მეოთხე მცნება: მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
მუდამ გახსოვდეს შაბათი დღე და წმინდად დაიცავი იგი. ექვსი დღე იშრომე, ხოლო მეშვიდე დღე მიუძღვენი უფალს. ამ მცნებასაც ვარღვევთ ხშირად ისე, რომ არც ვაცნობიერებთ ჩვენს ცოდვას და შესაბამისად, არც ვინანიებთ უფლის წინაშე. ვცადოთ იმის გაანალიზება, რა აზრი დევს ამ მცნებაში, ჩავიხედოთ ჩვენს სულებში და თუ იქ ცოდვას აღმოვაჩენთ, ვაღიაროთ და მოვინანიოთ.
ეს მცნება გვავალებს ექვსი დღე პატიოსნად ვიშრომოთ, მაგრამ ჩვენ ასე ვირჯებით განა? ორშაბათის მიჯნაზე ბევრ ჩვენგანს წინასწარ უფუჭდება გუნება იმ მიზეზით, რომ მეორე დღეს სამსახურშია წასასვლელი. იმის ნაცვლად, რომ გულში მაინც ვთქვათ: უფალო, მაკურთხე დავიწყო საქმიანობა, ვფიქრობთ: ნეტავ მალე მოვიდოდეს შაბათი, მალე დამიდგებოდეს საპენსიო ასაკი. ვხვნეშით, ვოხრავთ, თუ ბევრი სამუშაო შეგვხვდა, ვცდილობთ დავხარჯოთ დრო (რომლისთვისაც ფულს გვიხდიან) უსაქმურობასა და საკუთარ საქმეთა მოგვარებაში, ან თანამშრომლებთან უქმადმეტყველებაში. ვმუშაობთ არა სინდისის კარნახით, არამედ იმისთვის, რომ უფროსობამ არ დაინახოს ჩვენი დაუდევრობა, არ დავიმსახუროთ საყვედური და სულაც არ გვეუხერხულება ხელფასის დღეს ამგვარი გარჯისათვის ანაზღაურების მიღება. თანაც გული გვწყდება, რომ ცოტას გვიხდიან, არ გვაწინაურებენ სამსახურში სამსახურში. თუ ვინმე უფროსთაგანი შენიშვნას მოგვცემს ცუდად მუშაობის გამო, ცრემლებს ვყრით განაწყენებულნი, ისტერიკას ვაწყობთ, უხეშად და კადნიერად ვეპასუხებით შენიშვნის მომცემს.
იქნებ ზოგიერთი თქვენგანი კიდეც დასცინოდა რომელიმე თანამშრომელს, რომელიც სინდისიერად მუშაობდა და ბრალად სდებდა მას უფროსების წინაშე თავის გამოჩენის სურვილში. იქნებ ცდილობდით, სხვისთვის გადაგებარებინათ თვენი შეხედულებით უსიამოვნო, მძიმე და ნაკლებად სარფიანი სამუშაო. შეინანეთ, ვინც საკუთარ თავს ამოიცნობს ამ მამხილებელ სიტყვებში.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
საქმისადმი ამგვარი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო სირცხვილია, საკუთარ თავს ქრისტიანი უწოდო.
განა არ ვარიდებთ ხოლმე თავს სამსახურებრივ მოვალეობას ეკლესიაში სიარულის მიზეზით? განა არ ვიღებთ ხოლმე ექიმისგან ბიულეტენს, რათა მკურნალობის ნაცვლად ვიაროთ ტაძრებსა და მონასტრებში? თუ ვინმეს ასეთი რამ ჩაგიდენიათ, შეინანეთ უფლის წინაშე ამხელა ტყუილი. ზოგიერთი კი იმასაც აკეთებს, რომ ავადმყოფობის მომიზეზებით მიემგზავრება წმინდა ადგილის მოსანახულებლად და თავის თავს უფლებას აძლევს თვითნებურად გააცდინოს სამსახური. ამაზე მოძღვრის კურთხევასაც კი ითხოვენ, რითაც მღვდელსაც აცდუნებენ და უფალსაც ატყუებენ. შეინანეთ, ვისაც ასეთი ცოდვა ჩაგიდენიათ უფლის წინაშე!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
იქნებ აქ მყოფთა შორის არის ისეთი ქრისტიანი, რომელიც შეგნებულად არიდებს თავს საზოგადოებრივ საქმიანობას მოგონილი ავადმყოფობის საბაბით ან ისეთი სნეულების მომიზეზებით, რომელიც საშუალებას იძლევა, ეს სამუშაო არ შესრულდეს. ექიმთა ჯგუფის მოტყუება კიდევ შეიძლება ავადმყოფობის სიმულაციით, მაგრამ უფლის წინაშე ყველაფერი ხილულია. წმინდა ეკლესია არასოდეს უბიძგებს ვინმეს უსაქმურობისაკენ. პავლე მოციქული ასე მიმართავს პირველ ქრისტიანებს: „უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნურცა ჭამნ“ (2 თეს. 3,10). შეინანეთ, ვისაც სინდისი გამხელთ და დაუყოვნებლივ შეცვალეთ თქვენი ცხოვრების წესი.
