დაუჯდომელი ღირსისა ანტონ მარტოდმყოფელისა
მღდელმან: კურთხეულ არს-ი
და უკეთუ ერისკაცია იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
კონდაკი 1
შესხმით გიგალობთ, ვითარცა მონაზონთა შორის ქებულსა და ბრწყინვალესა მნათობსა ივერთა ეკლესიისასა და გევედრებით: სიტკბოებითა მოიხილე ჩუენ ზედა, და გვიხსენ ყოველთა ჭირთა და საცთურთაგან, რაითა არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი, და ღირს ვიქმნეთ ქებად და გალობად შენდა: გიხაროდენ, ღვაწლმრავალო მამაო ჩუენო, წმიდაო ანტონ მარტყოფელო!
იკოსი 1
ანგელოზად ქუეყანისად და კაცად ზეცისად გამოჩნდი შენ, ღირსო მამაო, და საღმრთოითა ძალითა მიჰმადლებ კურნებასა სულთა და ხორცთასა, ვინაიცა ამბორს-უყოფს ხატსა ამას სიწმიდისა შენისასა და პატივისა ჰსცემს სანატრელს საფლავსა შენსა, ვითარცა საუნჯესა სიწმიდეთა მტვირთველსა, სადაით-იგი აღმოდის კურნებათა საღმრთიი მდინარეი და ყოველთა აღგვძრავს შესხმად და გალობად შენდა:
გიხაროდენ, კაცთა შორის ანგელოზო, ერისა ჩუენისა მწყსად და მოღუაწედ მოვლინებულო;
გიხაროდენ, ძალითა ღმრთისაითა მრავალთა სასწაულთა სრულ-მყოფელო;
გიხაროდენ, პატიოსანთა სიტყუათა შენთა მადლითა ქართველთა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, კერპთ-მსახურებისა და წვალებისა სიბნელისა განმდევნელო;
გიხაროდენ, უგუნურთა და უგულისხმოთა განმაბრძნობელო;
გიხაროდენ, მოწაფეთა შენთა უფიცხლესითა მონაზვნებრივითა კანონითა გამომწვრთნელო;
გიხაროდენ, ღვაწლმრავალო მამაო ჩუენო, წმიდაო ანტონ მარტყოფელო!
კონდაკი 2
აღმოსცენდი რაი ქუეყანასა მას შუა-მდინარესა, სანატრელო, სიყრმითგან ქრისტესა შედგომილი კეთილად აღიზარდე, და ისწრაფდი რაი ანგელოსებრივისა მიმართ ღუაწლისა, იქმენ მოწაფეი იოვანეისი, ყოვლითა სიკეთითა სრულქმნილისა, და დაუტევე რაი სოფელი წინამძღურობითა მისითა, მარხვითა და მღვიძარებით სრულიად განიწმიდე სული თვისი და მარადის ადიდებდი ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 2
ჩუენებასა შინა იხილა მოძღვარმან შენმან დედაი ღმრთისაი, და უბრძანა რაი წარსლვაი წილხვედრსა ქუეყანასა თვისსა, მოწაფეთა თანა წარმოვიდა და მოიწია რაი მცხეთად, დამკვიდრდა მთასა მას ზედაზნისასა, ხოლო შენ იღუწიდი ქუეყანასა შენსა და ედესია ქალაქსა მსახურებდი ღმერთსა, მას ევედრე აწ, რაითა ცხოველ ჰყოს სული ჩემი მომკუდარი ცოდვათაგან, და გული და გონებაი განგვინათლოს მოსავთა შენთა და მაქებელთა:
გიხაროდენ, სიყრმითგანვე სულიერითა სიბრძნითა აღვსილო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა მოზღუდვილო;
გიხაროდენ, მხურვალითა ლოცვითა საღმრთოდ შეჭურვილო;
გიხაროდენ, კლდესა ზედა სიმდაბლისა და მორჩილებისასა დამყარებულო;
გიხაროდენ, კიბეო სათნოებათაო, ქუეყანით ზეცად აღწევნულო;
გიხაროდენ, სამგვამოვნებასა შინა ერთღმრთეებისა თაყუანისცემისა მასწავლელო;
გიხაროდენ, ღვაწლმრავალო მამაო ჩუენო, წმიდაო ანტონ მარტყოფელო!
კონდაკი 3
ჟამსა მას მიტაცებულ აქუნდათ რაი მწვალებელთა მათ ნესტორიანთა კეცის ხატი მაცხოვრისაი, ფრიად მწუხარებდი გულსა თვისსა, და გერწმუნა რაი დაცვაი ხელთუქმნელისა მის სიწმიდისა, ანტონ სანატრელო, ზეგარდამოითა უწყებითა ფარულად აღიყვანე `ტაძრისაგან~ მათისა, და წარმოიყვანე ივერიას, რაითამცა განაძლიერო ქართველთა ერი მსახურებად და გალობად ღმრთისა: ალილუია.
იკოსი 3
სიყუარულითა მოძღვრისა თვისისაითა შეუდეგ კუალსა მისსა, და ქართლად მოწევნული მიეახლე რაი ზედაზენსა, სიხარულითა შეგიწყნარა, და თაყუანის-სცა რაი ხატ-ქმნულსა მას კეცსა კრძალვითა, ერთობითა ავედრებდით მას დედისა თვისისა წილხუდომილსა ერსა ქართველთასა, აწ შეგვეწიე წინაშე მისსა, მოგვანიჭოს მხურვალებაი სარწმუნოებისაი და სიყუარული მოყუასისაი, რაითა მშვიდობით ვცხონდებოდეთ და გაქებდეთ სურვილითა:
გიხაროდენ, საღმრთოისა მადლისა უხილავთა სიღრმეთა განმცდელო;
გიხაროდენ, სულისა თვისისა ქრისტეის სამკვიდრებელად განმკუთვნელო;
გიხაროდენ, ხელთაგან უკეთურთა მწვალებელთასა წმიდისა ხატისა მისისა გამომხსნელო;
გიხაროდენ, ქუეყანასა ჩუენსა საკვირველისა მის სიწმიდისა მობრძანებითა საღმრთოისა მადლისა განმფენელო;
გიხაროდენ, სულითა ძლიერო, უცხოებასა შინა ფიცხელთა ღუაწლთა და განსაცდელთა ახოვნად თავს-მდებელო;
გიხაროდენ, მოგვთა გრძნებისა დამარღვეველო და სიცბილისა მათისა მამხილებელო;
გიხაროდენ, ღვაწლმრავალო მამაო ჩუენო, წმიდაო ანტონ მარტყოფელო!
კონდაკი 4
წარგგზავნიდა რაი მოძღუარი შენი იოანე გარემოთა მათ ზედაზნისათა, განსანათლებლად კერპთმსახურთა, ყოვლად პატიოსანი და წმიდაი ხატი იგი უფლისაი იპყარ ხელთა შინა, და სიხარულითა შეუდეგ რაი კუალსა მას სამოციქულოსა, წარმართთა შორის ქადაგებითა მრავალნი მოაქცივნე, ღირსად სანატრელო, და დაუდგინნე მღდელნი მსახურებად და დიდებად ღმრთისა: ალილუია.
იკოსი 4
საღმრთოთა მათ საქმეთა მოსწრაფეი წარემართე საქადაგოდ კახეთსა, და მოიკითხე რაი თანა-მოღვაწეი შენი ზენონ, მერმე იოსებსა წარმოუდეგ ალავერდსა, და დაჰყავ რაი ფრიადი ჟამი, დაემკვიდრე ხევსა მას შინა ლოპოტისასა, და მრავალნი მიიზიდნე მუნ სათნოებითა შენითა, გარნა ღელეი იგი არა დაიტევდა მოღუაწეთა, და აღუშენე რაი სავანეი, თვით მოვლე ქუემო კახეთი ქადაგებითა, და აღძარ ყოველნი შესხმად უბიწოისა ცხორებისა შენისა:
გიხაროდენ, სიმდაბლითა შემოსილო უმტკიცეს ანდამატისაო;
გიხაროდენ, შეურყეველო კლდეო კრძალულებისაო;
გიხაროდენ, კანონო უბიწოდ ცხორებისაო;
გიხაროდენ, სარკეო სამღდელოისა ღუაწლისაო;
გიხაროდენ, ძალაო და სიმტკიცეო მართლმადიდებელთა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, ბრძენო ქადაგო მოციქულთა და მამათა სწავლებისაო;
გიხაროდენ, ღვაწლმრავალო მამაო ჩუენო, წმიდაო ანტონ მარტყოფელო!
კონდაკი 5
იყავ რაი ყოვლითურთ მდაბალი და უცხოი კაცობრივისაგან დიდებისა, განიზრახე დაყუდებაი მარტოებითა, და უვალსა მას მთასა ზედა იწყე რაი მოღვაწებაი უპოვარებასა შინა სიმდაბლითა, მრავალნი მოისწრაფდენ ხილვად და სმენად შენდა, მაშინ გამოქვაბე კლდეი `მთასა აკრიანისასა~ , და მას შინა დაყუდებული საზრდელსა პოებდი რაი მდელოთაგან და წყალსა წვიმისაგან შეკრებულსა ნაპრალთა შინა, მარადის ქრისტესა მადლობდი და სამწმიდითა შესხმითა ადიდებდი ზეცათა მეუფესა და ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 5
დიდნი ღუაწლნი და შრომანი თავს-ისხენ შენ, ღირსო მამაო, და მხურვალედ ილოცვიდი და ფსალმუნებდი რაი დღეი და ღამეი წინაშე საუფლოისა მის ხატისა, წმიდითა გულითა სრულიად მინდობილ ეყავ ღმერთსა, და აჰა, ზეგარდამო მსმენელმან ლოცვისა შენისამან მოგივლინა რაი ირემნი ნუკროსანნი მსახურებად, რძესა მათსა საზრდელად იხუმევდი და ჰმადლობდი ყოვლადმოწყალესა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა ცხორებასა ამას შინა დაგვიფაროს და საუკუნედ ზიარ-გვყოს წმიდათა თანა სუფევასა, რომელნი ესე გიგალობთ და შეგასხამთ სამადლობელსა:
გიხაროდენ, მუხლთა დრეკითა და მღვიძარებითა ხორცთა შენთა განმკაფველო;
გიხაროდენ, ლოცვათა კეთილსურნელებითა ქუეყანისა ჩუენისა აღმავსებელო;
გიხაროდენ, სიყუარულისა დაუშრეტელისა ცეცხლისა ერსა შინა ჩუენსა აღმგზებელო;
გიხაროდენ, მტერთა ბოროტისა განზრახვისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, უსჯულოებისა სიმყრალისა განმწმედელო;
გიხაროდენ, გულსა წარმართთასა ქრისტეის სიყუარულისა შთამსახველო;
გიხაროდენ, ღვაწლმრავალო მამაო ჩუენო, წმიდაო ანტონ მარტყოფელო!
კონდაკი 6
აჰა ესერა განგებითა საღმრთოითა მამასახლისი მის დაბისაი მოვიდოდა ნადირობად, და დევნა უყო რაი ირემთა, დაკოდა ნუკრიცა მათი, და დამფრთხალნი მოისწრაფდენ შენდა, ხოლო მან გიხილა შორის მათსა, და ვითარცა გრძნეულსა განგიჩინა რაი მოკვეთაი ხელისაი, მსწრაფლ განუხმა ხელი მეშანთესა, და გევედრებოდა რაი შეწევნასა, გარდასახვითა ჯუარისაითა მიანიჭე კურნებაი, მაშინ ყოველნი განკვირდეს ძალმოსილებითა შენითა, ნეტარო ანტონ, და დიდებაი შესწირეს ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა: ალილუია.
