სავედრებელი პარაკლისი
წმიდისა მღდელმოწამისა ხარლამპისა
მაგნეზიის ეპისკოპოსისა
მღდელი: კურთხეულ არს–ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 4
სუეტად რჩეულად ქრისტეს ეკლესიისა და დაუშრეტელ ლამპრად ყოვლისა სოფლისა გამოსჩნდი შენ, ხარლამპი ყოვლადბრძენო, და წამებითა განბრწყინდი რაი სოფელსა შინა, კერპთა საცთური შემუსრე, ნეტარო, ამისთვის გვექმენ შუამდგომელ წინაშე ქრისტეისა, და მარადის ევედრები ცხოვნებისათვის ჩუენისა.
დიდებაი.. ტროპარი (იგივე) აწდა…
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 2
ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთა, ღაღადებდა, მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.
წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
გიგალობთ შენ, ვითარცა მღდელობისა და მარტვილობისა გვირგვინითა შემკულსა მამასა ჩუენსა, რომელმან გზაი ცათა სასუფევლსა შინა მკვიდრობისაი გვიჩუენე ყოველსა მორწმუნესა.
წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
გაქებთ შენ, ვითარცა ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსა, და გევედრებით ხსნასა სოფლისა ამის განსაცდელთაგან და საფრხისაგან ეშმაკისა
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
გნატრით შენ, ვითარცა მღდელთმთავართა და მოწამეთა შორის საჩინოსა, და გევედრებით ხსნასა მომსრველთა სენთაგან და მძვინვარებათაგან ჭირთაისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მხოლოსა უქორწინებელსა და წმიდასა, გევედრებით შენ მონანი შენნი, ძვირთა და ვნებათაგან განგვარინე, ვითარცა სახიერისა ღმრთისა მშობელმან, სახიერმან და მოწყალემან.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარეო.
წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
გულითა განწმედილი და სულითა განათლებული ღირს იქმენ რაი მღდელთმთავრობისა პატივისა, საჭეთმპყრობელ და მმართებელ ექმენ სამღდელოთა და ერთა, და მარადის ქადაგებდი ჭეშმარიტებასა და კეთილად განაგებდი სამწყსოსა შენსა.
წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
საღმრთოითა მგზებარებითა შემკული ამხელდი რაი კერპთმსახურებისა სიცბილსა, განამრავლე რიცხვი მორწმუნეთაი, ნეტარო, და ყოველთა განსწავლიდი რაი ღუაწლსა მას შინა სულიერსა, შეშფოთდენ წარმართნი და აუწყეს მმართველსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
შეგიპყრეს რაი, წმიდაო, და წარგადგინეს წინაშე მსაჯულისა, გაიძულებდენ კერპთათვის მსხუერპლისა შეწირვასა, გარნა არცაღა სმენად თავს-იდევ სიტყუანი მისნი და აღიარებდი ღმრთეებასა მაცხოვრისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წარწყმედისა, ძვირთა და ყოვლისა ვნებულებისა და გარე-მოდგომილებისაგან დაგვიფარე ჩუენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვედრებითა წმიდისა ხარლამპისაითა და ლოცვათა მიერ შენთა, სძალო ღმრთისაო.
გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, მარტვილო ღმრთისაო, რამეთუ ჩუენ ყოველნი სახელ-გდებთ, ვითარცა მხსნელსა და ღმრთისა მიმართ შუამდგომელსა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
წარდგომაი, ხმაი 2
მრჩობლი ღუაწლი აღასრულე ქუეყანასა ზედა, მრავალტანჯულო ხარლამპი, და მრჩობლთაცა გვირგვინთა ღირს იქმენ რაი მოღებად ღმრთისა მიერ – მოღუაწებისა და მარტვილობისათა, აწ გაქუს კადნიერებაი წინაშე მისა, რაითა დაგვიცვას განსაცდელთაგან და გვიხსნნეს უხილავთა და ხილულთა მტერთაგან.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: მესმა, უფალო, განგება საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი, და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.
წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
არა უარყავ რაი ქრისტე წინაშე მმართველისა, უბრძანა გუერდთა შენთა ხუეტაი ფოცხითა და მაღლად აღაპყრნე რაი ლოცვითა ხელნი, სისხლი შენი დიოდა მსგავსად წყლისა.
წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ხედვიდენ რაი ურისხველობასა შენსა, მრავალთა რწმენეს ქრისტე, და შორის მათსა იყუნეს რაი მხედარნი – მტანჯველნი შენნი, მსწრაფლ წარკვეთეს თავნი ახალმოწამეთა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ღმრთივმავალ ვარსკულავად ექმენ სამსა დედაკაცსა, იხილეს რაი ვნებანი შენნი, აღიარეს ქრისტე წინაშე მძლავრთა, და მათ მიერ ტანჯულთა შეჰვედრეს სული თვისი უფალსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გსახავთ შენ მკურნალად ჩუენად, ღმრთისა მიმართ ლოცვათა მიერ შენთა ჭირთა, სრვისა და გარე-მოდგომილებისგან გვიხსენ მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაი შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთმოყუარეო.
წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მაშინ განრისხდა მხედართმთავარი იგი და იწყო რაი ტანჯვაი შენი, სანატრელო, ხელნი მისნი მოუძლურდენ, და შეგნერწყვა რაი მმართველმან, უკუნ მიექცა თავი უგუნურსა.
წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
შიშნეულნი გევედრებოდენ რაი შეწევნასა, განკურნე იგინი და მხედართმთავარი მოექცა რაი ქრისტეანობასა ზედა, მმართველმან დააყენა დევნაი და ყოველივე ამცნო მეფესა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ფრიად განრისხდა უსჯულოი იგი მეფეი და წვერითა მიყვანებაი შენი უბრძანა რაი მსახურთა, ვერა შეძრა სიმტკიცეი შენი, ნეტარო, და უწყალოდ დაგბძარა სამსჭვალითა და გტანჯა ცეცხლითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვითარ საზარელ არს ჩუენთვის საიდუმლოი სამსჯავროისა დღისაი, ძრწოლაი დიდი მოგვიცავს და შევძრწუნდებით, გარნა ლოცვითა წმიდისა ხარლამპისაითა სასჯელისაგან განგვარინე, ყოვლადწმიდაო ქალწულო.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: მომიტევენ სახიერ, აღურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ: მიხსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.
წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ზეგარდამო გესმა ხმაი უფლისაი და განგკურნა რაი ყოველთა წყლულებათაგან, მადლი საკვირველთმოქმედებისაი მოგანიჭა და აღადგინე რაი მკუდარი ლოცვითა და განკურნე ეშმაკეული, რწმენა იესუ მრავალთა.
წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ჰოი, უცნობელობაი მეფისაი, ბრძანა რაი ქვითა გვემაი შენი და ცეცხლითა მოწვაი წვერისა შენისაი, გარდამოხდა ალი და დაწვა რაი მტარვალნი, საღმრთოითა შურითა აღეგზნა ასული მეფისაი, და ორგზის შემუსრა კერპნი ბომონსა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
დაღათუ სარწმუნოებისა ცუარითა დაშრიტე ალი ბოროტადმადიდებელთა უგუნურებისაი, გმეს უფალი სევერუსმან და დიდებულმან მისმან, რამეთუ სტყორცნა ისარი ცასა და გამოიწვია ბრძოლად უფალი მეფემან უკეთურმან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უსძლოო სძალო, ღმრთისმშობელო, დახსენ ჭირთა და განსაცდელთა ღელვაი მხურვალითა ვედრებითა წმიდისა ხარლამპისაითა, და დააყუდნე ბოროტი ხრწნილებაი.
გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, მარტვილო, რომელნი წარმწყმედელთა ვნებათაგან გარე-შეცვულნი შენდა მოვივლტით, ვითარცა ღმრთებრივისა მლოცველისა მიმართ წინაშე ქრისტეისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კონდაკი, ხმაი 6
ვითარცა მწყემსი კეთილი და აღმსარებელი მოწამეი მრჩობლითა გვირგვინითა შეგამკო ღმერთმან, საკვირველთმოქმედო ხარლამპი, და ურიცხვთა სასწაულთა მიერ განგადიდა რაი ქუეყანასა ზედა, აწ კუალად მიანიჭებ კურნებასა და განსაცდელთაგან იხსნი ყოველთა მოსავთა შენთა და მვედრებელთა.
