მეექვსე მცნება: არა კაც ჰკლა.

 

რა უნდა თქვას დღევანდელმა მონანულმა ამ მცნების შესახებ? რა საშინელი სიტყვებია – კაცის კვლა, მკვლელი! მოკვლა ხომ ნიშნავს, რომ ვისმე წაართვა ამ ქვეყნად უდიდესი უფლისმიერი საჩუქარი – სიცოცხლე. თუ მონანულთა შორის არის ვინმე, ვინც უშუალოდ მკვლელობა ჩაიდინა, ნებით ან უნებლიეთ, პირადად მოინანიოს მოძღვრის წინაშე!

უმეტესობა ასე ფიქრობს: „მადლობა ღმერთს, არავინ მომიკლავს, ანუ უფლის წინაშე ბრალი არ მიმიძღვის ამ მცნების დარღვევაში“.

მაგრამ არსებობს ერთგვარი საშინელი მკვლელობა, როდესაც დედა თავის წიაღში კლავს შვილს. ეს მკვლელობა ორმაგად მძიმეა, ვინაიდან მკვლელი დედაა!

ამ ბოროტმოქმედების ჩამდენო დედებო, შეინანეთ! ვინ მოგცათ უფლება განაგოთ, ვინ იცოცხლებს და ვინ არა? თქვენ იქნებ მომავალი გენიოსი მოკალით, ან იქნებ მოკალით ის, ვისაც თავისი ლოცვით ქვეყანა უნდა გადაერჩინა, მოკალით მომავალი დიდი მამა, კაცი, რომლის გარემოცვაში უნდა გადარჩენილიყო ათასობით ადამიანი! მოკალით საზოგადო მოღვაწე, რომლის ცხოვრებაც დიდ წყალობას მოუტანდა საზოგადოებას! ჩვენ ვიხრჩობით საკუთარი შვილების სისხლში და ეს სისხლი ცას შეჰღაღადებს! ნუ იფიქრებთ, რომ დაუსჯელად გადარჩებით, ეს საშინელი ცოდვაა! შეინანეთ, ვისაც სინდისი საკუთარი შვილის სისხლითა გაქვთ შეღებილი!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

    მრავალი ჩვენგანი განიკითხავს მკვლელ დედას და თავი ამგვარი ცოდვისაგან დაცულად მიაჩნია, მაგრამ თუ ასეთი რამე არასოდეს ჩაგვიდენია, მაინც უსაზღვროდ დამნაშავენი ვართ ჩვენი ახლობლების თანდათანობით, დახვეწილად მოკვლაში, რადგანაც უხეშად ვექცევით მათ.

ახლა მოკლედ ჩამოვთვლი ზოგიერთ განსაკუთრებით შემაძრწუნებელ ცოდვას. მოისმინეთ და შეინანეთ მთელი გულით და უკიდურესად შემუსვრილი სულით, ვინაიდან ყველა ეს ცოდვა მიმართულია მოყვასის სიყვარულის წინააღმდეგ. უსიყვარულოდ ჩვენი ცხოვრება, როგორი სავსეც არ უნდა იყოს დიდი ღვაწლით, მკაცრი შეზღუდულობით, იწროობითა და მწუხარებით, განიკითხება უკანასკნელ სამსჯავროზე უფლის წინაშე!

    1. ნამდვილ მკვლელობასთან ძალიან ახლოს დგას მათი საქციელი, ვინც მრისხანებისა და გაღიზიანების დროს მუშტებს მოიმარჯვებს და გალახავს მოყვასს. იქნებ ვინმე კიდევაც დაამახინჯა ცემით, იქნებ შვილზე გაჯავრებულმა, რაც ხელში მოხვდა, იმით სცემა მას?

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

    2. ხომ არ მოკვდა მოყვასი თქვენი იმის გამო, რომ მას დროზე არ აღმოუჩინეთ დახმარება:

– იქნებ ვინმე შიმშილით კვდებოდა, თქვენ იცოდით და არ შეეწიეთ;

– იქნებ ვინმე წყალში იხრჩობოდა და მის გადასარჩენად არაფერი იღონეთ;

– იქნებ ვინმე სნეული კვდებოდა, თქვენ კი დროზე არ მიხვედით საშველად;

– იქნებ ვინმეს თქვენს თვალწინ კლავდნენ და არ დაიცავით, ან აწვალებდნენ და არ დაეხმარეთ;

– იქნებ გესმოდათ ვინმეს ძახილი, ვინც შველას ითხოვდა და თქვენ წაუყრუეთ, კარები ჩაკეტეთ, შუქი ჩააქრეთ, შორს გაიქეცით.

ღმერთო, ამის შემდეგ რანაირი ქრისტიანები გვქვია ჩვენ?!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

    3. ხომ არ მოუსწრაფეთ ვინმეს სიცოცხლე იმით, რომ მძიმე სამუშაო დააკისრეთ, არ ირწმუნეთ მისი, რომ ნამდვილად ავადაა, დასცინეთ და ბრალი დასდეთ იმაში, რომ უძლურებას იმიზეზებს, და ამით იქნებ შეუმოკლეთ კიდეც სასიცოცხლო დღეები.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

    4. უფალო, ჩვენ ვკლავდით ჩვენს ახლობლებს, როცა მრისხანების და გაღიზიანების დროს ვეუბნებოდით მათ საყვედურს, სალანძღავ სიტყვებს, გულსატკენსა და უხეშს. თითოეულ ჩვენგანს აქვს გამოცდილ, როგორ კლავს გულს ბოროტი, შხამიანი სიტყვა. ჩვენ კი დაუნდობლად ვიყენებთ სიტყვიერ იარაღს ღრმა ჭრილობების მისაყენებლად. უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „ყოველსა, რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის-მკვლელი არს“ (1 იოანე 3,15).

რომელ თქვენგანს შეუძლია, განრისხების ჟამს უკბინოს ადამიანს. ალბათ იტყვით, რომ ეს შეშილის საქციელია. ახლა მოუსმიეთ, რას ამობს იოანე ოქროპირი ამის გამო: „ფიზიკურ კბენაზე უარესია სიტყვიერად ამ ბოროტების ჩადენა, რადგანაც პირველნი ხორცს გლეჯენ კბილებით, ხოლო მეორენი სულს ასახიჩრებენ სიტყვებით, უკურნებელ ჭრილობას აყენებენ ღირსებას. რაც უფრო მეტ ტკივილს მიაყენებს ამის ჩამდენი სხვას, მით მეტი იქნება მისი სასჯელი“. ვინც ამ ცოდვით დაეცა, შეინანეთ!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

მოერიდეთ უდანაშაულოსათვის პატივის აყრას, მტერიც რომ იყოს ის შენი. გეშინოდეთ ამ ზნეობრივი მკვლელობის ჩადენისა, ვინაიდან ამის გამო მკაცრად დაისჯებით, ვიდრე ხორციელი მკვლელობისას.

    5. თუ თქვენ წყნარი და უშფოთველი ხასიათი გაქვთ, მაგრამ თქვენს გვერდით არის ადამიანი, რომელიც იოლად ფეთქდება, თქვენ კი შეგნებულად მოახდინეთ მასზე გავლენა და მრისხანება მისი წარმართეთ ვინმეს წინააღმდეგ ან თქვენი სიჯიუტით, მდუმარებით გამოიწვიეთ მისი მრისხანება, დამნაშავე ხართ.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

    6. იქნებ თქვენი ჭირვეულობის გამო კამათში გამარჯვების სურვილით ადამიანი მიგიყვანიათ უკიდურეს აღელვებამდე, არანაკლებ დამნაშავენი ვართ მისი ცოდვაში ჩაგდებისათვის.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „ნუ გგონია, რომ მკვლელი არა ხარ, თუ შენი ახლობელი ცოდვის გზაზე შეაყენე, რამეთუ შენ ხრწნი სულს შენს მიერ ცდუნებული ადამიანისას და ართმევ იმას, რაც მარადისობას ეკუთვნის.

იქნებ წაგიყვანიათ ვინმე დასალევად, ან გიბიძგებიათ შურისძიებისაკენ, უხამსი ამბების თხრობით შეგიქცევიათ თავი ახლობლებთან, მიგიტანიათ მათთვის წასაკითხად ქრისტიანისათვის შეუფერებელი წიგნები… ცოდვათა ეს ნუსხა შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს… უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველივე ეს მკვლელობაა, მოყვასის სულის გახრწნა.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

მაინც რა ნიშნით უნდა გამოირჩეოდეს ჭეშმარიტი ქრისტიანი? „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“ (იოანე 13,35). ჩვენ კი, უფალო, როგორ შორს ვდგავართ შენი ჭეშმარიტი მოწაფეობისაგან!

ვეჩხუბებით, ვემტერებით, ვერ ვიტანთ ერთმანეთს, გვძულს მოყვასი ჩვენი. სირცხვილად მიგვაჩნია ურწმუნოთა შორის ჩვენი ქრისტიანობის აღიარება.

ხშირად გაისმის ურწმუნოთაგან ეს სიტყვები: „მეზობელი მყავს მორწმუნე. ხშირად დადის ეკლესიაში, მაგრამ როგორი ბოღმიანი და მავნებელი ადამიანია“. ვაი ჩვენდა, ვისი კაცთმოძულეობის გამოც შეიბღალება სახელი ღმრთისა! ყველამ გულში ჩაიხედეთ და ჰკითხეთ საკუთარ სინდისს – თქვენი საქციელი ხომ არ გამხდარა ვინმეს ცდუნების მიზეზი და თუ ამით ცოდვილნი ხართ, შეინანეთ!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

პირველად არა ბრძანდებით აღსარებაზე და, რა თქმა უნდა, არაერთხელ გსმენიათ, რომ თუკი ვინმე განაწყენებულია თქვენი მიზეზით, არავითარ ღვაწლს, არც ლოცვას, არც მონანიებას არ შეიწირავს უფალი, ვიდრე გულწრფელად არ შესთხოვთ პატიებას თქვენგან შეურაცხყოფილს.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

    9. წმიდა წერილი ამბობს: „ნეტარ არს, ვინც შეიწყალა პირუტყვი“. რომელიმე თქვენგანს არასაჭიროებისამებრ ხომ არ მოუკლავს პირუტყვი? იქნებ წიხლებს ურტყამდით, ქვას ესროდით, ჯოხით სცემდით, ან ბავშვობაში განგებ აწვალებდით ცხოველებს? შეინანეთ თქვენი სისასტიკე!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

    10. ზოგჯერ არ ვიცით, რომ ცოდვილნი ვართ! ისეც ხდება ხოლმე, რომ სიქას ვიცლით ზრუნვითა და შრომით, ვეფლობით გადაჭარბებულ მწუხარებაში, სასოწარკვეთილნი თვითმკვლელობაზეც კი ვფიქრობთ. ყოველივე ეს უდიდესი ცოდვაა უფლის წინაშე, რამეთუ სიცოცხლე ღმერთის უდიდესი საჩუქარია, ხოლო ჭირი და მწუხარება ჩვენზე მისივე ნებით დაიშვება, რითაც უფალი წვრთნის ჩვენს სულს მარადიულობისათვის. ჩვენ კი სევდითა და სასოწარკვეთილებით, უფლის კეთილზრახვათა მცირედი რწმენით ამქვეყნიურ ჟამს ვიმოკლებთ, ვინადგურებთ ჯანმრთელობას, ვიხშობთ სასუფევლის კარს.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   11. თუ უფალმა დაგვიცვა კიდეც სასოწარკვეთილების ცოდვისაგან, ჭირვეულობითა და ავი გამოხდომებით ხომ არ მიგვიყვანია ვინმეს სასოწარკვეთილებამდე? ღმერთმა დაგვიფაროს და ჩვენი მიზეზით თვითმკვლელობით ხომ არ დაუმთავრებია ვინმეს სიცოცხლე? თუ ეს ასეა, გოდებით შეინანეთ, რამეთუ მოყვასის სულიერ დაღუპვაში თქვენ ყოფილხართ დამნაშავე.

    12. თვითმკვლელებად ითვლებიან ისინი, ვინც თავშეუკავებელი ცხოვრებით – ნაყროვანებით, თამბაქოს მოწევით, ლოთობითა და სხვა გარყვნილებით ინადგურებენ ჯანმრთელობას.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

    13. ზოგიერთ „მორწმუნეს“ მკურნალობა ცოდვად მიაჩნია, ამით კი თვითდარწმუნებასა და ამპარტავნებაში ვარდება: „დაე სუსტებმა და ცოდვილებმა მიმართონ მკურნალობას… ჩვენ კი აი, როგორები ვართ!“ უკეთესი იქნება, თუ ამ აზრზე დავდგებით: ავად გახდი, იმკურნალე. თუ მკურნალობა შედეგიანი გამოდგა, მადლობა ღმერთს, თუ არა და დაითმინე, და შესწირე მადლობა უფალს ამ გამოცდისათვის. აი, როგორ უნდა იქცეოდეს ქრისტიანი!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

    14. და ბოლოს, თუ ჩვენ არ ვზრუნავთ სულის გადარჩენისათვის, გამოდის რომ საკუთარი ხელით ვკლავთ მას. როგორ თავს დავკანკალებთ ჩვენს მოკვდავ ხორცს და როგორ არ ვზრუნავთ უკვდავ სულზე! გვავიწყდება მისი განბანვა სინანულის ცრემლით, გამოკვება ლოცვით, კეთილი საქმეებით, რითაც მარადიულობისათვის მოვემზადებოდით. სად გვაქვს სულზე ზრუნვის თავი, როცა ჩაფლულები ვართ ამაქვეყნიურ ამაო საზრუნავში. ვცხოვრობთ იმ ცრუ იმედით, რომ ცხონება ბუნებრივი დასასრული იქნება ჩვენი ცხოვრებისა. უფალო, მოგვიტევე და აღსასრულამდე მოგვეც ჩვენ სინანული, შეგნება იმისა, რომ „სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მთ. 11,12).