Categories
ლოცვანი

ლოცვა მიცვალებულთათვის

ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის

მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, ცოდვათა მიმტევებელმან და უშჯულოებათა აღმხოცელმან, უძალო-ჰქმენ, მიუტევენ და შეუნდვენ ყოველნი შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი. იხსენ, უფალო, იგი სამარადისოისა სატანჯველისა და გეჰენიისა მის ცეცხლისაგან უშრეტისა, ნეტარ-ყავ და თანაზიარ იგი საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა, რომელნი განუმზადენ მოყვარეთა შენთა. დაღაცათუ გცოდა, უფალო, არამედ არა განდგა შენგან, არცა შეორგულდა, არამედ ესავდა სამებასა წმიდასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, და შენ, ერთსა სამებისაგანსა, განკაცებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, და ვიდრე უკანაისკნელად აღმოფშვინვამდე მართლმადიდებლობით აღიარებდა სამებასა ერთარსებასა, ვინაიცა მოწყალე ექმენ მას და რწმენაი მისი შენდა მომართ, ვითარცა ღვაწლი დიდი, მიითვალე და მოწყალებითა შენითა წმიდათა შენთა თანა განუსვენე. ამინ.

 

როგორ უნდა ვილოცოთ მიცვალებულთათვის

ტრადიცია მიცვალებულთა მოხსენებისა ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან მოდის, როდესაც იუდა მაკაბელმა იდუმიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში დახოცილ მებრძოლთა განსაწმედელად მსხვერპლი შეაწირინა იერუსალიმში.

ახალ აღთქმაში მიცვალებულთა ლიტურგიული მოხსენება ყველაზე ადრე დაფიქსირებულია წმ. იაკობ მოციქულის ჟამისწირვაში.

ამ ტრადიციას ასახავს ქართული სუფრაც: ჩვენ სადღეგრძელოში ვიხსენებთ გარდაცვლილ ადამიანებს და მათ სახელზე მივიღებთ ხოლმე ღვინოში ჩაწობილ პურს, რაც სიმბოლურად მიცვალებულის ზიარებას ნიშნავს. ზოგჯერ კი ჭიქიდან ღვინოს პურზე ან მიწაზე დავღვრით ხოლმე. ესეც სიმბოლურია, და მიცვალებულისათვის ცოდვათა მიტევებას ნიშნავს, ისევე, როგორც ჯვარცმისას მაცხოვრის სისხლი დაიღვარა მიწაზე, გაჟონა და დაეწვეთა ჯვრის ქვეშ დასაფლავებული ადამის თავის ქალას და განწმინდა იგი პირველი ცოდვისაგან.

ა) პანაშვიდი

ახლადშესვენებულს ეკლესიაში უნდა გადავუხადოთ პანაშვიდი:

პირველ დღეს ­ როცა გარდაიცვლება;

მე-3 დღეს ­ როდესაც პირველად წარდგება უფალთან;

მე-9 დღეს ­ როდესაც მეორედ წარდგება უფალთან;

მე-40 დღეს ­ როცა ის პირად სამსჯავროზეა.

და ამის შემდეგ გარდაცვალების ყოველ წლისთავსა და დაბადების დღეზე.

გარდა ამისა, როგორც საზოგადო ლოცვების განხილვისას აღვნიშნეთ, ეკლესიაში წლის განსაკუთრებულ დღეებში დანიშნულია საზოგადო პანაშვიდები (ეს დღეები ყოველწლიურად უნდა ვნახოთ საეკლესიო კალენდარში, ან შევიტყოთ ეკლესიაში), რომელსაც უნდა დაესწროს ჭირისუფალი.

კარგი იქნება, თუ მეორმოცე დღისათვის შევუკვეთავთ წირვას მიცვალებულის სახელზე, რომელსაც დაესწრებიან ოჯახის წევრები და მიიღებენ წმინდა ზიარებას შესაბამისად მომზადებულნი. ამის შემდეგ სასურველია დროდადრო კიდევ შევუკვეთოთ წირვები. ძველი ტრადიციით მიცვალებულისთვის შვიდი წირვა სრულდება.

ბ) წესის აგება

გასვენების დღეს მიცვალებულს წესი უნდა ავუგოთ; წესის აგებას ასრულებს მღვდელი ან ოჯახში ცხედართან, ან ეკლესიაში.

თუ განსვენების დღეს რაიმე მიზეზით წესის აგება არ ხერხდება, შეიძლება შესრულდეს ადრეც. აგრეთვე, ამ ლოცვის შესრულება შეიძლება ძველი მიცვალებულისთვისაც, რომელსაც თავის დროზე წესი არ აუგეს.

სასურველია ოთახში მიცვალებული ისე იყოს დასვენებული, რომ აღმოსავლეთს უყურებდეს (თუ ფართობი საშუალებას გვაძლევს). მას თავთან უნდა ედგას ნაკურთხი  წყალი, ხორბალი და ენთოს კანდელი (კანდელი არის მცირე ზომის ჭურჭელი ზეთით, რომელშიც ჩადებულია ბამბის პატრუქი. იგი შეიძლება შეიძინოთ ეკლესიაში ან დავამზადოთ სახლში). მიცვალებულთან შეიძლება ენთოს სანთელიც.

გ) ფსალმუნების კითხვა

მიცვალებულთათვის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმაც უნდა ილოცონ. ყველაზე კარგი, ტრადიციული ფორმა არის საგალობლების კითხვა წმ. დავით წინასწარმეტყველის “ფსალმუნებიდან”, რომელიც იყიდება ეკლესიაში. წიგნი სანიშნით მიცვალებულთან ახლოს, გამოსაჩენ ადგილას უნდა იდოს, რომ ყველა მსურველს შეეძლოს წაკითხვა, რაც მიცვალებულის სულს დიდ შემწეობას უწევს.

ავიღებთ წიგნს, გავაგრძელებთ კითხვას დანიშნული ადგილიდან. წავიკითხავთ სადამდეც შევძლებთ, დავნიშნავთ და დავდებთ თავის ადგილზე, რომ შემდეგ სხვა მსურველმაც წაიკითხოს. გასვენებამდე რაც მეტჯერ მოესწრება წიგნის ბოლომდე წაკითხვა, მით უკეთესი.

ძველად ფსალმუნებს შეუწყვეტლად უკითხავდნენ მიცვალებულს მთელი დღე-ღამის განმავლობაში. აქედან მოდის დღემდე შემორჩენილი ტრადიცია ცხედართან ღამისთევისა. ასე, რომ თუ ჭირისუფლები მიცვალებულს ღამეს უთევენ, სასურველია რიგრიგობით ფსალმუნების კითხვა.

დ) მიცვალებულის მოხსენება საზოგადო ლოცვის დროს

მიცვალებულის სული, გარდა საკურივ მისთვის მიძღვნილი ლოცვისა, შეიძლება მოვიხსენოთ საზოგადო ლოცვაშიც.

მოხსენება კვეთაში. მეტად მნიშვნელოვანია მოხსენება მღვდლის მიერ წირვის დროს. წირვის დაწყებამდე დილით ან წინა საღამოს ეკლესიაში უნდა შევიძინოთ საგანგებოდ გამომცხვარი მცირე ზომის პური _ სეფისკვერი; შემდეგ ფურცელზე დავწეროთ “გარდაცვლილნი” და ჩამოვწეროთ ახლობელ მიცვალებულთა სახელები.

(ტრადიციულად მიცვალებულისათვის შევიძენთ ხოლმე ჯვრის გამოსახულებიან, ხოლო ცოცხალი ადამიანის მოსახსენებლად _ ყოვლადწმინდა სამების ან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახულებიან სეფისკვერს. ერთი სეფისკვერი შეიძლება შეიგზავნოს ერთი ან რამდენიმე ადამიანისათვის). სეფისკვერსა და მოსახსენიებელ ფურცელს დავტოვებთ შესაბამის ადგილზე, საიდანაც მნათე შეიტანს საკურთხეველში. მღვდელი წირვის დროს ამ სეფისკვერიდან მოხსენებულთა სახელებზე ლახვრით ამოკვეთს მცირე ზომის ნაწილებს, შეწირავს მსხვერპლად და წირვის ბოლოს ჩაუშვებს წმ. ბარძიმში.

შ ე ნ ი შ ვ ნ ა: არის შემთხვევები, როდესაც მიცვალებულის მოხსენება კვეთაში არ შეიძლება:

  1. თუ ადამიანი არ იყო მონათლული მართლმადიდებლურად;
  2. თუ იგი სიცოცხლის ბოლომდე გმობდა ღმერთს;

  3. თუ თავისი სიცოცხლე შეგნებულად დაამთავრა თვითმკვლელობით.

თუ რა ვიღონოთ ასეთი მიცვალებულისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოძღვართან უნდა გავარკვიოთ.

ე) ორმოცდღიანი მოსახსენებელი

ეკლესიაში არსებობს ტრადიცია მიცვალებულის მოხსენებისა კვეთაში ორმოცი დღის განმავლობაში. ტაძრებში, სადაც წირვა ყოველდღე მიმდინარეობს (სიონი, ანჩისხატი, ქაშუეთი, სვეტიცხოველი, ალ. ნეველის სახელობის რუსული ეკლესია), ჭირისუფლის თხოვნით მიცვალებულს იხსენებენ კვეთაში ყოველდღე ორმოცი დღის მანძილზე.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიცვალებულის 40 დღიანი მოხსენება დიდი მარხვის პერიოდში.

ვ) მოხსენება საზოგადო პანაშვიდზე

როგორც ადრე აღვნიშნეთ, მიცვალებული შეიძლება მოვიხსენოთ საზოგადო პანაშვიდზე. ამისათვის ფურცელზე დაწერილი სახელი უნდა მივაწოდოთ მღვდელს.

მიცვალებული შეიძლება მოვიხსენოთ აგრეთვე პირადად, დილის ლოცვების შესრულებისას შესაბამის ადგილას.

ზ) სანთლის დანთება

მიცვალებულის მოხსენების ერთ-ერთი ფორმაა სანთლის დანთება, რისთვისაც ეკლესიაში გამოყოფილია კუთხე მაცხოვრის ჯვარცმის გამოსახულებით.

სანთლის დანთება გარდაცვლილი ადამიანისათვის შეიძლება სახლშიც, ხატებთან ან მის სახელზე გაწყობილ სუფრაზე.

მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი,  „წესი ქრისტიანის ცხოვრებისა“, თბილისი, 1998 წ.

ლოცვა მიცვალებულთათვის

 

Categories
დაუჯდომელი

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა მღუდელ-მოწამისა კვიპრიანესი

ევედრებიან ჯადოქრობისაგან თავის დასაცავად

და ეშმაკეულთა განსაკურნებლად

ტროპარი:

საქმით მიემსგავსე მოციქულთა და საყდარსა მათსა ღირს იქმენ, საქმე მოიგე, ნეტარო, აღმყუანებელი ხედვად, ამისთჳსცა სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა მართლად აღმოჲტყოდი, და სარწმუნოებით იღუაწე ვიდრე სისხლითა დათხევადმდე წმიდაო მღუდელმთავარო კვიპრიანე, ევედრე ქრისტჱსა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი

ხელოვნებისა მისგან მოგებისა მოისწრაფე შენ, ღვთივ-გონიერო, საღმრთოჲთა მეცნიერებისა მიმართ, და აჩუენე სოფელსა სიბრძნეჲ შენი, ყოვლად ბრძენო და პატივისმცემელთა შენთა კურნებასა მიანიჭებ. კვიპრიანე იუსტინეს თანა, მეოხ გვეყვენით წინაშე კაცთმოყუარისა მეუფისა, რათა ვედრებითა თქუენითა შეიწყალნეს სულნი ჩუენნი.

კონდაკი 1

ჭეშმარიტ ღუთისადმი მსახურებისათვის, ეშმაკის მსახურებისაგან გამორჩეულო და წმიდათა დასთან შეერთებულო, წმიდაო მღუდელმოწამეო კვიპრიანე ევედრე ქრისტჱსა ღმერთსა, რათა გვიჴსნას ჩუენ ბადეთაგან მზაკვარისასა და მოგუანიჭოს ჩუენ ძლევაჲ სოფელსა, ხორცთა და ეშმაკსა ზედა. და ესრეთ გიხმობთ შენ: გიხაროდენ, მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე, მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთათჳს.

იკოსი 1

ძალნი ანგელოზთანი განკჳრდეს, ოდეს ხელოვნებისა მისგან მოგუობისა მოისწრაფე შენ, ღუთივ-გონიერო კვიპრიანე, საღმრთოჲსა მეცნიერებისა მიმართ, და სინანულითა შენითა მოიღე ანგელოზებრივი უვნებელი ცხოვრება და აწ ჩუენცა მოქცევითა შენითა განკჳრვებულნი, გიღაღადებთ:

გიხაროდენ, მოქცევითა შენითა ანგელოზთა განმაკჳრვებელო;
გიხაროდენ, წმიდათა დასის განმამხიარულებელო;
გიხაროდენ, სიბრძნისა შენისა წარმომაჩინებელო;
გიხაროდენ, ქრისტჱსათჳს გჳრგჳნისა მომღებელო;
გიხაროდენ, რამეთუ შენს მიერ ეშმაკნი განიოტიან;
გიხაროდენ, რამეთუ შენს მიერ ყოველნი სნეულებანი განიკურნვნიან;
გიხაროდენ, მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი 2

ჰხედვიდა რა უფალი, თუ ვითარ მცირისა მის ასაკისაგან უსჯულო მშობელთა მიერ, მიცემულ იქნა სწავლად ეშმაკისადმი მსახურებისა, ინება მოქცევაჲ მისი, და ანგელოზთა და ყოველთა წმიდათა თანა გალობად თჳსსა მომართ: ალილუია.

იკოსი 2

გონებაჲ არა სრული გულსმოდგინედ იღვწოდა შეცნობად ჭეშმარიტებისასა, და გამოძიებითა ეშმაკთა მანქანებათა, იხილა რა უძლურებაჲ მათი და შიში ქრისტჱსი, მოისწრაფა ტაძარსა უფლისასა საღმრთოჲსა მეცნირებისა მიმართ. ამისთჳს გიღაღადებთ შენ:

გიხაროდენ, ეშმაკთა მანქანებათა შემსწავლელო;
გიხაროდენ, მისდამი მსახურებისა ხიბლთა მამხილებელო;
გიხაროდენ, გუელისა მის ბოროტისა შემარცხვენელო;
გიხაროდენ, ქრისტეანთა განმადიდებელო;
გიხაროდენ, ამა სოფლისა ბრძენთა უბრძენესო;
გიხაროდენ, გონიერთა უგონიერესო;
გიხაროდენ, მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი 3

ძალმან მაღლისამან განიბრძნო შენ გონებაჲ, ოდეს ვერ ჰპოვე წარმატებაჲ, ჯადოქრობასა შინა აღლადოსისთვის იუსტინესა მიმართ. ეშმაკთა ჰრქუეს მას: გუეშინის ჩუენ ჯუარისა და ვკარგავთ ძალსა, ოდეს ლოცულობს იუსტინე. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკეთუ გეშინის თქუენ ჯუარისა, ჯუარცმული უძლიერეს არს მისსა. და მცნობელი ესე ეშმაკთა უძლურებისა, შევიდა ტაძარსა უფლისაჲსა გალობად ყოველთა მართალთა თანა: ალილუია.

იკოსი 3

აქუნდა რა, გონებაჲ ზესთა ძალითა განათლებული, მიისწრაფვის კვიპრიანე მღუდელისა მიმართ და სთხოვს მას ნათლისღებასა, მან კი შეძრწუნებულმან არა შეისმინა მისი. ხოლო კვიპრიანე მირბიოდა სახლსა უფლისასა და ჰსდგა რა წირვაზედ არა განვიდა ტაძრიდგან, ოდეს ღაღად-ჰყო დიაკვანმა: კათაკმეველნო განვედით“. ჰრქუა კვიპრიანემ: „არა განვიდე უკეთუ არა ნათელ მცეთ მე“. ხოლო ჩუენ ვითარსა შენისა განბრძნობისა მოხარულნი გიგალობთ ესრეთ:

გიხაროდენ, ზესთა ძალითა განათლებულო;
გიხაროდენ, უფლისა მიერ განბრძნობილო;
გიხაროდენ, ჯუარისა ძალისა შემცნობელო;
გიხაროდენ, ეშმაკთა თავისა თჳსისაგან განმდევნელო;
გიხაროდენ, ცხოვრებისა თჳსისა გამომასწორებელო;
გიხაროდენ, ეკლესიად სლვათა შენთა წარმმართუელო;
გიხაროდენ, მღუდელ-მოწამე კვიპრიანე მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი 4

ზრახუათა ქარიშხალმა მოგიცვა შენ, თუ ვითარცა ძალითა მიგეღო ნათლისღებაჲ. და შეჰკრიბა რა ჯადოქრობისა წიგგნი თჳსნი, წარიღო და დაჰსწვა ქალაქსა შორის, ღუთისა მიმართ გალობითა: ალილუია.

