დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრება: პეტრესი, ძმისა მისისა ანდრიასი, იაკობ ზებედესი, ძმისა მისისა იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი, თომასი, მათესი, იაკობ ალფესისა, იუდა იაკობისასი (თადეოზისა), სიმონ მოშურნესი და მატათიასი; კეთილმორწმუნისა დინარა დედოფლისა (X).
ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.
იმ წელს, როცა ქართლის სამეფო ტახტზე ადრეკი ავიდა, მცხეთაში ხმა გავარდა, იერუსალიმი სპარსელებმა დაიპყრესო. გლოვამ და წუხილმა მოიცვა ქართველი ჰურიანი, მაგრამ გამოხდა მცირე ხანი და ყველანი დამშვიდდნენ – შეიტყვეს, რომ „სპარსნი დასაპყრობად კი არ მოსულან იერუსალიმსა, არამედ საჭურველის ნაცვლად მოჰქონდათ სამეუფო ოქრო, მაკურნებელი მური და სურნელოვანი გუნდრუკი და ეძიებდნენ დავითის ტომის ყრმას. იპოვეს კიდეც მწირი ერთი, მწირი დედაკაცისაგან შობილი უდროო დროს და უადგილო ადგილას. იმ ყრმას სცეს თაყვანი და შესწირეს ძღვენი“.
გავიდა ოცდაათი წელი. ანა მღვდელთმთავარმა მოციქული გამოაგზავნა მცხეთელ ურიებთან: „რომლისათჳს იგი მოვიდეს მოგუნი და შესწირეს ძღვენი, აღზრდილ არს იგი და იტყჳს თავსა თჳსსა ძედ ღმერთისა და სხუასა რასმე ახალსა სჯულსა გჳქადაგებს და აწ წარმოგჳვლენია მოციქულნი ყოველთა თანა ჰურიათა, რათა მოვიდნენ მეცნიერნი სჯულისანი. მოვედით უკვე ყოველნივე მოსეს სჯულისა თანამდებნი და განვაბჭოთ მას ზედა“.
ქართლიდან სინედრიონის ბჭობაზე წავიდნენ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. ელიოზის დედა მღვდელთა ტომიდან იყო. წასვლის წინ მან შვილს სთხოვა, წილი არ დაედო მესიის სისხლის დათხევაში, „რამეთუ ის არის სიტყვა წინასწარმეტყველთა და იგავი ბრძენთაგან თქმული“.
როცა მაცხოვარი გოლგოთაზე ჯვარს აცვეს, ელიოზის დედამ მცხეთაში გაიგონა ჩაქუჩის ხმა, „საშინელითა კრჩხილებითა“ დაიძახა: „მშვიდობით, მეუფებაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა მაცხოვარი და მჴსნელი და იქმნენით ამიერითგან მტერ შემოქმედისა“! – და მყის აღესრულა.
როცა უფლის კვართზე წილი ჰყარეს ჰურიათა, ღვთის განგებულებით იგი მცხეთელებს შეხვდა. ელიოზმა და ლონგინოზმა კვართი ქართლში წამოასვენეს. მცხეთას მოსულ ელიოზს წინ შემოეგება „დაჲ თჳსი“, სიდონია. მან გულში ჩაიკრა კვართი მაცხოვრისა ჩვენისა, ტირილით და გოდებით მოისმინა ძმისაგან ჯვარცმის ამბავი და სული განუტევა. ეს სასწაული სწრაფად გახმაურდა მთელს ქართლში. ადერკი მეფემ მოისურვა თავად შეემოსა კვართი, მაგრამ იგი სიდონიას გაცივებულ მკლავებს ვერავინ მოაშორა, ელიოზმა თავისი და წმიდა კვართთან ერთად დამარხა. სიდონიას საფლავზე კვიპაროსის ხე ამოვიდა.
სულთმოფენობის შემდგომ მოციქულებმა წილი ჰყარეს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ქართლის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ მას მაცხოვარი გამოეცხადა და უბრძანა: „ჰოი, დედაო ჩემო, არა უგულებელვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებით შენითა მათთჳს. ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენსა ხვედრებულსა და თანა წარატანე ხატი შენი, ვითარცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს და შენ წილ ხატი იგი შენი მკჳდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა“. ღვთის განგებულებით და ღვთისმშობლის კურთხევით საქართველოში საქადაგებლად წამოვიდა წმიდა ანდრია პირველწოდებული (ხს. 30 ნოემბერს).
წმიდა ანდრიამ იქადაგა დიდაჭარაში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის მადლით მოაქცია წარმართები, დაადგინა მღვდლები და დიაკვნები, აღაშენა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. შემდგომ გადმოიარა მთა, რომელსაც რკინის ჯვარი ეწოდებოდა, განვლო ოძრხის ხევი, მოაღწია სამცხის საზღვარს და დაივანა სოფელში, რომელსაც ზადენ-გორა ერქვა. აქ ლოცვის მადლითა და ძალით შემუსრა კერპები. აწყურში მთავრობდა ქვრივი ქალი სამძივრის გვარისა, რომელსაც ერთადერთი ვაჟი გარდაცვლოდა. წმიდა ანდრია მოციქულმა, ჯვრის ნებითა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის მადლით, მიცვალებული აღადგინა მკვდრეთით. სამძივარმა ძით და ყოველი სახლეულითურთ ნათელ-იღო. წმიდა მოციქულმა მესხეთში დაადგინა ეპისკოპოსი, მღვდლები, დიაკვნები, ამის შემდეგ იქადაგა კლარჯეთში, არტანუჯში, სომხეთში და იერუსალიმში დაბრუნდა პასექის აღსასრულებლად.
ადერკი მეფემ ნათელღებული ქართველები და მეგრელები კვლავ წარმართობაზე მოაქცია და შერისხა კლარჯეთის ერისთავი, რომელმაც მშვიდობით განუტევა წმიდა ანდრია. მოციქული კვლავ დაბრუნდა ქართლში. ამჟამად მას მატათა და სვიმონ კანანელი ახლდა თან. წმიდა მატათამ (ხს. 9 აგვისტოს) საქადაგებლად სვანეთს მიაშურა, წმიდა ანდრია და წმიდა სვიმეონი (ხს. 30 ივნისს) ოსეთს წავიდნენ და მრავალი მოაქციეს, შემდგომ კი აფხაზეთს მიმართეს. წმიდა სვიმეონ კანანელი დარჩა ცხუმში, ხოლო წმიდა ანდრია ჯიქეთს წავიდა. ჯიქებმა არ შეიწყნარეს მოციქულის ქადაგება და მისი მოკვდინება ეწადათ, მაგრამ ღვთის მადლით გადარჩა.
გავიდა ჟამი. ურჯულოთა ზედამდგომელობით და წარმართთა შიშით ქართველებმა დაივიწყეს შემოქმედი თვისი და ჯვარცმული მაცხოვარი.
წმიდა გიორგი კაბადუკიელის (ხს. 23 აპრილს და 10 ნოემბერს) წამების ჟამს კაბადუკიაში ცხოვრობდა მართლმორწმუნე ცოლ-ქმარი ზაბულონ და სოსანა (ხს. 20 მაისს). მათ ჰყავდათ ასული ნინო (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს). სოსანა იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის და იყო. ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა თავი უფლისათვის შეეწირათ, თავიანთი ქონება ღარიბებს დაურიგეს, მცირეწლოვანი ასული ძიძას ჩააბარეს აღსაზრდელად, თვითონ კი განდეგილ ცხოვრებას შეუდგნენ. ნინოს აღმზრდელი მოუთხრობდა უფლის ვნებების, ჯვარცმის, დაფლვის, აღდგომის, აგრეთვე მისი ტილოსა და სუდარის შესახებ. როცა მან შეიტყო, რომ უფლის უკერველი კვართი დაფლული იყო წარმართთა ქალაქში, გადაწყვიტა ქართველები ქრისტეს სჯულზე მოექცია. იგი დაუმეგობრდა მეფის ასულ რიფსიმეს და მის გამზრდელს, გაიანეს (ხს. 30 სექტემბერს), რომლებიც ორმოცდაათ ქალწულთან ერთად ილტვოდნენ უსჯულო მეფის, დიოკლეტაინესგან და მათთან ერთად ჩავიდა სომხეთში. სომხეთის მეფის, თრდატის მიერ წმიდა ქალწულმოწამეთა მოწყვეტის შემდეგ, სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ნინო ჯავახეთის მთებით ქართლში გადავიდა.
ამ დროს ქართლში მეფობდა მირიანი. მას ცოლად ჰყავდა პონტოელი მთავარსარდლის ასული ნანა. მირიანი სარწმუნოებრივი შემწყნარებლობით გამოირჩეოდა: თაყვანს სცემდა ცეცხლსა და ქართულ კერპებს, ბერძნებთან ხანგრძლივი ურთიერთობის გამო ქრისტიანული მოძღვრების შესახებაც ჰქონდა გაგებული, მის ყურამდე მისული იყო წმიდა კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს) მიერ მტრის სასწაულებრივი ძლევის ამბავი.
ქართლში მოსული ნინო უბრნისში ჩავიდა და ურიათუბანში დასახლდა. ოციოდე დღის შემდეგ მთელი ქართლი დაიძრა წარმართული ღვთაების, არმაზის დღესასწაულზე. დღესასწაულს მთელი სამეფო კარი ესწრებოდა. წმიდა ნინომ ლოცვა აღავლინა ღვთის წინაშე და არმაზის, გაცის და გაიამის კერპები სასწაულებრივ დაიმსხვრა. ნინო მცხეთაში დასახლდა. ის ყველას ეკითხებოდა კვართის ამბავს, მაგრამ მისი ადგილსამყოფელი არავის ახსოვდა. ამ ძიებაში ნინომ გაიცნო მცხეთელ ჰურიათა მღვდელმოძღვარი აბიათარი, ელიოზის შთამომავალი, მისი ასული სიდონია და კიდევ ექვსი დედა. წმიდა ნინომ ისინი ქრისტეს სჯულზე მოაქცია, მაგრამ, რადგან მღვდელი არ იყო, ნათლისღების საიდუმლო არ ჩაუტარებიათ.
წმიდა ნინომ უფლისგან კურნების ნიჭი მიიღო. ის ჯვარცმული მაცხოვრის სახელითა და ვაზის ჯვრით მადლით კურნავდა დავრდომილებს.
ნანა დედოფალი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ნინოს ქადაგებას, გმობდა ახალ მოძღვრებას და მის მქადაგებელს. მირიან მეფეს კი „აქუნდა სურვილი ქრისტეს სჯულისა და არა დააბრკოლებდა ქადაგებად ნინოს და მოწაფეთა მისთა“. ერთხელ მან ებრაელთა დევნისაგან ფარულად დაიხსნა აბიათარ მღვდელი, ასული მისი სიდონია და სხვა ქრისტიანები.
გავიდა ხანი. ერთხელ ნანა დედოფალი დასნეულდა და წმიდა ნინოს ლოცვამ იგი უეჭველი სიკვდილისაგან იხსნა. დედოფლის განკურნების შემდეგ მირიან მეფე ქრისტეს სჯულით დაინტერესდა და ურიაყოფილ აბიათარს ხშირად ეკითხებოდა ძველი და ახალი აღთქმის წიგნებზე. აბიათარმა მას ნებროთის წიგნი წააკითხა. მეფეს ქრისტეს სჯულზე მოქცევის სურვილი გაუჩნდა.
ერთ დღეს მირიანი სანადიროდ წავიდა თხოთის მთაზე. მოუხდა უჩინო მტერი, გულში კვლავ ჩაუდო კერპთა და ცეცხლის სიყვარული და მახვილით მოწყვეტა ქრისტიანეთა. მან გადაწყვიტა მცხეთაში დაბრუნებისთანავე ქრისტიანთა განდევნა და ნინოს მოკვდინება. მთაზე ასულ მეფეს მზე დაუბნელდა, უკუნი ღამე ჩამოწვა. შეშინებულმა მირიანმა კერპებს შესთხოვა დახმარება, მაგრამ ისინი უგრძნობი იყვნენ მლოცველის მიმართ. მაშინ მეფემ ჯვარცმულ ღმერთს შეავედრა თავი და მოხდა სასწაული: განათდა, მზე გამობრწყინდა. მირიანმა განიპყრნა ხელნი აღმოსავლისაკენ და თქვა: „შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა, უფალი ყოველთა ზედა უფლებათა, ღმერთი, რომელსა ნინო იტყვის“. მცხეთაში დაბრუნებული მეფე ნინოსთან მივიდა, მისი რჩევით მეორე დღესვე მოციქულნი წარავლინა საბერძნეთს კონსტანტინე მეფესთან და სთხოვა, მღვდლები გამოეგზავნა ნათლისღებისთვის.
სანამ კონსტანტინეპოლით გამოგზავნილი მღვდლები ჩამოვიდნენ, მირიან მეფემ ეკლესიის აშენება გადაწყვიტა სამეფო ბაღში. ხუროებმა ნაძვის ხისგან შვიდი სვეტი დაამზადეს. ექვსი აღმართეს, ხოლო მეშვიდე, ყველაზე დიდი, ადგილიდან ვერ დაძრეს. წმიდა ნინო მოწაფეებთან ერთად ლოცვად დადგა. გამთენიისას ზეცით გარდამოხდა ნათლით შემოსილი, „ყოვლად ცეცხლითა მობლარდნილი“ ჭაბუკი, ხელი მოჰკიდა სვეტს და აღამაღლა. სვეტი ღვთივ გაბრწყინდა და თორმეტი წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა ჰაერში. მთელი მცხეთა დაიძრა ნათლის სვეტის თაყვანისცემად, მის მიახლოებაზე ავადმყოფები იკურნებოდნენ, ბრმებს თვალები ეხილებოდათ, დავრდომილები აღსდგებოდნენ.
ამასობაში კონსტანტინეპოლიდან დაბრუნდნენ მოციქულები. მათ ჩამოჰყვნენ: იოანე ეპისკოპოსი, მღვდლები და დიაკვნები. წმიდა კონსტანტინე დიდმა ქრისტეს სჯულს შემდგარ მეფეს და ერს გამოუგზავნა ჯვარი და ხატი მაცხოვრისა, ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი – კვარცხლბეკი და სამსჭვალი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მტკვრისა და არაგვის შესართავთან ნათელ იღო მეფემ, დედოფალმა, სამეფო კარმა და სრულიად ქართლმა. საზეიმო ნათლისღების შემდეგ იოანე ეპისკოპოსი და მისი თანმხლებნი ერუშეთს წავიდნენ, აღაშენეს ეკლესია და დატოვეს სასჭვალნი უფლისა, შემდგომ მანგლისს დაიწყეს ეკლესიის შენება და აქ ძელიცხოველის ნაწილი დაასვენეს.
მირიან მეფე შეწუხდა. მას სურდა სატახტო ქალაქშიც ყოფილიყო დასვენებული სიწმინდეები. წმიდა ნინომ მეფეს უთხრა, რომ მცხეთაში დიდი სიწმიდე უფლის კვართი ინახებოდა. მეფემ აბიათარ მღვდელი დაიბარა, კვართის ამბავი გამოჰკითხა და სიხარულით აღივსო.
მცხეთაში ერთი კლდის თავზე მშვენიერი, სურნელოვანი, სასწაულთმოქმედი ხე იდგა. მისი ფოთლით ისარნაკრავი მომაკვდავი ნადირი იკურნებოდა. როდესაც იოანე ეპისკოპოსს ეუწყა ეს ამბავი, ბრძანა: „ჭეშმარიტად ღვთისა მიერ აღმოცენებულ არს ხე იგი და დამარხულ ჟამისა მისთვის და აწღა მოეფინა მადლი ღვთისა ქართლსა და მის ხისგან ჯერ არს შექმნა ჯვარი პატიოსანი, რომელსა თაყვანის სცეს ყოველმან სიმრავლემან ქართლისამან“.
მირიან მეფის ძემ, რევიმ, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით და ერის თანხლებით, მოჭრა ხე, რტოებითურთ წამოასვენა და ეკლესიის სამხრეთით აღმართა. ხეს ოცდაჩვიდმეტი დღის განმავლობაში არც ფერი შეუცვლია, არც ფოთლები დასცვენია. შემდგომ ამ ხისგან სამი ჯვარი გააკეთეს.
ამის შემდეგ მრავალი დღის განმავლობაში ხალხი ერთსა და იმავე ჩვენებას ხედავდა: ღამით ეკლესიას ვარსკვლავებით გარშემორტყმული ცეცხლოვანი ჯვარი ადგებოდა თავს, განთიადის ორი ვარსკვლავი გამოეყოფოდა სხვებს, ერთი აღმოსავლეთისკენ მიდიოდა, მეორე კი – დასავლეთისაკენ, თავად ცეცხლოვანი ჯვარი კი არაგვს გაღმა, კლდოვანი ბორცვის თავზე ჩერდებოდა და იქიდან უჩინარდებოდა ზეცაში. ამ სასწაულის გამო წმიდა ნინოს რჩევით მეფემ ერთი ჯვარი დასავლეთით თხოთის მთაზე აღამართინა, მეორე – ქალაქ უჯარმაში, მესამე ჯვრისთვის კი ადგილი ვერ შეარჩიეს.
მირიან მეფემ ლოცვით შესთხოვა უფალს, მიენიშნებინა ადგილი, სადაც ჯვარი უნდა აღმართულიყო. ღმერთმა ისმინა კეთილმორწმუნე მეფის ვედრება და ანგელოზის პირით აუწყა, რომ ჯვარი აღემართა არაგვის გაღმა კლდოვან ბორცვზე.
როცა მცხეთაში ეს პატიოსანი ჯვარი აღიმართა, მაშინვე ყველა კერპი დაიმსხვრა ქართლში.
სიკვდილის წინ მეფემ აკურთხა ძე თვისი ბაქარი, ანდერძად დაუტოვა წმიდა სამების ერთგულება, ბრძოლა კერპების წინააღმდეგ და ღვთივ მიისვენა. წმიდა კეთილმსახური მეფე საკუთარი სურვილისამებრ დაკრძალეს ზემო ეკლესიაში (სამთავროს დედათა მონასტრის ეკლესია). მან არ ისურვა დასაფლავება ქვემო ეკლესიაში (სვეტიცხოველი), რომელსაც „წმიდათა წმიდაჲ“ ერქვა, იმ მოკრძალებისა და რიდის გამო, რომელიც დიდებული ნათლის სვეტის წინაშე ჰქონდა. ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა ნანა დედოფალიც და დაიკრძალა იქვე, მირიან მეფესთან.
წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2001 წ.