ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა–მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
კონდაკი 1
ქებით შეგამკობთ რჩეულსა და ბრძენსა ქალწულ–მოწამესა ეკატერინეს და გევედრებით, ვითარცა ღუაწლისა მძლესა: გალობაი ესე ჩუენი მიითუალე და შეგვაწყნარენ ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, აღგვავსოს სულითა სიბრძნისაითა და გულნი ჩუენნი დაამტკიცოს სარწმუნოებასა ზედა ჭეშმარიტსა, რაითა საწუთოი ცხორებაი ჩუენი კეთილად განვვლოთ და გნატრიდეთ შენ ძალისაებრ ჩუენისა: გიხაროდენ, სძალო ქრისტეისო ყოვლადბრძენო, ქალწულ–მოწამეო ეკატერინე!
იკოსი 1
ანგელოზთა სწორსა სიწმიდესა აღიწიე, და ქალწულად წმიდად დაუმარხე რაი თავი შენი სიძესა მას უკუდავსა – ქრისტესა, მისთვის დაითმინე მრავალი ტანჯუაი და აღსრულებაი მახვილითა, და მოიგე გვირგვინი ბრწყინვლეი ღმრთისაგან, აწ ჩუენცა გვიმეოხე წინაშე მისა, ლოცვითა შენითა შეგვეწიოს და დაგვიფაროს ყოველთა უძლურებათაგან სულიერთა და ხორციელთაისა, რაითა კეთილად ვმსახურებდეთ წმიდასა ეკლესიასა და ერსა, და არცაღა დავსცხრეთ გალობად შენდა:
გიხაროდენ, ქალწულო, დედათა შორის უშუენიერესო;
გიხაროდენ, წარმართთა შორის წმიდად და უბიწოდ ცხორებულო;
გიხაროდენ, მრავალღმრთეებისა წყუდიადსა შინა ქრისტეის მიერ კურთხეულო და განათლებულო;
გიხაროდენ, ბრძმედსა მას შინა განსაცდელთასა გამოხურვებულო;
გიხაროდენ, წყუდიადისა უღმრთოებისასა გამობრწყინვებულო;
გიხაროდენ, საუკუნოთა კეთილთათვის მარტვილებრივისა ღუაწლისა თავსმდებელო;
გიხაროდენ, ქალწულებისა და მოღუაწებისა შენისათვის ქალწულ დედოფალთან მიახლებულო;
გიხაროდენ, ქალწულ–მოწამეო ეკატერინე, ყოვლად–ბრძენო სძალო ქრისტეის ღმრთისაო!
კონდაკი 2
იყავ რაი ფრიად შუენიერი ასული ალექსანდრიის მმართველისაი, განსწავლული საფილოსოფოსოთა მეცნიერებათა შინა, ქმრობაი შენი ეწადა მრავალსა, გარნა ეძიებდი სიძესა – შენზედა აღმატებულსა, და წარგადგინა რაი დედამან შენმან წინაშე დაყუდებულისა ბერისა, აღგითქმიდა იგი ეგევითარისა სიძისა ჩუენებასა, ხოლო გიბოძა რაი ხატი ღმრთისმშობლისაი ჩვილითა მაცხოვრითა, ლოცვასა შინა განგსწავლა და აქებდი სახიერებასა მისსა: ალილუია.
იკოსი 2
გულმხურვალედ მუხლმოყრილი ილოცევდი რაი წინაშე წმიდისა მის ხატისა, ჰრულსა შინა იხილე ნათელმოსილი დედოფალი ხელთა ზედა ყრმითა, მიიქცევდა რაი პირსა შენგან დედისა მიმართ თვისისა და გიწოდდა უგუნურსა კერპთმსახურებისათვის შენისა, ხოლო იგი გაქებდა და ევედრებოდა რაი ძესა თვისსა შეწყნარებასა შენსა, წარგგზავნიდა იესუ ბერისა მიმართ შეცნობისათვის ღმრთისა, აწ ჩუენცა გვიოხე წინაშე მისსა, რაითა მოგუცეს ძლევაი ეშმაკთაი და მანქანებათა მათთაი შემსხმელთა შენთა და მაქებელთა:
გიხაროდენ, რტოო ქალწულებისაო, ქუეყანასა მას ეგვიპტისასა აღმომორჩებულო;
გიხაროდენ, ნერგო სიმართლისაო, შორის უღმრთოთა და ქრისტეს უარისმყოფელთა აღმოცენებულო;
გიხაროდენ, შროშანო შუენიერო, ღუარძლთა შორის კერპთმსახურებისათა აღყუავებულო;
გიხაროდენ, გამოუთქუმელითა სიკეთითა აღვსებულო;
გიხაროდენ, შურითა საუფლოითა აღგზებულო;
გიხაროდენ, ღმრთისა მიერ ბნელითგან ნათელსა შინა სარწმუნოებისასა საკვირველად აღმოწოდებულო;
გიხაროდენ, უფროის საფასეთა წარმავალთა ქრისტეისა აღმრჩეველო;
გიხაროდენ, ქალწულ–მოწამეო ეკატერინე, ყოვლად–ბრძენო სძალო ქრისტეის ღმრთისაო!
კონდაკი 3
სიყუარულითა შეიწყნარე რაი სწავლებაი ნეტარისა მის ბერისაი, ნათელ იღე ხელითა მისითა, და კუალად გეჩუენა რაი ღმრთისმშობელი ღმრთეებრივითა ძითა, მანცა შეგიწყნარა, ჰოი, ქალწულო სანატრელო, და ძღუანებულითა მით ბეჭდითა სახელგდვა სძლად თვისად, ხოლო განიღვიძე და იხილე რაი საკვირველი იგი ბეჭედი თითსა მას შენსა, საღმრთოითა მოწყალებითა შეძრული იხარებდი და აქებდი სიძესა მას სულთასა, უკუდავსა ქრისტესა: ალილუია.
იკოსი 3
შემდგომ მშობელთა შენთა გარდაცვალებისა გესმა რაი უსჯულოისა კეისრისა მიერ მოკრებაი ერთაი, ბილწთა მათ კერპთათვის შეწირვად მსხუერპლისა, საკერპოსა მას ტაძარსა მისრული ჰკითხვიდი მომსრველსა მას ქრისტეს აღმსარებელთასა, თუ რაისათვის წარსწყმედდა ერსა მას კერპთმსახურებისა საცთურითა, და უქადაგებდი ღმერთსა ჭეშმარიტსა, აწ ჩუენცა შეგვეწიე მისა მიმართ, რაითა მოგვანიჭოს ძლევაი ყოველთა მტერთა და საცთურთა ზედა, და ღირს გვყოს შეწირვად შენდა გალობისა:
გიხაროდენ, ქალწულად წმიდად თავადისა მის სიძისა, ბრწყინვალისა ქრისტეის მიერ დაწინდულო;
გიხაროდენ, მოსურნეო ჭეშმარიტებისაო, ემბაზითა მით ნათლისღებისაითა განათლებულო;
გიხაროდენ, ლოცვითა საღმრთოდ შეჭურვილო;
გიხაროდენ, სულისა და ხორცისა შუენიერებითა შემკულო;
გიხაროდენ, ქრისტეს სამწყსოთა სიხარულითა შერთულო;
გიხაროდენ, მის მიერ ზეგარდამოითა სიბრძნითა აღვსებულო;
გიხაროდენ, ქალწულთა ცხორებისა წესისა აღმრჩეველო;
გიხაროდენ, სძალო ქრისტეისო ყოვლადბრძენო, ქალწულმოწამეო ეკატერინე!
კონდაკი 4
საკვირველად ბრწყინვიდა პირი შენი, წმიდაო, ვითარცა ნათელი მთოვარისაი, და განცვიფრდა რაი სიმრავლეი იგი ერისაი, მრავალსა ჟამსა დუმნა უძალო–ქმნული კეისარი პასუხისგებად შენდა, და მოეგო რაი გონებასა, ვიდრე ჟამადმდე განგიტევა, და განაახლა რაი ეშმაკთ–მსახურებაი, აღხოცვიდა ყოველთა, რომელნი ჰხადოდენ უფალსა იესუ ქრისტესა და აქებდენ წადიერად: ალილუია.
იკოსი 4
არაი გეუფლა რაი უძლურებაი დედობრივი, კუალად უშიშად წარსდეგ წინაშე კეისრისა, და განცვიფრდა რაი ბრწყინვალებითა პირისა შენისაითა, გკითხვიდა წარმომავლობასა და სახელსა, ხოლო შენ ასულად მმართველისა და სძლად ქრისტეისად აღუარებდი რაი თავსა თვისსა, მაცთურად სახელ–სდებდი ღმერთთა მათთა, და აღუთქუამდი ჭეშმარიტისა ღმრთისა, ქრისტეს ჩუენებასა, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე მისა, რაითა დანერგოს ჩუენ შორის სული სიწმიდისა და კაცთმოყუარებისაი და მოგვცეს სიბრძნეი ღირსად შენდამი გალობისაი:
გიხაროდენ, ღმრთისა მიერ უშიშად მხილებისა კადნიერებისა მიმღებელო;
გიხაროდენ, წინაშე მძლავრთა მათ ხელმწიფეთა კერპთმსახურებისა განმაქიქებელო;
გიხაროდენ, ქრისტეანობისა ხმამაღლად მქადაგებელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტისა ღმრთისა კადნიერად აღმსარებელო;
გიხაროდენ, საღმრთოითა სიბრძნითა უსჯულოთა მამხილებელო;
გიხაროდენ, სიცრუისა თანაზიართა მარცხვენელო;
გიხაროდენ, ურწმუნოთა სარწმუნოებად მიმყვანებელო;
გიხაროდენ, ქალწულ–მოწამეო ეკატერინე, ყოვლად–ბრძენო სძალო ქრისტეის ღმრთისაო!
იკოსი 5
შემოკრბა რაი სიმრავლეი ერისაი სმენად სიტყვის–გებისა თქუენისა, ფილოსოფოსი ერთი გექადოდა კადნიერად, ჰგონებდა რაი ძლევასა შენსა, და აღმოიტყოდა არისტოტელეს მოძღურებასა, ხოლო შენ სიბრძნითა განაქარვებდი სწავლებათა მისთა და უთხრობდი სწავლებასა ქრისტეის ღმრთისასა, მას ევედრე, აწ ჩუენცა აღგვაორძინოს სულიერითა და ხორციელითა კეთილითა, და ყოველნი აღგვძრას შეწირვად შენდა გალობისა:
გიხაროდენ, მაღლითგან მოცემულითა სიბრძნითა ბრძენთა უფროისად განბრძნობილო;
გიხაროდენ, მთავარანგელოზისა მიერ განმტკიცებულო;
გიხაროდენ ღმრთაებრივისა შემეცნებისა ნათლითა განათლებულო;
გიხაროდენ მართლსარწმუნოებისა კეთილად აღმსაარებელო;
გიხაროდენ, სულთა წარმწყმედელთა საცთურთაგან აღმომწოდებელო;
გიხაროდენ, ყოვლადბრძენო, ფილოსოფოსთა დამმოძღურელო;
გიხაროდენ, მჭევრმეტყველთა სიტყუათა შენთა მიერ კერპთა სიგლახაკისა და უბადრუკებისა გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, ქალწულ–მოწამეო ეკატერინე, ყოვლად–ბრძენო სძალო ქრისტეის ღმრთისაო!
კონდაკი 6
სიბრძნითა მიუთხრობდი რაი ქუეყანისა შესაქმესა წარმართთა, და ამხელდი სწავლებასა მას ფილოსოფოსთასა, რომელნიცა საცთურისა მიერ დაანთქმენ კაცთა უფსკრულთა შინა ცეცხლისათა, არაი შეგაძრწუნებდა შენ განრისხებაი უღმრთოთა მძლავრთაი და ღაღადყავ:„უგულისხმონო, და ღმრთისა დიდებისაგან სამართლად განთხეულნო, რომელნი–ეგე თაყუანის–სცემთ კერპთა, მიმსგავსებულ ხართ პირუტყუთა უგუნურთა“, და აქებდი ყოველთა შემოქმედსა: ალილუია.
იკოსი 6
სულიერთა ქადაგებათა მიერ სიკუდილისაგან ცხორებად საუკუნოდ აღმოუწოდე რაი ერგასთა მათ ფილოსოფოსთა, კერპთა მიერ დაბნელებულთა, არცხვენდი მათ, ვითარცა თაყუანისმცემელთა ხელითქმნულთასა და მოქადულსა ცრუითა ღმერთებითა, და ხედვიდენ რაი ბრძნადმეტყუელებასა შენსა საკვირველსა, ვერღარა იკადრეს სიტყვისგებად, რამეთუ იცნეს ქრისტე ღმრთად ჭეშმარიტად და აღიარეს კადნიერად, ეგრეთვე აწ ჩუენცა აღმოგვიწოდე წარწყმედისაგან სულთაისა, და მოგვეც სიბრძნეი ღირსად შენდამი გალობისაი:
გიხაროდენ, ყოვლითა გულითა ქრისტეის ღმრთისა შემყუარებელო;
გიხაროდენ, სოფლისა უბრძენესთა ბრძნობისა განმაქიქებელო;
გიხაროდენ, მრავალშეთხზულთა სიცრუვეთა დამშრეტელო;
გიხაროდენ, ღმრთისმბრძოლთა სილაღისა დამამხობელო;
გიხაროდენ, პირველ ეშმაკისაგან წარტყუევნულთა ღმრთისად მიმყვანებელო;
გიხაროდენ, ფუჭმეტყველთა მათ რიტორთა ჭეშმარიტსა სარწმნოებასა ზედა მომაქცეველო;
გიხაროდენ, სულთა კაცთაისა ქრისტეს თანა მომღუაწებელო;
გიხაროდენ, ქალწულ–მოწამეო ეკატერინე, ყოვლად–ბრძენო სძალო ქრისტეის ღმრთისაო!
კონდაკი 7
ვერა შეარყია რაი სარწმუნოებაი რიტორთაი, უფროისად აღიძრა გულისწყრომითა მძლავრი იგი და ბრძანა რაი დაწუვაი მათი ცეცხლითა, გევედრებოდენ ნათლისღებასა, და აჰა, შენცა დასწერდი რაი ქრისტეს ბეჭედსა, ქალწულო სანატრელო, მხნედ შევიდენ სახუმილსა მას, და რწმენა უფალი მრავალთა, რამეთუ გუამნი მათნი დაშთენ ალისაგან უვნებელად, და დაკრძალეს რაი ფარულად მორწმუნეთა, უგალობდენ და აქებდენ ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა: ალილუია.
იკოსი 7
იხილა რაი ქრისტეის აღმსარებელთა სიმრავლეი, განრისხნა მძლავრი იგი და ლიქნითა გაიძულებდა რაი თაყუანისცემასა კერპთასა, აღგითქუმიდა დედოფლობასა, წმიდაო, და სახებისა შენისა ქალაქთა შინა აღმართვასა, გარნა შენ ჟამიერად სახელ–სდებდი საწუთოსა მას დიდებასა, და აღიარებდი სძალ–ყოფასა ქრისტეის ღმრთისასა, უკუდავისა სიძისასა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა დანერგოს ჩუენ შორის მოძაგებაი ცოდვისაი და სიყუარული სათნოებისაი, და აღგვძრას შეწირვად შენდა გალობისა:
გიხაროდენ, ნაზარეველისა ღმრთად შემრაცხველო;
გიხაროდენ, სიყუარულისა მისისათვის განხრწნადისა ქორწილისა შეურაცხმყოფელო;
გიხაროდენ, დედოფლობისა პატივისა ქრისტეის სძლობასა ზედა გარდამცვლელო;
გიხაროდენ, ქალწულთა ცხორებისა წესისა აღმამაღლებელო;
გიხაროდენ, თვინიერ ზეციერისა, სიძისა სხვისა არა მნებებელო;
გიხაროდენ, სამეფოისა სკიპტრისა ზეციერისა სასუფეველისათვის უგულებელსმყოფელო;
გიხაროდენ, უმეტეს ძოწეულისა მოწამეობრივისა სამოსლისა შემყუარებელო;
გიხაროდენ, ქალწულ–მოწამეო ეკატერინე, ყოვლად–ბრძენო სძალო ქრისტეის ღმრთისაო!
კონდაკი 8
აღასრულებდი რაი ღუაწლსა მას სამოციქულოსა, ყოვლად ნეტარო ქალწულო, მრავალთა ჰრწმენა შენ მიერ ქრისტე ღმრთად და შეურაცხ–ყვეს რაი მსახურებაი კერპთაი, განძვინდა კეისარი და ურიდად გუემაი შენი უბრძანა მტარვალთა, ხოლო ოდეს დილეგსა შეგაყენეს, ჰოი, ეკატერინე სანატრელო, მოგცემდენ დღესა ათთორმეტსა უარსაყოფელად ქრისტეისა, რომლისაცა შეწევნასა ხადოდი და მარადის აქებდი ძალსა მისსა: ალილუია.
იკოსი 8
ესმა რაი საკვირველი სიბრძნეი შენი დედოფალსა, ფარულად მოგეახლა დილეგსა, და შუენიერებისა შენისა მხილველი გიწოდდა რაი დედათა შორის ნეტარსა, უქადაგე ქრისტე ღმერთი, ვითარცა მას, ეგრეთცა მხლებელთა მისთა – სტრატილატსა მას პორფირისა და ორასთა მხედართა მისთა, და მწყობრი იგი რჩეული მოაქციე რაი მართლ–სარწმუნოებასა ზედა, სიხარულითა გაქებდენ შენ და გნატრიდენ, ვითარცა ბრძენსა განმანათლებელსა თვისსა:
გიხაროდენ, კრავო ღმრთისაო, მწყემსსა კეთილსა შედგომილო;
გიხაროდენ, ქრისტეს უძლეველითა საჭურველითა შეჭურვილო;
გიხაროდენ, საშინელთა სატანჯველთა საშუებელად შემრაცხველო;
გიხაროდენ, უღმრთოთა სწავლებათა კადნიერებითა მამხილებელო;
გიხაროდენ, საწუთოთა ვნებათაგან ღელვაგვემულთა ღმრთისმოსავობასა შინა განმსწავლელო;
გიხაროდენ, მეკერპეობითა დაბნელებულთა გულთა განმაცისკრებელო;
გიხაროდენ, უმეცრებისა წყუდიადისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, ქალწულ–მოწამეო ეკატერინე, ყოვლად–ბრძენო სძალო ქრისტეის ღმრთისაო!
კონდაკი 9
იზარდებოდი რაი საპყრობილესა შინა სულისა მიერ წმიდისა, ჰოი, ყოვლად ქებულო ქალწულო, ევედრებოდი ქრისტესა განძლიერებასა წინა–აღმდგომთა მისთა მიმართ და ეშმაკისა, გეჩუენა რაი მტერი იგი ბოროტი, სულთა წარმწყმედელი ბნელსა მას შინა, და ეწადა შთანთქმაი შენი მსგავსად ვეშაპისა, გარნა სძლე ძალითა ქრისტეისითა, გამოგიჩნდა რაი ანგელოზთა თვისთა თანა და განგაძლიერებდა რაი აღმსარებელსა თვისსა, აღმაღლდა ზეცად, და განცვიფრებული აქებდი ძალსა მისსა: ალილუია.
იკოსი 9
სახე–ბრწყინვალეი და შუენიერი კუალად წარგადგინეს რაი წინაშე კეისრისა, განკვირდა ფრიად და ვერა შეძლო რაი დარწმუნებაი შენი კერპთმსახურებასა შინა, ბრძანებითა მისითა აღაგეს ოთხი ბორბალი სამსჭუალითა, და დაგსვეს რაი შეკრული მახლობლად მათსა, ღმერთმან საკვირველებათამან კუალადცა აჩუენა ძალი თვისი შენ ზედა, სანატრელო, რამეთუ ანგელოზმან მისმან აღგიტაცა უვნებელად, რაჟამს აღგორდენ ბორბალნი, და მოსრვიდენ წარმართთა, ხოლო მხილველნი ამისნი ქრისტესა ადიდებდენ და გაქებდენ შენ, ვითარცა ღუაწლითშემოსილსა:
გიხაროდენ, საღმრთოისა ნებისა მორჩილებითა ანგელოზთა და კაცთა განმაკვირვებელო;
გიხაროდენ, მრავალთა წარმართთა ქრისტეს მადლითა სულნელმყოფელო;
გიხაროდენ, ჯუარისა მისისა ძლიერებისა წარმომაჩინებელო;
გიხაროდენ, ცეცხლითა ღმრთეებისაითა კერპთა ბომონისა დამწველო;
გიხაროდენ, ურწმუნოთა პირისა დამაყოფელო;
გიხაროდენ, გულსა შინა მრავალთასა ქრისტეანობისა დამნერგველო;
გიხაროდენ, ეშმაკთა საცთურისა და კაცთა მზაკუვარებისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, ქალწულ–მოწამეო ეკატერინე, ყოვლად–ბრძენო სძალო ქრისტეის ღმრთისაო!
კონდაკი 10
ჰოი, უგუნურებაი მეკერპისა მის მეფისაი, ვერა გულისხმაყო რაი სასწაული იგი, და ეწადა მიცემაი შენი სატანჯველად, განძლიერდა სარწმუნოებასა შინა დედოფალი და განტევებასა შენსა ევედრა მეუღლესა, გარნა განძვინდა იგი და ბრძანა რაი ხუეტაი და დაბძარვაი ხორცთა მისთაი, შენცა აკურთხევდი: „წარვედ, დედოფალო, სიხარულსა მას საუკუნესა“, და ერთობითა აქებდეთ ზეცათა მეუფესა და ღმერთსა ჭეშმარიტსა: ალილუია.
