პალიასტომის ღვთისმშობელი

პარაკლისი ღმრთისმშობლის ხატისა „პალიასტომისა“

სავედრებელი პარაკლისი ქუთაისის

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის

სასწაულთმოქმედისა ხატისა „პალიასტომისა“

 

მღდელი: კურთხეულ არს-ი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4

მზეებრ განჰბრწყინდა რაი წმიდაი ღმრთისმშობელი „პალიასტომისაი“ ქუეყანასა ჩუენსა, იქმნა იგი დიდად შესავედრებელ მეფეთა და ერთა, და აწ ჩუენცა მჭვრეტელნი მისნი ვიხარებთ და ვავედრებთ სულთა და ხორცთა ჩუენთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სხუაი ტროპარი

დაუცხრომელად გადიდებთ შენ, „პალიასტომისა“ ღმრთისმშობელო, ვითარცა შესავედრებელსა და სიქადულსა ქართველთა ერისასა, და გევედრებით, დაგვიფარნე საფარველსა ქუეშე შენსა და განგვამტკიცე ბრძოლათა შინა უხილავთა და ხილულთა მტერთა ზედა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისაი და განუპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო პალიასტომისაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ვითარცა ხარი შენ წყაროი სახიერებისაი, დედოფალო, ეგრეთცა აქუს ძალი და მადლი ხატსა შენსა „პალიასტომისასა“, და სიყუარულითა მისდა შევრდომილნი გევედრებით გამოხსნასა ყოველთა ჭირთა და ურვათაგან.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო პალიასტომისაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

წმიდისა ხატისა შენისაგან აღმომდინარე მადლი და კურნებანი აღგვძრავს ვედრებად შენდა, რაითა უკუნ-აქციო ჩუენზედა სამართლად მოწევნული რისხუაი ღმრთისაი ცოდვათა ჩუენთათვის და გვიხსნა მონებისაგან ეშმაკთასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

აწ წინაშე ხატისა შენისა წარდგომილ ვართ ლმობიერად მორწმუნენი და გევედრებით: გვეყავნ ჩუენ მცველად შეურყევლად, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, და გვიხსენ საცთურთაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიდებულნი ითქუნეს შენთვის თესლითი თესლადმდე, ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყუაი ღმრთისაი წიაღსა შენსა და დაადგერ უხრწნელად, აწ ყოველნი გადიდებთ შენ, რომელი მხსნელად ჩუენდა გამოსჩნდი შემდგომად ღმრთისა, რამეთუ დიდებით დიდებულ ხარ.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო, კაცთ-მოყუარე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო პალიასტომისაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

წმიდაი ხატი ეგე შენი ძუელ-ოდესმე მიჰმადლე რაი პალიასტომის ტაძარსა, მკვიდრნი ციხე-ქალაქისანი შთავარდნენ დიდთა ცოდვათა შინა, და ინებე ხსნაი მათი წარწყმედისაგან. აწ ჩუენცა გევედრებით დაცვასა ყოველთა შეცოდებათაგან.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო პალიასტომისაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ეჰა სახიერებასა შენსა, ქალწულო, ჰრულსა შინა ეჩვენე რაი წინამძღვარსა ტაძრისასა, და წინაითვე ამცნე წყალთა შინა დანთქუმაი დაბისაი, უბრძანე მკვიდრთა მისთა განკრძალებაი ცოდვათაგან, და საფრხისაგან განრინებაი ხატისა შენისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

დაღათუ კუალად ეჩვენე ორგზის ყოვლადწმიდაი დედაი ეგე უფლისაი მთავარხუცესსა სილიბისტროს, არცაღა ვის ამცნო მიწევნადი იგი განსაცდელი, რამეთუ საღმრთოსა მას გამოცხადებასა შენსა ჰგონებდა ეშმაკისად.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უნაყოფოი გონებაი ჩემი ნაყოფიერ ჰყავ, კურთხეულო ქალწულო, შობილო უნაყოფოთაგან, რამეთუ შენ უფროის ნაყოფიერ ჰქმნი კეთილად ყოველსა მოვლინებითა წმიდისა ხატისა შენისაითა და გვიხსნი გარე-მოდგომილებისაგან ბოროტისა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი

ვაქებთ ღმრთივ-ბრწყინვალეთა მათ ნიშთა და სასწაულთა, წმიდისა ხატისა მიერ შენისა აღასრულნა რაი ღმერთმან, და გიღაღადებთ: ნუ დასცხრები აწ ვედრებად ჩუენთვის მისა მიმართ, რაითა მლხინებელ ექმნეს ცოდვათა ჩუენთა, და აღამაღლოს რქაი მორწმუნეთა მართლმადიდებელთაი

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისაი, რომელმან არა დააცარიელენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთვისცა წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმისა თანა ვიტყოდეთ: ძალსა შენსა დიდებაი, კაცთ-მოყუარე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო პალიასტომისაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ოდეს აღმოხდა წყალი და ციხე-ქალაქი შთანთქნა მკვიდრთათანა, წმიდაი ხატი შენი ჰაერსა ზედა აღმაღლდა და ვიდოდა რაი საკვირველად, მღდელი იგი ხედვიდა საცვიფროსა მას სახილველსა, და მუხლთმოდრეკითა თაყუანს-სცემდა და სულთქუმითა გევედრებოდა ცოდვათა აღხოცვასა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო პალიასტომისაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ეჰა, ვითარ საკვირველ და უცხოი არს სასწაული ეგე, სძალო წმიდაო მარიამ, რამეთუ წმიდაი ხატი შენი დაასუენე ხელთა ზედა მღდლისათა, და ძრწოლით ამბორს-უყოფდა რაი უხრწნელსა პირსა შენსა, დედოფალო, ცრემლით გევედრებოდა უგულისხმოებათა და ბრალთა თვისთა შენდობასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვიხსენებთ რაი, ქალწულო, თუ ვითარ განარისხეს შემოქმედი თვისი მკვიდრთა მათ დაბისათა და შეემთხვივნეს სასჯელსა, ჩუენცა გარემოცულნი მრავალთა საცთურთაგან გევედრებით, განგვარინე ყოვლისაგან ცოდვისა, რაითა მორჩილ ვიქმნეთ ჩუენ ღმრთისა ნებისა და განვერნეთ რისხუასა მისსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განაქარვე ყუედრებაი დედისა ევაისი, რაჟამს ღმერთი, დამბადებელი შენი მუცლად იღე უზესთაეს კაცთა ბუნებისა, და გვიშევ ჩუენ გამოუთქუმელად, უბიწოო დედაო ქრისტეს ღმრთისაო, მეოხ-გუეყავ წინაშე მისსა, რაითა დახსნნეს ურიცხუნი მახენი, ეშმაკისა მიერ დაგებულნი ჩუენ ზედა.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რაისათვის განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო პალიასტომისაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ეჰა გულმოწყალებაი შენი საკვირველი, კუალად გამოუჩნდი რაი მთავარხუცესსა, და უბრძანე ხატისა შენისა წაბრძანებაი სატახტოსა მას ქალაქსა ქუთათისსა, რაითა მუნით განჰფენდე მადლსა და იფარვიდე წილხვედრსა ერსა თვისსა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო პალიასტომისაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

საკვირველთმოქმედი ხატი შენი დააბრძანა რაი მღდელმან `ბაგრატისა~ ტაძარსა, თვით დამკვიდრდა მახლობლად მისსა, და ყოველთა მიუთხრობდა რაი შენ მიერ აღსრულებულსა სასწაულსა, აღძრვიდა ერსა ქებად შენდა და დიდებად ღმრთისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მუნვე მკვიდრობდენ რაი ნათესავ-მოდგმაი მთავარხუცისაი, მრავალნი ძენი მათნი აღირჩევდენ მღდლობასა, და ჯეროვნად მსახურებდენ რაი `პალიასტომისა~ ღმრთისმშობელსა, მადლსა და დიდებასა შესწირვიდენ ღმერთსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ ხარ სიმტკიცე და ძალი ჩემი, ღმრთისა დედაო, რამეთუ შენ მიერ განვისუენო დღესა მწუხარებისა ჩემისასა, და შენ მიერვე აღვმაღლდე ზეციერსა სამკვიდროსა სოფლისაგან ამისა, და ვიხარებდე მეუფისა და ღმრთისა, მხსნელისა ჩემისა თანა.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო პალიასტომისაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ვითარცა ვარსკულავი ელვარე, გამოუჩინე რაი წმიდაი ხატი შენი `პალიასტომისაი~ ქუთათისსა, შარავანდედითა მადლისა და გულმოწყალებისა შენისაითა განანათლე მკვიდრნი მისნი, და განამხნე მყოფნი ჭირთა და ურვათა შინა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო პალიასტომისაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ჰოი, ხატო საკვირველო, მზეებრ განბრწყინდი რაი იმერეთსა, მწყემსმთავარნი სამღდელოთა თანა გავედრებდენ ეკლესიასა და სამწყსოსა მათსა, ვითარცა წინამძღუარსა, და შენცა იცავდი ქუეშე საფარველსა სიწმიდისა შენისასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ფრიად პატივს სცემდენ  მეფენი ჩუენნი სასწაულმოქმედსა ხატსა შენსა, და სამკაულთა მიერ შეამკობდენ რაი სასოებითა, მხურვალედ გავედრებდენ სამეფოსა თვისსა და სახლეულთა, და შენცა უხუად უწყაროებდი სიმხნევესა და ნუგეშსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნუ დასცხრები ვედრებასა ჩუენთვის, ქალწულო, ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, რამეთუ სიმტკიცე ხარ ჩუენ მორწმუნეთაი და სასოებითა შენითა განვძლიერდებით და სარწმუნოებითა გადიდებთ და თაყუანის-გცემთ შენ და ძესა შენსა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                       

