სავედრებელო პარაკლისი წმიდისა მღდელმოწამისა ეგნატე ღმერთშემოსილისა, ანტიოქელისა
ხს. 20 დეკემბერი (2. იანვარი)
ნაწ. აღმ. 29 იანვარი (11 თებერვალი)
მღდელმან: კურთხეულ არს-ი
და უკეთუ ერისკაცია იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი; ხმაი 4
საქმით მიემსგავსე რაი მოციქულთა, საყდართა მათსა ღირს იქმენ, და საქმეი მოიგე, ნეტარო, აღმყვანებელი ხედვად, ამისთვისცა სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა მართლად აღმოიტყოდი, და სარწმუნოებით იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდაო მღდელთმთავარო ეგნატე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
სხუაი ტროპარი; ხმაი 4
არა გავნო შენ ცეცხლმან, არცა მახვილმან, არცა სატანჯველთა, არცა მხეცთა მკსინვარებამან, არამედ მოთმინებითა შენითა მოიღე [ღმრთისაგან] გვირგვინი დაუჭნობელი და ცხორებაი წარუალი, ღუაწლისა მძლეო წმიდაო მღდელმოწამეო ეგნატე, ევედრე მას დაუცხრომელად ხსნად სულთა ჩუენთათვის.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 3
ძლისპირი: რომელმან წამისყოფით შეკრიბნა წყალნი შესაკრებელსა ერთსა, მან განუპო მეწამული ზღუაი ერსა ისრაელისასა, ესე არს ღმერთი ჩუენი, დიდებული და ქებული, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.
წმიდაო მღდელმოწამეო ეგნატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მოვედით, მორწმუნენო, და განვიწმიდნეთ სულნი და ხორცნი ჩუენნი, რაითა ვაქებდეთ და უგალობდეთ მღდელმოწამესა ეგნატეს, სახელ შემსგავსებულად წმიდა ყო და ადიდა რაი ქრისტემან, რომელიცა დიდებულ არს.
წმიდაო მღდელმოწამეო ეგნატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
რომელი მოიწყალ სიყუარულითა საღმრთოითა, შემწველმან სურვილმან აღაგზანა სული შენი ქრისტეს მიმართ, და შეგმსჭვალა მას განუშორებელად, აწ ჩუენცა შეგვავედრე ძალსა მისსა, რაითა ცხორებაი ჩუენი წარჰმართოს სათნოდ თვისად.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
გამორჩეულ იქმენ შენ სამღდელოდ ღმრთისა მიერ, ნეტარო, და იქმენ მიმღებელ მთავრობასა პეტრეისსა, და პირველად მღდელთ მოძღურად და მოწამედ ღირს იქმენ, რომლისათვის ვადიდებთ ღუაწლსა და ხსენებასა შენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვითარცა ჭეშმარიტად ღმრთისმშობელ ხარ, ყოველნი მორწმუნენი გიგალობთ შენ, რომელმან უთესლოდ მუცლად-იღე მოწყალე, და გვიშევ ჩუენ ხორცითა გამოუთქუმელი ღმრთეებაი ორითა ბუნებითა, მხსნელად ჩუენ განწირულთა.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: ეჰა, ბერწო სულო ჩემო და ნაყოფთაგან ცუდო, აყუავენ ღმრთისა მიერ და ნაყოფიერი ესრეთ ღაღადებდ: არავინ არს წმიდაი, არავინ არს მართალ შენებრ, უფალო.
წმიდაო მღდელმოწამეო ეგნატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
სეხნად საქმისა საღმრთოისა გეწოდა შენ, ღირსო, რამეთუ ვიდრეღა ყრმაი იყავ, მკლავთა მიგიქუა ქრისტემან და რქუა: uკეთუ არა იქმნეთ თქუენ მსგავს ყრმისა ამის, ვერ ძალგიძთ ცხორებად
წმიდაო მღდელმოწამეო ეგნატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
რაჟამს მკლავთა მიგიქუა ქრისტემან და სახედ მოძღურებისა მის მაღლისა გამოგსახა, მაშინ ბრწყინვალეი ნათელი შეიწყნარე, ღმერთშემოსილო, და გულსმოდგინედ შეუდეგ მწოდებელსა შენსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მოწაფეი იქმენ რაი იესუს მკერდსა ზედა მიყრდნობილისა მოწაფისა, და სარწმუნოებითა ქადაგ ქრისტეისა, ვითარცა მღდელთმოძღუარმან, სახარებაი მისი განფინე ანტიოქიასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მსგავსებაი უცვალებელი უხილავისა მამისაი წიაღსა შენსა იტვირთე და ხორციელად ჰშევ, ქალწულო უსძლოო, რომელმან ახოცნა პატიჟნი პირველნი სულთა ჩუენთანი.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის, ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომაი; ხმაი 8
აღმოსავალით, ვითარცა ვარსკულავი აღმობრწყინდი, ღმერთშემოსილო, და ნათლითა სიტყუათა შენთათა, ელვარეთა, სოფელი განანათლე, და განხადე რაი ბნელი, მსგავსად პავლეისა სრბაი აღასრულე, ჭირნი სიმხნითა დაითმინენ, და წარმართთა შორის, ვითარცა იფქლი, კბილითა მხეცთათა დაიფქვი, და შესაწირ იქმენ რაი უფლისა შენისა, აწ ჩუენცა მეოხ გვეყავ მისა მიმართ, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს მედღესასწაულეთა წმიდისა ხსენებისა შენისათა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
იხილე რაი საცთური უშჯულოთაი, მომსრველი ქრისტეს სამწყსოთაი, ღმერთშემოსილო ეგნატე, განეწყვე ბრძოლად, ვითარცა ახოვანი, და თავს ისხენ რაი ქრისტეისთვის ურიცხუნი ტანჯვანი, შესუ სასუმელი იგი ვნებათა მისთაი, და გაქუს აწ კადნიერებაი წინაშე მისა, რაითა გვიხსნნეს მოსავნი შენნი საფრხეთაგან ეშმაკისათა, საცთურისაგან სოფლისა და მძლავრებისაგან ხორცთაისა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
პირველ საუკუნეთა წიაღით მამისაით აღმობრწყინვებული სიტყუაი ღმრთისაი უთესლოდ მოვალს წიაღისაგან შენისა, ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, და ძუელსავე სიკეთესა აღმყვანებელი, ვითარცა მოწყალე არს, რომლისა შობასა მხედრობანი ანგელოზთანი წინა უძღვიან და კაცთა ძლევასა აღამაღლებენ და დიდებისმეტყველებენ ღმერთსა, ვითარცა მომნიჭებელსა მშვიდობისასა, და მტერობისა კედელისა დამხსნელსა.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: მოსლვისა შენისა საიდუმლოი მესმა დიდებული, შემეშინა და დამიკვირდა და სიხარულით ვღაღადებ: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.
წმიდაო მღდელმოწამეო ეგნატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მოსწრაფე იყავ რაი კითხვად წიგნთა სულიერთა, ნეტარო, წარმართთა სიბრძნესა მიწევნული ჰბასრობდი უგუნურებასა მათსა, და ერსა ასწავებდი გალობად: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.
წმიდაო მღდელმოწამეო ეგნატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ვითარცა აღასრულე მორჩილებაი კეთილისა მის მოძღურისა შენისა იოვანეისა, მსგავსად მისა ქადაგე ქრისტე შორის უსჯულოთასა და ასწავე მათ ხმობად: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უწყოდენ რაი კეთილნი სათნოებანი და წმიდანი ქცევანი შენნი მოციქულთა, შემდგომად ევოდისა დაგადგინეს ქრისტეს სამწყსოთა მწყემსად ანტიოქიასა, და იღუწიდი დაუცხრომელად.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მარიამ, შენ ხარ სასაკუმევლე იგი ოქროისაი, რომელმან ერთი, განუყოფელი სამებისაი მუცლად-იღე და მან სურნელ ყო ყოველი სოფელი.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: ქუეყანასა ზედა უხილაო, იხილვე და კაცთა შორის იქცეოდი ნეფსით თვისით, მხსნელო, შენდა მომართ მოვივლტით და შენ გიღაღადებთ, კაცთ-მოყუარე.
წმიდაო მღდელმოწამეო ეგნატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
იხილენ რაი მკვიდრნი ანტიოქიისანი დანთქმულნი ბნელსა შინა, უქადაგებდი ქრისტესა მეუფესა, აწ ჩუენთვისცა ევედრე მას, წმიდაო ეგნატე, აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა..
წმიდაო მღდელმოწამეო ეგნატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
შეამკვე რაი საყდარი შენი საღმრთოითა წესითა, ვითარცა მწყემსმან გონიერმან, აღასრულებდი მცნებასა მოძღურისა შენისასა, რომელმან გამცნოთ ყოველთა, რაითა იყუარებოდეთ ურთიერთას.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ფრიად დაშუერ რაი ორმეოცსა წელსა სამწყსოისათვის შენისა, საღმრთონი ეპისტოლენი დასწერენ მსგავსად მოციქულისა პავლეისა. და ცოდვისა უფსკრულსა შინა დანთქმულთა უჩუენე გზაი ცხორებისაი.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
თანასწორი მამისაი სიტყუაი ღმრთისაი, გუამი სრული ორითა ბუნებითა ქალწულმან გვიშვა ჩუენ, რომელსა თაყუანის-ვჰსცემთ თანა მამით და სულით წმიდითურთ.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: დამკვიდრებაი იონაისი სიღრმესა მას შინა სახედ ბუნებისა ჩუენისა მოესწავებოდა ჯოჯოხეთსა შინა, რომლისაგან მიხსენ, მრავალ-მოწყალე.
წმიდაო მღდელმოწამეო ეგნატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
სიბრძნითა სულისა წმიდისაითა განანათლებდი სამწყსოსა შენსა, და ასწავებდი რაი გზასა უცთომელსა, ზეცად აღმყუანებელსა, აწ ჩუენცა მოგვეც კურთხევანი მამობრივისა შენისა გულმოწყალებისა.
წმიდაო მღდელმოწამეო ეგნატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ღირსად შეგამკობთ, ვითარცა ანტიოქიისა მთიებსა, რომლისა ბრწყინვალებაი განეფინა ყოველთა კიდეთა, და ვითარცა რაი ისართა ნათლისათა განაბნიეს ქუეყანით ბნელი იგი საცთურისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ემსგავსე მოძღუარსა შენსა სიყუარულითა კაცთაისა, რომლისა მსგავსად ფრიად დაშუერ, ღმერთშემოსილო, და აწ მისთანა ძლევისა ებნითა უგალობ სამებასა წმიდასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სიღრმეთაგან ცოდვათაისა და მოქცევისაგან ბრალთაისა აღმომიყვანენ ჩუენ, ქალწულო მარიამ, რამეთუ შენ ხარ მყუდროი ნავთსაყუდელი მოსავთა შენთაი.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი, ხმაი 8
აღმობრწყინდი რაი აღმოსავალით, სწავლითა შენითა ყოველი სოფელი განანათლე, და წამებითა განშუენდი, ღმერთშემოსილო წმიდაო ეგნატე.
სხუაი კონდაკი
გცხო რაი ღმერთმან მღდელთმოძღურად, ზედა ერსა მორწმუნეთასა, განაქარვე საცთური ეშმაკთაი აღმოსავალით, მოღუაწეო ეგნატე, და დასავალად წარხუედ, რაითა მუნ მყოფთა ასწავო ჭეშმარიტებაი, და ბარძიმი ქრისტეს ვნებისაი ნეფსით თავს იდევ რაი შესუმად, შეამკვე ეკლესიაი მისი სისხლითა წამებისათა.
იკოსი
მღდელთმთავრობისა მადლითა შეიმკვე, ღირსო, და დამწყსენ რაი სამწყსონი პირმეტყუელნი სიწმიდითა, დაუყვე ენანი ბილწთა და მგმობართა მათ მეკერპეთა, და შეგინებულთა მწვალებელთა, და შეურაცხ-ყავ რაი სიმრავლეი სატანჯველთა მათ ურიცხუთაი, დაამტკიცე მართალი იგი სარწმუნოებაი, ნეტარო, და მოწამეობისა სისხლითა განაშუენე ეკლესიაი, ვითარცა ძოწეულითა.
მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 7
იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.
მუხლი: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.
მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა
მღდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელი: მოხედენ.
სახარებაი ლუკასი [12, 2-12]
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. ამისათვის რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. ხოლო გეტყვი თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი და ამისა შემდგომად ვერარაი აქუს უმეტესი, რაი გიყონ თქუენ. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ხელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყვი თქუენ, მისა გეშინოდენ. ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. ხოლო გეტყვი თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუი ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ხელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაი სიტყუაი მიუგოთ, ანუ რაი სთქუათ, რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაი-იგი სთქუათ.
დიდებაი შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მეოხებითა წმიდისა მღდელმოწამისა ეგნატე ღმერთშემოსილისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: სიბრძნითა მით საღმრთოითა ბრწყინვალისა მთიებისგან განისწავლე, ეგნატე სანატრელო, და სამართლად და ღირსად დაგსუა რაი ქრისტემან საყდარსა მწყემსად სამწყსოთა თვისთა, აწ ჩუენცა გვიოხე მისა მიმართ, რაითა მოანიჭოს ერსა ჩუენსა მშვიდობაი, ქრისტეანეთა უვნებელობაი და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: ღირსისა დედისა ჩუენისა და ქართველთ განმანათლებელისა ნინოისა და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსი და კალისტრატეისითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; ბიძინა, შალვა და ელიზბარისაითა; შალვა ახალციხელისა და ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან ვნებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, ბაგრატ მესამისა, დავით აღმაშენებლისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, და ექვთიმე ღმრთისკაცისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა: იოვანეისი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა, ექვთიმეისა და გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და ღირსისა მამისა ჩუენისა ეგნატე ღმერთშემოსილისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ვითარცა სამთა ყრმათა პირველად განუქარვე ალი იგი სახუმილისაი მის, ჩუენცა განგუანათლენ ღმრთეებისა ნათლითა და ღირს მყვენ ღაღადებად: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
წმიდაო მღდელმოწამეო ეგნატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
უღმრთოი იგი ტრაიანე კერპთაყუანისცემასა აიძულებდა რაი ყოველთა, წარსდეგ წინაშე მისა ხსნისათვის ეკლესიისა შენისა, და აღგითქუმიდა რაი პატივსა, უკეთუ უარყოფდი ქრისტესა, არაი თავს იდევ სიცბილი მისი, ნეტარო.
წმიდაო მღდელმოწამეო ეგნატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
კადნიერად სახელ იდევ ქრისტეანედ, ღირსო, და შეურცხყავ რაი გულსწყრომაი მძლავრისაი, განრისხებულმან ბრძანა წარგზავნაი შენი ჰრომედ და შთაგდებაი ლომთათვის სტადიონსა, რაითა დამცრობაი ქრისტეს მსახურთაი იხილონ ყოველთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ასურასტანით წარგიყვნეს რაი ჰრომედ სხვათა მათ აღმსარებელთა თანა, გზასა მას მხედართაგან დაითმენდი შეურაცხებასა და ტანჯუასა, ხოლო სმირნასა მოგეახლა მღდელმთავარი მისი პოლიკარპე, და სიყუარულითა შეიტკბეთ ერთურთი სადიდებელად ღმრთისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სულსა მას სახიერსა მამისა თანა და ძისა თაყუანის-ვჰსცემთ განუყოფელად, და სამგუამოვნებასა და ერთღმრთეებასა უგალობდეთ, რაითა განსწმიდოს გულნი ჩუენნი ყოვლისავე ცოდვისა მწიკულისაგან და დანერგოს მათ შინა სიყუარული სათნოებისაი.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: ცეცხლი იგი შემწველი უსხეულომან შეაცურია და ღმერთ-შემოსილნი ყრმანი ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო მღდელმოწამეო ეგნატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ვითარცა პავლეი, ქალაქითი ქალაქად ხვიდოდი, წმიდაო, და მოიმოწაფებდი რაი წარმართთა, ეპისტოლენი წარუგზავნე მღდელმთავართა, და განსწავლიდი წესსა შინა სჯულისასა, და ღმრთისმეტყველებასა.
წმიდაო მღდელმოწამეო ეგნატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მიიწიეთ რაი ჰრომსა, ხედვიდი პატივისცემასა მორწმუნეთა ერთასა, ღმერთშემოსილო ეგნატე, და აუწყე მათ, ვითარმე გწადის მარტვილობაი და მის მიერ მიმთხვევაი ღმრთისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
დაგადგინეს რაი სტადიონსა, ღირსო, ხმა ჰყავ მათდა მიმართ: mე ვარ იფქლი წმიდაი უფლისაი, და მხეცთა კბილითა ჯერ არს დაფქვაი ჩემი, რაითა ვიქმნე პურ წმიდაი შესაწირავ ღმრთისა ჩემისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სარწმუნოებითა ვჰმონებთ რაი ერთარსებასა სამებასა, უგალობთ მორწმუნენი და ვღაღადებთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: სიტყუაი ღმრთისაი უხილავი უთესლოდ გვიშევ ჩუენ, ქალწულო უბიწოო, რომელი ზეცასა უდედოდ და ქუეყანასა ზედა უმამოდ იშვა, რომელსა თაყუანის-ვსცემთ და შენ დაუცხრომელად გადიდებთ.
წმიდაო მღდელმოწამეო ეგნატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მოუშვეს რაი შენ ზედა ლომნი, წმიდაო, სდეგ შენ შორის მათსა ზარ-განუხდელად, და დაუდუმებელად ღაღადებდი მაცხოვრისა სახელსა, მას ევედრე, რაითა გულსაცა შინა ჩუენსა აღაგზოს საღმრთოი ცეცხლი მოშურენეობისაი.
წმიდაო მღდელმოწამეო ეგნატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ხორცი შენი დაფქვეს რაი მხეცთა, წმიდაი გული შენი დაშთა უვნებელად, და განაპეს რაი წარმართთა, ჰოი, საკვირველი, იხილეს ოქროისებრ აღმოტვიფრული წარწერაი iესო ქრისტე შინაგან მისა, აწ ჩუენცა მოგუმადლე სიყუარული ღმრთისა და მოყუასისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ვითარცა გიხილა მძლავრმან აღსრულებული ქრისტეითვის, წმიდაო, დაუკვირდა ღუაწლი შენი და დასცხრა რაი განძვინებისგან, ბრძანა ღუაწლითშემოსილისა ნეშტისა შენისა დამარხვაი ჰრომსა, და მოჰკრიბნეს წმიდანი ძუალნი შენნი მორწმუნეთა და დაკრძალეს ლოცვითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოუგონებელსა ჩუენგან და გარე-შეუწერელსა სამებასა, ღმერთსა, ერთარსებით დიდებულსა მორწმუნენი ვადიდებდეთ მართლაღსარებითა, რომელსა ქერაბინნი აქებენ, და სერაბინნი შესწირვენ სადიდებელსა გალობასა.
ღირს არს ჭეშმარიტად რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
განაბრწყინვე რაი სამღდელოი კუართი შენი, სანატრელო, ეტლთა წილ ცეცხლისფერთა აღმხედრდი მხეცთა მძვინვარეთა და ზეცას აღიწიე რაი მხნედ მოღუაწებითა, სიხარულითა წარმოუდეგ უფალსა, აწ ჩუენცა გვითხოვე ქრისტეს მიერ სინანული მსგავსი ნინეველთაი, რაითა თანა-წარგვხდეს განსაცდელი იგი დაქცევისაი, და მოგვანიჭოს სიბრძნეი, სიმხნეი და ძალი დაცვად მამულისა და სარწმუნოებისა ჩუენისა.
გსუროდა რაი ცხორებისათვის წარუვალისა, წმიდაო, მყის განგიყვანეს ხორცთაგან მხეცთა და აღსასრული ცხორებისა მის შენისაი პატიოსან იქმნა რაი წინაშე ქრისტე მეუფისა, მოგანიჭა მან მადლი ჭირვეულთა შეწევნისაი, და მოსავთა შენთა განსაცდელთაგან დახსნისაი, ამისთვის გევედრებით: აღმოგვიყვანენ ჩუენ უფსკრულთაგან ვნებათასა, და გვიხსნნეს ყოველთა წინააღმდგომთა მტერთა და ურვათაგან.
დასაბამი ღუაწლთა შენთა არს ქალაქი ანტიოქიაი, ნეტარო, და დიდსა ქალაქსა ჰრომსა აღსასრული სრბისა შენისაი, და ნაწილნი შენი აღმოიყვანეს და წარიხუნეს რაი ანტიოქიასა, იხარებდა მღდელთა კრებული და მეფენი ძრწოლითა მოისწრაფდენ თაყუანისცემად მისა, გარნა შემდგომად სპარსთაგან ქალაქისა მის დაპყრობისა, სიწმიდეი იგი კუალად უკუნ-აქციეს ჰრომსა, და დაასუენეს რაY ტაძარსა კლიმენტი პაპისასა, ვიდრე აქამომდე უშურველად აღმოაცენებ მადლსა, კურნებასა და წყალობასა.
ვერ შემძლებელ არს ღირსად გამოთქუმად ბუნებაი კაცობრივი საშინელსა მას სიმხნესა ღუაწლთა შენთასა, წმიდაო ეგნატე, რამეთუ ვითარცა უხორცომან მოაუძლურე ყოველივე ძალი მტერისაი, და შეწირე თავი თვისი მსხუერპლად წმიდად ქრისტესა, აწ ჩუენთვისცა ევედრე მას, განგვიმრავლნეს მწყემსნი და მოძღუარნი, შემკობილნი საქმითა და სიტყვითა, რაითა შენებრ ღირსებითა და სიმართლითა მსახურებდენ წმიდასა ეკლესიასა, სამწყსოსა თვისსა და ღმერთსა.
ჭეშმარიტად გამოსჩნდი მწყემსად საკვირველად, და სამწყსოსა შენსა მარადის ავედრებდი რაი ყოვლადუბიწოსა ღმრთისმშობელსა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე დედობრივსა მადლსა მისსა, რაითა აღასრულოს თქმულნი თვისნი, ვითარცა მოწყალემან, და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას წილხვედრი თვისი ივერიაი და ერი ივერიისაი, რაითა არა განუდგეთ სარწმუნოებასა ჭეშმარიტსა და სამწმიდაარსობისა გალობითა მარადის ვაქებდეთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, წმიდაო მღდელმოწამეო, ღმერთშემოსილო ეგნატე, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო და ყოვლად შუენიერო სამკაულო ეკლესიისაო; ყოვლისა სოფლისა მნათობო და დიდებაო ანტიოქიისაო; უსწავლელთა მასწავლელო და მომცემელო სიბრძნისაო; სიტყვიერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და დიდო მეოხო ჩუენო წინაშე მაცხოვრისაო!
ჰოი, მამათა თავო და მარტვილთა შუენიერებაო, ყოვლად ქებულო მღდელთმოძღუარო ეგნატე, ვითარცა მონაი წმიდისა სამებისაი, და მოწაფეი მოციქულთაი, სარწმუნოებითა წინა აღუდეგ მძლავრსა მას ძლიერად, ვიდრე დათხევამდე უბიწოთა სისხლთა შენთა და ღირს იქმენ რაი ანგელოზთა თანა მკვიდრობისა წინაშე ღმრთისა, აწ ჩუენცა გვექმენ წინამძღუარ ცხორებისა და მეოხად მისა მიმართ, რაითა მოგვიტევნეს მან ბრალნი და უსჯულოებანი ჩუენნი და მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, ხოლო ქუეყანაი ჩუენი დაიფაროს მტერისა საფრხისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან და მოგვანიჭოს მწყემსნი კეთილნი განსამტკიცებლად მართლისა სარწმუნოებისა. ყოვლადძლიერითა ლოცვითა შენითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.
ჰოი, წმიდათა შორის საკვირველებითა დიდებულო და მღდელთმთავართა შორის წამებითა განბრწყინვებულო ეგნატე ღმერთშემოსილო, პეტრე მოციქულისა მოსაყდრედ იწოდე, ღირსო, და კუალსა მისსა შეუდეგ რაი სიმხნითა, აღმოსავალთაით გამოხვედ და დასავალად მიხვედ და განანათლე ელვითა მით საღმრთოისა ქადაგებისათა, სადა იგი, ბრძენო, სოფლისაგან განხვედ, და ღმრთისა მიერ განბრწყინდი გვირგვინშემოსილი მადლითა, აწ ჩუენცა მეოხ გუეყავ მისა მიმართ, აღმოგვიყვანოს სიღრმეთაგან ცოდვათასა, და გვიხსნას სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედამოსლვისაგან უცხო თესლთაისა, და ყოვლისაგან ბოროტისა, რაითა ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა მისსა, რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ, თანა დაუსაბამოით მამით მისით, და ყოვლად-წმიდით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელმან: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა …
მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის). გუაკურთხენ.
მღდელმან: ჩამოილოცოს.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა ეგნატე ღმერთშემოსილისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
მთხვევასა ზედა ხატისასა ვჰგალობთ:
სარწმუნოებითა სამებისაითა შეიჭურვე სიყრმითგან, წმიდაო მღდელთმოძღუარო ეგნატე, და იწყე რაი მორბედებად ღუაწლსა მას მწყემსობისასა, სრბაი წამებისა შენისაი ჯეროვნად სრულ ყვენ ჰრომსა შინა, მამაო, და ძალითა ქრისტეისითა სიკუდილისა შემდგომადცა გამოჩნდი შემწედ მორწმუნეთა, ამისთვისცა შეუვრდებით წმიდასა ხატსა შენსა და გევედრებით: უვნებელად დაგვიცევ ეშმაკთა ურიცხუთა საცთურთა და კაცთა ზაკუვათაგან.
დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებითა თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა ეგნატე ღმერთშემოსილისაითა, და მადლი მისი და წყალობაი შენი თანა-მავალ მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა