Categories
წმინდანთა ცხოვრება

04 ივლისი. წმიდა მოწამენი, საქართველოს მეფენი არჩილი (+744) და ლუარსაბი (+1622)

წმინდა საქართველოს მეფენი არჩილი და ლუარსაბი

წმიდა მოწამე არჩილ მეფე ქართლის სამეფოს ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმეს პერიოდში განაგებდა. მისი მეფობის ჟამი იყო შეუპოვარი ბრძოლა უსჯულო დამპყრობლების წინააღმდეგ და საქართველოს გაერთიანებისათვის დაუცხრომელი ზრუნვა. არჩილის მამამ ქართლის ერისთავმა ადარნასემ (მცხეთის ჯვრის ერთ-ერთი აღმშენებელი) ქართლის გამგებლად არჩილის უფროსი ძმა მირი დასვა. არჩილი ყოველმხრივ გვერდით ედგა უფროს ძმას და ღვთის შიშითა და სიყვარულით ზრუნავდა სამეფოზე. მირის მეფობის ჟამს ქართლში მურვან ყრუ შემოიჭრა, პირსისხლიანმა ჯალათმა „ყოველივე შენებული და სიმაგრენი საქართველოსნი“ შემუსრა და სისხლით მორწყო ქვეყანა. მირი და არჩილი აფხაზეთში გაიხიზნენ და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მხურვალედ ევედრებოდნენ შემწეობას. უფალმა ისმინა მართალთა ლოცვა: ერთ ღამეს წმიდა არჩილს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა: „აღდეგ და ებრძოლე უსჯულოთა მათ, რამეთუ ანგელოზი უფლისა წინა წაგიძღუეს თქუენ და თქუენ წილ უფალი ბრძოდის“. მირი და არჩილი მცირედი მხედრობით „მინდობითა ღმრთისაჲთა და შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა“ დაესხნენ თავს მტრის ბანაკს. შეტაკება ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. გაქცეულ უსჯულოებს ღმერთმა სასტიკი ქარი და ძლიერი წვიმა მოუვლინა, მდინარეები ადიდდა და აგარიანთა მხედრობა წალეკა. ცოცხლად გადარჩენილმა მომხდურებმა კონსტანტინოპოლს მიაშურეს, მაგრამ ზეგარდამო მოწევნულმა რისხვამ ისინი ზღვაში ჩაახრჩო.

ბრძოლაში დაჭრილი მეფე მირი მალე დასნეულდა, სიკვდილის წინ სამეფო თავის ძმას, არჩილს გადააბარა, დარჩენილი შვიდი ასულის მფარველობა სთხოვა და მცხეთაში დასაფლავება დაიბარა.

მეფე არჩილმა შეასრულა მირის ანდერძი, მცხეთის ზემო ეკლესიაში დაკრძალა იგი, მისი შვიდი ასულიდან ექვსი ქართველ დიდებულებს მისცა შესაფერისი მზითვით, მეშვიდე, გურანდუხტი კი ბიზანტიის კეისარს მიათხოვა.

თორმეტი წელიწადი იჯდა არჩილი ქუთაისში და ყოველნაირად ცდილობდა სრულიად საქართველოს გაერთიანებას, შემდეგ ქართლში გადავიდა და არაბთაგან აოხრებული ამ ულამაზესი კუთხის აღმშენებლობას შეუდგა, შემოიერთა კახეთი, მთიანეთი, ეგრისი, აფხაზეთი და სამცხე-ჯავახეთი. არაბების ბატონობა, ფაქტიურად თბილისისა და მცხეთის შემოგარენს ვერ სცილდებოდა.

მურვან-ყრუსაგან დარბეული ქვეყანა ჯერ კიდევ გონს არ იყო მოსული, როცა არაბთა ლაშქარმა ჭიჭუმ-ასიმის მეთაურობით კვლავ ააოხრა ქართლი და გეზი კახეთისაკენ აიღო. წინააღმდეგონის გაწევას აზრი არ ჰქონდა, არჩილ მეფემ გადაწყვიტა „სულისა თვისისა დადებად საჴსრად ქრისტიანეთათვის“. „უმჯობეს არს სიკუდილი ჩემი, ვიდრეღა კუალად განრყუნად ეკლესიათა ქრისტესთა და ოხრებად ქვეყანისა ამის“, – ბრძანა მეფემ და ჭიჭუმ-ასიმს ეახლა მშვიდობის სათხოვნელად. განიხარა ჭიჭუმ-ასიმმა მეფის მისვლით, პატივით მოიკითხა, „აქო სიკეთე და სისრულე ჰასაკისა მისისა და მშვენიერება პირისა მისისა“.

რამდენიმე დღე დიდებულად ისტუმრა ჭიჭუმმა ქართველთა მეფე, შემდეგ კი მაცხოვნებელი სჯულის დატოვება და სარკინოზთა სარწმუნოების მიღება მოსთხოვა, სანაცვლოდ „აღუთქუმიდა ნიჭთა დიდ-დიდთა“. ზეგარდამო სულით აღვსილმა ცხებულმან უფლისამან ბრძანა: „მე რომ შენ დაგიჯერო, უნდა მოვკვდე სიკვდილით, რომლის შემდეგაც უნდა ვიტანჯო… ღმერთმან ჩვენმან და მაცხოვარმან ჩვენმან ჩვენი ხსნისათვის თავი დადო, ამიტომაც მე არ მეშინია სიკვდილის. თუ მომკლავ, მეც ისევე აღვსდგები სიკვდილის შემდეგ, როგორც ღმერთი ჩვენი და კვლავ ვადიდებ მას“.

განრიხსებულმა ჭიჭუმმა ბრძანა „შეპყრობაჲ მისი და წარგზავნა იგი საპყრობილედ მრავლითა ჭირითა და იწროებითა, რამეთუ ჰგონებდა იგი, ნუუკუე შიშითა სატანჯველთაჲთა მოდრიკოს შეურყეველი გონებაჲ მისი“, სასიკვდილოდ კი მაინც ვერ გაიმეტა ახოვანი და მშვენიერი მეფე ქართველთა.

ღვთისმოსავი მეფე არჩილი საპყრობილეში გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს, მიენიჭებინა მისთვის ძალა სატანჯველთა დათმენისა.

ჭიჭუმ-ასიმის წინაშე წარდგა ერთი გარდაბნელი გამაჰმადიანებული სომეხი მთავარი, რომლის ბიძის მკვლელები არჩილის მამას – ადარნასეს სასჯელისაგან გაეთავისუფლებინა. სომეხს პაპის ჯავრი სჭირდა და გადაეწყვიტა, შური შვილიშვილზე ეძია.

სომეხმა ასიმს უთხრა: დიდებულო მთავარო, არჩილი არის სტეფანოზ მეფის ძე, ნათესავი ვახტანგ მეფისა, რომელიც იყო შვილიშვილი მირიან მეფისა; ის თან ახლდა მამას, როცა იგი ქართლის სამეფო საგანძურს მალავდა და ისიც იცის, თუ სად დაფლა განძი ბერძენთა მეფემ ჰერაკლემ.

ჭიჭუმ-ასიმმა საპყრობილიდან გამოიხმო ქართველთა მეფე და უთხრა, პირველად შენი სიკეთისა და მშვენიერებისათვის გაფასებდი, ახლა კი გავიგე, რომ ხარ შვილი დიდთა მეფეთა, ამითომ განგადიდებ ჩემს წინაშე. შენი სამეფო და საგანძურიცა მამათა შენთანი შენი იყოს, ოღონდ მიჩვენე ბერძენთა მეფის საგანძური, რომელიც სპარსეთიდან წამოიღო და საქართველოში დაფლა. სჯულიც შეიცვალე, სარკინოზად მოიქეც და სპასალარადაც დაგნიშნავ და ქართლის მეფობასაც მოგცემო. პასუხად წმიდა არჩილმა ჭიჭუმს უთხრა: „იცოდე, მძლავრო, არ დავუტევებ ჩემს უფალს, არ უარვყოფ ქრისტეს სახელს, არც საწუთო ცხოვრებაზე გავცვლი მარადიულს, არც ჟამიერ მეფობას – უჟამო თანაყოფაზე ქრისტესთან. საგანძურზე კი არაფერი ვიცი, რადგან პატარა ვიყავი, როცა ჰერაკლე მეფემ გაიარა ჩვენს ქვეყანაზე, მამაჩემმა და ჩემმა ძმამ მურვან ყრუს შემოსევისას ჩვენი განძი ამოიღეს და ბერძენთა ციხეში დაფლეს“.

ასიმმა ჰკითხა: „შენ იქ იყავი, როცა სარკონოზები დამარცხდნენ აფხაზეთში?“ წმიდა არჩილმა უშიშრად უპასუხა: „ღმერთმან ცხოველმან, რომელი არს შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, რომელი-იგი მოვიდა ზეცით ქუეყანად ჴსნისათჳს კაცთასა და სიკუდილითა თჳსითა მოკლა მკვლელი ჩუენი და ჩუენ მოგუანიჭა უკუდავებაჲ, მან უკუე ძლიერმან და ყოვლისა შემძლებელმან დასცნა და შემუსრნა იგინი“.

ამ სიტყვებმა გულისწყრომით აღავსო უსჯულო ჭიჭუმი, „ვინაჲთგან არა გნებავს ცხორებაჲ თავისა შენისაჲ და უმჯობესი შენი და მოკუდავისა მიმართ დაგიც სასოებაჲ, ჯერ არს, რათა შენცა მოკუდე ბოროტად“, – ბრძანა განრისხებულმა უსჯულომ.

წმიდანმა მცირე დრო ითხოვა სალოცავად, მუხლი მოიყარა და ხელაპყრობილმა მადლობა შესწირა შემოქმედს, მაცხოვარს შეევედრა, კეთილად დაეცვა ეკლესია, გაეძლიერებინა ქრისტიანობა საქართველოში, ილოცა ოჯახისთვის და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს.

ღამით ქართველმა აზნაურებმა ფარულად წამოასვენეს წმიდა არჩილ მეფის გვამი და ნოტკორაში, მის მიერვე აგებულ ტაძარში დაკრძალეს. ეს მოხდა 744 წელს.

წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბი დაიბადა დაახ. 1592 წელს, იგი ქართლის მეფე გიორგი X-ის უფროსი ვაჟიშვილი იყო. მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ 1606 წელს სამეფო ტახტზე თოთხმეტი წლის ლუარსაბი ავიდა. იმავე წელს იმერეთში გიორგი III, კახეთში კი – თეიმურაზ I აკურთხეს მეფედ.

1609 წელს თურქები ყირიმელ თათრებთან ერთად თავს დაესხნენ ქართლს. მეფე ლუარსაბი ამ დროს ცხირეთის ციხეში იმყოფებოდა მცირეოდენ ამალასთან ერთად და ალბათ, ვერაფრით გადაურჩებოდა მტრის უეცარ დარტყმას, მაგრამ კველთელმა მღვდელმა წმიდა თევდორემ (ხს. 8 ივნისს), რომელსაც უსჯულოებმა მეფის სამყოფელისაკენ უმოკლესი გზის ჩვენება დაავალეს, სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით ატარა ისინი. ამასობაში მეფემ შეკრიბა ჯარი და ტაშისკართან სასტიკად დაამარცხა მტერი. ამ დროს მეფე ჩვიდმეტი წლისა იყო. ბრძოლაში განსაკუთრებული სიმამაცით ზაზა ციციშვილი და გიორგი სააკაძე გამოირჩეოდნენ.

გიორგი სააკაძემ სახლში მიიწვია გამარჯვებით გახარებული მეფე. ნადიმზე ლუარსაბ მეფეს გიორგის და მოეწონა და, მიუხედავად სამეფო კარის წინააღმდეგობისა, მალე დაქორწინდა კიდეც მასზე.

შემდგომმა მოვლენებმა მტრობა ჩამოაგდო ლუარსაბ მეფესა და გიორგი სააკაძეს შორის. ეს უკანასკნელი საქართველოდან გაიქცა და შაჰ-აბასს სთხოვა თავშესაფარი. ცბიერებით ცნობილი შაჰი ყოველგვარ ინტრიგას აწყობდა საქართველოს წინააღმეგ: მან ჯერ ლუარსაბის და, ლელა (თინათინი) შეირთო, შემდეგ კი თეიმურაზსაც „დაუმოყვრდა“ – მისი ულამაზესი და, ელენეც მოიყვანა ცოლად. შაჰმა წმიდა ლუარსაბ მეფეს თეიმურაზის მოკვლა და კახეთის სამეფო შესთვაზა, თეიმურაზს კი ლუარსაბის მოკვლის საფასურად ქართლის სამეფოს დაჰპირდა.

მიხვდნენ ქართველი მეფენი შაჰის მზაკვრობას. ღვთის შეწევნით, ამჯერად გადარჩა საქართველო ძმათა კვლის საშინელებას.

შეაშინა შაჰი ქართველთა ერთობამ, ვითომ სანადიროდ და დროის სატარებლად თავისთან მიიწვია ლუარსაბი და თეიმურაზი. მეფეებმა მოითათბირეს და ბრძოლა გადაწყვიტეს, ნარეკვავის მინდორზე ფიცით აღუთქვეს ერთმანეთს წინაშე „ქრისტეს ღმრთისა დადებად სულნი და სიკვდილი ქრისტესთვის“. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ ქართველების გამარჯვებაში, მაგრამ ღალატის გამო დამარცხდნენ და თავი იმერეთს შეაფარეს.

შაჰ-აბასმა საშინლად ააოხრა ქართლ-კახეთი და გორში დაბანაკდა. აქედან შეუთვალა გიორგი მეფეს, გაეცა სტუმრები და სანაცვლოდ დიდძალ საგანძურს დაჰპირდა. გიორგი III შორს დაიჭირა ვერაგი შაჰის პირობა, კათოლიკოსი მალაქია და პაატა აბაშიძე აახლა ყეენს, მათი პირით პატიება სთხოვა და შეუთვალა: „გევედრებით, რეცა პატივსგვცე და მისცე მეფეთა სამეფონი თჳსნი და იმსახურენ მათ, ვითარცა პირველ მამათა შენთა და თქუენ წარხვიდეთ“. როცა შაჰ-აბასმა ნახა, რომ ძალით ვერას გახდებოდა, ცბიერებას მიმართა: დაიბარა ლუარსაბის გამზრდელი შადიამან ბარათაშვილი და სთხოვა, მომიყვანე ლუარსაბი, არაფერს დავუშავებ, თეიმურაზი კი მოსისხლე მტერია ჩემი, მას ვერ ვაპატიებო. თან ოქროთი მოოჭვილი ხმალი გაატანა ლუარსაბთან მეგობრობისა და თანადგომის ნიშნად.

ლუარსაბმა კარგად იცოდა შაჰის „მეგობრობა“, მაგრამ მეფურმა სინდისმა სხვანაირად გადაწყვიტა – „უკუეთუ არა წარვიდე, ამიყრის ქუეყანათა და მოაოჴრებს, რა მადლი არს ჩემდა“.

შაჰ-აბასმა ლიქნით და პატივით მიიღო მეფე, მეგობრულად მოექცა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ქართლში ახალი მმართველი დანიშნა და ჯარებიც ჩააყენა. ლუარსაბი ჯერ ყარაიაში წაიყვანა, ვითომცდა სანადიროდ, იქიდან კი – სპარსეთში.

    ყარაიაში ყოფნისას ლუარსაბმა ყველა განაცვიფრა ახოვანებით და ვაჟკაცობით. მისი ნანადირევის ხილვამ შურით აღავსო შაჰი. ლუარსაბის დამ, თინათინმა, რომელიც ყაენის ცოლი იყო, სთხოვა თავის ლამაზ და ჩინებულ ძმას, უბადრუკად მოეჩვენებინა თავი შურით აგზებული აბასისათვის, მაგრამ მეფემ სევდიანად გაიღიმა და თქვა: „უწყი, რამეთუ არღარა განმიტევებს, ამისთჳს უმჯობეს არს სიკეთისა ჩუენება, ვიდრე სიავისა“. დიდმარხვის დროს შაჰის ნადიმზე ლუარსაბმა შემოთავაზებული თევზი არ ჭამა, დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა, ხვალ ხორცს შემომთავაზებ, შემდეგ კი ქრისტეს უარყოფასაც მომთხოვო – გაამჟღავნა მან შაჰის დაფარული განზრახვა. სიბრაზისაგან გაცოფებულმა შაჰმა პირდაპირ ქრისტეს უარყოფა და ალაჰის აღიარება უბრძანა მეფეს. მთელი ქვეყანა რომ მიბოძო, მაინც ვერ აღვასრულებ შენს ბრძანებას, რადგან ქრისტეს სახელით ნათელი მიმიღია და მხოლოდ ის მწამსო, – მხნედ უპასუხა წმიდა ლუარსაბმა.

დატყვევებული გვირგვინოსანი შირაზს წაიყვანეს და დილეგში ჩააგდეს. შვიდი წლის განმავლობაში ყოველდღე შედიოდნენ მასთან ციხეში მოლები, „ჰოი, მეფეო! შეიწყალე სიჭაბუკე შენი და ნუ ეურჩები ბრძანებასა შაჰისასა, დაუტევე სარწმუნოება შენი და იწამე მაჰმადი, თორემ მწარე ტანჯვა და სიკვდილი მოგელის!“ – ეუბნებოდნენ ისინი წმიდანს. „რაცა გნებავთ ყოფად ჩემდა, ჰყავით და აღასრულეთ ბრძანება ყაენისა“, – პასუხობდა ლუარსაბი.

    ყაენმა უკანასკნელად შეუთვალა ქართველთა მეფეს: „ანუ უარჰყავ ქრისტეჲ, ანუ თანა-გაძს სიკუდილი მძჳნვარეჲ“. ლუარსაბმა კი, რომელსაც პატიმრობის შვიდი წელი ლოცვასა და მარხვაში გაეტარებინა, „ბოროტთაგან შეურყეველმან და მომლოდინემან ნეტარისა მის სასოებისა და გამოჩინებისა დიდებისა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტეჲსა“, ამჯერად დუმილით განაცხადა თანხმობა მოწამეობრივ აღსასრულზე.

    შაჰი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ვერაფერი შეარყევდა ლუარსაბის სარწმუნოებას, განრისხებულმა საპყრობილეში გაგზავნა ჯალათები და მეფის წამებით მოკვდინება ბრძანა.

მტარვალები მივიდნენ ბრძანების აღსასრულებლად. მეფე მიხვდა, რომ დამდგარიყო ჟამი მისი განსვლისა ამიერ სოფლიდან და ჯალათებს უთხრა: „მაცალეთ, რათა ვილოცო უფლისა მიმართ და მერე აღასრულეთ ბრძნებული მის უსჯულოისა“. წმიდა ლუარსაბმა ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაიჩოქა და მხურვალედ შეჰღაღადა: „ჰოი, დედოფალო ჩვენო ღმრთისმშობელო, შენდამი დამიძს ყოველი სასოებაჲ ცხოვრებისა ჩემისა, შენ ხარ მფარველი ჩემი, შენ ხარ ნუგეშინისმცემელი ჩემი, შენ მომეც მე შეწევნაჲ ღუაწლისა ამის ჩემისა, შენ მიოხე წინაშე ძისა შენისა და შემრთე წმიდათა მოწამეთა თანა, რათა მეცა ვადიდებდე მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“.

ლოცვის დამთავრებისთანავე ჯალათები დილეგში შევიდნენ და მშვილდის საბლით შეუბრალებლად მოაშთვეს ღვთისმოსავი მეფე. ღამით წმიდა მოწამის დაუფლველ გვამს საკვირველი ნათელი დაადგა. მეორე დღეს წმიდა მოწამის სხეული ციხის ეზოში დაფლეს.

ეს მოხდა 1622 წელს.

წმიდა არჩილსა და ლუარსაბს ათასი წელი აშორებს ერთმანეთისაგან, მაგრამ საქართველოს ეკლესიამ მათი ხსენება ერთ დღეს განაწესა ღვაწლისა და წამების მსგავსების გამო. კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (+1921) ამ ორი მეფის თითქმის ერთნაირ მოწამეობრივ აღსასრულს მიაწერს „ჩვენი წამებული და მრავალტანჯული სამშობლოს თითქმის ყოველ დროს ერთსა და იმავე ვაებას, ერთსა და იმავე სიმწარეს“ და წუხს, რომ „ლუარსაბის წმიდა ძვლები დღესაც ისევ სპარსეთში არიან და არჩილის საფლავი ერწოელ ფშაველსა და ხევსურს თუ უნახავს თორემ სხვას არავის“.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ

Categories
წმინდანთა ცხოვრება

21 მაისი. წმ. მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა (98-117)

ტროპარი: ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯუარსა მდგომარესა, რომელსა გიწოდა ძმად თვისად მეუფემან და შეგვედრა უბიწოდ მშობელი თვისი, ჰოი ღვთისმეტყველო იოანე, მეოხ-გვეყავნ ჩუენ.

ტროპარი: მოციქულო ქრისტეს ღმრთისაო საყუარელო, მსწრაფლ გუეწიე და გვიხსენ შეცოდებული ერი, რამეთუ გაქვს შენ კადნიერება მისსა მიმართ, რომლისა მკერდსა მიეყრდენ, რომელსაცა ევედრე, ღმრთისმეტყველო, რაითა ნისლი ცოდვათა ჩუენთა განაქარვოს და მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაი.

კონდაკი: დიდებულბანი შენნი, ქალწულო, ვინმე მიუთხრნეს, რამეთუ აღმოადინებ საკვირველებათა და აღმოაცენებ კურნებათა, და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათვის, ვითარცა ღმრთისმეტყუელი და მეგობარი ქრისტესი.

წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი (98-117), გალილეველი მეთევზის ზებედეს შვილი, ძმა წმიდისა მოციქულისა იაკობისი, მოუთმენლად ელოდა მესიის გამოცხადებას. შესაძლებელია, რომ იოანე იყო მოწაფე იოანე ნათლისმცემლისა და მან დაუკავშირა შემდგომში იგი იესო ქრისტეს. მაცხოვარმა მოუწოდა იოანეს, ისიც იაკობთან და პეტრესთან ერთად იესო ქრისტეს ერთ-ერთი უერთგულესი მოწაფე გახდა. იესო ქრისტეს იგი განსაკუთრებით უყვარდა და თავდადებული მსახურებისა და სულიერი სიძლიერისათვის „ძე ქუხილისა“ უწოდა. მაცხოვართან დაახლოების შემდეგ იოანეს ზნეობრივი სამყარო უფრო მეტად ამაღლდა და სული იესო ქრისტეს თავდადებული, უზენაესი სიყვარულით აევსო. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ იოანე პეტრესთან ერთად გულმოდგინედ ქადაგებდა სახარებას იერუსალიმში, თავის სახლში, რომელიც მდებარეობდა სიონის მაღლობზე, ზრუნავდა ყოვლადწმიდა მარიამზე – მაცხოვრის დედაზე, რომელიც მას მიანდო ჯვარზე გაკრულმა ქრისტემ და რომელიც მასთან ცხოვრობდა მიძინებამდე. პეტრესთან ერთად მოღვაწეობდა იგი სამარიაშიც, შემდეგ დაბრუნდა იერუსალიმში, იერუსალიმიდან გადავიდა მცირე აზიაში და მოციქულებრივი საქმიანობის ცენტრად აირჩია ქალაქი ეფესო. იოანე ცდილობდა ქრისტიანობის განმტკიცებას იმ ადგილებში, სადაც მას უკვე ფეხი ჰქონდა მოკიდებული, რათა მტკიცე ნიადაგზე დაფუძნებული ქრისტიანობა შემდეგ სხვაგანაც გავრცელებულიყო. დომიციანეს მეფობის დროს იოანე ხმელთაშუა ზღვის კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს, რომელიც მან გაანათლა. კუნძულზე დღემდე არსებობს მონასტერი, აგებული ქრისტეს მოძღვრებისათვის პყრობილის, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე.

უფალმა პატმოსის კუნძულზე წმიდა მოციქულ იოანეს მოუვლინა მთელი რიგი საიდუმლო გამოცხადებანი, რომლებშიც წარმოდგენილი იყო კრავის ბრძოლა გველთან და პირველის გამარჯვება. უფალმა უბრძანა მას, დაეწერა წიგნი ამ ჩვენებებზე და გაეგზავნა ის ასიის შვიდი ეკლესიისათვის ქრისტიანთა სანუგეშოდ და სახელმძღვანელოდ. აპოკალიფსი – გამოცხადება, ეკლესიისა და სამყაროს მომავალსა და დასასრულს გვიცხადებს.

რომის ტახტზე იმპერატორ ტრაიანეს ასვლის შემდეგ პატმოსის პატიმარმა თავისუფლება მიიღო და დაბრუნდა ეფესოში, სადაც განაგრძო მოღვაწეობა ქრისტიანული მოძღვრების სიწმიდის დასაცავად.

მორწმუნეთა დაბეჯითებული თხოვნით მან ჩაწერა ყველაფერი, რასაც სიტყვიერად ქადაგებდა და, ამრიგად, სამი უკვე ცნობილი სახარება მეოთხე სახარებით შეავსო.

მოციქულის სწავლებით, სადაც არ არის სრული ერთგულება, იქ არაფერი არ არსებობს. წმიდა იოანე წერს, რომ მორწმუნემ უფალს მთლიანად უნდა უძღვნას თავი, მისი ერთგული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, იგი ცოდვას განიხილავს არა როგორც სისუსტეს, ან ადამიანური ბუნების არასრულყოფილებას, არამედ როგორც ბოროტებას, სიკეთის საწინააღმდეგო ჩადენილ ქმედებას. წმიდა მოციქულის თვალსაზრისით, ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს (1 ინ. 2,22; 4,3), ამიტომ ღმერთს ემსახურებოდა სრული სიყვარულით და სიმტკიცით; რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს ქრისტე, მით უფრო სძულს ანტიქრისტე; რაც უფრო მეტად მიელტვის ჭეშმარიტებას, მით უფრო მეტად განეშორება სიცრუეს, რამეთუ ნათელი განდევნის ბნელს (ინ. 8,12; 12,35-36).

მოციქულთაგან იოანემ ყველაზე მეტ ხანს იცოცხლა. იგი მშვიდად მიიცვალა ეფესოში 26 სექტემბერს, დაახლოებით 110 წელს. ძველი გადმოცემის მიხედვით, როდესაც იოანემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, თვითონ გაათხრევინა საფლავი, ჩაწვა შიგ, ვითარცა სარეცელში და მშვიდად განუტევა სული. დასაფლავებულია ეფესოში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

6 მაისი / 23 ნოემბერი. წმინდა დიდმოწამე გიორგი

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ – 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) – ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება.

რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე – დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში. ეკლესიის მთელი ისტორია ერთიანი, სისხლით დაწერილი მარტვილოლოგიაა და მისი ყოველი გვერდი სავსეა ქვეყნიერებისათვის ნაცნობ თუ უცნობ მოწამეთა სახელებით, რომელთა შორის გამოირჩევა ღვაწლი და წამება ძლევამოსილი გიორგისა. წმინდა გიორგი დაიბადა III საუკუნის II ნახევარში კაპადოკიაში, მთიან ქვეყანაში, რომელიც ძალიან წააგავს საქართველოს. კაბადოკიაში სახლობდნენ მისი მამა, გერონტიოსი, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო. მას მაღალი თანამდებობა ეკავა რომის არმიაში და ერთ-ერთი დევნის დროს მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. ქმრის სიკვდილის შემდეგ გიორგის დედა, პოლიტრონია, პალესტინაში, თავის საგვარეულო მამულში გადასახლდა, ქალაქ ლიდის მახლობლად, სადაც იგი ღმრთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდა შვილს. დედისადმი განსაკუთრებული სიყვარული და ღრმა ერთგულება წმ. გიორგის სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. გიორგი სრულიად ახალგაზრდა განმწესდა სამხედრო სამსახურში. ქვეყნის მტრებთან ბრძოლაში იგი გამოირჩეოდა, როგორც მამაცი, გამოცდილი მეომარი და მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305 წ.წ.) ყურადღებაც მიიპყრო. იმპერატორმა იგი დაიახლოვა, შვილივით შეიყვარა და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.

თავისი მეფობის პირველ ხანებში დიოკლეტიანე ქრისტიანებს არ სდევნიდა: ნება დართო მათ, აეშენებინათ ეკლესიები და ჩაეტარებინათ ღმრთისმსახურება. ნიკომიდიაში, იმპერატორის რეზიდენციაში, ააგეს უზარმაზარი ქრისტიანული ბაზილიკა, რომელიც ოცი ათას კაცს იტევდა. ხელმწიფის ნათესავთა შორის ბევრი იყო ქრისტიანი. დიოკლეტიანე 15 წელს მყარად იჯდა რომის ტახტზე და მნიშვნელოვანი სამოქალაქო და სამხედრო რეფორმები გაატარა. მაგრამ მალე ერთ უბედურებას მეორე მოჰყვა: შიმშილი, ეპიდემიები და აჯანყებები არყევდნენ იმპერიას. ქურუმები შეაგონებდნენ იმპერატორს, რომ ღმერთების მოსამადლიერებლად და ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელი იყო იმპერიაში მყოფი ყველა ქრისტიანის განადგურება. დიოკლეტიანე, ქვეყნის უზენაესი ქურუმი, თავადაც თვლიდა, რომ რომის დიდება განუყრელად იყო დაკავშირებული წარმართულ რელიგიასთან. რომის კეისრებს განსაკუთრებით სძულდათ ქრისტიანები, რადგანაც ისინი მათ, როგორც მიწიერ ღმერთებს, მსხვერპლს არ სწირავდნენ. იმპერატორს ჰყავდა ერთგული მეგობარი მაგნეტიოსი, რომელიც განსაკუთრებულად ემტერებოდა ქრისტეს მიმდევრებს. მეფემ და მაგნეტიოსმა განიზრახეს ქრისტიანების სრული განადგურება და სენატის საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება დევნის დაწყების შესახებ. დარბაზში, თათბირზე გამოვიდა იმპერატორი, რომელმაც თავისი სიტყვა ასე დაასრულა: „ქრისტიანები არ უნდა არსებობდნენ“. იმ ღამესვე დაწვეს ხალხით სავსე დედაქალაქის ეკლესია, ხოლო დიოკლეტიანემ წერილები მისწერა იმპერიის ყველა პროვინციის მმართველს, ერისმთავარსა და მხედართმთავარს, რომ თავიანთ საბრძანებელში თუ არ მოსპობდნენ ყველა ქრისტიანს ცეცხლითა და მახვილით, მათაც ისევე დასჯიდნენ, როგორც ქრისტიანებს. როგორც კი ამ წერილებმა თავის დანიშნულების ადგილებამდე ჩააღწია, დაიწყო ქრისტიანთა სამწყსოების მასობრივი და სასტიკი დევნა. მრავალმა ქრისტიანმა ვერ გაუძლო ტანჯვა-წამებას და უარყო ქრისტე.

და აი მაშინ, როგორც ბრწყინვალე ვარსკვლავი უკუნეთ ღამეში, გამობრწყინდა ქრისტეს მხნე მხედარი, დიდმოწამე გიორგი, რომელმაც ზეციური საღმრთო სიბრძნით განაქარვა კერპთმსახურების საცთური და თავისი წამების ღვაწლით განანათლა ქრისტიანები. იგი არ შეაძრწუნა არც უსჯულო მეფის სისასტიკემ და არც ქრისტიანებისათვის განმზადებულმა მრავალგვარმა სატანჯველმა, არამედ ყოველგვარი დიდება და პატივი უარყო და უხრწნელი ცხოვრებისათვის განემზადა. მან თავისი ქონება და სიმდიდრე გლახაკებსა და დავრდომილებს განუყო და მათი ლოცვით განძლიერებული, მეფისა და მისი უგუნური თანამზრახველების წინაშე წარსდგა, აღიარა ქრისტე და ამგვარად მიმართა მათ, მეფეო, მე ქრისტიანი ვარ და მინდობილ ვარ ჭეშმარიტ ღმერთსა და ზეციურ მეუფეს, ქრისტეს. და აი, ვდგავარ მე თქვენ წინაშე და მიკვირს თქვენი შეცთომილება, რადგან არ იცით ჭეშმარიტი ღმერთი და დამბადებელი ყოველივესი. ამიტომ გთხოვთ, ნუ სცთებით ეშმაკის საცთურებით, რადგანაც თქვენი ღმერთი, რომელსაც ცა და ქვეყანა არ გაუჩენია, უნდა მოისპოს და გაქრეს. ხოლო – ჩვენ ქრისტიანები – თაყვანს ვსცემთ და გვწამს ერთი ღმერთი, შემოქმედი მამა და ერთი უფალი იესო ქრისტე, მისი მხოლოდშობილი ძე და სული წმინდა, ერთი სამება ღმრთეებით სრული და მეუფებით ერთი. ჩვენ ამქვეყანაზე ვცოცხლობთ მისი პატიოსანი სამსახურით და სიკვდილის შემდეგაც მოველით საუკუნო ცხოვრებას, ხოლო თქვენი კერპთმსახურება სასაცილოა და სიმართლესაც არ შეიცავს, რადგანაც დაგეუფლათ თქვენ ეშმაკი, რათა ყველა, ვისაც იგი გწამთ, წარსაწყმედელში ჩაგყაროთო. როდესაც მოისმინა ღმერთის სადიდებელი ჭეშმარიტი დამოწმება, განრისხებულმა მაგნეტიოსმა ჰკითხა: „ვინ ხარ შენ, ან რას წარმოადგენ, რომ ამდენი გაბედე ჩვენს წინაშე?“ წმინდა გიორგიმ მიუგო: „ჩემი პირველი და პატიოსანი სახელი არის ქრისტიანი, ხოლო კაცთა შორის მეწოდება გიორგი“. მაშინ ჯოჯოხეთის ურჩხულმა დიოკლეტიანემ მიმართა მას: „გიორგი, ვიცით ჩვენ შენი სიბრძნე და მამაცობა და პატივცემულიცა ხარ ჩვენგან, მაგრამ თუ არ შესწირავ მსხვერპლს აპოლონსა და სხვა ღმერთებს, უკეთურად და უპატიოდ მოკვდები, ხოლო თუ დაგვემორჩილები, ჩვენი მეგობრობით განიხარებ და მრავალ სიმდიდრესა და სიკეთეს მიემთხვევი, რადგან აწინდელი ამაო კადნიერება არ არის სასურველი შენთვის“. წმ. გიორგიმ მიუგო: „მეფეო, ისმინე ჩემი და ჭეშმარიტი ღმერთი შეიცანი, რათა ღირსი შეიქმნე ცათა სასუფეველისა, ხოლო შენი მიწიერი ხელმწიფება დროებითია. შენი ტკბილი საუბარი ვერ შეარყევს ჩემში ჭეშმარიტი ღმერთის რწმენას, რადგან ჩემთვის ქრისტე ზეციური მეუფეა და ის მომანიჭებს დიდებასა და გამარჯვებას ეშმაკსა და მის მსახურებზე“. მაშინ განრისხებულმა მეფემ ბრძანა მისი ძელზე ჩამოკიდება და ლახვრით დაკოდვა, სანამ მისი ნაწლავები მიწაზე არ დაცვივდებოდა, მაგრამ, როგორც კი მახვილი აძგერეს, ის ასხლეტილი ტყვიასავით იმწამსვე უკუიქცა, ხოლო სანუკვარ სხეულს მხოლოდ სისხლის ცვარი გადმოედინა, წმინდა გიორგიმ კი მადლობა შესწირა ღმერთს. განრისხებულმა დიოკლეტიანემ ბრძანა მისი საპყრობილეში წაყვანა, ხუნდებით დაბორკვა და მკერდზე ლოდის დადება. როდესაც ოთხმა კაცმა გაჭირვებით აიღო უზარმაზარი ლოდი და გულზე დაადო. სრულიად უვნებელმა გიორგიმ კვლავ სამადლობელი ლოცვა აღუვლინა უფალს.

მეორე დღეს ეშმაკმა დიოკლეტიანესა და მის მომხრეებს მეტი მზაკვრობა ჩაუნერგა გულში. მათ შიშველი გიორგი დააკრეს მბრუნავ ურმის თვალზე, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილები იყო აღმართული, ხოლო როდესაც ძლიერად დაატრიალეს ბორბალი, წმინდანის სხეული ნაკვეთ-ნაკვეთ დაიჭრა, მაგრამ ლოცვითა და ღმრთის სასოებით განმტკიცებული მოწამე მხნედ დაითმენდა საშინელ ტანჯვა-წამებას: პირველად ხმამაღლა მადლობდა უფალს, ხოლო შემდეგ, როგორც მძინარე, დადუმდა და გულში ლოცულობდა. დიოკლეტიანემ და მისმა მეგობრებმა იფიქრეს, მოკვდაო და ხმა აღიმაღლეს: „იხილეთ ყველამ, რამეთუ არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა აპოლონისა და პოსეიდონისა, ზევსისა და ჩვენი სხვა ღმერთებისა, სად არის გიორგის ღმერთი, რატომ არ მოვიდა და დაიხსნა იგი ჩვენი ხელიდან?“ მეფის ბრძანებით მოწამე დაჭრილი და დაკუწული სხეულით დატოვეს ურმის თვალზე და თვითონ სასამხროდ წავიდნენ. იქნებოდა დილის 10 საათი, როდესაც ზეციდან მოისმა საშინელი ოხვრის ხმა, რომელიც ეტყოდა მას: „განმხნევდი, გიორგი, და განძლიერდი, რამეთუ მრავალი მიწამებს შენს გამო“, და როგორც კი მცველებს ეს ხმა მოესმა, შეშინებულები გაიქცნენ. უეცრად გამოჩნდა უფლის ანგელოზი, გიორგი ჩამოიყვანა სატანჯველი ბორბლიდან, სრულიად განკურნა, ეამბორა და უთხრა: „გიხაროდეს გიორგი, განძლიერდი და გწამდეს იესო ქრისტესი, რომელიც მოგანიჭებს მოწამეობის სრულ გვირგვინს“, ხოლო, როდესაც სიტყვა დაასრულა, წმინდა გიორგიმ მადლობა შესწირა უფალს: „აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო და მეუფეო ჩემო და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე“. და კვლავ „სლვანი ჩემნი წარმიმართენ მე სიტყვითა შენითა და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უშჯულოებაი“. ამის შემდეგ ქრისტეს მოწამე მივიდა ბომონში, სადაც მეფე თავისი თანამზრახველებითურთ მსხვერპლსა სწირავდა აპოლონის კერპს და უთხრა მათ: „მიცანით მე და ირწმუნეთ ღმერთი, რომელსაც მე გიქადაგებთ და რომელმაც გამომიხსნა თქვენი ხელიდან და იმ სატანჯველთაგან, რომელიც თქვენ განამზადეთ ჩემს მოსაკლავად და აი თქვენ კი დიდად სცოდავთ, როცა მსხვერპლსა სწირავთ ცრუ ღმერთებს“. გაოცებულმა მეფემ ვერ შეიცნო წმინდანი, რადგან მისი მსგავსი ვინმე ეგონა და სთხოვა, ეთქვა, თუ ვინ იყო. წმინდა გიორგიმ მიუგო: „მე ვარ გიორგი, მონა ქრისტესი, ხოლო თქვენ, რადგანაც მკვდარი გეგონეთ, ნაწილ-ნაწილ დაჭრილი, ბორბალზე მიმატოვეთ. და აი, მე მოვედი, რათა გიჩვენოთ, რომ ჩემს ღმერთს, რომელსაც თქვენ აყვედრეთ, შეუძლია სიკვდილისაგან დახსნა“. ამგვარი დიდი სასწაულის ხილვისა და ჭეშმარიტ სიტყვათა მოსმენის შემდეგ მეფის მხედართმთავრებმა ანატოლიმ და პროტოლეონმა თავიანთი სახლეულობითურთ ირწმუნეს ღმერთი და აღიარეს: „მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთია ჭეშმარიტი“. როგორც კი ესმა ეს დაწყევლილ მეფეს, ბრძანა მათთვის თავის მოკვეთა, ხოლო ისინი ლოცულობდნენ: „უფალო, ღმერთო ჩვენო იესო ქრისტე, შეივედრე ჩვენი სულები მშვიდობით და გვამყოფე შენი მეუფების ნათელში, ხოლო ჩვენი მცირედი აღსარება ჩაგვითვალე შენდამი ჭეშმარიტ სარწმუნოებად და ცოდვების გამოსასყიდად“ და ასეც აღესრულნენ ღმრთის დიდებასა და გალობაში.

როდესაც დედოფალ ალექსანდრას წმინდა გიორგის დიდი და საკვირველი საქმენი ესმა, ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, წარსდგა მეფესთან და კადნიერად განუცხადა: „მე ქრისტიანი ვარ და გიორგის ღმერთის მხევალი“. ჰკითხა მას მეფის მეგობარმა მაგნეტიოსმა: „გვითხარი ჩვენ დედოფალო, რისთვის იწამე შენ ქრისტე და უარყავი ღმერთები?“ მაშინ ჭეშმარიტი ღმრთის სარწმუნოებით განმტკიცებულმა დედოფალმა მიუგო მათ: „რადგან ვისურვე წარმატება და დავგმე სულიერი ნაკლულევანება“. მეფე განრისხდა და ბრძანა, რათა წმინდა გიორგი ახლად დამბალ, მხურვალე კირის ორმოში ჩაეგდოთ და მცველები დაეყენებინათ. სამი დღის შემდეგ კი უბრძანა მხედრებს, ამოეკრიფათ მკვდრის ძვლები და მიწაში დაემარხათ. მას ეშინოდა, რომ ქრისტიანებს პატივი არ ეცათ მისი სხეულისთვის, რადგან იცოდა მათი ჩვეულება მოწამეთა განდიდებისა. გაოცებულმა მხედრებმა გიორგი სრულიად უვნებელი იხილეს და იწამეს იესო ქრისტე. ერის დიდმა სიმრავლემ და ასევე იქ მისულმა დედოფალმა ალექსანდრამაც აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ერთხმად ღაღადებდნენ: „დიდია ქრისტიანთა ღმერთი, რომელიც დაიხსნის თავის მონებს გასაჭირისაგან“. ხოლო მეფემ წინ დაისვა წმინდა გიორგი, შემოიკრიბა ირგვლივ თავისი ოჯახის წევრები და ჰკითხა წმინდანს: „გვითხარი გიორგი, ვინ გაგაცოცხლა შენ?“ წმინდა გიორგიმ მიუგო: „მეფეო, კიდეც რომ გითხრათ, არ დამიჯერებთ, მაგრამ მე არ დავფარავ, რომ იესო ქრისტემ, ღმერთის ძემ, დამიცვა მე ყოველგვარი სატანჯველისაგან და იგია ეშმაკის მახისაგან ყველას დამხსნელი, ვინც კი ვედრებით მოუხმობს მის წმინდა სახელს“. მაგრამ გამძვინვარებულმა მეფემ, ჭეშმარიტების სანაცვლოდ, უსამართლობა და ბოროტება მიაგო მოწამეს. მან გახურებული ლურსმნებით შეჭედილი რკინის სანდლები ჩააცვა გიორგის და უბრძანა ერბინა, მაგრამ, რადგან სიარული ვერ შეიძლო, ძალით ათრევინა. ის კი საკუთარ თავს მხნედ შეუძახებდა: „ისწრაფე, გიორგი, ისწრაფე იმ ხვედრისაკენ, რომელიც შენთვის არის განმზადებული“. და სთხოვდა უფალს: „უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, იესო ქრისტე, შენ ხარ მწუხარეთა ნუგეშინისმცემელი და შენ აძლევ მოთმინების უნარს ყველას, ვინც შენი სახელისათვის იგვემება. ნუ გამწირავ, არამედ მომმადლე სიკვდილამდე მოთმინება, რათა არა სთქვას მტერმა: „სადა არს ღმერთი იგი მისი“. როდესაც ლოცვა დაასრულა, ხმა მოესმა ზეციდან: „ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთანა ვარ“. და მყის გამოუჩნდა შეწევნა უფლისაგან და სრულიად განიკურნა. უგუნურმა მეფემ კვლავ ბრძანა მისი საპყრობილეში ჩასმა, ხოლო მეორე დღეს სამსჯავროზე მოიხმო და უთხრა: „როდემდე გაუძლებ გრძნეულებით ამ სატანჯველებს და შეინარჩუნებ მხნეობას? დამემორჩილე და შესწირე მსხვერპლი ღმერთებს“. მაგრამ წმინდა გიორგიმ ასე მიუგო: „მე ჩემი ღმერთის შეწევნით მოვითმენ ყოველგვარ სატანჯველს, და აი თქვენს წინაშე ვდგავარ ცოცხალი და უვნებელი, ხოლო თქვენ მოწამე ხართ ჩემი ღმერთის ძალისა“. მეფე განრისხდა და ბრძანა, რათა შეუბრალებლად ეცემათ საქონლის ძარღვებისაგან დამზადებული მათრახით, ხოლო როდესაც უმოწყალოდ გვემეს, კვლავ შესთავაზეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა, მაგრამ გიორგიმ მიუგო: „მე ცოცხალ ღმერთს ყოველდღე ვწირავ ქება-დიდების მსხვერპლს და ნეტავი თქვენც დამიჯერებდეთ და ჩემთან ერთად თაყვანს სცემდეთ ჭეშმარიტ ღმერთს“. მაგნეტიოსმა უთხრა: „თუ გინდა, რომ შენი ღმერთი ვიწამოთ, გვიჩვენე სასწაული და გააცოცხლე ერთი მკვდართაგანი, რომლებიც ჩვენ წინ სამარხებში არიან“. წმინდა გიორგიმ უპასუხა: „ღმერთს, რომელმაც არა არსისაგან შექმნა ცა და ქვეყანა, შეუძლია ამ მკვდრის გაცოცხლებაც, მაგრამ თქვენ ცთუნებული ხართ ეშმაკისაგან და კიდეც რომ აღდგეს მკვდარი, თქვენ მაინც არ იწამებთ, ამიტომაც, მხოლოდ აქ მყოფი ერისათვის შევთხოვ კაცთმოყვარე უფალს, რომ მომმადლოს ეს სასწაული“. წმინდა გიორგიმ მუხლი მოიდრიკა, ილოცა, ხელები აღაპყრო ზეცისკენ და უფალს შეევედრა მკვდრის აღდგინება. ხოლო, როდესაც ლოცვა დაასრულა, ქვეყანა შეიძრა, საფლავის კარი გაიღო და გამოვიდა გაცოცხლებული მკვდარი. იგი მივიდა წმინდა გიორგისთან, დავარდა მის ფეხებთან და შეევედრა მას: „შემიწყალე მე, მონაო ღმრთისა მაღლისაო და მომანიჭე მე ნათელი ცხოვრებისა, ბეჭედი ქრისტესი“. წმინდანმა უთხრა მას: „უკეთუ გწამს ქრისტე, რომელიც აღადგენს მიცვალებულებს, შენც ცხონდები“. ხოლო მან უპასუხა: „მე მწამს ჭეშმარიტი ღმერთი და მისი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, რომელმაც მკვდრეთით აღმადგინა“.

მეფეს გაუკვირდა, ბოროტი სარწმუნოებით აღივსო და ჰკითხა, თუ ვინ იყო იგი სიკვდილამდე და როდის მოკვდა. მან უპასუხა: „მე ვიყავი კერპთა მღვდელი და ქრისტეს გამოცხადებაზე ადრე მოვკვდი, ხოლო სიკვდილის შემდეგ კი სხვა კერპთმსახურებთან ერთად უშრეტ ცეცხლში ვიტანჯებოდი“. მაშინ მეფემ წარმოსთქვა: გიორგი გრძნეულია და რაღაც სული ამოგვიყვანა, რომ გვაცდუნოსო. ქრისტეს მოწამემ მიუგო: „როდემდე უარყოფ, მეფეო, და არ ირწმუნებ ჭეშმარიტ ღმერთს, იცოდე რომ ეშმაკს არ შეუძლია ქრისტეს სახელის მოსმენა და როგორ გააკეთებს იმას, რაც შენ იხილე და გესმა“? განმძვინვარებულმა მეფემ ბრძანა მისი საპყრობილეში ჩაგდება, მაგრამ ახლადმოქცეული ქრისტიანები ქრთამს აძლევდნენ საპყრობილის მცველს და ღამ-ღამობით მასთან შედიოდნენ, ხოლო მოწამე მათ სარწმუნოებას ასწავლიდა, სნეულებს კურნავდა, ბრმებს თვალს უხელდა და მრავალ სასწაულს ახდენდა.

იყო ერთი მიწის მუშა, სახელად ღლუკერი, რომელსაც მოუკვდა მარჩენალი ხარი. იგი მივიდა საპყრობილეში, დაემხო წმინდა გიორგის წინ და სთხოვა ხარის აღდგინება.

მოწამემ უთხრა: „თუ გწამს ჩემი ღმერთი, შენი ხარი გაცოცხლდება“, საწყალმა კაცმა უპასუხა, რომ სწამდა. მაშინ გიორგიმ უთხრა: „წადი და იხილე, შენი ხარი ცოცხალია“. კაცი სახლში დაბრუნდა და თავისი ხარი გაცოცხლებული დახვდა. ღლუკერი არ მიემსგავსა ცხრა უმადლო კეთროვანს, არამედ მიემსგავსა მეათე სამარიტელს, მკურნალთან დაბრუნდა მადლობის სათქმელად და ხმამაღლა აღიარებდა ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად. როგორც კი მეფის ახლობლებმა ეს გაიგეს, შეიპყრეს იგი და მეფეს მიჰგვარეს. მან კი არც გამოიძია, არამედ ბრძანა ნაჭერ-ნაჭერ დაეკუწათ, ხოლო, როდესაც ჭრიდნენ, იგი ხმამაღლა ლოცულობდა: „ღმერთო ჭეშმარიტო, ნუ უარმყოფ მე შეურაცხს, რადგან მწამხარ შენ – მამა, ძე და სული წმინდა, მაგრამ მეშინია, რადგანაც არ მოვნათლულვარ და გევედრები შენ, ქრისტე, ეს სისხლის დათხევა შემირაცხე ნათლისღებად“. უეცრად ზეციდან ხმა მოესმა: მოდი ჩემთან სიხარულით, რადგანაც სრული ხარ და დასრულდა შენი წამება. და დაიმკვიდრა ნეტარმა სასუფეველი. მეფის ყურამდეც მიაღწია, რომ ბევრი მიდიოდა საპყრობილეში გიორგისთან და ბრძანა სასწრაფოდ მისი მოყვანა. მაშინ მაგნეტიოსმა მეფეს ურჩია, რომ არ განრისხებულიყო, არამედ სიმშვიდითა და დაპირებებით ეცთუნებინა გიორგი, რომელიც საპყრობილიდან მომავალი, ფსალმუნებს გალობდა და უფალს შეწევნასა სთხოვდა. როდესაც გიორგი მეფის წინაშე წარსდგა, დიოკლეტიანემ ვედრება დაუწყო, რომ კერპებისათვის მსხვერპლი შეეწირა და ჯილდოდ დიდძალ სიმდიდრესა და პატივს აღუთქვამდა. ხოლო მიყენებული ტანჯვისათვის პატიებას ითხოვდა. წმინდა გიორგიმ მიუგო მას: „რადგან ჩემს წინაშე შეინანე და შენთვის სიხარულის მომნიჭებელია, რომ კერპებს შევწირო მსხვერპლი, მოდი და წავიდეთ შენი ღმერთების სამყოფელში“. მეფემ გაიხარა და თავის სახლობასა და მთელ თავის მხედრობას უბრძანა, წასულიყვნენ ტაძარში და ყველასათვის ეხარებინათ, რომ აპოლონმა სძლია ქრისტიანთა ღმერთს. როგორც კი ნეტარი ტაძარში შებრძანდა, სამარისებური სიჩუმე გამეფდა, ხოლო ქრისტეს მოწამე წარსდგა აპოლონის კერპის წინაშე და მიმართა მას: „შენ ხარ ღმერთი და გშვენის რომ კაცნი გემსახურებოდნენ?“ ეშმაკმა, რომელიც კერპში იყო ჩაბუდებული, ხმა ამოიღო და თქვა: „არც მე ვარ ღმერთი და არც ესენი, რომლებიც ჩემთან არიან, არამედ, მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთი და მისი მხოლოდშობილი ძე იესო ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც დაბადა ცა და ქვეყანა, ხოლო ჩვენ, მისი ანგელოზები ვიყავით და როცა უარვყავით, ეშმაკნი გვეწოდა და მას შემდეგ ვაცდუნებთ კაცთა მოდგმას“. წმინდა გიორგიმ უთხრა მათ: „თუ ღმერთები არა ხართ, როგორ გაბედეთ აქ მოსვლა, როცა მე, ქრისტეს – ჭეშმარიტი ღმერთის – მონა აქ ვიმყოფები“ და ამ სიტყვასთან ერთად გადასახა ჯვარი. უეცრად შეიქმნა დიდი შფოთი, გოდება, და გლოვა ეშმაკთა, და ყველა კერპი, რომელიც ტაძარში იმყოფებოდა, ერთბაშად გადმოვარდა და დაიმსხვრა. როგორც კი საკერპოს ბილწმა ქურუმებმა ეს დაინახეს, შეიპყრეს წმინდა გიორგი და უთხრეს მეფეს: „მოჰკალი ეს გრძნეული, მეფეო, რადგან თავისი მისნობით ხალხი მოატყუა და ღმერთებიც შეჰმუსრა“. განრისხებულმა მეფემ უთხრა მას: „ბოროტო და ყოველგვარი გრძნეულებით აღსავსევ, შენ არ შემპირდი, რომ ღმერთებს შესწირავდი მსხვერპლს?“ წმინდა გიორგიმ მიუგო: „შე ბრმავ და უკეთურო, ვერა ნახე, როგორც კი ჩემი ღმერთის, იესო ქრისტეს მიმართ ლოცვა დავასრულე, მაშინვე დაემხო ყველა თქვენი ცრუ ღმერთი, რადგან უსულო კერპები არიან და უგულისხმოებს აცდუნებენ, ხოლო ქრისტეს მონები ჭეშმარიტი ღმერთის სახელით შემუსრავენ მათ“.

როდესაც დედოფალმა ალექსანდრამ კერპების შემუსრვა შეიტყო, მსწრაფლ მივიდა მეფესთან და შესძახა: „უძლეველი მხედრის გიორგის ღმერთო, ნუ გამიხსენებ უმეცრებით ჩადენილ ცოდვებს, უფალო, ღმერთო, გაიხსენე ჩემი უკანასკნელი მოქცევა შენდამი და ადგილი მიმიჩინე ქრისტიანებთან და შენს ერთგულ მონა გიორგისთან“. გამძვინვარებულმა მეფემ უკანასკნელად მიმართა წმინდა გიორგის: „უკეთურო გიორგი, შენ შეაცდინე დედოფალი და მიზეზი გახდი მისი დაღუპვისა, ამიტომ ვბრძანებ, რომ მახვილით თავი წარგეკვეთოთ შენც, გალილეველთა მღვდელსა და დედოფალსაც“. მხედრებმა მაშინვე წაიყვანეს ისინი ქალაქგარეთ. სიხარულით აღვსილი დედოფალი გულში გამუდმებით ლოცულობდა, ხოლო თვალები ზეცისაკენ ჰქონდა აღპყრობილი. მან გზად ჩამოისვენა და მშვიდობით მიაბარა სული უფალს, ხოლო წმინდა გიორგიმ, როგორც კი ადგილზე მიიყვანეს, სთხოვა მათ, რომ ლოცვის დრო მიეცათ. მიაპყრო თვალები ზეცას, აღაპყრო ხელები, ამოიოხრა და თქვა: „უფალო, ღმერთო ჩემო, რომელიც არსებობ საუკუნეებზე უწინარეს, რომლისკენაც მოვილტვოდი ჩემი სიყრმიდან, რომელი ხარ ქრისტიანთა სასოება, და რომლის არსებობასაც არა აქვს დასასრული, ისმინე ჩემი და როგორც მომეცი მოთმინება და სრული მოწამეობა, ასევე შეიწყნარე ჩემი სული და განარიდე ეშმაკთა სულებისაგან და დაადგინე შენს სათნომყოფელებთან ერთად. აპატიე ამ წარმართებს ის ბოროტება, რაც უყვეს შენს მონებს და გაუნათლე მათ გულები ჭეშმარიტების შესამეცნებელად. უფალო, მოუვლინე შეწევნა ყველას, ვინც კი უხმობს შენს სახელს და დაამკვიდრე მათ შორის შენი შიში, სიყვარული და შენი წმინდანების სურვილი, რათა აღასრულებდნენ მათ დღესასწაულებსა და ბაძავდნენ მათ სარწმუნოებას, რომ მათთან ერთად ღირსნი გახდნენ ზეციურ სასუფეველში დამკვიდრებისა. მოხედე, უფალო, ჩემს სიმდაბლეს და მიეცი მადლი ჩემი სხეულის ნაწილებს, რომ ყოველმა კაცმა, რომელიც სარწმუნოებით შეხედავს ან შეეხება, მიიღოს მადლი, კურთხევა და ცოდვათა შენდობა. ხოლო თუ ვინმე გასაჭირში იყოს და გამიხსენოს მე, იხსენი ყოველგვარი განსაცდელისაგან. უფალო ღმერთო, ვინც მოიხსენოს ჩემი წამების ღვაწლი, მიეცი მადლი, მიუტევე მათ ყოველგვარი შეცოდებანი და განკურნენ მათი სნეულებანი, რადგან მხოლოდ შენ იცი, მათი მაცთური მტრის სივერაგე, რომელიც ფეხქვეშ შემუსრე და რომლებიც წაიკითხავენ ან მოისმენენ ჩემს წამებას, განწმიდე ბიწიერებისაგან“. და როგორც კი ლოცვა დაასრულა, უფალი გამოეცხადა და უთხრა: „მოდი ჩემო სარწმუნო მონაო და შედი მამაჩემის ზეციურ სამკვიდრებელში. ხოლო რაც მთხოვე, აღგისრულებ და ვინც შენს სახელს მოიხსენებს, ვიხსნი ყოველგვარი განსაცდელისაგან“. და როდესაც სიტყვა დაასრულა, ამაღლდა ზეცად. მაშინ წმინდა გიორგიმ მოიდრიკა მუხლი და მიუშვირა ქედი. ჯალათმა დაჰკრა მახვილი და დასრულდა დიდმოწამის წამება 303 წელს, 23 აპრილს, პარასკევ დღეს, დილის 7 საათზე.

ანდერძის თანახმად წმინდა გიორგის ცხედარი დაკრძალეს პალესტინაში, ქალაქ რამალაში და იგი შეიქმნა კურნებებისა და სასწაულების წყაროდ. კონსტანტინე დიდის მეფობის დროს, იერუსალიმის მახლობლად, ქალაქ ლიდში (დიოსპოლისი) წმინდა გიორგის სახელზე ააშენეს დიდი ტაძარი და მისი წმინდა ნაწილები საზეიმოდ იქ გადაასვენეს.

წმინდა გიორგის სასწაულების რიცხვი აურაცხელია, ყოველი ქვეყანა და ყოველი ეკლესია აღსავსეა მისი საკვირველებითა და წყალობით. წმინდა გიორგის მიერ უღმრთოთა შემუსვრაზე მოგვითხრობს შემდეგი სასწაული: პალესტინაში, წმინდა გიორგის დედულეთის დაბას, სადაც დასვენებულია წმინდანის ყოვლადწმიდა ნაწილები, სარკინოზთა ჯარი შემოესია საბრძოლველად. როცა იქ მყოფნი დაატყვევეს, კარვები გაშალეს და იწყეს ლხინი და განცხრომა. უგუნურებმა ტაძრის საკურთხეველში, სადაც ძლევაშემოსილი და წამების ღვაწლით შემკული მოწამის წმიდა ნაწილები იყო დასვენებული, ხელი მიყვეს ღორმუცელობას, ლოთობას, ძილს, თამაშსა და ხუმრობას. შემდეგ მოზიდეს ისრები და სროლა დაუწყეს იქ დაბრძანებულ დიდებულ ხატებს. ერთმა ტყვეთაგანმა გაუბედა მათ და უთხრა: „არ შეიძლება ასეთი მკრეხელობა წმინდანთა მიმართ, რადგან მოწამე, ვისი სახელითაც პატივცემულია ეს ტაძარი, იყო უძლეველი მეომარი და დღემდე ამხილებს თავის მოწინააღმდეგეებს და ულმობლად მუსრავს მათ“. უსჯულო მხედრებმა უწესოდ გაიცინეს და თქვეს: „გაგვაგებინეთ ვინ არის ასეთი?“ ხოლო იგი უჩვენებდა წმინდა გიორგის ხატს. ბრწყინვალედ გამოსახულსა და მეომრის ჯაჭვის პერანგით შემოსილ დიდმოწამეს წელზე ოქროს ქამარი ერტყა, ხოლო ხელში საბრძოლო შუბი ეჭირა და თავზარდამცემი სანახავი იყო თავისი დიდებულებით. ერთმა მათგანმა მოზიდა ისარი და წმიდანის ხატს სტყორცნა, მაგრამ ისარი უეცრად უკუიქცა, მტყორცნელს გული განუგმირა და ბეჭებამდე გაერჭო. უბადრუკმა იმწამსვე სული დალია, ხოლო დანარჩენმა მხედრებმა დაინახეს წმინდა გიორგის ხატი, რომელსაც ხელი გაეშალა და ხოცავდა მათ. თავზარდაცემული მეომრები გაიქცნენ, ხოლო ვინც გადაურჩა მახვილით მოსვრას, მიუთხრობდნენ წმინდა გიორგის უძლეველ ძალაზე.

ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ქვეყანაზე ბრწყინავდა წმინდა გიორგი და ეს იყო მის წამებამდე, ქალაქ ლასიაში მეფობდა უკეთური, უსჯულო და კერპთმსახური სელინოსი, რომელიც ქრისტიანების მიმართ შეუბრალებელი და ულმობელი იყო. ამიტომაც, თავისი ბოროტი საქმეების შესაფერად მიეგო კიდეც უფლისაგან. ქალაქის მახლობლად იყო ტბა, რომელშიც გამოჩნდა ბოროტი ვეშაპი, იგი ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან და მუსრს ავლებდა მოსახლეობას. მრავალჯერ სცადეს მისი მოკვლა, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ძალიან მძვინვარე იყო. ქალაქის მცხოვრებლებმა დაადანაშაულეს მეფე, რომ იგი არ ეძიებდა ხსნის გზას თავისი ხალხის გადასარჩენად. ამგვარი მხილებით დამფრთხალმა მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგ-რიგობით მიეცათ მხეცისთვის შესაწირად და როდესაც ჯერი მასზე მიდგებოდა, ისიც შესწირავდა თავის ერთადერთ ასულს. მართლაც, მეფის განკარგულების თანახმად, ყოველი კაცი იძულებული გახდა გაემეტებინა თავისი შვილი, ვიდრე მეფის ასულის რიგიც არ დადგა. დარდისაგან შეწუხებულმა მამამ ძვირფასი სამოსით მორთო სასიკვდილოდ განწირული თავისი ერთადერთი ასული და მოთქმითა და გოდებით უკანასკნელი თხოვნით მიმართა თავის ქვეშევრდომებს, რომ არც ოქრო-ვერცხლს დაინანებდა, არც საკუთარ მეფობას, ოღონდ მისი ქალიშვილისთვის აეცილებინათ ეს მძიმე ხვედრი, მაგრამ არავინ უთანაგრძნო, რადგან თვით მის მიერ იყო ეს წესი დადგენილი. სელინოსმა, როცა იხილა მათი სიჯიუტე, მისცა მათ თავისი ასული. ხოლო კაცთმოყვარე და მრავალმოწყალე ღმრთის განგებულებით, სწორედ იმ დროს, როდესაც სამსხვერპლოდ გამზადებული ქალი ელოდა ტბიდან ვეშაპის გამოსვლას, უფალმა ინება, რომ იქ გაევლო კაბადუკიისკენ მიმავალ წმინდა გიორგის. მან ტბიდან წყალი შეასვა ცხენს და როდესაც იხილა თვალცრემლიანი ქალიშვილი, ტირილის მიზეზი ჰკითხა. ქალმა სთხოვა უცნობ ჭაბუკს, სწრაფად გასცლოდა ამ საშიშ ადგილს, მაგრამ წმინდა გიორგიმ მტკიცედ განუცხადა, რომ იგი მაინც არ მიატოვებდა, თუნდაც მასთან ერთად მომკვდარიყო, მაშინ ქალმა მოუთხრო თავისი გასაჭირის შესახებ. წმინდა გიორგიმ ჰკითხა ქალს, თუ რომელ ღმერთს მსახურებდნენ მამამისი და მისი ქვეშავრდომები. „აპოლონს, ჰერაკლეს, სკამანდროს და დიდ ღმერთს არტემიდას“ – უპასუხა ქალმა. როდესაც წმინდანმა გაარკვია მათი აღმსარებლობის წარმართული ბუნება, დაამშვიდა ქალი, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით იხსნიდა მას ბოროტი მხეცისაგან. მან მაცხოვრის მიმართ აღავლინა ლოცვა, რათა მხეცის დამარცხების ძალა მიენიჭებინა მისთვის და მიიღო კიდეც პასუხად უფლისაგან „შესმენილ იქნა შენი ვედრებაი, გიორგი, ჰყავ რაიცა გნებავს, მე შენთანა ვარ“. უეცრად შეიძრა ლერწმოვანი. შიშით შეძრული ქალი მაინც ჭაბუკის გადარჩენას ცდილობდა და სთხოვდა იქიდან წასვლას, მაგრამ წმინდა გიორგი ვეშაპის მოსაკლავად გაეშურა, გამოსახა მასზე ჯვარი და თქვა: „უფალო, ღმერთო, გადააქციე ეს მხეცი ჩემს მორჩილად“ და როგორც კი ეს წარმოსთქვა, სულიწმიდის შეწევნითა და მისი ლოცვით ბოროტი ვეშაპი წმინდანის ფეხებთან დაეცა. წმინდა გიორგიმ ქალს უბრძანა, შემოეხსნა თავისი სარტყელი, ყელზე მოება მხეცისთვის და ისე წაეყვანა ქალაქში. ამ სანახაობით დამფრთხალი ქალაქის მცხოვრებნი წმინდანმა დაამშვიდა და უთხრა: „იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ყოვლად ძლიერი ჭეშმარიტი ღმერთი, და მე მოვკლავ ამ ვეშაპს“. მაშინ შეჰყვირეს მეფემ და მისმა ქვეშავრდომებმა: „გვწამს მამა, ძე და სული წმიდა“. წმინდა გიორგიმ იშიშვლა ხმალი, მოკლა ვეშაპი და ქალიშვილი მამას დაუბრუნა. ქალაქის მცხოვრებლები დაემხნენ წმინდანის წინაშე და ჭეშმარიტი ღმერთი განადიდეს, ხოლო მაშინ წმინდა გიორგიმ მოიწვია ეპისკოპოსი ალექსანდრე და ნათელი სცა მეფეს, დიდებულებსა და ერის დიდ სიმრავლეს. თხუთმეტი დღის განმავლობაში ორმოცდახუთი ათასი კაცი მოინათლა. მეფემ კი ჭეშმარიტი ღმრთის სადიდებლად ძვირფასი ტაძარი ააშენა. როდესაც ტაძარი დასრულდა, წმინდანი შევიდა საკურთხეველში და აღმოადინა საკურნებელი წყარო.

სწორედ ამ სასწაულის აღსანიშნავად გამოსახავენ ხატებზე წმინდა გიორგის ცხენზე მჯდომარეს შუბით ხელში, რომლითაც საზარელ მხეცს კლავს. დრაკონის მლახვრავი წმინდა გიორგის სახე არის ქრისტეს ეკლესიის ბოროტებასა და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა მის ხილულ მტრებზე, მათზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა და ცდილობდა ჯალათის ხელით ადამიანთა გულებიდან ამოეგლიჯა ქრისტეს სახელი.

წმ. გიორგის განსაკუთრებულ თაყვანისცემას საქართველოში ჯერ კიდევ IV საუკუნის დასაწყისში დაედო საფუძველი. ძველთაგანვე საქართველოს, წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებდნენ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კირიონის ცნობით წმინდა გიორგი კაბადოკიელი მესხი იყო, ხოლო წმინდა არსენ იყალთოელის მოწმობით, წმინდა ნინო – საქართველოს განმანათლებელი, დიდმოწამის ბიძაშვილი იყო და ქართველმა ერმა მისგან შეიტყო წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ. სავარაუდოა, რომ პირველი ტაძარი წმინდანის სახელზე ბოდბეში, წმინდა ნინოს თაოსნობით აიგო (ბოდბის მონასტრის მთავარი ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისაა). მისი სახელობის ტაძრები აგებულია არა მარტო ქალაქებსა და სოფლებში, არამედ კლდეებზე, მთის მწვერვალებზე და მიუვალ ადგილებში, რომელთა კედლებს ამშვენებენ მისი ცხოვრებისა და სასწაულების გამომსახველი უძველესი ფრესკები. წმინდა გიორგის სახელზე აგებული უამრავი ტაძრიდან ერთ-ერთი უძლიერესთაგანია შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ, უსჯულო მტრის შემოსევისას ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი, დაბანაკებული იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმინდა გიორგის ეკლესია იყო აგებული, გულმხურვალედ ევედრებოდა წმინდა მოწამეს მოსალოდნელ ბრძოლაში შეწევნას. ხოლო გამთენიისას ყველამ იხილა მხედარი, რომელიც შურდულივით დაეშვა მთის წვერიდან, ეს იმდენად შთამბეჭდავი სანახავი იყო, რომ თავზარდაცემული მტერი გაიქცა. გამხნევებულმა ქართველმა მეომრებმა ადვილად დაამარცხეს მტრის განახევრებული ლაშქარი. გამარჯვების შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი სულ მთლად გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმინდა დიდმოწამე გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას, შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესიას.

ასევე, მოწამის ხილულ შეწევნაზე დიდგორის ბრძოლაში, მოგვითხრობს დავით აღმაშენებლის მემატიანე: „რამეთუ ხელი მაღლისაი შეეწეოდა და ძალი ზეგარდამო ჰფარვიდა მას და წმიდა დიდმოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინა-უძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსრვიდა ზედა-ზედა მოწევნილთა უშჯულოთა წარმართთა, რომელ თვით იგი უშჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისასა“. ხოლო ქართველი ერისათვის ეს დღე ბოროტზე უფლის ბრწყინვალე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. წმინდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისაგან გამოხსნას. წმინდა გიორგი ყველაზე უფრო პატივცემული წმინდანია საქართველოში. იგი ქართველთა მფარველი და სასო, მათი ფარი და მახვილია. ღმრთის განგებით ქართველი ერი უშუალო მფარველობისათვის ჩაბარდა წმინდა გიორგის, ამიტომაც წმინდა გიორგის დაუჯდომლის იკოსს დაემატა მუხლი: „გიხაროდენ უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო“.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი

წმიდა გიორგის სიკვდილისწინა ლოცვა-ვედრება ღმრთისადმი

უფალო ღმერთო ჩემო, რომელი ხარ შემოქმედი ყოველთა საუკუნეთაი, რომლისა მიმართ მოვივლტოდე სიყრმით ჩემითგან, რომელი უწინარეს თხოვისა მისცემ ნიჭთა შენთა მოყუარეთა შენთა, ყოვლად ძლიერო და სახიერო და კეთილო ქრისტეანეთა სასოებაო და უტყველო მონათა შენთაგანთა აღთქმაო, რომლისა-ეგე დიდებაი გამოუთქმელ არს და სუფევაი დაუსრულებელ, შენ, უფალო, ისმინე ჩემი, რომელმან მომმადლე მე ღვაწლსა ამას წამებისასა ვიდრე აღსასრულამდე სრულყოფაი და ტანჯვათა შინა მოთმინებაი. აწცა, სახიერო, შეიწყნარე სული ჩემი და იხსენ იგი ეშმაკთა მათგან განმკითხველთა, რომელნი არიან ჰაერთა შინა, და სათნოთა შენთა თანა შემრაცხე მე და შეუნდვე წარმართთა ამათ, რაოდენიცა რაი ძლიერი ყვეს ჩემდა მომართ და ნეტართა მათ მონათა შენთა, რომელნი-იგი სახელისა შენისათვის იწამნეს, და განანათლენ ესენი ცნობითა ჭეშმარიტებისა შენისაითა, რამეთუ ყოველთა კაცთა გნებავს ცხორებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაი.

მოხედე, უფალო, სიმდაბლესა ზედა ჩემსა და მომმადლე თხოვაი ესე ჩემი, რომელსა ვითხოვ შენგან, რამეთუ ვინაითგან მრავალნი ვლიან, რათა მიიღონ ძვალთა ჩემთაგან, ამისთვის შეუვრდები მოწყალებასა შენსა. მოეც, უფალო, მადლი ძვალთა ჩემთა, რათა ყოველი კაცი, რომელი სარწმუნოებით იხილვიდეს და შეიმთხვევდეს, მოაქვნდეს მას მადლი და კურთხევაი და შენდობაი ცოდვათაი. და უკეთუ ვინმე ჩვენებასა იხილვიდეს ანუ დგეს საშჯელსა შინა საშინელსა და მოიხსენოს სიმდაბლე ესე ჩემი, ყავ განთავისუფლებაი მისი, თვინიერ ჭირისა და განსაცდელისა. და რაჟამს მოიღრუბლოს ცათა სეტყვად ქვეყანისა და მოიხსენონ მუნ მდგომარეთა წამებაი ესე ჩემი, ნუ მივალნ ადგილსა მას ჰაერი მავნებელი, არამედ ცვარი მშვიდობისაი იყავნ საკურნებელად მათა. უფალო, ღმერთო, მოეც მადლი, რომელი იხსენებდეს წამებასა ღვაწლისა ჩემისასა და ნუ იყოფინ შეკრვაი სულთა და ხორცთა მათთაი, ნუცაღა კეთროვანებაი ასოთა მათთა, ანუ თუ სხვაი რაიმე წყლულებაი, რომელი იყოს მტერისა მიერ, არამედ მიუტევენ შეცოდებანი მათნი და განკურნენ სალმობანი მათნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, რამეთუ შენ მხოლომან უწყი, ვითარმედ ხორც და სისხლ არიან და შენ თავადმან იცნი ალაგნი კაცთანი და შენ უწყი, უფალო, მაცთური მათი მტერი და სიბოროტე მისი, რომელი-იგი შემუსრე ქვეშე ფერხთა მათთა ადრე. და ნუ იყოფინ ბრალი და ბიწი ყოველი, რომელი იკითხვიდეს, გინა ისმენდეს წამებასა ჩემსა. გარდამოუვლინე, უფალო, შეწევნაი მვედრებელთა შენთა და მიეც მათ შიში შენი და სურვილი წმიდათა შენთა სიყვარულისაი, რათა აღასრულებდენ სახსენებელსა მათსა და მიემსგავსნენ სარწმუნოებასა მათსა, რათა ღირს იქმნენ მათ თანა ცხორებასა ზეცისასა და სუფევასა საუკუნესა, რამეთუ შენი არს სუფევაი, ძალი და დიდებაი მამისა და ძისა და წმიდისა სულისაი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

14 მაისი. წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი (+1213)

წმიდათა შორის საკვირველო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღვთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მხედრობანი ქრისტეს მოყვარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამხვენ სპანი აგარიანთანი, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

1166 წელს მეფე გიორგი III და მის მეუღლე ბურდუხანს ქალიშვილი – თამარი შეეძინათ. გიორგი მეფემ თავისსავე სიცოცხლეში იგი მეფედ გამოაცხადა. დიდებულებმა ფიცი დასდეს და მუხლი მოიყარეს 12 წლის მონარქის წინაშე, რომლისთვისაც განგებას ებოძებინა მძიმე ჯვარი ერის წინამძღოლობისა.

 მამა-შვილი ხუთი წლის მანძილზე განაგებდა სამეფოს. 1184 წელს მეფე გიოორგი გარდაიცვალა და საქართველოს ერთადერთ მბრძანებლად და პატრონად 18 წლის თამარი იქცა. ქვეყანამაც ერთგულად და სიყვარულით მიიღო „მზე მზეთა და ნათელი ნათელთა“. სახელმწიფოს კარის გარიგების დაცვით ღირსმა და მადლმოსილმა მეუფემ, ქუთათელმა მთავარეპისკოპოსმა ანტონ საღირის ძემ და რაჭისა და თაკვერის ერისთავმა კახაბერ კახაბერის ძემ სამეფო გვირგვინი დაადგეს, ვარდანისძეებმა, საღირისძეებმა და ამანელისძეებმა კი ხმალი შემოარტყეს წელზე. განიხარა სრულიად საქართველომ. „ჰკრეს ბუკთა, ქოსთა და წინწილათა და იყო ზარი და ზაჰმი ქალაქსა შინა, სიხარული, შუება და იმედი უიმედოქმნილთა“. დაიწყო დიდებით და გამარჯვებებით, აღმშენებლობით და მოღვაწეობით, უძილო ღამეებით და ცრემლიანი ლოცვებით აღსავსე გზა მონარქთა შორის გამორჩეულის, „მზეთა მზის და დედოფალთა დედოფლის, შარავანდედთა შორის უმეტეს აღმობრწყინებული“ თამარის მეფობისა.

   ხელისუფლების სათავეში მოსვლა თამარმა საღმრთო საქმით აღნიშნა: მოიწვია საეკლესიო კრება, რომელზეც შეკრებილ მღვდელმთავართა და მამათა სიმრავლეს მან ბრწყინვალე სიტყვით მდაბლად მიმართა. მეფის თანადგომით გამხნევებულმა კრებამ უღირსი ეპისკოპოსები გადააყენა, მათ ნაცვლად „საღმრთონი კაცნი დაადგინა“ და „სხუანი საეკლესიონი წესნი განმართნეს უდებთა მიერ დახსნილნი“.

   კეთილ ნაყოფში ღვარძლი გაერია. სწორედ თამარის კურთხევის წელს, მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ-არსლანმა, რომელიც ამირსპასალარობას მიელტვოდა, ისანში კარვის დადგმა მოითხოვა, სადაც, მისი გეგმით, ყველა საშინაო და საგარეო საქმე უნდა განხილულიყო და შედეგი მეფისათვის ეცნობებინა. ისნის კარავს ხელში უნდა აეღო მეფის ძირითადი უფლებები. ამით არა მარტო სამეფო ტახტი შესუსტდებოდა, არამედ ქვეყნის ერთიანობასაც საფრთხე დაემუქრებოდა.

   თამარის ბრძანებით ყუთლუ-არსლანი შეიპყრეს, მაგრამ მისმა თანამოაზრეებმა იარაღით ხელში მოითხოვეს მისი გათავისუფლება. ქვეყანა ძმათა შორის ომის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. მეფემ ყველაზე კეთილშობილურ ხერხს მიმართა: შეთქმულთა ბანაკში გაგზავნა ორი წარჩინებული და პატივდებული მანდილოსანი ხუშაქი ცოქალი, დედა ქართლის ერისთავის რატისა და კრავაი ჯაყელი. პატიოსანთა დედათა მოციქულობამ ისე იმოქმედა მეამბოხეებზე, რომ „მოჰყვეს ბრძანებასა პატიოსნისასა და წინაშე მოსრულთა დავრდომით თაყუანის-სცეს, აღიღეს ფიცი პატრონისაგან და მისცეს მათ პირი ერთგულებისა და ნებისმყოფელობისა მათისა“.

   ქვეყანამ იგრძნო მეფის ძლიერი ხელი. თამარმა სახელმწიფო თანამდებობაზე თავისი მომხრეები დანიშნა.

   სამღვდელოებამ და დიდებულებმა თამარს მოსთხოვეს დაქორწინებულიყო და სასიძოდ შეარჩიეს რუსი უფლისწული, სუზდალის მთავრის, ანდრია ბოგოლიუბსკის ძე გიორგი. მეფემ წინააღმდეგობის გაწევა სცადა: „ვითარ ღირს არ შეტყუებული ესე ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა და საქმე, არცა მხედრობისა, არცა ბუნებისა, და არცა ქცევისა. მაცალეთ, ვიდრემდის განიცადონ ყოველთა სიკეთე, გინა სიდრკუე მისი“.

   ქვეშევრდომებმა არ შეისმინეს მეფის სიტყვა და მალე დიდვაჭარმა ზანქან ზორობაბელმა საქართველოში ჩამოიყვანა „მოყმე სახეკეკლუცი, სრული ანაგებითა და მჭვრეტელთაგან საჩენი გუარისშვილად“.

   პირმშვენიერ გიორგი რუსს არც ვაჟკაცობა და სიმამაცე აკლდა. მისი წინამძღოლობით ქართველთა ლაშქარი მუდამ გამარჯვებული ბრუნდებოდა.

   საუბედუროდ, გიორგიმ მალე გამოამჟღავნა თავისი ავი ზნე. „სკვითურნი, ვითარ ნაღებთა ბუნებითნი სიმთრვალეთა შინა საძაგელთა უწესობად იწყო მრავალთა“. ორწელიწადნახევარი ითმენდა თამარი ქმრის უმსგავსო საქციელს, ბოლოს უხმო კათოლიკოსს, ეპისკოპოსთ, დიდებულთ და ბრძანა: „დაღათუ საღმრთოსა სჯულსა მიერ სწავლულ ვარ მე „არგანშორებად პირველსა საწოლსა“, არამედ რომელმან არა დაიცვას საწოლი თვისი წმიდად, არა ჯერ არს მის თანა დათმენა, რამეთუ შემაგინებელი არს ტაძრისა ღმრთისა და მე არა მიძლავს აჩრდილისა მრუდისა ხისასა განმართვად და უბრალოდ განვიყრი მტუერსაცა, რომელი აღმეკრა მე შენ მიერ“.

   გიორგი რუსს ურიცხვი განძი უბოძეს და კონსტანტინეპოლს გაისტუმრეს.

   მეზობელ სახელმწიფოთაგან მრავალი მეფე იყო თამარის მშვენიერებით მოხიბლული და მისი მეუღლეობის მსურველი. ქართველთა ხელმწიფეს ქორწინება აღარ უნდოდა, მაგრამ დარბაზის ერი „წინააღუდგებოდეს, უშვილობასა მოახსენებდეს, სახლისა მისისა უნაყოფობასა დრტვინვიდეს“. ამიტომ თამარმა ყორად-იღო მამიდის, რუსუდანის რჩევა და ჯვარი დაიწერა ოვსთა მეფის ძეზე, ბაგრატიონთა, კერძოდ, გიორგი I შთამომავალზე დავით სოსლანზე. „ფერ-ნაკუთად კარგი, ბეჭ-ბრტყელი, პირად ტურფა და ტანად ზომიერი, ორთავე კერძოთა გუართაგან სახელმწიფო“ დავითი, რუსუდანის გაზრდილი იყო.

   გიორგი რუსი ვერ შეურიგდა თამარისა და საქართველოს დაკარგვას, შემოვიდა კარნუ-ქალაქში, მხარში ამოიყენა კლარჯთა ერისთავი გუზანი, სამცხის სპასალარი ბოცო, მესხი დიდებულები, იმერ-სვანნი და ქუთაისში თავი მეფეს გამოაცხადა. „ჰოი ღაღადი დიდი და განსაკვირვებელი კაცთა ცნობისა! ვინა ანუ ვისღა მოსაყდრე საყდარსა დაჯდა დავითიანსა?“ თამარის ერგულმა სპამ სამაგიერო გადაუხადა ორგულებს.

   1193 წელს თამარს და დავითს შეეძინათ ვაჟი, „ყოვლითურთ მსგავსი პაპისა და დაარქვეს სახელი გიორგი“ და რადგანაც ძალზე ლამაზი იყო, მეტსახელად უწოდეს ლაშა (ნათელი, ქვეყნის მანათობელი).

   1193 წლის მიწურულს გიორგი რუსი კვლავ დაბრუნდა კონსტანტინეპოლიდან და სპარსეთის ათაბაგის დახმარებით აიღო რანი და მოაოხრა კამბეჩოვანი. პირველად ხორნაბუჯელმა საღირ მახატლის ძემ შეიტყო რუსის მოსვლა, მცირე რაზმი შეკრიბა და მხნედ ეკვეთა მომხდურს. თამარის სიმართლემ გაამარჯვებინა ქართველებს. მათ მთლიანად მოსრეს მტერი და მათი ნაალაფარი უკანვე დაიბრუნეს. გიორგი რუსმა ძლივს გაასწრო ორ მონასთან ერთად.

   მომდევნო, 1194 წელს ასული შეეძინა თამარს და დავითს. ქართველთა გამარჯვებით შეძრწუნებულმა თურქებმა 1195 წელს მუსლიმთა დიდი კოალიციური ლაშქრობა მოაწყვეს ადარბადაგანის ათაბაგ აბუბაქარის სარდლობით.

   თამარმა სასწრაფოდ ბრძანა ქუდზე კაცის შეყრა, თანაც ანტონ ჭყონდიდელს დაავალა: „ისწრაფედ დაწერად და მიმოდადევით ბრძანება, რათა მსწრაფლ შემოკრბეს მხედრობა და კუალად მიეცენით ყოველთა ეკლესიათა და მონასტერთა, რათა დაუცადებელნი ღამისთევანი და ლიტანიობანი აღესრულებოდიან ყოველსა ადგილსა და წარგზავნეთ ფრიად საფასე და სახმარი გლახაკთათვის, რათა მოიცალონ ლოცვად და მოწყალე ყონ ღმერთი. ნუ სადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი“.

   ათ დღეში შეყარა „ლაშქარნი იმერით და ამერით“. ბრძოლის წინ თამარმა სიტყვით მიმართა სპას: „ძმანო ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუნნი სიმრავლისა მათისათვის და სიმცირისა თქუენისა, რამეთუ ღმერთი ჩუენ თანა არს. გასმია გედეონისათვის სამსონი და სიმრავლე ურიცხვი მადიამელთა მათ მიერ მოწყუედილთა, კუალად ასურასტანელთა ბანაკი ლოცვითა ეზეკიელისათა წამსა შინა ანგელოზისა მიერ დაცემულნი? მხოლოდ ღმერთსა ოდენ მიენდვენით და გულნი თქუენნი სიმართლით იპყრენით წინაშე მისსა და სასოება ყოველი ჯუარისა მიმართ ქრისტესისა იყავნ. შეისწრაფეთ ქუეყანად მათდა შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისათა და ძალითა უძლეველისა ჯუარისათა წარემართენით“.

   შემდეგ მეფეთ-მეფემ დალოცა ლაშქარი, ღმერთს შეავედრა ქრისტესთვის თავდადებული მხედრობა, „წარუძღუანა ძელი ცხოვრებისა და თანა წარატანა ანტონი ჭყონდიდელი“. თვითონ ფეხსაცმელი გაიხადა და „შიშულითა ფერხითა მიიწია ტაძარსა ღმრთისმშობლისასა მეტეხთა და წინაშე ხატსა მას წმიდასა მდებარე არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად“.

   უფალმა მოწყალე თვალით გადმოხედა ღვთისმოყვარე მეფესა და ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს. უთანასწორო ბრძოლა ციხე-ქალაქ შამქორთან, სადაც თურქნი ბევრად აღემატებოდნენ ქართველთა ლაშქარს, ქრისტიანთა გამარჯვებით დამთავრდა. წმიდა შალვა ახალციხელმა (ხს. 17 ივლისს) სეფე დროშა მოსტაცა აგარიანებს, შემდგომ თამარმა ეს დროშა ძვირფას მანიაკთან ერთად ხახულის ღვთისმშობელს შესწირა.

   ამ გამარჯვების აღსანიშნავად და ღვთის სადიდებლად წმიდა მეფემ იამბიკო დაწერა:

„შენგან, ქალწულო, რომელსა შენთვის დავით

როკვიდა, ძისა ღმრთისა შენისა ყოფად,

მე, თამარ, მიწა შენი და მიერვე,

ცხებულობასა ღირს მყავ და თვისობასა.

ედემს, ღადირთად, სამხრით და ჩრდილოეთით

შუამფლობელი იავარს შენდა ვმრთელობ,

ხალიფას დროშა თანავე მანიაკსა

შევრთე, ცრუ სჯულთა მოძღურისა ღაზოდ მძღუანი,

ვინ დავით, ძეებ ეფრემის მოისარმან

მოირთხნა, მოსრნა სულტნითა, ათაბაგით…“

   თამარის დროს ერთი ფრიად მნიშვნელოვანი სარწმუნოებრივი კამათი მოხდა ქართველთა და სომეხთა შორის. თამარის უპირველესი კარისკაცები, ზაქარია და იოანე მხარგრძელები გასომხებული ქურთები იყვნენ და გრიგორიანულ სარწმუნოებას მისდევდნენ. ერთხელ, საღამოს ლიტურღიის შემდეგ, ზაქარიამ სეფისკვერის მიღება ისურვა, მაგრამ კათოლიკოსმა იოანემ ნება არ დართო.

   გაბრაზებულმა ამირსპასალარმა სომეხთა კათოლიკოსი მოიყვანა. „მე მოლაშქრე ვარ, სჯული არ ვიცი, ამას ეკამათეო“. კამათმა დიდხანს გასტანა. ბოლოს იოანე კათოლიკოსმა ბრძანა, საქმით გამოვაჩინოთ ჩვენი სიმართლეო. სამი დღე ვაშიმშილოთ ძაღლები. მესამე დღეს უსისხლო მსხვერპლშეწირვა აღვასრულოთ და ტარიგი ძაღლებს დავუგოთ. რომლის ტარიგსაც ძაღლი შესჭამს, მისი სარწმუნოება მცდარი იქნებაო. ამის გამგონე მეფეს და ერს თავზარი დაეცა. წმიდა თამარმა კათოლიკოსს შეჰკადრა: „რა ვთქუ, ვინ შემძლებელ არს მისდა ქმნად, მოგონებად და სმენად, რამეთუ განსაკვირვებელ არს?“ კათოლიკოსმა წყნარად მიუგო: „საქმე ესე არა მინდობითა თავისა ჩემისათა ვყავ, არამედ ვყოფ ამას სასოებითა ქრისტეს ღმრთისათა, რათა აჩუენოს მორწმუნეთა მართალი მორწმუნეობა თუ ვისი არს და ვინ არიან მართლაღმსარებელნი და ვისითა მღდელ-მოქმედებითა შეიწირავს უსისხლოსა მსხვერპლსა და ვისთა ხელთა მისცემს ტარიგი ღმრთისა დაკლვად თავსა თვისსა“.

   კვირის საღმრთო ლიტურგიაზე მწირველმა იოანე კათოლიკოსმა ხელთ იტვირთა მართლმადიდებლურად შეწირული ტარიგი. მეფე და ერი შეძრწუნებული უმზერდა საოცარ სახილველს. კათოლიკოსმა ილოცა: „ქრისტე მეუფეო, ხსნისათვის კაცთასა განკაცებულო, ჯვარცმულო ჩვენთვის, დაფლულო და აღდგომილო და ზეცად მამისა ამაღლებულო, რომელმან მოგუეც ხორცი შენი, რათა მოსახსენებლად შენდა ვჰყოფდეთ; შენ, მეუფეო, გთნავს სარწმუნოება ქართველთა, გთნავს სარწმუნოება ესე ჩვენი. შეუხებელად და მიუახლებელად დაიცევ ზარისა ასახდელი ხორცი ესე შენი, ჩვენ მიერ მღვდელმოქმედებული; შენ უკვე შეიწირე შეუძრველი ეგე და აჩუენე ერსა ამას გზა ჭეშმარიტი და მოხედე მსხვერპლსა ამას და სირცხვილეულ ჰყვენ წინააღმდგომნი ჩვენნი“. სამი დღის ნაშიმშილარი ძაღლი, როგორც კი მიუახლოვდა წმიდა ძღვენს, შეშინებული წკავწკავით განერიდა იქაურობას, სომეხთა მღვდელმოქმედებული კი მსწრაფლ შთანთქა. ამ საოცრების მხილველი ერი განადიდებდა უფალს: „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი“.

   სომეხი სჯულისმეცნიერნი სირცხვილეულნი დაბრუნდნენ უკან. იოანე ხარგრძელმა მაშინვე აღიარა მართლმადიდებლობა და ნათელ-იღო იოანე კათოლიკოსის მიერ, ზაქარიამ კი თქვა: „მრთელ სჯული არს ქართველთა“, მაგრამ მაინც გრიგორიანობა შეინარჩუნა.

   ქართველები ზედიზედ ამარცხებდნენ თურქებს ადარბადაგანში და სომხეთში, ხლათში და არზრუმში. ასე რომ, XII-XIII  საუკუნეების მიჯნაზე საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე გადაჭიმული უზარმაზარი სახელმწიფო იყო, რომელსაც ანგარიშს უწევდა ქრისტიანული დასავლეთი და მაჰმადიანური აღმოსავლეთი.

   საქართველოს გაძლიერებამ შიშის ზარი დასცა თურქებს. ამჟამად რუმ-იკონიის სულთანმა რუქნადინმა იკისრა საქრისტიანოზე გამოლაშქრება. იგი ზაკვით სიყვარულს ეფიცებოდა თამარ მეფეს, საჩუქრებს უძღვნიდა, მალულად კი ჯარს აგროვებდა. უზარმაზარ ლაშქარს მოუყარა თავი, „შეკრიბა ორმეოცი ბევრი, რომელ არს ოთხასი ათასი“. ბასილი ეზოსმოძღვარი წერს, რომ რუქნადინმა 800000-იანი ლაშქარი გამოიყვანაო. თავის უზარმაზარ სამფლობელოში „არა დაუტევა თვინიერ დედაკაცის სოფელთა შინა მათთა, არამედ ყოველნი აამხედრნა“. არც ოქრო-ვერცხლი დაზოგა მოკავშირეთა მისამხრობად და საომარ ხარჯად.

   მთელი თურქობა შეიყარა საქაღთველოს წინააღმდეგ. რუქნადინმა ჯარი ბასიანის ახლომახლო დააბანაკა, თამარს კი მოციქული გაუგზავნა და ჯარის სიმრავლით გათავხედებულმა სჯულის გამოცვლის საფასურად ცოლობა შესთავაზა, ხოლო თუ თამარი ქრისტიანად დარჩებოდა, მაშინ სულთანი მას ხარჭად დასმით დაემუქრა. ამ მკრეხელური სიტყვების გამგონე ზაქარია მხარგრძელმა ისეთი სილა გააწნა სულთანი მოციქულს, რომ გონდაკარგული დასცა მიწაზე.

   ნიკოფსიიდან დარუბანდამდე შეიკრიბა სრულიად საქართველო: „ცოტათა შინა დღეთა შემოკრბეს ვითარცა ვეფხნი სიკისკასითა და ვითარცა ლომნი გულითა“.

   თამარის ბრძანებით რუქნადინის მოგზავნილი ელჩი უხვად დაასაჩუქრეს და ქართველ მოციქულთან ერთად წერილი გაატანეს სულთანთან. „შენ ოქროსა შეკრებულთა სიმრავლითა მევირეთა მინდობილი ხარ უმეცარი მსჯავრთა ღმრთისასა. ხოლო მე არც სიმდიდრეთა, არცა სპათა ჩემთა სიმრავლესა, არცა რას სხუასა კაცობრივსა საქმესა მინდობილ ვარ, არამედ ძალსა ღმრთისასა ყოვლისა მპყრობელისასა და შეწევნასა ქრისტეს ჯუარისასა, რომელსა შენ ჰგმობ“ იყანვ ნება ღმრთისა და ნუ შენი! სამართალი მისი და ნუ შენი! ხოლო მე უწყი დახსნილობა მსახურთა შენთა. ამისთვის წარმომივლენიეს მსახური ჩემი, რათა წიგნისა შენისა პასუხი ადრე მოგართუას და განგაკრძალოს, რამეთუ ჩემ მიერ წარმოვლენილთა სპათა ფერხნი აჰა ესერა კართა შენთა ზედა დგანან“, – წერდა წმიდა მეფე ბილწ სულთანს.

   თამარმა ვარძიის ღვთისმშობელს შეავედრა ქართველთა მხედრობა, შემდეგ ფეხშიშველი წარუძღვა ლაშქარს წინ და ქალაქის კარამდე მიაცილა. „მერმე თვით მიიქუა პატიოსანი… ჯუარი ხელთა თვისთა და ამხედრებულთა ზედა ყოველსა მხარსა ნიში ჯუარისა გამოსახა სამგზის, დალოცა და ეგრეთ წარემართნეს მინდობილნი ღმრთისანი და თამარის ცრემლთანი“.

   შეისმინა ღმერთმა წმიდა მეფისა და საზეპურო ერის მხურვალე ლოცვა, ქართველებმა ბასიანთან სასტიკად დაამარცხეს მტერი. ამ ომში ქართველთა გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო საქართველოსათვის, არამედ სრულიად საქრისტიანოსთვის.

   ამგვარმა გამარჯვებებმა მეფეთ-მეფე კიდევ უფრო ღვთისმოსავი გახადა. დღისით იგი, სამეფო ბრწყინვალებით მოსილი, ბრძნულად განაგებდა საქვეყნო საქმეებს, ღამე კი, მუხლმოდრეკილი ლოცულობდა, ცრემლმდინარე ევედრებოდა უფალს საქრისტიანოს გაძლიერებას, ქსოვდა, ქარგავდა, კერავდა და თავის ნამუშაკევს გლახაკებს უნაწილებდა.

   ერთხელ ლოცვით და ხელსაქმით დაღლილ თამარს ჩათვლიმა და ჩვენება იხილა: ლამაზ და კეთილადნაგებ სახლში შევიდა, თვალ-მარგალიტით შემკული ოქროს ტახტი ნახა, იფიქრა: „მეფე ვარ მპყრობელი და ჩემი არს უზენაესი და უპატიოსნესი ესე საჯდომი“. გაემართა, რათა დამჯდარიყო. უცებ ნათლით მოსილმა კაცმა შეაჩერა და უთხრა: „შენი არა არს საჯდომი ისი, რამეთუ ვერ შემძლებელ ხარ დაპყრობად მისა“. გაოცებულმა თამარმა იკითხა: „ვინ უპატიოსნეს არს ჩემსა, რომელმან დაიპყრას უპატიოსნეს საჯდომი?“ მან უპასუხა: „საყდარი ისი შენისა მოჯალაბისა არს, ამისთვის რომელ ათორმეტთა მღვდელთა მისთა ხელთა შესთული ჰმოსიეს, რაჟამს წარდგენ შესაძრწუნებელსა და საშინელსა ტრაპეზსა შეწირვად უსისხლოსა და პატიოსნის მსხუერპლისა. ამისთვის იგი უზეშთაეს შენსა არს, დაღაცათუ შენ მეფე ხარ, კმა არს შენდა დიდება ესე, დაღათუ საყოფელი შენი აქვე არს“ და უჩვენა სხვა ადგილი.

   გამოღვიძებულმა თამარმა საკუთარი ხელით დაიწყო რთვა და ქსოვა და თორმეტი მღვდელი შემოსა.

   გლახაკთა და ღატაკთა უზომოდ განმკითხველი მეფე თავისი დიდი წინაპრის, კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის (ხს. 26 იანვარს) მსგავსად თავისი ნამუშაკევით გასცემდა მოწყალებას.

    ისტორიამ შემოგვინახა ამაღელვებელი ამბავი წმიდა მეფის ცხოვრებიდან. ერთხელ, თურმე, თამარ მეფე სადღესასწაულო წირვაზე აპირებდა წასვლას გელათში და ლალებს იმაგრებდა სამეფო შემოსაკრავზე, როცა მოვიდნენ და უთხრეს, მონასტრის კოშკთან მდგომი მათხოვარი ითხოვს წყალობასო. მეფემ ბრძანა, დაეცადა მათხოვარს. როცა პალატიდან გავიდა და წყალობის გაცემა ინება, მათხოვარი ვეღარ იპოვა. შეცბუნებული მეფე საკუთარ თავს საყვედურობდა, რომ ამ ღარიბ-ღატაკი დედაკაცის სახით უარი უთხრა თვით უფალ იესოს, მოიხსნა ის, რამაც დააბრკოლა – სამეფო შემოსაკრავი – და ღვთისმშობლის ხატს შესწირა.

არც თვით უქმობდა თამარი და არც სხვებს აუქმებდა. თამარის დროს აშენდა კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, რომლის მონასტერშიც დიდმარხვას ატარებდა ღმერთშემოსილი მეფე. ამ დროს აშენდა ფიტარეთი, ქვაბთახევი, ბეთანია. წმიდა მეფემ არა მარტო საქართველოს ეკლესია-მონასტრები გაამდიდრა, არამედ უხვად შეამკო ლავრები და სავანეები პალესტინაში, კვიპროსზე, სინას მთაზე, საბერძნეთში, ათონის მთაზე, პეტრიწონში, მაკედონიაში, თრაკიაში, რუმინეთში, ისავრიაში, კონსტანტინეპოლში.

    ერთხელ მეფემ უზომო განძი უძღვნა სათხოვნელად მოსულ შავმთელ მონაზვნებს და მშვიდობით გაისტუმრა. კონსტანტინეპოლს მისული ბერები ძმის მკვლელმა კეისარმა ალექსი ანგარმა შეიპყრო და ყველაფერი წაართვა. ეს რომ თამარმა გაიგო, მონაზვნებს წინანდელზე მეტი ოქრო მისცა და „ამით უმეტეს არცხვინა ეშმაკი“, ხოლო კეისარს თავისი სპა გაუგზავნა და წაართვა: ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამსონი, კერასუნდი, კიტიორა, ამასტრია, ირაკლია, პაფლაგონია და ადგილნი პონტოსნი. შემდგომ ეს ადგილნი, რომელსაც ტრაპიზონის სამეფო უწოდა, ქართველთა ნათესავს ალექსი კომნინს ჩააბარა.

   ღვთისმოყვარე მეფემ სამეფო კარისათვის აუცილებელი წესი დაადგინა: თვითონაც პალესტინის მონასტერთა ტიპიკონით ლოცულობდა და სხვებისაგანაც იმავეს მოითხოვდა. „დარბაზის კარს მყოფი წირვად ვერავინ დააკლდებოდა: მწუხრი, დილეული, სამხარ, ვითარცა თქმულ არს“.

   მოწყალე, კეთილი, ბრძენი მსაჯულის სამფლობელოში არავინ იყო მომძლავრებული, მტაცებელი, მეკობრე და მპარავი. თვითონ იტყოდა ხოლმე: „მე ვარ მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა“. დინჯმა და ღვთივგაბრწყინებულმა მეფემ სასტიკად აკრძალა სიკვდილით დასჯა და სხეულის დასახიჩრება. გამუდმებულმა მარხვამ, ფეხშიშველა ლიტანიობამ მონასტრის ქვის სარეცელზე წოლამ ჯანმრთელობა შეურყია სათაყვანებელ მეფეს. დიდხანს მალავდა მეფე ავადმყოფობას, სხვის შეწუხებას ერიდებოდა, დღითიდღე დაუმძიმდა ჭირი და როცა ტკვილი გაუსაძლისი გახდა, მხოლოდ „მაშინღა განაცხადა“.

   ნაჭარმაგევიდან თბილისს ჩამოყვანეს მეფე. შემდეგ ქალაქგარეთ გაიყვანეს – იქნებ ტყის სიმშვიდემ და მშვენიერებამ არგოსო, მაგრამ „დიდად გაძნელდა სენი იგი უწყალო“. ისევ თბილისს დააბრუნეს სულთმობრძავი.

   ლოცვად დადგა სრულიად საქართველო, ლიტანიობდა, ღამეს ათევდა, ცრემლით გამოსთხოვდა უფალს მზისდარი გვირგვინოსანის განკურნებას, მთავარნი პირთა იცემდნენ, გლახაკნი თავთა იტყებდეს, თითოეული ქართველი საკუთარ თავს და შვილებს მიუპყრობდა უფალს და ევედრებოდა: „რათა მარტო ეს დარჩეს და ჩუენ ყველანი მოგუსრენ“.

   სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მდგარმა მეფემ დარბაზის ერი იხმო და მიმართა: „ძმანო ჩემნო და შვილნო! მე ესერა მივიწოდები მსაჯულისაგან საშინელისა, უსაშინლესისა უფროს მეფეთა ქუეყანისათა, რომელმან მიიხუნეს სულნი მთავართანი.

   თქუენ ყოველნი თვით მოწამე ხართ, რამეთუ თავისა ჩემისა თანა მაქუნდა სიყუარული თქუენი და სარგებელსა და სათნოსა თქუენსა არა დავაკლე თვითოეულისამებრ არზანგისა, ვიდრემდის განგებითა ღმრთისათა ვიყავ თქუენ ზედა მეფედ. აწ მეცა წარვალ მამათა ჩუენთა გზასა ჩემგან უცხოსა, ბრძანებითა საშინელითა და განყოფითა საკვირველითა. გევედრები ყოველთა, რათა მარადის კეთილსა შინა იყვნეთ მახსენებელ ჩემდა. აჰა, ესერა მკვიდრად სახლისა ჩემისა დაგიტევებ, რომელნი მომცნა ღმერთმან შვილნი ჩემნი, გიორგი და რუსუდან. ეგენი მიიხუენით ჩემ წილ და მაგათ აღმოგივსონ დაკებული ჩემი“.

   შემდეგ მაცხოვრის ხატს და ცხოველმყოფელ ჯვარს შეავედრა საქართველო მეფეთ მეფემ, მშვიდობა უსურვა ირგვლივ მყოფთ, უკანასკნელად შეავლო თვალი ერთგულ ქვეშევრდომებს, უკანასკნელად გადაისახა პირჯვარი, უკანასკნელად თქვა: „ქრისტე, ღმერთო ჩემო მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქუეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულთა და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ მომცენ, და მერმე სულსა ჩემსა“.

   დღემდე საიდუმლოებითაა მოცული თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელი. ზოგიერთი ისტორიული წყარო თამარ მეფის საძვალედ გელათს ასახელებს, ზოგიც – იერუსალიმის ჯვრის მონასტერს. ერიც ლეგენდებით ამკობს თავისი უდიდესი მონარქის მონატრებას და ამით გამოხატავს ოცნებით კავშირს წმინდა გვირგვინოსან მეფესთან და იმდროინდელ საქართველოსთან.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

12 მაისი / 13 დეკემბერი. წმიდა და ყოვლადქებული მოციქული ანდრია პირველწოდებული, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელი (62)

ტროპარი:
ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმა უაღრესისა მათისა,
მეუფესა ყოველთასა ევედრე ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს და
სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

კონდაკი:
სიმჴნისა სეჴნასა ღმრთის-მეტყველსა, და შემდგომობით ეკლესიისა მწვერვალსა
პეტრეს თანა შობილსა შევასხმიდეთ, რაჲთა ვითარ იგი ძველად მას,
აწ ჩუენცა გვიღაღადა: მოვედით, გვიპოვნიეს სასურველი.

წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ“. ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთანმივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: „მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა“. რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.

    მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა“ საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალებისჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა“. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა. წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, „შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების“.

    სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.

    ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა, „ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანა სარწმუნოებად“. იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, „ფრიად შუენიერი და დიდი“ წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება და შეუდგნენ ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებას. მოციქულმა ახალ მოქცეულთ დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები. „დაუდგინა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა“, აუგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივ გადასული ასლი დააბრძანა. ამის შემდეგუფლის რჩეულმა გადაიარა ფერსათის მთა და აქ ჯვარი აღმართა (სწორედ ამისგამო ეწოდა ამ მთას „რკინის ჯვარი“). მოციქული შემდეგ სოფელ აწყურში მივიდა, რომელიც ადრე სოსანგეთად იწოდებოდა. ამ დროს ამ მხარის გამგებელი იყო ქვრივი სამძივარი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. სწორედ ამ დროს მას შვილი მოჰკვდომოდა. ქვრივს შეატყობინეს, რომ იქ იყო ერთი ადამიანი, რომელიც უცნობ ღმერთზე ლოცულობდა. ამ ცნობამ მას გულში იმედი ჩაუსახა დამოციქული თავისთან იხმო. წმიდა ანდრიამ ქვრივი დედაკაცის ერთადერთი ძე მკვდრეთით აღადგინა. გახარებულმა ქალმა მადლობით ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, თავის შვილთან ერთად მოინათლა და სამცხის მთავრებს წერილი მისწერა,ამ ამბავს ატყობინებდა და ყველას თავისთან იხმობდა. „ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკვირველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოვლით კერძო და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი“. მოვიდნენ საკერპოს მსახურნიც. ხალხი ორად გაიყო; ნაწილი იძახდა, „ჯერ არს თაყუანის-ცემად, რომელმა ესე ვითარი სასწაული აღასრულა“, სხვები კი კვლავ ცრუ ღმერთების ერთგულნი რჩებოდნენ. ცილობა რომ ჩაეცხროთ, გადაწყვიტეს, საკერპოში ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ, შემდეგ კი კარი დაეხშოთ. მაცხოვრის მსასოებლებს – ქრისტეს მიმართ, კერპთმსახურებს კი -თავიანთი ღვთაებისადმი უნდა ელოცათ. დახშულ ტაძართან მცველები დააყენეს. დილით, როცა კარი გააღეს, ყველამ იხილა „კერპები ქუეყანად დათხეულნი და სახედ მტუერისა შემუსრვილნი, ხოლო ხატი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა“. წმიდა ანდრიამ აწყურში მოაწყო ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი ახალმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაან-კოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.

    იერუსალიმთან ანდრია, სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა. ისინი ქართლში შევიდნენ, განამტკიცეს ქრისტიანობა და „დაჰყვნენ დასავლეთით, განვლეს ტაოს კერძო ქვეყანა ვიდრე ჭოროხამდე“, იყვნენ სამეგრელოსა და სვანეთში. სვიმონი და ანდრია აფხაზეთში წავიდნენ „ხოლო დიდი ანდრეა სვიმონითურთ… შევიდეს ქუეყანასა აფხაზეთისასა და უქადაგეს სიტყუა იგი ღუთის-მეცნიერებისა და მრავალთა სიხარულით შეიწყნარეს ქადაგება იგი და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრეა სვიმონ კანანელი სხვათა თანამოწაფეთა და თავად ჯიქეთისა ქუეყანად ავიდა“. ჯიქეთის მკვიდრმა მოსახლეობამ არა მარტო უარი განაცხადა მისი ქადაგების მიღებაზე, არამედ მოციქულის მოკვლაც კი გადაწყვიტა. მათი სიჯიუტე და უხეში გონება რომ დაინახა, მოციქულმა მიატოვა ისინი და წავიდა. წმიდა ანდრია მოციქული სკვითთა ქვეყანაში, დღევანდელ რუსეთშიც ყოფილა. მდინარე დნეპრს აჰყოლია იმადგილამდე, სადაც ამჟამად ქალაქი კიევი მდებარეობს.

უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარსეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ მის ჩამოხსნას. წმიდანმა „აღიხილნა თუალნი ზეცად და მადლობა შესწირა უფალს და აკურთხნა მორწმუნენი იგი ჯუარსა დამოკიდებულმან“. და ასე, ღვთისადმი მადლობით აღესრულა წმიდანი. ქალაქის მმართველის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდი ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით დაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.

    ხშირად, ჩვენი ისტორიის ავბედითობის გამო, ჩვენი ეკლესიის სამოციქულო წარმომავლობა ეჭვქვეშ დგებოდა. ამის დასტურია წმიდა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში აღწერილი ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც წმიდა გიორგი ანტიოქიის პატრიარქის წინაშე შემდეგი სიტყვებით იცავდა საქართველოს ეკლესიის თვითმყოფადობას: „წმიდაო მეუფეო, შენ იტყვი, თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარზე ვზიო. ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი. და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი – სვიმეონს ვიტყვი კანანელსა – ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ. და ვინაჲთგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს. და არცა ოდეს წუალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი, და ყოველთა უარის მყოფელთა და მწუალებელთა შევაჩუენებთ და დავსწყევთ. ამას საფუძველსა ზედა მართლმადიდებლობისასა და მცნებათა და ქადაგებათა ზედა წმიდათა მათ მოციქულთასა მტკიცე ვართ“.

შევთხოვოთ ჩვენს შემწესა და მფარველს წმიდა ანდრიას:

    წმიდაო მოციქულო, მოციქულთა უპირატეს წოდებულო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 18(225), 2003 წ.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

23 აპრილი. მამათა და დედათა ქვაბთახევის მონასტერში წამებულთა (1386)

გიორგი ბრწყინვალის ძისწულის, ბაგრატ V-ის მეფობის დროს, ჩვენს ქვეყანას უფალმა სასჯელი გარდამოუვლინა ცოდვებისთვის: სამარყანდელი თემურ-ლენგი შვიდგზის შემოესია საქართველოს ურიცხვი ლაშქრით, „რომელსა ვერ იტევდნენ მთანი და ველნი და ყოველნივე არენი და სანახნი საქართველოჲსნი“. მტერმა იავარ-ჰყო და პირისაგან მიწისა აღგავა მრავალი ეკლესია-მონასტერი. შვიდგზის მიიღო ქართველმა „ვნებაჲ მისგან მახვილისა მიერ ტყვეობისა და ცეცხლისა და შენობითთა საფუძველთა აღმოყრისა“.

თემურ-ლენგმა ტყვედ იგდო ბაგრატ მეფე, ქართლი ააოხრა და სხვა დიდებულებთან ერთად მეფე-დედოფალი შირვანს წაიყვანა. უსჯულო თემური ყოველნაირად აიძულებდა მეფეს ქრისტიანობის დატევებას, სამაგიეროდ კი მეფის ტიტულის შენარჩუნებასა და სხვა ტყვეებთან ერთად განთავისუფლებას ჰპირდებოდა.

კარგა ხანი ვერ მოდრიკეს ბაგრატი, მაგრამ ბოლოს „უღონოქმნილი ყოვლისაგან კაცობრივისა შეწევნისა. სარწმუნოებისაგან სათანადოჲსა მოაკლდა“. შემდეგ ღვთის სასოება კვლავ აღდგა მასში, მოტყუებით მოიმადლიერა თემურ-ლენგი და ქართლში თავისი პატივის შენარჩუნებით დაბრუნების ნებართვაც მიიღო. ბაგრატის თხოვნით თემურმა მეფეს თან გამოაყოლა თორმეტათასიანი სპა, რომელიც მას თითქოს თავისი სამეფოს გამაჰმადიანებაში უნდა დახმარებოდა.

ხუნანს მიახლებულმა ბაგრატმა თავის ძეს, გიორგის მოუწოდა ლაშქრითურთ და თემურ-ლენგის მხედრობა „აღსწყჳდა. მახჳლთა ერთიცასა ბარბაროსთაგანიცა განურინებელად“.

ცნობამ ლაშქრის განადგურების შესახებ და ბაგრატის ღალატმა განარისხა თემურ-ლენგი და, „ჩუენ ზედა განმხედრებად აღძრული“, წამოემართა ბაგრატზე შურის საძიებლად. ქართველებმა მტრის პირველი შეტევა მოიგერიეს, მაგრამ თემურმა დამხმარე ლაშქარი მოიშველია, დაქანცულ ქართველებს ახალი ძალით შეუტია და უკან დაახევინა.

თათრებმა მოაოხრეს თბილისი, ნისანი, კალისი, ქართლის ქალაქები და სოფლები დაწვეს, წმიდა ეკლესიები დაარღვიეს და „ესრეთ მარბიელობით“ ჩააღწიეს ქვაბთახევის მშვენიერ მონასტრამდე.

ქვაბთახევში მტერს დაუხვდა „გარემო მახლობელთა მონასტერთაგანნი მონაზონნი, მრავალნი მამანი და დედანი, აზნაურთაგანნი და მღვდელნი და დიაკონნი და თვით მონასტრისა მის ძმანი“. გარდა სასულიერო პირებისა, „ერისკაცთა მათ სიმრავლე სოფელთაგან მახლობელთა იყო არა მცირეჲ“.

ბარბაროსებმა მონასტრის კარები შეამტვრიეს, გაძარცვეს იგი, „განიტაცეს ჭურჭელნი და გამოიღეს სიმდიდრენი მონასტრისა საუნჯეთა არა მცირედი, რამეთუ ფრიად მდიდარი იყო მონასტერი იგი“. მოხუცებულნი და უძლურნი, რომელთა ტყვედ წასხმაც შეუძლებელი იყო, მახვილით მოწყვიტეს.

ღვთის სამკვიდრებელში შესულმა უღმრთოებმა შეაგინეს წმიდა ტაძარი – გააშიშვლეს მახვილები, „ჰკაფდეს უწყალოდ ვენახსა მას სიტყჳერსა ანუ ხილნარსა მტილისა ღუთისასა“, უფლის ღირს მონათა ცხედრები ცის ფრინველთა საჭმელად და „მჴეცთა ქუეყანისათა“ საჯიჯგნად დატოვეს.

როცა ბარბაროსებმა კვლისა და ტყვეთა შეკვრისაგან მოიცალეს, წმიდა სამღვდელო კაცთა, მონაზონთა, ქალწულთა და მოწესეთა დაცინვა დაიწყეს – ეჟვნები შეაბეს მათ, თვითონ კი ეშმაკისგან გაგიჟებულებმა „იწყეს ხლდომად და როკვად“. „ვაი ჩუენდა, მონაზონთა“ – ქვითინით და ვაებით გოდებდნენ მოწამეები.

ამის შემდეგ ბარბაროსებმა ყველა იქ მყოფს მიმართეს: ან უარყავით ქრისტე, ან შეკრულებს შეგყრით ეკლესიაში, შეშას შემოგიწყობთ და დაგწვავთო. ტყვექმნილნი პასუხობდნენ: „ჩვენ უკუე მიცემულთა ხელთა მიმართ თქუენთა ცოდვათათვის ჩვენთა, რომელნი ვქმნენი და განვარისხეთ შემოქმედი ჩვენი და ღმერთი და არა თუ სიმართლისათვის თქუენთა ვესავთ, ვითარმედ განგვწმიდნეს პატიჟთა ამით დროებითითა და განგვისვენნეს უწელიწდოებითსა შინა საუკუნოსა. ვერა რაჲმემან განმაშორნეს სიყუარულსა მას ქრისტესსა, ჭირმან, ანუ იწროებამან, დევნამ, ანუ სიყმილმან, შიშლოებამან, ანუ ურვამან, ანუ მახჳილმან, არა რაჲმეღა ჩუენდა ღვთისა მიმართ მისართუმელ დროსა მას“.

მოწამეები ერთმანეთს ამხნევებდნენ და გალობდნენ ფსალმუნის სიტყვებს – „შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კულადნი“. როცა მარტვილნი ეკლესიის კარებთან მიიყვანეს, ასე მიმართეს უფალს: „შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა, უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა, მტერთა ჩემთათჳს წარმართე შენ წინაშე გზაჲ ჩემი“.

ღვთის ტარიგნი ბარბაროსებს ეუბნებოდნენ – „აღანთენით ჴორცნი, ბოროტმსახურნო, რათა ცეცხლითა საღმრთოჲთა მთებარენი სულნი უბრწყინვალეს მზისა განბრწყინდეს სასუფეველსა შინა ზეციურსა მამისასა, ნუ იცადებთ შეწირვასა ჩუენსა, რათა სახილველ ვიქმნეთ სოფლისა და ანგელოსთა და კაცთა, დაღაცათუ ჯერეთ სურჳლსა ჩუენსა მხოლოდ უფალი ჰხედავს და სიმართლისათჳს ჩუენისა ნუგეშინისა გვცემს“.

მტარვალებმა უფრო მეტი შეშა მოზიდეს და უფრო დიდი ცეცხლი აღაგზნეს. ალი მაღლა ადიოდა, ხშირი ნაკვერცხლები ცვიოდა, „ქუხილსა სახმილისასა მთანიცა ხმას სცემდეს“, ყოვლადდასაწველთა ნეტარი სულები კი გალობდნენ: „აკურთხევდით ცეცხლი და სიცხე უფალსა, უგალობდით და ზესთა ამაღლებდით მონანი უფალსა, უგალობდით და ზესთა ამაღლებდით მას უკუნისამდე“.

ასე შეიწირნენ ღვთის მიმართ ტარიგნი უბიწონი.

ეკლესიის იატაკზე მოწამეთა დამწვარი სხეულების კვალი აღიბეჭდა „და ვიდრე დღეინდელად დღემდე იხილვების შინაგან იატაკსა ზედა წმიდისა ეკლესიისასა დამწვარნი სახენი მათნი დღესაცვე ზედან სხენან“.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

https://georgianchurch.ca/23st-of-april-holy-martyrs-of-kvabtakhevi-monastery-%e2%80%a01386/

Categories
წმინდანთა ცხოვრება

1 თებერვალი. ხსენება ღირსისა ანტონ მარტყოფელისა (VI)

ტროპარი: ხატად ღმრთისა შექმნილმან წმიდაო, არა უდებ ჰყავ პატივი ხატისა ქრისტესი, თჳნიერ ხელითა კაცთასა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რა ხელთა შინა ურწმუნოთასა, განხურვებულმან შურითა საღმრთოჲთა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთველი ყოველთა, და მოუძღვანე ქართველთა ერსა, მოღვაწეთა შუენიერებაო ანტონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.
კონდაკი: მნათობად მზეებრ ბრწყინვალედ მოეცნეს ქართველთა ერსა ათორმეტ რიცხვნი მამანი, მოძღვარნი ყოვლისა სოფლისანი, და შვენიერებანი უდაბნოთანი, ხოლო შორის მათსა ბრძენი ანტონი იდიდებინ დღესა ჩუენ მიერ, რომელმან მოგვისვენა ხატი ღმრთისა, ხელით უქმნელი, მფარველად მეფისა მორწმუნისა და საცოდ ყოვლისა სოფლისა.
წმიდა ანტონ მარტყოფელი, 13 ასურელ მამასთან ერთად VI საუკუნეში შემოვიდა საქართველოში და ჩამოგვიტანა უფლის ხელთუქმნელი კეცის ხატი.თავისთავად საგულისხმოა ამ ხატის ისტორია: იესო ქრისტეს ამქვეყნიური მოღვაწეობის დროს ედესის მმართველი იყო ავგაროზი. ავგაროზმა, რომელსაც მძიმე დაავადება სჭირდა, მაცხოვართან მხატვარი გააგზავნა და თან წერილიც გაატანა – მეფე სთხოვდა იესოს, რომ განეკურნა იგი. ამავე დროს, ავგაროზი იესოს ედესაში იწვევდა, რადგან იცოდა, რომ მას სამშობლოში სდევნიდნენ.ავგაროზის მიერ წარგზავნილმა მხატვარმა მაცხოვარი მართლაც ნახა, თუმცა იესომ ედესაში წასვლასა და შეთავაზებული თავშესაფრის მიღებაზე უარი განაცხადა. ავგაროზისგან მხატვარს დავალებული ჰქონდა, რომ თუ იესო ედესაში არ წამობრძანდებოდა, მაშინ მისი ხატი დაეხატა. მმართველს იმედი და რწმენა ჰქონდა, რომ ამ ხატის შეხედვითაც განიკურნებოდა. მხატვარი შეეცადა, იესოს სახე დაეხატა, მაგრამ ვერ შეძლო. მაშინ მაცხოვარმა ტილო დაასველა და სახეზე მიიდო. მოხდა სასწაული და მაცხოვრის სახე ამ მანდილზე გადმოვიდა. ეს მაცხოვრის პირველი ხატია და სწორედ ამიტომ მას “პირი ღვთისა” ჰქვია.მხატვარს მაცხოვრის ხატი წამოუღია, მოციქულ თადეოზთან ერთად ედესისკენ გზად მიმავალს, ქალაქ იეროპოლში ერთ-ერთი სასტუმროსთვის შეუფარებია თავი. სასტუმროს მფლობელი კერამიკოსი იყო და სხვადასხვა ნივთებს ამზადებდა. მას ის ძვირფასი განძი, რომელიც მხატვარს მოჰქონდა, ქოთნებს შორის შეუნახავს, რათა უფრო დაცული ყოფილიყო. შუაღამისას საშინელი ჭექა-ქუხილი ამტყდარა, შეშინებული მხატვარი და სასტუმროს მეპატრონე წამომდგარან, რათა ენახათ, ავდარს “პირი ღვთისა” ხომ არ დაეზიანებინა, და აღმოჩნდა, რომ მაცხოვრის სახე კეცზე გადასულიყო. ამრიგად, “პირი ღვთისა” ორია: ერთი კეცის, რომელსაც კერამიონს უწოდებენ, ხოლო მეორე – მანდილიონი, ანუ, მანდილის-ტილოზე გადასული. კერამიონისა და მანდილიონის ხატის ისტორიები საქართველოს უკავშირდება, რაც შეეხება მანდილიონის ხატს, ამ ხატმა ედესაში მეფე ავგაროზი განკურნა, ხოლო ედესაში დატრიალებული საომარი კოლიზიების შემდეგ, შორეული და ფათერაკებიანი გზები გამოიარა მთელ აზიასა და ევროპაში… მე–13 საუკუნის დასაწყისში მისი კვალი დაიკარგა, მაგრამ გადარჩა მანდილიონის ფიცარზე გადასული ხატი, რომელიც საქართველოში ჩამოაბრძანეს. 1453 წლამდე ეს ხატი იმყოფებოდა კლარჯეთში, ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში, ხოლო 1664 წლიდან – თბილისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, რომელსაც ხატის პირვანდელი ბინადრობის მიხედვით „ანჩისხატი“ ეწოდა. საქართველოს გასაბჭოების დროისათვის ხატი ანჩისხატში იყო. 1938 წელს, საქართველოს კათოლიკოს –პატრიარქის, კალისტრატეს თხოვნით, იგი ხელოვნების მუზეუმში გადააბრძანეს. ამით კათოლიკოსმა ხატი ბოლშევიკთა ხელყოფისაგან გადაარჩინა, რადგან ამ პერიოდში ათეისტი ბოლშევიკები ტაძრებს ანგრევდნენ და ხატებს ანადგურებდნენ. მას შემდეგ “პირი ღვთისა – ანჩისხატი” მუზეუმში იმყოფება.კეცის ხატი კი წმინდა ანტონმა, ერეტიკოს ნესტორიანელებს წაჰგვარა და საქართველოში ჩამოაბრძანა. ნეტარ ანტონს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ – ზედაზენზეც და კახეთშიც – განუშორებლად თან დაჰქონდა ასურეთიდან წამოყოლილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. საბოლოოდ წმიდა ანტონმა აკრიანის მთას შეაფარა თავი და იქ გამოქვაბული გააკეთა.განმარტოების მოყვარულმა ანტონმა მადლმოსილი ლოცვითა და სასწაულებით მრავალი ქრისტიანი მიიზიდა. ბევრი გაიტაცა მისი ცხოვრების წესმა, ზოგიერთებმა მისი მიბაძვა მოინდომეს და იწყეს მის მახლობლად ცხოვრება მისი კურთხევით. როცა მათმა რიცხვმა ძლიერ იმატა, მამა ანტონმა მათთვის მონასტერი დააარსა, თავისთვის კი მთის მწვერვალზე ააშენა სვეტი, დაეყუდა და იქ მოღვაწეობდა თვრამეტი წელი. ხოლო რა ბედი ეწია მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს? ხელთუქმნელ ხატს, წმიდა მამის აღსრულების შემდეგ, სათუთად ინახავდნენ მონასტერში. ამ ხატს უამრავ სასწაულს მიაწერდნენ. მონღოლთა შემოსევის დროს, მარტყოფის მონასტერი თემურ ლენგმა აიკლო, თუმცა ვიდრე ეს საშინელება მოხდებოდა, მონასტრის წინამძღოლმა, გიორგი მარტყოფელმა, მოასწრო და კერამიონი გადამალა. როგორც ცნობილია, მას ხატი მარტყოფის ტერიტორიაზე დაუფლავს. ვარაუდობენ, რომ ხატი ამჟამადაც იქ იმყოფება და ჟამისად ალბათ გამოაჩენს თავს! ამგვარი მოიმედეობა ქარაგმულად გამოსჭვივის წმიდანის ტროპარშიც:მარტო მყოფ ბერს, რომელიც ბალახებითა და ხის ქერქით იკვებებოდა, უფალმა საზრდოს მისაცემად ირმები გამოუგზავნა. ბერი თავადაც უვლიდა მათ და მათი რძით იკვებებოდა.ერთხელ ახლომდებარე სოფლის მამასახლისი, რომელსაც ნორიო ერქვა, თავისი მხლებლებით ნადირობდა. ანტონის ირმებმა ამ დღეს ძლიერ დააგვიანეს და ბოლოს მოირბინეს. ძლიერ შეშინებულნი იყვნენ და ერთიც დაჭრილი იყო. მამა ანტონის გაუკვირდა, არ იცოდა თუ მახლობლად სოფელი იყო. ადგა, დაიკიდა გულზე თავისი ხატი და უკან გაჰყვა ირმებს, უნდოდა შეეტყო, რამ შეაშინა ისინი. წმიდა ანტონი ერთბაშად შეხვდა მამასახლისს. ეს უკანასკნელი ძლიერ გაკვირდა, როცა დაინახა მოხუცებული ბერი, რომელსაც გულზე ხატი ეკიდა, გარეულ ირემთა შორის, როგორც შინაურ პირუტყვებთან. დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ, რადგანაც მამა ანტონმა არ იცოდა ქართული ენა, მამასახლისი ვერას მიუხვდა. მას ანტონი საშიში კაცი ეგონა და ამიტომ ანიშნა, მარჯვენა ხელს მოგჭრიო, რომლითაც მამა ანტონი ანიშნებდა იმ მთას, სადაც ის ცხოვრობდა.მართლაც, მამასახლისმა უბრძანა მხლებლებს, წაეყვანათ ანტონი სამჭედლოში და იქ მოეჭრათ მისთვის ხელი. მჭედელმა გაახურა რკინა და უნდოდა შანთით მოეცილებია ხელი, მაგრამ ერთბაშად რკინაც გაუვარდა ხელიდან და თან ხელიც გაუშეშდა. მჭედელი შეშინდა და ენა ჩაუვარდა, აღარ იცოდა რა ექნა, მაგრამ წმიდა ანტონმა გადასახა ჯვარი და განკურნა. ამ სასწაულმა ყველა გააკვირვა. ყველაფერი იმ წამსვე მამასახილსს აცნობეს. მან მოიხმო წმიდა ანტონი და უთხრა: “მითხარი, რაც გსურს და აგისრულებო”. მამა ანტონმა ანიშნა, მიეცათ მისთვის ქვის მარილის ნატეხი. მათ მაშინვე მოუტანეს. ანტონი დაბრუნდა თავის გამოქვაბულში. მალე მისი ირმებიც დაბრუნდნენ, რომელთაც მისცა მარილი.წმიდა ანტონის სახელი მოეფინა მახლობელ სოფლებს. აქ კიდევ უფრო ბევრი რამ ნახეს საკვირველი. როგორც ავღნიშნეთ ბევრი გაიტაცა მისი ცხოვრების წესმა. ანტონ მარტყოფელი მხოლოდ ხანდახან ჩამოდიოდა მონასტერში ძმათა დასარიგებლად და ღვთის მსახურების აღსასრულებლად. ბოლოს, როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, მოუწოდა თავის მოწაფეებს, დარიგება მისცა მათ და აკურთხა. გარდაცვალების შემდეგ მამა ანტონის პატიოსანი გვამი ჩამოასვენეს სვეტიდან მონასტერში და დიდის მოწიწებით დაკრძალეს ღვთისმშობლის ხატის წინაშე ტაძარში.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

27 იანვარი / 1 ივნისი. წმიდა მოციქულთა სწორი ნინო (IV)

27 იანვარი / 1 ივნისი

წმიდა ნინო მოციქულთა სწორი,

ქართველთა განმანათლებელი (IV)

 

ტროპარი. სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ.

კონდაკი. მოციქული ქრისტეისგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღმრთისა განსწავლული, მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა მშვიდობისათა, დედისა ღმრთისა საკუთარი მოწაფე ნინო შევამკოთ დღეს ყოველთა გრძნობითა საღმრთოითა, მეოხი მხურვალე, მცველი დაუძინებელი.

 

კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას, ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ.

წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ, ნინოს მამამ, ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახსა და იორდანის გაღმა უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ.

ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში.

ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა საყვარელ შვილს. ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: „წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი“. ამაზე ნეტარმა ნინომ უპასუხა: „როგორ შემიძლია მე, სუსტ ქალს, რომ ასეთი დიდი სამსახური გავუწიო ქრისტეს და რით შემიძლია ვერწმუნო ასეთი ჩვენების ჭეშმარიტებას?“ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა: „მიიღე ჯვარი ესე ფარად და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა“. გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეჭირა ხელში. მან სიხარულის ცრემლებით დაალტო და საკუთარი თმებით შეკრა იგი.

ამის შემდეგ ნინომ ბიძას, პატრიარქ იუბენალს უამბო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ და გაუმჟღავნა სურვილი საქართველოში საქადაგებლად წასვლისა.

იუბენალმა აღსავლის კარებთან დააყენა დისწული, ხელი დაადო თავზე და უფალს შეჰღაღადა: „უფალო, ღმერთო მარადისობისაო, შეგავედრებ ობოლსა შვილსა დისა ჩემისასა და წარვავლინებ მას ქადაგებად ღვთაებისა შენისა , რათა ახაროს აღდგომა შენი და სადაც სასურველი იყოს შენთვის მიმოსვლა და ქადაგება მისი, ექმენ, ქრისტე ღმერთო, მას მეგზურად, ნავთსადგურად, მოძღვრად და ენის შემაცნებელად ისე, ვითარცა იქმოდი ამას წინამორბედთა, მოშიშთა სახელისა შენისათა მიმართ“.

ეფესოში ჩასული ნინო შეხვდა მეფის ასულ რიფსიმეს და მის დედამძუძე გაიანეს, რომლებიც ქრისტეს სჯულზე მოაქცია. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი დიოკლეტიანე. მას ძალზე მოეწონა რიფსიმე და გადაწყვიტა, ცოლად შეერთო იგი. წმიდა ქალწულები მიხვდნენ, რომ ეს მტრის ფარული ხრიკები იყო, ბილწთა და საძაგელთა კერპთა თაყვანისმცემელი მეფე ვერ იქნებოდა მეუღლე ქრისტიანი ქალისა, რომელსაც ზეციური სასიძო ამოერჩია. წმიდა ნინო, რიფსიმე, გაიანე და მათთან ერთად ორმოცდაათი ქალწული სომხეთში გაიქცნენ.

დიოკლეტიანემ მალემსმრბოლები აფრინა ლტოლვილთა მოსაძიებლად, შემდეგ თრდატ სომეხთა მეფეს გაუგზავნა ეპისტოლე, აუწყა მომხდარი და უბრძანა: „მოიძიე იგი და რა იპოვნო, მხლებელნი მისნი სიკვდილით მოაკვდინე, ხოლო თვით ის, სახელად რიფსიმე, მე გამომიგზავნე. და თუ შენ გთნდეს, შენთვის დაიგულე, რამეთუ არავინ იპოვება სხვა მსგავსი იონთა ქვეყანაში“.

თრდატ მეფემ იპოვა ქალები, მოიხიბლა რიფსიმეს სილამაზით და მისი ცოლად შერთვა განიზრახა. წმიდანი არ დაემორჩილა მეფის სურვილს, რისთვისაც თრდატმა აწამა იგი დედამძუძე გაიანესა და სხვა 50 ქალწულთან ერთად.

წმიდა ნინო ვარდის ბუჩქებში დაიმალა. უფალი სხვა ღვაწლისთვის ამზადებდა მისი სიყვარულით ანთებულ ქალწულს. წმიდა ნინო საქართველოსკენ წამოვიდა. ფარავნის ტბასთან მან გაიცნო მცხეთელი მწყემსები, ისევ მიიღო ღვთისგან ზეგარდამო ლოცვა-კურთხევა „მცხეთას წარმართთა ქადაგებისა“, თანამგზავრებიც იპოვა და ტანჯვა-წვალებით მოაღწია ქალაქ ურბნისამდე. წმიდანმა იქ სულ ერთი თვე დაჰყო, არმაზის კერპის თაყვანისცემად წამოსულ ქართველებს ისიც შეუერთდა და ჩავიდა მცხეთაში.

საშინელი სანახაობა დახვდა იქ წმიდანს: მეფენი, მთავარნი და ყოველი ერი შიშით ძრწოდა კერპთა წინაშე. შეწუხდა ქალწული: „უფალო, მოხედენ წყალობით ამათ ზედა ნათესავთა. რათა ყოველმან ერმან მხოლოსა ღმერთსა თაყვანის –გცენ იესოს მიერ ძისა შენისა“,- შეჰღაღადა მან ღმერთს. დაბერა საშინელმა ქარმა, წამოვიდა სეტყვა და შეიმუსრა კერპები. შეშინებული ხალხი სხვადასხვა მხარეს გაიფანტა .

წმიდა ნინო სამეფო ბაღში დასახლდა, უშვილო ოჯახს წმიდა ნინოს ლოცვით ღმერთმა მიჰმადლა შვილი. გახარებულმა ცოლ-ქმარმა აღიარა ქრისტე და დაემოწაფა წმიდანს. ნინოს ირგვლივ თანდათან იკრიბებოდნენ ქრისტეს სჯულის თაყვანისმცემლები. ერთხელ ნანა დედოფალი სასიკვდილოდ დასნეულდა, სასოწარკვეთილი დედოფლის მსახურნი წმიდა ნინოსთან მივიდნენ, აუწყეს ყოველივე და სახლში გაყოლა თხოვეს. „არა ბრძანებულ არს ჩემდა, რათა განვიდე, სადა შვება ჩვენი არა არს, არამედ დედოფალი მოვედინ საყოფელსა ამას ჩემსა და ჭეშმარიტად განიკურნოს ძალითა ქრისტჱსითა“,- უპასუხა წმიდანმა. ნანა დედოფალი დამორჩილდა მოციქულთასწორის ბრძანებას. წმიდა ნინომ ილოცა, ჯვარი გადასახა და განკურნა დედოფალი. ამის შემდეგ ნანამ აღიარა ქრისტე.

ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ჯვარცმულის მოსავნი, მათ შორის თავად ნანა დედოფალიც, თუ ის არ დატოვებდა ქრისტეს სჯულს. ნადირობისას მოულოდნელად მზე დაბნელდა. მარტო დარჩენილი მირიან მეფე დიდხანს ამაოდ უხმობდა შემწედ კერპებს. როცა იმედი გადაუწყდა, ქრისტეს შეევედრა: „ღმერთო ნინოსაო, განმინათლე ღამე ესე და მაჩვენე საყოფელი ჩემი და აღვიარო სახელი შენი, აღვმართო ძელი ჯუარისა და თაყვანის-ვსცე მას, აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა“. მაშინვე გამობრწყინდა მზე. გახარებულმა მირიანმა მადლობა შესწირა ქვეყნიერების შემოქმედს. მცხეთაში დაბრუნებულმა მეფემ ინახულა წმიდა ნინო და აუწყა განზრახვა.

წმიდა მოციქულთასწორის ღვაწლით საქართველოში განმტკიცდა ქრისტიანობა.

წმიდა ნინოს ცხოვრება მისივე მონათხრობიდან ჩაწერეს სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა (ხს. 15 იანვარს).

წმიდანის სურვილისამებრ მისი პატიოსანი გვამი ბოდბეში დაფლეს. შემდგომ მის საფლავზე მირიან მეფემ წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

18 დეკემბერი. ღირსი საბა განწმედილი

 

ღირსი საბა განწმედილი V საუკუნეში დაიბადა კაბადოკიაში, კეთილმსახური ქრისტიანების, იოანესა და სოფიას ოჯახში. წმიდანის მამა მხედართმთავარი იყო. ერთხელ იგი სამსახურის საქმეებზე ალექსანდრიაში გაგზავნეს და მეუღლეც თან წაიყვანა. ხუთი წლის ძე ბიძას დაუტოვეს აღსაზრდელად.

გავიდა ხანი. წმიდანის სანათესაოში მისი მამის ქონების გამო შფოთი და მტრობა ჩამოვარდა, სიყრმიდანვე უფლისგან შეყვარებულმა საბამ კი ყოველივე ამაოდ შერაცხა და მახლობლად მდებარე ფლაბიანოსის მონასტერს შეეხიზნა. ამ დროს იგი რვა წლისა იყო. ნათესავები ბევრს ეცადნენ, საერო ცხოვრებისკენ მოებრუნებინათ ყრმა, მაგრამ ამაოდ.

გულისხმიერმა ყრმამ სწრაფად შეისწავლა წმიდა წერილი „და ყოველი წესი მონაზონებისაჲ“, ჩვიდმეტი წლისა ბერად შედგა, „სული თჳსი დაიმდაბლა მარხვითა. ჴორცნი შრომითა დააჭნვნა“, ყველა მოწესეს გარდაემატა სიმდაბლით, მორჩილებითა და ღვთისმსახურებით. წმიდა ცხოვრებისთვის საბას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა.

ფლაბიანოსის მონასტერში გატარებული ათი წლის შემდეგ საბა იერუსალიმში გაემგზავრა, აქედან კი ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) ლავრას მიაშურა. ღირსმა ექვთიმემ წმიდანს ამბა თეოქტისტეს სავანეში წასვლა ურჩია. უფლის რჩეულმა მდაბლად მიუგო: „ვითარცა მიბრძანო, ეგრეცა ვყო“.

წმიდა საბა ოცდაათი წლის ასაკამდე ამ მონასტერში იმყოფებოდა მორჩილად, წინამძღვრის – თეოქტისტეს გარდაცვალების შემდეგ კი სავანის მახლობლად, გამოქვაბულში დამკვიდრდა. კვირაში ხუთი დღე იგი არაფერს ჭამდა. გამუდმებით ლოცულობდა და შრომობდა, შაბათ-კვირას კი საძმოსთან ერთად ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა და მათთან იყოფდა ტრაპეზს. რამდენიმე ხანში წმიდანს ნება დართეს, დაყუდებიდან საერთოდ არ გამოსულიყო და ასე, სრულ მარტოობაში დაჰყო ხუთი წელი.

ღირსი ექვთიმე ყურადღებით ადევნებდა თვალს ახალგაზრდა ბერის მოღვაწეობას. ექვთიმეს გარდაცვალების შემდეგ კი (+473), წმიდა საბა ნეტარი გერასიმეს (+475; ხს. 4 მარტს) სავანის სიახლოვეს დამკვიდრდა და „გამობრწყინდა, ვითარცა მთიები, იორდანისა უდაბნოსა“.

ერთხელ უფლის ბრწყინვალე ანგელოზი წარდგა ნეტარი საბას წინაშე და უბრძანა, სილოამის ხევთან მდებარე გამოქვაბულში დამკვიდრებულიყო. მოსაგრე დამორჩილდა ზეციურ კურთხევას. საბას ახალი სენაკი ძნელად მისასვლელი იყო: იგი საბლით ადიოდა და ჩამოდიოდა. თანდათან წმიდანის ირგვლივ მოწაფეები მომრავლდნენ. ჯერ მცირე ეკვდერი ააგეს, შემდეგ კი ცეცხლოვანი სვეტით უფლისგან სასწაულებრივ მინიშნებულ მღვიმეში მცირე ტაძარიც მოაწყვეს; აშენდა სენაკებიც. ასე წარმოიშვა დიდი ლავრა. საბამ ამ სავანისთვის შექმნა პირველი წეს-განგება, „იერუსალიმის“ სახელით ცნობილი, რომელიც შემდეგ პალესტინის ყველა სავანემ მიიღო.

წმიდა საბას არ სურდა მღვდლად კურთხევა, მაგრამ უფლის ნება სხვაგვარი იყო: მთავარეპისკოპოსმა თითქოს რაღაც სხვა გარეშე მიზეზით იერუსალიმში მოუწოდა წმიდანს და ხუცესად დაასხა ხელი.

ექვთიმე დიდის მიბაძვით წმიდა საბაც დიდმარხვაში უდაბნოში გადიოდა ხოლმე. ერთხელ მან მკვდარ ზღვაში მცირე კუნძულს მოჰკრა თვალი და გადაწყვიტა, აქ გაეტარებინა მარხვის დღეები, მაგრამ, როგორც კი მისკენ გაიწია, ეშმაკის მანქანებით, „შთავარდა. ადგილსა ერთსა მის ზღჳსასა, ბნელსა და ცეცხლსა, და გამოჴდა მიერ ალი და შეწუა პირი და წუერი“ და რამდენიმე დღე უგონოდ ეგდო, შემდეგ უფალი შეეწია და განაძლიერა, მაგრამ მოტრუსული წვერი ამის შემდეგ არ წამოზრდია – უწვეროდ დარჩა. „ქუეყანისა ანგელოზი. და ზეცისა კაცი, ბრძენი და სარწმუნო მოძღუარი“, წმიდა საბა დაუცხრომელი მოღვაწე იყო. მან „უდაბნოჲ ქალაქ ყო მონაზონთა სიმრავლითა“: გარდა დიდი ლავრისა, კიდევ ექვსი სავანე დააარსა.

უფლის რჩეული ახოვნად იბრძოდა მართლმადიდებლური ეკლესიის სიწმიდის დასაცავად. ასე მაგალითად, მწვალებელმა სევერუსმა დიდი კადნიერება ჰპოვა უსჯულო მეფის, ანასტასის წინაშე და ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ეს რომ წმიდა საბამ გაიგო, იერუსალიმში ჩავიდა უდაბნოში მოღვაწე ბერების თანხლებით და საჯაროდ შეაჩვენა სევერუსი და მისი მწვალებლური მოძღვრება: „შე-მცა-ჩუენებულ არს სევერი და რომელნი მას ეზიარებიან!“

ანასტასიმ მხედართა რაზმი გაგზავნა იერუსალიმში, იქაური მართლმადიდებელი მღვდელმთავარი ელია გადააყენა და მის ნაცვლად მწვალებლობისკენ მიდრეკილი იოანე დაადგინა. საბა და სხვა მეუდაბნოე მამები კვლავ შეიკრიბნენ იერუსალიმში და ისევ საჯაროდ შეაჩვენეს ერეტიკოსები. ანასტასიმ გადაწყვიტა, ქალაქიდან გაესხა მართლმადიდებლობის მოსარჩლე მამები, მაგრამ „ყოველნი მონაზონნი უდაბნოჲსანი“ აღსდგნენ წინამძღვრების დასაცავად და უღმრთო ხელისუფალი აიძულეს, რისხვა დაეცხრო.

ნეტარი საბა მეტად ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. ახოვანი მოსაგრე გამოცდილი მოძღვარიც იყო. ერთხელ იგი ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად იერიქონიდან იორდანისკენ მიდიოდა, როცა მათ ერისაგანნი, და მათ შორის ერთი მშვენიერი ქალი შემოხვდათ. წმიდანმა მოწაფის გამოცდა მოისურვა და უთხრა: „ვითარ შუენიერ არს ქალი ესე, რომელ გარე-წარგუჴდა, და არს იგი ერთთუალი“. მოწაფემ მიუგო: „არა, მამაო, ორნივე თუალნი ასხენ“. ბერმა გაიმეორა: „სცეთ, შვილო, ერთთუალი არს“, მოწაფემ კი თავისი დაიჟინა: „არა ერთთუალი არს, არამედ დიდად ხოლო თუალითა შუენიერ არს“. მაშინ საბამ თქვა: „და სადა წერილ არს, რაჲთა შენ თუალნი მიადგნე მას და წამითა შენითა იხილო იგი? რამეთუ, ვითარცა ცეცხლი შემწუველი, ეგრე არს“. თვალდაუჭერლობისთვის ნეტარმა დასაჯა მოწაფე, სენაკიდან გააძევა და მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნა, რაც მან გულწრფელი სინანულით აღვსილმა, „თავი თჳსი დიდად დაიტანჯა“.

წმიდა საბა მკაცრი მმარხველი იყო: მთელი მარხვის მანძილზე პურს არ ღებულობდა, მოუძლურება კი ოდნავადაც არ ეტყობოდა; „შურებინ სიცხესა მრავალგზის და ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა შჳდეულთა მარხვით აღასრულებდა“, მაგრამ თუ სტუმარი მოვიდოდა და გაიხსნილებდნენ, „დღესა ორჯერ ჭამის და განძღის და გარდაერიის, და სიყვარულითა სტომაქსა არა ევნის“. ერთხელ, იოანე მთავარეპისკოპოსთან სტუმრობის დროს, საბა თურმე, ჩვეულებისამებრ, წრფელი გულით ღებულობდა ყველაფერს, რასაც აწვდიდნენ, და „ღმრთისა მიერ არარას განიკითხავდა“. მაშინ თეოდოსი დიდი იოანესა და მის ძმას, ასკალონის ეპისკოპოს ანტონის სიყვარულით გახუმრებია: „თქუენ ორთავე, რომელთა შემდგომად ღმრთისა თავადი პალესტინა გამოჰზარდეთ ჟამსა სიყმილისასა, მიკჳრს თუ ეგე გან-ვითარ-აძღოთ საჭმლითა“. პასუხად მთავარეპისკოპოსს უთქვამს: „შემინდვეთ, მამანო, რამეთუ ჩუენ ვერცა შიმშილსა დაუთმობთ, ვერცა სიმაძღრესა, ხოლო ამას ღმრთისა კაცსა მოციქულთაჲ იგი აქუს მადლი, იცის დამდაბლებაჲცა და აღმაღლებაჲცა. იცის მაძღრობაჲ და სიმშილი, გარდამეტებაჲ და ნაკლულევანებაჲ და ყოველივე განძლიერებულ არს ძლიერებითა ქრისტჱსითა“.

 

უფლისაგან საკვირველთქმედების ნიჭმიმადლებული წმიდა საბა მრავალ სასწაულს აღასრულებდა: მისი ლოცვით უდაბნოში წყარო აღმოცენდა, საშინელი გვალვის დროს ძლიერი წვიმა გარდამოხდა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა, ბევრი გადაურჩა სასიკვდილო საფრთხეს. ნეტარ მამას მხეცებიც უდრტვინველად ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ, ხშირად ისინიც ღებულობდნენ მისგან კურნებას.

წმიდა საბამ წინასწარ განჭვრიტა საკუთარი აღსასრულის მოახლოება: დასნეულებულმა, ოთხი დღე „არარაჲსაჲ გემოჲ იხილა, არცა ვის თანა ზრახვიდა“, შაბათ საღამოს კი ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა და 532 წლის 5 დეკემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

Exit mobile version