Categories
წიგნები

ღირსი იოანე სინელი კიბე ანუ კლემაქსი – სიტყვა 4, ნეტარი და ყოვლადქებული მორჩილების შესახებ

ღირსი იოანე სინელი

კიბე ანუ კლემაქსი

 

სიტყვა 4, ნეტარი და ყოვლადქებული მორჩილების შესახებ

  1. თანამიმდევრულად საჭიროა, ქრისტესთვის მოღვაწეთა და მოწამეთა შესახებ ვისაუბროთ, რადგან, როგორც ყოველი ნაყოფი წარმოიქმნება ყვავილისგან, ასევე ყოველგვარ მორჩილებას სოფლისგან განდგომა უძღვის წინ – სხეულით ან ნებით. ამ ორ სათნოებათაგან (ე.ი. სოფლისგან განდგომით და საკუთარი ნების მოკვეთით) უმეტესად ღირებული მორჩილებაა – ოქროს ფრთებით ზეცას უსხეულოდ ამაღლება: და, ალბათ, ამ ფრთების შესახებ იგალობა სულიწმიდით ცხებულმა: ვინცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი და აღვფრინდე და განვისვენო (ფსალ. 542,6) ჭვრეტითა და სიმდაბლითა.
  2. ნუ დავაყოვნებთ და თუ საჭიროა, ამ სიტყვაში ავხსნათ ამ მამაც მხედართა ბრძოლის სახენი: თუ როგორ უპყრიათ მათ ღვთისა და მოძღვრის მიმართ ფარი სარწმუნოებისა და მისი საშუალებით იგერიებენ ურწმუნოებისა და სხვა ადგილას გადასახლების ყოველ განზრახვას; სულიერი მახვილის აღმართვისას ყოველთვის საკუთარ ნებას აკვდინებენ, როგორც კი მის მოახლოებას შენიშნავენ და მოთმინებისა და მოკრძალების რკინის აბჯრით შემოსილნი ყოველგვარი შეურაცხყოფის მომწყვლელ ისრებს თავიდან იცოდნენ; მათ ცხონების ჩაფხუტი ახურავთ – როგორც მათივე წინამძღვრის ლოცვითი საფარველი. ფეხები ერთად არასდროს უდგათ, არამედ ერთით მსახურებენ, მეორეთი კი ლოცვაზე არიან დამყარებული.

  3. მორჩილება საკუთარი სულის სრული უარყოფაა, რომელიც ხორციელი მოქმედებით გამოიხატება. ანდა პირიქით, მორჩილება ხორციელ ასოთა მოკვდინებაა ცოცხალი გონების მიერ.

  4. მორჩილება არის მოქმედება განსაცდელის გარეშე, თვითნებური სიკვდილი, ცნობისმოყვარეობის გარეშე ცხოვრება, ჭირის უდარდელად გადატანა. ღვთის წინაშე უზრუნველყოფილი სიტყვისგება, სიკვდილი უშიშარი, უსაფრთხო ცურვა, მოგზაურობა – ძილში.

  5. მორჩილება არის სამარე საკუთარი ნებისა და აღდგომა სიმდაბლისა.

  6. მორჩილი, როგორც მკვდარი, არაფერს ეწინააღმდეგება და განსჯის, არც კეთილსა და არც თითქოსდა ბოროტს, რადგან ყველაფრისთვის პასუხს აგებს იგი, ვინც ღვთისმოსაობით მოაკვდინა მისი სული.

  7. მორჩილება არის ყოველგვარი განსჯის უარყოფა განმსჯელი გონების მიერ.

  8. თავდაპირველად სულიერი ნებისა და ხორციელ ასოთა მოკვდინება მეტად დიდ მწუხარებას იწვევს; შუა პერიოდი ზოგჯერ – სრულიად არასამწუხარო, ხოლო დასასრულს უკვე აღარანაირი განცდა და აღძვრა მწუხარებისა აღარ იგრძნობა. მაშინ ამ ნეტარი და ცხოველი მიცვალებულის გულისტკივილსა და მწუხარებას იწვევს ის, როცა ხედავს, როგორ აღასრულებენ პირად ნებას, რადგან საკუთარი სასჯელის ტვირთი აშინებს.

  9. ჰოი თქვენ, ვინც ამ სულიერი ტანჯვის ასპარეზზე აპირებთ გასვლას, თქვენ, ვისაც ქრისტეს უღლის ტვირთვა გსურთ, თქვენ, ვისაც გინდათ, რომ ამიერიდან თქვენი უღელი სხვის ქედზე გადადოთ, ვინც ნებსით მონობას ესწრაფით, რათა მის ნაცვლად ჭეშმარიტი თავისუფლება მოიპოვოთ. თქვენ, ვინც ამ უდიდესი მორევის გადაცურვას სხვათა ხელზე დაყრდნობით ცდილობთ; იცოდეთ, რომ თქვენ მოკლე, მაგრამ უმკაცრეს გზას იგემებთ, რომელზედაც არსებობს მხოლოდ ერთი საცდური. მას თვითნებობა ეწოდება. ვინც სრულად უარჰყო თვითნებობა იმ საკითხებშიც კი, რომელსაც კეთილად, სულიერად და ღვთისთვის სათნოდ მიიჩნევს, მან უკვე მიაღწია მიზანს, ვიდრე ღვაწლს შეუდგებოდა, რადგანაც მორჩილება არის უნდობლობა თავისა – ყველანაირ კეთილ საქმეში – თვით სიცოცხლის ბოლომდე.

  10. როდესაც ჩვენ უმანკოების განზრახვითა და გონიერებით გვსურს, ღვთისთვის მორჩილება ვიტვირთოთ და ჩვენი ხსნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე სხვას მივანდოთ, მაშინ ამ გზაზე შედგომამდე, თუ ცოტაოდენი გამჭრიახობა და განსჯის უნარი გვაქვს, უნდა გამოვცადოთ, დავაკვირდეთ და, ასე ვთქვათ, გამოვიკვლიოთ ის მესაჭე, რათა შემდეგ მესაჭის ნაცვლად არ შეგვრჩეს უბრალო მენიჩბე, ექიმის ნაცვლად – სნეული, სრული უვნებლობით აღსავსე ადამიანის ნაცვლად – კაცი ვნებული, ნავსაყუდელის ნაცვლად – მორევი; და ამგვარად, განმზადებული წარწყმედა არ მოიპოვოთ.

  11. მას შემდეგ, რაც ღვთისმსახურებისა და მორჩილების ასპარეზზე გავალთ, იმ ჟამიდან უკვე აღარანაირად აღარ უნდა გამოვცადოთ და განვსაჯოთ ჩვენი კეთილი მსაჯული და წინამძღოლი, თუნდაც მასში, როგორც ხორციელ კაცში, შეიძლება, ცოდვის მწიკვლიც შევნიშნეთ. თუ ასე არ მოვიქცევით და თავად ვიქნებით მსაჯულნი, მორჩილება აღარანაირ სარგებელს აღა მოგვიტანს.

  12. მათ, ვისაც სურთ, წინამძღვრებისადმი რწმენა შეურყევლად შეინარჩუნონ, აუცილებელია, რომ დაუვიწყებლად და წარუხორცელად დაიმარხონ გულში მათი სათნოებანი და მათი გამუდმებული გახსენებით პირი დაუხშონ ეშმაკებს, როდესაც ისინი ურწმუნოებით აღგვიძრავენ მათ წინააღმდეგ: იმიტომ რომ, რამდენადაც სარწმუნოება გამრავლდება მათ გულებში, იმდენადვე ხორცი წარმატებულ კეთილადმსახურებას შესძლებს. ხოლო, ვინც ურწმუნოების ლოდმა დააბრკოლა, იგი უკვე დაეცა. რამეთუ ყოველი რომელი არა სარწმუნოებით იყოს, ცოდვა არს (რომ. 14,23).

  13. როდესაც განზრახვა მიგიზიდავს, რომ გამოსცადო, ან განსაჯო შენი წინამძღვარი, როგორც სიძვას, ისე განეშორე მას; ამ გველს არ შეუდრკე, ნუ მისცემ ადგილს, ნურც კარს გაუღებ, არამედ უთხარ მას: – ჰოი, მაცდურო! მე კი არ უნდა განვსაჯო წინამძღვარი, მან თავად უნდა განმსაჯოს მე; მე კი არა ვარ მისი მსაჯულო, არამედ – ისაა ჩემი.

  14. მამები (*) ფსალმუნთა გალობას უწოდებენ იარაღს, ლოცვას – გალავანს, უმანკო ცრემლს – საბანელს, ხოლო ნეტარ მორჩილებას მათ უწოდეს აღმსარებლობა, რომლის გარეშე ცოდვითა და ვნებით შობილი ღვთის პირს ვერ იხილავს.

  15. მორჩილი (*) საკუთარ თავს თვითონ გამოუტანს სასჯელს; რადგან თუ იგი ღვთის სახელით სრულ მორჩილებაშია, მაშინ, თუმცა თვითონ თავს სრულად მორჩილად არ თვლის, მაგრამ თვითგანსჯისგან (ე.ი. სინდისის მხილებისგან) თავისუფალია. თუ ის რაიმეში თავის ნებას მისდევს, მაშინ შეიძლება, ეგონოს კიდეც, რომ მორჩილებაშია, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ ტვირთს თავად ზიდავს. კარგი იქნებოდა, წინამძღვარი არ წყვეტდეს მის მხილებას, მაგრამ თუ იგი დღემდე დადუმდება, მაშინ უკვე აღარ ვიცი, რა უნდა ვთქვა.

  16. ვინც ღვთის სახელით – წრფელ მორჩილებაშია, (*) იგი კეთილად აღასრულებს თავის ღვაწლს, რადგან სხვათა საქ მეების გამოძიებით ეშმაკთა ცბიერებას არ იზიდავს.

  17. პირველ რიგში, ჩვენი კეთილი მსაჯულის წინაშე განმარტოებით ვაღიარებთ ცოდვებს; თუ დაგვაკისრებს – ყველას წინაშეც, რადგან განცხადებული წყლულები მეტად აღარ გაღრმავდება, არამედ – განიკურნება.

მონანულ ავაზაკთა შესახებ

  1. ერთხელ ერთ მონასტერში მივედი და იქ კეთილი მსაჯულისა და მოძღვრის საშინელი სასამართლო ვნახე. ჩემს იქ ყოფნაში მონასტერში ერთი ავაზაკი მოვიდა და მონაზვნობის სურვილი გამოთქვა. კეთილმა მკურნალმა და მწყემსმა მას უთხრა, შვიდი დღის განმავლობაში მონასტერში განესვენა და მხოლოდ სავანის განაწესს დაჰკვირვებოდა. მეშვიდე დღე რომ გავიდა, მოძღვარმა უხმო მას და განმარტოებით გამოჰკითხა, სურდა თუ არა საცხოვრებლად დარჩენა და როდესაც თანხმობა განაცხადა, კვლავ ჰკითხა, თუ რა ცოდვები ჰქონდა ჩადენილი ერში. ავაზაკმა დაუყოვნებლივ და გულმოდგინედ აღიარა ყველა ცოდვა, მაშინ მოძღვარმა გამოსაცდელად უთხრა: – მსურს, რომ ეს ყველაფერი ძმათა წინაშე აღიარო.

  2. რადგან უკვე ჭეშმარიტად სძულდა ცოდვა და სირცხვილს არად აგდებდა, იგი უყოყმანოდ დათანხმდა, ყველაფერი საჯაროდ ეღიარებინა: – თუ გსურს, შუა ალექსანდრიაში ვაღიარებო. მაშინ მწყემსმა ეკლესიაში შეკრიბა თავისი ცხვრები, სულ 330 და რადგან კვირა დღე იყო, ლიტურგიის დროს ბრძანა, ეს უბიწო მსჯავრდებული შემოეყვანათ, ხელები ზურგზე ჰქონდა შეკრული და ზოგიერთი ძმა ხელს ჰკრავდა და მსუბუქად უბიძგებდა. მას ბეწვის ძაძა ემოსა და თავზე ნაცარი ჰქონდა წაყრილი. მხოლოდ ამის შეხედვამაც კი შეაძრწუნა ყველა და ტირილი დაიწყეს, რადგან არავინ უწყოდა, თუ რას ნიშნავს ეს.

  3. როდესაც იგი წმიდა კარს მიუახლოვდა ამ წმიდა კაცთმოყვარე მსაჯულმა – მაღალი ხმით შესძახა: – შეჩერდი, ღირსი არა ხარ, რომ შეხვიდე. საკურთხევლიდან გამომავალი მოძღვარის ხმის გაგონებაზე იგი შეძრწუნდა (რადგან, როგორც შემდეგ თვითონ ფიცით არწმუნებდა ყველას, მან ადამიანის კი არა – მეხის ხმა გაიგონა). ავაზაკი მიწაზე დაეცა, თრთოდა და ერთიანად შიშს მოეცვა, როდესაც მან, მიწაზე დამხობილმა, ცრემლით დაალტო ფიცარნაგი, მაშინ საოცარმა მკურნალმა, მის სახსენებლად ყოველგვარ ზომას მიმართა და ყველას ცხონებისა და ჭეშმარიტი სიმდაბლის მაგალითი უჩვენა. უბრძანა, რომ მის მიერ ნამოქმედარი ყოველგვარი ურჯულოება ყველას წინაშე დაწვრილებით ეღიარებინა.

  4. მან ერთიმეორის მიყოლებით აღმოთქვა თავისი აღმაშფოთებელი ცოდვები – არა მხოლოდ ხორცისმიერი, ბუნებითნი და ბუნების საწინააღმდეგო – ადამიანთა და პირუტყვთა მიმართ ჩადენილი, ასევე გრძნეულება, მკვლელობა და სხვა ბოროტმოქმედებანი, რომელთა მოსმენა და აღწერა უჯერო საქმეა. აღსარების დასრულებისთანავე მწყემსმა ბრძანა, რომ იგი აღკვეცილიყო და ძმათა კრებულს შეერთებოდა.

  5. მოძღვრის სიბრძნით განცვიფრებულმა, მარტოდ რომ დავრჩით, ვკითხე, თუ სინანულის ასეთი უცნაური სახე რად გამოიყვანა; – ორი მიზეზის გამო – მიპასუხა ამ ჭეშმარიტმა მკურნალმა.

    • პირველ რიგში იმიტომ, რომ აღმსარებელი ამჟამინდელი სირცხვილით მომავალი სირცხვილისგან მეხსნა; რაც ახდა კიდეც, რადგან იგი, ძმაო იოანე, მანამდე არ წამოდგა ფიცარნაგიდან, სანამ ყველაფრისთვის შენდობა არ მიიღო.
  6. და ეს უეჭველია: რადგან ერთი ძმა, რომელიც იქ იმყოფებოდა, მარწმუნებდა, რომ ნახა ვიღაც საშინელი კაცი, ხელში მას ნაწერი ქაღალდი და კვერთხი ეჭირა და როდესაც იგი თავის რომელიმე ცოდვას აღმოიტევებდა, იმ კვერთხით შლიდა შლიდა მას და სამართლიანადაც: რადგან ამბობს დავითი – უთხრა ბრალი ჩემი უფალსა და შენ მომიტევე ყოველი უღმრთოება გულისა ჩემისა. (ფსალ. 31.5).

  7. მეორე – მონასტრის საძმოში არიან ისეთები, რომლებიც ზოგიერთ ცოდვას არ აღიარებენ და მე მსურდა, მათ მაგალითად ეს აღსარება გამოსდგომოდათ, რომლის გარეშეც მიტევებას ვერავინ მიიღებს.

  8. ამ ღირსეული მოძღვრის და მისი სამწყსოს სხვა არაერთი ღირსახსოვარი და საოცარი საქმენიც ვიხილე. შევეცდები, მათი უმრავლესობა თქვენც მოგითხროთ. იქ დიდხანს დავყავი, მათი ცხოვრების წესს ვაკვირდებოდი და მეტად გაკვირვებული ვიყავი, როცა ვხედავდი, თუ ეს მიწის მკვიდრნი ზეცის მკვიდრებს როგორ ბაძავდნენ. ისინი ერთმანეთთან დაურღვეველი სიყვარულით იყვნენ დაკავშირებულნი და რაც უფრო საოცარია, სწორედ ამგვარი სიყვარულისას მათთვის უცხო იყო ყოველგვარი თავისუფლება და ამაოდმეტყველება; პირველ რიგში ასწავლიდნენ იმას, რომ ძმის სინდისი არ დაეწყლულებინათ. თუ ვინმეს ძმის სიძულვილში ამხელდნენ მოძღვარი მას განსჯიდა როგორც ავაზაკს და სხვა განსაკუთრებულ მონასტერში აგზავნიდა.

  9. ერთხელ ერთმა ძმამ მის წინაშე მოყვასი დასწყევლა: ამ ღირსმა მამამ მაშინათვე ბრძანა, გაეგდოთ იგი, თანაც ამბობდა, რომ – არაფრით არ უნდა დავუშვა, მონასტერში ორი ეშმაკი იყოს – ერთი ხილული და მეორე – უხილავიო.

  10. მე ამ ღირს მამათა მართლაც სასარგებლო და საოცარი საქმეები ვნახე: საძმო – ღვთის მიერ შეკრებილი და შეკავშირებული. ისინი სასწაულებრივ საქმეებს იქმოდნენ და ხილვები ჰქონდათ. ისინი ისე წვრთნიდნენ საკუთარ თავს და განსწავლიდნენ ღვთაებრივ სათნოებებში, რომ წინამძღვრის შეხსენება თითქმის არ სჭირდებოდათ. ისინი საკუთარი ნებით აღძრავდნენ ერთმანეთს საღვთო სიფხიზლეში. მათ ჩვეულებებით განმტკიცებული ჰქონდათ ზოგიერთი სამაგალითო და საღვთო წესი.

  11. მაგალითად, თუ მოხდება, რომ რომელიმე მათგანი წინამძღვრის არყოფნაში ვინმე სასაყვედურო ან განსასჯელ სიტყვას იტყოდა, ან ამაოდმეტყველებაში ჩავარდებოდა, მაშინ მეორე ძმა შეუმჩვნევლად ანიშნებდა, მისი საქციელის უწესობას შეახსენებდა და ამგვარად შეაკავებდა მას. თუ ის გონს არ მოეგებოდა, მაშინ შემხსენებელი მეტანიით განეშორებოდა.

  12. როცა საუბარი აუცილებელი იყო, სიკვდილის და საშინელი სამსჯავროს მოხსენება იყო საუბრის მუდმივი თემა.

  13. არც იქაური ტრაპეზარის დიდებული სათნოებების შესახებ დავდუმდები. როდესაც ვნახე, რომ თავისი მსახურების აღსრულებისას იგი გამუდმებით ცრემლს ღვრიდა და გულაჩვილებული იყო, ვთხოვე, გაემხილა, თუ ეს მადლი როგორ მიიღო. ბევრი თხოვნის შემდეგ დავითანხმე იგი და მომიგო: მე არასოდეს მიფიქრია ხალხს ვემსახურები-მეთქი – არამედ ღმერთს, საკუთარი თავი ყოველგვარი დაყუდებისთვის უღირსად მიმაჩნდა და ეხლა, როდესაც ამ ცეცხლს შევცქერი, მარადიული და დაუშრეტელი ალი მაგონდება.

  14. იქაურ მამათა მიერ აღსრულებული სხვა სათნოებებზეც მოვისმინოთ: ნეტარნი გონიერ ლოცვას ტრაპეზის დროსაც კი არ წყვეტდნენ, არამედ ცალკეული მხოლოდ მათთვის ცნობილი საიდულმო ნიშნებით ახსენებდნენ ერთმანეთს გონიერი ლოცვის შესახებ. მხოლოდ ტრაპეზის დროს როდი იქცეოდნენ ამგვარად, არამედ ყოველთვის, ნებისმიერ თავყრილობაზე.

  15. თუ რომელიმე რაიმე ცოდვით დაეცემოდა, მაშინ ძმები დაბეჯითებით სთხოვდნენ მას, ამ შემთხვევაზე პასუხიმგებლობა მთლიანად თავად ეკისრათ. მოძღვრის წინაშე პასუხი მათ ეგოთ და სასჯელიც მიეღოთ. ამიტომ ეს ბრძენი დიდი მამა, რადგანაც თავისი მოწაფეების ეს ჩვეულება იცოდა, უფრო მსუბუქად სჯიდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ დასჯილი დამნაშავე არ იყო, არც კი გამოიძიებდა, თუ სინამდვილეში რომელი მათგანი ჩავარდა ცოდვაში.

  16. როგორ შეიძლებოდა მათ შორის მკრეხელობასა და ამაოდმეტყველებას ჰქონოდა ადგილი! თუ ვინმე მოყვასთან ჩხუბს იწყებდა, მაშინ სხვა – შემოსწრებული ძმა მეტანიას აღასრულებდა და ამგვარად წყდებოდა მათ რისხვა. თუ მათ შორის ავმეხსიერებას შენიშნავდა ვინმე, მოვიდოდა წინამძღვრის ნაცვალთან და ჩხუბის შესახებ მოახსენებდა, მას ისინი მზის ჩასვლამდე უნდა შეერიგებინა. მაგრამ თუ ისინი გაკერპდებოდნენ და უარს იტყოდნენ, მათ ან საკვების მიღება ეკრძალებოდათ შერიგებამდე ან სავანიდან განიდევნებოდნენ.

  17. ამ საქებარ სიფრთხილეს ისინი ამაოდ როდი იცავდნენ, მას უხვი ნაყოფი მოჰქონდა. მრავალი ღირსი მამათაგანი არა მხოლოდ მოღვაწეობითი ცხოვრებით განდიდდა, არამედ – დაკვირვებულობით, განსჯის უნარითა და კეთილი მორჩილებით. მართლაც საოცარ და ანგელოზებრივ სანახაობას წარმოადგენდა: ჭაღარით შემკული და სიწმინდით გაბრწყინებული წმიდა ბერები მორჩილებაზე ბავშვებივით მიისწრაფოდნენ და თავიანთი სიმდაბლე განადიდებდა მათ.

  18. იქ მე ვნახე მამები, რომლებიც 50 წლის განმავლობაში იყვნენ მორჩილებაში და ვკითხე, თუ რა ნუგეშს პოულობდნენ ამგვარ ღვაწლში. ზოგმა თქვა, რომ მორჩილების სათნოების სიღრმეს ჩასწვდნენ და მისი საშუალებით ყოველგვარ ბრძოლაში იმარჯვებენ. სხვების თქმით კი, ისინი სრულყოფილებას გინებისა და ლანძღვის უდრტვინველი დათმენით მისწვდნენ.

  19. ცბიერი ადამიანი გაორებულია: იგი სულ სხვაა გარეგნულად სხვაა – გულის მდგომარეობით, ასევე მარტივი გაორებული არ არის, არამედ რაღაც ერთ მთლიანს წარმოადგენს. ამ მამათა სიმარტივე განუსჯელი და უაზრო არ ყოფილა, როგორც მოხუცებული ერისკაცებისა, რომელთაც შეშლილებს უწოდებენ, არამედ გარეგნულად ისინი ყოველთვის მოკრძალებულნი, თავაზიანნი და მხიარულნი იყვნენ და მათი სიტყვა და ხასიათი გულწრფელი, ბუნებრივი და მხურვალე იყო, რასაც ბევრში ვერ იპოვი. შინაგანად და სულიერად ისინი უბოროტო ყრმათა მსგავსად ღვთისა და თავიანთ წინამძღვრის ნებით სუნთქავდნენ და საკუთარ ვნებებს და ეშმაკებს გონების მტკიცე და მკაცრი თვალით უცქერდნენ.

  20. მთელი ჩემი ცხოვრების ჟამი არ მეყოფა მე, ჰოი წმიდაო მწყემსო ჩემო და ღვთივსათნო კრებულო, ნეტარ მამათა სათნოებებისა და ზეცის მობაძავი ცხოვრების აღსაწერად. ამასთან, ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ ჩვენს სიტყვას მათ შესახებ მონათხრობით გავამშვენებთ და ამგვარად ღვთივსათნო მოშურნეობას აღვძრავთ თქვენში, ვიდრე ჩემი საკუთარი სწავლება გადმოგიშალოთ, რადგან უეჭველია, რომ უარესს უკეთესი სჯობს. ოღონდ გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, რომ აქ რაიმე მონაგონს ვყვებით: რადგან ურწმუნოება ყოველგავრ სარგებელს აქარწყლებს, მაგრამ ისევ ჩვენს სიტყვას დავუბრუნდეთ.

 

ისიდორეს შესახებ

  1. ერთი კაცი, სახელად ისიდორე, წარმოშობით ალექსანდრიელი თავადის ჩამომავალი იყო. ის უკვე რამდენიმე წლის განმვალობაში იყო განშორებული სოფელს და ამ მონასტერს შეკედლებული. ყოვლად მაღალღირსმა წინამძღვარმა, როდესაც მონასტერში მიიღო, შენიშნა, რომ იგი მეტად ცბიერი, მკაცრი, ბოროტი და ამპარტავანი იყო. ნეტარმა მამამ კაცობრივი მოხერხებულობით ეშმაკის მანქანებას სძლია და უთხრა ისიდორეს: – თუ შენ ნამდვილად გადაწყვიტე, რომ ქრისტეს უღელი იტვირთო, მაშინ მე მსურს, რომ პირველ რიგში მორჩილებაში განისწავლო. ისიდორემ უპასუხა: – როგორც რკინას – მჭედელს, ისე გადმოგცემ ჩემს თავს, წმიდაო მამაო, გემორჩილები.
  2. მაშინ ამ სიტყვებით დამშვიდებულმა დიდმა მამამ დაუყოვნებლივ დაიწყო „რკინის ისიდორეს“ განსწავლა მორჩილების ღვაწლში და უთხრა: – მსურს, რომ შენ, ჭეშმარიტო ძმაო, სავანის კართან დადგე და შემსვლელსა და გამსვლელს მიწამდე სცე თაყვანი, თანაც ეუბნებოდე: – ილოცე ჩემთვის, მამაო, მე ბოროტი სულით ვარ შეპყრობილი.

  3. ისიდორე ისე დაემორჩილა თავის სულიერ მამას, როგორც ანგელოზი – უფალს; როდესაც ამგვარ ღვაწლში შვიდი წელიწადი გაატარა და დიდი სიმდაბლე და ლმობიერება შეიძინა, მაშინ ღირსმა მოძღვარმა შვიდწლიანი გამოცდისა და ისიდორეს უმაგალითო მოთმინების შემდეგ ისურვა, რომ იგი, როგორც ღირსეული, ძმათა შორის მიეთვალათ და ხელდასხმის ღირსიც გაეხადა. მაგრამ ის დიდხანს ევედრებოდა მოძღვარს, ხან სხვათა, ხანაც ჩემი – უღირსის საშუალებით, რომ ნება მიეცათ მისთვის, იქვე დარჩენილიყო და თავისი ღვაწლი ბოლომდე ეტვირთა, თანაც ამ სიტყვებით აშკარად მიანიშნებდა, რომ მისი აღსასრული მოახლოებული იყო და რომ უფალი თავისთან იხმობდა; ეს აღსრულდა კიდეც. მოძღვარმა იმავე მორჩილებაში დატოვა და იგი ათი დღის შემდეგ ამ დამდაბლებული მდგომარეობიდან უფლის დიდებაში ავიდა. შვიდი დღის შემდეგ კი ამ სავანის მეკარეც გაიყვანა ღმერთმა ამ სოფლიდან. ნეტარი მას სიცოცხლის განმავლობაში ეუბნებოდა: – თუ ღვთის წინაშე კადნიერებას მოვიპოვებ, შენ იქაც განუშორებლად ჩემთან იქნები. ამ ურცხვენელი მორჩილებისა და ღვთივმიმსგავსებული სიმდაბლის ღირსსახსოვარი მაგალითის მიხედვით ასეც მოხდა.

