იგავი მდიდარსა კაცსა და გლახაკსა ლაზარესა ზედა (ლუკ. ივ, ით-ლა).

მდიდარნი კაცნი ქვეყანაზედ არიან მცირედ. უმეტესი ნაწილი ადამის ძეთა ამ ქვეყანაზე ითმენს მრავალსა სიღარიბესა და ნაკლულევანებასა. ყოველთა ღარიბთა და საწყალთა კაცთა სახე ლაზარეს მოთმინებისა და წიაღთა შინა აბრაამისა ნეტარებისა მისცემს დიდსა ნუგეშსა. განგებ გამოხატა მაცხოვარმან უკიდურესი მისი სიღარიბე და სიგლახაკე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაზე მრავალნი ღარიბნი და გლახაკნი არიან, ლაზარეს უგლახაკესი ძვირად იპოვება. იგი იყო ფრიად დაგლახაკებული, გარნა სულგრძელ ითმენდა მწუხარებასა. იგი არ დრტვინვიდა ღმერთზე; მდიდარი კაცის შური არ ქონდა მას, და არც წყევლიდა მას იგი. საიდან ქონდა მას ესოდენი მოთმინება? რა აძლევდა მას ღონეს და რა გაამხნევებდა მას? — ცხოველი სარწმუნოება, ძმაო ჩემნო! იგი მოელოდა მომავალსა ცხოვრებასა. მან იცოდა, რომ ეს ცხოვრება წუთის არის და მომავალს საუკუნესა შინა გამოიცვლება ცხოვრება მისი. გარნა მდიდარი იგი, უეჭველია, იყო კაცი ურწმუნო, არ ფიქრობდა მომავალსა ცხოვრებასა ზედა, ამისთვისაც დაემსგავსა ცხოვრება მისი ცხოვრებასა პირუტყვისასა. აჰა, ძმანო, საკვირველი მოქმედება აქვს სარწმუნოებასა და სასოებასა გულსა შინა კაცისასა! გლახაკს, ღარიბს, დავრდომილს ლაზარეს სარწმუნოება ესოდენ აღამაღლებს და განსწმედს, რომელ თუმცა სხეული მისი არის უსახო და წყლულებითა აღვსებული, გარნა სულითა და გულითა იგი დაემსგავსა ანგელოზთა ცათასა, მაშინ ოდესაც მდიდარი კაცი, შემოსილი ბრწყინვალედ ბისონითა და ოქრომკერდითა, დაემსგავსა სულითა და ყოფაქცევითა უგუნურ პირუტყვს — მისთვის, რომ იგი იყო მოკლებული სარწმუნოებასა, არ ახსოვდა მას მომავალი ცხოვრება.
იგავი ესე აგვიხსნის ჩვენ კიდევ ერთსა დიდსა ეჭვსა და გვიპასუხებს ჩვენ ერთსა დიდსა კითხვასა ზედა. მრავალნი ფილოსოფოსნი, სწავლულნი, ვითარცა ძველსა, ეგრედვე ახალსა დროებასა შინა, შემხედველნი მისა, რომ ამ ქვეეყანაზე ფრიად მეტ-ნაკლებად არის გაყოფილი ბედნიერება და კეთილდღეობა კაცთა შორის: ერთი არის დიდსა განცხრომასა და კმაყოფილებასა შინა, მეორე იტანჯება სიღარიბითა და ნაკლულევანებითა და ესე მრავალ-გზის არის დამოკიდებული ერთსა მხოლოდ შემთხვევასა და ბრმასა ბედსა ზედა; ესე იგი, ზოგი არის მდიდარი არა თვისითა შრომითა და მოღვაწეობითა, არამედ უბრალოითა შემთხვევითა, სხვა არის ღარიბი არა თვისთა დანაშაულობათა, არამედ რომლითამე უბედურებითა, ირყეოდენ და თითქმის უარს-ყოფდენ ღვთის განგებულებასა. ხოლო ეს საკვირველი იგავი აგვიხსნის ჩვენ ამ ეჭვსა მით, რომელ კაცის ცხოვრება გაგრძელდება მომავალსა საუკუნესა შინა. ღარიბი, რომელი აქ ითმენს და სულგრძელ არს, მიიღებს იქ თვისსა ჯილდოსა; მდიდარი, უწყალო და ურწმუნო დაისჯება მომავალსა ცხოვრებასა შინა. ახლა ვიცით ჩვენ, როგორ აღიხსნება ეს ზემოთქმული ეჭვი! მომავალი ცხოვრება რომ არ იყოს, მაშინ კი სწორედ უგუნური, უაზრო და მახინჯური იქმნებოდა ცხოვრება და ბედი კაცისა ქვეყანასა ამას ზედა: მაშინ ღარიბსს და ბედკრულს კაცს თავის ბედის წყევისა და გინების მეტი აღარაფერი საშუალება არ დარჩებოდა ამ ქვეყანაზე. გარნა, მადლობა ღმერთს, მომავალსა საუკუნესა შინა გასწორდება ყოველი, აქაური უმართლო საქმე; იქ გამართლდება ღმერთი სიტყვასა შინა თვისსა, იქ მოიმკის ყოველი კაცი, რაიცა აქ დასთესა. ამინ.
სულთმოფენობიდან 26-ე კვირა. წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
