სავედრებელი პარაკლისი წმიდისა დიდისა მოწამისა იოანე ახლისა, სოჩაველისა
მღდელმან: კურთხეულ არს-ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 4
ცხორებისა შენისა კეთილად წარმმართებელო ვაჭარო გონიერო, მოწყალებათა გაცემითა, დაუცხრომელითა ლოცვითა და სატანჯველთა მიმართ უშიშად ლტოლვითა ამხილე წარმართთა უღმრთოებასა, და გამოსჩნდი შეუძრველად სიმტკიცედ ქრისტეს ეკლესიისა, სიქადულო ყოველთა ქრისტეანეთაო, დიდო მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
დიდებაი… ტროპარი (იგივე) აწდა…
არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხვუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობა 1, უგალობდითსა, ხმაი 4
ძლისპირი: აღვაღებ პირსა ჩემსა, რაითა აღივსოს სულითა და აღმოთქუას დიდებაი დედისა და დედოფლისაი, და სიხარულითა ვუგალობდე სასწაულთა შენთა.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ახლადგამოჩინებულო მოწამეო, რომელ გამოუბრწყინდი ქუეყანასა უკანაისთა ამათ დღეთა შინა, მოგუმადლე სიტყუაი კეთილი მადლითა შენითა, რაითა ღირსად ვაქებდეთ ღუაწლსა შენსა.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ქრისტეს ჭეშმარიტ მხედრად იქმენ შენ, იოანე, განმაქარვებლად წარმართთა სიცბილისა, აწ განაქარვე აღძრვანი უღმრთოთანი, და დაამორჩილენ ქუეშე ფერხთა ქრისტეს მხედრობათასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მშვილდნი უკეთურთანი შეჰმუსრნე, მხედარო უძლეველო, აღდგომილ იყუნეს რაი სარწმუნოებასა შენსა ზედა, რომელ აღირჩიე და შეიყუარე, და ვიდრე სიკუდიდმდე აქებდი ძალსა მისსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მთაი ყოველთა უმაღლესი, რომელ იხილა დანიილ, და ლოდი მისგან გამოკუეთილი თვინიერ კაცის ხელისა, მოგასწავებდა, ღმრთისმშობელო, თვინიერ სიძისა გვიშევ რაი ევმანუელი ხორცითა.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: ცხოველო და უშურველო წყაროო მგალობელთა შენთაო, სულითა განამტკიცე გუნდი მოსავთა შენთაი, და ღირს ჰყავ გვირგვინსა დიდებისასა ღმრთეებრივითა დიდებითა შენითა.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
სიყრმითგან სიყუარულითა შეიტკბე რაი გულსა შინა ჯუარი უფლისაი, ყოველთა უზესთაეს ჰრაცხდი ლოცვასა და ქუელის-საქმეთა, და მარადის სათნო ეყოფოდი ღმერთსა.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
წარემართე რაი ჩრდილოთა მიმართ ქუეყანათა განსყიდად სავაჭროისა შენისა, შურითა საეშმაკოითა აღიძრა ლათინი იგი მესაჭეი გემისაი, რაითა განგაშორნეს მართლისა სარწმუნოებისგან.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ცილი შეგწამა რაი მწვალებელმან წინაშე წარმართისა მის ეპარქისა, წარგადგინეს წინაშე მისა, და ღაღადებდი: არა თაყუანის-ვსცემ ქმნილებასა უფროის შემოქმედისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სიტყუანი ეზეკიელისანი: ბჭე ესე დახშულ იყოს, შენ ზედა აღესრულა, დედოფალო, რამეთუ მამისა სიტყუაი შევიდა შენ შორის გამოუთქუმელად და ხორცშესხმული მოევლინა სოფელსა, შენ მიერ, ქალწულო, და დაგიცვა შენ დახშულ.
მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომაი, ხმაი 8
იყავ რაი მოყუარული სიბრძნისაი, სათნოებათა და საღმრთოისა გულისხმის-ყოფისა საუნჯისა მომხვეჭელმან, ღუაწლისა მიმართ წადიერებითა მიისწრაფე და მოწამებრივთა წყლულებათა მიღებითა, ხორცისა დამუსრვითა და სისხლისა ნაკადულისა დათხევითა აწ მოწამეთა თანა ჰსუფევ ნათელსა მას შინა გამოუთქუმელსა. ამისთვის გიღაღადებთ: ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა მოტევებაი მოგუმადლოს სარწმუნოებითა თაყუანისმცემელთა წმიდათა ნაწილთა შენთათა.
დიდებაი… აწდა…
მოვიხსენებ სამსჯავროსა და ძრწოლაი მიპყრობს, შევსძრწუნდები ტანჯუათაგან და სალმობათაგან ცეცხლისა, წყუდიადისაგან და უფსკრულისაგან ჯოჯოხეთისა. ვაი ჩემდა, რაი ვჰყო? ვითარ დავითმინო შერცხვენაი, რაჟამს წიგნნი განხმულ იქმნებიან და საქმენი – მხილებულ? ამისთვის შეგივრდები შენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო: შუამდგომელ მექმენ მე მას ჟამსა და იმა იწროებათაგან განმარინე, რამეთუ შენ მოგვიგიე მისავლტოლველად, დედოფალო.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: იესუ, მჯდომარე დიდებით საყდართა ღმრთეებისათა, მოვიდა ღრუბლითა სულმცირითა, რომელ არს ქალწული გამოუცდელი ხსნად ჩუენდა, მღაღადებელთა: დიდებაი ძალსა შენსა, მხსნელო ჩუენ ყოველთაო.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ბადედ სიცრუვისა იქმნა ენაი ეშმაკის მანქანებითა აღძრულისა სპარსისაი, რომელ ესწრაფოდა ცდუნებასა შენსა, ხოლო შენ ეტყოდი: აწ ნუღარა ჰყოვნი, მოკუდინებასა ჩემსა, ცუდადმბრძნობელო, და ღაღადებდი: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
არად მიხმს წარმავალნი აღთქუმანი, რამეთუ უგუნურებასა განიზრახავ, ეტყოდი მტარვალსა და ღაღადებდი: ნაღვლისა უმწარეს არს ჩემთვის ესე ყოველი, რამეთუ მიგემნიეს სიტკბოებაი ღმრთისა მიმართ გალობისაი: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
არცაღა გისმინო შენ, რამეთუ გნებავს წარწყმედად მიდრეკაი ჩემი – აუწყებდი ცეცხლთაყუანისმცემელსა – არამედ უმჯობეს არს ჩემთვის, რაითა მოვკუდე ქრისტეისთვის და სიხარულითა ვგალობდე მოწამეთა თანა: დიდებაი, უფალო, ძალსა შენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ისრაელისა სლვაი ზღუასა მას შინა მეწამულსა, წინა-მოასწავებდა უქორწინებელსა შობასა შენსა, ყოველთა დედოფალო, რამეთუ ვითარცა იგი განვიდოდა ფერხთა დაულტობელად, ეგრეთვე ქრისტემანცა უთესლოდ შეისხნა ხორცნი ყოვლადწმიდათა სისხლთა შენთაგან.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: შეძრწუნდებიან ყოველნი ღმრთეებრივითა დიდებითა შენითა, რამეთუ შეიწყნარე მუცელსა შენსა ღმერთი ყოველთაი, უქორწინებელო სძალო, და შევ უჟამოი ძეი, რომელმან ყოველთა მგალობელთა შენთა მოგუმადლე მშვიდობაი.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მოუძლურდენ მკლავნი მტარვალთანი გუემითა შენითა, და მსაჯულიცა იგი შეურვებულ იქმნა, რამეთუ ვერღა მოიაზრებდა ახალთა სატანჯუელთა, რამეთუ ყოველსავე სიმხნითა დაითმენდი, წმიდაო იოანე, აღგზებული ღმრთისა სიყუარულითა.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მოკრებულ იყო სამსჯავროსა სიმრავლეი ერისაი და განცვიბრებითა სჭურეტდა წამებასა შენსა, ხოლო მტარვალი იგი, მსაჯულისა საყდარსა მჯდომარეი, მოელოდებოდა ცთუნებასა შენსა, გარნა ამაოდ მოცადეობდა განკრთომასა შენსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
განაქიქებდი რაი უგუნურებასა ეპარქისასა, ამხილებდი სპარსთა სარწმუნოებისა სიცბილსა, და ეტყოდი: არა თაყუანის-ვჰსცე მზესა, რამეთუ ღმრთისა ხელთა მიერ შექმნილ არს სამსახურებელად კაცისა, ქმნილებათა მისთა შორის უმაღლესისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმერთი სიტყუაი, რომელ ღმერთ მამისა თანა მაღალთა შინა სუფევდა, შენ მიერ, ღმრთისმშობელო, ჩუენ თანა გარდამოხდა, ვითარცა ღმერთი და კაცი, განსათავისუფლებლად ჩუენ მდაბალთა პირველისა წყევისაგან, რამეთუ გიხილა შენ მამათმთავარმან იაკობ კიბედ, ზეცისა მიმართ კაცთა აღმყუანებელად.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: საღმრთოი ესე და ყოვლადპატიოსანი დღესასწაული ღმრთისმშობლისაი აღვასრულოთ, ღმრთივგანბრძნობილნო, მოვედინ და აღიტყუევლენით ხელნი დიდებად მისგან შობილისა ღმრთისა.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ვერა შეარყია სუეტი იგი წმიდისა დიდმოწამისა ღმრთისმოსავობისაი, ვერცა მძვინვარებამან ეპარქისამან, და ვერცა კუერთხითა გუემამან; ვერცა წყლულებათა, და ვერცა ქადებამან სიკუდილისამან.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
იშუებდა დასი მოწამეთაი ჟამსა მას მარტვილობისა შენისასა, მჭურეტელი სიმხნისა შენისაი, ღმერთშემოსილო, და ანგელოზთა თანა გარდამოვიდოდენ და ფარულად განგამტკიცებდენ ღუაწლსა მას შინა, ყოვლად ნეტარო.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
რკინისა საკრველთა ოქროისა ყელსაბამად ჰრაცხვიდი შენ, ჰოი, ყოვლადდიდებულო მოწამეო, რამეთუ ქუანი იგი, ჰურიათაგან ტყორცნილნი, გექმნენ შენ კუარცხლბეკად, აღმყუანებელად ცათა შინა, ნეტარო იოანე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
საწმისი შემცვრეული, რომელ იხილა გედეონმან, მოასწავებდა სასწაულსა შენსა, ღმრთისმშობელო, რამეთუ შენ ზედა, ვითარცა წვიმაი საწმისსა ზედა, გარდამოხდა ერთი სამებისაგანი, და ხორცნი შეისხნა წიაღსა შინა შენსა.
მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი, ხმაი 4
მოწოდებულმან ღმრთისა მიერ ქუეყნიერი ხრწნადი საუნჯეი შენი მსწრაფლ დაუტევე, წმიდაო იოანე, ვითარცა საზუერეი თვისი მათე მეზუერემან, და მოიღე გვირგვინი უძლეველი ხელითა უფლისაითა.
იკოსი
ყოვლადბრძენი მეუფეი და დამდებელი ცხორებისაი, სულიერისა ვენახისა უფალი ყოვლადწმიდითა ბაგითა თვისითა იტყოდა იგავსა შინა: mეათერთმეტისა ჟამისა მუშაკთაცა მივსცე სასყიდელი, სწორი პირველისა ჟამისა მუშაკთა სასყიდლისაი, ხოლო აწ გვაუწყა საქმენი, იგავსა შინა შეფარულნი, გამოაჩინა რაი დიდებული მოწამეი იოანე უკუანაისკნელთა ამათ დღეთა შინა, და ძუელთა მათ მოწამეთა მსგავსად განადიდა იგი უხრწნელებითა და ნიჭითა კურნებისაისა, რამეთუ წარმავალითა წარუვალი მოიხუეჭა და შემკულ არს გვირგვინითა ძლევისაისა.
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.
წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 4.
საკვირველ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
მუხლი: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
სახარებაი მათესი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ; და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ, და მამამან შვილი; და აღსდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ; და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა დიდ-მოწამისა იოანე ახლისა, სოჩაველისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: აჩუენე რაი მარტვილებრივი სიმხნეი, წმიდაო დიდმოწამეო იოანე, მოთმინებითა შენითა მოიღე ცხორებაი წარუალი, და გვირგვინი დაუჭნობელი ქრისტეის ღმრთისაგან, აწ წინაშე მისა კადნიერებითა მდგომარემან გვითხოვე შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი და მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა, სიმტკიცეი მორწმუნეთაი და დიდი წყალობაი მგალობელთა შენთა.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; მოციქულთა სწორთა: ღირსისა დედისა ჩუენისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ-გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდისა მღდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისა, და წმიდათა ღუაწლისა-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, და ექვთიმე ღმრთისკაცისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა: ღირსთა იოვანე და გიორგი-იოანე ბეთანიელთა, ექვთიმეისა, და გაბრიელ აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), წმიდისა დიდმოწამისა იოანე სოჩაველისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: არაი მსახურეს ქმნილებასა უფროის შემოქმედისა ღმრთივგანბრძნობილთა ყრმათა, არამედ ახოვანებითა დათრგუნეს შინებაი ცეცხლითა და სახარულევანნი გალობდენ: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ჩჩვილთაგან ნატყორცნ ისრად შერაცხვიდი შენ ზედა მოწევნულთა ტანჯვათა, ჰოი, ღირსადსაკვირველო მოწამეო, და სიხარულითა ხმობდი: ყოვლადსაგალობელო უფალო და ღმერთო მამათაო, კურთხეულ ხარ შენ.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ხელთა განიპყრობდი მტარვალისა მიმართ, წმიდაო, და იტყოდი: rაისათვის დაშურები უქმად, უკრძალველო? რამეთუ მიჩნან მე სატანჯუელნი შენნი, ვითარცა სამოსელი პირად-პირადი, ხოლო სიკუდილი – გვირგვინი არს ჩემდა უკუდავებისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ცხენითა მიმოგათრევდენ რაი სპარსნი, ვითარცა ჭეშმარიტი მოწამეი ჭეშმარიტისა ღმრთისა ჩუენისა ქრისტეისი ღაღადებდი: წამებასა ამას ყუავილად კეთილსუნნელად შევრაცხავ, და სისხლისა ნაკადულთა – ემბაზად ნათლისღებისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ენაი მჭერმეტყუელი უხმოი იქმნების და ვერცაღა იძრვის, რაჟამს გჭურეტთ შენ, ღმრთივ-სახარულევანო, ვერა ძალ-გვიძს რაი წვთომაი მიუწთომელისა მუცლადღებისა და გამოუთქუმელისა შობისა შენისაი.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: ღმრთისმოსავნი ყრმანი სახუმილსა შინა იხსნა ღმერთმან, რომელ შობად იყო ღმრთისმშობელისაგან, აკურთხევდით უფალსა ყოველნი საქმენი მისნი და უგალობდით მას უკუნისამდე.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მხოლოსა ღამესა ამას ერთსა დავშთე ხორცთა შინა ჩემთა, – იტყოდი, ბრძენო მოწამეო, რამეთუ ცისკარსა ხორცისა საკრველნი ესე დაიხსნენ და დავიმკვიდრო საუკუნოი ცხორებაი ქრისტეისა თანა..
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
უწყალოდ დაგკლა მახვილითა წმიდაი ეგე ერთმან ვინმე იუდეველმან სიძულილითა ქრისტეისითა, და წმიდაი სული შენი აღიტაცეს რაი ანგელოზთა მისთა, ნეშტსა შენსა ათრევდენ მტარვალნი უბანთა შორის ქალაქისათა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ქუეყანასა ზედა ტანჯვანი ახოვანებითა დაითმინე და მეუფისა წინაშე წარსდეგ რაი ცათა შინა, მოგანიჭა შენ მადლი ეშმაკთა განდევნისა და უძლურთა კურნებისაი, და აჰა, ურიცხვნი სასწაულნი შენნი ყოველთა აუწყებენ მადლმოსილებასა შენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
განსწმიდდენ ცოდვანი ესაიასნი შეხებითა ნაკუერცხალისაითა, რომელ მარწუხითა მოიღო სერაბინმან, და შეახო რაი ბაგესა მისსა, წინა-მოგასწავებდა შენ ნაკუერცხალი ესე, ქალწულო, რომელმან საღმრთოი ნაკუერცხალი იტვირთე, განწმედისათვის კაცთა ცოდვათაგან.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: იშუებდით ნაშობნი ქუეყანისანი, და იხარებდით ყოველნი უსხეულონი ზეცისანი, რომელნი პატივის-ჰსცემთ წმიდასა ამას დღესასწაულსა ღმრთისმშობელისასა და ღაღადებითა ხმობდით: გიხაროდენ, ყოველთა დედოფალო, უბიწოო და მარადის ქალწულო.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
წმიდაი ნეშტი შენი დაკრძალეს რაი საკურთხეველსა შინა, მახლობელად სამსხუერპლოისა, ზეცათა შინა წმიდათა თანა მდგომარეი ქუეყანასა ზედა ნიშთა და სასწაულთა აღასრულებ და თანამბრძოლ და მფარველ ხარ შენდა შევრდომილთა.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
წმიდათა ნაწილთა შენთა ანგელოსნიცა მოიხილავდენ და გამოუთქუმელი კეთილსულნელებაი გამოხდებოდა რაი ლუსკუმისაგან შენისა, მის მიერ უკურნებელთა სენთაგან შეპყრობილთაცა ჰკურნებდი და აღადგინებდი ბრმათა და დავრდომილთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
იქმოდა რაი ღმერთი შენ მიერ კურნებათა და ძალთა აღურაცხელთა, შეიწყნარებდი შენდამი მოლტოლვილთა ვნებულთა სულთა, და მთავარნი და მეფენიცა მოგაგებდენ რაი პატივსა, წმიდათა ნაწილთა შენთა და ხატთა ამბორს-უყოფდენ შევრდომითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
რომელი ყოველთა წინაისწარმეტყუელთა სხვადასხვა სახედ გვიქადაგეს, ჩუენთვისა ხორციელ-ქმნილი შენ მიერ ვიხილეთ, ღმრთისმშობელო, ღმერთი სრულ-ქმნილი, განმათავისუფლებელი კაცთაი წინაპართა წყევისაგან, და აწ ჩუენცა ლოცვათა მიერ შენთა განვერებით საუკუნოსა მას სატანჯველსა.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
ზეთისხილად მრავალნაყოფიერად ექმნა ეკლესიასა ლუსკუმაი წმიდათა ნაწილთა შენთაი, რომლისაგან ყოველნი მორწმუნენი მოისთულებენ მრავალსახეთა სენთა და სალმობათა კურნებასა, აწ ჩუენცა გვსურის თაყუანის-სცემაი სიწმიდეთა შენთა, რაითა ყოველთა სენთაგან განგვარინოს უფალმან და განაქარვოს ურვაი ჩუენი ოხითა შენითა.
გნატრიან შენ მეფენი და მღდელთმთავარნი გაკურთხევენ, წმიდაო იოანე, უწყიან რაი ახოვანებაი და დათმენაი შენი ტანჯვათა შინა, და აჰა, აწ ჩუენცა წმიდასა ხსენებასა შენსა ვდღესასწაულობთ და გევედრებით: ყოველნი ერნი ქრისტეანეთანი დაფარულ ყავ ხდომათაგან მტერთაისა და მიმძლავრებისაგან უსჯულოებათა და საცთურთაისა.
ძლეულ იქმნა რაი უხორცოი ეშმაკი შენ მიერ ხორცთა შინა ტანჯვათა დათმენითა, ნეტარო იოანე, დაშრიტე ძალი მისი და სიმტკიცეი, და ხელმწიფებაი მისი განაქარვე ძალითა ღმრთისაითა, აწ ჩუენცა შეგვეწიე მისა მიმართ, რაითა წმიდაი ეკლესიაი ჩუენი და ერი დაიცვას უვნებელად, რაითა ვერცაღა გვავნოს ურიცხუმან ორგულმან და მტერმან.
ღუაწლი კეთილი მოიღუაწე სარწმუნოებითა, და ქრისტეს წყლულებითა მოქადულმან შეიმოსე რაი ძალი მისი, დაღაცათუ არა ღირს ვარ ვედრებად შენდა, ჰოი, მოწამეო ყოვლადსაკვირველო, მომმადლე სიმრთელეი და ყოველთა კეთილთა საქმეთა შინა წარმატებაი.
ქრისტე გაქუნდა რაი ზღუდედ უბრძოლველად, ჰოი, წმიდაო იოანე, ყოვლითა გულითა შეიყუარე დედაი მისი საყუარელი, და შეწევნითა მისითა სძლე რაი მძლავრთა მათ წინა-აღმდგომთა ღმრთისათა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, ნუ განგვაშორებს მეოხებასა წილხვედრთა თვისთა, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და მარადის ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ახოვანო მარტვილო ქრისტეის ღმრთისაო იოანე, ზაკუვითა მტერისაითა მიცემულ იქმენ რაი ხელთა შინა წარმართთასა, საწუთოთა მათ სიკეთეთა არად შემრაცხველმან წამებაი და სიკუდილი თავს იდევ სადიდებელად ღმრთისა, რომელმანცა განადიდა წმიდანი ნაწილნი შენნი უხრწნელებითა, და მათდამი შევრდომილთა მიჰმადლებს რაი სენთა კურნებასა და ჭირთაგან გამოხსნასა, აწ შეიწირე ვედრებაი ჩუენი, ვითარცა მეათერთმეტეისა ჟამისა მუშაკთაი, რომელთა არარაი სათნოი გვიქმნიეს წინაშე ღმრთისა და გვითხოვე მისგან, ცოდვათა ჩუენთა მოტევებაი და ხსნაი ყოვლისაგან სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, მტერთა ზედამოსლვისა, ძმათამკულელ ომთაგან და ყოვლისაგან ბოროტისა, რაითა ღირსებითა განვვლოთ ჟამი ესე საწუთოისა ჩუენისაი, და ვიდრე სიკუდიდმდე ღირს გვყოს ზიარებად ყოვლადწმიდათა და ცხოველს-მყოფელთა საიდუმლოთა მისთა, რაითა ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მღდელმან: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
გუაკურთხენ.
მღდელმან: ჩამოილოცოს.
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა დიდმოწამისა იოანე სოჩაველისა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:
სიხარულითა მიითუალევდი რაი ქრისტეისთვის გუემასა და სიკუდილსა, აწ წმიდასა ხატსა შენსა შევრდომილთა მეოხ გვეყავ მისა მიმართ, რაითა დაგვიფაროს მონებისაგან სულთა წარმწყმედელისა საცთურისა, და ღირს გვყოს შენ თანა სასუფეველის მკვიდრ-ყოფისა.
დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო მარიამ, ლოცვითა წმიდისა დიდ-მოწამისა იოანე სოჩაველისაითა წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა. ამინ!
სლავური სავედრებელი კანონიდან თარგმნა ნონა ნამგალაძემ
გადაამუშავა და შეავსო თინათინ მჭედლიშვილმა