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. 

გუნდი: ამინ.

კონდაკი, ხმაი 2

სავსე იყავ რაი ძალითა და მადლითა საღმრთოითა, ყოველთა აღძრვიდი შესხმად სახიერებისა შენისა და სიწმიდისა, და აწ ჩუენცა ვაქებთ კურნებათა და სასწაულთა, შენ მიერ აღსრულებულთა, და გევედრებით: დაგვიცვენ ჩუენ, დედოფალო პალიასტომისაო და მფარველო ქუთათისისაო!

მღდელი:  მოხედენ. სიბრძნით.

წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 4: მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.

მუხლი: ისმინე, ასულო, და იხილე და მოყავ ყური შენი.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                               

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა. 

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

სახარებაი ლუკასი

მათ დღეთა შინა აღდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაისა. და შევიდა სახლსა ზაქარიაისსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაი მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაი იგი მუცელსა მისსა და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ხმა-ყო ხმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი. და ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ხმაი მოკითხვისა შენისაი ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაი ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაი თქმულთაი მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე, და წარვიდა სახიდ თვისად.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოწყალებითა შენითა, მრავალმოწყალეო ღმერთო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: მსმენელნი შენმიერთა მადლთა და წყალობათა, სიყუარულითა თაყუანის-ვჰსცემთ საკვირველთმოქმედსა ხატსა შენსა `პალიასტომისასა~, და გევედრებით: მეოხ გვეყავ წინაშე ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, რაითა მოჰმადლოს სოფელსა მშვიდობაი, და ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიისაი, და წყალობაი სულთა ჩუენთა.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა პეტრესა და პავლესითა; ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა, თომასი და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა, და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა, ეფთვიმესი და გიორგისაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისა-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანესი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და ყოველთა წმიდათა შენთაითა; ძლიერებითა ქუთათისისა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლის `პალიასტომის~ ხატისაითა, და ყოველთა სიწმიდეთა შენთაითა, გევედრებით შენ მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.   

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.   

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს, ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: `კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე~.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო „პალიასტომისაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

განითქვა რაი საკვირველი ეგე ძლიერებაი და მაკურნებელი ძალი ხატისა შენისაი, მრავალნი მიივლტოდენ თაყუანისცემად მისდა, და გავედრებდენ სახლეულთა და თავთა თვისთა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო „პალიასტომისაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

უწყოდა რაი დავით მეფემან ძალი ხატისა შენისაი, სპასა თვისსა მხურვალედ გავედრებდა და მოსრნა რაი ურიცხვი მტერი დიდგორსა, სიხარულითა გმადლობდა და ადიდებდა ღმერთსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა გარე-შეზღუდავდი წინაპართა ჩუენთა მადლითა ხატისა შენისაითა, ეგრეთვე აწ ჩუენცა შეგვეწიე, და მოგუმადლე ძლევაი მტერთა ზედა და ხელმწიფებათა ბნელისათა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შემწე ხარ შენ ყოველთა მვედრებელთა, მსგავსად-ვე სახიერისა მის მეუფისა და ძისა შენისა, და მიგავლენთ მეოხად წინაშე მისსა, რაითა მარადის იფარვიდეს წილხვედრთა შენთა და განამტკიცებდეს ჭირთა და ბრძოლათა შინა.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანა-მზრახვალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო „პალიასტომისაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ოდეს დიდებული `ბაგრატი~ შემუსრეს უსჯულოთა, ზესთასახელოვანი ხატი შენი დაავანეს საკრებულოსა მას ტაძარსა, და ყოველი მისდა შევრდომილი მოიღებდა შენ მიერ ლხინებასა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო „პალიასტომისაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ოდეს ხელთ-იგდეს ღმრთისმბრძოლთა ქუეყანაი ჩუენი, დაარღვიეს ეკლესიანი, და ჯუარნი და ხატნი შთასთხინეს ცეცხლსა, გარნა `პალიასტომისა~ ღმრთისმშობელი წარსცეს მუზეუმსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვუწყით რაი ძალნი და სასწაულნი, აღსრულებულნი შენ მიერ, ჰოი, ხატო საშინელო, წლითი-წლად აღვასრულებთ ხსენებასა შენსა, და გევედრებით ხსნასა იწროებათა და ძვირთაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელმან ანგელოზისაგან სიტყუაი შეიწყნარა; ღმერთი მხოლოი გვიშუა, და ნათელი გამოუბრწყინვა სოფელსა, ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: განკვირდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი განკვირვებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და წიაღი შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო „პალიასტომისაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

დაღათუ მრავალსა წელსა განშორებულ არს წმიდაი ხატი შენი ლოცვასა და ვედრებასა მორწმუნეთა ერთასა, სიყუარულისათვის შენდა წილხვდომლთა უხუად გარდამოავლინებ მის მიერ მადლსა, და ხელთა წყალობისათა აღუპყრობ ყოველთა მისდა მილტოლვილთა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო „პალიასტომისაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ოდეს სათნო იჩინე მიბრძანებაი დარღვეულსა მას „ბაგრატსა“, რომელ ძველ-ოდესმე გამოარჩიე სამკდრებელად თვისად, განბრწყინდი საკვირველად, და შემდგომ აღდგენისაცა სამითა დღითა დაბრძანდი რაი მას შინა, ღაღად-გყვეს მორწმუნეთა: „კურთხეულ არს მოსლვაი შენი, დედოფალო, სამკვიდროსა შენსა“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

რაჟამს დიდებული ხატი შენი ერთითა დღითა მიაბრძანეს `ფაზის ქალაქსა~, ლიტანიითა და გალობითა დაასუენეს ქრისტეს აღდგომისა ტაძარსა, და აჰა, სასწაულად მიეც ერსა მას ცისარტყელისა გარდართხუმაი ცათა შინა, და საკვირველებისა მის მხილველნი არცაღა დასცხრებოდენ მადლობად ღმრთისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წინაითვე გქადაგებდეს, უბიწოო, წინაისწარმეტყუელნი, და გამოგსახვიდეს კიდობნად, კუერთხად, ტაკუკად და ბჭედ დახშულად, მთად გამოუკუეთელად, კიბედ ზეცისად აღმართებულად, და წყაროდ დაბეჭდულად, სულმცირედ ღრუბელად და მშობელად ევმანუელისა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისაისა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს: მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

წმიდაი და ყოვლად პატიოსანი ხატი ესე შენი წოდებული „პალიასტომისად“, მრავალთა ჟამთა მადლითა აღავსებდა რაი ეკლესიასა ქართველთასა, აწ ჩუენცა გვივის, ვითარცა შესავედრებელი ერისა ჩუენისაი, და გევედრებით უკუნ-მოქცევასა და დიდებითა დაბრძანებასა სამკვიდროოსა მას შენნსა დიდებულსა „ბაგრატსა“, რაითა დაუბრკოლებლად შეგივრდეთ შენ ყოველნი, ვითარცა მფარველსა თვისსა, და გაქებდეთ დაუცხრომელად.

ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთათვის სამართლად მოშუებულ არიან უცხო თესლნი ვნებად ჩუენდა, გარნა აწ აღასრულე აღთქმულნი შენნი წილხვედრთათვის შენთა, დედოფალო, და ნუ მისცემ სამკვიდროსა ჩუენსა საყუედრელად ბარბაროზთა და ქრისტეს მტერთა, რაითა გულისხმაჰყონ ყოველთა, რამეთუ ნაწილ შენდა ვართ ჩუენ, ნათესავი ესე ქართველთაი.

აწ გარემოცულნი მრავალთა მტერთა და ურვათაგან პატივს ვსცემთ საკვირველთმოქმედსა ხატსა შენსა „პალიასტომისასა“, გარნა ვიდრე ჟამადმდე, მის წილ ამბორს-უყოფთ პირთა მისთა, შენმიერითა მფარველობითა განდიდებულთა და გევედრებით: დედობრივითა კადნიერებითა შეგვაწყნარე შენგან შობილსა ქრისტესა, რაითა დაშრიტოს ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და მწვალებელთა ენანი მოაუძლუროს ოხითა შენითა.

აჰა, შემოვკრბეთ, მორწმუნენო, და უგალობდეთ უფროისად კურთხეულსა დედასა და დედოფალსა ჩუენსა – მარიამ ღმრთისმშობელსა, რაითა წმიდაი ხატი თვისი „პალიასტომისაი“, უკუნ-აქციოს ეკლესიად და ბრწყინვალებითა თვისითა გამოჩნდეს მხსნელად ერისა ჩუენისა, რაითა წარმწყმედელთა მათ მახეთა მტერისათა განვეშოროთ და კეთილითა მით მოქალაქობითა ღირს-ვიქმნეთ ქებად შენდა და დიდებად ღმრთისა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.  

გუნდი: ამინ.     

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, სძალო ღმრთისაო და ყოვლადწმიდაო დედაო და ქალწულო „პალიასტომისაო“; წყაროო მოწყალებისაო და მფარველო ივერიისაო; მრავალ-სასწაულთმოქმედო და მიურულებელო მცველო ქუთათისისაო; საღმრთოო შუამდგომელო ჩუენო და უძლეველო ზესთამბრძოლო ქართველთა ერისაო!

ჰოი, სასოო ეკლესიისა და ერისა ჩუენისაო, ყოვლადსანატრელო ღმრთისმშობელო „პალიასტომისაო“! ვითარცა ძუელად აჩუენე საკვირველი მფარველობაი შენი ქარველთა, ეგრეთცა უვნებელად დაგვიცევ საფარველსა ქუეშე მადლისა შენისასა, რაითა წყალობისა წილ არა მოვიღოთ სასჯელი კადნიერებისაი, რამეთუ დავივიწყეთ კეთილმოქმედებაი წინაპართა ჩუენთაი და სული ძუელისა პატიოსნებისაი, ძმათა ერთსულობაი, მორჩილებაი მამათაი და სული მამაცობისაი განდრეკილ იქმნა ჩუენგან და ნაცულად ამისა გულნი ჩუენნი აღივსნეს ანგარებითა და მივემსგავსეთ ერთა უცხო თესლთა და ნათესავთა აღბორგებულთა, საწუთოისა ამის მოყუარეთა, განდგომილთა ქრისტესგან, გარნა შენ სარწმუნოებაი ჩუენი მისა მიმართ კუალად განაახლე და მოგუეც საღმრთოი მოშურნეობაი მამულისა და სჯულისაი, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალ-შემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

 ჰოი, ქუთათისისა ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, „პალიასტომისად“ წოდებულო და საკვირველთმოქმედო, საფარველითა და მადლითა შენითა დაიფარე წმიდაი ეკლესიაი ჩუენი შეუძრველად, და მოანიჭე სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, მეუღლეთა სიყუარული, დედათა კრძალულებაი და შვილთა მორჩილებაი, ხოლო ჩუენ მოგუმადლე მართლმადიდებლობითა განათლებაი, კეთილთა საქმეთა მიერ განბრწყინებაი და სასუფეველსა ცათასა დამკვიდრებაი, რაითა შენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

გუაკურთხენ. 

მღდელი: ჩამოილოცავს…                

გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცუაი მთხვევნასა ზედა ხატისასა:

სასოდ ჩუენდა აღგიარებთ, ყოვლადწმიდაო  ღმრთისმშობელო, და პირმშოისა მის სახისა შენისად აღვამაღლებთ რაი გონებასა ჩუენსა, პატივს-ვჰსცემთ ყოვლად პატიოსანსა ხატსა შენსა `პალიასტომისად~ წოდებულსა, და გევედრებით: გვიხსენ ჩუენ ყოველთა ძვირთა, იწროებათა და სალმობათაგან.

გაქუს რაი გამოუთქმელი სიმდიდრე წყალობათაი, ყოვლადწმიდაო ქალწულო და დედაო ღმრთისა ჩუენისაო, შეგვაწყნარე სახიერსა ძესა შენსა, რაითა განგვხსნას ყოველთა ცოდვათა საკრველთაგან და განგვარინოს საუკუნეთა მათ სატანჯველთა.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა