19 იანვარი
ნათლისღება-განცხადება უფლისა ღმრთისა და მოცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი!
ტროპარი: რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გდვა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა.
კონდაკი: განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ ნათელო შეუხებელო.
საუბარი ქრისტეს ნათლისღების დღესასწაულზე წმიდისა იოანე ოქროპირისა კონსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსისა
ვიტყვით რასმე ამჟამინდელ დღესასწაულზე. ბევრი დღესასწაულებს აღნიშნავენ და მათი სახელწოდებანიც იციან, მაგრამ არ უწყიან რა მიზეზის გამო არიან ისინი დაწესებული. ასე მაგალითად ის, რომ დღევანდელი დღესასწაული ღვთისგანცხადებად იწოდება, ყველასთვის ცნობილია, მაგრამ როგორი ღვთისგანცხადებაა იგი და ერთია თუ ორი, ეს არ იციან. სირცხვილია, ყოველ წელს დღესასწაულობდე და არ იცოდე დაწესების საბაბი.
ამიტომაც უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ითქვას, რომ ღვთისგანცხადება ერთი კი არ არის, არამედ ორი: ერთი ამჟამინდელი, რომელიც უკვე აღსრულდა, ხოლო მეორე კი მომავალი, რომელიც დიდებით აღსრულდება ქვეყნიერების დასასრულს. ერთზეც და მეორეზეც დღეს პავლესაგან გესმათ, რომელიც საუბრობს რა ტიტესთან, ამგვრად იტყვის აწინდელზე: „გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა, სამოძღვრებელად ჩუენდა, რაჲთა უარვყოთ უღმრთოებაჲ და სოფლისა გულის-თქმაჲ, სიწმიდით და სიმართლით და ღმრთის მსახურებით ვცხონდებოდით ამას სოფელსა და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებისა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა“ (ტიტ. 2,11-13).1X წინასწარმეტყველმაც ამ უკანასკნელზე თქვა: „მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი“ (იოველი 3,4). რისთვისაა, რომ ღვთის განცხადებად იწოდება არა ის დღე, როდესაც უფალი იშვა, არამედ დღე, როდესაც მან ნათელ-იღო? დღე დღევანდელი სწორედ იგია, როდესაც მან ნათელ-იღო და წყლის ბუნება აკურთხა. სწორედ ამიტომაც ამ დღესასწაულზე ყველა წყალს აღმოივსებს თავისთვის და მიაქვს სახლში და ინახავენ მთელი წლის განმავლობაში, რამეთუ ამ დღეს წყლები იკურთხევა; და ხდება აშკარა ნიშ-სასწაული: დროთა განმავლობაში ეს წყალი თავის არსებაში არ ფუჭდება, არამედ დღეს აღმოვსებული მთელი წელი, ხშირად კი ორი და სამი წელიც კი გაუხრწნელი და ახალთ-ახალი რჩება და მრავალი ხნის შემდეგაც არაფრით ჩამოუვარდება წყაროდან სულ ახლახანს ამოვსებულ წყალს. რის გამო იწოდება ღვთისგანცხადებად ეს დღე? იმის გამო, რომ ქრისტე ყველასთვის ცნობილი იმ დღეს კი არ გახდა, როცა იშვა, არამედ იმ დღეს, როდესაც ნათელს-იღო; მანამდის იგი ხალხისთვის უცნობი რჩებოდა. იმის შესახებ, რომ ხალხი მას არ იცნობდა და გულის-ხმაში ვერ მოდიოდა, მოუსმინე იოანე ნათლისმცემელს, რომელიც ამბობს: „თქვენს შორის დგას ის, ვისაც არ იცნობთ“ (იოანე 1,26). და განა გასაკვირია, რომ ხალხი არ იცნობდა მას, რამეთუ თავად იოანეც იმ დღემდე არ იცნობდა მას? „მე არ ვიცნობდი მას; მაგრამ ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლის-ცემად, მითხრა: ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს, და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სული წმიდით ნათლისმცემელი“ (იოანე 1,33). მაშ ასე, აქედან სჩანს, რომ – ორია ნათლის-ღება, ხოლო ქრისტე რისთვის მოვალს ნათლის-ღებად და რომელ ნათლის-ღებად, ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ითქვას: რამეთუ ესეც აუცილებელია ვიცოდეთ, ისევე როგორც ის. და ჯერ-არს თქვენს სიყვარულს წინასწარ ვუთხრა ამ უკანასკნელზე: რამეთუ აქედან შევიტყობთ პირველზეც. იყო ნათლის-ღება იუდაური, რომელიც სხეულებრივ არაწმინდებას განწმენდდა, მაგრამ არა სინდისის ცოდვებს. ასე მაგალითად, როდესაც ვინმე იმრუშებდა, ან ქურდობას ხელს მიჰყოფდა, ანდა რომელსამე სხვა ცოდვას ჩაიდენდა, ამის მოქმედს იგი დანაშაულისაგან არ ანთავისუფლებდა. ხოლო ვინც მიცვალებულის ნეშტს შეეხებოდა, ვინც სჯულით აკრძალულ საჭმელს იხმევდა, ვინც გადამდები სნეულების მქონესთან იქონიებდა ურთიერთობას, ვინაც კეთროვანს ეზიარებოდა, იგი განიბანებოდა და საღამომდე იყო არაწმინდა, ხოლო შემდეგ განიწმინდებოდა. „წყალში განიბანოს, – ნათქვამია წმ. წერილში, – და საღამომდე გაუწმინდურებული იქნება“ (ლევიანნი, 15,5; 22,4). ყველაფერი ეს ნამდვილად ცოდვა და არაწმინდება როდი იყო, მაგრამ რამდენადაც იუდეველები სრულყოფილნი არ ყოფილან, ამდენად ღმერთი მათ ამ გზით უფრო ღვთისმოსავთ ხდიდა, დასაწყისშივე უფრო მნიშვნელოვანის უზუსტესად აღსრულებას აჩვევდა.
კი მაგრამ რა სიმართლეა იმაში, იკითხავს ზოგიერთი, რომ მოინათლო? წინაწარმეტყველისადმი დამორჩილება იყო სიმართლე. ქრისტემ როგორადაც წინადაიცვითა, შესწირა მსხვერპლი, იცავდა შაბათს და მისდევდა იუდაურ დღესასწაულებს, იმგვარადვე მიამატა ესეც, დაემორჩილა ნათლისმცემელ წინასწარმეტყველს. ღვთის ნება იყო, რომ მაშინ ყველა მონათლულიყო, რაზედაც ყური მიუგდე იოანეს: „ჩემმა მამვლინებელმა წყლით ნათლის-ცემად“ (იოანე 1,33); ასევე ქრისტეც: „მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს ღმერთი, და ნათელ-იღეს იოანეს ნათლის-ცემით. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან“ (ლუკა 7,29-30). მაშასადამე, თუ ღვთისადმი დამორჩილება წარმოადგენს სიმართლეს, ხოლო ღმერთმა კი იოანე წარმოგზავნა, რათა ხალხი მოენათლა, ქრისტემ ყველა სხვა მცნებასთან ერთად ესეც აღასრულა. დავუშვათ, რომ სჯულის მცნებები ორასი დინარია; ეს ვალია, რომელიც ჩვენმა მოდგმამ უნდა გადაიხადოს; მაგრამ ჩვენ ვალი არ გადავიხადეთ და ასეთ დანაშაულში ჩავარდნილები, მოგვიცვა სიკვდილმა. მოვიდა ქრისტე და რა გვნახა სიკვდილით შეპყრობილები, გამოგვიხსნა ვალისაგან, ყველა, ვისაც არ შეგვეძლო გადახდა. ამიტომ მას არ უთქვამს: „ჩვენ გვმართებს ეს და ეს მოვიმოქმედოთ“, არამედ „აღვასრულოთ ყოველი სიმართლე“. „მე, მეუფეს მქონებელსა, – ამბობს ის, – ჯერ-მიჩნს გადავიხადო მათთვის, ვინც არმქონეა“. ასეთია მისი ნათლის-ღების მიზეზი, რათა ყველამ ნახოს, რომ მან აღასრულა მთელი სხული; და ეს მიზეზიცაა იმისა, რაზედაც ამაზე უწინ ითქვა. ამიტომაც გარდამოვიდა სული სახედ ტრედისა; რამეთუ, სადაც – ღმერთთან შერიგებაა, იქვეა ტრედიც. ასევე ნოეს კიდობანში ტრედმა მოიტანა ზეთისხილის რტო – ნიშანი ღვთის კაცთმოყვარებისა და წარღვნის შეწყვეტისა, და ამჯერადაც სახედ ტრედისა, და არა სხეულში, – ეს განსაკუთრებულად უნდა შევნიშნოთ – გარდამოხდა სული წმიდა, ამცნობდა რა ღვთის წყალობას ქვეყნიერებას და ამასთან აჩვენებდა, რომ სულიერი ადამიანი უბოროტო, უბრალო და უმწიკვლო უნდა იყოს, როგორც ქრისტეც იტყვის: „თუ არ მოიქცევით და არ იქნებით როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“ (მათე 18,3). მაგრამ ის კიდობანი წარღვნის შემდგომ მიწაზე დარჩა, ეს კიდობანი კი მას შემდეგ რაც რისხვა შეწყდა, ცადაა აღყვანებული, და ამჟამადაც ეს უბიწო და უხრწნელი სხეული ჰგიეს მარჯვენით მამისა.
ვახსენე რა უფლის სხეული, მცირეოდენს ამაზეც ვიტყვი, ხოლო მერმე კი საუბარს განვასრულებ. დღეს დღესასწაულთან დაკავშირებით ბევრი მიეახლება წმ. ტრაპეზს. მაგრამ ბევრი მიეახლება თრთოლვისა და კრძალვის გარეშე, სხვისთვის მუჯლუგუნების რტყმით, მრისხანება მორეული, ყვირილით, წყევით, მოყვასის წყენით, დიდი აღშფოთებით… რითი ხარ, მითხარ მე, ადამიანო აღშფოთებული? რას მოუგვრია მოუსვენრობა? რა თქმა უნდა, აუცილებელი საქმეები მოგიხმობს შენ; ამ წუთში შენ განსაკუთრებულად გრძნობ, რომ საქმეები გაქვს, განსაკუთრებით გახსოვს,რომ მიწაზე ხარ და ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა? მაგრამ განა გაქვავებულ გულს არ სჩვევია იფიქროს, რომ ასეთ დროს შენ მიწაზე დგახარ და არ ზეიმობ ანგელოსებთან, რომლებთან ერთადაც ძლევის გალობას აღუვლენ ღმერთს? ამადაც გვიწოდა ქრისტემ არწივები, სთქვა რა: „სადაც ეგდება მძორი, იქვე შეგროვდებიან არწივნი“ (მათე 24,28), – რათა ჩვენ ზეცად აღვიწეოდეთ, მაღლა-მაღლა ვფრენდეთ, ამაღლებულნი ჩვენი სულის ფრთებით; ხოლო ჩვენ კი გველებივით ქვე-მძრომობთ მტვერში და მიწასა ვლოშნით. სადილზე მიწვეული, რომც დანაყრდე, მეგობრებზე ადრე მაინც ვერ ბედავ წამოხვიდე, ვიდრე ისინი ტრაპეზს უსხედან; აქ კი, როცა ჯერ ისევ გრძელდება მღვდელმოქმედება, შუა წირვაში ყველაფერს ტოვებ და გარეთ გამოდიხარ? შენდობას იმსახურებს ამგვარი საქციელი? რა გამართლება შეიძლება მოეძებნოს ამას? იუდა, ეზიარა რა უკანასკნელ სერობაზე იმ ბოლო ღამეს, აჩქარებით გამოვიდა, მაშინ როცა დანარჩენები ჯერეც ინახით ისხდნენ. აი, ვის ბაძავენ ისინი, ვინც სამადლობელ ლოცვებამდე გამოდიან (ტაძრიდან)! ის რომ არ გამოსულიყო, მიმცემელი არ შეიქმნებოდა; თანამოწაფენი რომ არ დაეტოვებინა, მაშინ არ დაიღუპებოდა; სამწყსოს რომ არ განშორებოდა, მგელიც არ მოინადირებდა და არ შთანთქავდა; მწყემმს რომ არ განცალკევებოდა, ნადირიც ვერ მოიტაცებდა. ამიტომაც ის (იუდა) იუდეველებთან იყო, ხოლო ესენი (მოციქულები) უფალთან ერთად გამოვიდნენ, მმადლობელნი. ხედავ განა, მსხვერპლშეწირვის შემდეგ თურმე რის მიხედვით აღესრულება უკანასკნელი ლოცვა? წარმოვიდგინოთ ეს, საყვარელნო, ვიფიქროთ ამაზე, შევუშინდეთ ამისთვის მოსალოდნელ განკითხვას. მოვუხდეთ წმიდა მსხვერპლს უდიდესი კეთილწესიერებით, შესაფერისი კეთილმოკრძალებით, რათა ღვთისაგან უფრო მეტი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, განვიწმინდოთ სული ჩვენი და მივიღოთ საუკუნო სიკეთე, რომლისაცა ღირს-ვიქმნეთ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომლისა თანა შვენის დიდება და ხელმწიფება მამასა, სული წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.