სავედრებელი პარაკლისი წმიდისა იოანე მართლისა კრონშტადტელისა
მღდელმან: კურთხეულ არს–ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
გუნდი: ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 4
მწყემსად კეთილად გამოსჩნდი რაი ქუეყანასა შენსა, დღეთა შინა სამღდელოისა მსახურებისასა ქრისტე შეიძინე, ღმრთივგანბრძნობილო მამაო იოანე, და უხუებითა მოიღე რაი მისგან მადლი უძლურებათა განდევნისა და სულმოკლეთა ნუგეშინისცემისაი, წმიდისა სისხლისა და ხორცისა ზიარებისა საიდუმლოითა ქრისტეისა თანა შეაერთებდი მორწმუნეთა, ამისთვისცა გაქებთ შენ, ვითარცა სულთა ჩუენთათვის მლოცველსა და მსწრაფლ-შემწესა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სხუაი ტროპარი, ხმაი 1
მართლ-სარწმუნოებისა მტკიცეო დამცველო, და სამკაულო ეკლესიისაო, მღდელთა კანონო და სინანულისა ხატო მორწმუნეთაო; საღმრთოთა საიდუმლოთა კრძალულებითა მსახურო და ქადაგო ქრისტეისა თანა ცხორებისაო; ქუეყანისა შენისათვის დამაშურალო და დიდებაო ქალაქ კრონშტადტისაო; კაცთათვის კადნიერო მლოცველო, და მკურნალო ყოვლადსაკვირველო, წმიდაო მამაო იოანე, ევედრე ყოვლადსახიერსა ღმერთსა, რაითა მშვიდობაი მოჰმადლოს ქუეყანასა და წყალობაი სულთა ჩუენთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 1
ძლისპირი: მარჯუენეი შენი უძლეველი ღმრთივ-შუენიერი და ღირსად საგალობელ არს რომლითა შენ, უკუდავო, ძლიერებით აოტენ მტერნი იგი და ისრაელთათვის განჰმზადე გზაი ზღუასა მეწამულსა.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მომეც მე ზრახვაი კეთილი, მაცხოვარო ჩემო, რაითა ვუგალობო სიწმიდითა უხორცოთა მიმსგავსებულსა მართალსა მღდელსა იოანეს, ვითარცა ანგელოზსა ყოვლისამპყრობელისა ღმრთისასა.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გიყუარდა რაი ქრისტე, მართალო იოანე, სიტყვითა და საქმითა აღასრულებდი ბრძანებათა მისთა და ცხორებითა შენითა ჭეშმარიტისა მღდელობისა ხატ ექმენ ყოველთა მორწმუნეთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ჰბაძევდი რაი იოანე ნათლისმცემელსა, ღირსო მამაო იოანე, იქმენ ხატ სიწმიდისა, დათმენისა და ქალწულებრივისა უბიწოებისა, და სიწრფოებითა მსახურებდი ღმერთსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მიწყალენ ჩუენ, ღმრთისა დედაო, და სათნოდ ღმრთისა წარმართე ცხორებაი ჩუენი, რაითა შეწევნითა შენითა და წმიდისა იოანე მართლისა ლოცვითა დავიმკვიდროთ ცხორებაი საუკუნოი.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდურთა, ესე იგი არს კლდე, რომელი უფლისა მიერ იყო და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა, რომელსა ზედა დააფუძნა ეკლესიაი ქრისტემან, რომელი-იგი წარმართთაგან გამოიხსნა.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოციქულებრ დაშურებოდი რაი ცისკრითგან მიმწუხრადმდე, ჟამსა მღდელობისასა, არა მოკლებულ იქმნა სიყუარული შენი ღმრთისა მიმართ და მოყუასისა, აწ ჩუენცა მოგვიხსენე წინაშე მეუფისა საყდრისა, რაითა გვაქუნდეს გულსმოდგინებაი კეთილისა მიმართ.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მეძიებელი ზეციერისა სასუფეველისაი გამოსჩნდი რაი ქუეყანასა ზედა მოშურნედ მადლისა, ლოცვითა კურნებდი უძლურებათა, და სინანულად მოიყუანებდი შეცთომილთა, აწ წინაშე ღმრთისა წარდგომილმან ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
არა დაუტევებდი, ყოვლად ნეტარო, არცა ერთსა უარმყოფელსა ქრისტეის ღმრთისასა და წმიდისა ეკლესიისა მისისასა, რომელსა ძენი ამა საუკუნისანი ჰბრძვიან, არამედ ამა შეცთომილთათვისცა ურვეულითა გულითა აღავლენდი უფლისა მიმართ ვედრებასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ერთსულოვნებასა შინა დაიმარხენ ერთგულნი შვილნი ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა ეკლესიისანი, ყოვლადწმიდაო დედაო და ქალწულო, რაითა მარადის განვმტკიცდებოდეთ სიყუარულსა შინა ღმრთისა და მოყუასისასა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის და ყოვლადუსამღდელოესისა (მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი… განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომაი, ხმაი 8.
შენდა მოვივლტით უძლურნი ესე, წმიდაო, და მართალო მღდელო იოანე, ვითარცა ღმრთისა მიმართ ძლიერისა მლოცველისა, და ვითხოვთ კურნებასა სულთა და ხორცთა ჩუენთასა, სინანულისა მონიჭებითა ურვათაგან გათავისუფლებასა, მამულისა ჩუენისა და ყოველთა მკვიდრთა მისთათვის მშვიდობასა და ხსნისათვის მოშურნეობასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყრმააო მიმადლებულო, დედაო უსძლოო, სასოებაო ხსნისა ჩუენისაო, მომმადლენ ჩუენ სარწმუნოებასა შინა განმტკიცებაი, ღმრთისმოსავობითსა ცხორებასა შინა წარმატებაი და ურვათა და ჭირთა შინა ნუგეშინისცემაი, რამეთუ მარადის გადიდებთ შენ, ვითარცა მშობელსა ქრისტე მაცხოვარისასა.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: ღაღატ-ყო ამბაკუმ სულითა წინაისწარ და თქუა: მოხუედ მაცხოვრად ერისა რჩეულისა, სახიერ, და აწ ჩუენცა ვიხილეთ ჭეშმარიტად აღსრულებაი თქუმულთა მისთაი და ვღაღადებთ: უფალო, დიდებაი ძალსა შენსა.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ცუდად-ბრძნობაი კაცთაი, რომელნი აღდგომილ იყუნეს ბრძოლად ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტებისა, უკუნ-აქციე რაი სიტყვითა, ცხორებითა დაამტკიცებდი მართლმადიდებლობასა ერსა შინა შენსა, და ღაღადებდი: უფალო, დიდებაი ძალსა შენსა.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჰბაძევდი რაი წმიდასა ეგნატე ღმერთშემოსილსა, სახელი ქრისტეისი მარადის გაქუნდა გულსა შინა შენსა, და აღფხუერ რაი შენ შორის ყოველნი ზრახვანი ცოდვისანი, არა დასცხრებოდი გალობად: უფალო, დიდებაი ძალსა შენსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ძალმან ღმრთისამან, რომელ სრულ-იქმნების უძლურებასა შინა, ლოცვათა აღსრულებითა სასწაულთმოქმედად საკვირველად წარმოგაჩინა – მკურნალად სნეულთა და უძლურთა, და მოძღურად მონანულთა, და ყოველნი ღაღადებდენ: უფალო, დიდებაი ძალსა შენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მწედ მიმადლებულად ექმენ შენ მართალსა მღდელსა იოანეს, ღმრთისმშობელო, რომელი ილოცვიდა შენდა მომართ და ძესა შენსა მადლიერებითა უგალობდა: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: შენი მშვიდობაი მომეც ჩუენ, ძეო ღმრთისაო, რამეთუ სხუაი ღმერთი შენსა გარეშე ჩუენ არავინ ვიცით და სახელსა შენსა სახელ-ვსდებთ, რამეთუ ღმერთი ხარ ცხოველთა და მკუდართაი.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დაიმარხვიდი რაი მშვიდობასა გულსა შენსა ძვირუხსენებლობითა, ღაღადებდი: „კეთილ არს ესე ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე, უფალო“, და დაითმენდი შეურაცხ-ყოფათა მგმობელთა შენთასა.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
რწმენითა და წმიდათა საიდუმლოთა ზიარებითა ქრისტე შეიმოსე და ხმობდი: „იგი არს ჩემდა სავსებაი ყოველთა კეთილთაი, მშვიდობაი და ცხორებაი, ვინაი-იგი ზე-აღხდების ყოველსა გონებასა“.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მარადის ეზიარებოდი რაი ტრაპეზსა საუფლოსა, ნათელი ქრისტეისი მოიხუეჭე, წმიდაო მამაო იოანე, და განანათლე რაი სამწყსოი შენი, დიდად პატივსა გცემდენ ყოველნი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოველნი შეძრწუნდებიან საღმრთოითა დიდებითა შენითა, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ზიარ გვყავ ჩუენცა დიდებისა შენისა, რომელნი მარადის გნატრით შენ, ღმრთისმშობელო.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: წინაისწარმეტყუელისა იონაისა მიმსგავსებული ვხმობ: ცხორებაი ჩემი, სახიერ, იხსენ ხრწნილებისაგან, და მაცხოვნე მე, მაცხოვარო სოფლისაო, რომელი გიგალობ: დიდებაი შენდა.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დაუცხრომელითა ლოცვითა სულსა განიცხოველებდი, და ღაღადებდი: „უფალო, მომეც მე ძალი, რაითა მიყუარდეს ყოველი კაცი, ვითარცა თავი თვისი“, აწ ჩუენცა შეგვეწიე მოხუეჭად ამა სათნოებისა.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მარადის ღმრთისა სახელსა მოუწოდდი რაი ხსნისათვის შენისა, მით მსახურე კაცთა გამოხსნასა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, რაითა ვჰგიებდეთ ღმრთისა თანა ერთობასა და ურთიერთ-სიყუარულსა შინა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
განაბრძვნე რაი გონებაი ღმრთისა მიერ, ყოველთა მოუწოდდი, რაითა უბრალოებითა გულისაითა იწამონ ღმერთი, და ასწავებდი, რაითა განუყონ გლახაკთა უხუებით და დააპურონ ნაკლულევანნი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მხსნელისა ჩუენისა გამოუთქუმელად მშობელო ყოვლადწმიდაო ქალწულო, გვექმენ ჩუენ ცოდვილთა ხსნისა მისავლტოლველად და შუამდგომელად საუკუნოისა ცხორებისა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12–გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი, ხმაი 3
დღეს მწყემსი კრონშტადტისაი წარდგომილ არს წინაშე ღმრთისა საყდრისა და ყოველთა მორწმუნეთათვის გულსმოდგინედ ევედრების ქრისტესა მწყემსთავარსა, მომცემელსა აღთქუმისასა: „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.
იკოსი
ვაქებდეთ, მორწმუნენო, კრონშტადტელსა მღდელსა, სეხნასა მადლისასა, და ლამპარსა, სამებისა წმიდისა საყდრისა წინაშე მარადის მოტყინარესა, ვინაიცა ღმრთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა თანა ილოცვის ხსნისათვის უფლის სახელის მომწოდებელთა, რაითა განმტკიცდეს მართლმადიდებლობაი ქუეყანასა შინა ჩუენსა, ძლიერებითა მწყემსთავარისა ქრისტეისითა, რომელმან აღგვითქუა: „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.
წარდგომაი ხმაი 7; იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას.
მუხლი: შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისაი.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა
მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
სახარებაი მათესი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: თქვენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ხელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა მამისა იოანე მართლისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უშჯულოებანი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ვითარცა მღდელმან საღმრთომან, ბრწყინვალედ შეიმოსე სამღდელოი სამოსელი სიმართლისაი და მადლისაი, და მოციქულებრ ჰქადაგე წმიდაი სამებაი, აწ ჩუენთვისცა ნუ დასცხრები ვედრებად მისა მიმართ, შეუძრველად დაცვად ეკლესიათა, და მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა, მშვიდობაი სოფლისათვის და სიმტკიცეი და დიდი წყალობაი მორწმუნეთა.
მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყუელისა, წინამორბდისა და ნათლისმცემელისა იოანეისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომაისი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათაისითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: წმიდისა დედისა ჩუენისა, ქალწულისა ნინოისითა, და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა: ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და სპირიდონ ტრიმიფუნტელი საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარე, მარინე, ეკატერინე და თეკლაისითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისათა; წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა და წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართუელისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე, გაბრიელ, იოანე–თორნიკე, ეფთვიმი და გიორგისაითა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისა, და წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაითა; კეთილმორწმუნე მთავრისა ალექსანდრე ნეველისაითაითა; ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა სერგი რადონეჟელისა და სერაფიმესი, საროველი საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დედისა ჩუენისა მატრონასი, და ქსენია პეტერბურგელისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა, და ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა მართლისა იოანე კრონშტადტელისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: აბრამეანთა ყრმათა სახუმილსა მას შინა სამებაი გამოსახეს და ალი ცეცხლისაი ცუარად გარდააქციეს და გალობით იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გვასწავე ჩუენ, მწყემსო სულიერო, ქრისტეისა შინა ცხორებაი, სიტყვისამებრ შენისა: „დიდ არს ძლევაი ჩუენ შორის დამკვიდრებულისა ცოდვისაი“, აწ ილოცე, რაითა სული ჩუენი არა დაწვას ალმან მისმან.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
განწმედაი და ხსნაი ჩუენი არს ქრისტე მაცხოვარი, მას ევედრე, ყოვლადსაკვირველო მამაო, სულთა ჩუენთა აღორძინებისათვის სინანულითა და განმართებისათვის ცხორებისა ჩუენისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უვნებელობაი მოიხუეჭე, ჰოი, მწყემსო კეთილო იოანე, ძალითა სულისა წმიდისაითა და დაუცხრომელითა ლოცვითა, აწ ითხოე ჩუენთვის, რაითა გამოგვიხსნას ცოდვისმოყუარებისა ვნებათაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გვიჩუენე შენი წყალობაი, ღმრთისმშობელო ქალწულო, დედაო ცხორებისაო, რომელნი სარწმუნოებითა მოვივლტით შენდა, და სინანულსა შევსწირავთ ძესა შენსა და ღმერთსა.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: სახუმილსა მას შინა ცეცხლისასა დაიცვნეს სამნი ყრმანი უვნებელად, რამეთუ გარდამოხდა მსგავსი ანგელოზისაი, ხოლო მათ ღაღატ-ყვეს: საქმენი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოწყალითა ხელითა განიკითხავდი ჭირვეულთა, იოანე, და არა უწყოდა მარცხენემან შენმან, თუ რასა იქმოდა მარჯუენეი, გარდასცვალე რაი ამაოი ესე საწუთოი მოსაგებელი ზეციერსა საუნჯესა ზედა.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
„ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს“, – იტყოდა უფალი, და გულსმოდგინებითა მოიხუეჭდი მადლსა სულისა წმიდისასა, აწ ჩუენცა განგვამდიდრე მადლითა ლოცვათა შენთაითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
საცოი დასდევ ბაგეთა შენთა, ნეტარო იოანე, რაითა არასადა იტყოდე უქმსა სიტყუასა, არამედ მარადის გამოიძიებდი სჯულსა უფლისასა, აწ ჩუენცა გვასწავე, წმიდაო, სლვაი მას შინა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ, ღმრთისმშობელსა, უზესთაესსა ზეცათაისა და უწმიდესსა მზისა ნათლისა, დაუდუმებელითა გალობითა გიგალობენ ქერობინნი და სერაბიმნი, და მათ თანა გნატრით ჩუენცა, უღირსნი ესე.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: ცხორებისა წყაროსა დაუწყუედელსა, სასანთლესა ბრწყინვალესა მადლისასა, ტაძარსა სულიერსა, კარავსა წმიდასა ცათა და ქუეყანისა უვრცელესსა, ღმრთისმშობელსა მარიამს ჩუენ ყოველნი, ვადიდებთ.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გაქუნდა რაი შენ შორის ხატი მწყემსმთავრისა ქრისტეისი, მამაო იოანე, ყოველსა დღესა განჰმზადებდი სულსა თვისსა დადებად სამწყსოისათვის შენისა და მოქცევად ღმრთისა მიმართ ცოდვათა შინა წარწყმედულთა.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
არა განგვაგდო ჩუენ შემომწირველნი შენდა სავედრებელისა გალობისა, არამედ წყალობაი გვითხოე ქრისტეს ღმრთისაგან მოსატევებელად მრავალთა შეცოდებათა ჩუენთა, რაითა წმიდითა გულითა ვადიდებდეთ ძალსა მისსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
თუალნი შენნი მარადის აღპყრობილ გაქუნდა უფლისა მიმართ, და გული შენი მარადის განხმულ იყო სიყუარულისათვის მისისა, აწ ჩუენცა გევედრებით, ვითარცა მეოხსა ჩუენსა, რაითა განგვიღოს კარნი სინანულისანი ლოცვითა შენითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ქრისტე, ღმერთი ჩუენი, მამისაგან შობილი თვინიერ დედისა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, უმამოდ იშვა შენგან ხსნისათვის ჩუენისა, მას ევედრე, წმიდაო სძალო ღმრთისაო, რაითა მოვიღოთ ცხოვნებაი მაქებელთა შენთა.
ღირს არს ჭეშმარიტად რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
განმანათლებელი
ყოვლადვე აღივსე შენ ქრისტეს ნათლითა, საღმრთოდ განანათლე რაი თავი თვისი, ლოცვათა შენთა მიერ ჩუენცა განგვანათლე ნათლითა სულისა წმიდისა მადლისაისა, იოანე ნათელშემოსილო.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ანგელოზნი ცათა შინა და კაცნი ქუეყანასა ზედა, ღმრთისმშობელო, ვითარცა დედასა ნათლისასა, დაუცხრომელად გადიდებთ და გევედრებით განათლებასა დაბნელებულთა გონებათა ჩუენთასა, რაითა, წმიდითა გულითა გაქებდეთ შენ და ვადიდებდეთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო–თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ქრისტეს დიდო სათნომყოფელო მამაო იოანე კრონშტადტელო, მწყემსო საკვირველო და ჭირვეულთა მსწრაფლ შემწეო და შუამდგომელო! დიდებასა აღუვლენდი რაი ერთარსებასა და სამგვამოვანსა ღმერთსა, ღაღადებდი: „სახელი შენი არს სიყუარული, არა განმაგდო მე, შეცთომილი; სახელი შენი არს ძლიერებაი, განმამტკიცე მე, მოუძლურებული და დაცემად განმზადებული; სახელი შენი არს ნათელი, განანათლე სული ჩემი, დაბნელებული საწუთოთა ვნებათა მიერ; სახელი შენი მშვიდობაი არს, მშვიდობაი მოჰმადლე ბორგნეულსა სულსა ჩემსა; სახელი შენი არს მოწყალებაი, არა მოკლებულ მყო წყალობათა შენთა“, და აწ ჩუენცა მადლსა და დიდებასა შევსწირავთ შენთვის წმიდასა სამებასა, მომადლებისათვის ჩუენდა ესევითარისა შუამდგომელისა.
ჰოი, ქრისტეშემოსილო და მართალო სათნო-მყოფელო ღმრთისაო იოანე! განგვანათლე უძლურნი და ცოდვილნი ესე ნათლით სიყუარულისა შენისაითა, და ღირს-გვყავ, გამოვიღოთ ნაყოფი ღირსი სინანულისაი, რაითა დაუსჯელად ვეზიაროთ ქრისტეს წმიდათა საიდუმლოთა; განამტკიცე ჩუენ შორის სარწმუნოებაი ძლიერებითა შენითა, და მწე გვექმენ ლოცვათა შინა; უძლურებანი და სენნი ჩუენნი განჰკურნე და განგვარინე ხილულთა და უხილავთა მტერთაგან; ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა შენისაითა აღსრულებად ღუაწლისა განამხნე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, ქრისტეისმოყუარე მხედრობანი, და ყოველნი შვილნი ქრისტეს წმიდისა მართლმადიდებელისა ეკლესიისანი სარწმუნოებასა და ღმრთისმოსავობასა შინა განამტკიცე, და დაიფარე ყოველთა ერესთა, განწვალებათა და ცრუთა სწავლათაგან.
ჰოი, სასწაულთმოქმედო და საკვირველო წინაისწარმეტყუელო იოანე, ვითარცა გაქუს კადნიერებაი წინაშე ღმრთისა, შეგვაწყნარე სახიიერებასა მისსა, რაითა დაამშვიდოს ერნი ქუეყანისა ჩუენისანი; განარინოს იგინი ძმათამკულელთა ბრძოლათაგან მადლითა სულისა წმიდისაითა, განბნეულნი შეკრიბოს, შეცთომილი მოაქციოს და ზიარ ჰყოს წმიდასა სამოციქულოსა ეკლესიასა; მეუღლენი დაიმარხოს მშვიდობასა და ერთსულოვნებასა შინა, მონაზონთა სულიერი წარმატებაი მიჰმადლოს ყოველთა კეთილთა საქმეთა შინა, სულმოკლეთა ნუგეშინის-სცეს, ბოროტთა სულთაგან შეპყრობილნი განათავისუფლოს, იწროებათა და განსაცდელთა შინა მყოფნი შეიწყალოს და მაცხოვნებელთა გზათა მიმართ წარმართოს, და ჩუენცა წარგვიძღვეს მიუმწუხრებელისა მიმართ ნათლისა საუკუნოისა მის ცხორებისაისა, რაითა შენ თანა ღირს-ვიქმნნეთ დაუსრულებელისა ნეტარებისა, და ვაქებდეთ და აღვამაღლებდეთ ღმერთსა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მღდელმან: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის). გუაკურთხენ.
მღდელმან: ჩამოილოცოს
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ღირსისა მამისა იოანე კრონშტადტელისაითა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:
ყოველთა მოგვიგიე შენ მსწრაფლ-შემწედ და მცველად მიურულებელად, ჰოი, საკვირველთმოქმედო მამაო იოანე, და სარწმუნოებითა შეუვრდებით ყოვლად პატიოსანსა ხატსა შენსა, რაითა უვნებელად დაგვიცვა ყოვლისაგან ჭირისა და გვიხსნა ყოველთა სენთა, ურვათაგან და განსაცდელთა.
დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანისმცემელთა და სურვილითა ამბორისმყოფელთა, პატიოსანისა ხატისა მართლისა მღდელისა იოანე კრონშტადტელისასა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანამავალ მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
სადიდებელი
გადიდებთ შენ, წმიდა მართალო მამაო იოანე, და პატივის-ვჰსცემთ წმიდასა ხსენებასა შენსა, რამეთუ მვედრებელ ხარ ჩუენთვის წინაშე ქრისტეს, ღმრთისა ჩუენისა.
პარაკლისი სლავურიდან თარგმნა ნონა ნამგალაძემ
გადაამუშავა და შეავსო თინათინ მჭედლიშვილმა