მღდელმოწამე ევდემოზ კათოლიკოზი

17 ოქტომბერი. სავედრებელი პარაკლისი წმიდისა მღდელმოწამისა ევდემოზ კათოლიკოზისა

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა მღდელმოწამისა ევდემოზ კათოლიკოზისა

მღდელი:  კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვჰსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვჰსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.  

მოვედით, თაყუანის-ვჰსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.  

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.  

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.  

ტროპარი, ხმაი 4

მოშურნე იყავ რაი მსახურებად ღმრთისა და მამულისა, წინააღუდეგ მეფესა უსჯულოსა, რაითა დაიცვა ერი შენი ბოროტთა ვნებათაგან, და სული შენი დასდევ რაი ცხოვართა შენთათვის მსგავსად ქრისტეისა, მოიღე მისგან წარუვალი გვირგვინი დიდებისაი, და აწ მეოხ ხარ ჩუენთვის მისა მიმართ, მღდელმოწამეო ევდემოზ, რაითა მოგვიტევოს შეცოდებანი ჩუენნი, და გვიხსნას ყოვლისაგან ბოროტისა.

 დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

 

ტროპარი

განბრწყინდების დღეს ეკლესიაი ქართველთაი ღირსებით აღმასრულებელი საკსენებელისა შენისაი, ევდემოს დიდებულო, სიტყვისა ღმრთისა ქადაგო დაუდუმებელო,  და სარწმუნოებისა გოდოლო შეუძრველო; უღმრთოებისა არმურისა დამხსნელო და უსჯულოთა აგარიანთა დამამხმობელო, განმაძლიერებელსა შენსა ქრისტესა ევედრე აწ მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსეისმან, რომელმან გამოსახა სახეი ჯუარისაი და განუპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სიყუარულითა გაქებთ შენ, ღმერთშემოსილო ევდემოზ, ვითარცა ზეციერსა წინამბრძოლსა და სიქადულსა ერისა ჩუენისასა, და მხურვალედ გევედრებით ხსნასა სულთა და ხორცთა ვნებათაგან.

წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

უძღოდი ერსა ჩუენსა, ვითარცა მოსეი ისრაელთა, და ასწავებდი რაი დამარხვასა სჯულისასა, გსახვიდენ შენ მამად და მოძღურად თვისად, და სული თვისი დასდევ სამწყსოისათვის შენისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ეკლესია ქრისტეისი განაშუენე რაი სისხლთა მიერ სახედ სამკაულისა სამეუფოისა, შეიმკუების ბრწყინვალედ, და გვიწესს მორწმუნეთა ქებად შენდა და დიდებად ღმრთისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიდებულნი ითქუნეს შენთვის თესლითი თესლადმდე, ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყუაი ღმრთისაი წიაღსა შენსა და დაადგერ ქალწულად, ამისთვის ყოველნი გადიდებთ, რამეთუ დიდებით დიდებულ ხარ.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთ-მოყუარე.

წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ვითარცა მორჩი ღმრთივბრწყინვალეი, აღმოსცენდი ძირთაგან კეთილმსახურთაგან მესხთაისა, აჭარასა შინა დამკვიდრებულთა, და აღიზარდე რაი სიწმიდითა, დაიმკვიდრენ სათნოებანი, ღირსო, და განბრძნობილ იქმენ წმიდასა წერილსა შინა.

წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მრავალსა წელსა განისწავლებოდი რაი ანგელოზებრივსა მას ღუაწლსა შინა, ბერად აღგკვეცეს და გაკურთხეს ხუცეს-მონაზონად სადიდებელად ღმრთისა, აწ ჩუენცა შეგვეწიე მისა მიმართ, მოგუცეს სინანული და სლვაი კეთილ-სახედ სოფელსა ამას შინა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

საკვირველისა სიმდაბლისა და სათნოებისათვის გაკურთხეს რაი ებისკოპოსად, ნეტარო, არა ელტვოდი დიდებასა და მონაგებსა, არამედ მოშურნე იყავ განსწავლისათვის სამწყსოისა შენისა, და იღუწიდი მშვიდობით დაცვისათვის ქურივ-ობოლთა და გლახაკთაისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაემკვიდრე წიაღსა ქალწულისასა, უფალო, და გამოუჩნდი კაცთა ხორციელად, ვითარცა სათნო იყავ, და გამოაჩინე იგი ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად, მხოლოო კაცთმოყუარე, და შემწედ ყოველთა მორწმუნეთა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.  

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…

წარდგომაი, ხმაი 4

მღდელთმოძღურად შჯულიერად და სარწმუნოდ ვიდრე სიკუდიდმდე გამობრწყინდი, ღირსო ევდემოზ, და შესწირევდი რაი მსხუერპლსა საღმრთოსა, დაუცხრომელითა ღვაწლითა აღაგზებდი ქართველთა შორის ცეცხლსა სარწმუნოებისა და მამულის სიყუარულისასა, და სრულქმნული წამებისა ღუაწლითა იხარებ წინაშე ღმრთისა, რომელი მოგუანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიხარული ცხორებისა ჩემისაი, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთვის წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაი, კაცთმოყუარე.

წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ვითარცა ჟამსა მას შეჭირვებისასა დიდებულთა კაცთა მოუვლენდა უფალი სამწყსოთა თვისთა, შენცა აღრჩეულ იქმენ კათოლიკოზად ქართლისა, ნეტარო, და ვითარცა სარწმუნომან მნემან დამწყსე შენ სამწყსოი საცხოვართა პირმეტყუელთაი და მიეც მორწმუნეთა საზრდელი უკუდავებისაი.

წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ღირს იქმენ რაი ღმრთისმსახურებად ახალსა იერუსალეიმსა მცხეთას, ვითარცა მამადმთავარი, მჯდომი საყდარსა მას სვეტიცხოვლისასა, ხატ ექმენ სამწყსოსა შენსა სიბრძნისა და ღმრთისმოსაობისა, და საღმრთოი სიხარული მოჰფინე „ზემოისა ივერიის“ ეკლესიასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

რაჟამს იხილე სიცბილი იგი როსტომ-ხანისა, ყაენისა მიერ ქართლსა შინა მეფედ დასმულისა, განეწყვე ბრძოლად, ვითარცა ახოვანი, ღმერთშემოსილო, და ამხილებდი უწესოსა მმართველობასა მისსა, აწ ჩუენცა მოგვანიჭე გული გონიერი და ბრძენი, გულისხმისყოფად კეთილისა და ბოროტისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ენანი კაცთანი მოუძლურდებიან გამოთქუმად საიდუმლოისა შობისა შენისასა უბიწოებით, უქორწინებელო სძალო, და სარწმუნოებითა აღგიარებენ დედად ნათლისა.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: ნუ სადა განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.

წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

იყავ რაი ჭეშმარიტი წინამძღვარი ერისა შენისა, ფრიად მწუხარებდი და უსჯულოთა თანა აღრევისთვის ამხილებდი მეფესა და დიდებულთა მისთა, მოუწოდდი რაი სინანულად, და დაცვად ერისა და სარწმუნოებისა.

წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

არა გეშინოდა რაი მზაკუვართა და მტყუართა სულთა, ქადაგებასა შინა ამხელდი ანგარებასა მათსა, და ეშმაკთაებრ ურცხვად გწამებდენ რაი ცილსა, ქრისტეისმიერი სიყუარული განგინათლებდა შენ წყუდიადსა ურვისასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მადლითა ღმრთისაითა აღსავსე ლოცვაი შენი და სიტყუაი და სწავლაი საჭეთმპყრობელად და მმართებელ ექმნა რაი მარიამ დედოფალსა, დაუცხრომელად იღუწიდა აღორძინებისათვის ერისა და განძლიერებისთვის ქრისტეს ეკლესიისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კადნიერებაი დედობრივი ძისა შენისა თანა მოგიგიეს, ყოვლად უბიწოო, და შეწევნასა ჩუენსა ნუ დააცადებ მისა მიმართ, რაითა გვიხსნეს ყოველთა საცთურთაგან და დაგვიფარნეს მრავალსახეთა განსაცდელთაგან.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია და იოანესებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.

წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სიბრძნითა ჰმტვირთველობდი რაი ჯუარსა შენსა, არაი დადუმნებოდი ქადაგებად, და მრავალთა განაფხიზლებდი და აღძრვიდი ბრძოლად მანკიერებათა, უსჯულოსა მეფისა მიერ ქართლსა შინა აღორძინებულთა, აწ ჩუენცა შეგვეწიე და  წარგვიმართე გზასა ჭეშმარიტსა.

წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გეწადა რაი სპარსთა მიერ დამცრობილისა ქრისტიანობისა ამაღლებაი ქუეყანასა შენსა, შეწევნითა კეთილმსახურისა დედოფლისა მარიამისაითა იწყე განმრავლებაი და აღდგენაი საღმრთისმსახუროთა წიგნთა, და მოხატვაი ეკლესიათა და მონასტერთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვიდოდი რაი იწროსა მას გზასა ზედა, ნეტარო, პირისპირ ამხილებდი როსტომ-ხანსა და უწოდდი რაი „მამასა მაჰმადიანთასა და ქრისტეანეთა მამინაცვალსა“, დასჯაი შენი ეწადა, გარნა ვერცაღა კადრა მარიამ დედოფალსა, დიდად პატივისმცემელსა შენსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განვერენით საცთურსა ცოდვათა ჩუენთასა, ვედრებითა შენითა, ღმრთისმშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიმართ, რომელი იშვა შენგან უზესთაეს ბუნებათა, ძეი ღმრთისაი დაუსაბამოი.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.  

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                          

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…

 

კონდაკი

მამადმთავრად და წინამძღურად გყო რაი ქრისტემან მტერთაგან მიმძლავრებულისა ერისა შენისა, განეწყვე ბრძოლად, ვითარცა ახოვანი, წმიდაო ევდემოზ, და თავს ისხენ რაი მძლავრთაგან პყრობილებაი და საბლითა მოშთობაი, მოიღე ღმრთისა მიერ ნაყოფი იგი მრჩობლი მღდელთმოძღურებისა და მოწამეობისაი.

მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 7

იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა

მუხლი: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                                   

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა 

მღდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელი: მოხედენ.

სახარებაი ლუკასი  [12, 2-12]

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. ამისათვის რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. ხოლო გეტყვი თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი და ამისა შემდგომად ვერარაი აქუს უმეტესი, რაი გიყონ თქუენ. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ხელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყვი თქუენ, მისა გეშინოდენ. ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. ხოლო გეტყვი თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუი ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ხელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაი სიტყუაი მიუგოთ, ანუ რაი სთქუათ, რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაი-იგი სთქუათ.

დიდებაი შენდა უფალო, დიდება შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა მღდელმოწამისა ევდემოზ კათოლიკოზისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: იყავ რაი კეთილი ნაყოფი ივერთა ქუეყანისაი, ძეებრივითა გულმხურვალებითა მსახურებდი ერსა შენსა, რომელ აწ აღგძრავს მეოხად ღმრთისა მიმართ, წმიდაო მამათმთავარო ევდემოზ, რაითა გვითხოვო მშვიდობით დაცვაი სოფლისაი, და დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი ქუეყანასა ზედა, აღორძინებაი ერისა ჩუენისაი და მადლი და წყალობაი სულთათვის ჩუენთა.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომაისი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: ღირსისა დედისა ჩუენისა, ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; – ქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისა წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისა  და წმიდათა მამადმთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაYთა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა, კონსტანტინე მთავრისა, შალვა ახალციხელისა, ბიძინა დაჭრილისა და შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა და წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისა-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასლანისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, და ექვთიმე ღმრთისკაცისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა, ექვთიმესი და არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და წმიდისა მღდელმოწამისა ევდემოზ კათოლიკოზისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                                    

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სიტყუათა სულიერთა და წესთა სჯულისათა ასწავებდი რაი ერსა შენსა, უსჯულოთა მიერ შერყვნილთა, აღხოცდი ცრუმორწმუნეობისა საცთურსა, და განფენდი საღმრთოთა სწავლათა.

წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

განაცხოველებდი რაი მამულისა სულსა, განრღვეულსა, მოუწოდდი ყოველთა დატევებად ანგართა და განმხრწნელთა ჩვეულებათა და ვნებათა, და განსწავლიდი მცნებათა შინა ღმრთისათა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დიდითა სიმდაბლითა და სიმართლითა მარადის იქცეოდი რაი წინაშე ღმრთისა, არა ჰრიდებდი ჰასაკსა მას შენსა მხცოვანებისასა, და ახოვანებითა და სიმტკიცითა განაცვიფრებდი ყოველთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის წინაშე მისა.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შვიდ-წილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულისწყრომით, რისხვითა ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ყო: „აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.

წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

იქმენ რაი სარწმუნოი წინამძღუარი ქართველთაი, ყოვლად ნეტარო მამაო, განამხნობდი ერსა შენსა წინააღდგომად ყიზილბაშთა, და გეწადა განდევნაი მათ მიერ დასმულისა მაჰმადიანისა „მეფისა“ და უკან-ქცევაი თეიმურაზისა, ვითარცა ქრისტეანისა და კეთილმსახურისა.

წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სჯულიერებითა და ახოვანებითა შეესწორე ძუელთა მათ მამათა, წმიდაო, და განამტკიცებდი რაი მართლმადიდებელთა აღმსარებლობასა, შერისხავდი  სამშობლოს დამაქცევართა და ერისა მაოხართა, უფროის განძვინდა როსტომ ხანი და აგხადა პატივი მამადმთავრობისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მაშინ დაუთქვით ადგილი შეკრებისაი, და წარუგზავნე რაი უსტარი თეიმურაზ მეფესა, გამოჩნდა ორგული შორის თქუენსა და ამცნო რაი როსტომ-ხანსა, ყოველნი შეთქმულნი დასაჯა სიკუდილითა, და განრისხებულმან, ვითარცა ამბოხისა მოთავეი, შთაგსვა ნარიყალისა ციხესა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად აღგიარებთ და თაყუანისგცემთ, ღმრთისა დედაო უბიწოო, რამეთუ ჰშევ შენ ერთი ყოვლად წმიდისა სამებისაი, რომელსა მამისა თანა და სულისა უგალობთ: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამო, რომელ-არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.

წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მარხვითა, ფსალმუნებითა და მღვიძარებითა იყოფოდი რაი დილეგსა შინა, მარადის ილოცვიდი ხსნისათვის ერისა შენისა, და ევედრებოდი უფალსა სარწმუნოებასა შინა განძლიერებასა მისსა.

წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

პირველვე უწყოდი რაი სიკუდილი შენი, ნეტარო, არა შეძრწუნდი შინებისაგან მძლავრისა, და საპყრობილითგან მოუწოდდი ერსა შენსა ბრძოლად და წინააღდგომად უსჯულოისა დამპყრობლისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მაშინ სიბოროტითა აღივსო როსტომ-ხანი და ბრძანებითა მისითა მოგაშთვეს რაი საბლითა, ნეშტი შენი გოდლითგან გარდააგდეს,  და უფლისა მიერ მოიგე უკუდავი ცხორებაი სასუფეველსა შინა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყვით: მშობელო სიტყვისაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათვის.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს;  

მკითხველი ან ერისკაციკითხულობს:

მაშინ აღიხუნეს წმიდაი ნეშტი შენი ერთა სამწყსოთა შენთა, და ვითარცა მოყუარული მამაი მიჰრონითა მით სურნელითა შემურეს და ცრემლთა დინებითა, და გალობითა დაკრძალნეს რაი ანჩისხატისა ტაძარსა, წმიდაი სამარხოი შენი, ვიდრე აქამომდე აღმოაცენებს მადლსა უშურველად, და სარწმუნოებითა მისდა შევრდომილნი მოიღებდენ დიდსა ნუგეშინისცემასა და კურნებასა.

თავს-იდევ რაი მარტვილებრივი სიკუდილი მოლოდებითა საუკუნოისა მის ცხორებისაითა, პატივცემული მამადმთავართა თანა და მოწამეთა, ზეცისა სავანეთა მკვიდრად გამოგაჩინა ღმერთმან, და მოგანიჭა რაი კადნიერებაი მოსავთა შენთა შეწევნისაი, აწ ჩუენცა გვიოხე წინაშე მისა, რაითა მართლმადიდებელნი ერნი დაგვიცუნეს საეშმაკოთა ბადეთაგან და ანტიქრისტეის ხიბლისაგან და მძლავრებისა.

სიყუარულითა გაქებთ შენ, ღმერთშემოსილო ევდემოზ, ვითარცა ზეციერსა წინამბრძოლსა და სიქადულსა ერისა ჩუენისასა, და გევედრებით შეწევნასა ღმრთისა მიმართ, განგვიმრავლოს ქართველთ ზნეობითა სრულ-ყოფილნი ერის-მძღუარნი და მამანი სულიერნი, რაითამცა ჯერისაებრ უწინამძღვრონ ერსა შენსა და ყოვლითურთ განწმენდილი და განათლებული მიუძღუნან უფალსა.

დიდ-არს ძლევაი ბრწყინვალეი, რომელი აჩუენე ხორცთა შინა მყოფმან, ვითარცა უხორცომან, რამეთუ  განწირვითა თავისა შენისაითა, განაფხიზლებდი ერსა შენსა, და აღძრვიდი დაცვად სჯულისა და მამულისა, აწ ჩუენცა შეგვეწიე ღმრთისა მიმართ, რაითა არა მოაკლდეს სარწმუნოებაი ერსა ჩუენსა, და გამოავლინოს ღირსნი მოღუაწენი და მოქმედნი სამკალსა თვისსა, განსამტკიცებლად ყოველთა.

ჭეშმარიტად გამოსჩნდი შენ მწყემსად საკვირველად, და სამწყსოსა მას შენსა ავედრებდი რაი ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე დედობრივსა მადლსა მისსა, რაითა აღასრულოს თქმულნი თვისნი, ვითარცა მოწყალემან, და დაიცვას წილხვედრი თვისი ივერიაი და მკვიდრნი მისნი ვიდრე აღსასრულადმდე საუკუნეთასა, რაითა არა განუდგეთ სარწმუნოებასა ჭეშმარიტსა და სამწმიდაარსობისა გალობითა ვაქებდეთ ღმერთსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი:  რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.                                 დიდებაი…

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.                                    აწდა…

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.       

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                      

გუნდი: ამინ.

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ჭეშმარიტად ახოვანო მამაო ჩუენო ევდემოზ, კათოლიკოზო ქართლისაო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო  და შეუძრველო გოდოლო ეკლესიისა ჩუენისაო; მონაზონთა სამკაულო და ქადაგო საღმრთოისა მადლისაო; უსწავლელთა მასწავლელო და მომცემელო სიბრძნისაო; სიტყვიერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და დიდო მეოხო ჩუენო წინაშე მაცხოვრისა და ღმრთისმშობლისაო!

ჰოი, წმიდათა შორის საკვირველებითა დიდებულო და მღდელთმთავართა შორის წამებითა განბრწყინვებულო ევდემოზ, მოგემადლა რაი უღელი ქრისტეს ცხოვართა მწემსობისაი, იქმენ მოძღუარ და კეთილად წარმმართებელ ერისა ჩუენისა, და დასთხიე რაი სისხლი შენი ერთგულებისათვის მამულისა, და კეთილად დაცვისათვის სარწმუნოებისა, გვირგვინოსანი წარსდეგ წინაშე ქრისტეისა, და მოგანიჭა რაი მადლი ჭირვეულთა შეწევნისაი, აწ ჩუენცა მოგვიხსენე წინაშე მისსა, რაითა არა განგვირისხდეს უსჯულოებათაებრ ჩუენთა, არამედ მოგვიტევოს ბრალნი და უსჯულოებანი ჩუენნი და მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, ხოლო ქუეყანაი ჩუენი დაიფაროს მტერისა საფრხისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან და ურთიერთსიყუარული და პატივისცემაი მოჰმადლოს ყოველთა მართლმორწმუნეთა ერთა, რაითა, რომელნი ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან ხორცითა და სისხლითა თვისითა მოგვიყიდნა, კეთილდღეობითა და მშვიდობით ვსცხონდებოდეთ, და არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა. ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა შენისაითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოზ პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტეისმოყუარენი მხედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჰოი, ყოვლად ქებულო მამადმთავარო, წმიდაო მოწამეო ევდემოზ,  ზრუნვაი დიდი გიხმდა რაი სამწყსოისათვის შენისა, მარადის იცავდი ორგულთა და მტერთაგან, და ვითარცა მესაჭეი დიდად ხელოვანი, ესრეთ მართებდი ეკლესიისა ხომალდსა მღელვარესა ზღუასა შინა განსაცდელთასა, აწ ჩუენცა გვიოხე ღმრთისა მიმართ, რაითა აღმოგვყუანოს ჩუენ სიღრმეთაგან ცოდვათასა, და გვიხსნნეს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა და ზედა დასხმისაგან მტერთაისა, განმხრწნელისაგან ქარისა, და უცნაურისაგან სიკუდილისა, რაითა კეთილდღეობითა და მშვიდობით ვსცხონდებოდეთ, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი, და თაყუანისცემაი, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მღდელი: სიბრძნით ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.                    

გუნდი: დიდებაი.. აწდა… უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

გვაკურთხენ.

მღდელი: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა…                                        გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.  

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მღდელმოწამისა ევდემოზ კათოლიკოზისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვა ხატის მთხვევასა ზედა

ცხორებისა სიწმიდეი და სიმტკიცეი სარწმუნოებისაი აჩუენე, ჰოი, მამადმთავარო საკვირველო, და წამებისა სისხლითა განაშუენე რაი  ეკლესიაი ქრისტეისი, პატიოსანსა ხატსა შენსა შევრდომილნი გევედრებით მეოხებასა წინაშე მისა, რაითა ხორცთა სენისა და სულთა ცოდვისაგან განგვკურნოს, და დაგვიფაროს გარე მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა და საცთურთაგან.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა ევდემოზ კათოლიკოზისაითა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანამავალ მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

რედაქტორი ნონა ნამგალაძე

 

 

წმიდა ევდემოზი (დიასამიძე) საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მართავდა 1634 წლიდან, გამაჰმადიანებული მეფის, როსტომ-ხანის დროს (1632-38 წწ). წარმოშობით წმიდა ევდემოზი მესხეთის ერთ-ერთ წარჩინებულ – დიასამიძეთა გვარს ეკუთვნოდა. სამწუხაროდ, ეს გვარი მტრისა და თანამემამულეთა უგუნური საქციელის გამო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიფანტა. ერთი შტო ქვემო და შიდა ქართლში დამკვიდრდა, მეორე კი – აჭარაში. წმიდა პატრიარქის შესახებ ძალიან მწირი ბიოგრაფიული ცნობები გვაქვს შემონახული. ვიცით მხოლოდ, რომ მის ძმას ლევანი ერქვა, რომლის ასული ელენე დავითის, თეიმურაზ I-ის ძის, მეუღლე იყო, ერეკლე I-ის დედა და არჩილ მეფის სიდედრი. ლევან დიასამიძე აქტიურად უჭერდა მხარს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან პოლიტიკურ კავშირს.

როსტომს ქართლ-კახეთის მმართველობა შაჰ-აბასმა ჩააბარა ქართლიდან თეიმურაზის განდევნის შემდეგ. გამაჰმადიანებული მეფე თითქოს შაჰის პოლიტიკასაც ატარებდა საქართველოში და თითქოს ქართველობდა კიდეც. მან სამღვდელოებას ჯამაგირი დაუნიშნა, ტკბილად ექცეოდა, ეკლესიებსაც აშენებდა, მაგრამ სწორედ მისი მეფობის დროს „იწყო ქართლის წესმან და რიგმან გარდაცვალება. განმრავლდა სიძვა და არაწმიდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და მეძაობა და დედათა თანა აღრევა… შემოვიდა ზოგ-ზოგად ტყვის სყიდვა თავადებისაგან“, აღზევდნენ „მეძავნი და ბილწების მოქმედნი“. მეფის ფუფუნებისადა ცოდვის მოყვარეობა თანდათანობით გადაედო ერს, „თვით სამღვდელონიცა და მღვდელმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა… მოუძლურდა სჯული და განირყუნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა ეძიებდნენ სულიერსა საქმესა, არამედ ხორცთათვის ზრუნვიდნენ ყოველნივე“.

„სიმართლის მოქმედნი და წრფელნი გულითა და ცოდვის მორიდალნი“, უპატიოქმნილნი, ცუდებად და შეუძლებლებად წოდებულნი, სასოებით იტანდნენ ყოველგვარ გასაჭირს.

გაუჭირდა ერის სულიერ მამას, მას არ შეეძლო მშვიდად ეცქირა ქართველთა დაცემისათვის და მოქმედებდა კიდეც მწყემსმთავრისათვის შესაფერისი უშიშრობითა და თავდადებით: მან რამდენიმეჯერ შეჰკრიბა ქართლის წარჩინებული ვაჟკაცები სპარსელებთან საბრძოლველად. მისი გავლენით გარკვეული მთავრები არ ემორჩილებოდნენ როსტომ-ხანის პოლიტიკას და თავიანთ სამთავროებს იცავდნენ მუსლიმანური ტრადიციების ზეგავლენისაგან. კათოლიკოსი ევდემოზი წინ აღუდგა ბაგრატიონთა და სხვა დიდებული გვარის შვილთა სიყრმიდანვე ყაენის კარზე აღზრდის იმდროინდელ ჩვეულებას. ევდემოზი არც მეფის პირდაპირ მხილებას ერიდებოდა – სადაც კი შეხვდებოდა როსტომ-ხანს, ყველგან ეუბნებოდა: „მაჰმადიანების მამა ხარ და ქრისტიანთა მამინაცვალიო“. კათოლიკოს ევდემოზის სულიერი შვილი იყო როსტომ-ხანის მეუღლე, კეთილმორწმუნე დედოფალი, მანუჩარ დადიანის ასული, მარიამი. წმიდა კათოლიკოსის მოღვაწეობითა და დედოფალ მარიამის თანადგომით, ქვეყანაში ისევ ცოცხლდებოდა სარწმუნოებრივ-ეროვნული სული, შენდებოდა ეკლესიები, იწერებოდა სასულიერო ხასიათის ლიტერატურა და მაღლდებოდა პატრიოტული სულისკვეთება.

როსტომ-ხანი კარგად ხედავდა კათოლიკოსის ორიენტაციასა და ავტორიტეტს, ევდემოზი ყველგან ქადაგებდა და კონკრეტულ გეგმებსაც ადგენდა ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფის თეიმურაზის დასაბრუნებლად.

როსტომ-ხანი და მისი თანამოაზრენი პირდაპირ ვერ ბედავდნენ დაპირისპირებოდნენ უდრეკი კათოლიკოსის ავტორიტეტს, ისინი აშკარა კონფლიქტს ერიდებოდნენ და ფარულად ამჯობინებდნენ მოქმედებას. როსტომი შესაფერის მომენტს ეძებდა, რათა მართლმორწმუნე კათოლიკოსი გზიდან ჩამოეშორებინა. მართლაც, მაჰმადიანმა მეფემ სრულიად უმნიშვნელო მიზეზი გამოძებნა, რათა წმიდა ევდემოზი კათოლიკოსობიდან გადაეყენებინა, თუმცა მის დასჯას ჯერ კიდევ ვერ ბედავდა.

მართალია ევდემოზის კათოლიკოსობიდან გადაყენების ამსახველი საბუთი შემორჩენილი არაა, მაგრამ არსებული ხელნაწერების მიხედვით 1638 წლიდან კათოლიკოსად ქრისტეფორე იხსენიება. ყოველივე ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ როსტომ-ხანის მმართველობით უკმაყოფილო ქართლის არისტოკრატიამ შეთქმულება  მოაწყო, რათა მაჰმადიანი მმართველის ნაცვლად ქრისტიანი მეფე თეიმურაზ I დაესვათ ქართლ-კახეთის გაერთიანებულ ტახტზე. ამ შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და სულისჩამდგმელი ევდემოზ კათოლიკოსი იყო.

შეთქმულება გაიცა – ერთ-ერთმა მონაწილემ, სომხეთის მელიქმა როსტომ-ხანს ყველაფერი შეატყობინა. ურჯულო მეფეც საგანგებოდ მოემზადა და გორის ციხეში დახვდა აჯანყებულებს, თან მზაკვარ ხერხს მიმართა და იახლა მარიამ დედოფალი და მისი სულიერ მოძღვარი ევდემოზ კათოლიკოსი. შეთქმულთა ერთ-ერთი თავკაცი ნოდარ ციციშვილი პირველსავე წარუმატებლობისას დაფრთხა და სამცხეში გაიქცა, ხოლო ქართლის საზღვარზე გადმოსული თეიმურაზ I კვლავ კახეთში გაბრუნდა. როსტომს მხოლოდ სეხნია და ზურაბ ჩხეიძეები შეებნენ და უთანასწორო ბრძოლაში მამაცურად დაიღუპნენ. როსტომ-ხანმა ატენის ციხე დაანგრია და ცხირეთში გამაგრდა, არც ამჯერად მოუცილებია დედოფალი და კათოლიკოსი გვერდიდან.

წმიდა ევდემოზმა მაინც მოახერხა და შეუთვალა თეიმურაზს, ღალატს არ დაებრკოლებინა და დრო არ დაეკარგა, მაგრამ მისი წერილი ჯერ როსტომ-ხანს მიართვეს, წააკითხეს და შემდეგ მიუტანეს თეიმურაზს. როსტომ-ხანი გორის ციხეში დაელოდა აჯანყებულებს, შემდეგ შეთქმულთა შეპყრობა და დასჯა ბრძანა. მართლაც, ისინი შეიპყრეს და დასაჯეს, ევდემოზ კათოლიკოსი კი თბილისში წამოიყვანეს და შურის ციხის (თბილისის ციხე, ნარიყალა) საპყრობილეში ჩაკეტეს.

წმიდა ევდემოზი რამდენიმე თვე იყო საკანში. მთელი ამ ხნის მანძილზე იგი მხურვალედ ლოცულობდა და მკაცრი ასკეტური ყოფით ცხოვრობდა; თითქოს უკვე იცოდა თავისი მომავალი განაჩენის შესახებ – იგი უფრო მეტად ამხელდა მეფის ურჯულოებას და ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდებდა.

გაბოროტებულმა, ერისა და ეკლესიის მოღალატე როსტომ-ხანმა წმიდა კათოლიკოსი ციხეში მალულად მოაკვლევინა. მისი დასჯის შესახებ ვახუშტი ბატონიშილი წერს: „შეიპყრა როსტომ მეფემან კათოლიკოზ ევდემოს და პატიმარ-ჰყო ტფილისს ციხესა შინა. შემდგომად გარდამოაგდო განჯის-ციხის კოშკიდამ“. „ქართლის ცხოვრება“ კი გვიამბობს: „შეიპყრა კათოლიკოზი ევდემოზ… და წარავლინა ქალაქის ციხეშია და ტყუე-ყო და ხანსა რაოდენამე უკანა, მუნვე ციხეში მოაშთობინა“.

როგორც ეტყობა როსტომ-ხანს ირანის სამეფო კარზე დამკვიდრებული ტრადიციაული დასჯის ხერხი გამოუყენებია – მშვილდის ლარით და საბლით დაუღრჩვიათ კათოლიკოსი და შემდეგ ცხედარი კოშკიდან გადმოუგდიათ აბანოების მხარეს. ეს შემზარავი ფაქტი 1642 წელს მოხდა.

ქრისტიანობისთვის წამებული ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის გვამი ფარულად წამოიღეს ქრისტიანებმა და ანჩისხატის ტაძარში დაკრძალეს, ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. როგორც „ქართლის ცხოვრება“ გადმოგვცემს, მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ ქართლში განუკითხაობა გამეფდა: „არა იყო ზრუნვა სულიერი ერისკაცთა შორის, არამედ იყვნეს ფუფუნეულ და ხორცთმოყუარე, რამეთუ თვით სამღვდელონიცა და მღვდელმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა, გოდებისაებრ იერემიაისა, რამეთუ იყვნეს მოყუარე ღვინისა და ზმისა და შუებისა და განცხრომისა, უმღერდნენ ურთიერთას სიძვა-მრუშებასა და მეძაობასა. ამას შინა მოუძლურდა სჯული და განირყუნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა, ეძიებდნენ სულიერსა საქმესა, არამედ ხორცთათვის ზრუნვიდნენ ყოველნივე“. მაგრამ თავდადებული კათოლიკოსის თავგანწირვას ამაოდ არ ჩაუვლია, სწორედ მისმა სიკვდილმა შეუნარჩუნა ქართველ ერს ქრისტიანული მართლმადიდებელი რელიგიის ერთგულება, დამპყრობთა ვერაგული პოლიტიკით გზააბნეულ ერს აჩვენა სარწმუნოებისა და ერისთვის თავდადების მაგალითი და ყოველივე ამას შედეგად ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა და ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვება მოჰყვა.

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა კი ერისა და სარწმუნოებისათვის თავდადებული კათოლიკოს-პატრიარქი ევდემოზ I წმიდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 4 (17) ოქტომბერი დააწესა.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 38 (296), 2004 წ.