წმინდა დავით აღმაშენებელის პარაკლისი
მღვდელი: კურთხეულ არს–ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…
გუნდი: ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი. მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ. მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი. მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 4
საკვირველებაი, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის, კეთილმსახურისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა, რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დახსნადმდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოვლად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დახსნისა სარკინოზთაისა, დიდებულ-ყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
დიდებაი… ტროპარი (იგივე) აწდა…
არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული, ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 2
ძლისპირი: ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განხორციელდა ჩუენ ცოდვილთათვის, რომელსა უგალობთ: ღმერთო დიდებულო, დიდებულ-ხარ.
წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შუამდგომელად ღმრთისა მიმართ მიგავლენთ შენ, უძლეველო მეფეო დავით, რაითა მომმადლოს მე სინანული და მოტევებაი ცოდვათაი, ვითარცა შენ მოგმადლა და განგბანა ცრემლითა, და ერი ჩუენი შესჭუროს მტერთა ზედა ძალითა თვისითა უძლეველითა.
წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აღზრდილი სიყრმით მართლმადიდებლობისა დიდთა მოძღუართაგან, განშორებულ იყავ ჩვეულებისაგან ყრმათა სილაღისა, ხოლო აღიზარდე რაი, ევლტოდე სიჭაბუკისა გულის თქუმათა და არა მიიდრიკე გემოვნებათა მიმართ და განცხრომათა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
გხედვიდეს რაი დიდებულნი მხნესა და სიბრძნითა საკვირველსა, ეგულებოდათ ვითარ-მცა განარინებდი ერსა მას ურიცხვთა მტერთაგან, და იქმენ რაი წლისა ათექუსმეტისა, მეფედ დაგადგინეს საყდარსა ზედა საქართველოისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლად წმიდაო სძალო, უხრწნელო, განანათლე და წმიდაი ჰყავ გულის-სიტყუაი და სული ჩემი, გევედრები, და განსდევნე არმური უგუნურებისა ჩემისაი და წყუდიადი ცოდვათა მათ ჩემთაი, რაითა ჯეროვნად გიგალობდე შენ, უბიწოო.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყვარე.
წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ძემან ღმრთისამან დაგადგინა რაი მფლობელად ივერთა ქუეყანისა, შემოიკრიბე სპანი ერთგულნი, ახოვანო, და დაუცხრომელად წურთნიდი რაი მხნეთა მეომართა, იწყე წინააღმდგომაი მომხდურთაი და შურებოდი აღორძინებისათვის მამულისა.
წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ნიჭნი გულისხმის-ყოფისანი მოიხუეჭე რაი ლოცვითა მხურვალითა, მეფეო დავით, ერსა, შენდამი რწმუნებულსა, განამდიდრებდი ყოველთა სულიერითა და ხორციელითა კეთილითა. აწ ჩუენცა მოგუანიჭე შიში ღმრთისაი და ახოვანებაი სულისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
აბრაჰამისა უცხოთმოყუარებასა ჰბაძევდი, დიდებულო, და უხუებითა ზრდიდი უპოვართა და ღატაკთა, აწ ჩუენცა აღგვადგინე ბაძუად სათნოებათა შენთა, რაითა ვევლტოდეთ ვერცხლისმოყუარებისა ბოროტსა მას ვნებასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განჰკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი, და გონებაი ჩემი, დაბნელებული უდებებითა, განანათლე, ღმრთისმშობელო, რაითა გიგალობდე: არავინ არს წმიდაი შენებრ, უბიწოო, და უხრწნელ.
მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომაი, ხმაი 1
ქრისტემან ღმერთმან გყო-რაი მეფედ და წინამძღურად საზეპუროისა ერისა, უძღოდი მათ, მეფეო ღმრთივ-გვირგვინოსანო და ცისკროვნებრ ბრწყინვალეო, ვითარცა მოსეი ისრაელთა, და დააცხრვენ ჭირთა მძვინვარებანი აგარიანთანი, მოწევნადი მას ზედა, ამისთვისცა ვადიდებთ ღმერთსა, რომელმანცა მოგუმადლა ჩუენ უძლეველი მეფეი და დიდებული მოღუაწეი, და გნატრით შენ, ვითარცა სიქადულსა და მეოხსა ქარველთა ერისასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ექმენ რაი ზღუდედ ყოველსა საქრისტიანოსა, გულოვნებითა განთქმულო, მეფეო დავით, ერი შენი დაიცევ ყოველთა ორგულთა და მტერთაგან, დაშრიტე რაი ზრახვანი უკეთურთანი და სძლე ძალითა ჯუარცმულისაითა, აწ ჩუენცა გარემოცულნი მრავალთა მტერთა და განსაცდელთაგან დაგვიცვენ ყოვლისაგან საფრხისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგვიფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და გვიხსნენ ყოველნი, უბიწოო, ბოროტისა გარემოდგომილებისაგან, რომელთა გვაქუს ყოველი სასოებაი შენ ზედა, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი, საღმრთოითა ვედრებითა შენითა.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: მთისაგან უხელოდ ლოდი გამოეკუეთე ქრისტე, ქალწულისაგან დედისა, ამისთვისცა წინასწარმეტყუელმან გიხილა და ღაღადყო: ხსნად ერისა შენისა მოხუედ, დიდება ძალსა შენსა, უფალო.
წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვითარცა მწყემსი მღვიძარეი, იღუწიდი რაი სამწყსოთა შენთა კეთილად, აწ წინაშე ღმრთისა კადნიერებით მდგომარემან, ჰოი, მეფეო სანატრელო, გვითხოვე კაცნი სარწმუნონი და მართალნი, მმართებელად და წინამძღურად ერისა ჩუენისა.
წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჭაბუკმან, ვითარცა მხცოვანმან და ბრძენმან გულის-ხმა ყავ საქმეი, რომლითა მოიმადლებდი განრისხებულსა ღმერთსა, შეჰკრიბე რაი ღმრთივსულიერნი მამანი და სჯულისა მეცნიერნი რუის-ურბნისსა და განაჩინეთ ძეგლისწერაი კრებისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უღირსთა და უწესოთა დაეპყრნეს რაი საეპისკოპოსონი, ერსა უსჯულოებასა ასწავებდენ ნაცვლად სჯულისა, ხოლო თქუენ განკვეთეთ და შეაჩვენეთ, და კანონთა მიერ სოფლიოისა კრებისაისა წარმართეთ ცხორებაი ქართველთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმეტყუელთა სიღრმე საიდუმლოთა შენთაი ჰქადაგეს ყოვლად მიუწთომელად, უხრწნელო დედოფალო, რამეთუ გარე-შეუწერელი, განხორციელებული ჰშევ გამოუთქმელად.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: დამხსნელი ბნელის მის წესთა მათ წერილისა, პირველისა ჰსჯულისათა, და მომცემელი მორწმუნეთა მადლთა მისთა, ქალწულისაგან იშუა ქრისტე და მიმიძღვა ჩუენ ნათლად, ღმრთეებისა თვისისა.
წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
არვინ ყოფილ არს მეფეთა ჩუენთაგანი მსგავს შენდა, ჰოი, მუშაკო საკვირველო, რამეთუ დავით წინაისწარმეტყუელისაებრ მოიხვეჭდი მოწყალებასა და სიმშვიდესა, და ქრისტეის სახარებისა ქადაგებითა, დაამხობდი უღმრთოთა და მწვალებელთა ბრძნობასა.
წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
არა ტყუილად ხრმალ-გება, ღმრთისმოყუარეო მეფეო დავით, რამეთუ მკლავითა ლომებრივითა ქმენ რაი ბრძოლანი საკვირველნი, მტერნი შეაძრწუნე და განაქარვე ბოროტნი განზრახვანი მათნი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
არა სახმარ იყო შენდა ბრწყინვალებაი სანთლისაი, რამეთუ გულსმოდგინე ლოცვაი შენი და კეთილი საქმეი, ვითარცა ნათელი დაუღამებელი უძღოდა მეფობასა შენსა, და სარწმუნოებითა თვისითა განამტკიცებდი მორწმუნეობასა ერისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ახლად ყრმად გვიშევ, ქალწულო წმიდაო, პირველ ჟამთა შობილი მამისაგან, სიტყუაი მხოლოი დაუსაბამოი, და ევედრე მას, ვითარცა ძესა და ღმერთსა შენსა, რაითა შეგვიწყალნეს, რომელნი განწმედილითა გულითა აღგიარებთ ღმრთისმშობელად.
გალობი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ღმრთისა მიმართ ვღაღადებთ მწუხარებით ყოველნი, ვითარცა იგი, იონა წინასწარმეტყუელი, აღმომიყუანენ ღელვათაგან განმხრწნელთა, მხოლოო სახიერო, გევედრებით.
წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გული შენი განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო რაი ხელთა შინა ღმრთისათა, ხვიდოდი ყოველთა მცნებათა და სამართალთა მისთა, აწ ჩუენცა მეოხ გუექმენ, ღმრთივგანბრძნობილო, მოგვცეს გულისხმის-ყოფაი კეთილისა და ბოროტისა.
წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მიემსგავსე რაი ნათესავსა შენსა დავითს, მეფესა ისრაელისასა, გულითა შემუსრვილითა აღმოსთქვი „გალობანი სინანულისანი“, რომლისა მიერ გვიჩუენე სიმაღლეი სიმდაბლისაი და ღმრთისად მიმყვანებელი გზაი იგი ხსნისაი და ცხორებისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უშიშ იყავ, ვითარცა უხორცოი, და მინდობილი საჭურველსა უძლეველსა, ნიშსა ჯუარისასა, ძალითა ქრისტეისითა ყოვლადვე მძლედ გამოჩნდი მტერთა და ორგულთა ზედა, და დააკუეთე ამპარტავნებაი ქართველთ-მოძულეთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცათა უვრცელეს იქმნა წიაღი შენი, რამეთუ ღმერთი დაიტიე, უსძლოო სძალო, რომელი დაუტევნელ არს და გარეშეუწერელ დაბადებულთაგან.
მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი, ხმაი 8
ზესთამბრძოლსა უძლეველსა დავითს და შემწესა ურცხვენელსა კეთილმსახურებისასა, ვითარცა შენ მიერ განათლებულნი სამწყსოისა შენისა ერნი, შესხმისა გვირგვინსა შეგითხზავთ განმათავისუფლებელსა ჩუენსა ყოველთაგან ვნებათა და ვხმობთ შენდამი სიხარულით: გიხაროდენ, ჭეშმარიტო მამაო და მფარველო ერისა ჩუენისაო!
იკოსი, ხმაი 8
ანგელოზნი თანა მდგომ ყოველსა შინა მოიგე, განმაშუენებელმან კეთილ-მსახურებისამან საქმეთა მიერ კეთილთა, და გონებაი ანგელოზებრი თვისებასა ანგელოზთასა შეაერთენ, ღმრთივგანბრძნობილო მეფეო დავით, და მათ თანა იხარებ მარადის წინაშე ღმრთისა, ხოლო ჩუენ განკვირვებულნი გიხმობთ: გიხაროდენ, ჭეშმარიტო მამაო და მფარველო ერისა ჩუენისაო!
მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4
და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაი ჩემი.
მუხლი: ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა.
მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
გუნდი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელი: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელი: მოხედენ.
სახარება იოანესი (თ. 10. 9-17)
ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა, მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი ჰპოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდეს, არამედ რაითა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაითა ცხორებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის. ხოლო სასყიდელით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი, იხილის-რაი მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ, და არარაი სჭირნ მას ცხოვართათვის. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყუანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მეოხებითა კეთილმსახურისა მეფისა ჩუენისა დავითისითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ვითარცა მტერთა მიმართ ძლევაი მოჰმადლე ერსა შენსა და მართლაღსარებითა დამტკიცებული ეკლესიაი დაიცევ შეუძრველად, ეგრეთვე აწ ითხოვე ეკლესიისათვის დაცვაი და მოცემად ჯუარითა ერსა ჩუენსა ძლევაი ყოველთა მაჭირვებელთა ზედა, მეფეო დავით, სიმტკიცეი მორწმუნეთა და ამაღლებაი რქისა მათისაი მწვალებელთა ზედა, მშვიდობაი სოფელსა და დიდი წყალობაი შენდამი მვედრებელთა.