საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ – 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) – ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება.
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე – დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში. ეკლესიის მთელი ისტორია ერთიანი, სისხლით დაწერილი მარტვილოლოგიაა და მისი ყოველი გვერდი სავსეა ქვეყნიერებისათვის ნაცნობ თუ უცნობ მოწამეთა სახელებით, რომელთა შორის გამოირჩევა ღვაწლი და წამება ძლევამოსილი გიორგისა. წმინდა გიორგი დაიბადა III საუკუნის II ნახევარში კაპადოკიაში, მთიან ქვეყანაში, რომელიც ძალიან წააგავს საქართველოს. კაბადოკიაში სახლობდნენ მისი მამა, გერონტიოსი, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო. მას მაღალი თანამდებობა ეკავა რომის არმიაში და ერთ-ერთი დევნის დროს მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. ქმრის სიკვდილის შემდეგ გიორგის დედა, პოლიტრონია, პალესტინაში, თავის საგვარეულო მამულში გადასახლდა, ქალაქ ლიდის მახლობლად, სადაც იგი ღმრთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდა შვილს. დედისადმი განსაკუთრებული სიყვარული და ღრმა ერთგულება წმ. გიორგის სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. გიორგი სრულიად ახალგაზრდა განმწესდა სამხედრო სამსახურში. ქვეყნის მტრებთან ბრძოლაში იგი გამოირჩეოდა, როგორც მამაცი, გამოცდილი მეომარი და მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305 წ.წ.) ყურადღებაც მიიპყრო. იმპერატორმა იგი დაიახლოვა, შვილივით შეიყვარა და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.
თავისი მეფობის პირველ ხანებში დიოკლეტიანე ქრისტიანებს არ სდევნიდა: ნება დართო მათ, აეშენებინათ ეკლესიები და ჩაეტარებინათ ღმრთისმსახურება. ნიკომიდიაში, იმპერატორის რეზიდენციაში, ააგეს უზარმაზარი ქრისტიანული ბაზილიკა, რომელიც ოცი ათას კაცს იტევდა. ხელმწიფის ნათესავთა შორის ბევრი იყო ქრისტიანი. დიოკლეტიანე 15 წელს მყარად იჯდა რომის ტახტზე და მნიშვნელოვანი სამოქალაქო და სამხედრო რეფორმები გაატარა. მაგრამ მალე ერთ უბედურებას მეორე მოჰყვა: შიმშილი, ეპიდემიები და აჯანყებები არყევდნენ იმპერიას. ქურუმები შეაგონებდნენ იმპერატორს, რომ ღმერთების მოსამადლიერებლად და ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელი იყო იმპერიაში მყოფი ყველა ქრისტიანის განადგურება. დიოკლეტიანე, ქვეყნის უზენაესი ქურუმი, თავადაც თვლიდა, რომ რომის დიდება განუყრელად იყო დაკავშირებული წარმართულ რელიგიასთან. რომის კეისრებს განსაკუთრებით სძულდათ ქრისტიანები, რადგანაც ისინი მათ, როგორც მიწიერ ღმერთებს, მსხვერპლს არ სწირავდნენ. იმპერატორს ჰყავდა ერთგული მეგობარი მაგნეტიოსი, რომელიც განსაკუთრებულად ემტერებოდა ქრისტეს მიმდევრებს. მეფემ და მაგნეტიოსმა განიზრახეს ქრისტიანების სრული განადგურება და სენატის საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება დევნის დაწყების შესახებ. დარბაზში, თათბირზე გამოვიდა იმპერატორი, რომელმაც თავისი სიტყვა ასე დაასრულა: „ქრისტიანები არ უნდა არსებობდნენ“. იმ ღამესვე დაწვეს ხალხით სავსე დედაქალაქის ეკლესია, ხოლო დიოკლეტიანემ წერილები მისწერა იმპერიის ყველა პროვინციის მმართველს, ერისმთავარსა და მხედართმთავარს, რომ თავიანთ საბრძანებელში თუ არ მოსპობდნენ ყველა ქრისტიანს ცეცხლითა და მახვილით, მათაც ისევე დასჯიდნენ, როგორც ქრისტიანებს. როგორც კი ამ წერილებმა თავის დანიშნულების ადგილებამდე ჩააღწია, დაიწყო ქრისტიანთა სამწყსოების მასობრივი და სასტიკი დევნა. მრავალმა ქრისტიანმა ვერ გაუძლო ტანჯვა-წამებას და უარყო ქრისტე.
და აი მაშინ, როგორც ბრწყინვალე ვარსკვლავი უკუნეთ ღამეში, გამობრწყინდა ქრისტეს მხნე მხედარი, დიდმოწამე გიორგი, რომელმაც ზეციური საღმრთო სიბრძნით განაქარვა კერპთმსახურების საცთური და თავისი წამების ღვაწლით განანათლა ქრისტიანები. იგი არ შეაძრწუნა არც უსჯულო მეფის სისასტიკემ და არც ქრისტიანებისათვის განმზადებულმა მრავალგვარმა სატანჯველმა, არამედ ყოველგვარი დიდება და პატივი უარყო და უხრწნელი ცხოვრებისათვის განემზადა. მან თავისი ქონება და სიმდიდრე გლახაკებსა და დავრდომილებს განუყო და მათი ლოცვით განძლიერებული, მეფისა და მისი უგუნური თანამზრახველების წინაშე წარსდგა, აღიარა ქრისტე და ამგვარად მიმართა მათ, მეფეო, მე ქრისტიანი ვარ და მინდობილ ვარ ჭეშმარიტ ღმერთსა და ზეციურ მეუფეს, ქრისტეს. და აი, ვდგავარ მე თქვენ წინაშე და მიკვირს თქვენი შეცთომილება, რადგან არ იცით ჭეშმარიტი ღმერთი და დამბადებელი ყოველივესი. ამიტომ გთხოვთ, ნუ სცთებით ეშმაკის საცთურებით, რადგანაც თქვენი ღმერთი, რომელსაც ცა და ქვეყანა არ გაუჩენია, უნდა მოისპოს და გაქრეს. ხოლო – ჩვენ ქრისტიანები – თაყვანს ვსცემთ და გვწამს ერთი ღმერთი, შემოქმედი მამა და ერთი უფალი იესო ქრისტე, მისი მხოლოდშობილი ძე და სული წმინდა, ერთი სამება ღმრთეებით სრული და მეუფებით ერთი. ჩვენ ამქვეყანაზე ვცოცხლობთ მისი პატიოსანი სამსახურით და სიკვდილის შემდეგაც მოველით საუკუნო ცხოვრებას, ხოლო თქვენი კერპთმსახურება სასაცილოა და სიმართლესაც არ შეიცავს, რადგანაც დაგეუფლათ თქვენ ეშმაკი, რათა ყველა, ვისაც იგი გწამთ, წარსაწყმედელში ჩაგყაროთო. როდესაც მოისმინა ღმერთის სადიდებელი ჭეშმარიტი დამოწმება, განრისხებულმა მაგნეტიოსმა ჰკითხა: „ვინ ხარ შენ, ან რას წარმოადგენ, რომ ამდენი გაბედე ჩვენს წინაშე?“ წმინდა გიორგიმ მიუგო: „ჩემი პირველი და პატიოსანი სახელი არის ქრისტიანი, ხოლო კაცთა შორის მეწოდება გიორგი“. მაშინ ჯოჯოხეთის ურჩხულმა დიოკლეტიანემ მიმართა მას: „გიორგი, ვიცით ჩვენ შენი სიბრძნე და მამაცობა და პატივცემულიცა ხარ ჩვენგან, მაგრამ თუ არ შესწირავ მსხვერპლს აპოლონსა და სხვა ღმერთებს, უკეთურად და უპატიოდ მოკვდები, ხოლო თუ დაგვემორჩილები, ჩვენი მეგობრობით განიხარებ და მრავალ სიმდიდრესა და სიკეთეს მიემთხვევი, რადგან აწინდელი ამაო კადნიერება არ არის სასურველი შენთვის“. წმ. გიორგიმ მიუგო: „მეფეო, ისმინე ჩემი და ჭეშმარიტი ღმერთი შეიცანი, რათა ღირსი შეიქმნე ცათა სასუფეველისა, ხოლო შენი მიწიერი ხელმწიფება დროებითია. შენი ტკბილი საუბარი ვერ შეარყევს ჩემში ჭეშმარიტი ღმერთის რწმენას, რადგან ჩემთვის ქრისტე ზეციური მეუფეა და ის მომანიჭებს დიდებასა და გამარჯვებას ეშმაკსა და მის მსახურებზე“. მაშინ განრისხებულმა მეფემ ბრძანა მისი ძელზე ჩამოკიდება და ლახვრით დაკოდვა, სანამ მისი ნაწლავები მიწაზე არ დაცვივდებოდა, მაგრამ, როგორც კი მახვილი აძგერეს, ის ასხლეტილი ტყვიასავით იმწამსვე უკუიქცა, ხოლო სანუკვარ სხეულს მხოლოდ სისხლის ცვარი გადმოედინა, წმინდა გიორგიმ კი მადლობა შესწირა ღმერთს. განრისხებულმა დიოკლეტიანემ ბრძანა მისი საპყრობილეში წაყვანა, ხუნდებით დაბორკვა და მკერდზე ლოდის დადება. როდესაც ოთხმა კაცმა გაჭირვებით აიღო უზარმაზარი ლოდი და გულზე დაადო. სრულიად უვნებელმა გიორგიმ კვლავ სამადლობელი ლოცვა აღუვლინა უფალს.
მეორე დღეს ეშმაკმა დიოკლეტიანესა და მის მომხრეებს მეტი მზაკვრობა ჩაუნერგა გულში. მათ შიშველი გიორგი დააკრეს მბრუნავ ურმის თვალზე, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილები იყო აღმართული, ხოლო როდესაც ძლიერად დაატრიალეს ბორბალი, წმინდანის სხეული ნაკვეთ-ნაკვეთ დაიჭრა, მაგრამ ლოცვითა და ღმრთის სასოებით განმტკიცებული მოწამე მხნედ დაითმენდა საშინელ ტანჯვა-წამებას: პირველად ხმამაღლა მადლობდა უფალს, ხოლო შემდეგ, როგორც მძინარე, დადუმდა და გულში ლოცულობდა. დიოკლეტიანემ და მისმა მეგობრებმა იფიქრეს, მოკვდაო და ხმა აღიმაღლეს: „იხილეთ ყველამ, რამეთუ არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა აპოლონისა და პოსეიდონისა, ზევსისა და ჩვენი სხვა ღმერთებისა, სად არის გიორგის ღმერთი, რატომ არ მოვიდა და დაიხსნა იგი ჩვენი ხელიდან?“ მეფის ბრძანებით მოწამე დაჭრილი და დაკუწული სხეულით დატოვეს ურმის თვალზე და თვითონ სასამხროდ წავიდნენ. იქნებოდა დილის 10 საათი, როდესაც ზეციდან მოისმა საშინელი ოხვრის ხმა, რომელიც ეტყოდა მას: „განმხნევდი, გიორგი, და განძლიერდი, რამეთუ მრავალი მიწამებს შენს გამო“, და როგორც კი მცველებს ეს ხმა მოესმა, შეშინებულები გაიქცნენ. უეცრად გამოჩნდა უფლის ანგელოზი, გიორგი ჩამოიყვანა სატანჯველი ბორბლიდან, სრულიად განკურნა, ეამბორა და უთხრა: „გიხაროდეს გიორგი, განძლიერდი და გწამდეს იესო ქრისტესი, რომელიც მოგანიჭებს მოწამეობის სრულ გვირგვინს“, ხოლო, როდესაც სიტყვა დაასრულა, წმინდა გიორგიმ მადლობა შესწირა უფალს: „აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო და მეუფეო ჩემო და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე“. და კვლავ „სლვანი ჩემნი წარმიმართენ მე სიტყვითა შენითა და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უშჯულოებაი“. ამის შემდეგ ქრისტეს მოწამე მივიდა ბომონში, სადაც მეფე თავისი თანამზრახველებითურთ მსხვერპლსა სწირავდა აპოლონის კერპს და უთხრა მათ: „მიცანით მე და ირწმუნეთ ღმერთი, რომელსაც მე გიქადაგებთ და რომელმაც გამომიხსნა თქვენი ხელიდან და იმ სატანჯველთაგან, რომელიც თქვენ განამზადეთ ჩემს მოსაკლავად და აი თქვენ კი დიდად სცოდავთ, როცა მსხვერპლსა სწირავთ ცრუ ღმერთებს“. გაოცებულმა მეფემ ვერ შეიცნო წმინდანი, რადგან მისი მსგავსი ვინმე ეგონა და სთხოვა, ეთქვა, თუ ვინ იყო. წმინდა გიორგიმ მიუგო: „მე ვარ გიორგი, მონა ქრისტესი, ხოლო თქვენ, რადგანაც მკვდარი გეგონეთ, ნაწილ-ნაწილ დაჭრილი, ბორბალზე მიმატოვეთ. და აი, მე მოვედი, რათა გიჩვენოთ, რომ ჩემს ღმერთს, რომელსაც თქვენ აყვედრეთ, შეუძლია სიკვდილისაგან დახსნა“. ამგვარი დიდი სასწაულის ხილვისა და ჭეშმარიტ სიტყვათა მოსმენის შემდეგ მეფის მხედართმთავრებმა ანატოლიმ და პროტოლეონმა თავიანთი სახლეულობითურთ ირწმუნეს ღმერთი და აღიარეს: „მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთია ჭეშმარიტი“. როგორც კი ესმა ეს დაწყევლილ მეფეს, ბრძანა მათთვის თავის მოკვეთა, ხოლო ისინი ლოცულობდნენ: „უფალო, ღმერთო ჩვენო იესო ქრისტე, შეივედრე ჩვენი სულები მშვიდობით და გვამყოფე შენი მეუფების ნათელში, ხოლო ჩვენი მცირედი აღსარება ჩაგვითვალე შენდამი ჭეშმარიტ სარწმუნოებად და ცოდვების გამოსასყიდად“ და ასეც აღესრულნენ ღმრთის დიდებასა და გალობაში.
როდესაც დედოფალ ალექსანდრას წმინდა გიორგის დიდი და საკვირველი საქმენი ესმა, ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, წარსდგა მეფესთან და კადნიერად განუცხადა: „მე ქრისტიანი ვარ და გიორგის ღმერთის მხევალი“. ჰკითხა მას მეფის მეგობარმა მაგნეტიოსმა: „გვითხარი ჩვენ დედოფალო, რისთვის იწამე შენ ქრისტე და უარყავი ღმერთები?“ მაშინ ჭეშმარიტი ღმრთის სარწმუნოებით განმტკიცებულმა დედოფალმა მიუგო მათ: „რადგან ვისურვე წარმატება და დავგმე სულიერი ნაკლულევანება“. მეფე განრისხდა და ბრძანა, რათა წმინდა გიორგი ახლად დამბალ, მხურვალე კირის ორმოში ჩაეგდოთ და მცველები დაეყენებინათ. სამი დღის შემდეგ კი უბრძანა მხედრებს, ამოეკრიფათ მკვდრის ძვლები და მიწაში დაემარხათ. მას ეშინოდა, რომ ქრისტიანებს პატივი არ ეცათ მისი სხეულისთვის, რადგან იცოდა მათი ჩვეულება მოწამეთა განდიდებისა. გაოცებულმა მხედრებმა გიორგი სრულიად უვნებელი იხილეს და იწამეს იესო ქრისტე. ერის დიდმა სიმრავლემ და ასევე იქ მისულმა დედოფალმა ალექსანდრამაც აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ერთხმად ღაღადებდნენ: „დიდია ქრისტიანთა ღმერთი, რომელიც დაიხსნის თავის მონებს გასაჭირისაგან“. ხოლო მეფემ წინ დაისვა წმინდა გიორგი, შემოიკრიბა ირგვლივ თავისი ოჯახის წევრები და ჰკითხა წმინდანს: „გვითხარი გიორგი, ვინ გაგაცოცხლა შენ?“ წმინდა გიორგიმ მიუგო: „მეფეო, კიდეც რომ გითხრათ, არ დამიჯერებთ, მაგრამ მე არ დავფარავ, რომ იესო ქრისტემ, ღმერთის ძემ, დამიცვა მე ყოველგვარი სატანჯველისაგან და იგია ეშმაკის მახისაგან ყველას დამხსნელი, ვინც კი ვედრებით მოუხმობს მის წმინდა სახელს“. მაგრამ გამძვინვარებულმა მეფემ, ჭეშმარიტების სანაცვლოდ, უსამართლობა და ბოროტება მიაგო მოწამეს. მან გახურებული ლურსმნებით შეჭედილი რკინის სანდლები ჩააცვა გიორგის და უბრძანა ერბინა, მაგრამ, რადგან სიარული ვერ შეიძლო, ძალით ათრევინა. ის კი საკუთარ თავს მხნედ შეუძახებდა: „ისწრაფე, გიორგი, ისწრაფე იმ ხვედრისაკენ, რომელიც შენთვის არის განმზადებული“. და სთხოვდა უფალს: „უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, იესო ქრისტე, შენ ხარ მწუხარეთა ნუგეშინისმცემელი და შენ აძლევ მოთმინების უნარს ყველას, ვინც შენი სახელისათვის იგვემება. ნუ გამწირავ, არამედ მომმადლე სიკვდილამდე მოთმინება, რათა არა სთქვას მტერმა: „სადა არს ღმერთი იგი მისი“. როდესაც ლოცვა დაასრულა, ხმა მოესმა ზეციდან: „ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთანა ვარ“. და მყის გამოუჩნდა შეწევნა უფლისაგან და სრულიად განიკურნა. უგუნურმა მეფემ კვლავ ბრძანა მისი საპყრობილეში ჩასმა, ხოლო მეორე დღეს სამსჯავროზე მოიხმო და უთხრა: „როდემდე გაუძლებ გრძნეულებით ამ სატანჯველებს და შეინარჩუნებ მხნეობას? დამემორჩილე და შესწირე მსხვერპლი ღმერთებს“. მაგრამ წმინდა გიორგიმ ასე მიუგო: „მე ჩემი ღმერთის შეწევნით მოვითმენ ყოველგვარ სატანჯველს, და აი თქვენს წინაშე ვდგავარ ცოცხალი და უვნებელი, ხოლო თქვენ მოწამე ხართ ჩემი ღმერთის ძალისა“. მეფე განრისხდა და ბრძანა, რათა შეუბრალებლად ეცემათ საქონლის ძარღვებისაგან დამზადებული მათრახით, ხოლო როდესაც უმოწყალოდ გვემეს, კვლავ შესთავაზეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა, მაგრამ გიორგიმ მიუგო: „მე ცოცხალ ღმერთს ყოველდღე ვწირავ ქება-დიდების მსხვერპლს და ნეტავი თქვენც დამიჯერებდეთ და ჩემთან ერთად თაყვანს სცემდეთ ჭეშმარიტ ღმერთს“. მაგნეტიოსმა უთხრა: „თუ გინდა, რომ შენი ღმერთი ვიწამოთ, გვიჩვენე სასწაული და გააცოცხლე ერთი მკვდართაგანი, რომლებიც ჩვენ წინ სამარხებში არიან“. წმინდა გიორგიმ უპასუხა: „ღმერთს, რომელმაც არა არსისაგან შექმნა ცა და ქვეყანა, შეუძლია ამ მკვდრის გაცოცხლებაც, მაგრამ თქვენ ცთუნებული ხართ ეშმაკისაგან და კიდეც რომ აღდგეს მკვდარი, თქვენ მაინც არ იწამებთ, ამიტომაც, მხოლოდ აქ მყოფი ერისათვის შევთხოვ კაცთმოყვარე უფალს, რომ მომმადლოს ეს სასწაული“. წმინდა გიორგიმ მუხლი მოიდრიკა, ილოცა, ხელები აღაპყრო ზეცისკენ და უფალს შეევედრა მკვდრის აღდგინება. ხოლო, როდესაც ლოცვა დაასრულა, ქვეყანა შეიძრა, საფლავის კარი გაიღო და გამოვიდა გაცოცხლებული მკვდარი. იგი მივიდა წმინდა გიორგისთან, დავარდა მის ფეხებთან და შეევედრა მას: „შემიწყალე მე, მონაო ღმრთისა მაღლისაო და მომანიჭე მე ნათელი ცხოვრებისა, ბეჭედი ქრისტესი“. წმინდანმა უთხრა მას: „უკეთუ გწამს ქრისტე, რომელიც აღადგენს მიცვალებულებს, შენც ცხონდები“. ხოლო მან უპასუხა: „მე მწამს ჭეშმარიტი ღმერთი და მისი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, რომელმაც მკვდრეთით აღმადგინა“.
მეფეს გაუკვირდა, ბოროტი სარწმუნოებით აღივსო და ჰკითხა, თუ ვინ იყო იგი სიკვდილამდე და როდის მოკვდა. მან უპასუხა: „მე ვიყავი კერპთა მღვდელი და ქრისტეს გამოცხადებაზე ადრე მოვკვდი, ხოლო სიკვდილის შემდეგ კი სხვა კერპთმსახურებთან ერთად უშრეტ ცეცხლში ვიტანჯებოდი“. მაშინ მეფემ წარმოსთქვა: გიორგი გრძნეულია და რაღაც სული ამოგვიყვანა, რომ გვაცდუნოსო. ქრისტეს მოწამემ მიუგო: „როდემდე უარყოფ, მეფეო, და არ ირწმუნებ ჭეშმარიტ ღმერთს, იცოდე რომ ეშმაკს არ შეუძლია ქრისტეს სახელის მოსმენა და როგორ გააკეთებს იმას, რაც შენ იხილე და გესმა“? განმძვინვარებულმა მეფემ ბრძანა მისი საპყრობილეში ჩაგდება, მაგრამ ახლადმოქცეული ქრისტიანები ქრთამს აძლევდნენ საპყრობილის მცველს და ღამ-ღამობით მასთან შედიოდნენ, ხოლო მოწამე მათ სარწმუნოებას ასწავლიდა, სნეულებს კურნავდა, ბრმებს თვალს უხელდა და მრავალ სასწაულს ახდენდა.
იყო ერთი მიწის მუშა, სახელად ღლუკერი, რომელსაც მოუკვდა მარჩენალი ხარი. იგი მივიდა საპყრობილეში, დაემხო წმინდა გიორგის წინ და სთხოვა ხარის აღდგინება.
მოწამემ უთხრა: „თუ გწამს ჩემი ღმერთი, შენი ხარი გაცოცხლდება“, საწყალმა კაცმა უპასუხა, რომ სწამდა. მაშინ გიორგიმ უთხრა: „წადი და იხილე, შენი ხარი ცოცხალია“. კაცი სახლში დაბრუნდა და თავისი ხარი გაცოცხლებული დახვდა. ღლუკერი არ მიემსგავსა ცხრა უმადლო კეთროვანს, არამედ მიემსგავსა მეათე სამარიტელს, მკურნალთან დაბრუნდა მადლობის სათქმელად და ხმამაღლა აღიარებდა ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად. როგორც კი მეფის ახლობლებმა ეს გაიგეს, შეიპყრეს იგი და მეფეს მიჰგვარეს. მან კი არც გამოიძია, არამედ ბრძანა ნაჭერ-ნაჭერ დაეკუწათ, ხოლო, როდესაც ჭრიდნენ, იგი ხმამაღლა ლოცულობდა: „ღმერთო ჭეშმარიტო, ნუ უარმყოფ მე შეურაცხს, რადგან მწამხარ შენ – მამა, ძე და სული წმინდა, მაგრამ მეშინია, რადგანაც არ მოვნათლულვარ და გევედრები შენ, ქრისტე, ეს სისხლის დათხევა შემირაცხე ნათლისღებად“. უეცრად ზეციდან ხმა მოესმა: მოდი ჩემთან სიხარულით, რადგანაც სრული ხარ და დასრულდა შენი წამება. და დაიმკვიდრა ნეტარმა სასუფეველი. მეფის ყურამდეც მიაღწია, რომ ბევრი მიდიოდა საპყრობილეში გიორგისთან და ბრძანა სასწრაფოდ მისი მოყვანა. მაშინ მაგნეტიოსმა მეფეს ურჩია, რომ არ განრისხებულიყო, არამედ სიმშვიდითა და დაპირებებით ეცთუნებინა გიორგი, რომელიც საპყრობილიდან მომავალი, ფსალმუნებს გალობდა და უფალს შეწევნასა სთხოვდა. როდესაც გიორგი მეფის წინაშე წარსდგა, დიოკლეტიანემ ვედრება დაუწყო, რომ კერპებისათვის მსხვერპლი შეეწირა და ჯილდოდ დიდძალ სიმდიდრესა და პატივს აღუთქვამდა. ხოლო მიყენებული ტანჯვისათვის პატიებას ითხოვდა. წმინდა გიორგიმ მიუგო მას: „რადგან ჩემს წინაშე შეინანე და შენთვის სიხარულის მომნიჭებელია, რომ კერპებს შევწირო მსხვერპლი, მოდი და წავიდეთ შენი ღმერთების სამყოფელში“. მეფემ გაიხარა და თავის სახლობასა და მთელ თავის მხედრობას უბრძანა, წასულიყვნენ ტაძარში და ყველასათვის ეხარებინათ, რომ აპოლონმა სძლია ქრისტიანთა ღმერთს. როგორც კი ნეტარი ტაძარში შებრძანდა, სამარისებური სიჩუმე გამეფდა, ხოლო ქრისტეს მოწამე წარსდგა აპოლონის კერპის წინაშე და მიმართა მას: „შენ ხარ ღმერთი და გშვენის რომ კაცნი გემსახურებოდნენ?“ ეშმაკმა, რომელიც კერპში იყო ჩაბუდებული, ხმა ამოიღო და თქვა: „არც მე ვარ ღმერთი და არც ესენი, რომლებიც ჩემთან არიან, არამედ, მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთი და მისი მხოლოდშობილი ძე იესო ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც დაბადა ცა და ქვეყანა, ხოლო ჩვენ, მისი ანგელოზები ვიყავით და როცა უარვყავით, ეშმაკნი გვეწოდა და მას შემდეგ ვაცდუნებთ კაცთა მოდგმას“. წმინდა გიორგიმ უთხრა მათ: „თუ ღმერთები არა ხართ, როგორ გაბედეთ აქ მოსვლა, როცა მე, ქრისტეს – ჭეშმარიტი ღმერთის – მონა აქ ვიმყოფები“ და ამ სიტყვასთან ერთად გადასახა ჯვარი. უეცრად შეიქმნა დიდი შფოთი, გოდება, და გლოვა ეშმაკთა, და ყველა კერპი, რომელიც ტაძარში იმყოფებოდა, ერთბაშად გადმოვარდა და დაიმსხვრა. როგორც კი საკერპოს ბილწმა ქურუმებმა ეს დაინახეს, შეიპყრეს წმინდა გიორგი და უთხრეს მეფეს: „მოჰკალი ეს გრძნეული, მეფეო, რადგან თავისი მისნობით ხალხი მოატყუა და ღმერთებიც შეჰმუსრა“. განრისხებულმა მეფემ უთხრა მას: „ბოროტო და ყოველგვარი გრძნეულებით აღსავსევ, შენ არ შემპირდი, რომ ღმერთებს შესწირავდი მსხვერპლს?“ წმინდა გიორგიმ მიუგო: „შე ბრმავ და უკეთურო, ვერა ნახე, როგორც კი ჩემი ღმერთის, იესო ქრისტეს მიმართ ლოცვა დავასრულე, მაშინვე დაემხო ყველა თქვენი ცრუ ღმერთი, რადგან უსულო კერპები არიან და უგულისხმოებს აცდუნებენ, ხოლო ქრისტეს მონები ჭეშმარიტი ღმერთის სახელით შემუსრავენ მათ“.
როდესაც დედოფალმა ალექსანდრამ კერპების შემუსრვა შეიტყო, მსწრაფლ მივიდა მეფესთან და შესძახა: „უძლეველი მხედრის გიორგის ღმერთო, ნუ გამიხსენებ უმეცრებით ჩადენილ ცოდვებს, უფალო, ღმერთო, გაიხსენე ჩემი უკანასკნელი მოქცევა შენდამი და ადგილი მიმიჩინე ქრისტიანებთან და შენს ერთგულ მონა გიორგისთან“. გამძვინვარებულმა მეფემ უკანასკნელად მიმართა წმინდა გიორგის: „უკეთურო გიორგი, შენ შეაცდინე დედოფალი და მიზეზი გახდი მისი დაღუპვისა, ამიტომ ვბრძანებ, რომ მახვილით თავი წარგეკვეთოთ შენც, გალილეველთა მღვდელსა და დედოფალსაც“. მხედრებმა მაშინვე წაიყვანეს ისინი ქალაქგარეთ. სიხარულით აღვსილი დედოფალი გულში გამუდმებით ლოცულობდა, ხოლო თვალები ზეცისაკენ ჰქონდა აღპყრობილი. მან გზად ჩამოისვენა და მშვიდობით მიაბარა სული უფალს, ხოლო წმინდა გიორგიმ, როგორც კი ადგილზე მიიყვანეს, სთხოვა მათ, რომ ლოცვის დრო მიეცათ. მიაპყრო თვალები ზეცას, აღაპყრო ხელები, ამოიოხრა და თქვა: „უფალო, ღმერთო ჩემო, რომელიც არსებობ საუკუნეებზე უწინარეს, რომლისკენაც მოვილტვოდი ჩემი სიყრმიდან, რომელი ხარ ქრისტიანთა სასოება, და რომლის არსებობასაც არა აქვს დასასრული, ისმინე ჩემი და როგორც მომეცი მოთმინება და სრული მოწამეობა, ასევე შეიწყნარე ჩემი სული და განარიდე ეშმაკთა სულებისაგან და დაადგინე შენს სათნომყოფელებთან ერთად. აპატიე ამ წარმართებს ის ბოროტება, რაც უყვეს შენს მონებს და გაუნათლე მათ გულები ჭეშმარიტების შესამეცნებელად. უფალო, მოუვლინე შეწევნა ყველას, ვინც კი უხმობს შენს სახელს და დაამკვიდრე მათ შორის შენი შიში, სიყვარული და შენი წმინდანების სურვილი, რათა აღასრულებდნენ მათ დღესასწაულებსა და ბაძავდნენ მათ სარწმუნოებას, რომ მათთან ერთად ღირსნი გახდნენ ზეციურ სასუფეველში დამკვიდრებისა. მოხედე, უფალო, ჩემს სიმდაბლეს და მიეცი მადლი ჩემი სხეულის ნაწილებს, რომ ყოველმა კაცმა, რომელიც სარწმუნოებით შეხედავს ან შეეხება, მიიღოს მადლი, კურთხევა და ცოდვათა შენდობა. ხოლო თუ ვინმე გასაჭირში იყოს და გამიხსენოს მე, იხსენი ყოველგვარი განსაცდელისაგან. უფალო ღმერთო, ვინც მოიხსენოს ჩემი წამების ღვაწლი, მიეცი მადლი, მიუტევე მათ ყოველგვარი შეცოდებანი და განკურნენ მათი სნეულებანი, რადგან მხოლოდ შენ იცი, მათი მაცთური მტრის სივერაგე, რომელიც ფეხქვეშ შემუსრე და რომლებიც წაიკითხავენ ან მოისმენენ ჩემს წამებას, განწმიდე ბიწიერებისაგან“. და როგორც კი ლოცვა დაასრულა, უფალი გამოეცხადა და უთხრა: „მოდი ჩემო სარწმუნო მონაო და შედი მამაჩემის ზეციურ სამკვიდრებელში. ხოლო რაც მთხოვე, აღგისრულებ და ვინც შენს სახელს მოიხსენებს, ვიხსნი ყოველგვარი განსაცდელისაგან“. და როდესაც სიტყვა დაასრულა, ამაღლდა ზეცად. მაშინ წმინდა გიორგიმ მოიდრიკა მუხლი და მიუშვირა ქედი. ჯალათმა დაჰკრა მახვილი და დასრულდა დიდმოწამის წამება 303 წელს, 23 აპრილს, პარასკევ დღეს, დილის 7 საათზე.
ანდერძის თანახმად წმინდა გიორგის ცხედარი დაკრძალეს პალესტინაში, ქალაქ რამალაში და იგი შეიქმნა კურნებებისა და სასწაულების წყაროდ. კონსტანტინე დიდის მეფობის დროს, იერუსალიმის მახლობლად, ქალაქ ლიდში (დიოსპოლისი) წმინდა გიორგის სახელზე ააშენეს დიდი ტაძარი და მისი წმინდა ნაწილები საზეიმოდ იქ გადაასვენეს.
წმინდა გიორგის სასწაულების რიცხვი აურაცხელია, ყოველი ქვეყანა და ყოველი ეკლესია აღსავსეა მისი საკვირველებითა და წყალობით. წმინდა გიორგის მიერ უღმრთოთა შემუსვრაზე მოგვითხრობს შემდეგი სასწაული: პალესტინაში, წმინდა გიორგის დედულეთის დაბას, სადაც დასვენებულია წმინდანის ყოვლადწმიდა ნაწილები, სარკინოზთა ჯარი შემოესია საბრძოლველად. როცა იქ მყოფნი დაატყვევეს, კარვები გაშალეს და იწყეს ლხინი და განცხრომა. უგუნურებმა ტაძრის საკურთხეველში, სადაც ძლევაშემოსილი და წამების ღვაწლით შემკული მოწამის წმიდა ნაწილები იყო დასვენებული, ხელი მიყვეს ღორმუცელობას, ლოთობას, ძილს, თამაშსა და ხუმრობას. შემდეგ მოზიდეს ისრები და სროლა დაუწყეს იქ დაბრძანებულ დიდებულ ხატებს. ერთმა ტყვეთაგანმა გაუბედა მათ და უთხრა: „არ შეიძლება ასეთი მკრეხელობა წმინდანთა მიმართ, რადგან მოწამე, ვისი სახელითაც პატივცემულია ეს ტაძარი, იყო უძლეველი მეომარი და დღემდე ამხილებს თავის მოწინააღმდეგეებს და ულმობლად მუსრავს მათ“. უსჯულო მხედრებმა უწესოდ გაიცინეს და თქვეს: „გაგვაგებინეთ ვინ არის ასეთი?“ ხოლო იგი უჩვენებდა წმინდა გიორგის ხატს. ბრწყინვალედ გამოსახულსა და მეომრის ჯაჭვის პერანგით შემოსილ დიდმოწამეს წელზე ოქროს ქამარი ერტყა, ხოლო ხელში საბრძოლო შუბი ეჭირა და თავზარდამცემი სანახავი იყო თავისი დიდებულებით. ერთმა მათგანმა მოზიდა ისარი და წმიდანის ხატს სტყორცნა, მაგრამ ისარი უეცრად უკუიქცა, მტყორცნელს გული განუგმირა და ბეჭებამდე გაერჭო. უბადრუკმა იმწამსვე სული დალია, ხოლო დანარჩენმა მხედრებმა დაინახეს წმინდა გიორგის ხატი, რომელსაც ხელი გაეშალა და ხოცავდა მათ. თავზარდაცემული მეომრები გაიქცნენ, ხოლო ვინც გადაურჩა მახვილით მოსვრას, მიუთხრობდნენ წმინდა გიორგის უძლეველ ძალაზე.
ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ქვეყანაზე ბრწყინავდა წმინდა გიორგი და ეს იყო მის წამებამდე, ქალაქ ლასიაში მეფობდა უკეთური, უსჯულო და კერპთმსახური სელინოსი, რომელიც ქრისტიანების მიმართ შეუბრალებელი და ულმობელი იყო. ამიტომაც, თავისი ბოროტი საქმეების შესაფერად მიეგო კიდეც უფლისაგან. ქალაქის მახლობლად იყო ტბა, რომელშიც გამოჩნდა ბოროტი ვეშაპი, იგი ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან და მუსრს ავლებდა მოსახლეობას. მრავალჯერ სცადეს მისი მოკვლა, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ძალიან მძვინვარე იყო. ქალაქის მცხოვრებლებმა დაადანაშაულეს მეფე, რომ იგი არ ეძიებდა ხსნის გზას თავისი ხალხის გადასარჩენად. ამგვარი მხილებით დამფრთხალმა მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგ-რიგობით მიეცათ მხეცისთვის შესაწირად და როდესაც ჯერი მასზე მიდგებოდა, ისიც შესწირავდა თავის ერთადერთ ასულს. მართლაც, მეფის განკარგულების თანახმად, ყოველი კაცი იძულებული გახდა გაემეტებინა თავისი შვილი, ვიდრე მეფის ასულის რიგიც არ დადგა. დარდისაგან შეწუხებულმა მამამ ძვირფასი სამოსით მორთო სასიკვდილოდ განწირული თავისი ერთადერთი ასული და მოთქმითა და გოდებით უკანასკნელი თხოვნით მიმართა თავის ქვეშევრდომებს, რომ არც ოქრო-ვერცხლს დაინანებდა, არც საკუთარ მეფობას, ოღონდ მისი ქალიშვილისთვის აეცილებინათ ეს მძიმე ხვედრი, მაგრამ არავინ უთანაგრძნო, რადგან თვით მის მიერ იყო ეს წესი დადგენილი. სელინოსმა, როცა იხილა მათი სიჯიუტე, მისცა მათ თავისი ასული. ხოლო კაცთმოყვარე და მრავალმოწყალე ღმრთის განგებულებით, სწორედ იმ დროს, როდესაც სამსხვერპლოდ გამზადებული ქალი ელოდა ტბიდან ვეშაპის გამოსვლას, უფალმა ინება, რომ იქ გაევლო კაბადუკიისკენ მიმავალ წმინდა გიორგის. მან ტბიდან წყალი შეასვა ცხენს და როდესაც იხილა თვალცრემლიანი ქალიშვილი, ტირილის მიზეზი ჰკითხა. ქალმა სთხოვა უცნობ ჭაბუკს, სწრაფად გასცლოდა ამ საშიშ ადგილს, მაგრამ წმინდა გიორგიმ მტკიცედ განუცხადა, რომ იგი მაინც არ მიატოვებდა, თუნდაც მასთან ერთად მომკვდარიყო, მაშინ ქალმა მოუთხრო თავისი გასაჭირის შესახებ. წმინდა გიორგიმ ჰკითხა ქალს, თუ რომელ ღმერთს მსახურებდნენ მამამისი და მისი ქვეშავრდომები. „აპოლონს, ჰერაკლეს, სკამანდროს და დიდ ღმერთს არტემიდას“ – უპასუხა ქალმა. როდესაც წმინდანმა გაარკვია მათი აღმსარებლობის წარმართული ბუნება, დაამშვიდა ქალი, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით იხსნიდა მას ბოროტი მხეცისაგან. მან მაცხოვრის მიმართ აღავლინა ლოცვა, რათა მხეცის დამარცხების ძალა მიენიჭებინა მისთვის და მიიღო კიდეც პასუხად უფლისაგან „შესმენილ იქნა შენი ვედრებაი, გიორგი, ჰყავ რაიცა გნებავს, მე შენთანა ვარ“. უეცრად შეიძრა ლერწმოვანი. შიშით შეძრული ქალი მაინც ჭაბუკის გადარჩენას ცდილობდა და სთხოვდა იქიდან წასვლას, მაგრამ წმინდა გიორგი ვეშაპის მოსაკლავად გაეშურა, გამოსახა მასზე ჯვარი და თქვა: „უფალო, ღმერთო, გადააქციე ეს მხეცი ჩემს მორჩილად“ და როგორც კი ეს წარმოსთქვა, სულიწმიდის შეწევნითა და მისი ლოცვით ბოროტი ვეშაპი წმინდანის ფეხებთან დაეცა. წმინდა გიორგიმ ქალს უბრძანა, შემოეხსნა თავისი სარტყელი, ყელზე მოება მხეცისთვის და ისე წაეყვანა ქალაქში. ამ სანახაობით დამფრთხალი ქალაქის მცხოვრებნი წმინდანმა დაამშვიდა და უთხრა: „იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ყოვლად ძლიერი ჭეშმარიტი ღმერთი, და მე მოვკლავ ამ ვეშაპს“. მაშინ შეჰყვირეს მეფემ და მისმა ქვეშავრდომებმა: „გვწამს მამა, ძე და სული წმიდა“. წმინდა გიორგიმ იშიშვლა ხმალი, მოკლა ვეშაპი და ქალიშვილი მამას დაუბრუნა. ქალაქის მცხოვრებლები დაემხნენ წმინდანის წინაშე და ჭეშმარიტი ღმერთი განადიდეს, ხოლო მაშინ წმინდა გიორგიმ მოიწვია ეპისკოპოსი ალექსანდრე და ნათელი სცა მეფეს, დიდებულებსა და ერის დიდ სიმრავლეს. თხუთმეტი დღის განმავლობაში ორმოცდახუთი ათასი კაცი მოინათლა. მეფემ კი ჭეშმარიტი ღმრთის სადიდებლად ძვირფასი ტაძარი ააშენა. როდესაც ტაძარი დასრულდა, წმინდანი შევიდა საკურთხეველში და აღმოადინა საკურნებელი წყარო.
სწორედ ამ სასწაულის აღსანიშნავად გამოსახავენ ხატებზე წმინდა გიორგის ცხენზე მჯდომარეს შუბით ხელში, რომლითაც საზარელ მხეცს კლავს. დრაკონის მლახვრავი წმინდა გიორგის სახე არის ქრისტეს ეკლესიის ბოროტებასა და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა მის ხილულ მტრებზე, მათზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა და ცდილობდა ჯალათის ხელით ადამიანთა გულებიდან ამოეგლიჯა ქრისტეს სახელი.
წმ. გიორგის განსაკუთრებულ თაყვანისცემას საქართველოში ჯერ კიდევ IV საუკუნის დასაწყისში დაედო საფუძველი. ძველთაგანვე საქართველოს, წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებდნენ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კირიონის ცნობით წმინდა გიორგი კაბადოკიელი მესხი იყო, ხოლო წმინდა არსენ იყალთოელის მოწმობით, წმინდა ნინო – საქართველოს განმანათლებელი, დიდმოწამის ბიძაშვილი იყო და ქართველმა ერმა მისგან შეიტყო წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ. სავარაუდოა, რომ პირველი ტაძარი წმინდანის სახელზე ბოდბეში, წმინდა ნინოს თაოსნობით აიგო (ბოდბის მონასტრის მთავარი ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისაა). მისი სახელობის ტაძრები აგებულია არა მარტო ქალაქებსა და სოფლებში, არამედ კლდეებზე, მთის მწვერვალებზე და მიუვალ ადგილებში, რომელთა კედლებს ამშვენებენ მისი ცხოვრებისა და სასწაულების გამომსახველი უძველესი ფრესკები. წმინდა გიორგის სახელზე აგებული უამრავი ტაძრიდან ერთ-ერთი უძლიერესთაგანია შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ, უსჯულო მტრის შემოსევისას ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი, დაბანაკებული იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმინდა გიორგის ეკლესია იყო აგებული, გულმხურვალედ ევედრებოდა წმინდა მოწამეს მოსალოდნელ ბრძოლაში შეწევნას. ხოლო გამთენიისას ყველამ იხილა მხედარი, რომელიც შურდულივით დაეშვა მთის წვერიდან, ეს იმდენად შთამბეჭდავი სანახავი იყო, რომ თავზარდაცემული მტერი გაიქცა. გამხნევებულმა ქართველმა მეომრებმა ადვილად დაამარცხეს მტრის განახევრებული ლაშქარი. გამარჯვების შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი სულ მთლად გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმინდა დიდმოწამე გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას, შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესიას.
ასევე, მოწამის ხილულ შეწევნაზე დიდგორის ბრძოლაში, მოგვითხრობს დავით აღმაშენებლის მემატიანე: „რამეთუ ხელი მაღლისაი შეეწეოდა და ძალი ზეგარდამო ჰფარვიდა მას და წმიდა დიდმოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინა-უძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსრვიდა ზედა-ზედა მოწევნილთა უშჯულოთა წარმართთა, რომელ თვით იგი უშჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისასა“. ხოლო ქართველი ერისათვის ეს დღე ბოროტზე უფლის ბრწყინვალე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. წმინდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისაგან გამოხსნას. წმინდა გიორგი ყველაზე უფრო პატივცემული წმინდანია საქართველოში. იგი ქართველთა მფარველი და სასო, მათი ფარი და მახვილია. ღმრთის განგებით ქართველი ერი უშუალო მფარველობისათვის ჩაბარდა წმინდა გიორგის, ამიტომაც წმინდა გიორგის დაუჯდომლის იკოსს დაემატა მუხლი: „გიხაროდენ უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო“.
ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი
წმიდა გიორგის სიკვდილისწინა ლოცვა-ვედრება ღმრთისადმი
უფალო ღმერთო ჩემო, რომელი ხარ შემოქმედი ყოველთა საუკუნეთაი, რომლისა მიმართ მოვივლტოდე სიყრმით ჩემითგან, რომელი უწინარეს თხოვისა მისცემ ნიჭთა შენთა მოყუარეთა შენთა, ყოვლად ძლიერო და სახიერო და კეთილო ქრისტეანეთა სასოებაო და უტყველო მონათა შენთაგანთა აღთქმაო, რომლისა-ეგე დიდებაი გამოუთქმელ არს და სუფევაი დაუსრულებელ, შენ, უფალო, ისმინე ჩემი, რომელმან მომმადლე მე ღვაწლსა ამას წამებისასა ვიდრე აღსასრულამდე სრულყოფაი და ტანჯვათა შინა მოთმინებაი. აწცა, სახიერო, შეიწყნარე სული ჩემი და იხსენ იგი ეშმაკთა მათგან განმკითხველთა, რომელნი არიან ჰაერთა შინა, და სათნოთა შენთა თანა შემრაცხე მე და შეუნდვე წარმართთა ამათ, რაოდენიცა რაი ძლიერი ყვეს ჩემდა მომართ და ნეტართა მათ მონათა შენთა, რომელნი-იგი სახელისა შენისათვის იწამნეს, და განანათლენ ესენი ცნობითა ჭეშმარიტებისა შენისაითა, რამეთუ ყოველთა კაცთა გნებავს ცხორებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაი.
მოხედე, უფალო, სიმდაბლესა ზედა ჩემსა და მომმადლე თხოვაი ესე ჩემი, რომელსა ვითხოვ შენგან, რამეთუ ვინაითგან მრავალნი ვლიან, რათა მიიღონ ძვალთა ჩემთაგან, ამისთვის შეუვრდები მოწყალებასა შენსა. მოეც, უფალო, მადლი ძვალთა ჩემთა, რათა ყოველი კაცი, რომელი სარწმუნოებით იხილვიდეს და შეიმთხვევდეს, მოაქვნდეს მას მადლი და კურთხევაი და შენდობაი ცოდვათაი. და უკეთუ ვინმე ჩვენებასა იხილვიდეს ანუ დგეს საშჯელსა შინა საშინელსა და მოიხსენოს სიმდაბლე ესე ჩემი, ყავ განთავისუფლებაი მისი, თვინიერ ჭირისა და განსაცდელისა. და რაჟამს მოიღრუბლოს ცათა სეტყვად ქვეყანისა და მოიხსენონ მუნ მდგომარეთა წამებაი ესე ჩემი, ნუ მივალნ ადგილსა მას ჰაერი მავნებელი, არამედ ცვარი მშვიდობისაი იყავნ საკურნებელად მათა. უფალო, ღმერთო, მოეც მადლი, რომელი იხსენებდეს წამებასა ღვაწლისა ჩემისასა და ნუ იყოფინ შეკრვაი სულთა და ხორცთა მათთაი, ნუცაღა კეთროვანებაი ასოთა მათთა, ანუ თუ სხვაი რაიმე წყლულებაი, რომელი იყოს მტერისა მიერ, არამედ მიუტევენ შეცოდებანი მათნი და განკურნენ სალმობანი მათნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, რამეთუ შენ მხოლომან უწყი, ვითარმედ ხორც და სისხლ არიან და შენ თავადმან იცნი ალაგნი კაცთანი და შენ უწყი, უფალო, მაცთური მათი მტერი და სიბოროტე მისი, რომელი-იგი შემუსრე ქვეშე ფერხთა მათთა ადრე. და ნუ იყოფინ ბრალი და ბიწი ყოველი, რომელი იკითხვიდეს, გინა ისმენდეს წამებასა ჩემსა. გარდამოუვლინე, უფალო, შეწევნაი მვედრებელთა შენთა და მიეც მათ შიში შენი და სურვილი წმიდათა შენთა სიყვარულისაი, რათა აღასრულებდენ სახსენებელსა მათსა და მიემსგავსნენ სარწმუნოებასა მათსა, რათა ღირს იქმნენ მათ თანა ცხორებასა ზეცისასა და სუფევასა საუკუნესა, რამეთუ შენი არს სუფევაი, ძალი და დიდებაი მამისა და ძისა და წმიდისა სულისაი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.