ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ. დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა–მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
კონდაკი 1
ზედამდგომელობასა შენსა და შეწევნასა მარადის შევრდომილნი თაყუანის–ვჰსცემთ ყოვლად პატიოსანსა სამოსელსა შენსა, რომლისა დადებასა ბრწყინვალედ დღესასწაულობს ქრისტეს ეკლესიაი, და გევედრებით შენ, განმაღმრთობელსა კაცთა ბუნებისასა: უვნებელად დაგვიცევ საფარველსა ქუეშე კუართისა შენისასა, რომელი ბრწყინავს საკვირველებათა მიერ, და სიხარულითა აღავსებს მოსავთა შენთა და მგალობელთა: გიხაროდენ, სახიერო დედოფალო, წმიდითა კუართითა შენითა ივერიისა დამფარველო!
იკოსი 1
სასოებაი და სიმტკიცეი ხარ შენ ყოველთა ქრისტეისმოყუარეთა ერთაი, უწმიდესო მარიამ, და მფარველი და წინამძღოლი მორწმუნეთაი, რომელნი შეუვრდებით ყოვლად პატიოსანსა კუართსა შენსა და გევედრებით ლმობიერად: შენდამი მონდობილნი დაგვიცევ ყოველისაგან საფრხისა და უხილავთა და ხილულთა მტერთა კუეთებისა, რაითა კეთილკრძალულებითა განვვლოთ საწუთოი ესე ცხორებაი, და მარადის გნატრიდეთ შენ, ვითარცა საკუთარსა მფარველსა ერისა ჩუენისასა:
გიხაროდენ, ანდრია პირველ წოდებულისა მიერ წილხვედრისა ერისა შენისა მომმუშაკებელო;
გიხაროდენ, ქართლოსიანთა კერპთა მონებისაგან გამომხსნელო;
გიხაროდენ, სახარებისა ნათლითა მრავალღმრთეებისა წყუდიადისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, ნინო კაპპადოკიელისა მიერ ბილწთა ცეცხლ–თაყუანისმცემელთა განმსხმელო;
გიხაროდენ, უღმრთოებითა დაბნელებულთა გულთა ქრისტეს ნათლითა განმანათლებელო;
გიხაროდენ, ქუეყანასა ამას ჩუენსა წმიდისა სამოციქულოისა ეკლესიისა დამამყარებელო;
გიხაროდენ, ასირიითგან ივერიას მამათა მოვლინებითა ქრისტეის სარწმუნოებისა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, მათ მიერ მონასტერთა დამაარსებელო და ბერ–მონაზვნურისა ცხორებისა დამაფუძნებელო;
გიხაროდენ, სახიერო დედოფალო, წმიდითა კუართითა შენითა ივერიისა დამფარველო!
კონდაკი 2
ჰშევ რაი მეუფეი ხორცითა, უბიწოო, სამოსელი ეგე შენი გემოსა უხრწნელსა გუამსა შენსა, და მოიწია რაი ჟამი ხორცთაგან განსლვისა შენისაი, მიუძღუანე იგი ქალწულსა, რომელი შენ თანა იყო განუშორებლად, რაითა მანცა დაუტევნეს ნათესავსა თვისსა ქალწულსა, და გარდამოადინებდი რაი მის მიერ მადლთა და წყალობათა, აღასრულებდი საკვირველთა ნიშთა და კურნებათა, და ყოველთა აღძრვიდი მადლობად შენდა და დიდებად ღმრთისად: ალილუია.
იკოსი 2
ვაქებთ საღმრთოსა მას განგებულებასა, რომლისა მიერ ძმათა მათ პალესტინისა მომლოცველთა შეისუენეს სახლსა მას, სადა იგი დაუნჯებულ იყო წმიდაი კუართი შენი ნაზარეთსა, და იხილვიდენ რაი კიდობანსა მას სიწმიდისა შენისასა, წარიხუნეს კონსტანტინეპოლეს, და დაასუენეს რაი საგვარეულოსა მას ტაძარსა თვისსა, მოისწრაფდენ მორწმუნეთა სიმრავლენი, და ძრწოლითა შევრდომილნი გიგალობდენ და გნატრიდენ შენ, ვითარცა ჭეშმარიტსა წინამძღუარსა ცხორებისასა:
გიხაროდენ, წმიდისა სამოსლისა შენისა მრავალთა ჟამთა და საუკუნეთა უვნებელად დამცველო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა მისდა შევრდომილთა ყოვლისაგან ბოროტისა დამფარველო;
გიხაროდენ, მის მიერ ცნობათა უაღრესთა სასწაულთა განცხადებულად მომნიჭებელო;
გიხაროდენ, შეცდომილთა ქრისტეს სარწმუნოებად მომაქცეველო;
გიხაროდენ, წარწყმედულთა მეძიებელო და ბოროტად სლვისაგან მომდრეკელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა მოძულეთა მამხილებელო;
გიხაროდენ, სნეულთა აღმადგინებელო და მკელობელთა მავლინებელო;
გიხაროდენ, აღბორგებულთა ღმრთისმოძულეთა მძლეველო;
გიხაროდენ, სოფლისა ამბოხისა და ბრძოლისაგან განმარინებელო;
გიხაროდენ, სახიერო დედოფალო, წმიდითა კუართითა შენითა ივერიისა დამფარველო!
კონდაკი 3
უცხონი და საკვირველნი ნიშნი და კურნებანი ქმნნა რაი კუართმან შენმან, დედოფალო, მიეახლნეს მეფეი და პატრეარქი ერთა თანა, და ლუსკუმითა დააბრძანეს რაი საეპისკოპოსოსა მას ტაძარსა, მუნვე დაასუენეს წმიდაი ომოფორი შენი და სარტყელი, და დააწესეს რაი დღესასწაული სიწმიდეთა მათ ვლაქერნას დადებისაი, მათ მიერ კურნებდი მრავალფერთა სენთა, და სიხარულითა აღვსილნი გმადლობდენ და ადიდებდენ იესუს – შენგან შობილსა ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 3
მრავალ–პატიოსანი კუართი შენი მიემადლა რაი კონსტანტინეპოლს სასოდ, მცველად, და ძალად მორწმუნეთა, ოდეს სიმრავლეი ბარბაროზთაი გარე–მოადგეს მას, აღიღო ცხოველს–მყოფელი ხატი მაცხოვრისაი, უხრწნელი სამოსელი შენი და ხატი ვლაქერნისაი პატრეარქმან და ერთა თანა ლოცვითა მოჰვლიდა რაი ზღუდეთა ქალაქისათა, მეყსეულად მფარველ ექმენ შენდა შევედრებულსა ერსა, და ხომალდნი მტერისანი შეიმუსრნეს რაი ღელვითა სასტიკითა, შეუხებელად დაცულნი გმადლობდენ შენ, და გნატრიდენ ვითარცა მიზეზსა ხსნისა მათისასა:
გიხაროდენ, ღმრთისმოყუარეთა ერთა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, ურიცხუთა მტერთა მიმართ ძლევისა მიმნიჭებელო;
გიხაროდენ, მართლმადიდებელთა სპათა ახოვან–მყოფელო და დიდად მწყალობელო;
გიხაროდენ, კეთილმორწმუნეთა მთავრობათა და მხედრობათა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, საღმრთოითა ბრძანებითა ზღვისა ღელვად აღმძრველო;
გიხაროდენ, მადლითა კუართისა შენისაითა ქრისტეისმბრძოლთა დამცემელო;
გიხაროდენ, რწმენით შევრდომილთა ზედა დასხმისაგან მტერთაისა დამხსნელო;
გიხაროდენ, ეშმაკთა ძალისა შემმუსრველო და ხელთაგან მისთა გამომხსნელო;
გიხაროდენ, მართლმორწმუნეთა საჭურველო და ბოროტმადიდებელთა ზრახვათა განმდევნელო;
გიხაროდენ, სახიერო დედოფალო, წმიდითა კუართითა შენითა ივერიისა დამფარველო!
კონდაკი 4
ეჰა, გამოუთქმელსა სახიერებასა შენსა, წმიდაო ღმრთისმშობელო, რამეთუ კუალად ეკუეთნეს რაი ბრძოლად ქუეყანით და ზღვით სპარსნი და სკვითნი ქრისტეისმოყუარესა ერსა, სასოებითა აღიღო პატრეარქმან ხელთუქმნელი ხატი მაცხოვრისაი, და პატიოსანი ნაწილი ცხოველს–მყოფელისა მის ძელისაი, რაითა ყოველთა თაყუანის–სცენ, და სამოსელი შენი წმიდაი, და ლოცვითა მოჰვლიდენ რაი ქალაქსა, გევედრებოდენ შეწევნასა და ქრისტეის მიმართ მეოხებასა, და აჰა, აჩუენე ძალი თვისი, უბიწოო, და დაანთქ რაი მხდომნი მათნი ნავებითურთ მათითა, უვნებელად დაცულნი მტერთა წყობისაგან გმადლობდენ შენ, ვითარცა მხსნელსა, და ძესა შენსა, ადიდებდენ, ვითარცა მეუფესა და ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 4
ზეობასა მას ხატმბრძოლთასა ბარბაროზებრ ჰმუსრვიდენ რაი წმიდათა ფრესკათა და ხატთა ქუეყანათა მათ ბიზანტიისათა, მოიხსენე შენ ერი ივერთაი, ყოვლად მოწყალეო დედოფალო, რამეთუ მხოლოი იგი არა ეზიარა სიცოფესა მათსა, და საკვირველნი სიწმიდენი ეგე – ხატი, კუართი და შუა–ნაწილი სარტყლისაი დაავანე რაი ოდიშის სამთავროსა, იყო სიხარული დიდი ყოველსა ქუეყანასა ჩუენსა, და მათ მიერ მოიღებდენ რაი სულთა და ხორცთა კურნებასა, მადლიერი ერი სამღდელოთა თანა გიგალობდა და გნატრიდა შენ, ვითარცა დედასა ყოვლისამპყრობელისა ღმრთისასა:
გიხაროდენ, წმიდისა კუართისა შენისათვის ახლისა სამკვიდრებელისა მბოძებელო;
გიხაროდენ, ოდიშის სამთავროსა შინა სულიერისა სამოთხისა დამნერგველო;
გიხაროდენ, ერთგულთა გონებისა განმაბრძნობელო და ორგულთა დამამკობელო;
გიხაროდენ, მდაბალთა აღმამაღლებელო და მზვაობართა დამცემელო;
გიხაროდენ, ცეცხლისაგან დამცველო და მწუხარებათა დამხსნელო;
გიხაროდენ, მოგზაურთა თანამსრბოლო და ზღუასა შინა სლვისა და ხმელთა ამბოხისაგან დამცველო;
გიხაროდენ, გულითა დაზრქელებულთა სიყუარულად აღმძრველო;
გიხაროდენ, ვნებათა მიერ დაბრმობილთა თუალთა სულისაითა აღმხელელო;
გიხაროდენ, ყოველთა ბოროტთა ზნე–ჩუეულებათა აღმხოცველო;
გიხაროდენ, სახიერო დედოფალო, წმიდითა კუართითა შენითა ივერიისა დამფარველო!
