სავედრებელი პარაკლისი წმიდისა დიდ–მოწამისა მინასი სასწაულთმოქმედისა
მღდელმან: კურთხეულ არსი.
უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა–მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად–იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი, და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე–მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი, და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 4
ვითარცა თანა–მზრახვალსა ანგელოზთასა და თანა–მკვიდრსა მოწამეთასა გაქებთ შენ, წმიდაო დიდმოწამეო მინა, სოფლისათვის მშვიდობაი ითხოე და სულთა ჩუენთათვის დიდი წყალობაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ტროპარი, ხმაი 4
დილეგთა შეიყენე და ხარისა ძარღუთა მიერ იგუემე, და თავდაღმა დაკიდული გტანჯეს რაი რკინისა ფოცხითა, ტყავი აგაჭრეს და ხორცი ცეცხლითა მოგიწვეს, და შეუდრეკელად ითმენდი რაი ქრისტეისთვის წამებასა, აწ გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, რაითა გვიხსნნეს ცოდვათაგან, და დაგვიცვას ყოვლისაგან ვნებისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გუფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან, ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე–მცა–მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ–ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად–დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4
ძლისპირი: მწყობრი ისრაელთაი რაი განვიდა ფერხითა დაულტოლველითა ზღუასა მეწამულსა, იხილნა აღჭურვილნი მტერნი მათნი ეტლებითურთ სიღრმესა დანთქმულნი, სიხარულით ღაღატ–ყო და თქუა: უგალობდეთ ღმერთსა ჩუენსა, რომელიცა დიდებულ არს.
წმიდაო დიდმოწამეო მინა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გიხაროდენ და მხიარულ იყავ, ახოვანო მხედარო ქრისტეის ღმრთისაო, რამეთუ შენ დასთხიენ სისხლნი აღსარებისათვის მისისა და სამართლად მოიღე მისგან გვირგვინი დიდებისაი, რომელიცა დიდებულ არს.
წმიდაო დიდმოწამეო მინა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გიხაროდენ, მინა დიდმოწამეო, რომელმან წყლულებათა შენთა მიერ ცოდვისა სამოსელი განიძარცვე და შეიმკევ სამოსელითა უხრწნელებისაითა, რომელ არასადა დაძუელდეს, რამეთუ ქსოილ იქნა მადლითა ღმრთისაითა, რომელიცა დიდებულ არს.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
გიხაროდენ, ღუაწლისა მძლეო მოწამეო მინა, რომელმან წარმავალთა წილ წარუალი მოიგე და ცათა შინა სუფევ უხორცოთა თანა, აწ გაქუს კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, რაითა მოანიჭოს ხორცთა ჩუენთა სიმრთელეი და წყალობაი სულთა ჩუენთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
კუერთხი აჰრონისი რაი განედლდა, მოგასწავებდა შენ, უხრწნელსა მას ნერგსა საღმრთოსა, რომელი აღმოსცენდი იესეისგან, უბიწოო, და აღმოგვიცენე ყუავილად ღმერთი ხორც–შესხმული, მისა მიმართ მეოხ–გუეყავ, რომელიცა დიდებულ არს.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: არა სიბრძნითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა თავით თვისით ვიქადით, არამედ შენგან, ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ არავინ არს წმიდაი შენებრ, კაცთ–მოყუარე.
წმიდაო დიდმოწამეო მინა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
უნაყოფოი დედაი შენი, წმიდაო, ევედრებოდა რაი შვილიერებასა ღმრთისმშობელსა, ამინ~-ითა ემცნო აღსრულებაი თხოვისაი წინაშე ხატისა მისისა მდგომარესა, და ადიდებდა ძესა მისსა.
წმიდაო დიდმოწამეო მინა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იშევ რაი სახლსა შინა წარჩინებულთა ეგვიპტელთასა, სახელგდვეს მინა, მოსახსენებლად ზეგარდამო თქმულისა „ამინ“–ისა, და სიყრმითგან ტრფიალ იქმენ უფლისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ჟამსა მას კერპთა მონებისასა შეუდეგ რაი მხედრად მსახურებასა ლაშქარსა ჰრომისასა, ყოველთა აღემატებოდი სიმხნითა, და მარადის ზრუნვიდი სათნო–ყოფისათვის ღმრთისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უსძლოო სძალო, რომელმან შევ ღმერთი, ხორციელ–ქმნული, ვედრებითა მით შენითა მოწევნადთა მათ განსაცდელთაგან და ვნებათა მიხსენ ჩუენ, რომელნი გესავთ შენ, დედოფალო.
გვიხსნენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, ღუაწლითშემოსილო დიდო მოწამეო მინა, რამეთუ ჩუენ ყოველნი შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომაი, ხმაი 8
ყოვლისა სოფლისა ლამპრად აღმობრწყინდი უმეცრებისა წყუდიადითა დანთქმულისა ეგვიპტითგან, ჰოი, ღმრთივგანბრძნობილო, და წყუდიადსა შინა უღმრთოებისასა ჰნათობდი რაი ღმრთისმოსავობითა, ქრისტეს მიერ უშიშად მხილების კადნიერებისა მიმღებელმან დასთხიენ სისხლნი აღსარებისათვის მისისა და სამართლად მოიღე მისგან გვირგვინი დიდებისაი, აწ მეოხ გვეყავ ღმრთისა მიმართ, რომელნი აღვასრულებთ სასენებელსა შენსა, დიდო მოწამეო მინა.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: იესუ, მჯდომარე დიდებით საყდართა ღმრთეებისათა, მოვიდა ღრუბლითა სულმცირითა, რომელ არს ქალწული გამოუცდელი ხსნად ჩუენდა, მღაღადებელთა: დიდებაი ძალსა შენსა, მხსნელო ჩუენ ყოველთაო.
წმიდაო დიდმოწამეო მინა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ხედვიდი რაი ღმრთისმბრძოლსა მთავრობასა და დევნასა ქრისტეანეთასა, დაუტევე დიდებაი და პატივი იგი მხედრობისაი, და დამკვიდრდი უდაბნოსა შინა სადიდებლად ღმრთისა.
წმიდაო დიდმოწამეო მინა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ზეგარდამო ჩუენებასა შინა გებრძანა რაი ქრისტეს აღსარებაი წინაშე წარმართთასა, მიიწიე ქალაქსა შენსა, და საკერპოსა მას ტაძარსა შესრული მაცთურად სახელ–სდებდი ცრუ–ღმერთთა მათთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ერი იგი ხედვიდა რაი დამდაბლებასა სჯულისა მათისასა, უწყალოდ გცეს, და წარგადგინეს რაი სამსჯავროსა, უშიშად აღიარე ქრისტეანობაი და ჭეშმარიტებაი უქადაგე ქალაქისთავსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმშობელმან სანატრელმან, რომელიცა სათნო–იყო სიტყუამან ღმრთისამან, სწორმან მამისამან ღმრთეებითა, ტაძრად სამკვიდრებელად, ამან გვიშვა ჩუენ ევმანუელ, ღმერთი და კაცი მიუწდომელად.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: უღმრთოთა ვერ იხილონ დიდებაი შენი, ქრისტე, ხოლო ჩუენ, მონანი შენნი, ვიხილავთ დიდებასა შენსა და ვღაღადებთ: ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ მგალობელად შენდამი, კაცთ–მოყუარე.
წმიდაო დიდმოწამეო მინა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გიხილეს რაი თანამოქალაქეთა შენთა, ნეტარო, ვინაობაი შენი აუწყეს მთავარსა, და შენცა მოიხსენე მხედრობაი შენი და ღუწაი უდაბნოსა, და აუწყე მზაობაი შენი ქრისტეისთვის შეწირვად თავისა.
წმიდაო დიდმოწამეო მინა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
პირველ ლიქნითა და მერმე ქადებითა ეწადა რაი მთავარსა მიქცევაი შენი კერპთაყვანისმცემლობასა ზედა, ვერა მიდრიკა გული შენი ქრისტეისგან, და ბრძანა გუემაი შენი ხარის ძარღვითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
საღმრთოი ღწვაი შენი განამტკიცებდა რაი კაცობრივსა ბუნებასა შენსა, ურიცხუნი ტანჯუანი თავს ისხენ, ახოვანო, და სახარულითა ითხოვდი წყლულებათა შენთა განმრავლებასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჰურიათა კრებულმან უარ–გყვეს შენ, ქრისტე, ხოლო ჩუენ, წარმართთა ერმან აღგიარეთ მეუფედ, ძეი ღმრთისაი, ტვირთული ქალწულისა მუცელსა, და თაყუანის–ვჰსცემთ ღმრთისმშობელად.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: შთავვარდი მე სიღრმესა ზღვისასა და ცოდვისა უფსკრულთა დამნთქეს მე, არამედ ვითარცა ღმერთ ხარ, განხრწნისაგან კუალად აღმოიყვანე ცხორებაიცა ჩემი, მოწყალე.
წმიდაო დიდმოწამეო მინა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
უწყალოდ გტანჯვიდენ რაი უსჯულონი ძელსა ზედა დამოკიდებითა და რკინის ფოცხითა ხუეტითა, აღასუბუქა სალმობანი შენნი მაცხოვარმან და განგამტკიცებდა საღმრთოითა მადლითა.
წმიდაო დიდმოწამეო მინა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვერა გძლეს რაი წამებითა, ნეტარო, იტყოდი მსგავსად მოციქულისა პავლეისა: „ვერა განმაშორებთ ქრისტეს სიყუარულსა: ვერცა იწროებითა, და დევნითა, და ვერცა ურვითა და მახვილითა“.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფროის განარისხა მთავარი სიმტკიცემან შენმან და ბრძანა რაი ხორცთაგან შენთა აჭრაი კანისაი, ღაღადყავ: „განვიძარცვავ ტყავისა სამოსელსა და შევიმოს ქიტონსა ცხორებისასა“.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
იქმნა წიაღი შენი, ღმრთისმშობელო, დამტევნელ დაუტევნელისა ღმრთეებისა მიუწთომელად, რომელსაცა დასნი უსხეულოთანი ვერა იკადრებენ ხილვად თუალითა.
გვიხსნენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, ღუაწლითშემოსილო დიდო მოწამეო მინა, რამეთუ ჩუენ ყოველნი შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი, ხმაი 4
ქუეყნიერისა წარმავალისა მხედრობისგან აღმოგიტაცა შენ ქრისტემან, ღმერთმან ჩუენმან, მრავალვნებათა დამთმენელო წმიდაო მინა, და ზეციერისა უხრწნელებისა ზიარად გამოგაჩინა, რამეთუ იგი არს უხრწნელი გვირგვინი ყოველთა მოწამეთაი.
იკოსი.
აწ მოვედინ, დღესასწაულისა მოყუარენო, და ვიხარებდეთ, რამეთუ ესე არს ჟამი საღმრთოი წმიდისა დიდ–მოწამისა მინას მოხსენებისაი, მოცემულ აქვს რაი ნიჭი ვნებათა დახსნისაი, რომლისა მომმადლებელ ქრისტეი არს, უხრწნელი გვირგვინი მოწამეთაი.
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.
წარდგომაი სახარებისა, ხმაი 4.
საკვირველ–არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
მუხლი: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
სახარებაი მათესი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ; და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა–იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ, და მამამან შვილი; და აღსდგენ შვილნი მამა–დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ; და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მეოხებითა წმიდისა დიდ–მოწამისა მინაისითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ტანჯუათა შინა ახოვანებაი და მტერთა ძლევაი აჩუენე რაი აღსარებისათვის ქრისტეის ღმრთისა, აწ აღგძრავთ შენ მეოხად მისა მიმართ, მინა დიდმოწამეო, რაითა სოფელსა მშვიდობაი მიანიჭოს, და ქუეყანასა ჩუენსა ჯუარითა ხსნაი ფლობისაგან უცხო თესლთასა, ეკლესიათა დიდებაი, ქრისტეანეთა უვნებლობაი და წყალობაი შენდამი მგალობელთა.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და სპირიდონ ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსისაითათა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, შალვა ახალციხელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა, და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა, წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოვანე ბეთანიელთა, ექვთიმეისა და გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდ–მოწამისა მინაისითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: რომელმან დაიცვნა ყრმანი აბრამეანნი ცეცხლისაგან და ქალდეველნი იგი მოსრნა სახუმილისა ალითა, ხოლო ყრმანი ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, მამათა ჩუენთა ღმერთო, უკუნისამდე.
წმიდაო დიდმოწამეო მინა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ქრისტეისთვის თავს იდევ რაი ხორცთა მოწვაი ცეცხლითა, იტყოდი სიტყუათა მისთა: „ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი, არამედ გეშინოდენ მისა, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა“.
