ტროპარი: აჰა ესე სიძე მოვალს შუარამესა და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღისთუე სუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, რმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.
კონდაკი: ვსცოდე უმეტეს მეძავისა მის, სახიერ, არა მაქუს ცრემლთა ნაკადული შეწირვად შენდა, არამედ დუმილით შეგივრდები და სურვილით ამბორს უყოფ ფერხთა შენთა, და გევედრები: მოტევებაი ცოდვათა მომანიჭე, ვითარცა მეუფემან, და ბიწთა საქმეთა ჩუენთაგან განმათავისუფლე, ვითარცა მაცხოვარმან.
დღეს იუდა დაუტეობს მოძღვარსა სახიერსა, და მიითვალავს ეშმაკსა, დაბრმდების ვნებითა მით ვეცხლის მოყვარებისათა, და განვარდების, ნათლისაგან დაბნელებული, და ვითარმცა ეძლო ხილვად, რომელმან მნათობი უსასყიდლო განჰყიდა ზაკვით ოცდაათ ვეცხლად, არამედ ჩვენ გამოგვიბრწყინდა, რომელმან ყოვლისა სოფლისათვის ივნო, მისა მიმართ ჴმა-ვჰყოთ, რომელი ჯუარს-ეცუ მოწყალეო, კაცთ-მოყვარეო უფალო, დიდება შენდა.
რომელმანმე საქმემან გყო შენ იუდა განმცემელ მაცხოვრისა ყოველთასა, ნუ უკვე კრებულისა მის მოწაფეთასა განგყო, ანუ ნუ უკვე სერობასა ტაბლისა მისგან განგაყენა, ანუ სხვათ ფერჴნი დაჰბანნა და შენ უგულებელს-გყო; ჵ რაოდენთა კეთილთა დამვიწყებელ იქმენ, ამისთვის შენი უმადლო გონება განაქიქა, ხოლო მისი იგი საღმრთო აურაცხელი მოწყალება და სულგრძელება განითქვა ცისკიდეთა.
დიდი ოთხშაბათის მწუხრიდან აღარ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა |
ოთხშაბათის ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით მჯდომ მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფლველად მოამზადა.
აქვე, დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის, იუდა ისკრიოტელის უმადურ სულში ჩაისახა ბოროტი აზრი, თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის მიეცა. ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, იუდას ვერცხლისმოყვარებას და გამცემლობას კი კიცხავს და გმობს.
დიდ ოთხშაბათს წყდება დიდი მეტანიები, რომელთაც ეფრემ ასურის ლოცვის: „უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო…“ – დროს ვასრულებთ. ამის შემდეგ, პარასკევამდე, ამ ლოცვას მხოლოდ მონაზვნები ასრულებენ სენაკებში. ამგვარად, ეფრემ ასურის ლოცვა ყველიერის კვირის ოთხშაბათს იწყება და ვნების კვირის ოთხშაბათს სრულდება.
ლიტურგიაზე „იყავნ სახელი უფლისა…“ შემდეგ სრულდება ეფრემ ასურის ლოცვა სამი დიდი მეტანიით. ამით დიდი მეტანიები წყდება სულთმოფენობის დღემდე, გარდა წინაშე წმიდა გარდამოხსნისა.
დიდი ოთხშაბათის Სახარების განმარტება
6-7. ხოლო იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა, მოუჴდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისა მრავალ-სასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴით მჯდომარესა. – ზოგიერთები ამბობენ, რომ უფალს ზეთი სამმა ქალმა სცხო, რომელთაც ოთხივე მახარებელი იხსენიებს. სხვები კი ფიქრობენ, რომ ისინი ორნი იყვნენ; ერთი მათგანი, რომელიც იოვანესთანაა [233]მოხსენიებული, მარიამია, დაჲ ლაზარესი, ხოლო მეორე, ვისაც მათე ახსენებს, ისაა, რომელიც ლუკასა და მარკოზთანაც გვხვდება. ზოგიერთის თქმით, ეს სიმონ კეთროვანი ლაზარეს მამაა, რომელმაც უფალს, ვინც იგი კეთრისაგან განწმინდა, უმასპინძლა. ფიქრობენ, აგრეთვე, რომ, როცა უფალმა მოწაფეებს უთხრა: წადით ამა და ამ კაცთან და “მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი”1, ისინი მასთან წარგზავნა. როგორც ამბობენ, მან მიიღო იგი და უფალმა პასექი მასთან აღასრულა. როცა ქალმა განწმენდილი კეთროვანი იხილა, დარწმუნდა, რომ შენდობას ისიც მიიღებდა და სულიერი კეთრისაგან განიწმინდებოდა. მტკიცედ დაიჯერა რა ეს, ძვირფასი მირონი იყიდა და უფალს თავზე დაუნანებლად დაასხა, რითაც პატივი სხეულის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს მიაგო. ასევე შენც, უკეთუ სელიერი კეთრი, კეთრი ფარისევლობისა გჭირს, გაბრმავებს და ღმერთს გაშორებს, მიიღე სახლსა შინა შენსა იესო და მას მირონი სათნოებისა სცხე. შენც ხომ მეგიძლია, იესოს, რომელიც კეთრისაგან გწმენდს, მირონი მოუმზადო და მას თავზე დაასხა. და რას წარმოადგენს ქრისტეს თავი? ეს მისი ღმრთეებაა, რომელსაც სათნოებათა კეთილსურნელება ეძღვნება, როგორც ნათქვამია: წარემართენ ლოცვაჲ ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, უფალო (ფს. 140.20). ქრისტეს ღმრთეებას კეთილსურნელება სათნოებისაგან შედგენილი მირონისა შენც მიუძღვენი და აღიარე იგი არა მხოლოდ ჩვეულებრივ კაცად, არამედ ღმერთადაც და მაშინ სცხებ მის თავს ღმრთეების სურნელოვან მირონს ანუ იღმრთისმეტყველებ.
8-11. ხოლო იხილეს რაჲ მოწაფეთა, განრისხნეს და იტყოდეს: რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ნელსაცხებელისაჲ ამის? რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად დადძალის და მიცემად გლახაკთა. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო და ჰრქუა მათ: რაჲსა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ. – მოწაფეებმა, რომელთაც მრავალი რამ სმენოდათ მოწყალების შესახებ და სიტყვას მასზე დიდადაც აფასებდ[234]ნენ, ქალს უსაყვედურეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ღმერთი საკუთარ პატივზე მეტად წყალობას ეძიებს. მაგრამ მან მოწაფენი იმის გამო, რომ ქალს შეუფერებელ დროს უსაყვედურეს, დატუქსა. საერთოდაც, ახლადმოქცეულთაგან, და მით უფრო სუსტი ქალისაგან, ბევრი არ უნდა მოვითხოვოთ, არამედ ისინი თავიანთი ზომიერი რწმენითაც უნდა შევიწყნაროთ. რაჟამს ვინმე ღმერთს ძღვენს უძღვნის, უკან ნუ კი მიაქცევ მას, და ნურც მის გულმოდგინებას შეეხები იმით, რომ ამ ძღვენის გლახაკებისათვის დასარიგებლად წარგზავნი, არამედ მიეცი საშუალება ძღვენი შეწიროს. ხოლო უკეთუ ვინმე რჩევას გკითხავს იმის თაობაზე, შესაწირავი გლახაკებს დაურიგოს, თუ ღმერთს შესწიროს, მაშინ ურჩიე, რომ გლახაკებს დაურიგოს, მაგრამ უკეთუ ძღვენი ღმრთისათვის უკვე მიტანილი აქვს, მისი უკან გაბრუნება უსარგებლოა. ამასთან, პატივი, რომელიც უშუალოდ ღმერთს მიეგება, საერთოდ ყოველივეს, და მათ შორის მოწყალებასაც, უნდა ვარჩიოთ. რადგანაც ქრისტე კაცთმოყვარეობისა გამო მოწყალებას საღმრთო საქმედ თვლის, ნუ იფიქრებ, რომ ღმერთი უნდა უგულებელყო და მხოლოდ მოწყალებაზე უნდა იზრუნო, თორემ ისე გამოვა, რომ, უკეთუ ნაძარცვისაგან მოწყალებას გაიღებ, მკრეხელობაც კი შეგიძლია ჩაიდინო. მაგრამ ეს არ შეიძლება. ხოლო იმის შესახებ, რომ გლახაკთათვის გაღებული მოწყალება და თავად ქრისტესათვის პატივის მიგება და მისი მსახურება ერთი და იგივე არაა, მოუსმინე: გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქვენ თანა ვარ. ამგვარად, ყურადღება მიაქციე, რომ სხვა არის ქრისტეს მსახურება და სხვა გლახაკთა შეწყალება, თუმცა ქრისტე, კაცთმოყვარეობისა გამო, რასაც გლახაკებს უკეთებენ, მისთვის გაკეთებულად თვლის.
12-13. რამეთუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა და დასაფლველად ჩემდა ყო. ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელიცა ესე ყო მაგან საჴსენებელად მაგისა. – უფალი გვასწავლის, რომ ქალი ასე ღმრთის ნებით მოიქცა, წინასწარ განასახიერა რა მისი ხიკვდილი და დაფლვა მისი სხეულისა, რადგან უფალი მისთვის მირონის ცხების ნებას არ მისცემდა, ამით საიდუმლოს რამდენადმე გაცხ[235]ადება რომ არ ნდომებოდა. ვითარცა ღმერთმა, მან მომავალი იწინასწარმეტყველა, სახელდობრ, ის, რომ საქციელი, რომელიც ამ ქალმა ჩაიდინა, მის საქებრად ყველას აალაპარაკებდა. ნახე კაცთმოყვარეობა ღმრთისა, რა დიდი ჯილდო მიაგო დედაკაცს! უფალმა ისე მოაწყო, რომ ვიდრე სახარება იარსებებს, მასაც ყველგან მოიხსენებენ. მაგრამ მირონი ქრისტეს დაფლვაზე როგორღა მიუთითებს? იუდეველებს წესად ჰქონდათ სხეულის მირონის ცხებით დაკრძალვა, როგორც ამას ეგეიპტელებიც აკეთებდნენ, რათა იგი განუხრწნელად და ცუდი სუნის გარეშე შენახულიყო. ამჯერად, – ამბობს იგი, – ამ ქალმა მირონის დასხმით აჩვენა, რომ სხეული ჩემი საფლავად დაიდება. ყოველივე ამას უფალი იუდას შესარცხვენად და შესაგონებლად ამბობს, რომლისგანაც იგი დაკრძალვისათვის გაიცემოდა. გადატანითი მნიშვნელობით კი ასე მოიაზრე: კეთროვანი წარმართი ხალხებია, ცოდვილი დედაკაცი – ეკლესია წარმართთა კრებულისაგან, რომელმაც მირონი ანუ რწმენა ქრისტეს თავს, ან რაც იგივეა, მის ღმრთეებას დაასხა, რადგან ყოველი, რომელსაც სწამს, რომ ქრისტე ღმერთია, ქრისტეს თავსა ზედა მირონს ასხამს. იუდა კი, ვინც, როგორც იოვანე ამბობს (XII, 4-5), ამ ქალის გამო დრტვინავდა, იუდეველებს განასახიერებს, რომელნიც ქრისტეს ეკლესიის გამო აქამდე დრტვინავენ.
14-16. მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, მღდელთ-მოძღუართა მათ და ჰრქუა: რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი? ხოლო მათ მიუწონეს მას ოც და ათი ვეცხლი. და მიერითგან ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ. – როცა უცხო ქალმა, თანაც მეძავმა უფალს ასე დიდი პატივი მიაგო, მოწაფე სწორედ მაშინ წავიდა, რათა გაეცა იგი. ამაოდ როდია ნათქვამი: მაშინ წავიდა, არამედ იგი იუდას ურცხვობას წარმოაჩენს. ისკარიოტელი იმიტომ დაუმატა, რომ ამით დაეზუსტებინა, რომელ იუდაზე იყო ლაპარაკი, რადგან სხვა იუდაც არსებობდა, იუდა ლებბაიოსი. ეს გამცემი იუდა წარმოშობით ერთ-ერთი სოფლიდან იყო, რომელსაც ისკარა ეწოდებოდა. მათ მიუწონეს მას ოცდაათი ვეცხლი, ანუ შეთანხმდნენ და მიცემა დაადგინეს და არა მაშინვე მიუწონეს, როგორც ამას ბევრი [236]ფიქრობს. იუდა ხელსაყრელ ჟამს ეძიებდა, რათა მაშინ გაეცა, როცა მარტო იქნებოდა. რადგანაც ხალხის ეშინოდათ, იუდა მოისყიდეს, რომ მას ეცნობებინა, როდის დარჩებოდა იესო მარტო.