  4. ერთხელ დიდ ისიდორეს, როდესაც ის ჯერ კიდევ ამქვეყნად იყო, ვკითხე, თუ ჭიშკართან ყოფნისას რა ღვაწლს აღასრულებდა გონებით. ამ ღირს მამას არ სურდა, ჩემთვის სულიერი სარგებელი მოეკლო და არ დამიმალა: – თავდაპირველად – მითხრა მან – მე განვიზრახე, რომ ცოდვების გამო ჩემი თავი მონად გამეყიდა და ამიტომ უდიდესი სიმწარით, საკუთარ თავზე ძალდატანებით და სისხლის დათხევამდე მისული იძულებით მეტანიებს აღვასრულებდი. ერთი წლის შემდეგ ჩემი გული მწუხარებას აღარ განიცდიდა და თვით უფლისგან ამ მოთმინების სამაგიერო ჯილდოს ელოდა. როდესაც კიდევ ერთი წელი გავიდა, უკვე მთელი ჩემი გულით სავანეში ყოფნისათვის და მამათა ცქერისათვის, მათი სახის შეხედვისათვის და წმიდა ზიარებისათვის უღირსად ვთვლიდი თავს. ამიტომ მუდამ ძირს ვიმზირებოდი, აზრობრივად კიდევ უფრო დაბლა და შემსვლელებსა და გამომსვლელებს უკვე მთელი გულწრფელობით ვევედრებოდი, რომ ჩემთვის ელოცათ.

 

ლავრენტის შესახებ

  1. ერთხელ, როდესაც ამ დიდებულ წინამძღვართან ერთად ვტრაპეზობდი, მან თავისი წმიდა ბაგე ყურთან მომიტანა და მითხრა: – გსურს, რომ ღრმა მოხუცებულობაში გაცხადებული ღვთაებრივი გონიერება გიჩვენო? – მე შევევედრე და ღირსმა მამამ მეორე ტრაპეზიდან უხმო ერთ ბერს, მას სახელად ლავრენტი ერქვა. უკვე ორმოცდაშვიდი წელი ცხოვრობდა სავანეში და ტაძრის მერე პრესვიტერად ირიცხებოდა. იგი მოვიდა, იღუმენს კურთხევა გამოსთხოვა და მიწამდე სცა თაყვანი. მაგრამ როდესაც წამოდგა, იღუმენმა მას ხმა არ გასცა, არამედ მაგიდასთან ფეხზე მდგომი უჭმელად დატოვა. სადილი კი ის იყო იწყებოდა. იგი ამგვარად ერთი თუ ორი საათის განმვლობაში იდგა და მე უკვე მრცხვენოდა, რომ ამ უკვე მთლიანად ჭაღარა მოღვაწისთვის, რომელიც შობიდან 70 წელს ითვლიდა, სახეში შემეხედა. ის ასე იდგა სადილის დამთავრებამდე; როდესაც ავდექით, იღუმენმა იგი ნეტარ ისიდორესთან გააგზავნა ბრძანებით, რომ იქ 39-ე ფსალმუნის კითხვა დაეწყო.

ხოლო მე ამ მოხუცებულის გამოცდა ვისურვე და ვკითხე, თუ რას ფიქრობდა ტრაპეზთან დგომისას. მან მიპასუხა: მე ჩემს წინაშე მყოფ იღუმენს ისე ვუცქერ, როგორც ქრისტეს. არც არასდროს მიფიქრია, რომ დავალებას მოძღვარი მაძლევს, არამედ – ღმერთი. ამიტომაა, მამაო იოანე, რომ მე მის წინაშე ისე კი არ ვდგავარ, როგორც ადამიანურ ტრაპეზთან, არამედ ისე – ვითარცა ღვთის სამსხვერპლოსთან და ღვთის მიმართ ვლოცულობ. ხოლო მოძღვრის სიყვარულითა და რწმენით მის წინააღმდეგ არანაირ ბოროტ ზრახვას არ განვიცდი. როგორც გვეუბნება წერილი: სიყვარული ბოროტსა არა იგონებს. ამასთან, ისიც იცოდე, მამაო, რომ თუ ვინმემ თავი საკუთარი ნებით სიწრფელისთვის და თვითნიერებისათვის გადადო, მტერი მასში ადგილს ერთი წამითაც კი ვერ დაიმკვიდრებს.

 

ეკონომოსის შესახებ

  1. როგორც ამ პირმეტყველ ცხოვართა მოძღვარი ბრძანდებოდა, იმგვარივე ეკონომოსი გაუგზავნა მას სავანეში მართლმსაჯულმა უფალმა, რადგან იგი შეუდარებლად უმანკო იყო და – ძალიან მოკრძალებული. ერთხელ დიდი მამა მოჩვენებითად განურისხდა მას და ბრძანა, რომ ეკლესიიდან დროზე ადრე გასულიყო. ვიცოდი, რომ უდანაშაულო იყო იმ საქმეში, რაშიც იგი მოძღვარმა ამხილა, ვუთხარი კიდეც ამის შესახებ, როცა მარტო დავრჩით, მაგრამ ყოვლადბრძენმა კაცმა მიპასუხა: – მეც ვიცი, მამაო, რომ იგი უდანაშაულოა, მაგრამ, როგორც ის იქნებოდა დიდი უსამართლობა და სისასტიკე, რომ მშიერი ყრმისთვის პირიდან ლუკმა წაგვეგლიჯა, ისეთივე ზიანს მიაყენებს წინამძღვარი საკუთარ და მოღვაწის სულს, თუ მას გვირგვინების მოპოვების შესაძლებლობას არ მისცემს. იმ გვირგვინების, რომელთა მოპოვებაც მას წყენის, უპატიობის, დამცირებისა და გინების დათმენის სანაცვლოდ შეუძლია. ეს სამჯერ უფრო მეტ ზიანს მოიტანს. ჯერ ერთი, თავად წინამძღვარი მოაკლდება ჯილდოს, რომელსაც ის დროულად საყვედურისა და სასჯელის დაკისრებით მიიღებდა, მეორე, როდესაც შეეძლო, ერთის სათნო-ყოფით სხვებისთვისაც მაგალითი მიეცა და არ გააკეთა, და მესამე, ყველაზე მძიმე ცოდვა იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ მათ, ვინც ყველაზე ვაჟკაცურნი და დამთმენნი ჩანან, როდესაც გარკვეული დროით ყურადღება მოაკლდებათ და როგორც სათნოებებში განმტკიცებულნი, წინამძღვრისგან აღარც სათნოებებში განმტკიცებულნი, წინამძღვრისგან აღარც მხილებას და არც გინებას აღარ იღებენ, სანატრელ მოკრძალებასა და მოთმინებას კარგავენ. რადგან მართალია, ეს ნიადაგი კეთილიცაა, უხვიც და ნაყოფიერიც, მაგრამ თუ ის უპატიობის წყლით არ მოირწყა, გაველურდება და მზვაობრობის, სიძვისა და უშიშრობის ეკლებს გამოიღებს. სწორედ ამიტომ წერდა დიდი მოციქული: ქადაგე სიტყუაჲ, ზედ-ადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ!.. (2ტიმ. 4,2). როცა მე შევეწინააღმდეგე წინამძღვარს და კაცთა მოდგმის უძლურებაზე მივუთითე, ისიც ვუთხარი, რომ შესაძლებელია, ამგვარმა ამაო, ან თუნდაც ჭეშმარიტმა მხილებამ მრავალი დააბრკოლოს და განაშოროს სამწყსოს. ამ სიბრძნის მოძღვარმა მითხრა: – სული, რომელიც ქრისტეს რწმენითა და სიყვარულით მოძღვარზეა მიჯაჭვული, სიკვდილის ფასადაც კი არ დაშორდება მას, მითუმეტეს, თუ ამ სულმა მისგან თავისი წყლულების განკურნება მიიღო, როდესაც მოიხსენებს წერილს: – „არცა ანგელოზთა, არცა მთვარობათა. არცა ძალთა, არცა სხვამან დაბადებულმან შემიძლონ ჩუენ განყენებად ქრისტესგან“. (რომ. 8,38).

თუ სული ამგვარად არ მიეჯაჭვა, არ დაეყრდნო და მთლიანად არ მიემსჭვალა მოძღვარს, მაშინ საოცარია, ასეთი ადამიანი ტყუილად რაღად იმყოფება იმ ადგილას, სადაც მოძღვართან თვალთმაქცური და ცრუ მორჩილებითაა დაკავშირებული? და მართლაც, ეს დიდი მამა ამ შემთხვევაში როდი ცდებოდა და თავისი სამწყსოს პირველმეტყველ ცხვრებს მწყემსავდა, უქადაგებდა, სრულყოფილებიკენ მიჰყავდა და მათ სულებს ქრისტეს უმანკო მსხვერპლად სწირავდა.

 

ამბა კვიროსის შესახებ

  1. კვლავ ვისმინოთ და ღვთის სიბრძნით განვცვიფრდეთ, რომელმაც ყველაზე მწირ ჭურჭელში დამკვიდრება ინება. კვლავ ამ სავანეში ყოფნისას ზოგიერთი დამწყების რწმენა და მოთმინებაც გაოცებდა და ისიც, თუ როგორი დაუღალავი სიმტკიცით ითმენდნენ ისინი წინამძღვრის საყვედურებსა და სასჯელს, ზოგჯერ კი – გაძევებასაც კი… და ამას მხოლოდ წინამძღვრისგან კი არა, – უფრო მცირედთაგანთა მხრიდანაც იტანდნენ. სულიერი სარგებლისათვის ერთ-ერთ ძმას, სახელად კვიროსს, რომელიც უკვე თხუთმეტი წლის განმავლობაში ამ სავანეში ცხოვრობდა, მივმართე. მას, როგორც ვატყობდი, ყველა შეურაცხყოფდა: მომსახურენი კი, თითქმის ყოველდღიურად აძევებდნენ ტრაპეზიდან, რადგანაც ამ ძმას ბუნებით ცოტა შეუკავებელი ენა ჰქონდა. – ძმაო კვიროს, რატომაა, რომ ტრაპეზიდან ყოველდღიურად გაგდებენ? ხშირად ვხედავ, რომ უვახშმოდ წვები. მან მომიგო: – დამიჯერე, მამაო, ეს მამები მე მცდიან, ვარ თუ არა ნამდვილი ბერი. და როდესაც ისინი ასეთ უსამართლობას სჩადიან, მე ვიცი მათი და დიდი მამის განზრახვა, ამიტომაა, რომ მისი ატანა ჩემთვის მძიმე არ არის. უკვე თხუთმეტი წელია ამ აზრით ვცხოვრობ; როგორც თვითონ ისინი ჩემი მონასტერში მოსვლისას ამბობდნენ – ქვეყნისგან განდგომილი მოსურნე აქ ამგვარად 30 წლის განმავლობაში იცდება. ისიც მართალია, მამა იოანე, რომ გამოუცდელი ოქრო სუფთა არ არის.

ღირსი კვიროსი ამ მონასტერში ჩემი ყოფნის დროს ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, შემდეგ კი მშვიდობით წარსდგა უფლის წინაშე და სივდილის პირს მყოფმა მამებს უთხრა: – გმადლობთ, გმადლობთ თქვენ და უფალს, რომ თქვენ მცდიდით ჩემი ხსნისათვის და ამ 17 წლის განმავლობაში ეშმაკის საცდურისგან გავთავისუფლდი. მართლმსაჯულმა მოძღვარმა მას აღმსარებელი უწოდა და ბრძანა, დაეფლათ იმ წმინდანების გვერდით, რომლებიც იქ განისვენებდნენ.

 

 

  1. ძალიან ბევრს დავაკლებ კეთილმოშურნეობას, თუ დავდუმდები იმ ღვაწლისა და სათნოებათა შესახებ, რომელიც ერთ-ერთ იქაურ პირველთაგან დიაკონს, მაკედონიოსს ეკუთვნის. ამ ღვთისათვის მოღვაწე მამამ ერთხელ, როდესაც ღვთისგანცხადების დღესასწაული ახლოვდებოდა, ორი დღით ადრე წინამძღვრისაგან ალექსანდრიაში წასვლის ნებართვა გამოითხოვა – ზოგიერთი პირადი საჭიროებისათვის. ამასთან, დაჰპირდა, რომ სწრაფად დაბრუნდებოდა, რადგან დღესასწაული ახლოვდებოდა და მისთვის მომზადება იყო საჭირო. მაგრამ ეშმაკმა, რომელსაც ყოველგვარი სიკეთე სძულს, დააბრკოლა მთავარდიაკონი და მან წმიდა დღესასწაულზე დადგენილ ვადაში მოსვლა ვერ მოასწრო, იგი მეორე დღეს ჩამოვიდა. მოძღვარმა ამის გამო ღვთისმსახურებისგან განაყენა და ახლადამწყებთაგან უკანასკნელთა შორის მორჩილებით დაამდაბლა. მაგრამ ამ მოთმინების დიაკონმა და სიმტკიცის მთავარდიაკონმა მწუხარების გარეშე ისე მიიღო თავისი მოძღვრის ეს დადგენილება, თითქოს თვითონ კი არა, – ვიღაც სხვა ისჯებოდა. როდესაც ამ მდგომარეობაში ორმოცი დღე გავიდა, ყოვლადბრძენმა მოძღვარმა მას კვლავ დიაკონის ხარისხში მოუწოდა, მაგრამ ერთი დღის შემდეგ იგი უკვე ევედრებოდა ამბას, რომ იმავე უპატიო მდგომარებაში დაებრუნებინა. ამბობდა, რომ ქალაქში ყოფნისას რაღაც მიუტევებელ ცოდვაში ჩავარდა. ღირსმა მამამ იცოდა, რომ მთავარდიაკონი სიმართლეს არ ამბობდა და მხოლოდ დამდაბლების საშუალებას ეძებდა, მაგრამ ამ მოღვაწის კეთილ განზრახვას მაინც დაუთმო. საოცარი სანახაობა იყო! წმიდა ბერი, ჭაღარით შემკული ახალდამწყების ხარისხში იმყოფებოდა და ყველას ევედრებოდა, რომ მისთვის ელოცათ: რადგან მე – ამბობდა იგი – ურჩობის სიძვით დავეცი. – მე, მდაბალსა ამას, საიდუმლოდ მითხრა დიდმა მაკედონიოსმა, რომ იგი ამგვარ მდგომარეობამდე დამდაბლების ნებით ეძიებდა: – არასოდეს მიგრძვნია ჩემი შინაგანი ბრძოლების ისეთი შესუსტება და ღვთაებრივი ნათლის იმგვარი სიტკბოება, როგორც ამჟამად.
  2. ანგელოზებისთვის დაცემა ბუნებითი თვისება არ არის და ბევრი ამბობს, რომ საერთოდაც შეუძლებელია მათი დაცემა. ადამიანებისათვის კი თვისობრივია დაცემა და დაცემისგან კვლავ აღდგენა, რამდენჯერაც არ უნდა მოუხდეს; ხოლო ეშმაკებისათვის კი თვისობრივია, რომ დაცემულნი აღარასოდეს აღდგნენ.

  3. ამ სავანის ეკონომოსმა (*) შემდეგი მამცნო: – როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და ჯორებს ვწყემსავდი, ერთხელ მეტად მძიმედ დავეცი სულიერად, მაგრამ რადგანაც მიჩვეული ვიყავი, რომ არასოდეს დამემალა გველი გულში, მოვასწარი, კუდში ხელი ჩავჭიდე (აქ მე ამ საქმის დასრულებას ვგულისხმობ) და ექიმს ვუჩვენე, მან მხიარული სახით მსუბუქად შემომკრა ღაწვზე ხელი და მითხრა: – წადი, შვილო, გააგრძელე შენი საქმე, როგორც აკეთებდი ისევე და ამიერიდან ნუღარაფრის შეგეშინდება. მისი ეს სიტყვები მხურვალე სარწმუნოებით მივიღე და რამდენიმე დღეში განვიკურნე კიდეც და გავიხარე. ამავე დროს ძრწოლით განვაგრძე ჩემი გზა.

  4. ყოველგვარ შექმნილთა შორის, როგორც ამბობენ, მრავალი განსხვავება არსებობს და ამ კრებულშიც ძმები განსხვავებული ღვაწლითა და მისწრაფებებით გამორჩეოდნენ. ამიტომ ეს საოცარი ექიმი, როდესაც ხედავდა, რომ ზოგიერთ ძმას სავანეში ერის ადამიანების სტუმრობისას მათ წინაშე გამოჩენა უყვარდა, ასეთებს ყველას თანდასწრებითვე უკიდურესად შეურაცხყოფდა და ყველაზე უპატიო მორჩილების შესასრულებლად აგზავნიდა. ასე, რომ, შემდეგ ისინი თვითონ მირბოდნენ, როდესაც ტაძარში მისულ ერისკაცებს ხედავდნენ. ეს მართლაც, საოცარი სანახაობა იყო: პატივმოყვარეობა თავად სდევნიდა საკუთარ თავს და კაცთაგან მალავდა.

  5. უფალს არ სურდა, რომ მე დამკლებოდა ლოცვა ერთ-ერთი ღირსი მამის, რომელიც ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა, ვიდრე ამ წმიდა ადგილს დავტოვებდი. ეს იყო საოცარი მამა, სახელად მინა, წინამძღვრის შემდგომი მამასახლისი, რომელიც ამ სავანეში 59 წლის განმავლობაში იმყოფებოდა და ყოველგვარი მორჩილება ჰქონდა გავლილი. აღსასრულიდან მესამე დღეს, როდესაც მისი სულის განსასვენებელი საგანგებო ლოცვები შევასრულეთ, ის ადგილი, სადაც დასვენებული იყო, იგი, მოულოდნელად კეთილსურნელებამ აღავსო, მაშინ წინამძღვარმა იმ ლუკსუმას გახსნა გვიბრძანა, რომელშიც მისი პატიოსანი გვამი იმყოფებოდა. ჩვენ ბრძანება შევასრულეთ და ყველამ ვიხილეთ, რომ მის პატიოსან ფეხთაგან მირონის კეთილსურნელება ორ წყაროდ გარდამოდიოდა. მაშინ მოძღვარმა გვითხრა: ხედავთ, ფეხთა მისთა ტკივილი და მისთა შრომათა ოფლი უფალმა კეთილსურნელოვან მირონად შეიწირა და სამართლიანად! იმ სავანის მამები ღირსი მინას საქმეთა შორის ამასაც ჰყვებოდნენ: – ერთხელ წინამძღვარმა მისი მოთმინების გამოცდა ინება და როდესაც იგი იღუმენის სენაკში მივიდა და მის წინაშე სამწუხრო მეტანია შეასრულა, ჩვეულებრისამებრ ითხოვა, რომ ღამისთვის კანონი მიეცა. იღუმენმა იგი ასეთ მდგომარეობაში მწოლიარე დატოვა, თვით საცისკრო კანონის შესრულებამდე. შემდეგ აკურთხა იგი, თავმოწონება და მოუთმენლობა უსაყვედურა და ფეხზე წამოაყენა. მოძღვარმა იცოდა, რომ იგი განსაცდელს ვაჟკაცურად დაითმენდა და ეს ყველაფერი სხვათა განსასწავლად მოიმოქმედა. ღირსი მინას მოწაფე ამ ამბავს ადასტურებდა და ჰყვებოდა: მე გულმოდგინედ ვევედრებოდი მას, ეთქვა ჩემთვის, თუ ეძინებოდა ასეთ მდგომარეობაში ყოფნისას. ღირსმა მამამ გამიმხილა, რომ ვიდრე ძირს იწვა, მთელი ფსალმუნი ზეპირად იგალობა.

  6. არ მინდა, დავივიწყო და მსურს ჩემი ამ მონათხრობის გვირგვინი შევამკო ნამდვილი პატიოსანი თვალით. ერთხელ რამდენიმე უღირსეულეს ბერთაგან დაყუდებაზე საუბარი წამოვიწყე. ისინი მხიარული სახით, ალერსიანად და გულღიად მპასუხობდნენ: – ჩვენ, მამაო იოანე, რადგანაც ხორციელნი ვართ და ნივთიერ სამყაროში ვცხოვრობთ, წინდაწინ განვსჯით, რომ ჩვენი უძლურების შესატყვისი ბრძოლები უნდა ვიტვირთოთ. უკეთესად მიგვაჩნია, ვებრძოლოთ ადამიანებს, რომლებიც ზოგჯერ კი სასტიკნი არიან, მაგრამ ზოგჯერ ნანობენ კიდეც, ვიდრე ეშმაკებს, რომლებიც მუდამ სისხლისმსმელნი არიან, არც სინანულს განიცდიან და გამუდმებით თავს გვესხმიან. ერთ-ერთმა ღირსმა მამათაგან, რომელიც ჩემდამი დიდ ღვთისმიერ სიყვარულს განიცდიდა, ერთხელ გულწრფელად მითხრა: – თუ ბრძენი ხარ, სულის სიღრმეში ყოველთვის მონახავ იმ ძალას, რომელმაც ბრძანა: ყველაფერი ძალმიძს განმაძლიერებლისა ჩემისა ქრისტეს მიერ (ფილ. 4.13); თუ სულიწმიდა, ცვარი სიწმიდისა, ვითარცა წმიდა ქალწულზე, მოვლენილია შენზე, თუკი ძალა მაღლისა, მოთმინების ძალა მოგეფინა შენ, მაშინ მიხვდები, თუ კაცმან მან (იესო ქრისტემ) როგორ მოირტყა არდაგი მორჩილებისა და სულის შემუსვრილებით აღსდგა საიდუმლო სერობისაგან და შენც სულის შემუსვრილებით დაბანე ფეხი შენს ძმებს, ან უკეთ რომ ვთქვათ, თვითდამდაბლების სურვილით ფეხებში ჩაუვარდი მათ. გულის კარებთან მკაცრი და დაუძინებელი გველები დააყენე და გონება ვნებით აღძრულ სხეულში შეუძვრელად დატოვე; ერის ამბოხის დროს სულიერი სიმყუდროვე შეინარჩუნე; ენა ალაგმე, რომ გულისწყრომა და შფოთი არ გამოხატოს; საკუთარ სტომაქს დღეში შვიდგზის სამოცდაათჯერ ებრძოლე და გრდემლის სახით განმტკიცდეს, რათა მას უროებითა და კვერთხით სცემდნენ და ისიც იწრთობოდეს, იგინებოდეს, იყვედრებოდეს და ირცხვინებოდეს, მაგრამ იგი არც დაირღვევა და არც შეიმუსრება, არამედ შეურყეველი, მყარი და უხინჯო დარჩება. სამარცხვინო სამოსელივით განიძარცვე საკუთარი ნება და მისგან განშორებული გამოდი ასპარეზზე, რომელიც იშვიათად და ძნელად მოიპოვება. შეიმოსე სარწმუნოების ჯავშანი, რომელსაც ვერ შემუსრავს და გაანადგურებს ურწმუნოება. ორივე ხელი სიწმინდის აღვირს ჩასჭიდე, რომელიც კადნიერებისგან და უჯერო შეხებისგან დაგიცავს. შეხების სურვილი და უმანკოების აღვირით მოზღუდე; სიკვდილის მოხსენებით დააოკე თვალი, რომელიც ხორციელ მშვენიერებითა და ბრწყინვალებით დატკბობას ცდილობს. გონების ცნობისმოყვარეობა საკუთარ თავზე მზრუნველობით ალაგმე; ნება არ მისცე ძმის დაუდევრობა განიკითხოს და მოყვასისადმი გულმოწყალება და სიყვარული გულწრფელად გამოავლინე და ამით ცნან, მამაო საყვარელო, რომ ქრისტეს მოწაფენი ხართ, უკეთუ იყვარებოდეთ ურთიერთსა (იოან. 13.35). მოვედ, მოვედ – ამბობს ეს წმიდა მამა. მოვედ ჩვენ თანა, დაემკვიდრე ჩვენ შორის და ყოველჟამს ყვედრებას მოგივლენთ ჩვენ, ვითარცა წყალს – წმიდას. დავითმა, როდესაც ცის ქვეშ ყოველივე მშვენიერი და უტკბილესი გამოსცადა, ამის შემდეგ თითქოს გაკვირვებულმა თქვა: არის რაჲმე კეთილი ანუ რაჲმე შუენიერ, თუ არა დამკვიდრებაჲ ძმათაჲ ერთად (ფს. 132.1). თუ ამ სიკეთის ღირსნი ჯერაც ვერ გავხდით, ანუ – ამგვარი მოთმინებისა და მორჩილებისა, მაშინ, უკიდეურეს შემთხვევაში, საკუთარი უძლურება მაინც უნდა შევიცნოთ, განმარტოებულად ვიმყოფებოდეთ და სამოღვაწეო ასპარეზს განშორებულნი მოღვაწეებს შევნატრიდეთ და ვლოცულობდეთ, რომ უფალმა მათ მოთმინება მიჰმადლოს. მე დამამარცხეს ამ დიდმა მამებმა და შესანიშნავმა მოძღვრებმა, რომლებიც სახარებითა და წინასწარმეტყველებით, ან, უკეთ რომ ვთქვათ, მეგობრულად მერკინებოდნენ და ჩვენ ერთობით შევთანხმდით, რომ კეთილშობილურ მორჩილებას მივანიჭოთ უპირატესობა.

  7. ამ ნეტარ მამათა კიდევ ერთ სულისმარგებელ სათნოებას გავიხსენებ და შემდეგ, როგორც სამოთხიდან გამოსული, ისევ ჩემს უსიამოვნო და არცთუ სასარგებლო ეკლიან საუბარს განვაგრძობ.

  8. არაერთგზის, როდესაც საეკლესიო ლოცვაზე ვიდექით, ნეტარი მოძღვარი ამჩნევდა, რომ ზოგიერთი ძმა ერთმანეთს ებაასებოდა და მათ მთელი კვირის განმავლობაში ეკლესიის წინ აყენებდა, რათა ყველა შემსვლელისა და და გამომსვლელისთვის თაყვანი ეცათ. რაც ყველაზე საოცარია, იგი ამგვარად თვით კლირიკოსებს, ე.ი. ღვთისმსახურებსაც სჯიდა.

  9. მე დავინახე, რომ ერთი ძმა სხვებზე უმეტესი გრძნობით იდგა ფსალმუნებაზე და განსაკუთრებით თითოეული გალობის დასაწყისში, ზოგიერთი მოძრაობით და სახის გამომეტყველებით მას ემჩნეოდა, თუ როგორ ესაუბრებოდა ვიღაცას. მე ვთხოვე, ამ ნეტარი ჩვეულების საიდუმლო გაემხილა ჩემთვის და მან – იგი ჩვეული იყო, არაფერი დაემალა, რაც მოყვასს სარგებელს მოუტანდა, – მიპასუხა: – მე მივეჩვიე, მამა იოანე, რომ გალობის დასაწყისში ზრახვები და გონება სულს შევუერთო და მოვუხმო მათ: მოვედით, თაყვანისვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

  10. ვაკვირდებოდი მათ მეჭურჭლის მოქმედებას და შევნიშნე, რომ ქამარზე პატარა წიგნი ჰქონდა დამაგრებული და როდესაც გამოვკითხე, შევიტყვე, რომ იგი ყოველდღიურად იწერდა თავის ზრახვებს და ყველაფერს მოძღვარს უყვებოდა. მარტო ის კი არა – იქაურ ძმათაგან მრავალი იქმოდა ამას. როგორც მითხრეს, ეს ჩვეულება მოძღვრის ბრძანებით იყო დამკვიდრებული.

  11. ერთ-ერთი ძმა ოდესღაც მათ ცილისწამებისთვის გააძევეს სავანიდან. იგი მოყვასს ამაოდმეტყველებასა და მრავლისმეტყველებას აბრალებდა. გაძევებული შვიდ დღეს იდგა კარბიჭესთან, პატიებას ითხოვდა, მონასტერში დაებრუნებინათ. როცა სულთმოყვარე მოძღვარმა ეს შეიტყო და ისიც გაიგო, რომ ექვსი დღის განმავლობაში მას საზრდელი არ მიეღო, უთხრა მას: – თუ შენ ნამდვილად გინდა ამ სავანეში დაბრუნება, მაშინ მონანულთა შორის მოგიწევს ცხოვრება და რადგანაც გაძევებულმა ძმამ ეს წინადადება სიხარულით მიიღო, მაშინ მოძღვარმა ბრძანა, რომ ის გაეგზავნათ საგანგებო (განშორებულთა) მონასტერში, სადაც დაცემული ძმები ცოდვებს ინანიებდნენ. რადგან ეს მონასტერი ვახსენეთ, ორიოდ სიტყვას მასზედ ვიტყვით:

  12. დიდი სავანიდან ერთი ასპარეზის სავალზე იყო ადგილი, რომელსაც დილეგი ეწოდებოდა და ყოველგვარ ნუგეშს იყო მოკლებული. იქ ვერც კვამლსა და ვერც ღვინოს და ვერც ზეთს ვერასდროს ნახავდით. საკვებად მხოლოდ პური და ცოტაოდენი ბოსტნეული ჰქონდათ. ამ მონასტერში იღუმენი გამოუსვლელად დაამკვიდრებდა ხოლმე მათ, ვინც მონაზვნობის აღთქმის შემდეგ რაიმე დიდ ცოდვაში ჩავარდებოდა. თანაც ყველას ერთად კი არ ათავსებდა, არამედ – თითოეულს განცალკევებულ სენაკში – არაუმეტეს ორისა. ისინი აქ იმყოფებოდნენ, ვიდრე უფალი საგანგებოდ არ აუწყებდა მათYხვედრს. წინამძღვარმა მათ მამასახლისიც დაუდგინა. დიდი მამა ისააკი, რომელიც მასზე მინდობილთაგან თითქმის განუწყვეტელ ლოცვას ითხოვდა. ხოლო მოწყინების განსადევნად მონასტერში ხის ტოტები ჰქონდათ, რომლისგანაც კალათებს წნავდნენ. ამგვარი ყოფა მათი, ვინც ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისასა (ფს. 23,6).

  13. საქებარია, თუ ამ წმიდათა საქმეებით განვცვიფრდებით, მათი მოშურნეობა – მაცხოვნებელია, ხოლო სურვილი იმისა, რომ მათ ვბაძავდეთ, უგუნური და შეუძლებელია.

  14. მხილებით მოწყლულებს მუდამ გვემახსოვრება ჩვენი ცოდვები, ვიდრე უფალი დაინახავს ჩვენს ტანჯვას, რომელიც მისთვის ვიდეთ თავს, მაშინ იგი ცოდვათა ჩვენთა აღხოცვას ინებებს. იმ მწუხარებასაც განაქარვებს, ჩვენს გულებს რომ ამძიმებს და სიხარულად გადააქცევს მას, როგორც ამის შესახებ იტყვის მეფსალმუნე: მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა გულსა შინა ჩემსა არის ნუგეშისცემა სულსა ჩემსა. (ფს. 93,19).

  15. ნურც იმ სიტყვებს დავივიწყებთ, რომლითაც იგი უგალობდა უფალს: რაოდენნი მიჩუენენ მე ჭირნი მრავალნი და ძვირნი და მომაქციე და მაცხოვნე მე და უფსკრულთაგან ქვეყანისათა აღმომიყვანე მე. რათა მე თავად გაღიარო შენ (ფს. 70,20).

  16. ნეტარია იგი, ვინც ღვთისთვის ყოველდღიური საყვედურისა და დამცირების მიღებით საკუთარი თავი მოთმინებაში განსწავლა, ის მოწამეთა თანა იხარებს და ანგელოზებთან კადნიერებით ისაუბრებს.

  17. ნეტარია ბერი, რომელიც ყოველ საათს საკუთარ თავს ყოველგვარი უპატიობისა და დამცირების ღირსად მიიჩნევს. ნეტარია, ვინც სრულად მოაკვდინა საკუთარი ნება და თავი მთლიანად უფლისმიერი მოძღვრის მზრუნველობას გადასცა. იგი ჯვარცმული იესოს მარჯვნივ დადგება. თუ ვინმე სამართლიან ან თუნდაც უსამართლო მხილებას უარყოფს, იგი უარყოფს საკუთარ ცხონებას, ხოლო ვინც მწუხარებით, ან თუნდაც მწუხარების გარეშე იღებს მას, ჩქარა ცოდვათა მიტევებას მიიღებს.

  18. შენი რწმენა და სიყვარული სულიერი მამისადმი აზრობრივად აუწყე უფალს და უფალი უხილავად ამცნობს მას ამ სიყვარულის შესახებ, მასაც ამავე გრძნობით აღავსებს შენს მიმართ და კეთილად განაწყობს.

  19. ყოველი, ვინც თავის გველს მოძღვარს უცხადებს, ამით მისდამი ჭეშმარიტ სარწმუნოებას გამოხატავს, ხოლო ვინც ფარავს რაიმეს, ის უგზო-უკვლოდ მიმოეხეტება.

  20. თითოეული ჩვენგანი მაშინ შეიცნობს, რომ არის მასში ძმის სიყვარული და ჭეშამრიტი სიყვარული მოყვასისადმი, როდესაც ნახავს, რომ სწუხს ძმის ცოდვებზე და მისი წარმატება და ნიჭები ახარებს.

  21. ვინც საუბარში დაჟინებით იცავს აზრს, თუნდაც მართალი იყოს, მან უნდა იცოდეს, რომ ეშმაკეული უძლურებითაა შეპყრობილი. თუ ის ამგვარად თანასწორებთან იქცევა, მაშინ უპირატესის მიერ მხილებით შესაძლებელია მისი განკურნება, მაგრამ თუ უფროსებთან და უბრძნეს ადამიანებთან საუბრობს ასე, კაცთაგან მისი აღდგინება არავის ძალუძს.

  22. ვინც სიტყვით არ მორჩილებს, უეჭველია, იგი ვერც საქმეში დამორჩილედება. რადგან სიტყვით მერყევია, ის საქმეშიც მოურჯულებელია. ასეთები ამაოდ ირჯებიან მეტს ვერაფერს მიიღებენ.

  23. მამისადმი მორჩილება მხოლოდ სრულიად წმიდა სინდისის მქონემ მოიპოვა. მას სიკვდილისა უკვე აღარ ეშინია, არამედ ყოველდღიურად ელის მას, როგორც ძილს, უკეთ რომ ვთქვათ – როგორც სიცოცხლეს, რადგან დანამდვილებით იცის, რომ მისი სულის განსვლისას მისგან კი არა – მოძღვრისგან მოითხოვენ პასუხს.

  24. თუკი ვინმემ მოძღვირს კურთხევის გარეშე საღვთო საქმის აღსრულება დაიწყო და რამენაირი მსახურება იტვირთა და მოულოდნელად დაბრკოლება შეხვდა. დანაშაული მას კი არ უნდა მიეწეროს, ვინც იარაღით შეჭურვა იგი, არამედ თვით მას, ვინც ის მიიღო, რადგან მას მტრის წინააღმდეგ მიეცა იარაღი და საკუთარი გულისკენ კი მიმართა იგი.

  25. მე დამავიწყდა, საყვარელნო, რომ თქვენთვის სათნოებათა კიდევ ერთი ტკბილი პური მომეწოდებინა. იმ სავანეში მე ვნახე მორჩილნი ღვთისათვის, რომლებიც საკუთარ თავს აყვედრიდნენ და ამცირებდნენ უფლისათვის. ყოველი მხრიდან შეურაცხყოფისთვის მზად რომ ყოფილიყვნენ, წინასწარ სწავლობდნენ, რომ უპატიობას არ შეშინებოდნენ.

  26. სული, რომელიც აღსარებაზე ფიქრობს, ცოდვას ერიდება და ეს ფიქრი აღვირად გადაექცევა. ხოლო ცოდვებს, რომელთაც მოძღვარს არ ვუმხელთ, ისე უშიშრად აღვასრულებთ, როგორც წყვდიადში.

  27. თუ წინამძღვრის არყოფნის დროს წარმოვიდგენთ ჩვენს წინაშე მას, რომელიც სიძულვილით აქცევს ზურგს ყველაფერს, რაც ჩვენი აზრით, მისთვის საძულველია: სიტყვას თუ საუბარს, ან საჭმელს, ან ძილს, ან ნებისმიერ რამეს, მაშინ ჩვენ ჭეშმარიტად შეცნობილი გვაქვს გულწრფელი მორჩილების მნიშვნელობა.

  28. რადგან მზაკვარი მოწაფე მოძღვრისგან შორს ყოფნას ბედნიერ შემთხვევად თვლის, ჭეშმარიტი კი – უდიდეს დანაკარგად.

  29. ერთხელ ერთ გამოცდილ მამათაგან ვკითხე, ესწავლებინა ჩემთვის, თუ რა სახის მორჩილებას ახლავს სიმდაბლე. მან მომიგო: – შეჭმარიტი მორჩილი, თუნდაც იგი მკვდარს აღადგენდეს, ან განუწყვეტელი ცრემლი მოიპოვოს, ან ყოველგვარი ბრძოლისგან გათავისუფლდეს, ყოველთვის ფიქრობს, რომ ყოველივე ამას სულიერი მამის ლოცვით აკეთებს და ამაო ქედმაღლობა მისთვის უცხო რჩება. და განა შეიძლება, თავი აიმაღლოს მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც თვითონ აღიარებს, საკუთარი თავით კი არა – სხვისი შეწევნით მოიმოქმედა?!

  30. დაყუდებულს ხომ ამგვარ შემთხვევებში მსგავსი თავმდაბლური ფიქრი არა აქვს, რადგან მზვაობარობას მის წინაშე გამართლება აქვს. იგი ჩააგონებს, რომ თავისთვის აღასრულებს ღვაწლს.

  31. მორჩილებაში მყოფი კი როდესაც მტრის ქვემოაღწერილ ორ ცდუნებას (*) დაამარცხებს, ქრისტეს მონა და მარადიული მორჩილი ხდება.

 

პირველი ცდუნების შესახებ

  1. ეშმაკი ზოგჯერ ცდილობს, რომ მორჩილებაში მყოფი ხორციელი უწმინდურობით შებილწოს, გული გაუქვავოს მას, ან მომეტებული შფოთი შთაუნერგოს. ზოგჯერ ცრემლი გაუშროს და სრულიად უნაყოფო ჰყოს. ლოცვის დროს სიზარმაცეს, ძილს და სიბნელეს მოუვლენს, რათა ჩააგონოს, რომ მორჩილებას, არა მარტო არანაირი სარგებლობა არ მოეტანა მისთვის, არამედ თანდათან უკან მიდის და ამგვარად მორჩილების ღვაწლს განაშოროს. ნებას არ აძლევს მას, მიხვდეს, რომ ხშირად, როდესაც ვფიქრობთ, რომ სულიერი მადლი მოგვაკლდა, ამით უდიდეს სიმდაბლსა ვიძენთ.
  2. თუმცა ზოგიერთმა ამ მაცდუნებელის მოგერიება მოთმინებით მრავალგზის შეძლო, თუმცა ჯერ პირველს ლაპარაკი არ დაესრულებინა, რომ მაშინათვე სიცრუის სხვა მსახური გამოჩნდა და უკვე სხვა სახით შეეცადა, ეცდუნებინა.

 

მეორე ცდუნების შესახებ

  1. ვნახე მორჩილები, რომელთა გულიც ლმობიერებით იყო აღსავსე: მოკრძალებულნი, თავშეკავებულნი, გულმოდგინენი, რომელთაც ყოველგვარი ბრძოლა და ვნება დასძლიეს და ღვაწლის მოშურნენი გახდნენ, მათ ეს მდგომარეობა სულიერ მამის მფარველობით მოიპოვეს. ეშმაკებმა, რომლებმაც მათი დაცემა განიზრახეს, ჩააგონეს, რომ ისინი უკვე გაძლიერებულნი იყვნენ და დაყუდების საშუალებით სრულყოფილებასა და უვნებლობას მიაღწევდნენ. ამით ცდუნებულნი ისინი ნავსადგურიდან ზღვაში დაიღუპნენ.
  2. საჭიროა შეირყეს ეს ზღვა, აღშფოთდეს და აბობოქრდეს.

  3. რათა ღელვამ ნაპირზე გამორიყოს ყოველგვარი თივა, ფიჩხი და სიბინძურე, რომელიც მასში ვნებათა მდინარეებმა შეიტანეს, ყურადღებით დააკვირდით და ნახავთ, რომ ქარიშხალის შემდეგ ზღვაზე ღრმა მდუმარება ისადგურებს.

  4. ვინც ზოგჯერ უჯერებს სულიერ მამას და ზოგჯერ – არა, იგი იმ ადამიანს ემსგავსება, ვინც მტკივან თვალზე ზოგჯერ სამკურნალო სალბუნს იფენს, ზოგჯერ კი – კირს. რადგან წერილი ამბობს: უკეთუ ერთი აშენებს და მეორე არღვევს, რას მოიგებს გარდა დაღლისა? (ზირ. 43,23).

  5. ჰოჲ, ძეო და მორჩილო უფლისაო! საკუთარ თავს ამპარტავნების სულით ნუ აცდუნებ და მოძღვარს შენი ცოდვების შესახებ ისე კი ნუ მოუყვები, თითქოს ისინი სხვებისა იყოს; რადგან საკუთარი თავის შერცხვენის გარეშე მარადიული სირცხვილისგან ვერ დაიხსნები.

  6. შენი წყლულები აჩვენე მკურნალს და ნუ შეგრცხვება უთხრა მას: – მამაო, ეს არის ჩემი წყლულები, ესაა ჩემი ჭრლილობები, ისინი ვინმე სხვამ კი არ შემამთხვია, არამედ საკუთარი სიზარმაცით დამემართა. არავინ არაა დამნაშავე, არც ადამიანი და არც ბოროტი სული, არც ხორცი და არც – სხვა რაიმე, არამედ – მხოლოდ ჩემი დაუდევრობა.

აღსარებაზე როგორც გარეგნულად, ისე შინაგანი გრძნობით და აზრით იდექი – როგორც მსჯავრდებული ავაზაკი – მიწისკენ თავდახრილი და თუ შეგიძლია, ცრემლით დაალტვე შენი მსაჯულისა და მკურნალის ფეხები, ვითარცა ფერჴნი ქრისტესნი. ეშმაკებს სჩვევიათ, ჩაგვინერგონ, რომ ან საერთოდ არ ვუთხარათ აღსარება სულიერ მამას, ან ვუთხრათ ცოდვები, თითქოს ისინი სხვისი იყოს, ან დანაშაული მათ გამო სხვას გადავაბრალოთ.

  1. თუ ყველაფერი ჩვევაზეა დამოკიდებული, მაშინ კეთილი საქმის ჩვევა უნდა მოვიხვეჭოთ, რადგან ამაში დიდად შეგვეწევა ღმერთი.
  2. შვილო ჩემო, სულის ნეტარი სიმშვიდის მოსაპოვებლად მრავალი წლის შრომა აღარ დაგჭირდება, თუ იმთავითვე მთელი სულით უპატიობის დათმენას შეუდგები.

  3. ნუ იფიქრებ, რომ სულიერ მამასთან ცოდვათა აღიარებისას საჭირო არ არის მისი – როგორც ღვთის წინაშე მიწაზე დამხობა. მე მინახავს, რომ მსჯავრდებულმა ავაზაკებმა თავიანთი საწყალობელი და საბრალო სახით, გულწრფელი აღიარებით და დამაჯერებელი თხოვნით მკაცრ მსაჯულებს გული მოულბეს და შეწყალება მიიღეს. ამიტომ იყო, რომ იოანე წინამორბედი მისგან ნათლისღების მსურველებს თავდაპირველად აღსარებისკენ მოუწოდებდა. მას თავისთვის კი არ უნდოდა ეს, არამედ, მისი მიმდევარი ადამიანების ხსნას ცდილობდა.

  4. ნუ გაგიკვირდება, თუ აღსარების შემდეგაც გრძელდება ბრძოლა, რადგან, სიძვის ვნების დამარცხება უადვილესია, ვიდრე – ამპარტავნების.

  5. ნუ აღგიტაცებს და მოგხიბლავს განდეგილ და დაყუდებულ მამათა ამბები და მათ კვალზე შედგომას ნუ შეეცდები, არამედ მორჩილებით პირველმოწამე სტეფანეს ღვაწლს მიბაძე.

  6. დაცემულიც კი არ განეშორო ამ ასპარეზს, რადგან მაშინ უფრო მეტად დაგჭირდება ექიმი.

  7. ის, ვისაც მეგზურთან ერთად სიარულშიც კი ფეხი ებორკება, სრულიად აშკარაა, რომ დახმარების გარეშე სასიკვდილოდ დაშავდებოდა.

  8. როდესაც განსაცდელის შედეგად დავეცემით, ეშმაკები მაშინათვე გამოჩნდებიან და გვირჩევენ, ვითომდა საღვთო, სინამდვილეში კი, სრულიად უგუნური საბაბით, რომ დაყუდების ღვაწლი ვიტვირთოთ. მტრის განზრახვა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს დაცემულ მდგომარეობას კიდევ ერთი ჭრილობა დაუმატოს.

  9. როცა სულიერი მკურნალი ჩვენი წყლულების განკურნებისათვის უძლურად სცნობს თავს, მაშინ მეორესთან უნდა წავიდეთ, რადგან მკურნალის გარეშე ცოტა თუ განიკურნება.

  10. ვინ შეგვეწინააღმდეგება იმაში, რომ, თუ ხომალდის გამოცდილი მესაჭე მართავს, არ არის დაზღვეული ზღვაში დანთქმისაგან, რა თქმა უნდა, მესაჭის არყოლის შემთხვევაში ის აუცილებლად დაიღუპება.

  11. მორჩილება (*) შობს სიმდაბლეს, სიმდაბლე კი – უვნებლობას, რადგან სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიხსენა ჩუენ უფალმან… და მიხსნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან. (ფს. 135. 32,24), როგორც მეფსალმუნემ თქვა. ამიტომ ვერაფერი დააბრკოლებს იმის თქმას, რომ მორჩილებისგან იბადება უვნებელობა, რის შედეგადაც სიმდაბლე სრულყოფილებას აღწევს. რადგან მოსეა სათავე რჯულისა, ხოლო უვნებელობა, რომელიც მორჩილების შვილია, სრულჰყოფს დედას თავისას – როგორც მარიამი( სრულჰყოფდა იუდეველთა კრებულს.

  12. დიდ სასჯელს იმსახურებენ უფლის წინაშე ის სნეულები, რომელთაც გამოსცადეს დახელოვნებული მკურნალი, მან მათ ავადმყოფობას დიდად არგო და ამის შემდეგ სრულ განკურნებას აღარ დაელოდნენ, მიატოვეს იგი და სხვა მკურნალს დაუწყეს ძებნა.

  13. ნუ გაურბიხარ მას, საყვარელო, ვისმა ხელმაც ღმერთს შეგწირა, რადგან მთელი ცხოვრება სხვას არავის უნდა მიაგებდე ისეთ პატივს, როგორც – მათ.

  14. გამოუცდელი მებრძოლისთვის სახიფათოა. თუ ის თავის რაზმს გამოეყოფა და დამოუკიდებლად იომებს. ასევე ბერისთვის, მეტად საშიშია, თუ გამოცდილებისა და განსწავლის გარეშე – სულიერ ვნებებთან ბრძოლაში, დაყუდების ღვაწლს შეუდგება, რადგან პირველი აუცილებლად ხორციელ უბედურებას შეემთხვევა, ხოლო უკანასკნელი – სულიერს. კეთილია ორი ერთზე მეტად (ეკლ. 5,9).

  15. რადგან კარგია, თუ ძე სულიერ მამასთან ერთად სულიწმიდის თანამოქმედებით ძველ ვნებებს ებრძვის.

  16. ხოლო ის, ვინც ბრმას მეგზურს წაართმევს, სამწყსოს – მწყემსს, გზასაცდენილს – გამყოლს, ყრმას – მამას, ავადმყოფს – ექიმს და ხომალდს – მესაჭეს, იგი თითოეულ მათგანს დიდ საფრთხეში აგდებს. ხოლო იგი, ვინც წიანმძღვრის დახმარების გარეშე ბოროტ სულებთან იწყებს ბრძოლას, მათ მიერ იღუპება.

  17. სამკურნალოდ მისული თავისი სნეულების შესახებ განაცხადებს, ხოლო მორჩილების ღვაწლის მტვირთველნი სიმდაბლეს აჩვენებენ. პირველთა გამოჯანსაღების უმთავრესი ნიშანი არის სნეულების შემსუბუქება, ხოლო მეორენი ნიშნად იმისა, რომ ვნებებს ამარცხებენ, სიმდაბლეს მოიხვეჭენ, რადგან ხორციელად ავადმყოფებს ტკივილი უმსუბუქდებათ, ხოლო სულიერად სნეულებს სიმდაბლე ემატებათ (ე.ი. ისინი საკუთარ უძლურებასა და სისაძაგლეს შეიცნობენ).

  18. დაე, სინდისი იყოს შენი მორჩილების სარკე და ეს საკმარისი იქნება შენთვის.

  19. მათ, ვინც სულიერ მამას ემორჩილებიან, უდაბნოში დაყუდებისას მოწინააღმდეგედ მხოლოდ ეშმაკები ჰყავთ, ხოლო ლავრაში მცხოვრებთ ეშმაკიც ებრძვის და ადამიანიც. პირველთ მუდამ თვალწინ ჰყავთ სულიერი მოძღვარი და მის ბრძანებას სრული სიზუსტით იცავენ. მეორენი კი, მოძღვრის არყოფნის გამო, ხშირად არღვევენ მას – რამდენადმე. ამასთან ისინი, ვინც ბევრს და შრომისმოყვარედ იღწვიან, ამ ნაკლულოვანებას წყენათა დათმენით ავსებენ და ორმაგ გვირგვინს იღებენ.

  20. საძმოში ცხოვრებისას შეინახე გული ყოველ შესანახზე მეტად (იგავ. 4.25), რადგან ხომლადებით სავსე ნავსადგურში მათი ერთმანეთზე დამსხვრევა უფრო ადვილია, განსაკუთრებით, კადნიერებით და გულისწყრომით არიან აღსავსენი, რომელნიც ჭიასავით შეჭამენ და გახვრეტენ ხეს.

  21. წინამძღვრის თანდასწრებით სრულ მდუმარებასა და უმეცრებაში უნდა ვიმყოფებოდეთ, რადგან კაცი მდუმარე უმანკოების შვილია და ყოველთვის მრავალ გონიერებას მოიხვეჭს.

  22. ერთხელ ერთი მორჩილი ვნახე, რომელმაც თავის მოძღვარს სიტყვა შეაწყვეტინა და თვით განაგრძო, ამან სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო, რადგან მივხვდი, რომ ამ ადამიანს მორჩილებამ ამპარტავნება შესძინა და არა – სიმდაბლე.

  23. დიდი ყურადღებით, სიფრთხილითა და სიფხიზლით უნდა დავაკვირდეთ, თუ როდის შეგვიძლია, ხორციელი მსახურება ლოცვას ვარჩიოთ, რადგან ეს ყოველთვის ასე არ უნდა იყოს.

  24. თანაცხოვრებისას ყურადღება მიაპყარ საკუთარ თავს და ნუ შეეცდები, რომ სხვა ძმებზე მართლად წარმოაჩინო შენი თავი. რადგან ამით ორგვარ ბოროტებას აღასრულებ: ძმებს შენი ცრუ და თვალთმაქცური მოშურნეობით დააწყლულებ და საკუთარ თავს ქედმაღლობის მიზეზს მისცემ.

  25. იყავი( სულით მოშურნე, მაგრამ ამას გარეგნულად ნურც წარმოაჩენ, ნურც გამომეტყველებით, ნურც ურთიერთობებით, ნურც რამენაირი სიტყვით, ნურც საიდუმლო მინიშნებით. და თვით ამ ღვაწლს მანამდე ნუ შეუდგები, ვიდრე მოყვასის დამცირებას არ მიატოვებ. თუ ამას ვერ შეძლებ, შენს ძმებს მიბაძე და საკუთარ თავზე განსაკუთრებულ აზრს ნუ შეიქმნი.

  26. მე ვნახე გამოუცდელი მოწაფე, რომელიც სხვათა თანდასწრებით მოძღვრის სათნოებებს აქებდა და ეგონა, რომ სხვისი ხვავისგან დიდებას თვით მოიპოვებდა, მაგრამ ამის ნაცვლად მხოლოდ უპატიობა მოიმკო, როდესაც ყველამ უთხრა: – ასეთმა ნაყოფიერმა ხემ როგორღა გამოიღო უნაყოფო რტოები?

  27. მაშინ კი არ ვართ მომთმენნი, როდესაც მამისგან ლანძღვას ვაჟკაცურად ვიტანთ, არამედ მაშინ, როცა ყოველი ადამიანისგან სიძულვილსა და წყლულებს ვითმენთ. რადგან მამისგან გამო ვითმენთ ყველაფერს.

  28. გულითადად შესვი ლანძღვა, როგორც წყალი ცხოვრებისა, მიიღე ის ყოველი ადამიანისგან, ვინც კი შენს დაწყლულებას ისურვებს ასეთი მკურნალობით, რომელიც სიძვის ვნებისაგან განგწმენდს. რადგან მაშინ შენს სულში უღრმესი სიწმინდე გამობრწყინდება და შენს გულში ღვთაებრივი სინათლე არასოდეს გამოილევა.

  29. ვინც ნახავს, რომ ძმათა კრებულში სიმშვიდე შეაქვს, დაე, ის საიდუმლოდაც ნუ შეიქებს თავს ამის გამო, რადგან ირგვლივ ყველაგან ქურდებია ჩასაფრებული.

  30. შენი მეხსიერების სიღრმეში ამოკვეთე ქრისტეს სიტყვები: მონანი ვართ უხმარნი, რომელთა თანა – გუედვა ყოფად, ვყავთ (ლუკ. 17,10).

ჩვენი საქმეები სამართლიანად ამ სოფლიდან განსვლის შემდეგ განისჯება.

  1. საერთო სავანე არის ქვეყნიური ზეცა. თავი უნდა ვაიძულოთ, რომ გულით ასეთივე განწყობილება შევინარჩუნოთ, ისევე როგორც – უფლის მსახურმა ანგელოზებმა.
  2. ზოგჯერ ამ ქვეყნიურ ზეცაში მყოფ ადამიანებს გაქვავებული გულები აქვთ, ზოგიერთი კი, პირიქით – ლმობიერებითაა დამშვიდებული, რათა თავმდაბლობას გაექცეს და შრომა ცრემლით დაატკბოს.

  3. მცირე ცეცხლს ბევრი ცვილის დარბილება შეუძლია: ხშირად მცირე უპატიობაც კი, რომელიც ჩვენ მოგვეწევა, უცებ მოარბილებს, დაატკბობს და აღმოფხვრავს მთელ სისასტიკეს, უგრძნობელობასა და სიმკაცრეს გულისას.

  4. ერთხელ ბნელ ადგილას მიმალული ორი ადამიანი ვნახე, ისინი მოღვაწეთა შრომას და სულთქმას აკვირდებოდნენ და ისმენდნენ. მაგრამ ერთი ამას იმისთვის აკეთებდა, რომ მიებაძა მათთვის, მეორე კი იმისათვის, რომ ამ ღვაწლის შესახებ განეცხადებინა და ამგვარად მოღვაწენი კეთილი საქმისაგან განეშორებინა.

  5. პირუტყვივით მდუმარე კი არ უნდა იყო, როცა დუმილი საჭირო არ არის და ამით სხვებს შფოთვასა და სიმწარეს მოუტან და ნურც მაშინ დაიგვიანებ, როცა სისწრფეს გიბრძანებენ და ნუ დააყოვნებ, სხვაგვარად ცოფიანსა და მეამბოხეზე უარესი საქმის მოქმედი ხარ.

  6. „ვიხილენ ესევითარნი“, როგორც იტყვის იობი, ზოგიერთი სული აყოვნებდა ზნის თავისებურების გამო, ზოგი კი – ეშმაკობით და გამიკვირდა: რა მრავალგვარია სიბოროტე ვნებათა.