არსებობენ აგრეთვე ისეთი ქრისტიანენიც, რომლებიც არც თვითონ მუშაობენ, და იმათაც განიკითხავენ, ვინც შრომობს საკუთარი არსეობისთვის, რათა უზრუნველყოს თავისი თავი სიბერეში პენსიით. განიკითხავენ და, იმავდროულად, სინდისის ქენჯნის გარეშე იკვებებიან მოწყალებით, რომელსაც გამრჯე ადამიანებისგან იღებენ, თანაც თავიანთი სიბნელის წყალობით მათ სამუშაოს ეშმაკეულს უწოდებენ.
შეინანეთ, ვინც ამ ცოდვას ჩადიხართ!
მონასტრის მკვიდრნო, განა ყოველთვის უაღრესი გულმოდგინებით, სიხარულითა და სიყვარულით აღასრულებთ თქვენთვის დაკისრებულ მორჩილებას? არ დრტვინავთ მათზე, ვინც თქვენ ეს მორჩილება დაგიდგინათ? უარს არ ამბობთ მის აღსრულებაზე სიჯიუტის, დასვენების მიზეზით, ან სიამაყის გამო? არ თვლით განა, რომ დაკისრებული მორჩილება თქვენთვის დამამცირებელია? შეინანეთ, თუ შეიცნობთ, რომ სამონაზვნო ცხოვრებას ამ ცოდვით ამრუდებთ!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
2. როგორ ვატარებთ ჩვენ მეშვიდე დღეს, ანუ კვირას და დღესასწაულებს, რომლებიც უფალს უნდა მივუძღვნათ? ჩვენ ხომ დიდი ხანია ყველა დღე ერთმანეთში ავურიეთ. ღმერთო, ყელამდე ვართ ჩაფლულნი ყოფით ამაოებაში და ვერაფრით ვწყდებით საზრუნავსა და შინაურ საქმეებს. არასდროს გვრჩება დრო ლოცვისა და კეთილი საქმეებისათვის. რომელი ჩვენგანი ასრულებს ყოველდღიურად და გულდასმით დილა-საღამოს ლოცვის კანონს? უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ, ჩვენი მოუცლელობა!
არ გიფიქრიათ განა, რომ თუ დილის ნახევარ საათს მიუძღვნით ყურადღებითა და შემუსვრილი გულით დილის ლოცვის, სახარებისა და სამოციქულოს თითო თავის წაკითხვას, ამით მთელი დღისათვის მიიღებთ სულიერ მუხტს და საქმე უკეთესად გამოგივათ, უფრო უკეთესი აზრები გაგიჩნდებათ ჯანსაღ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, გამოგიჩნდებათ შემწე, დამხმარე, ოღონდ ყოველივე ამის შესახებ დილით უნდა სთხოვოთ უფალს. იგივეა საღამოსაც, ძილის წინ: ოცი-ოცდახუთი წუთი ლოცვისა და უფალი რამდენიმე საათში აღგიდგენთ მთელი დღის მანძილზე დახარჯულ ძალებს, მოგანიჭებთ სიმხნევეს. რომელ თქვენგანს აქვს იმის გარანტია, რომ ენერგიის აღსადგენად დაწოლილი არ დაიძინებს საუკუნო ძილით? აი, რას ამბობს წმინდა მამა იოანე დამასკელი ძილისწინა კანონში ჩართულ ლოცვაში: „განანათლენ თუალნი ჩემნი, ქრისტე ღმერთო, ნუ-უკუე დავიძინო მე სიკუდიდ, ნუ სადა თქუას მტერმან ჩემმან, მრე ვეყავ მას“.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
ჩვენ ისე ჩაგვითრია ყოველდღიური საზრუნავების მორევმა, რომ სიკვდილი დაგვავიწყა. გამოგლიჯეთ თუნდაც ერთი დღით თქვენი სული ამაოების კლანჭებს და მიუძღვენით დღე მეშვიდე უფალს მისი მცნების თანახმად! თქვენ დარწმუნდებით, რამდენად მოწესრიგდება თქვენი ცხოვრება. უფალი აკურთხებს თქვენს შრომას, ოჯახს, სახლს, თქვენს მიწიერ ღვაწლს.