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; ჯუარისა ნინოისითა და ჯუარისა მცხეთისაითა, ზეგარდამოქსოვილისა კუართისა უფლისაითა და მირონმდინარისა სუეტისა ცხოველისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისაითა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთ–მოქმედისა, და წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა, და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისა–მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაითა; წმიდისა არქიმანდრიტისა, ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა დავით აღმაშენებელისა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: მაყუალი მოტყინარე და სახუმილი ქალდეველთა მათ, შეცურეული, ჭეშმარიტად მოგასწავებდა შენ, ღმრთისმშობელო, რამეთუ შეიწყნარე ცეცხლი ღმრთეებისაი წიაღსა შენსა უვნებელად, რომელსა უღაღადებთ და ვიტყვით: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ბრძოდი რაი ურიცხუთა მტერთა მცირედითა მით ლაშქრითა, გამოიყვანე სპაი ყივჩაყთაი და მოიმტკიცე რაი ფიცითა ერთგულობისაითა, მოსრნე ურიცხუნი თურქნი თანა-დგომითა მათითა. აწ ჩუენცა დაგვიცევ ზედა დასხმისაგან უხილავთა და ხილულთა მტერთაისა, და ღირს გვყავ გალობად შენდა
წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
განარისხა სულტანი ძლიერებამან შენმან, ახოვანო, და წარმოავლინა რაი ლაშქართა სიმრავლენი, თრიალეთს მოწევნულთა იწყეს ოხრებაი სამწყსოისა შენისა, და აჰა, განამხნე რაი ლაშქარი იესუს სახელითა, უშიშად ეკვეთეთ დიდგორსა და მოსწყვედდით უმრავლესსა მათსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
შეძრწუნდენ ფრიად უსჯულონი, ხედვიდენ რაი მხედარსა დიდებულსა, მბრძოლსა მარჯვენით შენსა, ხოლო ქართველნი სიხარულითა ხმობდენ: „წმიდაი გიორგი ჩუენთან არს“, და აქებდენ ღმერთსა, რომელმანცა მისცათ ძლევაი უძლეველი და დაიცვა საკვირველად.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ტევანი ცხორებისაი გამოიღე, ვითარცა რაი ვენახმან დაუსხმელმან, ღმრთისა დედაო, რომელმან გვიწდიე ღვინოი წმიდა-მყოფელი, და მახარებელი გონებათაი, დამხსნელი სიმთრვალის ბოროტისა.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: სახუმილი იგი ცეცხლისაი ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.
წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
პოვე რაი ჟამი საწადელი, ახოვანო, აღიღე ტფილისი, ოთხას წელ ქონებული აგარიანთა, და ნიკოფსიითგან დარუბანდამდე განავრცობდი სამეფოსა შენსა, რაისთვისცა სიმხნეი შენი და ღირსებაი არა ხოლო თუ საქართველოსა ოდენ განითქუა, არამედ ყოველსა ქუეყანასა.
წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჯერეთ ჭარმაგი დასნეულდი, დიდო მეფეო, და განაგე რაი ყოველივე სარგებელი სულისა თვისისაი, აკურთხევდი სამწყსოსა შენსა, და ევედრებოდი ღმერთსა ერისათვის შენისა და სამეფოისა, აწ კუალად აღადგინე დაცემული ესე და დამდაბლებული ერი ჩუენი მსახურებად ღმრთისა და მამულისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
შენ, უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართველთასა და ბაგრატოვანთა შორის უფროის ყოვლითავე სრული, წარხვედ რაი წინაშე მსაჯულისა, მისისაებრ განმგებელი მეფობისა, განგეხუნეს შენ ბჭენი ზეცისანი და შეხუედ სიხარულსა უფლისა შენისა სახიერისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, ყოვლად საგალობელო, დაამშვიდე ცხოვრებაი და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა, რაითა მარადის გაკურთხევდე შენ, დედოფალო.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: რომელმან ჰშევ მთიები, მზისა უბრწყინვალესი ღმერთი, ხორციელ-ქმნული, მოსრული ჩუენდა საშოისაგან შენისა, ხორციელად, გამოგვიჩნდა გამოუთქმელად სიმდაბლით, ამისთვის ღმრთისმშობელო, სარწმუნოებით გადიდებთ შენ.
წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ღუაწლმრავალი ნეშტი შენი დაკრძალეს გელათის კარიბჭესა ანდერძისაებრ შენისა, რაითა სავანესა მას მისრულნი მიემთხვივნეს სამარხოსა შენსა, და კურთხევისა მიმღებელნი მადლობისა ხმითა უგალობდენ ღმერთსა.
წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აჰა, ზღუდედ სიმტკიცისად მოგვიგიეს ჩუენ სამარხოი შენი, დიდო მეფეო, და ვიქადით, ვითარცა მქონებელნი საუნჯისა, რამეთუ მარადის ისმენ ვედრებასა ჩუენსა და შევრდომასა, სანატრელო, და ყოველთა მოგვცემ ლხინებასა და წყალობასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მოღუაწებათა შენთა გვაუწყებს დიდებული გელათი, და შიო-მღვიმე ხმა-მაღლად ჰქადაგებს რაი ლოცვათათვის შენთა მხურვალეთა, აწ ჩუენცა გული გვითქმს მისლვად წმიდათა მათ სავანეთა, აღმოაცენებს რაი მადლსა ჭეშმარიტსა და აღგვადგინებს დიდებად მეუფისა და ღმრთისა ჩუენისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
საიდუმლოი დიდი, დიდებულისა შობისა შენისაი განაკვირვებს ანგელოზთა, ღმრთივ-მიმადლებულო ქალწულო, და წმიდათა გუნდსა მოწყლავს სიყუარულითა და აღსძრავს მამათა დიდებად ღმრთისა.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღვდელი აკმევს; მკითხველი (ან ერისკაცი) კითხულობს
ქრისტეის მხსნელისა იქმენ ერთგულ მოწაფე და გარე შეგარტყმიდა რაი საღმრთოსა ძალსა თვისსა, განახლებაი მადლისაი მოსცა შენ მიერ სამოციქულოსა მას დიდებულსა, ნინო კაბადუკიელისა მიერ განათლებულსა ერსა, რამეთუ ღუაწლი შენი და სწავლაი ექმნა საჭეთმპყრობელ და მმართებელ სამღდელოთა და ერთა. ეგრეთვე აწ მზაკუვარებაი მტერთა ჩუენთაი განხადე და შეჰკრიბე განბნეული ერი ქართველთაი.
ჰოი, პატიოსანო მეფეო დავით, რომელსა სახელ-გდო ერმან შენმან აღმაშენებელად, უნათლეს მზისა გამობრწყინდი ჟამთა მათ უსჯულოთა ზეობისასა, და განაბრწყინვე საქართველოი მშვიდობითა და დიდებითა, აწ ჩუენცა მეოხ-გუექმენ ღმრთისა მიმართ, განაბრძვნოს მთავარნი და განმგენი ჩუენნი, რაითა არა განმცემელ ექმნენ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა და საზღვარნი საქართველოისანი მოჰკრძალონ ოხითა ღმრთისმშობელისაითა.
ქუეყანისა ჩუენისა აღმაშენებელსა და სინანულისა გალობათა შემოქმედსა, სარწმუნოებისა ბეჭედსა და კეთილად მოღუაწესა მეფესა მეოხად მოგიგებთ ღმრთისა მიმართ და გევედრებით შეწევნასა წინაშე ღმრთისა, რაითა გარე წარაქციოს რისხვაი აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და ლაზარესაებრ აღგვიდგინოს მამული ჩუენი – საქართველო – პირველსავე მას დიდებასა, რაითა არა დასათრგუნველ ვიქმნნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან.
ელვარებაი ღუაწლისა შენისაი, და მცხინვარებაი სიმხნეთაი ცისკროვან-ჰყოფს გულსა ჩუენსა და შენთანა ვევედრებით ღირსსა გიორგი ჭყონდიდელსა – აღმზრდელსა და თანაგამკაფველსა ყოველთა გზათა და საქმეთა შენთა: გაქუთ რაი შუა-მდგომელობაი ღმრთისა მიმართ, შეგვეწიეთ მამობრივითა კადნიერებითა, რაითა წყალობითა მოხედოს მწუხარებათა ჩუენთა და დაგვიფარნეს ხელოვნებათაგან მძლავრისა ამის მტერისა და გარე მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა და ურვათაგან.
ჰოი, ღირსო მეფეო დავით აღმაშენებელო, შეგვავედრე სასოსა და მფარველსა ჩუენსა ღმრთისმშობელსა, რაითა თქმულნი მისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან, და ნუ განგვაშორებს მეოხებასა მისსა წილხვდომილთა თვისთა, არამედ შეგვეწიოს ყოველსავე ჭირსა და საცთურსა შინა და აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა, რაითა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა და წინაპართა ჩუენთა წესისაებრ მარადის ვმსახურებდეთ და ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო–თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე–წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3–გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, დიდებულო მეფეო და კაცთა შორის საკვირველო მოღუაწეო, წმიდაო დავით აღმაშენებელო, მახვილო მესიისაო და საღმრთოო სუეტო მართლმადიდებლობისაო; ეკლესიისა შეურყეველო გოდოლო და უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო; მხედართა დიდებაო და სიმტკიცეო კეთილმსახურთა მეფეთაო; მოწყალეო; გლახაკთა ხელის-აღმპყრობელო და ჭირთა შინა მყოფთა მსწრაფლ-შემწეო და შესავედრებელო!