იკოსი 10
მოჰკუეთეს რაი წმიდაი თავი დედოფალსა, სამსჯავროსა მას წარდგა მხნეი პორფირიცა სპარაზენთა თვისთა თანა და მოელოდენ რაი წარუვალსა მას სუფევასა, რქუეს უშიშად კეისარსა: „ჩუენცა ქრისტეს მორწმუნენი ვართ, და გუნებავს, რაითა მისთვის ვიღუაწოთ ახოვნებითა, ვითარცა მხედართა მისთა“, და დაკლეს რაი ყოველნი მახვილითა, შეჰვედრებდენ იესუს წმიდათა სულთა თვისთა, და აჰა, აწ ანგელოსთა თანა წინაშე მისა წარდგომილნი მეოხ არიან ლოცვითა მათდა შევრდომილთა:
გიხაროდენ, ნეტარნო მხედარნო, მადლისა კეთილ–მოქმედებითა განათლებულნო;
გიხაროდენ, ღმრთისა ჭეშმარიტისა შემცნობელნო;
გიხაროდენ, კერპთაყუანისმცემლობისა საცთურთაგან განლტოლვილნო;
გიხაროდენ, ნაცვლად ქუეყნიერთა პატივთა, ქრისტეისთვის მარტვილობისა აღმრჩეველნო;
გიხაროდენ, ტარიგნო, მისთვის მომწყდარნო და ზეცისა საკურთხეველსა შეწირულნო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტისა სარწმუნოებისთვის საწუთოსა ცხორებასა დაკლებულნო;
გიხაროდენ, ნათელსა წმიდათასა ერთობითა მიახლებულნო;
გიხაროდენ, ქალწულ–მოწამეო ეკატერინე, ყოვლად–ბრძენო სძალო ქრისტეის ღმრთისაო!
კონდაკი 11
შეძრწუნდა რაი მძლავრი იგი ბოროტი მიუდრეკელობისათვის შენისა, გევედრა, რაითა უზორო კერპთა და გყოს დედოფალ სამეფოისა თვისისა, გარნა შენ განმზადებულ იყავ რაი ყოვლისა ვნებისა დათმენად უფლისათვის, ღაღადებდი: „მე დაწინდებულ ვარ მეფისა მეფეთაისაი, იესუ ქრისტეისი, რომელ არს ცათა შინა!“, და კადნიერად აღიარებდი მას ძედ ღმრთისად და უგალობდი ხმითა მაღლითა: ალილუია.
იკოსი 11
მაშინ ბრძანა მოკლვაი შენი კეისარმან გარეშე ქალაქისა და იხილე რაი სიმრავლეი ერისაი, რომელნი გოდებდენ და ცრემლეოდენ შენ ზედა, ნუგეშინისცემდი მათ და ევედრებოდი ქრისტესა შეწყალებასა ყოველთა მომხსენებელთა შენთასა, რაითა ჟამსა მას საწუთოითგან განსლვისასა თანაწარხდენ ეშმაკთა და მშვიდობითა მიიწიონ საუკუნოსა მას განსასვენებელსა, და ასწილ აღგითქუა რაი აღსრულებაი თხოვისა შენისაი, აწ ჩუენცა აღგვარიდე საღმრთოისა მსჯავრისა საშინელებაი უსჯულოებისა ჩუენისათვის და ცოდვათა შენდობაი გვითხოვე შემსხმელთა შენთა და მაქებელთა:
გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, უძლეველო ქადაგო დიდებისა მისისაო;
გიხაროდენ, მძლეველო ამა სოფლისა მთავრისაო;
გიხაროდენ, პატიოსანო სამკვიდრებელო სიწმიდისაო და ზღუდეო ქალწულებისაო;
გიხაროდენ, შეუძრველო სუეტო მართლმადიდებლობისაო;
გიხაროდენ, აღმამაღლებელო ქალწულთა ცხორებისა წესისაო;
გიხაროდენ, მირონო, კეთილად განმასულნელებელო ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ყოველთა უსასოთათვის მიმმადლებელო ნუგეშისაო;
გიხაროდენ, ქალწულ–მოწამეო ეკატერინე, ყოვლად–ბრძენო სძალო ქრისტეის ღმრთისაო!
კონდაკი 12
მაშინ განიპყარ ხელნი ზეცად სარწმუნოებითა, ჰოი, ეკატერინე სანატრელო, და წმიდაი თავი შენი წარკვეთა რაი მეხრმლმან, სული თვისი შეჰვედრე ღმერთსა, და მოგანიჭა გვირგვინი მოწამებისაი დათხევისათვის სისხლისა შენთაისა, ხოლო წმიდანი ხორცნი შენნი აღიტაცნეს ოთხთა მათ ანგელოზთა, და მეყსეულად დასხნეს რაი მთასა მას ზედა სინაისსა, პოვეს მოსაგრეთა ზეგარდამოითა ჩუენებითა, და დაასუენეს რაი ფერისცვალებისა ტაძარსა, სახელი შენი უწოდეს სავანესა მას, ნეტარო, და სიხარულითა აქებდენ ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 12
არცაღა დავიწყებულ იქმნა მოღვაწებაი შენი, ჰოი, ქალწულო დიდებულო, რამეთუ ყოვლითა კრძალულებითა აღსწერდა მსახური შენი ათანასი, და განადიდა რაი ეკლესიამან სიბრძნეი და მარტვილობაი შენი საკვირველი, შეგრაცხა წმიდათა შორის მისთა, და აჰა, აწ იქადის მეგვიპტეი და განსცხრების მთაი სინაისა, რამეთუ სავანეი შენი – მწიაღებელი წმიდათა ნაწილთა შენთა, ვითარცა წყაროი დაუწყვედელი, მდიდრად აღმოადინებს მადლთა სურნელებასა, და ყოველთა აღგუძრავს გალობად შენდა:
გიხაროდენ, სისხლთა შენთა მიერ საქორწინოისა სამოსელისა შემმოსველო;
გიხაროდენ, ქალწულთა გუნდთა მიერ სიხარულითა შეწყნარებულო;
გიხაროდენ, სავანეთა შინა ზეცათასა კრებულსა მას უკუდავთა სასძლოთასა შეერთებულო;
გიხაროდენ, უფლისაგან არაწმიდათა სულთა ზედა ხელმწიფებისა მიმღებელო;
გიხაროდენ, ძალითა მისითა მრავალთა ნიშ–სასწაულთა და კურნებათა სრულმყოფელო;
გიხაროდენ, საუნჯეთაგან სულისა წმიდისაითა სულიერთა ნიჭთა უხვად მომცემელო;
გიხაროდენ, ზეცად აღმავალისა იწროისა გზისა წარმმართებელო;
გიხაროდენ, ქალწულ–მოწამეო ეკატერინე, ყოვლად–ბრძენო სძალო ქრისტეის ღმრთისაო!
კონდაკი 13
ჰოი, სიბრძნითა განშუენებულო და წამებითა განბრწყინვებულო ჭეშმარიტო სძალო ქრისტეისო ეკატერინე, მოიღე რაი მადლი მის მიერ ყოველთა მორწმუნეთა შეწევნისაი, აწ ჩუენცა აღგძრავთ მეოხებად მისა მიმართ, რაითა განვერნეთ უკანაისკნელსა ამას ჟამსა მოძალებულთა უსჯულოებათა, და სიწმიდითა და ღირსებითა განვვლოთ ჟამი ცხორებისა ჩუენისაი, ვიდრემდის არა მივიწივნეთ ნეტართა მათ სავანეთა ზეცისათა და შენ თანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა: ალილუია.
ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ:
იკოსი 1
ანგელოზთა სწორსა სიწმიდესა აღიწიე, და ქალწულად წმიდად დაუმარხე რაი თავი შენი სიძესა მას უკუდავსა – ქრისტესა, მისთვის დაითმინე მრავალი ტანჯუაი და აღსრულებაი მახვილითა, და მოიგე გვირგვინი ბრწყინვლეი ღმრთისაგან, აწ ჩუენცა გვიმეოხე წინაშე მისა, ლოცვითა შენითა შეგვეწიოს და დაგვიფაროს ყოველთა უძლურებათაგან სულიერთა და ხორციელთაისა, რაითა კეთილად ვმსახურებდეთ წმიდასა ეკლესიასა და ერსა, და არცაღა დავსცხრეთ გალობად შენდა:
გიხაროდენ, ქალწულო, დედათა შორის უშუენიერესო;
გიხაროდენ, წარმართთა შორის წმიდად და უბიწოდ ცხორებულო;
გიხაროდენ, მრავალღმრთეებისა წყუდიადსა შინა ქრისტეის მიერ კურთხეულო და განათლებულო;
გიხაროდენ, ბრძმედსა მას შინა განსაცდელთასა გამოხურვებულო;
გიხაროდენ, წყუდიადისა უღმრთოებისასა გამობრწყინვებულო;
გიხაროდენ, საუკუნოთა კეთილთათვის მარტვილებრივისა ღუაწლისა თავსმდებელო;
გიხაროდენ, ქალწულებისა და მოღუაწებისა შენისათვის ქალწულ დედოფალთან მიახლებულო;
გიხაროდენ, ქალწულ–მოწამეო ეკატერინე, ყოვლად–ბრძენო სძალო ქრისტეის ღმრთისაო!
კონდაკი 1
ქებით შეგამკობთ რჩეულსა და ბრძენსა ქალწულ–მოწამესა ეკატერინეს და გევედრებით, ვითარცა ღუაწლისა მძლესა: გალობაი ესე ჩუენი მიითუალე და შეგვაწყნარენ ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, აღგვავსოს სულითა სიბრძნისაითა და გულნი ჩუენნი დაამტკიცოს სარწმუნოებასა ზედა ჭეშმარიტსა, რაითა საწუთოი ცხორებაი ჩუენი კეთილად განვვლოთ და გნატრიდეთ შენ ძალისაებრ ჩუენისა: გიხაროდენ, სძალო ქრისტეისო ყოვლადბრძენო, ქალწულ–მოწამეო ეკატერინე!
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, წმიდაო ქალწულო და დიდო მოწამეო ეკატერინე, ჭეშმარიტო სძალო ქრისტეისო, ტაძარო სიწმიდისაო და უბრწყინვალესო მარგარიტო უბიწობისაო; ღუაწლთა მიერ ყვავილოვან–ქმნილო რქაო საუფლოისა ვენახისაო და შროშანო შუენიერო, განმასუნელებელო ეკლესიისაო; ყოველთა მვედრებელთა შენთა მსწრაფლშემწეო და მომნიჭებელო მადლისა და წყალობისაო!
ჰოი, ქალწულთა თუალო და მოწამეთა წინამძღუარო ეკატერინე, წინაისწარ აღგჭურა რაი სასძლოი თვისი ქრისტემან მრჩობლითა მადლითა, სძლე ერგასთა მათ ბრძენთა და დაარწყულე რაი ზეციერითა მოძღურებითა, ღირს იქმნენ მოღებად მარტვილობისა გვირგვინისა, და შენცა განემზადე რაი დათმენად სატანჯველთა, დასთხიენ სისხლი შენი ქრისტეს სიყუარულითა, რომელმანცა აღგითქუა შენ წარუალი დიდებაი წმიდათა თანა სასუფეველსა, აწ ჩუენცა შეგვავედრე სახიერებასა მისსა, წმიდაი ეკლესიაი თვისი შეურყეველად დაიმარხოს ყოვლისაგან წვალებისა, და დაიცვას მამული ჩუენი გარე–მოდგომილებისაგან მტერისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, ხოლო ჩუენ მოგუმადლოს ძალი დატევებისათვის ცოდვათასა და მოგვანიჭოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, რაითა დავარღიოთ ყოველნი მანქანებანი ჯოჯოხეთისა მთავრისაი და სიწმიდითა და ღირსებითა განვვლოთ ჟამი ცხორებისა ჩუენისაი. მრავალშემძლებელითა ლოცვითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.
ჰოი, ყოვლად–ბრძენო და სანატრელო ქალწულ–მოწამეო ეკატერინე! ქრისტეს მიერ განმხნდი რაი წინა–აღდგომად უსჯულოისა მის კეისრისა, დედობრივისა ბუნებისა უძლურებითა მამაკაცებრ ახოვნად იღუაწე და მიითუალე რაი მარტვილებრივი აღსასრული, შეხვედ სამეუფოსა მას ქორწილსა, და იქმენ წმიდაი და ბრწყინვალეი სძალ ქრისტეისა, მას ევედრე, განაბნიოს შეცოდებათა ჩუენთა წყუდიადი და წარგვიძღვეს გზასა მას მცნებათასა და ალაგთა მათ სინანულისათა, რაითა უბრკოლველად თანა–წარვხდეთ საცთურთა საწუთოისასა, და მივეახლოთ სანატრელსა პალატსა სამოთხისასა, სადა ყოველთა ბრძენთა მათ ქალწულთა თანა წარდგომილ–ხარ წინაშე მაცხოვრისა, რაითა მარადის შენთანა ვადიდებდეთ ღირსად თაყუანისსაცემელსა სახელსა მისსა, თანა მამით და სულიწმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა ქალწულმოწამისა ეკატერინეისა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა
