესია შეიცნო, საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და ანდრია მოციქულთან ერთად თან გაჰყვა მაცხოვარს (ინ. 1,35-40). შემდგომ ქრისტემ წმიდანს, „რომელი ბადეთა და თევზთა და ტბასა შინა იქცეოდა“, ძმით, იაკობითურთ მოუწოდა და კაცთა მონადირედ დადგინება აღუთქვა (მთ. 4,21). მანაც დაუტევა ყოველივე.

მხურვალე სიყვარულისა და ქალწულებრივი სიწმიდისათვის ქრისტემ გამორჩევით შეიყვარა იგი და ორ სხვა ურჩეულეს მოწაფესთან ერთად განსაკუთრებით დაიახლოვა.

იოანე ღვთისმეტყველმა საკუთარი თვალებით იხილა იაიროსის ასულის განკურნება და უფლის ფერისცვალება თაბორის მთაზე.

საიუდმლო სერობაზე პეტრემ, „დაღათუ პირველი იყო მოწაფეთაჲ“, თავად ვერ იკადრა და იოანეს სთხოვა მოძღვრისათვის ეკითხა, „თუ ვინ მიუდგა საზარელსა მას განმცემლობასა“. ისიც მკერდზე მიეყრდნო ქრისტეს და ჰკითხა: „ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?“ და მაცხოვარმა „მყისვე აღუხსნა კითხული და პურითა მოასწავა განმცემელი“.

ცხადია, რომ როცა იოანემ ძმასთან ერთად იესოსგან მისი მახლობელი საყდარი ითხოვა (მკ. 10,35-36): „არა ვითარცა დიდების ტრფიალმან, არამედ ვითარცა ქრისტეს ტრფიალმან ითხოა იგი, რადგან სურდა, არავინ ყოფილიყო სხუაჲ მისსა უმახლობელესი სასურველისაჲ“.

წმიდა მოციქული არ მოშორებია მოძღვარს, როცა იგი, შებორკილი, გეთსიმანიის ბაღიდან ანასა და კაიაფას სამსჯავროზე მიჰყავდათ, თან შეჰყვა მაცხოვარს მღვდელმთავრის ეზოში და მის დაკითხვას დაესწრო; ნეტარი გოლგოთის გზაზეც შეუდგა ქრისტეს, ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა და ღვთისმშობელთან ერთად ტიროდა. ჯვარცმულმა მაცხოვარმა, როცა იხილა დედამისი და „მოწაფე იგი, რომელი უყუარდა“, დედას უთხრა: „დედაკაცო, აჰა ძე შენი!“ შემდეგ კი იოანეს უთხრა: „აჰა დედაჲ შენი!“ (იოანე 19,26-27). ამ დროიდან მოყოლებული ნეტარი მოციქული მოსიყვარულე შვილივით ზრუნავდა ყოვლადწმიდა ქალწულზე და ერთგულად ემსახურებოდა მას.

როდესაც ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მის წმიდა გვამს გეთსიმანიის ბაღში დასაკრძალავად მიასვენებდნენ, იოანეს ცხედრის წინ მიჰქონდა სამოთხის შტო, რომელიც გაბრიელ მთავარანგელოზმა მიართვა მას.

ამ დრომდე წმიდა მახარებელი იურუსალიმში ქადაგებდა და არაერთხელ დაუთმენია დევნა იუდეველ მღვდელმსახურთაგან.

ღვთისმშობლის დაკრძალვის შემდეგ იოანე მოწაფესთან, პროხორესთან ერთად თავის წილხვედრ ქალაქ ეფესოში წავიდა. გზად იოპიაში მათ ძლიერმა ქარიშხალმა მოუსწრო და ხომალდი, რომლითაც მიემგზავრებოდნენ, დაიღუპა. ზღვამ ყველა მგზავრი ნაპირზე გამორიყა, მხოლოდ იოანე დაინთქვა უფსკრულში. პროხორე გულამომჯდარი მოთქვამდა მოძღვრის დაკარგვის გამო, ბოლოს კი მარტო დარჩენილმა გზა განაგრძო. მეთოთხმეტე დღეს მან იხილა, რომ ტალღებმა ნაპირზე ადამიანი გამოაგდო. როცა ნეტარი უცნობს მიუახლოვდა, გაოცებამ და სიხარულმა შეიპყრო – ეს იოანე მახარებელი იყო, რომელიც უფალს მთელი ან ხნის მანძილზე ზღვის წიაღში უვნებლად დაეცვა.

მოძღვარი და მოწაფე ეფესოსკენ გაემართნენ, სადაც წმიდა იოანე მძვინვარე წარმართებს შორის დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს. მის ქადაგებებს მარავალრიცხოვანი სასწაულები ახლდა თან და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცეულთა რიცხვიც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. როდესაც იმპერიაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, იოანე შეიპყრეს და ერთი წყაროს მოწმობით, იმპერატორ ნერონის (53-68) სხვა ცნობით კი – დომიციანეს (81-96) სამსჯავროზე წარადგინეს.

ქრისტეს აშკარა აღსარებისთვის ნეტარს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ უფალმა დაიცვა თავისი რჩეული. წმიდა მოციქულს მომაკვდინებელი შხამით სავსე ფიალა გამოაცლევინეს, მაგრამ ცოცხალი გადარჩა, ადუღებული ზეთით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ იქიდანაც უვნებელი ამოვიდა. ამის შემდეგ იოანე კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს, სადაც მრავალი წელი დაჰყო. იოანემ თავისი ქადაგებებით და სასწაულებით მთელი კუნძულის მოსახლეობა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. ნეტარი მახარებელი თავის მოწაფესთან, პროხორესთან ერთად უდაბურ მთაზე ავიდა და სამი დღე იმარხა. მისი ლოცვის დროს მთა შეზანზარდა და საშინლად იქუხა. შეძრწუნებული პროხორე მიწაზე დაემხო. იოანემ წამოაყენა ნეტარი და უბრძანა ჩაეწერა, რასაც მისგან გაიგონებდა: „მე ვარ ანი და ჵ, იტყვის უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი“ (გამოცხ. 1,8) – ამბობდა ღვთის სული მოციქულის მიერ. ასე დაიწერა დაახლოებით 67 წელს იოანეს გამოცხადება, ანუ აპოკალიფსი, რომელშიც ეკლესიისა და სამყაროს მომავალი და დასასრულია განცხადებული.

ხანგრძლივი გადასახლებიდან განთავისუფლების შემდეგ იოანე მახარებელი ეფესოში დაბრუნდა. იგი აქედან ადევნებდა თვალყურს ყველა მახლობელი ეკლესიის ცხოვრებას, ხშირად მოიხილავდა მათ და ქრისტიანულ სარწმუნოებას წარმართული ამაოდბრძნობით შერყვნისაგან იცავდა.

იოანე მახარებელი უპირატესად სიყვარულის მოციქულია. ვერც მხცოვანებამ, ვერც ხორციელმა უძურებამ ვერ შეძლო დაეცხრო მასში საოცარი მოშურნეობა.

იოანე მახარებელი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მოწაფეებს იკრებდა ირგვლივ და მოუწყინებლად შეაგონებდა, ურთიერთს შორის მშვიდოდა დაეცვათ და ერთმანეთი ყვარებოდათ. როცა ნეტარი წლებმა იმდენად დაამძიმა, რომ ქრისტიანთა თავყრილობებზე სიარული არ შეეძლო და მოწაფეები დაატარებდნენ, უწინდელივით ქადაგებასაც ვეღარ ახერხებდა და მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა: „შვილნო, იყუარებოდეთ ურთიერთას“. ბოლოს მოწაფეებმა ჰკითხეს მოძღვარს, რატომ უმეორებდა მათ გამუდმებით ერთსა და იმავეს, იოანემ კი უპასუხა: „ეს უფლის მცნებაა და თუ მას დაიცავთ – კმა გეყოფათ“.

იოანე მახარებელი ას წელს იყო გადაცილებული, როცა სასუფეველს შეერთო.

ერთხელ ნეტარი შვიდ მოწაფესთან ერთად ეფესოდან გავიდა, ქალაქის სიახლოვეს, მაღალ კლდეზე განმარტოვდა და ილოცა, შემდეგ კი სიყვარულით დაემშვიდობა ყველას, ჯვრის სახის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მიწის დაყრა ითხოვა. მოწაფეებმა ტირილით დაჰკოცნეს ძვირფასი მოძღვარი, მაგრამ ურჩობა ვერ გაბედეს და საფლავი ნელ-ნელა ამოავსეს. ეს რომ ეფესელებმა შეიტყვეს, მივიდნენ მოციქულის სამარხთან, გათხარეს იგი, მაგრამ შიგ ვერაფერი იპოვეს.

ყოველწლიურად, 8 მაისს, იოანე მახარებლის საფლავიდან ამოდიოდა თხელი მტვერი, რომელსაც მორწმუნეები აგროვებდნენ და სასწაულბრივ იკურნებოდნენ. ამის გამო ეკლესია წმიდა მოციქულის ხსენებას 8 მაისსაც აღნიშნავს.

უფალმა თავის საყვარელ მოწაფეს ძმასთან ერთად „ბანერგეს“ – ძენი ქუხილისანი უწოდა და ამით მიანიშნა მათ ცეცხლოვან მოშურნეობაზე და სულის სიძლიერეზე. იოანე მახარებლის იკონოგრაფიული ნიშანია არწივი – სიმბოლო ღვთისმეტყველური აზრის აღმაფრენისა. ზედწოდება „ღვთისმეტყველი“ წმიდა ეკლესიამ ქრისტეს მოციქულებიდან მხოლოდ წმიდა იოანეს მიაკუთვნა – ღვთაებრივი განგების ფარულ მჭვრეტელს.

 
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
Categories
წმინდანთა ცხოვრება

07 ოქტომბერი. წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა (I)

წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო და გასაოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის თეკლა დიდებულ ჭაბუკზე, თამვირზე დანიშნეს, მაგრამ ნეტარმა იმ ხანებში ქალაქში ჩასული პავლე მოციქულის ქადაგება მოისმინა, მთელი გულით შეიყვარა მაცხოვარი და მტკიცედ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა ქრისტესთვის. წმიდანს დედა აიძულებდა, გათხოვილიყო. თეკლას საქმრომ ქალაქის თავთან დაასმინა პავლე, „დააკლებს ჭაბუკებსა ცოლებისაგან და ქალწულებსა ქმრებისაგან, რამეთუ შჯულის-მდებლობს უქორწინებლობასა“. მოციქულთა თავი შებოჭეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა თეკლა ღამით გაიპარა სახლიდან, დილეგის მცველები მოისყიდა და პავლეს საკანში შეაღწია. სამი დღე იჯდა ქალწული წმიდანის ფეხებთან, უსმენდა „ყოვლისა თაფლისა და გოლისა უტკბილეს“ მის სწავლებას და სარწმუნოებაში აღორძინდებოდა. როცა თეკლას გაპარვა შენიშნეს, მშობლებმა ყველგან მსახურები დაგზავნეს მის საძებნელად. ბოლოს ნეტარს საპყრობილეში მიაკვლიეს და ძალით წაიყვანეს შინ.

მთავარმა პავლე „განშოლტვილი განჴადა ქალაქით“. თეკლას კიდევ დიდხანს შეაგონებდნენ, დათანხმებულიყო ქორწინებაზე, მაგრამ ვერც დედის ცრემლებმა და რისხვამ, ვერც მთავრის მუქარამ ვერ შეძლო ზეციური სიძის – უფალ იესო ქრისტეს სიყვარული მიენავლებინა მასში. მაშინ დედამ დაივიწყა ყველაფერი და, გააფთრებულმა, თავად მოსთხოვა მსაჯულს, სიკვდილით დაესაჯა მისი ასული. თეკლას ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მარტვილი პირჯვრის გადასახვით უშიშრად ავიდა კოცონზე. ამ დროს მას თავად მაცხოვარი გამოეცხადა, რომელმაც აკურთხა წმიდანის მომავალი ღვაწლი და მისი სული გამოუთქმელი სიხარულით აღივსო. ცეცხლის ალი მაღლა ავარდა, მაგრამ თეკლას არ შეხებია – რკალად შემოერტყა გარს. უეცრად ცამ იჭექა, სეტყვანარევმა კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა და ცეცხლი ჩააქრო. დამფრთხალი ჯალათები დაიფანტნენ, უვნებლად დაცულმა მოწამემ კი დატოვა ქალაქი და ერთი ჭაბუკი ქრისტიანის დახმარებით პავლე მოციქული მოძებნა. წმიდა პავლესა და მის თანამგზავრებს, მათ შორის მოციქულ ბარნაბას, ქალაქის მახლობლად, გამოქვაბულისთვის შეეფარებინათ თავი და მხურვალედ ლოცულობდნენ, რომ უფალს ტანჯვათა შორის განემტკიცებინა თეკლა. წმიდა ქალწულმა ანტიოქიამდე მათთან ერთად იარა. აქ ერთი დიდებული, სახელად ალექსანდრე, მოიხიბლა მისი მშვენიერებით და მისი ხელში ჩაგდება მოისურვა. ჭაბუკი ვნებებს ვერ იოკებდა, „ურცხჳნოდ მოეხუეოდა მას და ესრეთ უბანთა ზედა ჰკოცნიდა“. თეკლა „გარემიაქცევდა მას და განაგდებდა“, ბოლოს კი მოსასხამი ჩამოახია, გვირგვინი მოჰხადა და „განქიქებულყო ყოველთა ზედა“. ალექსანდრემ ვერ აიტანა შერცხვენა და მთავარს მიჰგვარა წმიდანი. მტარვალებმა მას სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. ორჯერ მიუშვეს ნეტარზე დამშეული მხეცები, მაგრამ მათ არაფერი ავნეს წმიდანს. ბოლოს თეკლა ორ ხარზე დააკრეს, შემდეგ გახურებული რკინებით ნადირები გაახელეს, რომ სხვადასხვა მხარეს გაქცეულიყვნენ და ქალწული დაეგლიჯათ, მაგრამ, ღვთის ნებით, ხარები ადგილიდან არ დაიძრნენ, მაგარი ბაწრებიც ობობას ქსელივით გაწყდა და წმიდანს არაფერი დაშავებია. ხალხმა იხუვლა: „ერთ არს ღმერთი თეკლასი, ერთ არს ღმერთი: რომელმან განარინა თეკლა!“ თვითონ მმართველიც მიხვდა, რომ მარტვილს ყოვლადძლიერი ღმერთი მფარველობდა და ბრძანა, ქრისტეს მხევალი გაეთავისუფლებინათ. პავლე მოციქულის კურთხევით, წმიდანი ისავრიის სელევკიასთან, კალამონის უდაბური მთის გამოქვაბულში დამკვიდრდა და მრავალი წელი დაჰყო აქ ღვთის სიტყვის ქადაგებით. თეკლამ ურიცხვი კერპთმსახური მოაქცია ქრისტეს სჯულზე – ეკლესია ღირსად უწოდებს მას მოციქულთასწორს.

თეკლას უფლისგან სასწაულებრივი კურნების ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული და ყველას უსასყიდლოდ კურნავდა. ამის გამო წარმართი ქურუმები აღდგნენ მის წინააღმდეგ. უღმრთოები თვლიდნენ, რომ თეკლა „ღვთაება“ არტემიდემ შეიყვარა უბიწოების დაცვისათვის და საკვირველთქმედების ძალაც მისგან ჰქონდა მინიჭებული, ამიტომ „კაცნი ბილწნი ცხორებითა და ჭაბუკნი ჰასაკითა“ მოისყიდეს და გაგზავნეს წმიდანთან, რომ მასზე ძალა ეხმარათ. როცა „ძაღლებრ მრავალი“ უსჯულოები უკვე ძალზე ახლოს იყვნენ, ნეტარმა შემწეობა ითხოვა ღვთისგან. პასუხად ზეგარდმო გაისმა: „ნუ გეშინინ, თეკლა, რამეთუ მე შენ თანა ვარ!“ კლდე გაიპო, ქრისტეს მხევალი შეიფარა და კვლავ დაიხშო. ასე შეჰვედრა სული უფალს მისმა რჩეულმა (I).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001

Categories
წმინდანთა ცხოვრება

01 ოქტომბერი. ხსენება წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინა ჩოლოყაშვილისა და წმიდათა ორთა ძმათა მოწამეთა შალვასი და ელიზბარისა, ქსნის ერისთავთა.

მთავარმოწამე ბიძინა ჩოლოყაშვილი და შალვა და ელიზბარი

XVII საუკუნე, უმძიმესი იყო ქართველი ერის ისტორიაში. თუ წინა საუკუნეებში მტრები საქართველოს დაპყრობით ანდა დახარკვით კმაყოფილდებოდნენ, ამ დროს სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიებმა ყველაფერი იღონეს ქართველი ერის გასანადგურებლად და მიწის პირისგან აღსაგველად. სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ დანაწილებულ ქვეყანას ყველა მხრიდან გაუთავებლად უტევდა მუსლიმანური სამყარო. აღმოსავლეთ საქართველოს ირანი თავის სახანოდ მიიჩნევდა, ხოლო ლიხსიქითა ივერიას თურქეთი თავის ვილაიეთად თვლიდა. მოდიოდნენ და სისხლის გუბეებს აყენებდნენ, აოხრებდნენ, წვავდნენ, ბილწავდნენ და ანადგურებდნენ ყველაფერს.

XVII ს-ის დასაწყისი ყველაზე მძიმე კახეთისთვის გამოდგა. ირანის ლომად წოდებულმა მრისხანე შაჰ-აბას I-მა ოთხჯერ დალაშქრა საქართველოს ეს მადლიანი კუთხე და თავის ნაკვალევზე ავლი და ნაცარიღა დატოვა. ნახევარ მილიონამდე კახელი ემსხვერპლა შაჰის სიმხეცეს. ზოგი დაუნობლად გაჟლიტეს, უმეტესი ტყვედ გაირეკეს გახრიოკებულ ფერეიდანში და ფეროჰაბადში…. კახეთი გააუკაცრიელეს და მომთაბარე თურქმანული ტომები ჩამოასახლეს. მესხეთში მკვიდრი ქართველობა იძულებით გაამაჰმადიანეს (გაათათრეს). დასავლეთ საქართველო კი უჩვეულო და ენით უთქმელმა ანარქიამ მოიცვა, დაიწყო ტყვეთა სყიდვა, ქართველები თუ არა ქართველები, მასობრივად ატყვევებდნენ ქართველებს და მონებად ჰყიდდნენ. ყოველივე ამას თან დაერთო ჩრდილოკავკასიელი ტომების ჩამოსახლება დასუსტებულ და გაუკაცრიელებულ საქართველოში. აღმოსავლეთ კახეთში (ე.წ. საინგილოში) დაღესტნელები არა მარტო ჩასახლდნენ, არამედ ისინი იმონებდნენ, არბევდნენ, ძარცვავდნენ და ტყვეებად ჰყიდდნენ მკვიდრ ქართველობას. შიდა ქართლის მთიანეთში გაოსებული დვალები ჩამოვიდნენ ჩრდილო კავკასიიდან. ადგილობრივ ქართველობასა და შემოსულთა შორის წინააღმდეგობა ქართველთა დამარცხებით და შემოსულ წარმართულ ტომთან მათი ასიმილაციით დამთავრდა. შიდა ქართლის მთიანეთი გაუცხოვდა, ანალოგიური ვითარება შეიქმნა ეგრის-აფხაზეთში, აქაც ჩრდილო კავკასიელები – ადიღეელები (აბაზები, აფსარები, ჩერქეზები) დამკვიდრნენ. ამიტომაც ერთაშორისი ომი რელიგიათა შორის ომად გადაიქცა. მაჰმადიანური სპარსეთ ოსმალეთი და კავკასიის მთიანეთი საქართველოში ქრისტიანობის მოსპობა-აღმოფხვრას ესწრაფოდნენ.

ღმრთის წყალობით სწორედ ამ უმძიმეს ჟამს მოევლინენ საქართველოს გმირები და წმინდანები, რომელთაც იომეს, სარწმუნოებისა და მამულისათვის თავი გაწირეს და შაჰებსა და სულთანებს ქვეყანა არ გადააშენებინეს.

მეფე თეიმურაზი ქართველი ერისათვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში, მსგავსად თავისი წმინდა დედის ქეთევანისა, ფარად და დარაჯად ედგა ეროვნულ სარწმუნოებასა და ქართველობას. იგი ღირსებითა და შეიძლება ითქვას, წარმატებითაც ებრძოდა ქრისტიანობის უსასტიკეს მტრებს, უზარმაზარი იმპერიის მმართველებს: შაჰ-აბას I-ს, შაჰ-სეფის და შაჰ-აბას II-ს. 1606 წლიდან 1663 წლამდე, თითქმის 60 წელი მისგან მოსვენება არა ჰქონდათ საქართველოს მტრებს. თეიმურაზი ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო და კარგად ესმოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მნიშვნელობა და ღირსება. იგი არა მარტო სპარსეთ-ოსმალეთის მმართველებს ებრძოდა, არამედ მათი პოლიტიკის გამტარებელ გადარჯულებულ ქართველებსაც, რომელნიც არანაკლები უბედურების მომტანნი იყვნენ საქართველოსათვის.

1629 წელს გარდაიცვალა შაჰ-აბას I (1587-1629 წ.წ) და ანდერძად დაიბარა: საქართველო დედაბუდიანად ამოაგდეთ და პირისაგან მიწისა აღგავეთო. გამეფდა მისი ძე შაჰ-სეფი (1629-1642). 1631 წელს თეიმურაზმა სპარსეთის მხრეებს შეუტია სპარსთა დედაქალაქიდან არცთუ დაშორებული (არეზამდე მდებარე) ვრცელი ქვეყნები დალაშქრა. შაჰ-სეფი ძლიერ განრისხდა და საქართველოსკენ 130. 000-იანი არმია გამოგზავნა, ყაენის კარზე აღზრდილი და ყიზილბაშთაგან დიდად პატივცემული სპასალარის როსტომ-ხან სააკაძის სარდლობით, რომელმაც თეიმურაზი გააძევა და მის ნაცვლად ქართლში დავით XI-ის (დაუდ-ხანის) უკანონო ძე, რომელიც ისპაჰანში შესძენია წილკნელი გლეხის ქალისაგან, ისპაანის ყულარაღასი და ტარუღა, 67 წლის გამაჰმადიანებული ხოსრო მირზა ანუ როსტომ-ხანი (1632-1658) გაამეფა. „და იყო მეფე როსტომ მორჩილი ყაენისა და მოყუარე სჯულისა მაჰმადისასა“, ხოლო კახეთში სალიმ-ხანი დასვა მმართველად, რომელმაც ორ წელიწადში აზერბაიჯანიდან კახეთს თურქმენთა ურდოები ჩამოასახლა. ამით ისარგებლეს ლეკებმა და კახეთის სოფლებზე აბრაგული შემოსევები განაახლეს.

მაშინ ააშენეს ყიზილბაშებმა გორის ციხე და შიგ მცველები დააყენეს, თავიანთი ციხიონი დააყენეს სურამის ციხეშიც. როსტომ-ხანს კი მაშველებლად“ მოსცეს ლორის ხანი, ყაზანის ხანი და შამშადილოს ხანი, ხოლო სელიმ ხანს მაშველებლად უჩინნეს“ განჯისა და ყაჯარის ჯარი.

„და იყო მეფე როსტომ დიდად მორჭმული და საქონლით სავსე ამისათვის, რომ დიდად მწყალობელი იყო ყაენი როსტომ მეფისა და უგზავნიდა მრავალსა“.

როსტომ მეფე კი ქართველ წარჩინებულებს აბრეშუმის კაბებსა და მცირე საჩუქრებს უძღვნიდა და ამით შემოიერთგულა მათი უმეტესობა, რადგან მაშინ ქართველები გულწრფელნი და გამოუცდელნი იყვნენ და ყიზილბაშური ვერაგობისა და ტყუილისა არაფერი გაეგებოდათ. როსტომ-ხანი კი იყო „ხერხიანი და ილათიანი და მცდელი საქმისა“, და თუ კი ვინმე ქართველი იყო ყიზილბაშების მიერ დატყვევებული და გათათრებული სპარსეთში, ყველა თან წამოიყვანა ქართლში და სურდა „გათათრება ქართლისა“. მან სამეფო კარზე ყიზილბაშური ცხოვრების წესი შემოიღო, ხოლო მოხელეებად და გამრიგეებად ძირითადად თათრები ან გათათრებული ქართველები დაადგინა. ქართლის მეფეთა სასახლეში მეჩეთი აშენა და სპარსი მოხელე დატოვა, თვითონ კი მტკვრის პირზე დასახლდა, ანჩისხატისა და სიონის ტაძრებს შუა ააშენა ყიზილბაშური, კოხტა სახლი, შემოიღო მოფენილობა (ნოხების), სმა-ჭამა, გამოჩვენება და კეკელაობა. „და მიიქცენ სრულიად წესსა ზედა ყიზილბაშისასა, და განმრავლდა სახლსა მისსა სიძვაი და არაწმიდებაი, ცოდვაი იგი სოდომ-გომორული და მეძაობაი და დედათა თანა აღრევაი“. მეორე მეჩეთი იქ, აბანოს მოპირადაპირე მხარეს ააგო და მესამე მეჩეთი კი ახლად აგებულ ბაღში.

როსტომმა დაარღვია სვიმონ II-ის შემოღებული კანონი, რომლის ძალითაც შაჰს მხოლოდ არაქრისტიანებსა და შესყიდულ ტყვეებს უგზავნიდნენ და ყაენისათვის საჩუქრად ქართველების გაგზავნა დაამკვიდრა, რაც შემდგომში ქართლის ყველა მაჰმადიანი მეფისათვის წესად იქცა.

მამულიშვილები ცდილობდნენ როსტომ მეფის მოკვლას, მაგრამ მას ერთგულად მოედგნენ რომელნიმე წვრილნი კაცნი ქართველნი, ციხეში იჯდა და ვერას უმტერებდნენ“. სამაგიეროდ სალიმ-ხანს მიუხდენ კახეთს, სადაც სახლს იშენებდა, თუმცა მან გაასწროთ, მისი ქვეშავრდომები კი ზოგი დახოცეს და ზოგიც დაიჭირეს. თეიმურაზი თავდაპირველად ჩავიდა კახეთში და გაბატონდა, მაგრამ კახეთი დამცრობილი და დაკნინებული იყო და როსტომის შიშით დიდხანს ვერ გაჩერა, ანანურს გადავიდა და იქიდან ქართლის დაუფლებას ცდილობდა.

სპარსთა ბატონობა (როსტომ-ხანის მმართველობა) ქართველი ხალხისათვის დამღუპველი გამოდგა. ეროვნული გადაგვარების საფრთხე ძლიერდებოდა, ამიტომაც სანამ თეიმურაზი კახეთში იყო, დასასრული არ უჩანდა მისი ინიციატივით მოწყობილ შეთქმულება-აჯანყებებს. როსტომ-ხანმა ქართლში შემოსვლისთანავე კათალიკოს ზაქარიას ტახტი წაართვა (კათალიკოსი იმერეთში გადავიდა) და მის მაგიერ ტახტზე ახალი კათალიკოსი ევდემოზ დიასამიძე (630-1643) აიყვანა, რომელიც, როგორც ამბობენ, უფრო მეომარს ჰგავდაო, ვიდრე ბერს. მაგრამ ახალ კათალიკოსს ქვეყნისა და სარწმუნოებისადმი დიდი სიყვარული გამოუმჟღავნებია და მათთვის თავი დაუდია კიდეც. ევდემოზ I კარგად ხედავდა ეროვნულ-სარწმუნოებრივი გადაგვარების საშინელებას. ამიტომაც 1642 წელს მისი მეთაურობით მომზადდა აჯანყება ქართული წეს-ჩვეულებათა მომშლელისა და ქრისტიანობის ძირის გამომთხრელის – როსტომის წინააღმდეგ, ქართლის ტახტზე თეიმურაზის აღსაღდგენად. ზაალ არაგვის ერისთავმა, იოთამ ამილახორმან, ნოდარ ციციშვილმა, გიორგი გოჩაშვილმა და კიდევ ზოგიერთმა ქართველმა პირობა შეკრეს, როსტომს განუდგნენ და ბატონი თეიმურაზი ქართლში დაიბარეს. აჯანყება გასცა სომხეთის მელიქმა“. როსტომ მეფემ შეიპყრა კათალიკოზი ევდემოზი, ჯერ თბილისის ციხეში ჩასვა, შემდეგ კი იქვე მოაშთობინა „გარდმოაგდო განჯის კარის კოშკიდან“ (ხს. 17/X). დანარჩენი შეთქმულებიც, ზაალ ერისთავისა და იოთამ ამილახორის გარდა, ზოგი დახოცა და ზოგიც დაახეიბრა. ამათ რომ გაუსწორდა, როსტომმა შემოიყარა ქართლელთა და სპარსთა ჯარები და კახეთში თეიმურაზთან საბრძოლველად გაემართა, მაგრამ დამარცხდა და თბილისში გამობრუნდა, თეიმურაზს კი დიდი ალაფი დარჩა.

დაქვრივებული როსტომ-ხანი ლევან დადიანს დაუმოყვრდა და ცოლად მისი ნახევარდა მარიამი (სვიმონ გურიელის ცოლ-ყოფილი) შეირთო. „დედოფალმან მარიამმა შეამკო ეკლესიანი შესამოსელითა, ხატითა, ჯუარითა და წირვის იარაღითა, ნაკერითა მარგალიტითა და თუალითა. და ედვა ამა დედოფალსა პატივი დიდი ყაენისაგან ყოველთა საქართველოსა და კაცთაგან და ქალთაგან, მთავართა და დიდებულთაგან. იყო ყოვლითურთ შემკული კეთილითა…“. მარიამ დედოფალს მემატიანე თამარ მეფისაც კი ადარებს. როსტომსაც გაუკეთებია ქვეყნისთვის კარგი საქმეები, რათა ქართული მოსახლეობა ქრისტიან მეფეს არ მიმხრობოდა. „აღაშენა წმინდა კათოლიკე ეკლესია, მცხეთის გუმბათი და სხვანიცა რომელნიმე მოოხრებულნი ეკლესიანი აღაშენნა. და კუალად აღაშენა გატეხილი ხიდი“. მან ქვეყანა ეკონომიურად მოაღონიერა, მაგრამ სულიერად დააკნინა. ცბიერმა როსტომმა ეპისკოპოსები იმით გაიერთგულა, რომ ყველას ჯამაგირი დაუწესა, და თავდაბლად და ტკბილად ექცეოდა. ამასობაში თვით სამღვდელონი და მღვდელმთავრებიც მიდრკნენ კეთილისაგან, „აღირივეს ერთა თანა, გოდებისაებრ იერემიასა, რამეთუ იყუნეს მოყუარე ღვინისა და ზმისა და შუებისა და განცხრომისა. ამას შინა მოუძლურდა სჯული და განირყვნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა ეძიებდენ სულიერსა საქმესა, ხორცთათვის ზრუნვიდენ ყოველნივე“.

როდესაც როსტომმა დაიმორჩილა და გაიერთგულა ქართველები, დიდი ლაშქრით კვლავ თეიმურაზთან საბრძოლველად, თიანეთს გაემართა. ამ ბრძოლაში თეიმურაზი დამარცხდა. ყიზილბაშებმი უმცროსი ვაჟი, დათუნაც მოუკლეს, ხოლო ლაშქარი ამოუწყვიტეს. როსტომი სრულიად დაეპატრონა ქართლსა და კახეთს, დათუნას თავი ყაენს გაუგზავნა, გამარჯვება მიულოცა და მიეცა ლხინსა და შუება-განცხრომას, მაგრამ იმის გამო, რომ შვილი არა ჰყავდა, ქართლის მეფის სვიმონ II-ის შვილის, ბაგრატის ძე, სჯულით მაჰმა-დიანი ლუარსაბი იშვილა. ერთ-ერთი ნადირობის დროს ლუარსაბს ტყვია მოხვდა და მოკვდა. დამწუხრებულ როსტომს ამ ჯერზე ვახტანგ მუხრან-ბატონი უშვილებია, და როდესაც როსტომი დაუძლურდა, ქართლისა ჯანიშინობა მას მისცა ყაენმა.

1658 წელს მოკვდა როსტომ-ხანი, წაიღეს და ყუმს დამარხეს. ცოტა ხანში შაჰ-სეფიც მოკვდა და მის ნაცვლად მისი ძე – შაჰ-აბას II, მცირე (1642-1666) დადგა, რომელიც სისასტიკითა და ქართველებისადმი სიძულვილით თავის პაპას – საქართველოს ამომგდებელ შაჰ-აბას I-ს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ თეიმურაზს ქართლ-კახეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ემხრობოდა, საბოლოოდ მაინც დამარცხდა, რაც „ქართველობის“ დამარცხებას ნიშნავდა, რადგან ქართულმა სახელმწიფოებრიობამ თვისობრივად სულ სხვა სახე მიიღო. ძველქართული სახელმწიფოებრიობის ადგილას დამყარებული არაეროვნული ქართულ-ყიზილბაშური სახე ქართლ-კახეთის მმართველობისა მთელი 112 წლის მანძილზე არსებობდა – 1632-1744 წლებში. 74 წლის თეიმურაზი კი სქემოსან ბერად აღკვეცილი და ქრისტიანობის დაცვისათვის (მარხვაში ხორცი არ შეჭამა) შაჰის მიერ დაპატიმრებული, 1663 წელს ასტრაბადის ციხეში გარდაიცვალა. კახელებმა საყვარელი მეფის ნეშტი კახეთში ჩამოაბრძანეს და ალავერდს დაკრძალეს.

როსტომ-ხანის სიკვდილის შემდეგ ქართლის მეფობა ყაენმა ვახტანგ V-ს (1658-1675) დაუმტკიცა, შაჰ-ნავაზი უწოდა და უბრძანა ცოლად როსტომ მეფის ქვრივი, მარიამი შეერთო. შაჰ-ნავაზს ძალიან გაუჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან ცოლად ძალიან ღირსეული ქალი ჰყავდა – ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილის ასული, როდამი „სრული სწავლითა საღმრთოითა და საეროთა, შუენიერი და პირის-წყალი დედათა“. მათ ჰყავდათ ექვსი ვაჟი: არჩილი, გიორგი (გიორგი XI), ლუარსაბი, ალექსანდრე, ლევანი (მამა ვახტანგ VI-ისა და იესესი) და სულეიმანი, და ორი ქალი: ანუკა (ყაენის ცოლი) და თამარი, რომელიც იყო ცოლი ზაალ არაგვის ერისთავის ვაჟის, ზურაბისა. ზაალ ერისთავის ქალიშვილი – თამარი კი მეუღლე იყო როდამის ძმის – ვახტანგ ბარათაშვილ-ორბელიანისა (დედა-მამა სულხან-საბასი).

მიუხედავად ასეთი მჭიდრო ნათესაური კავშირებისა, ზაალ არაგვის ერისთავი არ დაემორჩილა შაჰ-ნავაზს, გადაუდგა და არაგვის ხევში დაბრუნდა. „იყოფებოდა დუშეთსა, ეპყრა მტკიცედ საერისთავო (ერწო-თიანეთი) და განაგებდა კახეთსაცა“.

ყიზილბაშებმა სამი ციხე ააშენეს კახეთში: ბახტრიონის დიდი ციხე, ალავერდისა და ყარაღაჯის. ამისთვის ირანიდან გამოგზავნეს ხუროთმოძღვარი, კალატოზები და მშენებლები. სამივე ციხეში მათ ძლიერი ყიზილბაშური ციხიონები ჩააყენეს, რადგან ამ სამ ციხეს უნდა დაეცვა მომხდურები კახელი შურისმგებელი გუნდების თავდასხმებისაგან. ბახტრიონის დიდი ციხის (სიგრძით ას მეტრზე მეტი) მშენებლობა რომ დამთავრდა, სელიმ-ხანს კახეთი ჩამოართვეს და ორად გაჰყვეს: მისი სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარე ყარაბაღის ბეგლარ-ბეგს მურთუზ-ყული-ხანს ჩააბარეს, ხოლო დანარჩენი კახეთი – ნახჭევანის ბეგლარბეგს ალი-ყული-ხან ქენ-გერლუს. ორივე ბეგლარბეგს შაჰისაგან საგანგებოდ ებრძანათ კახეთის მიწებზე თურქმენთა ჩასახლება-გავრცელების დაჩქარება. „მსწრაფლ იწყეს სპარსთა კუალად განზრახვაი ბოროტისა, და წარმოგზავნეს ურიცხვი ულუსი თათართა (80.000 ელ-თურქმენი) დედაწულითურთ მათითა, და ფალავნებითა მათითა, და ყოვლი-თა სიმდიდრითა მათითა, და თავად მათდა უჩინეს სულტანი არდალანისა და ისიც ყოვლით სახლეულით მისით, რაითა სრულიად აღხოცონ ქრისტეანობა. მყის აღიძრნეს და მოიწივნეს კახეთად და დაიბანაკეს მუნ და დაემკვიდრეს იგინი და აღივსო სრულიად მხარე კახეთისა. და ვერვინ შემძლებელ იყო წინა აღმდგომად მათდა, სიმრავლისათვის მათისა“. ისევ დადგა კახეთი ყოფნა-არყოფნის წინაშე, რადგან კალიასავით მოედო უცხო რჯულისა და ველური ბუნების ხალხი მთელ სამეფოს. ელვის უსწრაფესად მრავლდებოდნენ და მკვიდრდებოდნენ კახეთში, აქცევდნენ და აპარტახებდნენ ყოველივე ქართულს – მათთვის სრულიად უცხოსა და საძულველს. „უსჯულოთა აგარიანთა მოიმძლავრეს სრულიად კახეთი და მრავალსა ბოროტსა უყოფდენ მკვიდრთა კახეთისათა, მოაოხრეს და განრყუნეს წმიდანი ეკლესიანი“. ალავერდის დიდებული მონასტერი შეაგინეს, მისი პატიოსანი ხატი კი შემუსრეს, რამეთუ ენებათ სრულიად კახეთი გასათათრებლად და ელის დასახლება“. ეტყობა სწორედ მაშინ აღმოსთქვა ქართველმა კაცმა ეს მწარე სიმღერა – ბახტრიონს სხედან თათრები, სიტყვას ამბობენ ძნელსაო, ახმეტას ჩავჭრით ვენახსა, შიგ ჩავასახლებთ ელსაო. ხალხი ილტვოდა მტარვალთაგან და მთებში იხიზნებოდა. „ქართლის ცხოვრების“ მემატიანე მოგვითხრობს, „არღარა იხსენებოდა სახელი ქრისტეისი, თვინიერ მცირეთა ოდენ მთით კერძო თუშთა, ფშავთა და ხევსურთა შორის“.

იარაღი აისხეს კახელებმა, მეომრები მთას შეეხიზნენ, თუშ-ფშავ-ხევსურნი გვერდში ამოიყენეს და განუწყვეტელი თავდასხმებით სიცოცხლე გაუმწარეს მომხვდურებს, მაგრამ ცალკეულ შებრძოლებებს შვება არ მოჰქონდა, რადგან ერთიანი, ქართული ძალა იყო საჭირო ურიცხვი მტრის ასალაგმავად.

მაგრამ იდიდოს ღვთის სახელი! გაჭირვების დროს მორწმუნე ერს მხსნელი ყოველთვის გამოსჩენია. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, კახეთის მხსნელებად გამოჩნდნენ სამაგალითო მამულიშვილები: ზაალ არაგვის ერისთავი და მისი ვაჟი ზურაბი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და კახეთის სუფრაჯი ბიძინა ჩოლოყაშვილი. მოთმინების ფიალა აავსო ერთმა შემთხვევამ: „მაშინ მგზავრი ვინმე ერთი კახი ხუცესი მარტო მივიდოდა გზასა თვისსა კახეთში, ხოლო დამთხვევით შეემთხვივნეს გზაზედა მღდელსა მას თათარნი რაოდენნიმე. და შეიპყრეს უსჯულოთა მათ ხუცესი იგი მძლავრებითა და შეამთხვიეს საქმე სიბილწისა, რომელ არს ცოდვა სოდომური და განუტევეს“. მივიდა შეურაცხყოფილი მღვდელი დუშეთში, სადაც ისხდენ ზაალ ერისთავი და მისი ცოლი, დაუჩოქა და შესჩივლა: „შენ ზაალ ერისთავი ხარო და კახეთის განმგებელიო, გააოხრეს სრულიად კახეთი უსჯულოთა აგარიანთა და მე გზაზე შემიპყრეს და შემამთხვიეს საქმე უშუერი… და აწ ამისი მაგიერი პასუხი ღმერთს შენ მიეც… ვინაიდან შენდა რწმუნებულ არს კახეთი“. ამის მსმენელი ზაალ ერისთავი ძლიერ დამწუხრდა. „და იყო მას ჟამად ზაალ ერისთავი ყაენის მომდურავი“. მან დაიბარა თავისი სიძე შალვა (ქალიშვილის ქმარი), მისი ბიძა, ქსნის ერისთავი ელიზბარი (რომელსაც შვილი არა ჰყავდა და თავისი ძმისწული, შალვა უშვილებია), ბიძინა ჩოლოყაშვილი და ალავე-რდელი ეპისკოპოსი. ითათბირეს და მიუხედავად იმისა, რომ კარგად ხედავდნენ ქართველთა შესაძლებლობებს, ღმრთის ნებას მინდობილებმა ასე გადაწყვიტეს: თუმცა დაცოტავებულნი ვართ და დაკნინებულნი ჩვენი ცოდვებისთვის, და არც მეფე (იგულისხმება კახთა მეფე) და წინამძღვარი გვყავს და არც ძვირფასი საჭურველი, საჭიროა წინ აღუდგეთ და ერთად შევებრძოლოთ ვერაგ და ძლიერ მტერს, და თუ ღმერთი ინებებს, გავიმარჯვებთ და გავათავისუფლებთ მამულს მათი ბატონობისაგან, ხოლო ერს გადაშენებისაგან გადავარჩენთო. საომარი განზრახვა კი იყო მარტივი, გაბედული და გამანადგურებელი: ნაშუაღამევს, ერთდროულად და ანაზდეულად, უნდა დასცემოდნენ თათართა ძლიერ და გამაგრებულ ციხეებს – ბახტრიონსა და ალავერდს (1615 წელსაც მოხდა კახეთში აჯანყება ყიზილბაშთა წინააღმდეგ, დავით ჯანდიერის მეთაურობით, რომელიც შაჰ-აბასის მიერ დანიშნული იყო კახეთის მმართველის ისახანის მოადგილედ. ალავერდობა დღეს ქართველებმა სადღესასწაულო მსახურების საბაბით ალავერდში შეშვება ითხოვეს და ალავერდის ეკლესიის გალავანში მყოფი სპარსელები სრულიად ამოწყვიტეს).

1659 წლის ერთ ბნელსა და უმთვარო ღამეს (დღე ცნობილი არ არის) „პატიოსანი ჯვრის წარმძღუანებით“ ორ ნაკადად დაიძრა ქართველთა ლაშქარი: კახელები ბიძინა ჩოლოყაშვილის სარდლობით ალავერდისკენ დაიძრნენ, შალვა და ელიზბარი ქსნისა, ხოლო ზურაბი არაგველთა ლაშქრით თიანეთს მივიდნენ (ზაალმ ერისთავმა სპარსელების თვალის ასახვევად თვითონ თავი შეიკავა ბრძოლაში მონაწილეობისაგან და არაგველთა რჩეულ, მაგრამ მცირე რაზმს თავისი ძე, ზურაბი ჩაუყენა სათავეში), იხმეს თუშნი და მთიულნი, მთა გადაიარეს, ახმეტას ჩავიდნენ და ბახტრიონის ციხეში უზრუნველად დაბანაკებულ ყიზილბაშებს მოულოდნელად თავს დაესხნენ. და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შეწევნითა და მთავარ-მოწამე გიორგის თანა-მბრძოლობით მოსრეს ბახტრიონის ციხეში მდგარნი თათარნი. არდალანის სულტანმა ძლივს მოასწრო ცხენზე შეჯდომა და გაქცევა. ამავე დროს ბიძინა ჩოლოყაშვილმა და მისმა კახელებმა ალავერდის ციხე აიღეს და იქ ჩაყენებული მეციხოვნეები სრულიად ამოწყვიტეს. შემდეგ თურქმენთა დასახლებებს მოედვნენ და დედაწულიანად გაჟლიტეს. „აღსწყვიდეს, ვიდრე სრულიად მოსპოლვადმდე, და აოტეს და განაბნიეს და მოსრეს პირითა მახვილისაითა“.

ძლევა-შემოსილმა მხედრებმა, როგორც კი მტრისაგან გაანთავისუფლეს კახეთი, ჯერ მათი ნადგომი ადგილები აკურთხეს, შემდეგ კი დანგრეული ტაძრების და მონასტრების აშენებას და განახლებას შეუდგნენ „შეამკუეს ეკლესიანი, და აღმართნეს წმიდანი უკვე ხატნი“. კახეთის განბნეული მოსახლეობაც თავის საცხოვრებელ ადგილებს დაუბრუნდა.

ქართველთა ძლევამოსილი მხედრობა უფალ იესო ქრისტესა და ერის მფარველ წმინდა გიორგის ჰმადლობდა, რომელიც თეთრ ცხენზე ამხედრებული ცხადად წინამბრძოლობდა მათ ლაშქარს. „და გარდაიხადეს დიდი დღესასწაულობაი სამადლობელითურთ პარაკლისით“.

ბახტრიონულმა ომმა“ მტერიცა და მოყუარეც დაარწმუნა ქართველი ერის გაუტეხელობასა და უძლეველობაში. კახეთის „თურქმენიზაცია“ შეწყდა.

მხოლოდ არდალანის სულტანმა და მცირეოდენმა თათრებმა ჩააღწიეს სპარსეთს. თავზარდაცემული სულტანი შაჰ-აბაზის წინაშე წარსდგა და „გოდებითა და ტირილითა დიდითა, საკვირველისა მოოხრებისა მათისა და ესეოდენთა სპარსთა ათასეულებისა, მეფესა მას თვისსა ყოველსავე თვითოეულად აუწყებდა, რაიცა იგი იქმნა მხედართაგან ქრისტეისთა“. განრისხებულმა შაჰ-აბასმა შაჰ-ნავაზსა და მურთუზალ-ყულიხანს ზაალ არაგვის ერისთავის მოკვლა უბრძანა, ხოლო აჯანყების დანარჩენი მოთავეების შეპყრობა და ისპაჰანში გაგზავნა მოსთხოვა. მართლაც სულ მალე ზაალ ერისთავი ღალატით მოკლეს, ხოლო მისი ვაჟები: ზურაბი და ნაბერალი სამცხეს გაიქცნენ, მაგრამ შაჰ-ნავაზმა მდევარი დაადევნათ, მიეწივნენ ტბის-ყურზე, შეიპყრეს და მეფეს მიჰგვარეს. მან კი ყაენს გაუგზავნა. სამშობლოსთვის თავდადებული ზურაბი ისპაჰანის ციხეში მოკლეს, ხოლო მისი უმცროსი ძმა გაათათრეს და სასახლის კარზე დატოვეს.

კახეთის მხსნელ მამულიშვილებს არც კი უყოყმანიათ, ისე დადეს თავი სამშობლოს სამხვერპლოზე და თავისივე ნებით ეახლნენ ყარაღაჯში მურთუზალ-ყულიხანს, თუმცა იცოდნენ, რომ ყაენისაგან დანდობა არ ექნებოდათ, მაგრამ მათ ისიც იცოდნენ, რომ დაყოვნება ქვეყნის საქმეს წაახდენდა: მრისხანე შაჰი საქართველოს თავისი რჩეული მხედრობის ამოჟლეტასა და საქვეყნოდ თავის მოჭრას არ აპატიებდა, ხოლო თუ აჯანყების მეთაურებს დასჯიდა, კახეთი ირანელთა შურისმაძიებელ რბევას გადაურჩებოდა. მართლაც მურთუზალ-ყული-ხანმა ბიძინა და შალვა და ელიზბარი სასწრაფოდ ირანში, შაჰის სამსჯავროზე წარგზავნა.

ცბიერმა შაჰმა დიდად გაიხარა, როდესაც სახელოვანი გმირები „აღბორკილებულნი ხელითა და ფერხითა“ იხილა, და მაშინვე არდალანის სულტანს გაუგზავნა, რადგან ასეთი წესი ჰქონდათ თათრებს, მკვლელს ხელში მისცემდნენ მის მოსისხლეს, და შეუთვალა: არა მსურს მაგათი სიკვდილი, რადგან გამოცდილი მხედრები არიანო. თუ უარყოფენ ქრისტიანობას და ისლამს მიიღებენ, დიდ პატივში და განცხრომაში გვეყოლებიან, ხოლო თუ გვეურჩებიან, „მწარითა და მძვინვარითა ტანჯვითა“ ამოხადეთ სულიო. როდესაც წმინდანები არდალანის სულტანს წარუდგინეს, მან ტკბილად მოიკითხა და ალერს-სიტყვაობით სცადა მათი დაყოლიება ყაენის პირობაზე, მაგრამ ქრისტეს დიდებულმა მხედრებმა მტკიცე უარით უპასუხეს და უყოყმანოდ, ქრისტიანობასა და ქართველობაზე ხელის აღებას სიკვდილი არჩიეს. ბიძინამ მშვიდად და მტკიცედ, ყველას სახელით განაცხადა: არა გვჭირდება თქვენი დაპირებული სიმდიდრე და პატივი, რადგან ჩვენ ზეციური მეუფის მონები ვართ და ქრისტეს მხედრებად განწესებულნი, რომელმაც ეს ბრძოლა საკვირველად მოგვაგებინა და „ნიჭთა უხრწნელთა და საფასეთა მოუკლებელთა“ მისგანვე მოველით. თქვენი სიმდიდრე კი ხრწნადი და მსწრაფლ წარმავალია: სიზმარივით დასრულდება და ყვავილივით დაჭკნება, ხოლო მას შემდეგ დარჩება „ცეცხლი უშრეტი და სხუანი სატანჯველნი ურიცხვნი დაუსრულებელნი“, რომელშიც დაისჯებით თქვენ და ქრისტეს ყველა უარისმყოფელი. ჩვენ კი ვერაფერი განგვაშორებს ქრისტეს, ვერც დიდება და პატივი და ვერც ტანჯვა და სიკვდილიო. როცა სულტანმა მათი მამაცობა და სიმტკიცე იხილა, გაუკვირდა და „კუალად აიძულებდა უარის ყოფად და აღუთქმიდა უდიდესთა ნიჭთა და პატივთა“. თან წარმომავლობასა და გარეგნულ მშვენიერებას შეახსენებდა და ეტყოდა: შეიცოდეთ თქუენი თავი და ნუ მოისწრაფებთ სიცოცხლეს, ნუ გამოეთხოვებით ტკბილსა ამას საწუთოსა ცხორებასა“. ხოლო წმინდანებმა მხნედ მიუგეს: ამაოდ ნუ სცდები, სულტანო, ჩვენ არ განვეყენებით ქრისტეს სჯულს და არც მის სახელს უარვჰყოფთ, რადგან არაფერია ქრისტესთვის სიკვდილზე უფრო ტკბილი. ჩუენ არასოდეს არ მივიღებთ თქვენ ცრუ სჯულსა და თქუენ კი რაც გნებავთ, ის გვიყავით, ვინაიდან არ გვეშინია ცეცხლის, მახვილისა და სხვა სატანჯველების, რომლებიც თქვენ ხელშიაო.

როდესაც არდალანის სულტანი მიხვდა რომ, ვერავითარი დაპირებებით ვერ მოხიბლავდა გულად ვაჟკაცებს, ჯალათებს უბრძანა „განძარცვაი და ტანჯვაი მათი ცემითა ურიდად“. მათაც გულსმოდგინედ აღასრულეს ბრძანება: სასტიკად სცემდნენ და მიწაზე ათრევდნენ „ვითარცა ძვირის მოქმედთა ვისმე, სახელოვანთა მათ კაცთა…“ და ქრისტეს უარყოფას აიძულებდნენ, „რომელთა სულნი თვისნი პირველვე დადეს ქრისტეისთვის და ჰსჯულისა მისისათვის და მერმე ძმათათვის“, როგორც წმინდა წერილი ამბობს: „ვითარმედ უფროის ამისა სიყუარული არა ვის აქუს, უკუეთუ ვინ დადვას სული თვისი მეგობართა თვისთათვის“. ხოლო მათ სული დასდეს არა ერთი და ორი კაცისათვის, არცა ათისა და ოცისათვის, ან ასისა და ათასისათვის, არამედ მსგავსად მხსნელისა ჩუენისა აურაცხელთა და ბევრეულთა ერთათვის, სრულიად საქართველოისა-თვის, თავნი თვისნი სიკუდილად განსცნეს და იხსნნეს იგინი“. რადგან ბახტრიონის აჯანყება რომ არ მომხდარიყო, კახეთში არა მარტო ქრისტიანობა აღიხოცებოდა, არამედ ქართველობა საერთოდ გადაშენდებოდა.

ბიძინა ჩოლოყაშვილსა და ქსნის ერისთავებს კი მიუხედავად იმისა, რომ საერო და სამხედრო აღზრდა ჰქონდათ მიღებული და არა სასულიერო განათლება, „ბაგენი მათნი არა დასცხრებოდეს, დიდებისმეტყუელებად ღმრთისა და დაუცხრომელად მეტყუელებდეს მრწამსსა საზღუარსა სარწმუნოე-ბისა ჩუენისასა“. ერთმანეთს ამხნევებდნენ და უფალს განმტკიცებას შესთხოვდნენ. თვით ის მცირედი რიცხვიც აზნაურებისა და მსახურებისა, რომლებიც თან ჰყავდათ წაყვანილი, ემუდარებოდენ, რომ დამორჩილებოდნენ შაჰის ბრძანებას და მომავალი ტანჯვისა და სიკვდილისაგან ეხსნათ თავი. მაგრამ მათ მკაცრად მიუგეს: თუ ჩვენი ერთგულები ხართ, ქრისტეს უარყოფასა როგორ გვირჩევთ, თქვენც გინდათ ჩვენი საუკუნო სატანჯველისათვის გაწირვაო?

როდესაც ყიზილბაშებმა მათი მოქცევის იმედი დაკარგეს, გააშიშვლეს და ხელ-ფეხ-შეკრულნი მწერთა დასაგესლად მხურვალე მზის ქვეშ დაყარეს. მშიერ-მწყურვალ, ბუზებისა და ბზიკებისაგან დაკბენილ და პაპანაქებისაგან დაუძლურებულ მოწამეებს კვლავ ქრისტეს უარყოფა შესთავაზეს, მაგრამ ისინი კვლავ იგივეს იმეორებდნენ და „სრულსა სიყუარულსა მეუფისასა“ ყველას აჩვენებდნენ. მაშინ უსჯულოებმა გადაწყვიტეს, რომ ბიძინას შესაშინებლად მის თვალწინ მოეკვეთათ თავი ელიზბარისა და შალვასათვის. ამით სურდათ მისი სიმტკიცე გაეტეხათ და ქრისტესგან განეშორებინათ, მაგრამ იგი კი არ შეშინდა, არამედ ქსნის ერისთავებიც გაამხნევეა.

შალვამ და ელიზბარმა კი „დაიბეჭდეს გულსა ზედა ჯვარი ქრისტესი“ და მშვიდად დადრიკეს თავები, მაგრამ ჯალათებმა მახვილები ვერ შეაწვდინეს, რადგანაც ქსნის ერისთავები ახოვნებით დიდად აღემატებოდნენ სპარსელებს. მაშინ ჯერ წვივებში ჩასცეს მახვილები და როცა მუხლებზე დასცეს, მერე წარკვეთეს თავები ნეტარ ბიძა-ძმისწულს. „ესრეთ სანატრელი აღსასრული მიითუალეს და აღვიდეს ზეცისა დიდებისა წინაშე, ყოველთა მეუფისა გვირგვინ-შემოსილნი“.

თანამებრძოლთა სიკვდილს იოტისოდენადაც არ შეუშინებია წმინდა ბიძინა. იგი „ვითარცა მთაი შეუძრველი, ესრეთ ეგო ურყეველად. როცა სულტანმა მიზანს ვერ მიაღწია, გადაწყვიტა შეურაცხყოფით მოეტეხა ბიძინას სიმტკიცე და მისი ბრძანებით ქრისტეს ახოვან მხედარს დედაკაცის ჩადრი დაახურეს, ისე როგორც სერგისა და ბაქოს, და როგორც უფალ იესო ქრისტეს, ისე მოასხეს ქლამიდი მეწამული. ვირზე შესვეს, ქუჩა-ქუჩა დაატარებდნენ და დასცინოდნენ, რადგან სპარსელებს შორის დიდ სირცხვილად ითვლებოდა მამაკაცთა, უფრო მეტად კი დიდგვაროვათა ვირზე შეჯდომა. ბიძინა კი ღმე-რთს მადლობდა, რომ უფლის მსგავსად, ისიც ვირზე მჯდომი შედიოდა ზეციურ იერუსალიმში, და თავის თავს ანუგეშებდა: ეჰა, ვითარ მექცნენ უღმერთო მტრები მოკეთეებად, ცოტაც და ამ ვირით შევალ სასუფეველშიო. თან ხმამაღლა დასცინოდა მათ სჯულს და ამით მტარვალებს კიდევ უფრო განარისხებდა.

შერცხვენილმა ჯალათებმა გადაწყვიტეს ცოცხლად აეჩეხათ ქრისტეს მხედარი: მოიტანეს მრავალნაირი ალესილი მახვილები და დანები და თან აფრთხილებდნენ: დაგვმორჩილდი, ბიძინა, დაგვმორჩილდი და უარჰყავ შენი სჯული და ის ქრისტე, რომელიც შენ ღმერთი გგონია, და ნუ ისწრაფვი საშინელი სიკვდილისკენო. მხნე და შეუდრეკელი მოწამე კი დაუცხრომელად მრწამსს ღაღადებდა და ზედაც საუფლო ლოცვას – მამაო ჩუენოს დაურთავდა. შეუბრალებელმა ჯალათებმა თავიდან მარჯვენა ხელის თითები მოჰკვეთეს სათითაოდ ბიძინას და მერე მარცხენა ხელის, და თან არიგებდნენ: ჯერ კიდევ არ არის გვიან, ამის განკურნება ადვილია, თუ ქრისტეს უარყოფო, ხოლო წმინდა მოწამე ფსალმუნებს აღმოიტყოდა და მათ ყურადღებას არ აქცევდა. შემდეგ მოჰკვეთეს ფეხის თითები სათითაოდ, ჯერ მარჯვენა, მერე მარცხენა, და კვლავ სთავაზობდნენ: თუ ქრისტეს უარყოფ, სიცოცხლეს შეგინარჩუნებთო, მაგრამ ნეტარი მათ პასუხსაც აღარ სცემდა და დაუცხრომელად ლოცულობდა. შემდეგ მოჰკვეთეს მარჯვენა და მარცხენა ხელები მაჯითურთ და ასევე ფეხები კოჭებამდე. და ასე მიჰყვნენ და სახსარ-სახსარ აჭრიდნენ, როგორც წმინდა დიდ-მოწამე იაკობ სპარსისთვის (ხს.27/XI) გვსმენია. ასე უწყალოდ ჭრიდნენ და აპობდნენ მის სხეულს და ჭრილობებს უხეშად ეხებოდნენ. ამას აკეთებდნენ იმის იმედით, რომ მისი გული ვეღარ გაუძლებდა ამდენ ტანჯვასა და ტკივილს და მისი სიმტკიცეც გატყდებოდა, მაგრამ დაუძლურებული ბიძინა ქრისტეს ადიდებდა და მისი სიყვარულით მწარესა და გაუსაძლის ტკივილებს იმსუბუქებდა, ხოლო მისგან მოთმინებას და გამძლეობას გამოითხოვდა. შემდეგ მოჰკვეთეს ორივე მკლავი იდაყვამდე და ორივე ფეხი მუხლმდე, მერე ხელები ბეჭამდე და ორივე „სხვილ-ბარკალი“ თეძომდე. გამხეცებული მტანჯველები „ქოჩრითა ითრევდეს დანაშთსა გუამსა მისსა“, ხოლო უმოწყალოდ მოჭრილ სხეულის პატიოსან ნაწილებს მიწაზე აქეთ-იქით დაა-თრევდნენ.

მთავარ მოწამე ბიძინას კი სხეულზე მხოლოდ თავიღა ჰქონდა უვნებელად დარჩენილი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და გონებით განუწყვეტელად ფსალმუნებდა. „ბაგითა და თუალითა აჩუენებდეს ნიშსა ლოცვისასა და შემწედ ხადოდა შეწევნასა მას ყოველთასა“. ნახა ერთ-ერთმა მტარვალმა, რომ კიდევ ლოცულობდა და გაპობილ სხეულში ჩახედა, სადაც ცხადად ჩანდა მისი „უშინაგანესი ასონი და იხილა გული მისი, რამეთუ იძრვოდა ჩუეულებისაებრ და მიმოკრთებოდა და ეგონება თუ სიყუარულითა ღმრთისაითა, რომლითა ცეცხლებრ ეგზებოდა და ზეშთა ჰყოფდა ყოველთა მათ ტკივილთა“. და გაკვირვებულმა ხმა მაღლა იბღავლა: ნახეთ, მისი გული კვლავ ჩვეულებრივად ძგერს, ასეთმა სასტიკმა ტანჯვამ და ტკივილმა ვერ მოკლაო. განრისხებულმა აიღო ლახვარი და ჯერ გული გაუპო, შემდეგ კი თავი მოჰკვეთა.

წმინდა ბიძინას წვრილად დაჭრილი ნაწილებიც იქ მიმოფანტეს, სადაც წმინდა ელიზბარისა და შალვას თავ-მოკვეთილი სხეულები „უპატიოდ“ ეყარა ღია ცის ქვეშ და ვერვინ ბედავდა მიახლოებას უსჯულოთა შიშით. მაგრამ ღმერთმა განადიდა თავისი მადიდებლები და იმავე ღამეს „პატივად მოეფინა ნათელი ბრწყინვალე სამთავე მათ გუამთა ზედა წმიდათა, სახილველად ყოველთა მიერ“. და ისე ანათებდა, შორიდან გეგონებოდა ჩირაღდნები აანთესო, „სადა იგი მიცხებულ იყუნეს სისხლნი იგი ქრისტესთვის დათხეულნი მუნ თითოეულსა ადგილსა კამკამებდა ნათელი იგი. ხოლო რომელთა იხილეს ესე, ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთა, რომლისათვის ესენი მოიკლნეს“. გათენებისას, როცა ნანახით განცვიფრებულმა ჯალათებმა და იქ მყოფმა სხვა სპარსელებმა იქაურობა დატოვეს, ფარულად მივიდნენ იქ მცხოვრები სომხები, მოწამეთა სხეულის ნაწილები შეაგროვეს და თავის ეკლესიაში დამარხეს, „სადა იგი ჰყოფდეს ნაწილნი იგი წმიდანი მრავალთა კურნებათა“.

წმინდა შალვას ღმრთისმოყვარე მეუღლემ – ქეთევანმა (ზაალ არაგვის ერისთავის ასულმან) და მათმა ძემ, დავითმა „სპარსეთს წარავლინეს სარწმუნო კაცნი მოხმად ნაწილთა მათ ქრისტესვნებულთა წმიდათასა“. მათ კი სამარხი გახსნეს და იხილეს, რომ სამივეს სხეული განუყოფელად და განუხრწნელად იყო შეერთებული, ხოლო მოწამეთა თავები ვეღარ იპოვეს, რადგან სომხებსა და ფრანგებს ერთმანეთში გაუყვიათ და სხვაგან დაუკრძალავთ. როდესაც წმინდა ნაწილები „საკურნებელად სნეულებათა ჩუენთა“ ქართლში ჩამოაბრძა-ნეს, წმინდა მოწამეთა ოჯახის წევრები, „მღვდელთმთავარნი კრებულითურთ“ და ერნი მრავალნი „გალობითა და კმევითა სურნელთაითა“ წინ მიეგებნენ, და „შეიტკბობდეს და ამბორს უყოფდეს“. ხოლო იმის გამო, რომ არცერთს თავი არა ჰქონდა, ერთმანეთისაგან ვერ გაარჩიეს. ამიტომ ერთად და განუყოფელად, ერთ სამარხში დაკრძალეს, ქსნის ერისთავთა საგვარეულო იკორთას, „დაბალსა მონასტერსა შინა მთავარანგელოზთასა, ჩრდილოთ კერძო, დამართებით წინაშე სუეტისა“.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა ბიძინა, შალვა და ელიზბარი და მათი ხსენების დღედ 18/IX ახ. 1/X დაადგინა.

იკორთა მდებარეობს გორიდან ჩრდილოეთით 25 კმ-ის დაშორებით, მდინარე მეჯუდასთან. იგი იყო ქსნის ერისთავთა ერთ-ერთი რეზიდენცია შიდა ქართლში. სოფლის განაპირას მთის კალთაზე აღმართული იკორთის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი აგებულია 1172 წელს მაღალი ოსტატობით და გამოირჩევა მრავალფეროვანი დეკორით. ე. თაყაიშვილის აზრით სამთავისიც კი ვერ შეედრება ამ მხრივ იკორთას. XIV ს-ში ტაძარი განუახლებია იოანე ერისთავს, ხოლო XVII ს-ში შეუკეთებია იესე ქსნის ერისთავს.

სამწუხაროდ ქართველ კაცს დღეს არა აქვს საშუალება თავისუფლად ილოცოს იკორთის დიდებულ ტაძარში, ვერც წმინდა მოწამეთა საფლავს მიეახლება, რადგან ტაძარი ეგრეთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზეა და მასში წირვა-ლოცვა არ აღესრულება (თუმცა ქართველებიცა და ოსებიც ფარულად დადიან იკორთის ტაძარში და ლოცულობენ).

წმინდა და სანატრელი მოწამენი ბიძინა, შალვა და ელიზბარი, ვითარცა მიურულებელნი მცველნი და გუშაგნი მტრის ხრიკებითა და ჩვენი სიგლახაკითა და უძლურებით დაკარგული ძირ-ძველი ქართული მიწა-წყლისა, ცოცხალ მაგალითს გვაძლევენ ქრისტესადმი შეუდრეკელი სიყვარულისა, და სულ უფრო გვამტკიცებენ იმ რწმენაში, რომ თუ ქრისტეს ერთგულება გვექნება, ვერავითარი გარეგანი მტერი, რაგინდ უზომოდ მძლავრიც იყოს ჩვენთან შედარებით, ქართველებს ვერ მოგვისპობს ენასა და სარწმუნოებას, ვერ წაგვართმევს წინაპართა სისხლით გაპოხიერებულ მიწა-წყალს, ვერ მოგვწყვეტს ჩვენს სახელოვან წარსულს, ვერ დაგვიკარგავს მამა-პაპათა სულიერ სიმდიდრეს, ვერ გაგვანადგურებს, როგორც ერს, ვერ მოგვწყვეტს სამშობლოს გულ-მკერდიდან და ვერ დაგვაყენებს მოსპობისა და გადაგვარების გზაზე.

გამოკრიბა და შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

01 ოქტომბერი. წმ. მოწამენი ბიძინა ჩოლოყაშვილი და შალვა და ელიზბარი ქსნის ერისთავნი (+1661)

Categories
წმინდანთა ცხოვრება

16 აგვისტო. ცხრა ძმა ხერხეულიძე

16 აგვისტო. მარაბდის ომში რწმენისა და სამშობლოსათვის თავგანწირულთა – ცხრა ძმა ხერხეულიძე, დედა და მათი და და მათთანა 9000 ქართველი, მხედარი და მხედართმთავარი (1625)

 

1625 წლის ხარების დღესასწაულზე მარტყოფის ველზე ქართველებმა სასტიკად გაანადგურეს შაჰ-აბასის არმია. ოცდაათი ათასი სპარსელიდან მხოლოდ სამი ათასი გადაურჩა სიკვდილს. მარტყოფის ბრძოლაში დაეცა შაჰ-აბასის ბევრი სახელგანთქმული სარდალი.

ამ გამარჯვებამ გააერთიანა ქართლ-კახეთი. ქართველთა ძლევამ შაჰისაგან დაპყრობილი სხვა ხალხებიც გაამხნევა და „ყველგან შფოთი გაჩნდა“ … გააფრთებულმა შაჰ-აბასმა საქართველოსკენ უზარმაზარი სპარსული ურდო დაძრა, რომელმაც ისა-ხან ყორჩიბაში სარდლობდა. ქართველები კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში დაბანაკდნენ ოციათასიანი ლაშქრით. მარაბდის ველზე დაბანაკებულ ირანელთა რიცხვი კი ორმოცდაათი ათასს აჭარბებდა.

გათენდა 1625 წლის 1 ივლისი. საზიარებლად გაემზადა ქართველთა ლაშქარი: წესისამებრ, მეომრები ომის დაწყების წინ ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარებოდნენ ცოდვათა მისატევებლად და ბრძოლაში წარმატების საწინდრად.

მეომართა გვერდით იარაღით შეჭურვილი სამღვდელოებაც დამდგარიყო, რადგან ესეც წესად იყო დადებული: ყოფნა-არყოფნის ზღვართან მყოფ საქართველოს ჯვრით და მახვილით იცავდა ერი და ბერი. მროველი ეპისკოპოსი დომენტი ავალიშვილი წარდგა ლაშქრის წინაშე წმიდა ბარძიმით ხელში. ლაშქარმა ერთხმად შესძახა: „უკუეთუ დღეს აღიღებ მახჳლსა ბრძოლად, უბრძანე, რათა გვაზიაროს სხუამან, და უკუეთუ არა, უმჯობეს არს შენ მიერ“. მროველი ჩაფიქრდა და თქვა: „დღეს ბრძოლა არს სარწმუნოებისა და ქრისსტეს მცნებისა და არა ჩემ ზედა, ამისათჳს არა ვყო, უკუეთუ უწინარეს თქუენსა არა დავსთხიო სისხლი ჩემი მახჳლის ამღებმან“.

რუისელმა ეპისკოპოსმა დალოცა მხედრობა, თვითონაც, აბჯრით შეჭურვილი, მეწინავე რაზმში ჩადგა. გორგასლიან-დავითიან-თამარიან დროშას ცხრა ძმა ხერხეულიძე დაუყენეს დარაჯად.

შეტევა გარიჟრაჟზე დაიწყო. წინ რჩეული ცხენოსანი ჯარი წავიდა, უკან ქვეითი მიჰყვა. იგრიალა თორმეტი ათასმა სპარსულმა თოფმა და ზარბაზანმა, მაგრამ მამულისათვის და ქრისტესთვის მებძოლ რაინდთა შეჩერება ვერავინ შეძლო – ქართველები მტრის ბანაკში შეიჭრნენ, ლაშქარს დაერივნენ და შეიქნა შუბთა ძგერება, „ჴმალთა და ლახტთა მუზარადებზედ ჴეთქინება“.

მცირერიცხოვან ქართველთა სიმამაცემ ყიზილბაშები უკუაქცია, მაგრამ გამოცდილმა მთავარსარდალმა ისა-ხან ყორჩიბაშმა არ დათმო ბრძოლა. ამასობაში აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰ-ბენდე-ხანიც მივიდა მაშველი რაზმით… ქართველები შედრკნენ. ამას ზედ დაემატა ერთი საბედისწერო შემთხვევაც: მტრის ხელით მკერდშელეწილი დაეცა თეიმურაზ მუხრანბატონი. „განჴდა ჴამდა ჰგონეს ყოველთა კახთ-ბატონის სიკუდილი და ივლტოდენ კახნი და ქართველნი“, მეფის სიკვდილი ხომ ომის დასასრულს ნიშნავდა. გვიან მიხვდნენ ქართველები საბედისწერო შეცდომას. შეთხელდა ივერიელთა რიგები. გულგანგმირულნი დაეცნენ: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსნი – რუსთველი და ხარჭაშნელი.

ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა ქართულმა დროშამ, ცხრა ძმა გმირულად დაეცა მარაბდის ველზე, შემდეგ ნაბოლარამ – ერთადერთმა დამ იპყრა ხელთ დიდგორსა და ბასიანში გამოვლილი დროშა და როცა იმანაც ჩაიმუხლა, დედამ აღმართა ქართველთა უკვდავების სიმბოლო.

მზის ჩასვლამდე იბრძოდა თეიმურაზ მეფე, რომელმაც იმ დღეს „დაამტვრია ყოველი საბრძოლო იარაღი და არღარა შემორჩომოდა რა. ბეჭდებიცა დაემტვრია მუშტის ძგერებით“. დაღლილი, სიცხისაგან არაქათგამოცლილი ქართველობა გმირულად იბრძოდა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, მაგრამ უშედეგოდ, გარიჟრაჟზე დაწყებული ბრძოლა გვიან ღამით ქართველთა მარცხით დამთავრდა.

ბრძოლის ველზე მკერდგანგმირული იწვა ქრისტეს და მამულისთვის თავდადებული ცხრა ათასი ქართველი, მათ შორის: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსები – რუსთველი და ხარჭაშნლი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, დედა მათი  და ერთადერთი და, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი… საქართველოს ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა რჯულისა და მამულისათვის თავდადებული მამულიშვილები.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

6 აგვისტო. Პირველომწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული (457).

ტროპარი

ხენეშისა სარკინოზობისა დამტევებელსა და ჭეშმარიტებისა გზათა მავალსა, ქრსიტესთვის მრავალთა ჭირთა მიმთვალელსა, მორწმუნეთა შორის საჩინოსა, საქართველოს მნათობსა, დიდსა მოწამესა რაჟდენს შევასხმიდეთ მორწმუნენო ძნობითა საღმრთოითა, რათა მეოხებითა მისითა ვიხსნეთ განსაცდელთაგან.

კონდაკი

მწყემსისა ჭეშმარიტისა შედგომილო, და სუფევისა მისისა საღმრთოსა ზიარო, მონაო სარწმუნოო, და მსგავსად მთიებისა საჩინოო მნათობო, სასუფეველისა შენისა ქრისტესა შეწირულო, დიდო მოწამეო რაჟდენ, გვიოხენ ჩვენ მაქებელთა შენთა.

წმიდა პირველმოწამე რაჟდენი წარმოშობით სპარსი დიდებული იყო. როცა წმიდა ვახტანგ მეფემ (ხს. 30 ნოემბერს) სპარსეთის მეფის ჰორმიზდ III-ის ასული ბალენდუხტი ცოლად შეირთო, დედოფალს ქართლში რაჟდენიც ჩამოჰყვა, ქრისტიანობა მიიღო და სამუდამოდ აქ დარჩა. ვახტანგ მეფემ სოფელნი და აგარაკნი მიანიჭა და „საკუთარ და თანამზრახველ თვისსა ყო იგი“.

წმიდა რაჟდენი ხშირად დადიოდა ეკლესიაში, ისმენდა საღვთო წერილს და ქადაგებებს. ნათისღების შემდეგ იგი კიდევ უფრო ამაღლდა სათნოებით და თავის სულში აღანთ მასზე მოფენილი სულის მადლი. იგი შენატროდა მოწამეთა ცხოვრებას, მათ აღსასრულს და ლოცულობდა, რათა თვითონაც ღვთის ნებით წამების ღვაწლისა და უკვდავების სასმელის შესმის ღირსი გამხდარიყო. ღვთისმსახურებით შემკულმა ნეტარმა რაჟდენმა სიყრმიდან ღვთისმსახურებაში აღზრდილთ გაუსწრო.

ვახტანგ მეფე იღვწოდა ეკლესიის გაძლიერებისათვის: ჩამოაყალიბა საქართველოში საეკლესიო იერარქია, საქართველოს ეკლესიას მოუპოვა დამოუკიდებლობა და მყარი მშვიდობა, სამეფოდან გააძევა სპარსელები, დახურა მაზდეანთა სამლოცველოები.

მცხეთელ მოგვთა გასაჭირი რომ გაიგეს, სპარსელებმა არ დააყოვნეს, პეროზ მეფემ დიდძალი ჯარი დაძრა საქართველოსკენ. ვახტანგ გორგასალმა წინასწარ გაამაგრა ციხე-ქალაქები, თვითონ კი მცხეთაში დადგა თავისი ჯარით.

მტერი მცხეთის მახლობლად დაბანაკდა. დაიწყო ხანგრძლივი ომი. ქართველ მებრძოლთა რაზმები მოულოდნელად ესხმოდნენ სპარსელებს თავს და მუსრს ავლებდნენ. ასე გრძელდებოდა ხუთი თვის განმავლობაში.

ომის დროს თავი ისახელა „ახოვანმან წყობათა შინა და გამოცდილმან, რჩეულმან მებრძოლმანა“ – რაჟდენმა, რომელიც ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი სარდალი იყო. ღვთის შეწევნით მან მრავალჯერ აგემა დამარცხება მტერს. განრისხებულმა პეროზ მეფემ ბრძანა, ცოცხლად შეეპყროთ გაქრისტიანებული სპარსი.

ერთ-ერთი შეტევის დროს სპარსელებმა გზა შეუკრეს რაჟდენს, მოულოდნელად შემოერტყნენ გარს, შეიპყრეს და შეკრული მიჰგვარეს სპარსთა მეფეს. პეროზმა დიდად გაიხარა ქართველთა რჩეული მხედრის ხელში ჩაგდებით და მხიარულად მიმართა ტყვექმნილს: „გიხაროდენ, მხნეო რაჟდენ, მშვიდობა შენდა! სად უკუე იყავ ესოდენთა ამათ ჟამთა, რაჲსათჳს უარ გიქმნიეს მამული შჯული და შედგომილ ხარ სჯულსა უცხოსა, რომელი არა გასწავეს მამათა შენთა და ბრწყინვალისა მზისა წილ და ცეცხლისა და სხუათა მათ მნათობთა მსახურებ ჯუარცმულსა კაცსა, რომელი ჰურიათა მოაკუდინეს და შენ იგი ღმერთად შეგირაცხიეს, ანუ არა ესე ყოველი ესრეთ არსა?“

რაჟდენმა გაბედულად მიუგო: „ჭეშმარიტად ეგრეთ არს, ვითარცა სთქუ, მეფეო, რამეთუ მე ქრისტეანე ქმნილ ვარ და დამიტევებიეს მამული უღმრთოებაჲ და არღარა თაყუანის-ვსცემ ცეცხლსა შემწველსა, არცა მზესა, კაცთათჳს სამსახურად დაბადებულსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ და ყოველნი, რაჲ არს მათ შინა ხილულნი ანუ უხილავნი, რომელსა აქუს უკუდავებაჲ და მკჳდრ არს იგი ნათელსა შინა თუალთ-შეუდგამსა, რომელი-იგი არავინ იხილა, ვერცა შემძლებელ არს“.

პეროზ მეფე გულისწყრომით აღივსო, მაგრამ თავი შეიკავა, რადგან ფიქრობდა, რომ დაყვავებით და პატივით მოიგებდა რაჟდენის გულს და უთხრა: „ისმინე, რაჟდენ, და დაუტევენ უხმარნი ეგე სიტყუანი და ერჩდი ბრძანებათა ჩუენთა და მიგანიჭნეთ პატივნი და დიდებანი უფროჲს პირველისა და გყოთ თანაზიარ დიდებისა ჩუენისა და იყო საკუთარ მეგობარ და საყუარელ ჩუენდა. და უკუეთუ არა ყო, სიკუდილითა მწარითა და სატანჯველითა მრავალფერითა მოგაკუდინოთ შენ“.

რაჟდენმა მშვიდად მოუსმინა მეფეს, შემდეგ კი მიუგო: „რაჲ არიან ნიჭნი და პატივნი შენნი, მეფეო, არა საწუთრონი არიან და მსგავსად სიზმრისა განქარვებადნი და აჩრდილებრ წარმავალნი? ხოლო სული უკუდავ არს და უკუდავადაც ჰგიეს, და უკუეთუ ვისმინო ბრძანებისა შენისა და ვერჩდე თქმულთა შენთა, არა მოვკუდეა მეცა, ვითარცა ზოგად ყოველნი კაცნი და მერმე საუკუნოდ ვიტანჯებოდე ცეცხლსა შინა უშრეტსა და სიმდიდრე შენი აქავე დაუტევო, ხოლო უკუთე მოვკუდე ქრისტესთჳს, უკვდავ ვიქმნე საუკუნოდ და მის თანა ვსუფევდე“.

განრისხდა უსჯულო მეფე და ბრძანა, სასტიკად ეცემათ წმიდანი. წამების ოსტატებმა ძირს დასცეს წმიდა რაჟდენი და საშინლად სცემეს, კბილები ჩაულეწეს, სახე სისხლით შეუღებეს, ციცაბო კლდეზე ათრიეს, შემდეგ მძიმე ბორკილები დაადეს და საპყრობილეში ჩააგდეს.

დილეგში მყოფი წმიდანი გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს, მიენიჭებინა მისთვის ძალა მოთმინებისა, რომ არ ეღალატა ქრისტესთვის. სპარსელები საპყრობილეშიც ბევრს ეცადნენ წმიდანის გადაბირებას, მაგრამ ამაოდ.

რაჟდენის ტყვედ ჩავარდნის და წამების ამბავი მყისვე გაიგეს მცხეთაში. პეროზ მეფეს რამდენიმე წარჩინებული ქართველი ეახლა და მცირე ხნით რაჟდენის განთავისუფლება სთხოვა. პეროზმა რაჟდენს უკან დაბრუნების ფიცი ჩამოართვა და მცხეთაში გაუშვა.

პირველად მეფეს ეწვია რაჟდენი. გაიხარა ღვთისმოყვარე მეფემ, ამბორს უყო და სიყვარულით მოიკითხა. სიხარულით აივსო სახლეული, რადგან არ ელოდნენ მის ხილვას. როცა ცოლმა გაიგო, რომ რაჟდენი ისევ უკან უნდა დაბრუნებულიყო, შეევედრა მეუღლეს: „რად ესრეთ განგიწირავს ცხორებაჲ თჳსი და მიგიცემიეს თავი შენი სიკუდილად და ჩუენცა სრულიად ოხერ და ობოლ გუყოფ? ჰყოფდი ბრძანებასა მათსა და იხსენ თავი შენი და ჩუენცა, რათა არა ბოროტად მოკუდე შენ და ჩუენ სიკუდილითა შენითა მივეცნეთ განსაცდელსა მწარესა და მწუხარებასა ძნელსა“. წმიდა რაჟდენმა რბილად უსაყვედურა ცოლს: „რად ესრეთ ბოროტისა განმზრახ მექმნები, დედაკაცო, ვითარცა ევა, ანუ ვითარცა ცოლი იგი იობისი, რაჲთამცა ვისმინე შენი და ვიქმნეცა ვითარცა ადამ, უკუდავებისა წილ მოკუდავ და უხრწნელებისა წილ განხრწნილ და მიწად ქცეულ…“

წმიდა კვლავ უკან დაბრუნდა. მობრუნებულს გზად მის შესაპყრობად გამოგზავნილი მხედრების რაზმი შემოეყარა. წმიდა რაჟდენმა ახოვნად აღიარა, რომ იგი იყო, ვისაც ეძებდნენ. უღმერთოებმა შეიპყრეს იგი, ისევ უწყალოდ სცემეს ჯოხებით, შეკრეს, გაიგდეს წინ და მეფეს მიჰგვარეს. პეროზი ისევ შეეცადა რაჟდენის გადაბირებას, თან დიდ პატივს და სიმდიდრეს დაჰპირდა, მაგრამ რაჟდენმა კადნიერად მიუგო: „ვერარამან განმაშოროს სიყუარულსა ქრისტესსა, ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ პყრობილებამან, სიკუდილმან ანუ ცხორებამან, სიმდიდრეთა ანუ სიგლახაკეთა, ვერარამან შეუძლოს განყენებაჲ ჩემი სიყუაისავე დათმენად“.

განრისხებულმა პეროზმა ბრძანა, წრომს დაბანაკებულ სარდალთან გაეგზავნათ რაჟდენი, თან შეუთვალა: უკუეთუ ისმინოს, პატივით გაისტუმრეთ, თუ არა – ისე აწამეთ, დასამარხადაც არ ვარგოდეს მისი ხორციო.

წრომში მყოფ სარდალს ადრევე ჰქონდა გაგებული რაჟდენის მამაცობის ამბავი, ამიტომ დიდად გაუხარდა, როდესაც პირადად ნახა იგი და ტკბილი სიტყვებით შეეცადა მის გადაბირებას. წმიდანმა მტკიცედ მიუგო: „რაჲსა მაიძულებთ, უსჯულონო, ცხოველისა ღმრთისა დატევებად, რომელმან დაბადა ცაჲ და ქუეყანაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა… მე პატიჟნი თქუენნი და ნიჭნი გინებად შემირაცხიან, რომელი დღეს არს და ხვალე არღარა. აწი რომელიცა გენებოსთ, ყავთ იგი, რამეთუ მე მზა ვარ დათმენად ყოველთა ძჳრთა ქრისტესთჳს“.

განრისხებულმა მთავარმა სასტიკად აწამა წმიდა რაჟდენი. თავ-პირში ურტყეს, კბილები ჩაუმსხვრიეს, ღაწვნი დაუმტვრიეს. ნეტარი კი ისევ მადლობას სწირავდა ღმერთს და სულით ხარობდა, რომ ქრისტეს მსგავსად იტანჯებოდა.

ხელფეხშეკრული წმიდა რაჟდენი კვლავ შეაგდეს საპყრობილეში. მაცხოვარი არ შორდებოდა მას, ანუგეშებდა და აძლიერებდა. წმიდა რაჟდენს სულ უფრო და უფრო ემატებოდა სიმხნე მომავალი ღვაწლის მიმართ.

მრავალჯერ აწამეს იგი, მრავალგზის შესთავაზეს საჩუქრები და პატივი, მაგრამ ვერა და ვერ დაიყოლიეს. როცა საბოლოოდ გადაეწურათ მისი გადაბირების იმედი, ჯვარცმით სიკვდილი გადაუწყვიტეს.

„ვინაჲთგან ძელსა ზედა მოკლულისა მიმართ აქუს სასოებაჲ, რაჲთა ესეცა ძელითა აღესრულოს“, – გამოუტანეს განაჩენი წმიდანს, შემდეგ კი „აღმართეს ძელი იგი და მას ზედა დამსჭუალეს ტარიგი ქრისტესი“. მის გვერდით ძელებზე ჩამოჰკიდეს ხუთი ავაზაკი, როგორც იესო ორ ავაზაკს შორის. ჯვარზე გაკრულ წმიდა მოწამეს ისრები დაუშინეს. ნატყორცნ ისრებს, სხულიდან ამოაძრობდნენ და ისევ ურჭობდნენ. მთელი სხეული ჭრილობებით დაუსერეს. წმიდანის ბოლო სიტყვები იყო: „ხელთა შენთა, უფალო, შევვედრებ სულსა ჩემსა“. ეს მოხდა 457 წლის 3 (16) აგვისტოს.

წმიდა რაჟდენის წამებისა ჟამს ისევე, როგორც მაცხოვრის ჯვარცმის დღეს, შუადღისას წყვდიადი ჩამოწვა, ამოვარდა სასტიკი ქარი, გაფანტა ყველა იქ შეკრებილი, მათ შორის მცველნიც, ურჯულო მთავარმა რომ დაადგინა, რათა ქრისტიანებს არ წაეღოთ მისი ცხედარი და არ დაეფლათ მიწაში, ფრინველებს და მხეცებს რომ შეეჭამათ იგი.

ღამით იქაურმა ქრისტიანებმა მოიყვანეს მღვდელი, გარდამოხსნეს, ჯვრიდან წმიდა მოწამის გვამი და ფარულად მიწას მიაბარეს.

რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოში მშვიდობა დამყარდა. წმიდა ვახტანგ გორგასალმა წმიდა რაჟდენის ნაწილთა მოძიება დაიწყო. არავინ უწყოდა დაკრძალვის ადგილი მღდლის გარდა. ერთ ღამეს წმიდანი დიდებითა და ბრწყინვალებით მოსილი ეჩვენა მღვდელს და უთხრა: ხუცეს, აღდეგ, ნუღარ აყოვნებ, მეფეს სურს იხილოს ჩემი ნაწილნი და შემეგებოს, წადი, აუწყე სად ასვენია და სადაც თვით ენებოს, იქ დაასვენოს ისინი.

შიშითა და სიხარულით აღსავსე ხუცესი მყის წავიდა მეფესთან და აუწყა როგორ, როდის და სად იყო დაკრძალული წმიდა რაჟდენი, როგორ ეჩვენა მას და რა ამცნო.

ამის გამგონე მეფე გამოუთქმელი სიხარულით აღივსო, მადლი შესწირა ღმერთს და სანატრელ მოწამეს. მან მყის მოუხმო თავისი სამეფოს ეპისკოპოსებს და სხვა სამღვდელო პირებს. მიავლინა ისინი უამრავი საჩუქრებით სოფელ წრომს, სადაც დაკრძალული იყო ღვაწლმოსილი მოწამის მრავალმოღვაწე გვამი.

მიაღწიეს წრომს, ამოასვენეს შიშით და კრძალვით მოწამის ცხედარი. ენით უთქმელი სურნელება მიმოეფინა მთელ იმ მიდამოს. წმიდანის ნეშტი წაასვენეს გალობით, სანთლებით, კერეონებით და საკმველეთა სურნელებით ნიქოზს, ვახტანგ მეფის მიერ აშენებულ საეპისკოპოსო ეკლესიაში. მეფე და დედოფალი შორს მიეგებნენ დიდი სურვილით და სარწმუნოებით, ცრემლით ეამბორნენ მთავართა და დიდებულთა თანხლებით. ისინი ქვეითად მიჰყვებოდნენ წმიდანის ცხედარს.

ამის შემდგომ მოწამის სურვილითა და მოწოდებით მეფემ წმიდა რაჟდენის სახელზე მშვენიერი ტაძარი ააგო უჯარმის ციხეში და ერთი სხვა ეკლესია უჯარმის ველზე, რომელსაც სამგორს უწოდებენ.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

15 აგვისტო. Წმინდა მოციქული პირველმოწამე მთავარდიაკონ სტეფანეს ნაწილთა აღმოყვანება.

წმიდა მოციქული, პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანე. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ უფლის სიტყვა სწრაფად ვრცელდებოდა და მორწმუნეთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდებოდა. ქრისტიანული თემის ყოფითი მოთხოვნილებები უზრუნველყოფილი იყო, რადგან ვისაც სახლები, ან დაბები გააჩნდა, ყიდდა მათ, სასყიდელს „დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა“, ეს უკანასკნელნი კი უნაწილებდნენ „კაცად-კაცადსა, რაჲცა ვის უჴმდა“ (საქმე IV, 33-35).

სხვადასხვა ტომის ადამიანებს შორის, თანდათან უთანხმოებანი წარმოიქმნა, ბერძენი ებრაელები ჩიოდნენ, რომ მათ ქვრივებს შესაწევარი მცირე რაოდენობით ეძლეოდათ. ამან მოციქულთა ყურამდეც მიაღწია. მათ არ ისურვეს ქადაგების დატევების ფასად ეტვირთათ ზრუნვა ქრისტიანული თემის სამეურნეო საქმეებზე, ამიტომ მოწაფეთაგან შვიდი კაცი გამოარჩიეს „საჴმარსა ამას ზედა“ დასადგენად და დიაკვნებად დაასხეს ხელი. წმიდა სტეფანე, „კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა“ – მთავარდიაკვნად აკურთხეს.

იერუსალიმში „სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ აღორძნდებოდა“ და მოწაფეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, მრავალი ებრაელი მღვდელმსახურიც მოექცა ქრისტეს სარწმუნოებაზე. ამას სტეფანეც უწყობდა ხელს თავისი მადლმოსილი ქადაგებითა და სასწაულებით. გაღიზიანებული იუდეველები შეეცადნენ, სიტყვიერ პაექრობაში დაემარცხებინათ უფლის რჩეული, მაგრამ როცა ვერაფერს გახდნენ, დაასმინეს იგი – ღმერთსა და მოსეს ჰგმობსო. ამ ბრალდებით წარდგა ნეტარი სინედრიონისა და მღვდელმთავრის წინაშე. პირი მისი იხილვებოდა, „ვითარცა პირი ანგელოზისაჲ“.

წმიდა სტეფანემ შემოკრებილებს ებრაელი ერის ისტორია მოუთხრო და ამხილა იუდეველები წინასწარმეტყველთა დევნასა და განკაცებული მესიის – იესო ქრისტეს მკვლელობაში. ქადაგების დროს წმიდანმა „ახედნა ცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა“. როცა მან გააცხადა ეს ხილვა, ბრბომ, ყურებდაცობილმა, ღრიალით მიმართა ნეტარს, ქალაქგარეთ გაიყვანა და ქვებით ჩაქოლა. მოშორებით, ბორცვზე ღვთისმშობელი იდგა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად და ღმერთს ავედრებდა მოწამეს, სტეფანე კი მხურვალედ ლოცულობდა თავისი მტრებისთვის. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას“; „და ესე ვითარცა თქუა, დაიძინა“ (საქმე, 6-7).

წმიდა სტეფანე მოწამეობრივად აღსრულებული პირველი ქრისტიანი იყო. იგი ოცდაათი წლისა მიიცვალა.

მხეცთა საჯიჯგნად დაგდებული ნეტარის ცხედარი ცნობილმა სჯულისმოძღვარმა გამალიელმა და მისმა ძემ, აბიბოსმა ფარულად წაასვენეს და მიწას მიაბარეს. მოგვიანებით ორივე მათგანმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა.

415 წელს საღვთო ჩვენების შემდეგ აღმოყვანებულ იქნა სტეფანე პირველმოწამის უხრწნელი ნაწილები, რომლებიც იერუსალიმში, სიონის ტაძარში გადააბრძანეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

12 აგვისტო. წმიდა ცოტნე დადიანი – საქართველოსთვის თავდადებული და აღმსარებელი (XIII)

წმიდა ცოტნე დადიანი – „კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და ბრძოლასა შინა სახელოვანი“ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნეში. ამ დროს საქართველო მონღოლთა უღელქვეშ იტანჯებოდა. რუსუდან მეფის გარდაცვალების შემდეგ (1245 წელს) მონღოლებმა საქართველოს მთავრებს უმძიმესი ხარკი დაუწესეს და თან ბრძოლებში მონაწილეობაც დაავალეს. ქვეყნის მდგომარეობა იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ საქართველოს მთავრებმა გადაწყვიტეს, გაერთიანებული ძალებით შებრძოლებოდნენ მტერს.

კოხტასთავს დადგენილ შეკრებაზე მთავრებმა „დაამტკიცეს ომი, და დადვეს პაემანი ქართლს შეკრებისა“. ცოტნე დადიანი, „კაცი კეთილი და სრული საღმრთოთა და საკაცობოთა“, და რაჭის ერისთავი ლაშქრის შესაკრებად წავიდნენ. როგორც კი თათრებმა ქართველთა მთავრების ფარული შეკრების შესახებ გაიგეს, მაშინვე კოხტასთავს გაემართნენ, იქ შეკრებილი ყველა ქართველი დიდებული დაატყვევეს და ანისის ქვეყანაში, შირავაკანში წაასხეს.

შეკრების მიზეზად ქართველები მონღოლთათვის ხარკის აკრეფას ასახელებდნენ. მონღოლებმა მთავრები გააშიშვლეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და, მშიერ-მწყურვალნი, პაპანაქება სიცხეში დატოვეს, თან ყოველდღე შეკრების მიზეზს ეკითხებოდნენ.

როცა დათქმულ დროს ცოტნე დადიანი გამოცხადდა თავისი ლაშქრით და შეიტყო მომხდარი, „მწუხარე იქმნა უზომოდ, და თჳსად სიკუდილად და სირცხჳლად შეჰრაცხა საქმე იგი, და წარავლინა ლაშქარი თჳსი, და ორითა კაცითა წარვიდა ანისად, დამდები სულისა თჳსისა და აღმსარებელი მცნებისა უფლისასა“. ცოტნემ იხილა სასიკვდილოდ განწირული თანამოძმეები, ცხენიდან ჩამოხტა, სამოსელი გაიხადა, თვითონ შეიკრა ხელ-ფეხი და გვერდით მიუჯდა მათ.

მონღოლებმა ცოტნეს მოსვლის მიზეზი ჰკითხეს. „ჩვენ ყოველნი ამად შევიკრიბენით, რათა განვაგდოთ ხარაჯა თქუენი და ბრძანებაი თქუენი აღვასრულოთ – ეს იყო შეკრება ჩუენი. აწ თქუენ ძჳრის-მოქმედთა თანა შეგვრაცხენით, და მე ამის ძლით მოვედ წინაშე თქუენსა, რათა გამოიკითხოთ, და უკეთუ ღირსი რამე სიკუდილისა უქმნიეს, მეცა მათ თანა მოვკუდე, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარა უქმნიეს უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო“, – უპასუხა ცოტნემ.

ცოტნე დადიანის ასეთმა თავდადებამ იმდენად იმოქმედა მონღოლებზე, რომ მათ ქართველების განთავისუფლება გადაწყვიტეს. „ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ და შენდა მინდობილ ვართ“, – უთხრეს მათ ცოტნეს და ყველანი გაათავისუფლეს.

1259 წლის მონღოლების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში ცოტნე დადიანის სახელი აღარ ჩანს. ვარაუდობენ, რომ ამ დროისათვის ცოტნე დადიანი უკვე გარდაცვლილი იყო.

საქართველოში ყველამ იცის ცოტნე დადიანის შესახებ, მისი გმირობა ყოველთვის სარწმუნოების, სიყვარულისა და თავდადების მაგალითი იყო და ერი ყოველთვის წმიდანის პატივს მიაგებდა მას.

წმიდა სინოდის 1999 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ცოტნე დადიანის წმიდანად შერაცხვა იყო მართლმორწმუნე ერის ნების გამოხატულება, ამიტომაც ყველამ გაიხარა ახალი ზეციური მეოხის დადგინებით.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

https://www.youtube.com/embed/1bQOKBlnDCg?

 

Exit mobile version