კონდაკი 5
ჰოი, შენსა, დედოფალო, ჩუენთვის განგებულებასა, რამეთუ მოიხსენე რაი უფლისა და ძისა შენისა მიერ წილად ხვდომილი ესე შენად ქუეყანაი, და მკვიდრნი მას შინა, მადლისა მოცემისა მნებებელმან პატიოსანი სამოსელი შენი, უვნებელი განგებითად, არა მიჰმადლე სხუასა ნათესავსა, არამედ განცხადებულად მოუბოძე მფლობელსა და მცველსა შენ მიერ ქსოილისა ქრისტეს კუართისასა, და ღირს იჩინე რაი დავანებაი მისი ხოფისა სავანესა, კრებული მამათაი ერთა თანა მიემთხვივნეს სასოებითა, და აქებდენ ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 5
ყოვლად პატიოსანი სამოსელი შენი, რომელსა ანგელოსნი კრძალვითა ჰმსახურებენ, აღიხუნეს მამათა ლიტანიითა და გალობითა, და დაასუენეს რაი ტაძარსა მას, რომელიცა წოდებულ არს სახელსა ზედა მიძინებისა შენისასა, ვერცაღა შეუძლეს შეკეცვაი მისი, ვიდრემდის არა ილოცეს ათხუთმეტსა დღესა და ღამესა, და დაასვენეს რაი სიწმიდეი იგი შინაგან წმიდასა წმიდათასა, სავანესა მას განუწესეს ათხუთმეტსა დღესა დღესასწაულობაი ცად დამკვიდრებისა შენისაი, და გაქებდენ სურვიელად:
გიხაროდენ, უზესთაესო ქერობიმთაო და სერაბინთაო, ქალწულო წმიდაო;
გიხაროდენ, წინაისწარმეტყუელთა სიქადულო, ყოველთა უპირატესო;
გიხაროდენ, მთავარო ერისა ჩუენისაო, ანგელოზთაგან და კაცთაგან თაყუანის–საცემელო;
გიხაროდენ, ღმრთისამოყუარეთა შემწეო და ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, ანგართა და ყოვლად უღმრთოთა შემაძრწუნებელო;
გიხაროდენ, ურჩთა ჭეშმარიტებისათა და მორჩილთა სიცრუვისათა შემრისხველო;
გიხაროდენ, აღვირ–უსხმელთა და ბილწთა დამაოკებელო;
გიხაროდენ, მოყუასთა შემაერთებელო და მტერთა დამლახურელო;
გიხაროდენ, ყოველთა მოსავთა შენთა მცველო და ზედამდგომელო;
გიხაროდენ, სახიერო დედოფალო, წმიდითა კუართითა შენითა ივერიისა დამფარველო!
კონდაკი 6
განისმა რაი ქუეყანასა ჩუენსა, ვითარმედ ეკლესიასა შინა ხოფისასა ვერცხლისა კიდობნითა მსუენარებს ყოვლად პატიოსანი სამოსელი ქრისტეს ღმრთისა დედისაი, ყოველნი სიხარულითა მიისწრაფდენ მიმთხვევად მისდა, ვითარცა მადლთა საუნჯისა, და გევედრებოდენ ხსნასა და ლხინებასა, და შენცა ისმენდი რაი მოსავთა შენთა ვედრებასა: სნეულთა ჰკურნებდი, ეშმაკთა განხდიდი და იცევდი ჭირვეულთა, აწ ჩუენცა ნუ დაგვიტევებ შეუწევნელად და გვიხსენ ყოველთაგან სენთა და განსაცდელთა, რაითა სიხარულითა გმადლობდეთ შენ და ვაქებდეთ ზეცათა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა: ალილუია.
იკოსი 6
ვითარცა გვირგვინი შუენიერი და მრავალსასყიდლისა საუნჯეი ეპყრა წმიდაი კუართი შენი და ნაწილი სარტყლისაი ოდიშის სამთავროსა, და ზეგარდამო სცავდი მარადის და გარე–შეიცავდი მათ მიერ მორწმუნეთა, რომელნი სასოებდენ შენ მიერ შეწევნასა, უბიწოო, და იხსნიდი ყოველთაგან ჭირთა და უკუნ–აქცევდი მძვინვარეთა სენთა და განსაცდელთა, ამისთვისცა ყოველნი მოისწრაფდენ მიმთხვევად მათდა და შეამკობდენ რაი სამკაულითა, ეკლესიასა ადიდებდენ შესაწირავითა, და ვითარცა ნავთსაყუდელსა მშვიდსა შევედრებულნი შეგითხზვიდენ გვირგვინსა ქებისასა:
გიხაროდენ, ღმრთეებრივისა სიწმიდისა და სიყუარულისა განმავრცობელო;
გიხაროდენ, სნეულთა მკურნალო, და შერყეულთა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, მრავალთა წყლულებათა განმკურვნელო;
გიხაროდენ, ბოროტთა ვნებათა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, ყოვლისაგან მანქანებისა საეშმაკოისა გამომხსნელო;
გიხაროდენ, ცოდვათა ტვირთისაგან განმათავისუფლებელო;
გიხაროდენ, მწიკულევანთა სულთა განმწმედელო;
გიხაროდენ, მუშაკთა ნაყოფიერმყოფელო და მშიერთა გამომზრდელო;
გიხაროდენ, ობოლთა და ქურივთა ნუგეშისმცემელო;
გიხაროდენ, სახიერო დედოფალო, წმიდითა კუართითა შენითა ივერიისა დამფარველო!
კონდაკი 7
ნიშნად წინამძღოლობისა შენისა აჩუენე რაი საშინელი ესე ძლიერებაი კუართისა შენისაი ქართველთა, შეიტკბობდენ და განადიდებდენ, ვითარ შესავრდომელსა დიდსა, და აღმოივსებდენ მადლსა და წყალობასა მოხედვითა შენითა, აწცა ნუ განგვაგდებ წყალობისაგან შენისა, რამეთუ ნაწილ შენდა ვართ ჩუენ, ნათესავი ესე ქართველთაი, და გვიხსენ ყოვლისაგან ძვირისა და საცთურისა, რაითა არცაღა გარდავხდეთ გზისაგან სიმართლისა, არამედ საწუთოი ესე ცხორებაი კეთილად განვვლოთ და ჯერისაებრ ღირს ვიქმნეთ გალობად ღმრთისა: ალილუია.
იკოსი 7
ზღუდედ საღმრთოდ და მტერთაგან დამფარველად მოეც რაი წმიდაი კუართი შენი ხოფისა სავანესა, ოდეს განიზრახეს თურქთა მათ მარბიელთა სავანისა მის გარდაქცევაი საცავად საჭურველისა, არა უგულებელს–ყავ მამათა ვედრებაი, და გამოაჩინე რაი ძალი თვისი, გარე–შეარტყი ღრუბელი ნათლისაი სამკვიდროსა მათსა, მაშინ დაეცათ შიში და ზარი უსჯულოთა და განივლტენ რაი ძრწოლითა, სამღდელონი და ერნი სიხარულითა გმადლობდენ შენ და გაქებდენ წადიერად:
გიხაროდენ, დედოფალო ჩუენო, მფარველო და შუამდგომელო ერისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, ქალწულთა სიქადულო, მორწმუნეთა სიმტკიცეო, და ზღუდეო სიმართლისაო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა სამოსელო და სავანეო სათნოებისაო;
გიხაროდენ, ცხოველსმყოფელო წყაროო დაულევნელისა მადლისაო;
გიხაროდენ, შემწეო ბერ–მონაზონთა კრებულისაო;
გიხაროდენ, მეოხო და მზრუნველო სამკვიდროისა შენისაო;
გიხაროდენ, უძლეველო ზესთამბრძოლო ივერთა ქუეყანისაო;
გიხაროდენ, გვირგვინო და შარავანდედო ქრისტეს ეკლესიისაო;
გიხაროდენ, სიმტკიცეო და მცველო სავსებისა მისისაო;
გიხაროდენ, სახიერო დედოფალო, წმიდითა კუართითა შენითა ივერიისა დამფარველო!
კონდაკი 8
წარიპარეს რაი ავაზაკთა წმიდაი კუართი შენი, დედოფალო, გლოვაი დიდი შეუდგა ხოფისა სამწყსოსა და დიდისა მის სიწმიდისა დამკარგველთა არცაღა ეწადათ ქუეყანასა ზედა დაშთომაი, ხოლო შენ შეიწყნარე რაი ცრემლნი მათნი, შემდგომად სამისა დღისა ლუსკუმითა პოეს მახლობელად ტაძრისა, ადგილსა მას განბრწყინებულსა ნაბერწყალთა მიერ ნათლისათა, და სანთელი მოტყინარეი აღგზებულ იყო წინაშე მისსა, და კუალად დაასუენეს რაი უსასყიდლოი და საღმრთოი იგი საუნჯეი სავანესა თვისსა, კეთილად მსახურებდენ მას და მადლობისა ხმითა უგალობდენ მხოლოდშობილსა ძესა და ღმერთსა შენსა: ალილუია.
იკოსი 8
გამოსჩნდი რაი, ვითარცა უბრძოლველი გოდოლი და მფარველი ქრისტეის მორწმუნეთა ერთა, გულისხმა–ყვეს დესპანთა რუსთა მეფისათა საღმრთოი ძლიერებაი კუართისა შენისაი, და ეწადათ წარტაცებაი მისი თვისსა ქუეყანასა, წინდად უძლეველისა ძლიერებისა, გარნა უქმ–ყავ საშინელი ეგე განზრახუაი მათი ძისა და ღმრთისა მიერ შენისა, მას ევედრე აწ, ყოვლად სახიერო დედაო, რაითა განამტკიცნეს გულნი ჩუენნი, დახსნილნი ყოველთა უსჯულოებათა და ბრალთა მიერ, და არა მოგვაკლოს მადლი თვისი მოსავთა შენთა და მაქებელთა:
გიხაროდენ, სიხარულო ანგელოსთაო და შეწევნაო კაცთაო;
გიხაროდენ, დიდებაო და სამკაულო ქართველთა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, შესავრდომელო და სანატრელო ყოველთა მართლმადიდებელთა ერთაო;
გიხაროდენ, მეფეთა და მთავართა ძლევაო და უძლეველო საჭურველო მხედართაო;
გიხაროდენ, მტკიცეო ზღუდეო და გოდოლო კეთილად განკრძალულთა მღდელთაო;
გიხაროდენ, სასოებაო და თანამბრძოლო ბერ–მონაზონთაო;
გიხაროდენ, ზეცით მონიჭებულო სიმტკიცეო ყოველთა მაშურალთა და ტვირთმძიმეთაო;
გიხაროდენ, ნაყოფიერმყოფელო უშვილოთაო;
გიხაროდენ, კეთილშემამკობელო სათნოთა სასძლოთაო;
გიხაროდენ, სახიერო დედოფალო, წმიდითა კუართითა შენითა ივერიისა დამფარველო!
კონდაკი 9
ოდეს ღმრთისმბრძოლთა მათ მიიტაცეს მთავრობაი ქუეყანისა ჩუენისაი, ღმრთისმსახურთა და მორწმუნეთა დევნიდენ, და დააქცევდენ რაი ეკლესიათა და მონასტერთა, სასახლეი იგი ზუგდიდისაი ქმნეს საცავად ძუელთა მათ რელიკვიათა და სიწმიდეთა, წარტაცებულთა ეკლესიათა და მონასტერთაგან ოდიშისათა, და უხრწნელიცა სამოსელი ეგე შენი დაფარულ იქმნა მუნ მრავალსა წელსა, ხოლო შემდგომად ღმრთისმბრძოლთა დამხობისა, კუალად გამოჩნდა საცავსა მას, და იხარებდენ ყოველნი მკვიდრნი ქუეყანისა ჩუენისანი და ადიდებდენ ყოველთა შემოქმედსა: ალილუია.
იკოსი 9
მხიარულ გვყვენ, სძალო, გამოჩინებითა კუართისა შენისათა, რომლისა ვლაქერნას დადებასა ბრწყინვალედ დღესასწაულობს ეკლესიაი, და მიერითგან კრებულნი მამათანი და სამწყსონი მათნი ყოვლით კუთხით მოივლტვიან ხილვად და თაყუანისცემად სიწმიდისა მაგის შენისა, და ლიტანიითა და გალობითა გარდიტანენ რაი საცავითგან ტაძარსა, ამბორისყოფითა შეიტკბობენ და ეძიებენ შენგან დაცვასა და მფარველობასა, და აჰა წმიდამან დღესასწაულმან ამან ჩუენცა სიხარულად შემოგვკრიბნა, ღმრთისა დედაო, და ღმრთისმოშიშებითა მოგიძღუნით ქებასა ამას და გალობასა:
გიხაროდენ, წილხვედრისა ერისა შენისა ღმრთეებრივითა საფარველითა დამფარველო;
გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილთა მოღუაწეთა მიერ სამწყსოისა შენისა კეთილად დამწყსველო;
გიხაროდენ, მხოლოო დედაო, ქმრისა გამოუცდელო, პატიოსანთა მეუღლეთა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, დედაკაცთათვის სულიერისა სიმტკიცისა და კრძალულებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, ქალწულებისა და სიწმიდის მოშურნეთა მიურულებელი მცველო და უხილავო ზედა მდგომელო;
გიხაროდენ, მძლავრთა კაცთ–მოძულეთა მსაჯულთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, უღმრთოთა მმართველთა და უწყალოთა მთავართა დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, მათ მიერ უსამართლოდ მიმძლავრებულთა და ჩაგრულთა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, დახსნილთა ახოვან–მყოფელო და დაცემულთა აღმმართებელო;
გიხაროდენ, მეოხებითა შენითა სოდომელთა სენისა დამხსნელო და გომორელთა სალმობათაგან განმარინებელო;
გიხაროდენ, სახიერო დედოფალო, წმიდითა კუართითა შენითა ივერიისა დამფარველო!
კონდაკი 10
ჰოი, შენსა, მაცხოვარო, ჩუენთვის განგებულებასა, რამეთუ უწყი რაი ურიცხუნი ესე განსაცდელნი, მოწევნულნი ერსა ჩუენსა ზედა, წმიდაი ხატებაი შენი უნივთოდ გამოსახე უხრწნელსა მას სამოსელსა ზედა შენისა ყოვლადწმიდისა დედისასა, სასოდ მორწმუნეთა, და წინდად მოწყალებისა და ცხორებისა, ხოლო ჩუენ წადიერებითა აღვიძრვით თაყუანისცემად უხრწნელისა მის კუართისა, და ვესავთ ძუელითა დიდებითა დავანებასა მისსა წიაღსა შინა ეკლესიისასა, რაითა მარადის დაუბრკოლებელად ამბორის ყოფითა შევიტკბობდეთ, და პატივს–ვჰსცემდეთ სანთლისა ანთებითა, და გიგალობდეთ შენ, ქრისტე, ვითარცა მხსნელსა და მეუფესა: ალილუია.
იკოსი 10
ყოველსა სოფელსა ბრწყინავს რაი ნათელი წმიდათა ხატთა შენთა და სიწმიდეთა, სიყუარულითა მივემთხვევით სასწაულთმოქმედსა კუართსა შენსა, დამფარველსა უხრწნელისა ხორცისა შენისასა, რომელიცა დაუუნჯე ერსა ჩუენსა, რაითა თაყუანისმცემელნი ელიას ხალენისა, კუართისა საუფლოისა, და მასზედ აღმართულისა სუეტისა ცხოველისა, მარადის ღირს ვიქმნნეთ შევრდომად კურთხეულისაცა ამის საუნჯისა, და სამწყსოსა შენსა სრულიად შერწყმულნი გნატრიდეთ შენ, ვითარცა მიზეზსა ცხორებისასა:
გიხაროდენ, ოდიშიდან დაულევნელთა მადლთა განმფენელო;
გიხაროდენ, დედობრივითა სიყუარულითა ყოველთა დამატკბობელო;
გიხაროდენ, ნიშთა და სასწაულთა განდიდებითა ნელ–ტფილისა სარწმუნოებისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, დაძინებულისა ერისა ჩუენისა განმაფხიზლებელო;
გიხაროდენ, გრძნეულთა სიცბილისა და ძალისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, ვნებათა და ზედა დასხმისაგან ეშმაკისა დამფარველო;
გიხაროდენ, ძმათა შორის მტერობისა დამხსნელო;
გიხაროდენ, მოყუასთა ზედა ბოროტისა ყოფად აღძრულთა დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, ორგულთა და შინა–განმცემელთა ზარგანმხდელო;
გიხაროდენ, სახიერო დედოფალო, წმიდითა კუართითა შენითა ივერიისა დამფარველო!
კონდაკი 11
ძლიერებად და ღმრთეებრივ კვერთხად სიმტკიცისად მოგვიგიე ქართველთა, ჰოი, ყოვლად პატიოსანო კუართო ღმრთისა დედისაო, და უწყით რაი საკვირველებათა შენთა სიმრავლეი, არა დავსცხრებით ვედრებად შენდა: მოგვეც გული გონიერი და ბრძენი, გულისხმის–ყოფად კეთილისა და ბოროტისა, და აღგვავსე საღმრთოითა მღვიძარებითა, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და ვადიდებდეთ ყოველთა შემოქმედსა: ალილუია.
იკოსი 11
ვხედევთ რაი უხრწნელსა მას კუართსა შენსა, გუამისა შენისა შეხებითა დიდებულსა, და სასწაულთა ბევრის–ბევრთა, რომელნი იქმნებიან მადლითა შენითა, სიყუარულითა მოვივლტვით შენდა მომართ, ვითარცა მეოხისა წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, მოიხილოს ერსა თვისსა ზედა, რომელსა არა აქუს სიტყვისგებაი წინაშე მისსა, და განმგებელად და წინამძღურად მოგუმადლოს ჩუენ მწყემსნი და მუშაკნი, ბრძენნი და სახიერნი, რაითა ღირსებითა და სიწმიდითა იურვოდენ ერთა, რწმუნებულთა მათდამი, და ყოვლითავე სულიერითა და ხორციელითა კეთილითა აღგვაორძინებდენ შემსხმელთა შენთა:
გიხაროდენ, ქართველთა ერისათვის კეთილმსახურებითისა სიტკბოებისა უფლისაგან გამომთხოველო;
გიხაროდენ, წყევისა დამხსნელო და კურთხევისა მომნიჭებელო;
გიხაროდენ, სამკვიდროისაგან ჩუენისა აღხოცისა წყურიელთა ზედა უფლისა რისხვისა მომწევნელო;
გიხაროდენ, კურთხეულისა ენისა ჩუენისა მბრძოლთა და აღმოფხურად აღძრულთა დამლახვრელო;
გიხაროდენ, საქართველოს ხელმყოფელთა შემაძრწუნებელო და დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, ქართლოსიანთა მტერობისათვის ყოველთა ზარდამცემო და დამამცრობელო;
გიხაროდენ, მაცთურთა მრისხანეთა და თვისტომთა თვისთა მცბიერად წარმწყმედელთა დამცემელო;
გიხაროდენ, საუფლოისა ერისა მზაკუვარებითა განმხრწნელთა შემრისხველო;
გიხაროდენ, ერთმორწმუნეთა შორის შუღლისა და მტერობისა სიყუარულითა და მშვიდობითა შემცვალებელო;
გიხაროდენ, სახიერო დედოფალო, წმიდითა კუართითა შენითა ივერიისა დამფარველო!
კონდაკი 12
საცნაურთა სიწმიდეთა კიდობნად იწოდე შენ, ჰოი, ყოვლად უხრწნელო დედაო ღმრთისაო, და პატიოსანი ესე კიდობანი, რომელსა შინა მდებარე არს წმიდაი სამოსელი შენი, საუნჯედ ცხორებისად, მდინარედ მადლთა საღმრთოთა და წყაროდ დაუწყვედელად კურნებათა მოჰმადლე რაი ერსა ჩუენსა, გარე–შეუცავს მას ქუეყანაი ჩუენი და სცავს მარადის მავნებელთაგან და ძალსა უძლეველსა შეჰმოსს მორწმუნეთა, ვინაიცა კუართისა შენისა დადებასა ვდღესასწაულობთ, და ვადიდებთ შენ მიერ შობილსა ძესა და ღმერთსა ჩუენსა: ალილუია.
იკოსი 12
ყოვლად დიდებული კუართი შენი გვიპყრიეს რაი შესავრდომელად და გამომხსნელად ჭირთაგან, სიხარულითა ვიქადით ჩუენ, ჰოი, ყოვლად საგალობელო დედოფალო, ვითარცა მქონებელი უსასყიდლოისა და საღმრთოისა საუნჯისა, და გევედრებით სასოებითა ყოვლადძლიერისა მეოხებისა შენისაითა წინაშე მხოლოდშობილისა ძისა შენისა, აღუდგინოს წილხვედრსა შენსა ივერიას საყდარი ცხებულებისაი, რაითა ღმრთივგვირგვინოსანისა მის მეფისა თანა სიწრფოებითა ვმსახურებდეთ მამულსა და ერსა, და დიდებისგმეტყუელებდეთ და გნატრიდეთ შენ, ვითარცა საღმრთოსა მეოხსა ნათესავისა ჩუენისასა:
გიხაროდენ, დედაო უბიწოო, რამეთუ იხარებს ივერთა ეკლესიაი და ჰმადლობს ძესა შენსა და ღმერთსა, მოგუმადლა რაი ღმრთივბრწყინვალეი კუართი შენი კუართისა თვისისა თანა;
გიხაროდენ, დედოფალო ჩუენო, რომელმანცა ნიჭად პატიოსნად და უფსკრულად მადლთა სულისა წმიდისათა მოუბოძე წმიდაი სამოსელი შენი ქუეყანასა ჩუენსა, რაითა ნაწილსა შენსა დამკვიდრებულნი ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვა;
გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, რამეთუ მარადის უხრწნელად და განურყუნელად ჰფარავ კუართსა შენსა, და მისგან აღმოგვიცენებ ჩუენ წყაროსა მადლთასა;
გიხაროდენ, ღმრთისმშობელო, რამეთუ ვითარცა საღმრთოი გვირგვინი დაუდგამს ყოვლად უბიწოი კვართი შენი ეკლესიასა ჩუენსა;
გიხაროდენ, რამეთუ ძალად უძლეველად შეუმოსიეს იგი ქართველთა;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედაო, რამეთუ მრავლნი სასწაულნი ქმენ მის მიერ სიყუარულისა ჩუენისა;
გიხაროდენ, ტკბილო და სახიერო ნუგეშო ერისა ჩუენისაო, რამეთუ საუნჯეი ეგე შენი გვექმნა, ვითარცა წყაროი უკუდავებისაი;
გიხაროდენ, მიმადლებულო, რამეთუ გარდამოეცემა მისგან მდინარენი ნიშთა და მადლთანი, და მორწყავს სულსა შემსხმელთა შენთასა;
გიხაროდენ, სამკვიდრებელო სულისა წმიდისაო, რამეთუ ძალგიძს შეწევნაი ყოველთა, რომელნი შეუვრდებიან სიწმიდესა ამას შენსა:
გიხაროდენ, სახიერო დედოფალო, წმიდითა კუართითა შენითა ივერიისა დამფარველო!
კონდაკი 13
ჰოი, დედათა შორის კურთხეულო, ყოვლაწმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, მრავალფერთა სენთა მაკურნებელ არს და სულთა არაწმიდათა სდევნის მადლი საკვირველთმოქმედისა კუართისა შენისა, მარადის იცავ რაი მისდამი შევრდომილთა, და ჩუენცა კრძალვითა მივემთხვევით შეწირვად მდაბალთა ვედრებათა ჩუენთა, და თაყუანის–ვსცემთ და ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა და წყალობასა, რაითა დაუსჯელად დავიცვნეთ ჩუენ ჟამსა განსჯისასა, და ძალთა თანა ზეცისათა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა: ალილუია.
ეს კონდაკი 3-გზის; შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ყოვლად უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, უმაღლესო წმიდათა ანგელოსთა და მთავარანგელოსთაო, და ყოველთა დაბადებულთა უპატიოსნესო, შეუწევნელთა შემწეო, უსასოთა სასოო, გლახაკთა შესავედრებელო, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო, მშიერთა გამომზრდელო, შიშველთა სამოსელო, სნეულთა მკურნალო, ცოდვილთა ცხორებაო და ყოველთა ქრისტეანეთა შემწეო და შესავედრებელო!
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედაო კაცთმოყუარისა ღმრთისაო! ვითარცა ძემან შენმან იხსნა სოფელი შუა–მდგომელობითა შენითა, და თვისი სამეუფოი ხატი, რქად ცხოვრებისად მოანიჭა საზეპუროსა ერსა ჩუენსა, ეგრეთვე შენცა კუართი თვისი მოჰმადლე სიმდიდრედ დაულევნელად ერსა და ეკლესიასა ჩუენსა, და ყოველი სასოებითა მისდა მილტოლვილი არა დავსცხრებით ვედრებად შენდა: ვითარცა ორგზის იხსენ სამეუფოი ქალაქი ბერძენთაი უსჯულოთა რისხვისაგან, მადლითა და ძლიერებითა კუართისა შენისაითა, რომლისა შეხებითა აღელდა ზღუაი და შთანთქა ხომალდნი და ნავნი მძვინვარისა მის მტერისა, ეგრეთცა დაეც მხდომნი და წინააღმდგომნი ქრისტეანობისაი, და უვნებელად დაიცევ ერი ჩუენი ზედა დასხმისაგან მტერისა, ხოლო ჩუენ გვექმენ საღმრთოდ ზღუდედ და მფარველად და გარემოგვზღუდენ საფრხეთაგან ეშმაკისათა, საცთურისაგან სოფლისა და მძლავრებისაგან ხორცთაისა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია და ყოვლად–სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, წინამძღუარნი მონასტერთანი, მწყემსნი და მოძღუარნი, მოღუაწენი და აღმსარებელნი, მონაზონთა სიმრავლენი და ყოველნი ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი, განანათლენ ქრისტეისმოყუარე მთავრობაი და მხედრობაი მისი; დაიცვენ კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედოფალო ჩუენო, მარიამ ღმრთისმშობელო! ყოვლად პატიოსნისა მის კუართისა შენისაგან მომდინარე მადლი და კურნებაი აღგუძრავს შესხმად სახიერებისა შენისა და სიწმიდისა, და ვაქებთ რაი ღმრთივ–ბრწყინვალეთა ნიშთა და სასწაულთა, მის მიერ აღსრულებულთა, სასოებითა შევსწირავთ შენდა ვედრებასა: შეგვეწიენ და გვიხსენ ჩუენ სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, განმხრწნელისა ქარისა, მახვილისა და ზედა დასხმისაგან მტერთაისა, უცნაურისა სიკუდილისა და ყოვლისაგან სიკუდიდ–შემოსილისა წყლულებისა. მოგუეც, დედოფალო, მშვიდობაი და სიმრთელეი მონათა ამათ შენთა – მართლმადიდებელთა, და განანათლენ გონებანი ჩუენნი, და თუალნი გულისა ჩუენისანი, რაითა განვეშორნეთ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ძისა შენისა და ქრისტეის ღმრთისა ჩუენისასა, რამეთუ მეუფებაი მისი კურთხეულ არს და დიდებულ, თანა დაუსაბამოთ მამით მისით და ყოვლად–წმიდით და ცხოველს–მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმნენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა
