Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

პირველშეწირულის ლიტურგია

პირველეშეწირულის ლიტურგია

პირველშეწირულის ლიტურგია

 

საეკლესიო განწესების მიხედვით, პირველშეწირულის წირვა მხოლოდ დიდი მარხვის ოთხშაბათსა და პარასკევს აღესრულება, ასევე ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს. პირველშეწირულის ლიტურგია, თავისი შინაარსით, საღამოსთვის შესასრულებელი ღვთისმსახურებაა, რის გამოც მსახურების ძირითად ნაწილს მწუხრის ლოცვები შეადგენს, რომლებსაც ჩვეულებრივი ლიტურგიის ნაწილი მოებმის. პირველშეწირულის წირვისათვის საჭიროა ძღვენი წინა კვირას მომზადდეს, ე.ი. კვირას, წირვაზე, ერთი ტარიგის ნაცვლად დამატებით მზადდება კიდევ ორი, რომლებიც (ჩვეულებრივ, იმავე კვირის) ლიტურგიაზე არ გამოიყენება, არამედ ინახება წმინდა ტრაპეზზე – სანაწილეში.

პირველშეწირულის მსახურებაზე ძღვნის ხელახალი შეწირვა აღარ ხდება, რადგან მოიხმარენ (წინა კვირას მომზადებულ) „პირველ შეწირულ“ ტარიგს. ამიტომ ამ ლიტურგიაზე ლოცვები გარკვეული თავისებურებებით აღესრულება.

დიდი მარხვის სადაგ დღეებში (მხედველობაშია ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი, თუ დღესასწაული არ დაემთხვა) საეკლესიო განწესება (ტიპიკონი) კრძალავს სრული ლიტურგიის ჩატარებას (იგულისხმება წმინდა იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდის ლიტურგიები), მისი სადღესასწაულო ხასიათიდან გამომდინარე, რადგან ამ წირვაზე ამაღლებული სადღესასწაულო ლოცვები და საკითხავები იგალობება. ეკლესიამ ღვთისმსახურების ასეთი ფორმა ძველთაგანვე განაწესა და მთლიანად მიუსადაგა მარხვის პირობებსა და განწყობილებას.

საინტერესოა, რომ ძველ ქრისტიანთა ღვთისმსახურება დაკავშირებული იყო საერთო სახალხო შეწირულობასთან. განსაკუთრებულ შეწირულობად ითვლებოდა პური და ვაზის ღვინო, რომელსაც ეკლესია წესისამებრ ღვთისმსახურებაში იყენებდა, დარჩენილი ნაწილი კი ურიგდებოდა ობლებს, ქვრივებსა და გაჭირვებულებს.

ლოცვის შემდეგ იშლებოდა საერთო ტრაპეზი, სადაც მრევლი იკრიბებოდა. ამ შეკრებებს „აღაპები“ ანუ სიყვარულის ტრაპეზი ეწოდებოდა.

ეს ტრადიცია თვით მოციქულთა დროიდან მომდინარეობს, მასზე ლაპარაკია მოციქულთა კანონებში. პირველი ქრისტიანები დიდ მარხვაში თითქმის ყოველდღე ეზიარებოდნენ. წმინდა კვიპრიანე შენიშნავდა: „ჩვენთვის ქრისტე არსობის პურია, ხოლო ვიმყოფებით რა ქრისტეში, ყოველდღიურდა ვიღებთ წმინდა ზიარებას და ამით მარადის ვითხოვთ, მოგვენიჭოს ეს ცხოვრების პური“.

პირველშეწირულის ლიტურგიის განწესება მოციქულთა ეპოქას განეკუთვნება; ცნობილია პეტრე და იაკობ მოციქულთა პირველშეწირულის ლიტურგიები. საბოლოო სახით იგი ჩამოაყალიბა წმინდა ბასილი დიდმა. ამას მიუთითებს წმინდა სოფრონ იერუსალიმელი თავის შრომაში „ლიტურგიათა შესახებ“, ასევე ათანასე დიდი და სხვა საეკლესიო მამები.

აქვე შევნიშნავთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში პირველშეწირულის ლიტურგია მე-12 საუკუნემდე მაინც წმინდა ბასილი დიდის განწესების საფუძველზე აღესრულებოდა. ამას მოწმობს მე-12 საუკუნის ერთ-ერთი ხელნაწერი: „ჟამის წირვაჲ მარხვათა განახლებაჲ თქმული წმიდისა ბასილისი“. მოგვიანებით ჩვენთანაც და მთელ აღმოსავლეთის ეკლესიებშიც საღვთისმსახურო პრაქტიკაში გრიგოლ დიოლოღოსის (მე-6 ს.) სახელით ცნობილი პირველშეწირულის წეს-განგება დამკვიდრდა (წმინდა გრიგოლ დიოლოღოსმა ბასილი დიდის პირველშეწირულის ლიტურგიის ოდნავ გადამუშავებული რედაქცია შეიტანა დასავლეთის ეკლესიაში, რის გამოც ამ ლიტურგიას მისი სახელი ეწოდა).

პირველშეწირულის წირვა განსაკუთრებული ღვთისმსახურებაა როგორც თავისი განწესებით, ასევე სულიერი განწყობილებით და აღესრულება დიდმარხვაში იმის გამო, რომ დიდი მარხვა ჭეშმარიტი სინანულის სახეა.

 

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 3, 2006 წ.

Exit mobile version