საქმე წმიდათა მოციქულთა
აღწერილი ლუკა მახარებელისა
თავი 2
1. და აღსრულებასა მას დღისა მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას, 2. და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა სასტიკისაჲ, და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე. 3. და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა. 4. და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად. 5. ხოლო იყვნეს იერუსალჱმს დამკჳდრებულნი ჰურიანი, კაცნი ღმრთის მოშიშნი ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქვეშე. 6. და იყო რაჲ ჴმაჲ ესე, შეკრბა სიმრავლე ერისაჲ და შეშფოთნეს, რამეთუ ესმოდა თითოეულსა კაცად-კაცადსა მათსა თჳსი სიტყუაჲ მათი, იტყოდეს რაჲ იგინი. 7. განჰკრთეს ყოველნი და დაუკჳრდა ერთსა-ერთისა თანა და იტყოდეს: ანუ არა ესე ყოველნი არიანა, რომელნი იტყჳან გალილეველ? 8. და ვითარ ჩუენ გუესმის კაცად-კაცადსა თჳსი სიტყუაჲ ჩუენი მათგან, რომელნი ვართ. 9. პართნი და უჟიკნი და ელამიტელნი და მკჳდრნი შუა მდინარისანი ჰურიასტანისანი და კაბადუკიაჲსანი, პონტოჲსანი და ასიაჲსანი, 10. ფრიგჳაჲსანი და პამფჳლიისანი, ეგჳპტისანი და ადგილისა ლუბიისანი, კჳრინით კერძონი და მოსრულნი ჰრომნი, ჰურიანი და მწირნი, 11. კრიტელნი და არაბიელნი, გუესმის, იტყჳან რაჲ ჩუენითა ენითა დიდებასა ღმრთისასა?! 12. ხოლო განჰკრთეს ყოველნი და გამოეძიებდეს ერთი-ერთისა თანა და იტყოდეს: რაჲმე ჰნებავს ამას ყოფად? 13. ხოლო სხუანი ეკიცხევდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ტკბილითა განსავსე არიან.
14. ხოლო პეტრე დადგა შორის ათერთმეტთა მათ და აღიმაღლა ჴმაჲ და ეტყოდა მათ: კაცნო ჰურიანო და ყოველნი რომელნი დამკჳდრებულ ხართ იერუსალჱმს! ესე თქუენდა ცხად იყავნ და ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, 15. რამეთუ არა, ვითარ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ ამათ სთრავს, რამეთუ არს ჟამი დღისაჲ ამის მესამე. 16. არამედ ესე არს თქუმული იგი იოელ წინასწარმეტყუელისა მიერ: 17. და იყოს უკუანაჲსკნელთა დღეთა, – იტყჳს უფალი ღმერთი, – მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინასწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ და მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებით განვეცხადო, 18. და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინასწარმეტყუელებდენ. 19. და ვსცე ნიშებ ცათა შინა და სასწაულ ქუეყანასა ზედა, სისხლი და ცეცხლი და არმური კუამლისაჲ; 20. მზე გარდაიქცეს ბნელად და მთოვარე სისხლად პირველ ვიდრე მოწევნადმდე დღისა მის უფლისა დიდისა და განჩინებულისა. 21. და იყოს ყოველმან რომელმან ჰხადოს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს. 22. კაცნო ისრაიტელნო, ისმინენით სიტყუანი ესე: იესუ ნაზარეველი, კაცი განჩინებული ღმრთისა მიერ თქუენდა მიმართ, ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა, რომელნი-იგი ქმნნა ღმერთმან მის მიერ შორის თქუენსა, ვითარცა-იგი თქუენცა უწყით, 23. ესე განჩინებულითა ზრახვითა და წინაჲსწარ ცნობითა ღმრთისაჲთა განცემითა ჴელთა უსჯულოთაჲთა მიიყვანეთ და შეჰმსჭუალეთ და მოჰკალთ, 24. რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა და დაჰჴსნნა სალმობანი სიკუდილისანი, რამეთუ ვერ შესაძლებელ იყო დაყენებაჲ მისი მის მიერ. 25. რამეთუ დავით იტყჳს მისთჳს: წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა, 26. ამისთჳს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაჲ ჩემი, უფროჲს ჴორცთაცა ჩემთა დაიმკჳდრონ სასოებით. 27. რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს და არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი, 28. მაუწყენ მე, უფალო, გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაჲთა. 29. კაცნო ძმანო, ჯერ-არს თქუმად განცხადებულად თქუენდა მიმართ მამათმთავრისა დავითისთჳს, რამეთუ აღესრულა და დაეფლა, და საფლავი მისი არს ჩუენ შორის ვიდრე მოდღენდელად დღედმდე. 30. წინასწარმეტყუელი უკუე იყო და იცოდა, რამეთუ ფიცით ეფუცა მას ღმერთი ნაყოფისაგან მუცლისა მისისა ჴორციელად აღდგინებად ქრისტე და დაჯდომად საყდართა მისთა. 31. წინაჲსწარ იცოდა და იტყოდა აღდგომისათჳს ქრისტესისა, რამეთუ არა დაშთა სული მისი ჯოჯოხეთს, არცა ჴორცთა მისთა იხილეს განსახრწნელი. 32. ესე იესუ აღადგინა ღმერთმან, რომლისა ვართ ჩუენ ყოველნი მოწამე; 33. მარჯუენითა უკუე მისითა ამაღლდა და აღთქუმაჲ სულისა წმიდისაჲ მოიღო მამისაგან და მოჰფინა, რომელსა-ესე აწ თქუენ ხედავთ და გესმის. 34. რამეთუ არა დავით ამაღლდა ზეცად, ვითარცა იტყჳს იგივე, ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, 35. ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა. 36. განცხადებულად უკუე უწყოდენ ყოველმან სახლმან ისრაჱლისამან, რამეთუ უფალ და ცხებულ ყო იგი ღმერთმან, ესე იესუ, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ.
37. ესმა რაჲ ესე, შეინანეს და ჰრქუეს პეტრეს და სხუათა მათ მოციქულთა: რაჲმე ვყოთ, კაცნო ძმანო? 38. ხოლო პეტრე ჰრქუა მათ: შეინანეთ და ნათელ-იღეთ კაცად-კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა მისატევებელად ცოდვათა, მიიღოთ ნიჭი სულისა წმიდისაჲ. 39. რამეთუ თქუენი არს აღთქუმაჲ და შვილთა თქუენთაჲ და ყოველთა შორიელთაჲ, რაოდენთა მოუწოდის უფალმან ღმერთმან ჩეუნმან. 40. და სხჳთაცა მრავლითა სიტყჳთა უწამებდა, ჰლოცვიდა მათ და ეტყოდა: ცხოვნდით ნათესავისა ამის დრკუჲსაგან. 41. და რომელთა-იგი სიხარულით შეიწყნარეს სიტყუაჲ მისი, ნათელ-იღეს და შეეძინნეს მას დღესა შინა სულნი ვითარ სამ ათასნი ოდენ. 42. და იყვნეს განკრძალულ მოძღურებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა. 43. და იყო ყოველსა ზედა სულსა შიში, და მრავალნი ნიშები და სასწაულები მოციქულთა მიერ იქმნებოდა. 44. ყოველნივე მორწმუნენი იყვნეს ერთბამად, და აქუნდა ყოველივე ზოგად. 45. და დღითი-დღედ განკრძალულ იყვნეს ტაძარსა მას შინა, აკურთხევდეს სახლ-მდაბრ პურსა, მიიღებდეს საზრდელსა მხიარულითა და განმარტებულითა გულითა, 47. აქებდეს ღმერთსა, და აქუნდა მადლი ყოვლისა მიმართ ერისა. ხოლო უფალი შესძინებდა ცხოვნებულთა დღითი-დღედ ეკლესიასა.