ქაბრიელ ეპისკოპოსი

სულთმოფენობიდან 23-ე კვირა. წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე). იაიროსის შვილის განკურნება

სულთმოფენობიდან 23-ე კვირა. წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
მოძღვრება კდ-სა კვირიაკესა

ნუ გეშინინ, ასულო! სარწმუნოებამან
შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით. (ლუკ. ჱ, მჱ).

რა საკვირველი სარწმუნოება ჰქონდა, ძმაო ქრისტიანენო, დედაკაცსა მას, რომელსაც მაცხოვარმან უთხრა ეს სიტყვა! ვითარ უეჭველი და შეურყეველი იყო სარწმუნოება მისი! უმეტეს ათორმეტისა წლისა იყო იგი შეპყრობილი სასტიკითა სნეულებითა: ყოველი მისი ქონება გადააგდო ექიმთა ზედა, გარნა ვერ მიიღო კურნება, და, როდესაც ამ სოფელში მოსპო ყოველი მისი იმედი, იგი მიექცა ზეციერისა მკურნალისადმი; სარწმუნოება მისი მიუძღვა მას ქრისტესა იესოსთან. მან იცოდა, რომელ მაცხოვარსა აქვს ძალი და შეძლება კურნებად ყოვლისა სენისა; გარნა ვერ ბედავდა პირდაპირ ვედრებასა; მან იფიქრა: საკმაო იქნება ჩემთვის, მხოლოდ შევეხო სამოსელსა მისსა და მიეახლა ზურგით კერძო და შეახო ფესვსა სამოსელისა მისისა, და მეყსეულად დასცხრა წყარო იგი სისხლისა მისისა. უფალი იყო ამ ჟამად გარე-მოცული და შევიწროებული უმრავლესითა ერითა; უთუოდ მას ამ ჟამად ათასი კაცი შეეხო, გარნა ერთმან მხოლოდ ამა დედაკაცმან მიიღო სასწაულებითი მოქმედება სარწმუნოებისა: ცანს, რომ მას მხოლოდ ჰქონდა სარწმუნოება ცხოველი და მხურვალე.

ესრეთი გაქვსა შენცა, ძმაო მსმენელო, სარწმუნოება, თუ არა? ცხოველი არისა, თუ არა, სარწმუნოება შენი? ყოველი ქრისტიანესა კაცისათვის უმთავრესი და უპირველესი საქმე არის, რომ იცოდეს, ცხოველი არის და ნამდვილი სარწმუნოება მისი, თუ არა? თითქმის უმეტესი ნაწილი ქრისტიანეთა ჰგონებს, რომელ მას აქვს სარწმუნოება ცხოველი, მაშინ როდესაც სარწმუნოება მისი არის სუსტი. უმრავლესნი ქრისტიანენი არიან მოსვენებულნი და უზრუნველნი იმ აზრით, რომელ ვითომც იგინი არიან სარწმუნოებასა შინა, გარნა სარწმუნოება მათი ხშირად არის მკვდარი და უსარგებლო. ცხოველი სარწმუნოება ის არის, რომელიც მოქმედობს, ანუ მუშაობს ბუნებასა შინა კაცისასა და ცოტ-ცოტად სცვლის და აუმჯობესებს მას; ცხოველი სარწმუნოება, პირველად ანათლებს გონებასა კაცისასა, მეორედ, ჰმართავს და სწმედს ყოფა-ქცევასა ანუ მოქმედებასა კაცისასა.
ჭკუა ანუ გონება კაცისა არის ქვეშევრდომილი მრავალთა შეცდომილებათა და ცრუთა ჰაზრთა. კაცსა უსწავლელსა, სოფლის მცხოვრებსა, წარმოუდგებიან და აწუხებენ ათასნი ცრუნი აზრნი, უსაფუძვლონი მოგონებანი და უსაფუძვლონი შიშნი, იგი ყოველგან, ყოველს უბრალო შემთხვევაში ჰხედავს რაღაცა უცნაურსა ძალასა; მას ყოვლიფერისა ეშინია და ყოვლიფერსა ცრუსა მოგონებასა ემონება; წინააღმდეგ ამისა კაცი, სწავლული და დახელოვნებული მეცნიერებასა შინა, ხშირად გაიგონებს და ამოიკითხავს წიგნთაგან მრავალთა წინააღმდეგთა ჰაზრთა, რომელნი დააკნინებენ მისსა სასოებასა. გარნა სარწმუნოება ცხოველი გაანათლებს, ვითარცა პირველსა, ეგრედვე მეორესა. სარწმუნოება ცხოველი შეაგონებს და არწმუნებს ორთავე, რომელ ერთი მხოლოდ ღმერთი არის შემოქმედი და მმართველი ქვეყანისა, რომელ არა არის ქვეყანასა ზედა არსად შიში და დაბრკოლება ქრისტიანესა ზედა.
სარწმუნოება ცხოველი ასწავლის და ჰმართავს სურვილსა, ანუ ნებასა კაცისასა. კაცის გულში ყოველ-წამ იბადებიან მრავალნი მავნებელნი მიდრეკილებანი. შარწმუნოება ცხოველი ასწონს მათ ყოველთა, შეამოწმებს ქრისტეს მცნებათა თანა; დასთრგუნავს და განაძებს, რომელნიც მათგანნი არიან წინააღმდეგნი და მავნებელნი; ხოლო წმიდათა და კეთილთა განამტკიცებს და განაცოცხლებს.
სარწმუნოება ცხოველი ჰმართავს ყოფა-ქცევასა და მოქმედებასა კაცისასა; იგი მისცემს კაცსა ღონესა, მხნეობასა აღსრულებად კეთილთა საქმეთა, ხოლო დათრგუნვად ბოროტთა ვნებათა და განსაცდელთა.

ესრედ მუშაობს სარწმუნოება ცხოველი ბუნებასა შინა კაცისასა. იგი ჰზრდის კაცის სულსა, იგი აკეთებს და აუმჯობესებს კაცის ხასიათსა. იგი ჰკურნებს სულიერთა ვნებათა კაცისათა, ვითარცა მან განჰკურნა დღეს ხსენებული დედაკაცი ხორციელისა სნეულებისა მისისაგან. დედაკაცსა ამას სარწმუნოება ჰქონდა განუზომელი და შეუორგულებელი; ამისთვის მიიღო მან ერთს წამს სრული კურნება. ვსთქვათ, რომ ეს მაგალითი შენთვის არის დიდი; შენ თუმცა კი გაქვს სარწმუნოება, გარნა არა ეგოდენი; ამისთვის მოქმედებაცა მისი არის შენში უმცირესი; მაშასადამე, უკეთუ ერთს წამსვე ვერ განკურნა და ვერ განწმიდა ცოდვისა შენისაგან, ცოტ-ცოტად და ნელ-ნელად მაინც უნდა გზრდიდეს და გცვლიდეს. სრულიად უქმი არ უნდა იყოს იგი; გარნა რას ვხედავ? ვხედავ, რომელ ცოდვა უძლიერეს არს შენს გულში, ვიდრე მადლი; ვხედავ, რომელ შენ უმეტესად ემორჩილები ცოდვასა და ვნებასა, ვიდრე ქრისტეს მცნებასა. მართალია, შენ ასრულებ რომელთამე გარეგანთა მოთხოვნილებათა სჯულისათა, გარნა შინაგანი შენი კაცი არ ემორჩილება მოთხოვნილებათა სჯულისათა. მართალია, რაც გინდა ეცადოს კაცი, არ შეიძლება, რომ განეშოროს ყოველსა ცოდვასა; გარნა, საუბედუროდ, არ სჩანს, რომ შენ ნანობდე ცოდვისათვის, ცდილობდე განშორებად ცოდვათაგან, ერთსა და იმავე ცოდვას მრავალ-გზის განიმეორებ და მით ამტკიცებ, რომ ცივი და მკვდარია შენი სასოება. არ შეიძლება კაცი სუსტი არ შთავარდეს ზოგჯერ ცოდვაში; გარნა უკეთუ მას აქვს სარწმუნოება ცხოველი, იგი ნანობს, მწუხარე არის, ერთი სიტყვით, ცდილობს გამოვიდეს ცოდვისაგან. მის გულში არის ჭიდაობა ცოდვასა და მადლსა შორის. ვისაც აქვს ცხოველი სარწმუნოება, იგი იქმნება შეცთომილებით და უსუსურებითა თვისთა შთავარდეს ცოდვაში; გარნა წინა-განზრახვით და მომზადებით მაინც არ იქმს ცოდვასა; გარნა შენ დიდითა მეცადინეობითა და დიდითა მომზადებითა აღგისრულებია მრავალი ცოდვა. რაოდენგზის სინიდისი გამხილებდა და გეტყოდა შენ, რომელ ზოგიერთის საქმის აღსრულება არის ცოდვა და წინააღმდეგი; გარნა შენ მაინც აღგისრულებია იგი. სად იყო სარწმუნოება შენი, ოდეს გესლიანი ენა შენი განგებ და წინადვე მომზადებულთა ლექსთა შინა აშავებდა უმანკოსა სახელსა მოყვასისა შენისასა? რისთვის არ დააჩუმა მაშინ ენა შენი სარწმუნოებამან, უკეთუ ცხოველი იყო იგი! რისთვის არ დააკავა ხელი შენი სარწმუნოებამან შენმან, უკეთუ ცხოველ-იყო იგი, მიღებად ქრთამისა? რისთვის არ დაამშვიდა გული შენი და არ გააქრო ცეცხლი შურისა და მტრობისა? ერთი სიტყვით, რისთვის არ იცვლი ცუდს ყოფაქცევასა, რისთვის არ დასტოვებ ცოდვასა, თუ გაქვს სარწმუნოება? გარნა ესრედთა კითხვითა და გამოძიებათა დიდხანს ვერ გავათავებთ. მოკლედ ვსთქვათ: თუ ჭეშმარიტი ქრისტიანობა გსურს შეიძინო, – შეიძინე ცხოველი და ღონიერი სარწმუნოება, ვითარცა დედაკაცმან, რომელსა ესმა სიტყვა ესე საწადელი: ნუ გეშინინ ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. ამინ.