დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა დიდმოწამისა ანასტასია მკურნალისა და მწამლველობათა დამსნელისა

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა დიდმოწამისა ანასტასია მკურნალისა და მწამლველობათა დამსნელისა

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

კონდაკი 1

ქრისტეს ძლევაშემოსილსა, და ყოვლად-დიდებულსა ქალწულ-მოწამესა, ვითარცა საკვირველთმოქმედსა და კურნებათა საუნჯესა დაულევნელსა, ქებით შეგამკობთ და გევედრებით ხსნასა ყოველთა სენთა და საცთურთაგან, რაითა უვნებელად დაცულნი ვიხარებდეთ და ვიტყოდეთ ქებულებათა შენთა: გიხაროდენ, ყოვლადნეტარო მოწამეო ანასტასია, მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთაო!

იკოსი 1

ანგელოზთა მიემსგავსე გონებისა სიწმიდითა, და შეიცან რაი ჭეშმარიტი ღმერთი, ვითარცა შემოქმედი, და დასაბამი ყოვლისა უხილავისა და ხილულისაი, მიეც თავი შენი ყოვლითურთ მსახურებასა ქრისტეისთვის პყრობილთასა და სიმხნედ და ახოვანებად აღადგინებდი რაი სიბრძნითა მოძღურებისაითა, აწ ჩუენცა შეგვეწიე ქრისტეს მიმართ, რაითა გზათაგან წარმწყმედელთა განგვარინოს და ღირს გვყოს შეწირვად შენდა გალობისა:

გიხაროდენ, სიმხნითა გონებისა შენისაითა დედათა ბუნებისა უძლურებისა დამფარველო;

გიხაროდენ, სურვილითა ქრისტეს მხსნელისაითა ტანჯვათა სიმწარისა დამთრგუნველო;

გიხაროდენ, უსჯულოთა მეფეთა და მთავართა ზვაობისა და სიქადულისა დამამხობელო;

გიხაროდენ, გრძნეულთა მიერ წამლვისაგან და საკრველთაგან დამხსნელო;

გიხაროდენ, ბოროტთა სულთა მძლავრებისაგან გამომხსნელო;

გიხაროდენ, ვნებულთა აღმადგინებელო და მვედრებელთა განმკურვნელო;

გიხაროდენ, ყოვლადნეტარო მოწამეო ანასტასია, მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთაო!

კონდაკი 2

იზარდებოდი რაი ქალაქსა ჰრომსა სახლსა მას ელინისა სენატორისასა, ქრისტეანემან დედამან შენმან სასწავლად მიგცა ქრისოგონეს, ღმრთისმოშიშსა მეცნიერსა, და აღგზარდა რაი სიყუარულითა ღმრთისაითა, მცნებათა შინა მისთა განგაბრძნო, სანატრელო, და შეგჭურვა რაი ლოცვითა დაუწყვედელითა, სათნოებითა დიდსა სიმაღლესა აღწიე და არა დასცხრებოდი დიდებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 2

შემდგომად დედისა გარდაცვალებისა, ნეტარო, მამამან შენმან წინააღმდგომ ნებისა შენისა, ვითარცა ცხოვარი მგელსა მტაცებელსა, მიგცა მეუღლედ წარჩინებულსა წარმართსა პომპლიუსსა, გარნა შენ, ვითარცა სძალი ქრისტეეისი, სიძისა მის საწადელისა, მარადის ილოცევდი ღმრთისა მიმართ, და შეწევნითა მისითა უბიწოდ დაიცევ ქალწულებაი საბაბითა სნეულებისაითა, ამისთვის გიგალობთ და ვღაღადებთ ძალისაებრ ჩუენისა:

გიხაროდენ, სულისა და ხორცისა შუენიერებითა შემკულო;

გიხაროდენ, უაღრესითა სიმდაბლითა შემოსილო;

გიხაროდენ, საღმრთოსა სჯულსა შინა ფრიად განსწავლულო;

გიხაროდენ, ქრისტეს სამწყსოთა სიხარულითა შერთულო;

გიხაროდენ, მისთვის ქალწულთა ცხორებისა წესისა აღმრჩეველო;

გიხაროდენ, ოქროისა და ძოწეულის სამოსლისა უარმყოფელო;

გიხაროდენ, ყოვლადნეტარო მოწამეო ანასტასია, მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთაო!

კონდაკი 3

უზეშთაეს ექმენ რაი ვნებათა ხორციელთა, ლიქნამან პომპლიუსისამან ვერცაღა მოგაუძლურა, და გესმა რაი მრავალთა ქრისტეანეთათვის, კადნიერად აღიარებდენ რაი სჯულსა თვისსა, და იგუემებოდენ მსაჯულთა მიერ უსჯულოთა, შენცა სურვიელად ისწრაფდი, რაითა ვნებათა მათთა ზიარებული, დამკვიდრდე საუკუნოსა მას ცხორებასა და მარადის ადიდებდე ზეცათა მეუფესა და ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 3

გაქუნდა რაი უფლისა მიერ სიყუარული ქრისტეს აღმსარებელთა და მოწამეთა, განიზრახე მოხილვაი მათი და ფლასითა შემოსილი ვეცხლითა მოიყიდდი რაი მცველთა, საპყრობილეთა შინა ფარულად შესრული ნუგეშინისცემდი და მსახურებდი ქრისტეისთვის ტანჯულთა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე ძალსა მისსა, რაითა ცოდვათა მოტევებაი და საღმრთოი მღვიძარებაი მოგუმადლოს მოსავთა შენთა და მაქებელთა:

გიხაროდენ, სულისა შენისა სხუათათვის დადებისა მნებებელო;

გიხაროდენ, ქრისტეს აღმსარებელთა მსახურებად აღძრულო;

გიხაროდენ, შებორკილებულთა ხელთა და ფერხთა განმბანველო;

გიხაროდენ, ნაგუემთა მათთა წუთხისა მომხოცველო;

გიხაროდენ, მწყურვალთა დამაურწყებელო და მშიერთა დამაპურებელო;

გიხაროდენ, შერყეულთა განმამტკიცებელო და მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო;

გიხაროდენ, ყოვლადნეტარო მოწამეო ანასტასია, მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთაო!

კონდაკი 4

მსგავსად ღმრთივმავალისა ვარსკულავისა მოევლინე რაი მხარესა მას ჰრომისასა, მოიხილავდი საპყრობილეთა შინა მორწმუნეთა, და შორის მათსა იყოფოდა რაი მოძღუარი შენი ქრისოგონე, სარწმუნოებასა შინა განამტკიცებდა გულთა მათთა, და შენცა სიტყვითა მისითა განბრძნობილი იხარებდი და აქებდი ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა: ალილუია.

იკოსი 4

ცათა მეუფეი შეიყუარე რაი ყოვლითა გულითა, ღმრთისმოსავობითა მსახურე წმიდათა მისთა, და დილეგთა შინა შესლვაი შენი აუწყეს რაი ქმრად შენდა წოდებულსა მას მტარვალსა, განრისხდა და გუემული პყრობილ გყო სახლსა თვისსა, გარნა შენ უშიშად დაადგერ, და მხურვალედ ილოცვიდი ღმრთისა მიმართ, აწ ჩუენთვისცა ევედრე მას, რაითა ანგელოზთა მიერ დახსნას მრავალფერნი გრძნეულებანი ეშმაკთანი, ბოროტთა კაცთა მიერ ჩუენთვის აღძრულნი, და გზასა მას კეთილსა წარგვიმართოს შემსხმელთა შენთა:

გიხაროდენ, ზეგარდამოითა ძალითა განმხნობილო;

გიხაროდენ, მოძღურისა მტკიცე სიტყუათაგან განმტკიცებულო;

გიხაროდენ, მის მიერ სურვილითა ღუაწლისაითა აგზებულო;

გიხაროდენ, საკრველთაგან გატანჯულთათვის მზრუნველო;

გიხაროდენ, ძიებასა მას საუკუნოისა სიმდიდრისასა საწუთოისა სიმდიდრისა უღონოთათვის განმყოფელო;

გიხაროდენ, კეთილგონიერითა ქადაგებითა უსასოთა ნუგეშინისცემელო;

გიხაროდენ, ყოვლადნეტარო მოწამეო ანასტასია, მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთაო!

კონდაკი 5

განვიდა რაი მამაი შენი საწუთოისაგან, მტარვალმან ქმარმან შენმან შეგრაცხა მონად თვისად, და ეწადა მოკუდინებაი შენი სიყმილითა, რაითა სიმდიდრეი შენი მიიტაცოს და იშუებდეს ახლად მოყუანებითა ცოლისაითა, გარნა შენ ყოველივე მისწერე მოძღუარსა შენსა, და ევედრე შუამდგომელობასა ღმრთისა მიმართ, რაითა განგხსნას ბოროტისა მის მახეთაგან და საფასეი შენი შესწირო სადიდებელად მისა: ალილუია.

იკოსი 5

მსწრაფლ წარმოგზავნა რაი უსტარი შენდა, ნუგეშინისგცემდა ღმერთშემოსილი ქრისოგონე, და წინაისწარმეტყველა რაი სიკუდილი უღმრთოისა მის კაცისაი, გევედრებოდა მტკიცედ დაცვასა მცნებათასა და განრინებასა ცოდვათაგან, აწ ჩუენცა შეგვეწიე: რომელნი-ესე დანთქმულ-ვართ წყუდიადსა შინა ვნებათასა, რაითა უღმრთოთა ნებისაებრ არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი და ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა:

გიხაროდენ, უფალსა ზედა დამდებელო ყოვლისა სასოებისაო;

გიხაროდენ, სძლობასა მისსა ზედა გარდამცვლელო ქორწინებისაო;

გიხაროდენ, წადიერად დამმარხველო კეთილსახიერებისაო;

გიხაროდენ მტკიცედ აღმსარებელო მართლსარწმუნოებისაო;

გიხაროდენ, ახოვნად განმაქიქებელო წარმართთა სიცბილისაო;

გიხაროდენ, დამაყოფელო ყოველთა ურწმუნოთა პირისაო;

გიხაროდენ, ყოვლადნეტარო მოწამეო ანასტასია, მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთაო!

კონდაკი 6

არა დასცხრებოდა რაი კაცი იგი გმობად ქრისტეისა, სიძულილითა მისითა გტანჯვიდა შენ, ვითარცა უბიწოსა მსახურსა და სასძლოსა მისსა, გარნა საღმრთოითა განგებულებითა დესპანად წარგზავნეს რაი სპარსეთსა, დაინთქა გემი მისი ღელვასა შინა ზღვისასა, და უწყალოდ მოკუდა რაი გულბოროტი იგი, განთავისუფლებული ტყუეობითგან კუალად მსახურებდი პყრობილთა, აღძრავდი რაი ქრისტეისთვის უშიშრად დათმენად სიკუდილისა, და გალობად მისა: ალილუია.

იკოსი 6

უფროის მზისა განბრწყინდი სათნოებათა მიერ არა ხოლო თუ ქალაქსა ჰრომსა, არამედ იტვირთე ღუაწლი სხუათა ქალაქთა და დაბათა მოვლისაი მოსახილველად პყრობილთა, და შეგიდგა რაი ქურივი თეოდოტე, ყოველთა ჟამთა მწუხარეთა ნუგეშინის-სცემდით ერთობითა და ჰკურნებდით წყლულებათა მათთა სიყუარულისათვის ქრისტეისა, აწ ჩუენცა გვიმეოხე მისა მიმართ, რაითა მოგუანიჭოს სულთა და ხორცთა სიმრთელეი, და ღირს-გვყოს გალობად შენდა:

გიხაროდენ, საპყრობილეთა შინა ქრისტეს მეგობართა მომძიებელო;

გიხაროდენ, საცხოვარისა შენისა მათთვის განწილებისა მნებებელო;

გიხაროდენ, პყრობილთა თავისუფლებისა ოქროითა მსყიდველო;

გიხაროდენ, სამკურნალოითა ხელოვნებითა უკურნებელთა სენთა განმკურვნელო;

გიხაროდენ, შიშისაგან სატანჯველთაისა შეორგულებულთა განმამხნობელო;

გიხაროდენ, მრავალთა მომკუდართა ტუსაღთა დამკრძალველო;

გიხაროდენ, ყოვლადნეტარო მოწამეო ანასტასია, მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთაო!

კონდაკი 7

ჟამსა მას ქრისოგონე განამტკიცებდა რაი პყრობილთა, აუწყეს მისთვის მეფესა, და პირველ ლიქნითა და მერმე ქადებითა აიძულებდა რაი ქრისტეს უარყოფასა, ვერ შემძლებელ იქმნა მიდრეკად გონებისა მისისა, და განუჩინა რაი წარკვეთაი თავისაი, ზეგარდამო ებრძანა პატიოსანსა ხუცესსა ზოილეს აღებაი ნეშტისა მისისაი, და ლუსკუმითა დააბრძანა რაი სახლსა თვისსა, შენცა ცრემლითა მიეახლე და ადიდებდი ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 7

საღმრთოითა გამოცხადებითა კუალად ეჩუენა ქრისოგონე ხუცესსა მას, და აუწყა რაი მოსალოდებელი განსლვაი მისი ხორცთაგან, და მარტვილობაი სამთა ქალწულთა, მახლობელთა მისთა, გიწოდდა შენ განმხნობად მათდა, და აიძულებდენ რაი აღაპიას, ქიონიასა და ირინეს კერპთათვის მსხვერპლის შეწირვასა, მოიხილე იგინი დილეგსა შინა, და განამტკიცებდი ღუაწლისა მიმართ, ვითარცა ქრისტეს სასძლოთა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, რაითა არა შთავვარდეთ საფრხესა შინა მტერისასა, და გაქებდეთ ძალისაებრ ჩუენისა:

გიხაროდენ, ზეცად აღმპყრობელო სამთა მათ ქალწულთა გონებისაო;

გიხაროდენ, ღმრთისა სამკვიდრებელად მყოფელო გულისა მათისაო;

გიხაროდენ, სულსა შინა მათსა დამმარხველო კეთილმორწმუნეობისაო;

გიხაროდენ, აღმხოცველო უსაოთა ღელვა-გუემულებისაო;

გიხაროდენ, მათთვის განმღებელო ღუაწლისა ასპარეზისა და სამოთხისა კარისაო;

გიხაროდენ, ნეშტთა მათთა ფარულად დამკრძალველო რჩეულსა ადგილსაო;

გიხაროდენ, ყოვლადნეტარო მოწამეო ანასტასია, მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთაო!

კონდაკი 8

სავსე იყუნეს რაი დილეგნი ერითა ქრისტეანეთაითა, გამოხდა განჩინებაი მეფისაგან მოსრვისა მათისაი, და რომელნიმე ზღუასა შინა დაანთქეს, და რომელნიმე მოსწყვიდეს რაი მრავალ-ფერითა სატანჯველითა, განთიად მისრულმან არა პოე იგინი საპყრობილესა შინა, და იგლოვდი რაი ცრემლითა, გკითხვიდენ მცველნი მიზეზსა მწუხარებისა შენისასა და თვინიერ შიშისა რქვი: „ვეძიებ ქრისტეანეთა“, და ადიდებდი ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 8

წარგადგინეს რაი წინაშე მსაჯულისა, ნეტარო, ხედვიდი მოღუაწებისა ასპარეზსა, და ქრისტეანედ სახელს-სდებდი რაი თავსა თვისსა, აღგითქმიდა პატივსა და მონაგებსა, უკეთუ სხუათაცა არწმუნებდი მსახურებად კერპთა, გარნა ამცნებდი სახელსა და დიდებულსა წარმომავლობასა შენსა, და ყოვლისა საფასისა ქრისტეისთვის წარგებასა, აწ ჩუენცა განგვამტკიცე სარწმუნებასა შინა მისსა, და აღგვძარ შეწირვად შენდა გალობისა:

გიხაროდენ, ქრისტეისთვის მრავალფერთა ტანჯვათა დათმენისა აღმრჩეველო;

გიხაროდენ, სიყუარულითა მისითა სიკუდიდ წარსლვისა მნებებელო;

გიხაროდენ, მოყუასობისა სახეო და გულმოწყალებისა მასწავლელო;

გიხაროდენ, წარმართთა მძლავრებისა სარწმუნოებითა მძლეველო;

გიხაროდენ, საღმრთოითა ძალითა ბოროტთა სულთა განმაქარვებელო;

გიხაროდენ უღმრთოებისა საკრველთაგან მრავალთა სულთა გამომხსნელო და ქრისტეს აღმსარებელად განმმზადებელო;

გიხაროდენ, ყოვლადნეტარო მოწამეო ანასტასია, მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთაო!

კონდაკი 9

ოდეს აუწყეს უსჯულოსა მას მეფესა დეოკლეტიანეს აღმსარებლობაი შენი და სურვილი ქრისტეისთვის თავის შეწირვისა, განკვირვებულმან ბრძანა საპყრობილესა შინა კრძალულად დაცვაი შენი, ვითარცა დიდებულისა, და მოძიებაი სიმდიდრისა შენისა, გარნა ვერცა რაი პოვეს მსახურთა მისთა, და უშიშად მიუგებდი განრისხებულსა: „ყოველივე წარვაგე შენ მიერ პყრობილთათვის სადიდებელად ღმრთისა“: ალილუია.

იკოსი 9

ლიქნითა ეწადა რაი მსაჯულსა მას მონადირებაი სულისა შენისაი, რაითა მსახურო ღმერთთა მათთა, ლოცვითა განმტკიცებული განაქიქებდი მათ, ვითარცა უსულოთა, და მიგცეს რაი ქურუმსა ულპიანეს, გიჩვენა სახუმილი აღგზებული, და თვინიერ ძრწოლისა სჭურეტდი საჭურველთა მათ, კაცთა სატანჯველად განწესებულთა, და არა უარ-ყოფდი ღმერთსა, მას ევედრე, რაითა ვნებათაგან ბოროტთა, და ცდუნებათაგან დაგვიცვას და ღირს-გვყოს გალობად შენდა:

გიხაროდენ, განსაცდელთა მწარისა სასუმელისა მორჩილებითა მიმღებელო;

გიხაროდენ, მანქანებათა ეშმაკისაითა სიმხნითა და ახოვანებითა მძლეველო;

გიხაროდენ, უსჯულოთა მიერ ტანჯულთა ქრისტეანეთა განმამხნობელო;

გიხაროდენ, საფასისა შენისა სახმარად მათთა წარმგებელო;

გიხაროდენ, მით ზეცისა სასუფეველისა მომხუეჭელო;

გიხაროდენ, მრავალსასყიდლისა მარგალიტისა მომვაჭრებელო;

გიხაროდენ, ყოვლადნეტარო მოწამეო ანასტასია, მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთაო!

კონდაკი 10

მოგცემდა რაი ქურუმი ჟამსა აღსარჩეველად ქორწინებასა და გუემათა შორის, აღირჩიე სატანჯველნი, და ვითარცა კაცსა, ენება რაი დამორჩილებაი შენი, ჰბერე პირსა მისსა, და დაშრტა რაი თუალნი მისნი, წარიყვანეს ტაძრად კერპთა, გარნა დაეცა და ბილწი სული თვისი წარხდა მეყსეულად, ხოლო შენ გამოხვედ სახლისა მისისაგან, და მიიწიე რაი თეოდოტიაისად, ყოველივე აუწყე, რაიცა სასწაული ყო ღმერთმან შენ თანა, და აქებდით ძალსა მისსა: ალილუია.

იკოსი 10

სურვილითა ღუაწლისაითა მსახურებდით რაი პყრობილთა, შეგიპყრეს და მიისწრაფდით რაი მიღებად სიკუდილისა, თეოდოტია ძეთა თვისთა თანა აღესრულა წამებითა, ხოლო შენ არა მოგცეს რაი საზრდელი ოცდაათ დღე დილეგსა, ნათელმოსილი თეოდოტია მოვიდოდა შენდა და მოგართუმევდა რაი საზრდელსა, ერთობითა ილოცვიდით და მადლობდით ღმერთსა, მას ევედრე, აწ ჩუენცა გვასწავოს ცოდვილისა ცხორებისა განმართებაი, და ღირს გვყოს გალობად შენდა:

გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, უძლეველო ქადაგო დიდებისა მისისაო;

გიხაროდენ, სიმხნითა შემმოსველო დედობრივისა ბუნებისაო;

გიხაროდენ, მოწყალებითა განმწმენდელო საზრდელისა შენისაო;

გიხაროდენ, სიმტკიცითა მომაუძლურებელო მძლავრთა ზუაობისაო;

გიხაროდენ, ზღუდეო ქალწულებისაო და აღმამაღლებელო ცხორებისა მათისა წესისაო;

გიხაროდენ, ცხოვნებისა მწყურნებთათვის სახეო სიწმიდისაო;

გიხაროდენ, ყოვლადნეტარო მოწამეო ანასტასია, მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთაო!

კონდაკი 11

განკვირდენ უსჯულონი, უვნებელად გპოვეს რაი დილეგსა, და განხურეტილსა მას ნავსა შთაგსვეს რაი სხუათა თანა პყრობილთა, კუალად გამოგიჩნდა თეოდოტე მოწამეი, და დააყენა წყალი არა შესლვად ნავსა, ხოლო შენ უქადაგე ერსა მას სარწმუნოებაი ქრისტეისი, და ნათელ-სცა რაი ევტიქიანემ ყოველთა, აღურაცხელი საფასეი დადვა მმართველმან წინაშე მათსა, რაითა უზორონ კერპთა, გარნა არცაღა ენებათ განშორებაი ქრისტეისგან, და იწამნეს რაი მისთვის, ცათა სასუფეველსა შინა მარადის აქებენ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 11

კუალად წარგადგინეს რაი სამსჯავროსა, ჰოი, ანასტასია უძლეველო, განგიკრნეს საბლითა მტკიცედ ხელნი და ფერხნი ოთხსა მას სუეტსა შორის, და ცეცხლი აღგიდვეს რაი ქუეშე ზურგსა შენსა, ვერა დააკლო ალმან ცეცხლისამან წმიდასა ხორცსა შენსა, და ლოცვითა შეჰვედრებდი რაი სულსა თვისსა ქრისტესა, თანა-მკვიდრ იქმენ სასძლოთა მათ ზეცისათა და ნეტარებ რაი ნათლითა მიუწდომელითა, გაქუს კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, რაითა სულთა და ხორცთა კურნებაი მოგუადლოს ლოცვითა შენითა, და აღგვძრას გალობად შენდა:

გიხაროდენ, ცხორებისა შენისა კეთილმსახურებითა განმლეველო;

გიხაროდენ, ტანჯუათა დათმენითა ყოველთა განმაცვიფრებელო;

გიხაროდენ, ტარიგო უბიწოო, სულისა თვისისა მსხუერპლად სათნოდ ღმრთისა მიმართ შემწირველო;

გიხაროდენ, მოწამეთა თანა ჩუენთვის განკაცებულისა ქრისტეს თანა დამკვიდრებულო;

გიხაროდენ, ქალწულო შუენიერო, ლამპრისა შენისა სიწმიდითა აღმანთებელო, და მარტვილობითა განმაპოხებელო;

გიხაროდენ, საკვირველითა ღუაწლითა შენითა ანგელოზთა და კაცთა განმაკვირვებელო;

გიხაროდენ, ყოვლადნეტარო მოწამეო ანასტასია, მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთაო!

კონდაკი 12

წმიდაი ნეშტი შენი მთავრისა ცოლისაგან გამოითხოვა რაი მორწმუნე დედაკაცმან, შემურნა ნელსაცხებელითა, და წარგრაგნა რაი სპეტაკსა სამოსელსა, კრძალვითა დაჰმარხა მტილსა მას შინა თვისსა, და იქმოდი რაი ნიშ-სასწაულთა და კურნებათა, წმინდანი ნაწილნი შენნი პატივითა წარიხუნეს კონსტანტინეპოლეს, და აღგიშენეს რაი ტაძარი დიდებული, ყოველი ერი ქრისტეანეთაი პატივს-გცემდა შენ, ქალწულო შუენიერო, და დიდებასა შესწირვიდა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 12

ყოვლად ბრწყინვალისა ქრისტეს განკაცებისა წინა დღე-სასწაულსა გამობრწყინდა ხსენებაი შენი, ჰოი. ანასტასია ფარმაკოლიტრია, რამეთუ სურვილითა ქრისტე მხსნელისაითა ტანჯვათა სიმწარეი დასთრგუნე, და იქმენ რაი სიქადულ ყოველთა მარტვილთა და მოღუაწეთა, ვითარცა მთიები, ჰბრწყინავ სამყაროსა ეკლესიისასა, გვიწესს რაი ყოველთა შვილთა თვისთა, რაითა ღუაწლისმოყუარეობასა შენსა ვნატრიდეთ და გაქებდეთ სიყუარულითა:

გიხაროდენ, წმიდისაგან სამარხოისა შენისა და პატიოსანისა ხატისაგან უხუად აღმომაცენებელო კურნებათა ნაკადთაო;

გიხაროდენ, ნუგეშინისმცემელო უსამართლოდ პყრობილთა და ტყვე-ქმნულთაო;

გიხაროდენ, ღმრთივმონიჭებულო შემწეო ქალწულთა და დედათაო;

გიხაროდენ, მყუდრო ნავთსაყუდელო ჩაგრულთაო, და ხელისაღმპყრობელო მაშურალთაო;

გიხაროდენ, ბერწთათვის მიმნიჭებელო ძეთა და ასულთაო;

გიხაროდენ, აღმადგინებელო მრავალთა დარღვეულთა ოჯახთაო;

გიხაროდენ, ყოვლადნეტარო მოწამეო ანასტასია, მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩუენთაო!

კონდაკი 13

ჰოი, ყოვლადსაკვირველო და მრავალტანჯვათა დამთმენელო წმიდაო დიდმოწამეო ანასტასია! შეიწირე კნინი ესე შესხმაი ჩუენი, სიყუარულითა შენდა აღვლენილი, და გვითხოე ქრისტე ღმრთისაგან განხსნაი ცოდვათა ჩუენთა საკრველთაი, რაითა ლოცვითა შენითა განვერნეთ რისხვასა ღმრთისასა და სასჯელსა მას საუკუნოსა, და ზეცისა სასუფეველსა შინა ღირს-ვიქმნნეთ შენ თანა გალობად ყოვლადწმიდისა სამებისა: ალილუია.

ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ: იკოსი 1 და კონდაკი 1

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ყოვლად ქებულო ანასტასია, ღუაწლისა მძლეო მოწამეო, მარტვილთა სიქადულო და გვირგვინო ქალწულთაო; ჭურჭელო მადლთაო; მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო და მკურნალო სნეულთაო; უძლურთა ძლიერებაო, მდაბალთა აღმამაღლებელო და განმათავისუფლებელო პყრობილთაო; მწამლველობათა და საკრველთაგან დამხსნელო და განმაქარვებელო გრძნეულებათაო; გულთა ჩუენთა განმანათლებულო და სასოო და შესავედრებელო ყოველთა ქრისტეანეთაო!

ჰოი, ყოვლად-დიდებულო და საკვირველთმოქმედო მოწამეო ანასტასია, საღმრთოი სრბაი შენი სიმხნითა აღასრულე და სული შენი განაბრწყინვე რაი ქალწულებისა და მარტვილობისა ნათლითა, ვითარცა ზეცისა სიძისა დაწინდებული, სავანეთა მისთა დამკვიდრებულ ხარ ხუთთა მათ ბრძენთა ქალწულთა თანა, და ნიშ-სასწაულთა ცისკროვანებითა განანათლებ რაი მორწმუნეთა, აწ ჩუენცა ნუ დაგვივიწყებ სიმრავლისათვის ცოდვათასა, და შეგვაწყნარე ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, რაითა ოხითა შენითა მოგვიტევოს ცოდვანი ჩუენნი და გვიხსნნეს ყოველთა ჭირთა, სენთა და საცთურთაგან, ხოლო ეკლესიაი თვისი მწვალებელთაგან დაიცვას და ქუეყანაი ჩუენი დაიფაროს ურიცხუთა მტერთა საფრხეთაგან. ყოვლადძლიერითა ლოცვითა შენითა დაიცევ და მსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, წმიდაო დიდ-მოწამეო ანასტასია, სეხნაო ქრისტეს აღდგომისაო! რომელი სულითა წინაშე საყდრისა მისისა წარდგომილ ხარ ცათა შინა, ხოლო ქუეყანასა ზედა მრავალსახეთა კურნებათა აღასრულებ შენდა მონიჭებულითა მადლითა, მოიხილე აწ ჩუენ ზედა, რომელნი გევედრებით შეწევნასა, და გვითხოვე ღმრთისაგან ცოდვათა ჩუენთა დატევებაი, კეთილ-მსახურებასა შინა განძლიერებაი, ქუელის-საქმეთა შინა განმტკიცებაი, სიმდაბლეი, მორჩილებაი, ყოველთა სენთა, გრძნეულებათა და კრულებათაგან გამოხსნაი და ურვათა და საპატიმროთა შინა მყოფთათვის – მსწრაფლ-შეწევნაი, რაითა კეთილითა ცხორებითა ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ცათასა და მარადის შენთანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა., აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, დიდმოწამისა ანასტასია მკურნალისა და მწამლველობათა დამხსნელისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა