Categories
წმინდანთა ცხოვრება

სავედრებელო პარაკლისი წმინდა მღვდელმოწამე ხარლამპი მაგნეზიის ეპოსკოპოსისა

სავედრებელი პარაკლისი

წმიდისა მღდელმოწამისა ხარლამპისა

მაგნეზიის ეპისკოპოსისა

მღდელი: კურთხეულ არს

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4

სუეტად რჩეულად ქრისტეს ეკლესიისა და დაუშრეტელ ლამპრად ყოვლისა სოფლისა გამოსჩნდი შენ, ხარლამპი ყოვლადბრძენო, და წამებითა განბრწყინდი რაი სოფელსა შინა, კერპთა საცთური შემუსრე, ნეტარო, ამისთვის გვექმენ შუამდგომელ  წინაშე ქრისტეისა, და მარადის ევედრები ცხოვნებისათვის ჩუენისა.

 დიდებაი.. ტროპარი (იგივე) აწდა

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 2

ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთა, ღაღადებდა, მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გიგალობთ შენ, ვითარცა მღდელობისა და მარტვილობისა გვირგვინითა შემკულსა მამასა ჩუენსა, რომელმან გზაი ცათა სასუფევლსა შინა მკვიდრობისაი გვიჩუენე ყოველსა მორწმუნესა.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გაქებთ შენ, ვითარცა ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსა, და გევედრებით ხსნასა სოფლისა ამის განსაცდელთაგან და საფრხისაგან ეშმაკისა

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გნატრით შენ, ვითარცა მღდელთმთავართა და მოწამეთა შორის საჩინოსა, და გევედრებით ხსნასა მომსრველთა სენთაგან და მძვინვარებათაგან ჭირთაისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მხოლოსა უქორწინებელსა და წმიდასა, გევედრებით შენ მონანი შენნი, ძვირთა და ვნებათაგან განგვარინე, ვითარცა სახიერისა ღმრთისა მშობელმან, სახიერმან და მოწყალემან.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარეო.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გულითა განწმედილი და სულითა განათლებული ღირს იქმენ რაი მღდელთმთავრობისა პატივისა, საჭეთმპყრობელ და მმართებელ ექმენ სამღდელოთა და ერთა, და მარადის ქადაგებდი ჭეშმარიტებასა და კეთილად განაგებდი სამწყსოსა შენსა.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

საღმრთოითა მგზებარებითა შემკული ამხელდი რაი კერპთმსახურებისა სიცბილსა, განამრავლე რიცხვი მორწმუნეთაი, ნეტარო, და ყოველთა განსწავლიდი რაი ღუაწლსა მას შინა სულიერსა, შეშფოთდენ წარმართნი და აუწყეს მმართველსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

შეგიპყრეს რაი, წმიდაო, და წარგადგინეს წინაშე მსაჯულისა, გაიძულებდენ კერპთათვის მსხუერპლისა შეწირვასა, გარნა არცაღა სმენად თავს-იდევ სიტყუანი მისნი და აღიარებდი ღმრთეებასა მაცხოვრისასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წარწყმედისა, ძვირთა და ყოვლისა ვნებულებისა და გარე-მოდგომილებისაგან დაგვიფარე ჩუენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვედრებითა წმიდისა ხარლამპისაითა და ლოცვათა მიერ შენთა, სძალო ღმრთისაო.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, მარტვილო ღმრთისაო, რამეთუ ჩუენ ყოველნი სახელ-გდებთ, ვითარცა მხსნელსა და ღმრთისა მიმართ შუამდგომელსა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი, ხმაი 2

მრჩობლი ღუაწლი აღასრულე ქუეყანასა ზედა, მრავალტანჯულო ხარლამპი, და მრჩობლთაცა გვირგვინთა ღირს იქმენ რაი მოღებად ღმრთისა მიერ – მოღუაწებისა და მარტვილობისათა, აწ გაქუს კადნიერებაი წინაშე მისა, რაითა დაგვიცვას განსაცდელთაგან და გვიხსნნეს უხილავთა და ხილულთა მტერთაგან.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგება საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი, და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

არა უარყავ რაი ქრისტე წინაშე მმართველისა, უბრძანა გუერდთა შენთა ხუეტაი ფოცხითა და მაღლად აღაპყრნე რაი ლოცვითა ხელნი, სისხლი შენი დიოდა მსგავსად წყლისა.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ხედვიდენ რაი ურისხველობასა შენსა, მრავალთა რწმენეს ქრისტე, და შორის მათსა იყუნეს რაი მხედარნი – მტანჯველნი შენნი, მსწრაფლ წარკვეთეს თავნი ახალმოწამეთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ღმრთივმავალ ვარსკულავად ექმენ სამსა დედაკაცსა, იხილეს რაი ვნებანი შენნი, აღიარეს ქრისტე წინაშე მძლავრთა, და მათ მიერ ტანჯულთა შეჰვედრეს სული თვისი უფალსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გსახავთ შენ მკურნალად ჩუენად, ღმრთისა მიმართ ლოცვათა მიერ შენთა ჭირთა, სრვისა და გარე-მოდგომილებისგან გვიხსენ მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაი შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთმოყუარეო.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მაშინ განრისხდა მხედართმთავარი იგი და იწყო რაი ტანჯვაი შენი, სანატრელო, ხელნი მისნი მოუძლურდენ, და შეგნერწყვა რაი მმართველმან, უკუნ მიექცა თავი უგუნურსა.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

შიშნეულნი გევედრებოდენ რაი შეწევნასა, განკურნე იგინი და მხედართმთავარი მოექცა რაი ქრისტეანობასა ზედა, მმართველმან დააყენა დევნაი და ყოველივე ამცნო მეფესა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა 

ფრიად განრისხდა უსჯულოი იგი მეფეი და წვერითა მიყვანებაი შენი უბრძანა რაი მსახურთა, ვერა შეძრა სიმტკიცეი შენი, ნეტარო, და უწყალოდ დაგბძარა სამსჭვალითა და გტანჯა ცეცხლითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვითარ საზარელ არს ჩუენთვის საიდუმლოი სამსჯავროისა დღისაი, ძრწოლაი დიდი მოგვიცავს და შევძრწუნდებით, გარნა ლოცვითა წმიდისა ხარლამპისაითა სასჯელისაგან განგვარინე, ყოვლადწმიდაო ქალწულო.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: მომიტევენ სახიერ, აღურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ: მიხსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ზეგარდამო გესმა ხმაი უფლისაი და განგკურნა რაი ყოველთა წყლულებათაგან, მადლი საკვირველთმოქმედებისაი მოგანიჭა და აღადგინე რაი მკუდარი ლოცვითა და განკურნე ეშმაკეული, რწმენა იესუ მრავალთა.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ჰოი, უცნობელობაი მეფისაი, ბრძანა რაი ქვითა გვემაი შენი და ცეცხლითა მოწვაი წვერისა შენისაი, გარდამოხდა ალი და დაწვა რაი მტარვალნი, საღმრთოითა შურითა აღეგზნა ასული მეფისაი, და ორგზის შემუსრა კერპნი ბომონსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

დაღათუ სარწმუნოებისა ცუარითა დაშრიტე ალი ბოროტადმადიდებელთა უგუნურებისაი, გმეს უფალი სევერუსმან და დიდებულმან მისმან, რამეთუ სტყორცნა ისარი ცასა და გამოიწვია ბრძოლად უფალი მეფემან უკეთურმან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო სძალო, ღმრთისმშობელო, დახსენ ჭირთა და განსაცდელთა ღელვაი მხურვალითა ვედრებითა წმიდისა ხარლამპისაითა, და დააყუდნე ბოროტი ხრწნილებაი.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, მარტვილო, რომელნი წარმწყმედელთა ვნებათაგან გარე-შეცვულნი შენდა მოვივლტით, ვითარცა ღმრთებრივისა მლოცველისა მიმართ წინაშე ქრისტეისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                          

გუნდი: ამინ.

კონდაკი, ხმაი 6

ვითარცა მწყემსი კეთილი და აღმსარებელი მოწამეი მრჩობლითა გვირგვინითა შეგამკო ღმერთმან, საკვირველთმოქმედო ხარლამპი, და ურიცხვთა სასწაულთა მიერ განგადიდა რაი ქუეყანასა ზედა, აწ კუალად მიანიჭებ კურნებასა და განსაცდელთაგან იხსნი ყოველთა მოსავთა შენთა და მვედრებელთა.

სხუაი კონდაკი, ხმაი 8

აღვსებულ იქმენ მადლითა დიდებულისა მღდელობისაითა და ეკლესიაი ბრწყინვალედ შეამკვე საღმრთოითა მით ვნებითა შენითა, რომელნიცა ქრისტეისთვის თავს იდევ მხნედ მოხარულმან, ხარლამპი, პატიოსანო მნათობო ყოვლისა სოფლისაო, და განანათლენ კიდენი ქუეყანისანი, ვითარცა უძლეველმან.

იკოსი

თანა-ხატ ექმენ ქუეყანასა ზედა ნებსით მოსრულსა და ცოდვათა და უძლურებათა ჩუენთა მტვირთველსა მწყემსთმთავარსა ჩუენსა, ქრისტესა ღმერთსა, დასდევ რაი სული თვისი ცხოვართათვის, რომელთაცა აუწყებდი ვნებათა მისთა, წმიდაო მოწამეო ხარლამპი, ამისთვის ყოველნი გიგალობთ შენ, ვითარცა უძლეველსა.

მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 7

იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა

მუხლი: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქება მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.           

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა 

მღდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელი: მოხედენ.

სახარებაი ლუკასი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. ამისათვის რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. ხოლო გეტყვი თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი და ამისა შემდგომად ვერარაი აქუს უმეტესი, რაი გიყონ თქუენ. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ხელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყვი თქუენ, მისა გეშინოდენ. ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. ხოლო გეტყვი თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუი ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ხელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაი სიტყუაი მიუგოთ, ანუ რაი სთქუათ, რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაი-იგი სთქუათ.

დიდებაი შენდა უფალო, დიდება შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა მღდელმოწამისა ხარლამპისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: მადლი შეწევნისაი მოგანიჭა რაი უფალმან, ვითარცა საწუთოსა ამას, ეგრეთცა შემგომად სიკუდილისა, აწ გვიოხე წინაშე მისსა, რაითა განამტკიცოს მშვიდობაი ქუეყანასა ზედა და ეკლესიაი თვისი დაიცვას შეუძრველად, ხოლო  ჩუენ მოგვანიჭოს კურნებაი და წარგვიმართოს გზასა მას ჭეშმარიტსა.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისამძლისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულმოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისა – ქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანეოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისამძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრედამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგიიოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და წმიდისა მღდელმოწამისა ხარლამპისა და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                  

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმათა ღმრთისმსახურთა ბაბილონს შინა არა მსახურეს ხატსა ოქროსასა, და მით სახმილსა შეითხივნეს, და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მაშინ ისმა ხმაი ქუხილისაი, და ძალმან მაღლისამან ჰაერსა დამოკიდა რაი უგუნურნი, ასული მეფისაი გევედრებოდა ხსნასა მათსა, და დააცხრვე რაი რისხვაი უფლისაი ლოცვითა, ორნივე მშვიდობითა დაეშუენ ქუეყანასა ზედა.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ხედვიდა რაი საღმრთოსა მას ძლიერებასა შენსა, ეწადა მეფესა თაყუანისცემაი ღმრთისაი, გარნა შურითა ეშმაკისაითა შთავარდა მრისხანებასა შინა, და ბრძანა წარკვეთაი თავისა შენისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

განგიყვანეს რაი დასჯად, ღმერთშემოსილო, უღმრთოთა მიერ თავის მოკვეთასა შენსა უსწრო ქრისტემან, გამოგიჩნდა რაი ანგელოზთა თანა, ღირსო ხარლამპი, და აღგითქუა აღსრულებაი ყოველთა ვედრებათა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ხორცთა სენისაგან, და სულთა ცოდვისა განკურნენ, ღმრთისმშობელო, მოსავნი შენნი, რომელნი საფარველსა ქუეშე შენსა მოივლტიან, რამეთუ შენ ხარ, ყოვლადწმიდაო, სასოი ჩუენი და მაცხოვარი.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანამზრახველმან მაყვლოვანით, სახე გამოაჩინა ქალწულისაგან შობისა უვნებელად, ყოველნი მას ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ უკუნისამდე.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მოგიხილა რაი ქრისტემან, ნაწილთა შენთა განსასვენებელთა ადგილთათვის შესთხოვე მშვიდობაი და ნაყოფიერებაი, ხოლო მომხსენებელთა შენთათვის ხსნაი და კეთილდღეობაი.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მშვიდობითა შეჰვედრე რაი სული თვისი უფალსა, მოწამეთა მწყობრსა შეგრაცხა და მოგანიჭა რაი მადლი შეწევნისაი, კურნებდი სენთა და სალმობათა და აღხოცდი ვნებათა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

განითქუა რაი სასწაულნი შენი, მოისწრაფდენ ყოვლითა სენითა გუემულნი და მიემთხვეოდენ რაი საფლავსა შენსა, განიკურნებოდენ და მადლობასა შესწირვიდენ ღმერთსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველი ვნებულებაი სულთა და ხორცთაი განაოტე ჩუენგან ლოცვითა წმიდისა ხარლამპისაითა, და დახსენ ყოველნი ბოროტნი საფრხენი და განსაცდელნი, ყოვლადწმიდაო.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამო, რომელ-არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

იღუაწე რაი ვიდრე სისხლთა დათხევადმდე ქრისტეისთვის, დასსა მას მარტვილთასა შეგრთო ეკლესიამან, ღირსადსაკვირველო მამაო, და ქებაი და მოხსენიებაი შენი განგვიჩინა სამწყსოთა თვისთა.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

იხარებს აწ სტეფან-წმიდისა მონასტერი მეტეორას, მწიაღებელი პატიოსანის თავისა შენისაი, და კიდეთაგან ქუეყანისათა მოივლტიან მორწმუნენი მიმთხვევად მისდა, რაითა ყოველთა ძვირთაგან გამოიხსნა მადლითა შენითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სიმრავლეი მორწმუნეთაი, ცოდვათა ხდომისაგან შერყეული, გევედრებით, სანატრელო, რაითა ღუარი სნეულებათა ჩუენთაი და წარმწყმედელთა განსაცდელთა და ბოროტთა ვითარებათაი განაძო კადნიერებითა დიდითა ღმრთისა მიმართ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძვირისხილვისა ადგილსა, და სნეულებისა სარეცელსა დაცემული ესე აღმადგინე, მეოხებითა შენითა და განმკურნე ლმობილი და წყლული მონაი შენი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, სასოო განწირულთაო.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

შუენიერ იქმენ შენ, ჰოი, ხარლამპი, შეიმკევ რაი სისხლითა მოწამეობისაითა, და მოიღე მადლი კურნებისა და სასწაულთქმედებისაი ღმრთისაგან, აწ ჩუენცა ყოველთა სალმობათა და ჭირთაგან გამოგვიხსენ და განაოტე ყოველნი ბოროტნი ზრახვანი, აღძრულნი სულთამხრწნელისა მტერისაგან.

ეკლესიისა სუეტად შეურყეველად და ლამპრად სოფლისა იქმენ შენ, ჰოი, მარტვილო წმიდაო, და ანგელოზთასწორ მსახურად თვისად – აღმსარებელად და მკურნალად სენთასა გამოგაჩინა რაი უფალმან, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა ყოველთა ვნებათა და განსაცდელთაგან შეცულნი განგვათავისუფლოს ოხითა შენითა.

საღმრთოითა ძალითა განტკიცებულმან უძლური იგი კადნიერებაი უსჯულოთაი დაამხუე, ვითარცა ქრისტეს მხედარმან ახოვანმან, და განჰბრწყინდი რაი უმცხინვარეს მზისა, აწ ჩუენცა შუამდგომელად აღგძრავთ მისა მიმართ, რაითა დაშრიტოს ჩუენ ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და შეგვკრიბოს ქუეყანასა ზედა განბნეული ერი ქართველთაი.

ზღუდედ უბრძოლველად გსახვიდენ რაი წინაპარნი ჩუენნი,  მრავალვნებულო მამაო, დიდად პატივს სცემდენ წმიდათა ნაწილთა შენთა, და მოაბრძანეს რაი ივერიას, სხუათა მათ ნაწილთა თანა შთასვენებულ არს ხატსა მას წმიდისა ნინოისასა, დაბრძანებულსა სამთავროს დედათა მონასტერსა, და ვიდრე აქამომდე პატივისმცემელნი მისნი მიემთხვევიან კურნებასა და წყალობასა.

ჭეშმარიტად გამოსჩნდი შენ მწყემსად საკვირველად, ჰოი, ხარლამპი დიდებულო, და სამწყსოსა მას შენსა ავედრებდი რაი ღმრთისმშობელსა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე დედობრივსა მადლსა მისსა, რაითა აღასრულოს თქმულნი თვისნი, ვითარცა მოწყალემან, და უკუნისამდე დაიცვას წილხვედრი თვისი ივერიაი და ერი ივერიისაი, რაითა არა განვუდგეთ სარწმუნოებასა ჩუენსა და მარადის ვადიდებდეთ მეუფესა ჩუენსა და ღმერთსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.       

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                      

გუნდი: ამინ.

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, საკვირველო და ჭეშმარიტად ახოვანო მამაო ჩუენო, მღდელმოწამეო ხარლამპი, სიმტკიცეო და მოძღვარო ეკლესიისაო; მონაზონთა სამკაულო და მქადაგებელო საღმრთოისა მადლისაო; მართლმადიდებლობისა სასანთლეო და ქრისტეანეთა დიდებაო; სიტყვიერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და დიდო მეოხო ჩუენო წინაშე მაცხოვრისა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისაო!

ჰოი, ღმერთშემოსილო მამაო ჩუენო, ყოვლადქებულო ხარლამპი, რომელმან ცხორებაი შენი განამტკიცენ კეთილმსახურებითა და ღმრთივბრწყინვალედ შეამკევ წამებისა სისხლითა, აწ ყურად-იღე ლოცვანი ჩუენნი და გვითხოვე უფლისაგან, ერი ჩუენი დაიცვას მტერისა საფრხისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან და დაიფაროს წვალებათაგან და სჯულისაგან უცხოისა, ხოლო ჩუენ მოგუმადლოს ცოდვათა და უსჯულოებათა შენდობაი, და მოგვანიჭოს მწყემსნი კეთილნი განსამტკიცებლად მართლისა სარწმუნოებისა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, ქრისტეისმოყუარე მხედრობანი, და ყოველნი შვილნი ქრისტეს წმიდისა მართლმადიდებელისა ეკლესიისანი სარწმუნოებასა და ღმრთისმოსავობასა შინა განამტკიცე, და დაიფარე ყოველთა ერესთა, განწვალებათა და ცრუთა სწავლათაგან.

ჰოი, მწყემსო კეთილო, ცხოვართა მათ პირმეტყუელთაო ხარლამპი, შუამდგომელო ჩუენო ჟამსა ყოველთა ჭირთა და ურვათაო! ნუ დასცხრები აწ ვედრებად ღმრთისა მიმართ, ზეცითგან აღგითქუამდა რაი ყოველთა თხოვათა აღსრულებასა, და გვითხოვე გარდამოავლინოს კურთხევაი ყოველთა კეთილთა საქმეთა ჩუენთა ზედა, და მოგვმადლოს ნაყოფიერებაი ქუეყანისაი და კეთილშეზავებულობაი ჰაერისაი; ყოვლისაგან სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, მტერთა ზედამოსლვისა, ძმათამკულელ ომთაგან და ყოვლისაგან ბოროტისა განრინებაი და ყოველთა მომსრველთა სენთაგან გარე-მოზღუდვაი, რაითა ყოველთა ღმრთის-სათნოდ განვვლოთ ასპარეზი მსწრაფლწარმავალისა ამის ცხორებისაი, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი, და თაყუანისცემაი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მღდელი: სიბრძნით ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვიისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.                    

გუნდი: დიდებაი.. აწდა

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.

მღდელი: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა…                                        

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მამისა ჩუენისა, მღდელმოწამისა ხარლამპისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვა ხატის მთხვევასა ზედა:

ცხორებისა სიმდაბლეი და სიმტკიცეი სარწმუნოებისაი აჩუენე, საკვირველთმოქმედო ხარლამპი, და სიწმიდითა მსახურე რაი ღმერთსა, გადიდა შენ სოფელსა შინა, და მოგანიჭა რაი მადლი ყოველთა სენთა კურნებისაი და ეშმაკთა განსხმისაი, აწ ჩუენცა შეგვეწიე, რომელნიცა ამბორს-უყოფთ ყოვლად პატიოსანსა ხატსა შენსა და გევედრებით, ვითარცა მოყუარულსა მამასა ქრისტეისმოყუარეთა ერთასა, რაითა ხორცთა სენისა და სულთა ცოდვისაგან განგვკურნო და დაგვიფარო გარე-მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა, ვნებათა და საცთურთაგან.

დედოფალო ყოვლად-ბრწყინვალეო მარიამ, წმიდისა მღდელმოწამისა ხარლამპის ლოცვითა წარგვიმართენ დღენი ცხოვრებისა ჩუენისანი, სადიდებლად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა. ამინ!

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა; რედაქტორი ნონა ნამგალაძე

 

 

 

 

Categories
წმინდანთა ცხოვრება

23 თებერვალი. წმინდა მღვდელმოწამე ხარლამპი მაგნეზიის ეპოსკოპოსი

23 თებერვალი.

ცხოვრება და ღვაწლი

წმინდა მღვდელმოწამე ხარლამპისა

მაგნეზიის ეპოსკოპოსისა

წმინდა მღვდელმოწამე ხარალამპი მოღვაწეობდა II საუკუნეში, იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211 წ.წ.) ზეობისას. იგი თესალიის ქალაქ მაგნეზიის ეპისკოპოსი გახლდათ. როცა იმპერატორმა წამოიწყო ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ქრისტეს სიტყვის უზადო მქადაგებელი უშიშრად ქადაგებდა სახარებას და მრავალ შეცდომილ სულს აყენებდა ჭეშმარიტების გზაზე, ხოლო ქრისტიანებს მოუწოდებდა, არ ეღალატათ უფლისთვის. რა თქმა უნდა, თვითონ გარეგნობაც კი ამ ხანდაზმული მღვდელმთავრისა (იგი მაშინ 113 წლისა გახლდათ) განამტკიცებდა მორწმუნეებს.

 

როდესაც ამ „იმპერიისათვის სახიფათო პერსონის“ შესახებ ოლქის მმართველ ლუკიანეს და მხედართმთავარ ლუკიუსს ამცნეს, მღვდელმთავრის ასაკს ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ შეეპყროთ იგი. სამსჯავროზე წარდგომილმა წმინდა მღვდელმთავარმა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა, და მტკიცედ აღიარა ქრისტე, ხოლო როდესაც მისი წამება ბრძანეს, ღაღადყო: „არა უწყი, თუ რა არს ჩემდა სარგო და საცხოვნებელი, ამიტომ გამცნობ, რომ ამქვეყნად არარა მიჩნს ქრისტესთვის სიკვდილზე უტკბეს, ასე რომ, აჰა, ჩემი მხცოვანი სხეული და ყველაზე უარეს სატანჯველთ მიეც!“

მაშინ კი დაელია მოთმინება ოლქის უსჯულო მმართველს, და მხცოვანების მიუხედავად, ნეტარი მამა სასტიკად აწამებინა: მას ჯერ სამღვდელო სამოსელი შემოაგლიჯეს, შემდეგ ტანი რკინის ფოცხით მანამ უჯიჯგნეს, სანამ არ გაატყავეს. წამების დროს წმინდანი მტარვალებს მიმართავდა: – „გმადლობთ, ძმანო, რადგან თქვენ განაახლეთ ჩემი სული, რომელიც ისწრაფვის ახალი საუკუნო სიცოცხლისკენ!“. ამის გამგონე ორმა მხედარმა, რომლებიც აწამებდნენ წმინდანს, პორფირიმ და ბაპტოსმა, ხედავდნენ რა წმინდა მოხუცის მოთმინებას და უფლისადმი სასოებას, აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი – იესო ქრისტე და ისინიც მოწამეთა დასს შეურთდნენ – თავები მოჰკვეთეს მათ. ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა ეპისკოპოსის წამების მოწმე სამმა დედამაც. არც ისინი დაინდეს ჯალათებმა – საშინელ ტანჯვაში ამოხადეს სული.

წმინდანის ტანჯვის ადგილზე მისულმა გამხეცებულმა მხედართმთავარმა ლუკიუსმა თავად გადაწყვიტა ეწამებინა მოხუცი მღვდელმთავარი, მაგრამ მკლავებში ძალა წაერთვა, თითქოს მახვილით მოჰკვეთესო, და ჯადოქრად შერაცხა იგი.

განრისხებული მმართველი წმინდა ხარლამპისთან მიიჭრა და როგორც კი სახეში შეანერწყვა, იმავე წამს თავი უკან შეუტრიალდა, თუმცა მაშინვე მუხლებში ჩაუვარდა და შეწყალება სთხოვა წმინდა ხარლამპის, თუ განმკურნავ, იესოს ვიწამებო. წმინდანმა ილოცა მათთვის, ღმერთს შესთხოვა მათი განკურნება და ორივენი განიკურნა. ამ სასწაულის მრავალმა მოწმემ ირწმუნა ქრისტე. მათ შორის ლუკიუსმაც, რომელიც, სინდისის ქენჯნით გვემული, ფეხებში ჩაუვარდა წმინდანს და კიდევ ერთხელ სთხოვა პატიება და ნათლისღება, მმართველმა კი დროებით ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა „სანამ ყველაფერს იმპერატორს არ მოვახსენებო“, და სევერუსთან გაემგზავრა, რომელიც პისიდიის ანტიოქიაში (მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი) იმყოფებოდა. „ჩვენთან მოვიდა ერთი კაცი „გალილეველთა“ საზოგადოებიდან, – უთხრა იმპერატორს, – მან მრავალნი ჩამოაშორა ღმერთებს, განკურნა სნეულნი. მათ შორის სარდალი ლუციუსი, რომელმაც ქრისტე ირწმუნა. თითქმის მთელი მაგნეზია მოაქცია თავის რწმენაზე. მეც განმკურნა და ამის საუწყებლად მოვედი შენს მეფურ დიდებულებასთან”. გაბრაზებულმა სევერუსმა ჯარისკაცები გაგზავნა წმინდა ხარალამპისთან – ჯერ სტანჯეთ და მერე მომიყვანეთო. ჯარისკაცებმა გრძელ წვერზე კი თოკი მოაბეს, შემდეგ ყელზე შემოახვიეს და ისე მიათრიეს სამსჯავროზე.

იმპერატორმა ისურვა, კიდევ უფრო საშინელი სატანჯველებით ეწამებინათ ეპისკოპოსი და ჯალათებმაც წმინდანს სხეულში რკინის ლურსმნები ჩააჭედეს. შემდეგ კი ცეცხლზე ტანჯეს. სულიწმინდის მადლით მოსილი უფლის რჩეული უვნებელი დარჩა. გაოცებულმა იმპერატორმა ჰკითხა, – რამდენი წლის ხარ, ვისი ოჯახიდან და რომის ღმერთებს რატომ არ სცემ თაყვანსო. მოწამემ უპასუხა, რომ მას სწამს ქრისტე, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. სევერუსი დააფიქრა მისმა პასუხმა, მოისურვა, დარწმუნებულიყო მართლა ახდენდა თუ არა ხარალამპი სასწაულებს და მოაყვანინა 35 წლის მანძილზე ბოროტი სულით გვემული ეშმაკეული და წმინდანის ფეხებთან დააწვინეს. შეპყრობილი კაცის პირით მასში შესული ეშმაკი მოჰყვა, თუ როგორ ჰპოვა ამ კაცში ბინა. მას თურმე სიხარბით მეზობელი მოუკლავს. წმინდა ხარალამპის ლოცვით ეშმაკმა დასტოვა მისი სხეული. ამის შემდეგ იმპერატორმა სამი დღის წინ გარდაცვლილი მისი ამალის წევრი ჭაბუკის გვამი მოატანინა და წმინდანს ჰკითხა: – მკვდარს თუ აღადგენო. „კაცთაგან შეუძლებელი ღვთისგან შესაძლებელიაო”, – ბრძანა წმინდა ხარალამპიმ, ილოცა და ჭაბუკი აღდგა. იმპერატორი თითქოს დარწმუნდა წმინდა ხარალამპის უბრალოებაში, მაგრამ მერე ერთი დიდებულის, კრისპის მიერ წაქეზებულმა, ჯადოქარი უძახა ღრმად მოხუც ეპისკოპოსს და ბრძანა, ბაგეებში ქვები ერტყათ და ცეცხლი წაეკიდებიათ წვერზე, მაგრამ როგორც კი წმინდა მამას სახესთან მიუტანეს ჩირაღდნები, იქიდან ცეცხლი გამოვარდა და თავად ჯალათები დაწვა. სანამ კრისპი გაცხარებული ედავებოდა ქრისტეს ბუნებაზე ქრისტიან არისტარხს, იმპერატორმა საშინელი სიძულვილით ღვთისგმობა დაიწყო, მშვილდში ისარი ჩასდო, ზეცაში გაისროლა და უფალი გამოიწვია, – შენ წინააღმდეგ დიდ არმიას ვაგზავნი, ჩამოდი, თორემ ზეციდან მიწაზე ჩამოგათრევ, მზეს ჩავაქრობ და ამ ხელებით შეგიპყრობო. იმ წამსვე იძრა მიწა, ცაში საშინელი ჭექა-ქუხილი და ელვა ატყდა. იქ მყოფთ თავზარი დაეცათ. მეფე და კრიპსი კი ჰაერში ჩამოეკიდნენ, თითქოს უხილავ ხელს ეპყრა. იმპერატორმა ვედრება დაუწყო წმინდა ხარლამპის, – გადამარჩინე და ჭეშმარიტ ღმერთს განვადიდებო.

სევერუსს მისმა ქალიშვილმა გალინამაც შესთხოვა, ეწამა ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე, მერე კი წმინდანს ჩაუვარდა მუხლებში და მამის გამოხსნა სთხოვა. მანაც ილოცა და მეფე და კრისპი მიწაზე დაეშვნენ. სევერუსი და დიდებულები სასახლეში დაბრუნდნენ და სამი დღე არ გამოჩენილან, თავს დატეხილ ღვთის რისხვაზე ფიქრობდნენ. ამ საკვირველებათა თვითმხილველებმა ერთხმად ადიდეს უფალი. ქრისტე მაცხოვარი ირწმუნა იმპერატორის ასულმა გალინამაც, რომელმაც, საღვთო შურით აღძრულმა, წარმართულ ტაძარში კერპები შემუსრა.

სამწუხაროდ, იმპერატორი ჭეშმარიტი ღმერთის აღიარების მერე ისევ თავის კერპებს დაუბრუნდა და წმინდა ხარალამპისაც უბრძანა მათთვის მსხვერპლი შეეწირა. წმინდანმა „უგუნური“ უწოდა მის სურვილს. გაბრაზებულმა იმპერატორმა ბრძანა ტუჩებზე ნემსკავი წამოაცვით და მთელი ქალაქი შემოატარეთო. გალინამ უსაყვედურა მამას, გაახსენა თავს დატეხილი ღვთის რისხვა და მოუწოდა ღვთის კაცი გაეთავისუფლებინა. იმპერატორმა შვილსაც უბრძანა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა. ორმოცდაათ მოქანდაკეს ახალი კერპები ერთ ღამეში გააკეთებინა და გალინას უთხრა: – ხედავ, ჩვენი ღმერთებიც მკვდრეთით აღდგნენო. შვილი დაიმუქრა, – ახალ კერპებსაც ისევე დავამსხვრევ, როგორც ძველები მოვსრეო. მერე კი მიუბრუნდა ზევსის ქანდაკებას და უთხრა: ჰოი, მკვდრეთით აღმდგარო ზევსო, გიბრძანებ, კვლავ მკვდართა სამეფოში დაბრუნდეო და კვლავ კერპების მსხვრევას შეუდგა. გაცხარდა მეფე და ჯავრი წმინდა ხარლამპიზე იყარა, – ის ერთ უწესო ქვრივ დედაკაცს გადასცა შესაგინებლად. მაგრამ ამ ქალმაც როცა იხილა წმინდანის სასწაულები, იწამა ქრისტე და გახდა მისი აღმსარებელი. კრისპმა იმპერატორს ურჩია, ხარალამპისთვის თავი მოეკვეთა, რადგან თუ ასე არ მოიქცოდა, პროვინციაში ყველანი გაქრისტიანდებოდნენ. როცა დასასჯელი ადგილისკენ მიჰყავდათ, გახარებულმა წმინდანმა მადლობა შესწირა ღმერთს, ამ დროს ცაში ქუხილი გაისმა და ზეციურ ანგელოსებთან ერთად თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და უთხრა, რომ ყველა თხოვნას შეუსრულებდა, ნეტარმა მამამ, რომელიც მაცხოვრის გამოცხადების ღირსი შეიქმნა, უპასუხა, რომ მისი ნახვა უკვე დიდი წყალობა იყო, მაგრამ „თუ ეს ღვთისთვისაც სათნო იქნებოდა“, იმ ადგილისთვის, სადაც მისი ნეშტი დაიკრძალებოდა, განსაკუთრებული მადლი გარდამოევლინებია: „დაე იმ ადგილს, სადაც ჩემი სხეული განისვენებს და სადაც პატივისცემით მომიხსენებენ, არასოდეს შეემთხვას შიმშილი, და ჭირი (ეპიდემიები), არც განმხრწნელი ქარი, დამღუპველი ნაყოფისა, დაე იმ ადგილას გამეფდეს მშვიდობა, კეთილდღეობა, პურისა და ღვინის უხვება. და მის მკვიდრთ მიუტევე ცოდვები, მიეცი მიწიერ ნაყოფთა უხვება, რათა განძღენ და განსცხრენ ხელთა თვისთა ნამუშაკევით, განმადიდებელი შენნი, თავის ღმერთისა, ყოველთათვის სიკეთის მიმნიჭებლისა ზემოდან მოპკურებული ცვარი დაე, ექცეთ განმაკურნებლად. უფალო ღმერთო ჩემო! მიჰფინე ყველას მადლი შენი!“ მაშინ მოესმა ხმა უფლისა: „დაე, მოხდეს თხოვისაებრ შენისა, მხნეო მხედარო ჩემო“, და მას შემდეგ, რაც ის ზეცად ამაღლდა, თან წაიყვანა წმინდანის სულიც, ანუ ნეტარი მამა სასიკვდილო განაჩენის აღსრულებამდე მშვიდობით მიიცვალა.

განცვიფრებულმა მეომრებმა მოახსენეს იმპერატორს, რაც იხილეს და დასძინეს, – მახვილით თავის წარკვეთის გარეშე თავისით აღესრულაო. გალინამ კი, მეფის ნეტარმა ქალიშვილმა, წმინდა ხარალამპის სხეული ახალთახალ თეთრ სუდარაში გაახვია, სცხო მირონი და ნელსაცხებელი და ოქროს ლუსკუმაში ჩაასვენა. წმინდა ხარალამპი 202 წლის თებერვალს აღესრულა და სიკვდილის შემდგომაც მრავალი სასწაული მოახდინა.

წმინდა მღვდელმოწამე ხარლამპის პატიოსანი თავი საბერძნეთში, მეტეორაზე, წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერშია დასვენებული, ხოლო მის წმინდა ნაწილთაგან, რომლებიც მთელ საბერძნეთში და მთელ მართლმადიდებლურ სამყაროშია გაბნეული, დღემდე უამრავი კურნება და სასწაული აღესრულება. მას საბერძნეთში პატივს სცემენ, როგორც ძლიერ და მსწრაფლ შემწე წმინდანს, რომლის შუამავლობამ არაერთხელ შეაჩერა ტიფის, ქოლერის, ჭირისა და სხვა ინფექციური დაავადებების ეპიდემიები. ამიტომაც იგი ითვლება გადამდები დაავადებებით დასნეულებულთა მფარველად, რის გამოც ძალიან ბევრი სთხოვს მას დახმარებასა და ლოცვით შუამდგომლობას.

1897 წელს, საბერძნეთ-თურქთის ომის დროს, თურქები შეიჭრნენ მეტეორაში და სცადეს წმინდა ხარალამპის ნაწილთა წაღება. მაგრამ მათ ვერ გახსნეს ლუსკუმა, რომელიც მანამდე ჩვეულებისაებრ არ იკეტებოდა. მალე საშინელი ტიფის ეპიდემია გავრცელდა და ეს თვით თურქეთის ჯარის სარდლობამაც, ჯარისკაცების უკრძალველი მოქმედების გამო, ღვთის რისხვად ჩათვალა, ხოლო როდესაც 1908 წელს საშინელი ეპიდემია გავრცელდა ათონის მთაზე, იქ მეტეორის წმინდა სტეფანეს მონასტრიდან წმინდა ხარალამპის პატიოსანი თავი ჩააბრძანეს და წმინდა ხარალამპის პატივსაცემად ღამისთევის ლოცვა გადაიხადეს. ეპიდემია შეწყდა. ამის მერე ათონზე ყოველთვის ღამისთევით აღნიშნავენ წმინდა ხარალამპის ხსენებას და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ მთაწმინდაზე ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანია.

1935 წლის დიდი შაბათია. მძიმე ავადმყოფი პატარა იაკობის დედა სასოწარკვეთილი წმინდანებს სთხოვდა შეწევნას. მას მოუტანეს წმინდა ხარალამპის გულსაკიდი ხატიც. მოსაღამოვდა, ამ დროს იაკობს გამოეცხადა წმინდა ხარალამპი, რომელმაც მკერდზე ჯვარი გადასახა პატარას და მანაც იმ წამსვე შვება იგრძნო. როცა ბიჭმა დედას ეს უამბო, ქალი ატირდა: „დღეს, შვილო, შენი მეორედ დაბადების დღეა, დაიმახსოვრე ეს!“ მართლაც, სიცოხლის ბოლომდე არ დავიწყებია ეს ამბავი მამა იაკობს (ცელიკისი, 1991წ.).

დიდად მოღვაწე იყო არქიმანდრიტი იოაკიმე (სპეციარისი, 1943). და სხვებისგან სამსახურს არ იყო მიჩვეული. მაგრამ ღრმა სიბერეს (85წ.) სნეულებაც დაემატა და ღირსი მამა მალე იღლებოდა და იოლი საქმის გაკეთებასაც ვერ ახერხებდა. ერთხელ სნეულმა საშველად წმინდა ხარალამპის მოუხმო. წმინდა მოწამე გამოეცხადა და ღიმილით უთხრა: „მამაო იოაკიმე, 113 წლისა ვიყავი, როცა მაწამებდნენ, მაგრამ გავუძელი და შენ მცირე სიცხე ვერ დაგითმენია?“ ყოვლადუბრალო მამამ მიუგო: „ეს კი ასეა, მაგრამ შენ დიდი გვირგვინიც მიიღე“. „ღმერთი მოწყალე იქნება შენდამიც“ – უთხრა წმინდა ხარალამპიმ და უჩინო შეიქმნა, თუმცა მამა იოაკიმე განკურნებული დატოვა.

აი კიდევ ერთი საოცარი სასწაული: მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ჯარებმა აიღეს პელოპონესის სოფელი ფილიატრა. სარდლობაში ეჭვობდნენ, რომ იქაურები საბერძნეთის წინააღმდეგობის არმიის მებრძოლებს მალავდნენ. ფილიატრაში დაბანაკებული გერმანული  ჯარის მეთაურს კუნსტერს უბრძანეს, რომ გაენადგურებია ადგილობრივი ლიდერები და სოფლის ყველა მამაკაცი, სულ 1500 კაცი, საკონცენტრაციო ბანაკებში გაეგზავნა, სოფელი კი გადაეწვა. მოსახლეობამ გაიგო ეს ამბავი. მათ ღამე უთიეს წმინდა ხარალამპის და ილოცეს. იმავე ღამეს წმინდა ხარალამპი გამოეცხადა  კუნსტერს და უთხრა, – ბრძანება არ შეასრულო და შენ და შენი ჯარისკაცები შინ ცოცხლები დაბრუნდებით და არც თქვენი ოჯახები გაიტანჯებაო. კუნსტერმა ეს სიზმარი იმ ღამეს ზედიზედ ოთხჯერ ნახა. დილით მან გენერალს დაურეკა, თავისი სიზმარი უამბო და რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როცა გენერალმა უთხრა, – ამნაირად მეც გამაფრთხილეს სიზმარში და შეგიძლია ეს ბრძანება არ შეასრულოო. კუნსტერი მიხვდა, რომ მას წმინდა კაცი გამოეცხადა, და მისი ვინაობის დასადგენად იმ მხარის ტაძრები შემოიარა. ბოლოს, წმინდა ხარალამპის ხატიც დაინახა: „ეს წმინდა კაცი ვნახე სიზმარში!“ სოფელი გადარჩა. კუნსტერს ოჯახი უვნებელი დახვდა. ომის დასრულების შემდეგ ის ყოველწლიურად ჩადიოდა ფილიატრაში, აქაურებმა იცოდნენ, რომ წმინდა ხარალამპისადმი მისი მორჩილების გამო გადარჩნენ და გულთბილად ხვდებოდნენ. ეს გერმანელი სიკვდილის წინ მართლმადიდებლობაში მოიქცა.

1950 წელს, ნაირში, ოთხი წლის მარიამს დამბლა დაეცა. ექიმებმა ვერაფერი უშველეს და შინ გაუშვეს. სასიკვდილოდ განწირული ბავშვი მთელი ღამეები ლოცულობდა. ერთხელ სიზმარში წმინდა ხარალამპი იხილა და მშობლებს ეკლესიიდან მისი ხატი მოატანინა. ორმოცი დღის მანძილზე ხატის წინ კანდელი ენთო. პეტრე-პავლობის საღამოს გოგონას წმინდა ხარალამპი გამოეცხადა და განკურნა. ოთახი, სადაც გოგონა იწვა, კეთილსურნელებით აივსო, წმინდანის ხატიდან კი მირონი წარმოდინდა.

საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროზე დგას წმინდა ხარალამპის ტაძარი, რომელიც ქალაქელებმა ტიფისაგან მათი დახსნის სამადლობელოდ აუშენეს მას. ერთხელაც, დიდმარხვის წინა კვირაში, დადგა წმინდანის ხსენების დღე. საბერძნეთში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ამ კვირას საზეიმო კარნავალები იმართება. ხსენების დღის წინა საღამოს ტაძარს ერთმა ცოლ-ქმარმა ჩაუარა. გალობის გაგონებაზე ქალს ტაძარში შესვლა და ლოცვაზე დასწრება მოუნდა. მაგრამ ქმარმა წმინდა ხარალამპის გმობა დაიწყო, – მირჩევნია, კარნავალზე წავიდეო. იმავე წამს დამუნჯდა. ცოლმა კაცი ეკლესიაში შეიყვანა. იგი მუხლებზე დაეცა და ღმერთს შენდობას სთხოვდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, წმინდა ხარალამპის ხსენების დღეს მას მეტყველების უნარი დაუბრუნდა.

1966 წელს ერთი კაცი, გვარად ნიკოლაუ, მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, სადაც თავს დღეთა დალევას აპირებდა. სოფლამდე როცა მიაღწია, ნახა, რომ მთელი ნაგროვები ფული დაეკარგა. მეორე დღეს უკან, პირეაში გამოემგზავრა – იქნებ ფული ვიპოვოთო. სოფელ პალიგირგოსში წმინდა ხარალამპის სახელობის პატარა ეკვდერში შეიარა და წმინდანს შეწევნა შესთხოვა. ამ დროს მოესმა ხმა, – ფული იმ მანქანის სავარძლის ქვეშ ეძებე, რომლითაც გუშინ სოფელში ჩახვედიო. კაცმა მოძებნა მანქანა. ფული მართლაც სკამის ქვეშ ჩავარდნილიყო.

ერთი კაცი უკურნებელი სნეულებით იტაჯებოდა. ის ხშირად და მხურვალედ შესთხოვდა წმინდა მამას განკურნვას. ერთხელ მას წმინდანი გამოეცხადა და გაამხნევა, – შენი ტანჯვა ცოტათი მსუბუქია იმაზე, რაც ქრისტემ დაითმინა, ამიტომაც სჯობს დაითმინო სნეულება, ვიდრე განიკურნო, ვინაიდან ეს ავადმყოფობა ცხონებისკენ მიმავალი გზის შესამსუბუქებლად მოგევლინაო.

მეტეორას წმინდა სტეფანეს მონასტრის დედებიც ყვებიან წმინდა ხარალამპის მიერ მოხდენილ საწაულებს.

1978 წელს ამ სავანეში ახალგაზრდა ქალი მოვიდა მონასტერში დასარჩენად. დასტოვეს. მას მორჩილის სამოსი ეცვა, მაგრამ პირველ თვეებში მძიმედ ავადმყოფობდა, რადგან ოჯახთან განშორებას დარდობდა. ერთხელ ის უფროსმა დამ მოინახულა და სცადა, რომ მონასტრის დატოვებაზე დაეყოლიებია. იმ ღამეს უფროსი და სავანეში დარჩა ღამის გათევად. განთიადისას წმინდა ხარალამპი გამოეცხადა. მკაცრად ამხილა – მონასტრისთვის ჩამოშორება გოგონას დაღუპავსო და სილა გააწნა. გამოღვიძებული ქალი წმინდანის ხელის შეხებას გრძნობდა. რა თქმა უნდა, დაემორჩილა წმინდა ხარალამპის. მისი ნაცნობი მონაზონი ყვება, რომ ეს ქალი დღემდე გრძნობს წმინდანის ხელის სიმწარეს.

1995 წელს სავანეში ქალაქ ტრიკალადან ქალბატონი მოვიდა და დებს უთხრა, 19 წელია, გათხოვილი ვარ, ექიმებმა მითხრეს, უშვილო ხარო. 1994 წლის დასაწყისიდან ვევედრები წმინდა ხარალამპის. ერთხელ ძილში გამომეცხადა და მითხრა: – ბავშვები გეყოლებაო. ორი თვის მერე დავფეხმძიმდი და ტყუპი ვაჟი მეყოლაო. ახლა ის ხშირად ჩამოდის მონასტერში ვაჟებთან ერთად.

1990 წლის დასაწყისში მონასტერში ახალგაზრდა კაცი მივიდა მეზობელი სოფლიდან. მას თავის მოკვლა სურდა და ხიდიდან გადახტომას აპირებდა, ამ დროს მასთან მოხუცი მღვდელი მივიდა. უთხრა, ამ სავანის მოძღვარი ვარო. თუმცა აქამდე არ ენახა, ახალგაზრდას მის ცხოვრებასა და განსაცდელებზე მოუყვა. სასო არ წარიკვეთო, ღმერთი შეგეწევაო. ახალგაზრდამ სულში სიხარული იგრძნო, შინ დაბრუნდა და  ტაძარში წირვაზე სიარული დაიწყო. რამდენიმე კვირის შემდეგ კი წმ. სტეფანეს მონასტერში ავიდა იმ მოძღვრის სანახავად. დედებმა უთხრეს, ჩვენთან მღვდლები არ ცხოვრობენო. როცა ვაჟმა აღწერა, როგორი იყო ის მოხუცი მოძღვარი, დებმა წმინდა ხარალამპი შეიცნეს.

წმ. მღვდელმოწამე ხარლამპის ძვლის ნაწილი სხვა წმინდა ნაწილებთან ერთად ინახებოდა პირი ღვთისას იმ ხატის ზურგის ნაწილში, მოძრავი ფირფიტა-ფიცარის ქვეშ, რომელიც XVIII ს-ში დაცული ყოფილა ანჩისხატის ტაძარში. ხატი რუსეთში ყოფნისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დომენტი IV-ს საჩუქრად მიუღია მოსკოვში მცხოვრები მეფე არჩილის ქალიშვილის, დარეჯანისგან. წმინდა ხარლამპის წმინდა ნაწილის გარდა ამ ხატში ინახებოდა: ღვთისმშობლის თმა, ძელი ჭეშმარიტის ნაწილი, წმინდა თეოდორე ტირონის ძვალი, წმინდა აბიბოსის ძვალი და ქრისტეს საფლავის ქვა, წმ. ნიკოლოზის ძვალი, წმ. იოანე მანგლელის ძვალი, ქრისტეს პინაკის ნატეხი და სხვა).

მღვდელმოწამე ხარლამპის წმინდა ნაწილი დაცულია მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დაბრძანებულ წმ. ნინოს ხატშიც, რომლის წარწერითაც ირკვევა, რომ ეს ხატი, წმინდა ნაწილებთან ერთად, 1870 წ. მონასტრისთვის შეუწირავს ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის პეტერბურგში მცხოვრებ შვილიშვილის შვილს იოანე გრიგოლის ძეს. ხატის ქვემო კუთხეში, სანაწილეებში მოთავსებულია წმ. ფილიმონის, წმ. სტეფანეს, წმ. გიორგის, წმ. სვიმეონის, წმ. შუშანიკის, წმ. ტრიფონის, წმიდათა კოზმასა და დამიანეს, წმ. ხარიტონის, წმ. ბარბარეს, წმ. ესტატეს, წმ. ნიკოლოზის, წმ. გრიგოლის, წმ. ქეთევანის, წმ. ანტონის, წმ. ხარლამპის, წმ. თეოდორიტეს და წმ. ფოტის ნაწილები.

წმინდა ხარლამპი მოწამეთაგან ყველაზე მხცოვანია. შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა!

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა; რედაქტორი ნონა ნამგალაძე

 

სავედრებელო პარაკლისი წმინდა მღვდელმოწამე ხარლამპი მაგნეზიის ეპოსკოპოსისა

 

 

Categories
წმინდანთა ცხოვრება

20 თებერვალი. წმიდა მეფე სოლომონ II სამშობლოსათვის თავდადებული (+1815)

20 თებერვალი

 

წმიდა მეფე სოლომონ II სამშობლოსათვის თავდადებული (+1815)

 

წმიდა მეფე სოლომონ II (გამეფებამდე დავით არჩილის-ძე) დაიბადა 1772 წლის 7 (20) თებერვალს. მამამისი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის (+1784) ძმა იყო. დედა – ელენე კი ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის (+1798) ასული. დავითი ძირითადად დედულეთში იზრდებოდა. ბიბლიური დავითის მსგავსად უფალმა ისიც ბავშვობაში გამოარჩია და უმემკვიდროდ დარჩენილმა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ღვთის განგებით სიცოცხლეშივე უანდერძა ტახტი.

დავითი იზრდებოდა როგორც მომავალი მეფე. სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის მაძიებელი და თავისუფლებისთვის მებრძოლი.

თორმეტი წლის იყო დავითი, როდესაც იმერეთის მეფე სოლომონ I გარდაიცვალა. მეფის ანდერძის საწინააღმდეგოდ იმერეთის გავლენიანმა ფეოდალებმა მცირეწლოვანი დავითის არჩილის ძის ნაცვლად ტახტზე დავით გიორგის ძე (მეფე დავით II) აიყვანეს. გარდაცვლილი მეფის ანდერძის უგულებელყოფამ მღელვარება გამოიწვია ხალხში. ახალი მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო თავადები ცდილობდნენ სოლომონ I-ის ანდერძისაებრ იმერეთის სამეფო ტახტზე დავით არჩილის-ძე დაესვათ. სამწუხაროდ ეს სასიკეთო მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.

1790 წელს მათხოჯთან გამართულ ბრძოლაში, მეფე დავით II დამარცხდა და ტახტზე ავიდა დავით არჩილის ძე – წმიდა მეფე სოლომონ II.

მეფემ აქტიურად დაიწყო ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლა, მან ცოლად შეირთო ოდიშის მთავრის გრიგოლ დადიანის და მარიამ კაცის ასული, მის სამეფოში შედიოდა გურიის სამთავრო და ქართლ-კახეთის სამეფოსთან სისხლით ნათესაობა აკავშირებდა. წმიდა სოლომონ II-ის მოძღვარი იყო წმიდა ილარიონ ყანჩაველი. მათმა სულერმა კავშირმა და ერთნაირმა სახელმწიფოებრივმა მსოფლმხედველობამ განაპირობა სამეფოში ბევრი სასიკეთო ცვლილებები. სარწმუნოებრივი და სახელმწფოებრივი აზროვნების განვითარებისა და განმტკიცების მიზნით მეფემ გააძლიერა ეკლესია და დააწინაურა ღირსეული ადამიანები. მეფე სოლომონ II საკუთარი მამულებით აჯილდოვებდა ქვეყნის ერთგულ თავადებს, დაუმტკიცა იერუსალიმის ეკლესიას იმერეთში მამულები და გადასახადები, განუახლა გუჯარი ბიჭვინთის ეკლესიას…

ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ რუსეთის მთავრობა ყოველნაირად ცდილობდა იმერეთის სამეფოს მიერთებასაც. გამჭრიახი და შორსმჭვრეტელი წმიდა სოლომონი კარგად ხედავდა რომ ქვეყნის განთავისუფლებისა და გაერთიანების იდეა ნელ-ნელა იმსხვრეოდა ისტორიულ სინამდივლესთან შეჯახებით, სოლომონი ცდილობდა თავისუფლება შეენარჩუნებინა იმერეთის სამეფოსთვის, წმიდანის პოლიტიკური ლავირებები რუსეთსა და ოსმალეთ შორის წარუმატებლად დამთავრდა. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I ბრძანებით 1810 წლის 20 თებერვალს წმიდა სოლომონ II ტახტიდან ჩამოაგდეს და იმერეთში რუსეთის მმართველობა გამოცხადდა.

წმიდა სოლომონ II მოტყუებით შეიპყრეს და თბილისში ჩაიყვანეს, მაგრამ მეფემ მოახერხა გაქცევა და ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი. საიდანაც ხელმძღვანელობდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. 1810 წლის იმერეთს აჯანყება რუსეთის მთავრობამ კვლავ სისხლში ჩაახშო და წმიდა სოლომონ II-მ კვლავ ახალციხეს შეაფარა თავი, საიდანაც ოსმალეთში გადვიდა. წმიდა სოლომონი შვიდი წელი ცხოვრობდა ქალაქ აზმურში, შემდეგ კი ტრაპიზონში გადვიდა სადაც პატივით მიიღო იქაურმა ფაშამ, წარმოშობით ქართველმა თავადმა.

შემორჩენილია სოლომონ II-ის მიერ ტრაპიზონის ბერძნული ეკლესიისადმი შეწირული ოქროთი მოჭედილი ბერძნული სახარება წარწერით: “შეიწირე წმიდა გიორგი აქა მდებარე სრულად იმერთა მეფე ძე ქართლისა მეორე სოლომონის მიერ წმ. ესე სახარება”, მეორე გვერდზე მოხსენიებულია მეფის მოძღვარი იესე ყანჩაველი – (წმ. ილარიონ ქართველი) ემიგრაციაში ყოფნის დროს წმიდა სოლომონ II დაუცხრომლად იბრძოდა ქვეყნის განთავისუფლებისთვის, რომელსაც რა თქმა უნდა ამ ქვეყნად ვერ მოესწრო. გარდაიცვალა ტრაპიზონში 1815 წლის 7(20) თებერვალს დაკრძალეს ბერძენთა ეკლესიის გალავანში.

წმიდა სოლომონ II კანონიზაცია მოხდა 2005 წლის 27 ივლისს საქართველოს ეკლესიის მიერ წმიდა სინოდის მიერ, მანამდე კი წმიდა სოლომონ II-ის ნეშტი ტრაპიზონიდან გადმოასვენეს და დაკრძალეს გელათის მონასტერში.

 

http://www.eparchy-batumi.ge

Categories
ქადაგებანი

ხორციელის კვირა – საშინელი სამსჯავრო

ხორციელის კვირა – საშინელი სამსჯავრო

არქიმანდრიტი რაფაელი

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ძმანო და დანო! უფალი, რომელმაც ერთხელ შექმნა სიცოცხლე, საშინელ სამსჯავროზე მტვერისა და ხრწნილებისაგან აღადგენს კაცობრიობას ადამიდან ვიდრე უკანასკნელ დღემდე. მართალნი აღდგებიან მსგავსნი ქრისტე მაცხოვრისა, ანგელოზური ბრწყინვალებით და საღმრთო ნათლით გაცისკროვნებულნი. ცოდვილნი – შავბნელი და მყრალი სხეულით, მსგავსი მათ მიერვე ჩადენილი ცოდვებისა. ძმანო და დანო, ყოველი აზრი, სიტყვა ან საქმე მსგავსია თესლისა, რომელსაც ჩვენი გულის სიღრმეში ვთესავთ, მსგავსად ხნულში ჩაგდებული მარცვლისა. მარადისობაში ამ თესლისგან აღმოცენდება ან ბრწყინვალე, სურნელოვანი ყვავილები ან შხამიანი, ეკლოვანი მცენარეები.

  1. სამსჯავროს ეწოდება საშინელი იმიტომ, რომ მასზედ მოხდება განკითხვა, არა მხოლოდ კაცთა, არამედ ასევე ანგელოზთა. დემონები იხილავენ თავიანთ თავს, როგორც ოდესღაც მშვენიერ ანგელოზებს, რომელნიც უგალობდნენ უფალს ქერუბიმთა საგალობელს კაცთათვის გასაგებ ენაზე. ესაა საგალობელი, ესაა ჰიმნი, ესაა მხურვალე სიყვარული და სწრაფვა წმინდა სულებისა ღვთისკენ. სატანა, რომელიც ერთ დროს სერაფიმთა დასს ეკუთვნოდა, იხილავს, როგორ აღსდგა იგი უფლის წინააღმდეგ, როგორ გადაიქცა საშინელ ჯოჯოხეთურ არსებად, უზარმაზარ ობობად, რომელმაც ცოდვის ქსელში გაახვია მთელი სამყარო, იგი იხლავს, თუ როგორ გადაიქცა საზარელ ჯოჯოხეთურ გველად, რომელმაც სასიკვდილოდ მოშხამა უთვალავი მსხვერპლი. იგი ამ ქვეყნად ჩადენილი ყველა ცოდვის უხილავი თანამონაწილეა. ყოველ ბოროტებაში მისი სასიკვდილო სუნთქვა ისმის, ყოველ დანაშაულში – მისი ქვემძრომელი მზაკვრობაა. სატანა იხილავს საშინელ სამარეს – ჯოჯოხეთს, რომელიც თვითონვე გაუმზადა საკუთარ თავს. იგი იხილავს შავ ჯოჯოხეთურ ცეცხლს, საკუთარ მსხვერპლთათვის დანთებულს და რომელშიც საბოლოოდ თვითონვე უნდა იტანჯოს დაუსრულებლად.
  2. სამსჯავროს ეწოდება საშინელი, იმიტომ, რომ იგი იქნება საყოველთაო. ისევე როგორც ვერავინ გაექცევა სიკვდილს, ასევე ვერავინ შესძლებს დააღწიოს საშინელ სამსჯავროს თავი. მკვდრეთით აღდგებიან მართალნიც და ცოდვილნიც. მაშინ სხეული მიემსგავსება სულს, იგი აღარ იქნება ნივთიერი, ხორციელი, შედგენილი მიწისა და წყლისაგან, არამედ იქნება სულიერი და უხრწნადი. მართალნი იქნებიან მსგავსნი მკვდრეთით აღდგომილი ქრისტე მაცხოვრისა. ეფრემ ასური გვაუწყებს საიდუმლოს – ყოველი ჩვენგანი აღსდგება 33 წლის ასაკში. რას ნიშნავს ეს? ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებაში გადის თავისი განვითარების განსაზღვრულ ციკლს. ოცდაათი წელი ესაა ადამიანის სულის უმაღლესი განვითარების პერიოდი. ე.ი. ესაა ადამიანური სრულყოფილება ამ სიტყვის მიწიერი გაგებით. ღრმა მოხუცები და ჩვილები აღსდგებიან არა მიწიერ ასაკში, რომელშიც ისინი აღესრულებიან, არამედ აღსდგებიან სრულყოფილ ასაკში, ამავე დროს ახლობლები და ნათესავები შეიცნობენ ერთმანეთს.
  3. სამსჯავროს ეწოდება საშინელი იმიტომ, რომ მასზედ გაშიშვლდება ყველა ჩვენი საქმე, ყველა ჩვენი აზრი, სიტყვა, ღრმა, დაფარული გულის ზრახვები. იმას, რასაც ფარულად ვიქმოდით, გამჟღავნდება ცხადად, იგი, რასაც მარტო ჩვენ თვითონ ვცოდავდით, გაშიშვლდება მთელი ქვეყნის წინაშე. როდესაც ჩვენ ცოდვებს სრული სიცხადით ვიხილავთ, მათ საშინელებას და სიბილწეს, მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით წამოვიძახოთ: მთებო, ჩამოგვექეცით თავზე და დაგვიფარეთ ამ სირცხვილისაგან!

დანო და ძმანო, წმინდა მამები ამბობდნენ, რომ ჩვენ გვაქვს ე.წ. გულის მეხსიერება. ისინი მას გულის საკანს უწოდებენ, სადაც იწერება ყველაფერი, მთელი ჩვენი შინაგანი და გარეგანი ცხოვრება და აი, საშინელ სამსჯავროზე გადაიშლება ეს წიგნი, დაწერილი ჩვენი სულის სიღრმეში და მხოლოდ მაშინ დავინახავთ, თუ როგორები ვართ სინამდვილეში და არა ისეთები, როგორსაც ხატავდა ამას ჩვენი გაალმასებული ამპარტავნება. დავინახავთ ასევე, თუ რამდენგზის მოგვიხმობდა სულიწმიდა გადარჩენისათვის. გვსჯიდა, შეგვიწყნარებდა, ჩვენ კი რა მედგრად ვეწინააღმდეგებოდით ღვთის წყალობას და მივილტვოდით მხოლოდ ცოდვებისა და ვნებებისაკენ. ჩვენს კეთილ საქმეებს კი ჩვენი პირფერობის სიამაყის და ანგარების „წყალობით“ ვიხილავთ როგორც მატლთაგან გამოჭმულს.

დანო და ძმანო, სამსჯავროს ეწოდება საშინელი იმიტომ, რომ ის იქნება საბოლოო. ჩვენთვის ამ ქვეყნად სანამ ვცოცხლობთ, გამუდმებით შესაძლებელია სინანული, როგორც ცოდვის ბნელი საპყრობილიდან თავისუფლებისაკენ გამავალი კარი. საშინელ სამსჯავრომდე ჩვენ შეგვეწევა ეკლესიისა და ახლობლების ლოცვა, მაგრამ საშინელი სამსჯავრო იქნება საბოლოო და მის შემდეგ სამსჯავრო აღარ იქნება. საშინელ სამსჯავროზე საბოლოოდ გაიყოფა კეთილი და ბოროტი, ნათელი და ბნელი. მართალნი დაიმკვიდრებენ სამუდამო ცხოვრებას, ესაა მარადიული მსგავსება ქრისტე მაცხოვართან, მარადიული გაბრწყინება ღვთიური ნათელით.

მარადიულ ცხოვრებაში ყოველი წამი იქნება სულ ახალი და ახალი, სულ მეტი ბედნიერების, სიხარულის, სინათლის და ნეტარების მომტანი.

მარადიული სიკვდილი ცოდვილისა, ესაა მიმსგავსება სატანასთან, უფრო და უფრო ღრმად ჩაძირვა წყვდიადის ოკეანეში. ჯოჯოხეთი – ეს არის ადგილი მივიწყებული. ეს ის ადგილია, სადაც არ აღწევს ღვთის წყალობის სხივები, ჯოჯოხეთი აღხოცილია ღვთის სიყვარულიდან.

დანო და ძმანო! ზოგიერთი თქვენგანი იკითხავს: შეიძლება ცხოვნებული იყოს ბედნიერი, როდესაც მისი ახლობლები და ნათესავები ჯოჯოხეთში იქნებიან, ისინი ვისთანაც მათ აკავშირებდათ სიყვარული ამქვეყნიურ ცხოვრებაში? ეს რთული კითხვაა. როდესაც ჩვენ გვიყვარს ესა თუ ის ადამიანი, ჩვენ გვიყვარს იგი რაიმე სათნოებისთვის. ხოლო აღმდგარი ცოდვილები იქნებიან ცოდვისა და ბოროტების განსახიერება. ისინი დემონების დარი იქნებიან. ამიტომ ჩვენ მათ სიყვარულს ვერ შევძლებთ, ისევე როგორც ვერ შევიყვარებთ ჭირის ან ცოფის ბაცილას. წარმოიდგინეთ, თუნდაც უახლოესი ადამიანი რომ წარმოგიდგეთ გველის ან მორიელის სახით, თქვენ ვერ შეძლებთ მის სიყვარულს, მეტიც, ძრწოლით დაიხევდით უკან. ასე იქნებიან სამუდამოდ ტანჯვისათვის განწირულნი. ისინი იქნებიან აღსავსე არა მარტო სასოწარკვეთილებითა და სევდით, არამედ სატანისტური ამპარტავნებითაც. ცოდვილის სული იქნება ანთებული ღმერთისა და სიწმინდის სიძულვილის ალით და ამ სიძულვილით ისინი სიამოვნებით დაწვავდნენ თვით ზეცას და სამოთხეს.

დანო და ძმანო! სამოთხის ნეტარება – ესაა ღვთის სიყვარულისა და წმინდანთა ურთიერთსიყვარულის ნეტარება. სერაფიმე საროველი წერს: ადამიანმა რომ იცოდეს რა საშინელია ჯოჯოხეთი, და რა ტკბილია სამოთხე, ყველანაირ ტანჯვას გაუძლებდა აქ მიწაზე. ერთხელ ღირსი სვიმეონი, ახალ ღვთისმეტყველად წოდებული, ისე გაბრწყინდა სული წმიდისაგან, რომ წამოიძახა: ო, ღმერთო! ალბათ ამ ნეტარებაზე აღმატებული არაფერი არსებობს ქვეყნად! და პასუხად მიიღო: იგი რასაც წმიდანები განიცდიან ამქვეყნად ხორციელი ყოფნის ჟამს, სამოთხისეულ ნეტარებასთან შედარებით მოგვაგონებს ქაღალდის კუთხეში დახატული და ცაზე მოკაკაშე მზის შედარებას.

ეფრემ ასური წერს, რომ მაშინ სულთა ურთიერთობა სხვაგვარი იქნება. არსებობს მაცხოვრის სიტყვები, რომელნიც დაცულია არა სახარებაში, არამედ მამებთან: იმქვეყნად შინაგანი იქნება, როგორც გარეგანი. ხოლო გარეგანი, როგორც შინაგანი. ე.ი. გარეგანი ეს სხეულია, შინაგანი – სული. სხეული განსულიერდება, მსგავსი გახდება სულისა. შინაგანი – სული გახდება როგორც გარეგანი, ე.ი. იქნება ხილული. ეფრემ ასური წერს: მოისურვებ თუ არა იყო წმიდა მოწამეებთან, მათ ირგვლივ აღმოჩნდები; მოისურვებ თუ არა დატკბე მართალთა ტკბილმოუბრობით, არა ენით, არა ბაგეებით, არამედ გულითა და სულით შესძლებ მათთან საუბარს, ე.ი. შენ იხილავ მათ სულებს შენი სულით; დატკბები მათი სილამაზისა და სიყვარულის ჭვრეტით, რაც წმინდანთაგან ყველაზე გადმოედინება.

დანო და ძმანო! სამოთხეში, მხოლოდ მარადიულ ცხოვრებაში შეიმეცნებს ადამიანი ტანჯვის საიდუმლოებას, რომ ამქვეყნად, მიწაზე მწუხარება, შრომა და განსაცდელი – ესაა ღვთის უდიდესი წყალობა და ადამიანი სვამს იმ ბარძიმიდან, რომლიდანაც სვამდა თვით უფალი იესო ქრისტე. ჩვენ ამიტომაც მარადიულ ცხოვრებაში მადლობელი ვიქნებით ჩვენი მტრებისა, მადლობელი ვიქნებით მაწყევართა, მათი, ვინც უსამართლოდ მოგვექცნენ, იმიტომ, რომ ისინი უნებლიედ ხელს უწყობდნენ ჩვენს გადარჩენას. აქ ამქვეყნად ჩვენთვის მრავალი რამაა გაუგებარი, მაგრამ აქ ჩვენ მხოლოდ პირველ გვერდს ვხედავთ წიგნისა, რომელიც გაცხადდება მარადისობაში და იქ ჩვენ შევიგრძნობთ მთელ სიღრმეს ღვთიური სიბრძნისა, მთელს ძალას ღვთის სიყვარულისა.

დანო და ძმანო! ერთხელ ალექსანდრიის ეპისკოპოსი თეოფილე ნიტრიის მთას ეწვია და ყველაზე გამოცდილ ბერს ჰკითხა: „ყველაზე საუკეთესო რა ჰპოვე სულიერ ცხოვრებაში?“ და მან უპასუხა: „ყველაფერში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი“. ეპისკოპოსმა დასძინა: „ეს არა მარტო საუკეთესო, არამედ ერთადერთი გზაა გადარჩენისათვის“.

მაშ, დანო და ძმანო, მუდამ გვახსოვდეს საშინელი სამსჯავრო, ფხიზლად გვეპყრას საკუთარი სინდისი, რათა იგი მკაცრად გვამხილებდეს ჩვენ და მაშინ საშინელი სამსჯავრო იქნება ჩვენთვის მარადიული ცხოვრების კარიბჭე!

ამინ!

 

 

მოსახსენებელი წიგნაკი
გთხოვთ 20 სახელზე მეტი არ ჩაწეროთ თვითო გრაფაში
Categories
პარაკლისები

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა კეთილმსახურისა მეფისა დავით აღმაშენებლისა

სავედრებელი პარაკლისი

წმიდისა კეთილმსახურისა
მეფისა დავით აღმაშენებელისა

მღდელი: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყჳს: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაჲ…

გუნდი: ამინ.

მღდელი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი, ჴმაჲ 4

საკჳრველებაჲ, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის, კეთილმსახურისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყჳს მოქმედთასა, რამეთუ ადიდე იგი სახელისათჳს შენისა, ვიდრე დაჴსნადმდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოვლად საკჳრველთა, ხოლო შემდგომად დაჴსნისა სარკინოზთაჲსა, დიდებულ-ყავ ნიშთა მიერ საკჳრველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

საკჳრველებაჲ, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის, კეთილმსახურისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყჳს მოქმედთასა, რამეთუ ადიდე იგი სახელისათჳს შენისა, ვიდრე დაჴსნადმდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოვლად საკჳრველთა, ხოლო შემდგომად დაჴსნისა სარკინოზთაჲსა, დიდებულ-ყავ ნიშთა მიერ საკჳრველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გჳჴსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგჳცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული, ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობა 1, უგალობდითსა, ჴმაჲ 2

ძლისპირი: ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განჴორციელდა ჩუენ ცოდვილთათჳს, რომელსა უგალობთ: ღმერთო დიდებულო, დიდებულ-ხარ.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

შუამდგომელად ღმრთისა მიმართ მიგავლენთ შენ, უძლეველო მეფეო დავით, რაჲთა მომმადლოს მე სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ, ვითარცა შენ მოგმადლა და განგბანა ცრემლითა, და შეგვჭუროს მტერთა ზედა ძალითა თჳსითა უძლეველითა.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აღზრდილი სიყრმით მართლმადიდებლობისა დიდთა მოძღუართაგან, ყოვლადვე-განშორებულ იყავ ჩვეულებისაგან ყრმათა სილაღისა, ხოლო აღიზარდე რაჲ, დავით, ევლტოდე სიჭაბუკისა გულის თქუმათა და არა მიიდრიკე გემოვნებათა მიმართ და განცხრომათა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

გხედვიდეს რაჲ წარჩინებულნი სამღდელოთა თანა მჴნესა და სიბრძნითა საკჳრველსა, ეგულებოდათ ვითარ-მცა განარინებდი ერსა მას ურიცხვთა მტერთაგან, და იქმენ რაჲ წლისა ათექუსმეტისა, ცხებულ გყვეს და გჳრგჳნოსან საყდარსა ზედა სრულიად საქართველოჲსასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლად წმიდაო სძალო, უხრწნელო, განანათლე და წმიდა ჰყავ გულისსიტყუაჲ და სული ჩემი, გევედრები, და განსდევნე არმური უგუნურებისა ჩემისაჲ და წყუდიადი ცოდვათა მათ ჩემთაჲ, რაჲთა ჯეროვნად გიგალობდე შენ.

 

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყვარე.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ძემან ღმრთისამან დაგადგინა რაჲ მფლობელად ივერთა ქუეყანისა, შემოიკრიბე სპანი ერთგულნი, და დაუცხრომელად წურთნიდი რაჲ მჴნეთა მეომართა, იწყე წინააღმდგომაჲ მომხდურთაჲ და შურებოდი აღორძინებისათჳს ივერიისა.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ნიჭნი გულისჴმის-ყოფისანი მოიხუეჭე რაჲ ლოცვითა მჴურვალითა, ერსა, შენდამი რწმუნებულსა, დამწყსიდი სიყუარულითა და განამდიდრებდი ყოველთა სულიერითა და ჴორციელითა კეთილითა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აბრაჰამის უცხოთმოყუარებასა ჰბაძევდ, დიდებულო, და უხუებითა ზრდიდი უპოვართა და ღატაკთა, აწ ჩუენცა აღგვადგინე ბაძუად სათნოებათა შენთა, რაჲთა ვევლტოდეთ ვერცხლისმოყუარებისა ბოროტსა მას ვნებასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განჰკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი, და გონებაჲ ჩემი, დაბნელებული უდებებითა, განანათლე, ღმრთისმშობელო, რაჲთა გიგალობდე: არავინ არს წმიდაჲ შენებრ, უბიწოო, და უხრწნელ.

 

მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტჱსმოყუარისა მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს).

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტჱს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონა ანუ მჴევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომაჲ, ჴმაჲ 1

ქრისტემან ღმერთმან გყო-რაჲ მეფედ და წინამძღურად საზეპუროჲსა ერისა, უძღოდი შენ ქართველთა, ვითარცა მოსჱ ისრაელთა, და დააცხრვენ ჭირთა მძჳნვარებანი აგარისა ერთა, მოწევნადი ერსა შენსა ზედა, ხოლო ჩუენ დიდების-მეტყუელებასა და ქებასა შევსწირავთ ღმერთსა, რომელმანცა მოგუმადლა ჩუენ უძლეველი მეფჱ და დიდებული მოღუაწჱ და გნატრით შენ, ვითარცა მფარველსა და სიქადულსა ერისა ჩუენისასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ექმენ რაჲ ზღუდედ და ფარად მამულსა შენსა, ერი შენი დაიცევ ყოველთა ორგულთა და მტერთაგან, დაშრიტე რაჲ ზრახვანი უკეთურთანი და სძლე ძალითა ჯუარცმულისაჲთა, მას ევედრე, აწ, წმიდაო, რაჲთა წყალობითა მოხედოს მწუხარებათა ჩუენთა და დაგჳფარნეს ჴელოვნებათაგან მძლავრისა ამის მტერისა და გარე მოდგომილთა მძჳნვარეთა ჭირთა და ურვათაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგჳფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და გჳჴსნენ ყოველნი, უბიწოო, ბოროტისა გარემოდგომილებისაგან, რომელთა გვაქუს ყოველი სასოებაჲ შენ ზედა, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი, საღმრთოჲთა ვედრებითა შენითა.

 

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მთისაგან უჴელოდ ლოდი გამოეკუეთე ქრისტე, ქალწულისაგან დედისა, ამისთჳსცა წინასწარმეტყუელმან გიხილა და ღაღადყო: ჴსნად ერისა შენისა მოხუედ, დიდება ძალსა შენსა, უფალო.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარცა მწყემსი მღჳძარჱ, იღუწიდი სამწყსოთა შენთა კეთილად, და აღაშენე ციხე-ქალაქნი უბრძოლველნი მშჳდობით დაცვისათჳს ერთა თჳსთა, ეგრეთცა წინაშე ღმრთისა კადნიერებით მდგომარემან გვითხოვე ცხებული სარწმუნოჲ და მართალი, მმართებელად და წინამძღურად, ყოვლითავე მსგავს შენდა.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჭაბუკმან, ვითარცა მჴცოვანმან და ბრძენმან გულის-ჴმა ყავ საქმჱ, რომლითა მოიმადლებდი ფრიად განრისხებულსა ღმერთსა, შეჰკრიბე რაჲ ღმრთივსულიერნი მამანი და სჯულისა მეცნიერნი რუის-ურბნისსა და განაჩინეთ ძეგლისწერაჲ კრებისაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უღირსთა და უწესოთა დაეპყრნეს რაჲ საეპისკოპოსონი, ერსა უსჯულოებასა ასწავებდენ ნაცვლად სჯულისა, ხოლო თქუენ განკვეთეთ და შეაჩვენეთ, და შვიდთა მსოფლიოთა კრებათა კანონთა მიერ წარმართეთ ცხორებაჲ ქართველთა ერისაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმეტყუელთა სიღრმე საიდუმლოთა შენთა ჰქადაგეს ყოვლად მიუწთომელად, უხრწნელო, რამეთუ გარე-შეუწერელი, განჴორციელებული ჰშევ გამოუთქმელად.

 

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: დამჴსნელი ბნელის მის წესთა მათ წერილისა, პირველისა ჰსჯულისათა, და მომცემელი მორწმუნეთა მადლთა მისთა, ქალწულისაგან იშუა ქრისტე და მიმიძღვა ჩუენ ნათლად, ღმრთეებისა თჳსისა.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

არავინ ყოფილ არს მეფეთა ჩუენთაგანი მსგავს შენდა, ჵ, მუშაკო საკჳრველო, რამეთუ დავით წინაჲსწარმეტყუელისაებრ მოიხვეჭდი მოწყალებასა და სიმშჳდესა, და ქრისტჱს სახარებისა ქადაგებითა, დაამჴობდი უღმრთოთა და მწვალებელთა ბრძნობასა.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

არა ტყუილად ჴრმალ-გება, მეფეო, ყოვლად მჴნეო, რამეთუ მკლავითა ლომებრივითა ქმენ რაჲ ბრძოლანი საკჳრველნი, სირცხჳლეულ-ყვენ ყოველნი წინააღმდგომნი ღმრთისანი, და განაქარვე ბოროტნი განზრახვანი მათნი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

არა სახმარ იყო შენდა ბრწყინვალებაჲ სანთლისაჲ, რამეთუ გულსმოდგინე ლოცვაჲ შენი და კეთილი საქმჱ, ვითარცა ნათელი დაუღამებელი უძღოდა მეფობასა შენსა, და სარწმუნოებითა თჳსითა განამტკიცებდი მორწმუნეობასა ერისასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ახლად ყრმად გჳშევ, ქალწულო წმიდაო, პირველ ჟამთა შობილი მამისაგან, სიტყუაჲ მხოლოჲ დაუსაბამოჲ, მას ევედრე აწ, ვითარცა ძესა და ღმერთსა შენსა, რაჲთა შეგჳწყალნეს, რომელნი განწმედილითა გულითა აღგიარებთ ღმრთისმშობელად.

 

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ღმრთისა მიმართ ვღაღადებთ მწუხარებით ყოველნი, ვითარცა იგი, იონა წინასწარმეტყუელი, აღმომიყუანენ ღელვათაგან განმხრწნელთა, მხოლოო სახიერო, გევედრებით.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

გული შენი განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო ჴელთა შინა ღმრთისათა, და ხჳდოდი ყოველთა მცნებათა და სამართალთა მისთა, აწ ჩუენცა მეოხ გუექმენ, მოგვცეს გული გონიერი და ბრძენი, გულისჴმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მიემსგავსე რაჲ ნათესავსა შენსა დავითს, მეფესა ისრაელისასა, გულითა შემუსრვილითა შეგვიქმენ „გალობანი სინანულისანი“, რომლისა მიერ გვიჩუენე სიმაღლჱ სიმდაბლისაჲ და ღმრთისად მიმყვანებელი გზაჲ იგი ჴსნისაჲ და ცხორებისაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უშიშ იყავ, ვითარცა უჴორცოჲ, და მინდობილი საჭურველსა უძლეველსა, ნიშსა ჯუარისასა, ძალითა ქრისტჱსითა ყოვლადვე მძლედ გამოჩნდი მტერთა ზედა და დააკუეთე ამპარტავნებაჲ ქართველთ-მოძულეთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცათა უვრცელეს იქმნა წიაღი შენი, რამეთუ ღმერთი დაიტიე, უსძლოო სძალო, რომელი დაუტევნელ არს და გარეშეუწერელ დაბადებულთაგან.

 

მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

კონდაკი, ჴმაჲ 8

ზესთამბრძოლსა უძლეველსა დავითს და შემწესა ურცხვენელსა კეთილმსახურებისასა, ვითარცა შენ მიერ განათლებულნი სამწყსოჲსა შენისა ერნი, შესხმისა გჳრგჳნსა შეგითხზავთ განმათავისუფლებელსა ჩუენსა ყოველთაგან ვნებათა და ვჴმობთ შენდამი სიხარულით: გიხაროდენ, ჭეშმარიტო მამაო და მფარველო ერისა ჩუენისაო!

იკოსი, ჴმაჲ 8

ანგელოზნი თანა მდგომ ყოველსა შინა მოიგე, განმაშუენებელმან კეთილ-მსახურებისამან საქმეთა მიერ კეთილთა, და გონებაჲ ანგელოზებრი თჳსებასა ანგელოზთასა შეაერთენ, ღმრთივგანბრძნობილო მეფეო დავით, და მარადის მათ თანა იხარებ წინაშე ღმრთისა, ხოლო ჩუენ განკჳრვებულნი გიჴმობთ: გიხაროდენ, ჭეშმარიტო მამაო და მფარველო ერისა ჩუენისაო!

 

მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაჲ, ჴმაჲ 4

და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი.

მუხლი: ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

გუნდი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშჳდობაჲ ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელი: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

მღდელი: მოხედენ.

 

სახარება იოანესი (თ. 10. 9-17)

ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა, მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი ჰპოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდეს, არამედ რაჲთა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. ხოლო სასყიდელით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის-რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ, და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყუანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა კეთილმსახურისა მეფისა ჩუენისა დავითისითა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

ვითარცა კეთილმსახურმან და ღმრთივდაცულმან მეფემან, ერსა შენსა მოჰმადლე ძლევაჲ მტერთა მიმართ და მართლაღსარებითა დამტკიცებული ეკლესიაჲ დაიცევ შეუძრველად, ეგრეთვე აწ ითხოვე ეკლესიისათჳს დაცვაჲ და მოცემად ჯუარითა ერსა ჩუენსა ძლევაჲ ყოველთა მაჭირვებელთა ზედა, სიმტკიცჱ მორწმუნეთა და ამაღლებაჲ რქისა მათისაჲ მწვალებელთა ზედა, მშჳდობაჲ სოფელსა და დიდი წყალობაჲ შენდამი მვედრებელთა.

 

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა; ჯუარისა ნინოჲსითა და ჯუარისა მცხეთისაჲთა, ზეგარდამოქსოვილისა კუართისა უფლისაჲთა და ღმრთივბრწყინვალისა სუეტისა ცხოველისაჲთა მირონმდინარისა; მეოხებითა პატიოსანთა უჴორცოთა ზეცისა ძალთაჲთა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანჱსითა, წმიდისა დიდისა წინაჲსწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრჱსა და პავლჱსითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისაჲთა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაჲსითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაჲთა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთ-მოქმედისა და წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაჲ, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაჲთა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაჲთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაჲთა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთჳმე და გიორგი მთაწმინდელთაჲთა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარჱსა და მარინჱსითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინჱსა და კონსტანტინე მთავრისაჲთა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაჲთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაჲთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაჲთა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაჲთა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დემეტრე-დამიანჱსა, თამარისა და სოლომონისაჲთა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაჲთა; წმიდისა არქიმანდრიტისა, ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაჲთა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაჲთა იოაკიმ და ანნაჲსითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა დავით აღმაშენებელისა, და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: მაყუალი მოტყინარე და საჴუმილი ქალდეველთა მათ, შეცურეული, ჭეშმარიტად მოგასწავებდა შენ, ღმრთისმშობელო, რამეთუ შეიწყნარე ცეცხლი ღმრთეებისაჲ წიაღსა შენსა უვნებელად, რომელსა უღაღადებთ და ვიტყჳთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ბრძოდი რაჲ ურიცხუთა მტერთა მცირედითა მით ლაშქრითა, გამოიყვანე სპაჲ ყივჩაყთაჲ, განთქმულნი სიმჴნითა, და მოიმტკიცე რაჲ ფიცითა ერთგულობისაჲთა, მოსრნე ურიცხუნი თურქნი თანა-დგომითა მათითა. აწ ჩუენცა გარემოცულნი მრავალთა მტერთა და განსაცდელთა მიერ გჳჴსენ ყოვლისაგან საფრჴისა.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

განარისხა სულტანი ძლიერებამან შენმან და წარმოავლინა რაჲ ლაშქართა სიმრავლენი, უბრძანა აღსპობაჲ საქართველოჲსა, და თრიალეთს მოწევნულთა იწყეს რაჲ ოხრებაჲ სამწყსოჲსა შენისა, განაწყე ლაშქარი და განამჴნე რაჲ იესუს სახელითა, უშიშად ეკვეთეთ და უმრავლესსა მათსა მოსწყვედდით დიდგორსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

შეძრწუნდენ უსჯულონი, ხედვიდენ რაჲ მჴედარსა საკჳრველსა, მბრძოლსა მარჯვენით შენსა, ხოლო ქართველნი სიხარულითა ჴმობდით: „წმიდაჲ გიორგი ჩუენთან არს“ და ადიდებდით ღმერთსა, რომელმანცა მოგცათ ძლევაჲ ეგე უძლეველი და დაგიცვათ საკჳრველად.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ტევანი ცხორებისაჲ გამოიღე, ვითარცა რაჲ ვენახმან დაუსხმელმან, ღმრთისა დედაო, რომელმან გვიწდიე ღჳნოჲ წმიდა-მყოფელი, და მახარებელი გონებათაჲ, სიმთვრალისა ბოროტისა დამჴსნელი.

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: სახუმილი იგი ცეცხლისაჲ ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

პოვე რაჲ ჟამი საწადელი, აღიღე ტფილისი, ოთხას წელ ქონებული აგარიანთა, და ნიკოფსიითგან დარუბანდამდე განავრცობდი სამეფოსა შენსა, რაჲსთჳსცა სიმჴნჱ შენი და ღირსებაჲ არა ხოლო თუ საქართველოსა ოდენ განითქუა, არამედ ყოველსა ქუეყანასა.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჯერეთ მჴნჱ და ახოვანი დასნეულდი რაჲ, მეფეო დავით, განაგე ყოველივე სარგებელი სულისა თჳსისაჲ, და აკურთხევდი რაჲ სამწყსოსა შენსა, ევედრებოდი ღმერთსა ერისათჳს შენისა და სამეფოჲსა. აწ დაცემული ესე და დამდაბლებული ქართველთა ერი კუალად აღადგინე მსახურებად ღმრთისა და მამულისა მეოხებითა შენითა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

შენ, უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართველთასა და ბაგრატოვანთა შორის უფროჲს ყოვლითავე სრული, წარხვედ რაჲ წინაშე მსაჯულისა, მისისაებრ განმგებელი მეფობისა, განგეხუნეს შენ ბჭენი ზეცისანი და შეხუედ სიხარულსა უფლისა შენისა სახიერისასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, ყოვლად საგალობელო, დაამშჳდე ცხოვრებაჲ და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა, რაჲთა მარადის გაკურთხევდე შენ, დედოფალო.

 

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: რომელმან ჰშევ მთიები, მზისა უბრწყინვალესი ღმერთი, ჴორციელ-ქმნული, მოსრული ჩუენდა საშოჲსაგან შენისა, ჴორციელად, გამოგვიჩნდა გამოუთქმელად სიმდაბლით, ამისთჳს ღმრთისმშობელო, სარწმუნოებით გადიდებთ შენ.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ღუაწლმრავალი ნეშტი შენი დაკრძალეს გელათის კარიბჭესა ანდერძისაებრ შენისა, რაჲთა სავანესა მას მოსრულნი მიემთხვივნეს სამარხოსა შენსა, და კურთხევისა მომღებელნი მადლობისა ჴმითა უგალობდეს ღმერთსა.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აჰა, ზღუდედ სიმტკიცისად მოგვიგიეს ჩუენ სამარხოჲ შენი და ვიქადით, ვითარცა მქონებელნი საუნჯისა, რამეთუ მარადის ისმენ ვედრებასა ჩუენსა და შევრდომასა, და ყოველთა მოგვცემ ლხინებასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

შემდგომად სიკუდილისა შენისა მაუწყებელ-არს მოღუაწებათა დიდებული გელათი და ჴმა მაღლად ჰქადაგებს შიო-მღვიმე ლოცვათათჳს შენთა მჴურვალეთა, ხოლო ჩუენ გული გჳთქმს მისლვად წმიდათა მათ სავანეთა, აღმოაცენებს რაჲ მადლსა ჭეშმარიტსა და აღგვადგინებს დიდებად ღმრთისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

საიდუმლოჲ დიდი, დიდებულისა შობისა შენისაჲ განაკჳრვებს ანგელოზთა, ღმრთივ-მიმადლებულო, და წმიდათა გუნდსა მოწყლავს სიყუარულითა და აღსძრავს მამათა საღმრთოდ.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

 

მღვდელი აკმევს; მკითხველი (ან ერისკაცი) კითხულობს

ქრისტჱს მჴსნელისა იქმენ ერთგულ მოწაფე და გარე შეგარტყმიდა რაჲ საღმრთოსა ძალსა თჳსსა, განახლებაჲ მადლისაჲ მოსცა შენ მიერ სამოციქულოსა მას დიდებულსა, ნინო კაბადუკიელისა მიერ განათლებულსა ერსა, რამეთუ ღუაწლი შენი და სიტყუაჲ და სწავლაჲ ექმნა საჭეთმპყრობელ და მმართებელ სამღდელოთა და ერთა.

ჵ, პატიოსანო მეფეო, რომელსა სახელ-გდო ერმან შენმან აღმაშენებელად, უნათლეს მზისა გამობრწყინდი ჟამთა მათ უსჯულოთა ზეობისასა, და განაბრწყინვე საქართველოჲ მშჳდობითა და დიდებითა, აწცა მეოხ-გუეყვენ ჩუენ ღმრთისა მიმართ, განაბრძვნოს მთავარნი და განმგენი ჩუენნი, რაჲთა არა განმცემელ ექმნენ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა და საზღვარნი საქართველოჲსანი მოჰკრძალონ ოხითა ღმრთისმშობელისაჲთა.

ქუეყანისა ჩუენისა აღმაშენებელსა და სინანულისა გალობათა შემოქმედსა მეოხად მოგიგებთ მოსავნი შენნი და გევედრებით: დაგვიფარენ ჩუენ ანტიქრისტეს ზაკუათაგან და საცთურისა და მოგუანიჭენ შიში ღმრთისაჲ და ახოვანებაჲ სულისაჲ.

ვითარცა ბრძენმან და მოწყალემან მამამან დააცხრვენ ჭირთა მძჳნვარებანი, მოწევნულნი და მოწევნადნი ერსა შენსა ზედა, ეგრეთცა ნუ დააცადებ ოხასა ღმრთისა მიმართ, გარე წარაქციოს რისხვაჲ აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და ლაზარესაებრ აღგჳდგინოს მამული ჩუენი – საქართველო – პირველსავე დიდებასა, რაჲთა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან.

ელვარებაჲ ღუაწლისა შენისაჲ, და მცხინვარებაჲ სიმჴნეთაჲ ცისკროვან-ჰყოფს გულსა ჩუენსა და შენთანა ვევედრებით ღირსსა გიორგი ჭყონდიდელსა – აღმზრდელსა და თანაგამკაფველსა ყოველთა გზათა და საქმეთა შენთა: გაქუთ რაჲ შუა-მდგომელობაჲ ღმრთისა მიმართ, შეგვეწიეთ მამობრივითა კადნიერებითა, რაჲთა მზაკუვარებაჲ მტერთა ჩუენთაჲ განჴადოს და შეჰკრიბოს განბნეული ერი ქართველთაჲ.

ჵ, ღირსო მეფეო, წმიდაო დავით აღმაშენებელო, შეგვავედრე სასოსა და მფარველსა ჩუენსა ღმრთისმშობელსა, რაჲთა თქმულნი მისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან და ნუ განგვაშორებს მეოხებასა მისსა წილხვდომილთა თჳსთა, არამედ შეგვეწიოს ყოველსავე ჭირსა და საცთურსა შინა და აღგვავსოს მღჳძარებითა საღმრთოჲთა, რაჲთა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა და წინაპართა ჩუენთა წესისაებრ მარადის ვმსახურებდეთ და ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაჲ…

გუნდი: ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მჴევალთა) ღმრთისაჲთა და ყოველთა შჳლთა ჩუენისა ეკლესიისაჲთა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე ეკლესიაჲ და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახჳლისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლჳსაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარეწარაქციოს რისხუაჲ, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხჳსაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მღდელმან: მერმე და მერმე მუჴლთ-მოდრეკით. უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

 

სავედრებელი ლოცვა

ჵ, დიდებულო მეფეო და კაცთა შორის საკჳრველო მოღუაწეო, წმიდაო დავით აღმაშენებელო, მახვილო მესიისაო და საღმრთოო სუეტო მართლმადიდებლობისაო; ეკლესიისა შეურყეველო გოდოლო და უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო; მჴედართა დიდებაო და სიმტკიცეო კეთილმსახურთა მეფეთაო; მოწყალეო; გლახაკთა ჴელის-აღმპყრობელო და ჭირთა შინა მყოფთა მსწრაფლ-შემწეო და შესავედრებელო!

ჵ, ღუაწლით-შემოსილო და უძლეველო მეფეო დავით! ელვარებითა სიწმიდისა შენისაჲთა მეოხ-გუეყვენ ჩუენ ქრისტჱს მიმართ, ღმრთისა ჩუენისა, რაჲთა წყალობითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, საუფლოჲსა ჯუარისა მტჳრთველსა ქუეყანასა ზედა, და დაიცვას მტერისა საფრჴისა და ძმათა მტერობისაგან, რამეთუ მთავარნი ამა სოფლისანი იღუწიან განხრწნასა და აღსპობასა მისსა, ხოლო ჩუენ ვეძიებთ ღონესა განრინებად მძლავრებისაგან მათისა და ვესავთ შეწევნასა შენსა, რაჲთა არა მოაკლდეს სარწმუნოებაჲ ქართველთა ერსა, ხოლო ქუეყანასა ჩუენსა მთავრობაჲ ნათესავთა შენთა, კურთხეულთა და მირონცხებულთა, რომელნი ჰყოფენ სამართალსა და წყალობასა სწორად ყოველთა ზედა, და ძალითა ჯუარისაჲთა შემოჰკრვენ რაჲ ყოველთა საზღუართა საქართველოჲსასა, აღამაღლებენ და აღადგენენ სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაჲთ, რაჲთა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაჲ ჩვენი ილია, და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზვნო წესნი. კეთილმორწმუნენი მჴედართმთავარნი და ქალაქთმთავარნი, ქრისტჱსმოყუარენი მხედრობანი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.

ჵ, მეფეთა შორის მჴნეო მოღვაწეო, წმიდაო დავით აღმაშენებელო! ჭეშმარიტებისა მცველო და სინანულისა გალობათა შემოქმედო, ევედრე ყოველთა მწყალობელსა, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა სიმტკიცჱ, მოძღუართა ამათ ჩუენთა მოშურნეობაჲ და მღჳძარებაჲ სულთათჳს; მთავართა – სიბრძნჱ, ძლიერებაჲ და კეთილად მწყსაჲ ერისაჲ; მსაჯულთა – სამართალი თუალუხუავი; მჴედართა მამაცობაჲ და მჴნეობაჲ სულისაჲ; წინამძღუართა – გონიერებაჲ და სიმდაბლჱ; ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ; მეუღლეთა – სიყუარული და თანხმობაჲ; შჳლთა – მორჩილებაჲ; მძლავრთა – შიში ღმრთისაჲ; მწუხარეთა – სულგრძელებაჲ; მხიარულთა – მოზღუდვილობაჲ და სული გონიერებისაჲ და ღმრთისმოსავობისაჲ, ხოლო ჩუენ შეგვინდოს ამაოჲ და ცრუ მორწმუნეობაჲ, ამპარტავნებაჲ, ზაკუვაჲ, ღალატი, შური, სიძულვილი, ანგარებაჲ, უმადლოებაჲ, დრტვინვაჲ, კლვანი, პარვანი, სიძვანი, უწესობანი, და მოგუმადლოს შენებრი მჴურვალებაჲ სარწმუნოებისაჲ, საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ და ძმებრივი სიყუარული მოყუასისაჲ, სიმართლის სიყუარული და ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინვებაჲ, პატიოსნად მიცუალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

გუნდი: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელი: ჩამოილოცოს.

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, წმიდისა მეფისა დავით აღმაშენებელისაჲთა, და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

 

ხატისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

იხარებს ქართველთა ეკლესიაჲ წმიდასა ჴსენებასა შენსა და გვიწესს ყოველთა შჳლთა თჳსთა მართლმადიდებელთა ქებით შესხმად ღუაწლისა შენისა და უძლეველისა მეფობისა, და ჩუენცა, მოქადულნი სიბრძნითა შენითა და მჴნეობითა, შეუვრდებით ხატსა შენსა, წმიდასა და სანატრელსა, და გევედრებით: ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ დიდი, იმეოხენ წინაშე ღმრთისა, რაჲთა არა სამართლად მოგვაგოს ბოროტთა საქმეთა ჩუენთათჳს და გჳჴსნნეს ყოველთაგან განსაცდელთა.

ყოველთა შეცოდებულთა სასოო და შემდგომად ღმრთისა შესავედრებელო და მჴსნელო ქრისტეანეთაო, უმეტესად კურთხეულო დედაო ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისაო, მარადის ქალწულო მარიამ, მოხედენ ვედრებასა ჩუენსა და გჳჴსენ ყოველთაგან ჭირთა და სალმობათა.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი

Categories
ქადაგებანი

სიტყვა კვირიაკესა მეზვერისა და ფარისევლისა. წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა კვირიაკესა მეზვერისა და ფარისევლისა.

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: 

ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე (ლუკ. იჱ, ი).

 

ორნი კაცნი შევიდნენ ტაძარსა შინა ლოცვად, ვითარცა გვესმა დღეს წარკითხულისა სახარებისაგან. ერთის კაცის ლოცვა იქმნა ნაყოფიერი: ღმერთმან მიუტევა მას მრავალნი მისნი ცოდვანი და გამოვიდა იგი ეკლესიისაგან განმართლებული. მეორისა კაცისა ლოცვა დაშთა უნაყოფოდ; არათუ არ მიიღო მან მიტევება ცოდვათა, არამედ უმეტესად დამძიმდა მისი ცოდვა. რა იყო, ძმანო, ამის მიზეზი? დიდად საჭირო არს ჩვენ ყოველთათვის გამოვიკვლიოთ ეს საგანი: ჩვენ  ყოველნი აღვდივართ ტაძარსა შინა ლოცვად, მაშასადამე საჭირო არს ჩვენთვის შევიტყოთ: რომელი ლოცვა გაამართლებს კაცსა და რომელი არა.

რა სახით ილოცეს ამ ორთა კაცთა? ფარისეველი იგი წარსდგა და ამას ილოცვიდა თვისაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი; მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზვერე; ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა; ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. აჰა ვითარ აღსწერს მაცხოვარი ლოცვასა ფარისეველისასა! რისთვის დაშთა ეს ლოცვა უნაყოფოთ? ამას არ უნდა დიდი განმარტება: თვით შენ ჰგრძნობ, ძმაო ჩემო, რომ უგუნურთა ამათ სიტყვათა შინა ფარისეველმა გამოაჩინა ერთი მხოლოდ ამპარტავნება თვისი. აქ მე სხვა რაიმე უნდა გითხრა, ძმაო: როდესაც გესმის შენ ეს უგუნური ლოცვა ფარისეველისა, არ გაგახსენდებაა რაიმე მგზავსი ამისი ცხოვრებისა შენისაგან? მაღალნი და უგუნურნი სიტყვანი ფარისევლისანი არ მოგაგონებენა შენ საკუთართა შენთა ანუ რომლისამე მცნობისა შენისა სიტყვათა? ხშირათ დავემსგავსებოდით ჩვენ, ძმანო ჩემნო, ფარისეველსა ამას. ვინ იცის, რაოდენ-გზის ზოგიერთი კაცი ამართლებს თავის თავს, მგზავსად ფარისეველისა ამის, მით, რომელ იგი, მადლობა ღმერთსა, არ არის ქურდი, კაცის მკვლელი, მემრუშე! რაოდენ გზის მოხდება, რომელ ოდესაც მამა თავის შვილს ანუ უფროსი თავის ქვეშევრდომს დაემდურება და აყვედრებს რომელსამე ცუდსა საქმესა, მაშინ იგი იტყვის: მადლობა ღმერთს, მე ხომ ქურდი და კაცის მკვლელი არა ვარო. ანუ ოდესაც მოძღვარი ამხილებს თავის მოწაფეს და უხსნის, რა ცუდი საქმე უქნია, მაშან იგი იტყვის: მადლობა ღმერთს, ჩემზედ უარესიც არიანო. ერთის სიტყვით, თითქმის ყოველ კაცს აქვს ის ცუდი და მავნებელი ჩვეულება, რომ იგი თავის თავს ამართლებს მით, რომელ არიან ბევრნი მას ზედა უარესნი: არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე. ჰოი უგუნურებასა შენსა, ფარისეველო! შენი თავი დიდათ მიგაჩნია მხოლოდ მისთვის, რომელ არიან ზოგნი შენზედ უარესნი, არა ხარ შენ ყოველთა-უცუდესი. უკეთუ გსურს შენ, ძმაო, შეიტყო შენი სულიერი მდგომარეობა, არა შენსა უარესსა, არამედ შენზედ უმჯობესსა შეადარე შენი თავი; ცხოვრება შენი, ყოფაქცევა და სიცოცხლე შენი გაზომე საღმრთოითა მით საზომითა, რომელი გიჩვენა შენ მაცხოვარმან სიტყვითა და საქმით.

არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე. ვსთქვათ, რომ შენ სწორედ არა ხარ მსგავსი ძლიერ ცუდთა კაცთა, გარნა ემსგავსებია კაცთა წმიდათა? ვსთქვათ, რომ შენ არა ხარ ბოროტის-მომქმედი, გარნა არ არის საკმაო შენთვის მხოლოდ ის, რომ ცოდვა არ გქონდეს, არამედ მადლი უხდა ჰქმნა, სათნოება უნდა შეიძინო. ღმერთმან შენ გიწოდა სიწმიდისათვის, სათნოებისათვის, სასუფევლისათვის. უკეთუ არ მიმდინარეობს შენი ცხოვრება უმჯობესისადმი, მაშა-სადამე რით გამართლდები?

არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე: რა არის, ძმაო ჩემო, სიტყვათა ამათ შინა შესანიშნავი და განსაკვირვებელი? ის, რომელ ესრეთთა მაღალთა სიტყვათა სწორედ ის კაცი ამბობს ხშირად, რომელიცა ნამდვილად ემსგავსება ცუდთა კაცთა და არის აღვსებული ყოვლითა ბოროტებითა. კაცი წმიდა, ღვთისმოყვარე და ღვთისმოშიში ვერ გაბედავს და ვერც მოიფიქრებს თქმად ესრეთთა სიტყვათა; იგი არის თავმდაბალი და თვით მცირედიცა ცოდვა, უკეთუ შეემთხვია მას, შეაშინებს და შეჰმუსრავს გულსა მისსა; იგი სიმდაბლესა შინა თვისსა ყოველთვის ჰრაცხს თავის თავს დანაშაულად და ცოდვილად ღვთის წინაშე; მას არა აქვს იმედი თავის თავისა, არამედ ღვთისაგან ელის განმართლებასა. შენ მხოლოსა შეგცოდე ღმერთო! მე მხოლომან განვამწარენ წიაღნი მამულნი შენნი! უარესი ვარ მე და უცოდვილესი ყოველთა კაცთა! აჰა, რას ლოცულობდნენ მარადის უდიდესნი წმიდანი, რომელნი იყვნენ აღვსებულ სულითა წშიდითა და სასწაულ-მოქმედნი! ხოლო ფარისეველი იქადის; იგი არათ ჰრაცხს ზოგიერთსა ცოდვასა, იმას ცოდვად მიაჩნია მხოლოდ უსაშინელესი ცოდვანი, ვითარცა მტაცებლობა, მრუშება, კაცის კვლა; უკეთუ ესენი არ უქმნია მას, იმას თავისი თავი მიაჩნია წმიდად.

გარნა, რას გვეტყვის კიდევ ფარისეველი ესე? იგი გვაჩვენებს ჩვენ, ვითომც მას აღუსრულებია მრავალნი სათნოებანი: ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. აჰა სათნოებანი ფარისეველთა! მარხვა და მსხვერპლის შეწირვა არის გზა მიმყვანებელი სათნოებისადმი და არა თვით სათნოება; ვინც იმარხავს, მსხვერპლს შესწირავს, წირვა-ლოცვას ისმენს, გარნა შინაგანი სიწმიდე არ მოემატა, სულით და გულით უმჯობესი არ შეიქმნა, ის ემსგავსება კაცსა მას, რომელი გზასა ზედა სდგას და წინ არ მიდის. ცხად არს, რომ ესრეთი კაცი მოჩვენებისათვის, ესე იგი ფარისევლობით აღასრულებს ესრეთთა გარეგანთა საქმეთა.

ახლა მივიქცეთ მეზვერისადმი და შევიტყოთ, როგორ ლოცულობდა იგი: ხოლო მეზვერე იგი შორს სდგა და არა იკადრებდა თვალთაცა ზე აღხილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას! ცხად არს, თუ ვითარითა სიმდაბლითა, გრძნობითა და შემუსრვილითა გულითა ლოცულობდა მეზვერე იგი; იმან შეიგნო თვისი მდგომარეობა, იგი აღარ ატყუებდა თავის თავს. ვინ იცის, იქმნება, ისიც კი ორ-გზის იმარხვიდა, ვითარცა ფარისეველი შაბათსა; უთუოთ იგიც ათეულსა აძლევდა მონაგებისაგან თვისისა, ვინაიდგან იგიცა იყო ურია; ხოლო ურიანი მტკიცედ აღასრულებდნენ ესრეთთა მცნებათა. გარნა როგორღა გაახსოვდებოდნენმას ესრეთნი ფუჭნი საქმენი, ვინაიდგან გული მისი იყო შემუსვრილ, მას ახსოვდა მხოლოდ თვისი უღირსება და თვისი ცოდვა.

ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა! ბევრს სიტყვას არ ამბობს იგი; ნაცვლად სიტყვათა ისმის ოხვრა მისი და გულის-ცემა. ვინც ღრმად ჰგრძნობს, ვისიც გული არის აღელვებული, იგი ბევრს ვერა რას იტყვის; ან რათ უნდა ღმერთსა სიტყვამი შენნი, ძმაო! ღმერთი ჰხედავს შენს გულს, იგი ჰხედავს, რა გრძნობით მიდიხარ შენ ეკკლესიაში. სთქვი შენცა, ძმაო, სიღრმისაგან გულისა შენისა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას, და ღმერთი მიმხედველი გულისა შენისა სიმდაბლისა და გრძნობისა, გილხენს და გაცხოვნებს შენ. ამინ.

 

ლოცვანი

Exit mobile version