ჰოი, ღუაწლით-შემოსილო და უძლეველო მეფეო დავით! ელვარებითა სიწმიდისა შენისაითა მეოხ-გუეყვენ ჩუენ ქრისტეის მიმართ, ღმრთისა ჩუენისა, რაითა წყალობითა მოხედოს დედისა თვისისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, საუფლოისა ჯუარისა მტვირთველსა ქუეყანასა ზედა, და დაიცვას მტერისა საფრხისა და ძმათა მტერობისაგან, რამეთუ მთავარნი ამა სოფლისანი იღუწიან განხრწნასა და აღსპობასა მისსა, ხოლო ჩუენ ვეძიებთ ღონესა განრინებად მძლავრებისაგან მათისა და ვესავთ შეწევნასა შენსა, რაითა არა მოაკლდეს სარწმუნოებაი ქართველთა ერსა, ხოლო ქუეყანასა ჩუენსა მთავრობაი ნათესავთა შენთა, კურთხეულთა და მირონცხებულთა, რომელნი ჰყოფენ სამართალსა და წყალობასა სწორად ყოველთა ზედა, და ძალითა ჯუარისაითა შემოჰკრვენ რაი ყოველთა საზღუართა საქართველოისასა, აღამაღლებენ და აღადგენენ სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩვენი ილია, და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზვნო წესნი. კეთილმორწმუნენი მხედართმთავარნი და ქალაქთმთავარნი, ქრისტეისმოყუარენი მხედრობანი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, მეფეთა შორის მხნეო მოღვაწეო, წმიდაო დავით აღმაშენებელო! ჭეშმარიტებისა მცველო და სინანულისა გალობათა შემოქმედო, კეთილმსახურებრითა კადნიერებითა ევედრე ყოველთა მწყალობელსა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა სიმტკიცეი, მოძღუართა ჩუენთა მოშურნეობაი და მღვიძარებაი სულთათვის; მთავართა – სიბრძნეი, ძლიერებაი და კეთილად მწყსაი ერისაი; მსაჯულთა – სამართალი თუალუხუავი; მხედართა მამაცობაი და მხნეობაი სულისაი; წინამძღუართა – გონიერებაი და სიმდაბლეი; ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი; მეუღლეთა – სიყუარული და თანხმობაი; შვილთა – მორჩილებაი; მძლავრთა – შიში ღმრთისაი; მწუხარეთა – სულგრძელებაი; მხიარულთა – მოზღუდვილობაი და სული გონიერებისაი და ღმრთისმოსავობისაი, ხოლო ჩუენ შეგვინდოს ამაოი და ცრუ მორწმუნეობაი, ამპარტავნებაი, ზაკუვაი, ღალატი, შური, სიძულვილი, ანგარებაი, უმადლოებაი, დრტვინვაი, კლვანი, პარვანი, სიძვანი, უწესობანი, და მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი და ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი, სიმართლის სიყუარული და ქუელის საქმითა განშუენებაი, წმიდითა ლოცვითა განათლებაი, აღსარებითა განწმედაი, ზიარებითა განბრწყინვებაი, პატიოსნად მიცუალებაი, სასუფეველსა დამკვიდრებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელი: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.
მღდელი: ჩამოილოცოს.
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მეფისა დავით აღმაშენებელისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:
იხარებს ქართველთა ეკლესიაი წმიდასა ხსენებასა შენსა და გვიწესს ყოველთა შვილთა თვისთა ქებით შესხმად ღუაწლისა შენისა და უძლეველისა მეფობისა, და აწ ჩუენცა, მოქადულნი სიბრძნითა შენითა და მხნეობითა, შეუვრდებით ხატსა შენსა, წმიდასა და სანატრელსა, და გევედრებით: ვითარცა გაქუს კადნიერებაი დიდი, იმეოხენ წინაშე ღმრთისა, რაითა არა სამართლად მოგვაგოს ბოროტთა საქმეთა ჩუენთათვის და გვიხსნნეს ყოველთა სენთა და სალმობათაგან.
ყოველთა შეცოდებულთა სასოო და შემდგომად ღმრთისა შესავედრებელო და მხსნელო ქრისტეანეთაო, უმეტესად კურთხეულო დედაო ქრისტეის ღმრთისა ჩუენისაო, მარადის ქალწულო მარიამ, მოხედენ ვედრებასა ჩუენსა და ოხითა წმიდისა მეფისა ჩუენისა დავითისაითა გვიხსენ ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან.
შემდგენელი თინათინ მჭედლიშვილი