  7. საერთო სავანეში ყოფნისას იმდენ სარგებელს ფსალმუნებისგან ვერ მიიღებ, რამდენსაც – ლოცვისგან, რომელსაც სენაკში ასრულებ, რადგან ლოცვას მეტი შრომა სჭირდება, ვიდრე – გალობას.

  8. გამუდმებით ებრძოლე აზრებს დაფანტულობას და სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი, თუ გონება მეტად გაგირბის, რადგან ახლადდამწყებ მორჩილთაგან უფალი განუბნეველ ლოცვას არ ითხოვს.

  9. ნუ გაწუხებს გონების გაბნევა, არამედ გიხაროდეს, როდესაც მას კვლავ მოიკრებ, რადგან სრულიად წარუტაცებელი გონება მხოლოდ ანგელოზებს აქვთ.

  10. ვისაც გულის სიღრმეშო საიდუმლოდ დაუდვია მცნება, რომ მაცხოვნებელი ღვაწლი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იტვირთოს და ხორცის ათასგზისი მოკვდინების შემდეგაც კი არ დაუთმოს მტერს: ის ასეთ განსაცდელში ადვილად არ ჩავარდება. ეს დაბრკოლებანი და ჭირნი ყოველთვის გულის დაეჭვებისგან, ადგილისადმი უნდობლობიდან მომდინარეობს.

  11. ისინი, ვინც აქეთ-იქით სიარულს ესწრაფიან, ყველაფერში გამოუცდელნი არიან, სულის უნაყოფობას უპირველესად მოუთმენლობა წარმოშობს.

  12. თუ შენ უცნობ მკურნალთან და უცნობ სამკურნალოში სამკურნალოდ მიხვალ, ისე იმყოფებოდე იქ, როგორც გამვლელი, ამასთან ფარულად დააკვირდი იქაურ ყოფას და მცხოვრებთა სულიერ გამოცდილებას. თუ ამ სულიერ მხატვართა და მსახურთა შორის შენი წყლულების მკურნალებს შეიცნობ, და მით უმეტეს, თუ მათ შორის იპოვი იმას, რასაც უნდა ეძებდე, ე.ი. წამალს სულიერი ქედმაღლობის წინააღმდეგ, მაშინ უკვე შეუერთდი მათ და საკუთარი თავი დუმილის ოქროზე გაყიდე. გაყიდე იგი მორჩილების ქარტიაზე, მსახურების ხელწერილზე და ანგელოზთა მოწმობით შენივე ნების ხელწერილი გაანადგურე.

  13. რადგან თუ მხოლოდ აქეთ-იქით სიარულს მოუნდები, მაშინ დაკარგავ იმ სასყიდელს, რომლითაც ქრისტემ გამოგისყიდა.

  14. ადგილი და სავანე, რომელშიც დაემკვიდრები, უნდა იქცეს შენს სამარედ – ვიდრე სამარის კარამდე. სამარიდან ვერავინ წამოდგება, ვიდრე საყოველთაო აღდგომის დღე არ დამდგარა და თუ ვინმე გამოვიდა, იცოდე, რომ ისინი დაიღუპნენ. ვევედროთ უფალს, რომ ჩვენც იგივე არ შეგვემთხვეს.

  15. როდესაც ზარმაცი ხედავს, რომ მას მძიმე საქმეს აკისრებენ. ამას ის ლოცვას ამჯობინებს, მაგრამ თუ საქმე მსუბუქია, ლოცვას ცეცხლივით გაურბის.

  16. ხდება რომ, როდესაც ვინმე რაიმე მსახურებას ძმის თხოვნით აღასრულებს, დატოვებს მას, რომ ის დაამშვიდოს, სხვა თავის მსახურებას სიზარმაცის გამო დატოვებს, კიდევ სხვა არ დატოვებს ამპარტავნების გამო, სხვა ვინმე კი – გულმოდგინების გამოისობით.

  17. თუ აღთქმა დადე, რომ რომელიმე სავანეში უნდა იცხოვრო, ანდა ძმებთან ერთად და ხედავ, რომ ამგვარი ცხოვრებით სულიერ სარგებელს ვერ პოულობ, მაშინ იქიდან წამოსვლაზე უარს ნუ იტყვი. იცოდე, რომ გამოცდილი ყველგან გამოცდილია და – პირიქით.

  18. ყვედრება ერში მრავალ განყოფასა და უთანხმოებას იწვევს, ხოლო ნაყროვანება ძმათა შორის ყოველგვარი დაცემისა და გმობის დარღვევის მიზეზია სავანეში.

  19. თუ ამ ბატონს დაამარცხებ, მაშინ ყოველი ადგილსამყოფელი მხოლოდ უვნებლობის მოხვეჭის საშუალება იქნება შენთვის. მაგრა, თუ იგი დაგეუფლა, მაშინ სამარის კარამდე დიდ ჭირში იქნები.

  20. უფალი ბრმებს განაბრძნობს, მორჩილის თვალებს განანათლებს, რათა მან თავისი მოძღვრის სათნოებანი დაინახოს და უბნელებს თვალს, რათა არ შენიშნოს მისი ნაკლოვანებები. ხოლო მოძულე კეთილსა ამის საწინააღმდეგოს აკეთებს.

  21. ვერცხლისწყალი არის სახე მორჩილებისა და სიმდაბლისა, რომელიც ყოველგვარ სითხეზე დაბლა ჩადის, მაგრამ ბიწი არაფრისა ერევა.

  22. მოშურნენი უმეტესად უნდა აკვირდებოდნენ საკუთარ თავს, რომ, როდესაც ზარმაცებს განიკითხავენ, თვითონ უმეტესი განკითხვა არ დაიმსახურონ. ლოთი, მე ვფიქრობ, სწორედ იმიტომ გამართლდა, რომ ასეთ ხალხში ცხოვრობდა და არასოდეს არავის განიკითხავდა.

  23. ყოველთვის და უმეტესად საერთო ფსალმუნთგალობისას უშფოთველობა და მდუმარება უნდა შეინარჩუნოთ, რადგან ეშმაკებს სწორედ შფოთითა და დრტვინვით აქვთ ლოცვის ჩაკვლა განზრახული.

  24. მორჩილი ისაა, ვინც ხორცით კაცთა შორის დგას, ხოლო გონებით (ლოცვით) ცის კარს უკაკუნებს.

  25. წყენა, დამცირება და ყოველი მსგავსი შემთხვევა მორჩილის სულში აბზინდის სიმწარეს ნერგავს, ხოლო ქება და პატივი ისევე ტკბილია, როგორც თაფლი გემოთმოყვარისთვის, მაგრამ თუ პირველისა და მეორის თვისებებს განვიხილავთ, გამოჩნდება, რომ აბზინდა შინაგან უწმინდურებას განსწმენდს, ხოლო თაფლი ნაღველს ასნეულებს.

  26. მათ, ვინც ღვთის წინაშე ჩვენზე მზრუნეველობა იტვირთა, მთლიანად უნდა მივენდოთ მაშინაც, როდესაც გვგონია, რომ ჩვენი სულისთვის საზიანოს ამბობენ, ამ დროს ჩვენი მათდამი სარწმუნოება ისე გამოიცდება, როგორც – სიმდაბლის ბრძმედში.

  27. ჭეშმარიტი სარწმუნოების ნიშანია, როდესაც ეჭვის გარეშე ვემორჩილებით მოძღვარს მაშინაც როდესაც ვხედავთ, რომ მისი ბრძანება ჩვენს მოლოდინს არ ემთხვევა.

  28. მორჩილება სიმდაბლეს შობს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიმდაბლე – მსჯელობის უნარს, როგორც კასიანე დიდი შესანიშნავად და მეტად ბრძნულად საუბრობს თავის სიტყვაში განსჯის შესახებ: განსჯის უნარი დაკვირვებულობას წარმოშობს, ხოლო აქედან გონების განათება იწყება. ვინ არ ისრუვებდა, რომ მორჩილების კეთილი გზით ევლო, როცა დაინახავდა, რომ მისგან ასეთი სიკეთე გამოდის?

  29. ამაზე ხომ დიდმა სათნომყოფელმა და მგალობელმა ბრძანა: განუმზადე სიტკბოებითა შენითა გლახაკსა, მორჩილსა ღმერთო, მოსვლა შენი გულად მისად (ფს. 76,11).

  30. მთელი ცხოვრების განმავლობაში ნუ დაივიწყებ იმ დიდ მოღვაწეს, რომელსაც მთელი თვრამეტი წლის განმავლობაში ხორციელი ყურით არასოდეს მოუსმენია თავისი მოძღვრისგან სიტყვა – ცხონდი, მაგრამ შინაგანად თვით უფლისგან ყოველდღიურად ესმოდა არა სიტყვა – ცხონდი, რომელიც მხოლოდ ცხონების სურვილს გამოხატავს, არამედ – სცხონდი – რაც უკვე სრულად დამტკიცებულ და უეჭველ აზრს გამოხატავს.

  31. ასევე საკუთარი თავი და სულიერი სარგებელი ვერ შეუცნიათ იმ მორჩილებს, რომელნიც რაკი წინამძღვრის კეთილგანწყობასა და შემწყნარებლობას შეამჩნევენ, მისგან ითხოვენ, რომ მათთვის სასურველი მორჩილება მიიღონ. დაე, მათ იცოდნენ, რომ ასეთ მორჩილებისგან ისინი აღმსარებლობის გვირგვინს მოაკლდებიან, რადგან მორჩილება თვალთმაქცობისა და საკუთარი სურვილების სრული უარყოფაა.

  32. ზოგიერთი, როცა მოძღვრისგან რაიმე დავალებას მიიღებს და მერე შეიტყობს, რომ ამ დავალების შესრულებით ვერ აამებს მას, ტოვებს საქმეს, ხოლო მეორე, თუნდაც ასეთი რამ შეამჩნიოს, დაეჭვების გარეშე აღასრულებს მას. უნდა გამოიცადოს, თუ რომელი მათგანი მოიქცა უფრო ღვთისმსახურად.

  33. შეუძლებელი საქმეა, რომ ეშმაკი საკუთარ ნებას აღუდგეს წინ, ამაში შენ ისინი დაგარწმუნებენ, რომლებიც დაუდევრად ცხოვრობენ, მაგრამ გამუდმებით ერთ უშფოთველ ადგილას ან ერთსა და იმავე სავანეში იმყოფებიან.

  34. თუ ჩვენ რომელიმე ერთ ადგილას ვცხოვრობთ და გვებრძვიან, რომ სხვა ადგილას გადავიდეთ, ეს ბრძოლა იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვენი გადასვლა უფლისთვის სათნო არ არის, რადგან როდესაც გვებრძვიან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წინააღმდეგობას ვწევთ.

 

ღირსი აკაკის შესახებ

  1. არ მინდა უსამართლოდ დავმალო და არაადამიანურად ვმევახშეობდე, არ მინდა თქვენს წინაშე ვდუმდე იმაზე, რაზეც არ შეიძლება დუმილი. დიდმა იოანე საბაიტელმა მამცნო ამბები, რომლებიც ჭეშმარიტად ღირსია მოსმენისა. ხოლო შენ, თავად, ღირსო მამაო, გამოცდილებით იცი, რომ ეს კაცი ყოველგვარი სიცრუისგან, ყოველგვარი ცბიერი სიტყვისა და საქმისგან უცხოა. მან შემდეგი ამბავი მომითხრო: – აზიაში (ის იქიდან იყო მოსული), სავანეში, სადაც აქ მოსვლამდე ვიმყოფებოდი, ერთი კადნიერი ზნისა და დაუდევარი ცხოვრების მქონე მოხუცი იმყოფებოდა. ამას მის განსაკითხად კი არ ვამბობ, არამედ სიმართლის გამო. არ ვიცი, როგორ მოახერხა მოწაფის მოპოვება?! ეს იყო ახალგაზრდა ყმაწვილი, სახელად – აკაკი. იგი იყო უბრალო ჩვევების, მაგრამ ბრძენი ყმაწვილი, რომელსაც ამ ბერისგან იმდენი ტანჯვა დაეთმინა, რომ ბევრს დაუჯერებლად მოეჩვენებოდა. რადგან ბერი ყოველდღიურად არამარტო ლანძღავდა და აყვედრიდა მას, არამედ სცემდა კიდეც. მორჩილი უსაზღვროდ ბევრს ითმენდა. როდესაც ვხედავდი, რომ იგი ნაყიდი მონის მსგავსად ყოვედღიურად უკიდურეს ტანჯვაში იყო, როცა შევხვდებოდი, ვეუბნებოდი: – რას იტყვი, ძმაო აკაკი, როგორ ხარ დღეს? – ამ კითხვის პასუხად ის მაშინათვე მიჩვენებდა ან ლურჯ ლაქას თვალის ქვეშ, ხან დაწყლულებულ თავ-კისერს. რადგან ვიცოდი მისი ღვაწლი, ვეუბნებოდი: – კარგია, კარგი, დაითმინე და სარგებელს მიიღებ. როდესაც თავის უწყალო ბერთან ცხოვრების ცხრა წელი შეასრულა, აკაკი ღვთის წინაშე მივიდა და მამათა განსასვენებელში დაიფლა. ხუთი დღის შემდეგ მისი მოძღვარი იქ მყოფ ერთ დიდ მამასთან მივიდა და უთხრა: – მამაო, ძმა აკაკი მიიცვალა. მაგრამ მან უპასუხა: – მერწმუნე, მამაო, მე მეეჭვება ეს ამბავი. – წამოდი და შენი თვალით იხილე. – მიუგო ბერმა. მამები ერთად წავიდნენ სასაფლაოზე და წმინდა მამამ როგორც ცოცხალს, ისე მოუხმო მოღვაწეს: – ძმაო აკაკი, შენ მიიცვალე? ამ კეთილგონიერმა მორჩილმა სიკვდილის შემდეგაც მორჩილება გამოიჩინა და უპასუხა: – მამაო, როგორ შეიძლება მოკვდეს ის, ვინც მორჩილების ღვაწლი იტვირთა?.. მაშინ ბერი, რომელიც აკაკის საფლავის ახლოს სენაკი მოიწყო და უკვე ღვთისმოსაობით გაატარა ცხოვრების დარჩენილი წლები. სხვა მამებს კი ყოველთვის ეუბნებოდა: – მე მკვლელობა ჩავიდინე. მე მგონია, მამა იოანე, რომ ის ბერი, მიცვალებულს რომ ელაპარაკა, თვით იოანე საბაიტელი იყო, რადგან მან ერთი სხვა ამბავიც მიამბო, – თითქოსდა სხვა მოღვაწეზე – შემდეგ კი დანამდვილებით შევიტყვე, რომ საკუთარ ამბავს ჰყვებოდა.

 

იოანე საბაიტელის ანუ ანტიოქეს შესახებ

  1. იქვე, აზიის სავანეში ერთ მოკრძალებულ, მშვიდ და უშფოთველ ბერს ჰყავდა მორჩილი; როდესაც მან ნახა, რომ ბერი თითქოს უფრთხილდებოდა მას და პატივში ჰყავდა, იფიქრა, რომ ამგვარი მდგომარეობა კარგის მომტანი არ იყო (*), ამიტომ ბერს ლოცვა-კურთხევა გამოსთხოვა, რომ გაეშვა იგი. ბერს სხვა მოწაფეც ჰყავდა და ამიტომ ერთთან განშორება დიდად სამძიმო არ ყოფილა მისთვის. აქედან წასული მორჩილი, თავისი მოძღვრის წერილის მეშვეობით პონტოში, ერთ-ერთ მონასტერში მივიდა. ამ სავანეში მოსვლის პირველივე ღამეს მას ესიზმრა, რომ ვიღაცეები აწამებდნენ მას ვალის გამო და ამ საშინელი წამების შემდეგ 100 ლიტრი ოქრო ვალი კვლავ დარჩა. გამოღვიძებული დაფიქრდა სიზმრად ნახულზე და თავისთვის თქვა: – ჰოი, საწყალო ანტიოქე (ასე ერქვა მას), ჭეშმარიტად დიდი ვალი დაგრჩა შენ. – ამ სავანეში კიდევ სამი წელი ვიცხოვრე – ყვებოდა იგი, შემდგომ ყოველგვარ მორჩილებას უსიტყვოდ ვასრულებდი და როგორც უცხო, ყველასგან შეურაცხყოფილი და დამცირებული ვიყავი (რადგან ჩემს გარდა უცხოტომელი ბერი იქ არ იყო). მაშინ კვლავ სიზმრად ვიხილე, რომ ჩემი ვალიდან 10 ლიტრი ოქროს ფასი ვიღაცამ გადაიხადა და ხელწერილი მომცა. გამოღვიძებული ამ ხილვის მნიშვნელობას მივხვდი და თავს ვუთხარი: ჯერ მხოლოდ ათი. როდის გადავიხდი მთლიანად? საბრალო ანტიოქე! შენ დიდი შრომა და დიდი უპატიობა გჭირდება! ამ დროიდან მე ჭკუიდან შეშლილად ვაჩვენებ თავს. ამასთან მსახურება არ შემიწყვეტია. იქაური უმოწყალო მამები, როდესაც ამ მდგომარეობაში მხედავდნენ და ძველ გულმოდგინეობასაც მატყობდნენ, სავანეში ყველაზე მძიმე საქმეებს მაკისრებდნენ, 13 წლის განვალობაში ამგვარი ცხოვრების მერე სიზმრად ისევ ისინი გამომეცხადნენ, ვინც ადრე ვიხილე, მოვიდნენ და მომცეს ხელწერილი, რომელიც მთლიანად მანთავისუფლებდა ვალისგან. ამგარად, როცა იმ სავანის მამები შეურაცხმყოფდნენ, მე ჩემს მოვალეობას ვიხსენბდი და ვაჟკაცურად ვითმენდი. ყოვლადბრძენი იოანე, მამაო, ამ ამბავს თითქოს სხვა ადამიანის შესახებ მიამბობდა, ამიტომაც დაირქვა ანტიოქე. სინამდვილეში კი თვით იყო ის მოღვაწე, რომელმაც შეძლო, მოთმინების საშუალებით თავისი ცოდვების ხელწერილი გაენადგურებინა.
  2. მაგრამ ისიც მოვისმინოთ, თუ ღირსმა მამამ ამგვარი მორჩილებით როგორი ნიჭები მოიხვეჭა. როდესაც ღირსი საბა განწმენდელის ლავრაში იმყოფებოდა, მასთან სამი ახალგაზრდა მივიდა. სურდათ, რომ მას დამოწაფებოდნენ, მან სიხარულით მიიღო ბერები. გაუმასპინძლდა და შეეცადა, რომ მძიმე მოგზაურობის შემდეგ ნუგეში ეცა მათთვის. სამი დღის შემდეგ წმიდა მამამ უთხრა: – ძმებო, მე მეძავი ვარ ბუნებით და არ ძალმიძს, რომელიმე თქვენგანი მოწაფედ მივიღო, – მაგრამ ისინი არ შეცდნენ, რადგან მისი წმიდა ცხოვრების შესახებ იცოდნენ. დიდხანს ევედრებოდნენ და რომ ვერაფერს გახდნენ, ბოლოს ფეხებში ჩაუცვიდნენ და შესთხოვეს, რომ დარიგებინა მაინც ისინი, თუ სად გაეტარებინათ ბერული ცხოვრება. ბერი ამას დათანხმდა და რადგან ნახა, რომ ისინი მორჩილებითა და სიმდაბლით იწყნარებდნენ მის ნათქვამს, ერთ-ერთ მათგანს უთხრა: – უფალს სურს, შვილო ჩემო, რომ შენ დაყუდებაში გაატარო ცხოვრება იმ ადგილას, რომელზედაც შენი სულიერი მამა მიგანიშნებს. მეორეს უთხრა: – წადი დაუტევე შენი ნება და გადაეცი იგი უფალს. აღიღე შენი ჯვარი და მონასტერს მიაშურე და ჭეშმარიტად დაიუნჯებ სიმდიდრეს ცათა შინა. ბოლოს მესამეს მიმართ: – გამუდმებით გახსოვდეს უფლის ეს სიტყვები: ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება, წადი და შენთვის მოძღვარი ღვთის წინაშე ყველაზე სასტიკ და მკაცრ ადამიანთა შორის შეარჩიე და მოთმინებაში განმტკიცებულმა ყოველდღიურად დამცირება და გინება ისე შესვი მისგან, როგორც – რძე და თაფლი. ამ ძმამ წმიდა იოანეს უთხრა: – და, მამაო, თუკი იგი დაუდევარია, როგორ მოვიქცე? – მან უპასუხა: – რომც დაინახო, რომ იგი სიძვის ცოდვაშია, ნუ დატოვებ მას, არამედ საკუთარ თავს უთხარი, რომ მზვაობრობა განიგმირება შენში და ხორციელი ვნება დაიშრიტება.

  3. ყველა, ვისაც ღვთის შიშის მოხვეჭა გვსურს, მთელი ძალით უნდა ვიღწვოდეთ, რათა ამ სათნოების სავანეში სათნოებათ მაგიერ ცბიერება და ბოროტება, ეშმაკობა და თავხედობა, გაიძვერობა და მრისხანება არ შევიძინოთ. რადგან საერთოდ ეს ხდება ხოლმე და არაფერი ამაში გასაკვირი არ არის. ვიდრე ადამიანი უბრალო მუშად რჩება გემზე, ან მიწის მუშად, მის წინააღმდეგ მეფის მტრები არცთუ ძლიერად იბრძვიან, მაგრამ, როდესაც ნახავენ, რომ მან აიღო სამეფო ბეჭედი და ფარი, საჭურველი, ლახვარი და მშვილდი მეფისა და საომრად შეიმოსა, მაშინ კბილებს ააღჭრიალებენ მასზედ და ყველა მის მოკვდინებას შეეცდება. ასე რომ, თვალი არ უნდა მივრულოთ.

  4. მე ვნახე, რომ კეთილი და მშვენიერი ყმაწვილები სასწავლებელში სიბრძნის მისაღებად მოვიდნენ. მათ განათლების და კეთილი სარგებლის შეძენა სურდათ, მაგრამ სხვებთან ურთიერთობის გამო უკმეხობისა და ცოდვის გადა ვერაფერი შეიძინეს. ვისაც გონება შესწევს, ამ ნათქვამს შეიმეცნებს.

  5. შეუძლებელია, რომ ვინმე ყოველდღიურად ბეჯითად სწავლობდეს რაიმე ხელობას და ყოველდღიური წარმატება არ აღწევდეს მასში; მაგრამ ერთნი სცნობენ ამ წარმატებას, მეორენი კი ღვთის განსაკუთრებული განგებულების ძალით, ვერ ამჩნევენ მას.

  6. კარგი ვაჭარი (*) ყოველ საღამოს მთელი დღის მოგებასა და წაგებას ითვლის, მაგრამ იგი ამას ვერ შეძლებდა, ყოველ წუთს ნავაჭრს რომ არ იწერდეს. ამიტომაა, რომ ყოველწუთიერი თვითგანსჯა ყოველდღიურად განანთლებს სულს.

  7. როდესაც უგუნურს საყვედურობენ ან სჯიან, მრისხანების და წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს, ან მაშინათვე შენდობას ითხოვს მბრალდებელისგან, მაგრამ არა მორჩილების გამო, არამედ იმიტომ, რომ მან ბრალდება შეწყვიტოს.

  8. როდესაც გსაყვედურობენ და ბრალს გდებენ, მდუმარედ იყავი და სულიერი წამალი მიიღე – როგორც სიწმინდის მნათობები.

  9. როცა სულიერი მკურნალი შეწყვეტს შენს მხილებას, მაშინ შეინანე მის წინაშე, რადგან მრისხანების ჟამს შეიძლება, შენი სინანული მან არც მიიღოს.

  10. მონასტერში ყოფნისას, თუმცა ყოველგვარი ვნების წინააღმდეგაა ბრძოლა საჭირო, მაგრამ განსაკუთრებით ორ მათგანს უნდა აღვუდგეთ წინ: ნაყროვანებასა და მრისხანებას. რადგან ძმათა სიმრავლის გამო.

  11. მორჩილებაში მყოფთ ეშმაკი მათთვის შეუძლებელ სათნოებათა აღსრულების სურვილს უღვივებს. ამგვარადვე, დაყუდებაში მცხოვრებთ იგი მათთვის არათვისობრივ აზრებს უნერგავს.

  12. გამოუცდელ მორჩილთა გონება რომ გაჩხრიკო, იქ მეტად ცოდვილ აზრებს აღმოაჩენ. ესენი: დაყუდების, გაძლიერებული მარხვის, გონების გაბნევის გარეშე ლოცვის, დიდებისადმი სრული გულგრილობის, სიკვდილის გამუდმებული ხსოვნის, განუწყვეტლად ლმობიერი გულის, სრული ურისხველობის, ღრმა მდუმარების და უმაღლესი სიწმინდის სურვილი. ღვთის განსაკუთრებული განგებულებით, რადგან მათ ეს სათნოებები არა აქვთ, ისინი თავდაპირველად გადალახავენ ხოლმე მათთვის დადგენილ საფეხურს, რადგან ეშმაკის მიერ არიან ცდუნებულნი, რომელიც ცდილობს, რომ მათ ყველა ეს სრულყოფილება დროზე ადრე ეძებონ. და რადგან მოთმინება არ ჰყოფნით, ვეღარც თავის დროზე მოიპოვებენ ხოლმე მათ.

  13. საპირისპიროდ, ეს მაცდუნებელი დაყუდებული ადამიანის გულში მორჩილისთვის შესაფერის სოფლის სიყვარულს ნერგავს: მორჩილის მსახურება, ძმათა შორის სიყვარული, მანუგეშებელი თანაცხოვრება მონასტერში, ავადმყოფის მოვლა. ამ შემთხვევაში მაცდურის განზრახვა ისაა, რომ ისინიც პირველთა მსგავსად მოუთმენელნი გახადოს.

  14. ჭეშმარიტად, დაყუდების გონიერად ტვირთვა შეუძლია მას, ვინც შრომაში და ბრძოლაში შემწეობა მიიღო.

  15. ჩვენი ვნებების ხარისხის მიხედვით უნდა გავარკვიოთ, თუ როგორი წინამძღვრის მორჩილებაში მივიღებთ სარგებელს და შესაბამისად – ისეთი ვეძებოთ.

  16. თუ თავშეუკავებელი და ხორციელ ვნებათაკენ მიდრეკილი ხარ, მოძღვრად მოღვაწე უნდა აირჩიო, რომელიც საკვებით დიდად არ გცემს ნუგეშს და არა – სასწაულმოქმედი, რომელიც მზადაა ყველას შეურიგდეს და ტრაპეზით გაუმასპინძლდეს. თუ ქედმაღალი ხარ, წინამძღვრად ისეთი ადამიანი შეარჩიე, რომელიც მოკრძალებული და ტკბილი კი არ იქნება, არამედ – მკაცრი და ჯიუტი.

  17. არ უნდა ვეძებოთ ისეთი მოძღვარი, რომელიც წინასწარმეტყველებისა და განჭვრეტის უნარს ფლობს, არამედ – ჭეშმარიტად თავმდაბალი და ზნით და ადგილსამყოფელით შესაფერისი საიმისოდ, რომ ჩვენი უძლურებები განკურნოს.

  18. ზემოხსენებული ღირსი კვიროსის მაგალითის მიხედვით, ის მორჩილებაში შეგეწევა: ყოველთვის ფიქრობდე, რომ წინამძღვარი გცდის და არასოდეს შესცოდავ.

  19. როცა მოძღვრის მიერ გამუდმებით მხილებული იქნები და მაინც იგრძნობ, რომ სიყვარული და რწმენა მისდამი იზრდება შენში, მაშინ იცოდე, რომ სულიწმიდა უხილავად დამკვიდრდა შენს სულში და ძალი მაღლისა გფარავს შენ. ამასთან, ნუ იხარებ და განდიდდები, თუ წყენის და უპატიობის დიდსულოვნად დათმენა შეგიძლია და პირიქით, კარგია, თუ გამუდმებით ტირი იმის გამო, რომ რაღაც სასჯელის ღირსი მოიმოქმედე და წინამძღვარი შენს წინააღმდეგ განაწყვე. ნუ შეძრწუნდები და განაწყენდები, თუ შენზე ვიტყვი (და ამის მოწმე მოსეა), რომ სჯობს ღვთის წინაშე შესცოდო, ვიდრე – სულიერი მამის წინაშე, რადგან თუ ღმერთი განვარისხეთ, მოძღვარს შეუძლია, რომ მასთან შეგვარიგოს, მაგრამ, თუ განვარისხეთ მოძღვარი, მაშინ უკვე აღარავინ გვეყოლება, ვინც გვიშუამდგომლებს. მე ვფიქრობ, რომ ორივე ეს ცოდვა თანაბარი მნიშვნელობისაა.

  20. შევამოწმოთ თუ ყურადღებით განვსაჯოთ, თუ მოძღვრის ბრალდება როდის უნდა დავითმინოთ მადლობითა და უვნებლად და როდის – თავი ვიმართლოთ. მე მგონია, რომ, ყოველთვის, როცა უპატიობა მხოლოდ ჩვენ გვეხება, უნდა ვდუმდეთ (რადგან ეს სულიერების მოხვეჭის შესაძლებლობაა), მაგრამ თუ ბრალდება სხვა პირს ეხება, მაშინ სიყვარულისა და მშვიდობის დაურღვევლობის მიზნით, უნდა დავიცვათ იგი.

  21. მორჩილების უპირატესობაზე იმათ შეუძლიათ გითხრან, ვინც განუდგნენ მას; რადგან მხოლოდ ამის შემდეგ შეიცნეს, თუ რომელ ცაზე იმყოფებოდნენ.

  22. ვინც უვნებლობასა და ღმერთს ესწრაფის, მას დაკარგულად მიაჩნია ყოველი დღე, როდესაც არავისგან მიიღებს ყვედრებას.

  23. როგორც ის ხეები, რომელთაც ქარი ებრძვის და მიწაში ღრმად იდგამენ ფესვებს, ასევე მორჩილებაში მყოფთ ძლიერი და შეურყეველი სული აქვთ.

  24. ვინც დაყუდებისას თავისი უძლურება შეიცნო და მორჩილებაში მოვიდა, ის იყო ბრმა, რომელსაც ქრისტეს დანახვით თვალი აეხილა.

  25. გამხნევდით, ძმანო, მოღვაწენო, გამხნევდით და კვლავაც გეტყვით, გამხნევდით და ნურასოდეს შეწყვეტთ წინსვლას. ყური უგდეთ ბრძენს, რომელიც თქვენს შესახებ ამბობს: ღმერთმა ჯერ თანაცხოვრებელთა შორის ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა (სიბრძნ. 36) თავის წიაღში. რომელსა შვენის დიდება და ძლიერება უკუნისამდე, მამისა თანა დაუსაბამოისა და სულისა წმიდისა და თაყვანსიცემა, ამინ.

 

ამ საფეხურის რიგი მახარებელთა რიცხვს ემთხვევა.
განმხნევდი, მოღვაწეო, უშიშრად ისწრაფე წინ, ოდესღაც იოანემ პეტრეს გაუსწრო.
აქ კი მორჩილება სინანულს უსწრებს, რადგან პირველი მათგანი
მორჩილების სახეა, ხოლო მეორე – სინანულის.

Categories
წიგნები

ღირსი იოანე სინელი კიბე ანუ კლემაქსი – სიტყვა 3, უცხოობისათვის, ანუ სოფლისგან განდგომისათვის

ღირსი იოანე სინელი

კიბე ანუ კლემაქსი

სიტყვა 3, უცხოობისათვის, ანუ სოფლისგან განდგომისათვის

  1. უცხოობა (*) არის შეუქცევადი დატოვება მშობლების და ყოველივე იმისა, რაც ამ ქვეყნად წინ აღუდგებოდნენ და აბრკოლებდნენ ჩვენს კეთილ ზრახვებს.
  2. უცხოობა – ესაა სიბრძნე განშორება კადნიერებისგან, რაღაც უცნაური სიბრძნე, განუმარტებელი ცოდნა, საიდუმლო ცხოვრება, უხილავი, უჩინარი ფიქრი, სწრაფვა ყვედრებისა და დამდაბლებისკენ, გაჭირვების და იწროების სურვილი, საღმრთო სურვილების აღმოცენება, ღვთის სიყვარულის გამრავლება, ამპარტავნების უარყოფა, დუმილის სიღრმე, გზა ღვთაებრივი ნეტარებისკენ.

  3. ჩვეულებრივ, თავდაპირველად ეს გულთქმა, ღვთაებრივი ცეცხლის მსგავსად, ძლიერად და ხანგრძლივად უბიძგებს ადამიანს, რომ იგი განეშოროს თავისიანებს და ამგვარ სათნოებათა მოყვარეს სიღატაკისა და იწროების სურვილით აღავსებს, მაგრამ რამდენადაც დიდებული და საქებარია ეს ღვაწლი, იმდენად დიდ გასნჯას მოითხოვს იგი; რადგან ყოველგვარი უცხოობა სათნოება არ არის.

  4. და თუ უფლის თქმით (*), ყოველი წინასწარმეტყველი შეურაცხყოფილია თავის მამულში, ჩვენც უნდა გავფრთხილდეთ, რათა სოფლის უარყოფა ამპარტავნების მიზეზად არ გვექცეს.

  5. რადგან უცხოობა არის განშორება( ყოველივესგან მხოლოდ იმისთვის, რომ ღმერთთან აზრობრივად განუყოფელად იმყოფებოდე.

  6. უცხოობა არის ჭეშმარიტი საქმე და სიყვარული გლოვისა.

  7. უცხოობა ის არის (*), როდესაც მოღვაწე როგორც ახლობლების, ასევე – უცხოთა სიყვარულს გაურბის.

  8. როცა განმარტოებას ესწრაფი, ნუ დაუცდი სოფლისმოყვარე ადამიანებს, რადგან შეიძლება სიკვდილი მოულოდნელად წამოგადგეს თავს.

  9. სხვების ცხონებაზე ყველა ვერ იზრუნებს, რადგან მოციქული ამბობს: თითოეულმან თავის თვისისათვის სიტყუა მისცეს ღმერთსა, ძმანო და კვლავ რომელი ეგე სხვასა ასწავებ თავსა თვისსა არა ასწავება? (რომ. 2.21). თითქოს და ეთქვას – უნდა ვზრუნავდეთ თუ არა ერთმანეთზე, ეს არ ვიცით, მაგრამ საკუთარ ხსნას კი აუცილებლად უნდა ვესწრაფოდეთო.

  10. უცხოობისას განერიდე ამაო ხეტიალს და სიძვის ეშმაკს, რადგან სწორედ ჩვენი უცხოობა აძლევს მას ჩვენივე გამოცდის საბაბს.

  11. კარგია ქონების უარყოფა, ხოლო მისი მშობელი – სოფლისაგან განრიდებაა.

  12. ამ ქვეყნიდან უფლის სახელით განრიდებულს სამყაროსთან აღარანაერი კავშირი აღარ უნდა ჰქონდეთ, რათა არ აღმოჩნდეს, რომ საკუთარი ვნებების დასაკმაყოფილებლად აირჩია უცხოობა.

  13. ქვეყნიერებისგან განრიდებული მას ნუღარანაირად შეეხები, რადგან ვნებებს უკან დაბრუნება სჩვევიათ.

  14. ევა თავისი ნების წინააღმდგ განიდევნა სამოთხიდან, ბერი კი საკუთარი ნებით ტოვებს მამულს; რადგან ევა კვლავ ურჩობის ხისგან ჭამას მოინდომებდა, ხოლო მონაზონს აუცილებლად რამე განსაცდელს შეამთხვევენ ხორციელი ნათესავები.

  15. იმ ადგილს, სადაც შეიძლება დაეცე, ისევე უნდა გაურბოდე, როგორც მახვილს, რადგან, როცა აკრძალულ ნაყოფს ვერ ვხედავთ, ის იმდენად ძლიერ აღარ გვსურს.

  16. ნურც მტრების მზაკვრობა და ცბიერება გამოგეპარებათ: ისინი გვირჩევენ, რომ ამქვეყნიურს არ განვეშოროთ, ჩაგვაგონებენ, რომ დიდ ჯილდოს მოვიპოვებთ, თუ დედაკაცს ვიხილავთ, მაგრამ თავის შეკავებას შევძლებთ. მათ კი არ უნდა დავემორჩილოთ, არამედ სწორედ მათი შეგონების საწინააღმდეგოდ უნდა მოვიქცეთ.

  17. როდესაც ჩვენი ახლობლებისგან განშორების ერთი ან რამდნიმე წლის შემდეგ ცოტაოდენ კრძალულებას, ან ლმობიერებას, ან თავშეკავებას მოვიხვეჭთ, მაშინვე ამაო ზრახვები დაგვესხმიან თავს და გვიბიძგებენ, სამშობლოში დავბრუნდეთ დასამოძღვრად, მაგალითად, მათთვის, ვინც უწინდელი ჩვენი ურჯულო საქმეები იცოდა. თუ ამასთან ერთად სიტყვაუხვები ვართ და ცოტაოდენი სულიერი გონება გვაქვს, ეს ბოროტი ძალები გვარწმუნებენ, რომ ერში სულთა მხსნელთა და მასწავლებელთა სახით დავბრუნდეთ. ამის შედეგად კი ჩვენ, ვინც უკვე ნავსაყუდელს მივაღწევთ, საბოლოოდ მაინც საწყალობლად დავინთქმებით მორევში.

  18. ვეცადოთ, ლოთის ცოლს კი არა – თვით ლოთს მივბაძოთ, რადგანაც თუ სული კვლავ დაუბრუნდა იმ სამყოფელს, საიდანაც გამოვიდა, ჰგავს მარილის, რომელმაც ძალა დაკარგა და უძრავი ხდება.

  19. უკანმოუხედავად განეშორე ეგვიპტეს (*), რადგან მათ, ვისი გულიც მასზედ იყო მიჯაჭვული, ვერ იხილეს იერუსალიმი ანუ – მიწა უვნებლობისა.

  20. თვით მოსე ღვთისმხილველი უფლისგან თავისი ხალხის სახსნელად მიივლინა ეგვიპტეში – სიბნელის ქვეყანაში – და მრავალი ტანჯვა დაითმინა.

  21. სჯობს, მშობლები დაამწუხრო, ვიდრე უფალი, რადგან მან შეგვქმნა და გვაცხოვნებს ჩვენ, ხოლო მშობლებს ხშირად დაუღუპავთ საყვარელი შვილები და მარადიული სატანჯველისთვის მიუციათ ისინი.

  22. უცხოობაში იგია, ვინც ყველგან გონიერად იმყოფება და ხალხში ისეა, როგორც უცხოთა შორის – არამცოდნე ენისა.

  23. ჩვენ უსაყვარლეს ადამიანებსა და ადგილებს მათდამი სიძულვილის გამო კი არ განვეშორებით (ნუ იყოფინ!), არამედ იმ ზიანს გავურბივართ, რომელიც მათ შეუძლიათ მოგვაყენონ.

  24. როგორც ყოველგვარი სიკეთის – ამ საქმის მასწავლებელიც თვით ქრისტეა; რადგან ვნახეთ, რომ მანაც არაერთგზის დატოვა თავისი ხორციელი მშობლები და როდესაც უთხრეს – დედა შენი და ძმანი შენნი გეძიებენ შენ (მარკ. 3.32), სახიერმა უფალმა და მოძღვარმა ჩვენმა მათ მიმართ უვნებელი სიძულვილი აჩვენა და ბრძანა: დედა ჩემი და ძმანი ჩემნი იგინი არიან, რომელნი ყოფდენ ნებასა მამისა ჩემისა ზეცათასა (მათ. 12,49).

  25. დაე, იგი იყოს მამა შენი, რომელსაც სურს და ძალუძს, რომ შენთა ცოდვათა უღლის დასამხობად შენთან ერთად იღვაწოს; ხოლო დედა შენი – ლმობიერება, რომელიც შეძლებს, სიბილწისგან განგწმიდოს. ძმა – თანამოშურნე და თანამოღმვაწე მაღლისკენ სწრაფვაში.

  26. განუყოფელი მეუღლე კი – მარადიული მოხსენება სიკვდილისა; შენს საყვარელ პირმშოებად დაე გულისმიერი გოდება იქცეს; მონად – საკუთარი სხეული გაიხადე, ხოლო მეგობრები მოიხვეჭე ზეციურ ძალებში, რომლებიც სულის განსვლის ჟამს უმეტესად შეგეწევიან, თუ დაუმეგობრდები მათ. – ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისასა (ფს. 23,5).

  27. ღვთის სიყვარული მშობლებისადმი სიყვარულს აცხრობს და ვინც იტყვის, რომ ერთიც უყვარს და მეორეც – თავს იტყუებს, რადგან ნათქვამია: ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად (მათ. 6.24).

  28. უფალი ამბობს: არა მოვედ მე მიფენად მშვიდობისა, ანუ მშვიდობისათვის მშობელთა და შვილთა და ძმათა შორის (მათ. 10.34), რომელთაც ჩემი მონობა სურთ, არამედ მახვილისა, რათა ერთმანეთისგან განვყო ღვთისმოყვარე და სოფლისმოყვარე, ნივთიერი და უნივთო, დიდებისმოყვარე და სიმდაბლისმოყვარე, რადგან უხარია უფალს, როდესაც ვინმე მისი სიყვარულისთვის გამოეყოფა და განუდგება სოფელს.

  29. იხილე და გაფრთხილდი რომ შენს მიერ შეყვარებულ ნათესავთა გამო ირგვლივ ყოველივე დამთქმელ წყლად არ გექცეს და შენ სოფლისმოყვარების წარღვნამ არ დაგღუპოს.

  30. ნუ მიგდრეკს ახლობელთა და მშობელთა ცრემლი; წინააღმდეგ შემთხვეავაში საუკუნო ტირილი მოგელის.

  31. როდესაც ნათესავები გარშემოგერტყმიან ფუტკრების, ან უკეთ ვიტყვი, კრაზანების მსგავსად და დაგტირიან, მაშინ დაუყოვნებლივ სულიერი თვალი შენს საქმეებს და მომავალ სიკვდილს მიაპყარ, რათა შეძლო ერთი მწუხარება მეორეზე გადაიტანო.

  32. ჩვენიანები (*), ან უკეთ – არაჩვენიანები, ცბიერად გვპირდებიან, რომ ყოველივეს გააკეთებენ, რაც გვიყვარს; მათი განზრახვა მხოლოდ ისაა, რომ ჩვენს კეთილ ზრახვას აღუდგნენ წინ. ხოლო შემდეგ თავიანთი მიზნებისთვის გამოგვიყენონ.

  33. სოფლისგან განშორების შემდეგ მოვალენი ვართ ავირჩიოთ საცხოვრებელი, რომელიც ამპარტავნებას კი არ დაგვიკმაყოფილებს, არამედ უფრო მეტად დაგვამდაბლებს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ჩვენ ვნება გვამოქმედებს.

  34. დამალე შენი კეთილშობილური წარმოშობა და შენი წარჩინებულობით ნუ განდიდდები. ისე არ მოხდეს, რომ შენი საქმე ერთი იყოს და სიტყვა – მეორე.

  35. არავინ ისეთი ზომით არ მისცემია უცხოობას, როგორც დიდებული იგი, რომელსაც ესმა ხმა: გამოვედ ქვეყანისგან შენისა და ნათესავისგან შენისა და სახლიდგან მამისა შენისა (შესაქმ. 12,1). და ამასთან იგი უცხო, ბარბაროსთა მიწაზე იქნა მოწოდებული.

  36. ხშირად უფალი უმეტესად განადიდებს მას, ვინც უცხოობის ღვაწლს ამ უდიდებულესის მსგავსად იტვირთავს და თუმცა ეს დიდება უფლისგან მოდის, კარგია, თუ მას სიმდაბლის ფარით ავიცდენთ.

  37. თუ ეშმაკები და თუნდაც ადამიანები უცხოობის, როგორც დიდი ღვაწლის გამო, ქებას შეგვასხამენ, მასზედ ვიფიქროთ, ვინც ჩვენთვის – მსგავსად მწირისა – გარდამოვიდა ციდან და მივხვდებით, რომ სამაგიეროს მას ვერასოდეს მივუზღავთ.

  38. ლტოლვა ნათესავის ან ვინმე სხვა ადამიანის მიმართ მეტად მავნეა. მან შეიძლება, თანდათანობით სოფლისკენ მიგვიზიდოს და ლმობიერების ცეცხლი სრულად დაშრიტოს ჩვენში.

  39. ისევე, როგორც შეუძლებელია, ერთი თვალით ზეცას შესცქეროდე, მეორეთი კი – მიწას უმზერდე. ასევე შეუძლებელია, სულიერი უბედურება არ მოვიდეს მასზე, ვინც აზრითა და სხეულით სრულიად ვერ მოსწყდა თავის ნათესავებს და არანათესავებს.

  40. კეთილი და სათნო ზნე დიდი შრომითა და ღვაწლით მოიპოვება შეიძლება ის, რაც დიდი გარჯით იყო მოხვეჭილი, ერთ წამში დაიკარგოს, რამეთუ ერული და წარმავალი გახრწნიან გონებათა ტკბილთა და წესთა კეთილთა (კორ. 15,33).

  41. ვინც სოფლის უარყოფის შემდეგ ერის ადამიანებს მიმართავს, ან მათ სიახლოვეს იმყოფება, იგი უეჭველად ან მათ საქმეებსა და ბადეში ეხვევა, ან გულს მათზე ფიქრით იბილწავს; ან თუ არ შეიბილწება მასთან ერთად.

სიზმრებისთვის, რომლებიც დამწყებებს სჩვევიათ

  1. შეუძლებელია, დავმალოთ ის, რომ ჩვენი გონება სრუყოფილი არ არის და ყოველგვარი უჯეროებითაა სავსე; იმიტომ, რომ პირი განასხვავებს საკვებს, სმენა შეიცნობს აზრებს, მზის შეხედვისას ჩვენი თვალის უძლურება წარმოჩინდება, ხოლო სულის უგუნურებას სიტყვა ამჟღავნებს. მაგრამ სიყვარულის კანონი იმასაც სწვდება, რაც ძალას აღემატება. ამგვარად, მე ვფიქრობ (და არ ვამტკიცებ), რომ უცხოობაზე საუბრის შემდეგ ან თვით მასზედ საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, ცოტაოდენი სიზმრების შესახებაც უნდა ითქვას, რათა ჩვენი ბოროტად ცბიერი მტრის ამ მზაკვრობის შესახებაც ვიცოდეთ.
  2. სიზმარი ესაა გონების მოძრაობა სხეულის უძრაობის ჟამს.

  3. ჩვენება თვალის მოტყუებაა აზრების მიძინებისას.

  4. ჩვენება გონების მოკლებაა სხეულის გაძლიერების ჟამს.

  5. ჩვენება ხილვაა იმისა, რაც არ არსებობს.

  6. მიზეზი, რომელიც გვაიძულებს ამ შესავალი სიტყვის შემდეგ სიზმრებზე ვილაპარაკოთ, აშკარაა.

  7. როდესაც ჩვენ უფლისათვის ვტოვებთ სახლსა და ნათესავებს და ღვთისადმი სიყვარულით განდეგილურ ცხოვრებას მივეცემით, მაშინ ეშმაკები ცდილობენ, სიზმრებით აღგვაშფოთონ. წარმოგვიდგენენ ჩვენს ახლობლებს, ჩვენს გამო მგლოვიარეებს, ან დატყვევებულებს, ან დარბეულებს.

  8. ამიტომ ის, ვისაც სიზმრების სწამს, იმ ადამიანს მიემსგავსება, ვინც საკუთარ ჩრდილს მისდევს და მის შეპყრობას ლამობს.

  9. ამპარტავნების ეშმაკები – წინასწარმეტყველნი სიზმრად; ისინი გაიძვერულად, გარემოებათა მიხედვით ხვდებიან მომავალს და გვაუწყებენ მის შესახებ, რათა საკუთარი ხილვების ახდენის შედეგად განვცვიფრდეთ და როგორც წინასწარჭვრეტის ნიჭთან ახლოს მყოფნი გონებით ავმაღლდეთ.

  10. ვისაც ეშმაკისა სჯერა, მას იგი ხშირად წინასწარმეტყველად ევლინება. ხოლო ვინც არად აგდებს მას, მათ წინაშე ყოველთვის მატყუარად წარმოჩინდება.

  11. როგორც სული, იგი ჰაერის სივრცეში ყოველივე მომხდარს ხედავს და როდესაც შენიშნავს, რომ ვინმე კვდება, მცირედმორწმუნეს სიზმრის საშუალებით აცნობებს.

  12. ეშმაკები არაერთგზის წარმომდგარან ნათლის ანგელოზების და მოწამეების სახით და სიზმარში უჩვენებიათ, თითქოს ჩვენ მათთან მივიდივართ. გაღვიძებულებს სიხარული და ამპარტავნება გვავსებს.

  13. როდესაც ანგელოზები გვიჩვენებენ ტანჯვას, საშინელ სამსჯავროსა და განშორებას, გამოღვიძებულთ შიში და გლოვა გვიპყრობს. დაე ეს იყოს შენთვის ხიბლის ნიშანი.

  14. თუ ჩვენ სიზმრად ეშმაკებს დავმორჩილდებით, ისინი ჩვენზე თავდასხმას სიფხიზლის დროსაც გააგრძელებენ.

  15. ვისაც სიზმრების სჯერა, ის სრულიად გამოუცდელია. ხოლო ვისაც მათ მიმართ რწმენა არა აქვს, იგია სიბრძნისმოყვარე.

  16. ამგვარად მხოლოდ ის სიზმარი ირწმუნე, რომელიც მხოლოდ ტანჯვისა და სამსჯავროს შესახებ გამცნობს და თუ სასოწარკვეთილება შეგიპყრობს, მაშინ ისიც ეშმაკისგან ყოფილა.

ესაა მესამე საფეხური, წმიდა სამების რიცხი,
მასზედ აღმსვლელი „ნურღარა მიხედავ მარჯულ, გინა მარცხულ“
(მეორე სჯულ. 5,32)

Categories
წიგნები

ღირსი იოანე სინელი კიბე ანუ კლემაქსი – სიტყვა 2, ამ სოფლის და მის საზრუნავთა მოძულებისათვის

ღირსი იოანე სინელი

კიბე ანუ კლემაქსი

სიტყვა 2, ამ სოფლის და მის საზრუნავთა მოძულებისათვის

  1. ვინც ჭეშმარიტად შეიყვარა უფალი, ვისაც სურს, ჭეშმარიტად შეიმეცნოს იგი და ცათა სასუფეველს ეძიებს, ვინც ჭეშმარიტად გლოვობს თავის ცოდვებს, ვინც მარადიული სატანჯველისა და საშინელი სამსჯავროს ხსოვნა მოიპოვა, ვინც დაიდო გულში ხორციდან გასვლის შიში, ის უკვე არაფერს დროებითს აღარ შეიყვარებს, მამულისა და მონაგების შეძენასა და მოხვეჭაზე აღარ იზრუნებს, არც ნათესავებზე, არც ამქვეყნიურ დიდებაზე, არც მეგობრებსა და ძმებზე; ანუ – არანაირ სოფლიურ საქმეზე; არამედ ამ ყოველივეს სიყვარულსა და ზრუნვას განაგდებს და მოიძულებს, უპირველესად კი – საკუთარ ხორცს და სრულიად შიშველი, უზრუნველი და მხნეობით აღსასვსე შეუდგება ქრისტეს, მას გამუდმებით თვალი ზეცისკენ მიპყრობილი ექნება და შემწეობას იქიდან დაელოდება, როგორც იყტვის წმიდა იგი: მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯვენე შენი (ფსალ. 62,9), ხოლო სხვა იგი სანატრელი ამბობს: მე არა დავშვერ შემდგომად შენსა სრბად და განსუენებისათვის, ამის დღისათვის კაცობრივისა არა მსუროდა, უფალო (იერ. 17.16).

  2. დიდად სამარცხვინოა, თუ ჩვენ ყოველივე ზემოთქმულზე უარს ვიტყვით და მას შემდეგ, რაც კაცმა კი არა – უფალმა მოგვიწოდა, კვლავ იმ საქმეებზე ვიზრუნებთ, რომლებიც ვერას გვარგებს უდიდესი გაჭირვების ჟამს, ანუ მაშინ, როდესაც სული სხეულს დატოვებს. როგორც უფალი იტყვის: ეს იმას ნიშნავს, რომ უკან ვიხედებოდეთ და ცათა სასუფევლისკენ აღარ ვისწრაფოდეთ.

  3. უფალმა უწყოდა, რომ სოფლიდან ახლად გამოსულები ყოველგვარ კეთილ საქმეს ადვილად მოვწყდებით და ერისკაცებთან ერთად ყოფნით ადვილად დავუბრუნდებით სოფელს, ამიტომ, როდესაც უთხრეს: მიბრძანე მე მისვლად და დაფლვად მამისა ჩემისა, მან მიუგო: აცადენ მკუდარნი დაფლვად თვისთა მკუდართა (ლუკ. 9,59).

  4. როდესაც ამ სოფელს მივატოვებთ, ეშმაკი უეჭველად შეეცდება, რომ გნატრიდეთ ზოგიერთ მოწყალე და ლმობიერ ერისკაცს, ხოლო საკუთარი თავის, როგორც სრულიად მოკლებული ამგვარ სათნოებებს, შევაჩვენოთ. აქ მტრის განზრახვა აშკარავდება: მას სურს, რომ ყალბი თავმდაბლობით კვლავ ერში დაგვაბრუნოს, ან თუ მონასტერში დავრჩებით, სასოწარკვეთილებისაკენ გვიბიძგოს.

  5. არსებობს ერისკაცთა არად ჩაგდება, რომელიც ამპარტავნებიდან მოდის და კიდევ არსებობს არად ჩაგდება მათი, როდესაც მათ არ ესმით, რომ სასოწარკვეთილებას გავურბივართ და იმედს ვიხვეჭთ.

  6. მაშ, ვისმინოთ, თუ რას მიუგებს უფალი იმ ჭაბუკს, რომელმაც, მისივე თქმით, ყოველი მცნება აღასრულა: ერთიღა გაკლს შენ, ყოველი რაიცა გაქუს განყიდე და მიეც გლახაკთა (ლუკ. 18.22) და თავად იქეც გლახაკად და მოწყალება სხვისგან მიიღე.

  7. ვისაც (*) მხურვალე სურვილი გაქვთ – ბერობის ღვაწლი გულმოდგინებით აღასრულოთ, გულისხმაჰყავით უფლის სიტყვები. მან ამა სოფლის ყველა მკვიდრსა და მის მოქალაქეს მკვდარი უწოდა, როდესაც უთხრა ერთს: დაუტოვეთ ერისკაც მკვდრებს დასამარხად მათ შორის მყოფი ხორციელ მკვდრები (ლუკ. 9.6).

  8. ყმაწვილს სიმდიდრე როდი აბრკოლებდა მის ნათლისღებას. ზოგიერთს ტყუილად ჰგონია, რომ უფალმა მას მონაგების დატოვება ნათლისღებისათვის უბრძანა, აქ ქრისტე იმ სისრულეზე მიგვანიშნებს, რომელიც ჩვენთვის მონაზვნობის უდიდესი წოდების მოსაპოვებლადაა საჭირო.

  9. საჭიროა გამოვიკვლიოთ (*), თუ რატომაა, რომ ერში ყოფნისას მარხვის, მღვიძარებისა და განსაცდელთა დათმენის ღვაწლს აღასრულებენ, ხოლო, როდესაც სოფელს განშორებულნი შეუდგებიან მონაზვნურ ცხოვრებას, როგორც გამოცდისა და სამოღვაწეო ასპარეზს, საკუთარ ცრუ და მოჩვენებით ღვაწლს ვეღარ ტვირთულობენ.

  10. მე სოფლის მკვიდრთა მიერ დარგული სათნოებათა მეტად ბევრი და სხვადასხვაგვარი ნერგი ვნახე. ბინძური წყლით მორწყული, ამპარტავნებითა და მოჩვენებითობით შემოთოხნილი, თავმოწონებით შემორაგული და განდიდების სკორეთი გაპოხიერებული, მაგრამ როგორც კი ისინი ცარიელ, ერისკაცთათვის მიუვალ მიწაზე გადარგეს და პატივმოყვარეობისათვის ჭაობის სინესტე ვეღარსად იპოვეს, გახმნენ, რადგან ტენისმოყვარე ნარგავები მშრალ და უწყლო ადგილს ვერ ეგუებიან.

  11. თუ ვინმემ სოფელი მოიძულა, იგი მწუხარებას განერიდა, მაგრამ თუკი ვინმეს მისწრაფება შემორჩა – რაიმე ხილულის მიმართ, ის ყოველგვარ მწუხარებას ჯერაც ვერ განრიდებია, რადგან შეუძლებელია, საყვარელ საგნებთან განშორებამ მწუხარებით არ აღგავოს.

  12. თუმცა სიფხიზლე ყველაფერში აუცილებელია, მაგრამ სხვებთან შედარებით ამ საქმეში, რომლის შესახებაც მსურს, გითხრათ, უმეტესი ყურადღება გმართებს.

  13. ერშიც ბევრი მინახავს ისეთი (*), ვინც ხორციელი საზრუნავის, საქმის, შრომისა და მღვიძარების საშუალებით განერიდა საკუთარ ხორციელ გულისთქმებს, მაგრამ როგორც კი მონაზვნობა მიიღო და საზრუნავი შეუმცირდა, საბრალო ხორცთა აღძვრის მიზეზით შეიბილწა.

  14. ვიფრთხილოთ მაშინ, როდესაც გვგონია, რომ ვიწრო და ბნელი ბილიკით მივდივართ, სინამდვილეში ფართო და ვრცელ გზაზე არ მივეხეტებოდეთ და არ ვცდებოდეთ.

  15. ვიწრო გზაზე შენ გატარებს შევიწროებული სტომაქი, ღამით სიფხიზლე, წყლის ზომიერი სმა, პურის სიმცირე.

  16. ნეტარია იგი, ვისაც ყოველივე ზემოთქმულის აღსრულება ძალუძს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა (მათ. 5,3-12).

  17. ცათა სასუფეველში გვირგვინოსანი ვერ შევა იგი, ვინც პირველ, მეორე და მესამე უარყოფას არ აღასრულებს. პირველი უარყოფა – ესაა უარყოფა სოფლისა, ნათესავთა და ყოველგვარ საგანთა; მეორე – უარყოფა საკუთარი ნებისა; მესამე – პატივმოყვარეობის დამარცხება, რაც მორჩილებას იწვევს:

  18. ამისთვის გამოვედით (*) შორს მათსა და გამოეშორენით. – იტყვის უფალი და არაწმიდასა და ნუ შეეხებით (2კორ. 6,17). რადგან რომელ ერისკაცს უქმნია სასწაული ოდესმე? ან რომელმა აღადგინა მკვდარნი? რომელმა განდევნა ეშმაკნი? – არავინ, ყოველი ეს საქმე მონაზვნობის კუთვნილებაა და სოფელი მათ ვერასოდეს იტვირთავს. სოფელს რომ ეს შესაძლებოდა, მაშინ მონაზვნობა და ქვეყნის განდგომაც აღარ იქნებოდა საჭირო.

  19. განდგომის შემდეგ, როდესაც ეშმაკები მშობლებისა და ახლობლების გახსენებით აღაგზნებენ ჩვენს გულებს, მათ წინააღმდეგ ლოცვით უნდა შევიარაღდეთ და საკუთარი თავი მარადიული ცეცხლის გახსენებით აღვანთოთ, რადგან მხოლოდ მისი გახსენებით შევძლებთ, გულში უდროოდ ანთებული ცეცხლის დაშრეტას და ჩვენში საღმრთო ცეცხლის ანთებას.

  20. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ყოველგვარი საგნის მიმართ ლტოლვა დასძლია, მარგამ ამ საგნებთან განშორება კი მწუხარებას მოჰგვრის, ის აცდუნებს საკუთარ თავს.

  21. თუ ის ახალგაზრდები, რომლებიც ხორციელ სიყვარულსა და შვებას ელტვიან, მონაზვნურ ცხოვრებას მოისურვებენ, საკუთარი თავი სრული სიფხიზლითა და ყურადღებით უნდა გამოაფხიზლონ, თავი უნდა აიძულონ, რომ ყოველგვარ ცბიერებასა და სიამოვნებას განერიდონ, რომ ბოლო დასაწყისზე უარესი არ აღმოჩნდეს მათთვის.

  22. ეს ნავთსაყუდელი (*) შეიძლება, მათი ცხონების მიზეზიც გახდეს და – დაღუპვისაც. ეს იცის ყველამ, ვინც უხილავი თუ ხილული ზღვის გადაცურვას ესწრაფვის.

  23. სწორედ საშინელი სანახაობაა, როდესაც ვინმე ამ ზღვის შუაგულს უვნებლად გამოაღწევს და სწორედ ნავსაყუდელთან დაინთქმება.

საფეხური მეორე – ვინც ამ საფეხურზე შედგება,
დაე, თავისი განრიდებით ლოთის ცოლს კი არა, – თვით ლოთს ემსგავსოს.

Categories
წიგნები

ღირსი იოანე სინელი – კიბე ანუ კლემაქსი – სიტყვა პირველი სოფლის დატოვებისათვის

ღირსი იოანე სინელი

კიბე ანუ კლემაქსი

 

სიტყვა 1, სოფლის დატოვებისათვის

  1. ჩვენი სახიერი, კაცთმოყვარე და მოწყალე ღვთისა და მეუფის შეწევნით ვიწყებ საუბარს, რადგან კარგია, როდესაც ღვთის მონათა მიმართ სათქმელ სიტყვებს ღმერთით დავიწყებთ. ყველა პირველმეტყველს, ვინც სახიერმა და დიდებულმა ღმერთმა დაბადა, მან თავისუფლების პატივი მიანიჭა. ამიტომ ზოგი მისი მეგობარია, ზოგი ერთგული, ხოლო ზოგი – უვარგისი მონა, ზოგიერთი სრულიად გაუცხოებულია მისგან, ზოგი კი, მიუხედავად უძლურებისა, წინ აღუდგება მას. წმიდაო მამაო, ღვთის მეგობრად ჩვენ უსწავლელნი იმათ ვგულისხმობთ, ვინც მის გარშემო მყოფი, ბუნებით უხორცო და გონიერი არსებები არიან; ერთგული მონაა ყველა ის ვინც მისი ნებისაღსრულებას ესწრაფვის; ურგები მონა – ვისაც ნათლისღება და ნათლისღებისას აღთქმები მიუღია, ღვთის წინაშე აღუთქვამს, მაგრამ არ დაუცავს ისინი.
  2. ღვთის მტრებად და მისთვის უცხოდ იმათ ვგულისხმობ, ვინც ან მოუნათლავი ან ურწმუნოა, ან – ბოროტადმორწმუნე (ერეტიკოსი), ხოლო მოწინააღმდეგენი და მბრძოლნი ისინი არიან, ვისაც არა მხოლოდ საკუთარი თავისგან განუგდიათ ღვთის შიში, არამედ ყველას, ვინც ღვთის ნებას ასრულებს, სასტიკად ებრძვიან და წინ აღუდგებიან. თითოეული აქ მოხსენებული მდგომარეობა შესაფერის და რიგიან განმარტებას ითხოვს, მაგრამ ჩვენ – გლახაკთა და უსწავლელთა, არ შეგვიძლია, თითეული საგანგებოდ აღვწეროთ. ამიტომ ღვთის ერთგულ მონებთან მოვედით, რომელთაც კეთილად გვაიძულეს, რომ ჩვენი უღირსი ხელი ერთგული მორჩილებით გავიწოდოთ და მათი გონიერების შეწევნით მოვიხმაროთ კალამი ჩვენი სიტყვისა და მათ მგლოვარე და ბრწყინვალე სიმდაბლეში, როგორც მელანში, ისე ამოვაწეოთ და მათ სათნოებით გაპოხილ და სპეტაკ გულებში როგორც ქაღალდზე, ან როგორც სულიერ ფიცარზე დავიწყოთ წერა საღმრთო სიტყვებისა და სათნოებათა თესლისა და ამგვარად ვთქვათ:
  3. ყველას, ვისაც სურს და ეძიებს ღმერთს, იგი გამოუჩნდება მათ, რადგანაც ის არის ღმერთი და ცხოვრება ყველასი: მორწმუნეთა და ურწმუნოთა; მართალთა და ცოდვილთა; უვნებელთა და ვნებაში დანთქმულთა; ღვთისმსახურთა და ურჯულოთა; ერისკაცთა და მონაზონთა; ბრძენთა და უსწავლელთა; ჯანმრთელთა და სნეულთა; ჭაბუკთა და მოხუცებულთა; რადგან როგორც სინათლე, როგორც მზე და ჰაერის ცვალებადობა ერთნაირია ყველასათვის, ასევე იგია მაცხოვნებელი ყოველთა და ყოველივე ამის ჩვენთვის მომნიჭებელი და ვინც ეძებს მას, მათ გამოუჩნდება იგი, რადგან ცვალებადობას არ განიცდის და მიკერძოება უცხოა ღვთისთვის (რომ. 2.11).
  4. ურწმუნო არის პირმეტყველი და მოკვდავი ქმნილება, რომელიც ნებით გაურბის საკუთარ ცხონებას და თავის დამბადებელი, რომელიც მარადიულია, არარსებული ჰგონია.
  5. ურჯულო იგია, ვინც ღვთის რჯულს უკეთურებით და საწინააღმდეგო წერილებით აღასრულებს და ჰგონია, რომ ღმერთი სწამს.
  6. ქრისტიანი ქრისტეს მსგავსია იმდენად, რამდენადაც კაცობრივი ბუნებისათვის შესაძლებელია, რადგან მას საქმით, სიტყვით და გონებით სწორად და წმინდად სწამს წმიდა სამება.
  7. ღვთისმოყვარე არის იგი, ვინც ყოველივე ბუნებისმიერ და უცოდველ საქმეებს არ ეწინააღმდეგება და თუ რაიმე კეთილი საქმის ქმნა შეუძლია, არ დაიზარებს.
  8. კრძალული ის არის, ვინც განსაცდელების ჟამს იმ საქმეთა აღსრულებას ესწრაფვის, რომლებიც ყოველივე ამისგან შორს დგას.
  9. მონაზვნობა არის უხორცო ძალების წესი და საქმე, რომელიც ნივთიერ და მოკვდავ ხორცში ყოფნისას აღესრულება.
  10. მონაზონი იგია, რომელიც მხოლოდ საღმრთო საქმეს ხედავს და აღასრულებს ყოველთვის, ყველგან და ყოველგვარ ქმედებაში.
  11. მონაზვნობა არის ის, რომ კაცმა საკუთარი ნება უარყოს, გაბნეული ზრახვები მოიკრიბოს და სამუდამოდ უფრთხილდებოდეს მათ.
  12. მონაზვნობა ბუნების იძულებაა სამარადისოდ და – გრძნობების გამუდმებული დაცვა.
  13. მონაზვნობა განწმენდილი ხორცი, წმინდა ბაგე და განათლებული გონებაა.
  14. მონაზონი არის მგლოვარე სული, სიკვდილის გამუდმებული ხსოვნით გამწარებული ძილში და სიფხიზლეში.
  15. სოფლისაგან განშორება არის ნებით მოძულება და უარყოფა ბუნებისა (*) – ბუნებაზე აღმატებულ სიკეთეთა მოხვეჭის სურვილი.
  16. ყველამ, ვინც სოფლის საქმეები დაუტევა, ეს ან მრავალი ცოდვის ქმნის შემდეგ ან უფლის სასუფევლის მოსახვეჭად ან ღვთისადმი სიყვარულით მოიმოქმედა. თუ ამ სამიდან რომელიმე არ იყო მათი წინამძღოლი, მაშინ უგუნურებაა მათი განშორება სოფლიდან. თუმცა, რის გამოც არ უნდა იყოს აღსრულებული ეს საქმე, ჩვენი ყოვლადკეთილი მეუფე მოელის, თუ დასასრული როგორი ექნებათ.
  17. ვინც ეს სოფელი თავისი ცოდვების ტვირთის ჩამოსასხნელად დატოვა, ქალაქგარეთ საფლავებთან მჯდომარეს ემსგავსება. მან არ უნდა შეწყვიტოს მხურვალე და ცეცხლივით მწველი ცრემლი და გულის ფარული გლოვა, ვიდრე არ იხილავს იესოს, რომელიც მოვა მასთან, რათა სისასტიკე მისი გულიდან ლოდივით გადააგორეს და ლაზარეს მსგავსად შეკრული მისი გონება ცოდვის სახვეველისგან გახსნას, როდესაც უბრძანებს თავის ანგელოზებს: გახსენით ეგე ვნებათაგან (იოან. 11.44) და უტევთ, რომ ნეტარი უვნებლობის გზით ვიდოდეს. ხოლო თუ ყოველივე ასე არ მოხდა, სოფლის დატოვება ვერაფერს არგებს.
  18. ვისაც გვსურს, ეგვიპტედან გამოვიდეთ და ფარაონის საშინელ მონობას გავექცეთ, მაშინ ღვთის წინაშე შუამდგომელად ჩვენც გვჭირდება მოსე, რომელიც ღვაწლსა და ჭვრეტას შორის დადგება და გაიწვდენს ხელს უფლისადმი, რათა ყველამ, ვინც მას მივყვებით, ცოდვების ზღვა გადავლახოთ, ვნებათა ამალეკი დავძლიოთ, რადგან ცდება ყველა ის, ვინც საკუთარი თავი ამგვარი ბრძოლისთვის გადადო და ჰგონია, რომ წინამძღვარი არ სჭირდება.
  19. ვინც ეგვიპტიდან გამოვიდა, მათ მოსე უძღოდა წინ, ხოლო სოდომიდან გამოსულთ კი – ანგელოზი. ხოლო ამჟამად, ვინც სულიერ ვნებათაგან (*) განკურნებას ეძებს, იგი ეგვიპტიდან გამოსულებს მიემსგავსება, რომელსაც მოსეს მსგავსი მკურნალი სჭირდება. ხოლო, ვისაც სურს, რომ ამ უბადრუკი და არაწმიდა ხორცისაგან გათავისუფლდეს – ანგელოზი, რაც იმას ნიშნავს, რომ ანგელოზის სწორი უნდა იყოს დამხმარე მისი, რადგან დიდი ხნის აყროლებულ წყლულს დახელოვნებული მკურნალი სჭირდება.
  20. ჭეშმარიტად დიდი გაჭირვებისა და განუწყვეტელი შრომის ატანა უწევს მას, ვისაც ხორცში ყოფნისას ზეცაში ასვლა გადაუწყვეტია და განსაკუთრებულად სოფლიდან გამოსვლის დასაწყისში, სანამ გემოთმოყვარების ჩვეულება დაეხსნება და გასასტიკებული გული ღვთისმოყვარებასა და გლოვის სიწმინდეს შეიძენს, რადგან ჭეშმარიტად დიდი შრომაა საჭირო და დიდი სიმწარის ატანა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ვნება ჩვევად გადაექცევა, ვიდრე ძაღლივით ხორცისმოყვარე და სიბინძურისმოყვარე ჩვენს გონებას სიმშვიდის, სიმტკიცისა და განურისხველობის საშუალებით სიწმინდისმოყვარედ და სიბრძნისმოყვარედ შევცვლით. ვნებათა და უძლურებათა გამო უიმედობას ნუ მივეცემით, არამედ სარწმუნოებისადმი ერთგულებით ჩვენი სულიერი უძლურება და უსუსურობა ჩვენივე ნებით ვაჩვენოთ ქრისტეს და ვაღიაროთ მის წინაშე. მაშინ მისგან დამსახურებულზე უმეტეს შემწეობას მივიღებთ, თუკი მხოლოდ იმას შევძლებთ, რომ საკუთარ თავს გამუდმებით სიმდაბლის უფსკრულში ჩავიყვანთ.
  21. იცოდეთ, რომ ყოველი, ვინც ამ კეთილ, ძნელ, მძიმე და მსუბუქ ღვაწლს () შედგომია, ცეცხლში შესვლას აპირებს, რადგან თავის თავში უნივთო ცეცხლის მიღებას მოელის. თითოეულმა საკუთარი თავი გამოსცადოს და საჭმელი მწარე ბალახთან – მდოგვთან () ერთად მიიღოს და თავისი ცრემლით გაზავებული სასმელი სვას, რათა მისი ბრძოლა საკუთარი თავის დასასჯელად არ შემობრუნდეს.
  22. თუკი არ ცხონდება ყველა, ვინც მოინათლა…. აქ დავდუმდები.
  23. ყველას, ვისაც მონაზვნობა სურს, სოფლის ყოველგვარი საქმე დაუტოვებია, ყოველივე შეურაცხუყვია, ყოველივე უარყვია მაშინ, როდესაც მონაზვნობას შეუდგა, რათა კეთილი საძირკველი ჰქონდა.
  24. კეთილ საძირკველზე სათნოებათა სამი სვეტი ეყრდნობა – უმანკოება, მარხვა, სიწმინდე. ყველა ქრისტეს მიერ ჩვილი ამ სათნოებით იწყებს და ბაძავს ხორციელად ჩვილებს, რომელთათვის უცხოა მზაკვრობა და ცბიერება, უძღები სიმაძღრე, გაუმაძღარი მუცელი, ხორცის განხურვება, გამხეცება და მე მგონია, რომ მხურვალებას ასაკთან ერთად მიიღებენ.
  25. ჭეშმარიტად საძაგელი და დამღუპველია, როდესაც ომში შესული მებრძოლი დაუძლურდება და აშკარად დაეტყობა, რომ მალე მარცხი და სიკვდილი მოელის, რადგან, როდესაც სხვები დაინახავენ, რომ შესვლისთანავე, დასაწყისშივე მოიკლა იგი, ბრძოლის დაწყებას აღარ მოინდომებენ.
  26. ასევე უეჭველია, რომ მონაზვნობის მიღებისთანავე მოღვაწეობის კეთილი და მტკიცე დასაწყისი სარგებელს მოგვიტანს, თუნდაც გარკვეული დროის შემდეგ ერთგვარად დავუძლურდეთ, რადგან სულს, რომელიც ჯერ მხნეობითაა აღსავსე და შემდეგ დასუსტდება, იმ პირველი გულმოდგინების გახსენება მჭრელი მახვილით გამოაცოცხლებს, ბევრჯერ ამ საშუალებით შეძლო მრავალმა, რომ საკუთარი თავი აღედგინა და ფრთები შეესხა, რადგან იმ არწივებს მიემსგავსნენ, რომელთაც ფრთებმა უმტყუნათ, მაგრამ შემდეგ გაიმაგრეს ფრთები და კვლავაც ცის სიმაღლეს მისწვდნენ.
  27. როდესაც სული საკუთარ თავს უღალატებს და ნეტარ და სანატრელ მხურვალებას დაკარგავს, მაშინ მიზეზი უნდა გამოიძიოს, თუ რად დაკარგა იგი და მთელი თავისი გარჯა და ღვაწლი ამ მიზეზისაკენ მიმართოს, რადგან მხოლოდ იმ კარით შეძლებს უკან დაბრუნებას, რომლითაც გარეთ გამოვიდა.
  28. ვინც ტანჯვის შიშით (*) განერიდება სოფელს, მრავალჯერ ცეცხლში ჩაგდებულ საკმეველს მიემსგავსება, რომელიც თავდაპირველად სურნელებას გამოსცემს, შემდეგ კი მხოლოდ კვამლად გადაიქცევა. ხოლო ვინც სამაგიეროს მიღებისათვის დატოვა სოფელი, წისქვილს ჰგავს, რომელიც მაშინ ამოძრავდება, როდესაც გასამრჯელოს მოელის და ერთსა და იმავე ადგილზე ბრუნავს გამუდმებით, ხოლო ვისი სოფლიდან განშორებაც ღვთის სიყვარულიდან მომდინარეობს, ამას გამოსვლისთანავე მიუღია ის სანატრელი ცეცხლი, რომელიც სულიერ წარმატებასთან ერთად გაძლიერდება და უძლიერესი ალით აინთება.
  29. ზოგიერთი (*) აგურის შენობას ქვაზე ამყარებს, ზოგი ქვიშაზე აღმართავს სვეტებს. არიან ისეთებიც, ვინც მცირეოდენს ფეხით გაირბენენ, ძარღვებსა და იოგებს გაახურებენ და მერე სწრაფად სირბილს შეძლებენ. ვისაც მიხვედრა შეუძლია, მიხვდეს ამ იგავის აზრს.
  30. როგორც ღვთისა და მეუფის მომხმობილებმა გულმოდგინედ ვისწრაფოთ, ხომ შეიძლება, ხანმოკლე აღმოჩნდეს ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება და სიკვდილის დღეს უნაყოფოდ დარჩენილნი შიმშილმა მოგვკლას.
  31. უფლისთვის სასურველად ვიღვაწოთ, როგორც მეფის მეომრებმა, რადგანაც ჩვენი ერთგული მსახურება იმ დროიდან განისაზღვრება, როცა მას შევუდექით.
  32. უფლის გვეშინოდეს ისე, როგორც მხეცის გვეშინია, რადგან მინახავს მოსაპარად წასული ადამიანები და ღვთის შიში არ ჰქონდათ, მაგრამ, როდესაც იმ ადგილას ძაღლის ხმა გაიგონეს, იმავე წუთს უკან დაბრუნდნენ. რაც ღვთის შიშმა ვერ გააკეთა – ის ძაღლების შიშმა ქნა.
  33. უფალი ისე შევიყვაროთ, როგორც ჩვენი ხორციელი ახლობლები გვიყვარს, რადგან მინახავს ადამიანები, რომელთაც ღმერთი განარისხეს და არას ნაღვლობდნენ და ვნახე ისინიც, რომელთაც მეგობრები უმნიშვნელო მიზეზით გაანაწყენეს და ყველაფერი იღონეს, ყველაფერი მოიმოქმედეს, დიდი მწუხარება გამოამჟღავნეს, ყოველგვარად აღიარეს და აღსარება თქვეს და მეგობრების, ნათესავების, ძღვნისა და ქრთამის საშუალებით კვლავ შემოირიგეს თავისი მოყვარე.
  34. სოფლის დატოვების დასაწყისში აუცილებლად დიდი გარჯით, ჭირითა და სიმწარით აღვასრულებდით სათნოებებს, შემდეგ კი წარმატებას გაუჭირვებლად, ან მცირედი მწუხარებითა და შრომით ვაღწევდეთ. ხოლო როდესაც ჩვენი მოკვდავი ბუნება გულმოდგინების მიერ დაითრგუნება და აილაგმება, მერე დიდი ხალისითა და სიხარულით, სურვილითა და საღმრთო მხურვალებით აღვასრულებთ მათ.
  35. რამდენადაც დიდ ქებას იმსახურებს იგი, ვინც თავიდანვე სიხარულითა და გულმოდგინებით აღასრულებს მცნებებს, ასევე საცოდავია ის, ვინც მონაზვნობაში დიდი დრო გაატარა და ჯერაც დიდი გარჯა ჭირდება ღვაწლის აღსასრულებლად, თუ მოღვაწეობს – საერთოდ.
  36. ნურც მათ შეიძულებთ, ვისაც რაიმე იძულების თუ გაჭირვების გამო დაუტოვებია სოფელი, რადგან მინახავს ბევრი ლტოლვილი, უნებურად რომ შეხვდა მეფეს და მივიდა მასთან, შემდეგ კი თავისი ნებით წაჰყვა, მის სასახლეში მივიდა და მის სუფრასთან დაჯდა.
  37. მინახავს შემთხვევით ძირს დაგდებული თესლი, რომელის აღმოცენდა, გაიხარა და მრავალი ნაყოფი გამოიღო, სხვა კი – საგანგებოდ დათესილი, უნაყოფოდ დარჩა. მინახავს რაიმე სხვა რაღაც საჭიროების გამო ექიმთან მისული ადამიანი, რომელიც მოინადირა ექიმის მოპყრობამ და თვალზე გადაფარებული ლიბრი მოიცალა და განიკურნა. ასეთი უნებური რამ ბევრჯერ მომხდარა და უფრო ჭეშმარიტად და მტკიცედ, ვიდრე ნებით მოსულებთან.
  38. ცოდვათა სიმრავლეს და სიმძიმეს ნურავინ მოიმიზეზებს და მონაზვნობის უღირსად ნუ მიიჩნევს თავს იგი, ვინც გემოთმოყვარების გამო ვითომდა თავს იმდაბლეს (ფს. 140,4) და ცოდვებს იმიზეზებს; რადგან სადაც დიდია წყლული, იქ მკურნალობაც დიდია საჭირო, რათა განიწმინდოს შხამი, რადგან სამკურნალოდ ჯანმრთელი კი არა – ავადმყოფი მიდის.
  39. ქვეყნიერ მეფეს რომ დაეძახა ჩვენთვის და მისთვის მსახურება ებრძანებინა, არ ვალოდინებდით მას, არც რამეს მოვიმიზეზებდით, არამედ ყველაფერს დავტოვებდით და იქით გავიქცეოდით. ამიტომ უნდა ვუსმინოთ საკუთარ თავს და მეუფეთა მეუფის, უფალთა უფლის და ღმერთთა ღმერთის მოხმობას, რომელიც ზეციური ხარისხისთვის გვეძახის. ნუ შეურაცხყოფთ მას და ნუ განვეშორებით ჩვენი უქმობისა და სიზარმაცის გამო, რათა მისი დიდებული საყდრის წინაშე შეცხვენილები და უპასუხონი არ აღმოვჩნდეთ.
  40. სიარული მასაც შეუძლია, ვინც სოფლის საზრუნავითა და ბორკილებითაა შეკრული, მაგრამ – ძნელად, რადგან ფეხშებორკილი ადამიანებიც დადიან, მაგრამ გზად ზედიზედ ეცემიან და დაშავდებიან ხოლმე ამის გამო.
  41. ვინც უქორწინებელად ცხოვრობს სოფელში და მხოლოდ მისი საქმეებით არის შეკრული, იმ კაცს ჰგავს, რომელსაც მხოლოდ ხელები აქვს შეკრული და ამიტომ მონაზვნობის გზაზე წასასვლელად არ დაბრკოლდება, ხოლო დაქორწინებული ხელ-ფეხშეკრულს მიემსგავსება.
  42. შევიტყვე, რომ ერში უსაქმურად იმყოფებიან ადამიანები, რომელთაც მითხრეს: ჩვენ, ვისაც მეუღლეობის ტვირთი გვადევს და სამეფო სამსახურში ვიმყოფებით, როგორ შევძლებთ მონაზვნური ცხოვრების დაწყებას? ხოლო მე ვუპასუხე მათ: როგორ შეძლებთ და კეთილი საქმე ისე აკეთეთ: ნურავის დააბეზღებთ, ნურაფერს მოიპარავთ, ნურავის მოატყუებთ, თავს ნურავის გადაამეტებთ, ნურვის შეიძულებთ, ეკლესიაში ლოცვას ნუ დააკლებთ, გლახაკთ სწყალობდეთ, ნურვის დააბრკოლებთ, სხვის კუთვნილს ნუ მიიტაცებთ, ნუ შეეხებით სხვის სხეულს და თქვენი მეუღლეები იკმარეთ. თუ ყოველივე ამას აღასრულებთ, ცათა სასუფევლისგან შორს აღარ იქნებით.
  43. სიხარულითა და შიშით შევუდგეთ ამ კეთილ ღვაწლს და ნუ შეგვაშინებენ მტრები, რადგან ისინი ჩვენი სულის სარკეს (*) უყურებენ, თუმცა უხილავნი არიან და როდესაც შიშისაგან შეცვლილ სულს ნახავენ, მაშინ უფრო ძლიერად აღიჭურვებიან ჩვენს წინააღმდეგ, რადგან მიხვდებიან ცბიერნი, რომ შევშინდით.
  44. მამაცურად აღიჭურვეთ მათ წინააღმდეგ, რადგან გულმოდგინებით მებრძოლს ვერავინ დაამარცხებს.
  45. უფალმა თავისი განგებულებით შეუმსუბუქა ბრძოლა ახალმოსულებს, რათა მაშინვე კვლავ სოფელს არ დაუბრუნდნენ. ამიტომ უფლის მიერ გიხაროდეთ ყველას, ვინც ქრისტეს მონა ხართ და ეს მიიჩნიეთ ნიშნად უფლის სიყვარულისა, რომელიც თქვენდამი აქვს და გჯეროდეთ, რომ მან მოგიხმოთ თქვენ.
  46. ხშირად ღმერთი იმასაც იქმს, რომ თუ მამაცი სული იხილა, თავიდანვე დიდ ბრძოლებს დაუშვებს მასზედ, რომ გვირგვინით ჩქარა შეამკოს იგი.
  47. უფალმა ერისკაცებს ამ ასპარეზის მთელი სიძნელე და უფრო მეტად – სიადვილე დაუმალა, რადგან ბევრს, რომ სცოდნოდა ის, უმრავლესობა მონაზონი არ გახდებოდა.
  48. შენი სიჭაბუკის მრავალი შრომა გულმოდგინედ მიუძღვენ ქრისტეს და სიბერეში უვნებლობის სიმდიდრით გაიხარებ.
  49. სიჭაბუკის ჟამს შეკრებილი შრომა სიბერეში მოუძლურებულს გამოკვებავს და ნუგეშს სცემს, მხურვალედ ვიღვაწოთ, ჭაბუკნო, და სიფხიზლით კეთილად ვისწრაფოდეთ, რადგან სიკვდილის ჟამი არავინ იცის.
  50. მრავალი ბოროტი და უკეთური, მზაკვარი და ცბიერი, ფხიზელი და ბოროტისმზრახველი, უხორცო და უხილავი მტერი გვყავს, რომელთაც ხელთ ცეცხლი უპყრიათ. მათ განხურვებით ღვთის ტაძრის დაწვას ცდილობენ.
  51. ახალგაზრდები ნუ შეისმენენ მტრების ჩაგონებას, რომლებიც ეტყვიან: „ასე ნუ შემუსრავ და განლევ შენს ხორცს, რათა უძლურებასა და სნეულებაში არ აღმოჩნდე; რადგან ისეთი, ვისაც სხეულის სრული მოკვდინება სურს, მრავალ და საამო საკვებს თავს სრულიად არიდებს. ხოლო ეშმაკი, რომელიც ამგვარ აზრებს უნერგავს, განიზრახავს, რომ დასაწყისშივე ღვაწლი იყოს უძლური და შემდეგ მისი დასასრულიც დასაწყისის მსგავსი იქნება.
  52. ვისაც ქრისტეს მონობა სურს, პირველ რიგში ძალისხმევა იქით მიმართოს, რომ სულიერ მამათა და საკუთარი განსჯის დახმარებით თავისთვის შესაფერისი ცხოვრების ადგილი და სახე, გზები და განსწავლა აირჩიოს; რადგან ყველასათვის სასარგებლო ვერ იქნება თანაცხოვრება – გემოთმოყვარეობის გამო და არც დაყუდება ძალუძს ყველას გულისწყრომის გამოისობით; არამედ თითოეულმა უნდა გაანალიზოს, თუ მის შესაძლებლობებს რომელი გზა მიესადაგება.
  53. მთელი მონაზვნური ცხოვრების არსი სამი უმთავრესი სახით გამოიხატება: ან განშორებით უნდა იმყოფებოდეს და განმარტოებით მოღვაწეობდეს, ან ვინმე ერთთან თუ ორთან დაყუდებით, ან საძმოში იმყოფებოდეს მოთმინებით.
    54. ნუ მისდრკები მარჯულ, გინა მარცხულ (იგავ. 4,27). – ამბობს სოლომონი ეკლესიასტეში, არამედ სამეფო გზით იარე, რადგან საშუალო ამათ შორის ბევრისთვისაა შესაფერისი. რადგან იმავე ეკლესიასტეს მიხედვით, ძნელია ერთის მოღვაწეობა, თუ მოწყინებაში ჩავარდები, ან ძილი მოერევა, ან უძლურება, ან სასოწარკვეთილება დასცემს და არ ეყოლება იგი, ვინც წამოაყენებს. ხოლო სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებილ სახელთა ჩემისთვის, მუნ ვარ მე შორის მათსა (მათე 18,20). – ამბობს უფალი.
  54. ვინ არის ერთგული და ბრძენი მონაზონი? ვინ შეძლო მხურვალე გაუნელებლად დაეცვა – ვიდრე ხორციელ აღსასრულამდე და ყოველდღე ამ ცეცხლს ცეცხლს ამატებდა, სურვილს სურვილზე დაურთავდა, მხურვალებას – მხურვალებას, გულმოდგინებას – გულმოდგინებას, ვიდრე წმიდად და უბიწოდ წარსდგებოდა უფლის წინაშე.

პირველი საფეხური სათნოებათა კიბისა – ვინც მასზედ ავა, ნუღარ დაბრუნდება.

 

ღირსი იოანე სინელი – კიბე ანუ კლემაქსი

Categories
ქადაგებანი

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე). სიტყვა მეოთხესა კვირიაკესა დიდისა მარხვისასა

გაბრიელ ეპისკოპოსი

ხოლო თავადმან ჰრქვა მათ: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ

არს განსვლად, გარნა ლოცვითა და მარხვითა (მარკ. 9, 29.).

დღევანდელი სახარება მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, რომ ერთხელ კაცმან ვინმემ მოუყვანა მოციქულთა იესო ქრისტესთა თვისი შვილი, შეპყრობილი და გატანჯული სულისაგან არაწმიდისა და ევედრებოდა მათ, რათა განკურნონ იგი. გარნა მოწაფეთა ვერ შესძლეს მისი განკურნება და მოჰგვარეს იგი უფალსა იესო ქრისტესა და მან ერთითა სიტყვითა განაძო არაწმიდა სული მისგან. განკვირვებულთა მოციქულთა ჰკითხეს უფალსა, რისთვის ვერ შესძლეს მათ განდევნა სულისა მის არაწმიდისა, და მაცხოვარმან უპასუხა მათ: ნათესავი ესე ვერ შესაძლებელ არს განსვლად, გარნა ლოცვითა და მარხვითა.

ამ პასუხით მაცხოვარი გვაჩვენებს, რა დიდი ძალა აქვს მარხვასა და ლოცვასა. გარნა არა თუ მხოლოდ სიტყითა, არამედ საქმითაც მაცხოვარი ხშირად აჩვენებდა, რომ დიდად საჭირო არის კაცისათვის ლოცვა და მარხვა. ვიცით სახარებისაგან, რომ პირველ ვიდრე იგი შეუდგა ქადაგებასა, ორმეოცის დღის მარხვითა და ლოცვითა და მოამზადა თავი თვისი დიდისა ამის საქმისათვის. აგრეთვე, როდესაც მან განიზრახა ამორჩევა ათორმეტთა მოციქულთა, რომელთა მერმე მთელი ქვეყანა გაანათლეს ქადაგებითა თავიანთითა, მთელი ღამე ილოცა და მერმე გამოარჩია იგინი. მრავალ გზის მოიყვანს კიდევ სახარება ამის მსგავსთა მაგალითთა. ხშირად მაცხოვარი საღამოს დროს განეშორებოდა მოწაფეთა და უდაბნო ადგილს, ანუ მაღალ მთაზე განატარებდა მთელს ღამესა ლოცვითა. საკვირველი არის! რა საჭირო იყო მისთვის ლოცვა და მარხვა? როდესაც ჩვენ, კაცნი, ვლოცულობთ და ვიმარხავთ, ამას ვიქმთ მისთვის, რომ ჩვენ ვართ ცოდვილნი და გვსურს ლოცვითა და მარხვითა გამოვითხოვოთ ღვთისათანა. რაღა საჭირო იყო მისთვის ლოცვა? სჩანს, რომ ერთობ რამე დიდი მნიშვნელობა და ძალი აქვს ლოცვას თავის თავად, და, უეჭველია ამისთვის თვითონაც ინუგეშებდა მაცხოვარი ლოცვითა და ჩვენცა საკუთარითა თვისითა მაგალითითა შეგვაგონებს ლოცვასა და მარხვასა.

მართალია, ლოცვას დიდი მნიშვნელობა და მადლი აქვს კაცის სულისათვის, ვიცით ჩვენ ყოველთა, რა დაცემულია კაცის ბუნება. რა სახით მიდრეკილია ყოველი ადამიანი ცოდვისადმი! გარნა მის შორის მაინც სრულიად არაოდეს არ განქარდება თესლი ღვთის მადლისა და სიკეთისა. რაც გინდა გაფუჭებული იყოს და წამხდარი რომელიმე კაცი, რაც გინდა დაყრუებული იყოს მისი სინდისი მაინც არ შეიძლება არ დარჩეს მის შორის რომელიმე კეთილი კერძო, რაოდენიმე ნეშტი ღვთის ხატებისა და მსგავსებისა გარნა, სამწუხაროდ, ამ კეთილს კერძოს ჩვენისა სულისა აუქმებენ და აყრუებენ ცოდვანი, განსაცდელნი და სოფლის ბოროტებანი. უფალი ჩვენი იესო ქრისტე მისთვის მოვიდა ქვეყანაზედა, რათა გააცოცხლოს და აღამაღლოს ეს უმჯობესი და უკეთილესი კერძო კაცის ბუნებისა, და ერთ უდიდესს საშუალებად ამ საგნისათვის გვიჩვენა ჩვენ ლოცვა და მარხვა. ლოცვა მარხვასთან შეერთებული, თუ კი იგი არის გულ-წრფელი, გააღვიძებს და გააცოცხლებს ყოველსა მას, რაიცა არის კაცის გულში და სულში კეთილი, წმინდა, პატიოსანი, ღვთიური და დათრგუნავს მოსპობს ყოველსა ბოროტსა სურვილსა და მიდრეკილებასა. თვით ჟამსა მყუდრო, წრფელი ლოცვისასა კაცის გულში დადუმებულია უნებლივად ყოველი ვნება და ცოდვა, და თუ კაცი ხშირად განიმეორებს მხურვალებით ლოცვასა, მაშინ სრულიად დაიძინებს და დაიმალება მის შორის ცუდი სურვილი და ყოველი გულის თქმანი. როგორადაც გაზაფხულის მზე გაათბობს ჰაერსა, განსდევნის ნისლსა ზამთრისასა და გამოიხმობს მიწისაგან მცენარეთა, აღაყვავებს ხეხილსა, მზგავსადვე სითბო ლოცვისა დაადნობს და განსდევნის კაცის სულისაგან ნისლსა და სიბნელესა ცოდვისასა, გამოიხმობს მისი გულისაგან ყოველსა კეთილსა ჰაზრსა, და წმინდასა განზრახვასა.

მეორედ, გულ-წრფელი ლოცვა და მარხვა არის ნიშანი სიმდაბლისა და ღვთის მორჩილებისა. იგი მოასწავებს, რომ კაცმა იცნა თავი თავისი, მოიძულა ცოდვა, მოეწყინა მონება ხორცისა, დაიმდაბლა თავი თვისი. კაცსა ამპარტავანსა და თავხედსა არ შეუძლია გულ-წრფელად ილოცოს. ვიდრემდის კაცს არ გაუჩნდება გული შემუსვრილი, სული შემუსვრილი და დამდაბლებული, იგი ვერ დაემხობა ღვთის წინაშე სიმდაბლითა. იქნება მან პირჯვარი იწეროს, წირვა მოისმინოს, გარნა ჭეშმარიტის ლოცვის მადლი მას არ გამოუცდია.

მესამედ, ჭეშმარიტი ღვთიური ლოცვა გაუჩენს კაცს გულში გამოუთქმელსა ნუგეშსა და სიხარულსა, ასე რომ კაცმან, რომელმან იგრძნო ტკბილი გემო ლოცვისა, ადვილად იტვირთებს ცხოვრების სიმძიმესა ქვეყნისასა. როდესაც დავით წინასწარმეტყველსა და მეფესა გაუჭირდებოდა ამ სოფლის ცხოვრება, გარე მოადგებოდენ განსაცდელნი მრავალ-ფერნი, მაშინ სული მისი მიიქცეოდა ღვთისადმი და ლოცვაში იპოვნიდა ახალსა ნუგეშსა და ღონესა. ვითარცა სახედ ჰსურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრეთ სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო. სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდეს მე მივიდე და ვეჩვენო პირსა ღთისასა (ფს. 41. 1-2). ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღვთისა ჩემისასა. უფროს ვიდრეღა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა (ფს. 83, 10). რაი სძეს ჩემი ცათა შინა, და შენგან რა ვინებე ქვეყანასა ზედა? მოაკლდა გულსა ჩემსა და ხორცთა ჩემთა; ღმერთი გულისა ჩემისა და ნაწილ ჩემდა არს ღმერთი უკუნისამდე. (ფს 72, 25, 26). მაგრამ ვის შეუძლია მოიყვანოს ყოველნი მშვენიერნი სიტყვანი „დავითნითგან!“ გადვიდეთ ახლა სხვათა მშვენიერთა და სასურველთა თვისებათა ზედა ლოცვისათა.

ერთი კიდევ და იგივე უმაღლესი თვისება ლოცვისა ის არის, რომელ ლოცვასა შინა კაცი სდგას ღვთის წინაშე, ლოცვა არის პირდაპირი და ვიწრო კავშირი, შეერთება კაცის სულისა ღვთისა თანა. ხშირად გვესმის ეს სიტყვა, რომ ლოცვა არის უბნობა ღმერთთან, გარნა მეშინის, რომ არა საკმაოდ განვიზრახავთ რა დიდი ჰაზრი არის ამ სიტყვებში. მარტო ღმერთი არს კეთილი, სახიერი, წმინდა; იგი არს წყარო დასაბამი ყოვლისა სიცოცხლისა, ნეტარებისა, სიწმინდისა, გარეშე ღვთისა ყოველი ძნელია, უძლურება და სიკვდილი. გულ-წრფელ ლოცვაში კაცის სული შეუერთდება ამ წყაროს, სვამს თვით წყაროთაგან ღვთაებრივსა სიკეთესა, მადლსა მაცხოვარებისა. დიდი არის ეს საქმე! აი რაისათვის იტყოდა დავით მეფე: ვითარცა სახედ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრეთ სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო! (ფს. 41. 1).

წარმოიდგინე, რომ ერთი ვინმე სოფელში გაზრდილი კაცი, თუმცა ბუნებით კარგი, კეთილი, გარნა უსწავლელი, სიტყვა-პასუხის, მიხვრა-მოხვრის უცოდნელი, დაუმეგობრდა ერთს მაღალ განათლებულს, ფრიად კეთილს კაცს, ყოველთვის მასთან ლაპარაკობს, მასთან დადის, უყურებს მისსა ყოფა-ქცევასა, ესმის მისი გონიერი და კეთილი უბნობა. უეჭველია, რომ იგი ამით მიიღებს დიდ სარგებლობას, ფერს, თვისებას გამოიცვლის, ამაღლდება, ჭკუას ისწავლის. ახლა იფიქრე, რაოდენ უმაღლესი არის ღმერთი კაცზე! თუ ღმერთთან საუბარი ისწავლე, თუ ღმერთის პირის წინაშე ხშირად იქცევი, ესე იგი ლოცვითა და კეთილითა გრძნობითა, სული შენი განიწმინდება, ამაღლდება, ყოველივე რაიცა არის შენს შორის უკეთური, უწმინდური, ხენეში, დაჩვილდება, დადნება, შენ შეიქმნები კეთილი, კაცთ-მოყვარე, ლმობიერი.

სწორედ უბედური არის ის კაცი, რომელმან ლოცვა არ ისწავლა გულწრფელი, გულითადი, ღვთიური. ნუ ფიქრობ ვინმე, რომ იგი არის ჭეშმარიტი ქრისტიანე, პირველ ვიდრე მიეჩვია სახიერსა ღვთიურსა ლოცვასა. მაგრამ მძიმე, და ძნელი საქმე ის არის, რომ ესრეთი ნაყოფიერი მადლიანი ლოცვა ათასში ერთმა არ იცის. უმეტესი ნაწილი კმაყოფილია გარეგნითა ლოცვითა, მიჩვეული არიან მხოლოდ გარეგანთა წესთა და მოძრაობათა ლოცვისათა და ამასაც აასრულებენ უაზროდ და უნაყოფოდ. მათი ლოცვა იქვე გათავდება, სადაც გაათავებენ იმ გარეგანთა მოძრაობათა მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი ლოცვა უნდა გაყვეს კაცს, დარჩეს მის გულში და თანაუვიდოდეს, წინა-უძღოდეს ყოველსა შინა მისსა ცხოვრებასა.

მარხვისათვის აქ ჩვენ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, რადგანაც მრავალ-გზის გვითქვამს და აგვიხსნია მარხვის მნიშვნელობა. მხოლოდ იმას დაუმატებ, რომ ლოცვას და მარხვას დიდი და მაგარი კავშირი აქვს, ერთი მეორეს აამაღლებს, დაამტკიცებს. აჰა მიზეზი, რომლისათვის მაცხოვარი შეაერთებს ზემოთ მოყვანილ სიტყვებში მარხვას და ლოცვას და ორივეს სწორს მნიშვნელობას აძლევს. საღმრთო წერილიც ყოველგან ორივეს ერთად ახსენებს და აგრეთვე წმინდა მამანი. მაშასადამე, ერთი მათგანი არ იქნება საკმაოდ ნაყოფიერი, თუ მეორეც არ შეეწია. ამინ.

 

ქაბრიელ ეპისკოპოსი

Categories
მსახურებანი

პირველშეწირულის ლიტურგია

პირველშეწირულის ლიტურგია

 

საეკლესიო განწესების მიხედვით, პირველშეწირულის წირვა მხოლოდ დიდი მარხვის ოთხშაბათსა და პარასკევს აღესრულება, ასევე ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს. პირველშეწირულის ლიტურგია, თავისი შინაარსით, საღამოსთვის შესასრულებელი ღვთისმსახურებაა, რის გამოც მსახურების ძირითად ნაწილს მწუხრის ლოცვები შეადგენს, რომლებსაც ჩვეულებრივი ლიტურგიის ნაწილი მოებმის. პირველშეწირულის წირვისათვის საჭიროა ძღვენი წინა კვირას მომზადდეს, ე.ი. კვირას, წირვაზე, ერთი ტარიგის ნაცვლად დამატებით მზადდება კიდევ ორი, რომლებიც (ჩვეულებრივ, იმავე კვირის) ლიტურგიაზე არ გამოიყენება, არამედ ინახება წმინდა ტრაპეზზე – სანაწილეში.

პირველშეწირულის მსახურებაზე ძღვნის ხელახალი შეწირვა აღარ ხდება, რადგან მოიხმარენ (წინა კვირას მომზადებულ) „პირველ შეწირულ“ ტარიგს. ამიტომ ამ ლიტურგიაზე ლოცვები გარკვეული თავისებურებებით აღესრულება.

დიდი მარხვის სადაგ დღეებში (მხედველობაშია ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი, თუ დღესასწაული არ დაემთხვა) საეკლესიო განწესება (ტიპიკონი) კრძალავს სრული ლიტურგიის ჩატარებას (იგულისხმება წმინდა იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდის ლიტურგიები), მისი სადღესასწაულო ხასიათიდან გამომდინარე, რადგან ამ წირვაზე ამაღლებული სადღესასწაულო ლოცვები და საკითხავები იგალობება. ეკლესიამ ღვთისმსახურების ასეთი ფორმა ძველთაგანვე განაწესა და მთლიანად მიუსადაგა მარხვის პირობებსა და განწყობილებას.

საინტერესოა, რომ ძველ ქრისტიანთა ღვთისმსახურება დაკავშირებული იყო საერთო სახალხო შეწირულობასთან. განსაკუთრებულ შეწირულობად ითვლებოდა პური და ვაზის ღვინო, რომელსაც ეკლესია წესისამებრ ღვთისმსახურებაში იყენებდა, დარჩენილი ნაწილი კი ურიგდებოდა ობლებს, ქვრივებსა და გაჭირვებულებს.

ლოცვის შემდეგ იშლებოდა საერთო ტრაპეზი, სადაც მრევლი იკრიბებოდა. ამ შეკრებებს „აღაპები“ ანუ სიყვარულის ტრაპეზი ეწოდებოდა.

ეს ტრადიცია თვით მოციქულთა დროიდან მომდინარეობს, მასზე ლაპარაკია მოციქულთა კანონებში. პირველი ქრისტიანები დიდ მარხვაში თითქმის ყოველდღე ეზიარებოდნენ. წმინდა კვიპრიანე შენიშნავდა: „ჩვენთვის ქრისტე არსობის პურია, ხოლო ვიმყოფებით რა ქრისტეში, ყოველდღიურდა ვიღებთ წმინდა ზიარებას და ამით მარადის ვითხოვთ, მოგვენიჭოს ეს ცხოვრების პური“.

პირველშეწირულის ლიტურგიის განწესება მოციქულთა ეპოქას განეკუთვნება; ცნობილია პეტრე და იაკობ მოციქულთა პირველშეწირულის ლიტურგიები. საბოლოო სახით იგი ჩამოაყალიბა წმინდა ბასილი დიდმა. ამას მიუთითებს წმინდა სოფრონ იერუსალიმელი თავის შრომაში „ლიტურგიათა შესახებ“, ასევე ათანასე დიდი და სხვა საეკლესიო მამები.

აქვე შევნიშნავთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში პირველშეწირულის ლიტურგია მე-12 საუკუნემდე მაინც წმინდა ბასილი დიდის განწესების საფუძველზე აღესრულებოდა. ამას მოწმობს მე-12 საუკუნის ერთ-ერთი ხელნაწერი: „ჟამის წირვაჲ მარხვათა განახლებაჲ თქმული წმიდისა ბასილისი“. მოგვიანებით ჩვენთანაც და მთელ აღმოსავლეთის ეკლესიებშიც საღვთისმსახურო პრაქტიკაში გრიგოლ დიოლოღოსის (მე-6 ს.) სახელით ცნობილი პირველშეწირულის წეს-განგება დამკვიდრდა (წმინდა გრიგოლ დიოლოღოსმა ბასილი დიდის პირველშეწირულის ლიტურგიის ოდნავ გადამუშავებული რედაქცია შეიტანა დასავლეთის ეკლესიაში, რის გამოც ამ ლიტურგიას მისი სახელი ეწოდა).

პირველშეწირულის წირვა განსაკუთრებული ღვთისმსახურებაა როგორც თავისი განწესებით, ასევე სულიერი განწყობილებით და აღესრულება დიდმარხვაში იმის გამო, რომ დიდი მარხვა ჭეშმარიტი სინანულის სახეა.

 

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 3, 2006 წ.

Categories
ქადაგებანი

სიტყვა დიდი მარხვის მე-3, ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკესა. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი

სიტყვა დიდი მარხვის მე-3, ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკესა.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ 

თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე 

(მარკ. ჱ,ლე)

 

 

აწინდელი სიტყვა ჩვენი, ძმანო ქრისტიანენო, იქმნება გაგრძელება იმ სიტყვისა, რომელი მოგახსენე თქვენ წარსრულსა მართლ-მადიდებლობის კვირიაკესა ზედა, მით უმეტესად, რომელ დღეს წაკითხულიცა სახარება გვაძლევს ჩვენ შემთხვევასა და საფუძველსაცა გავაგრძელოთ დღესაც სიტყვა იმავე საგანზე, რომელსა ზედა გვქონდა უბნობა მართლ-მადიდებლობის კვირიაკესა შინა. რომელი საგანი იყო მაშინ, ძმანო, ჩვენისა უბნობისა? ის, რომელ უკეთუ ადამიანს არა აქვს გულში სარწმუნოება ღვთისა და სასოება მომავლისა ცხოვრებისა, მას აკლია ერთი უპირატესი მიზეზიცა, რომელი გააღვიძებს კაცს შეძენად სათნოებისა და განწმედად თვისისა ზნეობისა და ყოფაქცევისა. მართლაც რას გვეტყვის დღეს წაკითხული სახარება? იგი გვეტყვის ჩვენ, რომელ შემდგომად ქრისტეს სვლა, ანუ წმიდა მართალი უბიწო ცხოვრება არის ერთი დიდი მძიმე და მაღალი საქმე, რომელი მოითხოვს ჩვენგან დიდსა, აღუწერელსა მსხვერპლსა, ისრეთსა მსხვერპლსა, რომელსა კაცი ურწმუნო და უსასო არაოდეს არ ინებებს შეწირვად: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე. ესე იგი, რომელსა სურს, რომ იყოს ჭეშმარიტი ქრისტეს მოწაფე, ხოლო ქრისტეს მოწაფე იგი არის, რომელსა აქვს წმინდა და პატიოსანი ზნეობა, მან თავი თვისი უნდა დაივიწყოს, ყოველი ხორციელი ზრახვა, სურვილი, კმაყოფილება დათრგუნოს, ყოველ წამს უნდა მზათ იყოს შეწირვად ქრისტესადმი თვისისა ხორციელისა სიხარულისა და კმაყოფილებისა. მეორედ მან უნდა აღიღოს ჯვარი ქრისტესი, ესე იგი მიიღოს თავის თავზე ყოველი ჭირი, განსაცდელი, სიმძიმე და შრომა, თითქმის წარიწყმინდოს ხორციელი ცხოვრება, ვითარცა ახსნის დღეს წაკითხულსა სახარებასა შინა მაცხოვარი: რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, გინა სახარებისათვის, მან აცხოვნოს იგი (მ. ლ, ვ.) ამას ყოველსა ადვილად აღასრულებს კაცი, რომელსა სწამს ღმერთი, რომელი მოელის მომავალსა ცხოვრებასა, კვალად გებასა, გარნა უკეთუ კაცს არა აქვს სარწმუნოება და სასოება რისთვის გაიჭირვებს იგი ესრეთ თავის თავსა? მორწმუნე კაცმა იცის, რომ ამ სოფლის ცხოვრება არის მოკლე; იგი ესრეთ ფიქრობს: უმჯობესი არის ამ წუთ-სოფელში დავითმინო ყოველი ჭირი და განსაცდელი; მას კარგად ესმის ხმა აწინდელისა სახარებისა: რა მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა (ლჱ). – სულის ცხოვნება ყველას მირჩევნია, ფიქრობს იგი, საუკუნო ცხოვრებას არ დავკარგავ მე ერთი წამის ნუგეშისათვის. გარნა თუ კაცს არ სწამს ღმერთი და მომავალი ცხოვრება, მაშინ იგი სხვაფერ განიზრახავს: ეს წუთი სოფელი წარმავალი არისო, მანამდის ცოცხალ ვარო, ვჭამ, ვსვამ და გავიხარებო; მოვკვდები და მერმე ყველაფერი გათავდებაო.

მშვენივრად იტყვის, ძმანო, ამაზედ წმიდა მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლესა შინა თვისსა. ერთხელ მას ესმა, რომ ახლად გაქრისტიანებულთა შორის კორინთელთა გამოჩნდენ რომელნიმე უგუნურნი პირნი და ამტკიცებდენ, რომ არ იქნება აღდგომა მკვდართაო. ეწყინა ეს ხმა წმიდასა მოციქულსა და ჰკითხავს მათ ეპისტოლესა შინა: როგორ იტყვიან ზოგიერთნი თქვენგანნიო, რომ აღდგომა მკვდართა არ იქნებაო? რაღა არის ჩვენი შრომა, თუ აღდგომა არ იქნება; რაღა არის მაშინ მოთმინება და ყოველი სხვა ღვაწლი, თუ აღდგომა მკვდართა არ იქმნება? ამაო არს ჩვენი სარწმუნოება, და ჩვენზე უსაწყლესი კაცი არ იქმნება ქვეყანაზედაო. მისთვის, რობელ ამ სოფელში ჩვენ არ გვაქვს ნუგეში და ბედნიერებაო; ყოველ ღღე ვითმენთ დევნასა და ტანჯვასა წარმართთაგან, ყოველ დღე სიკვდილი გვექადება და, უკეთუ აღდგომა მკვდართა არ იქმნება, გვირჩევნია ვჭამოთ, და ვსვათ, და განვისვენოთ: რაიმე სარგებელ არს ჩემდა, უკეთუ მკვდარნი არ აღდგებიან? ვსჭამოთ და ვსვათ, რამეთუ ხვალე მოვკვდებით (კ. ა. ეი, ლბ.).

ერთი სიტყვით, ძმანო ქრისტიანენო, თვინიერ ცხოველისა სარწმუნოებისა შეუძლებელი არის კაცმა შეიძინოს წმინდა, მართალი ზნეობა და ვინაიდგან ურწმუნოთაცა კაცთა არ შეუძლიათ ის სთქვან, რომ წმინდა ზნეობა საჭირო არ იყოს კაცისათვის, მაშა-სადამე თვით იგინიცა უნებრივად აღიარებენ ამით, რომ სარწმუნოებაცა და ანუ ღვთაებრივი სჯული მიუცილებლად საჭირო არის კაცისათვის. შენც, ძმაო მორწმუნეო, სცან აქედგან, რა დიდი საუნჯე არის სარწმუნოება ღვთისა. გარნა სარწმუნოებასა ვიტყვი არა უქმსა და მკვდარსა, არამედ ცხოველსა, არა იმ სარწმუნოებასა, რომელი გულსა შინა უმრავლესთა აწინდელთა ქრისტიანეთასა სამწუხაროდ არის უნაყოფო და უძრავი, არამედ იმ სარწმუნოებასა, რომელი მარადის მოქმედებს და მუშაობს კაცის გულში, რომელი არ დააძინებს კაცს, არ მოუსვენებს, მარადის აფრთხილებს მას, ხან შეაწუხებს სინიდისის მხილებითა, ხან გაახარებს; მარადის ებრძვის, აღვიძებს, ანათლებს, ასწავლის, ელაპარაკება. ესრეთი უნდა იყოს სარწმუნოება! ესრეთი არის თუ არა შენ გულში სარწმუნოება? გელაპარაკება იგი, გამხილებს, განუგეშებს? მზათ ხარ, რომ უარ-ჰყო თავი შენი, აღიღო ჯვარი ქრისტესი და შეუდგე მას? ნეტარ ხარ შენ, თუ ესრეთ არს ესე! თუ გაკლია ეს, ევედრე ღმერთსა, რომ შეავსოს ნაკლულევანება შენი მადლითა თვისითა. ამინ!

Categories
წმინდა წერილი

საქმე წმიდათა მოციქულთა. თავი 28

საქმე წმიდათა მოციქულთა

აღწერილი ლუკა მახარებელისა

 

თავი 28

1. და გამო-რაჲ-ვჴედით, მაშინ იცნეს, რამეთუ მელიტონი ერქუა ჭალაკსა მას. 2. ხოლო ბარბაროზთა მათ წინა-მიყვეს ჩუენ არა მცირედი კაცთ მოყუარებაჲ, რამეთუ აღაგზნეს ცეცხლი და შემიწყნარნეს ჩუენ ყოველნი წჳმისა მისგან და ყინელისა, რომელი იყო. 3. და ვითარ შეჰკრებდა პავლე ფრიადსა ქარქუეტსა და დაასხმიდა ცეცხლსა მას ზედა, იქედნე სიტფოჲსა მისგან გამოჴდა და მოეხჳა ჴელსა პავლესსა. 4. ვითარცა იხილეს ბარბაროზთა მათ გუელი იგი, დამოკიდებული ჴელსა მისსა, იტყოდეს ურთიერთას: კაცის-მკლველი სამე არს კაცი ესე, რომელი ზღუასა ღათუ განერა, სასჯელმან ცხორებად არა უტევა. 5. ხოლო მან ჴელი განყარა და შეაგდო გუელი იგი ცეცხლსა, და არარაჲ ბოროტი ევნო მას. 6. ხოლო იგინი ჰგონებდეს, ვითარმედ განსივნეს და დაეცეს მეყსეულად მკუდარი. და ვითარ-იგი მყოვარ ჟამ ჰგებდეს და ჰხედვიდეს, რამეთუ არარაჲ ბოროტი შეემთხჳა მას, მოიქცეს და იტყოდეს, ვითარმედ ღმერთი არს. 7. ხოლო ადგილთა მათ იყო სოფლები მთავრისა ვისიმე მის ჭალაკისაჲ, რომელსა სახელი ურქუა პოპლიოს, რომელმან შემიწყნარნა ჩუენ და სამ დღე სიყუარულით მოწლედ მისტუმრნა. 8. და იყო მამაჲ პოპლიოჲსი სიცხითა და ნაწლევითა სნეულ და მწოლარე, რომლისა შევიდა პავლე და ულოცა და დაასხნა მის ზედა ჴელნი მისნი და განკურნა იგი. 9. და ვითარცა ესე იქმნა, სხუანიცა, რომელნი იყვნეს ჭალაკსა მას შინა და აქუნდა უძლურებაჲ, მოვიდოდეს და განიკურნებოდეს ძალითა ღმრთისაჲთა, 10. რომელთაცა მრავლითა პატივითა პატივ-გუცეს ჩუენ და წარსლვასა ჩუენსა აღგუაგნეს საგზლითა.

11. და შემდგომად სამისა თჳსა შევედით ნავსა, რომელსა დაეზამთრა მას ჭალაკსა ალექსანდრიაჲსასა, სახელით დიოსკორესსა. 12. და შთავედით სჳრაკოსად და დავადგერით მუნ სამ დღე, 13. ვინაჲ-იგი მოვლეთ და მოვიწიენით რეგონდ. და შემდგომად ერთისა დღისა იყო სამხრით ნიავი, და ორ დღე მოვედით პონტიოლს, 14. სადა-იგი ვპოენით ძმანი, და ნუგეშინის-ცემულ ვიქმნენით მათ ზედა და დავადგერით მუნ შჳდ დღე. და ესრეთ მოვედით ჰრომედ. 15. და მიერ ძმათა ესმა ჩუენთჳს და გამოვიდეს შემთხუევად ჩუენდა ვიდრე აპპიოფოროდმდე და მესამედ ღჳნის საფარდულად, რომელნი იხილნა რაჲ პავლე, ჰმადლობდა ღმერთსა და ნუგეშინის-იცა. 16. და ოდეს შევედით ჰრომედ, ასისთავმან მან მისცნა პყრობილნი იგი ერის მთავარსა მას, ხოლო პავლეს ებრძანა ყოფაჲ თჳსაგან მცველისა მისისა ერის კაცისა თანა.

17. და იყო შემდგომად სამისა დღისა მოუწოდა პავლე, რომელნი-იგი იყვნეს მუნ ჰურიანი მთავარნი. და ვითარ მოკრბეს იგინი, ეტყოდა მათ: კაცნო ძმანო, მე არაჲ ბოროტი ვქმენ ერისა მის თანა გინა სჯულისა მამულისა, და კრული იერუსალჱმით მივეცი ჴელთა ჰრომთასა, 18. რომელთა განმიკითხეს მე და უნდა განტევებაჲ ჩემი, ამისთჳს რამეთუ არცა ერთი ბრალი სიკუდილისაჲ იყო ჩემ თანა. 19. და ვითარ-იგი სიტყუას-უგებდეს ჰურიანი, ვიიძულე ღაღადის-გდებაჲ კეისრისაჲ, არა თუ ვითარმცა შესმენაჲ რაჲმე მედვა ნათესავისა ჩემისაჲ. 20. ამის უკუე მიზეზისათჳს გლოცევდ თქუენ, რაჲთა მოხჳდეთ და გიხილნე და გეტყოდი, რამეთუ სასოებისათჳს ისრაჱლისა ჯაჭჳ ესე ზედა-მაც მე. 21. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენ არცა წიგნი მოგჳჴდა შენთჳს ჰურიასტანით, არცა მო-ვინ-ვიდა ძმათაგანი და გჳთხრა, გინა იტყოდა შენთჳს ბოროტსა. 22. ხოლო ამას გლოცავთ, რაჲთა ვისმინოთ შენი, ვითარ ჰზრახავ; ხოლო ჴდომისა ამისთჳს უწყებულ არს ჩუენდა, რამეთუ ყოველსა ადგილსა ცილობაჲ აღდგომილ არს. 23. და განუჩინეს მას დღე და მოვიდეს ვანად მისა მრავალნი, რომელთა ასწავებდა და მიუთხრობდა სასუფეველისათჳს ღმრთისა და არწმუნებდა მათ იესუჲსთჳს სჯულისაგან მოსესა და წინაწარმეტყუელთა განთიადითგან ვიდრე მიმწუხრადმდე. 24. და რომელნიმე ერჩდეს სიტყუათა მათ და რომელნიმე არა ერჩდეს. 25. და შეუთქუმელ იყვნეს ურთიერთას და განვიდოდეს. თქუა პავლე სიტყუაჲ ერთი, ვითარმედ: კეთილად იტყოდა სული წმიდაჲ ესაიაჲს მიერ წინაწარმეტყუელისა მამათა თქუენთა მიმართ 26. და თქუა: მივედ ერისა ამის და არქუ მათ: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, და ხედვით ჰხედვიდეთ და არა იხილოთ. 27. რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურითა მძიმედ ისმინეს და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუსადა იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ და განვკურნე იგინი. 28. საცნაურ უკუე იყავნ თქუენდა, რამეთუ წარმართთათჳს მოივლინე მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ, და მათცა ისმინონ. 29. და ესე რაჲ თქუა, წარვიდეს ჰურიანი იგი და ფრიადი გამოძიებაჲ აქუნდა თავთა შორის თჳსთა.

30. ხოლო პავლე დაადგრა მუნ ორ წელ ყოვლად თჳსითა სასყიდლითა და შეიწყნარებდა ყოველთა, რომელნი მოვიდოდეს მისა. 31. ქადაგებდა სასუფეველსა ღმრთისასა და ასწავებდა უფლისა იესუ ქრისტჱსთჳს ყოვლითა განცხადებულებითა დაუბრკოლებელად.

Categories
წმინდა წერილი

საქმე წმიდათა მოციქულთა. თავი 27

საქმე წმიდათა მოციქულთა

აღწერილი ლუკა მახარებელისა

 

თავი 27

1. და ვითარცა განაჩინეს ნავითა წარსლვაჲ ჩუენი იტალიად, მისცეს პავლე და სხუანი ვინმე პყრობილნი ასისთავსა, სახელით ივლიოსს, გუნდისა სევასტიელისაჲ. 2. შევედით ნავსა ადრამიტჳნელსა, რომელი მიმავალ იყო ადგილთა მათ ასიაჲსათა, და, აღვჴედით რაჲ, ჩუენ თანა იყო არისტარხოს მაკედონელი, თესალონიკელი. 3. და მეორესა დღესა შთავედით სიდონდ. კაცთ მოყუარებაჲ აჩუენა ივლიოს პავლესთჳს და უბრძანა მეგობართა თჳსთა თანა მისლვად და მოღუაწებისა მიმთხვევად. 4. და მიერ შევსხედით და თანა-წარვლეთ კჳპრე წინააღმდგომებითა ქართაჲთა. 5. მაშინ უფსკრული იგი კილიკიისაჲ და პამფილიისაჲ განვლეთ და შთავედით მჳრა ქალაქად ლუკიისა. 6. და მუნ პოა ასისთავმან მან ნავი ალექსანდრიისაჲ, რომელი მივიდოდა იტალიად, და შემსხნა ჩუენ მას შინა. 7. ხოლო მრავალთა დღეთა მძიმედ ვიდოდეთ და ძნიად მივიწიენით კნიდონდ, რამეთუ არა გჳტევებდა ჩუენ ქარი იგი, და თანაწარვლეთ კრიტი სალმონით კერძო. 8. და ვითარცა ძლით წარმოვირჩიეთ იგი, მოვედით ადგილსა რასმე, რომელსა ერქუა ტბები კეთილი, რომელსა ეახლა ქალაქი ლასიაჲ. 9. და ვითარცა მრავალი ჟამი წარჴდა, და იყო-ღა ნავი საცთომელ სავალად, რამეთუ მარხვანი წარ-ოდენ-სრულ იყვნეს, ამცნებდა მათ პავლე 10. და ეტყოდა: კაცნო ძმანო, ვხედავ, რამეთუ ჭირი და ზღვევაჲ მრავალი ყოფად არს არა ხოლო თუ ტჳრთისა და ნავისაჲ, არამედ თავნიცა ჩუენნი წარწყმედად არიან ნავისა თანა. 11. ხოლო ასისთავი იგი მენავეთ მოძღუარსა მას და ნავის უფალსა ერჩდა უფროჲს, ვიდრე-ღა პავლეს სიტყუათა. 12. და ვითარ უმარჯუ იყო ნავთსადგური იგი დასაზამთრებლად, უმრავლესთა მათგანთა დაიდვეს გულსა წარსლვად მიერ, უკუეთუმცა ვითარ უძლეს მისლვად ფინიკედ და მუნ დაზამთრებად ტბასა მას კრიტისასა, რომელი ხედვიდა ჩრდილოდ და სოფლად. 13. და ვითარ-იგი ქროდა ქარი სამხრისაჲ, ჰგონებდეს, ვითარმედ ნებისაებრ მათისა იყოს, აღდგეს ასონით და წარირჩევდეს კრიტით. 14. და შემდგომად არა მრავლისა ჟამისა იწყო ქროლად მის თანა ქარმან მან ბორბალმან, რომელსა ჰრქჳან ვრცელ ღელვა. 15. და ვითარ შეაცთუნა ნავი იგი და ვერ ეძლო პირსა მიქცევად ქარისა მის, მიუტევეთ და მიმოვაქუნდით. 16. ჭალაკსა რასმე თანა-წარვჰჴედით რაჲ, რომელსა ერქუა კლავდი, ძლით შეუძლეთ დაპყრობად ჴუამალდისა, 17. რომელი აღიღეს და შესაწევნელად იჴუმევდეს და შემოსწებეს ნავსა. ხოლო ეშინოდა, ნუუკუე კბოდოანსა განცჳვენ, გარდაუტევეს ჭურჭელი და ესრეთ მიმოაქუნდა. 18. და ვითარ დიდსა ზამთარსა შინა ვიყვენით, ხვალისაგან გარდასდებდეს ტჳრთსა. 19. და მესამესა დღესა ჭურჭელი ნავისაჲ თჳსითა ჴელითა გარდააბნიეს. 20. ხოლო არცა მზე, არცა ვარსკულავი ჩნდა მრავალთა დღეთა, რამეთუ ზამთარი დიდი იყო. მიერითგან წარვიწირეთ სასოებაჲ ყოველი ცხორებად ჩუენდა. 21. და ფრიადი უზმობაჲ იყო. მაშინ პავლე აღდგა შორის მათსა და თქუა: ჯერ-იყო, ჵ კაცნო, რაჲთამცა მერჩდით მე და არა წარხუედით კრიტით და შეიძინეთ ჭირი ესე და ზღვევაჲ. 22. და აწცა გეტყჳ თქუენ, გულ-დებულ იყვენით, რამეთუ განჴუებაჲ სულისაჲ არცა ერთისაჲ იყოს თქუენგან, თჳნიერ ხოლო ნავისა. 23. რამეთუ წარმომიდგა მე ამას ღამესა ანგელოზი ღმრთისაჲ, რომლისაჲ ვარ მე, რომელსაცა ვჰმსახურებ, 24. და მრქუა: ნუ გეშინინ, პავლე! კეისრისა ჯერ-არს შენდა წარდგომაჲ და აჰა ესერა მიგმადლნა შენ ღმერთმან ყოველნი, რომელნი არიან შენ თანა ნავსა მაგას. 25. ამისთჳს გულ-დებულ იყვენით, კაცნო, რამეთუ მრწამს ღმრთისაჲ, რამეთუ ესრეთ იყოს, ვითარცა სახედ მეტყოდა მე. 26. ჭალაკსა რასმე განსცჳვნებად ვართ ჩუენ. 27. ხოლო ვითარცა მეათოთხმეტე ღამე მოიწია და მიმოვეტაცენით ჩუენ ანდრიასა შინა, შუა ღამეს ოდენ ჰგონებდეს მენავენი იგი მიწევნად რომელსამე სოფელსა. 28. და გარდაუტევეს საზომი და პოვეს ოც მჴარ. და მცირედ და-რე-ყოვნეს და კუალად მოზომეს და პოვეს ათხუთმეტი მჴარი. 29. და ეშინოდა, ნუუკუე კბოდოანსა ადგილსა განცჳვენ, ბოლოჲთ კერძო ნავისა მის გარდასთხინეს ოთხნი კავნი და ილოცვიდეს განთენებასა. 30. ხოლო მენავეთა მათ ეგულებოდა სივლტოლაჲ ნავისა მისგან და გარდაუტევეს ჴუამალდი იგი ზღუად, მიზეზად რეცა თუ თავით კერძო ნავისა მის განჰმარტებენ კავთა. 31. მაშინ პავლე ჰრქუა ასისთავსა მას და ერის კაცთა: უკუეთუ ესენი არა იყვნენ ნავსა შინა, თქუენ განრინებად ვერ ჴელ-გეწიფების. 32. მაშინ ერისგანთა მათ განუკუეთნეს საბელნი იგი ჴუამალდისანი და მიუშუეს იგი წარტაცებად ღელვათა. 33. და ვითარცა განთენდებოდა, ჰლოცვიდა ყოველთა პავლე მიღებად საზრდელისა და ჰრქუა: მეათოთხმეტე დღე არს დღეს, ვინაჲთგან უზმათა დაგიყოფიეს და არარაჲ მიგიღებიეს. 34. ამისთჳს გლოცავ თქუენ მიღებად საზრდელისა, რამეთუ ესე თქუენის ცხორებისათჳს იქმნა, რამეთუ არავისი თქუენგანისაჲ თმაჲ ერთი თავისაჲ წარწყმედად არს. 35. და ესე ვითარცა თქუა, მოიღო პური, ჰმადლობდა ღმერთსა წინაშე ყოველთასა და განტეხა და იწყო ჭამად. 36. გულს-მოდგინე იქმნეს ყოველნი და მათცა მიიღეს საზრდელი. 37. ხოლო ვიყვენით ნავსა მას შინა ყოველნი კაცნი ორას სამეოც და ათექუსმეტი სული. 38. და ვითარცა განძღეს საზრდელითა, აღუმცირებდეს ნავსა მას და გარდასდებდეს იფქლსა ზღუად. 39. და რაჟამს განთენა, ქუეყანაჲ იგი ვერ იცნეს, ყურესა რასმე განიცდიდეს, რომლისა იყო ზღჳს კიდე, სადა-იგი ეგულებოდა, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, განდგინებაჲ ნავისაჲ მის. 40. მოჰჴსნნეს კავნიცა იგი და მიუტევნეს ზღუად, და მათ თანა მიუტევნეს შესაუღლველნიცა იგი საჭეთანი და აღუპყრეს აფრაჲ მცირე, და ქარით კერძო ეპყრა ზღჳს კიდით კერძო. 41. და ვითარცა შეცჳვეს უმძაფრესსა ადგილსა, დაჰკიდეს ნავი იგი. და, რამეთუ თავით კერძოჲ იგი უმაგრესად დგა, ეგო უძრავად, ხოლო ბოლოჲთ კერძო იგი დაირღუეოდა სიმძაფრითა ღელვათაჲთა. 42. ხოლო ერის კაცთა მათ ზრახვა-ყვეს, რაჲთა მოსწყჳდნენ პყრობილნი იგი, ნუუკუე განვინმე-ცურდეს და ივლტოდის. 43. ხოლო ასისთავსა მას უნდა განრინებაჲ პავლესი და დააბრკოლნა იგინი ზრახვისა მისგან და უბრძანა, რომელნი-იგი ცურვით შემძლებელ იყვნეს, განსლვად ქუეყანად, 44. და სხუანი იგი რომელნიმე ფიცრითა და რომელნიმე ჭურჭლითა ნავისაჲთა რომლითამე. და ესრეთ განვერენით ყოველნივე და გამოვედით ქუეყანად.

Categories
წმინდა წერილი

საქმე წმიდათა მოციქულთა. თავი 26

საქმე წმიდათა მოციქულთა

აღწერილი ლუკა მახარებელისა

 

თავი 26

1. ხოლო აღრიპა ჰქუა პავლეს: ბრძანებულ არს შენდა თავისა შენისათჳს სიტყუად. მაშინ პავლე განყო ჴელი, მიუგებდა და თქუა: 2. ყოველთათჳს, რომელთა მაბრალებენ მე ჰურიანი, მეფე აღრიპა, შემირაცხიეს თავი ჩემი ნეტარად, რამეთუ შენ წინაშე მეგულების დღეს სიტყჳს-გებად უფროჲს-ღა. 3. რამეთუ მეცნიერ ხარ შენ ყოველთა მათ ჩვეულებათა და ძიებათა ჰურიათასა. ამისთჳს გევედრები, სულგრძელებით ისმინე ჩემი. 4. ცხორებაჲ უკუე ჩემი სიყრმითგან, პირველითგან ყოფილი ნათესავსა შორის ჩემსა იერუსალჱმს შინა, იციან ყოველთა ჰურიათა. 5. წინაჲსწარვე მიცოდეს მე პირველითგან, უკუეთუ უნდეს წამების, რამეთუ ჭეშმარიტებისა მისებრ მსახურებისა სჯულისა ჩუენისა ვცხონდებოდე ფარისეველი. 6. და აწ სასოებისათჳს მამათა ჩუენთა აღთქუმულისა, რომელი იყო ღმრთისა მიერ, ვდგა და განვიკითხვი, 7. რომლისა მიმართ ათორმეტი ნათესავი ჩუენი განკრძალული დღე და ღამე ჰმსახურებს და ესავს მიწევნასა, რომლისა სასოებისათჳს ვიბრალები ჰურიათაგან, მეფე აღრიპა. 8. რაჲ ურწმუნოებაჲ არს, განიკითხეთ-ღა თქუენ შორის, უკუეთუ ღმერთი მკუდართა აღადგინებს? 9. მე უკუე მენება თავით ჩემით სახელისათჳს იესუ ნაზარეველისა მრავლისა ძჳრისა საქმედ, 10. რომელი-იგი ვყავცა იერუსალჱმს შინა: და მრავალნი წმიდათაგანნი მე საპყრობილესა შევაყენენ, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მოვიღე მღდელთ მოძღუართაგან მოსრვად მათდა და მომეღო რიცხჳ. 11. და ყოველთა შესაკრებელთა შორის მრავალ გზის ვსტანჯევდ მათ და ვაიძულებდ გმობად, უმეტესად-ღა ვბორგდ მათ ზედა და ვსდევნიდი ვიდრე გარემოთა ქალაქამდეცა. 12. რომელთა შინა მივიდოდე მე დამასკედ ჴელმწიფებითა და ბრძანებითა მღდელთ მოძღუართაჲთა. 13. შუა დღე გზასა ზედა ვიხილე, მეფეო, ზეცით გარდამო უბრწყინვალესი მზისაჲ, გამომიბრწყინდა მე ნათელი და ჩემ თანა მოგზაურთა მათ. 14. და ვითარცა ჩუენ ყოველნი ქუეყანად დავცჳვენით, მესმა ჴმაჲ, რომელმან მრქუა მე ებრაელებრითა სიტყჳთა: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნვაჲ დეზისაჲ. 15. და მე ვარქუ: შენ ვინ ხარ, უფალო? ხოლო მან მრქუა მე: მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი. 16. არამედ აღდეგ და დადეგ ფერჴთა შენთა ზედა, რამეთუ ამისთჳს გეჩუენე შენ, რაჲთა დაგადგინო შენ მსახურად და მოწამედ, რომელი იხილე და რომელი გიჩუენო შენ, 17. განრინებად შენდა ერისაგან და ნათესავთაგან, რომელთა მე მიგავლინო შენ, 18. ახილვად თუალთა მათთა და მოქცევად ბნელისაგან ნათლად და ჴელმწიფებისაგან ეშმაკისა ღმრთისა მიმართ მიღებად მათდა მიტევებაჲ ცოდვათაჲ და ნაწილი განწმედილთა შორის სარწმუნოებითა ჩემდა მომართ. 19. რომლისათჳს, მეფე აღრიპა, არა ვექმენ ურჩ ზეცისასა მას ჩუენებასა, 20. არამედ რომელნი იყვნეს დამასკეს შინა პირველად და იერუსალჱმს შინა და ყოველსა სოფელსა ჰურიასტანისასა და წარმართთა მიუთხრობდ სინანულსა და მოქცევად ღმრთისა მიმართ და ღირსი სინანულისა საქმე ქმნად. 21. ამისთჳს შემიპყრეს მე ჰურიათა ტაძარსა შინა და აზმნობდეს მოკლვად ჩემდა. 22. შეწევნითა ღმრთისაჲთა, რომელსა ღირს ვიქმენ, ვიდრე აქა დღედმდე ვდგა და უწამებ მცირესა და დიდსა, არარას გარეშესა ვიტყჳ წინაწარმეტყუელთა თქუმულისასა, რომელსა ეგულებოდა ყოფად, და მოსესსა, 23. ვითარმედ ვნებად იყო ქრისტესა და ვითარმედ პირველ მკუდართა აღდგომისა ნათლისა ეგულების მითხრობად ერთა და ნათესავთა. 24. და ვითარ-იგი ამას ეტყოდა, ფესტოს დიდითა ჴმითა თქუა: ჰბორგი პავლე, რამეთუ მრავალნი წიგნნი შენნი სიცბილად მიგაქცევენ შენ. 25. ხოლო პავლე ჰრქუა: არა ვბორგი, მჴნეო ფესტოს, არამედ ჭეშმარიტებისა და სიწმიდისა სიტყუათა ვიტყჳ. 26. რამეთუ მეცნიერ არს ამისთჳს მეფე, რომლისა მიმართცა კადნიერად ვიტყჳ, რამეთუ დაფარვად მისა რაჲსამე ამათგანისა არა ვირწმუნო, რამეთუ არცა დაფარულსა ადგილსა ქმნილ არს ესე. 27. გრწამს, მეფე აღრიპა, წინაწარმეტყუელთა? ვიცი, რამეთუ გრწამს. 28. ხოლო აღრიპა ჰრქუა პავლეს: მცირედ-ღა და მარწმუნო მე ქრისტეანე ყოფად. 29. ხოლო პავლე ჰრქუა მას: ვილოცავ ღმრთისა მიმართ მცირეთათჳსცა და მრავალთა, არა ხოლო თუ შენდა, არამედ ყოველთა, რომელთა ესმის ჩემი დღეს ყოფად ესრეთ, ვითარცა მე ვარ, თჳნიერ კრულებათა ამათ. 30. და ვითარცა ესე თქუა მან, აღდგა მეფე და მთავარი და ბერენიკე და მათ თანა მსხდომარენი იგი, 31. წარვიდეს და იტყოდეს ურთიერთას, ვითარმედ: არარას სასიკუდინესა გინა კრულებათა საქმესა იქმს კაცი ესე. 32. ხოლო აღრიპა ჰრქუა ფესტოს: განტევებად ღირდა კაცი ესე, უკუეთუმცა არა ღაღად-ეყო კეისრისა.

Exit mobile version