იკოსი 4

ესმა რა მღუდელსა შესახებ შენსა და კეთილ განზრახუისა შენისა გამო, ვითარმედ გსუროდა ქრისტეანობა, ნათელს გცემს შენ და განგამწესეს მკითხუელად ტაძარსა შინა. ამისთჳს გიგალობთ შენ:

გიხაროდენ, ბოროტთა სულთა მძლეველო;
გიხაროდენ, ჯადოქრობისა წიგნთა დამწუელო;
გიხაროდენ, ქრისტეანობის მომწადინებელო;
გიხაროდენ, წმიდისა ნათლისა მომღებელო;
გიხაროდენ, მღუდლისა მიერ განსწავლულო;
გიხაროდენ, მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი 5

წმიდისა ნათლისღებისა, ღვთივ-ქსოვილისა სამოსლისა მომღებელი, გულსმოდგინედ ჰვედრიდი ღმერთსა წარსულ ცოდუათა მოტევებასა, და ყოველთა ქრისტეანთათჳს უგალობდი ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 5

ჰხედვიდე რა მღუდელი ღუწათა და შრომათა შენთა, წმიდაო მღუდელ-მოწამეო კვირპიანე: მარხუასა, მრავალძალსა მღვიძარებასა, მუხლმოდრეკასა, სინანულსა, ლოცუასა შინა ცრემლთა დენასა, შემდგომად რაოდენთამე ჟამთა გადგენენ შენ დიაკვნად. ხოლო ჩუენ ვმადლობთ ღმერთსა და ესრეთ გაქებთ შენ:

გიხაროდენ, დღითა და ღამით ღვთისა მიმართ მღაღადებელო;
გიხაროდენ, ცოდუათა მოტევებისათვის მვედრებელო;
გიხაროდენ, წინაშე ღუთისა, ლოცუათა შინა ცრემლთა დამთხეველო;
გიხაროდენ, გზისა მხსნელისა შემცნობელო;
გიხაროდენ, ღუთისადმი მგზნებარე სიყუარულისა წარმომარჩინებელო;
გიხაროდენ, მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი 6

ქრისტეანულისა კეთილ-მსახურებისა სახითა ჰბაძუიდი რა ქალწულსა იუსტინეს, წმიდაო მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე, ჭეშმარიტად სრულყოფილ ქრისტეანედ წარმოგვიდეგ ჩუენ, უარჰყავ რა უღვთო სწავლება, ნათელ-იღე და ბაგითა შენითა და გულითა წმიდითა მადლობით უგალობდი ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 6

გაბრწყინდა რა გულსა შინა შენსა ნათელი ღუთაებრივისა სრულყოფილებისა, მიიწიე პატივსა მღუდელობისასა, ხოლო შემდგომად ამისა ეპისკოპოსობისასა. გევედრებით შენ: ლოცუითა შენითა განანთლენ ჩუენნიცა გულნი, შენდამი მხურვალედ ესრეთ მლოცველთა:

გიხაროდენ, ეპისკოპოსად კურთხეულო;
გიხაროდენ, ქალაქო მთასა ზედა აღშენებულო;
გიხაროდენ, წინაშე ღუთისა აღნთებულო ლამპარო;
გიხაროდენ, ღუთისადმი დაუღალავო მლოცველო;
გიხაროდენ, ჩუენდამი ღუთისაგან ბოძებულო მოძუღუარო;
გიხაროდენ, მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი 7

ინება რა უფალმან ხსნაჲ ყოველთა, მოგვანიჭა ჩუენ მეოხი ესე, შემწე და მკურნალი ამა სოფლისა ბოროტ სულთაგან. ზრახუათა და სიტყუათა შენთა მიერ მრავალთა მოიყუანებდი სინანულად და განშორებად ცოდვიან ცხოვრებისაგან, და ასწავებდი მათ გალობად ღუთისადმი ესრეთ: ალილუია.

იკოსი 7

ახალ ბრძენ მკურნალად გამოუჩნდი სოფელსა მღუდელ-მოამეო კვიპრიანე, რამეთუ ლოცვისა შენისა ძალითა მრავალფერ გრძნეულებათა ვერ ძალუძთ წინააღმდგომად ჩუენდა, არამედ ბოროტ კაცთა და მზაკუარ ეშმაკთა მიერ წარმოგზავნილნი მეყუსეულად შეიმუსვრიან და განიდევნიან, ხოლო ჩუენ, შენდამი მონიჭებულისა საღმრთოჲსა ძალისა მხილველნი, გიგალობთ ესრეთ:

გიხაროდენ, ჯადოქრულ მანქანებათა დამარღვეველო;
გიხაროდენ, საშინელ ეშმაკთა განმდევნელო;
გიხაროდენ, რამეთუ შენით ბოროტნი სულნი, ვითარცა კუამლი განქარდებიან;
გიხაროდენ, რამეთუ შენს მიერ მრავალგვემულთა მეყუსეულად განეშორვნიან;
გიხაროდენ, ჭირთა და მწუხარებათგან გამომჴსნელო;
გიხაროდენ, ტანჯუათა სიხარულად გარდამაქცეველო;
გიხაროდენ, მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი 8

საკჳრველ სასწაულად გვიჩნს შენდამი რწმენით მოლტოლვილთა, წმიდაო მღუდელ-მოწამეო კვიპრიანეო, რამეთუ ღვთივ ბოძებულითა, კაცთა მტანჯუელ, უწმიდურ სულთა განდევნის მაღლით, ეშმაკნი განისხმიან, სნეულნი განიკურნვნიან და უგალობენ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 8

მთელითა გულითა შენითა, წინაშე ღუთისა ამაღლებულო და მთელითა სულითა შენითა მისისა შემყუარებელო, ყოვლითა გულსმოდგინებითა და სურვილითა იღწვოდი აღსრულებად ნებისა მისისა, ხოლო შენ ვითარცა მწყემსმან კეთილმან არა მოიძაგე ურვათაგან დამძიმებულნი, არამედ წარმძღოლველი ლოცვათა შინა წინაშე ღუთისა, კურნებათა და ნუგეშთა მიჰმადლებ მათ, ხოლო ჩუენ მაქებელნი ღუთისადმი შენისა სიყუარულისა, გიგალობთ ესრეთ:

გიხაროდენ, ყოვლითა გულითა ქრისტჱსა შემყუარებელო;
გიხაროდენ, ყოველთა სათნოებათა სრულმყოფელო;
გიხაროდენ, სნეულთა და უძლურთა შეწევნაო;
გიხაროდენ, ურვათა და მწუხარებათა შინა ნუგეშინისცემაო;
გიხაროდენ, ამა სოფლისა, ხორცთა და ეშმაკისაგან მომდინარე, ყოველთა ცილისწამებათა და საცდურთა განმაოტებელო;
გიხაროდენ, ყოველთა სულიერთა და ხორციელთა სნეულებათაგან განმკურვნელო;
გიხაროდენ, მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი 9

ყოველნი ძალნი ანგელოზთანი მხიარულ იქმნენ, ჰხედვიდენ რა შეურყეველად და კადნიერად აღმსარებელსა ქრისტჱსა, ოდეს იუსტინესა თანა წარყუანილ იქმნა წარსაკუეთელად თავისა, ხოლო კვიპრიანე თანაუგრძნობდა, რათა არა განუდგეს იუსტინე ქრისტჱსა, ოდეს იხილავს მას თავწარკუეთილსა, და ჰრქუა კვიპრიანემ: უმჯობეს არს უწინ წარკუეთად შენდა, ხოლო შემდგომად ჩემდა. და დაჰსდევდეს რა თავნი მახვილსა ქუეშე, უგალობეს ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 9

არცა რიტორთა მრავალ-მეტყუელთა ძალუძთ ღირსად გამოთქმად ქრისტჱსათჳს თქუენთა ტანჯუათა, არა შეუშინდით ფიცხელთა ქადაგებათა, არამედ ნათლითა სახეებითა წარსდეგით წინაშე უსჯულოთა სამსჯავროჲსა და მით აღსძრავთ ყოველთა მართალთა გალობად თქუენდა:

გიხაროდენ, ქრისტჱს სარწმუნეობის შეურყევნელო აღმსარებელნო;
გიხაროდენ, ყოვლად-წმიდისა სამებისა კადნიერებით მქადაგებელნო;
გიხაროდენ, ქრისტჱსათჳს სულთა თქუენთა დამდებელნო;
გიხაროდენ, ფიცხელთა წამებათა არარად შემრაცხუელნო;
გიხაროდენ, რამეთუ ტაჯუანი თქუენნი მართალ-მორწმუნეთა მიერ იქებიან;
გიხაროდენ, რამეთუ სახელნი თქუენნი ტაძარსა შინა ღმრთისასა იდიდებიან;
გიხაროდენ, მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი 10

გენება რა ხსნაჲ, ბოროტ სულთაგან შეპყრობილთა, ყოველთა სულთა, ნუ დაჰსცხრები ვედრებად უფლისა მიმართ, მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე, რამეთუ მონიჭებულ არს მადლი ლოცვისა ჩუენ ყოველთათჳს, რაჲთა შეწყალებულნი და განწმედილნი უგალობდეთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 10

კედლად მტკიცე და ზღუდედ შეურყეველად, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, გვექმენ ჩუენ, მხურვალითა რწმენითა და სიყუარულითა შენდამი მოლტოლვილთა, მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე, რათა შენსა მიერ დაცულნი და მოხსნილნი გიგალობდეთ:

გიხაროდენ, სიმდაბლითა შენითა ბოროტთა სულთა ისართა დამწუელო;
გიხაროდენ, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან კედელო და ზღუდეო;
გიხაროდენ, მართლმადიდებელი ეკლესიისა ყოვლად დიდებულო სამკაულო;
გიხაროდენ, მწუხარეთა უსაყვარლეო ნუგეშო და მხიარულებაო;
გიხაროდენ, მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი 11

კეთილ ინებე რა უღირსებისა შენისაგან ღირსყოფად და შერთუად ყოვლად წმიდისა სამებისა სამწყსოჲსა თანა, დაუცხრომელითა გალობითა მისდამი _ წყალობისათვის ყოველთა შეცოდებულთა მომართ _ სხუათა გარდაემატე, მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე, მსწრაფლშემწეო და მეოხო სულთა ჩუენთათჳს. ხოლო ჩუენ, ესე ვითარისა ჩუენდამი მოწყალებისა გამო, ვმადლობთ ღმერთსა და ვჰხმობთ მას: ალილუია.

იკოსი 11

ნათლე-ცისკროვან სანთლად მოევლინე ქრისტჱს ეკლესიასა ღვთივ-განბრძნობილო, რომელი უნივთოითა ნათლჲთა განანათლებ სულთა მართალთა, გვედრით შენ, აწცა განგვინათლე ცოდუით დაბნელებულნი გულნი ჩუენნი, შენდამი ესრეთ მგალობელთა:

გიხაროდენ, განწირულთაგან, ვითარცა ცხოვარი დაკარგული აღმოტაცებულო;
გიხაროდენ, უღირსებისა შენისგან ღირსად ქმნილო;
გიხაროდენ, ღუთისა მიერ წმიდისა, მისისა სამწყსოჲსა თანა შეერთებულო;
გიხაროდენ, ნათლითა უნივთოჲთა მართალთა სულთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, შეცდომილთა ჭეშმარიტ გზაზე მომყუანებელო;
გიხაროდენ, მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი 12

შენდამი ღვთივ-ბოძებულითა მადლითა დასთრგუნავ ძალთა მტერთასა და ყოველსა სატანებრივსა ზედა მოსვლასა. სძლიე რა მტერსა შენსა და აღიბეჭდე მოწამეობრივითა წინაშე საყდრისა მეუფისა დიდებისასა, ევედრე ღმერთსა მონიჭებად ჩუენდა დაჰხსნისა ტყუეობისაგან ეშმაკისასა, რაჲთა ხსნილნი ესე უგალობდეთ მას: ალილუია.

იკოსი 12

უგალობდეთ რა, შენსა ღუთისადმი ერთგულებასა, და საკჳრველთა, უდიდებულესთა სასწაულთა, გაქებთ და გადიდებთ შენ მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე, ღუთისაგან მიღებულისა ესე ვითარისა მადლისა გამო და გევედრებით შენ, რათა ჟამსა სიკუდილისა ჩუენისასა, ოდეს სულთა ჩუენთა გარე მოადგეს სიმრავლე ეშმაკთასა, მოგვივლინე შეწევნაჲ შენი, რაჲთა ჰხსნილნი შენს მიერ ვხმობდეთ შენდამი ესრეთ:

გიხაროდენ, მტერთა ძალისა ზედამოსვლათაგან მსწრაფლ-შემწეო;
გიხაროდენ, ყოველგუარ ჭირთა და მწუხარებათაგან გამოხსნაო;
გიხაროდენ, ქრისტეს სრულად შემყუარებელო;
გიხაროდენ, მისთვის სულისა შენისა დამდებელო;
გიხაროდენ, ზეციურ კრავის სისხლში განბანილო;
გიხაროდენ, უფლის ეზოთა შინა დამკჳდრებულო;
გიხაროდენ, წმიდათა დასთაგან შეერთებულო;
გიხაროდენ, ნათლითა სამბრწყინვალითა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი 13

ჵ, ყოვლად საკჳრველო და ყოვლად დიდებულო, ღუთის სათნო-მყოფელო, წმიდაო მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე, მსწრაფლ-შემწეო ყოველთა შენდამი მოლტოლვილთაო, მიითუალე ჩუენ უღირსთაგან სადიდებელი ესე გალობაჲ ჩუენი, მრავალფერ სნეულებათაგან გაგვკურნე, დაგვიცევ ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, და ევედრე ღმერთსა ხსნად ჩუენდა საუკუნეო სატანჯუელთაგან, რათა ჩუენცა შენთანა უგალობდეთ მას ესრეთ: ალილუია.

(ეს კონდაკი იკითხება სამგზის, შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1)

სავედრებელი ლოცვა

ჵ, წმიდაო, სათნო-მყოფელო ღუთისაო, მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე, მსწრაფლ-შემწეო და მლოცველო ყოველთა შენდამი მოლტოლვილთათჳს, მიითუალე ჩუენ უღირსთაგან სადიდებელი ესე, ევედრე უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რათა მოგუმადლოს ჩუენ, უძლურებათა შინა განმტკიცებაჲ, მწუხარებათა შინა ნუგეშინისცემაჲ, და მოგუანიჭოს ჩუენ ყოველი სარგებელი ცხოვრებისა ჩუენთათჳს აღავლინე უფლისა მიმართ მრავალ-ძალი ლოცუაჲ შენი, რათა დაგვიცვას ჩუენ ყოველთაგან შეცოდებათა, გვასწაოს ჩუენ ჭეშმარიტი სინანული, გვიხსნას ჩუენ ტყუეობისაგან ეშმაკთა და ბოროტთა სულთა მანქანებათაგან და ყოველთა მაჭირვებელთა ჩუენთაგან. გვეყავნ ჩუენ მცუელად და შეურყეველად, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, მოგუანიჭე ჩუენ განსაცდელსა შინა მოთმინებაჲ და ჟამსა სიკუდილისა ჩუენისასა შეწევნაჲ მოგვივლინე მაწამებელთა ჩუენთაგან, რომელნი შეგვემთხვივნეს ჰაერთა შინა საზვერეთასა, რათა შენს მიერ ძღუანებულნი, მივიწივნეთ ზეციურისა იერუსალიმსა, და ცათა სასუფეველსა შინა ღირს ვიქმნეთ ყოველთა წმიდათა თანა დიდებად ყოვლად-წმიდისა სამებისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

აღსარების წინ საკითხავი ლოცვები

აღსარების წინა ლოცვები

 

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.*

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა

ფსალმუნი 50

მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხნი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწუელი; მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.

 

ლოცვა წმ. იოანე ოქროპირისა, აღსარებისათვის ცოდვათა და სინანულისა

ვაი ჩემდა, რამეთუ ცოდვანი ჩემნი არიან უფროს ქვიშისა ზღვისა, და მე შეკრულ-ვარ მათგან, ვითარცა საკრველითა რკინისათა და არა მაქვს კადნიერება აღხილვად სიმაღლესა ცისასა, ვისსამე მივივლტოდე, არამედ შენდა მომართ მოწყალეო უფალო, რამეთუ ძვირ-უხსენებელ ხარ, და შენდა მომართ მოვივლტი, და მრავალთა მოწყალებათა შენთა შეუვრდები, შენ უფალო ურჩ გექმნები, და შენდავე მოვისწრაფი ძვირუხსენებელო, შენდავე მოვივლტი მრავალთა სახიერებათა შენთათვს, და ლმობიერად ვღაღადებ, გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან, და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ, სახელისა შენისათვის მხოლოსა, რამეთუ არა მაქვს რომელიმცა წარგიდგინე შენ, არცა საქმენი კეთილნი, არცა გული წმიდა, არამედ სასოებაი ხოლო მაქვს შენისა მოწყალებისა, და დავსდებ სულსა ჩემსა, არამედ შენისა კაცთმოყვარებისა წინაშე, რათა გული წმიდა დაჰბადო ჩემთანა ღმერთო, და სულითა წმიდითა დამამტკიცო მე, რათა არღარა დავეცე მე კვალად, და არღარა მივიწიო ცოდვისა განწირულებასა, არამედ ამიერითგან გმონო შენ სიმართლით და ჭეშმარიტებით ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი, და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ლოცვა წმიდისა ამონისი

უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩუენისაო, რომელმან წინასწარმეტყველისა შენისა ნათანის მიერ, ამხილე დავითს, და შეინანა შეცოდებანი მისნი, და შენ მიჰმადლე შენდობა, და მანასესი შემდგომად ლოცვისა შეიწირენ, შენ მეუფეო მოწყალეო გევედრები, შეიწირენ აწცა ჩემ უღირსისა მონისა შენისაგან სინანულით ვედრება შეცოდებათათვის, შენისაებრ სახიერებისა უგულებელს ჰყვენ ყოველნი შეცოდებანი ჩემნი, რამეთუ შენ უფალმან ჰბრძანე სამეოც და ათშვიდ გზის შენდობა, რომელნი შესცვივიან ცოდვასა, რამეთუ დიდ არს წყალობა შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთა, და შენი არს ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ლოცვა წმიდისა ეფრემისი:

ვსცოდე მე და არა განვეშორე ცოდვასა, და მე ვევედრები მოწყალებასა შენსა, დამიფარე მე ჰე კეთილო, მისაჯე მე და წმიდა მყავ ჰე ტკბილო, მილხინე მე, რამეთუ წყლულ ვარ, მაცხოვნე მე, რამეთუ მოვკვედ ცოდვითა, სუნნელ მყავ მე, რამეთუ წყლულებანი ჩემნი შეყროლდეს და სირცხვილმან დამცა მე, აღმადგინე, რომელი ესე დანთქმულ ვარ მღვიმესა შინა და დაცემულ ვარ, აღმადგინე მე, მე ვარ, რომელმან შევსცვალე სჯული და ბიწიან ვყავ, დაბნელებული განმანათლე, მომაქციე მე, ცთომილი ესე, და მომიძიე წარწყმედული ესე. ვაიმე, უფალო შესვარულსა ამას, რომელი არა ღირს ვარ აღხილვად ზეცად.

ლოცვა წმიდისა ისაკ განშორებულისა

უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელი ეგე მოწყალებითა შენითა სტიროდი ლაზარეს ზედა, და დასთხიენ მის ზედა ლმობიერებით წმიდანი იგი ცრემლნი შენნი. შეიწირენ ცრემლნიცა ესე სიმწარისა ჩემისა და ვნებითა მით შენითა წმიდითა ვნებათაგან სულსა ჩემსა ულხინე. და წყლულებითა შენითა წმიდითა წყლულებათაგან სული ჩემი განჰკურნე, და სუნნელებითა მით უხრწნელთა ხორცთა შენთათა სიმყრალე ხორცთა ჩემთა განასუნნელე, და ნაღვლითა მით, რომელი დაბადებულთა შენთაგან მიიღე, დაატკბე სული ჩემი სიმწარისა მისგან, რომელ მოვიღე მტერთა ჩემთაგან. აღმართებითა წმიდისა ჯვარისა შენისათა, აღმართე გონება ჩემი ეშმაკთაგან მიდრეკილი მიდრეკითა წმიდისა თავისა შენისათა ჯვარსა ზედა, აღმართე თავი ჩემი მტერთაგან დათრგუნვილი ხელითა მით წმიდითა, რომელნი განიპყრენ ჯვარსა ზედა, აღმომიყვანე მე სიღრმეთაგან ცოდვათა ჩემთასა. ყვრიმლის-ცემითა მით და ნერწყვითა პირისა შენისა წმიდისათა განწმიდე პირი ჩემი შებღალული ცოდვითა და უსჯულოებითა ჩემითა, და სულითა მით წმიდითა შენითა რომელი ჯვარსა ზედა შეჰვედრე მამასა, წარმიძეღვ მე მოსლვად შენდა მიმართ გზათაგან უსჯულოებისა ჩემისათა, რამეთუ არა მაქვს, მაცხოვარ, გული მწუხარე მოძიებად შენდა, არა მაქვს სინანული და ლმობიერება, რომელი მოაქცევს განწირულთა სასოებად, არა მქონან მეუფეო ცრემლნი ნუგეშინის-საცემელად სულისა ჩემისა. დაბნელებულ-არს მეუფეო გონება ჩემი და ვერ მოიქცევის შიშსა შენსა, განგრილებულ არს გული ჩემი სიმხურვალისა სიყვარულისა წმიდისა შენისა, და არა აქვს გულსა ჩემსა განბანა ცრემლითა მით რომელი სათნო არს შენდა: არამედ შენ იესო ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, რომელმან მომიყიდე სისხლითა შენითა წმიდითა აწცა მომმადლე მე სინანული და გული ტკივნეული რათა გამოვიდე მე ყოვლითა გულითა ჩემითა ძიებად შენდა მწყემსისა მაგის სახიერისა და მკურნალისა მაგის განწირულთასა, რამეთუ თვინიერ შენსა არა განიკურნებიან წყლულებანი ესე სულისა ჩემისანი და უცხო ვარ მე ყოვლისაგან კეთილისა, უკეთუ არა მომმადლე მე მადლითა შენითა მამისა მის მიერ წმიდისა შენისა რომელმან უწინარეს საუკუნეთა გშვა შენ თანამოსაყდრეთ მისსა. განაახლე სულსა შორის ჩემსა შვენიერება იგი ხატისა შენისა, და სულისა მიერ წმიდისა შენისა განანათლე სული ჩემი დაბნელებული ცოდვითა. მეუფეო ჩემო მომმადლე მე სახიერო მადლი შენი, სახიერო და კაცთმოყვარეო დაღაცათუ მე დაგიტევე შენ, არამედ შენ სახიერებითა შენითა ნუ დამიტეობ მე დაღაცათუ მე წარვსწყმიდე ნებსით ჩემით თავი ჩემი, სამწყსოსა შენისაგან, არამედ შენ მოწყალებითა შენითა გამოვედ ძიებად ჩემდა და შემიყვანე ბაკსა შენსა წმიდასა და თანა შემრაცხე მე ცხოვართა მათ თანა კურთხეულისა სამწყსოსა შენისათა და გამომზარდე მე მათ თანა საძოვარითა მით საიდუმლოთა წმიდათა შენთათა და ღირს ვიქმნე უღირსი ესე მონა შენი ხილვად ნათელსა პირისა შენისასა. რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი, და დიდება, მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ლოცვა წმ. ტიმოთესი

უფალო ღმერთო დამბადებელო ყოველთაო, ლოცვა ჩუენი ისმინე ქრისტეს-მოყვარისა ერისა შენისა, თანამოსახელისათვის, და მოიხსენე შენი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელი მოიგე სისხლითა შენითა და დაჰსხენ წყლულებანი შინაგან მწვალებელთანი, და მოეც ერთობა მართლმადიდებელთა შენთა, და შეზღუდენ იგინი ზეგარდამოითა შეწევნითა, და ანგელოსთა წესთა განძლიერებულნი, გალობად და დიდებად ყოვლადწმიდისა და უხრწნელისა სახელისა შენისა, დაიცვენ, სიმტკიცით ერი ჩუენი, და მტერთა მომართ მძლეობა სამარადისო მიანიჭე მას, გულისხმის-ყოფა და მშვიდობა შენი მიმადლე სოფელსა, და მიანიჭე ქუეყანასა ნაყოფთა უხვება, და ერსა საზრდელთა იაფობა, რათა განვსძღეთ გლახაკნი შენითა პურითა, და მარადის მადლობისა გალობასა შევსწირავდეთ შენდა, კაცთ-მოყვარისა ღმრთისა ჩუენისა, თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

90-ე ფსალმუნი:

რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისვენოს. ჰრქვას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთასა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა. ბეჭთ-საშუვალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტება მისი. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი. ღაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხვევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი _ მარჯვენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ. ხოლო შენ თვალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთა იხილო. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გვემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა. რამეთუ ანგელოსთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი. ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი. ხმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი. დღეგრძელებითა განვაძღო იგი და უჩვენო მას მაცხოვარება ჩემი.

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთათა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

აღსარების შემდეგ წასაკითხი ლოცვანი

ჰე! ყოვლად მოწყალეო უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩუენო, მომიტევე ყოველნი აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომლითაც შეგაწყინე ღმერთო ჩემო, რომელთა დასაბამნი აღგიარნე წინაშე შენსა.

ჰოი! ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო მარადის ქალწულო მარიამ, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რათა შემინდვნეს ყოველნი შეცოდებანი ჩემნი ვითარცა სახიერ არს, მოწყალე და კაცთმოყვარე.

აღსარება
Categories
ლოცვანი

ლოცვა ეფრემ ასურისა

ეფრემ ასურის ლოცვა

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).

ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).

ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში „დილისა“ და “ძილის წინ“ ლოცვების შემდეგ იკითხება. ამ ლოცვას ვკითხულობთ ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას, შემდეგ კი შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით (დიდმარხვის განმავლობაში ამ ლოცვას არ ვასრულებთ ყოველ პარასკევ საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განავაახლებთ ხოლმე).

Exit mobile version