შენი მცნების დარღვევის გამო, მოგვიტევე, უფალო, ჩვენ ცოდვილთ!
3. როცა კვირა დღეს ან დღესასწაულზე არ ვმუშაობთ, მაშინაც ვცოდავთ იმით, რომ გვეზარება ტაძარში წასვლა. აი, რას ამბობს მეექვსე მსოფლიო კრების მეოთხმოცე კანონი: „ერისკაცი, რომელსაც არა აქვს რაიმე გასაჭირი ან დაბრკოლება, თუ სამ კვირა დღეს არ დაესწრება ღმრთისმსახურებას, განიკვეთოს“, ანუ განეშოროს ეკლესიას.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
ბევრი თქვენგანი თავს იმშვიდებს: ჩვენ ხომ დავდივართ ტაძარში და თანაც ხშირად, არა მხოლოდ კვირაში ერთხელ. სიარულით კი დავდივართ, მაგრამ როგორ ვიქცევით?
ყოველგვარი შიშისა და მოწიწების გარეშე გადავაბიჯებთ ხოლმე ტაძრის ზღურბლს, ვაწუხებთ სხვებს, ვილანძღებით, ვიღრინებით და ვჩხუბობთ კიდეც. გონს მოდით!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
ყოველ ტაძარს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც უხილავ ეტრატზე იწერს ყოველი მომსვლელის საქციელს. ტაძარი არის ღმრთის დედამიწაზე ყოფნის განსაკუთრებული ადგილი. ეს არის მიწიერი ზეცა. როგორი შიშითა და მოწიწებით უნდა შევდიოდეთ ჩვენ, ცოდვილნი ეკლესიაში, როგორ ფრთხილად უნდა ვიქცეოდეთ ამ წმინდა ადგილას. ჩვენ კი როგორ ვიქცევით? ბევრი იმათგან, ვინც გამუდმებით დადის ერთსა და იმავე ტაძარში, თვლის, რომ მას იქ აქვს „თავისი“ ადგილი. რას აკეთებთ ხოლმე, თუ „თქვენი“ ადგილი დაკავებული დაგხვდებათ. ნუთუ თვლით, რომ თუ ადამიანს გააგდებთ „თქვენი ადგილიდან“, მიაყენებთ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ შუბლს იტკენთ ქვის იატაკზე მეტანიის კეთებით, თუნდაც ერთი სიტყვა თქვენი ლოცვისა მიაღწევს ღმერთამდე? შეიგნეთ, რომ ცოდვის გარდა ვერაფერს მოიმკით ამ „თქვენ ადგილზე“ პრეტენზიის გამოცხადებით. საქმე ხშირად ხელჩართულ ბრძოლამდე მიდის ამ „ადგილების“ გამო!
კარგია, ერთ რომელიმე შეჩვეულ ადგილას გამუდმებით დგომა, მაგრამ თუ ეს გინდა, ადრიანად მოდი და მშვიდად დადექი შენს საყვარელ ადგილას, ხოლო თუ იგი უკვე დაკავებულია, მორჩილებითა და სიყვარულით დათმე. ამისთვის უფალი შენ უფრო მეტად შეგეწევა. გახსოვდეთ, რომ ეს არ არის ლიტონი სიტყვები, არამედ ჭეშმარიტებაა: თუ რაიმე მიზეზით კაცი გააგდე, უფლისაგან არაფერს მიიღებ, მხოლოდ ეშმაკს გაამხიარულებ. დათმე სიყვარულით და ასეთ ლოცვას უფალი არა მარტო შეიწირავს, არამედ კიდევ შეგეწევა, რათა სასოებით ილოცო. დაიწყეთ ამ აღსარების შემდეგ გამოსწორება. დასაწყისში ალბათ გაგიძნელდებათ, მაგრამ შემდგომ მადლობით გაიხსენებთ ყოველივეს.
დროა, რომ ჩვენ, ჭაღარაშერეულებმა, დავიწყოთ სულიერებაში გარკვევა. ჩვენ თავს წარმოვიდგენთ ხოლმე თავგადაკლულ მლოცველებად. მაგრამ შეიძლება ჩვენი გარჯა ამაოა იმის გამო, რომ კადნიერად ვიქცევით ტაძარში და უფლისგან არაფერს მივიღებთ გაკიცხვის გარდა.
ტაძარში ჩვენს ქცევას კიდევ ერთი სენი სჭირს. ზოგიერთი უძლურებისა და ავადმყოფობის გამო ვერ უძლებს მთელი წირვის მანძილზე ფეხზე დგომას და სადმე ჩამოჯდება. უფალი ხედავს კაცის გულს და იცის მისი ხორციელი უძლურების შესახებ. თქვენ კი, ჯან-ღონით აღვსილებო, ნუ განიკითხავთ მათ, ახალგაზრდაა იგი თუ ხნიერი, ნუ მისცემთ შენიშვნას, ეს თვით იმ ადამიანის სინდისის საქმეა. ახალგაზრდაც ხომ შეიძლება იყოს ინვალიდი. ერთმა კაცმა შეძრწუნებით მიამბო, რომ ჩვენს მონასტერში მოსული, შეესწრო საშინელ ამბავს: საღმრთო ლიტურგიის აღსრულებისას, თანაც ევქარისტიული კანონის მომენტში, ერთი ხნიერი ქალი აძალებდა შედარებით ახალგაზრდას, ფეხზე ამდგარიყო. ის კი ხვეწნით იმართლებდა თავს, რომ ფეხზე წყლული ჰქონდა და დგომა არ შეეძლო, მაშინ გაისმა საშინელი სიტყვები: „სულაც დაგლპობია და მოგსპობია ეგ ფეხიო“. შემდეგ კი, თითქოს არაფერი მომხდარაო, ეს ქალი პირჯვარსაც ისახავდა, მეტანიასაც აკეთებდა, გალობდა „მამაო ჩვენოს“. იქნებ სულაც ეზიარა კიდევ. ამისი მოყოლაც საშინელებაა და გაგონებაც! ჩვენში ძალზე ხშირად იმართება ასეთი არაადამიანური დიალოგები.
უფრო მეტიც, – შეურაცხყოფას მივაყენებთ, ვაწყენინებთ ვინმეს ჩვენი უადგილო შენიშვნით და მერე მოჩვენებითი სიმდაბლით ვიტყვით: „მომიტევე მე, უფალო!“. ეს თავხედური, უზნეო დაცინვაა: მომიტევე, რომ ცოტა გაწყენინე. აი, როგორი ვერაგია ადამიანური ბუნება!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
გონს მოდით, ნუ მისცემთ თავისუფლებას თქვენს ბოროტ ენას ტაძარში. გახსოვდეთ, რომ უფალი მხოლოდ მრავლისმომთმენი არ არის, არამედ „საშინელ არს შევრდომაჲ ჴელთა ღმრთისა ცხოველისათა“ (ებრ. 10,31).
კიდევ ერთი ცოდვა უნდა გავიხსენოთ ტაძარში მოურიდებელი მოქცევის დროს. ბავშვებს უჭირთ სამონასტრო წირვის მოსმენა. ისინი გამორბიან ეზოში და ცელქობენ. გარდა იმისა, რომ სავანის სიჩუმეს არღვევენ, ისინი მლოცველებსაც უშლიან ხელს, რომლებიც იწროობისა, ან უძლურების გამო ტაძარში ვერ შედიან და ღმრთისმსახურებას ისმენენ ღია კარიდან და სარკმლიდან. ბავშვი ბავშვია, იგი მოძრავია და ხმაურიანი, მაგრამ მათ უნდა ირბინონ და ითამაშონ ტაძრის ეზოს გადაღმა, ხოლო წმინდა ადგილის მიმართ ადრეული ასაკიდანვე უნდა ჩავუნერგოთ რიდი და მოწიწება. თუ თქვენ – დედებმა, ბებიებმა, დეიდებმა, ბავშვი მოიყვანეთ ტაძარში, კიდევაც მიაქციეთ ყურადღება მათ საქციელს. ჯერ კიდევ სახლში შეაგონეთ, რომ ტაძარი წმინდა ადგილია და იქ თამაში და ხმაური არ შეიძლება, ასწავლეთ, რომ ტაძარში განსაკუთრებული მოწიწება მართებთ.
უფალო, მოგვიტევე ჩვენი უსასოობა. თვითონაც მოურიდებელნი ვართ და შვილებსაც იმავეს ვასწავლით.
4. მეოთხე მცნების მიმართ ვცოდავთ აგრეთვე იმითაც, რომ არ ვიცავთ მარხვას ეკლესიის მიერ დადგენილ დღეებში.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
ჩვენ ხორციელ მარხვასაც კი არ ვიცავთ, რაც გამოიხატება გარკვეული დროის მანძილზე განსაზღვრული საკვების აღკვეთით, მაგრამ ამას თუ მაინც ვაკეთებთ, ნუღარ ვიქებთ თავს, ვინაიდან „ჭეშმარიტი მარხვა არის ბოროტისაგან განდგომა, მდუმარება, მრისხანებისაგან დაცხრომა, ვნებისაგან განშორება და უარყოფა სიცრუისა და ფიცის გატეხისა (დიდ მარხვის 1 კვირის სტიქარი). რომელი ჩვენგანი მარხულობს ასე?
ამ საქმეში, ჩვენ, ყველანი, ფესვგამდგარი, მოურჯულებელი ცოდვილნი ვართ. მარხვის ამ მთავარ არსზე სულაც არ ვფიქრობთ, ხოლო ხორციელ მარხვას თვითნებურად ვიტვირთავთ ხოლმე უდროოს დროს და ამითაც ვცოდავთ.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
დღესასწაულზე თვით ეკლესიის კანონით არის დაშვებული მრავალფეროვნება ტრაპეზზე, ხოლო დიდ დღესასწაულებზე – „დიდი სიუხვე“. ცოდვად არ ითვლება დღესასწაულზე გემრიელი საკვების მირთმევა, უფრო ხანგრძლივად დროის გატარება სუფრასთან, სტუმრად წასვლა და საკუთარ სახლში წვეულების გამართვა, მაგრამ ყოველივე ეს უნდა აღესრულოს უფლის სადიდებლად.
შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი დამსგავსებია კიდეც პირუტყვს დღესასწაულის ტრაპეზისას ნაყროვანებითა და სიმთვრალით. შემდეგ დრო უტარებია უქმი გასართობითა და აზარტული თამაშებით, უყურებია ქრისტიანისთვის შეუფერებელი სპექტაკლის, ან ფილმისთვის, მთელი დღე ტელევიზორთან მჯდარა, ან ბანქო უთამაშია, ან (განსაკუთრებით ახალგაზრდებს) თავი შეუქცევია ველური როკვითა და სიმღერით. შეინანეთ უგლისა წინაშე!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
ჩვენ, ქრისტიანები მეტად ფრთხილად უნდა მოვიქცეთ დღესასწაულებზე: უნდა წავიკითხოთ სულის საცხონებელი წმიდა მამათა წიგნები, მოვინახულოთ სნეულები, მოვიწვიოთ შინ მარტოხელა ადამიანი, რათა გული გაუთბეს ჩვენი სტუმართმოყვარეობით, მოვიკითხოთ განსაცდელში მყოფი მოყვასი და ვანუგეშოთ, თუ საქმით არა, სიტყვით მაინც. ნეტარია ის, ვინც ასე გაატარებს დღესასწაულს. ხოლო ვინც შესცოდავს, შეინანოს.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!