წმიდაო დიდმოწამეო მინა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
უწყოდენ რაი მხედრობითი ღუაწლი შენი, განკვირვებულ იყუნეს წარმართნი მჭერმეტყველებითა შენითა, და ეტყოდი მაცხოვრისა თქმულთა თქუენდა მომართ: „მიგიყვანენ რაი ჩემთვის საწამებელად, არა თქუენ იყოთ მეტყუელნი, არამედ მოგეცეთ მას ჟამსა შინა“.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მტკიცედ სდეგ რაი ქრისტეს სჯულსა ზედა, ნეტარო, ლიქნითა აღგითქმიდენ პატივსა, უკეთუ თაყუანს–სცემდი კერპთა, გარნა შენ ღაღად–ყავ: `მე ვიყავ, ვარ და ვიქნები ქრისტეის თანა და არაოდეს შევსწირავ ეშმაკთა მსხუერპლსა~.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სამებისა მორწმუნენო, მოვედით დღეს სარწმუნოებითა და ერთობითა ვადიდებდეთ ერთარსებასა ღმრთეებისასა და ვიტყოდით: კურთხეულ ხარ, მამათა ჩუენთა ღმერთო, უკუნისამდე.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: მხსნელო ყოველთაო, ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იხსნენი, რაჟამს იგი შეაცურიე, და სახუმილით ღაღადებდეს: აკურთხევდეთ დღეს საქმენი უფლისანი უფალსა.
წმიდაო დიდმოწამეო მინა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
არცა კეთილთა, და არცა ბოროტთა შენ ზედა მოწევნითა ვერა განგაყენა რაი ქრისტეისგან, ბრძანა მოკუდინებაი შენი მთავარმან, და შესწირენ ლოცვანი თავის მოდრეკითა მაცხოვარსა.
წმიდაო დიდმოწამეო მინა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აღმართა რაი მახვილი მტარვალმან, შესწირე სული შენი ქრისტესა ღმერთსა, რომელმანცა შეგრთო დასსა მას მარტვილთასა, და მოგანიჭა მადლი მეოხებისა და უძლურთა კურნებისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მრავალვნებული გუამი შენი შთააგდეს რაი ცეცხლსა, დაშთომილნი იგი ნაწილნი დაფლეს მორწმუნეთა, გარნა დამან შენმან ეგვიპტესა წარიღო, და დაუტევა ალექსადრიისა პატრიარქსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მორწმუნეთა ერი სარწმუნოებითა სამებასა ღმერთსა თაყუანის–სცემენ მართლაღსარებითა, და ესრეთ ღაღადებენ: ვაკურთხევდეთ ჩუენ, მონანი უფლისანი, უფალსა.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: ლოდი საკიდური უხელოდ გამოეკუეთა შენგან, მთაო გამოუკუეთელო, ქალწულო, ქრისტე, შემაერთებელი ბუნებათაი, ამისთვისცა მორწმუნენი ღირსად გადიდებთ.
წმიდაო დიდმოწამეო მინა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დასრულდა რაი დევნაი, ზეგარდამო ეუწყა წმიდასა ათანასე ალექსანდირელსა, რაითა ლუსკუმაი შენი წარიღოს აქლემითა, და დადგა რაი იგი უდაბნოსა, მუნვე დაგკრძალეს დიდითა პატივითა.
წმიდაო დიდმოწამეო მინა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შემდგომთა ჟამთა დავიწყებულ იქნა რაი საფლავი შენი, ნეტარო, გამოაჩინა უფალმან, განკურნა რაი მიახლებულნი მისდა – ცხოვარნი და კაცნი, და სნეული შვილი კონსტანტინე დიდისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
პოვა რაი სამარხოი შენი ასულმან მეფისამან, სამადლობელად აღაშენა მას ზედა ტაძარი მამამან მისმან, ხოლო ქრისტეს ეკლესიამან, ვითარცა დიდმოწამეი შეგრაცხა წმიდათა შორის თვისთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდად ქალწულად გქადაგებთ და სარწმუნოებითა აღგიარებთ რაი დედად ღმრთისა, აწ ჩუენთვისცა ევედრე მას, რაითა მადიდებელნი შენნი გვიხსნას ყოვლისაგან ბოროტისა.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელმან აკმიოს:
მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
ნათლითა აღნთებულ სასანთლედ გამოსჩნდი, წმიდაო მინა, განმანათლებლად ვეცხლისმოყუარებითა დაბნელებულთა ქრისტეანეთა გულთა, და ქრისტეს მიმართ მოაქცევდი რაი ჰურიათა და წარმართთა, აწ ჩუენცა ძალითა ქრისტეისითა შეგვაგონე, რაითა ვიჯმნეთ ცოდვისაგან და შევუდგეთ ქრისტესა.
კეთილად განშუენდების ქრისტეს ეკლესიაი სისხლითა შენითა, ჰოი, ძლევაშემოსილო, წმიდაო მოწამეო მინა, და გვიწესს ერთგულთა შვილთა თვისთა, რაითა ქებით შევამკოთ ღუაწლი შენი და მეოხ–გყოთ ღმრთისა მიმართ, რაითა სულნი ჩუენნი იხსნეს მონებისაგან ეშმაკისა და ტყვეობისაგან ვნებისა.
აჰა, ყოველი სოფელი ქადაგებს ნიშ–სასწაულთა შენთა სიმრავლესა, ჰოი, მინა ღირსადსაკვირველო, რამეთუ სიკუდილისაგან იხსნიდი წყალთა შინა დანთქმულთა და ბოროტთა კაცთაგან მოკუდინებულთა, და ყოველთა აღძრვიდი დიდებად ღმრთისა, აწ ჩუენცა შეგვეწიე მისა მიმართ, რაითა დაგვიცვას ჟამსა საწუთოთა ღელვათასა, და მოგვანიჭოს კეთილდღეობა და მშვიდობაი სამწყსოსა თვისსა.
მრავალთა ქალაქთა და დაბებთა აღაშენეს რაი ტაძარნი და მონასტერნი სახელსა ზედა შენსა, მას შინა ერნი მეოხ–გყოფენ წინაშე მისა, აწ ჩუენცა მათ თანა გნატრით, და გევედრებით: უძლური ლოცვაი ესე ჩუენი შესწირენ ქრისტესა, რაითა დაშრიტოს ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და გარე–მოზღუდოს ყოვლისაგან უსჯულოებისა და სიბილწისა.
სასწაულთა მიერ განითქუა ჰერაკლიონისა ტაძარი, აღგებული სახელსა შენსა ზედა, გარე–მოადგნენ რაი თურქნი აღდგომისა ღამესა, და ეწადათ მოსრვაი მორწმუნეთა კრებულისაი, გარნა გამოუჩნდი აღმართულითა მახვილითა, და შეძრწუნებულნი განდევნე ქრისტეს ძალითა, აწ ჩუენცა შეგვეწიე მისა მიმართ, რაითა ეკლესიაი ჩუენი დაიცვას მწვალებელთაგან და მას შინა განაძლიეროს ერი ჩუენი და მოანიჭოს ძლევაი მბრძოლთა ზედა.
ფრიად უყუარდი შენ ღირსსა ნექტარიოსს, ხელი დაასხეს რაი ბერ–დიაკონად ტაძარსა შენსა, და მრავალგზის გამოუჩნდი რაი კუნძულსა ეგინასა, სადაცა დაამკვიდრა დედათა სავანეი, ჰკითხვიდენ დედანი ვინაობასა შენსა, და ეტყოდათ: „წმიდაი მინა არს“, და დიდითა სიმდაბლითა თვისითა ევედრებოდა დაფარვასა, აწ ჩუენცა ერთობითა შეგვეწიეთ და გვიხსენით უკეთურთა ბოროტისყოფისაგან.
ზეგარდამოითა წოდებითა დაჰბეჭდე რაი სარწმუნოებაი შენი მოწამეობისა ღუაწლითა, საკვირველ ყო უფალმან სახელი შენი, ვითარცა დიდებულისა მხედრისა მისისა და მარტვილისაი, და მოგანიჭა რაი უხრწნელი იგი გვირგვინი დიდებისაი, ანგელოზთა გუნდნი და კრებული მორწმუნეთაი შეამკობენ რაი ხსენებასა შენსა, აწ ჩუენცა მათ თანა გნატრით და სამწმიდაარსობისა გალობითა ვადიდებთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო–თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, წმიდაო დიდო მოწამეო მინა, რჩეულო ღმრთისაო და მისთვის თავსმდებელო სიკუდილისაო; ეკლესიისა სიმტკიცეო და მფარველო და შემწეო ერთგულთა შვილთა მისთაო; ეგვიპტისა სიქადულო და მნათობო ყოვლისა სოფლისაო; მართლმადიდებელთა მხედართა შემწეო და დამთრგუნველო ბოროტებისაო; სიტყვიერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და დიდო მეოხო ჩუენო წინაშე მაცხოვრისა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისაო!
ჰოი, ჭეშმარიტად ნეტარო მოწამეო, ღუაწლისა–მძლეო მინა, ქუეყანასა ზედა ღმრთისმოსავობისა ხატი აჩვენე რაი მორწმუნეთა, მარტვილებრივითა აღსასრულითა შენითა სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცეი დაამოწმე და დიდებისა უხრწნელი გვირგვინი მოიღე რაი ხელთაგან ქრისტეისა, აწ ზეცას იხარებ უხორცოთა და მარტვილთა თანა და გაქუს კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, რაითა მოგვანიჭოს მწყემსნი კეთილნი განსამტკიცებლად მართლისა სარწმუნოებისა, და განგვარინოს ცოდვათა და უძლურებათაგან სულთა და ხორცთაისა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლად–სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი. კეთილმორწმუნენი მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, და ყოველნი ქრისტესმოყუარე მხედრობაი და კეთილისმყოფლნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.
ჰოი, მრავალვნებათა დამთმენელო, ქრისტეს ახოვანო მხედარო და მოწამეო მინა! სრბაი შენი ბრწყინვალედ აღასრულე და ძლევაშემოსილი წარსდეგ რაი წინაშე ღმრთისა, აწ ჩუენცა მეოხ გვექმენ მისა მიმართ, რაითა არა განგვსჯოს უსჯულოებათა ჩუენთაებრ, არამედ დაგვიფაროს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, მტერთა ზედა–მოსლვისა, ძმათა–შორის ბრძოლისა, მოულოდებელისა სიკუდილისა და ყოვლისაგან ბოროტისა; მოგვმადლოს ნაყოფიერებაი მიწისაი, ქუეყნისა მშვიდობაი, და ქრისტეანული აღსასრული ცხორებისა ჩუენისაი, რაითა ჟამსა მას შინა განსჯისასა განგვერნეთ საუკუნეთა მათგან მწარეთა სატანჯველთა და ზეცისა სასუფეველსა შინა შენთანა ვადიდებდეთ მამასა, ძით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელმან: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის), გუაკურთხენ.
მღდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თვისისაითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა და წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისითა, და წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანაისითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.
გუნდი: ამინ.
ერისკაცმა: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა დიდ–მოწამისა მინაისითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატისა მთხუევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:
აღმოაცენებ რაი კურნებათა და სასწაულთა პატიოსანთა ხატთა შენთა მიერ და სიწმიდეთა, მხურვალითა ლოცვითა მათდა შევრდომილნი მოვიხსენებთ საკვირველთა მათ შეწევნათა, რომელთა გარდამოუვლენ ყოველთა მოსავთა შენთა, და შეგავედრებთ თავთა ჩუენთა, და მახლობელთა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგუმადლოს, და დაგვიცვას ეშმაკისა მახეთაგან და ბოროტებისაგან კაცთაისა.
დედოფალო, ყოვლად უბიწოო მარიამ, წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი წმიდისა დიდმოწამისა მინას ლოცვითა, რაითა ჩუენცა ღირს ვიქმნნეთ სასუფეველისა დიდებასა.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა
წმიდა დიდმოწამე მინა ეგვიპტელი იყო. იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობის ჟამს იგი მხედრად მსახურობდა ქალაქ კოტუანში. როცა თანამმართველებმა ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყეს, წმიდანმა არ ისურვა მტარვალების ხელქვეითად ყოფნა, დატოვა სამსახური, მთებს მიაშურა და მარხვისა და ლოცვის ღვაწლს მიეცა. ერთხელ, ერთ-ერთი წარმართული დღესასწაულის დროს, მინა კვლავ ჩავიდა კოტუანში და საზეიმო სანახაობების საყურებლად შემოკრებილი ქალაქის მცხოვრებლების წინაშე იქადაგა ქრისტე მაცხოვრის სარწმუნოება.
უფლის რჩეული შეიპყრეს და მმართველ პიროსის სამსჯავროზე წარადგინეს. წარმართი მსაჯულის წინაშე მან გაბედულად განაცხადა – აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ყველანი უსჯულოებაში მემხილებინეთო. მტარვალმა ვერ დაითანხმა წმიდანი ცრუღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რის შემდეგაც იგი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი მახვილით განგმირეს (+304). უღმრთო ხელისუფალმა მარტვილის წმიდა ნეშტის დაწვა ბრძანა. როცა ცეცხლი ჩაიფერფლა, ქრისტიანებმა შეკრიბეს ქრისტეს ახოვანი მხედრის უვნებლად დარჩენილი ნაწილები. მართლმორწმუნეთა დევნის შეწყვეტის შემდეგ ეს სიწმიდე დიდმოწამე მინას მოწამეობრივი აღსასრულის ადგილას აგებულ ტაძარში იქნა დაბრძანებული.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.