წმინდა ელენე დედოფალი

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა მოციქულთასწორისა ელენე დედოფლისა

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა მოციქულთასწორისა ელენე დედოფლისა

 

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდამყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მოვედით, თაყუანისვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.  

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

სურვილისამებრ წაიკითხავთ 50 ფსალმუნს 

კონდაკი 1

წინასაუკუნოისა ღმრთისა, ქრისტეს მიერ გამორჩეულ იქმენ მოძიებად ჯუარისა ცხოველისა, რომლისაგან აღსრულდა გამოხსნაი კაცთა ნათესავისაი, და მოგანიჭა რაი მადლი შეწევნისა ჩუენისაი, აწ გვიოხე მისა მიმართ, რაითა  განჰბანოს გულნი ჩუენნი ვნებათაგან, და ღირსგვყოს შეწირვად შენდა გალობისა: გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

იკოსი 1

ძალნი ზეცისანი ხედვიდენ, თუ ვითარ მოგემადლა ღმრთისაგან პატივი ქუეყანასა შინა დაფარულისა ცხოველსმყოფელისა ჯუარის აღმოყუანებისაი, და განკვირვებულნი გაქებდენ ცათა შინა, ხოლო ჩუენ გევედრებით შეწევნასა და გიგალობთ, ვითარცა გულსა შინა მრავალთასა უფლის სიყუარულისა ცეცხლებრ აღმგზებელსა:

გიხაროდენ, ჭურო პატიოსანო, სამკვიდრებელო სულიწმიდისაო;

გიხაროდენ, რჩეულო ღმრთეებრივისა განგებულებისაო;

გიხაროდენ, შემტკბობელო მხურვალისა სარწმუნოებისა და საღმრთოისა სიყუარულისაო;

გიხაროდენ, მომპოვნებელო ქრისტეს ცხოველსმყოფელისა ჯუარისაო;

გიხაროდენ, ფრიად დამაშურალო განმტკიცებისათვის ქრისტეს ეკლესიისაო;

გიხაროდენ, მისთვის მზრუნველო მსგავსად შვილთმოყუარისა დედისაო;

გიხაროდენ, ტკბილთა სწავლათა მიერ განმანათლებელო ურწმუნოისა ერისაო;

გიხაროდენ, შეურყეველო ზღუდეო კეთილმსახურებისაო;

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 2

რაჟამს საყუარელი ძეი შენიმეფეი კონსტანტინე ბრძოდა მტერსა თვისსა, ცათა შინა იხილა სუეტი ნათლისაი ჯუარის სახედ, ზედ წარწერითა: aმითა სძლო!, და წარუმძღვანა სპასა თვისსა, ხოლო  მიეცა რაი ძლევაი, ჯუარცმული ქრისტე თვითცა ღმრთად აღიარა, და შენცა გიჩვენებდა რაი გზასა მას ჭეშმარიტსა, შემდგომად სარწმუნოებად მოსლვისა შენისა, ნათელიღე შენ, დედოფალო, და მრავალნი აღძარ დიდებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 2

დააცხრო რაი დევნულებაი ქრისტეანეთაი ძემან შენმან, აღბორგნა ეშმაკისა მიერ არიოზ და აღაშფოთებდა რაი ყოველთა, შეკრიბნა ებისკოპოსნი ქალაქსა ნიკეასა მეფემან, და აღამაღლა რაი გვირგვინი მართლმადიდებელთაი, საღმრთოსა მას ხილვასა შინა გებრძანა წარსლვაი იერუსალეიმსა, ყოველთათვის ცხადყოფად ადგილთა მათ წმიდათა, სადა იგი ჯუარს ეცვა ქრისტე და ამაღლდა ზეცად, რაისთვისცა ვიხარებთ და აღმოვსთქუამთ ქებულებათა შენთა:

გიხაროდენ, მაცხოვრისა შემყუარებელო უბრალოითა გულითაო;

გიხაროდენ, განშუენებულო სათნოებისა სიკეთითაო;

გიხაროდენ, შემკულო საღმრთოითა სიმდაბლითაო;

გიხაროდენ, აღვსილო ღმრთისმოშიშობითაო;

გიხაროდენ, მოწყალეო, ღატაკთა მზრდელო უხუებითაო;

გიხაროდენ, განსწავლულო საღმრთოთა წერილთა სიბრძნითაო;

გიხაროდენ, განბრძნობილო ძუელითა და ახლითა აღთქუმითაო

გიხაროდენ, ზეგარდამო წოდებულო და განცისკრებულო საცნაურითა მადლითაო;

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 3

მხცოვანებასა შინა შესრულმან არა ჰრიდე ჰასაკსა შენსა, დედოფალო, და  საწუთოისა განსუენებისა წილ განიზრახე რაი ტვირთვაი დიდისა მის ღუაწლისაი, საღმრთოი იგი ბრძანებული შენდა აუწყე ძესა შენსა, ღმრთისმსახურსა მეფესა კონსტანტინეს, და წარგავლინა იერუსალეიმდ საფასითა მრავლითა, რაითა გამოჩინებითა ქრისტეს ჯუარისაითა მრავალნი აღძრა დიდებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 3

საღმრთოითა მგზებარებითა მიიწიე რაი იერუსალეიმსა, ქალაქსა მას წმიდასა, სიხარულითა მოგეგება მაკარი ებისკოპოსი სამღდელოთა თანა, და ევედრებოდი რაი მოძიებასა ძელისასა, რომელსა ზედა ჯუარსეცუა მაცხოვარი, არა რაი უწყოდენ არცა მათ და არცა სხუათა მათ ქრისტეანეთა, და იწყეს ლოცვაი ქრისტეის მიმართ, რაითა გამოუცხადოს მათ დაფარულნი სიწმიდენი, და გნატრიდენ შენ, დედოფალო, ვითარცა საღმრთოსა მოშურნესა:

გიხაროდენ, განგებულებითა საღმრთოითა წინაითვე გამორჩეულო;

გიხაროდენ, მოციქულებრივსა გზასა ზედა ღმრთისა მიერ მოწოდებულო;

გიხაროდენ, წმიდისა მის ძელისაუფლის ჯუარისა განდიდებისა წყურილითა აღვსებულო;

გიხაროდენ, ქრისტეს სიყუარულისათვის მარიამ მაგდალინელისა და დათა მათ ლაზარეისთა შურისა აღმღებელო;

გიხაროდენ, წყაროო დაუწყუედელო, სულთა სარგებელთა სწავლათა აღმომადინებელო

გიხაროდენ, ყოვლისა გულისა ღმრთისად მიძღუანებისა მასწავლელო;

გიხაროდენ, სიწმიდითა და თავმდაბლობითა ყოველთათვის მაგალითისა მიმცემელო;

გიხაროდენ, ლამპარო მოტყინარეო, შეცთომილთათვის წრფელისა გზისა მაჩუენებელო;

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 4

სიყუარულითა ქრისტეისითა მოწყლულმან იწყე რაი გულსმოდგინედ ძიებაი ჯუარისა მისისაი, შეკრიბნე ყოველნი ჰურიანი, დედოფალო, და ეტყოდი: vითარცა მართალთა ნათესავთა, გყუარობდა თქუენ ღმერთი, გარნა ვერა გულისხმაყავთ წინაისწარმეტყუელთა მიერ მაცხოვრისათვის უწყებული თქუენდა, და აყვედრიდი რაი ძუელსა მას სიბრმესა მამათა მათთასა, განუმარტავდი ქრისტეს მიერ ჰურიათათვის სჯულისაგან ქადაგებულთა და აქებდი ძალსა მისსა: ალილუია.

იკოსი 4

არა უწყოდენ ჰურიათა, თუ რასა ჰკითხვიდი შენ, ღმრთისმოყუარეო, და გამოირჩიეს შორის თვისსა იუდაკეთილად მცოდნეი სჯულისაი, და წარადგინეს რაი წინაშე შენსა, ჰკითხვიდი ჯუარისა და თხემისა ადგილისთვის, და უმეცარ ჰყოფდა რაი თავსა თვისსა ერთგულებისათვის სჯულისა თვისისა, შთაგონებითა სულისა წმიდისაითა ბრძანე შთაგდებაი მისი ჯურღმულსა და განცდაი სიყმილითა, რაითა განაცხადოს საყოფელი ჯუარისაი, განსამტკიცებლად მორწმუნეთა, რაისთვისცა აღვიძრვით ქებად შენდა:

გიხაროდენ, მაცხოვრისაგან საცხოვნებელად და მოღუაწედ ყოვლისა დაბადებულისა გამორჩეულო;

გიხაროდენ, სიყუარულისა მისისა დაუშრეტელისა ცეცხლისა აღმგზებელო;

გიხაროდენ, სიცრუისა თანაზიართა მარცხვენელო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა მოძულეთა მამხილებელო;

გიხაროდენ, ჰურიათა ქრისტეის მიმართ მომწოდებელო;

გიხაროდენ, გულსა შინა მათსა ღმრთისმსახურებისა თესლისა დამთესველო;

გიხაროდენ, სარწმუნოებისაგან განდრეკილთა გზასა უფლისასა დამაყენებელო;

გიხაროდენ, ლოცვითა შენითა ცოდვითა ქვედაკვეთებულთა აღმმართებელო;

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 5

საღმრთოითა გულისხმისყოფითა განათლდა რაი გული იუდაისი, მეშვიდესა დღესა ითხოვა აღმოყვანებაი, და გეტყოდა: dედოფალო, მთასა სიონისასა, ვენერას საკერპოსა შინა ჰპოოთ ჯუარი თქუენისა მაცხოვრისაი, და  ჰოი, სასწაული, ჟამსავე მას საღმრთოსა ხილვასა შინა ასწავეს მაკარი ებისკოპოსსა ადგილი იგი, სადაცა იყო ნანგრევნი კერპთა ტაძრისაი, და აუწყეს რაი მუნ მყოფობაი ცხოველისა ჯუარისაი, სულითა იხარებდა და ადიდებდა უფალსა იესუ ქრისტესა, მხსნელსა და მაცხოვარსა: ალილუია

იკოსი 5

მაშინ შეკრიბე მუშაკთნი და უბრძანე რაი შეგინებულისა მის კერპთა ტაძრისა ძირითურთ დარღუევაი, მხურვალედ ილოცვიდა იუდა, რაითა გამოაჩინოს უფალმან დაფარული იგი ჯუარი მხსნელისაი, და გამოხდა რაი სუნნელებაი საკვირველი ძრვასა მას ქუეყანისასა, განიმხნენ მუშაკნი სასწაულითა მით, დედოფალო, და იწყეს რაი თხრაი მიწისაი, გამოჩნდა საღმრთოი საფლავი და ადგილი გოლგოთისაი, ხოლო მახლობლად მისსა გამობრწყინდა სამნი ჯუარნი, დაფლულნი ქუეყანასა, და ყოველნი აქებდენ წადიერებასა შენსა:

გიხაროდენ, სამგვამოვნებასა შინა ერთღმრთეებისა თაყუანისცემისა მასწავლელო;

გიხაროდენ, სადიდებლად მისა ღუაწლისა და შრომისა თავსმდებელო;

გიხაროდენ, საღმრთოთა განგებულებათა დამმარხველო;

გიხაროდენ, ღმრთისმგმობართა პირთა დამხშველო;

გიხაროდენ, ბელიარისა მონებისაგან მრავალთა დამხსნელო;

გიხაროდენ, წარმართთა და ჰურიათა ბორგნეულობისა დამაცხრობელო;

გიხაროდენ, წინააღმდგომთა მბრძოლთა მახეთა შემმუსრველო;

გიხაროდენ, სიმხნითა სულისაითა კერპთა ტაძრისა ძირითუთ აღმომფხვრელო;

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 6

დიდმან ზრუნვამან შეგიპყრა შენ, სანატრელო, და ევედრებოდი უფალსა, რაითა გაუწყოს, რომელ არს ჯუარი მაცხოვრისაი, და მოაქუნდათ რაი მკუდარი, შეახეთ თითოეულად და განაცხოველა რაი მესამისა ჯუარისა დადებამან, იჭვეულობდა ეშმაკი, ხედვიდა რაი დაცემასა თვისსა და ღაღადებდა: vინ არს ესე, რომელი არა მიფლობს მოღებად სულთა ჩემთა? ხოლო იუდა შეჰრისხავდა და ეტყოდა: Sეჩუენებულ გყავნ სიღრმესა ცეცხლისასა ქრისტემან, რომელმან მკუდარნი აღადგინნა, და აქებდა მას, ვითარცა მეუფესა: ალილუია.

იკოსი 6

ხედვიდი რაი სასწაულსა ამას, დედოფალო, ფრიად დაგიკვირდა ძალი იგი ღმრთისაი, გამოაჩინა რაი სარწმუნოებაი დიდი იუდაისი, რომელსაცა ეტყოდა ეშმაკი ძრწოლითა: iუდა, რაი ესე ჰყავ? პირველისა მის იუდაის მიერ ერი შთავნთხიე ცოდვასა შინა და აწ შენ მიერ ვიდევნები?, და ექადოდა ღმრთისმბრძოლისა მეფისა მოვლინებითა, რომელიცა ფრიად ავნებდა ქრისტეანეთა და მასცა აიძულებდა უვარყოფასა ჯუარცმულისასა, გარნა მას არცაღა რაი აძრწუნებდა, და გმადლობდა შენ მოქცევისათვის თვისისა:

გიხაროდენ, გულსმოდგინედ ძიებითა მაცხოვრისა ჩუენისა წმიდისა აღსადგომელისა გამომაჩინებელო;

გიხაროდენ, მნათობო, საღმრთოითა ნათლითა კიდეთა ქუყანისათა განამანათლებელო;

გიხაროდენ, ზეციერითა სიბრძნითა უგუნურთა და უგულისხმოთა განმაბრძნობელო;

გიხაროდენ, ჰურიათა ქედფიცხელობისა განმაქარვებელო;

გიხაროდენ, ბოროტმადიდებელთა ზრახვათა განმხდელო;

გიხაროდენ, კერპთა მონებისაგან მრავალთა გამომხსნელო;

გიხაროდენ, ძუელისა აღთქუმისა მოძღუართა ღმრთივგანბრძნობილო მასწავლელო;

გიხაროდენ, პატიოსანთა მეუღლეთა მაკურთხეველო;

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 7

ჰოი, დიდსა საკვირველებასა, რამეთუ არა ხოლო თუ მკუდარსა მას ზედა აღესრულა სასწაული ჯუარისა მიერ, არამედ შეხებამან მისმან კუალად განკურნა დედაკაცი, მიწევნული აღმოსლვად სულისა, და ნათელსცა რაი მაკარი იერუსალეიმელმან იუდას, უწოდა კვირიაკოს, და ებისკოპოსად აკურთხა, ხოლო შენ მიეც მას საფასეი დიდი სამსახურებელად გლახაკთათვის, და კეთილად იღუწიდა რაი სამწყსოისათვის თვისისა, შემდგომად ივნო იულიანე განდგომილისაგან ქრისტეისთვის, და შეჰვედრა მას სული თვისი ლოცვითა: ალილუია.    

იკოსი 7

ძელისა მისთვის ჯუარისაისა დასცხრა იჭვი გულსა შენსა, და კრძალვითა მიიქუამდი რაი გულსა ზედა თვისსა, მოუწოდე მამასა კვირიაკოსს, რაითა ლოცვაი ჰყოს მოძიებისათვის სამსჭვალთა და წარგიძღუათ რაი თხემისა ადგილსა, ილოცა გამოჩინებისათვის ეგევითარისა ნიშისა, ვითარცა ჯუარსა მას ზედა, და აჰა, ყოველთა იხილეს ნათელი ელვარეი, და მეყსეულად გამოჩნდა რაი სამსჭუალნი, და ფიცარი წარწერითა, მუხლმოყრითა თაყუანისეც, დედოფალო, და მადლობდი უფალსა, მას ევედრე, რაითა აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა და აღგვძრას გალობად შენდა:

გიხაროდენ, უფლის პატიოსანისა ჯუარისა იუდიანთა მარცხვენელად გამომაჩინებელო;

გიხაროდენ, დაფარულთა მათ წმიდათა ადგილთა ყოველთათვის ცხადმყოფელო;

გიხაროდენ, ყოვლისა ქუეყანისა ღუარძლთაგან განმწმედელო

გიხაროდენ, საწუთოთა მათ ვნებათაგან ღელვაგვემულთა გულთა ღმრთისმოსავობასა შინა განმსწავლელო;

გიხაროდენ, ცოდვისმოყუარეთა კაცთათვის თავშეკავებისა სიტკბოებისა მასწავლელო;

გიხაროდენ, ხილულთა და უხილავთა მტერთა მძლეველო

გიხაროდენ, კეთილმორწმუნეთა მთავრობათა და მხედრობათა მაკურთხეველო;

გიხაროდენ, წარწყმედულთა სულთა სინანულად მომაქცეველო;

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 8

გამოაბრწყინე რაი ძელი იგი ჯუარისაი ქუეყანასა ზედა უფროის მზისთუალისა, სიხარულითა აღივსნეს მკვიდრნი იერუსალეიმისანი, და გევედრებოდენ, რაითა ღირსყო იგინი ხილვასა მისსა, და სიმდაბლითა აღსავსე ებისკოპოსი მაკარი სამღდელოთა თანა აღამაღლებდა რაი პატიოსანსა მას ნიშსა ქრისტეს სჯულისასა, იყო მიუთხრობელი სიხარული, და ყოველნი მჭურეტელნი მისნი თაყუანსსცემდენ, და ადიდებდენ მასზედა ჯუარცმულსა მაცხოვარსა: ალილუია.

იკოსი 8

მადლითა და ძალითა ღმრთისაითა ქადაგიქმენ რაი სამგზის სანატრელისა მის ჯუარისა, დედოფალო, რომელი ჰურიათაგან დამალულ იყო ქუეყანასა ზედა, ნაწილი მისი სამსჭუალთა თანა წარუგზავნე ძესა შენსა კოსტანტინეს, თვითმპყრობელსა მას ჰრომისასა, ხოლო სხუაი ნაწილი შეამკვე ოქროითა და ანთრაკითა, და შექმენ რაი მისთვის ლუსკუმაი ვეცხლისაი, მიეც იგი მაკარის, ებისკოპოსსა იერუსალეეიმისასა დაცვად მისა, და შეეხებოდენ რაი მორწმუნენი, მყის განიკურნებოდენ და გნატრიდენ მადლიერებითა:

გიხაროდენ, ღმრთივგვირგვინოსანო მსახურო ცათა მეუფისაო;

გიხაროდენ, ჰურიათა და წარმართთა განმანათლებელო და ქნარო სულისა წმიდისაო;

გიხაროდენ, ქრისტეს ჯუარისა პოვნითა საცთურისაგან დამხსნელო კაცთა ნათესავისაო;

გიხაროდენ, აღმაღლებითა მისითა განმაახლებელო ქრისტეს აღდგომისაო;

გიხაროდენ, ურწმუნოთა შორის მქადაგებელო მართლისა სარწმუნოებისაო;

გიხაროდენ, დედაო ჩუენო სულიერო, მაჩუენებელო მაცხოვნებელისა გზისაო;

გიხაროდენ, დიდო მნათობო ყოვლისა სოფლისაო;

გიხაროდენ, ღმრთივშუენიერო სამკაულო ქრისტეს ეკლესიისაო;

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 9

მარადის შემწედ გაქუნდა რაი ძალი იგი მაღლისაი, ღმრთივგანბრძნობილო ელენე, იწყე ტაძრისა აღგებაისაფლავსა მას ღმრთის შემწყნარებელსა და წმიდასა გოლგოთასა ზედა, სადა იგი ჯუარცმაი თავს იდვა ჩუენთვის ქრისტემან, რაითა მუნ დაავანო სიწმიდეი იგი თაყუანისსაცემელად მორწმუნეთა, და აღორძნდებოდა რაი სამწყსოი იერუსალეიმისა ებისკოპოსისაი, ლოცვათა შინა მდგომარენი ჯუარცუმულსა ადიდებდენ და მარადის აქებდენ ძალსა მისსა: ალილუია

იკოსი 9

ვინ შემძლებელ არს ჯერისაებრ ქებად შენდა, ღმერთშემოსილო ელენე, და ღირსად გამოთქუმად სათნოებათა და სიმდაბლეთა შენთა, რამეთუ სახეი ექმენ შემდგომთა მათ დედოფალთა, და რომელნი გემსგავსნეს ღმრთისმოყუარებითა, შენთანა იშუებენ სასუფეველსა, აწ ჩუენთვისცა ევედრე ღმერთსა განრინებად ყოვლისაგან ვნებისა და მონებისაგან სულთა წარმწყმედელისა საცთურისა, რაითა ერთობითა ვიღუწიდეთ სადიდებელად მისა და გნატრიდეთ სარწმუნოებითა:

გიხაროდენ, დედაო მღვიძარეო და ღმრთისმოყუარეო, მოციქულთა სწორად გამოჩინებულო;

გიხაროდენ, საუფლოისა ჯუარისა განდიდებითა ურწმუნოებითა დაბნელებულთა გულთა განმაცისკრებელო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტისა სიტყვისა ყოველსა სოფელსა განმფენელო;

გიხაროდენ, სახარებისა ნათლითა მრავალღმრთეებისა წყუდიადისა განმაქარვებელო;

გიხაროდენ, კერპთმსახურებისა საცთურითა დაბნელებულთა ღმრთისმცნობელობითა განმანათლებელო;

გიხაროდენ, წარმწყმედელთა გზათაგან მრავალთა განმარინებელო;

გიხაროდენ, სწავლითა საღმრთოითა ყოველთა განმამტკიცებელო;

გიხაროდენ, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა შეუძრველად დამამტკიცებელო;

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 10

სამეუფოითა ბრწყინვალებითა მოვლიდი რაი პალესტინეს, ღირსო ელენე, ბრძანე ტაძართა აღშენებაი ბეთლემსა, ქუაბსა ზედა, რომელსა შინა მოიღო უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან შობაი კაცობრივი; და მთასა მას ზეთის ხილთასა ელეონსა, სადაცა აკურთხნა მოწაფენი თვისნი და დიდებითა აღმაღლდა ზეცას დაჯდომად მარჯუენით მამისა; და კუალად მამრეს მუხისა მახლობელად, სადაცა აბრაჰამმან ისტუმრა იგი, ვითარცა მწირი, რაითა ტაძართა მათ შინა მორწმუნენი უგალობდენ და აქებდენ ყოვლადწმიდასა სამებასა: ალილუია.

იკოსი 10

საუფლოითა ძალითა ჰქმენ რაი მრავალნი კეთილნი საქმენი, დედაი ეგე მეფისაი უკუნ იქეც ზღვითა ძისა მიმართ შენისა, და გზასა მას ზედა მოიხილე რაი კვიპრეი, აღმოხდა მაკურნებელი წყაროი ჟამსა ლოცვისა შენისასა, და მუნცა აღაშენე რაი ტაძარი პირველმოწამისა თეკლაისა, ძუელსა მას ნატაძრალსა აღაგე მონასტერი ნიკოლოზ წმიდისაი, ხოლო ნაწილნი ჯუარისანი მიუბოძე ომოდოსისა და სტავროვუნისა მონასტერთა, და ქადაგებითა და ქუელმოქმედებითა შენითა მრავალნი მოაქციე და აღძარ ქებად შენდა:

გიხაროდენ, სიმხნითა გონებისაითა დედათა ბუნებისა უძლურებისა დამფარველო;

გიხაროდენ, სხუათა წყლულებისა გულსა შინა დამტევნელო;

გიხაროდენ, ქურივობოლთა და უპოვართა გამომზრდელო;

გიხაროდენ, სულთა განმხრწნელთა მოძღურებათაგან დამცველო;

გიხაროდენ, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა შეუძრველად დამამყარებელო;

გიხაროდენ, ნაყოფითა სიმხნეთა შენთაითა დედათა პატივისა და ღირსებისა აღმამაღლებელო;

გიხაროდენ, სიღრმესა უღმრთოებისასა დანთქმულთა სულთა შესამეცნებელად ღმრთისა აღმომყუანებელო;

გიხაროდენ, ზეციერო მონადირეო, მოციქულებრითა შრომითა შენითა საღმრთოისა მის ბადისა აღმავსებელო;

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 11

გიხილა რაი ძემან შენმან, დედოფალო, სიხარულითა შეგიწყნარა, და ბრძანა რაი დღესასწაულისა დაწესებაი პოვნისათვის პატიოსანისა ჯუარისა, ერთსა ნაწილსა მისსა შეუქმნა გუადრუცი ოქროისაი და მიუთუალა რაი ეპისკოპოსსა დაცვად და მოსახსენებელად ნათესავთა თვისთა, სამსჭუალისაგან შექმნა ნაწილი აღვირისაი ჰუნისათვის თვისისა, რაითა მის მიერ ძლევდეს მტერთა, და აღესრულოს თქუმული იგი წინაისწარმეტყუელისაი: mას ჟამსა, რომელი იყო აღვირთა ცხენისათა, წმიდაი იყოს უფლისა ყოვლისა მპყრობელისა: ალილუია

იკოსი 11

უფროის განამტკიცა რაი ბრძანებული შენი ღმრთისმსახურმან ძემან შენმან, მიუვლინა მაკარი ეპისკოპოსსა ხუროთმოძღუარნი მრავლითა საფასითა, განსასრულებლად წმიდათა მათ ეკლესიათა, რაითა არა იყოს მსგავსი შუენიერებისა მათისა ყოველსა ქუეყანასა, და იგიცა გულსმოდგინებითა იღუწიდა, და განადიდებდა რაი ცხოველსმყოფელსა ჯუარსა უფლისასა, სამწყსოისა თვისისა თანა გნატრიდა შენ, და გიგალობდა, ვითარცა წმიდათა ადგილთა მომძიებელსა:

გიხაროდენ, ნეტარებითა მოხსენიებულო დედოფალო, ღმრთისმსახურებისა ღუაწლისა კეთილად მომმუშაკებელო;

გიხაროდენ, პირველ ეშმაკისაგან წარტყუენულთა ღმრთისა მიმართ მიმყვანებელო;

გიხაროდენ, ჰურიათათვის ძუელისა მის სჯულისა აჩრდილისა მომძარცველო და ნათლითა ღმრთისმსხურებისაითა შემმოსველო;

გიხაროდენ, გულთა შინა მათსა უფლის სიყუარულისა შთამსახველო;

გიხაროდენ, სიწმიდითა განკრძალულთა მღდელთა და მონაზონთა მეოხო და შუამდგომელო;

გიხაროდენ, მართლმორწმუნეთა შემწეო და ხელისაღმპყრობელო;

გიხაროდენ, კაცთა გამოხსნისა მტერისა პატიოსანითა ჯუარითა შემმუსრველო;

გიხაროდენ, საფარველითა მადლთა შენთაითა მოსავთა შენთა დამფარველო;

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 12

არა უგულებელსყო რაი ძემან შენმან მხურვალე ვედრებაი მეფისა ჩუენისა მირიანისაი, ქუეყანასა ჩუენსა წარმოგზავნა პატრეარქი ანტიოქიისაი ევსტათი სამღდელოთა თანა, და წარმოატანა რაი ხატი მაცხოვრისაი, ფიცარნი ფერხთაი და სამსჭუალნი ხელთაი, შენცა წარმოუგზავნე, დედოფალო, ნაწილი ძელისა მის ცხორებისაი ქალწულსა ნინოსგანმანათლებელსა ჩუენსა, და წერილსა შინა უწოდე რაი თანაზიარად წმიდათა მოციქულთა, ნათელსცეს მოსრულთა სამღდელოთა მეფესა სახლეულთა და ერთა თანა, და ყოველნი აღძრეს დიდებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 12

აღაშენებდა რაი მეფეი კონსტანტინე სახელდებულსა მას ქალაქსა თვისსა, შენცა მოიხილე და უკან იქეც რაი პალატთა შენთა, ფრიად მოუძლურდი და მშვიდობითა შეჰვედრე რაი სული თვისი ქრისტესა, ნეშტი შენი პატივითა დაკრძალეს ეკლესიასა შინა ჰრომისასა, და განასრულა რაი სამეუფოი იგი ქალაქი ძემან შენმან, მუნცა გარდიტანა ლუსკუმითა და დაასუენა რაი დიდებულსა მას ტაძარსა მოციქულთასა, აღასრულებდი მრავალთა სასწაულთა და ლხინებისა მომღებელთა აღძრვიდი შესხმად და გალობად შენდა:

გიხაროდენ, წმიდაო მეფეო კონსტანტინე და ნეტარო დედოფალო ელენე, წინაშე წმიდისა სამებისა ძღუნად პატიოსნად ურიცხუთა სულთა მიმრთმეველნო;

გიხაროდენ, მოციქულთა მიერ განათლებულისა ერისა ჩუენისა, კუალად მართალსა სარწმუნოებასა ზედა დამამატკიცებელნო;

გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილნო, მათ მიერ შთაფლულისა თესლისა კეთილად აღმაორძინებელნო;

გიხაროდენ, ნათესავისა ჩუენისა ჭეშმარიტისა ღმრთისა მიმართ მიმყუანებელნო;

გიხაროდენ, მეფეთა ჩუენთა სკიპტრისა განმამტკიცებელნო;

გიხაროდენ, საღმრთოისა სრბისა თქუენისა კეთილად სრულმყოფელნო

გიხაროდენ, ღმრთისა მიერ ყოველთა მეფეთა და დედოფალთა უფროის აღმაღლებულნო;

გიხაროდენ, ეკლესიისა ჩუენისათვის წინაშე ღმრთისა მხურვალენო მლოცველნო

გიხაროდენ, წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე!

კონდაკი 13

ჰოი, წმიდათა შორის დიდებულო და დედათა შორის კეთილმსახურებითა განშუენებულო დედოფალო ელენე, მიითუალე აწ კნინი ესე შესხმაი ჩუენი, სიყუარულითა შეწირული შენდა და მოციქულებრივითა კადნიერებითა გვიოხე წინაშე ღმრთისა, აღაგზოს გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი, და სულნი ჩუენნი იხსნნეს მონებისაგან ეშმაკისა და ტყვეობისაგან ვნებისა, რაითა ქრისტეანებრივსა აღსასრულსა მიმთხვეულნი განვერნეთ საშინელსა მას სასჯელსა, და სასუფეველსა შინა შენ თანა ვაქებდეთ ღმერთსა: ალილუია.

ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ეკლესიისა დიდო მნათობო და საღმრთოისა დიდებისა მხურვალეო მღაღადებელო, წმიდაო მოციქულთასწორო ელენე, ძისა შენისა თანა წარმართულთა ცდომათა აღმომფხურელო და მართლისა სარწმუნოებისა მცველო და მქადაგებელო; ქრისტეს ცხოველსმყოფელისა ჯუარისა და სხუათა სიწმიდეთა მომპოვნებელო და წმიდასა ქალაქსა შინა იერუსალეიმსა პირველთა მათ ტაძართა აღმგებელო; ყოველთა მოსავთა შენთა მსწრაფლშემწეო, და მხურვალედ მვედრებელთა შენთა მეოხო და შუამდგომელო!

ჰოი, ღმრთივსათნოითა დედობითა განშუენებულო და საქმითა მოღუაწებისაითა განბრწყინვებულო ელენე დედოფალო! ზეცით უწყებითა და ღმრთისა მიერ გამოცხადებითა მოიძიე რაი ქუეყანასა შინა დაფარული ცხოველსმყოფელი ჯუარი მაცხოვრისაი, სრულ ყავ ქადაგებაი იგი ჭეშმარიტებისაი, და კერპთმსახურებისაგან ხსნილი მრავალი ერი დაუმორჩილე ძალსა მისსა, რაისთვისცა პატივგცა მან უფროის ყოველთა დედოფალთა, და მოგანიჭა რაი მადლი შეწევნისაი, აწცა გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, რაითა მშვიდობაი მოსცეს ეკლესიასა და კეთილდღეობაი ყოველსა სოფელსა, ხოლო ჩუენ მოგუმადლოს მხურვალე სიყუარული ღმრთისა და მოყუასისაი, და აღგვიდგინოს ცხებული ღმრთისაი, რომელიცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძალავს საზღუართა საქართუელოისასა და აღამაღლებს და აღადგენს ღირსებასა და ძლიერებასა მისსა, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდაღმრთივმონიჭებულითა ძალითა შენითა დაიცევ და მსახურებასა შინა განაძლიერე დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართუელოს კათოლიკოსპატრიარქი, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია და ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, წინამძღუარნი მონასტერთანი, მწყემსნი და მოძღუარნი, მოღუაწენი და აღმსარებელნი, მონაზონთა სიმრავლენი და ყოველნი ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი; განანათლენ ქრისტეისმოყუარენი მთავრობანი და მხედრობანი; დაიცვენ კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი

ჰოი, საჩინოთა დედათა  შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო ელენე დედოფალო, შრომანი შენნი და სიწრფოებანი გულისანი იხილნა რაი ქრისტემან, მოხედვაყო წყალობითა, და ვითარცა, დედაი კეთილმსახურისა მეფისაი, მიგავლინა მოძიებად ჯუარისა თვისისა და ყოველთა სიწმიდეთა, და აღუშენენ რაი ტაძარნი დიდებულნი ადგილთა მათ წმიდათა, სადა იგი უხრწნელნი ვნებანი ჩუენთვის ხორცითა დაითმინა, აწ გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, რაითა აღმოგვიყუანოს უფსკრულთაგან ცოდვათასა, და გვიხსნნეს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედამოსვლათაგან მტერისა, უცნაურისა სიკუდილისა და გარემოდგომილისაგან ბოროტისა, რაითა ყოველნი ვცხონდეთ და ზეცათა იერუსალეიმსა შინა შენთანა ვადიდებდეთ მას, თანა დაუსაბამოით მამით მისით, და ყოვლადწმიდით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.  

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და წმიდისა მოციქულთასწორისა დედოფლისა ელენეისა და ყოველთა წმიდათა შენთაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

რედაქტორი ნონა ნამგალაძე

 

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა დედოფლისა მოციქულთასწორისა ელენესი