სავედრებელი პარაკლისი წმიდათა მოციქულთასწორთა მეფისა კონსტანტინე დიდისა და დედისა მისისა ელენე დედოფლისა
მღდელმან: კურთხეულ არს–ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა–მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად–იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე–მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომაადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი; ხმაი 8
ჯუარისა შენისა სახეი ცათა შინა იხილა, და ვითარცა პავლემან, წოდებაი არა კაცთაგან მიიღო, რომელი იგი მეფეთა შორის მოციქულად შენდა გამოჩნდა, უფალო, და სამეუფოი ქალაქი ხელთა შენთა შეგვედრა, რომელი აცხოვნებ მარადის მშვიდობით, მეოხებითა ღმრთისმშობელისაითა შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ტროპარი
დასაბამ ქრისტეის მორწმუნეი იქმენ შენ შორის ყოველთა დედოფალთა, დიდებულო ელენე, რამეთუ ძისა შენისა თანა ძალმოსილებითა სამეუფოითა აღმოფხუერ წარმართული ცდომილებაი ყოველსა ქუეყანასა და მრავალნი ერნი მიჰგვარეთ ღმერთსა, მას ევედრე აწ ჩუენთვისცა, რაითა გვიხსნნეს ყოველთაგან ჭირთა და განსაცდელთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩვენ ესოდენთა ჭირთაგან, ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე–მცა–მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ–ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად–დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობა 1, უგალობდითსა, ხმაი 2
ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთაი, ღაღადებდა: მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.
წმიდანო მოციქულთასწორნო მეფეო კონსტანტინე და დედოფალო ელენე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის
ჰოი, მეუფეო, ქრისტე ღმერთო სახიერო, რომელი ესე აწ მძლავრობს და მეუფებს ჩუენ შორის ცოდვაი, ვედრებითა მსახურთა შენთათა, მიხსენ მისგან და განმაძლიერე მე.
წმიდანო მოციქულთასწორნო მეფეო კონსტანტინე და დედოფალო ელენე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის
ზეცისა სუფევისა მხურვალედ სურვილითა, ღირსო მეფეო, გონებითა უბიწოითა მსახურე მეუფესა და ღმერთსა ყოველთასა, და ძრწოდი ზარისაგან მისისა, დიდებულო.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ქრისტესა შეუდეგ, დედოფალო, და მოძღურებითა მისითა განათლებულმან წარმართენ სლვანი მრავალთანი გზასა მას სამეუფოსა, აწ ჩუენცა წარგვიმართე მცნებათა მიმართ მისთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბჭეო აღმოსავალისა საღმრთოისაო, განმიხვენ მე კარნი სინანულისანი და ბჭეთაგან სიკუდიდ–შემოსილისა ცოდვისათა, შუამდგომელობითა შენითა მიხსენ მე, ყოვლადწმიდაო ქალწულო.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაი შენებრ, კაცთ–მოყუარე.
წმიდანო მოციქულთასწორნო მეფეო კონსტანტინე და დედოფალო ელენე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის
ჯერეთცა წარმართი ბრძოდი რაი მტერსა, მეფეო, გამოჩინებაი ჯუარისაი იხილე ცათა შინა, ზედ–წერილითა sძლო ამითა! და ბრძანე გამოსახვაი მისი მუზარადთა და საჭურველთა ზედა.
წმიდანო მოციქულთასწორნო მეფეო კონსტანტინე და დედოფალო ელენე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის
გულისხმაჰყავ რაი განგებულებაი ღმრთისა მაღლისაი, ხელითა თვისითა ქმნული ჯუარი წარუმძღუანე სპასა თვისსა, და სძლიე წინააღმდგომნი ძალითა მისითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მოგემადლა რაი ძლევაი საკვირველი, მეფეო, ქრისტე ღმრთად აღიარე და სარწმუნოებასა მისსა უქადაგებდი რაი დედასა შენსა, დიდებად მისა აღძრვიდი და დააცხრეთ დევნულებაი ქრისტეანეთაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და ყოვლითურთ დასჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დასჯისა მიხსენ და მაცხოვნე მე.
მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის და ყოვლადუსამღდელოესისა (მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი… განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომაი
ქრისტიანეთა შორის მეფემან პირველმან ღმრთისა მიერ მოიღე სკიპტრაი, კონსტანტინე, და გამოგიჩნდა ქუეყანასა შინა დაფარული სასწაული მაცხოვარებისაი, რომლითა წარმართნი ყოველნი დამორჩილებულ–ჰყვენ ფერხთა ქუეშე რომაელთასა, საჭურველისა მქონებელმან ცხოველსმყოფელისა ჯუარისამან, სანატრელო, რომლისა მიერ მიყვანებულ იქმენ შენ ღმრთისადმი, აწ ჩუენცა გვიოხე მისა მიმართ, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს სურვილით მაქებელთა ხსენებისა თქუენისათა.
გალობა 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაი, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.
წმიდანო მოციქულთასწორნო მეფეო კონსტანტინე და დედოფალო ელენე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის
უძლურებასა შინა გეჩუენნეს რაი თავნი იგი წმიდათა მოციქულთანი პეტრე და პავლე, გრქუეს შენ, მეფეო, მოუწოდე სილიბისტროს და ნათელ–იღე მისგან, რაითა სულისათანა განიკურნო ხორცითა.
წმიდაო მოციქულთა სწორო ელენე დედოფალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მაშინ მოუწოდე ჰრომთა პაპსა სილიბისტროს, მეფეო სანატრელო, და ისწავე რაი მისგან ცხორებაი სულიერი, ნათელს გცა იორდანესა შინა, და აღგძრა გალობად ღმრთისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
განათლდა რაი გონებაი შენი ნათლისღებითა, მეფეო, იცან მეუფეეი ცათაი, რომელმანცა მოგანიჭა სიმრთელეი და აღიარე მხსნელად და მძლედ ყოველთა მთავრობათა და ხელმწიფებათა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცისკროვან–ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან ჰშევ მზეი სიმართლისაი, მარადის ქალწულო.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: განგუანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაი შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ–მოყვარე.
წმიდანო მოციქულთასწორნო მეფეო კონსტანტინე და დედოფალო ელენე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის
ჰქმენით რაი სიტყვისგებაი იუდიანთა თანა, არცხვინა პირთა მათთა მგმობართა პაპმან სილიბისტრო, რამეთუ ერთ ღმრთეებად ჰქადაგა სამებაი და ქრისტე ორითა ბუნებითა.
წმიდანო მოციქულთასწორნო მეფეო კონსტანტინე და დედოფალო ელენე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის
აღბორგნა რაი ეშმაკისაგან არიოზ და აღაშფოთებდა ყოველთა, შეკრიბნე ებისკოპოსნი ქალაქსა ნიკიასა, მეფეო კონსტანტინე, და აღამაღლე გვირგვინი მართლმადიდებელთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
საღმრთოსა მას ჩუენებასა შინა გებრძანა წარსლვაი იერუსალეიმსა, დედოფალო, და ყოველთათვის ცხადყოფაი ადგილთა მათ წმიდათა, სადა იგი ჯუარს–ეცვა ქრისტე, და ყოველთა სიწმიდეთა მისთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განსწმიდე სული ჩემი, ღმრთისმშობელო ქალწულო, შეგინებული სიტკბოებითა ხორციელითა, ძალითა გუელისაითა.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა.
წმიდანო მოციქულთასწორნო მეფეო კონსტანტინე და დედოფალო ელენე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის
საუფლოი ეგე ბრძანებაი აუწყე რაი ძესა შენსა, წარგგზავნა იერუსალეიმსა დიდითა საუნჯითა, და წმიდათა ადგილთა და ჯუარისათვის ჰკითხვიდი რაი ებისკოპოსსა მაკარისა, არა უწყოდა მან, დედოფალო, და იწყო ლოცვაი ღმრთისა მიმართ.
წმიდანო მოციქულთასწორნო მეფეო კონსტანტინე და დედოფალო ელენე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის
შეკრებდი ძეთა ისრაელისათა იერუსალიმსა შინა, დედოფალო, და ამხილებდი რაი სიტყუთა წინაისწარმეტყველთა მათთაისა, გამოირჩიეს იუდა, ვითარცა მცოდნეი წერილისაი, და ეტყოდი, რაითა გიჩუენოს ჯუარი უფლისაი, დაფარული შურითა და სიძულვილითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
დაღათუ უმეცარ ჰყოფდა იუდა თავსა თვისსა, შთასვი საპყრობილეს, და მეშვიდესა დღესა განგიმხილა რაი საყოფელი იგი საფლავისაი, ჟამსავე მას ადგილი იგი სანატრელი განეცხადა ებისკოპოსსა მაკარისა, და მიისწრაფეთ მთასა სიონისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისაითა, მძვინვარედ მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს–მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო.
მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი; ხმაი 8
კონსტანტინემან და დედამან მისმან ელენემან პატიოსანი ძელი გამოაჩინეს ყოველთა იუდიანთა მარცხუენელად, რამეთუ საჭურველ არს მეფეთა ბრძოლათა შინა, და ჩუენდა გამოსჩნდა სასწაული დიდი, და სიქადული უხილავთა და ხილულთა მტერთა ზედა.
სხუაი კონდაკი
სიხარულითა აღივსნეს მყოფნი იერუსალეიმისნი, რაჟამს მოიძიე ძელი ცხორებისაი, წმიდაო ელენე დედოფალო, და სუნნელებაი დიდძალი მიეფინებოდა რაი ყოველსა ერსა ზედა, კრძალვით თაყუანს–სცემდენ პატიოსანსა ჯუარსა ქრისტეის ღმრთისასა და ევედრებოდენ მას შეწყალებასა და მიტევებასა ცოდვათასა.
იკოსი
განათლებულ იქმენ რაი სულისა ბრწყინვალებითა, ყოველი ეკლესიაი ქრისტეისი მცხინვარე ჰყავ, მეფეო კონსტანტინე, და კრებული წმიდათა მამათა და მღდელმთავართანი შეკრიბენ ნიკეა ქალაქსა, სადა იგი დაშრტა აღძრვაი ბოროტმსახურთაი, და მწვალებელთა ენანი მოუძლურდა და სულელ იქმნნა, ხოლო მართლმადიდებელთა აღმაღლდა გვირგვინი, და სახელგდვეს მამად ყოველთა მეფეთა, ვითარცა ღმრთისა მიერ პირველ–მომღებელი პორფირისა, ამისთვის ხსენებისა შენისა სარწმუნოებითა აღმასრულებელთა გვითხოვე სულთა ჩუენთა განწმედაი ცოდვათაგან.
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4
და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა
მუხლი: ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან ჩუენმან.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინე წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
სახარება იოანესი (თ. 10. 9-17)
ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა, მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი ჰპოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდეს, არამედ რაითა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაითა ცხორებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის. ხოლო სასყიდელით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი, იხილის–რაი მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ, და არარაი სჭირნ მას ცხოვართათვის. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი; იგინიცა ჯერ–არიან მოყუანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა ღმრთივგანბრძნობილთა კონსტანტინე მეფისა და ელენე დედოფლისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: რომელი იგი იწყლა ჯუარსა ზედა, შემოქმედი მზისა და დაბადებულთაი, სიმტკიცეი პირველი მოგცა მეფობისაი, წმიდაო კონსტანტინე, აწ გვითხოვე მისგან ელენეთურთ დედით ღმრთივგანბრძნობილით, შეურყეველად დაცვაი ეკლესიისაი, მართლმადიდებლობასა შინა განმტკიცებაი ერისა ჩუენისაი, მშვიდობაი სოფლისათვის და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტიანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; ჯუარისა ნინოისითა და ჯუარისა მცხეთისაითა, ზეგარდამოქსოვილისა კუართისა უფლისაითა და ღმრთივბრწყინვალისა სუეტისა ცხოველისაითა მირონმდინარისა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა,; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა–სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისაითა და აბიათარ მღდელისა და სიდონიაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთ–მოქმედისა, და წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა, და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაითა; წმიდისა არქიმანდრიტისა, ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა; წმიდათა მოციქულთასწორთა მეფისა კონსტანტინე დიდისა და ელენე დედოფლისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
წმიდანო მოციქულთასწორნო მეფეო კონსტანტინე და დედოფალო ელენე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის
ეჰა, სასწაული, ბრძანე რაი დარღვევაი კერპთა ტაძრისაი, დედოფალო, აღმოხდა სულნელებაი, და იწყეს რაი თხრაი მუშაკთა, გამოჩნდა ადგილი გოლგოთისაი, და გამობრწყინდენ სამნი ჯუარნი.
წმიდანო მოციქულთასწორნო მეფეო კონსტანტინე და დედოფალო ელენე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის
დაღათუ არა უწყოდით ჯუართა მათ შორის, რომელ იყო ჯუარი უფლისაი, დედოფალო, თვითეულად შეახეთ მკუდარსა და აღადგინა რაი მესამემან ჯუარმან, სნეულიცა განკურნა გარდასახვამან მისმან.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
გამოაჩინე რაი ცხოველსმყოფელი ჯუარი ქრისტეისი, ვითარცა საჭურველი ქრისტეანეთაი, ღირსსა მაკარის უბრძანე აღმართებაი მისი გოლგოთასა და სასოებითა თაყუანს–სცემდენ ყოველნი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩუეულებისაგან უჯეროისა, მოწყალებისა მომართ შენისა მოვივლტი განწირული, და გევედრები: მაცხოვნე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შვიდწილ აღაგზნა სახუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად–ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდანო მოციქულთასწორნო მეფეო კონსტანტინე და დედოფალო ელენე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის
განაგრძეთ რაი ძიებაი, დედოფალო, იხილეთ ნათელი იგი ელვარეი, და პოვეთ რაი სამსჭუალნი და ფიცარი პილატეს წარწერითა, ნაწილთა თანა ჯუარისათა წარუგზავნე იგინი ძესა შენსა, ხოლო ნაწილი ჯუარისაი შეამკევ და ვეცხლისა ლუსკუმითა მიეც მაკარი ებისკოპოსსა სადიდებლად ღმრთისა.
წმიდანო მოციქულთასწორნო მეფეო კონსტანტინე და დედოფალო ელენე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის
გულსმოდგინედ ძიებითა პოვე რაი ჰურიათაგან დაფარულნი წმიდანი ადგილნი, ნეტარო დედოფალო, ბრძანე ტაძართა აღშენებაი ღმრთის შემწყნარებელსა მას სამარხოსა, და ბეთლემსა, ქუაბსა მას ზედა, რომელსა შინა მოიღო ქრისტემან შობაი კაცობრივი, და მთასა მას ზეთის ხილთასა ელეონსა, სადაცა აღმაღლდა დიდებითა და წარემართე ჰრომსა, ძისა მიმართ შენისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
დიდსა მას ღელვასა შინა ევედრებოდი რაი უფალსა შეწევნასა, კვიპრესა მიწევნულმან ნაწილნი ჯუარისანი მიუბოძე ომოდოსისა და სტავროვუნისა მონასტერთა, და მაკურნებელი წყაროი აღმოხდა რაი ჟამსა მას ლოცვისა შენისასა, დედოფალო, აღაშენე ტაძარი პირველმოწამისა თეკლაისა და ძველსა მას ნატაძრალსა აღაგე მონასტერი სახელსა ზედა წმიდისა ნიკოლოზისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, ყოვლად საგალობელო დედოფალო, დაამშვიდე ცხორებაი და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა ოხითა კონსტანტინე მეფისა და ელენე დედოფლისაითა, რაითა მარადის გაკურთხევდე შენ, უბიწოო, და ვადიდებდე ძესა და ღმერთსა შენსა.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: განკვირდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოი შენი უმაღლეის ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.
წმიდანო მოციქულთასწორნო მეფეო კონსტანტინე და დედოფალო ელენე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის
სიხარულითა შეიწყნარე დედაი შენი, ჰოი, დიდო მეფეო კონსტანტინე, და განაწესე რაი დღესასწაული ჯუარისაი, ნაწილნი მისნი მიუბოძე პაპსა ჰრომისასა, წმიდაო, და დიდი საფასეი წარუგზავნეთ მაკარი იერუსალიმელსა, რაითა კეთილად დაასრულოს ტაძარნი სადიდებლად ღმრთისა.
წმიდანო მოციქულთასწორნო მეფეო კონსტანტინე და დედოფალო ელენე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის
დიდად იღუაწიდი და აღაშენებდი რაი კონსტანტინეპოლსა, მეფეო, მოიხილა მხცოვანმან დედამან შენმან, და ჭურეტდა რაი დიდებულთა ეკლესიათა და მონასტერთა, იხარებდა და გაქებდა კეთილად მსახურებისათვის ქრისტეისისა, აწ ჩუენცა შეგვავედრეთ ძალსა მისსა, რაითა მოგვანიჭოს მოშურნეობაი სჯულისა ჩუენისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უკუნ იქეც რაი პალატთა თვისთა, დედოფალო, დამძიმდი სნეულებითა, და სული თვისი შეჰვედრე რაი ქრისტესა, მშვიდობითა განისვენე ხელთა შინა ძისა შენისათა, და ფრიად გიგლოვდა რაი საყუარელსა დედასა თვისსა, შეგმოსა რაი სამეუფოითა პორფირითა, და ეკლესიასა შინა ჰრომისასა დაგკრძალა დიდითა პატივითა,
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, მდგომარეი არს მარჯვენით მამისა, და აწ ჩუენცა გევედრებით, ვითარცა დედასა მისსა: დღესა მას შინა სასჯელისასა მიხსენ მე ნაწილისაგან მარცხენისა, და აღმრაცხე მარჯვენითთა ცხოვართა თანა.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელმან აკმიოს;
მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
განასრულე რაი კონსტანტინეპოლი, მეფეო მორწმუნეო, ჰყავ იგი სამეუფო ქალაქად და უწოდე რაი aხალი ჰრომი, თვითცა მუნ გარდიტანე საყდარი თვისი და თანა წარიხუნე რაი ლუსკუმითა ნეშტიცა დედისაი, პატივითა დაასუენე დიდებულსა მას ტაძარსა მოციქულთასა, და სამადლობელსა შესწირვიდი ღმერთსა, მოგანიჭათ რაი ძალი და ხელმწიფებაი, ქუეყანასა ზედა ქრისტეს სარწმუნოებისა და ჯუარისა მისისა აღმაღლებისაი.
მოსწრაფებითა აღაშენებდი და განაშუენებდი რაი ეკლესიათა პალესტინეს, უფალსა შეჰვედრე სული თვისი მშვიდობითა, და წმიდაი ნეშტიცა შენი დაასუენეს რაი ტაძარსა მას, მახლობლად ელენე დედოფლისა, ყოველნი მოლტოლვილნი სამარხოთა თქუენთა მოიღებდენ ლხინებასა და ადიდებდენ უფალსა, განმაძლიერებელსა თქუენსა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარეთ სახიერებასა მისსა, რაითა ეკლესიაი თვისი დაიცვას მწვალებელთაგან, ხოლო ერი ჩუენი იხსნას ყოველთა ჭირთა, ურვათა და საცთურთაგან.
საღმრთოია ნათლითა განათლდი შენ, ჰოი, ღმრთივგონიერო ელენე, და ჭეშმარიტებისთვის დაუტევე რაი ბნელი საცთურისაი, ქრისტემან პატივ–გცა შენ უფროის ყოველთა დედოფალთა, და სასუფეველსა შინა ჰსუფევ რაი ძისა შენისა თანა ბრწყინვალისა, ქრისტეს ეკლესიამან, ვითარცა მოციქულთასწორნი, შეგრაცხათ წმიდათა შორის თვისთა, და ხსენებაი თქუენი განაჩინეს რაი ერთობითა, წლითი წლად აღვასრულებთ დღესასაწულსა თქუენსა და ვადიდებთ ღმერთსა, განმაბრძნობელსა თქუენსა.
ღუაწლი თქუენი ჭეშმარიტებასა შინა ქართველთა განმტკიცებისათვის არცა–ღა დაინთქა სიღრმესა დავიწყებისასა, რამეთუ ძუელნი მატიანენი გვაუწყებენ თუ ვითარ წარმოგზავნეთ პატრეარქი ანტიოქიისაი ქუეყანასა ჩუენსა, ჰოი, მეფეო კონსტანტინე, და მეფისა მირიანისათვის წარმოატანეთ რაი ხატი მაცხოვრისაი, ფიცარნი ფერხთაი და სამსჭუალნი ხელთაი, ნაწილი ძელისა მის ცხორებისაი მიანიჭეთ ქალწულსა ნინოს – განამანათლებელსა ჩუენსა, და უწოდეთ თანაზიარად მოციქულთა, აწ ჩუენცა შეგვედრებთ ერსა ჩუენსა, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა და საწუთოი ესე ცხორებაი განვვლოთ მშვიდობითა.
საცხებელი სიხარულისაი სცხე, მხსნელო, წმიდასა მეფესა კონსტანტინეს, და ღმრთისმოყუარესა ელენე დედოფალსა, რომელთა საცთური მოიძაგეს, და პირველ ღმრთისმსახურებითა განაგეს რაი მეფობაი მათი, აწ აქუთ კადნიერებაი დიდი, რაითა შეგვაწყნარონ მფარველსა ერისა ჩუენისასა, ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, მოგუანიჭოს მან სიბრძნეი და ძალი დაცვად სარწმუნოებისა ჩუენისა და მარადის ვაქებდეთ ღმერთსა სამ–წმიდა–არსობისა გალობითა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო–თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ეკლესიისა დიდნო მნათობნო და საღმრთოისა დიდებისა მხურვალენო მღაღადებელნო, წმიდაო უკეთილმსახურესო მეფეო კონსტანტინე, და ნეტარო დედოფალო ელენე, წარმართულთა ცდომათა აღმომფხურელნო და მართლისა სარწმუნოებისა განმავრცობელნო; ქრისტეს ცხოველსმყოფელისა ჯუარისა და ქრისტეანულთა სიწმიდეთა მომპოვნებელნო და წმიდასა ქალაქსა შინა იერუსალეიმსა პირველთა მათ ტაძართა აღმგებელნო; ჭეშმარიტებისა მცველნო, ქრისტეანეთა მიერ სასოებითა სანატრელნო და ყოველთა თქუენდა შევედრებულთა მეოხნო და ურცხვენელნო ხელისაღმპყრობელნო!
ჰოი, სიქადულო მეფეთაო კონსტანტინე მოციქულო, განვლე ჰასაკი სიჭაბუკისაი, ვითარცა პავლე საღმრთომან, და მაღლით მიიღე რაი ნიჭი საღმრთოი და ხდომაი მტერისაი დაამხუე საჭურველითა ჯუარისაითა, პირველმან დაუმორჩილე საყდარი ნებსით ქრისტესა, და იგი აღიარე ღმერთად და მეუფედ და სჯული მისი ასწავე რაი დედასა შენსა, საჭურველითა ჯუარისაითა დაამხუეთ ბრძოლაი ბოროტისა მბრძოლისაი, და ეკლესიაი დაამტკიცეთ რაი კლდესა მას ზედა წმიდათა კრებათასა, გაქუთ აწ კადნიერებაი ქრისტეს ღმრთისა მიმართ, რაითა შეურყეველად დაიმარხოს ეკლესიაი თვისი ყოვლისაგან წუალებისა, და ქუეყანაი ჩუენი, წილხვდომილი ღმრთისმშობლისაი დაიცვას მტერისა საფრხისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, ხოლო ჩუენ მოგუმადლოს სული მოწყალებისა, სიწმიდისა და სიმართლისაი, და აღგვიდგინოს ცხებული ღმრთისაი, რომელიცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძალავს საზღუართა საქართველოისასა და აღამაღლებს და აღადგენს ღირსებასა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალშემძლებელითა ძალითა თქუენითა დაიფარეთ და მსახურებასა შინა განაძლიერეთ დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია და ყოვლად–სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარ–ეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, წინამძღუარნი მონასტერთანი, მწყემსნი და მოძღუარნი, მოღუაწენი და აღმსარებელნი, მონაზონთა სიმრავლენი და ყოველნი ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი; განანათლეთ ქრისტეისმოყუარენი მთავრობანი და მხედრობანი; დაიფარეთ კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, მტკიცეო თვით მპყრობელო მეფეო, დიდებულო კონსტანტინე, ელენეთურთ დედით შენით შეუდეგ რაი მწოდებელსა მას შენსა, მამათა მოცემული ბნელი დაუტევეთ და განათლდით რაი საღმრთოითა ნათლითა, იღუაწიდით მოციქულთა მოშურნეობითა, და განცხადებულად გამოაჩინეთ რაი ნათლითა შემკული პატიოსანი ჯუარი წმიდასა მას ქალაქსა შინა იერუსალეიმსა, იხილეს და რწმენა ყოველსა სიმრავლესა ერისასა, რამეთუ თაყუანის–სცეს და დიდებასა მისცემდენ რაი საკვირველთ–მოქმედსა ღმერთსა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე ძალსა მისსა, რაითა დაგვიცვას სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, განმხრწნელისაგან ქარისა, ზედა მოსლვისაგან უცხო თესლთაისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, ტყვეობისაგან ეშმაკისა და უწმიდურთა სულთა ყოვლისა მოქმედებისაგან, უცნაურისა სენისა და უეცარისა სიკუდილისაგან, რაითა უბრკოლველად თანა–წარვხდეთ საცთურთა მათ საწუთოისათა, და ჟამსა მას აღსასრულისა ჩუენისასა განვერნეთ ბოროტთა მათ ჰაერის მცველთა, მეძიებელთა შთანთქმისა ჩუენისათა, რაითა სასუფეველსა შინა მარადის მართალთა თანა უგალობდეთ მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
მღდელი: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.
მღდელი: ჩამოილოცოს…
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდათა მოციქულთა–სწორთა ღმრთივბრწყინვალისა მეფისა კონსტანტინე დიდისა და დედისა მისისა ელენე დედოფლისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:
პავლეს მსგავსად ზეგარდამო მოგინადირა ქრისტემან, რომელი იგი იწყლა ჯუარსა ზედა, შემოქმედი მზისა და დაბადებულთა, და სიმტკიცეი პირველი მოგცა რაი მეფობისაი, უჩვენებდი გზასა მას ჭეშმარიტსა საყვარელსა დედასა შენსა, და ახოვნად იღუაწეთ რაი სადიდებელად ღმრთისა, აწ გვითხოვეთ მისგან, რაითა ყოველთა ვნებათაგან განგვათავისუფლოს, და მოგუაქციოს გზათაგან წარმწყმედელთა.
უმეტესად კურთხეულო დედაო ქრისტეის ღმრთისა ჩუენისაო, მარადის ქალწულო მარიამ, მოგუხედენ სასოებითა ამბორის–მყოფელთა პატიოსანისა ხატისა მეფისა ამის ყოვლად ბრძნისა, წმიდისა კონსტანტინე მორწმუნისა, და ღმრთისმოყუარისა დედისა მისისა – ელენე დედოფლისაითა, და ოხითა მათითა წარგვიიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა
რედაქტორი ნონა ნამგალაძე