სხუაი კონდაკი, ხმაი 8
აღვსებულ იქმენ მადლითა დიდებულისა მღდელობისაითა და ეკლესიაი ბრწყინვალედ შეამკვე საღმრთოითა მით ვნებითა შენითა, რომელნიცა ქრისტეისთვის თავს იდევ მხნედ მოხარულმან, ხარლამპი, პატიოსანო მნათობო ყოვლისა სოფლისაო, და განანათლენ კიდენი ქუეყანისანი, ვითარცა უძლეველმან.
იკოსი
თანა-ხატ ექმენ ქუეყანასა ზედა ნებსით მოსრულსა და ცოდვათა და უძლურებათა ჩუენთა მტვირთველსა მწყემსთმთავარსა ჩუენსა, ქრისტესა ღმერთსა, დასდევ რაი სული თვისი ცხოვართათვის, რომელთაცა აუწყებდი ვნებათა მისთა, წმიდაო მოწამეო ხარლამპი, ამისთვის ყოველნი გიგალობთ შენ, ვითარცა უძლეველსა.
მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 7
იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა
მუხლი: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქება მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.
მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა
მღდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელი: მოხედენ.
სახარებაი ლუკასი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. ამისათვის რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. ხოლო გეტყვი თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი და ამისა შემდგომად ვერარაი აქუს უმეტესი, რაი გიყონ თქუენ. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ხელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყვი თქუენ, მისა გეშინოდენ. ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. ხოლო გეტყვი თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუი ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ხელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაი სიტყუაი მიუგოთ, ანუ რაი სთქუათ, რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაი-იგი სთქუათ.
დიდებაი შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა მღდელმოწამისა ხარლამპისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: მადლი შეწევნისაი მოგანიჭა რაი უფალმან, ვითარცა საწუთოსა ამას, ეგრეთცა შემგომად სიკუდილისა, აწ გვიოხე წინაშე მისსა, რაითა განამტკიცოს მშვიდობაი ქუეყანასა ზედა და ეკლესიაი თვისი დაიცვას შეუძრველად, ხოლო ჩუენ მოგვანიჭოს კურნებაი და წარგვიმართოს გზასა მას ჭეშმარიტსა.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისა – ქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და წმიდისა მღდელმოწამისა ხარლამპისა და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმათა ღმრთისმსახურთა ბაბილონს შინა არა მსახურეს ხატსა ოქროსასა, და მით სახმილსა შეითხივნეს, და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მაშინ ისმა ხმაი ქუხილისაი, და ძალმან მაღლისამან ჰაერსა დამოკიდა რაი უგუნურნი, ასული მეფისაი გევედრებოდა ხსნასა მათსა, და დააცხრვე რაი რისხვაი უფლისაი ლოცვითა, ორნივე მშვიდობითა დაეშუენ ქუეყანასა ზედა.
წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ხედვიდა რაი საღმრთოსა მას ძლიერებასა შენსა, ეწადა მეფესა თაყუანისცემაი ღმრთისაი, გარნა შურითა ეშმაკისაითა შთავარდა მრისხანებასა შინა, და ბრძანა წარკვეთაი თავისა შენისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
განგიყვანეს რაი დასჯად, ღმერთშემოსილო, უღმრთოთა მიერ თავის მოკვეთასა შენსა უსწრო ქრისტემან, გამოგიჩნდა რაი ანგელოზთა თანა, ღირსო ხარლამპი, და აღგითქუა აღსრულებაი ყოველთა ვედრებათა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ხორცთა სენისაგან, და სულთა ცოდვისა განკურნენ, ღმრთისმშობელო, მოსავნი შენნი, რომელნი საფარველსა ქუეშე შენსა მოივლტიან, რამეთუ შენ ხარ, ყოვლადწმიდაო, სასოი ჩუენი და მაცხოვარი.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანამზრახველმან მაყვლოვანით, სახე გამოაჩინა ქალწულისაგან შობისა უვნებელად, ყოველნი მას ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ უკუნისამდე.
წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მოგიხილა რაი ქრისტემან, ნაწილთა შენთა განსასვენებელთა ადგილთათვის შესთხოვე მშვიდობაი და ნაყოფიერებაი, ხოლო მომხსენებელთა შენთათვის ხსნაი და კეთილდღეობაი.
წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მშვიდობითა შეჰვედრე რაი სული თვისი უფალსა, მოწამეთა მწყობრსა შეგრაცხა და მოგანიჭა რაი მადლი შეწევნისაი, კურნებდი სენთა და სალმობათა და აღხოცდი ვნებათა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
განითქუა რაი სასწაულნი შენი, მოისწრაფდენ ყოვლითა სენითა გუემულნი და მიემთხვეოდენ რაი საფლავსა შენსა, განიკურნებოდენ და მადლობასა შესწირვიდენ ღმერთსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოველი ვნებულებაი სულთა და ხორცთაი განაოტე ჩუენგან ლოცვითა წმიდისა ხარლამპისაითა, და დახსენ ყოველნი ბოროტნი საფრხენი და განსაცდელნი, ყოვლადწმიდაო.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამო, რომელ-არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.
წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
იღუაწე რაი ვიდრე სისხლთა დათხევადმდე ქრისტეისთვის, დასსა მას მარტვილთასა შეგრთო ეკლესიამან, ღირსადსაკვირველო მამაო, და ქებაი და მოხსენიებაი შენი განგვიჩინა სამწყსოთა თვისთა.
წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
იხარებს აწ სტეფან-წმიდისა მონასტერი მეტეორას, მწიაღებელი პატიოსანის თავისა შენისაი, და კიდეთაგან ქუეყანისათა მოივლტიან მორწმუნენი მიმთხვევად მისდა, რაითა ყოველთა ძვირთაგან გამოიხსნა მადლითა შენითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
სიმრავლეი მორწმუნეთაი, ცოდვათა ხდომისაგან შერყეული, გევედრებით, სანატრელო, რაითა ღუარი სნეულებათა ჩუენთაი და წარმწყმედელთა განსაცდელთა და ბოროტთა ვითარებათაი განაძო კადნიერებითა დიდითა ღმრთისა მიმართ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ძვირისხილვისა ადგილსა, და სნეულებისა სარეცელსა დაცემული ესე აღმადგინე, მეოხებითა შენითა და განმკურნე ლმობილი და წყლული მონაი შენი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, სასოო განწირულთაო.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
შუენიერ იქმენ შენ, ჰოი, ხარლამპი, შეიმკევ რაი სისხლითა მოწამეობისაითა, და მოიღე მადლი კურნებისა და სასწაულთქმედებისაი ღმრთისაგან, აწ ჩუენცა ყოველთა სალმობათა და ჭირთაგან გამოგვიხსენ და განაოტე ყოველნი ბოროტნი ზრახვანი, აღძრულნი სულთამხრწნელისა მტერისაგან.
ეკლესიისა სუეტად შეურყეველად და ლამპრად სოფლისა იქმენ შენ, ჰოი, მარტვილო წმიდაო, და ანგელოზთასწორ მსახურად თვისად – აღმსარებელად და მკურნალად სენთასა გამოგაჩინა რაი უფალმან, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა ყოველთა ვნებათა და განსაცდელთაგან შეცულნი განგვათავისუფლოს ოხითა შენითა.
საღმრთოითა ძალითა განტკიცებულმან უძლური იგი კადნიერებაი უსჯულოთაი დაამხუე, ვითარცა ქრისტეს მხედარმან ახოვანმან, და განჰბრწყინდი რაი უმცხინვარეს მზისა, აწ ჩუენცა შუამდგომელად აღგძრავთ მისა მიმართ, რაითა დაშრიტოს ჩუენ ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და შეგვკრიბოს ქუეყანასა ზედა განბნეული ერი ქართველთაი.
ზღუდედ უბრძოლველად გსახვიდენ რაი წინაპარნი ჩუენნი, მრავალვნებულო მამაო, დიდად პატივს სცემდენ წმიდათა ნაწილთა შენთა, და მოაბრძანეს რაი ივერიას, სხუათა მათ ნაწილთა თანა შთასვენებულ არს ხატსა მას წმიდისა ნინოისასა, დაბრძანებულსა სამთავროს დედათა მონასტერსა, და ვიდრე აქამომდე პატივისმცემელნი მისნი მიემთხვევიან კურნებასა და წყალობასა.
ჭეშმარიტად გამოსჩნდი შენ მწყემსად საკვირველად, ჰოი, ხარლამპი დიდებულო, და სამწყსოსა მას შენსა ავედრებდი რაი ღმრთისმშობელსა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე დედობრივსა მადლსა მისსა, რაითა აღასრულოს თქმულნი თვისნი, ვითარცა მოწყალემან, და უკუნისამდე დაიცვას წილხვედრი თვისი ივერიაი და ერი ივერიისაი, რაითა არა განვუდგეთ სარწმუნოებასა ჩუენსა და მარადის ვადიდებდეთ მეუფესა ჩუენსა და ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო–თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე–წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, საკვირველო და ჭეშმარიტად ახოვანო მამაო ჩუენო, მღდელმოწამეო ხარლამპი, სიმტკიცეო და მოძღვარო ეკლესიისაო; მონაზონთა სამკაულო და მქადაგებელო საღმრთოისა მადლისაო; მართლმადიდებლობისა სასანთლეო და ქრისტეანეთა დიდებაო; სიტყვიერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და დიდო მეოხო ჩუენო წინაშე მაცხოვრისა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისაო!
ჰოი, ღმერთშემოსილო მამაო ჩუენო, ყოვლადქებულო ხარლამპი, რომელმან ცხორებაი შენი განამტკიცენ კეთილმსახურებითა და ღმრთივბრწყინვალედ შეამკევ წამებისა სისხლითა, აწ ყურად-იღე ლოცვანი ჩუენნი და გვითხოვე უფლისაგან, ერი ჩუენი დაიცვას მტერისა საფრხისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან და დაიფაროს წვალებათაგან და სჯულისაგან უცხოისა, ხოლო ჩუენ მოგუმადლოს ცოდვათა და უსჯულოებათა შენდობაი, და მოგვანიჭოს მწყემსნი კეთილნი განსამტკიცებლად მართლისა სარწმუნოებისა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, ქრისტეისმოყუარე მხედრობანი, და ყოველნი შვილნი ქრისტეს წმიდისა მართლმადიდებელისა ეკლესიისანი სარწმუნოებასა და ღმრთისმოსავობასა შინა განამტკიცე, და დაიფარე ყოველთა ერესთა, განწვალებათა და ცრუთა სწავლათაგან.
ჰოი, მწყემსო კეთილო, ცხოვართა მათ პირმეტყუელთაო ხარლამპი, შუამდგომელო ჩუენო ჟამსა ყოველთა ჭირთა და ურვათაო! ნუ დასცხრები აწ ვედრებად ღმრთისა მიმართ, ზეცითგან აღგითქუამდა რაი ყოველთა თხოვათა აღსრულებასა, და გვითხოვე გარდამოავლინოს კურთხევაი ყოველთა კეთილთა საქმეთა ჩუენთა ზედა, და მოგვმადლოს ნაყოფიერებაი ქუეყანისაი და კეთილშეზავებულობაი ჰაერისაი; ყოვლისაგან სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, მტერთა ზედამოსლვისა, ძმათამკულელ ომთაგან და ყოვლისაგან ბოროტისა განრინებაი და ყოველთა მომსრველთა სენთაგან გარე-მოზღუდვაი, რაითა ყოველთა ღმრთის-სათნოდ განვვლოთ ასპარეზი მსწრაფლწარმავალისა ამის ცხორებისაი, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი, და თაყუანისცემაი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მღდელი: სიბრძნით ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვიისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი.. აწდა…
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.
მღდელი: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა…
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მამისა ჩუენისა, მღდელმოწამისა ხარლამპისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ლოცვა ხატის მთხვევასა ზედა:
ცხორებისა სიმდაბლეი და სიმტკიცეი სარწმუნოებისაი აჩუენე, საკვირველთმოქმედო ხარლამპი, და სიწმიდითა მსახურე რაი ღმერთსა, გადიდა შენ სოფელსა შინა, და მოგანიჭა რაი მადლი ყოველთა სენთა კურნებისაი და ეშმაკთა განსხმისაი, აწ ჩუენცა შეგვეწიე, რომელნიცა ამბორს-უყოფთ ყოვლად პატიოსანსა ხატსა შენსა და გევედრებით, ვითარცა მოყუარულსა მამასა ქრისტეისმოყუარეთა ერთასა, რაითა ხორცთა სენისა და სულთა ცოდვისაგან განგვკურნო და დაგვიფარო გარე-მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა, ვნებათა და საცთურთაგან.
დედოფალო ყოვლად-ბრწყინვალეო მარიამ, წმიდისა მღდელმოწამისა ხარლამპის ლოცვითა წარგვიმართენ დღენი ცხოვრებისა ჩუენისანი, სადიდებლად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა. ამინ!
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა; რედაქტორი ნონა ნამგალაძე