„არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკჳდრონ“ (1 კორ. 6,10).
იქნებ თქვენ შორის არ არის პროფესიონალი ქურდი, ყაჩაღი და თაღლითი, მაგრამ ისეთები კი ნამდვილად არიან, რომელთაც თუნდაც მცირედი მიუთვისებიათ იმისა, რაც მათ არ ეკუთვნოდათ. ყოველივე ეს იგივე ქურდობაა.
1. გაიხსენეთ, ხომ არ ცდუნებულხართ ოდესმე რაიმეთი, რაც „ცუდად იდო“. ამას ჩვენ ცოდვად არ ვთვლით, მაგრამ ეს ნამდვილი ქურდობაა. ხომ არ მიგიტანიათ შინ შვილებისთვის რამე სამსახურიდან და ამით ხომ არ მიგიჩვევიათ იგი ქურდობისათვის?!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
2. ხომ არ გაგქცევიათ თვალი სხვისი ბაღის, ბოსტნის ან ყანისკენ, სულერთია, კერძო იყო თუ სახელმწიფო – ესეც ქურდობაა!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
3. ზოგისგან გამიგონია: „როცა სალოცავად მივდივარ, ღმრთისმშობელი უფასოდ მამგზავრებს“. კარგად ჩაუფიქრდით და შეინანეთ, ეს ხომ ქურდობაა! რაღა ლოცვა გამოდის? ადრე ფეხით დადიოდნენ სალოცავად, ახლა კი ტრანსპორტით მგზავროთ და ისიც უფასოდ გსურთ!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
4. ხომ არ მოგიპარავთ ელექტროენერგია სახელმწიფოსთვის რაიმე ხრიკის მოგონებით? ეს სამარცხვინოა ქრისტიანისათვის!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
დღეიდან შეწყვიტეთ საკუთარი სინდისის შებღალვა ამისთანა წვრილმანებით!
5. ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების მუშაკებო, ბაზარში მოვაჭრენო, ხომ არ დაგიკლიათ წონაში, მოგიტყუებიათ ხურდაში ან შეგიტყუებიათ უხარისხო საქონელი მომხმარებლებისათვის? შეინანეთ უფლის წინაშე!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
დღეიდან აღარ გაისვაროთ ხელი და სინდისი. ამ გზით არავითარი სარგებელი, არც მატერიალური და არც სულიერი თქვენ არ გექნებათ, პირიქით, ქარის მოტანილს ქარივე წაიღებს! თანაც მუდმივი შიში გექნებათ, რომ ვინმემ არ დაგასმინოთ, არ დაგიჭიროთ ამ საქმიანობისათვის. ისე, რამხელა სირცხვილია ადამიანისა და ღმრთის, წმინდანებისა და ანგელოზების წინაშე, თუ ქრისტიანი კაცი ამხილეს და დაიჭირეს ქურდობისათვის! პატიოსანი გზით მოპოვებული ზედმეტი ქონებაც კი ცოდვაა ქრისტიანისათვის.
იქნებ საბავშვო დაწესებულებაში ვინმემ ბავშვების საკვები მიითვისა? ეს კი უკვე დიდი დანაშაულია, შეინანეთ!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
6. ხომ არ უთაღლითია ვინმეს და შეუჩეჩებია ძველი ფული ან აუღია ზედმეტი ხურდა გამყიდველისაგან?
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
7. იქნებ მოპარული ნივთი დაგიმალავთ ან ნაპოვნი მიგითვისებიათ?! წმინდა მამები მიწაზე დაგდებული მუხუდოს ერთ მარცვალსაც კი არ ახლებდნენ ხელს: რაც შენ არ დაგიკარგავს, შენი არ არის. თუ რამე იპოვე, შეეცადე დაუბრუნო დამკარგავს.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
8. იქნებ გიყიდიათ რაიმე, რომელიც იცოდით, რომ მოპარული იყო? შეიძლება ლოთისაგან შეგიძენიათ იაფად ოჯახიდან მოპარული ნივთი. გონს მოდით, გახსოვდეთ, რომ მოპარულის შეძენით თქვენ ქურდობის მონაწილე ხდებით. არასოდეს შეიტანოთ ოჯახში ამ გზით შეძენილი ნივთი, ხოლო ვისაც ეს ჩაგიდენიათ, შეინანეთ!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
9. ხომ არ შეგიდგენიათ ან გისარგებლიათ ყალბი დოკუმენტით?
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
10. იქნებ ვალის გადახდა დააგვიანეთ ან საერთოდ არ იხდით იმ საბაბით, თითქოს არ გქონდეთ ფული, სინამდვილეში კი, ან დაგენანათ მიცემა, ანდა გაფლანგეთ და თავი ვერ მოუყარეთ გადასახდელ თანხას. სასწრაფოდ გადაიხადეთ ვალი! თუ გაქვთ საშუალება, დღესვე მიეცით ფული, ან არადა, აღუთქვით უფალს, რომ უახლოეს მომავალში მოაგვარებთ ამ საქმეს. საერთოდ, ქრისტიანი საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა ჩაეტიოს. შევეცადოთ ვიცხოვროთ უფრო მოკრძალებულად და მაშინ სულიც დამშვიდებული გვექნება, ვინაიდან ვალი მძიმე ტვირთად გვაწვება.
11. ჩვენ მუდამ ვცოდავთ, როდესაც დაუდევრად ვექცევით სხვის ნივთს. თუ ადამიანმა ან სახელმწიფომ გვანდო თავისი ქონება, ქრისტიანი მას უფრო მეტი სიფრთხილით უნდა ექცეოდეს, ვიდრე საკუთარს, რომ არ გააფუჭოს, არ გატეხოს, არ დაკარგოს.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ, უყურადღებობა და დაუდევრობა!
12. მერვე მცნების წინააღმდეგ ვცოდავთ, თუ ვაიძულებთ ადამიანებს საჩქურები მოგვართვან. იქნებ რომელიმე თქვენგანი ღამეს ათევინებს ნათესავებსა და ნაცნობებს, რომლებიც წმინდა ადგილების მოსალოცად მოსულან? ამ დროს ხომ არ იქცევით ისე, რომ ისინი იძულებულნი არიან გადაგიხადონ ფული ან მოგართვან საჩუქრები? ხომ არ ითხოვთ მათგან რაიმე განსაკუთრებულს? შეინანეთ უფლის წინაშე!
უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ, ცოდვილნი!
და თუ უანგარო მასპინძლობა არ შეგიძლიათ, უნამუსო გამომძალველებად მაინც ნუ იქცევით, სტუმრებს ქრისტიანულად უმასპინძლეთ!
13. ხომ არ მიგიყენებიათ შეგნებულად ზიანი მოყვასის ქონებისათვის? გადაგითელავთ ბოსტანი, დაგიმტვრევიათ ხეხილის ტოტები, მოგიწამლავთ შინაური ცხოველი და ფრინველი? იქნებ რაიმე სხვა ბოროტმოქმედებით დაგიზარალებიათ ისინი? შეინანეთ უფლის წინაშე! თუ ასეთი რამ ჩაგიდენიათ, აუნაზღაურეთ დანაკარგი, ვითარცა ზაქემ და შეურიგდით. აი, მაშინ იქნება ნამდვილი მონანიება!
14. ჩვენ ვკიცხავთ უსაქმურებს, მაგრამ თვითონაც ხომ ასეთივე უსაქმურები ვართ? განა კეთილსინდისიერად ვჩერდებით სამსახურში სამუშაო დღის ბოლო წუთამდე? ხელფასის აღებაზე კი უარს არავინ ამბობს.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
15. მერვე მცნების წინააღმდეგ ცოდვად ითვლება ეკლესია-მონასტრების ქონების მითვისება. ტაძრიდან სანთლის ნამწვის წამოღებაც კი არ შეიძლება. იცოდეთ, რომ საეკლესიო ქონება ეს არის ცეცხლი, რომელიც საკუთარ სახლში შეგაქვთ.
16. არსებობს ამ ცოდვის კიდევ ერთი სახეობა, ეს არის სპეკულაცია. ვინც ამ სამარცხვინო საქმიანობას ეწევა. სასწრაფოდ შეწყვიტოს და შეინანოს უფლის წინაშე ცრემლით.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
17. ხომ არ მოგითხოვიათ ვინმესთვის ფული ან ნივთები მოჩვენებითი მოწყალების მიზნით? თითქოს ეკლესია-მონასტრებისთვის, ან გაჭირვებული ადამიანებისათვის გინდოდათ დახმარების გაწევა, სინამდვილეში კი თავად ითბობდით ამით ხელს?! თუ ასეთი რამ ჩაგიდენიათ, შეეცადეთ ეს უკეთურება გამოასწოროთ იმით, რომ თქვენგან მითვისებული გაჭირვებულ ხალხს მოხმარდეს.
18. მერვე მცნება კრძალავს აზარტულ თამაშებს ფულზე, ვინც ამით სცოდა, შეინანოს უფლის წინაშე და მეტი აღარ ჩაიდინოს ასეთი რამ.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
ყოველივე ეს არ მოითხოვს განსაკუთრებულ ღვაწლს, საჭიროა მხოლოდ შეიგნოთ, რომ ქრისტიანისათვის სამარცხვინოა ასეთი საქციელი, რომლითაც იწვალებს სულს და განარისხებს უფალს. ნუთუ ბანქოზე და დომინოზე უფრო ღირსეული საქმე ვერ გიპოვნიათ?
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
19. ხომ არ აგიღიათ ქრთამი ან ხომ არ დაგიკლიათ გასამრჯელო ვინმესთვის? იქნებ პრემია გაანაწილეთ უსამართლოდ ან რაიმე საჩუქრები? შეინანეთ, ვისაც ეს ჩავიდენიათ!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
20. იქნებ იძუნწეთ ახლობლების დახმარებისას ან ტაძრის შესაწირავის გაცემისას? უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ძუნწებს და ხარბებს!
21. ჩვენ აგრეთვე ვცოდავთ ამ მცნების წინაშე მაშინაც კი, როდესაც ვიძენთ ნივთებს ფუფუნების მიზნით, მაგალითად, გვაქვს ერთი ხელი კარგი ტანისამოსი, მაგრამ არ ვკმაყოფილდებით ამით, ვიძენთ მეორეს,მესამეს და ასევ ვაგროვებთ არა საჭირო, არამედ ფუფუნების საგნებს.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
ზოგიერთი არ იხდის ძველმანებს, ოღონდ ფული არ დახარჯოს. ეს სიძუნწეა – მეორე უკიდურესობა! ზოგი კი იმით ტრაბახობს, რომ ფულს არ ითვლის, უკანასკნელ კაპიკამდე ქარს ატანს. ეს ფლანგვაა, რაც თავისთავად ცოდვაა!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
22. მერვე მცნების წინააღმდეგ ცოდვად ითვლება, თუ ვიცოდით და არ გავაფრთხილეთ ჩვენი მოყვასი შესაძლო ზარალის შესახებ. იქნებ გამოგვიყენებია კიდეც ჩვენდა სასარგებლოდ ვინმეს გაჭირვება? ხომ არ მიგვითვისებია ხანძრის, წყალდიდობის ან სხვა უბედურების დროს სხვისი ნივთები? ხომ არ მოგვითხოვია დაზარალებულისათვის გაწეული დახმარების გასამრჯელო და ძალის გამოყენებით მიგვიღია იგი? თუ ეს ჩაგიდენიათ, შეინანეთ უფლის წინაშე! უფალო, მოგვიტევე ჩვენი გულქვაობა, ანგარება და შეუწყნარებლობა!
23. მაშინაც კი, თუ ჩვენ ზემოთჩამოთვლილ ცოდვათაგან უმრავლესი არ ჩაგვიდენია, უნდა გვახსოვდეს, რომ მატერიალურ ღირებულებათა გარდა თითოეული ჩვენგანი უფლისაგან რაიმე ნიჭით ან უნარით არის დაჯილდოვებული. ახმარდით ამ ნიჭსა და უნარს ახლობლებს? ეხმარებოდით თუ არა კეთილი რჩევით, აყენებდით თუ არა სწორ გზაზე შეცდომილებს, სცემდით თუ არა ნუგეშს უბედურების ჟამს და საერთოდ, ადამიანებისათვის ვცხოვრობთ თუ საკუთარი თავისათვის, ეგოიზმში ჩაძირულები?
ჰკითხეთ საკუთარ სინდისს და თუ იგი გამხელთ, შეინანეთ უფლის წინაშე!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!