ღირსი იოანე სინელი
კიბე ანუ კლემაქსი
სიტყვა 16, ვეცხლისმოყვარების შესახებ
-
ბრძენ მასწავლებელთა უმრავლესობა ჩვენს მიერ აღწერილ სიძვის მტანჯველის შემდეგ სწორედ ვეცხლისმოყვარებას, ამ მრავალთავიან ვეშაპს დაგვანახებს, ამიტომ ჩვენც ეს ბრძნული დადგენილება რომ არ შევცვალოთ, მათ უნდა მივდიოთ. ამგვარად თუ გსურთ, მცირეოდენი ამ სენის შესახებაც ვთქვათ, შემდეგ კი მოკლედ მის წამალზეც ვისაუბროთ.
-
ვეცხლისმოყვარება კერპთაყვანისმცემლობაა – ურწმუნოების ასული, საკუთარი უძლურების შეწყნარება, სიბერის მომასწავებელი, შიმშილის წინამაუწყებელი, უწვიმობის მომტანი.
-
ვეცხსლისმოყვარე სახარების მგმობელი და ნებით განდგომილია.
-
მან სიყვარული ფულზე გაყიდა. ხოლო ვისაც ჰგონია, რომ ორივეს მფლობელია, თავს იტყუებს.
-
ვინც თავის თავს მისტირის, საკუთარ ხორცსაც კი უარყოფს და თუ დასჭირდა, მასაც არ ინდობს.
-
ნუ იტყვი, რომ ფულს ღატაკთათვის აგროვებ, რადგან ქვრივი დედაკაცის ორმა ლეპტამ შეიძინა სასუფეველი ცათა.
-
უცხომოყვარე და ვეცხლისმოყვარე ერთმანეთს შეხვდნენ და მეორემ პირველს უგუნური უწოდა.
-
ვინც ამ ვნებას ამარცხებს, ის საზრუნავს მოიკვეთს, მისგან შებორკილი კი წმიდა გულით ვერასოდეს ილოცებს.
-
ვერცხლისმოყვარება თითქოსდა მოწყალების გაცემის სურვილით იწყება და ღატაკთა მიმართ სიძულვილით თავდება.
-
ვეცხლისმოყვარე მოწყალეა, ვიდრე ფულს აგროვებს, მაგრამ როდესაც შეკრებს მას, ხელმომჭირნე ხდება.
-
მინახავს ისეთი უქონელნი, რომლებიც სულით ღატაკებთან თანაცხოვრებით სულიერად გამდიდრდნენ და საკუთარი უქონელობა არად შერაცხეს,
-
ფულისმოყვარე ბერისთვის უცხოა სიზარმაცე, მას გამუდმებით ახსოვს სიტყვები მოციქულისა: უკეთუ ვისმე არ უნებს საქმის, ნუცა ჭამნ (2თეს. 3,10), ან სხვა: სახმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ხელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს (საქმ. 20.34).