ქაბრიელ ეპისკოპოსი

სიტყვა მეორესა კვირიაკესა დიდ მარხვისასა. წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

წყეულ იყავნ მოქმედი საქმისა ღვთისა უდებებით (იერ. 48, 10).

 

წარსულს კვირას ამ სიტყვებზე დავაფუძვნეთ სწავლა და ქადაგება თქვენდამი. ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! დღესაც იგინივე უნდა დავსდვათ საფუძვლად ჩვენისა სიტყვისა; გარნა დღეს სხვა მხრით უნდა ავხსნათ იგი, და სხვანი სწავლანი და მაგალითნი გამოვიყვანოთ მათგან. ¬ წყეულ იყავნ მოქმედნი საქმისა ღვთისა უდებებით! ვისთვის იტყვის ამ საშინელ სიტყვას სულიწმინდა, ძმანო ქრისტიანენო? ვინ არის ქვეყანაზედ მოქმედი საქმისა ღვთისა? უპირველეს და უაღრეს ყოველთა მოქმედნი საქმისა ღვთისა ვართ ჩვენ, უღირსნი მწყემსნი თქვენი, საღმრთოთა საიდუმლოთა აღმასრულებელნი, ნიჭთა და მადლთა ღვთისათა დამრიგებელნი. ეს საქმე რომ დიდია, და ჭეშმარიტად ღვთის საქმე არის, და ყოველთა სხვათა საქმეთა უდიდესი და უპატიოსნესი, ეს ყოველმან მორწმუნემან კაცმან კარგად იცის. მაშასადამე, ეს საშინელი სიტყვა იერემია წინასწარმეტყველისა, უწინარეს ყოვლისა, გვაფრთხილებს და გვაშინებს ჩვენ, სამღვდელოთა პირთა. მართლა, რომელი ცოდვა იქნება ამაზე უდიდესი, როდესაც მღვდელი უდებებით ასრულებს ღვთის მსახურებასა? თუ კი მონა, უდებებით აღმასრულებელი მსახურებისა, დაისჯება უფლისა მისისაგან, მით უდიდესი სასჯელი არ ერგება მღვდელსა, მდგომარესა თვით წინაშე ღვთისა და შემოქმედისა თვისისა და უდებებით აღმასრულებელსა ღვთის მსახურებისასა? ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, და ამისა ყოველთვის უნდა გვეშინოდეს ჩვენ, სამღვდელოთა პირთა.

გარნა მარტო ჩვენზედ არის თქმული ეს სიტყვა წინასწარმეტყველისა; მარტო ჩვენ ვართ მოქმედნი საქმისა ღვთისა, არამედ თქვენცა ერის კაცნი. როდის და რა სახით? როდესაც თქვენ საყდარში სდგეხართ, წირვა-ლოცვას ისმენთ, მაშინ თქვენ ღმერთს ადიდებთ, ღმერთს მადლობთ, ღმერთს ლოცულობთ, მაშასადამე, ღვთის მუშაკნი ხართ, ღვთის საქმისა მოქმედნი ხართ. მართალია, საყდარში ლოცვებს კითხულობენ, გალობასა წარმოსთქვამენ მღვდელნი და სხვანი სამღვდელო პირნი, მაგრამ თქვენც, ერის კაცნი, მოზიარენი ხართ ღვთის მსახურებაში. ხომ გესმისთ ყოველს წირვაზე ეს სიტყვები: ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით, მოხედენ. ამ სიტყვებს მწირველი ეუბნება ერის კაცთა, და ამით აუწყებს მათ, რომ იმათაც უნდა მიიღონ მონაწილეობა ღვთის მსახურებაში, წირვის აღსრულებაში. მართლა, ღვთის მსახურება ეკლესიაში მარტო იმით ვერ შესრულდება, რომ მღვდელნი ხმამაღლა ლოცევბს წაიკითხავენ, მგალობელნი გალობას იტყვიან; უმთავრესი და უსაჭიროესი საქმე წირვის დროსა არის ის გრძნობა, ის სასოება, ის საიდუმლო, მხურვალე ვედრება ღვთისადმი, რომელიც მაშინ კაცს უნდა ჰქონდეს დაფარულად გულში. ამაზედ კიდევ უდიდესიც წირვის დროს არის ერთი რომელიმე საქმე. რომელი? ერთობა, შეერთება ყოველთა დიდთა და მცირეთა, მღვდელთა და ერთა, ქალთა და კაცთა, ერთი გრძნობითა, ერთი აზრითა, ერთის სიყვარულითა, და მოგვეც ჩვენ უფალო ერთითა გულითა და ერთითა პირითა დიდებად და გალობად, და ასევე ვიყვარებოდეთ ურთიერთას რათა ერთობით აღვიარებდეთ, როგორც წირვაში ვსთხოვთ ღმერთსა. ეს არის ჭეშმარიტი ღვთის მსახურება და მსხვერპლის შეწირვა; ამას მოითხოვს და მიიღებს ღმერთი და არა მხოლოდ ხმა-მაღლა ლოცვის წაკითხვას და გალობას. მაშასადამე, შეიძლება, რომ საყდარში ზოგიერთი ღვთისმოყვარე ერისკაცი უმჯობესი წირვის შემასრულებელი იყოს, ვიდრე-ღა თვით მწირველი უდებებით – მღვდელი. მაგრამ მარტო საყდარში კი არ უნდა იყო შენ, ძმაო ერის კაცო, ღვთის საქმის მოქმედი, არამედ ყოველგან და ყოველთვის. სიტყვა და მცნება ღვთისა მოკლედ არ უნდა გვესმოდეს ჩვენ და ვიწროდ, ვრცელ არს მცნება შენი ფრიად და მონამან შენმან შეიყვარა იგი. ქრისტიანე ხარ, მონათლული ხარ, ღმერთთან შეერთებული ხარ, მაშასადამე ყოველთვის ღმერთს უნდა ემსახურებოდე, ყოველნი შენნი საქმენი, მრთელი შენი ცხოვრება ღვთის სადიდებლად უნდა იყოს. თუ გინდა უბრალო რაიმე სოფლიურ საქმეს აკეთებდე, მაინც ისეთი ხასიათი და მიმართულება უნდა მისცე იმ საქმეს, რომელ ისიც ღვთის საქმე იყოს; მაშასადამე, თუ რომელსამე ქრისტიანე კაცს არ ახსოვს თავისი წოდება და დანიშნულება, ცხოვრობს დაუდევნელად და უფიქრებელად, თავის მოვალეობას უდებებით ასრულებს, და მეტადრე ცოდვას არ ერიდება, და არცა ნანობს, ცუდს ზნეობას არ იცვლის, კეთილ და მადლიან საქმეს არ ეძებს, რასაკვირველია, რომ ამისთანა კაცს მომეტებულად ერგება ეს საშინელი სიტყვა ღვთისა: წყეულ იყავნ მოქმედნი საქმისა ღვთისასა უდებებით, რომელიც განაშოროს ჩვენგან უფალმან და მხსნელმა ჩვენმა იესო ქრისტემ. ამინ.