სულთმოფენობა

საქმე წმიდათა მოციქულთა. თავი 7

საქმე წმიდათა მოციქულთა

აღწერილი ლუკა მახარებელისა

 

თავი 7

1. ჰრქუა მას მღდელთ მოძღუარმან მან: უკუეთუ ესე ესრეთ არსა? 2. ხოლო მან თქუა: კაცნო, ძმანო და მამანო, ისმინეთ ჩემი! ღმერთი დიდებისაჲ ეჩუენა მამასა ჩუენსა აბრაჰამს, ვიდრე იყო-ღა იგი შუა მდინარეს, პირველ დამკჳდრებისა მისისა ქარანს შინა, და ჰრქუა მას: 3. გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელი მე გიჩუენო შენ. 4. მაშინ გამოვიდა ქუეყანისაგან ქალდეველთასა და დაეშენა ქარანს შინა. და მიერ შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა დაამკჳდრა იგი ქუეყანასა ამას, რომელსა-ეგე აწ თქუენ დამკჳდრებულ ხართ. 5. და არა სცა მას სამკჳდრებელი მას შინა, არცა ფერჴის წარსადგმელ, და აღუთქუა მიცემად მას იგი დამკჳდრებელად და ნათესავსა მისსა შემდგომად მისსა. და არა ესუა მას შვილი. 6. ეტყოდა მას ღმერთი ესრეთ, ვითარმედ: მწირ იყოს ნათესავი შენი ქუეყანასა უცხოსა, და დაიმონებდენ მათ და ძჳრსა უყოფდენ ოთხას წელ. 7. და ნათესავი იგი, რომელსა ჰმონებდენ, ვსაჯო მე, თქუა უფალმან, და ამისა შემდგომად გამოვიდენ და მმსახურებდენ მე ქუეყანასა ამას. 8. და მოსცა მას სჯული წინა-დაცუეთისაჲ, და მან შვა ისაკი და წინა-დასცჳთა მას მერვესა დღესა, და ისაკმან – იაკობსა და იაკობმან – ათორმეტსა მათ მამათმთავართა. 9. და მამათმთავარნი იგი ეშურებოდეს იოსებს და განყიდეს იგი ეგვიპტეს. და იყო ღმერთი მის თანა 10. და განარინა იგი ყოველთაგან ჭირთა მისთა და მოსცა მას მადლი და სიბრძნე წინაშე ფარაო მეფისა მეგჳპტელთაჲსა და დაადგინა იგი მთავრად ეგვიპტესა ზედა და ყოველსა ზედა სახლსა მისსა. 11. იყო სიყმილი ეგჳპტეს და ყოველსა ქუეყანასა ქანანისასა და ჭირი დიდი, და არა ჰპოებდეს საზრდელსა მამანი ჩუენნი. 12. ხოლო ესმა იაკობს, ვითარმედ არს საზრდელი ეგჳპტეს, წარავლინნა მამანი ჩუენნი პირველად. 13. და მეორესა ჯერსა გამოეცხადა იოსებ ძმათა თჳსთა. და განეცხადა ფარაოს ნათესავი იოსებისი. 14. და მიავლინა იოსებ და მოუწოდა მამასა თჳსსა იაკობს და ყოველსა ნათესავსა მისსა, სულსა სამეოც და ათხუთმეტსა. 15. და შთავიდა იაკობ ეგჳპტედ და აღესრულა იგი და მამანი ჩუენნი. 16. და მოიხუნეს იგინი სჳქემდ და დაისხნეს საფლავსა მას, რომელ მოიგო აბრაჰამ სასყიდლითა ვეცხლისაჲთა ძეთაგან ემორისთა სჳქემს. 17. და ვითარცა მოეახლა ჟამი იგი აღთქუმისაჲ, რომლისათჳს ეფუცა ღმერთი აბრაჰამს, აღორძნდა ერი იგი და განმრავლდა ეგჳპტეს შინა, 18. ვიდრემდის აღდგა სხუაჲ მეფე ეგჳპტესა ზედა, რომელმან არა იცოდა იოსები. 19. ესე ჰმძლავრობდა ნათესავსა ჩუენსა და ბოროტსა უყოფდა მამათა ჩუენთა და გარე-განუთხევდა ყრმათა მათთა, რაჲთა არა ცხოვნდენ, 20. რომელსა ჟამსა იშვა მოსე. და იყო იგი მკჳრცხლ წინაშე უფლისა და იზარდებოდა სამ თუე სახლსა შინა მამისა თჳსისასა. 21. და ვითარცა განაგდეს იგი გარე, აღიქუა იგი ასულმან ფარაოჲსმან და განზარდა იგი თავისა თჳსისა შვილად. 22. და განისწავლა მოსე ყოვლითა სიბრძნითა მეგვიპტელთაჲთა და იყო იგი ძლიერ სიტყჳთა და საქმითა მისითა. 23. და ვითარცა აღესრულნეს ორმეოცნი წელნი ჟამთა მისთანი, მოუჴდა გულსა მისსა მიხედვად ძმათა თჳსთა ძეთა ისრაჱლისათა, 24. და იხილა ვინმე დაწუნებული, ერეოდა, და ყო შურისგებაჲ დაწუნებულისა მისთჳს და მოკლა მეგჳპტელი იგი. 25. ჰგონებდა, ვითარმედ გულისჴმა-ყონ ძმათა მისთა, რამეთუ ჴელითა მისითა მოსცეს მათ ღმერთმან ცხორებაჲ, ხოლო მათ არა გულისჴმა-ყვეს. 26. კუალად მეორესა დღესა იხილნა ვინმე მოლალენი, და დააგებდა მათ მშჳდობად და ჰრქუა: კაცნო, თქუენ ძმანი ხართ, რაჲსათჳს ავნებთ ურთიერთას? 27. ხოლო რომელი-იგი ავნებდა მოყუასსა, აჭენა მას და ჰრქუა: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა? 28. ანუ ჩემიცა მოკლვაჲ გნებავს, ვითარცა მოჰკალ გუშინ მეგჳპტელი იგი? 29. და ივლტოდა მოსე სიტყჳთა ამით, და მწირობდა იგი ქუეყანასა მადიამისასა, სადა-იგი ესხნეს ორ ძე. 30. და ვითარცა აღსრულნეს ორმეოცნი წელნი, ეჩეუნა მას უდაბნოსა მთისა სინისასა ანგელოზი უფლისაჲ ალითია ცეცხლისაჲთა მაყულოვანით. 31. ხოლო მოსე იხილა რაჲ, დაუკჳრდა ხილვაჲ იგი. და ვითარ მივიდოდა განცდად, იყო მისა მიმართ ჴმაჲ უფლისაჲ: 32. მე ვარ ღმერთი მამათა შენთაჲ, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი. შეძრწუნდა მოსე და ვერ ეძლო განცდად. 33. ჰრქუა მას უფალმან: წარიჴადენ სანდალნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა ზედა სდგა, ქუეყანაჲ წმიდა არს, 34. ხილვით ვიხილე ჭირი ერისა ჩემისაჲ რომელ არს ეგჳპტეს და სულ-თქუმანი მათნი შეისმინეს და გარდამოვჴედ განრინებად მათა, და აწ მოვედ მიგავლინო შენ ეგჳპტედ. 35. ესე მოსე, რომელი უარ-ყვეს და თქუეს: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა, ესე ღმერთმან მთავრად და მჴსნელად მოუვლინა ჴელითა მის ანგელოზისაჲთა, რომელი ეჩუენა მაყულოვანსა მას შინა. 36. ამან გამოიყვანნა იგინი და ქმნა ნიშები და სასწაულები ქუეყანასა მას ეგჳპტისასა და ზღუასა მას მეწამულსა და უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ. 37. ესე არს მოსე, რომელმან-იგი ჰრქუა ძეთა ისრაჱლისათა, ვითარმედ: წინასაწმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათაგან თქუენთა ვითარცა ესე მე, მისი ისმინეთ. 38. ესე არს, რომელი იყო კრებულსა მას თანა უდაბნოსა ზედა ანგელოზისა მის თანა, რომელი ეტყოდა მას მთასა სინასა და მამათა ჩუენთა, რომელმან შეიწყნარა სიტყუანი იგი ცხორებისანი მოცემად ჩუენდა. 39. რომელთაჲ არა ინებეს დამორჩილებად მამათა მათ ჩუენთა, არამედ განიშორნეს და მიიქცეს გულითა მათითა ეგჳპტედ. 40. ეტყოდეს აჰრონს: მიქმნენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინა მიძღოდიან ჩუენ, რამეთუ მოსე ესე, რომელმან გამომიყვანნა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, თუ რაჲ შეემთხჳა მას. 41. და ქმნეს ჴბოჲ მათ დღეთა შინა და შეწირეს მსხუერპლი კერპისა მის და იხარებდეს ქმნულსა ჴელთა მათთასა. 42. მიაქცინა და მისცნა იგინი ღმერთმან მსახურებად ძალთა ცისათა, ვითარცა წერილ არს წიგნსა წინასწარმეტუელთასა: საკლველებსა ნუ და მსხუერპლებსა შესწირევდით ჩემდა უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ, სახლო ისრაჱლისაო? 43. და აღიღეთ კარავი იგი მოლოქისი და ვარსკულავი ღმრთისა თქუენისა რემფაჲსი, კერპნი იგი, რომელ ჰქმნენით თაყუანის-საცემელად, და მიგჴადნე თქუენ მიერ კერძო ბაბილოვნსა. 44. კარავი იგი საწამებელი იყო მამათა ჩუენთა თანა უდაბნოსა ზედა, ვითარცა-იგი უბრძანა, რომელი-იგი ეტყოდა მოსეს საქმედ მისა მსგავსად ხატისა მის, რომელი-იგი ეტყოდა მოსეს საქმედ მისა მსგავსად ხატისა მის, რომელი-იგი ეხილვა, 45. რომელცა-იგი შემოიღეს მამათა ჩეუნთა შემდგომითი-შემდგომად იესუჲს თანა დამკჳდრებასა მას წარმართთასა, რომელნი-იგი მოსრნა ღმერთმან პირისაგან მამათა ჩუენთასა ვიდრე დღეთადმდე დავითისთა, 46. რომელმან პოა მადლი წინაშე ღმრთისა და ითხოა პოვნად საყოფელი ღმრთისა იაკობისი. 47. ხოლო სოლომონცა უშენა მას სახლი. 48. არამედ არა თუ მაღალი იგი ჴელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳდრებულ არს, ვითარცა წინასწარმეტყუელი იტყჳს: 49. ცანი საყდარნი ჩემნი და ქუეყანაჲ კუარცხლბერკი არს ფერჴთა ჩემთაჲ. ვითარი სახლი მიშენოთ მე, თქუა ღმერთმან, ანუ რაჲ-მე ადგილი იყოს განსასუენებელისა ჩემისაჲ? 50. ანუ არა ჴელმან ჩემმან შექმნა ესე ყოველი? 51. ქედ-ფიცხელნო და წინა-დაუცუეთელნო გულითა და სასმენელითა, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინა-აღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ. 52. რომელნიმე წინასწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა მათ თქუენთა? და მოსწყჳდნეს, რომელნი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას მართლისასა, რომელსა-იგი თქუენ აწ შინა-განმცემელ და მკლველ იქმნენით, 53. რომელთა მოიღეთ სჯული ბრძანებისაებრ ანგელოზთაჲსა და არა დაიმარხეთ. 54. ხოლო მათ ვითარცა ესმოდა ესე, განიხერხებოდეს გულითა მათითა და იღრჭენდეს მის ზედა კბილთა მათთა. 55. ხოლო იგი სავსე იყო სულითა წმიდითა, ახედნა ცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა. 56. და თქუა: აჰა-ესერა ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა კაცისასა, მარჯუენით ღმრთისა მდგომარესა. 57. ხოლო მათ ჴმითა მაღლითა ღაღად-ყვეს და ჴელნი ყურთა შეისხნეს და მიჰმართეს ერთბამად მის ზედა; 58. და განიყვანეს გარეშე ქალაქსა და ქვასა დაჰკრებდეს. და მკლველნი იგი დასდებდეს სამოსელსა მათსა ფერჴთა თანა ჭაბუკისა ვისთამე, რომელსა სახელი ერქუა სავლე. 59. და ქვასა დაჰკრებდეს სტეფანეს. ხოლო იგი ილოცვიდა და იტყოდა: უფალო იესუ ქრისტე, შეივედრე სული ჩემი. 60. დაიდგინა მუჴლნი და ჴმითა დიდითა თქუა: უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას. და ესე ვითარცა თქუა, დაიძინა.