Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

ჩვენი ეკლესია

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიქარქის, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, მიტროპოლიტისა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და წმინდა სინოდის განჩინებით დაარსდა ამერიკისა და კანადის სამრევლოების მმართველობა, რომლის წინამძღოლად დაინიშნა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი.

მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, გაიხსნა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია ტორონტოში. ტარდება წირვა ლოცვები ტორონტოში, მონრეალში, ედმონტონში და ვანკუვერში.

2011 წელს, დეკანოზი პავლე ზაქარაია დაინიშნა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის წინამძღვრად ტორონტოში. მისი დაუღალავი შრომით და გარჯით ბევრმა ქართველმა იმიგრანტმა მოიყარა თავი ეკლესიაში. ჩამოაყალიბდა კანადის პირველი ქართული მართლმადიდებლური სამრევლო.

2014 წელს ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მმართველად დაინიშნა ყოვლადუსამღვდელოესი ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა, რომელის იურისდიქციაში შედის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია ტორონტოში.

2014 წლის 16 აგვისტოს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ მღვდლად ხელი დაასხა მამა თომა ბეკურიშვილს, რომელიც დღევანდელ დღეს ემსახურება ტორონტოს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ეკლესიას და მის სამრევლოს.

2014 წლის ნოემბერში მამა პავლე ზაქარაია გადავიდა სამსახუროდ სხვა ეპარქიაში და დაბრუნდა საქართველოში თავისი აღმშენებლობითი მოღვაწეობის გასაგრძელებლად. ამის შემდგომ, მეუფე საბას კურთხევით, ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა დეკანოზი თომა ბეკურიშვილი.

ემიგრანტთა ხვედრი არასოდეს ყოფილა მსუბუქი. განსაკუთრებით მძიმეა იგი ქართველი ადამიანისათვის, რომელიც ფიზიკური გადარჩენის მიღმა, სულიერი საზრდოს და ურთიერთობების მუდმივ ძიებაშია. ამჟამად ტორონტოში 300-400 ქართული ოჯახია. ჩვენი სათვისტომო ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა ჩრდილოეთ ამერიკაში, და ძირითადად, ეკონომიკური მიგრანტების ჯგუფს მიეკუთვნება.

რწმენის შესანარჩუნებლად, ქართველები აქამდე სხვადასხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში განსხვავებულ ენებზე ლოცულობდნენ. ამჟამად, მამა თომას ლოცვითა და შრომით ტორონტოს პატარა ანგლიკანურ ეკლესიაში, რომელსაც დღეისათვის ვქირაობთ საერთო ძალებით, სრულდება ქართული მართლმადიდებლური მსახურება და აღევლინება უძველესი ქართული ლოცვა და გალობა.

აქვე გახსნილია საკვირაო სკოლა, სადაც ბავშვები სწავლობენ ქართულ ენას, ისტორიასა და საღმრთო რჯულს.

Exit mobile version