Categories
წმინდა წერილი

საქმე წმიდათა მოციქულთა. თავი 25

საქმე წმიდათა მოციქულთა

აღწერილი ლუკა მახარებელისა

 

თავი 25

1. ფესტოს ვითარცა აღვიდა სამთავროსა თჳსსა, შემდგომად სამისა დღისა აღვიდა იერუსალჱმდ კესარიაჲთ. 2. აუწყეს მას მღდელთ მოძღუარმან და მთავართა ჰურიათამან პავლესთჳს და ევედრებოდეს მას 3. და ითხოვდეს მადლსა მისთჳს, რაჲთა მოუწოდოს მას იერუსალჱმდ, და უმზირდეს გზასა ზედა მოკლვად. 4. ხოლო ფესტოს მიუგო და ჰრქუა მათ, ვითარმედ: ადრე ჰნებავს მას განსლვაჲ იერუსალჱმით. 5. აწ უკუე რომელნი შემძლებელ არიან თქუენგანნი, ჩემ თანა შთამოვიდენ და, რაჲ-იგი არს უჯეროჲ კაცისა მის თანა, შესწამონ მას. 6. იქცეოდა იგი მუნ არა უმრავლეს ათისა დღისა, და შთავიდა კესარიად, და ხვალისაგან დაჯდა საყდართა ზედა და ბრძანა მოყვანებაჲ პავლესი. 7. და ვითარცა მოვიდა იგი, გარე მოადგეს მას იერუსალჱმით შთასრულნი იგი ჰურიანი, მრავალსა და მძიმესა ბრალსა დასდებდეს პავლეს ზედა, რომლისა ვერ ეძლო გამოჩინებად. 8. რამეთუ იგი სიტყუას-უგებდა მათ, ვითარმედ: არცა სჯულსა ჰურიათასა, არცა ტაძარსა, არცა კეისარსა რაჲ შევსცოდე. 9. ფესტოს უკუე უნდა მომადლებაჲ ჰურიათაჲ, მიუგო პავლეს და ჰრქუა: გნებავსა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და მუნ ამისთჳს განკითხვაჲ ჩემ წინაშე? 10. ჰრქუა მას პავლე: საყდართა წინაშე კეისრისათა ვდგა, სადა ჯერ-არს ჩემი განკითხვაჲ, ჰურიათა არაჲ შევსცოდე, ვითარცა შენ უმჯობეს იცი. 11. უკუეთუ რასმე ვავნებ და ღირსი სიკუდილისაჲ მიქმნიეს, არა ვევლტი სიკუდილსა; უკუეთუ არარაჲ არს, რომელსა ესენი შემასმენენ მე, ვერვის ჴელ-ეწიფების მიმადლებაჲ ჩემი მათა, კეისარსა უღაღადებ. 12. მაშინ ფესტოს ზრახვა-ყო თანამზრახველისა თჳსისა თანა და თქუა: კეისარსა უღაღადებ, კეისრისაცა წარხჳდე.

13. და ვითარცა დღენი რაოდენნიმე წარჴდეს, აღრიპა მეფე და ბერენიკე მიიწინეს კესარიად მოკითხვად ფესტოჲსა. 14. და ვითარ მრავალ დღე იქცეოდეს მუნ, ფესტოს უთხრა მეფესა პავლესთჳს და ჰრქუა: კაცი ვინმე დაშთომილ არს ფელიქსისგან კრული, 15. რომლისათჳს, ვიყავ რაჲ იერუსალჱმს, მითხრეს მე მღდელთ მოძღუართა და მოხუცებულთა ჰურიათა და ითხოვდეს მისთჳს სასჯელსა. 16. რომელთა მიუგე და ვარქუ, ვითარმედ: არა არს ჩუეულებაჲ ჰრომთაჲ მიმადლებად ვისამე კაცისაჲ წარწყმედად, ვიდრემდე, რომელსა-იგი შეასმენდენ, პირისპირ აქუნდენ შემასმენელნი იგი, და ადგილი სიტყჳს-გებისაჲ მიიღოს ბრალისა მისთჳს. 17. და ვითარცა შემოკრბეს იგინი აქა, არცა ერთი რაჲ დროჲ ვყავ, ხვალისაგან დავჯედ საყდართა ზედა და ვბრძანე მოყვანებაჲ კაცისაჲ მის. 18. რომლისათჳს წარმოდგეს შემასმენელნი და არცა ერთი რაჲ ბრალი აჩინეს, რომელსა ვჰგონებდ მე ბოროტსა; 19. ძიებანი რაჲმე თჳსისა ეშმაკეულებისანი აქუნდეს მისა მიმართ და იესუჲს ვისთჳსმე მომკუდრისა, რომელსა იტყოდა პავლე ცხოველად. 20. და ვითარ ვერარას ვჰპოებდ მე ამის ძიებისათჳს, ვეტყოდე მას, უკუეთუმცა უნდა მისლვად იერუსალჱმდ და მუნ განკითხვაჲ ამისთჳს. 21. ხოლო პავლე ღაღადებდა დამარხვად მისა, რაჲთა კეისარმანცა აგრძნეს, და ვბრძანე დამარხვაჲ მისი ვიდრემდე მიუძღუანო იგი კეისარსა. 22. მიუგო აღრიპა და ჰრქუა ფესტოსს: მინდა მეცა კაცისა მისგან სმენად. ხოლო მან ჰრქუა მას: ხვალე ისმინო მისი.

23. და ხვლისაგან მოვიდა აღრიპა და ბერენიკე მრავლითა საუცრებითა. და შევიდა განსაკითხავსა მას ათასისთავთა თანა და კაცთა მათ, მთავართა ქალაქისათა. და ვითარცა ბრძანა ფესტოს, მოუყვანეს პავლე. 24. და თქუა ფესტოს: აღრიპა მეფე და ყოველნი კაცნი, რომელნი ჩუენ თანა ხართ, ჰხედავთა ამას? ამისთჳს ყოველი სიმრავლე ჰურიათაჲ შემემთხჳა მე იერუსალჱმს და აქაცა ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს ეგე ცხორებად ამიერითგან. 25. ხოლო მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ არაჲ ღირსი სიკუდილისაჲ უქმნიეს ამას; და ვითარ-იგი თჳთ ესე უღაღადებდა კეისარსა, ვსაჯე წარვლინებაჲ მისი. 26. რომლისათჳს განკრძალულად ვერარაჲ მაქუს, რაჲ მივსწერო უფლისა ჩემისა; ამისთჳს მოვიყვანე ეგე თქუენ წინაშე და უფროჲსღა შენ წინაშე, მეფე აღრიპა, რაჲთა განიკითხო ეგე, და უწყოდი, რაჲ მივწერო. 27. რამეთუ უჯერო მიჩნს მე მიძღუანებაჲ პყრობილისაჲ და ბრალთაცა მისთა არა უწყებად.

Categories
წმინდა წერილი

საქმე წმიდათა მოციქულთა. თავი 24

საქმე წმიდათა მოციქულთა

აღწერილი ლუკა მახარებელისა

 

თავი 24

1. შემდგომად ხუთისა დღისა შთავიდა მღდელთ მოძღუარი ანანია ხუცესთა თანა და მეტყუელისა ვისმე ტერტჳლოჲს თანა, რომელთა აუწყეს მთავარსა მას პავლესთჳს. 2. და ვითარცა მოუწოდეს მას, იწყო ტერტჳლოს შესმენად მისა და თქუა: 3. მრავალსა მშჳდობასა შინა ვართ შენ ძლით და განგებულებასა, რომელ იქმნების ნათესავსა ამას შინა მოღუაწებითა შენითა, სადავე და ყოველთა ადგილთა, შევიწყნარებთ, მჴნეო ფილიქს, ყოვლითა მადლობითა. 4. ხოლო რაჲთა არა უმეტეს დაგაშრო შენ, გლოცავ, რაჲთა შემოკლებულად ისმინო ჩუენი შენითა სახიერებითა. 5. რამეთუ ვპოეთ კაცი ესე ბილწი და შფოთის აღმძრველი ყოველთა შორის ჰურიათა, რომელნი არიან ყოველსა სოფელსა, წინამძღუარი გალილეველთა წვალებისაჲ, 6. რომელმან ტაძარსაცა აზმნო შეგინებად, რომელიცა შევიპყართ და მსგავსად სჯულისა ჩუენისა ვინებთ განკითხვაჲ. 7. ზედა მოგჳჴდა ლუსია ათასისთავი და მრავლითა იძულებითა ჴელთაგან ჩუენთა წარიყვანა და შენ წინაშე წარმოავლინა. 8. და ბრძანა შემასმენელთაცა მისთაჲ შენ თანავე მოსლვად, რომლისა მიერ შეუძლო შენ განკითხვად და ცნობად ამის ყოვლისა, რომელსა ჩუენ ვსწამებთ მაგას თანა. 9. ეწამებოდეს ჰურიანიცა წამის ყოფითა მთავრისაჲთა და თქუა:

10. მიუგო პავლე წამის ყოფითა მთავრისაჲთა და თქუა: მრავლით წლითგან გიცოდე შენ მსაჯულად ამის ნათესავისა, გულს-მოდგინებით თავისა ჩემისათჳს სიტყუაჲ მიუგო. 11. რამეთუ შემძლებელ ხარ შენ გულისჴმის-ყოფად, არა უმრავლეს არს ჩემი ათორმეტისა დღისა, ვინაჲთგან აღვედ მე იერუსალჱმდ თაყუანის-ცემად. 12. და არცა ტაძარსა შინა მპოეს მე მეტყუელად ვის თანამე, გინა თუ ამბოხისათჳს ერის კრებად, გინა შესაკრებელთა შორის ანუ თუ ქალაქსა შინა, 13. არცა ძალ-უც შენ წინაშე ჩემ ზედა ამისა ჩინებად, რომლისათჳს-ესე აწ შემასმენენ მე. 14. ხოლო ამას აღგიარებ შენ, რამეთუ ვჰმსახურებ მამათა ღმერთსა და მრწამს ყოვლისა მისებრ, რომელი სჯულსა და წინაწარმეტყუელთა წერილ არს. 15. სასოებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ, რომელსა ეგენიცა მოელიან, აღდგომაჲ ყოფად არს მკუდართაჲ, მართალთაჲცა და ცოდვილთაჲცა. 16. ამას ზედა ვიღუწი, დაუბრკოლებელი გონებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ და კაცთა მარადის. 17. მრავლისა წლისა შემდგომად ქველის საქმესა ყოფად მოსრულ ვიყავ ნათესავისა ჩემისა და შესაწირავისა, 18. რომელსა შინა მპოეს მე განწმედილი ტაძარსა შინა არა ერითა, არცა შფოთითა. 19. ასიაჲთ ვინმე ჰურიათა, რომელთაჲ ჯერ-იყო შენ წინაშე მოსლვაჲ და შესმენად, რაჲ-იგი აქუს ჩემდა მომართ სიტყუაჲ. 20. ანუ მაგათ თჳთ თქუმად, რაჲ პოეს ჩემ თანა ბრალი, ვდეგ რაჲ-იგი კრებულსა შორის. 21. ანუ ერთისა მის სიტყჳსათჳს, რომელ ჴმა-ვყავ მათ შორის, რაჲ-იგი ვდეგ, ვითარმედ: აღდგომისათჳს მკუდართაჲსა ვისაჯები დღეს თქუენ მიერ. 22. ესმა რაჲ ესე ფელიქსს, დრო-იყო მათ, ჭეშმარიტებით იცოდა გზისა მისთჳს და თქუა: რაჟამს ლუსია ათასისთავი მოვიდეს, მაშინ ვცნა თქუენთჳს. 23. და უბრძანა ასისთავსა მას დამარხვაჲ პავლესი და რაჲთა იყოს იგი მოლხინედ და ნუვისა ყენებად თჳსთა მისთა მსახურებისა ანუ შესლვად მის თანა.

24. ხოლო შემდგომად დღეთა რაოდენთამე მოვიდა ფელიქს დროსილაჲს თანა, ცოლისა თჳსისა, ჰურიისა, მოუწოდა პავლეს და ისმინა მისი იესუ ქრისტეს სარწმუნოებისათჳს. 25. და ვითარ-იგი იტყოდა სიმართლისათჳს და მოთმინებისა და სარჩელისათჳს მერმისა, შეეშინა ფელიქსს და ჰრქუა პავლეს: აწ ამას ჟამსა წარვედ, და ჟამსა მოცალესა მოგიწოდო შენ. 26. და ამას თანა ჰგონებდა, ვითარმედ ფასი მოიღოს მან პავლესგან, რაჲთა განჰჴსნას იგი. ამისთჳს ზედაჲსზედა მოუწოდნ და ზრახავნ მას. 27. ხოლო ვითარ ორი წელი აღესრულა, გარდაიდგინა ფელიქს და ნაცვლად მისა მოვიდა პორკიონი ფესტოს, და, რამეთუ ენება ფელიქსს მომადლებაჲ ჰურიათაჲ, დაუტევა პავლე კრულებათა შინა.

Categories
წმინდა წერილი

საქმე წმიდათა მოციქულთა. თავი 23

საქმე წმიდათა მოციქულთა

აღწერილი ლუკა მახარებელისა

 

თავი 23

1. მიჰხედა პავლე შესაკრებელსა მას და თქუა: კაცნო ძმანო, მე ყოვლითა გონებითა კეთილითა ვმოქალაქობდ ღმრთისა მიმართ ვიდრე აქა დღედმდე. 2. ხოლო მღდელთ მოძღუარმან ანანია უბრძანა წინაშე მდგომელთა მათ მისთა პირსა ცემაჲ მისი. 3. მაშინ პავლე ჰრქუა მას: ცემაჲ შენი ეგულების ღმერთსა, კედელო განგოზილო! და შენ ჰზი მსაჯულად ჩემდა მსგავსად სჯულისა, და უსჯულოდ ჰბრძანებ ცემად ჩემდა. 4. ხოლო წინაშე მდგომელთა მათ ჰრქუეს მას: მღდელთ მოძღუარსა ღმრთისასა აგინება? 5. ჰრქუა მათ პავლე: არა ვიცოდე, ძმანო, ვითარმედ არს ეგე მღდელთ მოძღუარ, რამეთუ წერილ არს: მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი. 6. ვითარცა გულისჴმა-ყო პავლე, ვითარმედ ერთ-კერძოჲ იგი კრებული ფარისეველთაჲ არს და ერთკერძოჲ – სადუკეველთაჲ, ჴმა-ყო კრებულსა მას შორის: კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ და ძე ფარისეველისაჲ, და სასოებისათჳს და აღდგომისა მკუდართაჲსა მე ვისაჯები. 7. ესე ვითარცა თქუა მან, იყო შფოთი სადუკეველთა და ფარისეველთაჲ და განივლთა სიმრავლე იგი. 8. რამეთუ სადუკეველნი იტყჳან: არა არს აღდგომაჲ, არცა ანგელოზი, არცა სული, ხოლო ფარისეველნი აღიარებენ ამას ყოველსა. 9. და იყო ღაღადებაჲ დიდი. და აღ-ვინმე-დგეს მწიგნობარნი კრებულისაგან ფარისეველთაჲსა, ილალვიდეს და იტყოდეს: არარას ბოროტსა ვჰპოებთ კაცისა ამის თანა, გინა სული ეტყოდა მას, გინა ანგელოზი; ნუ ღმრთისა მბრძოლ ვართ. 10. და ვითარ მრავალი შფოთი იყო, შეეშინა ათასისთავსა მას, ნუუკუე განიჭრას პავლე მათგან, უბრძანა მჴედრობასა შთასლვაჲ და გამოტაცებაჲ მისი შორის მათსა და მიყვანებაჲ მისი ბანაკად. 11. ხოლო მეორესა ღამესა დაადგრა მას უფალი და ჰრქუა: ნუ გეშინინ, პავლე, რამეთუ, ვითარცა-ეგე სწამე ჩემთჳს იერუსალჱმს, ეგრეცა ჯერ-არს შენდა ჰრომესცა შინა წამებაჲ.

12. და ვითარცა განთენა, ყვეს ვიეთმე ჰურიათა შეთქმულებაჲ, შეჩუენებულ ყვნეს თავნი თჳსნი და თქუეს არა ჭამად, არცა სუმად, ვიდრემდე მოკლან პავლე. 13. ხოლო იყვნეს უმრავლეს ორმეოცისა, რომელთა შეთქმულებაჲ ესე ყვეს, 14. რომელნი მოუჴდეს მღდელთ მოძღუართა და ხუცესთა და ჰრქუეს: შეჩუენებით შეჩუენებულ ვყვნეთ თავნი თჳსნი არარაჲსა გემოჲს ხილვად, ვიდრემდე მოვკლათ პავლე. 15. აწ უკუე თქუენ აუწყეთ ათასისთავსა კრებულითურთ, რაჲთა ხვალე შთამოიყვანოს იგი თქუენდა, რეცა თუ გეგულების, უჭეშმარიტესად-რე გულისჴმის-ყოფად მისთჳს, ხოლო ჩუენ ვიდრე მოახლებადმდე მისა განმზადებულ ვართ მოკლვად მისა. 16. ესმა დისწულსა პავლესსა სიტყუაჲ ესე, მივიდა და შევიდა ბანაკად და უთხრა პავლეს. 17. ხოლო პავლე მოუწოდა ასისთავსა ერთსა და ჰრქუა: ჭაბუკი ესე მიიყვანე ათასისთავისა, რამეთუ უნებს რაჲმე თხრობად მისა. 18. ხოლო მან წარიყვანა იგი და მიიყვანა ათასისთავისა მისთჳს და ჰრქუა: კრულმან პავლე მიწოდა და მრქუა მე ჭაბუკისაჲ ამის მოყვანებად შენდა, რამეთუ აქუს რაჲმე სიტყუაჲ თხრობად შენდა. 19. უპყრა ჴელი ათასისთავმან და განიყვანა თჳსაგან და ჰკითხჳდა, ვითარმედ: რაჲ არს, რაჲ გიჴმს თხრობად ჩემდა? 20. ხოლო მან თქუა, ვითარმედ: ჰურიანი შეითქუნეს, რაჲთა ითხოონ შენგან და პავლე შთაიყვანონ ხვალე კრებულსა მათსა, რეცა თუ უჭეშმარიტესად-რე კითხვად მისთჳს. 21. შენ უკუე ნუ ერჩი მათ, რამეთუ უმზირიან მას მათგანნი კაცნი უმრავლეს ორმეოცისა, რომელთა შეუჩუენნეს თავნი თჳსნი არა ჭამად, არცა სუმად, ვიდრემდე მოკლან პავლე, და აწ განმზადებულ არიან და ელიან შენსა ბრძანებასა. 22. ხოლო ათასისთავმან განუტევა ჭაბუკი იგი და ამცნო, რაჲთა არავის უთხრას, ვითარმედ: ესე მაუწყე მე. 23. და მოუწოდა ორთა მიეთმე ასისთავთა და ჰრქუა: განჰმზადეთ ორასი ერისაგანი, რაჲთა მივიდენ კესარიადმდე, და მჴედარი სამეოც და ათი და ფაროსანი ორასი მესამით ჟამითგან ღამისაჲთ. 24. და საჴედარი ერთი, რაჲთა აღსუან პავლე და მიიყვანონ იგი ფელიქს მთავრისა. 25. და მიწერა წიგნი, რომელსა წერილ იყო სახჱ ესევითარი: 26. კლავდიოს ლუსია მჴნესა ფელიქს მთავარსა გახარებ. 27. კაცი ესე შეეპყრა ჰურიათა და ეგულებოდა მოკლვაჲ მაგისი, ზედა მიუჴედ მჴედრებითურთ და განვარინე ეგე, ვცან-ღა, რამეთუ ჰრომი არს. 28. და მინდა გულისჴმის-ყოფად ბრალი იგი, რომლისათჳს შეასმენდეს მას ჰურიანი, და შთავიყვანე იგი კრებულსა მათსა 29. და ვპოე, რამეთუ აბრალებდეს მას ძიებათათჳს სჯულისა მათისათა, და არარაჲ ღირსი სიკუდილისა გინა კრულებისა ბრალი იპოა მაგის თანა. 30. და ვითარცა მეუწყა, რამეთუ უმზირდეს ჰურიანი მოკლვად კაცისა მაგის, მუნქუესვე წამოვავლინე შენდა. მიბრძანებიეს შემასმენელთა მათდაცა სიტყუად მაგისა შენ წინაშე. და ცოცხლებით იყავ! 31. ხოლო სტრატიოტთა მათ მსგავსად ბრძანებულისა მათისა წარიყვანეს პავლე და მიიყვანეს ღამე ანტიპატრიადმდე. 32. და ხვალისაგან განუტევნეს მჴედარნი იგი მისლვად მის თანა, და იგინი მოიქცეს ბანაკად. 33. რომელნი-იგი მო-რაჲ-ვიდეს კესარიად, მისცეს წიგნი იგი მთავარმან მან და ჰკითხა, თუ რომლისა სამთავროჲსაჲ არს. და ისწავა, რამეთუ კილიკიაჲთ არს, და ჰრქუა: 35. ვისმინო შენი, რაჟამს შემასმენელნიცა შენნი მოვიდენ. და უბრძანა ტაძარსა მას ჰეროდესსა დამარხვაჲ მისი.

 

Categories
წმინდა წერილი

საქმე წმიდათა მოციქულთა. თავი 22

საქმე წმიდათა მოციქულთა

აღწერილი ლუკა მახარებელისა

 

თავი 22

1. კაცნო, ძმანო და მამანო! ისმინეთ ჩემი თქუენდა მიმართისა სიტყჳს გებისათჳს. 2. და ვითარცა ესმა, რამეთუ ებრაელებრითა სიტყჳთა ეტყოდა მათ, უფროჲს დადუმება-სცეს. და თქუა: 3. მე კაცი ვარ ჰურიაჲ, შობილი ტარსუს კილიკიისასა, აღზრდილი ამას ქალაქსა შინა ფერჴთა თანა გამალიელისთა, განსწავლულ ზედამიწევნით მამულითა სჯულითა; მოშურნე ვიყავ ღმრთისათჳს, ვითარცა თქუენ ყოველნი ხართ დღეს. 4. რომელი ამას გზასა ვსდევნიდ ვიდრე სიკუდილადმდე, შევჰვრვედ და მივსცემდ საპყრობილედ მამათა და დედათა, 5. ვითარცა-ეგე მღდელთ მოძღუარი მეწამების მე და ყოველნი მოხუცებულნი, რომელთაგან წიგნებიცა მოვიღე ძმათათჳს, რომელნი იყვნეს დამასკეს, და მოვიდოდე მოყვანებად მუნ მყოფთა მათ კრულთა იერუსალჱმდ, რაჲთა იტანჯნენ. 6. იყო უკუე ჩემსა მას სლვასა და მიახლებასა დამასკისასა, შუა სამხრის, მეყსეულად ზეცით გამობრწყინდა ნათელი დიდი ჩუენ ზედა. 7. და დავვარდი ქუეყანასა ზედა და მესმა ჴმაჲ, რომელმან მრქუა მე: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? 8. და მე მიუგე მას: ვინ ხარ, უფალო? და მრქუა მე: მე ვარ იესუ ნაზარეველი, რომელსა შენ მდევნი. 9. და რომელნი-იგი ჩემ თანა იყვნეს, ნათელი იგი იხილეს და შიში დაეცა მათ ზედა, ხოლო ჴმაჲ იგი არა ესმა, რომელი მეტყოდა მე. 10. და მე ვარქუ: რაჲ-მე ვყო, უფალო? ხოლო უფალმან მრქუა მე: აღდეგ და შევედ დამასკედ, და მუნ გეთხრას შენ ყოვლისათჳს, რომელი ბრძანებულ არს შენდა ყოფად. 11. და ვითარცა-იგი მე არას ვხედევდი დიდებისა მისგან ნათლისა მის, ჴელის პყრობითა თანა მყოფთა მათ ჩემთაჲთა შევედ დამასკედ. 12. ანანია ვინმე, კაცი ღმრთის მოშიში მსგავსად სჯულისა, წამებული ყოველთაგან მკჳდრთა დამასკისათა ჰურიათა, 13. მოვიდა ჩემდა, ზედა მომადგა და მრქუა მე: საულ ძმაო, აღიხილენ! და მე მასვე ჟამსა შინა აღვიხილენ და მივხედენ მას. 14. ხოლო მან მრქუა მე: ღმერთმან მამათა ჩუენთამან გამოგირჩია შენ ცნობად ნებისა მისისა და ხილვად მართლისა მის და სმენად ჴმაჲ პირისა მისისაჲ, 15. რამეთუ იყო მოწამე მისა ყოველთა მიმართ კაცთა, რომელი-იგი იხილე და გესმა. 16. და აწ ნურას ეურვი, აღდეგ და ნათელ-იღე და განიბანენ ცოდვანი შენნი და ხადოდე სახელსა მისსა. 17. ხოლო იყო მოქცევასა ჩემსა იერუსალჱმს და ლოცვასა ჩემსა ტაძარსა შინა, ვიყავ განკჳრვებასა შინა 18. და ვიხილე უფალი, და მრქუა მე: ისწრაფე და განვედ ადრე იერუსალჱმით, რამეთუ არა თავს-იდვან წამებაჲ შენი ჩემთჳს. 19. და მე ვთქუ: უფალო, მათ თჳთ იციან, რამეთუ მე ვიყავ, რომელი მივსცემდ საპყრობილედ და ვსტანჯევდ შესაკრებელსა შორის მორწმუნეთა შენთა. 20. და რაჟამს დაითხეოდა სისხლი მოწამისა შენისა სტეფანესი, მე ვიყავ ზედამდგომელ და თანა-ჯერმჩინებელ მოკლვასა მისსა და მცველ სამოსელსა მკვლელთა მისთასა. 21. და მრქუა მე: წარვედ, რამეთუ ნათესავთა შორიელთა მიგავლინო შენ.

22. ისმენდეს მისსა ვიდრე ამის სიტყჳსამდე და აღიღეს ჴმაჲ მათი და თქუეს: აღიღე ქუეყანით ეგევითარი ეგე, რამეთუ არა ღირს არს ცხორებად. 23. და ვითარცა ღაღადებდეს იგინი უმეტეს, და დაჰყრიდეს სამოსელსა მათსა, და მტუერსა ზე აღაფრქუევდეს ჰაერსა, 24. ბრძანა ათასისთავმან მან შეყვანებაჲ მისი ბანაკად და თქუა: ტანჯვით განვიკითხო ეგე, რაჲთა ვცნა, რომლისა ბრალისათჳს ესრეთ ჴმობენ მისთჳს. 25. და ვითარცა განართხმიდეს მას ღუედებითა, ჰრქუა პავლე ასისთავსა მას ზედამდგომელსა: უკუეთუ კაცისა ჰრომისა და უბრალოჲსა ჯერ-არს თქუენდა ტანჯვად? 26. ესმა რაჲ ესე ასისთავსა მას, მოვიდა და უთხრა ათასისთავსა მას და ჰრქუა: იხილე, რაჲ გეგულების ყოფად, რამეთუ კაცი ესე ჰრომი არს. 27. მოუჴდა ათასისთავი იგი და ჰრქუა პავლეს: მითხარ მე, ჰრომი ხარა შენ? ხოლო მან ჰრქუა: ჰე. 28. მიუგო ათასისთავმან მან: მე მრავლითა საფასითა მოქალაქობაჲ ესე მოვიპოვე. ხოლო პავლე ჰრქუა: მე შობილვე მას შინა ვარ. 29. მაშინ მეყსეულად განეშორნეს მისგან, რომელთა-იგი ეგულებოდა ტანჯვაჲ მისი, და ათასისთავსა მასცა შეეშინა, ცნა რაჲ, რამეთუ ჰრომი არს და რამეთუ მისა იყო შევედრებულ.

30. ხვალისაგან უნდა გულისჴმის-ყოფად უკრძალულესად-რე, რაჲსათჳს-ძი შეასმენენ მას ჰურიანი იგი. განჴსნა იგი და ბრძანა შეკრებაჲ მღდელთ მოძღუართაჲ და ყოვლისა მის კრებულისაჲ, და მოიყვანა პავლე და დაადგინა შორის მათსა.

 

 

Categories
წმინდა წერილი

საქმე წმიდათა მოციქულთა. თავი 20

საქმე წმიდათა მოციქულთა

აღწერილი ლუკა მახარებელისა

თავი 20

1. ხოლო შემდგომად დაცხრომისა მის შფოთისა, მოუწოდა პავლე მოწაფეთა მათ და ნუგეშინის-სცა და მოიკითხნა, და იჯმნა მათგან და განვიდა მისლვად მაკედონიად. 2. და ვითარცა მოვლო ადგილები იგი და ნუგეშინის-სცა მათ სიტყჳთა მრავლითა, წარვიდა ელადად. 3. იყო მუნ სამ თთუე. იქმნა მისთჳს ძჳრის ზრახვაჲ ჰურიათაგან. ეგულებოდა რაჲ აღსლვაჲ ასურეთა, განიზრახა მიქცევაჲ მაკედონიაჲთ. 4. და მის თანა ჰყვანდეს ვიდრე ასიადმდე სოსიპატრე პჳრესი, ბერიელი, და თესალონიკელი არისტარქოს და სეკუნდოს და გაიოს დერბელი და ტიმოთე და ასიელნი ტჳქიკოს და ტროფიმოს. 5. ესენი წინა-წარგჳძღუეს და გუელოდეს ჩუენ ტროადას შინა. 6. ხოლო ჩუენ ნავითა წარვედით შემდგომად დღეთა მათ უცომოებისათა ფილიპიაჲთ და მოვედით მათ თანა ტროადად მეხუთესა დღესა, და ვიყვენით ჩუენ მუნ შჳდ დღე. 7. და ერთსა მას შაბათსა შეკრებულ რაჲ იყვნეს მოწაფენი იგი განტეხად პურისა, ხოლო პავლე ეტყოდა მათ სიტყუასა მოძღურებისათა, რამეთუ განსლვად იყო ხვალისაგან, და განაგრძო სიტყუაჲ იგი ვიდრე შუა ღამედმდე. 8. იყვნეს სანთელნი მრავალნი ქორსა მას ზედა, სადა-იგი შეკრებულ ვიყვენით. 9. ხოლო ჯდა ჭაბუკი ვინმე ერთი, სახელით ევტჳქოს, სარკუმელსა ზედა. და ვითარცა მიერულა მას ძილითა ჴშირითა სიტყუასა მას პავლესსა მრავალ ჟამ, გარდავარდა მძინარე და დაეცა სამ სართულისა მისგან ქუეყანად და იდვა მკუდარი. 10. გარდავიდა პავლე და დავარდა მას ზედა, შეიტკბო იგი და თქუა: ნუ აღშფოთნებით, რამეთუ სული მისი მის თანა არს. 11. აღდგა მიერ და აღვიდა, განტეხა პური და ჭამა, და მრავალ ჟამ ზრახვიდა-ღა ვიდრე განთენებადმდე და ესრეთ განვიდა. 12. ხოლო მოიყვანეს ყრმაჲ იგი ცოცხალი და ნუგეშინის-იცეს არა მცირედ. 13. ხოლო ჩუენ წინა წარუძეღჳთ ნავითა და აღვედით ასსონდ; მიერ გუეგულებოდა წარყვანებაჲ პავლესი, რამეთუ ეგრეთ განეწესამ რამეთუ მკჳრცხლ ეგულებოდა მოსლვაჲ. 14. ვითარცა მოვიდა ჩუენდა ასსონდ, წარმოვიყვანეთ იგი და მოვედით მიტჳლინდ. 15. და მიერ ნავითა წარმოვედით და ხვალისაგან მივიწიენით წინაშე ქიონისა. და მიერ მივედით სამონდ და დავადგერით ტრონგჳლიას შინა, და მეორესა დღესა მოვედით მელიტონდ. 16. ინება პავლე ეფესოჲსა თანა-წარსლვაჲ, რაჲთა არა დაეყოვნოს მრავალ ჟამ ასიას შინა, რამეთუ ისწრაფდა, უკუეთუმცა შესაძლებელ იყო მისა, დღისა მის მეერგასისა ყოფად იერუსალჱმს.

17. ხოლო მელიტონით მიავლინა ეფესოდ და მოუწოდა ხუცესთა ეკლესიისათა. 18. და ვითარცა მოვიდეს მისა, ჰრქუა მათ: თქუენ იცით პირველ დღითგან, ვინაჲთგან შემოვედ ასიად, თუ ვითარ ვიყავ თქუენ თანა ყოველსა ჟამსა, 19. და ვჰმონებდ უფალსა ყოვლითა სიმდაბლითა და მრავლითა ცრემლითა და განსაცდელითა, რომელნი შემემთხუეოდეს მე ძჳრის ზრახვათაგან ჰურიათაჲსა. 20. ვითარ-იგი არარაჲ დავაყენე უმჯობესი თქუენი, რომელიმცა არა გითხარ და გასწავე თქუენ ერსა წინაშე და სახლსა შინა. 21. და უწამებდ ჰურიათა და წარმართთა ღმრთისა მიმართ სინანულსა და სარწმუნოებასა უფლისა მიმართ ჩუენისა იესუ ქრისტესა. 22. და აწ ესერა კრული სულითა მივალ იერუსალჱმს და, მუნ თუ რაჲ შემთხუევად არს ჩემდა, არაჲ ვიცი; 23. გარნა სული წმიდაჲ ქალაქად-ქალაქად მიწამებს მე და მეტყჳს, რამეთუ კრულებანი და ჭირნი მელიან მე. 24. არამედ არარას ვზრუნავ ამისთჳს, არცა უპატიოსნეს სულისა ჩემისა შემირაცხიეს თავი ჩემი, ვითარმცა არა აღვასრულე სრბაჲ ჩემი სიხარულით და მსახურებაჲ, რომელი მოვიღე უფლისა იესუ ქრისტესგან წამებად სახარებაჲ იგი მადლისა ღმრთისაჲ. 25. და აწ აჰა-ესერა მე უწყი, რამეთუ არღარა იხილოთ პირი ჩემი თქუენ ყოველთა, რომელთა შორის ვიქცეოდე და ვქადაგებდ სასუფეველსა ღმრთისასა. 26. ვინაჲცა გიწამებ თქუენ დღენდელსა ამას დღესა, რამეთუ უბრალო ვარ მე სისხლისაგან თქუენ ყოველთაჲსა. 27. რამეთუ არარაჲ დავაყენე, რომელიმცა არა გითხარ თქუენ ყოველივე ნებაჲ ღმრთისაჲ. 28. ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თჳსითა. 29. და აჰა მე უწყი ესე, რამეთუ შემოვიდენ თქუენდა შემდგომად განსლვისა ჩემისა მგელნი მძიმენი, რომელნი არა ერიდებოდიან სამწყსოსა. 30. და თჳთ თქუენგანნი აღდგენ კაცნი, რომელნი იტყოდიან გულარძნილსა, რაჲთა განადგინნენ მოწაფენი შემდგომად მათდა. 31. ამისთჳს იღჳძებდით და მოიჴსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცად-კაცადისა თქუენისასა. 32. და აწ შეგვედრებ თქუენ ღმერთსა, ძმანო, და სიტყუასა მას მადლისა მისისასა, რომელი შემძლებელ არს აღშენებად და მოცემად თქუენდა მკჳდრობისა ყოველთა შორის წმიდათა. 33. ვეცხლისა და ოქროჲსა და სამოსლისა არავისი გულმან მითქუა. 34. თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ საჴმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჴელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს. 35. და ყოველივე გიჩუენე თქუენ, რამეთუ ესრეთ მშრომელთა მათდა ჯერ-არს შეწყნარებაჲ უძლურთა მათ და მოჴსენებად სიტყუაჲ იგი უფლისა იესუჲსი, რამეთუ თავადმან თქუა: ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს მოღებისა. 36. და ესე რაჲ თქუა, დაიდგინა მუჴლნი მათ ყოველთა თანდა და ილოცა. 37. იყო ტირილი დიდი მათ ყოველთაჲ და მოეხჳნეს ქედსა პავლესსა, ამბორს-უყოფდეს მას. 38. და ელმოდა უფროჲს-ღა სიტყჳსა მისთჳს, რომელი თქუა, ვითარმედ: არღარა იხილონ პირი მისი. და წარჰგზავნიდეს მას ნავად.

 

 

Categories
წმინდა წერილი

საქმე წმიდათა მოციქულთა. თავი 19

საქმე წმიდათა მოციქულთა

აღწერილი ლუკა მახარებელისა

 

თავი 19

1. იყო აპოლოჲსსა მას ყოფასა კორინთეს შინა პავლეს მოევლო ზემო კერძო იგი ადგილი და მოიწია ეფესოდ და პოვნა ვინმე მოწაფეთაგანნი 2. და ჰრქუა მათ: უკუეთუ სული წმიდაჲ მიგიღებიეს და გრწამს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: არამედ არცაღა არს, თუ სული წმიდაჲ გუასმიეს. 3. ჰრქუა მათ პავლე: რაჲთა უკუე ნათელ-გიღებიეს? და მათ ჰრქუეს: იოვანეს ნათლის-ცემითა. 4. ჰრქუა მათ პავლე: იოვანე ნათელ-სცემდა ნათლის-ცემასა სინანულისასა ერსა და ეტყოდა მომავალისა მისთჳს შემდგომად მისა, რაჲთა ჰრწმენეს, ესე იგი არს იესუ ქრისტე. 5. ხოლო მათ, ვითარცა ესმა, ნათელ-იღეს სახელითა უფლისა იესუ ქრისტჱსითა. 6. და დასხმითა ჴელთა პავლესთაჲთა მათ ზედა მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, იტყოდეს ენათა და წინაწარმეტყუელებდეს. 7. ხოლო იყვნეს კაცნი იგი ყოველნივე ათორმეტ. 8. შევიდა უკუე შესაკრებელსა მას და კადნიერად იქცეოდა სამ თუე, ეტყოდა და არწმუნებდა სასუფეველისათჳს ღმრთისა. 9. და ვითარ-იგი ვინმე განფიცხნებოდეს და ურჩ იქმნებოდეს და ძჳრსა იტყოდეს გზისა მისთჳს წინაშე სიმრავლისა მის, განეყენა მათგან და განაშორნა მოწაფენი იგი და დღითი-დღე ეტყოდა მათ სამწიგნობრესა მას ტჳრანეს ვისსამე. 10. და ესე იყო ორ წელ, ვიდრემე ყოველთა დამკჳდრებულთა ასიისათა ესმა სიტყუაჲ უფლისა იესუჲსი, ჰურიათა და წარმართთა. 11. ხოლო ძალთა არა მცირეთა იქმოდა ღმერთი ჴელითა პავლესითა, 12. ვიდრეღა უძლურთაცა ზედა მიაქუნდა ოფლისა მისისაგან ვარშამაგებითა და ოლარებითა, და განეყენებოდა მათ სენი იგი და სულები არაწმიდაჲ განვიდოდა. 13. იწყეს ვიეთმე მიმომავალთა ჰურიათა, მაფუცებელთა, სახელის-დებად სახელსა უფლისა იესუჲსსა მათ ზედა, რომელთა თანა იყო სულები უკეთურები, და იტყოდეს: გაფუცებთ თქუენ იესუს, რომელსა პავლე ქადაგებს. 14. იყვნეს ვინმე სკევაჲს მღდელთ მოძღუარისა ჰურიისა შჳდნი ძენი, რომელნი ამას ჰყოფდეს. 15. მიუგო სულმან მან უკეთურმან და ჰრქუა მათ: იესუ ვიცი და პაველსთჳსცა მეცნიერ ვარ, ხოლო თქუენ ვინ ხართ? 16. და ახლდნა კაცი იგი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, სძლო მათ და ერეოდა, ვიდრემდე შიშუელნი და წყლულნი ივლტოდეს მიერ სახლით. 17. და ესე განცხდებულ იქმნა ყოველთა მიმართ ჰურიათა და წარმართთა, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ეფესოს. და დაეცა შიში დიდი მათ ყოველთა ზედა და განდიდნებოდა სახელი უფლისა იესუჲსი. 18. და მრავალნი მორწმუნეთაგანნი მოვიდოდეს და აღუარებდეს საქმეთა მათთა. 19. და მრავალთა გრძნების მოქმედთა მოკრიბნეს წიგნები მათი და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა, და აღრაცხეს სასყიდელი მათი და პოვეს ვეცხლი ხუთი ბევრი. 20. და ესრეთ მტკიცედ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა.

21. ვითარცა აღესრულა ესე, დაიდვა პავლე გულსა თჳსსა, მო-რაჲ-ევლო მაკედონიაჲ და აქაიაჲ, მისლვად იერუსალჱმდ და თქუა, ვითარმედ: შემდგომად მისლვისა ჩემისა მუნ ჯერ-არს ჩემდა ჰრომეცა ხილვად. 22. და მიავლინნა მაკედონიად ორნი მსახურნი მისნი, ტიმოთე და ერასტოს, ხოლო იგი დაადგრა ჟამ რავდენმე ასიას შინა. 23. იყო მას ჟამსა შინა შფოთი არა მცირედი გზისა მისთჳს, 24. რამეთუ დემეტრეოს ვინმე სახელით, ვეცხლის მჭედელი, იქმოდა ტაძართა ვეცხლისათა ატრემისთა და მისცემდა ხუროთა მათ სარეწავსა არა მცირედსა, 25. რომელნი შეკრიბნა და ჰრქუა: კაცნო, იცით, რამეთუ ამის საქმისაგან არს სარეწავი ჩუენი; 26. და ხედავთ და გესმის, რამეთუ არს ხოლო თუ ეფესოსა, არამედ კნინღა-და ყოველსა ასიასა ამან პავლე არწმუნა და გარდააქცია ერი მრავალი და იტყჳს, ვითარმედ: არა არიან ღმერთნი ჴელით ქმნულნი. 27. და არა ხოლო ესე ჭირი არს ჩუენ ზედა ადგილად მხილებისა მოწევნად ჩუენდა, არამედ დიდისა ღმრთისა არტემის ტაძარიცა არადვე შერაცხად ყოფად არს და დარღუევად სიმდიდრე მისი, რომელსა ყოველი სოფელი და ასიაჲ ჰმსახურებს. 28. მათ ვითარცა ესმა ესე, აღივსნეს გულის წყრომითა, ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ! 29. და აღივსო ყოველი ქალაქი შფოთითა და მიიმართეს და მივიდეს ერთბამად სახილველსა მას, თანა წარსრულნი. 30. ხოლო პავლეს ენება რაჲ შესლვად ერსა მას შორის, არა უტევეს მოწაფეთა. 31. და რომელნიმე ასიაჲსა მთავარნი მეგობარ იყვნეს მისა, მიავლინნეს მისა და ჰლოცვიდეს, რაჲთა არა მისცეს თავი თჳსი სახილველსა მას. 32. სხუანი უკუე სხუასა რასმე ღაღადებდეს, რამეთუ იყო კრებული იგი შეშფოთებულ და უმრავლესთა მათგანთა არა უწყოდეს, რაჲსათჳს შეკრებულ იყვნეს. 33. ხოლო ერისაგან წარმოადგინეს ალექსანდრე, რამეთუ ჰურიათა წარმოადგინეს იგი. ხოლო ალექსანდრე განუყარა ჴელი და უნდა სიტყჳს მიგებაჲ ერისაჲ მის. 34. მათ ვითარცა გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ ჰურიაჲ არს, იქმნა ერთი ჴმაჲ ყოველთაგან, ვიდრე ორ ჟამადმდე ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ! 35. დააცხრვო მწიგნობარმან მან ერი იგი და ჰრქუა: კაცნო ეფესელნო, ვინ-მე არს კაცთაგანი, რომელმან არა იცის ეფესელთა ქალაქი, რამეთუ მსახური არს დიდისა არტემისი და დიოპეტისი? 36. და ესე უცილობელ არს, ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა დაწყნარებულ იყვნეთ და ნურარას იქმთ წარმდებებით. 37. რამეთუ მოიყვანენით კაცნი ესე, არცა ბაგინის მძარცუელ, არცა მგმობარ არიან ღმრთისა ჩუენისა. 38. უკუეთუ დემეტრიოსს და მის თანა ხუროთა მათ უც ვიეთ თანამე სიტყუაჲ, უბანთა ვაჭარნი მოიყვანნედ, და მთავარნი არიან, და აბრალებედ ურთიერთას. 39. უკუეთუ კულა სხჳსა რაჲსათჳსმე ეძიებთ, სჯულიერითა კრებითა განეგოს. 40. და რამეთუ ვიურვით ბრალობად შფოთისა ამისთჳსცა დღენდელისა, რამეთუ არარაჲ მიზეზი იყო, რომლისათჳსცა ვერცა სიტყჳს მიგებად ჴელ-მეწიფების შეკრებულისა ამისთჳს ერისა. და ესე ვითარცა თქუა, განუტევა კრებული იგი.

 

Categories
წმინდა წერილი

საქმე წმიდათა მოციქულთა. თავი 18

საქმე წმიდათა მოციქულთა

აღწერილი ლუკა მახარებელისა

 

თავი 18

1. ამისა შემდგომად გამოვიდა პავლე ათინელთა მათგან და მოვიდა კორინთედ; 2. და პოა ვინმე ჰურიაჲ, სახელით აკჳლა, პონტოელი ნათესავით, რამეთუ მაშინ ოდენ მოსრულ იყო იგი იტალიაჲთ, და პრისკილა, ცოლი მისი, – რამეთუ ებრძანა კლავდის კეისარსა განშორებად ყოველნი ჰურიანი ჰრომით, – მოვიდა მათა 3. და, რამეთუ ერთი ჴელოვნებაჲ იცოდეს, იყოფოდა მათ თანა და იქმოდა, რამეთუ იყვნეს ჴელოვნებით მეპრატაკე. 4. და ეტყოდა შესაკრებელსა მას ყოველსა შაბათსა და არწმუნებდა ჰურიათა და წარმართთა. 5. და ოდეს მოვიდეს მაკედონიაჲთ შილა და ტიმოთე, აწუევდა სული პავლეს და უწამებდა ჰურიათა მათ ქრისტე იესუს. 6. ხოლო იგინი ვითარ უჴდებოდეს და ჰგმობდეს, განიყარა მათ ზედა სამოსელი თჳსი და ჰრქუა მათ: სისხლი თქუენი თავთა ზედა თქუენთა! უბრალომცა ვარ მე! ამიერითგან წარმართთა მიმართ მივიდე. 7. და წარმოვიდა მიერ და შევიდა სახლსა ვისსამე, რომელსა სახელი ერქუა ტიტოს, ძისა იოსტოჲსსა, ღმრთის მსახურისა, რომლისა სახლი ეზღვრებოდა შესაკრებელსა მას. 8. ხოლო კრისპოსს შესაკრებელის მთავარსა ჰრწმენა უფალი ყოვლითურთ სახლეულით მისით, და მრავალნი კორინთელნი ისმენდეს და ჰრწმენა და ნათელს-იღებდეს. 9. ჰრქუა უფალმან ჩუენებით ღამე პავლეს: ნუ გეშინინ, არამედ იტყოდე და ნუ სდუმი, 10. რამეთუ მე ვარ შენ თანა, და არავინ შეუძლოს ბოროტის ყოფად შენდა, რამეთუ ერი მრავალი არს ჩემდა ქალაქსა ამას შინა. 11. და დაყო მუნ ერთ წელ და ექუს თუე და ასწავებდა მათ შორის სიტყუასა ღმრთისასა.

12. ხოლო გალიონ მთავარი იყო აქაიაჲსაჲ, ზედა მიუჴდეს ყოველნი ჰურიანი ერთბამად პავლეს და მოიყვანეს საყდარსა წინაშე 13. და იტყოდეს, ვითარმედ: თჳნიერ სჯულისა ურჩ იქმს ესე კაცთა მსახურებად ღმრთისა. 14. და ვითარცა ეგულებოდა პაველს აღებად პირისა, ჰრქუა გალიონ ჰურიათა მათ: უკუეთუმცა იყო შეცოდებათაგანი რაჲმე ძჳრის საქმე ბოროტი, ჵ ჰურიანო, სიტყჳსა მისებრმცა თავს-ვიდევ თქუენი; 15. უკუეთუ ძიებაჲ რაჲმე არს სიტყჳსათჳს და სახელებისა და სჯულისა თქუენისა, თქუენ იხილეთ, რამეთუ მე მსაჯულ ეგევითართათჳს არა მნებავს ყოფად. 16. და განასხნა იგინი საყდრისაგან. 17. მაშინ შეიპყრეს ყოველთა წარმართთა სოსთენი, შესაკრებელის მთავარი, და სცემდეს საყდარსა წინაშე; და არარას ზრუნვიდა ამათგანსა გალიონ.

18. ხოლო პავლე და-ვეღა-ადგრა მუნ მრავალ დღე ძმათა თანა, და მერმე იჯმნა და განვიდა ნავითა ასურეთად, და მის თანა პრისკილა და აკვილა. ხოლო იკუეცა მან თმაჲ კენქრეს, რამეთუ აღთქუმაჲ აღეთქუა. 19. და მიიწია ეფესოდ, იგინი დაუტევნა მუნ, და იგი შევიდა შესაკრებელსა და ეზრახა ჰურიათა მათ. 20. და ვითარ იგინი ჰლოცვიდეს უმეტესსა-რე ჟამსა დადგრომად მათ თანა, არა ინება, 21. არამედ იჯმნა მათგან და თქუა: ჯერ-არს ჩემდა დღესასწაულსა ამას მომავალსა იერუსალჱმს აღსრულებად და კუალად მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაჲთა. შევიდა ნავსა ეფესოჲთ 22. და შთავიდა კესარიად. აღვიდა და მოიკითხა ეკლესიაჲ და შთავიდა ანტიოქიად, 23. და დაყო ჟამი რაოდენმე და განვიდა და მიმოვიდოდა შემდგომითი-შემდგომად გალატელთა სოფელსა და ფრიგჳაჲსსა და განამტკიცებდა ყოველთა მოწაფეთა.

24. ჰურიაჲ ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით, კაცი სიტყუა-მეცნიერი, მოვიდა ეფესოდ, ძლიერ იყო წიგნთაგან. 25. ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა და მდუღარე სულითა, ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს, და იცოდა ნათლის-ცემაჲ ხოლო იოვანესი. 26. ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკჳლას და პრისკილას და მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ. 27. და ვითარ-იგი ეგულებოდა მას აქაიად წიაღ-სვლად, უბრძანეს ძმათა და მიუწერეს მოწაფეთა მათ შეწყნარებაჲ მისი, რომელი მივიდა და შეეწეოდა მორწმუნეთა მათ ფრიად მადლისა მის მიერ, 28. რამეთუ ძლიერად ჰურიათა მათ ამხილებდა ერსა წინაშე და უჩუენებდა წიგნთაგან, ვითარმედ არს ქრისტე იესუ.

 

Categories
წმინდა წერილი

საქმე წმიდათა მოციქულთა. თავი 17

საქმე წმიდათა მოციქულთა

აღწერილი ლუკა მახარებელისა

 

თავი 17

1. და ვითარცა მოვლეს ამფიპოლი და აპოლონიაჲ, მოვიდეს იგინი თესალონიკედ, სადა-იგი იყო შესაკრებელი ჰურიათაჲ. 2. და ვითარცა ჩუეულ იყო პავლე, შევიდა მათა და სამსა შაბათსა ეტყოდა მათ წიგნთაგან, 3. გამოუთარგმანებდა მათ და წინა-დაუდებდა, რამეთუ ქრისტესა ჯერ-იყო ვნებაჲ და აღდგომაჲ მკუდრეთით და ვითარმედ: ესე არს იესუ ქრისტე, რომელსა მე გახარებ თქუენ. 4. და რომელთამე მათგანთა ჰრწმენა და შეუდგა პავლეს და შილას მორწმუნეთა წარმართთა სიმრავლე მრავალი და დედათა მთავართა არა მცირედთაჲ. 5. ხოლო შური აღიღეს, რომელნი-იგი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, და მოიყვანნეს სავაჭროთაგან კაცნი ვინმე ბოროტნი, და ერის კრება ყვეს და აღაშფოთებდეს ქალაქსა მათ ზედა. და ზედა მიადგეს სახლსა იასონისსა და ეძიებდეს მათ გამოყვანებად ერსა წინაშე. 6. და ვითარცა არა პოვნეს იგინი, მიითრევდეს იასონს და სხუათა ვიეთმე ძმათა მთავართა წინაშე ქალაქისათა და ღაღადებდეს, ვითარმედ: რომელთა ყოველი სოფელი აღუშფოთებიეს, იგინი აქაცა მოსრულ არიან, 7. რომელნი შეუწყნარებიან იასონს, და ესე ყოველნი წინააღმდგომსა კეისრისა ბრძანებათასა იქმან, მეუფესა სხუასა იტყჳან ყოფად, იესუს. 8. აღაშფოთეს ერი იგი და მთავარნი ქალაქისანი, ესმოდა რაჲ ესე. 9. და მოჰჴადეს თავს-მდები იასონს, და მაშინ-ღა განუტევნეს იგინი. 10. ხოლო ძმათა მეყსეულად ღამე წარგზავნნეს პავლე და შილა ბერიად, რომელნი-იგი, ვითარცა მიიწინეს, შესაკრებელთა ხოლო ჰურიათასა შევიდეს. 11. რამეთუ ესენი უაზნაურეს იყვნეს თესალონიკელთა მათ, რომელთაცა შეიწყნარეს სიტყუაჲ იგი ყოვლითა გულს-მოდგინებითა, მარადღე გამოეძიებდეს წიგნთაგან, უკუეთუ ესე ესრეთ არს. 12. მრავალთა უკუე მათგანთაცა ჰრწმენა, და წარმართთაგანთა დედათა მრავალთა წესიერთა და მამებსა არამცირედსა. 13. ხოლო ვითარცა აგრძნეს თესალონიკელთა მათ ჰურიათა, ვითარმედ ბერიასცა მიეთხრა პავლეს მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, მოვიდეს მუნცა, აღსძრვიდეს და აღსტეხდეს ერსა მას. 14. მუნქუესვე განიყვანეს ძმათა მათ პავლე წარსლვად ზღჳთ კერძო; ხოლო შილა და ტიმოთე მუნვე დადგეს. 15. და რომელთა-იგი მიჰყვანდა პავლე, წარიყვანეს იგი ვიდრე ათინადმდე, და მოიღეს მცნებაჲ შილაჲს და ტიმოთეს მიმართ, რაჲთა ადრე მივიდენ მისა, და გამოვიდეს.

16. ვიდრე-იგი ათინას შინა ელოდა მათ პავლე, ეძჳნებოდა სულსა მისსა მის თანა, ხედვიდა რაჲ კერპთ მსახურებასა მის ქალაქისასა. 17. ეტყოდა მარადის შესაკრებელსა შორის ჰურიათა და რომელნი ჰმსახურებდეს და უბანთა ზედა ყოველსა დღესა რომელთა-იგი შეემთხუეოდა. 18. რომელთამე ეპიკურელთა და სტოჲსა ფილოსოფოსთა სიტუა-ყვეს მის თანა, და რომელნიმე იტყოდეს: უცხოთა ეშმაკთა ჩანს მთხრობელ ესე. რამეთუ იესუს და აღდგომასა ახარებდა მათ. 19. შეიპყრეს იგი და არიოპაგედ მიიყვანეს და ეტყოდეს: შემძლებელ ვართ ცნობად, რაჲ არს ახალი ესე შენ მიერ თქუმული მოძღურებაჲ? 20. რამეთუ უცხოსა რასმე ასმენ სასმენელთა ჩუენთა. მნებავს უკუე ცნობად, რაჲსა ჰნებავს ამას ყოფად. 21. ხოლო ათინელნი ყოველნი და რომელნი მოსრულ იყვნეს უცხონი, სხუად არად მოცალე იყვნეს, გარნა სიტყუად რაჲსამე და სმენად უახლესისა. 22. მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ძმანო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ. 23. რამეთუ, მიმო-რაჲ-ვიქცეოდე და მოვიხილევდ სამსახურებელთა თქუენთა, ვპოვე ბომონიცა, რომელსა ზედა წერილ იყო: უცნაურსა ღმერთსა. აწ უკუე რომელსა-იგი უმეცარ ხართ და ჰმსახურებთ მას, მე გახარებ თქუენ, 24. ღმერთსა, რომელმან შექმნა სოფელი და ყოველი, რაჲ არს მას შინა. ესე ცისა და ქუეყანისაჲ არს უფალი, არა ჴელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳრდებულ არს, 25. არცა კაცობრივთა ჴელთა მიერ იმსახურების, ვითარმცა მოქენე ვისამე იყო, რამეთუ იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო. 26. და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი დამკჳდრებად ყოველსავე ზედა პირსა ქუეყანისასა, განაჩინნა დაწესებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი დამკჳდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა; 27. და უკუეთუმცა ვინ ეძიებდა, პოამცა იგი, და რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ, ვითარცა-იგი ვინმე თქუენგანნი სიტყჳს მოქმედნი იტყჳან: რომლისა-იგი ნათესავცა ვართო. 29. აწ უკუე ვინაჲთგან ნათესავ ღმრთისა ვართ, არა გჳღირს, ვითარმცა ვჰგონებდით ოქროსა გინა ვეცხლსა ანუ ანთრაკსა, გამოხატულსა ხუროებით განზრახვითა კაცთაჲთა, საღმრთოჲსა მის მსგავს ყოფად. 30. რამეთუ ჟამნი იგი უმეცრებისანი უგულებელს-ყვნა ღმერთმან და აწ ამცნებს ყოველთა კაცთა ყოველსა ადგილსა შენანებად; 31. ვითარცა-იგი დაამტკიცა დღე, რომელსა შინა ეგულების განკითხვაჲ სოფლისაჲ სიმართლით, კაცითა მით, რომელი განაჩინა სარწმუნოებაჲ, მოსცა ყოველთა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით. 32. ხოლო მათ ვითარცა ესმა აღდგომაჲ მკუდართაჲ, რომელნიმე ეკიცხევდეს და რომელთამე თქუეს: ვისმინოთ შენი ამისთჳს კუალადცა. 33. და ესრეთ გამოვიდა პავლე შორის მათსა. 34. ხოლო რომელნიმე კაცნი მისდევდეს მას და ჰრწმენა, რომელთა თანა იყო დიონისიოს არეოპაგელი და დედაკაცი, სახელით დამარის, და სხუანი მათ თანა.

Categories
წმინდა წერილი

საქმე წმიდათა მოციქულთა. თავი 16

საქმე წმიდათა მოციქულთა

აღწერილი ლუკა მახარებელისა

 

თავი 16

1. მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად. და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ, 2. რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა. 3. ამისი სათნო-უჩნდა პავლეს მის თანა განსლვაჲ. და მოიყვანა და წინა-დასცჳთა მას ჰურიათა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა, რამეთუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმედ წარმართი იყო მამაჲ მისი. 4. და ვითარცა განჰვლიდეს ქალაქებსა მას, ასწავებდეს მათ დამარხვად მოძღურებათა მათ, დამტკიცებულთა მოციქულთაგან და ხუცესთა, რომელნი-იგი იყვნეს იერუსალჱმს შინა. 5. ხოლო ეკლესიანი იგი განმტკიცნებოდეს სარწმუნოებითა და შეეძინებოდა რიცხუსა მას დღითი-დღედ. 6. და მოვლეს ფრიგჳაჲ და გალატელთა სოფელი და დაყენებულ იქმნეს სულისა მიერ წმიდისა სიტყუად სიტყჳსა მის ასიას შინა, 7. მო-რაჲ-ვიდეს იგინი მისუნდ, აზმნობდეს წარსლვად ბითჳნიად, და არა უტევა მათ სულმან უფლისამან. 8. და ვითარ თანა-წარჰჴდეს მისუნს, შთავიდეს ტროადად. 9. და ჩუენებასა ღამისასა ეჩუენა პავლეს: კაცი ვინმე იყო მაკედონელი, დგა და ევედრებოდა მას და ეტყოდა: წიაღ მოგუალე მაკედონიად და შემეწიე ჩუენ. 10. და ვითარცა ჩუენებაჲ იგი იხილა პავლე, ვისწრაფეთ მეყსეულად განსლვად მაკედონიად, გულისჴმა-ვყავთ, რამეთუ მუნ მიჩინნა ჩუენ უფალმან ხარებად მათდა.

11. აღვჴედით ნავსა ტროადას და მართლ მივისწრაფეთ სამუთრაკედ, და ხვალისაგან – ახალქალაქად, 12. და მიერ ფილიპედ, რომელი-იგი არს პირველი ნაწილი მაკედონიისაჲ, ქალაქი კოლონიაჲ. ხოლო ვიყვენით მას ქალაქსა შინა და ვიქცეოდეთ დღეთა რაოდენთამე. 13. და დღესა შაბათთასა განვედით გარეშე ქალაქსა მას, მდინარის კიდესა, სადა-იგი საგონებელ იყო ლოცვისა შეწირვაჲ; და დავსხედით და ვეტყოდეთ დედათა მათ, რომელნი მოსრულ იყვნეს. 14. და დედაკაცი ერთი სახელით ლუდია, ძოწეულის მოფარდული ქალაქისა თჳატირისაჲ, მსახური ღმრთისაჲ და იყო მუნ და ესმოდა, რომლისა-იგი უფალმან განუღო გული მორჩილებად სიტყუათა პავლეს მიერ თქუმულთა. 15. და ვითარცა ნათელ-იღო მან და სახლმან მისმან, გულოცვიდა და იტყოდა: უკუეთუ შეგირაცხიე მე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დაადგერით. და გუაიძულა ჩუენ. 16. და იყო, ვითარ წარვიდოდეთ ჩუენ ლოცვად, მჴევალი ვინმე წინა შემემთხჳა ჩუენ, რომლისა თანა იყო სული პითონი, რომელ არს მისნობისაჲ, რომლისაგან სარეწავი დიდძალი შეუვიდოდა უფალთა მისთა მისნობითა მისითა. 17. ესე მისდევდა პავლეს და ჩუენ, ჴმობდა და იტყოდა: ესე კაცნო მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი, რომელნი გახარებენ თქუენ გზათა ცხორებისათა. 18. და ამას ჰყოფდა დღეთა მრავალთა. განრისხნა პავლე და მიექცა სულსა მას უკეთურსა და ჰრქუა: გამცნებ შენ სახელითა იესუ ქრისტესითა განსლვად მაგისგან. და განვიდა მასვე ჟამსა. 19. ვითარცა იხილეს უფალთა მათ დედაკაცისათა, რამეთუ განსრულ იყო სასოებაჲ სარეწავისა მათისაჲ, შეიპყრნეს პავლე და შილა და მიზიდვიდეს მათ ურაკპარაკად მთავართა მათთა. 20. და მიჰგუარნეს იგინი ერისთავთა მათ და ჰრქუეს: ესე კაცნი აღსძრვენ ქალაქსა ამას ჩუენსა, ჰურიანი არიან 21. და შეკრბებოდა ერი მათ ზედა. და ერისთავთა მათ მოაპეს სამოსელი მათი და უბრძანეს კუერთხითა ცემაჲ. 23. და ვითარ მრავალი წყლულებაჲ დასდვეს მათ ზედა, შესხნეს იგინი საპყრობილესა, და ამცნეს საპყრობილისა მცველსა მას კრძალულად დაცვაჲ მათი; 24. და მან, ვითარცა ესევითარი მცნებაჲ მოიღო მათგან, შესხნა იგინი უშინაგანესსა საპყრობილესა და ფერჴნი მათნი დაჰკრძალნა ჴუნდსა შინა. 25. და შუა ღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა; და ისმენდეს მათსა სხუანი იგი პყრობილნი. 26. მეყსეულად ძრვაჲ იყო დიდი ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძველითურთ შეიძრა, და მუნქუესვე ყოველნი კარნი განეჴუნეს, და ყოველთა კრულებანი განიჴსნნეს. 27. და ვითარ განეღჳძა საპყრობილის მცველსა მას და იხილნა კარნი საპყრობილისანი განხუმულნი, იჴადა მახჳლი და ეგულებოდა განგუმერაჲ თავისა თჳსისაჲ: ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ განლტოლვილ არიან ყოველნი პყრობილნი. 28. ჴმა-უყო მას ჴმითა დიდითა პავლე და ჰრქუა: ნუ რას შეიმთხუევ ბოროტსა თავსა შენსა, რამეთუ ჩუენ ყოველნი აქა ვართ. 29. ხოლო მან მოითხოა სანთელი და შეისწრაფა შინა, და ძრწოლაჲ შეედვა და შეუვრდა პავლეს და შილას 30. და გამოიყვანნა იგინი გარე და ჰრქუა: უფალნო, რაჲ მიღირს მე ყოფად, რაჲთა ვცხონდე? 31. ხოლო მათ ჰრქუეს: გრწმენინ უფალი იესუ ქრისტე, და სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი. 32. და ეტყოდეს მას სიტყუასა მას უფლისასა, და ყოველთა სახლეულთა მისთა. 33. და წარიყვანნა იგინი მასვე ჟამსა ღამისასა და განბანნა იგინი ნაგეუმთა მათგან. და ნათელ-იღო მან და მისთა ყოველთა; 34. მეყსეულად აღიყვანნა იგინი სახედ თჳსა და დაუგო მათ ტაბლაჲ. და უხაროდა მას ყოვლითურთ სახლეულით, რომელთა ჰრწმენა ღმერთი.

35. და ვითარცა განთენა, მოუვლინნეს ერისთავთა მათ მტარვალნი და ჰრქუეს: განუტევენ კაცნი ეგე, რომელნი მიგცენით პყრობილად. 36. მიუთხრნა სიტყუანი ესე მესაპყრობილეთ მოძღუარმან მან პავლეს და ჰრქუა, ვითარმედ: ერისთავთა მათ უბრძანებიეს განტევებაჲ თქუენი. აწ უკუე განვედით და წარვედით მშჳდობით! 37. ხოლო პავლე ჰრქუა მათ: გუგუემნეს ჩეუნ ურაკ-პარაკთა ზედა კაცნი უბიწონი ჰრომნი და შემსხნეს საპყრობილესა ცუდად, და აწ ფარულად განგჳყვანებენ ჩუენ. არა ეგრე, არამედ თჳთ მოვიდენ და მათ განმიყვანნენ ჩუენ. 38. მიუთხრეს მტარვალთა მათ ესე ყოველი ერისთავთა მათ. და მათ ზარი განჰჴდა, ესმა რაჲ, ვითარმედ, ჰრომნი არიან. 39. და მოვიდეს და ჰლოცვიდეს მათ. და გამოიყვანნეს იგინი საპყრობილით და ევედრებოდეს განსლვად ქალაქისა მისგან. 40. იგინი ვითარ გამოვიდეს მიერ საპყრობილით, მივიდეს და შევიდეს სახლსა ლუდიაჲსსა, და იხილნეს ძმანი და ნუგეშინის-სცეს მათ და გამოვიდეს.

 

Categories
წმინდა წერილი

საქმე წმიდათა მოციქულთა. თავი 8

საქმე წმიდათა მოციქულთა

აღწერილი ლუკა მახარებელისა

 

თავი 8

1. ხოლო სავლე იყო თანა-ჯერმჩინებელ მოკლვასა მისსა. იყო მას დღესა შინა დევნულებაჲ დიდი ეკლესიათა მათ ზედა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს. და ყოველნივე განიბნინეს სოფლებსა მას ჰურიასტანისასა და სამარიაჲსასა, თჳნიერ ხოლო მოციქულთა. 2. და შემოსეს სტეფანე კაცთა ღმრთის მოშიშთა და ყვეს ტყებაჲ დიდი მის ზედა. 3. ხოლო სავლე ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ.

4. და რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს, ვიდოდეს და ახარებდეს სიტყუასა მას ცხოვრებისასა. 5. ფილიპე შთავიდა ქალაქსა მას სამარიტელთასა და უქადაგებდა მათ ქრისტესა. 6. და ერჩდა ერი იგი სიტყუათა მათ ფილიპესთა ერთბამად სმენად მათდა და ხილვად სასწაულებსა მას, რომელსა იქმოდა. 7. რამეთუ მრავალთა რომელთა თანა იყო სულები არაწმიდები, ღაღადებედ ჴმითა მაღლითა და განვიდიან. და მრავალნი განრღვეულნი და მკელობელნი განიკურნებოდეს. 8. და იყო სიხარული დიდი ქალაქსა მას შინა. 9. კაცი ვინმე იყო, რომელსა სახელი ერქუა სიმონ, წინაჲთვე იყო ქალაქსა მას შინა, ჰგრძნებდა და განაკჳრვებდა ნათესავსა მას სამარიტელთასა. 10. რომელსა ხედვიდეს ყოველნი, მცირითგან ვიდრე დიდადმდე, და იტყოდეს, ვითარმედ: ესე არს ძალი ღმრთისაჲ დიდი. 11. ხოლო ერჩდეს მას, რამეთუ მრავლით ჟამითგან გრძნებითა განეკჳრვნეს იგინი. 12. და რაჟამს ჰრწმენა ფილიპესი, სახარებაჲ სასუფეველისათჳს ღმრთისა და სახელისათჳს იესუ ქრისტესისა, ნათელს-იღებდეს მამანი და დედანი. 13. და სიმონსცა თჳთ ჰრწმენავე ნათელს-იღო, და იყო დადგრომილ ფილიპეს თანა. და ჰხედჳდა სასწაულებსა და ძალთა დიდთა, რომელნი-იგი იქმნებოდეს, და დაუკჳრდებოდა. 14. ესმა რაჲ უკუე მოციქულთა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს, რამეთუ შეიწყნარეს სამარიას სიტყუაჲ ღმრთისაჲ, მიავლინნეს მათდა პეტრე და იოვანე, 15. რომელნი-იგი ვითარცა მივიდეს, ლოცვა ყვეს მათთჳს, რაჲთა მიიღონ სული წმიდაჲ. 16. რამეთუ მუნამდე არა იყო არცა ერთსა მათგანსა ზედა მოწევნულ სული წმიდაჲ, გარნა ბანილ ხოლო იყვნეს სახელითა უფლისა იესუჲსითა. 17. მაშინ დაასხმიდეს ჴელთა მათ ზედა, და მიაქუნდა სული წმიდაჲ. 18. ვითარცა იხილა სიმონ, რამეთუ ჴელთ-დასხმითა მით მოციქულთაჲთა მოეცემის სული წმიდაჲ, მიუპყრა მათ ფასი 19. და ჰრქუა: მომეცით მეცა ჴელმწიფებაჲ ესე, რაჲთა, რომელსაცა დავასხნე ჴელნი, მიაქუნდეს სული წმიდაჲ. ჰრქუა მას პეტრე: 20. ვეცხლი ეგე შენი შენთანავე იყავნ წარსაწრყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად. 21. არა გიც შენ ნაწილი, არცა სამკჳდრებელი სიტყუასა ამას შინა, რამეთუ გული შენი არა არს წრფელ წინაშე ღმრთისა. 22. შეინანე უკუე უკეთურებისა ამისგან შენისა და ევედრე უფალსა, მი-ხოლო თუ-გეტეოს შენ უსჯულოებაჲ ეგე გულისა შენისაჲ, 23. რამეთუ სიმწარედ ნავღლისა და თანა შეკრულ ცოდვისა გხედავ შენ, რამეთუ ხარ. 24. მიუგო სიმონ და ჰრქუა: ილოცეთ თქუენ ჩემთჳს უფლისა მიმართ, რაჲთა არა მოვიდეს ჩემ ზედა, რომელი-იგი თქუენ სთქუთ. 25. ხოლო მათ მიმოდააწესეს წამებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის და იტყოდეს სიტყუასა მას უფლისასა, და მოიქცეს იერუსალჱმდ და მრავალსა დაბნებსა სამარიტელთასა ახარებდეს.

26. ანგელოზი უფლისაჲ ეტყოდა ფილიპეს და ჰრქუა: აღდეგ და მივედ შენ სამხრით კერძო, გზასა მას, რომელი შთავალს იერუსალჱმით გაზად. ესე არს უდაბნოჲ. 27. და აღდგა და წარვიდა. და აჰა ესერა კაცი ჰინდოჲ საჭურისი ძლიერი კანდაკესი დედოფლისა მის ჰინდოეთისაჲ, რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა, რომელი-იგი მოსრულ იყო თაყუანის-ცემად იერუსალჱმდ, 28. და მოქცეულ იყო და ჯდა იგი ეტლთა ზედა მისთა და იკითხვიდა წიგნსა ესაია წინასწარმეტყუელისასა. 29. ჰრქუა სულმან წმიდამან ფილიპეს: მივედ და შეეახლე შენ ეტლთა იმათ. 30. და მივიდა ფილიპე და ისმენდა მისსა, ვითარ-იგი იკითხვიდა ესაია წინასწარმეტყუელსა; და ჰრქუა: უწყი-მეა, რასა-ეგე იკითხავ? 31. ხოლო მან ჰრქუა: და ვითარ-მე მეძლოს უწყებად, არა თუ ვინმე იყოს წინამძღუარ ჩემდა? და ჰლოცვიდა ფილიპეს აღსლვად და დაჯდომად მის თანა. 32. ხოლო თავი საკითხავისაჲ მის, რომელსა იკითხვიდა, იყო ესე: ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად, ესრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა. 33. სიმდაბლითა თჳსითა სასჯელი მისი მოეღო. ხოლო თესლ-ტომი მისი ვინ-მე მიუთხარს, რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხორებაჲ მისი. 34. მიუგო საჭურისმან მან და ჰრქუა ფილიპეს: გევედრები შენ, ვისთჳს იტყჳს წინასწარმეტყუელი ამას, თავისა თჳსისათჳს, ანუ სხჳსა ვისთჳსმე? 35. აღაღო პირი თჳსი ფილიპე და იწყო თხრობად მისა და ხარებად წიგნთაგან იესუჲსთჳს. 36. და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდეს მგზავრ, მოვიდეს წყალსა ერთსა ზედა და ჰრქუა საჭურისმან მან: აჰა წყალი, რაჲღა ყენება არს ჩემდა ნათლის-ღებად? 37. ჰრქუა მას ფილიპე: გრწამს თუ ყოვლითა გულითა შენითა, ჯერ-არს. მიუგო და ჰრქუა მას: მრწამს, რამეთუ ძე ღმრთსაჲ არს იესუ ქრისტე. 38. და უბრძანა დადგინებაჲ ეტლთაჲ მათ. და შთაჴდეს ორნივე წყალსა, ფილიპე და საჭურისი იგი, და ნათელ-სცა მას. 39. და ვითარცა აღმოჴდეს წყლით, სული წმიდაჲ მოვიდა საჭურისსა მას ზედა; და სულმან უფლისამან წარიტაცა ფილიპე და მერმე არღარა იხილა იგი საჭურისმან მან, და ვიდოდა გზასა თჳსსა სიხარულით. 40. და ფილიპე იპოა აზოტით კერძო, მიმოვიდოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა ვიდრე მოსლვადმდე მისა კესარიად.

 

 

Exit mobile version