Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი

აღდგომა

ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი

 

 

ტროპარი:

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.

კონდაკი:

დაღაცათუ ნებსით თჳსით დაფლავად შთახედ, უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღჳე და აღდეგ, ვითარცა მძლჱ, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაჲ მიჰმადლე და მოციქულთა მშჳდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.

ქრისტე აღსდგა!

სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? აღსდგა ქრისტე და დაირღვიე შენ, აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი, აღსდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი, აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს!

ქრისტე აღსდგა!

სიკვდილი განქარდა და ბჭენი ჯოჯოხეთისა შეიმუსრა, დამთავრდა გარდაცვლილთა მარადიული სიკვდილის ტყვეობაში ყოფნა და ქრისტეს ყველა ჭეშმარიტ მადიდებელს ცხონების შესაძლებლობა მიეცა!

ქრისტე აღსდგა!

გამოისყიდა უფალმა თავისი ქმნილება, რომელიც ყველა ქმნილებების გვირგვინად და თავის სახედ და ხატად შექმნა – ადამიანთა მოდგმა, რომელთაც უდიდესი ნიჭი – თავისუფლება მიანიჭა!

აღდგომა, აღდგომა უფლისა! და კიდევ გეტყვით სამების თაყვანსაცემად: აღდგომა! დღესასწაული დღესასწაულთა და ზეიმთა ზეიმი; იგი იმდენად აღმატებულია ყველა, თუნდაც საუფლო დღესასწაულზე, რამდენადაც მზე აღემატება ვარსკვლავებს. (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)

დღეს ვდღესასწაულობთ მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანებთან ერთად კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს სასწაულს – ქრისტეს აღდგომას მკვდრეთით, ჯოჯოხეთის და კაცთა მოდგმის შემაცდენელი სატანის დამხობას და ჩვენი გადარჩენის კარის გაღებას.

დღეს გამოიხსნება სამყარო – ხილული და უხილავი ქვეყანა. ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, აღსდექით მასთან ერთად. ქრისტე ამაღლდა თავისი დიდებით – ამაღლდით თქვენც, ქრისტე აღსდგა საფლავიდან – თქვენ კი ცოდვათაგან იხსენით თავი. განიხვნება კარნი ჯოჯოხეთისანი, შეიმუსრება სიკვდილი, განიდგება ძველი ადამი, იშვება ახალი. (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)

დღეს აღესრულა ყველა წინასწარმეტყველება დაწყებული ადამიდან, დამთავრებული იესო ქრისტეს ჯვარზე ასვლამდე.

დღეს შეიცვალა ძველი აღთქმა, ახალი აღთქმით და ხალხს გამოხსნის და გადარჩენის იმედი ჩაუნერგა და შთააგონა!

ასევე ჩვენც, ემიგრაციაში მყოფ ქართველებს იმედს ჩაგვისახავს გადარჩენისა და გამოხსნისა და ოდესღაც დაბრუნებისა ჩვენს სამშობლოში – საქართველოში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის წილხვედრ ქვეყანაში. წმინდა ნინოს, სიმონ კანანელისა, ანდრია პირველოწოდებულისა და წმინდა მატათას მიერ დალოცვილ მთაში და ბარში. იქ სადაც 100 ათასი ქართველი ერთ დღე-ღამეში ქედმოუხრელად და წარბშეუხრელად ეწამა ქრისტეს რჯულს და სარწმუნოებას. იქ სადაც ჩვენი ერი ჯვარს ეცვა ჯვრაცმული უფლისათვის. იქ სადაც ქართული ენა არის არა მხოლოდ საშუალება მეტყველებისა არამედ ერის მსოფლმხედველობისა. იქ სადაც საუკუნეების მანძილზე ქართველები თავისი საკუთარი სისხლის და სიცოცხლის საფასურად თავის ქვეყანას, ხალხს და სარწმუნოებას იცავდა, რომელშიც ღვთის მიერ დაკისრებულ პასუხისგებლობას ხედავდა. ეს ყოველივე არის საფუძველი ჩვენი ურთიერთ სიყვარულისა, თავდადებისა და ურთიერთ გატანისა, განმსაზღვრელი ქართული ყოფისა და კულტურისა.

ქართული კულტურა სრულიად ასახულია ქართული მსოფლიო ღირებულების ნაწარმოებებში და გადაეცემოდა ჩვენს წინაპრეპს ხელიდან ხელში. მასში განხორციელებლი ქრისტიანული ცხოვრების ძირითადი მცნებები, ერთ ერთი მათგანი, მოყვასის სიყვარულია: „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული – გზად და ხიდად“ (რუსთაველი). ეს მცნება უფლის სიყვარულთან ერთად ერთ-ერთი პირველი მცნება იყო ქართველებისათვის, რამაც გადაარჩინა ჩვენი ერი ამდენი დამპყრობლებისა და უცხო ტომთა ზედამოსვლისაგან. ქართულმა ქრისტიანულმა კულტურამ ათასწლეულების მანძილზე ჩამოაყალიბა ჩვენი ყოფა, ხასიათი და ურთიერთობები.

მაგრამ დღეს ქართული კულტურა და იდეები ითელება და იგმობა საყოველთაოდ, ტელევიზიით თუ პრესის საშუალებით. დიდი პროპაგანდა ეწევა ეგოიზმსა და აღვირაშვებულ ცხოვრებას. სახუმარო და სასაცილო სახე ეძლევა განკითხვას და დაცინვას საჯარო ტელევიზიით. ძალზედ სამწუხაროა ამ ეგოისტური აზროვნების წახალისება და ყველანაირი სახელმწიფო და სამართლის ნორმებით გატარება ჩვენს ცხოვრებაში. სულ ახლო წარსულში რაც სრულიად მიუღებელი იყო, დღევანდელ დღეს ახალი ცხოვრების წესი ეწოდება. ჩვენი მომავალი თაობა უყურებს რა ტელევიზიას და გასართობ წარმოდგენებს, აღიქვამს ახალი არასტანდარტული ცხოვრების წესებს სასაცილოდ და ყველასათვის მისაღებად, და თვითონაც შთაიგონებს, რომ მათაც იგივეს გაკეთება შეუძლიათ. დამაფიქრებელი და გასაანალიზებელია, თუ ამდენი უხამსი, ძალადობის დადებითად წარმომსახველი, ეშმაკეულების კეთილად წარმომდგენელი ფილმები, წარმოდგენები, სანახაობები და თუნდაც სათამაშოები, როგორ გამოზრდის და რა ზემოქმედებას იქონიებს ახალ თაობაზე. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ახალგაზრდების დიდი ნაწილი ათეიზმს, სრულ ტექნოლოგიურ ბატონობას, სულიერი ცხოვრების უარყოფას, ფულის ანუ კაპიტალის ტოტალურ გაღმერთებას აღიარებენ. ქრისტეს მცნებების წარსულის გადმონაშთად და ცოდვილ და ვულგარულ ცხოვრებას, ჯანსაღ არსებობის სტანდარტად მიიჩნევენ.

მიუხედავათ ეშმაკის ამდენი მცდელობისა აგვაცილოს ჭეშმარიტ გზას, დაგვიბნელოს გონება და სასუფევლის მაგივრად ჯოჯოხეთში მოგვახვედროს, უფლის განგებით და სიყვარულით კვლავ უბრუნდებით მშობლიურ ქრისტიანულ აზროვნებას და ტრადიციულ ღირებულებებს, როგორც უძღები შვილი დაუბრუნდა მამას და მამამაც დიდი სიხარულით მიიღო იგი თავის სახლში და საუკეთესო სამოსლით შემოსა.

უფალმა შეგვქმნა, რომ მშვიდობით და კეთილდღეობით ვცხოვრობდეთ. ჩვენ სამოთხე ჩაგვაბარეს, რათა ნეტარებაში გვეცხოვრა, ჩვენ მოგვეცა მცნება, რათა მისი დაცვით დაგვემსახურებინა დიდება, – მოგვეცა არა იმიტომ, რომ ღვთისთვის ცნობილი არ იყო ჩვენი მომავალი, არამედ იმიტომ, რომ მან თავისუფლების კანონი დაადგინა. ჩვენ ვცდუნდით, რადგან შური აღგვეძრა; დავეცით, რადგან სჯულს გადავუხვიეთ; ვმარხულობთ, რადგან არ დავიცავით მარხვა და ხე ცნობადით ვიძლიენით, ვინაიდან მცნება მარხვისა ჩვენთვის ძველიც იყო და თანამედროვეც, რომელიც თითქოსდა სულისათვის ძიძა იყო და აღვირი ტკბობისას.

ჩვენ ამ მცნების დაცვით უნდა დავიბრუნოთ ის, რაც მისი დარღვევით დავკარგეთ. ჩვენ ვსაჭიროებდით უფლის განკაცებას და მის მოკვდინებას, რათა გავცოცხლებულიყავით. მასთან ერთად მოვკვდით ჩვენც, რათა განვწმედილიყავით, მასთან ერთად აღვსდექით, ვინაიდან ჩვენც მოვკვდით მასთან ერთად. მასთან ერთად განვდიდდით, რადგან მასთან ერთად აღვსდექით. (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)

ქრისტე აღსდგა და აღადგინა სამყარო!

ქრისტე აღსდგა და განქარვდა სიკვდილი!

ქრისტე აღსდგა და განაახლა კაცთა ბუნება!

მაშ მუდამ ვღაღადებდეთ და ვიტყოდეთ:

ქრისტე აღსდგა !

ჭეშმარიტად აღსდგა !

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის მოძღვარი

მამა თომა ბეკურიშვილი

აღდგომა უფლისა იესო ქრისტესი 2015წ.

Exit mobile version