იკოსი 6
მსწრაფლ მიუმცნეს რაი მამასახლისსა საკვირველებაი ესე დიდებული, თაყუანის-გცა, ვითარცა მოციქულსა, და აღგითქუმიდა რაი ყოველთა სურვილთა აღსრულებასა, ითხოვე ქუაი მარილისაი, რაითა დაალოკო ფურთა, ხოლო კაცთა მათ განთქუეს რაი სიწმიდეი შენი, მოვიდოდენ ურიცხუნი სულნი, და აღეშენებოდენ რაი სწავლითა შენითა, ეგზებოდა გული მათი ცეცხლითა საღმრთოისა მოშურნეობისაითა და გნატრიდენ სარწმუნოებითა:
გიხაროდენ, მონაზონთა მთავარო და ჭურო სათნოებათაო;
გიხაროდენ, მრავალთა განსაცდელისა დამთმენელო, და თავს-მდებელო მწუხარებათაო;
გიხაროდენ, დიდო სიქადულო მოსაგრეთაო და კუერთხო ახალ ნერგთაო;
გიხაროდენ, პირუტყვთა შემწყნარებელო და მწყალობელო პირმეტყველთა მათ ცხოვართაო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტო მამაო შენდამი მოლტოლვილთაო და დამხსნელო ვნებათაო;
გიხაროდენ, ქართველთა დიდებაო და განუკუეთელო ზღუდეო ქრისტეანეთა ერთაო;
გიხაროდენ, ღვაწლმრავალო მამაო ჩუენო, წმიდაო ანტონ მარტყოფელო!
კონდაკი 7
ნაცულად ერისა შენისა მოგმადლა რაი ღმერთმან საღუაწად ერი ქართველთაი, ჭეშმარიტად გამოსჩნდი შენ მწყემსად საკვირველად, ანტონ სანატრელო, და განმრავლდა რაი რიცხვი მოწაფეთა შენთაი, ყოველნი წარემატნეს ანგელოზებრსა ქცევასა და მოღუაწებასა შინა, აწ ჩუენცა შეგვეწიე და განგვარინე ყოველთაგან ვნებათა და ვერაგობათა მტერისათა, რაითა უვნებელად დაცულნი გმადლობდეთ შენ, მამაო, და ვადიდებდეთ ქრისტესა, განმაძლიერებელსა შენსა: ალილუია.
იკოსი 7
საცნაურ იქმნა რაი ყოველთათვის საღმრთოი იგი მოქალაქობაი შენი, სანატრელო, აღივსო მთაი იგი მამათა მიერ მოღუაწეთა, და რომელთა-მე ხორციელთა სნეულებათაგან განჰკურნებდი, და სხუათაცა იხსნიდი სულიერთა ვნებათაგან, და ესრეთ ურიცხუნი სულნი შეაწყნარნე ღმერთსა, აწ ჩუენცა ნუ განგვაშორებ სიწმიდისა შენისა ძალსა და შეწევნასა და დაგვიფარე სავნებელთაგან სულიერთა და ხორციელთა, რაითა ჩუენცა აღვიძრნეთ ქებად ღმრთივბრწყინვალისა მის ღუაწლისა შენისა:
გიხაროდენ, უძლურთა ლოცვითა განმაძლიერებელო;
გიხაროდენ, სულთა არაწმიდათა განმსხმელო და ეშმაკთა სიბოროტისა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, სოფლიურთა მათ ღელვათაგან სასო-წარკუეთილთა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, მეუდებნოეთა მამათა მტკიცეო წინამძღუარო და შეცდომილთა შესავედრებელო;
გიხაროდენ, სნეულთა მკურნალო და ღელვა-გუემულთა მყუდროო ნავთსაყუდელო;
გიხაროდენ, მოძღვართა განმანათლებელო და უდაბნოთა ქალაქ-მყოფელო;
გიხაროდენ, ღვაწლმრავალო მამაო ჩუენო, წმიდაო ანტონ მარტყოფელო!
კონდაკი 8
ვერა ჰპოებდი რაი საწადელსა მას თვისსა დაყუდებითა ცხორებასა, ნეტარო ანტონ, გულისხმა-ყავ აღშენებაი დიდისა სავანისაი, და აღაგე რაი მოედანსა მას მთისასა ეკლესიაი სადიდებელად ღმრთისა, განუწესე წესი ლოცვისა და მარხვისაი მოწესეთა, ხოლო თვით აღირჩიე მარტოდ მყოფობაი, და ზენათა ძიებითა მწვერვალსა აღსრულმან ცად მეორედ აღმართე რაი სუეტი, მყუდროებისა მოყვარეი აღხვედ მას ზედა და სურნელებაი ლოცვათა შენთაი, ვითარცა კეთილი საკუმეველი, მარადის აღიწეოდა ღმრთისა მიმართ: ალილუია.
იკოსი 8
იწყე რაი მოღუაწებაი უზეშთაეს ბუნებისა, ღირსო, ბრძოლაი დიდი აღადგინეს შენ ზედა ეშმაკთა, გარნა უკუნ-აქცივნე მანქანებანი მათნი ძალითა ჯუარცმულისაითა, და იქმენ რაი თანა-მზრახვალ ანგელოზთა, მაღლით მოჰფენდი ყოველსა გარემოსა ბრწყინვალესა ელვასა ლოცვათა თვისთასა, სადა იგი მრავალთა საუკუნეთა მოივლტოდენ მეფენი სამღდელოთა და ერთა თანა, და გაქებდენ შენ, ვითარცა ეკლესიისა დიდსა მამასა და მეოხსა საკვირველსა:
გიხაროდენ, მეგობარო ღმრთისაო და სიმტკიცეო მონაზონთა კრებულისაო;
გიხაროდენ, წინაით მხილველო და განმჭურეტელო ყოველთა გულისწადილისაო;
გიხაროდენ, ღმრთივბრწყინვალეო სუეტო მოსაგრეობისაო;
გიხაროდენ, გოდოლო უბრძოლველო და ხატო უზაკუელისა სიწმიდისაო;
გიხაროდენ, ურყეველო ძეგლო სიმხნისაო და ზღუდეო ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ზეციერო წინამბრძოლო და ჯუარისმტვირთველო ერისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, ღვაწლმრავალო მამაო ჩუენო, წმიდაო ანტონ მარტყოფელო!
კონდაკი 9
იყოფოდი რაი უშფოთველად ადგილსა მას, წმიდაო ბერო, განშორებული ყოვლისა-ვე კაცობრივისაგან ზრუნვისა, გიწოდდენ მარტო-მყოფელსა~, ხოლო შენ ვითარცა მამაი და მოძღუარი სულიერი, ჟამითი ჟამად შთახვიდოდი
ღვთაების მონასტერსა~ აღსასრულებლად ღმრთისმსახურებისა, და შეჭურვილი მადლითა სულისაითა ასუმევდი წყალსა მას ცხორებისასა ღირსთა და მოღუაწეთა, რომელთა-ცა სიწმიდესა და ღირსებასა ხედვიდი თუალითა სულიერითა, და ყოველთა განსწავლიდი ბრძოლად ბოროტისა, და განაკრძალებდი ლოცვასა და საღმრთოსა გალობასა: ალილუია.
იკოსი 9
საკვირველითა მით მოქალაქობითა დაყავ ათხუთმეტ წელ სვეტსა მას ზედა, ღირსო მამაო, და განბრწყინდა რაი ქუეყანასა ჩუენსა სათნოებათა შენთა სიმრავლეი, ფრიადსა მას მხცოვანებასა მიწევნულსა, მადლითა სულისაითა წინაითვე გემცნო ჟამი აღსრულებისა შენისაი, და შემოიკრიბე რაი სამწყსოი შენი, აკურთხე და წინაშე ხატ-ქმნულისა მის კეცისა შეჰვედრნე მხსნელსა, მას ევედრე აწ, რაითა განგვარინნეს ეშმაკისა მიერ აღძრულთა მახეთაგან და გზასა მას მცნებათა თვისთასა წარგვიმართოს მოსავთა შენთა და მაქებელთა:
გიხაროდენ, მოღუაწებასა შინა ფრიად განთქუმულთა მამათა შესწორებულო;
გიხაროდენ, ცოდვის-მოყუარეთა კაცთათვის თავშეკავებისა სიტკბოებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, სულთა მარგებელთა სწავლათა განმამრავლებელო;
გიხაროდენ, ყოვლად ბრწყინვალეო მნათობო, სათნოებათა ელვითა ერისა ჩუენისა განმანათლებელო;
გიხაროდენ, მენავეთ-მოძღუარო ხელოვანო, მრავალთა სულთა დაუნთქმელად ზღუასა შინა ამის სოფლისასა წიაღ-მყვანებელო;
გიხაროდენ, ნავთსაყუდელსა მას საუკუნოისა ცხორებისასა მშვიდობითა შემყვანებელო და ღმრთისად შემწირველო;
გიხაროდენ, ღვაწლმრავალო მამაო ჩუენო, წმიდაო ანტონ მარტყოფელო!
კონდაკი 10
ეზიარე რაი უხრწნელთა საიდუმლოთა ქრისტეს ღმრთისათა, ნეტარო ბერო, შეწირე მადლობაი და მიეც სული თვისი ანგელოზთა მისთა თვინიერ ლმობისა და ტკივილისა, ხოლო მათ მიგცვალეს ამიერ სოფლით საუკუნეთა მათ სავანეთა, სადაცა არს განსუენებაი დამაშურალთა და მოღუაწეთაი, და შეერთე წმიდასა მწყობრსა მამათასა ასურეთით მოსრულთა ქუეყანასა ჩუენსა და მოძღუარსა შენსა იოანეს, ზედაზნისა მთასა ზედა მოღუაწესა, რაითა მარადის ადიდებდეთ ყოვლისა დამბადებელსა და შემოქმედსა: ალილუია.
იკოსი 10
კეთილსულნელებითა შემურეს რაი მრავალმოღვაწეი გუამი შენი ძმათა მათ – ობოლ-ქმნულთა ტკბილისაგან მამისა, გალობითა და კმევითა წაასვენეს სავანესა, სადაცა მოსრულ იყო სიმრავლეი მღდელთა და დიაკონთა, მონაზონთა და ერის-კაცთაი, და გოდებითა დაგფლეს რაი წინაშე ხატისა მის მარიამ ღმრთისმშობლისა, ნაწილთა შენთა წმიდაი სამარხოი, მდიდრად აღმოაცენებდა მადლთა სურნელებასა, და ყოველნი, სასწაულთა და კურნებათა შენთა მხილველნი, გნატრიდენ, ვითარცა შემწესა ყოვლად დიდებულსა:
გიხაროდენ, სანთელო, მაღალსა ზედა სასანთლესა მონაზონებისასა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, საღმრთოისა სარბიელისა კეთილად სრულმყოფელო;
გიხაროდენ, რჩეულო უფლისაო, სულისა შენისა უშფოთველად მისთვის გარდამცემელო;
გიხაროდენ, შრომათა შენთა მოსაგებელისა და სასყიდლისა ცათა შინა მპოვნელო;
გიხაროდენ, ქრისტეის მიერ ძლევისა გვირგვინისა მომღებელო;
გიხაროდენ, შენდამი მოსწრაფეთა სათნოებათა შინა ამამაღლებელო;
გიხაროდენ, ღვაწლმრავალო მამაო ჩუენო, წმიდაო ანტონ მარტყოფელო!
კონდაკი 11
სიბერითა კეთილითა სრულ-ქმნილი მიიცვალე რაი წმიდათა შინა წმიდათასა, ხატი იგი საუფლოი დაუტევე ერსა ჩუენსა, და სასწაულთ-მოქმედებდა რაი განცხადებულად, იქმნა იგი ყოველთათვის, ვითარცა წყაროი უკუდავებისაი, გარნა აწ მოკლებულ ვართ მადლისაგან მისისა, რამეთუ მიეფარა ვიდრე ჟამადმდე ვითარ წინაისწარმეტყველეს მამათა, რაითა უკანაისთა მათ ჟამთა კუალად გამობრწყინდეს ქუეყანასა ჩუენსა, და აღგვძრას ყოველნი ქებად შენდა და გალობად ღმრთისა: ალილუია.
იკოსი 11
შემდგომად სიკუდილისა შენისა სავანესა მას შენსა უწოდეს მარტყოფისაი~, და ვითარცა დაყუდებული მესვეტეი შეგრაცხეს რაი წმიდანად ივერთა ეკლესიისა, საუკუნოდ ნეტარებაი და ქებაი შენი განგვიწესეს სამწყსოსა მისსა, და ვიდრე აქამომდე წმიდაი
სუეტი~ ეგე მაუწყებელ-არს მარტოდმყოფობისა და დაყუდებისა შენისა, და ხმა მაღლად ჰქადაგებს რაი შრომათათვის მას ზედა აღსრულებულთა, ვითარცა ირემნი სურვიელნი წყაროდ მიმართ წყალთაისა, ესრეთ მოვისწრაფით მწვერვალსა მას, და მუნ დავანებულითა მით მადლითა ახოვან ქმნილნი გიგალობთ შენ, ვითარცა დიდსა მოღუაწესა ეკლესიისა ჩუენისასა:
გიხაროდენ, კანონო უბიწოდ ცხორებისაო და სარკეო სამღდელოისა ღუაწლისაო;
გიხაროდენ, ღირსებითა მსახურო საღმრთოისა საკურთხეველისაო;
გიხაროდენ, უბრძოლველო ზღუდეო კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, მამაო და მხურვალეო მფარველო მარტყოფის „ღვთაებისაო“;
გიხაროდენ, ცეცხლმთებარეო სვეტო ივერთა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, საჩინოო მნათობო ერისა ჩუენისაო და მზეო კახეთისაო;
გიხაროდენ, ღვაწლმრავალო მამაო ჩუენო, წმიდაო ანტონ მარტყოფელო!
კონდაკი 12
აწ იხარებს მხარეი კახეთისაი, წმიდაო მამაო ჩუენო ანტონ მესვეტეო, განანათლე რაი მკვიდრნი მისნი საღმრთოითა სწავლითა, და აღავსე მამათა მიერ მოღუაწეთა, და იქადის `ღვთაებაი~ მარტყოფისაი, იუნჯებს რაი წმიდასა საფლავსა შენსა, რომელ გუაქუს სიმდიდრედ სულიერად, საუნჯედ მადლისად და ეშმაკთა მაოტებელად, და ჩუენცა მოვისწრაფვით რაი მიმთხვევად მისდა, შეწევნასა შენსა ვსასოებთ და ვადიდებთ ყოვლისმპყრობელსა: ალილუია.
კონდაკი 12
მოღუაწებამან შენმან აღაორძინა ქართველთა ეკლესიაი, ღირსო მამაო ანტონ საკვირველო, და განამტკიცა რაი ერი ქრისტეანეი მართლ-სარწმუნოებასა შინა, აწცა გაქუს მადლი წინაშე ღმრთისა, კუალად შეგვჭურვოს ჩუენ ძალითა თვისითა უძლეველითა ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად განვვლოთ და ვპოოთ განსუენებაი და შუებაი წარუვალი ქებით შემსხმელთა შენთა და მგალობელთა:
გიხაროდენ, მწყემსო სიტყვიერთა ცხოვართაო, საღმრთოითა სიტყვითა და საქმითა დამწყსველო;
გიხაროდენ, წინამძღვარო ჩუენო ღმრთივკურთხეულო, სიწმიდისა და სიმდაბლისა მასწავლელო;
გიხაროდენ, ახოვნებითა სულისაითა სულმოკლეთა და დახსნილთათვის მაგალითისა მიმცემელო;
გიხაროდენ, სენაკთა შინა აღვლენილთა ლოცვათა მსწრაფლ-შემსმენელო;
გიხაროდენ, მორწმუნეთა შუამდგომელო და განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, სანთელო აღნთებულო, ბრწყინვალეო, ყოველთა დაყუდებულთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, ღვაწლმრავალო მამაო ჩუენო, წმიდაო ანტონ მარტყოფელო!
კონდაკი 13
ჰოი, ახალო მოციქულო კახეთისა მხარისაო, და მარტყოფისა შუენებაო ღირსო მამაო ჩუენო ანტონ მარტყოფელო, მიითუალე აწ კნინი ესე გალობაი ჩუენი და ვითარცა გაქუს კადნიერებაი დიდი, შეგვაწყნარენ ქრისტესა ღმერთსა, დაგვიფაროს ყოვლისაგან ძვირისა და მტერისაგან მხდომისა, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა, და დაუსჯელად დაგვიცვას ჩუენ ჟამსა განსჯისასა, რაითა შენ მიერ ძღუანებულნი უჭირველად მივემთხვივნეთ ზეცისა სასუფეველსა და მარადის ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა: ალილუია.
ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, მოწესეთა სამკაულო და ქალაქ-მყოფელო უდაბნოისაო, ღირსო მამაო ჩუენო ანტონ მარტყოფელო, მოწაფეო და თანამზრახუელო წმიდისა იოანე ზედაზნელისაო და ახალო მოციქულო და მაჩვენებელო გზისა მის კეთილად მსახურებისაო; მღდელთა გვირგვინო და სიქადულო კახეთისაო; ქართველთა ზესთამბრძოლო და ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო ქრისტეანეთაო; მრავალთა სასწაულთა მოქმედო და ღმრთისა მიმართ მეოხო და შესავედრებელო ყოველთა უპოვართა, განწირულთა და სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთაო!
ჰოი, განშორებულთა შორის ქებულო და ბერთა სიქადულო, წმიდაო მამაო ჩუენო ანტონ, ვითარცა ძუელ ოდესმე მოუძღუანე ქართველთა კეცისა ხატი იგი ხელთუქმნელი, მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტეისი, და მიაახლე ბრწყინვალებასა მას საღმრთოსა, ეგრეთვე აწ მამობრივითა მეოხებითა შენითა შეგვეწიე წინაშე ჯვარცმულისა, კუალად გამოგვიჩინოს ხელთუქმნელი ხატი იგი ყოვლად ძლიერი და საკვირველი, რაითა დაიცვას მამული ჩუენი ურიცხუთა მტერთაგან და შეჰკრიბოს ყოველსა ქუეყანასა ზედა განბნეული ერი ქართველთაი, ხოლო ჩუენ დაგვიფაროს ყოვლისაგან წვალებისა და მოგვანიჭოს ცხორებისა სიწმიდეი და ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი. ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა შენისაითა დაიცევ და მსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი (სახელი), ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, ზიარნი ეკლესიისა ჩუენისანი, და ყოველნი მართლმორწმუნენნი ქრისტეანენი.
ჰოი, ღმრთისა სათნომყოფელო და სასწაულთმოქმედო, ღირსო მამაო ჩუენო ანტონ მესვეტეო, ვითარცა ღუაწლითა დიდითა დაშუერ ერისათვის ჩუენისა სულიერად წინაშე ღმრთისა, წარმართობისაგან სრულიად ხსნად და განრინებად ყოვლისაგან უსჯულოებისა, ეგრეთვე აწ გვითხოე ქრისტეის მიერ ცოდვათა ჩუენთა ურიცხვთა მოტევებაი, სულიერთა და ხორციელთა ვნებათაგან გათავისუფლებაი, მართლმადიდებლობითა განათლებაი, სიწმინდითა მოქალაქეობაი, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვებაი, ანგელოსთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა ანტონ მარტყოფელისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა