გაბრიელ ეპისკოპოსი

სულთმოფენობიდან 32-ე, ბრმის განკურნება იერიქოში. წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ

ესრედ რქვა უფალმან ერთსა კაცსა, რომელი ეძიებდა მისგან კურნებასა მხურვალითა სასოებითა და მიილოცა კურნება სარწმუნოებისამებრ თვისისა. ესრედვე ეტყოდა მაცხოვარი მრავალ-გზის სხვათაცა მრავალთა პირთა, რომელთა შინა შენიშნავდა ცხოველსა სარწმუნოებასა. უფალი ჩვენი მხოლოდ მუნ იქმოდა კურნებასა და მიანიჭებდა ცხოვრებასა, სადაც ხედვიდა სარწმუნოებას.

ჭეშმარიტად, ძმაო, სარწმუნოება აცხოვნებს კაცსა, გარნა არა ყოველი სარწმუნოება, არამედ სარწმუნოება ცხოველი; არის სარწმუნოება ცხოველი და არის სარწმუნოება მკვდარი. თვით საღმთო წერილი გვასწავებს ამას. სარწმუნოება ცხოველი არის იგი, რომელი სუფევს გულსა შინა ჩვენსა, რომელი სძლევს ყოველსა ბოროტთა ვნებათა, რომელმან ესრედ დაიმორჩილა ბუნება კაცისა, რომელ ამოქმედებს მას მსგავსად სჯულისა სახარებისასა. გარნა მკვდარ არს სარწმუნოება იგი, რომელიმცა სჩანს ბაგეთა ზედა კაცისათა და არ შესულა გულსაშინა მისსა, რომელი ვერ მართავს მოქმედებათა და ყოფაქცევათა მისთა და არა სჩანს საქმეთა შინა მისთა. სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არს, იტყვის მოციქული იაკობ: მაჩვენე სარწმუნოება შენი საქმეთაგან შენთა, და მე გაჩვენო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოება ჩემი, დასძინებს იგი.

ცხად არს, ძმანო ჩემნო, რომელ სიტყვა, საქმე და ყოველი ყოფა-ქცევა და მოქმედება კაცისა გამოაჩენს, აქვსა მას სარწმუნოება ცოხველი, ანუ მკვდარ არს სარწმუნოება მისი? წარმოვიდგინოთ რომელიმე მაგალითი: ვსთქვათ, რომ არის ერთი ვინმე კაცი, მებატონე, რომელსა ჰყავს მრავალი ყმა და მოსამსახურე. უკეთუ მებატონესა მას არ ებრალება ყმანი თვისნი, არ უვლის მათ კარგად, არ აჭმევს და არ აცმევს, საკმაოდ; ერთი სიტყვით, არ მიაჩნია იგინი, ვითარცა უმცროსნი ძმანი, ბრძანებისამებრ-სახარებისა, არამედ უყურებს მათ, ვითარცა რომელსამე საქონელსა ანუ ნივთსა, უსამართლოდ ეპყრობა მათ, ცდილობს, რომ მიიღოს მათგან რაც შეუძლიან უმეტესი სარგებლობა, ართმევს მათ სიმართლით და უმართლოდ ყოველსა, რაც შეუძლიან, როგორ არ იფიქროს კაცმან, რომელ სარწმუნოება მისი არ არის ცხოველი, არამედ მკვდარ, თუმცაღა იგი არა-ოდეს არ მოაკლდებოდეს წირვა-ლოცვასა, მტკიცედ იმარხვიდეს ყოველსა წესსა ეკლესიისასა. გარნა რავდენნი არიან ესევითარნი პირნი ქვეყანასა შინა ჩვენსა! წარმოვიდგინოთ მეორე მაგალითი: ვსთქვათ, რომელ არის ერთი ვინმე ჩინოვნიკი, რომელი გარეშეობითა თვისითა გამოსჩნდება, ვითარცა ნამდვილი მორწმუნე ქრისტიანე; გარნა ვალდებულებასა თვისის თანამდებობისასა არ ასრულებს სიმართლით, არ აღუკრძალავს თავსა თვისსა ქრთამსა, მრავალ-გზის გაამართლებს ბრალიანსა და დასჯის უბრალოსა, და ყოველთა საქმეთა შინა ეძიებს მხოლოდ თვისთა სარგებლობასა, როგორ არა სთქვას კაცმან, რომელ მკვდარ არს სარწმუნოება მისი, რომელ სარწმუნოება ვერ მართავს საქმეთა მისთა, ცოდვა და თავხედობა უმძლავრეს არიან გულსა შინა მისსა, ვიდრე მადლი და ჭეშმარიტება. გარნა, ვინ არ იცის, რავდენნი არიან ჩვენ შორის ესე-ვითარნიცა პირნი… ვსთქვათ კიდევ ერთი მაგალითი: წარმოვიდგინოთ, რომელ არის ერთი ვინმე საწყალი კაცი, ღარიბი და მოკლებული ყოვლითა სოფლიურითა ბედნიერებითა, გარნა არ არის იგი დაღონებული სიღარიბითა თვისითა, მხნეობს ყოველთვის, მუშაკობს და არ კარგავს სასოებასა უფლისადმდე; არავის აწუხებს, არამედ ხელითა თვისითა ჰზრდის თავსა თვისსა და კმაყოფილ არის თვისითა მდგომარეობითა. როგორ არა სთქვას კაცმან, რომელ არს სარწმუნოება ცხოველ გულსა შინა მისსა!

ბუნება კაცისა, ძმაო ჩემო, დაცემულ არს და მიდრეკილ ცოდვისადმი, გარნა სარწმუნოება ცხოველი მარადის უნდა განაღვიძებდეს მას და არა უტევებდეს ცოდვისა ქმნად; სარწმუნოება უნდა იყოს ვითარცა აღვირი ვნებათა მისთა; ყოველი ასო უნდა ემორჩილებოდეს სარწმუნოებასა მისსა. მხოლოდ მაშინ ცხოველ არს სარწმუნოება კაცისა, ოდეს მართავს სვლათა მისთა, ვითარცა აღვირი ცხენის სვლასა.

მოციქული პავლე წერს კორინთელთა: თავნი თქვენნი გამოიცადენით, უკეთუ ხართ სარწმუნოებასა შინა, თავნი თქვენნი განიკითხენით. გამოვიცადოთ ჩვენცა ძმანო, თავნი ჩვენნი, ვკითხოთ ჩვენცა თავთა ჩვენთა: ვართა სარწმუნოებასა შინა? პირველი შეხედულება ვითომც გამოაჩენს, რომელ ჩვენ ვართ ნამდვილად სარწმუნოებასა შინა, გარნა ოდეს ღრმად განვიხლავთ, მაშინ დავრწმუნდებით, რომელ სარწმუნოება ჩვენი არ არის ესოდენ ცხოველი და ძლიერი ჩვენ შორის, რომელ შეეძლოს მას მართვა ჩვენისა ყოფა-ქცევისა და მოსპობა ვნებათა და ღვარძნილთა ჩვენთა. პირველი და ნამდვილი ნაყოფი ცხოველისა სარწმუნოებისა არს სიყვარული და ერთობა; გარნა სად არის სიყვარული და ერთობა ჩვენს შორის? ესრედ მოკლებულ ვართ ჩვენ ერთობითა და სიყვარულითა, რომელ ვითარცა სიტყვათა შინა ჩვენთა ვახსენებთ მხოლოდ მოყვრობასა ანუ მტერობასა, ესრედვე ყოფა-ქცევა ჩვენი და ურთიერთთა შორის დაწყობილება ანუ მისვლა-მოსვლა გამოაჩენს ანუ მოყვრობასა; ანუ მტრობასა, და მით ვართ ჩვენ დაცემულ და დამცირებულ. მეორე მიუცილებელი ნაყოფი ცხოველისა სარწმუნოებისა არის და უნდა იყოს სიმართლისა და მართლ-მსაჯულებისა სიყვარული; გარნა ვართ ჩვენ მოკლებულ ესე-ვითარითაცა სათნოებითა, მოყვარეთა ვაქებთ, თუმცაღა არ იყვნენ ღირსნი ქებისა; მტერთა ვაძაგებთ, თუმცა იყვნენ ღირსნი ქებისა.

არა უწყით თავნი თქვენნი, – ესრედ განაგრძობს მოციქული სიტყვათა მათ, რომელნი მოვიხსენებთ ჩვენ, არა უწყითა თავნი თვისნი, რამეთუ იესო ქრისტე თქვენ შორის არს? გული კაცისა, რომელსა აქვს ცხოველი სარწმუნოება, ტაძარი არს იესო ქრისტესი. ცხოვლად მორწმუნე კაცი ცხადად უნდა გრძნობდეს თვის შორის სიტკბოებასა იესო ქრისტესსა; სული ეტყვის მას სიახლოვესა უფლისასა, გული ეწამება მას უფლისათვის.

გარნა უკეთუ ხარ შენ, ძმაო ჩემო, სარწმუნოებასა შინა, გესმაა წოდება უფლისა, ვითარცა ოდესმე ესმა ისაიას: ნუ გეშინინ, რამეთუ გამოგიხსენ შენ, გიწოდე სახელი შენი, ჩემი ხარ შენ? გილოცავსა შენ ოდესმე ესოდენითა გულს-მოდგინებითა, რომელ გულსა შინა შენსა ცხადად ეთქვა მაცხოვარსა, ვითარცა რქვა ოდესმე განრღვეულსა მას: ნუ გეშინინ, შვილო მოგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი? უკეთუ ცხოველ არს სარწმუნოება შენი, ძალ გიძსა მუხლ-მოდრეკილმან უთხრა უფალსა შენსა, მსგავსად დავითისა: ვითარცა სწყურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ესრედ სწყურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო! მოსწყურდა სულსა ჩემსა ღვთისა მიმართ ცხოველისა. ოდეს მე მივიდე და გამოვეცხადო სახელსა შენსა? ოდეს ყოფილხარ შენ დამძიმებულ ჭირთა და განსაცდელთაგან, ისმოდა ხმა უფლისა გულსა შინა შენსა, მღაღადებელი: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთ-მძიმენი და მე განგისვენო თქვენ, აღიღეთ უღელი ჩემი თქვენზედა და ისწავეთ, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა? უკეთუ შენ ამას ყოველსა არა გრძნობ, უკეთუ შენ არცა ხმა მისი გესმა, არცა ხატი მისი გიხილავს, ვითარცა აყვედრებდა უფალი ურიათა, არა ხარ შენ სარწმუნოებასა შინა. უკეთუ ამა სოფლისა საზარელი მდგომარეობა, საზოგადო დავიწყება სიმართლისა და სიყვარულისა, ცოდვა და უსჯულოება ყოველთა არ სწვავს გულსა შენსა, უკეთუ სული შენი არა მღელვარე არს შეხედვითა სოფლისა ამის განხრწნილებისა, მაშასადამე, სად არს სარწმუნოება შენი? სად არს სიყვარული შენი? უკეთუ შენ დაადგრებოდე სარწმუნოებასა შინა, იესო ქრისტე იყომცა გულსა შინა შენსა; გარნა იესო ქრისტე არ დაშთება უქმად და უნაყოფოდ გულსა შინა კაცისასა, სიტყვასა-მებრ, პეტრე მოციქულისა: არა უქმად, არცა უნაყოფო იპოვნეთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა მეცნიერება. იესო ქრისტემან თვით სთქვა: მამაჩემი მოაქამომდე იქმნს და მეცა ვიქმნ. რასა იქმნს იგი ანუ სად მოქმედებს აქამომდე? იგი იქმნს ცხოვნებასა შენსა, იგი მოქმედებს გულსა შინა შენსა მადლითა თვისითა; იგი სდევნის სულსა შენსა უფლისადმი, იგი სწმედს და განაცხოველებს სულსა შენსა.

ამისთვის, ძმანო, უკეთუ იტყვით, რომელ ხართ სარწმუნოებასა შინა, ხოლო არა თქმად ვერ ძალგიძთ, უკეთუ იესო ქრისტე არს თქვენთანა, თანა-გაძსთ. სიტყვისამებრ იოანე მოციქულისა, ვითარცა იგი თავადი ვიდოდა, თქვენცა სვლად. ამინ.