სავედრებელი პარაკლისი წმიდისა კეთილმსახურისა მეფისა დავით აღმაშენებლისა

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა კეთილმსახურისა
მეფისა დავით აღმაშენებელისა

მღდელი: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყჳს: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაჲ…

გუნდი: ამინ.

მღდელი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი, ჴმაჲ 4

საკჳრველებაჲ, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის, კეთილმსახურისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყჳს მოქმედთასა, რამეთუ ადიდე იგი სახელისათჳს შენისა, ვიდრე დაჴსნადმდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოვლად საკჳრველთა, ხოლო შემდგომად დაჴსნისა სარკინოზთაჲსა, დიდებულ-ყავ ნიშთა მიერ საკჳრველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

საკჳრველებაჲ, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის, კეთილმსახურისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყჳს მოქმედთასა, რამეთუ ადიდე იგი სახელისათჳს შენისა, ვიდრე დაჴსნადმდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოვლად საკჳრველთა, ხოლო შემდგომად დაჴსნისა სარკინოზთაჲსა, დიდებულ-ყავ ნიშთა მიერ საკჳრველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გჳჴსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგჳცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული, ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობა 1, უგალობდითსა, ჴმაჲ 2

ძლისპირი: ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განჴორციელდა ჩუენ ცოდვილთათჳს, რომელსა უგალობთ: ღმერთო დიდებულო, დიდებულ-ხარ.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

შუამდგომელად ღმრთისა მიმართ მიგავლენთ შენ, უძლეველო მეფეო დავით, რაჲთა მომმადლოს მე სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ, ვითარცა შენ მოგმადლა და განგბანა ცრემლითა, და შეგვჭუროს მტერთა ზედა ძალითა თჳსითა უძლეველითა.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აღზრდილი სიყრმით მართლმადიდებლობისა დიდთა მოძღუართაგან, ყოვლადვე-განშორებულ იყავ ჩვეულებისაგან ყრმათა სილაღისა, ხოლო აღიზარდე რაჲ, დავით, ევლტოდე სიჭაბუკისა გულის თქუმათა და არა მიიდრიკე გემოვნებათა მიმართ და განცხრომათა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

გხედვიდეს რაჲ წარჩინებულნი სამღდელოთა თანა მჴნესა და სიბრძნითა საკჳრველსა, ეგულებოდათ ვითარ-მცა განარინებდი ერსა მას ურიცხვთა მტერთაგან, და იქმენ რაჲ წლისა ათექუსმეტისა, ცხებულ გყვეს და გჳრგჳნოსან საყდარსა ზედა სრულიად საქართველოჲსასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლად წმიდაო სძალო, უხრწნელო, განანათლე და წმიდა ჰყავ გულისსიტყუაჲ და სული ჩემი, გევედრები, და განსდევნე არმური უგუნურებისა ჩემისაჲ და წყუდიადი ცოდვათა მათ ჩემთაჲ, რაჲთა ჯეროვნად გიგალობდე შენ.

 

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყვარე.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ძემან ღმრთისამან დაგადგინა რაჲ მფლობელად ივერთა ქუეყანისა, შემოიკრიბე სპანი ერთგულნი, და დაუცხრომელად წურთნიდი რაჲ მჴნეთა მეომართა, იწყე წინააღმდგომაჲ მომხდურთაჲ და შურებოდი აღორძინებისათჳს ივერიისა.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ნიჭნი გულისჴმის-ყოფისანი მოიხუეჭე რაჲ ლოცვითა მჴურვალითა, ერსა, შენდამი რწმუნებულსა, დამწყსიდი სიყუარულითა და განამდიდრებდი ყოველთა სულიერითა და ჴორციელითა კეთილითა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აბრაჰამის უცხოთმოყუარებასა ჰბაძევდ, დიდებულო, და უხუებითა ზრდიდი უპოვართა და ღატაკთა, აწ ჩუენცა აღგვადგინე ბაძუად სათნოებათა შენთა, რაჲთა ვევლტოდეთ ვერცხლისმოყუარებისა ბოროტსა მას ვნებასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განჰკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი, და გონებაჲ ჩემი, დაბნელებული უდებებითა, განანათლე, ღმრთისმშობელო, რაჲთა გიგალობდე: არავინ არს წმიდაჲ შენებრ, უბიწოო, და უხრწნელ.

 

მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტჱსმოყუარისა მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს).

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტჱს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონა ანუ მჴევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომაჲ, ჴმაჲ 1

ქრისტემან ღმერთმან გყო-რაჲ მეფედ და წინამძღურად საზეპუროჲსა ერისა, უძღოდი შენ ქართველთა, ვითარცა მოსჱ ისრაელთა, და დააცხრვენ ჭირთა მძჳნვარებანი აგარისა ერთა, მოწევნადი ერსა შენსა ზედა, ხოლო ჩუენ დიდების-მეტყუელებასა და ქებასა შევსწირავთ ღმერთსა, რომელმანცა მოგუმადლა ჩუენ უძლეველი მეფჱ და დიდებული მოღუაწჱ და გნატრით შენ, ვითარცა მფარველსა და სიქადულსა ერისა ჩუენისასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ექმენ რაჲ ზღუდედ და ფარად მამულსა შენსა, ერი შენი დაიცევ ყოველთა ორგულთა და მტერთაგან, დაშრიტე რაჲ ზრახვანი უკეთურთანი და სძლე ძალითა ჯუარცმულისაჲთა, მას ევედრე, აწ, წმიდაო, რაჲთა წყალობითა მოხედოს მწუხარებათა ჩუენთა და დაგჳფარნეს ჴელოვნებათაგან მძლავრისა ამის მტერისა და გარე მოდგომილთა მძჳნვარეთა ჭირთა და ურვათაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგჳფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და გჳჴსნენ ყოველნი, უბიწოო, ბოროტისა გარემოდგომილებისაგან, რომელთა გვაქუს ყოველი სასოებაჲ შენ ზედა, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი, საღმრთოჲთა ვედრებითა შენითა.

 

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მთისაგან უჴელოდ ლოდი გამოეკუეთე ქრისტე, ქალწულისაგან დედისა, ამისთჳსცა წინასწარმეტყუელმან გიხილა და ღაღადყო: ჴსნად ერისა შენისა მოხუედ, დიდება ძალსა შენსა, უფალო.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარცა მწყემსი მღჳძარჱ, იღუწიდი სამწყსოთა შენთა კეთილად, და აღაშენე ციხე-ქალაქნი უბრძოლველნი მშჳდობით დაცვისათჳს ერთა თჳსთა, ეგრეთცა წინაშე ღმრთისა კადნიერებით მდგომარემან გვითხოვე ცხებული სარწმუნოჲ და მართალი, მმართებელად და წინამძღურად, ყოვლითავე მსგავს შენდა.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჭაბუკმან, ვითარცა მჴცოვანმან და ბრძენმან გულის-ჴმა ყავ საქმჱ, რომლითა მოიმადლებდი ფრიად განრისხებულსა ღმერთსა, შეჰკრიბე რაჲ ღმრთივსულიერნი მამანი და სჯულისა მეცნიერნი რუის-ურბნისსა და განაჩინეთ ძეგლისწერაჲ კრებისაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უღირსთა და უწესოთა დაეპყრნეს რაჲ საეპისკოპოსონი, ერსა უსჯულოებასა ასწავებდენ ნაცვლად სჯულისა, ხოლო თქუენ განკვეთეთ და შეაჩვენეთ, და შვიდთა მსოფლიოთა კრებათა კანონთა მიერ წარმართეთ ცხორებაჲ ქართველთა ერისაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმეტყუელთა სიღრმე საიდუმლოთა შენთა ჰქადაგეს ყოვლად მიუწთომელად, უხრწნელო, რამეთუ გარე-შეუწერელი, განჴორციელებული ჰშევ გამოუთქმელად.

 

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: დამჴსნელი ბნელის მის წესთა მათ წერილისა, პირველისა ჰსჯულისათა, და მომცემელი მორწმუნეთა მადლთა მისთა, ქალწულისაგან იშუა ქრისტე და მიმიძღვა ჩუენ ნათლად, ღმრთეებისა თჳსისა.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

არავინ ყოფილ არს მეფეთა ჩუენთაგანი მსგავს შენდა, ჵ, მუშაკო საკჳრველო, რამეთუ დავით წინაჲსწარმეტყუელისაებრ მოიხვეჭდი მოწყალებასა და სიმშჳდესა, და ქრისტჱს სახარებისა ქადაგებითა, დაამჴობდი უღმრთოთა და მწვალებელთა ბრძნობასა.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

არა ტყუილად ჴრმალ-გება, მეფეო, ყოვლად მჴნეო, რამეთუ მკლავითა ლომებრივითა ქმენ რაჲ ბრძოლანი საკჳრველნი, სირცხჳლეულ-ყვენ ყოველნი წინააღმდგომნი ღმრთისანი, და განაქარვე ბოროტნი განზრახვანი მათნი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

არა სახმარ იყო შენდა ბრწყინვალებაჲ სანთლისაჲ, რამეთუ გულსმოდგინე ლოცვაჲ შენი და კეთილი საქმჱ, ვითარცა ნათელი დაუღამებელი უძღოდა მეფობასა შენსა, და სარწმუნოებითა თჳსითა განამტკიცებდი მორწმუნეობასა ერისასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ახლად ყრმად გჳშევ, ქალწულო წმიდაო, პირველ ჟამთა შობილი მამისაგან, სიტყუაჲ მხოლოჲ დაუსაბამოჲ, მას ევედრე აწ, ვითარცა ძესა და ღმერთსა შენსა, რაჲთა შეგჳწყალნეს, რომელნი განწმედილითა გულითა აღგიარებთ ღმრთისმშობელად.

 

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ღმრთისა მიმართ ვღაღადებთ მწუხარებით ყოველნი, ვითარცა იგი, იონა წინასწარმეტყუელი, აღმომიყუანენ ღელვათაგან განმხრწნელთა, მხოლოო სახიერო, გევედრებით.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

გული შენი განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო ჴელთა შინა ღმრთისათა, და ხჳდოდი ყოველთა მცნებათა და სამართალთა მისთა, აწ ჩუენცა მეოხ გუექმენ, მოგვცეს გული გონიერი და ბრძენი, გულისჴმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მიემსგავსე რაჲ ნათესავსა შენსა დავითს, მეფესა ისრაელისასა, გულითა შემუსრვილითა შეგვიქმენ „გალობანი სინანულისანი“, რომლისა მიერ გვიჩუენე სიმაღლჱ სიმდაბლისაჲ და ღმრთისად მიმყვანებელი გზაჲ იგი ჴსნისაჲ და ცხორებისაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უშიშ იყავ, ვითარცა უჴორცოჲ, და მინდობილი საჭურველსა უძლეველსა, ნიშსა ჯუარისასა, ძალითა ქრისტჱსითა ყოვლადვე მძლედ გამოჩნდი მტერთა ზედა და დააკუეთე ამპარტავნებაჲ ქართველთ-მოძულეთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცათა უვრცელეს იქმნა წიაღი შენი, რამეთუ ღმერთი დაიტიე, უსძლოო სძალო, რომელი დაუტევნელ არს და გარეშეუწერელ დაბადებულთაგან.

 

მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

კონდაკი, ჴმაჲ 8

ზესთამბრძოლსა უძლეველსა დავითს და შემწესა ურცხვენელსა კეთილმსახურებისასა, ვითარცა შენ მიერ განათლებულნი სამწყსოჲსა შენისა ერნი, შესხმისა გჳრგჳნსა შეგითხზავთ განმათავისუფლებელსა ჩუენსა ყოველთაგან ვნებათა და ვჴმობთ შენდამი სიხარულით: გიხაროდენ, ჭეშმარიტო მამაო და მფარველო ერისა ჩუენისაო!

იკოსი, ჴმაჲ 8

ანგელოზნი თანა მდგომ ყოველსა შინა მოიგე, განმაშუენებელმან კეთილ-მსახურებისამან საქმეთა მიერ კეთილთა, და გონებაჲ ანგელოზებრი თჳსებასა ანგელოზთასა შეაერთენ, ღმრთივგანბრძნობილო მეფეო დავით, და მარადის მათ თანა იხარებ წინაშე ღმრთისა, ხოლო ჩუენ განკჳრვებულნი გიჴმობთ: გიხაროდენ, ჭეშმარიტო მამაო და მფარველო ერისა ჩუენისაო!

 

მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაჲ, ჴმაჲ 4

და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი.

მუხლი: ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

გუნდი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშჳდობაჲ ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელი: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

მღდელი: მოხედენ.

 

სახარება იოანესი (თ. 10. 9-17)

ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა, მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი ჰპოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდეს, არამედ რაჲთა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. ხოლო სასყიდელით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის-რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ, და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყუანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა კეთილმსახურისა მეფისა ჩუენისა დავითისითა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

ვითარცა კეთილმსახურმან და ღმრთივდაცულმან მეფემან, ერსა შენსა მოჰმადლე ძლევაჲ მტერთა მიმართ და მართლაღსარებითა დამტკიცებული ეკლესიაჲ დაიცევ შეუძრველად, ეგრეთვე აწ ითხოვე ეკლესიისათჳს დაცვაჲ და მოცემად ჯუარითა ერსა ჩუენსა ძლევაჲ ყოველთა მაჭირვებელთა ზედა, სიმტკიცჱ მორწმუნეთა და ამაღლებაჲ რქისა მათისაჲ მწვალებელთა ზედა, მშჳდობაჲ სოფელსა და დიდი წყალობაჲ შენდამი მვედრებელთა.

 

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა; ჯუარისა ნინოჲსითა და ჯუარისა მცხეთისაჲთა, ზეგარდამოქსოვილისა კუართისა უფლისაჲთა და ღმრთივბრწყინვალისა სუეტისა ცხოველისაჲთა მირონმდინარისა; მეოხებითა პატიოსანთა უჴორცოთა ზეცისა ძალთაჲთა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანჱსითა, წმიდისა დიდისა წინაჲსწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრჱსა და პავლჱსითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისაჲთა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაჲსითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაჲთა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთ-მოქმედისა და წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაჲ, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაჲთა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაჲთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაჲთა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთჳმე და გიორგი მთაწმინდელთაჲთა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარჱსა და მარინჱსითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინჱსა და კონსტანტინე მთავრისაჲთა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაჲთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაჲთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაჲთა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაჲთა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დემეტრე-დამიანჱსა, თამარისა და სოლომონისაჲთა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაჲთა; წმიდისა არქიმანდრიტისა, ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაჲთა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაჲთა იოაკიმ და ანნაჲსითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა დავით აღმაშენებელისა, და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: მაყუალი მოტყინარე და საჴუმილი ქალდეველთა მათ, შეცურეული, ჭეშმარიტად მოგასწავებდა შენ, ღმრთისმშობელო, რამეთუ შეიწყნარე ცეცხლი ღმრთეებისაჲ წიაღსა შენსა უვნებელად, რომელსა უღაღადებთ და ვიტყჳთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ბრძოდი რაჲ ურიცხუთა მტერთა მცირედითა მით ლაშქრითა, გამოიყვანე სპაჲ ყივჩაყთაჲ, განთქმულნი სიმჴნითა, და მოიმტკიცე რაჲ ფიცითა ერთგულობისაჲთა, მოსრნე ურიცხუნი თურქნი თანა-დგომითა მათითა. აწ ჩუენცა გარემოცულნი მრავალთა მტერთა და განსაცდელთა მიერ გჳჴსენ ყოვლისაგან საფრჴისა.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

განარისხა სულტანი ძლიერებამან შენმან და წარმოავლინა რაჲ ლაშქართა სიმრავლენი, უბრძანა აღსპობაჲ საქართველოჲსა, და თრიალეთს მოწევნულთა იწყეს რაჲ ოხრებაჲ სამწყსოჲსა შენისა, განაწყე ლაშქარი და განამჴნე რაჲ იესუს სახელითა, უშიშად ეკვეთეთ და უმრავლესსა მათსა მოსწყვედდით დიდგორსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

შეძრწუნდენ უსჯულონი, ხედვიდენ რაჲ მჴედარსა საკჳრველსა, მბრძოლსა მარჯვენით შენსა, ხოლო ქართველნი სიხარულითა ჴმობდით: „წმიდაჲ გიორგი ჩუენთან არს“ და ადიდებდით ღმერთსა, რომელმანცა მოგცათ ძლევაჲ ეგე უძლეველი და დაგიცვათ საკჳრველად.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ტევანი ცხორებისაჲ გამოიღე, ვითარცა რაჲ ვენახმან დაუსხმელმან, ღმრთისა დედაო, რომელმან გვიწდიე ღჳნოჲ წმიდა-მყოფელი, და მახარებელი გონებათაჲ, სიმთვრალისა ბოროტისა დამჴსნელი.

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: სახუმილი იგი ცეცხლისაჲ ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

პოვე რაჲ ჟამი საწადელი, აღიღე ტფილისი, ოთხას წელ ქონებული აგარიანთა, და ნიკოფსიითგან დარუბანდამდე განავრცობდი სამეფოსა შენსა, რაჲსთჳსცა სიმჴნჱ შენი და ღირსებაჲ არა ხოლო თუ საქართველოსა ოდენ განითქუა, არამედ ყოველსა ქუეყანასა.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჯერეთ მჴნჱ და ახოვანი დასნეულდი რაჲ, მეფეო დავით, განაგე ყოველივე სარგებელი სულისა თჳსისაჲ, და აკურთხევდი რაჲ სამწყსოსა შენსა, ევედრებოდი ღმერთსა ერისათჳს შენისა და სამეფოჲსა. აწ დაცემული ესე და დამდაბლებული ქართველთა ერი კუალად აღადგინე მსახურებად ღმრთისა და მამულისა მეოხებითა შენითა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

შენ, უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართველთასა და ბაგრატოვანთა შორის უფროჲს ყოვლითავე სრული, წარხვედ რაჲ წინაშე მსაჯულისა, მისისაებრ განმგებელი მეფობისა, განგეხუნეს შენ ბჭენი ზეცისანი და შეხუედ სიხარულსა უფლისა შენისა სახიერისასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, ყოვლად საგალობელო, დაამშჳდე ცხოვრებაჲ და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა, რაჲთა მარადის გაკურთხევდე შენ, დედოფალო.

 

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: რომელმან ჰშევ მთიები, მზისა უბრწყინვალესი ღმერთი, ჴორციელ-ქმნული, მოსრული ჩუენდა საშოჲსაგან შენისა, ჴორციელად, გამოგვიჩნდა გამოუთქმელად სიმდაბლით, ამისთჳს ღმრთისმშობელო, სარწმუნოებით გადიდებთ შენ.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ღუაწლმრავალი ნეშტი შენი დაკრძალეს გელათის კარიბჭესა ანდერძისაებრ შენისა, რაჲთა სავანესა მას მოსრულნი მიემთხვივნეს სამარხოსა შენსა, და კურთხევისა მომღებელნი მადლობისა ჴმითა უგალობდეს ღმერთსა.

წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აჰა, ზღუდედ სიმტკიცისად მოგვიგიეს ჩუენ სამარხოჲ შენი და ვიქადით, ვითარცა მქონებელნი საუნჯისა, რამეთუ მარადის ისმენ ვედრებასა ჩუენსა და შევრდომასა, და ყოველთა მოგვცემ ლხინებასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

შემდგომად სიკუდილისა შენისა მაუწყებელ-არს მოღუაწებათა დიდებული გელათი და ჴმა მაღლად ჰქადაგებს შიო-მღვიმე ლოცვათათჳს შენთა მჴურვალეთა, ხოლო ჩუენ გული გჳთქმს მისლვად წმიდათა მათ სავანეთა, აღმოაცენებს რაჲ მადლსა ჭეშმარიტსა და აღგვადგინებს დიდებად ღმრთისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

საიდუმლოჲ დიდი, დიდებულისა შობისა შენისაჲ განაკჳრვებს ანგელოზთა, ღმრთივ-მიმადლებულო, და წმიდათა გუნდსა მოწყლავს სიყუარულითა და აღსძრავს მამათა საღმრთოდ.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

 

მღვდელი აკმევს; მკითხველი (ან ერისკაცი) კითხულობს

ქრისტჱს მჴსნელისა იქმენ ერთგულ მოწაფე და გარე შეგარტყმიდა რაჲ საღმრთოსა ძალსა თჳსსა, განახლებაჲ მადლისაჲ მოსცა შენ მიერ სამოციქულოსა მას დიდებულსა, ნინო კაბადუკიელისა მიერ განათლებულსა ერსა, რამეთუ ღუაწლი შენი და სიტყუაჲ და სწავლაჲ ექმნა საჭეთმპყრობელ და მმართებელ სამღდელოთა და ერთა.

ჵ, პატიოსანო მეფეო, რომელსა სახელ-გდო ერმან შენმან აღმაშენებელად, უნათლეს მზისა გამობრწყინდი ჟამთა მათ უსჯულოთა ზეობისასა, და განაბრწყინვე საქართველოჲ მშჳდობითა და დიდებითა, აწცა მეოხ-გუეყვენ ჩუენ ღმრთისა მიმართ, განაბრძვნოს მთავარნი და განმგენი ჩუენნი, რაჲთა არა განმცემელ ექმნენ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა და საზღვარნი საქართველოჲსანი მოჰკრძალონ ოხითა ღმრთისმშობელისაჲთა.

ქუეყანისა ჩუენისა აღმაშენებელსა და სინანულისა გალობათა შემოქმედსა მეოხად მოგიგებთ მოსავნი შენნი და გევედრებით: დაგვიფარენ ჩუენ ანტიქრისტეს ზაკუათაგან და საცთურისა და მოგუანიჭენ შიში ღმრთისაჲ და ახოვანებაჲ სულისაჲ.

ვითარცა ბრძენმან და მოწყალემან მამამან დააცხრვენ ჭირთა მძჳნვარებანი, მოწევნულნი და მოწევნადნი ერსა შენსა ზედა, ეგრეთცა ნუ დააცადებ ოხასა ღმრთისა მიმართ, გარე წარაქციოს რისხვაჲ აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და ლაზარესაებრ აღგჳდგინოს მამული ჩუენი – საქართველო – პირველსავე დიდებასა, რაჲთა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან.

ელვარებაჲ ღუაწლისა შენისაჲ, და მცხინვარებაჲ სიმჴნეთაჲ ცისკროვან-ჰყოფს გულსა ჩუენსა და შენთანა ვევედრებით ღირსსა გიორგი ჭყონდიდელსა – აღმზრდელსა და თანაგამკაფველსა ყოველთა გზათა და საქმეთა შენთა: გაქუთ რაჲ შუა-მდგომელობაჲ ღმრთისა მიმართ, შეგვეწიეთ მამობრივითა კადნიერებითა, რაჲთა მზაკუვარებაჲ მტერთა ჩუენთაჲ განჴადოს და შეჰკრიბოს განბნეული ერი ქართველთაჲ.

ჵ, ღირსო მეფეო, წმიდაო დავით აღმაშენებელო, შეგვავედრე სასოსა და მფარველსა ჩუენსა ღმრთისმშობელსა, რაჲთა თქმულნი მისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან და ნუ განგვაშორებს მეოხებასა მისსა წილხვდომილთა თჳსთა, არამედ შეგვეწიოს ყოველსავე ჭირსა და საცთურსა შინა და აღგვავსოს მღჳძარებითა საღმრთოჲთა, რაჲთა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა და წინაპართა ჩუენთა წესისაებრ მარადის ვმსახურებდეთ და ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაჲ…

გუნდი: ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მჴევალთა) ღმრთისაჲთა და ყოველთა შჳლთა ჩუენისა ეკლესიისაჲთა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე ეკლესიაჲ და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახჳლისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლჳსაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარეწარაქციოს რისხუაჲ, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხჳსაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მღდელმან: მერმე და მერმე მუჴლთ-მოდრეკით. უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

 

სავედრებელი ლოცვა

ჵ, დიდებულო მეფეო და კაცთა შორის საკჳრველო მოღუაწეო, წმიდაო დავით აღმაშენებელო, მახვილო მესიისაო და საღმრთოო სუეტო მართლმადიდებლობისაო; ეკლესიისა შეურყეველო გოდოლო და უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო; მჴედართა დიდებაო და სიმტკიცეო კეთილმსახურთა მეფეთაო; მოწყალეო; გლახაკთა ჴელის-აღმპყრობელო და ჭირთა შინა მყოფთა მსწრაფლ-შემწეო და შესავედრებელო!

ჵ, ღუაწლით-შემოსილო და უძლეველო მეფეო დავით! ელვარებითა სიწმიდისა შენისაჲთა მეოხ-გუეყვენ ჩუენ ქრისტჱს მიმართ, ღმრთისა ჩუენისა, რაჲთა წყალობითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, საუფლოჲსა ჯუარისა მტჳრთველსა ქუეყანასა ზედა, და დაიცვას მტერისა საფრჴისა და ძმათა მტერობისაგან, რამეთუ მთავარნი ამა სოფლისანი იღუწიან განხრწნასა და აღსპობასა მისსა, ხოლო ჩუენ ვეძიებთ ღონესა განრინებად მძლავრებისაგან მათისა და ვესავთ შეწევნასა შენსა, რაჲთა არა მოაკლდეს სარწმუნოებაჲ ქართველთა ერსა, ხოლო ქუეყანასა ჩუენსა მთავრობაჲ ნათესავთა შენთა, კურთხეულთა და მირონცხებულთა, რომელნი ჰყოფენ სამართალსა და წყალობასა სწორად ყოველთა ზედა, და ძალითა ჯუარისაჲთა შემოჰკრვენ რაჲ ყოველთა საზღუართა საქართველოჲსასა, აღამაღლებენ და აღადგენენ სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაჲთ, რაჲთა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაჲ ჩვენი ილია, და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზვნო წესნი. კეთილმორწმუნენი მჴედართმთავარნი და ქალაქთმთავარნი, ქრისტჱსმოყუარენი მხედრობანი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.

ჵ, მეფეთა შორის მჴნეო მოღვაწეო, წმიდაო დავით აღმაშენებელო! ჭეშმარიტებისა მცველო და სინანულისა გალობათა შემოქმედო, ევედრე ყოველთა მწყალობელსა, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა სიმტკიცჱ, მოძღუართა ამათ ჩუენთა მოშურნეობაჲ და მღჳძარებაჲ სულთათჳს; მთავართა – სიბრძნჱ, ძლიერებაჲ და კეთილად მწყსაჲ ერისაჲ; მსაჯულთა – სამართალი თუალუხუავი; მჴედართა მამაცობაჲ და მჴნეობაჲ სულისაჲ; წინამძღუართა – გონიერებაჲ და სიმდაბლჱ; ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ; მეუღლეთა – სიყუარული და თანხმობაჲ; შჳლთა – მორჩილებაჲ; მძლავრთა – შიში ღმრთისაჲ; მწუხარეთა – სულგრძელებაჲ; მხიარულთა – მოზღუდვილობაჲ და სული გონიერებისაჲ და ღმრთისმოსავობისაჲ, ხოლო ჩუენ შეგვინდოს ამაოჲ და ცრუ მორწმუნეობაჲ, ამპარტავნებაჲ, ზაკუვაჲ, ღალატი, შური, სიძულვილი, ანგარებაჲ, უმადლოებაჲ, დრტვინვაჲ, კლვანი, პარვანი, სიძვანი, უწესობანი, და მოგუმადლოს შენებრი მჴურვალებაჲ სარწმუნოებისაჲ, საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ და ძმებრივი სიყუარული მოყუასისაჲ, სიმართლის სიყუარული და ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინვებაჲ, პატიოსნად მიცუალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

გუნდი: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელი: ჩამოილოცოს.

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, წმიდისა მეფისა დავით აღმაშენებელისაჲთა, და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

 

ხატისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

იხარებს ქართველთა ეკლესიაჲ წმიდასა ჴსენებასა შენსა და გვიწესს ყოველთა შჳლთა თჳსთა მართლმადიდებელთა ქებით შესხმად ღუაწლისა შენისა და უძლეველისა მეფობისა, და ჩუენცა, მოქადულნი სიბრძნითა შენითა და მჴნეობითა, შეუვრდებით ხატსა შენსა, წმიდასა და სანატრელსა, და გევედრებით: ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ დიდი, იმეოხენ წინაშე ღმრთისა, რაჲთა არა სამართლად მოგვაგოს ბოროტთა საქმეთა ჩუენთათჳს და გჳჴსნნეს ყოველთაგან განსაცდელთა.

ყოველთა შეცოდებულთა სასოო და შემდგომად ღმრთისა შესავედრებელო და მჴსნელო ქრისტეანეთაო, უმეტესად კურთხეულო დედაო ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისაო, მარადის ქალწულო მარიამ, მოხედენ ვედრებასა ჩუენსა და გჳჴსენ ყოველთაგან ჭირთა და სალმობათა.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი