მღდელი: კურთხეულ არს-ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…
გუნდი: ამინ.
მღდელი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 8
მრავალსა წელსა იღუწიდი რაი ქრისტესთვის აჭარასა, აღიღე ღუაწლი ქადაგებისაი, რაითა სამსა მას საუკუნეთა შინა მყოფნი უღელსა შინა თურქთა დამპყრობთასა და მათ მიერ მძლავრებითა მიქცეულნი ცრუ-სარწმუნოებასა ზედა, კულად უკუნ იქცენ წინაპართა სარწმუნოებასა ზედა, წმიდაო დიაკონო, მამაო სევერიანე, აჭარელო აღმსარებელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ტროპარი (იგივე) აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული, ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 7
ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაი ხმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მკვიდრ იყავ რაი აჭარისაი, და აღმსარებელი მაჰმედისაი, სულმან წმიდამან გცხო გონიერებაი, გარდაცვალა გული შენი და დაგამტკიცა სარწმუნოებასა ზედა ჭეშმარიტსა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ხატ იყავ რაი სიმშვიდისაი და სახე მოღვაწებისაი, სურნელებაი ლოცვათა შენთაი, ვითარცა კეთილი საკუმეველი, მარადის აღიწეოდა ღმრთისა მიმართ.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შური გაქუნდა შენ, ღირსო მამაო, მართლისა ამის სარწმუნოებისა და განვრცობისათვის სიყუარულისა, და გვიჩვენე გზაი კეთილად მსახურებისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა მოგიღებიეს ღმრთისაგან კადნიერებაი მეოხებისა და შეწევნისაი, აწ გევედრები შენ, წმიდაო სევერიანე დიაკონო, რაითა იხსნე სული ჩემი საწყალობელი მონებისაგან ცოდვისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დახსნდა წყევაი ევაისი, პირველისა მის დედისაი, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი ბუნებათაი, ხოლო ერი მორწმუნეთაი, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყვით დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოითა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სიყრმითგანვე იყავ რაი მდაბალ და განმზადებულ ყოვლისავეთვის საქმისა კეთილისა, აღიზარდე შენ, ღირსო, აჭარას, თაყუანისცემასა შინა მაჰმადისა, გარნა არა სთნდა უსჯულოებასა შინა წარწყმედაი შენი ღმერთსა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ყუდროი და მშვიდ იყავ შენ, ღირსო, და აბრაჰამისა მსგავსად მოღუაწე იყავ რაი უცხოთა და გლახაკთა, შეეუღლე პატიოსანსა დედაკაცსა და სათნოებითა უფროის ერთ-სულ იყვენით, ვიდრეღა ერთ-ხორც ქორწინებითა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოიღო რაი დიდი წყალობაი შენ ზედა ღმერთმან, შვილ-მრავალგყვნა, და მწე და თანამზრახვალ გექმნებოდა რაი მეუღლე შენი, აღზარდეთ იგინი ყოვლითა სათნოებითა და პატიოსნებითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოცემულ გაქუნდა რაი ღმრთისა მიერ აღმატებული ნიჭი ერთგულებისაი, სადაცა მსახურებდი სიჭაბუკითგან, ყოველგან დაიგდე სახელი პატიოსანისა და ფრიად დაუღალავისა მუშაკისა, რაისთვისცა ფრიად განითქვი აჭარასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მხსნელო ჩუენო იესუ, ვედრებითა მშობელისა შენისაითა მშვიდობაი სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაი ჯუარითა მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა ურწმუნოთა, და მორწმუნენი ღირს-მყვენ შენდობასა.
მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
წარდგომაი
ძირთა მათ უნაყოფოთაგან, ნერგთა მათგან ეკლოვანთა, ვითარცა ვარდი შუენიერი ფერითა მეწამულითა, აღმოსცენდი, ყოვლად ნეტარო სევერიანე, და სულნელ-ყავ ეკლესიაი ქართველთაი, რომელსა შინა იქება მადლი შენი და ოხითა შენითა ღმრთისაგან, ყოველთა მოგუენიჭების წყალობაი.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: მოხვედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თვით უფალი, განხორციელებული ღმერთი, და მიხსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაი ძალსა შენსა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჭურად რჩეულად გამოგირჩია რაი ქრისტემან, წარმოგზავნა მთავარანგელოზნი მოქცევად შენდა, და ვითარცა კაცნი, წარგიძღუენ რაი ეკლესიად, მეყსეულად აღივსე სიბრძნითა საღმრთოითა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ღმრთივსაკვირველითა განგებულებითა ისმინე რაი წოდებაი მაღლისაი, მეყსეულად უარყავ ცრუ-სჯული იგი მაჰმედისაი, და ნათლისღებაი ითხოვე ხმითა მაღლითა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აღასრულა რაი ღმრთისმსახურებაი ტაძრისა წინამძღუარმან, განემზადა ნათლისღებად შენდა, და მოიკითხე რაი მიმყვანებელნი შენნი ჭაბუკნი, ჰოი, საკვირველი, რამეთუ არცაღა-ვის ენახა, და იცან იგინი ხატსა მას მთავარანგელოზისასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ნათელ-იღე რაი ხელითა მღდლისაითა, თაყვანს-სცემდი ხატთა უფლისათა და ყოველთა წმიდათა მისთასა, და მადლობდი რაი მთავარანგელოზთა მოყუნებისათვის ეკლესიად, ადიდებდი უფალსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე შენ, ძესა შენსა დამბადებელსა, რაითა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.
ისწავებდი რაი წიგნთა და მოძღუართაგან ღირსად სარწმუნოებისა წესსა და სჯულსა, ღმრთივგანბრძნობილო, სიხარულითა ადიდებდი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: სული მაცხოვარებისაი, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაისწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაი შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჟამსა მას უღმრთოთა მძლავრებისასა, შეიყუარე რაი სარწმუნოებაი ჭეშმარიტი, ქადაგებული მოციქულთაგან, ისწავებდი წიგნთა და მოძღუართაგან ღირსად სარწმუნოებისა წესსა და სჯულსა, და სიხარულითა ადიდებდი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ხედვიდი რაი მკვიდრთა მათ აჭარისასა, დანთქმულთა წყუდიადსა შინა ცრუ-სარწმუნოებისასა, არცაღა დადუმდებოდი ქადაგებად მათდა და ასწავებდი დამარხვად მცნებათა ღმრთისათა, გარნა გკიცხვიდენ და მრავალგზის შეგამთხვევდენ ქრისტესთვის შეურაცხებასა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოცემულ გაქუნდა რაი სიტყუაი სიბრძნისაი და მეცნიერებისაი სულისაგან წმიდისა, ვერ დამთმენელი უსჯულოებისაი, და ფრიად მოყუარე მოყუასისაი, უღმრთოებისათვის ამხილებდი მრავალთა, და განაკრძალებდი სასჯელისათვის უფლისა. მას ევედრე აწ, გვიხსნას ჩუენ ცოდვათაგან ბოროტთა და განგვარინოს უმეცრებისაგან.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
გამობრწყინდი რაი ჟამსა მას ღმრთისმბრძოლთა ზეობისასა, დაუცხრომელად ქადაგებდი მართლმადიდებლობისა ყოვლად-უბიწოსა სარწმუნოებასა, და მოაქციე რაი ურიცხვი სული, დიდი ჭირი და იწროებაი მოგაწიეს, ვითარცა ურწმუნოთა, ეგრეთცა მუსულმანთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცანი და ქუეყანაი განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუისო, რამეთუ გამოგვიბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაი, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიხსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკვიდრად გვიჩინნა.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაითა შთავრდომილი და მიგდებული მხეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა იხსენ განხრწნისაგან და სიკუდილისა, ეგრეთცა მიხსენ მე, ქრისტე.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შეუდეგ რაი გზასა მას იწროსა და საჭირველსა, მოიწინეს შენ ზედა ურიცხვნი განსაცდელნი, რომელნი-იგი არავინ იცნის თვინიერ მისა, გარნა მანქანათა მათ უღმრთოებისათა ვერა შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჟამსა მას ღმრთისმბრძოლობისასა არა დააკლდებოდი რაი ეკლესიასა შინა წირვა-ლოცვასა და ქადაგებასა, მახლობელთაცა შენთა დაამტკიცებდი ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა და მათცა განამზადებდი დევნულებათა და განსაცდელთა მიმართ.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ოდეს განზრახვაი განცოფებულთაი ქრისტეს ეკლესიისათვიის მძვინვარედ ბორგდა, ჯერეთცა ერისკაცი ყოველთა უქადაგებდი ქრისტეს მაცხოვნებელთა სწავლათა და დაადუმებდი ენათა მგმობართა მისთასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ლოცვითა და ვედრებითა შენითა ღმრთისა მიმართ, განცრუვდა ღმრთისმბრძოლთა სილაღე, რომელნი იგი პირველ სიცოფითა იქადოდენ შენ ზედა, რამეთუ ქრისტემან, კლდემან სიმტკიცისამან დაგიფარა საკვირველად.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინაისწარ მოასწავა საიდუმლოი შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან შჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროისამან, სამკვიდრებელმან მანანაისამან და კუერთხმან.
მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კონდაკი
გესმა რაი წოდებაი ღმრთისაი, დაუტევე ცრუ სჯული იგი მაჰმედისაი, და დაუცხრომელითა ღვაწლითა და ქადაგებითა აღაგზებდი რაი ცეცხლსა სარწმუნოებისასა შორის ურწმუნოთა და მაჰმადიანთასა, წმიდაო, ვითარცა აღმსარებელი, სულგრძელებითა იტვირთავდი შეურაცხებასა, აწცა ნუ დასცხრები ვედრებად ჩუენ ყოველთათვის ხსნად გარე მოდგომილთა განსაცდელთაგან, რომელნი გიხმობთ შენ: გიხაროდენ, სევერიანე დიაკონო, აჭარელო აღმსარებელო!
იკოსი
სიმხნით აღიღე რაი ფარი სარწმუნოებისაი, მარხვითა და ლოცვითა შეჭურვილი ქრისტეს სახარებასა ქადაგებდი და მოიღე მისგან გვირგვინი აღმსარებლობისაი, აწ გვითხოვე მისგან ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა შენდობაი, წმიდაო დიაკონო, მამაო სევერიანე აჭარელო, რაითა ღირს-ვიქმნნეთ დიდებასა მისსა.
მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ხმაი 4
პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
მუხლი: უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.
მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელი: მოხედენ.
სახარებაი ლუკასი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა, ნეტარ-ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი. ნეტარ-ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განჰსძღეთ. ნეტარ-ხართ რომელნი ჰსტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ-იყუნეთ რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ და გაყუედრებდენ და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაი ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა, ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ _ არს ცათა შინა.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა მამისა ჩუენისა სევერიანე დიაკონისა აჭარელისა აღმსარებელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცენ უსჯულოებანი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ვითარცა საწუთოსა ამას ურიცხუნი სცხოვნდებოდეს საქმეთა მიერ შენთა, შეერთე რაი სიმრავლესა მას წმიდათასა, აწ კადნიერებაი გაქუს წინაშე ღმრთისა, გვითხოვე მშვიდობით დაცვაი ყოვლისა სოფლისაი, და ერისა ჩუენისათვის ძლევაი ჯუარითა ურიცხუთა მტერთა ზედა და მართლაღსარებითა დამტკიცებულისა ეკლესიისა ჩუენისა დაცვაი ქრისტეს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთათვის დიდი წყალობაი.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და წმიდისა საკვირველთმოქმედისა მამისა ჩუენისა სპირიდონისა, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსისაითა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა. წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა და წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოვანე-თორნიკყოფილისა, ეფთვიმისა და გიორგისაითა, წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაითა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანესი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს) და წმიდისა სევერიანე დიაკონისა, აჭარელისა აღმსარებლისა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს სახუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოი. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოაქცივნე რაი აჭარელნი ჯუარითა ცხოველითა, განსწავლიდი მათ წყობასა მტერთა მიმართ უხილავთა და ხილულთა, და განაკრძალებდი ლოცვასა. აწ ჩუენცა მოქენე ვართ შეწევნისა შენისა, რაითა წინ აღუდგეთ ეშმაკისა სიცბილსა და კაცთა ბოროტებასა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იღუწიდი რაი ერისა შენისათვის სულიერად წინაშე ღმრთისა, ხსნად განსაცდელთაგან და განრინებად ყოვლისაგან ვნებისა, აწ განხსნაი ცოდვათაგან გვითხოვე ჩუენ და დაგვიფარენ მერმეთა სატანჯველთაგან.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გამოჩნდი რაი ვარსკულავად მნათობად, განმანათლებლად აჭარისა, ღუაწლი შენი უფროის მზის ნათელსა გაბრწყინდა, რომლითა მიხვედ უკუდავებად, და სიხარულითა ღუაწლისა შენისაითა ეკლესიაი ქართველთაი განაბრწყინე შუენიერად.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ფრიად უყუარდი რაი პატრიარქსა და მღდელთმთავართა სამღდელოთა და ერთა თანა, აქებდენ ღმრთივსათნოთა მათ საქმეთა შენთა, და ადიდებდენ ღმერთსა, ღვაწლისდამდებელსა შენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ხმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იხსნნა სახუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მწუხარე იყავ რაი სიმცირისათვის ტაძართა, მტკიცედ ნაგები შენებულებაი პოვე დაბასა ჩაქვსა, და დააარსე მუნ ეკლესიაი, ყოვლად ნეტარო, განგებულებითა საღმრთოითა იკურთხა რაი სახელსა ზედა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელისასა, და მუნვე დიაკონად გაკურთხეს დღესა მას.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ოდეს მოგიწოდა მღდელთმთავარმან მსახურებად ღმრთისა, უშიშად აღიძარ შერთვად ქუეყნიერსა მას მხედრობასა ქრისტეს ღმრთისასა, და აღივსე სიხარულითა საღმრთოითა, რამეთუ იქმენ უპირველესი ეგე მღდელმსახური შორის აჭარელთასა, და პირველთა მათ მამათა მიბაძვითა, სხუათაცა გადასცემდი სწავლასა სჯულისასა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იქმენ რაი ღმრთისმსახურ, ჰოი, მამაო საკვირველო, უფროის აღივსე სიყუარულითა კაცთაისა, და ყოველთა ლმობიერად შეიტკბობდი და განამტკიცებდი ქრისტეს სარწმუნოებასა შინა, აწ წარმართენ სლვანი ჩუენნი წრფელსა მას გზასა სათნოებათასა და აღგუძარ მადლობად შენდა და გალობად ღმრთისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დასნეულდი რაი, მადლითა განღმრთობილო, ილოცვიდი მხურვალედ, და აკურთხევდი რაი სამწყსოსა შენსა და მახლობელთა, ევედრებოდი ღმერთსა ერისათვის შენისა და მამულისა, და სასოებითა შეჰვედრე რაი სული შენი უფალსა, სასყიდელი შრომათა შენთაი ჰპოვე ზეცათა შინა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სამთა მათ ყრმათა ბაბილონს სახუმილსა შინა სამებასა თაყუანის-სცეს და შეურაცხ-ყვეს ხატი იგი ოქროისაი, და ცუარითა სხურებულნი გალობითა ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: მტვირთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაითა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მართლმადიდებლობითა სრულ ჰყავ რაი სრბაი შენი, ღირსო, არა ხოლო თუ აჭარას განხდა ხმაი ხორცთაგან განსლვისა შენისაი, არამედ ყოველსა მხარეთა საქართველოისასა, და მრავალი ერი და სამღდელოი მოისწრაფდა, წმიდაო, პატივისა მოგებად შენდა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
პატრიარქისა კურთხევითა ეგულებოდათ რაი დაფლვაი შენი მთავარანგელოზთა ტაძარსა, ვერცაღა აღასრულეს განზრახუაი ეგე, მიზეზითა მით წყაროის წყლის წახდენისაითა, რამეთუ უხსოვარ დროთაგან დიოდა, გარნა არცხვინა უფალმან კაცთა მათ, და წყაროი იგი, მსწრაფლ დაშრტა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აქაცა სანატრელი მას საუკუნესა უფროის გაბრწყინდი, გვირგვინი აღმსარებლობისაი მოიღე რაი ჯილდოდ უკუდავისაგან მეუფისა, აწ იმეოხე წინაშე მისა, დანერგოს ჩუენ შორის მოძაგებაი ცოდვისაი და სიყუარული სათნოებისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ესმათ რაი რაი მღდელთმთავართა მრავალნი სასწაულნი, აღსრულებულნი შემდგომად სიკუდილისა შენისა, წმიდაი ნეშტი შენი და მეუღლისა შენისაი გარდასუენეს ფერიის დედათა სავანესა, და სამახოი შენი იქმნა, ვითარცა წყაროი მადლისაი.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყვით: მშობელო სიტყვისაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათვის.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელმან აკმიოს: მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
ქრისტემან მოგცა შენ მადლი სასწაულთაცა საქმედ და საუკუნოდ პატივცემული წმიდათა თანა და მოღუაწეთა, შეგრაცხა ეკლესიამან ჩუენმან, ვითარცა აღმსაარებელი მამაი და ხსენებაი და ქებაი შენი განგვიწესა სამწყსოსა თვისსა, რაითა გნატრიდეთ შენ, ვითაცა მოშურნესა მხურვალესა და ვნებათა დამთრგუნველსა, გლახაკთა წინა-მდგომელსა, და ცოდვილთა სულთა მძღუანსა.
აწ იხარებს ზესთასოფელი აღმცენებისა შენისათვის, ღმერთშემოსილო, და განსცხრების სავანე დედათაი ფერიისაი, რამეთუ მუნითგან ელვარობ ქუეყანასა ზედა ჩუენსა, და მრავალი ერი ქრისტეანე მოისწრაფის თაყუანისცემად და პატივისა მიგებად წმიდასა სამარხოსა შენსა, რაითა კურნებაი სულთა და ხორცთა ჩუენთა მოვიღოთ მოსავთა შენთა და მაქებელთა.
დღესასწაულობს აწ ქუეყანაი ქართველთაი, რამეთუ წყალობითა მოგვხედნა ქრისტემან ღმერთმან და კუალად მოგუმადლა ჩუენ აღმსარებელი მამაი ჩუენი, სევერიანე დიაკონი შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომხსნელად ვნებათაგან.
ვითარცა გაქუს კადნიერებაი მამობრივი, ჰოი, ღუაწლითშემოსილო მამაო ჩუენო სევერიანე, შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, ქალწულსა ღმრთისმშობელსა, რაითა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, წმიდათა არსითა და ალილუიათი უგალობდეთ სამებასა განუყოფელსა და შეურყვნელსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მღდელი: მერმე და მერმე მუხლთმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: ამინ.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ღირსო მამაო ჩუენო სევერიანე დიაკონო, აღმსარებელო აჭარელო! მღდელთა გვირგვინო და ანგელოზთა მოდასეო, ყოველთა ქართველთა ზესთამბრძოლო და აჭარელთა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო, ღმრთისა მიმართ მეოხო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთა შესავედრებელო, ზღუდეო და საფარველო!
ჰოი, თანამოდასეო აღმსარებელთა და ანგელოზთაო, ღირსო მამაო ჩუენო სევერიანე დიაკონო! რომელმან ზეობასა მას უღმრთოთასა ისმინე წოდებაი ღმრთისაი და უარყავ რაი ცრუ-სჯული მაჰმედისაი, შეიყუარე სარწმუნოებაი ჭეშმარიტი, ქადაგებული მოციქულთაგან. და აღეტყინე რაი ზეცისა სურვილითა, დაუცხრომელად მუშაკობდი სადიდებლად ღმრთისა, აწ შენმიერითა მეოხებითა და შეწევნითა მოგვანიჭე სიბრძნე, სიმხნე და მძლეველობაი დაცვად მამულისა და სარწმუნოებისა ჩუენისა, რამეთუ ურიცხვნი მტერნი ჭეშმარიტებისანი ზაკულითა განზრახვითა შეთქუმულ არიან მართლმორწმუნეთა ზედა და ძალითა და ნიშნებითა სიცრუვისაითა იღუწიან, რაითა ერიცა საუფლოი განხრწნეს და გამოაჩინეს ერად ბნელისა, ხოლო ჩუენ ძილის დახსნილებასა მივცემივართ და ვერცაღა ძალ-გვიძს წინა-აღდგომად მათთა, არამედ გუაქუს მეოხებაი შენი ქრისტეს მიმართ, რაითა მოგვცეს ჩუენ მეფე მირონცხებული მმართებელად და წინამძღურად, ვითარცა დავით ისრაელთა, რაითა კეთილად განაგებდეს და იურვოდეს ღმრთისმშობლისა წილხვედრსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა, და აღადგენდეს მამულისა ჩუენისა ერთობასა და აღამაღლებდეს ღირსებასა და ძლიერებასა ქუეყანისა და ნათესავისა ჩუენისასა, რაითა არა ჰსთქუან ურიცხუთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაი. ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა შენისაითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენნი ქრისტეანენი.
ჰოი, წმიდაო მამაო ჩუენო, სევერიანე დიაკონო! ვითარ იგი პირველ იღუაწე ერისა შენისათვის მოციქულებრივითა შრომითა შენითა, აწცა მამობრივითა მოწყალებითა, გვითხოე ქრისტეს მიერ ცოდვათა ჩვენთა ურიცხვთა მოტევებაი, მართლმადიდებლობით განათლებაი, კეთილთა საქმეთა მიერ განსუენებაი, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის), გუაკურთხენ.
მღდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან..
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა აღმსარებელისა მამისა ჩუენისა – სევერიანე დიაკონისა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ლოცვა ხატისა მთხვევასა ზედა:
ზეგარდამოითა ნათლითა ჰბრწყინავ, ჰოი, ქრისტეს მსახურო, სევერიანე აჭარელო, და საღმრთოითა ძალითა მოგუმადლებ სათხოვართა კეთილად აღსრულებასა, რომელნი ესე შევრდომითა წმიდასა ხატსა შენსა თაყუანსა ვჰსცემთ და მხურვალედ გევედრებით: ნუ მიგვაქცევ აწ სირცხვილეულთა, არამედ მეოხ გვეყავ წინაშე ღმრთისა, რაითა გვიხსნეს ჩუენ ყოველთა ჭირთა, ურვათა და საცთურთაგან.
დედოფალო მარიამ, მოგვხედენ სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა პატიოსნისა ხატისა წმიდისა სევერიანე აჭარელისათა, ხოლო მადლი მისი და წყალობა შენი თანა-მეყავნ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა